© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015 წელი. თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სრული მითითება საავტორო უფლების შესახებ დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2015. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
დიდი პალატა
საქმე ჭირაღოვი და სხვები სომხეთის წინააღმდეგ (CHIRAGOV AND OTHERS v. ARMENIA)
(განაცხადი #13216/05)
გადაწყვეტილება
(საქმის არსებითი განხილვა)
სტრასბურგი
16 ივნისი, 2015
ეს გადაწყვეტილება საბოლოოა თუმცა შესაძლოა დაექვემდებაროს სარედაქციო გადასინჯვას.
საქმეზე ჭირაღოვი და სხვები სომხეთის წინააღმდეგ (Chiragov and Others v. Armenia),
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დინ სპიელმანი, თავმჯდომარე,
ჯოსეფ კასადევალი,
გვიდო რაიმონდი,
მარკ ვილიგერი,
იზაბელ ბერო,
ინეტა ზიემელე,
ბოსტიან მ. ზუპანჩიჩი,
ალვინა გიულუმიანი,
ხანლარ ჰაჯიევი,
ჯორჯ ნიკოლაუ,
ლუის ლოპეს გუერა,
განნა იუდკივსკა,
პაულო პინტო დე ალბუკერკე,
ქსენია ტურკოვიჩი,
ეგიდიუს კურის,
რობერტ სპანო,
იულია ანტუანელა მოტოკი, მოსამართლეები,
და მაიკლ ობოილე, სასამართლოს მდივნის მოადგილე,
ითათბირა 2014 წლის 22-23 იანვარს და 2015 წლის 22 იანვარს,
და ამ უკანასკნელ დღეს მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:
პროცედურა
1. საქმისწარმოების დაწყების საფუძველი იყო ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ კონვენციის (კონვენცია) 34-ე მუხლის საფუძველზე აზერბაიჯანის ექვსი მოქალაქის, ბატონი ელკან ჭირაღოვის, ბატონი ადიშირინ ჭირაღოვის, ბატონი რამიზ გებრაილოვის, ბატონი აკიფ ჰასანოფის, ბატონი ფეხრედინ ფაშაევისა და ბატონი ქარაცა გაბრაილოვის (განმცხადებლები) მიერ სომხეთის რესპუბლიკის წინააღდეგ სასამართლოსთვის 2005 წლის 6 აპრილს წარდგენილი განაცხადი (#13216/05). მეექვსე განმცხადებელი გარდაიცვალა 2005 წლის ივნისში. განმცხადებელს მისი სახელით წარმოადგენდა ვაჟი, ბატონი საგატელ გაბრაილოვი.
2. განმცხადებლებს, რომელთაც გამოეყოთ უფასო იურიდიული დახმარება, წარმოადგენდნენ ბატონი მ. მიულერი (“დედოფლის მრჩეველი” (QC), ქალბატონი ს. ვაინი, ქალბატონი მ. ბატლერი, ბატონი მ. ივერსი, ქალბატონი ბ. პოინორი და ბატონი ს. სვარუპი, ლონდონში მოღვაწე ადვოკატები, ასევე ბატონი კ. ილდიზი. სომხეთის ხელისუფლებას (მოპასუხე სახელმწიფო) წარმოადგენდა სახელმწიფო წარმომადგენელი, ბატონი გ. კოსტანიანი, სომხეთის რესპუბლიკის წარმომადგენელი სასამართლოს წინაშე.
3. განმცხადებლები კონკრეტულად ამტკიცებდნენ, რომ ხელი ეშლებოდათ მოპასუხე სახელმწიფოს მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ლაჩინის რაიონში და შესაბამისად ისინი ვერ სარგებლობდნენ იქ განთავსებული საკუთარი ქონებითა და სახლებით და მათ არანაირი კომპენსაცია არ მიუღიათ თავიანთი დანაკარგებისთვის. მათ განაცხადეს, რომ ეს უტოლდებოდა კონვენციის 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლისა და კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას. უფრო მეტიც, ისინი ამტკიცებდნენ კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევას, ვინაიდან მათთვის ხელმისაწვდომი არ იყო სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება აღნიშულ საჩვრებთან მიმართებით. და ბოლოს, ზემოთ ჩამოყალიბებული საჩივრების ფონზე ისინი ამტკიცებდნენ, რომ დაექვემდებარნენ დისკრიმინაციას ეთნიკური წარმომავლობისა და რელიგიური კუთვნილების ნიშნით, კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევით.
4. განაცხადი წარედგინა სასამართლოს მესამე სექციას (სასამართლოს რეგლამენტის 52.1 მუხლი). აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გამოიყენა მათი უფლება ჩარევაზე კონვენციის 36.1 მუხლის საფუძველზე. მათ წარმოადგენდა ხელისუფლების წარმომადგენელი ბატონი ს. ასგაროვი.
5. 2010 წლის 9 მარტს მესამე სექციის პალატამ შემდეგი მოსამართლეების შემადგენლობით, ჯოსეფ კასადევალი, ელისაბეტ ფურა, კორნელიუ ბირსანი, ბოსტიან მ. ზუპანჩიჩი, ალვინა გიულუმიანი, ეგბერტ მიიერი და ლუის ლოპეს გუერა და ასევე სტენლი ნაისმითი, სექციის მდივნის მოადგილე, დათმო საკუთარი იურისდიქცია დიდი პალატის სასარგებლოდ; დათმობის წინააღმდეგ არცერთი მხარე არ გამოსულა (კონვენციის 30-ე მუხლი და [სასამართლოს რეგლამენტის] 72-ე მუხლი).
6. დიდი პალატის შემადგენლობა განისაზღვრა კონვენციის 26.4 და 26.5 მუხლისა და სასამართლოს რეგლამენტის 24-ე მუხლის საფუძველზე. სასამართლოს თავმჯდომარემ გადაწყვიტა, რომ მართლმსაჯულების სათანადოდ ადმინისტრირების ინტერესებიდან გამომდინარე წინამდებარე საქმე და საქმე სარქისიანი აზერბაიჯანის წინააღმდეგ (Sargsyan v. Azerbaijan) (განაცხადი #40167/06) დიდი პალატის იგივე შემადგენლობას უნდა გადაცემოდა ([სასამართლოს რეგლამენტის] 24-ე, 42.2 და 71-ე მუხლები).
7.განაცხადის დასაშვებობისა და არსებითი განხილვის მოსმენა შედგა ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგში, 2010 წლის 15 სექტემბერს ([სასამართლოს რეგლამენტის] 59.3 მუხლი).
8. 2011 წლის 14 დეკემბერს განაცხადი დასაშვებად გამოაცხადა დიდმა პალატამ შემდეგი მოსამართლეების შემადგენლობით, ნიკოლას ბრატცა, ჟან-პოლ კოსტა, ხრისტოს როზაკისი, ფრანსუა ტულკენსი, ჯოსეფ კასადევალი, ნინა ვაჟიკი, კორნელიუ ბირსანი, პეერ ლორენცენი, ბოსტიან მ. ზუპანჩიჩი, ელისაბეტ ფურა, ალვინა გიულუმიანი, ხანლარ ჰაჯიევი, ეგბერტ მიიერი, სვერე ერიკ იებენსი, ჯორჯიო მალინვერნი, ჯორჯ ნიკოლაუ და ლუის ლოპეს გუერა და ასევე მაიკლ ობოილე, მდივნის მოადგილე.
9. განმცხადებლებმა და მოპასუხე სახელმწიფომ წარმოადგინეს წერილობითი მოსაზრებები საქმის არსებით მხარესთან დაკავშირებით ([რეგლამენტის] 59.1). დამატებით აზერბაიჯანის ხელისუფლებამ წარმოადგინა მესამე მხარის კომენტარები.
10. საქმის არსებითი განხილვა გაიმართა საჯაროდ, ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგში, 2014 წლის 22 იანვარს.
სასამართლოს წინაშე წარსდგნენ:
(a) მოპასუხე სახელმწიფოს სახელით
ბატონი გ. კოსტანიანი, წარმომადგენელი,
ბატონი გ. რობერტსონი, “დედოფლის მრჩეველი” (QC), კონსულტანტი,
ბატონი ე. ბაბაიანი,
ბატონი ტ. კოლისი, მრჩევლები;
(b) განმცხადებლების სახელით
ბატონი მ. მიულერი, “დედოფლის მრჩეველი” (QC),
ბატონი მ. ივერსი,
ბატონი ს. სვარუპი,
ქალბატონი მ. ბატლერი,კონსულტანტი,
ქალბატონი ს. ვაინი,
ქალბატონი ბ. პოინორი,
ქალბატონი ს. კარაკასი,
ქალბატონი ა. ევანსი,მრჩევლები;
(c) აზერბაიჯანის ხელისუფლების სახელით
ბატონი ს. ასგაროვი,წარმომადგენელი,
ბატონი მ. ნ. შო, “დედოფლის მრჩეველი” (QC),
ბატონი გ. ლანსკი,კონსულტანტი,
ბატონი ო. ღვალაძე,
ბატონი ჰ. ტრეტერი,
ქალბატონი ტ. ურდანეტა ვიტეკი,
ბატონი ო. ისმაილოვი,მრჩევლები.
განმცხადებლები ა. ჰასანოფი და ფ. ფაშაევი ასევე ესწრებოდნენ.
სასამართლომ მოისმინა ბატონი მიულერის, ბატონი სვარუპის, ბატონი ივერსის, ქალბატონი ბატლერის, ბატონი რობერტსონის, ბატონი შოსა და ბატონი ლანსკის მიმართვები.
11. საქმის მოსმენის შემდეგ სასამართლომ გადაწყვიტა, რომ საქმის შესწავლისთვის საჭირო არ იყო ფაქტების დამდგენი მისიის წარმართვა ან მოწმეთა მოსმენის ჩატარება.
ფაქტები
I. საქმის გარემოებები
A. წინაისტორია
12. სსრკ-ის დაშლის მომენტისთვის მთიანი ყარაბახის ავტონომიური ოლქი (მყაო) აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპბლიკის (აზერბაიჯანის სსრ) ავტონომიური პროვინცია იყო. აზერბაიჯანის სსრ-ის ტერიტორიაზე მისი ფართობი შეადგენდა 4 388 კვ. კმ-ს. იმ დროისთვის მთიან ყარაბახსა (ცნობილი იყო მისი სომხური სახელწოდება არწახი) და სომხეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას (სომხეთის სსრ) საერთო საზღვარი არ გააჩნდა, არამედ მათ ყოფდა აზერბაიჯანის ტერიტორია, ყველაზე მოკლე დისტანციით ლაჩინის რაიონი, მათ შორის სახმელეთო გამყოფი, ათ კილომეტრზე ნაკლები სიგანის, ცნობილი როგორც “ლაჩინის კორიდორი”.
13. სსრკ-ს 1989 წლის საყოველთაო სახალხო აღწერის თანახმად, „მყაო“-ის მოსახლეობა 189 000-ს შეადგენდა, რომლის 77% ეთნიკური სომეხი, ხოლო 22% ეთნიკური აზერბაიჯანელი იყო, ასევე იყვნენ რუსი და ქურთი უმცირესობის წარმომადგენლები. ლაჩინის რაიონს განსხვავებული დემოგრაფია ქონდა, 60 000-იანი მოსახლეობის უმრავლესობას ქურთები და აზერბაიჯანლები წარმოადგენდნენ. მხოლოდ 5-6% იყო სომეხი.
14. 1988 წლის დასაწყისში სტეფანაკერტში, მყაო-ის დედაქალაქში და ასევე სომხეთის დედაქალაქ ერევანში გაიმართა დემონსტრაციები მთიანი ყარაბახის სომხეთის შემადგენლობაში გაერთიანების მოთხოვნით. “მყაო”-ის საბჭომ 20 თებერვალს სომხეთის სსრ-ს, აზერბაიჯანის სსრ-სა და სსრკ-ს უმაღლეს საბჭოებს წარუდგინა აზერბაიჯანისგან გამოყოფისა და სომხეთთან შეერთების ნებართვის მოთხოვნა. 23 მარტს სსრკ-ს უმაღლესმა საბჭომ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა. ივნისში ის ასევე არ დააკმაყოფილა აზერბაიჯანის უმაღლესმა საბჭომ, ხოლოს საპირისპიროდ ამისა სომხეთმა მხარი დაუჭირა გაერთიანებას.
15. გაერთიანების მოთხოვნით დემონსტრაციები 1988 წელს გაგრძელდა. ლაჩინის რაიონში იკეტებოდა გზები და ადგილი ქონდა თავდასხმებს. შეტაკებებს მოყვა მრავალი მსხვერპლი და ლტოლვილი, რომლებიც ასეულ ათასებს აღწევდნენ ორივე მხარეს, თავს აფარებდნენ სომხეთსა და აზერბაიჯანს. შედეგად 1989 წლის 12 იანვარს სსრკ-ს მთავრობამ „მყაო“ მოსკოვის პირდაპირ მმართველობას დაუქვემდებარა. თუმცა იმავე წლის 28 ნოემბერს კონტროლი აზერბაიჯანს დაუბრუნდა. რამდენიმე დღის შემდეგ, 1 დეკემბერს, სომხეთის სსრ-ს უმაღლესმა საბჭომ და მთიანი ყარაბახის რეგიონულმა საბჭომ ერთობლივი რეზოლუცია მიიღეს “მთიანი ყარაბახის სომხეთთან კვლავ მიერთების შესახებ”.ამ რეზოლუციის შედეგად 1990 წლის იანვარში ორი ერთეულის საერთო ბიუჯეტი დამტკიცდა და იმავე წლის გაზაფხულზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მთიანი ყარაბახის სომხეთის დაგეგმილ არჩევნებში ჩართვის შესახებ.
16. 1990-იანი წლების დასაწყისში, კონფლიქტის ესკალაციის ფონზე საბჭოთა სამხედრო დანაყოფები ჩავიდნენ ბაქოსა და მთიან ყარაბაღში და ამ უკანასკნელ პროვინციაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. თუმცა სომხებსა და აზერბაიჯანლებს შორის ძალადობრივი შეტაკებები გრძელდებოდა საბჭოთა სამხედრო ძალების პერიოდული ჩარევებით.
