© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2015. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
დიდი პალატა
საქმე სამართლებრივი რესურსების ცენტრი ვალენტინ კამპეანუს (VALENTIN CÂMPEANU) სახელით რუმინეთის წინააღმდეგ
(განაცხადი # 47848/08)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
17 ივლისი 2014 წ.
ეს გადაწყვეტილება საბოლოოა, თუმცა შესაძლოა დაექვემდებაროს რედაქციულ შესწორებებს
საქმეზე სამართლებივი რესურსების ცენტრი ვალენტინ კამპეანუს (Valentin Câmpeanu) სახელით რუმინეთის წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დინ სპიელმანი, თავმჯდომარე,
გვიდო რაიმონდი,
ინეტა ზიემელე,
იზაბელ ბერო-ლეფევრი,
ალვინა გიულუმიანი,
დევიდ თორ ბიორგვინსონი,
იან სიკუტა,
პაივი ჰირველა,
ლუის ლოპეს გუერა,
ლედია ბიანკუ,
ნონა წოწორია,
კრისტინა პარდალოსი,
ვინსენტ ა. დე გაეტანო,
ანგელიკა ნიუბერგერი,
პაულო პინტო დე ალბუკერკე,
პოლ მაჰოუნი,
იოჰანეს სილვისი, მოსამართლეები,
და მაიკს ობოლე, სასამართლო მდივნის მოადგილე,
ითათბირა რა 2013 წლის 4 სექტემბერს და 2014 წლის 26 მაისს,
ამ უკანასკნელ დღეს მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:
პროცედურა
1. საქმისწარმოება დაიწყო ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (“კონვენცია”) 34-ე მუხლის საფუძველზე ბატონი ვალენტინ კამპეანუს სახელით რუმინული არასამთავრობო ორგანიზაციის “სამართლებრივი რესურსების ცენტრის” (CLR) მიერ რუმინეთის წინააღმდეგ 2008 წლის 2 ოქტომბერს წარდგენილი განაცხადის (#47848/08) საფუძველზე.
2. Interights-ს, რომელიც 2014 წლის 27 მაისამდე CLR-ის კონსულტანტის მრჩეველი იყო, წარმოადგენდა ბატონი ც. კოიაკარიუ, ლონდონში მოღვაწე ადვოკატი. რუმინეთის ხელისუფლებას (მოპასუხე სახელმწიფო) წარმოადგენდა მისი წარმომადგენელი, ქალბატონი ც. ბრუმარი, საგარეო საქმეთა სამინისტროდან.
3. CLR ვალენტინ კამპეანუს სახელით ამტკიცებდა, რომ ეს უკანასკნელი კონვენციის მე-2, მე-3, მე-5, მე-8, მე-13 და მე-14 მუხლების დარღვევის მსხვერპლი იყო.
4. 2011 წლის 7 ივნისს განაცხადი გადაეგზავნა მოპასუხე სახელმწიფოს. ასევე გადაწყდა განაცხადის დასაშვებობაზე და არსებით მხარეზე ერთობლივად მსჯელობა (29.1 მუხლი).
5. მესამე მხარის კომენტარები მიღებულ იქნა Human Rights Watch-ისგან, საჯარო ინიციატივების ევრორეგიონული ცენტრისგან, ბულგარეთის ჰელსინკის კომიტეტისგან და ფსიქიკური შეზღუდული შესაძლებლობის ადვოკატირების ცენტრისგან, ყველას საქმისწარმოებაში ჩართვის ნება დართო თავმჯდომარემ (კონვენციის 36.2 მუხლი და სასამართლოს რეგლამენტის 44.3 მუხლი). ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა გამოიყენა თავისი უფლება საქმისწარმოების პროცესში ჩარევაზე და წარადგინა წერილობითი კომენტარი (კონვენციის 36.3 მუხლი და [სასამართლოს რეგლამენტის] 44.2 მუხლი).
მოპასუხე სახელმწიფომ უპასუხა ამ კომენტარს (რეგლამენტის 44.5 მუხლი).
6. საქმის მოსმენა შედგა საჯაროდ ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგში, 2013 წლის 4 სექტემბერს (რეგლამენტის 59.3 მუხლი).
სასამართლოს წინაშე წარსდგნენ:
(a) მოპასუხე სახელმწიფოს სახელით:
ქალბატონი ს. ბრუმარი,წარმომადგენელი,
ბატონი გ. კაიანი,კონსულტანტი,
ბატონი დ. დუმიტრაჩე,თანაწარმომადგენელი;
(b) CLR-ის სახელით
ქალბატონი გ. იორგულესკუ, აღმასრულებელი დირექტორი, CLR,
ქალბატონი გ. პასკუ, პროგრამის მენეჯერი, CLR,
ბატონი ც. კოიოკარიუ, ადვოკატი, Interights, კონსულტანტი;
(c) ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის სახელით
ბატონი ნ. მიუზნიეკსი, ადამიანის უფლებათა კომისარი,
ქალბატონი ი. გაჩეტი, დირექტორი, ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისი,
ქალბატონი ა. ვებერი, მრჩეველი, ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისი.
სასამართლომ მოისმინა ქალბატონი ბრუმარის, ბატონი კაიანის, ბატონი კოიოკარიუს, ქალბატონი იორგულესკუსა და ბატონი მუიზნიეკეს გამოსვლები. ქალბატონმა ბრუმარიმ, ბატონმა კოიოკარიუმ და ქალბატონმა იორგულესკუმ შედეგად პასუხი გასცეს სასამართლოს შეკითხვებს.
ფაქტები
I. საქმის გარემოებები
A. ვალენტინ კამპეანუს გარდაცვალება
1. ფაქტობრივი გარემოებები
7. ვალენტინ კამპეანუ, ბოშური წარმომავლობის მამაკაცი, დაიბადა 1985 წლის 15 სექტემბერს. მისი მამა უცნობი იყო, ხოლო დედამ, ფლორიცა კამპეანუმ, რომელიც 2001 წელს გარდაიცვალა, დაბადებისთანავე მიატოვა ის. შესაბამისად ბატონი კამპეანუ განათავსეს უდედმამო ბავშვთა სახლში, კორლატის ცენტრში, სადაც ის იზრდებოდა კიდეც.
1990 წელს ბატონ კამპეანუს დაუდგინდა აივ-ინფექცია. მოგვიანებით მას დაუდგინდა დიაგნოზი “გამოკვეთილი გონებრივი შეზღუდული შესაძლებლობა, IQ - 30 და აივ-ინფექცია” და შესაბამისად მიაკუთვნეს “მძიმე ხარისხის” შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯგუფს. დროთა განმავლობაში მან ასევე შეიძინა ასოცირებული სიმპტომები, როგორიცაა პულმონარული ტუბერკულოზი, პნევმონია და ქრონიკული ჰეპატიტი.
1992 წლის მარტში ის გადაიყვანეს კრაიოვას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ცენტრში და მოგვიანებით კრაიოვას #7 განთავსების ცენტრში (განთავსების ცენტრი).
2. შეფასებები 2003-2004 წლებში
8. 2003 წლის 30 სექტემბერს დოლიეს საგრაფოს ბავშვის დაცვის პანელმა გასცა განკარგულება, რომ ბატონ კამპეანუზე სახელმწიფო ვეღარ განახორციელებდა ზრუნვას. გადაწყვეტილება დასაბუთებული იყო იმით, რომ ბატონი კამპეანუ გახდა თვრამეტი წლის და იმ დროისთვის არ ირიცხებოდა რაიმე ფორმის საგანმანათლებლო პროცესში.
მიუხედავად იმისა, რომ ბატონ კამპეანუსთან მომუშავე სოციალურმა მუშაკმა რეკომენდაცია გასცა მისი ადგილობრივ ნევროფსიქოლოგიურ აღდგენით და სარეაბილიტაციო ცენტრში გადაყვანაზე, პანელმა ბრძანა, რომ კომპეტენტურმა სოციალურმა მუშაკმა ყველა საჭირო ღონისძიება უნდა გაატაროს ბატონი კამპეანუს პოინა მარეს ნეიროფსიქიატრიულ საავადმყოფოში (PMH) გადასაყვანად. შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად, გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელი იყო კრაიოვას რაიონულ სასამართლოში.
პანელის მიერ საქმის განხილვას ბატონი კამპეანუ არ ესწრებოდა და არც წარმომადგენლის მეშვეობით იყო ჩართული.
9. 2003 წლის 14 ოქტომბერს ბატონი კამპეანუს ჯანმრთელობის ხელახალი შეფასება მოხდა დოლის საგრაფოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ზრდასრულ პირთა სამედიცინო გამოკვლევის პანელის მიერ. შეფასების შედეგად დადგინდა აივ ინფექცია, რაც შეზღუდული შესაძლებლობის “საშუალო” მაჩვენებელს უტოლდებოდა. ასევე აღნიშნული იყო, რომ პაციენტი “სოციალურად ინტეგრირებული” იყო.
10. შედეგად, 2003 წლის ოქტომბერში ან ნოემბერში დაუდგენელ დღეს ჩატარდა ბატონი კამპეანუს სამედიცინო და კეთილდღეობის შეფასება განთავსების ცენტრის სოციალური მუშაკისა და ექიმის მიერ, რაც მისი სამედიცინო და სოციალური ზრუნვის ცენტრში მიღების წინაპირობა იყო. გრაფაში “კანონიერი წარმომადგენელი” მათ მიუთითეს “დაბადების მომენტში მიტოვებული”, ხოლო შემდეგ გრაფაში “გადაუდებელი აუცილელობისას საკონტაქტო პირი” ცარიელი დატოვეს. დაისვა შემდეგი დიაგნოზი: “მძიმე გონებრივი შეზღუდულობა, აივ-დადებითი”, წინა დიაგნოზზე მითითების გარეშე (იხილეთ მე-9 პარაგრაფი მაღლა). შეფასების ანგარიშში მოცემული იყო შემდეგი ინფორმაცია: “საჭიროებს ზედამხედველობას და პერიოდულ დახმარებას პირადი ზრუნვით” და ანგარიშის დასკვნის მიხედვით ბატონ კამპეანუს შეეძლო საკუთარ თავზე ზრუნვა, თუმცა ხანდახან საჭიროებდა მნიშვნელოვან ზრუნვას.
11. 2003 წლის 16 ოქტომბრს წერილით PMH-მა შეატყობინა პანელს, რომ ვერ მიიღებდა ბატონ კამპეანუს, ვისაც დაუდგინდა აივ-ინფექცია და ფსიქიკური შეზღუდული შესაძლებლობა, რადგანაც საავადმოყოფოში არ იყო მოწყობილი ამგვარი დიაგნოზის მქონე პაციენტებზე ზრუნვის გარემო.
12. ამ უარის შემდგომ 2003 წლის ოქტომბრიდან 2004 წლის იანვრამდე პერიოდში პანელი და ბავშვის უფლებათა დაცვის საგრაფო დეპარტამენტი (ბავშვის დაცვის დეპარტამენტი) დაუკავშირდა რამდენიმე დაწესებულებას და ითხოვა დახმარება ბატონი კამპეანუს მიღების მსურველი სოციალური ზრუნვის ან ფსიქიატრიული დაწესებულების იდენტიფიცირებაში. მართალია აცხადებდა რა, რომ PMH-მა უარი განაცხადა პაციენტის მიღებაზე რადგანაც მას აივ ინფექცია ქონდა, ბავშვის დაცვის დეპარტამენტი შესაბამის დაწესებულებებს მოუწოდებდა თანამშრომლობისკენ, უთითებდა რა, რომ ბატონი კამპეანუს მდგომარეობა “არ საჭიროებდა ჰოსპიტალიზაციას, არამედ განგრძობად ზედამხედველობას სპეციალიზებულ დაწესებულებაში”.
3. ცეტატეს სამედიცინო და სოციალური ზრუნვის ცენტრში მიღება
13. პანელმა გამოკვეთა ცეტატ-დოლის სამედიცინო და სოციალური ზრუნვის ცენტრი (CMSC) როგორც ვალენტი კამპეანუს განსათავსებლად შესაფერი ადგილი. CMSC-ისთვის წარდგენილ მოთხოვნაში პანელმა აღნიშნა, რომ ბატონი კამპეანუ მხოლოდ აივ-დადებითი იყო და აკმაყოფილებდა საშუალო შეზღუდული შესაძლებლობის მაჩვენებელს, დასწავლის პრობლემებზე მითითების გარეშე.
14. 2004 წლის 5 თებერვალს ბატონი კამპეანუ მიიღეს CMSC-ში. CMSC-ის ანგარიშის თანახმად, რომელიც გადაეგზავნა CLR-ს 2004 წლის 5 მარტს და აღწერდა მიღების მომენტში მის მდგომარეობას, ბატონი კამპეანუ იმყოფებოდა “ფსიქიკური და ფიზიკური დეგრადაციის” მძიმე მდგომარეობაში, ეცვა გაცვეთილი პიჟამო, საცვლებისა და ფეხსაცელის გარეშე და არ იღებდა ანტირეტროვირუსულ (ARV) მედიკამენტს, არც ინფორმაციას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. აღინიშნა, რომ პაციენტმა “უარი თქვა თანამშრომლობაზე”.
თავის განცხადებაში პროკურორის მიმართ 2004 წლის 22 ივლისს შიდასამართლებრივი საქმისწარმოების ფარგლებში (რაც აღწერილია B განყოფილებაში დაბლა), M.V.-მ, ბატონი კამპეანუს მკურნალმა ექიმმა განთავსების ცენტრში, შესაბამისი მედიკამენტისა და ინფორმაციის მიუწოდებლობა ახსნა იმით, რომ უახლესი გამოძიების შედეგებიდან გამომდინარე აუცილებელი იქნებოდა მისი მკურნალობის შეცვლა (იხილეთ მე-9 პარაგრაფი მაღლა).
CMSC-ში მიღებასთან დაკავშირებით ბატონი კამპეანუს სამედიცინო შემოწმებით დადგინდა, რომ მას ქონდა “მძიმე ფორმის ფსიქიკური შეზღუდული შესაძლებლობა, აივ-ინფექცია და კვების დეფიციტი”. იმ დროისთვის მისი სიმაღლე 168 სმ. იყო და 45 კგ.-ს იწონიდა. აღინიშნა, რომ “მას არ შეეძლო დროსა და სივრცეში ორიენტირება და ასევე არ შეეძლო ჭამა ან პირად ჰიგიენაზე ზრუნვა”.
15. 2004 წლის 6 თებერვალიდან ბატონი კამპეანუ უმართავი გახდა. CMSC-ის ზემოთ მითითებული ანგარიშის თანახმად (იხილეთ მე-14 პარაგრაფი მაღლა) 2004 წლის 7 თებერვალს ის “გახდა აგრესიული, თავს დაესხა სხვა პაციენტებს, ჩაამტვრია ფანჯარა და დახია მატრასი, ტანისამოსი და ზეწრები”. მას მიაღებინეს ფენობარბიტალი და შემდეგ დიაზეპამი დასამშვიდებლად.
4. გამოკვლევა PMH-ში
16. 2004 წლის 9 თებერვალს ბატონი კამპეანუ გადაიყვანეს PMH-ში გამოკვლევის, დიაგოსტირებისა და მკურნალობისთვის, რადგანაც ეს იყო უახლოესი ფსიქიატრიული დაწესებულება. მას კვლავ დაუდგინდა “მძიმე ფსიქიკური შეზღუდული შესაძლებლობა”. თუმცა მისი მდგომარეობა შეფასდა როგორც “არა ფსიქიატრიული გადაუდებელი მდგომარეობა” რადგანაც ის “არ იყო უმართავი”. ექიმმა L.G.-მ მას დაუდგინა დიაგნოზი “საშუალო ფსიქიკური შეზღუდული შესაძლებლობა” და გამოუწერა სედატიური მედიკამენტები (კარბამაზეპინი და დიაზეპამი).
PMH-ში დაცული სამედიცინო ჩანაწერების თანახმად ბატონი კამპეანუს სამედიცინო ისტორიის შესახებ ინფორმაცია არ იყო ხელმისაწვდომი მისი საავადმყოფოში მიღებისას, რადგანაც ის “არ თანამშრომლობდა”. საგამოძიებო ორგანოებისთვის 2005 წლის 8 დეკემბერს მიცემულ ჩვენებაში PMH-ის ექიმმა D.M.-მ განაცხადა, რომ “პაციენტი განსხვავდებოდა, რადგანაც შეუძლებელი იყო მასთან კომუნიკაცია და მას ფსიქიკური შეზღუდული შესაძლებლობა ქონდა”.
5. CMSC-ში დაბრუნება
17. ბატონი კამპეანუ CMSC-ში დააბრუნეს იგივე დღეს, ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად გაუარესდა. ამ დროისთვის CMSC-მა მიიღო ARV მედიკამენტის მარაგი და შესაბამისად მისი მკურნალობა ARV-ის მეშვეობით განახლდა. ამ ზომების მიუხედავად მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, სამედიცინო ჩანაწერების თანახმად ის კვლავაც “უმართავი” და “აგრესიული” იყო.
18. CMSC-მა გადაწყვიტა, რომ რადგანაც იქ არ იყოს სათანადოდ მოწყობილი გარემო ბატონი კამპეანუს სამკურნალოდ, შეუძლებელი იყო მისი იქ გაჩერება. საავადმყოფომ მოთხოვნა გააგზავნა განთავსების ცენტრში და მოითხოვა მისი სხვა დაწესებულებაში გადაყვანა. თუმცა განთავსების ცენტრმა უარი განაცხადა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რადგანაც ის უკვე “მისი იურისდიქციის გარეთ” იმყოფებოდა.
19. 2004 წლის 11 თებერვალს E.O.-მ, CMSC-ის დირექტორმა დაურეკა დოლის საგრაფოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტს და სთხოვა გამოსავლის შეთავაზება, რაც შესაძლებელს გახდიდა ბატონი კამპეანუს გადაყვანას გარემოში, რომელიც მეტად შესაბამისი იქნებოდა მისი ჯანმრთელობის პრობლემებთან გასამკლავებლად. გაირკვა, რომ მას ურჩიეს პაციენტის PMH-ში გადაყვანა, ოთხი-ხუთი დღით ფსიქიატრიული მკურნალობისთვის.
6. PMH-ში გადაყვანა
20. 2004 წლის 13 თებერვალს ბატონი კამპეანუ CMSC-დან გადაიყვანეს PMH-ში, იმის გათვლით, რომ PMH-ში ის სამი-ოთხი დღით დარჩებოდა, მის ჰიპერ-აგრესიულ ქცევასთან გამკლავების მიზნით. ის განათავსეს მე-5 ფსიქიატრიულ განყოფილებაში.
21. 2004 წლის 15 თებერვალს ბატონი კამპეანუ გადაიყვანეს ექიმი L.G.-ს მზრუნველობაში. იმის გათვალისწინებით, რომ ბატონი კამპეანუ აივ-დადებითი იყო, ექიმმა გადაწყვიტა მისი გადაყვანა მე-6 ფსიქიატრიულ განყოფილებაში. [ექიმმა] განაგრძო ფსიქიატრიული მკურნალობა, რადგანაც ამ განყოფილებას ყავდა ორი ზოგადი პროფილის, არასპეციალისტი ექიმი და ფსიქიატრი შტატში არ ყავდათ.
22. 2004 წლის 19 თებერვალს ბატონმა კამპეანუმ შეწყვიტა კვება და უარი განაცხადა მედიკამენტების მიღებაზე. შესაბამისად, მას დაენიშნა ინტრავენური მკურნალობა, რაც ასევე მოიცავდა გლუკოზას და ვიტამინს. ექიმის გასინჯვის შედეგად გაკეთდა დასკვნა, რომ ის “ზოგადად ცუდად” იყო.
7. CLR-ის თანამშრომელთა ვიზიტი
23. 2004 წლის 20 თებერვალს PMH მოინახულა CLR-ის მონიტორთა ჯგუფმა, რომელთაც შენიშნეს ბატონი კამპეანუს მდგომარეობა. CLR-ის ჯგუფის მიერ ვიზიტისას მომზადებული ანგარიშის თანახმად, ბატონი კამპეანუ მარტო იყო იზოლირებულ ოთახში, გათბობის გარეშე, ჩაკეტილი, ოთხში იყო მხოლოდ საწოლი თეთრეულისა და ქვეშაგების გარეშე. მას ეცვა მხოლოდ პიჟამოს ზედატანი. იმ დროისთვის მას არ შეეძლო დამოუკიდებლად კვება და საპირფარეშოთი სარგებლობა. თუმცა, PMH-ის პერსონალმა უარი თქვა მის დახმარებაზე, ეშინოდათ, რომ ის მათ აივ-ინფექციას გადასდებდა. შედეგად, ბატონი კამპეანუსთვის მიწოდებული ერთადერთი საკვები იყო გლუკოზა, წვეთოვანას მეშვეობით. ანგარიშში იყო დასკვნა, რომ საავადმყოფომ ვერ უზრუნველყო მისთვის საბაზისო მკურნალობა და ზრუნვა.
CLR-ის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მათ მოითხოვეს პაციენტის დაუყოვნებლივ გადაყვანა კრაიოვას ინფექციურ დაავადებათა საავადმყოფოში, სადაც მას შეეძლო სათანადო მკურნალობის მიღება. თუმცა, საავადმყოფომ არ დააკმაყოფილა ეს მოთხოვნა, სჯეროდათ რა, რომ პაციენტი არ იყო “გადაუდებელი შეთხვევა, არამედ სოციალური შემთხვევა” და ასევე ის ვერ გადაიტანდა მგზავრობას.
24. ვალენტინ კამპეანუ გარდაიცვალა 2004 წლის 20 თებერვლის საღამოს. 2004 წლის 23 თებერვალს გაცემული გარდაცვალების მოწმობის თანახმად გარდაცვალების მიზეზი იყო კარდიორესპირატორული უკმარისობა. მოწმობაში ასევე მითითებული იყო, რომ აივ-ინფექცია ასევე “თანდაყოლილი დამამძიმებელი გარემოება” იყო და დადგენილი “გონებრივი შეზღუდული შესაძლებლობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დამამძიმებელი გარემოება”.
25. მიუხედავად სამართლებრივი ნორმისა იმის შესახებ, რომ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გარდაცვალების შემთხვევაში სავალდებულოა გვამის გაკვეთა (იუსტიციის მინისტრისა და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანება #1134/255/2000) PMH-მა არ ჩაატარა გვამის გაკვეთა, განაცხადა რა, რომ “ეს არ იყო საეჭვო სიკვდილი, პაციენთთან დაკავშირებული ორი მძიმე გარემოების გათვალისწინებით” (კერძოდ კი ფსიქიკური შეზღუდული შესაძლებლობა და აივ ინფექცია).
26. არ იცოდნენ რა ბატონი კამპეანუს გარდაცვალების შესახებ CLR-ის წარმომადგენლებმა რამდენიმე საგანგებო წერილი მოამზადეს და გაუგზავნეს მთელ რიგ ადგილობრივ და ცენტრალურ თანამდებობის პირებს, მათ შორის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს, დოლის საგრაფოს პრექფექტს, პოიანა მარეს მერს და დოლის საგრაფოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის განყოფილების დირექტორს, უთითებდნენ რა ბატონი კამპეანუს უკიდურესად კრიტიკულ მდგომარეობასა და იმ ფაქტზე, რომ ის გადაგზავნეს დაწესებულებაში, რომელშიც შეუძლებელი იყო მისთვის სათანადო ზრუნვის გაწევა, აივ-ინფექციის გათვალისწინებით; CLR-მა ასევე გააკრიტიკა მისთვის გაწეული არაადეკვატური მკურნალობა და მოითხოვა სასწრაფოდ ზომების მიღება ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად. მათ ასევე განაცხადეს, რომ ბატონი კამპეანუს განთავსება CMSC-ში და შემდგომ PMH-ში გადაყვანა არღვევდა მის ადამიანის უფლებებს და მოუწოდა საკითხის სათანადოდ გამოძიების დაწყებისკენ.
2004 წლის 22 თებერვალს CLR-მა გამოსცა პრეს-რელიზი, რომელშიც უთითებდა PMH-ში არსებულ პირობებზე და პაციენტების მიერ მიღებულ მკურნალობაზე, კონკრეტულად კი აღწერდა ბატონი კამპეანუს საქმეს და მოითხოვდა დაუყოვნებელი რეაგირება.
B. საქმისწარმოება ეროვნულ დონეზე
1. CLR-ის მიერ წარდგენილია სისხლის სამართლის საჩივარი
27. რუმინეთის გენერალური პროკურორის მიმართ 2004 წლის 15 ივნისის წერილში CLR-მა მოითხოვა ინფორმაციის მიწოდება მათ მიერ ვალენტინ კამპეანუს გარდაცვალების გამომწვევ გარემოებებთან დაკავშირებით 2004 წლის 23 თებერვალს წარდგენილი სისხლის სამართლის საჩივრის განხილვის შესახებ; საჩივარში მათ მიუთითეს, რომ ბატონი კამპეანუ არ იმყოფებოდა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, რაც უპასუხებდა მის ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობას.
28. იმავე დღეს CLR-მა წარადგინა ორი დამატებითი სისხლის სამართლის საჩივარი, ერთი პროკურორის სამსახურს, რომელიც კრაიოვას რაიონული სასამართლოს დაქვემდებარებაში იყო და მეორე კრაიოვას საგრაფოს სასამართლოს დაქვემდებარებაში მყოფი პროკურორის სამსახურს. CLR-მა გაიმეორა მათი მოთხოვნა ბატონი კამპეანუს გარდაცვალებასთან დაკავშირებულ გარემოებებზე სისხლის სამართლის წესით გამოძიების დაწყების თაობაზე, ამტკიცებდა რა, რომ ჩადენილია შემდეგი დანაშაულები:
(i) უგულებელყოფა, ბავშვის დაცვის განყოფილებისა და განთავსების ცენტრის თანამშრომელთა მხრიდან (სისხლის სამართლის კოდექსის 249.1 მუხლი);
(ii) გულგრილობა და უმოქმედება ადამიანის ინტერესების საზიანოდ და პირის საფრთხეში ჩაგდება, ვისაც არ შეუძლია საკუთარ თავზე ზრუნვა, CMSC-ის თანამშრომელთა მიერ (სისხლის სამართლის კოდექსის 246-ე და 314-ე მუხლები); და
(iii) მკვლელობა PMH-ის თანამშრომელთა მხრიდან უგულებელყოფითა ან იმ პირის საფრთხეში ჩაგდებით, რომელსაც არ შეეძლო საკუთარ თავზე ზრუნვა (სისხლის სამართლის კოდექსის 178.2 და 314-ე მუხლები).
CLR ასევე ამტკიცებდა, რომ სამედიცინო გამოკვლევის პანელმა არასწორი კლასიფიცირება მოახდინა ბატონი კამპეანუს შემთხვევაში, როდესაც ის საშუალო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯგუფს მიაკუთვნა, რაც ეწინააღმდეგებოდა მანამდელ და შემდგომ დიაგნოზებს (იხილეთ მე-9 პარაგრაფი მაღლა). ასევე ბავშვის დაცვის განყოფილებამ ვერ წამოიწყო საქმისწარმოება მეურვის დანიშვნასთან დაკავშირებით, როდესაც მან სრულწლოვანების ასაკს მიღწია, რითაც თავის მხრივ დაირღვა მოქმედი კანონმდებლობა.
უფრო მეტიც, განთავსების ცენტრმა ვერ უზრუნველყო CMSC -ის პერსონალი საჭირო მედიკამენტებით, მას შემდეგ რაც ბატონი კამპეანუ იქ გადაიყვანეს 2004 წლის 5 თებერვლიდან, რამაც სავარაუდოდ გამოიწვია მისი გარდაცვალება ორი კვირის შემდგომ.
CLR ასევე ამტკიცებდა, რომ CMSC-დან PMH-ში გადაყვანა არ იყო აუცილებელი, იყო არასათანადო და ეწინააღმდეგებოდა მოქმედ კანონმდებლობას, ღონისძიება გატარდა პაციენტისა თუ მისი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე, რასაც თავის მხრივ მოითხოვდა პაციენტთა უფლებების შესახებ კანონი (კანონი #46/2003).
და ბოლოს, CLR ამტკიცებდა, რომ ბატონ კამპეანუს PMH-ში არ მიუღია ადეკვატური ზრუნვა, მკურნალობა და კვება.
29. 2004 წლის 22 აგვისტოს გენერალური პროკურატურის ოფისმა CLR-ის შეატყობინა, რომ საქმე გადაეგზავნა დოლის საგრაფოს სასამართლოსთან არსებული პროკურორის სამსახურს გამოძიებისთვის.
2004 წლის 31 აგვისტოს დოლის საგრაფოს სასამართლოსთან არსებულმა პროკურორის სამსახურმა CLR-ის შეატყობინა, რომ მათი საჩივრის საფუძველზე დაიწყო სისხლის სამართლის საქმის წარმოება და გამოძიება დაევალა დოლის საგრაფოს პოლიციის განყოფილების (პოლიციის განყოფილება) სისხლის სამართლის საგამოძიებო განყოფილებას.
2. ექსპერტის დასკვნა
30. 2004 წლის 14 სექტემბერს პროკურორის სამსახურის მოთხოვნით კრაიოვას საექსპერტო მედიცინის ინსტიტუტმა მოამზადა საექსპერტო დასკვნა. წარდგენილი სამედიცინო ჩანაწერების საფუძველზე დასკვნაში შემდეგი შეჯამება გაკეთდა:
“სამედიცინო ჩარევა დაინიშნა [პაციენტის] აივ-ინფექციასთან და მის ფსიქიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. მკურნალობა იყო სწორი და შესაბამისი, დოზირებასთან მიმართებით და პაციენტის კლინიკურ და იმუნოლოგიურ მდგომარეობასთან მიმართებით.
შეუძლებელია იმის დადგენა პაციენტი იღებდა თუ არა გამოწერილ მედიკამენტებს, მისი ფსიქოსომატური დეგრადაციის მძიმე ფორმის გათვალისწინებით.”
31. 2004 წლის 22 ოქტომბერს ჩატარდა ვალენტინ კამპეანუს ექსგუმაცია და გვამის გაკვეთა. ექსპერტის დასკვნა გაიცა 2005 წლის 2 თებერვალს, რომელშიც აისახა, რომ სხეულმა აჩვენა კახექსიის მძიმე ფორმა და მოცემული იყო შემდეგი დასკვნა:
“... სიკვდილი არ იყო ძალადობის შედეგი. ის იყო კარდიორესპირატორული უკმარისობის შედეგი, რაც თავის მხრივ გამოიწვია პნევმონიამ, აივ ინფექციის პროგრესის შედეგად გამოწვეულმა გართულებამ. ექსგუმაციის შედეგად ძალადობის კვალი არ გამოიკვეთა.”
3. პროკურორთა გადაწყვეტილებები
32. 2005 წლის 19 ივლისს დოლის საგრაფოს სასამართლოს დაქვემდებარებაში მყოფმა პროკურორის სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე, inter alia დაადგინა რა, რომ წარმოდგენილი მტკიცებულების საფუძველზე პაციენტისთვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურება იყო სათანადო და რომ სიკვდილი არ იყო ძალადობის შედეგი, არამედ გამოწვეული იყო ბატონი კამპეანუს აივ-ინფექციის პროგრესირებით განპირობებული გართულებით.
33. 2005 წლის 8 აგვისტოს CLR-მა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა დოლის საგრაფოს სასამართლოსთან არსებული პროკურორის სამსახურის უფროს პროკურორთან, inter alia ამტკიცებდა რა, რომ პაციენტისთვის მიწოდებულ სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით წარდგენილი მოსაზრებები, კერძოდ კი ARV მკურნალობის სავარაუდო შეწყვეტისა და საავადმყოფოში საცხოვრებელ პირობებთან დაკავშირებით არ შესწავლილა.