17. 1991 წლის 30 აგვისტოს აზერბაიჯანმა გამოაცხადა საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა. აღნიშნულის ფორმალიზება მოხდა 18 ოქტომბერს სახელმწიფო დამოუკიდებლობის შესახებ კონსტიტუციური კანონის მიღებით. 2 სექტემბერს “მყაო”-ის საბჭომ მთიანი ყარაბახის რესპუბლიკის (შემდგომში “მყრ”) დაფუძნება გამოაცხადა, რომელიც შედგებოდა “მყაო”-ისა და აზერბაიჯანის შაუმიანის რაიონის ტერიტორიისგან და გამოაცხადეს, რომ ის ამიერიდან აღარ ექვემდებარებოდა აზერბაიჯანის იურისდიქციას. 26 ნოემბერს აზერბაიჯანის პარლამენტმა გააუქმა მთიანი ყარაბახის მანამდე მოქმედი ავტონომია. 10 დეკემბერს მთიან ყარაბახში ორგანიზებული რეფერენდუმის მონაწილეთაგან 99.9%-მა სეცესიას დაუჭირა მხარი. თუმცა, აზერბაიჯანულმა მოსახლეობამ ბოიკოტი გამოუცხადა რეფერენდუმს. იგივე თვეში საბჭოთა კავშირი დაიშალა და საბჭოთა სამხედრო ძალები რეგიონიდან გავიდნენ. მთიან ყარაბახზე სამხედრო კონტროლი მალევე გადავიდა ყარაბახელ სომხებთან. 1992 წლის 6 იანვარს “მყრ”-ამ რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით კვლავ დაადასტურა მისი დამოუკიდებლობა აზერბაიჯანისგან.
18. 1992 წლის დასაწყისში კონფლიქტი ეტაპობრივად გადაიზარდა სრულმაშტაბიან ომში. ეთნიკურმა სომხებმა დაიპყრეს რამდენიმე აზერბაიჯანული სოფელი, რაც დასრულდა რამდენიმე ასეული ადამიანის სიკვდილითა და მოსახლეობის რეგიონიდან გასვლით.
19. ლაჩინის რაიონზე, კერძოდ კი ქალაქ ლაჩინზე, მრავალი თავდასხმა განხორციელდა. განმცხადებლები ამტკიცებდნენ, რომ თავდასხმები ხორციელდებოდა როგორ მთიანი ყარაბახის ისე სომხეთის რესპუბლიკის სამხედრო ძალების მხრიდან. თუმცა მოპასუხე სახელმწიფო ამტკიცებდა, რომ სომხეთი არ მონაწილეობდა ამ მოვლენებში, სამხედრო მოქმედებებს ახორციელებდნენ მთიანი ყარაბახის თავდაცვითი ძალები და მოხალისეთა ჯგუფები. 1991 წელს თითქმის ცხრა თვის განმავლობაში ლაჩინის მიმართულებით არსებული გზები სომხური ეთნიკური წარმომავლობის სამხედრო ძალების კონტროლს ექვემდებარებოდა, ისინი მართავდნენ და აკონტროლებდნენ გამშვებ პუნქტებს. ქალაქი ლაჩინი სრულიად იზოლირებული აღმოჩნდა. 1992 წლის მაისის შუა რიცხვებში ლაჩინი საჰაერო დაბომბვის ობიექტი გახდა, რის შედეგადაც დაინგრა მრავალი სახლი.
20. 1992 წლის 17 მაისს, გააცნობიერეს რა, რომ სამხედრო ძალები სწრაფად უახლოვდებოდნენ ლაჩინს, სოფლის მაცხოვრებლები გაიქცნენ. მომდევნო დღეს ქალაქი ლაჩინი დაიპყრეს სომხური წარმომავლობის ძალებმა. ირკვევა, რომ აღების შემდეგ დღეებში ქალაქი გაიძარცვა და გადაიწვა. მოპასუხე სახელმწიფოს მიერ “მყრ”-ის სახელმწიფო ორგანოებისგან მოპოვებული ინფორმაციის თანახმად ქალაქი ლაჩინი და მიმდებარე სოფლები - აღბულაგი, ჭირაღი და ჭირაღლი სრულად განადგურდა სამხედრო კონფლიქტის შედეგად.
21. 1992 წლის ივლისში სომხეთის პარლამენტმა განაცხადა, რომ ის ხელს აღარ მოაწერს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, რომლებშიც გაცხადებულია რომ მთიანი ყარაბახი აზერბაიჯანის შემადგენლობაში რჩება.
22. Human Rights Watch (HRW) -ის ანგარიშის (“შვიდწლიანი კონფლიქტი მთიან ყარაბახში”, 1994 წლის დეკემბერი) თანახმად, ლაჩინის რაიონის აღებას შედეგად მოყვა 30 000 აზერბაიჯანელის იძულებით გადაადგილება, რომელთაგან დიდი ნაწილი ქურთული წარმომავლობის იყო.
23. ლაჩინის აღების შემდეგ ეთნიკური სომხებისგან შემდგარმა სამხედრო ძალებმა განაგრძეს დამატებით მთიანი ყარაბახის მიმდებარედ ოთხი აზერბაიჯანული რაიონის (ქელბაიანი, ჯაბრაილი, გუბადლი და ზანგილანი) და კიდევ ორი სხვა რაიონის (აგდამი და ფიზული) მნიშვნელოვანი ნაწილის დაპყრობა.
24. 1994 წლის 5 მაისს სომხეთს, აზერბაიჯანს და “მყრ”-ს შორის რუსეთის მედიაციის შედეგად შედგა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ (“ბიშკეკის პროტოკოლი”). ის ძალაში შევიდა 12 მაისს.
25. HRW-ის ზემოთ აღნიშნული ანგარიშის თანახმად 1988 წლიდან 1994 წლამდე პერიოდში 750 000 – 800 000 აზერბაიჯანელი აიძულეს იძულებით დაეტოვებიათ მთიანი ყარაბახი, სომხეთი და მთიანი ყარაბახის შემოგარენში არსებული შვიდი აზერბაიჯანული რაიონი. სომხეთის სახელმწიფო ორგანოების ინფორმაციით დარეგისტრირებული იყო 335 000 სომეხი ლტოლვილი აზერბაიჯანიდან და 78 000 იძულებით გადაადგილებული პირი (აზერბაიჯანის საზღვრებთან სომხეთში არსებული რეგიონებიდან).
B. ამჟამინდელი ვითარება
26. მოპასუხე სახელმწიფოს განცხადებით „მყრ“ აკონტროლებს ყოფილი მთიანი ყარაბახის ავტონომიური ოლქის 4 061 კვ. კმ-ს. თუმცა სადავოა ორი ნაწილობრივ დაპყრობილი რაიონებიდან რა ფართობს აკონტროლებს „მყრ“, ირკვევა, რომ მიმდებარე შვიდი რაიონის ოკუპირებული ტერიტორია ჯამში 7 500 კვ. კმ-ს შეადგენს.
27. მთიანი ყარაბახის დღევანდელი მოსახლეობის მიახლოებითი რაოდენობა მერყეობს 120 000-იდან 145 000-მდე, მათი 95% სომხური წარმომავლობისაა. ფაქტიურად აზერბაიჯანმლები იქ არ არიან. ლაჩინის რაიონში 5 000-დან 10 000-მდე სომეხი ცხოვრობს.
28. კონფლიქტის პოლიტიკური შეთანხმება დღემდე ვერ შედგა. ”მყრ”-ის თვითგამოცხადებული დამოუკიდებლობა არ აღიარა რომელიმე სახელმწიფომ ან საერთაშორისო ორგანიზაციამ. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 1994 წლის შეთანხმების პერიოდულიმა დარღვევებმა საზღვრებთან მრავალი სიცოცხლე შეიწირა, ხოლო სახელმწიფო თანამდებობის პირთა რიტორიკა კვლავ მტრული რჩება. უფრო მეტიც, საერთაშორისო ანგარიშების თანახმად, დაპირისპირება უფრო მეტად გამწვავდა უკანასკნელ წლებში და სომხეთსა და აზერბაიჯანში სამხედრო დანახარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა.
29. მშვიდობიანი შეთანხმების მრავალი შეთავაზება წარუმატებლად დასრულდა. მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ეუთოსა (ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია) და მისი ე.წ. მინსკის ჯგუფის ეგიდით. 2007 წლის ნოემბერში მადრიდში ჯგუფის სამმა თანათავმჯდომარემ, საფრანგეთმა, რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა, სომხეთსა და აზერბაიჯანს წარუდგინეს შეთანხმების ძირითადი პრინციპები. “ძირითადი პრინციპები”, რომელიც მოგვიანებით განახლდა, ითვალისწინებდა მთიანი ყარაბახის მიმდებარე ტერიტორიების აზერბაიჯანის კონტროლში დაბრუნებას, მთიანი ყარაბახისთვის შუალედურ სტატუსს, რომელიც უსაფრთხოებისა და თვითმმართველობის გარანტი იქნებოდა, სომხეთისა და მთიანი ყარაბახის დამაკავშირებელ კორიდორს, მთიანი ყარაბახის სამართლებრივი სტატუსის სამომავლო განსაზღვრას სამართლებრივად სავალდებულო რეფერენდუმით, ყველა იძლებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის უფლებას დაუბრუნდნენ თავიანთ საცხოვრებელ ადგილებს და საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიებს, რაც მოიცავდა სამშვიდობო ოპერაციას. ამ პრინციპების აღიარებით სომხეთი და აზერბაიჯანი შეძლებენ ყოვლისმომცველი და დეტალური შეთანხმება მოამზადონ. მინსკის ჯგუფის დიპლომატების მოძრავი ინტენსიური დიპლომატიისა და ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის 2009 წელს მთელი რიგი შეხვედრების შემდეგ 2010 წელს პროცესი ჩიხში შევიდა. კონფლიქტის მხარეებს დღემდე ხელი არ მოუწერიათ “ძირითადი პრინციპების” შესახებ ფორმალურ შეთანხმებაზე.
30. 2011 წლის 24 მარტს მინსკის ჯგუფმა წარადგინა “ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მთიანი ყარაბახის მიმდებარედ აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე საველე შეფასების მისიის ანგარიში”, რომლის მოკლე შეჯამება შემდეგი შინაარსისაა:
“ეუთოს მინისკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა საველე შეფასების მისია განახორციელეს მთიანი ყარაბახის (მყ) მიმდებარედ აზერბაიჯანის შვიდ ოკუპირებულ ტერიტორიაზე 2010 წლის 7-12 ოქტომბერს, იქ არსებული ზოგადი ვითარების, მათ შორის ჰუმანიტარული და სხვა ასპექტების შესაფასებლად. თანათავმჯდომარეებს შეუერთდნენ ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის პირადი წარმომადგენელი და მისი გუნდი, რომელიც ლოჯისტიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფდა, ასევე ორი ექსპერტი UNHCR-დან და ეუთოს 2005 წლის ფაქტების დამდგენი მისიის ერთი წევრი. ეს იყო 2005 წლის შემდეგ ამ ტერიოტრიებზე პირველი საერთაშორისო მისია და პირველი ვიზიტი გაეროს წარმომადგენელთა მონაწილეობით 18 წლის მანძილზე.
ამ ტერიოტრიებზე 1 000-ზე მეტი კილომეტრის გავლის შემდეგ თანათავმჯდომარეებმა ვიხილეთ მთიანი ყარაბახის კონფლიქტისა და სამშვიდობო შეთანხმების მიუღწევლობის დამანგრეველი შედეგების აშკარა მტკიცებულება. კონფლიქტამდე არსებული ქალაქები და სოფლები მიტოვებული და თითქმის სრულად განადგურებულია. მართალია სარწმუნო მონაცემები არ არსებობს, უხეში გაანგარიშებით მთლიანი მოსახლეობა 14 000 პირია, რომლებიც ცხოვრობენ მცირე დასახლებებში და ქალაქ ლაჩინსა და კელბაჯარში. თანათავმჯდომარეებმა შეაფასეს, რომ 2005 წლის შემდეგ მოსახლეობის მნიშვნელოვან ზრდას ადგილი არ ქონია. მოსახლეობა, მეტწილად აზერბაიჯანის სხვა ტერიტორიებიდან გადმოსახლებული ეთნიკური სომხები უმძმეს პირობებში ცხოვრობენ, გაუმართავი ინფრასტრუქტურით, მწირი ეკონომიკური აქტივობით და სახელმწიფო მომსახურებაზე შეზღუდული წვდომით. მრავალს არ აქვს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები. ადმინისტრაციული მიზნებისთვის ეს შვიდი რაიონი, “მყრ”-ის ყოფილი ოლქი და სხვა ტერიტორიები გაერთიანებულია რვა ახალ რაიონად.
ამ ტერიტორიებზე არსებულმა მძიმე რეალობამ თანათავმჯდომარეებს განუმტკიცა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სტატუს კვო მიუღებელია და რომ მხოლოდ მშვიდობიან შეჯერებულ შეთანხმებას შეუძლია შექმნას უკეთესი, უფრო მდგრადი მომავალი ადამიანებისთვის, ვინც ამ ტერიტორიაზე ცხოვრობდა და ვინც ამჟამად იქ ცხოვრობს. თანათავმჯდომარეები ყველა მხარის ლიდერებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ნებისმიერი აქტივობისგან ამ ტერიტორიებზე და სხვა სადავო ტერიტორიებზე, რაც საფრთხის ქვეშ დააყენებს საბოლოო შეთანხმებას ან შეცვლის ამ ტერიტორიების ბუნებას. ისინი ასევე რეკომენდაციას წევენ, რომ ამ ტერიტორიებზე არსებული სასაფლაოები და სალოცავი ადგილები შენარჩუნდეს და დაზუსტდეს იმ მოსახლეობის სტატუსი, რომელთაც არ აქვთ საიდენტიფიკაციო დოკუმენტები. თანათავმჯდომარეები გეგმავენ “მყრ”-ის კონფლიქტით დაზარალებული სხვა ტერიტორიების მონახულებას და ამგვარ მისიებში ექსპერტების ჩართვას შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, რომლებიც სამშვიდობო შეთანხმების განხორციელებაში ჩაერთვებიან.”