2005 წლის 23 აგვისტოს უფროსმა პროკურორმა მიიღო საჩივარი, გააუქმა 2005 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება და ბრძანა გამოძიების განახლება და საქმის ყველა გარემოების შესწავლა. კონკრეტული ინსტრუქციები გაიცა იმ სამედიცინო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, რომლებიც შესწავლას საჭიროებდა, მას შემდეგ რაც ისინი მოიპოვეს კრაიოვას ინფექციურ დაავადებათა საავადმყოფოდან, განთავსების ცენტრიდან, CMSC-დან და PMH-დან. დაიკითხნენ ბატონი კამპეანუს ექიმები. დასაზუსტებელი იყო გარემოებები, რის გამოც პაციენტს ჩაუტარდა ან არ ჩატარებია ARV მკურნალობა, სანამ ის იმყოფებოდა CMSC-ში და PMH-ში, განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, რომ PMH-ში სამედიცინო ჩანაწერებში არაფერი იყო მითითებული აღნიშნულთან დაკავშირებით.
34. 2006 წლის 11 დეკემბერს დოლის საგრაფოს სასამართლოსთან არსებული პროკურორის სამსახურმა დაადგინა, რომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის თანახმად მას არ გააჩნდა საკმარისი იურისდიქცია გამოძიების ჩასატარებლად და საქმის მასალები გადაუგზავნა კალაფატის რაიონულ სასამართლოსთან არსებულ პროკურორის სამსახურს.
4. დისციპლინური საქმისწარმოება
35. 2006 წლის 11 იანვარს პოლიციის განყოფილებამ დოლის საგრაფოს სამედიცინო ასოციაციას (სამედიცინო ასოციაცია) თხოვნით მიმართა, მათთვის მიეწოდებია მოსაზრება შემდეგზე “ჩატარებული თერაპიული მკურნალობა [გვამის გაკვეთის შედეგად დადგენილი] დიაგონიზის შესაბამისი იყო თუ არა, ან ხომ არ შეიცავდა სამედიცინო გულგრილობის ნიშნებს”.
2006 წლის 20 ივლისს სამედიცინო ასოციაციის სადისციპლინო საბჭომ დაადგინა, რომ PMH-ის პერსონალის წინააღმდეგ დისციპლინური ღონისძიებების გატარების საფუძველი არ არსებობდა:
“... ფსიქოტროპული მკურნალობა, როგორც აღინიშნა PMH-ის ზოგადი კლინიკური დაკვირვების შენიშვნებში, შესაბამისი იყო [და აქედან გამომდინარე] მიღებული ინფორმაცია მიგვითითებს, რომ ექიმთა გადაწყვეტილებები იყო სწორი, სამედიცინო გულგრილობაზე რაიმე ეჭვის გარეშე, რაც შესაძლოა დაკავშირებული ყოფილიყო აივ-ინფექციასთან ასოცირებული ოპორტუნისტული ინფექციის არასწორ მკურნალობასთან.”
ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა პოლიციის განყოფილებამ 2006 წლის 23 ნოემბერს, მაგრამ საჩივარი არ დაკმაყოფილდა ვადის გასვლის გამო.
5. ახალი გადაწყვეტილება საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე და შემდგომი საჩივრები
36. 2007 წლის 30 მარტს კალაფატის რაიონულ სასამართლოსთან არსებულმა პროკურორის სამსახურმა მიიღო ახალი გადაწყვეტილება საქმისწარმოების შეწყვეტის თაობაზე. თავის დასაბუთებაში პროკურორი დაეყრდნო საქმეში არსებულ მტკიცებულებას, ისევე როგორც სამედიცინო ასოციაციის დისციპლინური საბჭოს გადაწყვეტილებას.
37. CLR-მა გაასაჩვრა ეს გადაწყვეტილება, განაცხადა რა, რომ 2005 წლის 23 აგვისტოს უფროსი პროკურორის მითითებების უმრავლესობა იგნორირებული იყო (იხილეთ 33-ე პარაგრაფი მაღლა). საჩივარი არ დააკმაყოფილა კალაფატის რაიონულ სასამართლოსთან არსებული პროკურორის სამსახურის უფროსმა პროკურორმა 2007 წლის 4 ივნისს. გადაწყვეტილების მოკლე დასაბუთება უთითებდა 2004 წლის 14 სექტემბრის საექსპერტო დასკვნაზე და სამედიცინო ასოციაციის 2006 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებაზე.
2007 წლის 10 აგვისტოს CLR-მა გაასაჩვრა ეს გადაწყვეტილება კალაფატის რაიონულ სასამართლოში.
38. 2007 წლის 3 ოქტომბერს კალაფატის რაიონულმა სასამართლომ დასაშვებად ცნო საჩივარი, გააუქმა 2007 წლის 30 მარტისა და 2007 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებები და ბრძანა გამოძიების განახლება, დაადგინა რა, რომ ბატონი კამპეანუს გარდაცვალების რამდენიმე გარემოება არ იყო შესწავლილი და რომ საჭირო იყო მეტი მტკიცებულების წარმოდგენა.
სასამართლოს მიერ დასახელებულ ნაკლოვანებებს შორის იყო შემდეგი: დოკუმენტთა უმრავლესობა, რაც უნდა მოპოვებულიყო კრაიოვას ინფექციურ დაავადებათა საავადმყოფოდან და განთავსების ცენტრიდან, არ დაერთო საგამოძიებო საქმის მასალებს (სამედიცინო დოკუმენტები, რომლის საფუძველზეც ბატონი კამპეანუ განთავსდა CMSC-ში და შემდგომ გადაყვანილ იქნა PMH-ში; კლინიკური და პარაკლინიკური ანალიზები; იმ ექიმებისა და ექთნების დაკითხვის ოქმები, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ ბატონ კამპეანუზე ზრუნვაზე და აივ-ანალიზის სახელმძღვანელო). ბატონი კამპეანუს CMSC-ში მიღებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს შორის წინააღმდეგობა არ დაზუსტებულა და არც PMH-ში გადაყვანის შემდეგ ARV-ის მკურნალობის შეწყვეტის გარემოებები დაზუსტდა. ამასთან არ გარკვეულა ბატონი კამპეანუს “უმართავ მდგომარეობასთან” დაკავშირებით CMSC-ისა და PMH-ის სამედიცინო პერსონალის ურთიერთგამომრიცხავი ჩივილები.
გამომძიებლებმა ასევე ვერ დაადასტურეს, PMH-ის სამედიცინო პერსონალმა ჩაუტარა თუ არა ბატონ კამპეანუს მიღების შემდეგ აუცილებელი ანალიზები და იღებდა თუ არა ის ARV-ს და სხვა საჭირო მედიკამენტებს. გამომძიებლებმა ასევე ვერ დაადგინეს რით იყო გამოწვეული ბატონი კამპეანუს სახეზე და ქვედა კიდურებზე შეშუპება და PMH-ში განხორციელებული თერაპიული ჩარევა იყო თუ არა სწორი. ამ საკითხების გაურკვევლობის ფონზე სამედიცინო ასოციაციის მოსაზრების მოთხოვნა ნაადრევი იყო და უნდა მოხდეს მისი ხელახალი მოთხოვნა, მას შემდეგ რაც საგამოძიებო საქმის მასალები სრულყოფილი იქნება.
39. კალაფატის რაიონულ სასამართლოსთან დაკავშირებული პროკურორის სამსახურმა გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება. 2008 წლის 4 აპრილს დოლის საგრაფოს სასამართლომ მიიღო საჩივარი, გააუქმა კალაფატის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და არ დააკმაყოფილა CLR-ის საჩივარი სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ 2007 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
სასამართლო ძირითადად დაეყრდნო ექსპერტის დასკვნაში ასახულ შეჯამებებს და ასევე სამედიცინო ასოციაციის გადაწყვეტილებას, რომლებშიც მითითებული იყო, რომ ბატონი კამპეანუსთვის გაწეულ მკურნალობასა და მის სიკვდილს შორის მიზეზობრივი კავშირი არ არსებობდა.
C. CLR-ის მიერ ინიცირებული სხვა საქმისწარმოებები
1. ბატონ კამპეანუსთან დაკავშირებით
40. CLR-ის მიერ წარდგენილი საჩივრების პასუხად (იხილეთ 26-ე პარაგრაფი მაღლა), 2004 წლის 8 მარტს დოლის საგრაფოს პრეფექტმა შექმნა კომისია ვალენტინ კამპეანუს გარდაცვალების გარემოებების გამოძიების მიზნით. კომისია შედგებოდა ბავშვის დაცვის განყოფილების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის, პოლიციის განყოფილების სისხლის სამართლის საგამოძიებო დეპარტამენტისა და პრეფექტის სამსახურის წარმომადგენლებისგან. კომისიას ათი დღე განესაზღვრა გამოძიების დასასრულებლად და საბოლოო ანგარიშის წარსადგენად.
კომისიის ანგარიშში ასახული იყო დასკვნა იმის შესახებ, რომ განთავსების ცენტრიდან მისი გაყვანის შემდეგ ბატონი კამპეანუს მკურნალობასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა იყო კანონისმიერი და დასაბუთებული მის დიაგნოზთან მიმართებით. კომისიამ აღმოაჩინა მხოლოდ ერთი დარღვევა, ის, რომ გვამის გაკვეთა არ ჩატარდა ბატონი კამპეანუს გარდაცვალებისთანავე, რითაც დაირღვა მოქმედი კანონმდებლობა (იხილეთ 25-ე პარაგრაფი მაღლა).
41. 2004 წლის 26 ივნისს CLR-მა საჩივარი წარუდგინა ბავშვთა დაცვისა და გაშვილების ეროვნულ ორგანოს (ეროვნული ორგანო), აკრიტიკებდა რა ბატონი კამპეანუსთვის მეურვის დაუნიშნავობასთან და მის სათანადო სამედიცინო დაწესებულებაში განუთავსებლობასთან დაკავშირებულ მთელ რიგ დარღვევებზე. CLR-მა გაიმეორა 2004 წლის 4 აგვისტოს წარდგენილი საჩივარი, მიუთითა რა რომ ბატონი კამპეანუს PMH-ში არასწორი განთავსება დღის წესრიგში აყენებდა კონვენციის 5.1.e მუხლთან დაკავშირებულ საკითხებს.
აღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით ეროვნულმა ორგანომ 2004 წლის 21 ოქტომბერს მოამზადა ანგარიში ბატონი კამპეანუს გარდაცვალებასთან დაკავშირებულ გარემოებებზე. ეროვნულმა ორგანომ აღიარა, რომ პანელი ultra vires მოქმედებდა, როდესაც ბრძანა კამპეანუს მიღება PMH-ში. თუმცა, მან განაცხადა, რომ ბრძანებას შედეგი არ მოყოლია, იქიდან გამომდინარე, რომ თავიდან ამ დაწესებულებამ უარი განაცხადა ბატონი კამპეანუს მიღებაზე (იხილეთ მე-11 პარაგრაფი მაღლა).
ეროვნულმა ორგანომ დაასკვნა, რომ ბავშვის დაცვის დეპარტამენტი მოქმედებდა პროფესიული ეთიკისა და საუკეთესო გამოცდილების შესაბამისად, როდესაც ბატონი კამპეანუ CMSC-ში გადაიყვანა. იმავდროულად ეროვნულმა ორგანომ განაცხადა, რომ ის არ იყო უფლებამოსილი მიეღო გადაწყვეტილება PMH-ში ბატონი კამპეანუს შემდგომი გადაყვანის შესახებ.
მსგავსად ამისა ეროვნულმა ორგანომ უარი განაცხადა მოსაზრების გამოთქმაზე მოხდა თუ არა ბატონი კამპეანუს არასწორი კატეგორიზება, როდესაც ის მიაკუთვნეს საშუალო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯგუფს, ან იმ მოვლენებზე რასაც ადგილი ქონდა CMSC-ში მის მიღებამდე.
42. 2004 წლის 24 მარტს დოლის საგრაფოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტმა CLR-ს შეატყობინა, რომ კომისიამ, რომელიც შედგებოდა საგრაფოს დონეზე თანამდებობის პირებისგან, დაასკვნა, რომ “ადამიანის უფლებები არ დარღვეულა” ბატონი კამპეანუს გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რადგანაც საავადმყოფოში მისი მომდევნო მიღება დასაბუთებული იყო #584/2002 კანონის მე-9 მუხლით, აივ- ინფექციის გავრცელების პრევენციისა და აივ-ინფიცირებული ან შიდსით დაავადებული პირების დაცვის ღონისძიებების შესახებ.
2. სხვა პაციენტებთან დაკავშირებით
43. 2005 წლის 16 მარტს PMH-ში ჩვიდმეტი პაციენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის გამოძიების შემდეგ გენერალური პროკურორის ოფისმა წერილობით მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს და მოსთხოვა კონკრეტული ადმინისტრაციული ზომების მიღება საავადმყოფოში არსებული მდგომარეობის პასუხად. აღნიშნავდა რა რომ განსახილველ გარდაცვალების ფაქტებთან დაკავშირებით სისხლის სამართლებრივი გადაცდომა იკვეთებოდა, წერილი აღნიშნავდა “ადმინისტრაციულ ნაკლოვანებებზე”, რაც გამოიკვეთა საავადმყოფოში და მოუწოდებდა შემდეგი ღონისძიებების გატარებისკენ ჩამოთვლილი პრობლემების გადასაჭრელად:
“პაციენტების ოთახებში გათბობის არ არსებობა; ჰიპოკალორიული საკვები; არასაკმარისი პერსონალი, რომელთაც მწირი ცოდნა და უნარები აქვთ ფსიქიკური შეზღუდულობის მქონე პაციენტებთან სამუშაოდ; ეფექტიანი მედიკამენტების ნაკლებობა; უკიდურესად შეზღუდული შესაძლებლობები პარაკლინიკური გამოძიების ჩასატარებლად ..., ყველა ამ ფაქტორმა ხელი შეუწყო ინფექციური დაავადებების გავრცელებას და მათ ფატალურ განვითარებას ...”
44. CLR-ის მიერ სხვა პაციენტის P.C. სახელით (რომელიც PMH-ში გარდაიცვალა) წარდგენილ საჩივარზე 2006 წლის 15 ივნისის მიღებულ გადაწყვეტილებით კასაციისა და მართლმსაჯულების უმაღლესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა სახელმწიფო პროკურორის პროტესტი იმის თაობაზე, რომ CLR-ის არ ქონდა locus standi. სასამართლომ დაადგინა, რომ CLR-ის სწორედაც რომ ქონდა locus standi ეწარმოებია ამგვარი საქმე PMH-ში 2004 წლის იანვარში და თებერვალში ჩვიდმეტი პაციენტის გარდაცვალების გარემოებების აღმოფხვრის მიზნით, მისი საქმიანობის სფეროსა და ორგანიზაციის გაცხადებული მიზნის - ადამიანის უფლებათა დაცვის გათვალისწინებით. სასამართლომ დაადგინა შემდეგი:
“უმაღლესი სასამართლო მიიჩნევს, რომ CLR შესაძლოა მიჩნეულ იქნას “ნებისმიერ სხვა პირად, ვისი ლეგიტიმური ინტერესიც ილახება” სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 2781 მნიშვნელობით. მათი ინტერესის ლეგიტიმურობა იკვეთება CLR-ის მოთხოვნაში იმის შესახებ, რომ PMH-ში იანვარში და თებერვალში ჩვიდმეტი პაციენტის გარდაცვალების გამომწვევი გარემოებები გამოვლინდეს და აღმოიფხვრას; შესაბამისად, მისი მიზანი იყო სიცოცხლის უფლებისა და წამებისა და არასათანადო მოპყრობის დაცვა ... ოფიციალური სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ინიცირებით, რომელიც იქნებოდა ეფექტიანი და ამომწურავი, ზემოთ აღნიშნულ დარღვევებზე პასუხისმგებელ პირთა იდენტიფიცირებისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად. [ორგანიზაცია ასევე მიზნად ისახავს] საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის საჭიროების შესახებ და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, რაც შეესაბამება ამ არასამთავრობო ორგანიზაციის გაცხადებულ მიზნებს.
მისი ლეგიტიმური ინტერესი აშკარა გახდა გამოძიების ინიცირებით, რაც ამჟამადაც მიმდინარეობს.
იმავდროულად, CLR-ის შესაძლებლობა, 2781 მუხლის საფუძველზე წარადგინოს საჩივარი, წარმოადგენს სამართლებრივი დაცვის საშუალებას, რომლითაც მომჩივანმა ისარგებლა, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-13 მუხლის ნორმების შესაბამისად ...”
D. CLR-ის მიერ წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნა
45. CLR-მა წარმოადგინა საექსპერტო მოსაზრება, 2012 წლის 4 იანვრით დათარიღებული და გაცემული ექიმი ადრიან ვან ესის მიერ, რომელიც არის “საექსპერტო მრჩეველთა ჯგუფის” წევრი და “ჯანდაცვისა და ადამიანის უფლებათა ორგანიზაციების საერთაშორისო ფედერაციის” (IFHHRO) დირექტორი, თანაშემწესთან, ანკა ბოერკიუსთან ერთად, პროექტის ოფიცერი IFHHRO-ში. საექსპერტო მოსაზრება ეფუძნებოდა მტკიცებულების ასლებს, რომელიც CLR-მა [ადამიანის უფლებათა ევროპულ] სასამართლოსაც წარუდგინა, მათ შორის CMSC-ისა და PMH-ის სამედიცინო ჩანაწერები.
ექსპერტის მოსაზრება უთითებდა “ძალიან მწირ, სტანდარტების საწინააღმდეგო, ხშირად არ არსებულ ან დაკარგულ” სამედიცინო ჩანაწერებზე PMH-ში და CMSC-ში, რომლებშიც ბატონი კამპეანუს კლინიკური მდგომარეობა იყო “მძიმე”. მან აღნიშნა, რომ PMH-ში ყოფნისას პაციენტს არასდროს გაუვლია კონსულტაცია ინფექტიურ-დაავადებათა ექიმთან. ასევე, რუმინეთის კანონმდებლობის დარღვევით, გვამის გაკვეთა არ ჩატარებულა პაციენტის გარდაცვალებისთანავე.
რაც შეეხება ARV მკურნალობას, ხელმისაწვდომი დოკუმენტები არ მოიცავდა რაიმე სარწმუნო ინფორმაციას იმის შესახებ, ხდებოდა თუ არა ამ მედიკამენტის მიწოდება მუდმივად. შესაბამისად, შესაძლოა არასათანადო მკურნალობამ განაპირობა ბატონი კამპეანუს აივ-ინფექციის გამწვავება და ასევე ოპორტუნისტული ინფექციები, როგორიცაა პნევმოცისტური პნევმონია (პნევმონია, რომელიც გვამის გაკვეთის ანგარიშის მიხედვით გარდაცვალების მიზეზი გახდა). ექსპერტი მოსაზრებაში უთითებდა, რომ PMH-ში ან CMSC-ში არც პნევმონიის დიაგნოზი დასმულა და არც მკურნალობა ჩატარებია პაციენტს, მიუხედავად იმისა, რომ ეს მეტად გავრცელებულია აივ-პაციენტებში. პაციენტს არასდროს ჩატარებია სისხლის საერთო ანალიზი აივ-სტატუსის მონიტორინგისთვის.
ექსპერტის მოსაზრებაში მითითებული იყო, რომ გარკვეული ქცევითი ნიშნები, რომელიც მიჩნეულ იქნა ფსიქიკურ აშლილობად, შესაძლოა გამოწვეული იყო სეფსისით.
შესაბამისად, ARV მკურნალობის შეწყვეტის რისკებს, ოპორტუნისტული ინფექციების შესაძლებლობასა და პაციენტის ტუბერკულოზის გამოცდილებას უნდა მოყოლოდა ბატონი კამპეანუს გადაყვანა ინფექციურ დაავადებათა განყოფილებაში და არა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.
46. ანგარიშში მოცემული იყო დასკვნა, რომ PMH-ში ბატონი კამპეანუს გარდაცვალება იყო “უკიდურესი სამედიცინო გულგრილობის” შედეგი. აივ-ინფექციისა და ოპორტუნისტული ინფექციების მართვა არ შედგა საერთაშორისო სტანდარტებისა და სამედიცინო ეთიკის საწინააღმდეგოდ, ისევე როგორც კონსულტირება და მკურნალობა პაციენტის გონებრივ შეზღუდულ შესაძლებლობებთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, სამედიცინო ასოციაციის დისციპლინური საბჭოს წინაშე მიმდინარე საქმისწარმოება არ შეესაბამებოდა სტანდარტებს და გულგრილად წარიმართა, მნიშვნელოვანი სამედიცინო დოკუმენტაციის გარეშე.
E. ინფორმაცია ცეტატისა და პოიანა მარეს სამედიცინო დაწესებულებების შესახებ
1. პოიანა მარეს ნეიროფსიქიატრიული საავადმყოფო
47. PMH მდებარეობს დოლის საგრაფოში, სამხრეთ რუმინეთში, ყოფილი სამხედრო ბაზის ოცდათექვსმეტ ჰექტარ მიწის ნაკვეთზე. PMH-ში შესაძლებელია 500-მდე პაციანტის განთავსება, როგორც ნებაყოფლობით ისე არანებაყოფლობით საწყისებზე, ამ უკანასკნელ შემთხვევაში სამოქალაქო ან სისხლის სამართალწარმოების შედეგად. რამდენიმე წლის წინ საავადმყოფოში ასევე არსებობდა განყოფილება ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტთათვის. ეს განყოფილება მთელი რიგი ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) ზეწოლის შედეგად გადატანილ იქნა ახლომდებარე ქალაქში.
განსახილველი მოვლენების დროს, კერძოდ კი 2004 წლის თებერვალში PMH-ში იმყოფებოდა 436 პაციენტი. სამედიცინო პერსონალში იყო ხუთი ფსიქიატრი, ოთხი რეზიდენტი ფსიქიატრი და ექვსი საერთო პროფილის ექიმი.
CPT-ის 2004 წლის ანგარიშის თანახმად (იხილეთ 77-ე პარაგრაფი დაბლა), მომდევნო ორი ზამთრის განმავლობაში PMH 109 პაციენტი გარდაიცვალა საეჭვო გარემოებებში - ოთხმოცდაერთი 2003 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით და ოცდარვა 2004 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში. CPT-იმ სამჯერ მოინახულა PMH, 1995, 1999 და 2004 წლებში; ბოლო ვიზიტი კონკრეტულად ეძღვნებოდა გარდაცვალების საგანგაშო მაჩვენებელს. ყოველი ვიზიტის შემდგომ CPT-იმ გამოსცა მეტად კრიტიკული ანგარიში, ხაზი გაუსვა რა PMH-ში “არაადამიანურ და დამამცირებელ საცხოვრებელ პირობებს”.
CPT-ის ანგარიშებში პრობლემურად დასახელებულ სამედიცინო დაწესებულებებში, მათ შორის PMH-ში ვიზიტის შემდეგ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ 2003 წლის 2 სექტემბერს გამოაქვეყნა ანგარიში. სამინისტრომ დაასკვნა, რომ PMH-ში პაციენტებისთვის მიწოდებული მედიკამენტები არაადეკვატური იყო, ფსიქიატრიულ დიაგნოზებსა და მიწოდებულ მკურნალობას შორის შეუსაბამობის გამო, ან იმიტომ რომ სამედიცინო გამოკვლევები მეტად შეზღუდული იყო. მენეჯმენტის ეფექტიანობასთან მიმართებით გამოვლინდა მთელი რიგი ხარვეზები, ასევე პაციენტების რაოდენობასთან მიმართებით პერსონალის რაოდენობასთან დაკავშირებით.
2. ცეტატის სამედიცინო და სოციალური ზრუნვის ცენტრი
48. CLR-ისგან მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ CMSC იყო მცირე ზომის სამედიცინო და სოციალური ზრუნვის ცენტრი, 2004 წლის დასაწყისში ოცი პაციენტისთვის; იმ მომენტისთვის CMSC-ში თვრამეტი პაციენტი იმყოფებოდა. 2004 წლის 1 იანვრამდე, როდესაც ის გამოცხადდა სამედიცინო და სოციალური ზრუნვის ცენტრად, CMSC ფსიქიატრიული საავადმყოფო იყო.
2006-2009 წლებისთვის აკრედიტაციის სერთიფიკატის თანახმად CMSC უფლებამოსილი იყო მომსახურება გაეწია ზრდასრულებისთვის, რომელთაც ქონდათ მძიმე ოჯახური მდგომარეობა, სამედიცინო და სოციალური ზრუნვის სოციალურ კომპონენტზე აქცენტით.
II. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა და პრაქტიკა
A. რუმინეთის სისხლის სამართლის კოდექსი
49. სადავო მოვლენებისას მოქმედი რუმინეთის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი ნაწილები შემდეგი შინაარსის იყო:
მუხლი 114 – სამედიცინო დაწესებულებაში მიღება
“(1) თუკი სამართალდამრღვევი ფსიქიკურად დაავადებულია ან წამალდამოკიდებულია და საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს, შესაძლოა ბრძანება გაიცეს მისი სპეციალურ სამედიცინო დაწესებულებაში განთავსების შესახებ, სანამ ეს პირი გამოჯანმრთელდება.
(2) ეს ღონისძიება შესაძლოა დროებით იქნას გამოყენებული სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას ან სასამართლო განხილვისას.”
მუხლი 178 – გულგრილობით ჩადენილი მკვლელობა
“(2) მკვლელობა ჩადენილია გულგრილობით, როდესაც არ იყო დაცული სამართლებრივი ნორმები ან პრევენციული ზომები, რაც დაკავშირებულია პროფესიულ საქმიანობასთან ან წარმოებასთან, ან კონკრეტული საქმიანობის შედეგია, ისჯება დაუყოვნებელი თავისუფლების აღკვეთით ორიდან შვიდ წლამდე ვადით.”
მუხლი 246 – გულგრილობა და უმოქმედება ადამიანის ინტერესების საწინააღმდეგოდ
“საჯარო მოსამსახურე, ვინც თავისი უფლებამოსილების შესრულებისას წინასაწარი შეცნობით არ შეასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას ან არასათანადოდ შეასრულებს და ამით შელახავს სხვა ადამიანის სამართლებრივ ინტერესებს, ისჯება დაუყოვნებელი თავისუფლების აღკვეთით ექვსი თვიდან სამ წლამდე ვადით.”
მუხლი 249 – გულგრილობა ოფიციალური ვალდებულების შესრულებისას
“(1) ოფიციალური ვალდებულების დარღვევა, საჯარო მოსამსახურის მხრიდან გულგრილობის შედეგად, ამ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების შედეგად, თუკი ამ დარღვევამ გამოიწვია საჯარო უწყების ან დაწესებულების, ან იურიდიული პირის გამართულად მუშაობის მნიშვნელოვანი შეფერხება, ან მისი ქონების დაზიანება ან სხვა პირის სამართლებრივი ინტერესების მნიშვნელოვანი დაზიანება, ისჯება დაუყოვნებლივ თავისუფლების აღკვეთით ერთი თვიდან ორ წლამდე ვადით ან ჯარიმით.”
მუხლი 314 – უმწეო ადამიანის საფრთხეში ჩაგდება
“(1) ბავშვის ან უმწეო ადამიანის მიტოვება, მოშორება ან დახმარების გარეშე დატოვება, ჩადენილი იმ პირის მიერ ვისაც ევალება ამ პირზე მეთვალყურეობა ან ზრუნვა, ან მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან სხეულის ხელშეუხებლობის გარდაუვალ საფრთხეში ჩაგდება, ისჯება დაუყოვნებლივ თავისუფლების აღკვეთით ერთიდან სამ წლამდე...”
B. რუმინეთის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
50. სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას პროკურორის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სასამართლოში გასაჩივრების მარეგულირებელი პროცედურა განისაზღვრება სადავო მოვლენების დროს მოქმედი კოდექსის 275-2781 მუხლებით. ამ მუხლების შესაბამისი ნაწილები შემდეგი შინაარსისაა:
მუხლი 275
“ნებისმიერი პირი უფლებამოსილია საჩივარი წარადგინოს სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას გატარებულ ღონისძიებებთან და გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, თუკი ამით დაზიანდა მისი ლეგიტიმური ინტერესები...”
მუხლი 278
“პროკურორის მიერ მიღებული ან ამ უკანასკნელის მოთხოვნით გატარებული ღონისძიებების ან გადაწყვეტილებების წინააღმდეგ წარდგენილი საჩივრები უნდა შეისწავლოს შესაბამისი განყოფილების უფროსმა პროკურორმა...”
მუხლი 2781
“(1) სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებით 275-278 მუხლების საფუძველზე წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილებაზე პროკურორის უარის შემდგომ, სისხლის სამართლის საქმის წარმოებაზე უარის გადაწყვეტილებით (neurmărire penală) დაზარალებული მხარე, ან ნებისმიერი პირი ვისი ლეგიტიმური ინტერესების შეილახა, უფლებამოსილია სადავო გადაწყვეტილების შეტყობინებიდან ოცი დღის ვადაში, საჩივარი წარუდგინოს იმ სასამართლოს მოსამართლეს, რომელიც უფლებამოსილია პირველი ინსტანციის წესით განიხილოს საქმე. ...
(4) პირი, რომლის მიმართაც პროკურორმა გადაწყვიტა შეეწყვიტა სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, ასევე პირი, რომელმაც საჩივარი წარადგინა ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მოწვეულ უნდა იქნან სასამართლოს წინაშე წარსადგენად. თუკი მოხდა მათი გამოძახება კანონის შესაბამისად, სასამართლოს წინაშე ამ პირების გამოუცხადებლობამ არ უნდა შეაფერხოს საქმის განხილვა. ...
(5) სასამართლოს წინაშე პროკურორის გამოცხადება სავალდებულოა.
(6) მოსამართლემ სიტყვა უნდა მისცეს მომჩივანს და შემდეგ იმ პირს, ვის მიმართაც შეწყდა სისხლის სამართლის საქმის გამოძიება და ბოლოს, პროკურორს.
(7) საქმის შესწავლისას მოსამართლემ უნდა შეაფასოს სადავო გადაწყვეტილება მოქმედი კანონმდებლობისა და მასალების და ნებისმიერი ახლად წარმოდგენილი დოკუმენტის საფუძველზე.
(8) სასამართლო უფლებამოსილია მიიღოს ჩამოთვლილთაგან ერთერთი გადაწყვეტილება:
(a) არ დააკამყოფილოს საჩივარი როგორც ხანდაზმული, დაუშვებელი ან დაუსაბუთებელი და ძალაში დატოვოს გადაწყვეტილება;
(b) დასაშვებად ცნოს საჩივარი, გააუქმოს გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს პროკურორს სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ინიცირების ან განახლების მიზნით. სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს ამგვარი გადაწყვეტილება და იმავდროულად მიუთითოს ფაქტებსა და გარემოებებზე, რომელთა დაზუსტებაც არის საჭირო, ისევე როგორც წარმოსადგენ მტკიცებულებებზე;
(c) დასაშვებად ცნოს საჩივარი, გააუქმოს გადაწყვეტილება და თუ საქმეში საკმარისი მტკიცებულებებია, განაგრძოს საქმის შემდგომი განხილვა, შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლოში ან სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვისთვის დადგენილი წესის თანახმად. ...
(12) მოსამართლემ საჩივარი უნდა განიხილოს მიღებიდან ოცდაათი დღის განმავლობაში.
(13) საჩივარი, რომელიც არაგანსჯად ორგანოს წარედგინა, უნდა გადაეგზავნოს მისი განხილვის იურისდიქციის მქონე უწყებას.”
C. სოციალური დახმარების სისტემა
51. ეროვნული სოციალური დახმარების კანონის (კანონი # 705/2001) მე-2 მუხლი, შესაბამის დროს მოქმედი რედაქციით სოციალური დახმარების სისტემის შემდეგ დეფინიციას გვთავაზობს:
“... დაწესებულებათა და ღონისძიებათა სისტემა, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფო, საჯარო უწყებები და სამოქალაქო საზოგადოება უზრუნველყოფს იმ ვითარების დროებითი თუ მუდმივი შედეგების შეზღუდვას ან აღმოფხვრას, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს კონკრეტული ადამიანების მარგინალიზება ან სოციალური ექსკლუზია.”
მე-3 მუხლი ადგენს სოციალური დახმარების სისტემის ფარგლებს, რაც გულისხმობს:
“... იმ ადამიანთა დაცვას, ვისაც ეკონომიკური, ფიზიკური, ფსიქიკური ან სოციალური ნიშნით არ აქვს უნარი უპასუხოს საკუთარ სოციალურ საჭიროებებს და განავითაროს საკუთარი შესაძლებლობები და სოციალური ინტეგრაციის უნარები.”
52. სოციალური მომსახურების შესახებ განკარგულება # 68/2003 გამოყოფს სახელმწიფო სოციალური მომსახურების მიზნებს და დეტალურად ადგენს სოციალური მომსახურების მიწოდების დეტალებს.
D. კანონმდებლობა ჯანმრთელობის დაცვის სისტემასთან დაკავშირებით
53. ფსიქიკური ჯანმრთელობის მარეგულირებელი კანონმდებლობის დეტალური აღწერა შეგიძლიათ იხილოთ საქმეზე B. რუმინეთის წინააღმდეგ (B. v. Romania) (# 2) (# 1285/03, §§ 42-66, 19 თებერვალი, 2013 წ.).
კანონი #487/2002 ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა დაცვის შესახებ (ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ 2002 წლის კანონი), რომელიც ძალაში შევიდა 2002 წლის აგვისტოში, ადგენს პროცედურას პირთა სავალდებულო მკურნალობის შესახებ. პირის სავალდებულო მკურნალობისთვის საავადმყოფოში დატოვების შესახებ მკურნალი ფსიქიატრის გადაწყვეტილება ამ პირის საავადმყოფიში მიღებიდან სამოცდათორმეტ საათში უნდა დაადასტუროს საგანგებო ფსიქიატრიულმა პანელმა. ამასთან, ეს შეფასება ექვემდებარება ოცდაოთხი საათის განმავლობაში გადასინჯვას სახელმწიფო პროკურორის მხრიდან, რომლის გადაწყვეტილებაც თავის მხრივ შესაძლოა გასაჩივრდეს სასამართლოში. ამ კანონის ნორმათა აღსრულება დამოკიდებული იყო მისი აღსრულებისთვის აუცილებელი რეგულაციების მიღებაზე. ეს რეგულაციები მიღებულ იქნა 2006 წლის 2 მაისს.
54. საავადმყოფოების შესახებ კანონის (კანონი # 270/2003) მე-4 მუხლით დადგენილია, რომ საავადმყოფოებს ევალებათ “უზრუნველყონ ადეკვატური საცხოვრისი და კვება და ინფექციების პრევენცია”. აღნიშნული გაუქმდა 2006 წლის 28 მაისს, მას შემდეგ რაც ჯანმრთელობის დაცვის რეფორმის შესახებ 2006 წლის კანონი (კანონი # 95/2006) ძალაში შევიდა.
55. პაციენტთა უფლებების შესახებ კანონის (კანონი # 46/2003) მე-3 მუხლი ადგენს, რომ “პაციენტი უფლებამოსილია იმაზე, რომ მას როგორც ადამიანს პატივისცემით მოექცნენ, დისკრიმინაციის გარეშე”. 35-ე მუხლი ადგენს, რომ პაციენტს “უფლება აქვს უწყვეტ სამედიცინო ზრუნვაზე სანამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდება ან ის გამოჯანმრთელდება”. უფრო მეტიც, “პაციენტს უფლება აქვს პალიატიურ ზრუნვაზე, რათა შეძლოს ღირსეულად სიკვდილი”. ნებისმიერი სახის სამედიცინო ჩარევისთვის აუცილებელია პაციენტის თანხმობა.
56. იუსტიციის მინისტრის ბრძანება # 1134/25.05.2000 და ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება #255/4.04.2000 ამტკიცებს სამედიცინო დასკვნებისა და სხვა საექსპერტო სამედიცინო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებულ პროცედურებს, რომლის 34-ე მუხლით დადგენილია, რომ გვამის გაკვეთა უნდა ჩატარდეს პაციენტის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გარდაცვალებისას. 44-ე მუხლი სამედიცინო დაწესებულებათა მენეჯმენტს ავალდებულებს შეატყობინონ სისხლის სამართლის გამოძიების ორგანოებს, რომლებმაც თავის მხრივ უნდა მოითხოვონ გვამის გაკვეთა.
57. კანონი # 584/2002 აივ-ინფექციის გავრცელების პრევენციის ღონისძიებებისა და აივ-ინფიცირებული პირების ან შიდსით დაავადებულთა დაცვის შესახებ, მე-9 მუხლი ადგენს, რომ სამედიცინო ცენტრებმა და ექიმებმა უნდა მოახდინონ ამ კატეგორიის პირთა ჰოსპიტალიზება და უზრუნველყონ მათთვის სათანადო სამედიცინო ზრუნვა მათი კონკრეტული სიმპტომების შესაბამისად.
E. მეურვეობის სისტემა
1. მცირეწლოვანთა მეურვეობა
58. საოჯახო სამართლის კოდექსის 113-141 მუხლები, სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით, არეგულირებდა იმ მცირეწლოვანთა მეურვეობის საკითხებს, ვისი მშობლებიც გარდაცვლილი იყვნენ, ან უცნობები, მშობლის უფლებაჩამორთმეულები, ქმედუუნაროები, უგზოუკვლოდ ან გარდაცვლილად გამოცხადებული სასამართლოს მიერ. საოჯახო სამართლის კოდექსი არეგულირებდა იმ პირობებს, რომელთა არსებობაც აუცილებელია მეურვეობის დადგენისთვის, მეურვის (tutore) დანიშვნის პროცედურას, მის პასუხისმგებლობათა ნუსხას, მეურვის დათხოვნისა და მეურვეობის შეწყვეტის წესს. ამ სფეროში ფართო უფლებამოსილების მქონე უწყება იყო მეურვეობის ორგანო (autoritatea tutelară), რომელსაც ასევე ევალებოდა მეურვეთა საქმიანობაზე ზედამხედველობა.
ამჟამად მეურვეობას არეგულირებს სამოქალაქო კოდექსის 110-163 მუხლები. ახალი სამოქალაქო კოდექსი გამოქვეყნდა ოფიციალურ გამოცემაში #511, 2009 წლის 24 ივლისს და შემდგომ ხელახლა გამოქვეყნდა ოფიციალურ გამოცემაში # 505 2011 წლის 15 ივლისს. ის ძალაში შევიდა 2011 წლის 1 ოქტომბერს.
2. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ქმედუუნაროდ გამოცხადებისა და მეურვეობის პროცედურა
59. საოჯახო სამართლის კოდექსის 142-151 მუხლები წინამდებარე საქმის ფაქტობრივი გარემოებების მიმდინარეობისას მოქმედი რედაქციით არეგულირებდა ქმედუუნაროდ აღიარების პროცედურას (interdicţie), რომლის თანახმადაც პირი, რომელსაც დაუდასტურდებოდა, რომ არ ქონდა უნარი ემართა საკუთარი საქმეები, კარგავდა ქმედუნარიანობას.
ქმედუუნაროდ გამოცხადების ბრძანებას გასცემდა და აუქმებდა სასამართლო იმ პირთა მიმართ “ვისაც არ ქონდა საკუთარ ინტერესებზე ზრუნვის უნარი ფსიქიკური აშლილობის ან შეზღუდული შესაძლებლობის გამო”. ქმედუუნაროდ ცნობის პროცედურების ინიცირება შეეძლოთ პირთა ფართო წრეს, მათ შორის იყო მცირეწლოვნების დაცვაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოები, ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი. პირის ქმედუუნაროდ აღიარებისთანავე მეურვე ინიშნებოდა მისი წარმომადგენლობის განსახორციელებლად, მცირეწლოვნის მეურვის მზგავსი უფლებამოსილებით.
მართალია ქმედუუნაროდ ცნობის პროცედურა ასევე ვრცელდებოდა მცირეწლოვნებზეც, ის მაინც მიმართული იყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სრულწლოვნებზე.
ზემოთ აღნიშნული ნორმები შემდგომში შესაბამისი ცვლილებებით დაემატა სამოქალაქო კოდექსს (მუხლი 164-177).
60. საოჯახო სამართლის კოდექსის 152-157 მუხლები, განსახილველ დროს მოქმედი რედაქციით ადგენდა პროცედურას დროებითი მეურვეობისთვის (curatela), რომელიც გამოიყენება იმ შემთხვევაში, რომდესაც პირი არ არის ქმედუუნარო, მაგრამ არ შეუძლია დაიცვას საკუთარი ინტერესები დამაკმაყოფილებლად ან დანიშნოს წარმომადგენელი. ამ ნორმების შესაბამისი ნაწილი შემდეგი შინაარსისაა:
მუხლი 152
“კანონით დადგენილი შემთხვევების გარდა მეურვეობის ორგანომ დროებითი მეურვე უნდა დანიშნოს შემდეგ შემთხვევებში:
(a) როდესაც ხანდაზმულობის, ავამყოფობის ან ფიზიკური შეზღუდულობის გამო პირი, მიუხედავად სამართლებრივი ქმედუნარიანობისა პირადად ვერ მართავს თავის ქონებას ან დამაკმაყოფილებლად ვერ იცავს საკუთარ ინტერესებს და საპატიო მიზეზებით, ვერ ნიშნავს წარმომადგენელს;
(b) როდესაც ავადმყოფობის ან სხვა მიზეზით პირს, რომელიც სამართლებრივად ქმედუნარიანია, არ შესწევს უნარი პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით აუცილებელი ზომები გაატაროს ისეთ ვითარებაში, როდესაც დაუყოვნებელი რეაგირებაა საჭირო;
(c) როდესაც ავადმყოფობის ან სხვა მიზეზებით, მშობელს ან დანიშნულ მეურვეს (tutore) არ შეუძლია განახორციელოს განსახილველი მოქმედება; ...”
მუხლი 153
“152-ე მუხლში ჩამოთვლილ შემთხვევებში დროებითი მეურვის დანიშვნა (curator) ზეგავლენას არ ახდენს პირის ქმედუნარიანობაზე, რომელსაც წარმოადგენს მეურვე.”
მუხლი 154
“(1) დროებითი მეურვეობა (curatela) შეიძლება დადგინდეს იმ პირის მოთხოვნით, ვისაც სურს წარმოადგინონ, ამ პირის მეუღლის ან ნათესავის მოთხოვნით, 115-ე მუხლში ჩამოთვლილთაგან რომელიმეს მოთხოვნით, ან 152.c მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მეურვის (tutore) მოთხოვნით. მეურვეობის ორგანო ასევე უფლებამოსილია დაადგინოს დროებითი მეურვეობა საკუთარი მოთხოვნით.
(2) დროებითი მეურვეობა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ წარმოსადგენი პირის თანხმობით, გარდა იმ შემთხვევისა, რომდესაც ამგვარი თანხმობის მოპოვება შეუძლებელია. ...”
მუხლი 157
“თუკი დროებითი მეურვეობის დანიშვნის საფუძვლები აღმოიფხვრა, ამ ღონისძიების მოხსნის უფლებამოსილება გააჩნია მეურვეობის ორგანოს მეურვის, წარმოდგენილი პირის ან 115-ე მუხლში ჩამოთვლილთაგან რომელიმე პირის მოთხოვნით ან საკუთარი შუამდომლობის საფუძველზე.”
ზემოთ აღნიშნული ნორმები ცვლილებებით აისახა სამოქალაქო კოდექსში (178-186 მუხლები).
61. განსახილველ დროს მოქმედი რთულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვების შესახებ საგანგებო განკარგულება #26/1997 საოჯახო სამართლის კოდექსისგან განსხვავებულ წესს ადგენდა. განკარგულების 8.1 მუხლი ადგენს შემდეგს:
“...ბავშვის მშობლების გარდაცვალების, დაუდგენლობის, ქმედუუნარობის, სასამართლოს მიერ გარდაცვლილად, უგზო-უკვლოდ გამოცხადებულად ან მშობლის უფლებაჩამორთმეულად გამოცხადების შემთხვევაში და თუკი მეურვეობა არ არის დადგენილი, თუკი ბავშვი გამოცხადდა მიტოვებულად სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით და თუკი სასამართლომ არ გადაწყვიტა ბავშვის ოჯახში ან სხვა პირთან განთავსება კანონის თანახმად, მშობლის უფლებები უნდა განახორციელოს საგრაფო საბჭომ, [ბავშვის დაცვის] პანელის მეშვეობით.”
საგანგებო განკარგულება #26/1997 გაუქმდა 2005 წლის 1 იანვარს, ბავშვის უფლებათა დაცვისა და უზრუნველყოფის შესახებ ახალი კანონმდებლობის (კანონი # 272/2004) ძალაში შეცვლისთანავე.
62. #726/2002 განკარგულებით, რომელიც ადგენს ზრდასრულ პირთა შეზღუდული შესაძლებლობის კატეგორიზებას, “მძიმე გონებრივი შეზღუდული შესაძლებლობის” მქონე პირები შემდეგნაირად არის განმარტებული:
“მათ აქვთ ფსიქომოტორული განვითარების შეფერხება და მეტყველების მწირი განვითარება ან განუვითარებლობა; მათ შეუძლიათ ანბანისა და საბაზისო არითმეტიკის დასწავლა. ისინი შეძლებენ მარტივი ამოცანების შესრულებას მკაცრი ზედამხედველობით. ისინი ახერხებენ თემში, მზრუნველობის სახლებში ან თავიანთი ოჯახებში ცხოვრებასთან ადაპტირებას, თუკი მათ არ აქვთ სხვა სახის შეზღუდული შესაძლებლობა, რაც განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებს.”
63. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საგანგებო დაცვისა და დასაქმების კანონში # 519/2002 ჩამოთვლილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური უფლებები. ეს კანონი გაუქმდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის შესახებ კანონით (#448/2006), რომელიც ძალაში შევიდა 2006 წლის 21 დეკემბერს. ამ კანონის 23-ე მუხლი, პირველადი სახით ადგენდა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები სარგებლობდნენ უგულებელყოფისა და მათ მიმართ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისგან დაცვის უფლებით, მათ შორის სამართლებრივი დახმარების მომსახურებისა და თუკი საჭიროა მეურვის დანიშვნის უფლებით. ამავე კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, 2008 წლის რედაქციით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები სარგებლობენ უგულებელყოფისგან და მათ მიმართ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისგან დაცვისა და მათი მდებარეობის საფუძველზე დისკრიმინაციისგან დაცვის უფლებით. ადამიანები, ვინც სრულად ან ნაწილობრივ მოკლებულნი არიან თავიანთი საქმეების მართვის შესაძლებლობას, სარგებლობენ სამართლებრივი დაცვით სრული ან ნაწილობრივი მეურვეობის, ასევე იურიდიული დახმარების გზით. უფრო მეტიც, თუკი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს არ ყავს მშობლები ან სხვა პირი, ვინც თანახმა იქნება მის მეურვეობაზე, სასამართლო მას მეურვედ დაუნიშნავს ადგილობრივ საჯარო ორგანოს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც უზრუნველყოფს ამ პირზე ზრუნვას.
III. შესაბამისი საერთაშორისო სამართლის მასალები
A. locus standi-ის საკითხი
1. გაეროს კონვენცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ (CRPD), მიღებულია გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 2006 წლის 13 დეკემბერს (რეზოლუცია A/RES/61/106)
64. CRPD, რომელიც შექმნილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებებით სრულად და თანასწორ საწყისებზე სარგებლობის ხელშეწყობის, დაცვისა და უზრუნველყოფისთვის და მათი თანდაყოლილი ღირსების პატივისცემის ხელშეწყობისთვის, რუმინეთის მიერ რატიფიცირებულია 2011 წლის 31 იანვარს. მისი შესაბამისი ნაწილები შემდეგი შინაარსისაა:
მუხლი 5 – თანასწორობა და დისკრიმინაციის აკრძალვა
“1. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ, რომ ყოველი პიროვნება თანასწორია კანონის წინაშე და კანონის ძალით; ყველას ერთნაირად, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე აქვს უფლება, იყოს დაცული და ისარგებლოს კანონით.
2. მონაწილე სახელმწიფოები კრძალავენ შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე აღმოცენებულ დისკრიმინაციას და უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარ და ეფექტურ იურიდიულ დაცვას ყოველგვარი დისაკრიმინაციისაგან.
3. თანასწორუფლებიანობის ხელშეწყობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით, მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა შესაბამის ზომას გონივრული მისადაგების უზრუნველყოფისათვის.
4. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ფაქტობრივი თანასწორუფლებიანობის მიღწევისა და დაჩქარებისათვის მიღებული კონკრეტული ზომები, წინამდებარე კონვენციით, არ განიხილება როგორც დისკრიმინაცია.”
მუხლი 10 – სიცოცხლის უფლება
“მონაწილე სახელმწიფოები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ყველა ადამიანს აქვს სიცოცხლის თანდაყოლილი უფლება და იღებენ ყველა აუცილებელ ზომას, რათა უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ ამ უფლების ეფექტური და სხვებთან თანასწორი რეალიზება.”
მუხლი 12 – კანონის წინაშე თანასწორობა
“1. მონაწილე სახელმწიფოები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უფლება აქვთ სამართლის სუბიექტად აღიარებაზე, სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ ისინი.
2. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებაუნარიანობას სხვებთან თანასწორად, ცხოვრების ყველა სფეროში.
3. მონაწილე სახელმწიფოები იღებენ შესაბამის ზომებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის იმ დახმარების მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, რომელიც მათ შეიძლება სჭირდებოდეთ სამართლებრივი უფლებაუნარიანობის რეალიზებისათვის.
4. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ სამართლებრივი უფლებაუნარიანობის რეალიზებასთან დაკავშირებული ყველა ზომა ითვალისწინებდეს შესაბამის და ეფექტურ გარანტიებს მათი ბოროტად გამოყენების აღკვეთის მიზნით, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის თანახმად. ასეთი გარანტიები უნდა უზრუნველყოფდნენ, რომ უფლებაუნარიანობის რეალიზებასთან დაკავშირებული ზომები ორიენტირებული იყოს პიროვნების უფლებებზე, სურვილსა და უპირატესობებზე, თავისუფალი იყოს ინტერესთა კონფლიქტისა და არასასურველი გავლენისაგან, შეესაბამებოდეს და ერგებოდეს ამ პიროვნების მდგომარეობას, გამოიყენებოდეს რაც შეიძლება მინიმალური დროით და რეგულარულად მოწმდებოდეს კომპეტენტური, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანოს ან სასამართლოს მიერ. აღნიშნული გარანტიები უნდა იყოს მოცემული პირის უფლებებისა და ინტერესების ხელმყოფი ზომების პროპორციული.. ...”
მუხლი 13 – მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა
“1. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ მართლმსაჯულების ეფექტურ მისაწვდომობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, იმ პროცესუალური და ასაკთან შესაბამისი კორექტივების გათვალისწინებით, რომელიც ხელს უწყობს მათ მიერ პირდაპირი და არაპირდაპირი მონაწილის როლის ეფექტურად განხორციელებას, მათ შორის, მოწმის სახით, იურიდიული პროცედურების ყველა საფეხურზე, გამოძიებისა და საქმეთა წარმოების სხვა საწყისი საფეხურების ჩათვლით.
2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მართლმსაჯულების ეფექტური მისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის, მონაწილე სახელმწიფოები ხელს უწყობენ სამართლის ადმინისტრირების სფეროში მომუშავე, მათ შორის პოლიციისა და ციხის პერსონალის შესაბამის განათლებას..”
2. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის შესაბამისი მოსაზრებები
65. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის პირველი დამატებითი ოქმი ადამიანის უფლებათა კომიტეტს (HRC) ანიჭებს უფლებამოსილებას შეისწავლოს ინდივიდუალური საჩივრები დამატებითი ოქმის ხელშემკვრელ სახელმწიფოთა (დამატებითი ოქმის 1-ელი და მე-2 მუხლები) მიერ პაქტის დარღვევასთან დაკავშირებით. ეს აშკარად ცალკეული პირებით შემოფარგლავს კომუნიკეს წარდგენის უფლებას. შესაბამისად, არასამთავრობო ორგანიზაციების, ასოციაციების, პოლიტიკური პარტიების ან კორპორაციების მიერ მათი სახელით წარდგენილი საჩივრები ზოგადად დაუშვებლად არის აღიარებული არაუფლებამოსილების საფუძვლით (იხილეთ მაგალითად “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები იტალიაში” იტალიის წინააღმდეგ (Disabled and handicapped persons in Italy v. Italy) კომუნიკე # 163/1984).
66. საგამონაკლისო შემთხვევებში მესამე მხარე უფლებამოსილია კომუნიკე წარადგინოს დაზარალებულის სახელით. სავარაუდო დაზარალებულის სახელით მესამე მხარის მიერ წარდგენილი კომუნიკე განხილვას ექვემდებარება თუკი მესამე მხარე მოახდენს კომუნიკეს წარდგენის უფლებამოსილების დემონსტრირებას. სავარაუდო დაზარალებული უფლებამოსილია დანიშნოს წარმომადგენელი მისი სახელით კომუნიკეს წარსადგენად.
67. სავარაუდო დაზარალებულის სახელით წარდგენილი კომუნიკე ასევე დასაშვებად იქნეს მიჩნეული თუკი გამოვლინდება, რომ ამ პირს არ შეუძლია კომუნიკეს პირადად წარდგენა (იხილეთ HRC-ის რეგლამენტის 96-ე მუხლი):
მუხლი 96
“კომუნიკეს დასაშვებობის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად კომიტეტი ან ამ რეგლამენტის 95.1 მუხლის საფუძველზე შექმნილი სამუშაო ჯგუფი უნდა დარწმუნდეს:
...
(b) რომ ინდივიდუალური საჩივრები სათანადოდ ასაბუთებს, რომ პირი არის ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ პაქტში ასახული რომელიმე უფლების დარღვევის მსხვერპლი. როგორც წესი კომუნიკე პირმა უნდა წარადგინოს პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით; თუმცა სავარაუდო დაზარალებულის სახელით წარდგენილი კომუნიკე შესაძლოა მიღებულ იქნას თუკი გამოვლინდება, რომ ამ პირს არ შეუძლია კომუნიკეს პირადად წარდგენა; ...”
68. ამ ვითარების ტიპიური მაგალითია დაზარალებულის სავარაუდო გატაცება, გაუჩინარება ან მისი ადგილსამყოფელის დაუდგენლობა, ან დაზარალებულის პატიმრობა ან ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ყოფნა. მესამე მხარე (როგორც წესი დაკავშირებული პირი) უფლებამოსილია კომუნიკე წარადგინოს გარდაცვლილი პირის სახელით (იხილეთ მაგალითად ბატონი საიმიონი და ქალბატონი მალოხატ ბაზაროვი უზბეკეთის წინააღმდეგ (Mr Saimijon and Mrs Malokhat Bazarov v. Uzbekistan) (კომუნიკე # 959/2000); პანაიოტე ცელალი საბერძნეთის წინააღმდეგ (Panayote Celal v. Greece (კომუნიკე # 1235/2003); იულია ვასილევნა ტელიცინა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ (Yuliya Vasilyevna Telitsina v. Russian Federation) (კომუნიკე # 888/1999); ხოსე ანტონიო კორონელი და სხვები კოლუმბიის წინააღმდეგ (José Antonio Coronel et al. v. Colombia) (კომუნიკე # 778/1997); და ჯინ მიანგო მუიო ზაირის წინააღმდეგ (Jean Miango Muiyo v. Zaire) (კომუნიკე #194/1985).
3. გაეროს სპეციალური მომხსენებელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე
69. მონიტორინგის საკითხებზე 2006 წლის ანგარიშში სპეციალური მომხსენებელი აცხადებს:
“2. განვითარებასთან დაკავშირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები განსაკუთრებით მოწყვლადები არიან ადამიანის უფლებათა დარღვევების მიმართ. ასევე, შეზღდული შესაძლებლობების მქონე პირების გათვალისწინება იშვიათად ხდება, მათ არ აქვთ პოლიტიკური ხმა და ხშირად წარმოადგენენ უკვე მარგინალიზებული სოციალური ჯგუფის ქვე-ჯგუფს და შესაბამისად არ აქვთ ხელისუფლებაზე ზემოქმედების ბერკეტები. ისინი მნიშვნელოვან სირთულეებს აწყდებიან თავიანთი უფლებების დასაცავად ან სამართლებრივი დაცვის საშუალებების მოსაპოვებლად მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის მოპოვებისას; და მათი უფლებების დაცვაზე უფლებამოსილ ორგანოებზე მათი წვდომა ზოგადად შეზღუდულია. მაშინ როცა შეზღუდული შესაძლებლობის არ მქონე პირები საჭიროებენ დამოუკიდებელ ეროვნულ და საერთაშორისო ორგანოებს მათი ადამიანის უფლებათა დასაცავად, დამატებითი დასაბუთება არსებობს იმის უზრუნველსაყოფად, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და მათ უფლებებს მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება დამოუკიდებელი ეროვნული და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების გზით.”
4. ადამიანის უფლებათა ინტერ-ამერიკული კომისიის შესაბამისი პრეცედენტული სამართალი
70. ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციის 44-ე მუხლი ადამიანის უფლებათა ინტერ-ამერიკულ კომისიას ანიჭებს კომპეტენციას მიიღოს პეტიციები ნებისმიერი პირის ან პირთა ჯგუფისგან, ან ამერიკულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის (OAS) ერთ ან რამდენიმე წევრ ქვეყანაში სამართლებრივად აღიარებული არასამთავრობო ორგანიზაციისგან. ეს მუხლი ადგენს:
“ნებისმიერი პირი ან პირთა ჯგუფი, ან ორგანიზაციის ერთ ან რამდენიმე წევრ ქვეყანაში სამართლებრივად აღიარებული არასამთავარობო ორგანიზაცია უფლებამოსილია კომისიას წარუდგინოს პეტიციები, რომლებიც გმობს ან ასაჩივრებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მხრიდან კონვენციის დარღვევას.”
ადამიანის უფლებათა ინტერ-ამერიკული კომისიის რეგლამენტის 23-ე მუხლით გაცხადებულია, რომ ამგვარი პეტიციები შესაძლოა წარდგენილ იქნას მესამე პირთა სახელით. ეს მუხლი შემდეგი შინაარსისაა:
“ნებისმიერი პირი ან პირთა ჯგუფი, ან OAS-ის ერთ ან რამდენიმე წევრ სახელმწიფოში სამართლებრივად აღიარებული არასამთავრობო ორგანიზაცია უფლებამოსილია კომისიას წარუდგინოს პეტიციები, მათი სახელით ან მესამე მხარის სახელით, საქმის შესაბამისად, ადამიანის უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ ამერიკული დეკლარაციით, ‘სან ხოსეს, კოსტა რიკას’ ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციით აღიარებული ადამიანის უფლებების სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით, ამ დეკლარაციების შესატყვისი ნორმებისა და კომისიის წესდებისა და პროცედურული ნორმების შესაბამისად. პეტიციის ავტორი უფლებამოსილია დაასახელოს ადვოკატი ან სხვა პირი, კომისიის წინაშე მისი წარმომადგენლობის განსახორციელებლად, ან პეტიციაშივე ან ცალკე დოკუმენტით.”
71. ინტერ-ამერიკულმა კომისიამ შეისწავლა პირდაპირი დაზარალებულების, მათ შორის გაუჩინარებული ან გარდაცვლილი პირების სახელით არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარდგენილი საქმეები. მაგალითად საქმეზე გომეს ლუნდი და სხვები ბრაზილიის წინააღმდეგ (Gomes Lund et al. (“Guerrilha do Araguaia”) v. Brazil) (ანგარიში # 33/01), პეტიციის ავტორი იყო მართლმსაჯულებისა და საერთაშორისო სამართლის ცენტრი, რომელიც მოქმედებდა გაუჩინარებული პირებისა და მათი ნათესავების სახელით. რაც შეეხება მის კომპეტენციას ratione personae, კომისიამ აღიარა, რომ პეტიციის წარმდგენი პირი უფლებამოსილი იყო პეტიციები წარედგინა საქმეზე პირდაპირ დაზარალებულთა სახელით, ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციის 44-ე მუხლის საფუძველზე. საქმეზე ტეოდორო კაბრერა გარსია და როდოლფო მონტიელ ფლორესი მექსიკის წინააღმდეგ (Teodoro Cabrera Garcia and Rodolfo Montiel Flores v. Mexico) (ანგარიში # 11/04), კომისიამ დაადასტურა მისი იურისდიქცია ratione personae შეესწავლა სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ცალკეულ პირთა მიერ წარდგენილი საჩივრები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ სხვა პირები უკანონოდ დააკავეს და აწამეს და დააპატიმრეს უსამართლო სასამართლო განხილვის შედეგად. საქმეზე ესჩერი და სხვები ბრაზილიის წინააღმდეგ (Escher et al. v. Brazil) (ანგარიში # 18/06) კომისიამ კვლავ დაადასტურა საკუთარი იურისდიქცია ratione personae ორი ასოციაციის (პოპულარულ იურისტთა ეროვნული ქსელი (the National Popular Lawyers’ Network) და გლობალური მართლმსაჯულების ცენტრის (the Center for Global Justice) მიერ წარდგენილი პეტიციის შესწავლაზე, რომლებიც ამტკიცებდნენ უმიწაწყლო მუშათა მოძრაობასთან (Landless Workers’ Movement) ასოცირებული ორი კოოპერატივის წევრთა უფლებების დარღვევას სათანადო სამართალწარმოებაზე, პირადი პატივისა და ღირსების დაცვაზე და სასამართლოსთვის მიმართვის უფლების, უკანონო მოსმენისა და მათი სატელეფონო ხაზების მონიტორინგის შედეგად.
72. თავდაპირველად არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი საქმეები შესაძლოა შემდგომ კომისიამ წარუდგინოს ადამიანის უფლებათა ინტერ-ამერიკულ სასამართლოს, საქმის არსებით გარემოებებზე კომისიის მიერ ანგარიშის მომზადების შემდგომ (იხილეთ, მაგალითად, საქმე “Las Dos Erres”-ის ხოცვა” გვატემალის წინააღმდეგ (Case of the “Las Dos Erres” Massacre v. Guatemala), რომლებიც წარადგინეს გვატემალის ეპარქიის ადამიანის უფლებათა სამსახურმა და მართლმსაჯულებისა და საერთაშორისო სამართლის ცენტრმა; იხილეთ ასევე ესჩერი და სხვები ბრაზილიის წინააღმდეგ (Escher et al. v. Brazil).
5. ევროკავშირის ადამიანის უფლებათა სააგენტოს (European Union Agency for Fundamental Rights (“FRA”) ანგარიში: მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ევროპაში: გამოწვევებისა და შესაძლებლობების მიმოხილვა
73. FRA-ს მიერ 2011 წლის მარტში გამოცემულ ანგარიშში ხაზგასმულია, რომ მოწყვლადი პირების უფლებების ეფექტიანი დაცვის მოპოვების შესაძლებლობა ეროვნულ დონეზე ხშირად იბღალება, inter alia, სამართლებრივი ხარჯებითა და საქმეების წარდგენასთან მიმართებით ვიწრო სამართლებრივი უფლებაუნარიანობით (იხილეთ ანგარიში, 37-54 გვერდები).