31. 2013 წლის 18 ივნისს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების პრეზიდენტებმა გამოსცეს ერთობლივი განცხადება მთიანი ყარაბახის კონფლიქტთან დაკავშირებით:
“ჩვენ, მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების - საფრანგეთი, რუსეთის ფედერაცია და ამერიკის შეერთებული შტატები - პრეზიდენტები კვლავ მზად ვართ დავეხმაროთ მთიანი ყარაბახის კონფლიქტის მხარეებს, მიაღწიონ ქმედით და მშვიდობიან შეთანხმებას. ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ ნაცვლად საერთო ინტერესებზე დაფუძნებული გადაწყვეტის მიღწევისა მხარეები კვლავ ცდილობენ მოლაპარაკების პროცესში მიაღწიონ ცალმხრივ სარგებელს.
ჩვენ კვლავ მტკიცედ გვჯერა, რომ ჩვენი ქვეყნების მიერ უკანასკნელი ოთხი წლის მანძილზე გაკეთებული განცხადებების ელემენტები უნდა იყოს მთიანი ყარაბახის კონფლიქტის სამართლიანად და მდგრადად გადაწყვეტის საფუძველი. ეს ელემენტები უნდა დავინახოთ როგორც ერთი მთლიანობა, რადგანაც ნებისმიერი მცდელობა გარკვეული ელემენტებისთვის სხვებზე უპირატესობის მინიჭებისა შეუძლებელს გახდის დაბალანსებული გადაწყვეტის მიღწევას.
ჩვენ კვლავ განვმარტავთ, რომ მხოლოდ მოლაპარაკების შედეგად მიღწეული შეთანხმებით მიიღწევა მშვიდობა, სტაბილურობა და შერიგება, რაც თავის მხრივ რეგიონული განვითარებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობებს გახსნის. სამხედრო ძალის გამოყენება, რამაც უკვე შექმნა დღევანდელი დაპირისპირებისა და არასტაბილურობის ვითარება, ვერ გადაჭრის კონფლიქტს. დაპირისპირების განახლება დამღუპველი იქნება რეგიონის მოსახლეობისთვის, გამოიწვევს სიკვდილს, მეტ დესტრუქციას, დამატებით ლტოლვილებს და განუზომელ ფინანსურ დანაკარგებს. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ ყველა მხარის ლიდერებს კვლავ აღიარონ ჰელსინკის პრინციპები, კერძოდ კი ისინი, რომლებიც ეხება ძალის ან ძალის გამოყენების მუქარის არ მიმართვას, ტერიტორიულ მთლიანობას და ხალხთა თანასწორ უფლებებსა და თვითგამორკვევას. ჩვენ ასევე მივმართავთ მათ, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედების ან რიტორიკისგან, რამაც შესაძლოა რეგიონში დაძაბულობა გაზარდოს და განაპირობოს კონფლიქტის ესკალაცია. ლიდერებმა მათი ხალხები უნდა მოამზადონ მშვიდობისთვის და არა ომისთვის.
ჩვენი ქვეყნები მზად არიან დაეხმარონ მხარეებს, მაგრამ მთიანი ყარაბახის კონფლიქტის დასრულების პასუხისმგებლობა მათზეა. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ საყოველთაო მშვიდობის ჩარჩოს შესახებ დაბალანსებული შეთანხმების მიღწევის შემდგომი გაჭიანურება მიუღებელია და მოვუწოდებთ აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს განახლებული ენერგიით კონცენტრირება მოახდინონ გადაუწყვეტლად დარჩენილ საკითხებზე.”
C. განმცხადებლები და ლაჩინის რაიონში სავარაუდოდ მათ საკუთრებაში არსებული ქონება
32. განმცხადებლებმა განაცხადებს რომ ისინი არიან აზერბაიჯანელი ქურთები, ცხოვრობდნენ ლაჩინის რაიონში, სადაც მათი წინაპრები ცხოვრობდნენ საუკუნეების მანძილზე. 1992 წლის 17 მაისს ისინი აიძულეს დაეტოვებიათ რაიონი და წასულიყვნენ ბაქოში. მას შემდეგ მათ ვერ შეძლეს თავიანთ სახლებში და ქონების დაბრუნება, სომხური ოკუპაციის გამო.
1. ბატონი ელხან ჭირაღოვი
33. ბატონი ელხან ჭირაღოვი დაიბადა 1950 წელს. ის ცხოვრობდა ლაჩინის რაიონში. თავდაპირველ განაცხადში ნახსენები იყო, რომ ის ცხოვრობდა სოფელ ჭირაღში, თუმცა მოპასუხე სახელმწიფოს წერილობითი მოსაზრებების საპასუხოდ გაცხადდა, რომ მისი საცხოვრებელი ადგილი იყო სოფელი ჭირაღლი, სადაც ის 15 წლის მანძილზე მუშაობდა პედაგოგად. ის ამტკიცებდა, რომ მის საკუთრებაში იყო 250 კვ. მ. ავეჯით მოწყობილი სახლი, 55 ფუტკრის ოჯახი, 80 სული წვრილფეხა და ცხრა სული მსხვილფეხა საქონელი და ხუთი ხელნაკეთი ხალიჩა.
34. 2007 წლის 27 თებერვალს, მოპასუხე სახელმწიფოს წერილობით მოსაზრებებზე განმცხადებლების პასუხთან ერთად მან წარადგინა ოფიციალური საბუთი (“ტექნიკური პასპორტი”), გაცემული 1985 წლის 19 ივლისს, რომლის თანახმადაც მის სახელზე რეგისტრირებული იყო ორ-სართულიანი, 12 საძინებლიანი საცხოვრებელი სახლი საერთო ფართით 408 კვ. მ. (300 კვ. მ. საცხოვრებელი ფართი და 108 კვ. მ. დამხმარე ფართი) და 60 კვ. მ. სათავსო, რომლებიც განლაგებული იყო 1 200 კვ. მ. მიწის ნაკვეთზე.
35. მან ასევე წარმოადგინა სამი ყოფილი მეზობლის ჩვენება, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მას ქონდა ორ-სართულიანი, 16 საძინებლიანი საცხოვრებელი სახლი 260 კვ. მ. ფართობის და ავტომობილი, ასევე ლაჩინის ქალაქის აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლების ა. ჯაფაროვისა და ა. ჰალილოვის ჩვენება, რომ ბატონი ელხან ჭირაღოვი ცხოვრობდა სოფელ ჭირაღლიში.
36. განმცხადებელმა დიდი პალატის წინაშე ასევე წარადგინა ქორწინების მოწმობა, რომლის თანახმადაც ის დაბადებული იყო ჭირაღლიში და იქ დაქორწინდა 1978 წელს, ასევე მისი ვაჟისა და ქალიშვილის დაბადების მოწმობები, ორივე დაბადებული იყო ჭირაღლიში 1979 და 1990 წლებში, ასევე ლაჩინის რაიონის საგანმანათლებლო დეპარტამენტის 1979 წლის წერილი და 1992 წლის შრომის წიგნაკი, რითაც დასტურდებოდა, რომ ის პედაგოგად მუშაობდა ჭირაღლიში.
2. ბატონი ადიშირინ ჭირაღოვი
37. ბატონი ადიშირინ ჭირაღოვი დაიბადა 1947 წელს. ის ცხოვრობდა ლაჩინის რაიონში. თავდაპირველ განაცხადში ნახსენები იყო, რომ ის ცხოვრობდა სოფელ ჭირაღში, მაგრამ მოპასუხე სახელმწიფოს წერილობითი მოსაზრებების პასუხად გაცხადდა, რომ ის ცხოვრობდა სოფელ ჭირაღლიში, სადაც ის პედაგოგად მუშობდა 20 წლის მანძილზე. ის აცხადებდა, რომ მის საკუთრებაში იყო ავეჯით გაწყობილი 145 კვ.მ.-ის სახლი, ავტომობილი “ნივა”, 65 წვრილფეხა და 11 სული მსხვილფეხა საქონელი, ასევე ექვსი ხელთნაკეთი ხალიჩა.
38. 2007 წლის 27 თებერვალს მან წარადგინა 1986 წლის 22 აპრილს გაცემული ტექნიკური პასპორტი, რომლის თანახმადაც მის სახელზე იყო რეგისტრირებული ორ-სართულიანი, რვა-საძინებლიანი საცხოვრებელი სახლი საეთო ფართით 230,4 კვ. მ. (საცხოვრებელი ფართი 193,2 კვ. მ. და დამხმარე ფართი 37,2 კვ. მ.) და 90 კვ. მ. საცავი, რომლებიც განლაგებული იყო 1200 კვ. მ. მიწის ნაკვეთზე.
39. მან ასევე წარმოადგინა სამი ყოფილი მეზობლის ჩვენება, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მის საკუთრებაში იყო ორ-სართულიანი საცხოვრებელი სახლი, რვა ოთახით, ასევე აზერბაიჯანის რესპუბლიკის ლაჩინის ქალაქის აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლების ა. ჯაფაროვისა და ა. ჰალილოვის ჩვენებები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ბატონი ადიშირინ ჭირაღოვი ცხოვრობდა სოფელ ჭირაღლიში.
40. განმცხადებელმა დიდ პალატას ასევე წარუდგინა ქორწინების მოწმობა, რომლის თანახმადაც ის დაბადებული იყო ჭირაღლიში და დაქორწინდა 1975 წელს, ვაჟისა და ორი ქალიშვილის დაბადების მოწმობები, ისინიც ასევე დაბადებული იყვნენ ჭირაღლიში 1977, 1975 და 1982 წლებში, ასევე 1981 წელს გაცემული სსრკ-ს პასპორტი, რომელშიც დაბადების ადგილად მითითებული იყო ჭირაღლი და აღბეჭდილი იყო 1992 წლის რეგისტაციის ბეჭედი, რომლითაც რეგისტრაციის ადგილად მითითებული იყო ჭირაღლი.
3. ბატონი რამიზ გებრაილოვი
41. ბატონი რამიზ გებრაილოვი დაიბადა ჭირაღლიში 1960 წელს. 1988 წელს მან დაამთავრა ბაქოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი და მიიღო ინჟინრის ხარისხი. 1983 წელს ბაქოში სწავლის პერიოდში ის ჩავიდა ქალაქ ლაჩინში და მას სახელმწიფომ გადასცა 5 000 კვ. მ. ფართობის მიწის ნაკვეთი. ის აცხადებდა, რომ იქ მან ააშენა ექვს-საძინებლიანი სახლი ავტოფარეხით და იქვე ცხოვრობდა მეუღლესთან და შვილებთან ერთაც 1992 წლამდე, როდესაც ის იძულებული გახდა წასულიყო. იქვე იყო ასევე სადგომები საქონლისთვის. მის საკუთრებაში იყო ასევე ავტომობილების შეკეთების ბიზნესი სახელწოდებით “ავტო სერვისი”, მაღაზია და კაფე, რომლებიც განლაგებული იყო მის საკუთრებაში არსებულ 5 000 კვ. მ. მიწის ფართობზე. ასევე მას ყავდა 12 ძროხა, 70 ხბო და 150 ცხვარი.
42. ბატონი გებრაილოვისთვის შეუძლებელი იყო ლაჩინში დაბრუნება მას შემდეგ რაც მან ის დატოვა 1992 წელს. 2001 წელს სომეხი მეგობრები ჩავიდნენ ლაჩინში და ვიდეოფირზე აღბეჭდეს ქალაქში სახლების მდგომარეობა. განმცხადებლის თქმით, ვიდეოჩანაწერიდან მან იხილა, რომ მისი სახლი დამწვარი იყო. მას ასევე შეატყობინეს ლაჩინიდან მის შემდეგ წამოსულმა ადამიანებმა, რომ მის მიერ ლაჩინის დატოვების შემდეგ რამდენიმე დღეში სომხურმა სამხედრო ძალებმა დაწვეს მისი სახლი.
43. 2007 წლის 27 თებერვალს ბატონმა გებრაილოვმა წარადგინა 1986 წლის 15 აგვისტოს გაცემული ტექნიკური პასპორტი, რომლის თანახმადაც მასზე რეგისტრირებული იყო ორ-სართულიანი, რვა-საძინებლიანი საცხოვრებელი სახლი საერთო ფართით 203 კვ. მ. (საცხოვრებელი ფართი 171,2 კვ. მ. და დამხმარე ფართი 32 კვ. მ.), რომელიც განთავსებული იყო 480 კვ. მ. მიწის ნაკვეთზე.
44. მან ასევე წარმოადგინა სამი ყოფილი მეზობლის ჩვენება, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ მის საკუთრებაში იყო ორ-სართულიანი სახლი რვა ოთახით, ასევე აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ლაჩინის აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლის ვ. მაჰარამოვის ჩვენება, რომელშიც მითითებული იყო რომ ბატონი გებრაილოვი ცხოვრობდა მის საკუთარ სახლში ლაჩინში.
45. დიდ პალატას განმცხადებელმა ასევე წარუდგინა დაბადების მოწმობა და ქორწინების მოწმობა, რომლის თანახმადაც ის დაბადებული იყო ჭირაღლიში და იქ დაქორწინდა 1982 წელს, მისი ქალიშვილისა და ორი ვაჟის დაბადების მოწმობები, ისინი დაბადებული იყვნენ ლაჩინში 1982, 1986 და 1988 წლებში, ასევე 1979 წელს გაცემული სამხედრო წიგნაკი.
4. ბატონი აკიფ ჰასანოფი
46. ბატონი აკიფ ჰასანოფი დაიბადა 1959 წელს სოფელ აღბულაღში, ლაჩინის რაიონში. ის იქ პედაგოგად მუშაობდა 20 წლის მანძილზე. ის ამტკიცებდა, რომ მის საკუთრებაში იყო ავეჯით მოწყობილი 165 კვ. მ. ფართის სახლი, ახალი ავტომობილი “ნივა”, 100 სული წვრილფეხა და 16 სული მსხვილფეხა საქონელი და 20 ხელნაკეთი ხალიჩა.