B. PMH-ში არსებულ პირობებთან დაკავშირებით მომზადებული შესაბამისი ანგარიშები
1. წამებისა და არაადამიანური და დამამცირებელი პოპყრობის ან დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) ანგარიშები რუმინეთის შესახებ
74. CPT-იმ მოახდინა PMH-ში არსებული ვითარების დოკუმენტირება სამი ვიზიტის შედეგად: 1995, 1999 და 2004 წლებში.
75. 1995 წელს PMH-ში არსებული საცხოვრებელი პირობები იმდენად მიუღებლად იქნა მიჩნეული, რომ CPT-იმ გადაწყვიტა დაყრდნობოდა წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის შესახებ ევროპული კონვენციის 8.5 მუხლს, რომელიც მას უფლებამოსილს ხდის საგამონაკლისო შემთხვევებში გარკვეული მოსაზრებები წარუდგინოს შესაბამის ხელისუფლებას ვიზიტის მიმდინარეობისას. კერძოდ კი CPT აღნიშნავს, რომ 1995 წელს შვიდი თვის განმავლობაში გარდაიცვალა სამოცდაერთი პაციენტი, რომელთაგან ოცდაერთს აღენიშნებოდა “კვების მძიმე დეფიციტი” (იხილეთ 1995 წლის ანგარიშის 177-ე პარაგრაფი). CPT-იმ გადაწყვიტა რუმინეთის ხელისუფლებისთვის ეთხოვა, მიეღო დაუყოვნებელი ზომები PMH-ში “საბაზისო საცხოვრებელი პირობების” უზრუნველსაყოფად.
CPT-ის მიერ გამოვლენილი სხვა სფეროები ამ შემთხვევაში იყო პაციენტების დასჯის მიზნით იზოლირებულ ოთახებში გამოკეტვის პრაქტიკა და არანებაყოფლობითი განთავსებისგან დაცვის გარანტიების არ არსებობა.
76. 1999 წელს CPT დაბრუნდა PMH-ში. ამ ვიზიტისას აღმოჩენილი ყველაზე მძიმე დარღვევები უკავშირდებოდა პერსონალის რაოდენობას,როგორც სპეციალისტების, ისე დამხმარე პერსონალის, რაც შემცირდა 1995 წლიდან მოყოლებული და პროგრესის არ არსებობას არანებაყოფლობით განთავსებასთან დაკავშირებით.
77. 2004 წლის ივნისში CPT მესამედ ეწვია PMH-ს, ამჯერად პაციენტთა გარდაცვალების მაჩვენებლის ზრდასთან დაკავშირებით. ვიზიტისას, 500 პაციენტზე გათვლილ საავადმყოფოში განთავსებული იყო 472 პაციენტი, რომელთაგან 246 განთავსებული იყო რუმინეთის სისხლის სამართლის კოდექსის 114-ე მუხლის საფუძველზე (სისხლის სამართლის სასამართლოს ბრძანების საფუძველზე იძულებითი განთავსება).
CPT-იმ თავის ანგარიშში აღნიშნა, რომ 2003 წელს გარდაიცვალა ოთხმოცდაერთი პაციენტი, ხოლო 2004 წლის პირველ ხუთ თვეში - ოცდარვა. გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდა დაფიქსირდა მიუხედავად იმისა, რომ 2002 წელს აქტიური ტუბერკულოზით დაავადებულები ამ საავადმყოფოდან გადაიყვანეს. გარდაცვალების მთავარი მიზეზი იყო გულის გაჩერება, მიოკარდიული ინფარქტი და ბრონქოპნევმონია.
გარდაცვლილ პაციენტთა საშუალო ასაკი ორმოცდათექვსმეტი იყო, მათ შორის თექვსმეტი ორმოც წლამდე იყო. CPT-იმ განაცხადა, რომ “ამგვარი ნაადრევი სიკვდილი ვერ აიხსნებოდა ჰოსპიტალიზაციისას პაციენტთა სიმპტომებით” (იხილეთ 2004 წლის ანგარიშის მე-13 პარაგრაფი). CPT-იმ ასევე აღნიშნა, რომ ამ პაციენტთაგან რამდენიმეს “არ ქონდა სათანადო ზრუნვა” (მე-14 პარაგრაფი).
CPT-იმ შეშფოთებით აღნიშნა საავადმყოფოში არსებული “ადამიანური და მატერიალური რესურსის სიმწირე” (მე-16 პარაგრაფი). განსაკუთრებით გამოყო პაციენტებისთვის მიწოდებული საკვების ხარისხისა და რაოდენობის განსაკუთრებული ნაკლებობა და საავადმყოფოში გათბობის არ არსებობა.
PMH-ში აღმოჩენილი ნაკლოვანებების ფონზე CPT-იმ გააკეთა შემდეგი განცხადება საკუთარი ანგარიშის მე-20 პარაგრაფში:
“... ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ შესაძლებლობას, რომ რთული საცხოვრებელი პირბების ერთობლივმა ზეგავლენამ, კერძოდ კი საკვებისა და გათბობის ნაკლებობა, გამოიწვია ყველაზე სუსტ პაციენტთა ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება და უმრავლეს შემთხვევაში სამედიცინო აღჭურვილობის ნაკლებობის გამო ვერ მოხერხდა მათი გარდაცვალების თავიდან აცილება.
CPT-ის აზრით, პოიანა მარეს საავადმყოფოში (PMH) არსებული მდგომარეობა მეტად შემაშფოთებელია და აუცილებელია სერიოზული ღონისძიებების გატარება საცხოვრებელი პირობებისა და პაციენტებზე ზრუნვის გასაუმჯობესებლად. ათ წელზე ნაკლები დროის მანძილზე PMH-ში CPT-ის მესამე ვიზიტის შემდეგ აუცილებელია სახელმწიფო ორგანოებმა დაუყოვნებლივ გაიაზრონ ამ დაწესებულებაში არსებული საგანგაშო მდგომარეობა.”
და ბოლოს, სამოქალაქო სამართალწარმოების გზით არანებაყოფლობით განთავსებასთან დაკავშირებით CPT-იმ აღნიშნა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ 2002 წლის კანონი არ არის სრულად ამოქმედებული, რადგანაც მან აღმოაჩინა პაციენტები, რომლებიც არანებაყოფლობით განთავსებული არიან აღნიშული კანონით გათვალისწინებული გარანტიების დარღვევით (32-ე პარაგრაფი).
2. გაეროს სპეციალური მომხსენებელი ჯანმრთელობის დაცვის უფლებაზე
78. 2004 წლის 2 მარტს ჯანმრთელობის დაცვის უფლებაზე სპეციალურმა მომხსენებელმა გაეროს სპეციალურ მომხსენებელთან ერთად კვების უფლებაზე და გაეროს სპეციალურ მომხსენებელთან წამების აკრძალვაზე, წერილობით მიმართა რუმინეთის ხელისუფლებას და გამოხატა შეშფოთება PMH-ში საცხოვრებელ პირობებთან დაკავშირებით მიღებულ საგანგაშო ანგარიშებთან დაკავშირებით და მოითხოვა განმარტება აღნიშნულ საკითხზე. ხელისუფლებამ შემდეგი შინაარსის პასუხი გასცა (იხილეთ ჯანმრთელობის დაცვის უფლებაზე სპეციალური მომხსენებლის შეჯამება გაეროს დოკუმენტში E/CN.4/2005/51/Add.1):
“54. 2004 წლის 8 მარტის წერილით მთავრობამ უპასუხა სპეციალური მომხსენებლის კომუნიკეს პოიანა მარეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. მთავრობამ დაადასტურა, რომ რუმინეთის სახელმწიფო ორგანოებმა სრულად გაიგეს და გაიზიარეს საავადმყოფოსთან დაკავშირებული პრობლემები. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის უზრუნველყოფა ხელისუფლების პრიორიტეტად რჩება და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო დაიწყებს მოკვლევას ყველა მსგავს სამედიცინო დაწესებულებაში, რათა დარწმუნდეს, რომ პოიანა მარე ერთეული შემთხვევაა. რაც შეეხება პოიანა მარეს, დაუყოვნებელი ღონისძიებები გატარდა პაციენტების საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად და ეს ღონისძიებები გაგრძელდება მანამ სანამ არ მოხდება საავადმყოფოს სრული რეაბილიტაცია. 2004 წლის 25 თებერვალს ჯანდაცვის მინისტრმა მოკვლევა ჩაატარა პოიანა მარეში. გამოიკვეთა ხარვეზები გათბობასთან და წყლის მიწოდებასთან, საკვების მომზადებასთან, ნაგვის გატანასთან, საცხოვრებელ და სანიტარულ პირობებთან და სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებით. სამედიცინო დახმარების მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემების უმრავლესობა გამოწვეული იყო რესურსების უკმარისობითა და ცუდი მენეჯმენტით. მთავრობამ დაადასტურა, რომ აუცილებელი იყო შემდეგი ზომების გატარება: იმ პაციენტთა გარდაცვალების მიზეზების ექსპერტული დადგენა, რომელთა სიკვდილიც არ იყო დაკავშირებული მანამდე არსებულ ავადმყოფობასთან ან ასაკთან; საავადმყოფოს 2004 წლის გეგმის შესრულება; დამხმარე სპეციალიზაციის მქონე მედიცინის სპეციალისტების დაქირავება; თერაპევტთა სამუშაო განრიგის რეორგანიზება მათი ღამის მორიგეობის უზრუნველსაყოფად; სპეციალიზებული სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა რეგულარულად და დამატებითი დაფინანსების გამოყოფა საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად. მთავრობამ ასევე დაადასტურა, რომ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი, ისევე როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო მდივანი გათავისუფლებულ იქნენ პოიანა მარეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში აღმოჩენილი პრობლემების გამო და საავადმყოფოს დირექტორი შეცვალა მოვალეობის შემსრულებელმა ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსის დასრულებამდე. მთავრობა ადასტურებს, რომ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო ჩაატარებს საავადმყოფოს მონიტორინგს 2004 წლის განმავლობაში და ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლები პირდაპირ ჩაერთვებიან საავადმყოფოში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებაში. და ბოლოს, მთავრობა ადასტურებს, რომ ჯანმრთელობის სამინისტრო მალე წამოიწყებს ყველა სხვა მსგავს განყოფილებებში დამოუკიდებელ გამოძიებას და მიიღებს ყველა აუცილებელ ზომას მომავალში ამგვარი მძიმე ვითარების შექმნის თავიდან ასაცილებლად.”
2004 წლის აგვისტოში რუმინეთში განხორციელებული ოფიციალური ვიზიტისას ჯანმრთელობის დაცვის უფლებაზე სპეციალურმა მომხსენებელმა დაათვალიერა რამდენიმე ფსიქიატრიული განყოფილება, მათ შორის PMH. სპეციალური მომხსენებლის 2005 წლის 21 თებერვლის ანგარიშის შესაბამისი ნაწილი შემდეგი შინაარსისაა:
“61. თუმცა, ვიზიტისას სპეციალურ მომხსენებელს, მიუხედავად მთავრობის ძალისხმევისა სამართლებრივ და პოლიტიკის დონეზე, ჩამოუყალიბდა მოსაზრება, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობაზე ზრუნვის უფლებით სარგებლობა რუმინეთში ფსიქიკური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის უფრო მეტად სურვილს წარმოადგენს, ვიდრე რეალობას.
პოიანა მარეს ფსიქიატრიული საავადმყოფო
...
63. ვიზიტისას სპეციალურ მომხსენებელს შესაძლებლობა ქონდა წვეოდა PMH-ს და განეხილა 2004 წლის თებერვლიდან გატარებული ცვლილებები და საავადმყოფოს ახალი დირექტორის დანიშვნა. დირექტორმა სპეციალურ მომხსენებელს აცნობა, რომ მათ მთავრობისგან მიიღეს დაფინანსება (5.7 მილიარდი ლეი) ცვლილებების გასატარებლად. გაიზარდა საკვების რაციონი, შეკეთდა გათბობის სისტემა და საავადმყოფოს პალატები და დამხმარე ნაგებობები გარემონტდა. სპეციალური მომხსენებელი მიესალმება რა ამ გაუმჯობესებებს და აღნიშნულისთვის აქებს პასუხისმგებელ პირებს, ის მოუწოდებს მთავრობას უზრუნველყოს, რომ ამ ცვლილებების მდგრადად განსახორციელებლად გამოყოფილი იყოს ადეკვატური რესურსები. მთავრობამ ასევე უნდა უზრუნველყოს სხვა აუცილებელი ღონისძიებები, მათ შორის: სათანადო მედიკამენტების ხელმისაწვდომობა, პაციენტებისთვის ადეკვატური რეაბილიტაციის უზრუნველყოფა, უზრუნველყოფა, რომ პაციენტებს აქვთ ხელმისაწვდომობა საჩივრების ეფექტიან მექანიზმებზე და საავადმყოფოს პერსონალისთვის ადამიანის უფლებებში სწავლების უზრუნველყოფა. სპეციალურმა მომხსენებელმა იცის, რომ გარდაცვალების ფაქტებზე გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. ის განაგრძობს PMH-ში მიმდინარე ცვლილებების მონიტორინგს. სპეციალური მომხსენებელი სარგებლობს ამ შესაძლებლობით და აღნიშნავს პოიანა მარესთან დაკავშირებით მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მნიშვნელოვან როლს.”
კანონმდებლობა
I. კონვენციის მე-2, მე-3 და მე-13 მუხლების სავარაუდო დარღვევა
79. CLR, მოქმედებდა რა ბატონი კამპეანუს სახელით, ჩიოდა, რომ მას უკანონოდ მოუსპეს სიცოცხლე მთელი რიგი სახელმწიფო ორგანოების მოქმედებებისა და უმოქმედების ერთობლიობის შედეგად, მისთვის ზრუნვისა და მკურნალობის სამართლებრივი ვალდებულების დარღვევის გზით. ამასთან, სახელმწიფო ორგანოებმა ვერ უზრუნველყვეს სტაციონარულ დაწესებულებებში ხანგრძლივად განთავსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების დაცვის ეფექტიანი მექანიზმების გარანტია, მათ შორის საეჭვო გარდაცვალების ფაქტებზე გამოძიების წარმოება.
უფრო მეტიც, CLR ჩიოდა, რომ CMSC-ში და PMH-ში ბატონ კამპეანუზე ზრუნვისა და მკურნალობის ხარვეზები, PMH-ში არსებული საცხოვრებელი პირობები და მისი სიცოცხლის ბოლო თვეებში მასზე ზრუნვისა და მკურნალობის პროცესში ჩართული სახელმწიფო ორგანოებისა და ცალკეული პირების ზოგადი დამოკიდებულება ცალკე თუ ერთობლიობაში უტოლდებოდა არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას. ამასთან, არასათანადო მოპყრობის ამ ბრალდებების ოფიციალური გამოძიება არ შეესაბამებოდა სახელმწიფოს პროცესუალურ ვალდებულებებს მე-3 მუხლის საფუძველზე.
მე-13 მუხლის საფუძველზე, მე-2 და მე-3 მუხლებთან ერთობლიობაში, CLR-მა განაცხადა, რომ რუმინეთის ეროვნულ სამართლებრივ სისტემაში არ არსებობდა სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება ფსიქიატრიულ დაწესებულებებში საეჭვო გარდაცვალების და/ან არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით.
კონვენციის მე-2, მე-3 და მე-13 მუხლების შესაბამისი ნაწილები შემდეგი შინაარსისაა:
მუხლი 2
“1. ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული. ...”
მუხლი 3
“არავინ შეიძლება დაექვემდებარეოს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას.”
მუხლი 13
“ყველას, ვისაც დაერღვა ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები, უნდა ჰქონდეს სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება ეროვნული ხელისუფლებისაგან, თუნდაც ეს დარღვევა ჩაიდინოს პირმა, რომელიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებდა.”
A. დასაშვებობა
80. მოპასუხე სახელმწიფო ამტკიცებდა, რომ CLR-ის არ ქონდა locus standi წარედგინა წინამდებარე განაცხადი ვალენტინ კამპეანუს სახელით; შესაბამისად საქმე იყო დაუშვებელი ratione personae როგორც კონვენციის 34-ე მუხლთან შეუსაბამო, რომლის შინაარსი შემდეგია:
“სასამართლოს შეუძლია მიიღოს განაცხადები ნებისმიერი ფიზიკური პირისაგან, არასამთავრობო ორგანიაციისაგან ან ცალკეულ პირთა ჯგუფისაგან, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ისინი არიან ერთ–ერთი მაღალი ხელშემკვრელი მხარის მიერ კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლებების დარღვების მსხვერპლნი. მაღალი ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, არაფრით შეუშალონ ხელი ამ უფლების ეფექტიან განხორცილებას.”
1. სასამართლოსთვის წარდგენილი წერილობითი მოსაზრებები
(a) მოპასუხე სახელმწიფო
81. მოპასუხე სახელმწიფო ამტკიცებდა, რომ სასამართლოსთვის წარდგენილ განაცხადთათნ დაკავშირებით 34-ე მუხლის მოთხოვნები არ იყო დაკმაყოფილებული წინამდებარე საქმეზე; ერთის მხრივ, CLR-ის არ ქონდა დაზარალებულის სტატუსი და მეორეს მხრივ ასოციაციას არ მოუხდენია იმის დემონსტრირება, რომ ის პირდაპირი დაზარალებულის უფლებამოსილი წარმომადგენელი იყო.
იცნობს რა სასამართლოს პრეცედენტული სამართლით კონვენციის დინამიურ და განვითარებად განმარტებას, მოპასუხე სახელმწიფომ მაინც ხაზი გაუსვა, რომ მაშინ როცა სასამართლო ინტერპრეტაცია დასაშვები იყო, სასამართლოს მხრიდან რაიმე სახის კანონშემოქმედება, კონვენციის ტექსტზე დამატებით, არ იყო მისაღები; შესაბამისად, 34-ე მუხლი უნდა განვიხილოთ, როგორც იმის დამდგენი, რომ ინდივიდუალური პეტიციის სუბიექტები შეიძლება იყვნენ მხოლოდ ის პირები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ არიან დაზარალებულები ან წარმოადგენენ სავარაუდო დაზარალებულებს.
82. მოპასუხე სახელმწიფომ სადავო გახადა, რომ CLR შეიძლება განხილულიყო როგორც პირდაპირი დაზარალებული, ან არაპირდაპირი თუ პოტენციური დაზარალებული.
პირველ ყოვლისა წინამდებარე საქმეზე CLR-ს არ განუცხადებია, რომ მისი უფლებები დაირღვა და შესაბამისად ის ვერ განიხილება პირდაპირ დაზარალებულად (მოპასუხე სახელმწიფოს ციტირება საქმიდან ჩონკა და სხვები და ადამიანის უფლებათა ლიგა ბელგიის წინააღმდეგ (Čonka and Others and the Human Rights League v. Belgium) (გადაწყვეტილება) # 51564/99, 13 მარტი, 2001)
მეორე, სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად არაპირდაპირმა ან პოტენციურმა დაზარალებულმა საკმარისი მტკიცებულებით უნდა აჩვენოს ან დარღვევის რისკი, ან მესამე მხარის უფლებების დარღვევის ზეგავლენა მასზე, როგორც მანამდე არსებული მჭიდრო კავშირის შედეგი, ბუნებრივი (მაგალითად, ოჯახის წევრების შემთხვევაში) ან სამართლებრივი (მაგალითად, როგორც პატიმრობის შედეგი) კავშირის. შესაბამისად მოპასუხე სახელმწიფომ განაცხადა, რომ მხოლოდ ის ფაქტი, რომ ბატონი კამპეანუს მძიმე პირობები ცნობილი გახდა CLR-ისთვის, რომელმაც გადაწყვიტა მისი საქმის წარდგენა ეროვნული სასამართლოებისთვის, არ იყო საკმარისი იმისთვის რომ CLR არაპირდაპირ დაზარალებულად მიჩნეულიყო; პირდაპირ დაზარალებულსა და CLR-ს შორის რაიმე მჭიდრო კავშირის არ არსებობის ან CLR-ისთვის ბატონი კამპეანუს წარმომადგენლობის ან მასზე ზრუნვის მინდობის გადაწყვეტილების არ არსებობის შემთხვევაში CLR ვერ დაამტკიცებს, რომ დაზარალებული, პირდაპირია ან არაპირდაპირი და ეს ასეა მიუხედავად ბატონი კამპეანუს უდავო მოწყვლადობისა ან იმ ფაქტისა, რომ ის იყო ობოლი და არ ყავდა კანონისმიერი მეურვე (მოპასუხე სახელმწიფომ შედარებისთვის მიუთითა საქმეზე ბეკერი დანიის წინააღმდეგ (Becker v. Denmark), # 7011/75, კომისიის 1975 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება).
83. უფრო მეტიც, ნებისმიერი ფორმის უფლებამოსილების მინიჭების მტკიცებულების არ არსებობისას CLR ვერ დაამტკიცებს, რომ პირდაპირი დაზარალებულის წარმომადგენელია (მოპასუხე სახელმწიფომ მიუთითა საქმეზე სკიოლდაგერი შვედეთის წინააღმდეგ (Skjoldager v. Sweden) # 22504/93, კომისიის 1995 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება).
მოპასუხე სახელმწიფო ამტკიცებდა, რომ CLR-ის მონაწილეობა ბატონი კამპეანუს გარდაცვალებასთან დაკავშირებით ეროვნულ დონეზე სამართალწარმოებაში არ ითვალისწინებდა ეროვნული სახელმწიფო ორგანოების მხრიდან პირდაპირი დაზარალებულის სახელით მოქმედების უფლებამოსილების - locus standi - აღიარებას. CLR-ის უფლებამოსილება ეროვნული სასამართლოების წინაშე უტოლდებოდა პირისას, რომლის ინტერესებიც შეილახა პროკურორის გადაწყვეტილებით და არა დაზარალებული მხარის წარმომადგენლისას. აღნიშნულთან მიმართებით ეროვნული კანონმდებლობა, როგორც ამას რუმინეთის უმაღლესი საკასაციო და მართლმსაჯულების სასამართლო განმარტავს 2006 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით (იხილეთ 44-ე პარაგრაფი მაღლა), უტოლდებოდა actio popularis-ის აღიარებას ეროვნული სამართალწარმოებისას.
84. მოპასუხე სახელმწიფო ამტკიცებდა, რომ წინამდებარე საქმე [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს წინაშე დაუშვებლად უნდა იქნას ცნობილი როგორც actio popularis, ამტკიცებდა რა, რომ ამგვარ საქმეებს სასამართლო დასაშვებად მიიჩნევდა მხოლოდ კონვენციის 33-ე მუხლის კონტექსტში, სახელმწიფოთა უფლებამოსილების კონტექსტში ზედამხედველობა განახორციელონ ერთმანეთზე. აღნიშნა რა, რომ სხვა საერთაშორისო ორგანოები პირდაპირ არ გამორიცხავს actio popularis (ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციის 44-ე მუხლის ციტირება), მოპასუხე სახელმწიფომ კვლავ განმარტა, რომ ყოველ მექანიზმს თავისი მოქმედების ფარგლები, ხარვეზები და პრივილეგიები აქვს, მოდელი რაც მხოლოდ ხელშემკვრელ მხარეებს შორის მოლაპარაკებების შედეგია.
85. მოპასუხე სახელმწიფომ ასევე განმარტა, რომ რუმინეთის სახელმწიფო ორგანოებმა უპასუხეს CPT-ის კონკრეტულ რეკომენდაციებს, რის შედეგადაც გაეროს 2013 წლის უნივერსალურმა პერიოდულმა მიმოხილვამ აღნიშნა პოზიტიური ცვლილებები რუმინეთში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მდგომარეობასთან დაკავშირებით. ასევე განვითარდა ეროვნული კანონმდებლობა მეურვეობის შესახებ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის შესახებ.
უფრო მეტიც, ვინაიდან სასამართლოს რამდენიმე გადაწყვეტილება უკვე შეეხო დიდი ზომის დაწესებულებებში განთავსებული მოწყვლადი პაციენტების უფლებებს (მოპასუხე სახელმწიფომ მიუთითა საქმეზე C.B. რუმინეთის წინააღმდეგ (C.B. v. Romania) # 21207/03, 2010 წლის 20 აპრილი და სტანოვი ბულგარეთის წინააღმდეგ (Stanev v. Bulgaria) [დიდი პალატა], # 36760/06, ECHR 2012), მოპასუხე სახელმწიფო ამტკიცებდა, რომ არ არსებობდა კონვენციით გათვალისწინებული ადამიანის უფლებების პატივისცემასთან დაკავშირებული კონკრეტული მიზეზი, რაც მოითხოვდა წარდგენილი განაცხადის შესწავლას.
(b) CLR
86. CLR-მა განაცხადა, რომ ამ განაცხადთან დაკავშირებული განსაკუთრებული გარემოებები საჭიროებდა საქმის არსებით შესწავლას; სასამართლოს შეუძლია ამგვარი შეფასება განახორციელოს ან იმის გაზიარებით, რომ CLR არაპირდაპირი დაზარალებულია, ან იმის გათვალისწინებით, რომ CLR მოქმედებდა როგორც ბატონი კამპეანუს წარმომადგენელი.
87. სასამართლოს მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის მოქნილად განმარტების პრინციპის გათვალისწინებით, როდესაც ეს ემსახურება ადამიანის უფლებათა ინტერესებს და მის წინაშე საქმისწარმოებაზე პრაქტიკული და ეფექტიანი წვდომის უზრუნველყოფის საჭიროებით, CLR-მა განაცხადა, რომ სასამართლომ უნდა გაიზიაროს მისი locus standi იმოქმედოს ბატონი კამპეანუს სახელით. ამგვარ გადაწყვეტილებაში გასათვალისწინებელია საქმის განსაკუთრებული გარემოებები, ის ფაქტი, რომ ბატონი კამპეანუსთვის შეუძლებელი იყო ჰქონოდა ხელმისაწვდომობა მართლმსაჯულებაზე, არაპირდაპირ თუ წარმომადგენლის მეშვეობით, ფაქტი, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა აღიარეს CLR-ის უფლებამოსილება, ემოქმედა მისი სახელით და ბოლო, მაგრამ არა უკანასკნელი გარემოება, CLR-ის გააჩნია მდიდარი საექსპერტო გამოცდილება იმოქმედოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სახელით.
CLR-მა ასევე აღნიშნა, რომ სასამართლომ მოახდინა თავისივე წესების ადაპტირება რათა მის წინაშე საქმისწარმოება ხელმისაწვდომი გაეხადა დაზარალებულთათვის, რომელთათვისაც განუზომლად რთული ან სულაც შეუძლებელი აღმოჩნდა დასაშვებობის კონკრეტული კრიტერიუმის დაკმაყოფილება, მათ კონტროლს გარეთ დარჩენილი ფაქტორების გამო, რომლებიც დაკავშირებულია გასაჩივრებულ დარღვევებთან: საიდუმლო თვალთვალის ღონისძიებების მსხვერპლთათვის არსებული სირთულეები მტკიცებულებებთან დაკავშირებით, ან მოწყვლადობა იმგვარ გარემოებებზე დაყრდნობით, როგორიცაა ასაკი, სქესი ან შეზღუდული შესაძლებლობა (ციტირება მაგალითად შემდეგი საქმეებიდან S.P., D.P. და A.T. გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (S.P., D.P. and A.T. v. the United Kingdom), # 23715/94, კომისიის 1996 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება; სტორკი გერმანიის წინააღმდეგ (Storck v. Germany), # 61603/00, ECHR 2005‑V; და ოჯალანი თურქეთის წინააღმდეგ (Öcalan v. Turkey) [დიდი პალატა], # 46221/99, ECHR 2005‑IV).
სასამართლომ ასევე განავრცო “დაზარალებულის სტატუსის” წესი “ადამიანის უფლებათა ინტერესების” საფუძველზე, დაადგინა რა, რომ მისი გადაწყვეტილებები ემსახურება არა მხოლოდ მისთვის წარდგენილი საქმის გადაწყვეტას, არამედ უფრო ზოგადად “კონვენციით განსაზღვრული წესების განმარტებას, დაცვასა და განვითარებას, რითიც წვლილი შეაქვს სახელმწიფოთა მიერ ხელშემკვრელ მხარეთა სტატუსით აღებული ვალდებულებების შესრულებაში” (CLR-მა მიუთითა საქმეზე კარნეტი ავსტრიის წინააღმდეგ (Karner v. Austria), # 40016/98, § 26, ECHR 2003‑IX).
CLR-მა ასევე განმარტა, რომ სახელმწიფოს კონკრეტული ვალდებულებები აქვს მე-2 მუხლიდან გამომდინარე, მაგალითად, დაკავშირებული პირის არ არსებობის ან მათი მხრიდან განმცხადებლის სახელით სამართალწარმოების წარმართვის სურვილის არ არსებობის შემთხვევაში; უფრო მეტიც, სახელმწიფოთა მიერ მე-2 მუხლის საფუძველზე თავიანთი ვალდებულებების შესრულებაზე ზედამხედველობა, რომელთა შესრულებაც თავის მხრივ დამოკიდებულია დაკავშირებული პირის არსებობაზე, მოიცავს კონვენციის მე-19 მუხლის მოთხოვნების უგულებელყოფის რისკს.
88. CLR-მა მიუთითა ადამიანის უფლებათა ინტერ-ამერიკული კომისიისა და ადამიანისა და ხალხთა უფლებების აფრიკული კომისიის საერთაშორისო პრაქტიკაზე, რომლებიც საგამონაკლისო შემთხვევებში იღებდნენ სავარაუდო დაზარალებულთა სახელით წარდგენილ საქმეებს, თუკი დაზარალებულებს არ შეეძლოთ კომუნიკეს პირადად წარდგენა. ამგვარ ვითარებაში არასამთავრობო ორგანიზაციები ადამიანის უფლებათა ყველაზე აქტიური დამცველები არიან; უფრო მეტიც, მათი უფლებამოსილება საქმეები წარუდგინონ სასამართლოს ამგვარ დაზარალებულთა სახელით ან მხარდასაჭერად ზოგადად აღიარებულია ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში (ევროპული კავშირის ძირითად უფლებათა სააგენტოს 2011 წლის ანგარიშის თანახმად, სახელწოდებით მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ევროპაში: გამოწვევებისა და შესაძლებლობების მიმოხილვა).
89. წინამდებარე საქმის დეტალებთან მიმართებით CLR-მა ხაზი გაუსვა იმას, რომ locus standi-ის შეფასებისას გადამწყვეტი ფაქტორია ის, რომ ორგანიზაციის მონიტორებმა PMH-ში ვიზიტისას მოკლევადიანი ვიზუალური კონტაქტი დაამყარეს ბატონ კამპეანუსთან და გახდნენ მისი მძიმე მდგომარეობის მოწმენი; შედეგად CLR-მა დაუყოვნებელი ზომები მიიღო და მიმართა მთელ რიგ უწყებებს და მოსთხოვა მათ მისი კრიტიკული მდგომარეობის გამოსწორება. ამ კონტექსტში გადამწყვეტი როლი ითამაშა ასოციაციის ხანგრძლივმა ექსპერტულმა გამოცდილებამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით.
აღნიშნა რა, რომ ეროვნულ დონეზე მისი locus standi აღიარებულია, CLR-მა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სასამართლო ხშირად ითვალისწინებს ეროვნულ საპროცესო კანონმდებლობას წარმომადგენლობის შესახებ, რათა გადაწყვიტოს ვის აქვს locus standi განაცხადები წარადგინოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სახელით (მან გააკეთა ციტირება საქმიდან გლასი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Glass v. the United Kingdom) # 61827/00, ECHR 2004‑II). უფრო მეტიც, სასამართლომ საქმეზე დარღვევები დაადგინა, როდესაც ეროვნულ დონეზე სახელმწიფო ორგანოებმა პროცედურული წესები აამოქმედეს შეზღუდულად და ამით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის შეზღუდეს მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა (მაგალითად, X და Y ნიდერალნდების წინააღმდეგ (X and Y v. the Netherlands), 26 მარტი,1985 წ., სერია A # 91).
ამ კონტექსტში CLR ამტკიცებდა, რომ ეროვნული სახელმწიფო ორგანოების წინაშე მისი ინიციატივები განასხვავებდა მას განმცხადებელი არასამთავრობო ორგანიზაციისგან საქმეზე ნენჩევა და სხვები ბულგარეთის წინააღმდეგ (Nencheva and Others v. Bulgaria) (#48609/06, 18 ივნისი, 2013), რომელიც ეხებოდა სოციალური ზრუნვის სახლში თხუთმეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისა და ახალგაზრდის გარდაცვალებას. ამ საქმეზე ზოგადად დაადგინა რა, რომ შესაძლოა საჭირო ყოფილიყო საგამონაკლისო ღონისძიებები იმის უზრუნველსაყოფად, რომ პირებს, ვისაც არ შეუძლია საკუთარი თავის დაცვა, აქვთ წვდომა წარმომადგენლობაზე, სასამართლომ აღნიშნა, რომ “ევროპული ინტეგრაციისა და ადამიანის უფლებათა ასოციაციას” მანამდე საქმე არ უწარმოებია ეროვნულ დონეზე. შესაბამისად, სასამართლომ არ მიიღო განაცხადი როგორც ratione personae-სთან მიმართებით კონვენციის ნორმებთან შეუსაბამო განსახილველ არასამთავრობო ორგანიზაციასთან მიმართებით (ibid., § 93).
90. მიუთითა რა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის კომენტარებზე, რომელშიც ხაზი გაესვა სირთულეებს, რასაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები აწყდებიან მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობით სარგებლობისას და ასევე წამების საკითხებზე გაეროს სპეციალური წარმომადგენლის მიერ გამოთქმულ წუხილებზე იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო დაწესებულებებში განთავსებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ხშირად “უხილავი რჩება”, CLR-მა განაცხადა, რომ “ადამიანის უფლებათა ინტერესები” მოითხოვს წინამდებარე საქმის არსებით განხილვას.
CLR-მა ასევე მიუთითა რამდენიმე კრიტერიუმზე, რომელიც მნიშვნელოვანია წინამდებარე საქმის მსგავს საქმეებზე locus standi-ის დასადგენად: დაზარალებულის მოწყვლადობა, რაც უკავშირდება საჩივრის წარდგენის აბსოლუტურ უუნარობას; პრაქტიკული ან ბუნებრივი დაბრკოლებები, რაც ხელს უშლის დაზარალებულს ამოწუროს ეროვნულ დონეზე სამართლებრივი დაცვის საშუალებები, როგორიცაა თავისუფლების აღკვეთა ან ადვოკატთან ან დაახლოებულ პირთან კონტაქტის დამყარების შეუძლებლობა; დარღვევის ხასიათი, განსაკუთრებით მე-2 მუხლთან მიმართებით, როდესაც პირდაპირ დაზარალებულს ipso facto არ შეეძლო მესამე მხარისთვის წერილობითი რწმუნების გადაცემა; ადეკვატური ალტერნატიული ინსტიტუციური მექანიზმების არ არსებობა, დაზარალებულთა ეფექტიანი წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად; პირდაპირ დაზარალებულსა და მესამე მხარეს შორის კავშირის ბუნება, რომელსაც პრეტენზია აქვს locus standi-ზე; და ბრალდებები წარმოშობს თუ არა ზოგადი მნიშვნელობის მძიმე საკითხებს.
91. ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმის გათვალისწინებით და რადგანაც ის მოქმედებს პირდაპირ დაზარალებულის, ბატონი კამპეანუს სახელით, როგორც გარდაცვალებამდე, PMH-იდან მისი გადაყვანის მოთხოვნის ინიცირებით და გარდაცვალების შემდეგ დაუყოვნებლივ და მომდევნო ოთხი წლის მანძილზე, ეროვნულ სასამართლოებში მისი გარდაცვალებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით, CLR აცხადებს, რომ ის უფლებამოსილია წარუდგინოს მისი საქმე [ადამიანის უფლებათა ევროპულ] სასამართლოს.
CLR-მა დაასკვნა, რომ ბატონი კამპეანუს სახელით მოქმედების უფლებამოსილების არ აღიარება გაუტოლდებოდა მოპასუხე სახელმწიფოსთვის ნებისმდართვას, ისარგებლოს მისი საბედისწერო მდგომარეობით და გაექცეს [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს ზედამხედველობას, რითაც ზღუდავს სასამართლოზე ხელმისაწვდომობას საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი წევრისთვის.
(c) მესამე მხარეთა შესაბამისი წერილობითი მოსაზრებები
(i) ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი
92. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, რომლის ჩართულობაც სასამართლოს წინაშე შემოიფარგლებოდა წინამდებარე განაცხადის დასაშვებობით, განაცხადა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხელმისაწვდომობა მართლმსაჯულებაზე მეტად პრობლემატური იყო, განსაკუთრებით ქმედუუნაროდ გამოცხადების არაადეკვატური პროცედურის და პროცესში მონაწილეობის სამართლებრივი უფლებამოსილების შემზღუდველი წესების გათვალისწინებით. შესაბამისად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესახებ ინფორმაცია ხშირად არ მიეწოდება სახელმწიფო ორგანოებს და იგნორირებულია და ამ დარღვევებთან მიმართებით დაუსჯელობის ატმოსფერო სუფევს. ამგვარი დარღვევების პრევენციასა და აღმოფხვრაში არასამთავრობო ორგანიზაციები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, ისინი ასევე ხელს უწყობენ მოწყვლად ადამიანებს მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობაში. ამ რეალობის გათვალისწინებით არასამთავრობო ორგანიზაციისთვის შესაძლებლობის შექმნა, სასამართლოს წარუდგინოს განაცხადები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სახელით კონვენციის მნიშვნელოვან ეფექტიანობის პრინციპთან სრულ შესაბამისობაში იქნება; ასევე მრავალ ევროპულ ქვეყანაში ეროვნულ დონეზე არსებულ ტენდენციებთან და სხვა საერთაშორისო სასამართლოების პრეცედენტულ სამართალთან, როგორიცაა ადამიანის უფლებათა ინტერ-ამერიკული სასამართლო, რომელმაც locus standi მიანიჭა არასამთავრობო ორგანიზაციას, ემოქმედა სავარაუდო დაზარალებულების სახელით, მაშინაც კი, როდესაც დაზარალებულებს ეს ორგანიზაციები არ დაუნიშნიათ წარმომადგენლად (მაგალითად, საქმეზე იატამა ნიკარაგუის წინააღმდეგ (Yatama v. Nicaragua), 2005 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება).
კომისრის აზრით, locus standi-ის მოთხოვნებთან მიმართებით მკაცრი მიდგომა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებით (ამ შემთხვევაში გონებრივი შეზღუდულობის) ამ ჯგუფებისთვის მათი უფლებების დარღვევისთვის დაკმაყოფილების მოთხოვნისა და მიღების შესაძლებლობის ჩამორთმევის არასასურველი შედეგი ექნება, რაც თავის მხრივ კონვენციის ძირითადი მიზნების საწინააღმდეგო მიდგომაა.
93. კომისარმა ასევე განაცხადა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საგამონაკლისო შემთხვევებში არასამთავრობო ორგანიზაციას უნდა შეეძლოს სასამართლოს წარუდგინოს განაცხადი იდენტიფიცირებული დაზარალებულების სახელით, რომლებმაც პირდაპირ განიცადეს სავარაუდო დარღვევა. ამგვარი საგამონაკლისო გარემოებები შესაძლოა ეხებოდეს მეტად მოწყვლად დაზარალებულებს, პირებს, რომლებიც დაკავებული არიან ფსიქიატრიულ და სოციალური ზრუნვის დაწესებულებებში, ოჯახისა და წარმომადგენლობის ალტერნატიული საშუალებების გარეშე, რომელთა განაცხადებიც, წარდგენილი მათი სახელით პირის ან ორგანიზაციის მიერ, რომელსაც საკმარისი კავშირი ქონდა მასთან, წარმოშობს საზოგადო ინტერესებთან დაკავშირებულ საკითხებს.
ამგვარი მიდგომა შესაბამისობაში იქნება პროცესში მონაწილეობის სამართლებრივი უფლებამოსილების გაფართოების ევროპულ ტენდენციასთან და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ადამიანის უფლებათა სფეროში არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეტანილი ფასდაუდებელი წვლილის აღიარებასთან; იმავდროულად ეს შესაბამისობაში იქნება სასამართლოს შესაბამის პრეცედენტულ სამართალთან, რომელიც მნიშვნელოვნად განვითარდა უკანასკნელ წლებში და არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების ჩარევის შედეგად.
(ii) ბულგარეთის ჰელსინკის კომიტეტი (The Bulgarian Helsinki Committee)
94. ბულგარეთი ჰელსინკის კომიტეტი, როგორც ადამიანის უფლებათა სფეროში მეტად გამოცდილი არასამთავრობო ორგანიზაცია ამტკიცებდა, რომ ინსტიტუციებში განთავსებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები მოკლებული იყვნენ სისხლის სამართლებრივ დაცვას, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც არასამთავრობო ორგანიზაცია მოქმედებს მათი სახელით, იყენებს რა სამართლებრივი დაცვის საშალებებს საზოგადოებრივ ადვოკატირებასთან ერთად და ამ შემთხვევებშიც კი პრაქტიკული შედეგები არასრულია, რადგანაც ამგვარი დაზარალებულებისთვის კვლავ არ არსებობს საბაზისო ხელმისაწვდომობა სასამართლოებზე და მათ როგორც წესი პროცესუალური ნორმების საფუძველზე უარს ეუბნებიან მართლმსაჯულების განხორციელებაზე. შედეგად ფსიქიკური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები იმ კანონის მოქმედების სფეროს გარეთ რჩება, რომლებიც შექმნილია მათი პრევენციის, დასჯისა და შესაბამისი ანაზღაურების უზრუნველსაყოფად.
(iii) ფსიქიკური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ადვოკატირების ცენტრი (The Mental Disability Advocacy Center)
95. ფსიქიკური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ადვოკატირების ცენტრმა განაცხადა, რომ გონებრივი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ფაქტობრივი ან სამართლებრივი უუნარობა, ჰქონდეს ხელმისაწვდომობა მართლმსაჯულებაზე, რაც უკვე შეისწავლა [ადამიანის უფლებათა ევროპულმა] სასამართლომ რამდენიმე საქმეზე (მაგალითად, სტანოვი (Stanev), ციტირება მაღლა), აუცილებლად განაპირობებს მათი უფლებების დარღვევებთან მიმართებით დაუსჯელობას. ისეთ შემთხვევებში, როდესაც მოწყვლად დაზარალებულებს ჩამორთმეული აქვთ ქმედუუნარობა და/ან იმყოფებიან სახელმწიფო ინსტიტუციებში, სასამართლოს შეუძლია “თავი დააღწიოს” მათი სიცოცხლის დაცვის პასუხისმგებლობას, სამართლებრივ საკითხებზე მათთვის დახმარების აღმოუჩენლობით, მათ შორის მათი ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით. ციტირებულია კანადის უზენაესი სასამართლოს, ირლანდიის უზენაესი სასამართლოსა და ინგლისისა და უელსის უმაღლესი სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომელიც პროცესში მონაწილეობის სამართლებრივ უფლებამოსილებას ანიჭებს არასამთავრობო ორგანიზაციებს ისეთ ვითარებაში, როდესაც სხვა ვერავინ წარუდგენს საჯარო ინტერესის მატარებელ საკითხს სასამართლოს. ზემოთ ჩამოთვლილი სასამართლოების გადაწყვეტილებები არასამთავრობო ორგანიზაციების locus standi-ის საკითხზე ძირითად ეფუძნებოდა იმას, ეხებოდა თუ არა საქმე მნიშვნელოვან საკითხს, მომჩივანს ქონდა თუ არა წრფელი ინტერესი საქმის წარმოებასთან დაკავშირებით, მომჩივნის გამოცდილება საქმესთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობაში და არსებობდა თუ არა რაიმე სხვა გონივრული ან ეფექტიანი საშუალება საკითხის სასამართლოებში წარსადგენად.
2. სასამართლოს შეფასება
(a) სასამართლოს მიდგომა წინამორბედ საქმეებზე
(i) პირდაპირი დაზარალებულები
96. 34-ე მუხლის საფუძველზე განაცხადის წარსადგენად პირმა უნდა შეძლოს იმის ჩვენება, რომ გასაჩივრებულ ღონისძიებას მასზე “პირდაპირი ზეგავლენა” ქონდა (იხილეთ საქმე ბარდენი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Burden v. the United Kingdom) [დიდი პალატა], # 13378/05, § 33, ECHR 2008 და საქმე ილჰანი თურქეთის წინააღმდეგ (İlhan v. Turkey) [დიდი პალატა], # 22277/93, § 52, ECHR 2000‑VII). ეს კონვენციით გათვალისწინებული დაცვის მექანიზმის ასამოქმედებლად გარდაუვალი წინაპირობაა, თუმცა ამ კრიტერიუმის შეფარდება ვერ მოხდება ხისტი, მექანიკური და მოუქნელი გზით (იხილეთ კარნერი (Karner), ციტირება მაღლა, § 25, და ფეარფილდი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Fairfield and Others v. the United Kingdom) (გადაწყვეტილება), # 24790/04, ECHR 2005‑VI).
უფრო მეტიც, სასამართლოს პრაქტიკისა და კონვენციის 34-ე მუხლის შესაბამისად, განაცხადები შესაძლოა წარდგენილ იქნას მხოლოდ ცოცხალი პირების მიერ ან მათი სახელით (იხილეთ ვარნავა და სხვები თურქეთის წინააღმდეგ (Varnava and Others v. Turkey) [დიდი პალატა], # 16064/90, # 16065/90, # 16066/90, # 16068/90, # 16069/90, # 16070/90, # 16071/90, # 16072/90 და # 16073/90, § 111, ECHR 2009). შესაბამისად, მთელ რიგ საქმეებზე, სადაც პირდაპირი დაზარალებული გარდაიცვალა განაცხადის წარდგენამდე, სასამართლომ არ გაიზიარა, რომ პირდაპირ დაზარალებულს, წარმომადგენლის მეშვეობითაც კი, ქონდა პროცესში მონაწილეობის უფლებამოსილება, როგორც განმცხადებელს კონვენციის 34-ე მუხლის მიზნებისთვის (იხილეთ აიზპურუა ორტიზი და სხვები ესპანეთის წიანაღმდეგ (Aizpurua Ortiz and Others v. Spain), # 42430/05, § 30, 2 თებერვალი, 2010; დვორაჩეკი და დვორაჩკოვა სლოვაკეთის წინააღმდეგ (Dvořáček and Dvořáčková v. Slovakia), # 30754/04, § 41, 28 ივლისი, 2009; და კაია და პოლატი თურქეთის წინააღმდეგ (Kaya and Polat v. Turkey) (გადაწყვეტილება), # 2794/05 და # 40345/05, 21 ოქტომბერი, 2008).
(ii) არაპირდაპირი დაზარალებულები
97. ზემოთ ჩამოთვლილი ტიპის საქმეები უნდა გაიმიჯნოს საქმეებისგან, რომლებზეც განმცხადებლის მემკვიდრეებს უფლება მიეცათ ეწარმოებიათ საქმე უკვე წარდგენილ განაცხადებზე. ამ საკითხზე წყაროს წარმოადგენს საქმე ფეირფილდი და სხვები (Fairfield and Others) (ციტირება მაღლა), რომელზეც ქალიშვილმა წარადგინა განაცხადი მამის გარდაცვალების შემდეგ, ამტკიცებდა რა მისი აზრის, რელიგიისა და გამოხატვის თავისუფლებაზე უფლების დარღვევას (კონვენციის მე-9 და მე-10 მუხლები). მართალია ეროვნულმა სასამართლოებმა ქალბატონ ფეირფილდს დართეს ნება ეწარმოებია საქმე მამის გარდაცვალების შემდეგ, [ადამიანის უფლებათა ევროპულმა] სასამართლომ არ გაიზიარა ქალიშვილის დაზარალებულის სტატუსი და გამიჯნა ეს შემთხვევა საქმისგან დალბანი რუმინეთის წინააღმდეგ (Dalban v. Romania) ([დიდი პალატა], # 28114/95, ECHR 1999‑VI), რომელშიც განაცხადი თავად განმცხადებელმა წარადგინა, ხოლო მისმა ქვრივმა განაგრძო საქმის წარმოება მისი გარდაცვალების შემდგომ.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო ასხვავებს განაცხადებს, რომელზეც პირდაპირი დაზარალებული გარდაიცვალა განაცხადის სასამართლოსთვის წარდგენის შემდგომ და განაცხადებს, რომლებზეც განმცხადებლები წარდგენამდე გარდაიცვალნენ.
თუკი განმცხადებელი განაცხადის წარდგენის შემდეგ გარდაიცვალა, სასამართლო იზიარებს, რომ დაახლოებული პირი ან მემკვიდრე უფლებამოსილია განაგრძოს საქმის წარმოება, იმ პირობით, რომ მას აქვს საკმარისი ინტერესი საქმის წარმოებისთვის (იხილეთ მაგალითად, ქვრივი და შვილები საქმეზე რაიმონდო იტალიის წინააღმდეგ (Raimondo v. Italy), 22 თებერვალი,1994, § 2, სერია A # 281‑A, და სტოიკოვიჩი “მაკედონიის ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკის” წინააღმდეგ (Stojkovic v. “the former Yugoslav Republic of Macedonia”), # 14818/02, § 25, 8 ნოემბერი, 2007; მშობლები საქმეზე X საფრანგეთის წინააღმდეგ (X v. France), # 18020/91, § 26, 31 მარტი, 1992; ძმისშვილი და პოტენციური მემკვიდრე საქმეზე მალჰაუზი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Malhous v. the Czech Republic) (გადაწყვეტილება), # 33071/96, ECHR 2000‑XII; ან დაუქორწინებელი ან დე ფაქტო პარტნიორი საქმეზე ველიკოვა ბულგარეთის წინააღმდეგ (Velikova v. Bulgaria) (გადაწყვეტილება), # 41488/98, 18 მაისი, 1999; და გარდაცვლილთან დაუკავშირებელი საერთო მემკვიდრის საპირისპიროდ საქმეზე თევენონი საფრანგეთის წინააღმდეგ (Thévenon v. France) (გადაწყვეტილება), # 2476/02, ECHR 200 –III; დისშვილი საქმეზე ლეგერი საფრანგეთის წინააღმდეგ (Léger v. France) (განსახილველ საქმეთა ნუსხიდან ამოღებულია) [დიდი პალატა], # 19324/02, § 50, 30 მარტი, 2009; და ერთერთი თავდაპირველი განმცხადებლის ქალიშვილი საქმეზე, რომელიც ეხებოდა არაგადაცემად უფლებებს მე-3 და მე-8 მუხლების საფუძველზე, რომელზეც საერთო ინტერესი არ იყო დღის წესრიგში, M.P. და სხვები ბულგარეთის წინააღმდეგ (M.P. and Others v. Bulgaria), # 22457/08, §§ 96-100, 15 ნოემბერი, 2011).
98. თუმცა, მდგომარეობა იცვლება, თუკი პირდაპირი დაზარალებული გარდაიცვალა განაცხადის სასამართლოში წარდგენამდე. ამ შემთხვევაში სასამართლო “დაზარალებულის” კონცეფციის ავტონომიურ განმარტებაზე მითითებით მზად არის აღიაროს დაახლოებული პირის საპროცესო უფლებაუნარიანობა თუკი საჩივრები ეხება საერთო ინტერესს “ადამიანის უფლებათა დაცვასთან” დაკავშირებით (კონვენციის 37.1 მუხლი) და განმცხადებლებს, როგორც მემკვიდრეებს აქვთ ლეგიტიმური ინტერესი, აწარმოონ საქმე განაცხადდთან დაკავშირებით, ან თუკი სახეზეა განმცხადებლის უფლებებზე პირდაპირი ზეგავლენა (იხილეთ მიკალიოფი მალტის წინააღმდეგ (Micallef v. Malta) [დიდი პალატა], # 17056/06, §§ 44-51, ECHR 2009, და მარი-ლუიზ ლოიენი და ბრუნელი საფრანგეთის წინააღმდეგ (Marie-Louise Loyen and Bruneel v. France), # 55929/00, §§ 21-31, 5 ივლისი, 2005). უნდა აღინიშნოს, რომ ეს უკანასკნელი საქმეები სასამართლოს წარედგინა ეროვნულ დონეზე საქმისწარმოების შემდგომ ან მასთან დაკავშირებით, რომელშიც პირდაპირი დაზარალებული სიცოცხლეში პირადად მონაწილეობდა.
შესაბამისად, სასამართლო აღიარებს დაზარალებულთან დაახლოვებულის პირის საპროცესო უფლებაუნარიანობას, წარადგინოს განაცხადი, როდესაც დაზარალებული გარდაიცვალა ან გაუჩნარდა სახელმწიფოს პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ გარემოებებში (იხილეთ ცაკიცი თურქეთის წინააღმდეგ (Çakıcı v. Turkey) [დიდი პალატა], # 23657/94, § 92, ECHR 1999‑IV, და ბაზორკინა რუსეთის წინააღმდეგ (Bazorkina v. Russia) (გადაწყვეტილება), # 69481/01, 15 სექტემბერი, 2005).
99. საქმეზე ვარნავა და სხვები (Varnava and Others) (ციტირება მაღლა) განმცხადებლებმა განაცხადები წარადგინეს როგორც საკუთარი სახელით, ისე გაუჩინარებული ნათესავების სახელით. სასამართლო არ მიიჩნევს აუცილებლად გადაწყვეტილების მიღებას საკითხზე, გაუჩნარებულ პირებს უნდა მიენიჭოთ თუ არა განმცხადებლების სტატუსი, ვინაიდან ნებისმიერ შემთხვევაში გაუჩინარებულთა ახლო ნათესავები უფლებამოსილი არიან საჩივრები წარადგინონ გაუჩინარებასთან დაკავშირებით (ibid., § 112). სასამართლომ შეისწავლა საქმე იმის საფუძველზე, რომ გაუჩინარებულ პირთა ნათესავები განმცხადებლები იყვნენ კონვენციის 34-ე მუხლის საფუძველზე.
100. საქმეებზე, სადაც კონვენციის სავარაუდო დარღვევა პირდაპირ არ უკავშირდებოდა გაუჩინარებას ან გარდაცვალებას, რაც თავის მხრივ წარმოშობს საკითხებს მე-2 მუხლთან მიმართებით, სასამართლოს მიდგომა უფრო მკაცრი იყო, როგორც საქმეზე სანლეს სანლესი ესპანეთის წინააღმდეგ (Sanles Sanles v. Spain) (გადაწყვეტილება) # 48335/99, ECHR 2000‑XI), რომელიც ეხებოდა თვითმკვლელობაში დახმარების აკრძალვას. სასამართლომ დაადგინა, რომ კონვენციის მე-2, მე-3, მე-5, მე-8, მე-9 და მე-14 მუხლების საფუძველზე დადგენილი უფლებები განეკუთვნებოდა არაგადაცემად უფლებებს და შესაბამისად დაასკვნა, რომ განმცხადებელს, რომელიც გარდაცვლილის რძალი და კანონისმიერი მემკვიდრე იყო, ვერ ექნებოდა პრეტენზია დაზარალებულობაზე მისი გარდაცვლილი მაზლის მიმართ განხორციელებულ დარღვევასთან დაკავშირებით. იგივე დასკვნა იქნა მიღებული სავარაუდო დაზარალებულის ქალიშვილის მიერ მე-9 და მე-10 მუხლებთან დაკავშირებით წარდგენილ საჩივრებზე (იხილეთ ფეირფილდი და სხვები (Fairfield and Others), ციტირება მაღლა).
მე-5, მე-6 და მე-8 მუხლებთან დაკავშირებით წარდგენილ საჩივრებზე სასამართლომ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა ახლო ნათესავებს, ნება დართო რა განაცხადი წარედგინათ, თუკი აჩვენებდნენ მორალურ ინტერესს გარდაცვლილი დაზარალებულისთვის დადგენილი ბრალის გაქარწყლებასთან მიმართებით (იხილეთ ნოლკენბოკჰოფი გერმანიის წინააღმდეგ (Nölkenbockhoff v. Germany), # 10300/83, § 33, 25 აგვისტო, 1987, და გრადინარი მოლდოვეთის წინააღმდეგ (Grădinar v. Moldova), # 7170/02, §§ 95 და 97-98, 8 აპრილი, 2008) ან საკუთარი ან მათი ოჯახის რეპუტაციის დაცვის ინტერესს (იხილეთ ბრუდნიცკა და სხვები პოლონეთის წინააღმდეგ (Brudnicka and Others v. Poland), # 54723/00, §§ 27-31, ECHR 2005‑II; არმონიენე ლიტვის წინააღმდეგ (Armonienė v. Lithuania), # 36919/02, § 29, 25 ნოემბერი, 2008; და პოლანკო ტორესი და მოვილა პოლანკო ესპანეთის წინააღმდეგ (Polanco Torres and Movilla Polanco v. Spain), # 34147/06, §§ 31-33, 21 სექტემბერი, 2010), ან როდესაც ისინი აჩვენებენ მატერიალურ ინტერესს მათ ქონებრივ უფლბებზე პირდაპირი ზეგავლენის გზით (იხილეთ რეზეგატი შვეიცარიის წინააღმდეგ (Ressegatti v. Switzerland), # 17671/02, §§ 23-25, 13 ივლისი 2006; და მარი-ლუიზ ლოიენი და ბრუნელი (Marie-Louise Loyen and Bruneel), §§ 29-30; ნოლკენბოკჰოფი (Nölkenbockhoff), § 33; გრადინარი (Grădinar), § 97; და მიკალეფი (Micallef), § 48, ყველა ციტირებულია მაღლა). საერთო ინტერესის არსებობა, რაც საჭიროებს საქმისწარმოებას საჩივრების განხილვით, ასევე გასათვალისწინებელია (იხილეთ მარი-ლუიზ ლოიენი და ბრუნელი (Marie-Louise Loyen and Bruneel), § 29; რესეგატი (Ressegatti), § 26; მიკალეფი (Micallef), §§ 46 და 50, ყველა ციტირება მაღლა; და ბიკი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ (Biç and Others v. Turkey), # 55955/00, §§ 22-23, 2 თებერვალი, 2006).
განმცხადებლის მონაწილეობა ეროვნულ დონეზე მიმდინარე საქმისწარმოებაში მიჩნეულ იქნა ერთერთ მთავარ კრიტერიუმად (იხილეთ ნოლკენბოკჰოფი (Nölkenbockhoff), § 33; მიკალეფი (Micallef), §§ 48-49; პოლანკო ტორესი და მოვილა პოლანკო (Polanco Torres and Movilla Polanco), § 31; და გრადინარი (Grădinar), §§ 98-99, ყველა ციტირებულია მაღლა; და კაბუროვი ბულგარეთის წინააღმდეგ (Kaburov v. Bulgaria) (გადაწყვეტილება), #9035/06, §§ 52-53, 19 ივნისი, 2012).
(iii) პოტენციური დაზარალებულები და actio popularis
101. კონვენციის 34-ე მუხლი არ უშვებს კონვენციის დარღვევის შესახებ in abstracto საჩივრებს. კონვენცია არ ქმნის საფუძველს actio popularis-ის ინსტიტუტისთვის (იხილეთ კლასი და სხვები გერმანიის წინააღმდეგ (Klass and Others v. Germany), 6 სექტემბერი, 1978, § 33, სერია A # 28; საქართველოს ლეიბორისტული პარტია საქართველოს წინააღმდეგ (The Georgian Labour Party v. Georgia) (გადაწყვეტილება), # 9103/04, 22 მაისი, 2007; და ბურდენი (Burden), ციტირება მაღლა, § 33), რაც გულისხმობს იმას, რომ განმცხადებლები ვერ გაასაჩვრებენ ეროვნული კანონმდებლობის ნორმას, ადგილობრივ პრაქტიკას ან საჯარო აქტს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი სავარაუდოდ კონვენციას ეწინააღმდეგება.
იმისთვის, რომ განმცხადებლებმა ამტკიცონ, რომ დაზარალებულები არიან, მათ უნდა წარმოადგინონ დასაბუთებული და დამაჯერებელი მტკიცებულება ალბათობისა, რომ პირადად მათზე ზეგავლენის მომხდენი დარღვევა დადგება; მხოლოდ ეჭვი ან ვარაუდი აღნიშნულთან მიმართებით არ არის საკმარისი (იხილეთ ტაუირა და 18 სხვა საფრანგეთის წინააღმდეგ (Tauira and 18 Others v. France), განაცხადი # 28204/95, კომისიის 1995 წლის 4 დეკემბრის გადაწვეტილება, გადაწყვეტილებები და ანგარიშები (DR) 83-B, გვ. 131, და მონატი შვეიცარიის წინააღმდეგ (Monnat v. Switzerland), # 73604/01, §§ 31-32, ECHR 2006-X).
(iv) წარმომადგენლობა
102. სასამართლოს მიერ დადგენილი პრეცედენტული სამართლის მიხედვით (იხილეთ 96-ე პარაგრაფი მაღლა), მას განაცხადები წარედგინება მხოლოდ ცოცხალი პირების მიერ ან მათი სახელით.
თუკი განმცხადებლებმა გადაწყვიტეს, რომ ისინი უნდა წარმოადგინონ სასამართლოს რეგლამენტის 36.1 მუხლის საფუძველზე და არა თავად უნდა წარადგინონ განაცხადი, [რეგლამენტის] 45.1 მუხლი ავალდებულებს მათ წარმოადგინონ წერილობითი რწმუნება, სათანადოდ ხელმოწერილი. წარმომადგენელთათვის აუცილებელია მოახდინონ იმის დემონსტრირება, რომ მათ მიიღეს კონკრეტული და ნათელი ინსტრუქცია სავარაუდო დაზარალებულისგან, 34-ე მუხლის შესაბამისად, რომელიც მათ უნდა წარმოადგინონ სასამართლოს წინაშე 34-ე მუხლის საფუძველზე (იხილეთ პოსტი ნიდერლანდების წინააღმდეგ (Post v. the Netherlands) (გადაწყვეტილება), # 21727/08, 20 იანვარი, 2009; რაც შეეხება რწმუნებულების ვალიდურობას, იხილეთ საქმე ალიევი საქართველოს წინააღმდეგ (Aliev v. Georgia), # 522/04, §§ 44-49, 13 იანვარი, 2009).
103. თუმცა, კონვენციურმა ინსტიტუტებმა დაადგინეს, რომ შესაძლოა განსაკუთრებული გარემოებები გამოიკვეთოს ეროვნული სახელმწიფო ორგანოების ხელში მე-2, მე-3 და მე-8 მუხლის დარღვევის შედეგად დაზარალებულთა საქმეებზე.
დაზარალებულთა სახელით წარდგენილი განაცხადები, მიუხედავად იმისა, რომ რწმუნების ვალიდური ფორმა არ იყო წარდგენილი, დასაშვებად გამოცხადდა. გათვალისწინებულ იქნა დაზარალებულთა მოწყვლადობასთან დაკავშირებული გარემოებები, მათი ასაკი, სქესი ან შეზღუდული შესაძლებლობა, რამაც ვერ შეაძლებინა მათ სადავო საკითხზე საჩივრის სასამართლოსთვის წარდგენა; ასევე შესაბამისად იქნა გათვალისწინებული განაცხადის წარმდგენ პირსა და დაზარალებულს შორის კავშირი (იხილეთ, mutatis mutandis, ილჰანი (İlhan), ციტირება მაღლა, § 55, რომელზეც განმცხადებელმა საჩივრები წარადგინა მისი ძმის სახელით, რომლის მიმართაც არასათანადო მოპყრობა განხორციელდა; Y.F. თურქეთის წინააღმდეგ (Y.F. v. Turkey), # 24209/94, § 29, ECHR 2003–IX , რომელზეც ქმარი ჩიოდა, რომ მისი მეუღლე აიძულეს ჩაეტარებია გინეკოლოგიური გამოკვლევა; და S.P., D.P. და A.T. გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (S.P., D.P. and A.T. v. the United Kingdom), ციტირება მაღლა, რომელზეც საჩივარი წარადგინა სოლისიტორმა ბავშვების სახელით, რომელთაც ის ეროვნულ დონეზე სამართალწარმოებისას წარმოადგენდა, როგორც დანიშნული მეურვე ad litem).