47. 2007 წლის 27 თებერვალს მან წარადგინა 1985 წლის 13 სექტემბერს გაცემული ტექნიკური პასპორტი, რომლის თანახმადაც მის სახელზე იყო რეგისტრირებული ორ-სართულიანი, ცხრა-საძინებლიანი საცხოვრებელი სახლი საერთო ფართით 448,4 კვ. მ (223,2 კვ. მ. საცხოვრებელი ფართი და 225,2 კვ. მ. დამხმარე ფართი) და 75 კვ. მ. საცავი, რომლებიც განლაგებული იყო 1600 კვ. მ. მიწის ნაკვეთზე.
48. მან ასევე წარმოადგინა სამი ყოფილი მეზობლის ჩვენება, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ მის საკითრებაში იყო ორ-სართულიანი ცხრა ოთახიანი საცხოვრებელი სახლი, აგრეთვე სადგომი საქონლისთვის და დამხმარე ნაგებობები, ასევე აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ლაჩინის აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლის ვ. მაჰარამოვის ჩვენება, რომელშიც მითითებული იყო, რომ ბატონი ჰასანოფი აღბულაგში მდებარე მის საკუთარ სახლში ცხოვრობდა.
49. განმცხადებელმა დიდ პალატას ასევე წარუდგინა დაბადების მოწმობა, 1976 წელს გაცემული სსრკ-ის პასპორტი და ლაჩინის რაიონის განათლების განყოფილების მიერ გაცემული შრომის წიგნაკი, რომელშიც მითითებული იყო რომ ის დაიბადა აღბულაღში და ამავე სოფელში მუშაობდა მასწავლებლად და შემდეგ სკოლის დირექტორად 1981-დან 1988 წლამდე პერიოდში.
5. ბატონი ფეხრედინ ფაშაევი
50. ბატონი ფეხრედინ ფაშაევი დაიბადა 1956 წელს სოფელ ქამალიში, ლაჩინის რაიონში. ბაქოს ტექნიკური უნივერსიტეტის დამთავრების და ინჟინრის კვალიფიკაციის მიღების შემდეგ 1984 წელს, ის დაბრუნდა ქალაქ ლაჩინში, სადაც დასაქმდა ინჟინრად, ხოლო 1986 წლიდან უფროს ინჟინრად ტრანსპორტის სამინისტროში. ის ამტკიცებდა, რომ საკუთრებაში ქონდა და ცხოვრობდა ლაჩინში მის მიერ აშენებულ ორსართულიან, სამსაძინებლიან სახლში. სახლი მდებარეობდა შემდეგ მისამართზე, ლაჩინის რაიონი, ლაჩინ სეჰერი, აპრელ კუცესის ქ. 28, #50. ბატონმა ფაშაევმა განაცხადა, რომ სახლის იმჟამინდელი საბაზრო ფასი იქნებოდა 50 000 აშშ დოლარი. მის საკუთრებაში იყო ასევე სახლის ირგვლივ მდებარე მიწა და მას ქონდა წილი (დაახლოებით ათი ჰექტარი) ქამალის კოლექტიურ ფერმაში. უფრო მეტიც, მის საკუთრებაში იყო გარკვეული ფართობის მიწა “კოლექტიურ საკუთრებაში”.
51. 2007 წლის 27 თებერვალს მან წარმოადგინა 1990 წლის აგვისტოში გაცემული ტექნიკური პასპორტი, რომლის თანახმადაც მის სახელზე რეგისტრირებული იყო ორ-სართულიანი საცხოვრებელი სახლი საერთო ფართით 133,2 კვ. მ. (საცხოვრებელი ფართი 51,6 კვ. მ. და დამხმარე ფართი 81,6 კვ. მ.), რომელიც განლაგებული იყო 469,3 კვ. მ. მიწის ნაკვეთზე.
52. მან ასევე წარმოადგინა სამი ყოფილი მეზობლის ჩვენება, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ მის საკუთრებაში იყო ორ-სართულიანი, ოთხ-ოთახიანი საცხოვრებელი სახლი, ასევე აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ლაჩინის აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლის ვ. მაჰარამოვის ჩვენება, რომელშიც ის აცხადებდა, რომ ბატონი ფაშაევი ცხოვრობდა მის საკუთრებაში არსებულ სახლში, მისამართზე ლაჩინი, აპრელ კუცესის ქ. 28.
53. განმცხადებელმა დიდი პალატის წინაშე ასევე წარმოადგინა ქორწინების მოწმობა, რომლის თანახმადაც ის დაიბადა ქამალიში და იქვე დაქორწინდა 1985 წელს, მისი ორი ქალიშვილის დაბადების მოწმობები, რომლებიც დაიბადნენ ქამალიში 1987 წელს და მეორე ლაჩინში 1991 წელს, მისი ვაჟის დაბადების მოწმობა, რომელიც ადასტურებდა, რომ ის დაიბადა ქამალიში 1993 წელს; ასევე 1978 წელს გაცემული სამხედრო წიგნაკი და 2000 წელს გაცემული შრომის წიგნაკი. მან განმარტა, რომ მართალია მისი ვაჟი რეალურად ბაქოში დაიბადა, მაგრამ სსრკ-ს ე. წ. ჩაწერის სისტემის თანახმად ჩვეული იყო ბავშვის ჩაწერა მშობლების რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
6. ბატონი ქარაჩა გაბრაილოვი
54. ბატონი ქარაჩა გაბრაილოვი დაიბადა ქალაქ ლაჩინში 1940 წელს და გარდაიცვალა 2005 წლის 19 ივნისს. 2005 წლის 6 აპრილს, წინამდებარე განაცხადის წარდგენის დროს მან განაცხადა, რომ 1992 წლის 17 მაისს, როდესაც ის აიძულეს წასულიყო, ის ცხოვრობდა #580-ში, მდებარე ნარიმანოვის ქუჩაზე, ბინა 128ა, ქალაქ ლაჩინში, მის ქონებას შეადგენდა ორ-სართულიანი საცხოვრებელი საოჯახო სახლი, რომელიც აშენებული იყო 187,1 კვ. მ. ფართობზე და ეზოს ფართი იყო 453,6 კვ. მ. ის ასევე ამტკიცებდა, რომ იმავე ქუჩაზე მის საკუთრებაში იყო 300 კვ. მ. ფართობის მიწის ნაკვეთი. განაცხადს თან ერთვოდა 1985 წლის აგვისტოში გაცემული ტექნიკური პასპორტი, რომელიც ადასტურებდა, რომ მის სახელზე იყო რეგისტრირებული ორ-სართულიანი სახლი ზემოთ მითითებული ფართობის ეზო.
55. თუმცა 2007 წლის 27 თებერვალს განმცხადებლის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ის ცხოვრობდა ლაჩინში ჰ. აბდულაიევის ქუჩა 41-ში. თუმცა მას საკუთრებაში ქონდა ორი უძრავი ქონება ნ. ნარიმანოვის ქუჩაზე. ამ განაცხადებს თან ერთვოდა ყოფილი მეზობლების ჩვენებები და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ლაჩინის აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლის ვ. მაჰარამოვის განცხადება, რომელშიც ის უთითებდა, რომ ბატონი გაბრაილოვი ცხოვრობდა მის საკუთარ სახლში ლაჩინში, ჰ. აბდულაევის ქუჩაზე. თანდართული იყო ასევე ლაჩინის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს 1974 წლის 29 იანვრის განცხადება ზემოთ ხსენებული 300 კვ. მ. მიწის ნაკვეთის განმცხადებლისთვის მიკუთვნების შესახებ და რამდენიმე ინვოისი საქონლის საკვების, სამშენებლო მასალებისა და სამშენებლო სუბსიდიის გაცემის შესახებ, რაც გამოყენებულ იქნა მის მიერ სახლ-კარის მშენებლობისას.
56. 2007 წლის 21 ნოემბერს ბატონმა საგატელ გაბრაილოვმა, განმცხადებლის ვაჟმა განაცხადა, რომ მისი ოჯახი ცხოვრობდა ნ. ნარიმანოვის ქუჩაზე, მაგრამ დაუდგენელ დროს ქუჩის სახელწოდება და ნუმერაცია შეიცვალა და მათი მისამართი შესაბამისად იყო ჰ. აბდულაევის ქუჩა. შესაბამისად, ზემოთ აღნიშნული ორი მისამართი ერთსა და იმავე ქონებაზე უთითებდა.
57. დიდი პალატის წინაშე განმცხადებლის წარმომადგენლებმა ასევე წარადგინეს დაბადების მოწმობა და ქორწინების მოწმობა, რომლის თანახმადაც ის დაიბადა ჭირაღლიში და იქვე დაქორწინდა 1965 წელს, მისი ვაჟის დაბადების მოწმობა, რომლის თანახმადაც ის დაიბადა 1970 წელს სოფელ ალხასლიში, ასევე 1963 წელს გაცემული სამხედრო წიგნაკი.
D. ურთიერთობა სომხეთის რესპუბლიკასა და “მთიანი ყარაბახის რესპუბლიკას” შორის
58. საკითხთან დაკავშირებით, სომხეთის რესპუბლიკას ქონდა თუ არა რაიმე ძალაუფლება ან კონტროლი “მყრ”-ზე და მიმდებარე ტერიტორიებზე, განმცხადებლებმა და მოპასუხე სახელმწიფომ, ისევე როგორც მესამე მხარემ, აზერბაიჯანმა, მოცულობითი დოკუმენტაცია და ჩვენებები წარმოადგინეს. მიღებული ინფორმაცია შეჯამებულია დაბლა, სასამართლოს აზრით შესაბამისობის მიხედვით.
1. სამხედრო საკითხები
59.1993 წელს გაეროს უშიშროების საბჭომ ოთხი რეზოლუცია მიიღო მთიანი ყარაბახის კონფლიქტთან დაკავშირებით.
30 აპრილის რეზოლუცია 822 (S/RES/822 (1993)):
“უშიშროების საბჭო,
...
განგაშით აღნიშნავს შეიარაღებული დაპირისპირების ესკალაციას, კერძოდ კი ადგილობრივი სომხური ძალების მიერ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქელბაჯარის რაიონის უკანასკნელ დაპყრობას,
...
1.მოითხოვს ყოველგვარი დაპირისპირების ან თავდასხმითი ქმედებების დაუყოვნებელ შეწყვეტას ცეცხლის შეწყვეტის მტკიცე ვითარების დასამყარებლად, ასევე ქელბაჯარის რაიონიდან და აზერბაიჯანის ბოლო დროს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ყველა საოკუპაციო ძალის დაუყოვნებელ გაყვანას.
...”
29 ივლისის რეზოლუცია 853 (S/RES/853 (1993)):
“უშიშროების საბჭო,
...
სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების გაუარესებასთან და მათ შორის დაძაბულობასთან დაკავშირებით მძიმე შეშფოთების გამოხატვით,
...
განგაშით აღნიშნავს შეიარაღებული დაპირისპირების გამძაფრებას, კერძოდ კი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში აგდამის რაიონის დაპყრობას,
...
3. მოითხოვს ყოველგვარი დაპირისპირების დაუყოვნებელ შეწყვეტას და აგდამის რაიონიდან და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში უკანასკნელ პერიოდში ოკუპირებული რაიონებიდან საოკუპაციო ძალების დაუყოვნებელ, სრულ და უპირობო გაყვანას.
...
9. მოუწოდებს სომხეთის რეპუბლიკის ხელისუფლებას განაგრძოს საკუთარი ზეგავლენის გამოყენება აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთიანი ყარაბახის რეგიონის სომხების მხრიდან მისი რეზოლუციის 822 (1993) და წინამდებარე რეზოლუციის შესრულების და ამ მხარის მიერ [ეუთოს] მინსკის ჯგუფის შეთავაზებების მიღების მისაღწევად;
...”
14 ოქტომბრის რეზოლუცია 874 (S/RES/874 (1993)):
“უშიშროების საბჭო,
...
გამოხატავს რა სერიოზულ შეშფოთებას, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთიანი ყარაბახის რეგიონში და მიმდებარედ კონფლიქტისა და სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის დაპირისპირების გაგრძელება საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებას,
...
5. მოუწოდებს [ეუთოს] მინსკის ჯგუფის “მისადაგებული განრიგით” გათვალისწინებული ნაბიჯების ერთობლივ და დაუყოვნებელ იმპლემენტაციას, მათ შორის უკანასკნელ პერიოდში ოკუპირებული ტერიტორიებიდან სამხედრო ძალების გაყვანას და კომუნიკაციისა და ტრანსპორტირებისთვის ყოველგვარი დაბრკოლების მოხსნისკენ;
...”
12 ნოემბრის რეზოლუცია 884 (S/RES/884 (1993)):
“უშიშროების საბჭო,
...
განგაშით აღნიშნავს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის შედეგად შეიარაღებული დაპირისპირების ესკალაციას და ამ დარღვევებზე რეაგირებისას ძალის გადამეტებას, კერძოდ კი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ზანგელანის რაიონისა და ქალაქ გორადიზის ოკუპირებას,
...
2. მოუწოდებს სომხეთის ხელისუფლებას გამოიყენოს საკუთარი ზეგავლენა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთიანი ყარაბახის რეგიონის სომხების მიერ მისი რეზოლუციების 822 (1993), 853 (1993) და 874 (1993) შესრულების მისაღწევად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ პროცესებში ჩართული ძალები არ მარაგდება საშუალებებით მათი სამხედრო კამპანიის შემდგომი გაფართოვებისთვის;
...
4. მონაწილე მხარეებისგან მოითხოვს შეიარაღებული დაპირისპირებისა და მტრული ქმედებების დაუყოვნებელ შეწყვეტას, ზანგელანის რაიონიდან და ქალაქ გორადიზიდან საოკუპაციო ძალების ცალსახა გაყვანას და აზერბაიჯანის რესპუბლიკის უკანასკნელ პერიოდში ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანას “უშიშროების საბჭოს რეზოლუციების 822 (1993) და 853 (1993) შესასრულებლად დაუყოვნებლად შესასრულებელი ღონისძიებების მორგებული განრიგის” შესაბამისად, რაშიც ცვლილებები შევიდა [ეუთოს] მინსკის ჯგუფის ვენის 1993 წლის 2-დან 8 ნოემბრამდე შეხვედრის შედეგად;
...”
60.ზემოთ ხსენებული HRW-ის 1994 წლის დეკემბრის ანგარიში (იხილეთ 22-ე პარაგრაფი მაღლა) მოიცავს მთიანი ყარაბახის კონფლიქტის მიმოხილვას. გაცხადებულია რა, რომ “ყარაბახის სომეხთა სამხედრო თავდამსხმელებმა 1992 წლის მაის/ივნისში ლაჩინის პროვინციის დიდი ნაწილი აიღეს”, ის აჯამებს 1993 წლისა და 1994 წლის შემდგომ მოვლენებს (გვ. 58):
“... ყარაბახის სამხედრო დანაყოფებმა, ხშირად სომხეთის რესპუბლიკის სამხედრო ძალების მხარდაჭერით, დაიპყრეს მთიანი ყარაბახის ირგვლივ დარჩენილი აზერბაიჯანული პროვინციები და გამოაძევეს აზერბაიჯანელი სამოქალაქო მოსახლეობა: ლაჩინის პროვინციის დარჩენილი ნაწილი, კელბაჯარი, აგდამი, ფიზული, ჯებრაილი, ქუბათლი და ზანგალანის პროვინცია.”
HRW-ის ანგარიშში წარმოდგენილია მთელი რიგი ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს მთიან ყარაბახში და მიმდებარე ტერიტორიებზე სომხეთის რესპუბლიკის არმიის მონაწილეობას (გვ. 67-73). ფაქტიურად სომხეთმა პოლიციის ძალების წარმომადგენლებიც კი გაგზავნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საპოლიციო უფლებამოსილების შესასრულებლად. HRW 1994 წლის აპრილში ორი დღის მანძილზე ინტერვიუს იღებდა ერევანის ქუჩებში სამხედრო ფორმიანი ჯარისკაცებისგან. მათი ოცდაათი პროცენტი სომხეთის რესპუბლიკის არმიის ახალწვეული იყო, რომლებიც იბრძოდნენ ყარაბახში, ქონდათ ყარაბახში გამგზავრების ბრძანება ან სავარაუდოდ ნებაყოფლობით გამოთქვეს იქ სამსახურის სურვილი. უფრო მეტიც, 1994 წლის აპრილის ერთ დღეს HRW-ის მკვლევარებმა დათვალეს 5 ავტობუსი, რომელშიც იმყოფებოდა სომხეთის არმიის დაახლოებით 300 ჯარისკაცი, რომლებიც სომხეთიდან მთიან ყარაბახში მიდიოდა. სხვა დასავლელმა ჟურნალისტებმა HRW-ის მკვლევარებს განუცხადეს, რომ მათ კიდევ რვა ავტობუსი ნახეს სომხეთის არმიის ჯარისკაცებით, რომლებიც სომხეთიდან აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მიემგზავრებოდნენ. HRW-ის თანახმად, კანონმდებლობიდან გამომდინარე, სომხეთის არმიის დანაყოფების მონაწილეობამ აზერბაიჯანში, სომხეთი კონფლიქტის მხარე გახადა და ეს ომი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტად აქცია.
61.ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში კონფლიქტის გადაჭრის რამდენიმე შეთავაზება გაკეთდა.1997 წლის ივლისის “შეთანხმების პაკეტის” შეთავაზების თავი “შეთანხმება I - შეიარაღებული დაპირისპირების შეწყვეტა” ითვალისწინებდა სამხედრო ძალების გაყვანის ორეტაპიან პროცესს. მეორე ეტაპი მოიცავდა პირობას, რომ “სომხეთის შეიარაღებული ძალების გაყვანა უნდა მომხდარიყო სომხეთის რესპუბლიკის საზღვრებში”.
1997 წლის დეკემბერში წარდგენილი “ნაბიჯ-ნაბიჯ” მიდგომა გაყვანის ასევე ორეტაპიან პროცესს გულისხმობდა და მეორე ფაზისთვის განსაზღვრავდა, რომ “სომხეთის რესპუბლიკის საზღვრებს გარეთ განლაგებული სომხური სამხედრო ძალების გაყვანა მოხდებოდა ამ საზღვრებში”. არსებითად იგივე ფორმულირება იყო ასახული 1998 წლის ნოემბრის “საერთო მდგომარეობის” შეთავაზებაში.
მართალია ეს დოკუმენტები განხილულ იქნა მინსკის ჯგუფის მოლაპარაკებებში, არცერთ მათგანს არ მოყოლია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმება.
62. განმცხადებლებმა მიუთითეს სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერებისა და დამკვირვებლების განცხადებებზე. მაგალითად, ბატონმა რობერტ ქოჩარიანმა, იმ დროისთვის “მყრ”-ის პრემიერ მინისტრმა სომხურ გაზეთ “გოლოს არმენიისთან” 1994 წლის თებერვალში განაცხადა, რომ სომხეთი მთიან ყარაბახს აწვდიდა ანტისაჰაერო იარაღს.
უფრო მეტიც, ბატონმა ვაზგენ მანუკიანმა, სომხეთის თავდაცვის მინისტრმა 1992-1993 წლებში, ბრიტანელ ჟურნალისტსა და მწერალს, თომას დე ვალს 2000 წლის ოქტომბერში განუცხადა, რომ საჯარო განცხადებები სომხეთის არმიის ამ ომში არ მონაწილეობის შესახებ მხოლოდ უცხოური წყაროებისთვის კეთდებოდა (იხილეთ თომას დე ვალი, “შავი ბაღი: სომხეთი და აზერბაიჯანი მშვიდობისა და ომის დროს”, New York University Press 2003, გვ. 210):
“თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ მიუხედავად იმისა, რას ვიტყვით პოლიტიკურ დონეზე, ყარაბახელი სომხები და სომხეთის არმია ერთად მოქმედებდა სამხედრო მოქმედებებში. ჩემთვის მნიშვნელობა არ ქონდა ადამიანი იყო ყარაბახელი თუ სომეხი.”
63. სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის (IISS) წლიურ ანგარიშში “სამხედრო ბალანსი” 2002, 2003 და 2004 წლებისთვის შეფასებული იყო, რომ მთიან ყარაბახში მყოფი 18 000 სამხედრო პირიდან 8 000 სომხეთის პერსონალი იყო. იგივე ინსტიტუტის 2013 წლის ანგარიშში ასევე გაცხადებული იყო, რომ “1994 წლიდან სომხეთი აკონტროლებდა მთიანი ყარაბახის დიდ ნაწილს და აზერბაიჯანის შვიდ მოსაზღვრე რეგიონს, რომელთაც ხშირად ‘ოკუპირებული ტერიტორიები’ ეწოდება” (“სამხედრო ბალანსი” 2002 წლის, გვ. 66; 2003 წლის გვ. 66; 2004 წლის, გვ. 82 და 2013 წლის, გვ. 218).
64. ევროპის საბჭოს საპარალმენტო ასამბლეის მომხსენებელმა, ბატონმა დევიდ ატკინსონმა 2004 წლის ნოემბერში პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის მიმართ მთიანი ყარაბახის შესახებ მის მეორე ანგარიშში (PACE Doc. 10364) განაცხადა:
“ჩემთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად აზერბაიჯანში მაცხოვრებელი ადგილობრივი სომხების გვერდით მთიანი ყარაბახის რეგიონში მიმდინარე შეიარაღებულ ბრძოლებში მონაწილეობდნენ სომხები სომხეთიდან. დღეს სომხეთს მთიანი ყარაბახის რეგიონში და მიმდებარე რაიონებში განთავსებული ყავს ჯარისკაცები და სომხეთის ხელისუფლება მსხვილ საბიუჯეტო დახმარებას უწევს ამ რეგიონს.”
აღნიშნულ ანგარიშზე დაყრდნობით საპარლამენტო ასამბლეამ 2005 წლის 25 იანვარს მიიღო რეზოლუცია 1416, რომელშიც ასევე აღნიშნა, რომ:
“1.საპარლამენტო ასამბლეა წუხს, რომ სამხედრო დაპირისპირების დაწყებიდან ათი წლის შემდეგ მთიანი ყარაბახის კონფლიქტი კვლავ გადაუჭრელია. ასეულ ათასობით ადამიანი კვლავ იძულებით გადაადგილებულია და გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. აზერბაიჯანის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ სომხური ძალების მიერ არის ოკუპირებული და მთიანი ყარაბახის რეგიონს კვლავ სეპარატისტული ძალები აკონტროლებენ.
2. ასამბლეა თავის შეშფოთებას გამოხატავს იმასთან დაკავშირებით, რომ სამხედრო მოქმედებამ და მისმა წინამორბედმა ფართოდ გავრცელებულმა ეთნიკურმა დაპირისპირებამ გამოიწვია ფართომაშტაბიანი ეთნიკური დაპირისპირება და მონოეთნიკური ტერიტორიის შექმნა, რაც თავის თავში აერთიანებდა ეთნიკური წმენდის საშინელ კონცეფციას. ასამბლეა ადასტურებს, რომ სახელმწიფოსგან რეგიონული ტერიტორიის დამოუკიდებლობა და გამოყოფა შესაძლებელია მიიღწეს მხოლოდ კანონიერი და მშვიდობიანი პროცესების შედეგად, რომელიც ეფუძნება ამგვარი ტერიტორიის მაცხოვრებელთა დემოკრატიულ მხარდაჭერას და არა შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად, რომელიც ეთნიკურ წმენდას და ამგვარი ტერიტორიების სხვა სახელმწიფოს მიერ დე ფაქტო ანექსიას იწვევს. ასამბლეა კვლავ აცხადებს, რომ წევრი სახელმწიფოს მიერ უცხო ქვეყნის ტერიტორიის ოკუპირება წარმოადგენს ამ სახელმწიფოს მიერ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნის ვალდებულებების მძიმე დარღვევას და კვლავ ადასტურებს კონფლიქტის ტერიტორიიდან გადაადგილებული პირების უფლებას უსაფრთხოდ და ღირსეულად დაუბრუნდნენ თავიანთ სახლებს.”
65. 2005 წლის 14 სექტემბრის ანგარიშში “მთიანი ყარაბახი: კონფლიქტის საწყისები” საერთაშორისო კრიზის ჯგუფმა (ICG) შემდეგი განაცხადა “მყრ”-ში შეიარაღებული ძალების შესახებ (გვ. 9-10):
“[მთიანი ყარაბახი] შესაძლოა ჩაითვალოს მსოფლიოს ყველაზე გასამხედროებულ საზოგადოებად. მთიანი ყარაბახის მაღალ დონეზე გაწვრთნილი და აღჭურვილი თავდაცვითი ჯარი ძირითადი საყრდენი ძალაა, რომლისთვისაც სომხეთი ხერხემალია. მთიანი ყარაბახის თანამდებობის პირებმა “კრიზისის ჯგუფს” განუცხადეს, რომ მათ 20 000 ჯარისკაცი ყავთ, ხოლო დამოუკიდებლი ექსპერტის [აშშ.-ს სამხედრო ანალიტიკოსი რიჩარდ გირაკოსიანი, 2005 წლის ივლისი] ვარაუდით - 18 500. შესაძლებელია დამატებით 20 000-დან 30 000-მდე რეზერვისტის მობილიზება. მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე მთიანი ყარაბახი ვერ შეძლებს ამდენად დიდი სამხედრო ძალის შენარჩუნებას გარედან მნიშვნელოვან რაოდენობაზე დანდობის გარეშე. დამოუკიდებელი შეფასების თანახმად [ბატონი გირაგოსიანისგან], ჯარში მსახურობს 8 500 ყარაბახელი სომეხი და 10 000 სომეხი. ...
ამასთან მრავალი წვეული და საკონტრაქტო ჯარისკაცი სომხეთიდან აგრძელებს სამსახურს მთიან ყარაბახში. (დე ფაქტო) თავდაცვის მინისტრი აღიარებს, რომ მისი სამხედრო ძალების 40 პროცენტი შედგება სამხედრო საკონტრაქტო პერსონალისგან, მათ შორის სომხეთის მოქალაქეებისგან. ის ამტკიცებს, რომ არ ხდება სომხეთის მოქალაქეების მათი ნების საწინააღმდეგოდ გაწვევა და აცხადებს, რომ 500 000 სომეხი წარმოშობით მთიანი ყარაბახიდან ცხოვრობს სომხეთში, მათგან რამდენიმე მსახურობს მთიანი ყარაბახის სამხედრო ძალებში. ყოფილმა წვეულებმა ერევნიდან და სომხეთის სხვა ქალაქებიდან “კრიზისის ჯგუფს” განუცხადეს, რომ გაწვევის ბიუროებში გამოცხადებისთანავე მთიან ყარაბახში და ოკუპირებულ რაიონებში დაუყოვნებლივ მათი გაგზავნა სავარაუდოდ თვითნებურად მოხდა. ისინი უარყოფდნენ, რომ მოხალისეობრივად გადაწყვიტეს მთიან ყარაბახში ან მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამგზავრება. მათ რაიმე ფულადი წახალისება არ მიუღათ სომხეთის გარეთ სამსახურისთვის და მათ ერთგვაროვნად გაიარეს სამხედრო სამსახური მთიან ყარაბახში, მთიანი ყარაბახის სამხედრო სარდლობის დაქვემდებარებაში. ახალგაზრდა სომეხი წვეულების მხრიდან მთიან ყარაბახში გამგზავრებაზე უარის მაჩვენებელი გაიზარდა, რითიც შეიძლება აიხსნას “მყრ”-ში გაგზავნილთა რიცხვის შემცირება.
სომხეთისა და მთიანი ყარაბახის სამხედრო ძალებს შორის ინტეგრაციის მაღალი მაჩვენებელია. სომხეთის მაღალი თანამდებობის პირები აღიარებენ, რომ ისინი აწვდიან აღჭურვილობისა და იარაღის ძირითად ნაწილს. მთიანი ყარაბახის თანამდებობის პირები ასევე აღიარებენ, რომ სომეხი ოფიცრები ეხმარებიან სწავლებასა და სპეციალური უნარებით აღჭურვაში. თუმცა, სომხეთი ამტკიცებს, რომ მისი არმიის არცერთი დანაყოფი არ იმყოფება მთიან ყარაბახში ან მის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიებზე.”
სომხეთის ხელისუფლება არ დაეთანხმა ICG-ის ანგარიშს, ორგანიზაციას, რომელსაც არ აქვს წარმომადგენლობა სომხეთში ან “მყრ”-ში. ასევე “მყრ”-ში მყოფი სომეხი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია მომდინარეობდა ბატონ გირაგოსიანთან ელექტრონული კომუნიკაციიდან, რომელსაც დაუკავშირდა ხელისუფლება და მანაც მიმართა შემდეგი განცხადებით:
“ამ მოსაზრების გამოხატვით მე არ მიგულისხმია, რომ მთიანი ყარაბახის შეიარაღებული ძალების სამსახურში მყოფი პირები ჯარისკაცები არიან. მე ვიგულისხმე, რომ ჩემი გათვლებით დაახლოებით ამ რაოდენობის მოხალისეა ჩართული მთიანი ყარაბახის შეიარაღებულ ძალებში სომხეთიდან და სხვა სახელმწიფოებიდან. რაც შეეხება ჩემს მიერ ნახსენებ რიცხვებს, მე ვერ დავიჟინებ, რომ ეს ციფრები სწორია, რადგანაც ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა და არავის აქვს ზუსტი მონაცემი. ჩემი მოსაზრება ეყრდნობა იმას, რომ ჩემი აზრით მსოფლიოს ყველა კუთხიდან მრავალი სომეხი მონაწილეობს მთიანი ყარაბახის თავდაცვით ძალებში.”
66. 2007 წლის 19 აპრილს ავსტრიულმა გაზეთმა “Der Standard” გამოაქვეყნა ინტერვიუ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ბატონ ვართან ოსკანიანთან. ბატონმა ოსკანიანმა სადავო ტერიტორიები დანამდვილებით მოიხსენია როგორც “ამჟამად სომხეთის მიერ კონტროლირებული ტერიტორიები”.
რამდენიმე დღის შემდეგ სომხეთის საელჩომ ავსტრიაში გაავრცელა პრეს-რელიზი, რომელშიც გაცხადებული იყო, რომ ბატონი ოსკანიანის განცხადება არასწორად განიმარტა და სინამდვილეში მან თქვა “ამჟამად სომხების მიერ კონტროლირებული ტერიტორიები”.
67. 2008 წლის 14 მარტს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია “აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ” (A/RES/62/243). მიუთითებდა რა უშიშროების საბჭოს 1993 წლის რეზოლუციებზე (იხილეთ 59-ე პარაგრაფი მაღლა), მასში მოცემული იყო შემდეგი შინაარსის ტექსტი:
“გენერალური ასამბლეა,
...
2. მოითხოვს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ყველა სომხური სამხედრო ძალების დაუყოვნებელ, სრულ და უპირობო გაყვანას;
3. ადასტურებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიებიდან გაძევებული მოსახლეობის უდავო უფლებას დაუბრუნდნენ თავიანთ სახლებს და ხაზს უსვამს ამ დაბრუნებისთვის სათანადო პირობების შექმნის აუცილებლობას, მათ შორის კონფლიქტით დაზარალებული ტერიტორიების ყოვლისმომცველ რეაბილიტაციას;
...”
68.2008 წლის 29 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში “არმენია თუდეისთან” ბატონმა ჯიბრაილ სეფილიანმა, ლიბანში დაბადებულმა სომეხმა სამხედრო სარდალმა და პოლიტიკურმა მოღვაწემ, რომელიც ასევე მონაწილეობდა 1992 წლის მაისის დასაწყისში ქალაქ შუშას/შუშის აღებაში და შემდეგ განაგრძო მოღვაწეობა “მყრ”-ისა და სომხეთის შეიარაღებულ ძალებში, შემდეგი დადასტურებული განცხადება გააკეთა:
“ჩვენ უნდა გადავფურცლოთ ისტორიის გვერდი, რადგანაც 1991 წლიდან მოყოლებული მთიან ყარაბახს ჩვენ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მივიჩნევთ და ვაცხადებთ, რომ მათ უნდა წარმართონ მოლაპარაკებები. ვის ვატყუებთ? მთელმა მსოფლიომ იცის, რომ “მყრ”-ის არმია სომხეთს შეიარაღებული ძალების ნაწილია, რომ “მყრ”-ის ბიუჯეტი სომხეთის ბიუჯეტიდან ფინანსდება, “მყრ”-ის პოლიტიკური ლიდერები ერევნიდან ინიშნებიან. დროა მთიანი ყარაბახი სომხეთის ნაწილად მივიჩნიოთ, მის ერთერთ რეგიონად. მოპალარაკებების პროცესში ყარაბახი მიჩნეულ უნდა იქნას სომხეთის ტერიტორიად და ტერიტორიის გამოყოფა არ უნდა დაიშვას.”
69. 2010 წლის 20 მაისის რეზოლუციაში სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სტრატეგიის საჭიროების შესახებ ევროპულმა პარლამენტმა inter alia, შემდეგი პოზიცია გამოხატა:
“[ევროპული პარლამენტი] მეტად შეშფოთებულია, რომ ასობით ათასობით ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული პირი, რომელთაც მთიანი ყარაბახის ომთან დაკავშირებით თავიანთი სახლების დატოვება მოუხდათ, კვლავ გადაადგილებული და უფლებებშეზღუდულები არიან, მათ შორის დაბრუნების უფლება, საკუთრების უფლება და პირადი უსაფრთხოების უფლებაშეზღუდულები; მოუწოდებს ყველა მხარეს ნათლად და უპირობოდ აღიარონ ეს უფლებები, მათი სწრაფი რეალიზების საჭიროება და სწრაფად გადაჭრან ეს პრობლემა საერთაშორისო სამართლის პრინციპების დასაცავად; აღნიშნულთან მიმართებით მოითხოვს აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიებიდან სომხეთის შეიარაღებული ძალების გაყვანას, საერთაშორისო სამხედრო ძალების განთავსების თანხლებით, რისი ორგანიზებაც მოხდება გაეროს წესდების პატივისცემით, გარდამავალ პერიოდში საჭირო უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად, რაც მთიანი ყარაბახის მოსახლეობის უსაფრთხოების გარანტი იქნება და გადაადგილებულ პირებს შესაძლებლობას მისცემს დაუბრუნდნენ თავიანთ სახლებს და თავიდან აიცილებს თანმდევ უსახლკარობით გამოწვეულ კონფლიქტებს; მოუწოდებს სომეხ და აზერბაიჯანელ თანამდებობის პირებსა და შესაბამისი თემების ლიდერებს გამოავლინონ მშვიდობიანი ეთნოსთაშორისი ურთიერთობების დამყარებისადმი თავდადება გადაადგილებულ პირთა დაბრუნების პრაქტიკულად მოსამზადებლად; მიიჩნევს რა, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა ვითარების გადაწყვეტა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უნდა მოხდეს, მათ შორის PACE-ს უკანასკნელი რეკომენდაციის 1877(2009) ‘ევროპის დავიწყებული ადამიანები: ხანგრძლივი დროის მანძილზე გადაადგილებულ პირთა ადამიანის უფლებების დაცვა’, გათვალისწინებით.”
70. 2012 წლის აპრილში ევროპულმა პარლამენტმა კიდევ ერთი რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ასევე აღნიშნული იყო, რომ “არსებობს ანგარიშები აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე სომხეთის სამხედრო ძალების მიერ უკანონო ქმედებების განხორციელების თაობაზე, კერძოდ კი რეგულარული სამხედრო მანევრების, სამხედრო ტექნიკისა და პერსონალის განახლებისა და თავდაცვითი ეშელონების გაღრმავების სახით”. ევროპული პარლამენტი რეკომენდაციას წევს, რომ ევროკავშირსა და სომხეთს შორის ასოცირების შეთანმხების თაობაზე მოლაპარაკებები დაუკავშირდეს მზაობას “მთიანი ყარაბახის მიმდებარე ტერიტორიიდან სომხეთის სამხედრო ძალების გაყვანასთან და მათი აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ დაბრუნებასთან მიმართებით” და “მოუწოდებს სომხეთს შეწყვიტოს რეგულარული არმიის წვეულთა გაგზავნა მთიან ყარაბახში” (ევროპული პარლამენტის 2012 წლის 18 აპრილის რეზოლუცია, რომელიც მოიცავს ევროპული პარლამენტის რეკომენდაციებს საბჭოს, კომისიისა და ევროპული საგარეო საქმეთა სამსახურის მიმართ ევროკავშირსა და სომხეთს შორის ასოცირების შეთანხმების მოლაპარაკებების თაობაზე).
71. განმცხადებლებმა განაცხადეს, რომ სხვადასხვა დროს 2012 და 2013 წლებში სომხეთის პრეზიდენტმა, თავდაცვის მინისტრმა და მაღალი სამხედრო ჩინის მქონე პერსონალმა მოინახულეს სადავო ტერიტორიები სამხედრო ძალების ინსპექტირებისთვის, სამხედრო წვრთნებზე დასასწრებად და “მყრ”-ის სამხედრო და სხვა თანამდებობის პირებთან შეხვედრის მიზნით. 2013 წლის ივლისში სომხეთის მაღალი თანამდებობის სამხედრო გენერლებმა და სხვა სამხედრო თანამდებობის პირებმა, მათ შორის სომხეთის თავდაცვის მინისტრმა და “მყრ”-ის შეიარაღები ძალების სარდლებმა შეხვედრა გამართეს მთიან ყარაბახში, სომხური სამხედრო ძალის გაძლიერების ღონისძიებებთან დაკავშირებით.
72. 2013 წლის 15 იანვარს სომხეთის პრეზიდენტმა ბატონმა სერჟ საქისიანმა შეხვედრა გამართა სომხეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებთან. მისი საჯარო გამოსვლა იმავე დღეს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. გამოსვლა შემდეგი შანაარსის განცხადებას შეიცავდა:
“ისე მოხდა, რომ დამოუკიდებლობის პირველივე წლიდან არმია განსაკუთრებულ როლს თამაშობს ჩვენი საზოგადოების ცხოვრებაში. ომის სული იგრძნობოდა მთელს სომხეთში, ზოგიერთ ადგილებში მეტად, ვიდრე სხვაგან. იმ დღეებში ყველა ოჯახს ყავდა ახლო თუ შორეული ნათესავი სომხეთის არმიაში; და არმია ყველას გულებში იყო. ეს გრძნობა გაძლიერდა მას შემდეგ, რაც არმიამ გამარჯვება მოიპოვა, რომელიც ასე მნიშვნელოვანი, ასე სასიცოცხლო იყო.
...
ჩვენი საგარეო პოლიტიკის უმთავრესი მიზანია აზერბაიჯანის მიერ არწახის წინააღდეგ წარმართულ აგრესიულ ომში მიღწერული გამარჯვების სამართლებრივი ფორმულირება. მთიანი ყარაბახის რესპუბლიკის აღიარება უნდა მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, ვინაიდან არ არსებობს ლოგიკური ახსნა იმისა რატომ უნდა იყოს ხალხი, რომელთაც ისარგებლეს თავიანთი თვითგამორკვევის უფლებით და მოგვიანებით დაიცვეს ის არაცალმხრივ ომში, აზერბაიჯანის შემადგენელი ნაწილი. რატომ უნდა გადაწყვიტოს ამ ხალხის ბედი ერთ დროს სტალინის მიერ მიღებულმა უკანონო გადაწყვეტილებამ?
...
სომხეთსა და არწახს არ სურთ ომი; თუმცა ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ საკადრის პასუხს გავცემთ ნებისმიერ გამოწვევას. არწახის მოსახლეობა აღარასდროს დადგება ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშე. სომხეთის რესპუბლიკა იქნება ამისგან დაცვის გარანტი.
...
არწახის უსაფრთხოება არ არის ჩვენთვის პრესტიჟის საქმე; ეს არის სიკვდილ-სიცოცხლის საქმე ამ სიტყვების ყველაზე პირდაპირი გაგებით. მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს და გააცნობიეროს, რომ სომხეთისა და არწახის ძალოვანი სტრუქტურები იმ არმიის წინააღმდეგ დგანან, რომელიც ჯამაგირს უხდის მკვლელებს, თუკი ამ ხროვას შეიძლება არმია ეწოდოს.”
73. სომხეთის ხელისუფლების მოთხოვნით მომზადებულ მოსაზრებაში დოქტორი ჰარი ბუკურ-მარკუ, რუმინული წარმოშობის სამხედრო ექსპერტი აცხადებდა, რომ მან ვერაფერი ნახა სომხეთის სამხედრო პოლიტიკაში, რაც გულისხმობდა “მყრ”-ის სამხედრო ძალებზე კონტროლს ან მინიშნებას იმაზე, რომ სომხეთის სამხედრო ძალები წარმოდგენილი იყო ან მოქმედებდნენ “მყრ”-ში. მან ასევე დაასკვნა, რომ არსებობდა მტკიცებულება, რომ სომხეთი სარგებლობდა კონტროლითა და ძალაუფლებით “მყრ”-ზე ან მისი თავდაცვის ძალებზე, ან რომ სომხეთის შეიარაღებულ ძალებს გააჩნდათ რაიმე სახის კონტროლი “მყრ”-ის მთავრობაზე ან მმართველობაზე. მოპასუხე ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დოქტორ ბუკურ-მარკუს შესაძლებლობა მიეცა ინტერვიუები ჩაეტარებია სომხეთში მაღალი ჩინის სამხედრო ოფიცრებთან და წვდომა ქონოდა მათ ჩანაწერებზე. “მყრ”-ის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, მისთვის შესაძლებელი გახდა ემოგზაურა იქ და გასაუბრებოდა სამხედრო და პოლიტიკური თანამდებობის პირებს და გაცნობოდა დოკუმენტებს.
74. 1994 წლის 25 ივნისს დაიდო “შეთანხმება სომხეთის რესპუბლიკისა და მთიანი ყარაბახის რესპუბლიკის მთავრობებს შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ”. ეს შეთანხმება სხვა საკითხთა შორის ადგენს შემდეგს:
“სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა და მთიანი ყარაბახის რესპუბლიკის მთავრობა (შემდგომში მოხსენიებულია, როგორც ‘მხარეები’),
მხედველობაში იღებენ რა სამხედრო თანამშრომლობის სფეროში საერთო ინტერესს, ითვალისწინებენ ორმხრივი ურთიერთობებისა და მხარეთა სახელმწიფო შეიარაღებულ ძალებს შორის თანამშრომლობის გზით ურთიერთნდობის განვითარების საჭიროებას, ისწრაფვიან რა სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის გაძლიერებისკენ,
თანმხდებიან შემდეგზე:
...
მუხლი 3
ორივე მხარემ უნდა განავითაროს სამხედრო თანამშრომლობა შემდეგი მიმართულებით:
(1) არმიის შექმნა და სამხედრო ძალების რეფორმირება;
(2) სამხედრო მეცნიერება და განათლება;
(3) სამხედრო კანონმდებლობა;
(4) შეიარაღებული ძალების ლოჯისტიკა;
(5) სამხედრო მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრთა გამოჯანმრთელების სამხედრო მედიცინა;
(6) კულტურული და სპორტული აქტივობები, ტურიზმი.
სხვა მიმართულებებით თანამშრომლობა უნდა წარიმართოს სხვა ორმხრივი წერილობით შეთანხმების საფუძველზე.
მუხლი 4
მხარეებმა თანამშრომლობა უნდა წარმართონ შემდეგი ფორმით:
(1) თავდაცვის მინისტრებს, სამხედრო სარდლობის ხელმძღვანელობას ან თავდაცვის სამინისტროს მიერ უფლებამოსილ სხვა წარმომადგენლებს შორის ვიზიტები და სამუშაო შეხვედრები;
(2) კონსულტაციები, გამოცდილების გაზიარება, სამხედრო პერსონალის სწავლება და კვალიფიკაციის ამაღლება;
(3) ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარება;
(4) კონფერენციებში, კონსულტაციებსა და სემინარებში მონაწილეობა;
(5) საგანგებო შეთანხმებების საფუძველზე ინფორმაციის, დოკუმენტებისა და მომსახურების გაცვლა;
(6) კულტურული ღონისძიებები;
(7) სამხედრო სამსახურის შესრულება;
(8) ამ ხელშეკრულების ფარგლებში მხარეთა შეიარაღებული ძალების ინფრასტრუქტურის ნაწილებით ერთობლივი სარგებლობის პირობების შექმნა;
(9) მაღალი კვალიფიკაციის სამხედრო და ტექნიკური პერსონალისა და სპეციალისტების სწავლება.
ამ ხელშეკრულების საფუძველზე თანამშრომლობის ფარგლებში მხარეები თანხმდებიან, რომ სომხეთის რესპუბლიკისა და მთიანი ყარაბახის წვეულებს უფლება აქვთ მოიხადონ მათი ვადიანი სამხედრო სამსახური მთიანი ყარაბახის რესპუბლიკაში ან სომხეთის რესპუბლიკაში. ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე ვადიანი სამხედრო სამსახურის მოხდის შემთხვევაში პირი უნდა ჩაითვალოს საკუთარი მოქალაქეობის ვადიანი სამხედრო სამსახურის მოხდისგან გათავისუფლებულად.
მუხლი 5
ამ შეთანხმების ფარგლებში მხარეები ასევე უნდა შეთანხმდნენ, რომ:
(1) თუკი სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, რომელიც სამხედრო სამსახურს გადის მთიანი ყარაბახის რესპუბლიკაში, ჩაიდენს სამხედრო დანაშაულს, სისხლის სამართებრივი დევნა და სამართალწარმოება მის წინააღდეგ უნდა განხორციელდეს სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ორგანოების მიერ სომხეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი პროცესუალური ნორმების შესაბამისად;
(2) თუკი მთიანი ყარაბახის რესპუბლიკის მოქალაქეები, რომლებიც ვადიან სამხედრო სამსახურს იხდიან სომხეთის რესპუბლიკაში, ჩაიდენენ სამხედრო დანაშაულს, სისხლის სამართლებრივი დევნა და სამართალწარმოება მათ წინააღმდეგ უნდა წარიმართოს მთიანი ყარაბახის ტერიტორიაზე, მთიანი ყარაბახის რესპუბლიკის სახელმწიფო ორგანოების მიერ, მთიანი ყარაბახის რესპუბლიკისკანონმდებლობით დადგენილი პროცესუალური ნორმების შესაბამისად.
ამ ხელშეკრულების ფარგლებში მხარეები ორმხრივ ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფენ შეიარაღებასთან და სამხედრო აღჭურვილობის განახლებასთან და შენარჩუნებასთან დაკავშირებით.
მიმღები ქვეყნის თავდაცვის სამინისტროა პასუხისმგებელი ხელშეკრულებების გაფორმებაზე მათთან, ვინც ახორციელებს შეიარაღებისა და სამხედრო აღჭურვილობის განახლებისა და მართვის ღონისძიებებს, ისევე როგორც მონაწილე სახელმწიფოების ტერიტორიაზე მწარმოებელი კომპანიების საწარმოების წარმომადგენელთა საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფაზე.
სხვა ფორმის თანამშრომლობა უნდა წარიმართოს ორმხრივი წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.
...”
75. სომხეთის ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ სომეხი წვეულები, რომლებიც 1994 წლის ხელშეკრულების მე-4 მუხლის შესაბამისად ასრულებდნენ თავიანთ სამხედრო სამსახურს “მყრ”-ში, ძირითადად დაბალი სამხედრო ჩინის მქონენი იყვნენ და შეადგენდნენ “მყრ”-ის თავდაცვითი ძალების არაუმეტეს 5%-ს (1 500 პირამდე). თუმცა მოპასუხე ხელისუფლება არ გამორიცხავდა იმის შესაძლებლობას, რომ ზოგიერთი სომეხი ეროვნების წარმომადგენელი შესაძლოა მსახურობდა “მყრ”-ის თავდაცვის ძალებში საკონტრაქტო ან მოხალისეობრივ საწყისებზე. “მყრ”-ის თავდაცვით ძალებში მომსახურეთა შორის, მთიანი ყარაბახის მაცხოვრებელთა მხარდამხარ იბრძოდნენ სომხური წარმომავლობის მოხალისეები მრავალი სხვა ქვეყნიდან, სადაც კი სომხური დიასპორა არსებობს. სავარაუდოდ, “მყრ”-ში სამხედრო სამსახურში მყოფი სომეხი ჯარისკაცები პირდაპირ ექვემდებარებოდნენ “მყრ”-ის თავდაცვით ძალებს, რომელიც “მყრ”-ში მოღვაწე ერთადერთი სამხედრო ძალა იყო. მოპასუხე ხელისუფლება კვლავ ამტკიცებდა, რომ 1994 წლის ხელშეკრულების საფუძველზე “მყრ”-ში სამხედრო სამსახურში მყოფი სომეხი წვეულები საკუთარი ნებით იყვნენ იქ (თუმცა იხილეთ, ICG-ის ანგარიში, 65-ე პარაგრაფი მაღლა).
სომხეთის ხელისუფლებამ ასევე განაცხადა, რომ სომხეთის არმიისა და “მყრ”-ის თავდაცვითი ძალები თავდაცვით ალიანსში იყვნენ ისეთ საკითხებში, როგორიცაა ოპერატიული ინფორმაციის გაცვლა, მაღალი სამხედრო თანამდებობის პირების ვიზიტები, სემინარები, ერთობლივი სამხედრო წვრთნები, აღლუმის ინსპექტირება და სხვა მსგავსი.
76. 2007 წლის 11 ოქტომბერს სასამართლომ გამოსცა ნაწილობრივი გადაწყვეტილება საქმის დასაშვებობაზე ზალიანი, სარქისიანი და სერობიანი სომხეთის წინააღმდეგ (Zalyan, Sargsyan and Serobyan v. Armenia) (განაცხადები #36894/04 და#3521/07), რომლებიც ეხება სამი სამხედრო მოსამსახურის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობას და მათ უკანონო დაკავებას. საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან იკვეთება, რომ განმცხადებლები სომხეთის არმიაში გაიწვიეს 2003 წლის მაისში და გაამწესეს # 33651 სამხედრო ნაწილში, რომელიც განლაგებული იყო “მყრ”-ის მარტაკერტის რეგიონში, სოფელ მატაღისში. იმავე სამხედრო დანაყოფის ორი მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს 2004 წლის იანვარში. მათი გარდაცვალების სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო და ამასთან დაკავშირებით განმცხადებლების დაკითხვა რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა 2004 წლის აპრილში, მთიან ყარაბახში, ჯერ მათსავე სამხედრო ნაწილში, შემდეგ მარტაკერტ გარისონის სამხედრო პროკურორის სამსახურში და ბოლოს სტეფანაკერტის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში, შემდგომი საქმისწარმოებისთვის ერევანში ტრანსპორტირებამდე. მთიან ყარაბახში დაკითხვის წარმმართველ ოფიცრებს შორის იყვნენ სომხეთის სამხედრო პროკურორის სამსახურის ორი გამომძიებელი, მარტაკერტ გარისონის სამხედრო პროკურორის სამსახურის გამომძიებელი და სომხეთის სამხედრო პოლიციის ოფიცერი. სამხედრო დანაყოფის ბატალიონის უფროსი ესწრებოდა ასევე პირველ დაკითხვას. შესაბამისად, განმცხადებლებს ბრალად დაედო მკვლელობა და სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვა გაიმართა 2004 წლის ნოემბერში სიუნიკის რეგიონულ სასამართლოში, რომელიც განთავსებული იყო სტეფანაკერტში.განმცხადებლები ესწრებოდნენ საქმის სასამართლო განხილვას. 2005 წლის 18 მაისს სასამართლომ განმცხადებლები დამნაშავედ ცნო მკვლელობის ჩადენაში და სასჯელის სახით შეუფარდა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.
77. მსგავსად ამისა, როგორც ადამიანის უფლებათა ორგანიზაცია “ფორუმ 18” და ასევე HRW აცხადებდნენ, სომხეთის მოქალაქე და გაცნობიერებული მოწინააღმდეგე, 2004 წლის ივნისში ერევნის სამხედრო გაწვევის სამსახურიდან წაიყვანეს და გადაიყვანეს მთიან ყარაბახში მდებარე სამხედრო ნაწილში. ამ ნაწილიდან გაპარვის შემდეგ ბატონი გრიგორიანი დააპატიმრეს და შემდეგ სტეპანაკერტში მდებარე სასამართლომ 2005 წლის 9 ივნისს დამნაშავედ ცნო სამხედრო სამსახურზე უარის თქმისთვის და მიუსაჯა ორი წლით თავისუფლების აღკვეთა.
2. პოლიტიკური და სასამართლო კავშირები
78. რამდენიმე წარჩინებულ სომეხ პოლიტიკოს სხვადასხვა დროს ეკავა მაღალი თანამდებობები, როგორც სომხეთის რესპუბლიკაში, ისე “მყრ”-ში ან სხვა ფორმით მჭიდრო კავშირი ქონდათ მთიან ყარაბახთან. სომხეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი, ბატონი ლევონ ტერ-პეტროსიანი სომხური “ყარაბახის კომიტეტის” წევრი იყო, რომელიც თავის მხრივ 1980-იანი წლების ბოლოს უძღვებოდა მთიანი ყარაბახის სომხეთთან გაერთიანების მოძრაობას. 1998 წლის აპრილში ის თანამდებობაზე შეცვალა ბატონმა რობერტ ქოჩარიანმა, რომელიც მანამდე, 1992 წლის აგვისტოდან 1994 წლის დეკემბრამდე “მყრ”-ის პრემიერ მინისტრი იყო, 1994 წლის დეკემბრიდან 1997 წლის მარტამდე “მყრ”-ის პრემიერ მინისტრი იყო, ხოლო 1997 წლის მარტიდან 1998 წლის აპრილამდე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრი იყო. 1993 წლის აგვისტოში ის დაინიშნა სომხეთის თავდაცვის მინისტრად, მას შემდეგ რაც 1989-1993 წლებში “მთიანი ყარაბახის თვითდაცვის სამხედრო ძალების კომიტეტის” თავმჯდომარე იყო. უფრო მეტიც, 2007 წელს ბატონი სეირან ოჰანიანი “მყრ”-ის თავდაცვის მინისტრობიდან დაინიშნა სომხეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი გახდა. 2008 წლის აპრილში ის დაინიშნა სომხეთის თავდაცვის მინისტრად.
79. განმცხადებლები ირწმუნებოდნენ, რომ სომხეთის რესპუბლიკის კანონმდებლობა მოქმედებს “მყრ”-ში. თუმცა, სომხეთის ხელისუფლების განცხადებით “მყრ”-ამ 1992 წლის აინვრიდან 2006 წლის აგვისტომდე 609 სხვადასხვა კანონი მიიღო, ერთერთი პირველი იყო “კანონი მთიანი ყარაბახის სახელმწიფო დამოუკიდებლობის საფუძვლის შესახებ”. ამ კანონის მე-2 მუხლი ადგენს, რომ “მყრ დამოუკიდებლად წყვეტს რესპუბლიკის პოლიტიკასთან, ეკონომიკასთან, სოციალურ და კულტურულ საკითხებთან, მშენებლობასთან, ადმინისტრაციული და ტერიტორიული დაყოფის პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებს”. ასევე 1992 წლის იანვარში შეიქმნა აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოები, მათ შორის მინისტრთა საბჭო (მთავრობა), უზენაესი სასამართლო და “მყრ”-ის პირველი ინსტანციის სასამართლოები, ასევე “მყრ”-ის პროკურორის სამსახური. ”მყრ”-ას ასევე ყავს საკუთარი პრეზიდენტი, პარლამენტი და პოლიციის ძალები, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, მათ შორის “მყრ”-ის ირგვლივ არსებული ტერიტორიების მმართველი ადმინისტრაციები, რომელთა წარმომადგენლებსაც “მყრ”-ის სახელმწიფო ორგანოები ნიშნავენ. საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ტარდება. მართალია რამდენიმე კანონი სომხური კანონმდებლობიდან მიიღეს, სომხეთის ხელისუფლება კვლავ ამტკიცებდა, რომ მათი მოქმედება ავტომატურად არ ვრცელდება, მაგ., სომხეთის სასამართლოების მეშვეობით, არამედ დამოუკიდებლად განიმარტება და გამოიყენება “მყრ”-ის სასამართლოების მიერ, ლაჩინის რაიონში თუ სხვაგან.
3. ფინანსური და სხვაგვარი მხარდაჭერა
80. 2005 წლის ანგარიშში (რომელიც მითითებულია 65-ე პარაგრაფში), ICG-იმ შემდეგი განაცხადა (გვ. 12-13):
“მთიანი ყარაბახის ეკონომიკა ინტეგრირებული იყო საბჭოთა აზერბაიჯანისაში, მაგრამ დიდწილად განადგურდა ომის პერიოდში. დღეს ის მჭიდრო კავშირშია სომხეთთან და დიდწილად დამოკიდებულია მის ფინანსურ შენატანებზე. ყველა ფულადი ოპერაცია სომხეთის გავლით ხორციელდება და მთიან ყარაბახში წარმოებულ საექსპორტო პროდუქციას ხშირად წარმოშობის ადგილად მითითებული აქვს “დამზადებულია სომხეთში”. ერევანი გამოყოფს ბიუჯეტის ნახევარს. ...
მთიანი ყარაბახი დიდწილად დამოკიდებულია საგარეო ფინანსურ დახმარებაზე, ძირითადად სომხეთიდან, მაგრამ ასევე შეერთებული შტატებიდან და მსოფლიო დიასპორისგან მიღებულ სახსრებზე. ის ვერ ახერხებდა საკმარისი შემოსავლების შეგროვებას საბიუჯეტო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და შესაბამისად იღებს მზარდ საგარეო მხარდაჭერას. 2005 წლის ბიუჯეტის საერთო რაოდენობაა 24,18 მილიარდი დრამი (53,73 მილიონი დოლარი). ადგილობრივად მიღებული შემოსავლების საერთო რაოდენობა შეადგენდა 6,46 მილიარდ დრამს (14,35 მილიონ დოლარს), ხარჯების 26,7 პროცენტს.
1993 წლიდან მთიანი ყარაბახი სარგებლობდა სომხეთისგან “სახელმწიფოთაშორისი სესხით”. სომხეთის პრემიერ მინისტრის სიტყვებით, 2005 წელს ეს იყო 13 მილიარდი დრამი (28,88 მილიონი აშშ დოლარი), რაც მნიშვნელოვანი ზრდაა 2002 წლის შემდეგ, როდესაც სესხი 9 მილიარდ დრამს (16,07 მილიონი აშშ დოლარი) შეადგენდა. თუმცა (დე ფაქტო) მთიანი ყარაბახის პრემიერ მინისტრი ამტკიცებდა, რომ ამ სესხის ნაწილი, 4,259 მილიარდი დრამი (დაახლოებით 9,46 მილიონი აშშ დოლარი), ფაქტიურად სომხეთის მიერ დღგ-ს, საბაჟო და აქციზის ანაზღაურებაა, რომლითაც სომხეთი ბეგრავდა საქონელს, რომელიც მთიანი ყარაბახისთვის იყო განკუთვნილი და მათ ტერიტორიას გაივლიდა. სესხის დარჩენილ ნაწილს ქონდა ათ წლიანი ანაზღაურების პერიოდი მინიმალური სარგებლით. მართალია სომხეთი ამგვარ სესხებს გასცემდა 1993 წლიდან, გადახდა არ მომხდარა. სომხეთის პრემიერ მინისტრის თანახმად სტეფანაკერტი ‘არ არის იმ მდგომარეობაში, რომ ანაზღაურება გასცეს... . ჩვენ დაგვჭირდება ამ სესხის გაცემის გაგრძელება, რათა დავეხმაროთ მათ განაგრძონ თავიანთი ინფრასტრუქტურის შენება ... ჩვენ არ ვვარაუდობთ, რომ ისინი უახლოეს მომავალში შეძლებენ საკუთარი ძალებით გაგრძელებას’.
აშშ ერთადერთი სხვა სახელმწიფოა, რომელიც პირდაპირ სახელმწიფო დახმარებას უზრუნველყოფს. 1998 წელს კონგრესმა პირველად დაასახელა მთიანი ყარაბახი ჰუმანიტარული დახმარების მიმღებად, აზერბაიჯანისგან გამიჯვნით. აშშ-ს სახსრებს მართავს მისი საერთაშორისო დახმარების სააგენტო (USAID), რომელმაც ეს სახსრები გადაუნაწილა ისეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, როგორებიცაა “სომეხთა გადარჩენის ფონდი”, Save the Children და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი. 2004 წლის სექტემბერში აშშ-მა მთიან ყარაბახს გამოუყო 23 274 992 აშშ დოლარი და დახარჯა 17 831 608 აშშ დოლარი. ამ სახსრების გამოყოფა შესაძლებელი გახდა სომხური ლობისტური ჯგუფების გავლენით.”
ICG-იმ ასევე განაცხადა, რომ სომხეთს “სახელმწიფოთაშორისი სესხი” 2001 წელს “მყრ”-ის ბიუჯეტის 67,3%-ს შეადგენდა (მთიანი ყარაბახის სტატისტიკის წლიური ჩანაწერების მიხედვით), ხოლო 2004 წელს 56,9%-ს (“მყრ”-ის ეროვნული სტატისტიკის სამსახურის დირექტორთან ICG-ის კომუნიკაციის თანახმად).
81. სომხეთის რესპუბლიკის მიერ “მყრ”-ისთვის 2004 და 2005 წლებში გაცემული სესხი 51 000 000 აშშ დოლარს შეადგენდა. 40 000 000 აშშ დოლარი მოხმარდა საგანმანათლებლო დაწესებულებების რეკონსტრუქციას, ხოლო 11 000 000 აშშ დოლარი - დაღუპული ჯარისკაცების ოჯახების დახმარებას.
82. სომხეთის პრეზიდენტის 1992 წლის 3 მარტის განკარგულებით შეიქმნა “ჰაიასტანის საყოველთაო სომხური ფონდი”. მათი ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, ამ ფონდს შემდეგი მისია აქვს:
“სომეხთა გაერთიანება სომხეთში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ქვეყნის სირთულეების გადასალახად და სომხეთსა და არწახში მდგრადი განვითარების მხარდასაჭერად. საბჭოთა კავშირის დაშლასთან ასოცირებულ პრობლემებთან ერთად, ხელისუფლებამ უნდა გამონახოს 1988 წლის სპიტაკის მიწისძვრის, ეკონომიკური ბლოკადის შედეგების აღმოფხვრისა და არწახის კონფლიქტით დაზარალებული ტერიტორიების რეაბილიტაციის გზები.”
ფონდის 2012 წლის ანგარიშში ასახულია ბატონი სერჟ სარქისიანის, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და ბატონი ბაკო სააკიანის, “არწახის რესპუბლიკის პრეზიდენტის” გზავნილები, რომლებიც შემდეგ განცხადებებს მოიცავს:
ბატონი სარქისიანი:
“ჰაიასტანის საყოველთაო სომხური ფონდი” სომხეთის, არწახისა და დიასპორის ერთობის განსახიერებაა. ფონდი თანმიდევრულად, მტკიცედ და ხილულად გარდაქმნის ჩვენს პანეროვნულ შინაგან სიძლიერეს ანგარიშგასაწევ ძალად.”
ბატონი სააკიანი:
“2012 წელი საიუბილეო წელი იყო სომეხი ხალხისთვის. როგორც ერმა, ჩვენ ვიზეიმეთ “მყრ”-ის თავდაცვითი არმიის დაარსებიდან და შუშის გათავისუფლებიდან 20 წელი, თვალსაჩინო გამარჯვება, რომელიც შესაძლებელი გახდა სომეხი ხალხის გაერთიანებული ძალისხმევით და ურყევი ნებით, საერთო სიმამაცითა და მათი უშიშარი ვაჟებისა და ქალიშვილების გამბედაობით.”
ფონდს 25 წარმომადგენელი ყავს 22 სხვადასხვა ქვეყანაში. მისი რესურსები შედგება ინდივიდუალური შემოწირულობებისგან, ძირითადად სომხური დიასპორისგან. ის ამჟამად წლიურად დაახლოებით 21 000 000 აშშ დოლარს აგროვებს.
რწმუნებულთა გამგეობა ფონდის უმაღლესი მმართველი ორგანოა. ფონდის წესდების თანახმად, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ექს ოფიციო რწმუნებულთა გამგეობის თავმჯდომარეა. გამგეობის წევრები, რომელთა რაოდენობაც არსებობის მანძილზე 22-იდან 37 წევრამდე იყო, არიან გამოჩენილი ადამიანების და პოლიტიკური, არასამთავრობო, რელიგიური და ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლები სომხეთიდან და დიასპორიდან. 2013 წელს საბჭოს შემადგენლობაში სომხეთის პრეზიდენტ ბატონ სარქისიანთან ერთად იყო სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი ბატონი ქოჩარიანი; სომხეთის პრემიერ მინისტრი, ასევე საგარეო საქმეთა, ფინანსთა და დიასპორის მინისტრები; “მყრ”-ის პრეზიდენტი, ყოფილი პრეზიდენტი და პრემიერ მინისტრი; სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ეროვნული ასამბლეისა და ცენტრალური ბანკის თავმჯდომარეები; ოთხი სომეხი რელიგიური ლიდერი, სომხეთის პოლიტიკური პარტიების სამი წარმომადგენელი; სომხეთის მწარმოებელთა და ბიზნესმენთა (დამსაქმებელთა) კავშირის წარმომადგენელი და შეერთებულ შტატებსა და კანადაში მოღვაწე ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. 37-კაციანი გამგეობის სხვა წევრებს წარმოადგენდა სომხური დიასპორის 13 წარმომადგენელი. რწმუნებულთა გამგეობის შემადგენლობა იგივეა შექმნის დღიდან.
ჰაიასტანის საყოველთაო სომხურმა ფონდმა დაარსების დღიდან დააფინანსა და მართა მრავალი პროექტი, მათ შორის გზების, სახლების, სკოლების, საავადმყოფოების, ასევე წყლისა და გაზის მიწოდების ქსელების მშენებლობისა და აღდგენის პროექტები. 1990-იანი წლების მეორე ნახევარში ფონდმა ააშენა სომხეთის გორისისა და ლაჩინის დამაკავშირებელი გზატკეცილი და მთიან ყარაბახში შუშა/შუშისა და სტეპანაკერტის დამაკავშირებელი გზატკეცილი. 2001 წელს მან დააფინანსა მთიანი ყარაბახის ჩრდილო-სამხრეთის გზატკეცილის მშენებლობა. ფონდის 2005 წლის ანგარიშის თანახმად ფონდმა დაახლოებით 11 000 000 აშშ დოლარი დახარჯა სხვადასხვა პროექტებზე, რომლიდანაც 6 100 000 აშშ დოლარი მოხმარდა მთიანი ყარაბახის პროექტებს. სომხეთის ხელისუფლების მიერ მოწოდებული მონაცემების თანახმად, 2012 წლის არასრული ხარჯი შეადგენდა 10 700 000 აშშ დოლარს მთიან ყარაბახში და 3 100 000 აშშ დოლარს სომხეთში. ასევე ხელისუფლების მონაცემების თანახმად, 1995-2012 წლებში ფონდმა გამოყო დაახლოებით 111 000 000 აშშ დოლარი, ანუ ყოველწლიურად დაახლოებით 6 000 000 აშშ დოლარი, მთიან ყარაბახში პროექტების დასაფინანსებლად. 1992-2012 წლებში ფონდმა 115 000 000 აშშ დოლარი გამოყო სომხეთში მიმდინარე პროექტებისთვის.
83. განმცხადებლები და აზერბაიჯანის ხელისუფლება ამტკიცებდნენ, რომ “მყრ”-ისა და მიმდებარე ტერიტორიების მაცხოვრებლებზე რეგულარულად გაიცემა სომხეთის პასპორტები. ICG-იმ განაცხადა, რომ “სომხეთმა გასცა მაცხოვრებელთა უმრავლესობაზე პასპორტები საზღვარგარეთ სამგზავროდ” (2005 წლის ანგარიში, მითითებულია ზემოთ, გვ. 5). აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ასევე მიუთითა აღნიშული ტერიტორიების მაცხოვრებელთა შესაძლებლობაზე, მიიღონ სომხეთის მოქალაქეობა. მათ მიუთითეს სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის კანონის მე-13 მუხლზე (მოქალაქეობა ნატურალიზაციით), რომელიც შემდეგი შინაარსისაა:
“ნებისმიერ 18 წლის ასაკს მიღწეულ შრომისუნარიან პირს, რომელიც არ არის სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, შეუძლია მოითხოვოს სომხეთის მოქალაქეობა თუკი ის
1) კანონიერად ცხოვრობდა სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში;
2) თავისუფლად ფლობს სომხურ ენას; და
3) იცნობს სომხეთის რესპუბლიკის კონსტიტუციას.
სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის არ მქონე პირს შესაძლოა მიენიჭოს სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეობა ამ მუხლის 1-ელ და მე-2 პუნქტებში ასახული პირობების დაუცველად თუკი ის:
1) ქორწინებაში იმყოფება სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქესთან ან ყავს შვილი, რომელიც სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეა;
2) ყავს მშობლები ან მინიმუმ ერთი მშობელი, რომელსაც წარსულში ქონდა სომხეთის მოქალაქეობა ან დაიბადა სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე და სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის მოპოვების მოთხოვნით მიმართავს 18 წლის შესრულებიდან სამი წლის ვადაში;
3) წარმოშობით სომეხია (სომხური წარმომავლობის); ან
4) საკუთარი ნებით დათმო სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეობა 1995 წლის 1 იანვრის შემდეგ”.
სომხეთის ხელისუფლებამ თავის მხრივ განაცხადა, რომ როგორც სომხეთს, ისე “მყრ”-ას გააჩნია ნორმები ორმაგი მოქალაქეობის შესახებ. უფრო მეტიც, “მყრ”