საპირისპიროდ აღნიშნულისა საქმეზე ნინჩევა და სხვები (Nencheva and Others) (ციტირება მაღლა, § 93) სასამართლომ არ გაიზიარა პირდაპირი დაზარალებულის სახელით მოქმედი განმცხადებელი ასოციაციის დაზარალებულის სტატუსი, უთითებდა რა, რომ ის არ აწარმოებდა საქმეს ეროვნული სასამართლოების წინაშე და ასევე გასაჩივრებული ფაქტებს არ ქონდა რაიმე ზეგავლენა მის საქმიანობაზე, ვინაიდან ასოციაციას კვლავ შეეძლო მისი მიზნების შესაბამისად საქმიანობის გაგრძელება. სასამართლო, აღიარებდა რა გარკვეულ დაზარალებულთა ნათესავების პროცესუალურ უფლებაუნარიანობას, ღიად ტოვებდა იმ დაზარალებულთა წარმომადგენლობის საკითხს, რომელთაც არ შეეძლოთ მის წინაშე დამოუკიდებლად მოქმედება, აღიარებდა რა რომ საგამონაკლისო შემთხვევები შესაძლოა საჭიროებს საგამონაკლისო ღონისძიებებს.
(b) აქვს თუ არა CLR-ს პროცესუალური უფლებაუნარიანობა წინამდებარე საქმეზე
104. წინამდებარე საქმე ეხება მეტად მოწყვლად პირს, რომელსაც არ ყავს დაახლოვებული პირი, ბატონ კამპეანუს, ახალგაზრდა ბოშა მამაკაცს მძიმე ფორმის ფსიქიკური შეზღუდული შესაძლებლობით, აივ-ინფექციით, ვინც მთელი ცხოვრება გაატარა სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში და გარდაიცვალა საავადმყოფოში, სავარაუდოდ უგულებელყოფის შედეგად. მისი გარდაცვალებისთანავე და მის სიცოცხლეში მასთან აქტიური კონტაქტის ქონის გარეშე (იხილეთ 23-ე პარაგრაფი) ან მისგან ან კომპეტენტური პირისგან რწმუნების ან ინსტრუქციის მიღების გარეშე, განმცხადებელი ასოციაცია (CLR) ცდილობს სასამართლოს წარუდგინოს საჩივარი სხვა საკითხებთან ერთად მისი გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით.
105. სასამართლოს აზრით წინამდებარე საქმე მარტივად ვერ მოექცევა ზემოთ აღწერილი პრეცედენტული სამართლით განსაზღვრულ რომელიმე კატეგორიაში და შესაბამისად აღძრავს CLR-ის პროცესუალურ უფლებაუნარიანობასთან დაკავშირებით კონვენციის განმარტების რთულ საკითხს. ამ საკითხის გადაჭრისას სასამართლო მხედველობაში მიიღებს იმ ფაქტს, რომ კონვენცია უნდა განიმარტოს იმგვარად რომ გარანტირებული იყოს უფლებები, რომლებიც თავის მხრივ არის პრაქტიკული და ეფექტიანი და არა თეორიული და ილუზორული (იხილეთ არტიკო იტალიის წინააღმდეგ (Artico v. Italy), 1980 წლის 13 მაისი, § 33, სერია A # 37 და სახელმწიფო ორგანოთა ციტირება შესაბამისად). მან ასევე უნდა გაითვალისწინოს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება “ემსახურება არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე საქმეთა გადაწყვეტას, არამედ ზოგადად კონვენციით დადგენილი წესების დაზუსტებას, დაცვასა და განვითარებას, რითაც თავის მხრივ წვლილი შეაქვს სახელმწიფოთა მიერ ხელშემკვრელი მხარეების სტატუსით აღებული ვალდებულებების შესრულებაში” (იხილეთ ირლანდია გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Ireland v. the United Kingdom), 18 იანვარი 1978, § 154, სერია A # 25, და კონსტანტინ მარკინი რუსეთის წინააღმდეგ (Konstantin Markin v. Russia) [დიდი პალატა], # 30078/06, § 89, ECHR 2012). იმავდროულად და როგორც ასახულია დაზარალებულის შესახებ და “პროცესუალური უფლებაუნარიანობის” ცნებასთან დაკავშირებით ზემოთ აღწერილ პრეცედენტულ სამართალში, სასამართლომ უნდა უზრუნველყოს ხელმისაწვდომობის განმსაზღვრელი დასაშვებობის პირობების თანმიმდევრული განმარტება.
106. სასამართლო სადავოდ არ ხდის, რომ ბატონი კამპეანუ კონვენციის 34-ე მუხლის მნიშვნელობისთვის პირდაპირი მსხვერპლია იმ გარემოებების, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია და რომლებიც სასამართლოს წინაშე წარდგენილი მთავარი საჩივრის ცენტრალური ნაწილია, კერძოდ კი კონვენციის მე-2 მუხლის საფუძველზე წარდგენილი საჩივრის.
107. მეორეს მხრივ, სასამართლო ვერ პოულობს საკმარის საფუძვლებს საკუთარი პრეცედენტული სამართლის მნიშვნელობით CLR-ის არაპირდაპირ დაზარალებულად განხილვისთვის. არსებითია, რომ CLR-მა ვერ წარმოაჩინა საკმარისად “მჭიდრო კავშირი” პირდაპირ დაზარალებულთან; არც ის უმტკიცებია, რომ მას ქონდა სასამართლოს წინაშე საჩივრების წარდგენის “პირადი ინტერესი”, სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში ამ კონცეფციების დეფინიციის გათვალისწინებით (იხილეთ 97-100 პარაგრაფები მაღლა).
108. ცოცხალი იყო რა, ბატონ კამპეანუს არ წარმოუწყია საქმისწარმოება ეროვნული სასამართლოების წინაშე საკუთარ სამედიცინო და სამართლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით. მართალია ფორმალურად ის განიხილებოდა სრული სამართლებრივი ქმედუნარიანობის მქონე პირად, ნათელი იყო რომ მას ეპყრობოდნენ როგორც ქმედუნარიანობის არ მქონეს (იხილეთ მე-14 და მე-16 პარაგრაფები მაღლა). ნებისმიერ შემთხვევაში, მისი უკიდურესი მოწყვლადობის პირობებში სასამართლო მიიჩნევს, რომ მას არ შეეძლო პირადად წამოეწყო რაიმე საქმისწარმოება, სათანადო სამართლებრივი მხარდაჭერის და რჩევის გარეშე. შესაბამისად ის იყო სრულიად განსხვავებულ და ნაკლებად ხელსაყრელ მდგომარეობაში ვიდრე ისინი, ვისი შემთხვევებიც სასამართლომ განიხილა წინამორბედ საქმეებზე. ეს ეხებოდა ადამიანებს, ვისაც ქონდათ სამართლებრივი ქმედუნარიანობა, ან მინიმუმ ხელი არ ეშლებოდათ საქმისწარმოების წამოწყებაში სიცოცხლის მანძილზე (იხილეთ 98-ე და მე-100-ე პარაგრაფები მაღლა) და რომელთა სახელითაც წარდგენილ იქნა განაცხადები მათი გარდაცვალების შემდეგ.
109. ბატონი კამპეანუს გარდაცვალების შემდეგ CLR-მა ეროვნულ დონეზე სხვადასხვა საქმისწარმოება წამოიწყო, რაც მიმართული იყო იმ გარემოებების გამოაშკარავებისკენ, რამაც გამოიწვია და უკავშირდებოდა მის გარდაცვალებას. და ბოლოს, მას შემდეგ რაც გამოძიებამ დაადგინა, რომ ბატონი კამპეანუს გარდაცვალებასთან დაკავშირებით არ იკვეთებოდა სისხლისსამართლებრივი გადაცდომა, CLR-მა წინამდებარე განაცხადი [ადამიანის უფლებათა ევროპულ] სასამართლოს წარუდგინა.
110. სასამართლო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმ ფაქტს, რომ არც CLR-ის ქმედუნარიანობა, ემოქმედა ბატონი კამპეანუს სახელით და არც მისი წარმომადგენლობა ბატონი კამპეანუს სახელით ეროვნულ დონეზე სამედიცინო და სასამართლო ორგანოების წინაშე კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა (იხილეთ შემდეგი პარაგრაფები 23, 27-28, 33, 37-38 და 40-41 მაღლა); ამგვარი ინიციატივები, რაც როგორც წესი მეურვის ან წარმომადგენლის პასუხისმგებლობა იქნებოდა, საკუთარ თავზე აიღო CLR-მა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისგან რაიმე პროტესტის გარეშე, რომლებიც აწარმოებდნენ ამ საქმეებს და განიხილავდნენ მათთვის წარდგენილ განცხადებებს.
111. სასამართლო ასევე უთითებს, როგორც ზემოთ აღინიშნა, რომ გარდაცვალების მომენტში ბატონ კამპეანუს არ ყავდა მასთან დაახლოებული პირი და როდესაც მან მიაღწია სრულწლოვანების ასაკს, სახელმწიფომ მას არ დაუნიშნა კომპეტენტური პირი ან მეურვე, რომელიც მის სამართლებრივსა თუ სხვა ინტერესებზე იზრუნებდა, მიუხედავად კანონის მოთხოვნისა. ეროვნულ დონეზე CLR წარმომადგენლის სახით ჩაერთო გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე - იმ დროს, როდესაც ის აშკარად უუნარო იყო გამოეხატა რაიმე სურვილები ან მოსაზრებები საკუთარი საჭიროებისა და ინტერესების შესახებ, რომ არაფერი ითქვას სამართლებრივი დაცვის საშუალებების გამოყენებაზე. სახელმწიფო ორგანოების მხრიდან კანონისმიერი მეურვის ან სხვა წარმომადგენლის დანიშვნის ვალდებულების შეუსრულებლობასთან ერთად წარმომადგენლობის არანარი ფორმა არ იყო ხელმისაწვდომი მის დასაცავად ან საავადმყოფოს ხელმძღვანელობის, ეროვნული სასამართლოებისა და [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს წინაშე მისი სახელით წარმომადგენლობის განსახორციელებლად (იხილეთ, mutatis mutandis, P., C. და S. გაერთიანებული სამეფოს წინაშე (P., C. and S. v. the United Kingdom) (გადაწყვეტილება), # 56547/00, 11 დეკემბერი, 2001, და B. რუმინეთის წინააღმდეგ (B. v. Romania) (# 2), ციტირება მაღლა, §§ 96-97). ასევე მნიშვნელოვანია, რომ კონვენციის საფუძველზე წარდგენილი მთავარი საჩივარი ეხება დარღვევებს მე-2 მუხლთან მიმართებით (სიცოცხლის უფლება), რასაც ბატონი კამპეანუ აშკარად ვერ წარადგენდა როგორც პირდაპირი დაზარალებული, რადგანაც ის გარდაცვლილი იყო.
112. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო კმაყოფილია, რომ ამ საქმის საგამონაკლისო გარემოებებში და ბრალდებების მძიმე ბუნების გათვალისწინებით, CLR-ისთვის დასაშვები უნდა იყოს იმოქმედოს, როგორც ბატონი კამპეანუს წარმომადგენელმა, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ მას არ აქვს საადვოკატო რწმუნებულება, იმოქმედოს მისი სახელით და რომ ის გარდაიცვალა განაცხადის კონვენციის საფუძველზე წარდგენამდე. ამ საკითხის სხვაგვარად გადაწყვეტა გაუტოლდებოდა კონვენციის დარღვევის მძიმე ბრალდებების შესწავლის თავიდან აცილებას საერთაშორისო დონეზე, რისკით, რომ მოპასუხე სახელმწიფო თავს დააღწევდა კონვენციის საფუძველზე პასუხისმგებლობას, საკუთარი უმოქმედების შედეგად დაენიშნა წარმომადგენელი მისი სახელით მოქმედებისთვის, როგორც ამას ეროვნული კანონმდებლობა მოითხოვდა (იხილეთ 59-ე და მე-60-ე პარაგრაფები მაღლა; იხილეთ ასევე, mutatis mutandis, P., C. და S. გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (P., C. and S. v. the United Kingdom), ციტირება მაღლა, და სამართლებრივ მრჩეველთა არგეს კოლეჯი რუმინეთის წინააღმდეგ (The Argeş College of Legal Advisers v. Romania), # 2162/05, § 26, 8 მარტი, 2011). მოპასუხე სახელმწიფოსთვის პასუხისმგებლობისგან გაქცევის შესაძლებლობის მიცემა ამ ფორმით შესაბამისობაში არ იქნებოდა კონვენციასთან, არც კონვენციის 34-ე მუხლის საფუძველზე მაღალი ხელშემკვრელი მხარეების ვალდებულებასთან, რაიმე ფორმით საფრთხის ქვეშ არ ჩააყენონ სასამართლოს წინაშე განაცხადის წარდგენის უფლებით ეფექტიანი სარგებლობა.
113. CLR-ისთვის პროცესუალური უფლებაუნარიანობის მინიჭება, იმოქმედოს ბატონი კამპეანუს სახელით, არის “არამდგრადი ფსიქიკის მქონე პირების” საქმეზე კოვენციის 5.4 მუხლის საფუძველზე სასამართლო განხილვის უფლებასთან შესაბამისობაში არსებული მიდგომა (მუხლი 5.1.e). ამ კონტექსტში შესაძლოა კვლავ განიმარტოს, რომ არსებითია, რომ შესაბამის პირს ქონდეს ხელმისაწვდომობა სასამართლოზე და შესაძლებლობა მას პირადად მოუსმინონ ან სადაც საჭიროა გარკვეული ფორმის წარმომადგენლის მეშვეობით, რისი შეუსრულებლობაც მას ჩამოართმევდა შესაძლებლობას ესარგებლა “თავისუფლების აღკვეთის საკითხებთან დაკავშირებით ძირითადი პროცესუალური გარანტიებით” (იხილეთ დე ვაილდი, ომსი და ვერსიპი ბელგიის წინააღმდეგ (De Wilde, Ooms and Versyp v. Belgium), 18 ივნისი, 1971, § 76, სერია A # 12). ფსიქიკური დაავადებები შესაძლოა გულისხმობდეს ამგვარი უფლების შეზღუდვას ან მათი სარგებლობის ფორმის მოდიფიცირებას (იხილეთ გოლდერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Golder v. the United Kingdom), 21 თებერვალი,1975, § 39, სერია A # 18), მაგრამ ის ვერ გაამართლებს ამ უფლების არსის შელახვას. მართლაც, საგანგებო პროცედურული გარანტიების მოხმობა შესაძლოა დადასტურდეს პირთა ინტერესების დასაცავად, რომლებიც ფსიქიკური შეზღუდული შესაძლებლობის გამო, სრულად ვერ ახერხებენ საკუთარი ინტერესების დაცვას (იხილეთ უინტერვერპი ნიდერლანდების წინააღმდეგ (Winterwerp v. the Netherlands), 24 ოქტომბერი, 1979, § 60, სერია A # 33). ჩარევა შესაძლოა კონვენციასთან წინააღმდეგობაში მოდიოდეს როგორც სამართლებრივი დაბრკოლება (იხილეთ გოლდერი (Golder), ციტირება მაღლა, § 26).
114. შესაბამისად, სასამართლო არ აკმაყოფილებს მოპასუხე სახელმწიფოს პროტესტს CLR-ის locus standi-ის არ არსებობის თაობაზე, ამ უკანასკნელის საპროცესო უფლებაუნარიანობის როგორც ბატონი კამპეანუს დე ფაქტო წარმომადგენლობის გათვალისწინებით.
სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საჩივრები აღნიშნულთან მიმართებით არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35.3.a მუხლის მნიშვნელობისთვის ან დაუშვებელი ნებისმიერი სხვა საფუძვლით. შესაბამისად ისინი უნდა გამოცხადდეს დასაშვებად.
B. საქმის არსებითი მხარე
1. წერილობითი მოსაზრებები სასამართლოს
(a) CLR
115. CLR-მა განაცხადა, რომ სახელმწიფო ორგანოებმა თავიანთი შეუსაბამო გადაწყვეტილებებით, ბატონი კამპეანუს იმ ინსტიტუციებში გადაყვანის შესახებ, სადაც მის მდგომარეობასთან გამკლავებისთვის სათანადო უნარებისა და აღჭურვილობის ნაკლებობა იყო, რასაც თან ახლდა შეუსაბამო სამედიცინო მოქმედება თუ უმოქმედება, მათ პირდაპირ თუ არაპირდაპირ წვლილი შეიტანეს მის უდროო გარდაცვალებაში.
CLR-მა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ CMSC-ში და შემდგომ PMH-ში ბატონი კამპეანუს გადაყვანამდე რამდენიმე თვით ადრე მისთვის ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევა უთითებდა მის “ზოგადად კარგ მდგომარეობაზე” ჯანმრთელობის განსაკუთრებული გართულებების გარეშე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა გარდაცვალებამდე ორი კვირის განმავლობაში, იმ პერიოდში, როდესაც ის სახელმწიფო ორგანოების ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა. მე-2 მუხლთან მიმართებით სასამართლოს მდიდარი პრეცედენტული სამართლის შესაბამისად სასამართლოს ევალება განმარტების გაკეთება მიწოდებულ სამედიცინო ზრუნვასთან და ბატონი კამპეანუს გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით (CLR სხვა წყაროებთან ერთად ციტირებს შემდეგს კატსი და სხვები უკრაინის წინააღმდეგ (Kats and Others v. Ukraine), # 29971/04, § 104, 18 დეკემბერი 2008; დოდოვი ბულგარეთის წინააღმდეგ (Dodov v. Bulgaria), # 59548/00, § 81, 17 იანვარი, 2008; ალეკსანიანი რუსეთის წინააღმდეგ (Aleksanyan v. Russia), # 46468/06, § 147, 22 დეკემბერი, 2008; ხუდობინი რუსეთის წინააღმდეგ (Khudobin v. Russia), # 59696/00, § 84, ECHR 2006‑XII; და Z.H. უნგრეთის წინააღმდეგ (Z.H. v. Hungary), # 28973/11, §§ 31-32, 8 ნოემბერი, 2012).
მოპასუხე სახელმწიფომ არ შეასრულა ეს ვალდებულება, ერთის მხრივ ვერ წარმოადგინა რა მნიშვნელოვანი სამედიცინო დოკუმენტაცია ბატონ კამპეანუსთან დაკავშირებით, ხოლო მეორე მხრივ სასამართლოს წარუდგინა PMH-ში პაციენტის ყოფნის პერიოდის შესახებ სამედიცინო ჩანაწერები, რომელშიც მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეცვლილი იყო. თავდაპირველი სამედიცინო ჩანაწერები, რომლებიც ეროვნულ დონეზე სხვადასხვა ინსტანციაში წარდგენილი იყო, არ უთითებდა ბატონი კამპეანუსთვის ARV მედიკამენტების მიწოდებაზე, ხოლო ახალ დოკუმენტში, რომელიც სხვა ხელწერით იყო შესრულებული, იყო მითითება ARV მედიკამენტზე, რითაც მიანიშნებდა, რომ პაციენტს მიეწოდებოდა ამგვარი მედიკამენტები. ვინაიდან მოპასუხე სახელმწიფო ეყრდნობოდა ახალ დოკუმენტს სასამართლოს წინაშე სადავოდ ხდიდა რა CLR-ის მტკიცებას ARV მკურნალობის არ არსებობის შესახებ (იხილეთ 122-ე პარაგრაფი დაბლა), CLR-მა განაცხადა, რომ ეს დოკუმენტი მაღალი ალბათობით მომზადდა მოგვიანებით, [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს წინაშე მოპასუხე სახელმწიფოს არგუმენტების გასამყარებლად.
116. CLR-მა ასევე განცხადა, რომ ამ საქმეზე მომზადებული რამდენიმე დოკუმენტი, განსაკუთრებით CPT-ის ადგილობრივ ვიზიტებთან დაკავშირებით, ადასტურებდა, რომ სახელმწიფო ორგანოებისთვის აშკარად ცნობილი იყო PMH-ში არსებული სტანდარტების შეუსაბამო საცხოვრებელი პირობებისა და ზრუნვისა და მკურნალობის შესახებ, როგორც 2004 წლამდე, ისე საქმისთვის მნიშვნელოვან პერიოდში (იხილეთ 47-ე, 74-ე და 78-ე პარაგრაფები მაღლა).
117. ბატონი კამპეანუსთვის ადეკვატური ზრუნვისა და მკურნალობის მიუწოდებლობა ხაზგასმული იყო მეტად ცუდად შენახული სამედიცინო ჩანაწერებით და საავადმყოფოს სხვადასხვა განყოფილებებს შორის შემდგომი გადაყვანის შესახებ არასათანადო ჩანაწერებით. ამგვარი უმოქმედება მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან აშკარა იყო, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა მითითებულ დროს და შესაბამისად საჭირო იყო გადაუდებელი მკურნალობა. ასევე, როგორც ზემოთ აღინიშნა, პაციენტის CMSC-ში მოკლევადიანად ყოფნის პერიოდში ARV მედიკამენტების მიწოდების შეწყვეტის გათვალისწინებით მეტად სარწმუნო იყო, რომ არც PMH-ში მიუღია ბატონ კამპეანუს ARV მედიკამენტები. იმავდროულად, მიუხედავად იმისა, რომ აუცილებელი იყო მთელი რიგი სამედიცინო ანალიზების ჩატარება, ისინი არავის ჩაუტარებია. ოფიციალური გამოძიების მიმდინარეობისას საქმის ამ არსებით გარემოებებზე ყურადღება არ გამახვილებულა, რომ არაფერი ითქვას იმაზე, რომ პაციენტის ფსიქოტურ ქცევას შესაძლოა ასევე სხვა დამაჯერებელი საფუძვლები ქონოდა, როგორიცაა სიფილისი ან მისი იძულებითი განთავსება სამარტოო ოთახში.
აღნიშნულის გათვალისწინებით CLR-მა განაცხადა, რომ მოპასუხე სახელმწიფომ მე-2 მუხლის საფუძველზე ნაკისრი არსებითი ვალდებულებები არ შეასრულა.
118. CLR-მა ასევე განმარტა, რომ PMH-ში არსებული საცხოვრებელი პირობები და პაციენტის განთავსება სამარტოო ოთახში თავის მხრივ უტოლდებოდა მე-3 მუხლის დარღვევას.
საქმეში არსებული სოლიდური მტკიცებულება, მათ შორის რუმინეთის სახელმწიფო ორგანოები, როგორიცაა მთავრობა, უმაღლეს სასამართლოსთან არსებული პროკურორის სამსახური, ეროვნული საექსპერტო ინსტიტუტი თუ თვით PMH-ის პერსონალი, ხაზს უსვამდა PMH-ში შესაბამის დროს სტანდარტებთან შეუსაბამო პირობებზე, განსაკუთრებით საკვების არ არსებობაზე, გათბობის არ არსებობასა და ინფექციური დაავადებების გავრცელებაზე.
უდავო იყო, რომ ბატონი კამპეანუ მარტო განათავსეს სამარტოო ოთახში; CLR-ის მონიტორებმა PMH-ში მათი ვიზიტისას აღნიშნეს, რომ პაციენტი არ იყო სათანადოდ ჩაცმული, ოთახი იყო ცივი და პერსონალი უარს ამბობდა საბაზისო საჭიროების დაკმაყოფილებაში მისთვის დახმარების აღმოჩენაზე. მართალია მოპასუხე სახელმწიფო ამტკიცებდა, რომ ეს ღონისძიება გატარდა პაციენტის რაიმე ფორმით დისკრიმინაციის განზრახვის გარეშე, მათ ვერ წარმოადგინეს აღნიშნულის თაობაზე რაიმე დასაბუთება. მტკიცება იმის თაობაზე, რომ განსახილველი ოთახი ერთადერთი თავისუფალი სივრცე იყო, ბათილდებოდა მთელი რიგი ანგარიშებით, რომლებიდანაც მტკიცდებოდა, რომ იმ დროისთვის საავადმყოფო არ მოქმედებდა სრული დატვირთვით.
119. CLR ჩიოდა, რომ საქმეზე წარმართული ოფიციალური გამოძიება არ შეესაბამებოდა კონვენციის მოთხოვნებს შემდეგ მიზეზთა გამო: მისი ფარგლები მეტად ვიწრო იყო, მიმართული მხოლოდ ორ ექიმზე, ერთი CMSC-დან და ერთიც PMH-დან, ხოლო სხვა პერსონალი და უწყებები იგნორირებული იყო; მოხდა მხოლოდ სიკვდილის პირდაპირი მიზეზისა და გარდაცვალებამდე მოკლე პერიოდის ანალიზი; სახელმწიფო ორგანოებმა დროულად არ შეაგროვეს აუცილებელი მტკიცებულებები და ვერ გამოარკვიეს სადავო ფაქტები, მათ შორის სიკვდილის მიზეზი. პაციენტის გარდაცვალებისთანავე გვამის გაკვეთის ჩაუტარებლობა სამედიცინო მომსახურების გაწევისას ის პრობლემა იყო, რასაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში გაესვა ხაზი, თუმცა შემდგომ ეს გადაწყვეტილება გააუქმა სააპელაციო სასამართლომ.
CLR-მა დასკვნის სახით განაცხადა, რომ გამოძიება არ შეესაბამებოდა კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, რადგანაც შედეგად ვერ დადგინდა ფაქტები, არ გამოიკვეთა სიკვდილის მიზეზი და არ დასჯილან აღნიშულისთვის პასუხისმგებელი პირები.
120. CLR ამტკიცებდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუციებში განთავსებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საქმეზე მე-13 მუხლი სახელმწიფოებს ავალდებულებდა პოზიტიური ნაბიჯები გადაედგათ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ ადამიანებს ქონოდათ ხელმისაწვდომობა მართლმსაჯულებაზე, მათ შორის დამოუკიდებელი მონიტორინგის მექანიზმის შექმნით, რომელსაც შეეძლებოდა ამგვარ საკითხებზე საჩივრების მიღება, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამოძიება, სანქციების გამოყენება ან საქმის შესაბამისი უწყებისთვის გადაგზავნა.
121. მან განაცხადა, რომ რუმინეთის წინააღმდეგ რამდენიმე წინამორბედ საქმეზე [ადამიანის უფლებათა ევროპულმა] სასამართლომ დაადგინა დარღვევა კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლებთან მიმართებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადეკვატური სამართლებრივი დაცვის საშუალებების არ არსებობასთან მიმართებით (ის ციტირებდა შემდეგ საქმეებს ფილიპი რუმინეთის წინააღმდეგ (Filip v. Romania), # 41124/02, § 49, 14 დეკემბერი, 2006; C.B. რუმინეთის წინააღმდეგ (C.B. v. Romania), ციტირება მაღლა, §§ 65-67; პარასცინეტი რუმინეთის წინააღმდეგ (Parascineti v. Romania), # 32060/05, §§ 34-38, 13 მარტი, 2012; და B. რუმინეთის წინააღმდეგ (B. v. Romania) (# 2), ციტირება მაღლა, § 97).
იგივე დასკვნა გამოიკვეთა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების თანმიმდევრული ანგარიშებიდან, როგორიცაა Human Rights Watch და Mental Disability Rights International, ასევე CLR-მაც მოამზადა ანგარიში არასათანადო მოპყრობისგან დაცვის გარანტიების არ არსებობისა და იმ ფაქტის შესახებ, რომ ფსიქიატრიული დაწესებულებების მაცხოვრებლები მეტწილად არ იცნობდნენ თავიანთ უფლებებს, ხოლო პერსონალი არ იყო მომზადებული უფლებამოსილების გადამეტების შესახებ ჩივილების გადაწყვეტაში.
CLR ასევე ამტკიცებდა, რომ მისი ინფორმაციით, მიუხედავად მეტად სარწმუნო ბრალდებებისა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში საეჭვო გარდაცვალებებთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილება არასდროს მიღებულა, რომლითაც პერსონალის სისხლის სამართლებრივი ან სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგებოდა ამგვარ გარდაცვალებებთან მიმართებით. 2002 წლიდან 2004 წლამდე PMH-ში დაფიქსირებულ 129 გარდაცვალების შემთხვევასთან დაკავშირებით წარმართულ სისხლის სამართლის გამოძიებებს არ მოყოლია გადაცდომების დადგენა, შესაბამისად სასამართლოებმაც ძალაში დატოვეს გადაწყვეტილებები ბრალდების შეწყვეტის თაობაზე.
შეჯამების სახით უნდა ითქვას, რომ რუმინეთის სამართლებრივ სისტემას არ გააჩნდა სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალებები მე-13 მუხლით დადგენილი მნიშვნელობით, ფსიქიკური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან მიმართებით, უფრო კონკრეტულად კი ბატონი კამპეანუს მე-2 და მე-3 მუხლით დაცულ უფლებებთან მიმართებით.
(b) მოპასუხე ხელისუფლება
122. მოპასუხე ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ ვინაიდან აივ-ინფექცია მეტად მძიმე პროგრესირებადი დაავადებაა, ის ფაქტი, რომ ბატონი კამპეანუ ამ დაავადების შედეგად გარდაიცვალა თავისთავად არ იყო იმის მტკიცებულება, რომ სიკვდილი გამოიწვია სამედიცინო სისტემაში არსებულმა ხარვეზებმა.
უფრო მეტიც, მტკიცებულება არ წარმოდგენილა, რომლითაც გამოვლინდებოდა, რომ სახელმწიფო ორგანოებმა ვერ უზრუნველყვეს ბატონი კამპეანუს ARV მკურნალობა; პირიქით, მოპასუხე სახელმწიფომ წარმოადგინა პაციენტის სამედიცინო ჩანაწერები PMH-დან, რითად დასტურდებოდა, რომ ის საავადმყოფოში ყოფნისას იღებდა საჭირო ARV მკურნალობას.
სამედიცინო ასოციაციის დისციპლინური საბჭოს დასკვნა ასევე ადასტურებს ბატონი კამპეანუსთვის ჩატარებული მკურნალობის ადეკვატურობას (იხილეთ 35-ე პარაგრაფი მაღლა). შესაბამისად მე-2 მუხლის მატერიალური ნაწილი ვერ გავრცელდება წინამდებარე საქმეზე.
123. მე-3 მუხლთან მიმართებით მოპასუხე სახელმწიფომ განაცხადა, რომ როგორც CMSC-ში, ისე PMH ზოგადი პირობები (ჰიგიენა, კვება, გათბობა და ასევე ადამიანური რესურსი) ადეკვატური იყო და შეესაბამებოდა იმ დროისთვის მოქმედ სტანდარტებს.
ბატონი კამპეანუსთვის გაწეული სამედიცინო ზრუნვა შეესაბამებოდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას; ის მიიღეს CMSC-ში “ზოგადად კარგ მდგომარეობაში” და PMH-ში გადაიყვანეს მას შემდეგ რაც “აგრესიული შეტევები” დაეწყო. პაციენტი PMH-ში განათავსეს ოთახში მარტო, არა მისი იზოლირების განზრახვით, არამედ ვინაიდან ეს იყო მათი ერთადერთი თავისუფალი ოთახი. მიუხედავად ინტრავენული გზით კვებისა, პაციენტი გარდაიცვალა 2004 წლის 20 თებერვალს კარდიორესპირატორული უკმარისობით.
აღნიშნულთან მიმართებით მოპასუხე ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ბატონი კამპეანუს მიერ PMH-ში გატარებული მოკლე პერიოდის გათვალისწინებით მე-3 მუხლის მოქმედება ვერ გავრცელდება საავადმყოფოში არსებულ მდგომარეობაზე.
124. მოპასუხე სახელმწიფო ამტკიცებდა, რომ CLR-ის მიერ წარდგენილი სისხლის სამართლის საჩივრები ბატონი კამპეანუს გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით ეროვნულმა სახელმწიფო ორგანოებმა - სასამართლოებმა, კომისიებმა თუ საგამოძიებო ორგანოებმა დეტალურად შეისწავლეს და დეტალურად და ამომწურავად დაასაბუთეს თავიანთი გადაწყვეტილებები. შესაბამისად, ვერ დადგება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი მე-2 და მე-3 მუხლის საფუძველზე.
125. რაც შეეხება მე-13 მუხლს, მოპასუხე სახელმწიფომ განაცხადა, რომ ვინაიდან ეს საჩივარი CLR-ის მიერ წარმოდგენილ სხვა საჩივრებთან კავშირში იყო, მათი ცალკე შესწავლა არ იყო საჭირო; ნებისმიერ შემთხვევაში, ამ მუხლთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია.
მოპასუხე სახელმწიფო ამტკიცებდა, რომ ეროვნული კანონმდებლობით ალტერნატივის სახით უზრუნველყოფილი იყო ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის საშუალებები მე-13 მუხლთან მიმართებით განაცხადში წარმოდგენილ საჩივრებთან მიმართებით.
მოპასუხე სახელმწიფომ მიუთითა რუმინეთის ომბუცმენზე, როგორც ხელმისაწვდომ სამართლებრივი დაცვის საშუალებებზე. ომბუცმენის ვებ-გვერდზე განთავსებული სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად ომბუცმენი ჩართული იყო 2003 წლიდან 2011 წლამდე პერიოდში ადამიანის უფლებების დარღვევის რამდენიმე საქმეში.
უთითებდა რა [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს მოთხოვნით მტკიცებულების სახით წარმოდგენილ ეროვნული სასამართლოების ორ გადაწყვეტილებაზე, მოპასუხე სახელმწიფო ამტკიცებდა, რომ ფსიქიკური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საქმეების განხილვისას რუმინეთის სასამართლოები გულდასმით მოქმედებდნენ და როგორც წესი გადაწყვეტილებებს არსებითი განხილვის შედეგად იღებდნენ.
126. უფრო კონკრეტულად, მე-2 მუხლთან მიმართებით მოპასუხე სახელმწიფომ განაცხადა, რომ PMH-ში არსებული ვითარება საავადმყოფოში საცხოვრებელ და სამედიცინო პირობებთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივრების შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. შესაბამისად, კონვენციით დადგენილ სტანდარტთან მიმართებით საჩივარი სამართლებრივი დაცვის ეფექტიან საშუალებას წარმოადგენდა.
უთითებდა რა მე-3 მუხლზე, მოპასუხე სახელმწიფო ამტკიცებდა, რომ CLR-ის ასევე შეეძლო საქმისწარმოების დაწყება ცუდი სამედიცინო მომსახურებისთვის კომპენსაციის მისაღებად.
აღნიშნულ საფუძველზე დაყრდნობით მოპასუხე სახელმწიფომ განაცხადა, რომ ბატონი კამპეანუსთვის, განაცხადში წარმოდგენილი თითოეული საჩივრისთვის პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით, ხელმისაწვდომი იყო სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშალებები; შესაბამისად, მე-13 მუხლთან მიმართებით საჩივარი დაუშვებელი იყო.
(c) მესამე მხარის მონაწილეობა
(i) ფსიქიკური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ადვოკატირების ცენტრი (The Mental Disability Advocacy Center)
127. ფსიქიკური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ადვოკატირების ცენტრი (MDAC) ამტკიცებდა, რომ ფსიქიკური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის თუ აივ-ინფიცირებული ბავშვებისთვის განკუთვნილ სტაციონარულ დაწესებულებებში სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი პირობების შესახებ საქმეები დოკუმენტირებულია მთელი ევროპის მაშტაბით, ანგარიშებით იმის თაობაზე, რომ ფიქსირდებოდა საავადმყოფოებში ავადმყოფი ბავშვების არ მიღების ტენდენცია, მიუხედავად მდგომარეობის სიმძიმისა, და მათ ტოვებდნენ აღნიშნულ დაწესებულებაში სიკვდილის მოლოდინში. 2009 წელს რუმინეთის შესახებ გამოქვეყნებულ ადამიანის უფლებათა ანგარიშში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ყურადღება გაამახვილა PMH-ში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე, უთითებდა რა გადატვირთულობაზე, პერსონალისა და მედიკამენტების ნაკლებობაზე, ჰიგიენის ცუდ პირობებზე და სედატიური და შეზღუდვის საშუალებების ფართოდ გამოყენების პრაქტიკაზე.
სიცოცხლის უფლებაზე საერთაშორისო პრეცედენტულ სამართალზე მითითებით (მაგალითად, ადამიანის უფლებათა ინტერ-ამერიკული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე ვილაგრან მორალესი და სხვები გვატემალას წინააღმდეგ (Villagrán Morales et al. v. Guatemala), 19 ნოემბერი, 1999, რომელიც ეხებოდა ქუჩაში მცხოვრებ ხუთ ბავშვს და ველასკეს როდრიგესი ჰონდურასის წინააღმდეგ (Velásquez Rodríguez v. Honduras), 29 ივლისი, 1988) MDAC-იმ განაცხადა, რომ სახელმწიფოს ვალდებულება, დაიცვას სიცოცხლე, ასევე უზრუნველყოს აუცილებელი მკურნალობა, გაატაროს აუცილებელი პრევენციული ღონისძიებები და პასუხისმგებელ პირთა მიმართ განახორციელოს მონიტორინგი, გამოძიება და სახელმწიფო ბრალდება; ამავდროულად დაზარალებულთათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ეფექტიანი და პრაქტიკული შესაძლებლობა, მოითხოვონ მათი სიცოცხლის დაცვა. სახელმწიფოს მხრიდან ამგვარი დაუცველი პირებისთვის მათ სიცოცხლეშივე აღნიშული შესაძლებლობების ვერ უზრუნველყოფა, მათი სიკვდილის შემდეგ აუცილებლად გამოიწვევს შესაბამისი სახელმწიფოს დაუსჯელობას.
(ii) საჯარო ინიციატივების ევრორეგიონული ცენტრი (The Euroregional Center for Public Initiatives)
128. საჯარო ინიციატივების ევრორეგიონულმა ცენტრმა (ECPI) განაცხადა, რომ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე რუმინეთში აივ-ინფიცირებული პირების ყველაზე დიდი ჯგუფი ცხოვრობდა, ძირითადად იმიტომ, რომ 1986 წლიდან 1991 წლამდე პერიოდში საჯარო საავადმყოფოებსა და ბავშვთა სახლებში განთავსებული 10 000-მდე ბავშვი მრავალჯერადი შპრიცებისა და შეუმოწმებელი სისხლის გადასხმის შედეგად აივ-ინფექციის გადაცემის რისკის ქვეშ იყვნენ. 2004 წლის დეკემბერში ბავშვებს შორის შიდსის 7 088 და აივ-ინფექციის 4 462 შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნულთაგან 3 482 ბავშვი გარდაიცვალა შიდსით 2004 წლის ბოლომდე.
ECPI ამტკიცებდა, რომ ბავშვებს შორის აივ-ინფექციის მაღალი მაჩვენებელი განპირობებული იყო ბავშვთა სახლებსა და საავადმყოფოებში მათთვის გაწეული მკურნალობით, იმის გათვალისწინებით, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები მიიჩნეოდნენ “განუკურნებლებად” და “არაპროდუქტიულებად”, ხოლო პერსონალს აკლდა კვალიფიკაცია და ინტერესი მათთვის გაეწიათ სათანადო სამედიცინო ზრუნვა.
ECPI უთითებდა იმ ფაქტზე, რომ 2003 წელს გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა შეშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ARV მკურნალობა რუმინეთში ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის ადამიანებისთვის და მისი მუდმივი მიწოდება როგორც წესი წყდებოდა სახსრების უქონლობის გამო. უფრო მეტიც, 2009 წლის ბოლოსაც ARV მედიკამენტების მიწოდება მწირი იყო ეროვნული ჯანდაცვის დაზღვევის ფონდის შეზღუდული ფინანსური რესურსებისა და ეროვნული აივ-პროგრამის არასწორი მენეჯმენტის გამო.
ECPI-იმ ასევე განაცხადა, რომ როდესაც აივ-ინფიცირებული პირები ცხოვრობდნენ დახურულ დაწესებულებებში ან საავამდყოფოებში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ARV მკურნალობაზე მათი ხელმისაწვდომობა მეტწილად დამოკიდებული იყო დაწესებულების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, მიეღოთ მედიკამენტები ექიმ-ინფექციონისტისგან, რომელთანაც ირიცხებოდნენ პაციენტები. როგორც წესი აივ-ინფიცირებულ პაციენტებს არ გააჩნდათ ინფორმაცია საკუთარი საჭიროების შესახებ, მოეთხოვათ სამედიცინო მომსახურებაზე მათი კანონიერი უფლებებით სარგებლობა.
2009 წელს გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა გამოთქვა შეშფოთება, რომ აივ-ინფიცირებულ ბავშვებს ხშირად დაბრკოლებები ხვდებოდათ სამედიცინო მომსახურების მიღებისას.
რაც შეეხება აივ-ინფიცირებული პირების საქმეებს, რომელთაც ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ქონდათ, ECPI ამტკიცებდა, რომ ფსიქიატრიული საავადმყოფოები ხანდახან უარს აცხადებდნენ აივ-დადებითი ბავშვებისა და ახალგაზრდების მკურნალობაზე, ინფიცირების შიშით. მითითება გაკეთდა Human Rights Watch-ის 2007 წლის ანგარიშშე, სადაც აღწერილი იყო ამგვარი მდგომარეობა (სიცოცხლე არ იცდის. რუმინეთი ვერ იცავს და ეხმარება აივ-ინფიცირებულ ბავშვებსა და ახალგაზრდებს).
(iii) Human Rights Watch
129. Human Rights Watch-მა წერილობით მოსაზრებებში მიუთითა გაეროს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტის დასკვნებზე, იმასთან დაკავშირებით რომ ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზება და მომსახურებები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის, განსაკუთრებით ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობისთვის და ხელისუფლების მხრიდან ამგვარი მომსახურების მიუწოდებლობა მოიცავდა ასევე ყველასთვის ჯანმრთელობის უფლების დაცვის უზრუნველსაყოფად ეროვნული ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის არ არსებობას, ხელმისაწვდომი საჯარო რესურსების გადანაწილების ცუდ მენეჯმენტს და დედათა და ჩვილთა სიკვდილიანობის შემცირების ვალდებულების შეუსრულებლობას.
2. სასამართლოს შეფასება
(a) კონვენციის მე-2 მუხლი
(i) ზოგადი პრინციპები
130. 2.1 მუხლის პირველი წინადადება ავალდებულებს სახელმწიფოს არ ჩაიდინოს განზრახი ან უკანონო სიცოცხლის მოსპობა, არამედ ასევე - გაატაროს სათანადო ზომები მის იურისდიქციაში მყოფთა სიცოცხლის დასაცავად (იხილეთ L.C.B. გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (L.C.B. v. the United Kingdom), 9 ივნისი, 1998, § 36, გადაწყვეტილებათა და განაჩენთა ანგარიშები 1998‑III).
მე-2 მუხლიდან გამომდინარე პოზიტიური ვალდებულებები უნდა განიმარტოს როგორც ნებისმიერი აქტივობის კონტექსტში მოქმედი, იქნება ეს საჯარო, თუ არასაჯარო, სადაც სიცოცხლის უფლება დღის წესრიგშია. მაგალითად, ჯანმრთელობის დაცვის სექტორთან მიმართებით, ჯანმრთელობის დაცვის პროფესიონალთა ქმედებებთან ან უმოქმედებებთან დაკავშირებით (იხილეთ დოდოვი (Dodov), ციტირება მაღლა, §§ 70, 79-83 და 87, და ვო საფრანგეთის წინააღმდეგ (Vo v. France) [დიდი პალატა], # 53924/00, §§ 89‑90, ECHR 2004‑VIII, შემდგომი მითითებებით), სახელმწიფოებს ევალებათ რეგულაციების მომზადება საავადმყოფოების შესახებ, იქნება ეს საჯარო თუ კერძო საავადმყოფოები, გაატარონ სათანადო ზომები მათი პაციენტების სიცოცხლის დასაცავად (იხილეთ კალველი და სილიო იტალიის წინააღმდეგ (Calvelli and Ciglio v. Italy) [დიდი პალატა], # 32967/96, § 49, ECHR 2002‑I). ეს განსაკუთრებით აქტუალურია როდესაც პაციენტის თვითზრუნვის უნარი შეზღუდულია (იხილეთ დოდოვი (Dodov), ციტირება მაღლა, § 81); საფრთხის შემცველი საქმიანობის მართვასთან მიმართებით (იხილეთ ონერილდიზი თურქეთის წინააღმდეგ (Öneryıldız v. Turkey) [დიდი პალატა], # 48939/99, § 71, ECHR 2004‑XII); სკოლის მენეჯმენტთან მიმართებით, რომელთაც ევალებათ სკოლის მოსწავლეთა ჯანმრთელობისა და ჯანსაღად ყოფნის დაცვა, კერძოდ კი მცირეწლოვანი ბავშვებისა, ვინც განსაკუთრებით მოწყვლადია და მათი ექსკლუზიური კონტროლის ქვეშ არის (იხილეთ ილბეი ქემალოღლუ და მერიე ქემალოღლუ თურქეთის წინააღმდეგ (Ilbeyi Kemaloğlu and Meriye Kemaloğlu v. Turkey), # 19986/06, § 35, 10 აპრილი, 2012); ან მსგავსად ამისა სახელმწიფო დაწესებულებებში განთავსებულ მცირეწლოვან ბავშვებზე სამედიცინო ზრუნვასთან და დახმარებასთან მიმართებით (იხილეთ ნენჩევა და სხვები (Nencheva and Others), ციტირება მაღლა, §§ 105-116).
ამგვარი პოზიტიური ვალდებულება წარმოიშობა, როდესაც სახელმწიფო ორგანოებისთვის ცნობილია, ან არსებულ გარემოებათა გათვალისწინებით უნდა იყოს ცნობილი, რომ დაზარალებული მესამე მხარისგან სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედების რეალური და მყისიერი რისკის ქვეშ იყო (იხილეთ ნენჩევა და სხვები (Nencheva and Others), ციტირება მაღლა, § 108) და თუკი ეს მოცემულობა არსებობდა, მათ ვერ შეძლეს მათი უფლებამოსილების ფარგლებში იმგვარი ზომების მიღება, რაც მათგან მოსალოდნელია ამ რისკის ასაცილებლად (იხილეთ A. და სხვები თურქეთის წინააღმდეგ (A. and Others v. Turkey), # 30015/96, §§ 44-45, 27 ივლისი, 2004).
131. მე-2 მუხლით დადგენილი დაცვის მნიშვნელოვნების ჭრილში სასამართლომ სიცოცხლის მოსპობა უნდა დაუქვემდებაროს ყველაზე ფრთხილ შესწავლას, არა მხოლოდ სახელმწიფო ორგანოების ქმედებების, არამედ ასევე მასთან დაკავშირებული ყველა გარემოების გათვალისწინებით. პატიმრობაში მყოფი პირები მოწყვლად მდგომარეობაში არიან და სახელმწიფო ორგანოებს ევალება მათი დაცვა. თუკი სახელმწიფო ორგანოები გადაწყვეტენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი განათავსონ და შეინარჩუნონ პატიმრობაში, მათ უნდა გამოავლინონ განსაკუთრებული ზრუნვა, რათა უპასოხონ მისი შეზღუდული შესაძლებლობიდან გამომდინარე სპეციალურ საჭიროებას (იხილეთ იასინსკი ლატვიის წინააღმდეგ (Jasinskis v. Latvia), # 45744/08, §59, 21 დეკემბერი, 2010, დამატებით წყაროებზე მითითებით). უფრო ფართოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფოებს ევალება კონკრეტული ზომები გაატარონ სახელმწიფო ორგანოებისთვის ცნობილი ან სავალდებულო წესით ცნობილი მოწყვლადი პირების არასათანადო მოპყრობისგან ეფექტიანი დაცვის უზრუნველსაყოფად (Z და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Z and Others v. the United Kingdom) [დიდი პალატა], # 29392/95, § 73, ECHR 2001‑V). შესაბამისად, თუკი პირი პატიმრობაში განათავსეს ჯანმრთელობის კარგი მდგომარეობით, მაგრამ მოგვიანებით გარდაიცვალა, სახელმწიფოს ვალდებულებაა წარმოადგინოს გარდაცვალების გამომწვევი დამაკმაყოფილებელი და დამაჯერებელი განმარტება (იხილეთ კარაბულეა რუმინეთის წინააღმდეგ (Carabulea v. Romania), # 45661/99, § 108, 13 ივლისი, 2010) და მტკიცებულება, რომელიც გაფანტავს ეჭვს დაზარალებულის მხრიდან წამოყენებულ ბრალდებებთან მიმართებით, კერძოდ კი არსებობს თუ არა შესატყვისი სამედიცინო ანგარიშები (იხილეთ სელმუნი საფრანგეთის წინააღმდეგ (Selmouni v. France) [დიდი პალატა], # 25803/94, § 87, ECHR 1999‑V, და აბდულსამეტ იამანი თურქეთის წინააღმდეგ (Abdülsamet Yaman v. Turkey), # 32446/96, § 43, 2 ნოემბერი, 2004).
მტკიცებულების შეფასებისას სასამართლო ეყრდნობა “გონივრულ ეჭვს მიღმა” მტკიცების სტანდარტს. თუმცა ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა მომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, ნათელი და შესატყვისი ჩარევებისგან ან ფაქტების მსგავსი გაუბათილებელი პრეზუმპციებისგან (იხილეთ ორჰანი თურქეთის წინააღმდეგ (Orhan v. Turkey), # 25656/94, § 264, 18 ივნისი 2002, § 264, და ირლანდია გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Ireland v. the United Kingdom), ციტირება მაღლა, § 161).
132. სახელმწიფოს ვალდებულებად, დაიცვას სიცოცხლის უფლება მიიჩნევა არა მხოლოდ საჯარო ადგილებში ადამიანთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გონივრული ზომების მიეღება, არამედ ასევე მძიმე დაზიანების ან გარდაცვალების შემთხვევაში ეფექტიანი დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ქონა, რომელიც უზრუნველყოფს სამართლებრივი საშუალებების ხელმისაწვდომობას ფაქტების მყისიერად დასადგენად, ბრალეულ პირთა პასუხისმგებლობის დასადგენად და დაზარალებულისთვის შესატყვისი დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად (იხილეთ დოდოვი (Dodov), ციტირება მაღლა, § 83).
ეს ვალდებულება აუცილებლად არ მოითხოვს ყოველ საქმეზე სისხლის სამართლებრივი საშუალების უზრუნველყოფას. მაგალითად, გულგრილობის შემთხვევაში ვალდებულება შესაძლოა დაკმაყოფილებულად ჩაითვალოს თუკი სამართლებრივი სისტემა დაზარალებულთათვის უზრუნველყოფს სამართლებრივი დაცვის საშუალებას სამოქალაქო სამართლის სასამართლოებში, განცალკევებით ან სისხლის სამართლის სასამართლოების წინაშე სამართლებრივი დაკმაყოფილების საშუალებებთან ერთად. თუმცა, კონვენციის მე-2 მუხლის მოთხოვნები არ ჩაითვლება შესრულებულად თუკი ეროვნული კანონმდებლობით გაცხადებული დაცვა მხოლოდ თეორიულ დონეზე არსებობს; ის ამასთან ერთად პრაქტიკაშიც ეფექტიანად უნდა სრულდებოდეს (იხილეთ კალველი და სილიო (Calvelli and Ciglio), ციტირება მაღლა, § 53).
133. მეორეს მხრივ, ეროვნულმა სასამართლოებმა არ უნდა დაუშვან სიცოცხლისათვის საფრთხის შემქმნელი სამართალდარღვევების დაუსჯელობა. ეს არსებითია საზოგადოებრივი ნდობის შენარჩუნებისთვის და კანონის უზენაესობისადმი მორჩილების უზრუნველსაყოფად და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისადმი მიმღებლობისა ან თანამონაწილეობის გამოვლინების პრევენციისთვის (იხილეთ, mutatis mutandis, ნიკოლოვა და ველიჩკოვა (Nikolova and Velichkova v. Bulgaria), # 7888/03, § 57, 20 დეკემბერი 2007). შესაბამისად [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს ამოცანაა მიმოიხილოს, თავიანთი გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლოებმა კონვენციის მე-2 მუხლის მოთხოვნის შესაბამისად ყურადღებით შეისწავლეს თუ არა საქმე, სასამართლო სისტემის დამცავი ეფექტის შესანარჩუნებლად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ სიცოცხლის უფლების დარღვევები შესწავლილია და შესატყვისი რეაგირება მოხდა (იხილეთ ონერილდიზი (Öneryıldız), ციტირება მაღლა, § 96).
(ii) აღნიშნული პრინციპების მოქმედების გავრცელება წინამდებარე საქმეზე
(α) მატერიალური ნაწილი
134. საქმის წინარე გარემოებებზე მითითებით სასამართლო აღნიშნავს, რომ ბატონმა კამპეანუმ მთელი ცხოვრება ეროვნული სახელმწიფო ორგანოების ხელში გაატარა: ის გაიზარდა ბავშვთა სახლში, დაბადებისთანავე მიტოვების შემდეგ და მოგვიანებით ის განთავსების ცენტრში გადაიყვანეს, შემდგომ CMSC-ში და ბოლოს PMH-ში, სადაც ის 2004 წლის 20 თებერვალს უდროოდ გარდაიცვალა.
135. სიცოცხლის ამ ეტაპებზე მას არც მუდმივი და არც დროებითი მეურვე დანიშვნია, არც ბატონი კამპეანუს მიერ სრულწლოვანების ასაკის მიღწევის შემდგომ; შესაბამისად არსებობდა პრეზუმპცია, რომ მას სრული ქმედუნარიანობა გააჩნდა, მიუხედავად მისი მძიმე ფსიქიკური შეზღუდული შესაძლებლობისა.
თუკი ეს მართლაც ასე იქნებოდა, სასამართლო აღნიშნავს, რომ სამედიცინო პერსონალის მიერ ბატონი კამპეანუს საქმის წარმართვის ფორმა წინააღმდეგობაში მოდიოდა ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ კანონთან სრული ქმედუნარიანობის მქონე პაციენტებთან მიმართებით: პაციენტის ერთი სამედიცინო განყოფილებიდან მეორეში გადაყვანის შესახებ პაციენტის თანხმობის მოპოვება არ მომხდარა, მას შემდეგ რაც მას თვრამეტი წელი შეუსრულდა; არც PMH-ში, ფსიქიატირიულ დაწესებულებაში მის განთავსებაზე გაცემულა თანხმობა; არ მომხდარა პაციენტის ინფორმირება არც კონსულტირება მისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების შესახებ, არც იმის შესახებ იყო ინფორმირებული, რომ უფლებამოსილი იყო ზემოთ აღნიშნული ღონისძიებები გაესაჩივრებია. სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენელთან დასაბუთება იყო შემდეგი, პაციენტი “არ თანამშრომლობდა” ან “შეუძლებელი იყო მასთან კომუნიკაციის დამყარება” (იხილეთ მე-14 და მე-16 პარაგრაფები მაღლა).
ამ კონტექსტში სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ საქმეზე B. რუმინეთის წინააღმდეგ (B. v. Romania (# 2) (ციტირება მაღლა, §§ 93-98) მან ხაზი გაუსვა მძიმე ხარვეზებს, რუმინეთში ფსიქიატრიულ დაწესებულებებში სამართლებრივი დახმარებისა თუ დაცვის გარეშე დარჩენილი მოწყვლადი პაციენტების მიმართ სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენელთა მიერ ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ კანონის ნორმების იმპლემენტაციის ფორმებთან მიმართებით.
136. უფრო მეტიც, სასამართლო ადგენს, რომ ეროვნული სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილებები ბატონი კამპეანუს გადაყვანისა და მისი ჯერ CMSC-ში, ხოლო შემდგომ PMH-ში განთავსების შესახებ ძირითადად ეფუძნებოდა იმას, თუ რომელი დაწესებულება ისურვებდა მის მიღებას და არა იმას, თუ სად შეიძლებოდა მისთვის სათანადო სამედიცინო ზრუნვისა და მხარდაჭერის აღმოჩენა (იხილეთ 12-13 პარაგრაფები მაღლა). აღნიშნულთან მიმართებით სასამართლო ვერ უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ ბატონი კამპეანუ პირველ ყოვლისა განათავსეს CMSC-ში, განყოფილებაში რომელიც არ იყო აღჭურვილი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტებისთვის და შემდგომ გადაიყვანეს PMH-ში, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ამ საავადმყოფოში მის მიღებაზე უარი განაცხადეს რადგანაც მათ არ გააჩნდათ სათანადო პირობები აივ-ინფექციის სამკურნალოდ (იხილეთ მე-11 პარაგრაფი მაღლა).
137. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ ბატონი კამპეანუს გადაყვანა ერთი განყოფილებიდან მეორეში განხორციელდა სათანადო დიაგნოზისა და შემდგომი ზრუნვის გარეშე და საბოლოო ჯამში უგულებელყოფილი იყო მისი ჯანმრთელობის რეალური მდგომარეობა და მისი პირველადი სამედიცინო საჭიროებები. განსაკუთრებით აღსანიშნავია სახელმწიფო ორგანოების გულგრილობა პაციენტისთვის ARV მკურნალობის კურსის სათანადო ჩატარების უზრუნველყოფის კუთხით უმოქმედების სახით, პირველ ყოვლისა CMSC-ში პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში მედიკამენტების მიუწოდებლობა და შემდგომ PMH-ში ყოფნისას მისთვის მედიკამენტების მიუწოდებლობა (მე-14 და 115-ე პარაგრაფები მაღლა).
ამ დასკვნების გაკეთებისას სასამართლო ეყრდნობა CLR-ის წერილობით მოსაზრებებს, რომლებიც გამყარებულია ეროვნული სასამართლოების წინაშე წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტებით და ბატონი კამპეანუს საქმეზე თერაპიული ჩარევის შესაფასებლად მოწვეული ექსპერტის დასკვნებს (იხილეთ 33-ე, 38-ე და 45-ე პარაგრაფები მაღლა), ასევე ECPI-ის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას ზოგადი პირობების შესახებ, რომლებშიც აივ-ინფიცირებულ ბავშვებს მიეწოდებოდათ ARV მკურნალობა (იხილეთ 128-ე პარაგრაფი მაღლა), რაც თავის მხრივ CLR’s-ის მტკიცებებს სარწმუნოს ხდიდა. ამ ელემენტების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე სახელმწიფოს საპირისპირო არგუმენტები არ არის დამაჯერებელი, რადგანაც ისინი არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებით, რომელიც მათ ადასტურებს გონივრულ ეჭვს მიღმა.
138. უფრო მეტიც, საქმის გარემოებები მიუთითებს, რომ პაციენტის ქცევის უეცარი ცვლილების შედეგად, რადგანაც ის გახდა ჰიპერ-აგრესიული და უმართავი, სამედიცინო მენეჯმენტმა გადაწყვიტა მისი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანა, კერძოდ კი PMH-ში, სადაც ის განათავსეს განყოფილებაში, რომელშიც ფსიქიატრი საერთოდ არ ყავდათ (იხილეთ 21-ე პარაგრაფი მაღლა). როგორც ზემოთ აღინიშნა, PMH-ს არ ქონდა სათანადო აღჭურვილობა იმ დროისთვის აივ-ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ; უფრო მეტიც, PMH-ში ყოფნისას პაციენტი არასდროს ყოფილა კონსულტაციაზე ექიმ-ინფექციონისტთან.
ბატონი კამპეანუსთვის გაწეული მკურნალობა შეიცავდა მხოლოდ სედატიურ საშუალებებს და ვიტამინებს და არსებითი სამედიცინო გამოძიება არ ჩატარებულა პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობის მიზეზების დასადგენად (იხილეთ მე-16 და 22-ე პარაგრაფები მაღლა). ფაქტობრივად სახელმწიფო ორგანოებს არ წარმოუდგენიათ ბატონი კამპეანუს CMSC-სა და PMH-ში ყოფნისას მისი კლინიკური მდგომარეობის ამსახველი სამედიცინო დოკუმენტაცია. ბატონი კამპეანუს გარდაცვალების შესაძლო მიზეზებთან დაკავშირებული ინფორმაცია ასევე მოკლებული იყო დეტალებს: გარდაცვალების მოწმობაში მითითებული იყო აივ-ინფექცია და გონებრივი შეზღუდული შესაძლებლობა როგორც სიკვდილის გამომწვევი მნიშნველოვანი ფაქტორი, რითაც სავარაუდოდ დასაბუთებული იყო სახელმწიფო ორგანოთა გადაწყვეტილება, არ განეხორციელებიათ გვამის სავალდებულო გაკვეთა (იხილეთ 24-ე და 25-ე პარაგრაფები მაღლა).
139. სასამართლო უთითებს CLR-ის ინსტრუქტაჟით ექსპერტის მიერ მომზადებული სამედიცინო ანგარიშის დასკვნებზე, რომლეშიც ბატონი კამპეანუს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო ჩანაწერები აღწერილია როგორც “მეტად მწირი და სტანდარტებთან შეუსაბამო” (იხილეთ 45-ე პარაგრაფი მაღლა). ამ ანგარიშის თანახმად, სამედიცინო მომსახურება ორივე დაწესებულებაში “მწირი” იყო, ხოლო სამედიცინო მენეჯმენტმა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებას უპასუხა ღონისძიებებით, რომლებიც შეიძლება აღიწეროს როგორც პალიატიური. ექსპერტმა ასევე აღნიშნა, რომ სიკვდილის რამდენიმე პოტენციური მიზეზი, მათ შორის პნევმონია (რომელიც ასევე გვამის გაკვეთის დასკვნაშია ნახსენები), არასდროს შესწავლილა და არ მომხდარა დიაგნოზის დადგენა, რომ არაფერი ითქვას მკურნალობაზე, CMSC-ში თუ PMH-ში (ibid.). ანგარიშში მოცემული იყო დასკვნა, რომ PMH-ში ბატონი კამპეანუს გარდაცვალება გამოწვეული იყო “უკიდურესი სამედიცინო გულგრილობით” (იხილეთ 46-ე პარაგრაფი მაღლა).
140. ამ კონტექსტში სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ მისთვის წარდგენილი მტკიცებულების შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ბატონი კამპეანუს მოწყვლადობაზე (იხილეთ მე-7 პარაგრაფი მაღლა) და ფაქტზე, რომ მთელი მისი სიცოცხლის მანძილზე ის სახელმწიფო ორგანოების ხელში იყო, რომლებიც თავის მხრივ პასუხისმგებელნი არიან მის მკურნალობაზე და ამგვარი მკურნალობის შესახებ დასაბუთებული განმარტების მიცემაზე (იხილეთ 131-ე პარაგრაფი მაღლა).
სასამართლო პირველ ყოვლისა აღნიშნავს, რომ CLR-ის წერილობითი მოსაზრებები ბატონი კამპეანუს გარდაცვალების გამომწვევი მიზეზების შესახებ გამყარებულია სამედიცინო მენეჯმენტის გადაწყვეტილებების მძიმე ხარვეზებით. ამგვარი ხარვეზები აღწერილი იყო მთავარი პროკურორის 2005 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილების დასაბუთებაში (33-ე პარაგრაფი მაღლა); პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში, რომლითაც სასამართლომ საქმის შემდგომი გამოძიებისთვის დაბრუნება გადაწყვიტა (იხილეთ 38-ე პარაგრაფი მაღლა); და ამ საქმეზე CLR-ის მიერ წარდგენილი სამედიცინო ანგარიშის დასკვნებში.
მეორე, მოპასუხე სახელმწიფომ ვერ შეძლო საკმარისი მტკიცებულების წარმოდგენა, რომლითაც ეჭვქვეშ დადგებოდა დაზარალებულის სახელით წარმოდგენილი ბრალდებების ნამდვილობა. აღიარებს რა რომ აივ-ინფექცია შესაძლოა მეტად მძიმე პროგრესირებადი დაავადებაა, სასამართლო ვერ უგულებელყოფს ბატონი კამპეანუსთვის სათანადო მედიკამენტოზური მკურნალობისა და ზრუნვის გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანი შეცდომებზე მიმანიშნებელ აშკარა და თანმიმდევრულ დასკვნებს (იხილეთ 137-138 პარაგრაფები მაღლა). მოპასუხე ხელისუფლებამ ასევე ვერ შეძლო იმ ხარვეზების შევსება, რომლებიც დაკავშირებულია გარდაცვალებამდე ბატონი კამპეანუს მდგომარეობის აღმწერ სამედიცინო დოკუმენტაციასთან, რომელშიც ასევე არ იყო გარდაცვალების რეალური მიზეზების შესახებ შესაბამისი განმარტება.
141. უფრო მეტიც, ბატონი კამპეანუს ინდივიდუალური მდგომაროების ზოგად კონტექსტში განხილვისას სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ დროს PMH-ში ათეულობით გარდაცვალება იყო დაფიქსირებული (ოთხმოცდაერთი 2003-ში და ოცდარვა 2004 წლის დასაწყისში); როგორც CPT-ის 2004 წლის ანგარიშში აღინიშნა, მოცემული დროისთვის მნიშნველოვანი ნაკლოვანებები დაფიქსირდა პაციენტებისთვის მიწოდებულ საკვებთან დაკავშირებით, ასევე არასათანადო გათბობასთან და ზოგადად მძიმე საცხოვრებელ პიროებებთან დაკავშირებით, რამაც პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის თანდათან გაუარესება განაპირობა, განსაკუთრებით ყველაზე მოწყვლადების (იხილეთ 77-ე პარაგრაფი მაღლა). PMH-ში არსებული აუტანელი პირობების შესახებ მრავალმა საერთაშორისო ორგანიზაციამ განაცხადა, როგორც ზემოთ აღწერილია (იხილეთ 78-ე პარაგრაფი); შესაბამისად სახელმწიფო ორგანოებისთვის სრულად იყო ცნობილი საავადმყოფოში არსებული რთული ვითარება.
მიუხედავად მოპასუხე სახელმწიფოს მტკიცებისა, რომ PMH-ში არსებული საცხოვრებელი პირობები ადეკვატური იყო (იხილეთ 123-ე პარაგრაფი მაღლა), სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ დროს ეროვნულმა სახელმწიფო ორგანოებმა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე აღიარეს PMH-ში არსებული პრობლემები გათბობასთან და წყლის მიწოდებასთან, საცხოვრებელ და სანიტარულ პირობებთან და სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებით (იხილეთ 78-ე პარაგრაფი მაღლა).
142. სასამართლო მიიჩევს, რომ საქმეზე ნენჩევა და სხვები (Nencheva and Others) (ციტირება მაღლა) დადგინდა ბულგარეთის მიერ მე-2 მუხლით მისთვის დაკისრებული ვალდებულებების დარღვევა, სოციალური ზრუნვის სახლებში განთავსებული ახალგაზრდა ადამიანების სიცოცხლის ეფექტიანი და საკმარისი დაცვის უზრუნველსაყოფად საკმარისად მყისიერი ქმედებების განუხორციელებლობის გამო. სასამართლომ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ ბავშვების გარდაცვალება არ იყო უცაბედი მოვლენა, რადგანაც სახელმწიფო ორგანოებისთვის უკვე ცნობილი იყო სოციალური ზრუნვის სახლში არსებული მძიმე საცხოვრებელი პირობებისა და მოცემულ დრომდე რამდენიმე თვის განმავლობაში სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდის შესახებ (ibid., §§ 121‑123).
143. სასამართლო ადგენს, რომ მსგავსად აღნიშნულისა, წინამდებარე საქმეზე მოცემულ დროს ეროვნული სახელმწიფო ორგანოების რეაგირება PMH-ში არსებულ ზოგადად რთულ ვითარებაზე არაადეკვატური იყო, ხედავს რა, რომ სახელმწიფო ორგანოებისთვის ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ გათბობისა და სათანადო კვების არ არსებობამ და სამედიცინო პერსონალისა და სამედიცინო რესურსების, მათ შორის მედიკამენტების ნაკლებობამ 2003 წლის ზამთარში სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა გამოიწვია.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ გარემოებებში უფრო მეტად ხილულია, რომ მიუხედავად მისი მეტად მძიმე მდგომარეობისა, ბატონი კამპეანუს PMH-ში განთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღებით, ეროვნულმა სახელმწიფო ორგანოებმა უსაფუძვლოდ ჩააგდეს მისი სიოცხლე საფრთხეში. სამედიცინო პერსონალის მხრიდან ბატონი კამპეანუსთვის სათანადო ზრუნვისა და მკურნალობის მიუწოდებლობა კიდევ ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იყო, რამაც უდროო გარდაცვალება გამოიწვია.
144. წარმოდგენილი მსჯელობა საკმარისია სასამართლოსთვის დაასკვნას, რომ ეროვნულმა სახელმწიფო ორგანოებმა ვერ შეძლეს კონვენციის მე-2 მუხლის მატერიალური ნაწილის მოთხოვნების შესრულება ბატონი კამპეანუს სიცოცხლის დაცვის აუცილებელი სტანდარტის დაუცველობით.
(β) პროცესუალური ნაწილი
145. სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ორგანოებმა არა მხოლოდ ვერ უპასუხეს ბატონი კამპეანუს ყველაზე საბაზისო სამედიცინო საჭიროებებს მის სიცოცხლეში, მათ ასევე ვერ გამოავლინეს მის გარდაცვალებასთან დაკავშირებული გარემოებები, მათ შორის ვერ გამოავლინეს პასუხისმგებელი პირები.
146. სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ დროისთვის ეროვნული სახელმწიფო ორგანოების სხვადასხვა ანგარიშებში იკვეთებოდა მთელი რიგი პროცედურული დარღვევებისა, მათ შორის ბატონი კამპეანუს გარდაცვალებისთანავე გვამის გაკვეთის ჩაუტარებლობა, რაც თავის მხრივ ეროვნული კანონმდებლობის ნორმების დარღვევა იყო და ამ საქმეზე გამოყენებულ თერაპიულ მიდგომებთან დაკავშირებით ეფექტიანი გამოძიების ჩაუტარებლობა (იხილეთ 33-ე, 38-ე და მე-40-ე პარაგრაფები მაღლა).
უფრო მეტიც, მნიშვნელოვანი პროცესუალური ხარვეზები გამოიკვეთა კალაფატის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაში, მათ შორის არსებითი სამედიცინო მტკიცებულებებისა და სამედიცინო პერსონალის წინააღმდეგობრივი განცხადებების განმარტების მოუპოვებლობა (იხილეთ 38-ე პარაგრაფი მაღლა). თუმცა რადგანაც ეს გადაწყვეტილება საგრაფო სასამართლომ არ დატოვა ძალაში, აღნიშნულ ხარვეზებზე რეაგირებაც არ მომხდარა, რომ არაფერი ითქვას სამართლებრივი დაცვის საშუალებებზე. თავის მოკლე სამოტივაციო ნაწილში საგრაფო სასამართლო ძირითადად დაეყრდნო სამედიცინო ასოციაციის გადაწყვეტილებას და ექსპერტის დასკვნას, რომლებიც გამორიცხავდა საქმეზე რაიმე სახის სამედიცინო გულგრილობას, ასკვნიდა რა, რომ პაციენტს მიეწოდებოდა სათანადო მკურნალობა.
სასამართლო ამ დასკვნებს გამაოგნებლად მწირად მიიჩნევს, ბატონი კამპეანუსთვის ჩატარებული მკურნალობის დამადასტურებელი დოკუმენტირებული სამედიცინო ინფორმაციის სიმწირის აღიარებისა და PMH-ში ადამიანური და სამედიცინო რესურსების კუთხით ობიექტური მდგომარეობის გათვალისწინებით (იხილეთ 77-78 პარაგრაფები მაღლა).
სასამართლო ასევე ითვალისწინებს CLR-ის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ 2002-დან 2004 წლამდე პერიოდში PMH-ში დაფიქსირებული 129 გარდაცვალების შემთხვევაზე სისხლის სამართლის გამოძიებები შეწყდა კონკრეტული პირის იდენტიფიცირებისა და გადაცდომისთვის სამოქალაქო ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების გარეშე.
147. ყველა ამ ელემენტის გათვალისწინებით სასამართლო ასკვნის, რომ სახელმწიფო ორგანოებმა ვერ შეძლეს ბატონი კამპეანუს საქმეზე კონვენციის მე-2 მუხლით დადგენილი მოთხოვნის შესრულება, ყურადღებით შესწავლა და შესაბამისად გარდაცვალებასთან დაკავშირებულ გარემოებებზე ეფექტიანი გამოძიების ჩატარება.
შესაბამისად კონვენციის მე-2 მუხლი დაირღვა პროცესუალურ ნაწილში.
(b) მე-13 მუხლი მე-2 მუხლთან ერთობლიობაში
(i) ზოგადი პრინციპები
148. კონვენციის მე-13 მუხლი ეროვნულ დონეზე სამართლებრივი დაცვის საშუალებების ხელმისაწვდომობის გარანტია, კონვენციური უფლებებისა და თავისუფლებების აღსასრულებლად ეროვნულ სამართლებრივ სისტემაში მათი დაცვის ფორმის მიუხედავად.
მე-13 მუხლის მოქმედება გულისხმობს ეროვნულ დონეზე სამართლებრივი დაცვის საშაულებების უზრუნველყოფას, კონვენციასთან მიმართებით “სადავო საჩივრის” არსთან გასამკლავებლად და სათანადო ანაზღაურების მიკუთვნებისთვის, თუმცა ხელშემკვრელი სახელმწიფოებისთვის ხელმისაწვდომია გარკვეული დისკრეცია ამ ნორმის საფუძველზე თავიანთი კონვენციური ვალდებულებების შესრულების ფორმასთან მიმართებით.
მე-13 მუხლის საფუძველზე მოვალეობის ფარგლები განსხვავდება კონვენციის საფუძველზე განმცხადებლის საჩივრის ბუნების მიხედვით. მიუხედავად ამისა მე-13 მუხლის საფუძველზე სავალდებულო სამართლებრივი დაცვის საშუალება უნდა იყოს “ეფექტიანი” პრაქტიკაში, ისევე როგორც კანონმდებლობაში. კერძოდ კი, ამ საშუალებებით სარგებლობა დაუსაბუთებლად არ უნდა შეიზღუდოს მოპასუხე სახელმწიფოს ეროვნული ორგანოების მოქმედებით ან უმოქმედებით (იხილეთ პოლ და ოდრი ედვარდსები გაერთიანებული სამეფოს წინააღდეგ (Paul and Audrey Edwards v. the United Kingdom), # 46477/99, §§ 96-97, ECHR 2002‑II).
149. როდესაც საქმე ეხება ისეთი ფუნდამენტური მნიშნველობის უფლებას როგორიცაა სიცოცხლის უფლება ან წამების, ადარამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა, მე-13 მუხლი სათანადო კომპენსაციის გადახდასთან ერთად შესაბამისად მოითხოვს დეტალურ და ეფექტიან გამოძიებას, რომლის შედეგად შესაძლებელია პასუხისმგებელ პირთა იდენტიფიცირება და დასჯა, ასევე მომჩივნისთვის საგამოძიებო პროცესზე ეფექტიანი წვდომა. როდესაც საქმე ეხება სახელმწიფო ორგანოების მიერ ადამიანთა სხვა პირებისგან დაცვის ვალდებულების შეუსრულებლობას, მე-13 მუხლი შესაძლოა ყოველთვის არ მოითხოვს სახელმწიფო ორგანოებისგან პასუხისმგებლობა აიღონ ბრალდებების გამოძიებაზე. თუმცა, დაზარალებულისთვის ან დაზარალებულის ოჯახისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს კონვენციის საფუძველზე მათი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული მოქმედების ან უმოქმედებისთვის სახელმწიფო თანამდებობის პირთა ან ორგანოების პასუხისმგებლობის დამდგენი რაიმე მექანიზმი (იხილეთ Z და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღდეგ (Z and Others v. the United Kingdom) [დიდი პალატა], ციტირება მაღლა, § 109).
სასამართლოს აზრით მე-13 მუხლში ნახსენები სახელმწიფო ორგანო აუცილებლად არ არის სასამართლო ორგანო მკაცრი გაგებით. თუმცა სახელმწიფო ორგანოს უფლებამოსილება და პროცესუალური გარანტიები რელევანტურია იმის განსაზღვრისას სამართლებრივი დაცვის საშუალება არის თუ არა ეფექტიანი (იხილეთ კლასი და სხვები (Klass and Others), ციტირება მაღლა, § 67). სასამართლომ დაადგინა, რომ სასამართლოს გზით სამართლებრივი დაცვის საშუალებები გულისხმობს მე-13 მუხლის მოთხოვნების შესაბამისი დამოუკიდებლობის, დაზარალებულისა და მისი ოჯახისთვის ხელმისაწვდომობისა და დაკმაყოფილების აღსრულებადობის ძლიერ გარანტიებს (იხილეთ Z და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Z and Others v. the United Kingdom), ციტირება მაღლა, § 110).
(ii) აღნიშნული პრინციპების გავრცელება წინამდებარე საქმეზე
150. როგორც ზემოთ აღინიშნა, მე-13 მუხლი უნდა განიმარტოს როგორც “ეროვნული სახელმწიფო ორგანოების წინაშე ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის საშუალების” გარანტი ყველა იმ პირისთვის ვინც ამტკიცებს, რომ კონვენციის საფუძველზე მისი უფლებები და თავისუფლებები დაირღვა. სამართლებრივი დაცვის ამგვარი საშუალების მთავარი მოთხოვნა მდგომარეობს იმაში, რომ დაზარალებულს მასზე ეფექტიანი ხელმისაწვდომობა გააჩნია.
151. წინამდებარე საქმეზე სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ ბატონი კამპეანუს მოწყვლადობა და მასთან ერთად სახელმწიფო ორგანოების მხრიდან მოქმედი კანონმდებლობის აღუსრულებლობა და მისთვის სამართლებრივი მხარდაჭერის აღმოუჩენლობა, ის ფაქტორები იყო, რამაც გაამყარა სამართლებრივი საფუძველი CLR-ის locus standi-ის საგამონაკლისო აღიარებისთვის (იხილეთ 112-ე პარაგრაფი მაღლა). რომ არა CLR, ბატონი კამპეანუს საქმე ვერასდროს მოექცეოდა ეროვნული თუ საერთაშორისო უწყებების ყურადღების ქვეშ.
თუმცა სასამართლო აღნიშნავს, რომ CLR-ის ინიციატივები ბატონი კამპეანუს სახელით იყო მეტწილად sui generis ხასიათის, ვიდრე ფსიქიკური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებთან დაკავშირებით არსებული სამართლებრივი ჩარჩოებიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ ეს ჩარჩო არ იყო საკმარისი ამგვარ პირთა სპეციფიურ საჭიროებაზე საპასუხოდ, კერძოდ კი მათთვის არსებულ სამართლებრივი დაცვის საშუალებებზე ხელმისაწვდომობის პრაქტიკულ შესაძლებლობასთან მიმართებით. მართლაც, სასამართლომ მანამდე დაადგინა მოპასუხე სახელმწიფოს მხრიდან კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლების დარღვევა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სამართლებრივი დაცვის ადეკვატური საშუალებების არ არსებობის, მათ შორის პოტენციურად ამგვარი სამართლებრივი დაცვის საშუალებებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობის გამო (იხილეთ C.B. რუმინეთის წინააღმდეგ (C.B. v. Romania), §§ 65-67; პარასცინეტი (Parascineti), §§ 34-38; და B. რუმინეთის წინააღმდეგ (B. v. Romania) (# 2), § 97, ყველა ციტირებულია მაღლა).
152. წინამდებარე საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულების საფუძველზე სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ მოპასუხე სახელმწიფო პასუხისმგებელი იყო მე-2 მუხლის საფუძველზე ბატონი კამპეანუს სიცოცხლის დაცვაზე, ეროვნული სამედიცინო ორგანოების ზრუნვის ქვეშ ყოფნისას და მისი გარდაცვალების გამომწვევი გარემოებების ეფექტიანი გამოძიების ჩაუტარებლობისთვის. მოპასუხე სახელმწიფომ ვერ მიუთითა სხვა პროცედურაზე, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფო ორგანოთა პასუხისმგებლობა დადგინდებოდა დამოუკიდებელი, საჯარო და ეფექტიანი ფორმით.
სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ მოპასუხე სახელმწიფოს მიერ მე-13 მუხლის შესაბამის სამართლებრივი დაცვის საშუალებებად ნახსენები მაგალითები (იხილეთ მე-13 მუხლი მაღლა) ან არასაკმარისია ან ეფექტიანობას მოკლებული მათი შეზღუდული მოქმედების და პროცესუალური გარანტიების ნაკლებობის გათვალისწინებით.
153. ზემოთ აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო დაკმაყოფილების სათანადო მექანიზმები ფსიქიკური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ დაზარალებულები იყვნენ კონვენციის მე-2 მუხლთან მიმართებით.
უფრო კონკრეტულად კი სასამართლო ადგენს მე-13 მუხლის დარღვევას კონვენციის მე-2 მუხლთან ერთობლიობაში, სახელმწიფოს მხრიდან იმგვარი სამართლებრივი ჩარჩოს უზრუნველყოფის ვალდებულების შეუსრულებლობისთვის, რაც შესაძლებელს გახდიდა ბატონი კამპეანუს ბრალდებები მისი სიცოცხლის უფლების დარღვევასთან დაკავშირებით შეესწავლა დამოუკიდებელ სახელმწიფო ორგანოს.
(c) მუხლი 3, დამოუკიდებლად და კონვენციის მე-13 მუხლთან ერთობლიობაში
154. 140-ე და 147-ე პარაგრაფში აღწერილი მიგნებებისა და 153-ე პარაგრაფში გაკეთებული დასკვნის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მე-3 მუხლის დამოუკიდებლად ან მე-13 მუხლთან ერთობლიობაში სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით ცალკე საკითხი არ იკვეთება (იხილეთ, mutatis mutandis, ნიკოლოვა და ველიჩკოვა ბულგარეთის წინააღმდეგ (Nikolova and Velichkova v. Bulgaria), ციტირება მაღლა, § 78, და ტიმუსი და ტარუსი მოლდავეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Timus and Tarus v. the Republic of Moldova), # 70077/11, § 58, 15 ოქტომბერი, 2013).
II. კონვენციის სხვა სავარაუდო დარღვევები
155. CLR-მა ასევე განაცხადა, რომ ბატონი კამპეანუს კონვენციის მე-5, მე-8 და მე-14 მუხლებით გათვალისწინებული უფლებებიც დაირღვა.
156. თუმცა საქმის ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა წერილობითი მოსაზრებების და კონვენციის მე-2 და მე-13 მუხლთან მიმართებით მიგნებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მან შეისწავლა მთავარი სამართლებრივი საკითხები წინამდებარე საქმეზე და არ არსებობს დარჩენილ საჩივრებთან დაკავშირებით ცალკე გადაწყვეტილების მიღების საჭიროება (იხილეთ სხვა წყაროებთან ერთად კამილ უზუნი თურქეთის წინააღმდეგ (Kamil Uzun v. Turkey), # 37410/97, § 64, 10 მაისი, 2007; იურიდიულ მრჩეველთა არგეს კოლეჯი (The Argeş College of Legal Advisers), ციტირება მაღლა, § 47; ქალები ტალღებზე და სხვები პორტუგალიის წინააღმდეგ (Women On Waves and Others v. Portugal), # 31276/05, § 47, 3 თებერვალი, 2009; ველცეა და მაზარე რუმინეთის წინააღმდეგ (Velcea and Mazăre v. Romania), # 64301/01, § 138, 1 დეკემბერი, 2009; ვილა იტალიის წინააღმდეგ (Villa v. Italy), # 19675/06, § 55, 20 აპრილი, 2010; აჰმედ იელდირიმი თურქეთის წინააღმდეგ (Ahmet Yıldırım v. Turkey), # 3111/10, § 72, ECHR 2012; და მეჰმედ ჰატიპ დიკლე თურქეთის წინააღმდეგ (Mehmet Hatip Dicle v. Turkey), # 9858/04, § 41, 15 ოქტომბერი, 2013; იხილეთ ასევე ვარნავა და სხვები (Varnava and Others), ციტირება მაღლა, §§ 210-211).
IV. კონვენციის 46-ე და 41-ე მუხლები
A. კონვენციის 46-ე მუხლი
157. კონვენციის 46-ე მუხლის შესაბამისი ნაწილები შემდეგი შინაარსისაა:
“1. მაღალი ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, დაემორჩილონ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას ნებისმიერ საქმეზე, რომლის მხარეებიც ისინი არიან.
2. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება გადაეცემა მინისტრთა კომიტეტს, რომელიც ზედამხედველობს მის აღსრულებას...”
158. სასამართლო განმარტავს, რომ კონვენციის 46-ე მუხლის საფუძველზე ხელშემკვრელმა მხარეებმა აიღეს ვალდებულება დაემორჩილონ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებებს საქმეზე, რომელზეც ისინი მხარეს წარმოადგენენ, რის აღსრულებასაც ზედამხედველობს მინისტრთა კომიტეტი. აღნიშნულიდან ასევე გამომდინარეობს, რომ კონვენციის ან მისი დამატებითი ოქმების დარღვევის დამდგენი სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხე სახელმწიფოს აკისრებს სამართლებრივ ვალდებულებას არა მხოლოდ გადაუხადოს შესაბამის მხარეს სამართლიანი დაკმაყოფილების სახით მიკუთვნებული თანხა, არამედ ასევე მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობით აირჩიოს ზოგადი და/ან შესაბამისად ინდივიდუალური ზომები, რომლებიც მიიღება ეროვნულ სამართლებრივ სისტემაში სასამართლოს მიერ დადგენილი დარღვევის აღმოსაფხვრელად და მაქსიმალური ფორმით დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად (იხილეთ სკოზარი და გიუნტა იტალიის წინააღმდეგ (Scozzari and Giunta v. Italy) [დიდი პალატა], # 39221/98 და # 41963/98, § 249, ECHR 2000‑VIII, და შტანევი (Stanev), ციტირება მაღლა, § 254). სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ პირველ ყოვლისა შესაბამისი სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობით აირჩიოს საკუთარ სამართლებრივ რეჟიმში 46-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების საშუალებები (იხილეთ სკოზარი და გიუნტა (Scozzari and Giunta), ციტირება მაღლა, და ბრუმარესკუ რუმინეთის წინააღმდეგ (Brumărescu v. Romania) (სამართლიანი დაკმაყოფილება) [დიდი პალატა], # 28342/95, § 20, ECHR 2001‑I).
159. თუმცა 46-ე მუხლის საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულებაში მოპასუხე სახელმწიფოს დახმარების მიზნით სასამართლომ შესაძლოა მოითხოვოს ინდივიდუალური და/ან ზოგადი ღონისძიების იდენტიფიცირება, რაც უნდა გატარდეს გამოვლენილი ვითარების აღმოსაფხვრელად (იხილეთ სხვა მრავალ წყაროსთან ერთად, ვლადი და სხვები რუმინეთის წინააღმდეგ (Vlad and Others v. Romania), # 40756/06, # 41508/07 და # 50806/07, § 162, 26 ნოემბერი, 2013).
160. წინამდებარე საქმეზე სასამართლო იხსენებს, რომ სახელმწიფო ორგანოთა მხრიდან კანონისმიერი მეურვის ან სხვა წარმომადგენლის დანიშვნის ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად ბატონი კამპეანუსთვის არ იყო ხელმისაწვდომი წარმომადგენლობის რაიმე ფორმა დასაცავად ან საავადმყოფოს მენეჯმენტის, ეროვნული სასამართლოებისა და [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს წინაშე წარმომადგენლობის განსახორციელებლად (იხილეთ 111-ე პარაგრაფი მაღლა). საგამონაკლისო გარემოებებში, რამაც CLR-ს შესაძლებლობა მისცა ემოქმედა ბატონი კამპეანუს სახელით (იხილეთ 112-ე პარაგრაფში მოცემული დასკვნა მაღლა), სასამართლომ ასევე დაადგინა მე-13 მუხლის დარღვევა კონვენციის მე-2 მუხლთან ერთობლიობაში სახელმწიფოს მხრიდან ბატონი კამპეანუს საჩივრების დამოუკიდებელი ორგანოს მიერ გამოძიების შესაძლებლობის შემქმნელი სათანადო სამართლებრივი ჩარჩოს უზრუნველყოფისა და აღსრულების ვალდებულების შეუსრულებლობის გამო (იხილეთ 150-ე და 153-ე პარაგრაფები მაღლა; იხილეთ ასევე 154-ე პარაგრაფი დამოუკიდებლად მე-3 მუხლთან მიმართებით და მე-13 მუხლთან ერთობლიობაში წარდგენილი საჩივრების შესახებ). შესაბამისად, ფაქტები და გარემოებები, რომლებთან დაკავშირებითაც სასამართლომ დაადგინა მე-2 და მე-13 მუხლების დარღვევა ააშკარავებს უფრო ფართომაშტაბიან პრობლემას, რომელიც გადაწყვეტილების აღსასრულებლად საჭიროებს ზოგადი ღონისძიების გატარებას.
161. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით სასამართლო რეკომენდაციას წევს, რომ მოპასუხე სახელმწიფომ მიიღოს აუცილებელი ზოგადი ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ ბატონი კამპეანუს მსგავს მდგომარეობაში მყოფმა ფსიქიკური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა შეძლონ დამოუკიდებელი წარმომადგენლობით სარგებლობა, რაც თავის მხრივ მათთვის შესაძლებელს გახდის ჯანმრთელობასთან და მკურნალობასთან დაკავშირებით სასამართლოს ან სხვა დამოუკიდებელი ორგანოს წინაშე კონვენციური საჩივრების წარდგენას (იხილეთ, mutatis mutandis, 113-ე პარაგრაფი მაღლა და სტანევი (Stanev), ციტირება მაღლა, § 258).
B. კონვენციის 41-ე მუხლი
162. კონვენციის 41-ე მუხლი შემდეგი შინაარსისაა:
“თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია და მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.”
1. ზიანი
163. CLR-ის არ წარუდგენია საჩივრები მატერიალურ და არამატერიალურ ზიანთან დაკავშირებით.
2. ხარჯები და დანახარჯები
164. CLR-მა მოითხოვა 11 455,25 ევრო PMH-ში გამოძიების ჩატარებასთან დაკავშირებით ეროვნული სასამართლოსა და [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს წინაშე გაწეული ხარჯებისა და დანახარჯებისთვის; Interights-მა, რომელიც მოქმედებდა CLR-ის კონსულტანტის მრჩეველის სახით მოითხოვა 25 800 ევრო პალატის წინაშე გაწეული ხარჯებისა და დანახარჯების სანაცვლოდ, რაც უტოლდებოდა 215 სამუშაო საათს და დამატებით 14 564 ევრო დიდი პალატის წინაშე საქმის წარმოებისთვის, 111 სამუშაო საათი. აღნიშნული ხარჯების აღნუსხული განრიგი სასამართლოს წარედგინა.
165. მოპასუხე სახელმწიფო სადავოს ხდიდა ყველა ხარჯისა და დანახარჯის დოკუმენტირებას და სათანადო დეტალურობას და რომ ნებისმიერ შემთხვევაში ისინი გადაჭარბებული იყო.
166. სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად განმცხადებელი უფლებამოსილია მიიღოს ხარჯები და დანახარჯები მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი დადგინდება რომ ისინი რეალურად და აუცილებლად გაღებულია და გონივრული ოდენობისაა. წინამდებარე საქმეზე სასამართლო დარწმუნდა, რომ CLR-ის გადაწყვეტილება საქმისწარმოებაში Interights-ის მონაწილეობაზე დასაბუთებულია (იხილეთ მაგალითად, იასა თურქეთის წინააღმდეგ (Yaşa v. Turkey), 2 სექტემბერი, 1998, § 127, ანგარიშები 1998‑VI; და მენტესი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ (Menteş and Others v. Turkey), 28 ნოემბერი, 1997, § 107, ანგარიშები 1997‑VIII). მხედველობაში იღებს რა მათ ხელთ არსებული დოკუმენტები რაოდენობას, განსახილველ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებათა და კრიტერიუმის კომპლექსურობას, სასამართლო გონივრულად მიიჩნევს CLR-ის განუსაზღვროს 10 000 ევრო, ხოლო Interights-ს 25 000 ევრო.
3. საურავი
167. სასამართლოს შესაბამისად მიაჩნია საურავის დადგენა ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის მიხედვით, რასაც დაემატება სამი საპროცენტო ერთეული.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო
1. ერთხმად დასაშვებად აცხადებს საჩივრებს კონვენციის მე-2, მე-3 და მე-13 მუხლთან დაკავშირებით;
2. ერთხმად ადგენს, რომ ადგილი ქონდა კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევას, როგორც მატერიალურ ისე პროცესუალურ ასპექტებში;
3. ერთხმად ადგენს, რომ ადგილი ქონდა კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევას კონვენციის მე-2 მუხლთან ერთობლიობაში;
4. თოთხმეტი ხმით სამის წინააღმდეგ ადგენს, რომ არ არის აუცილებელი საჩივრის განხილვა მე-3 მუხლთან მიმართებით, დამოუკიდებლად და კონვენციის მე-13 მუხლთან ერთობლიობაში;
5. ერთხმად ადგენს, რომ არ არის აუცილებელი კონვენციის მე-5 და მე-8 მუხლთან დაკავშირებით საჩივრის დასაშვებობის საკითხისა და არსებითი განხილვა;
6. თხუთმეტი ხმით ორის წინააღმდეგ ადგენს, რომ აუცილებელი არ არის კონვენციის მე-14 მუხლთან დაკავშირებით საჩივრების დასაშვებობის საკითხისა და არსებითი განხილვა;
7. ერთხმად ადგენს,
(a) მოპასუხე სახელმწიფო ვალდებულია სამი თვის ვადაში გადაიხადოს შემდეგი თანხა ხარჯებისა და დანახარჯების სანაცვლოდ, მოპასუხე სახელმწიფოს ეროვნულ ვალუტაში შეთანხმების მომენტში არსებული კურსით, ასევე დამატებით ნებისმიერი გადასახადი, რაც შეიძლება დაირიცხოს:
(i) 10 000 (ათი ათასი) ევრო CLR-ის სასარგებლოდ; და
(ii) 25 000 (ოცდახუთი ათასი) ევრო Interights-ის სასარგებლოდ;
(b) რომ ზემოთ აღნიშნული სამი თვის ამოწურვიდან შეთანხმებამდე ზემოთ აღნიშნულ თანხას უნდა დაერიცხოს მარტივი საურავი, რომელიც დაერიცხება ზემოთ აღნიშნულ თანხას ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის მიხედვით, რასაც დაემატება სამი საპროცენტო ერთეული;
8. ერთხმად არ აკმაყოფილებს სამართლიანი დაკმაყოფილების შესახებ დანარჩენ მოთხოვნებს.
შესრულებულია ინგლისურ და ფრანგულ ენებზე და გამოქვეყნდა საქმის საჯარო განხილვისას ადამიანის უფლებათ შენობაში, სტრასბურგი, 2014 წლის 17 ივლისი.
მაიკლ ობოლედინ სპილმანი
სასამართლო მდივნის მოადგილე თავმჯდომარე
კონვენციის 45.2 მუხლისა და სასამართლოს რეგლამენტის 74.2 მუხლის საფუძველზე გადაწყვეტილებას თან ერთვის შემდეგი დამოუკიდებელი მოსაზრებები:
(a) მოსამართლე პინტო დე ალბუკერკეს დამადასტურებელი მოსაზრება;
(b) მოსამართლეების სპიელმანის, ბიანკუსა და ნიუბერგერის განსხვავებული მოსაზრება;
(c) მოსამართლეების ზიემელესა და ბიანკუს ნაწილობრივ განსხვავებული მოსაზრება.
D.S.
M.O.B.
განსხვავებული მოსაზრებები არ ითარგმნა, თუმცა ინგლისურ და/ან ფრანგულ ენაზე თან ერთვის გადაწყვეტილების ოფიციალურ ვერსიას, რომელიც განთავსებულია [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზაში HUDOC.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2015
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy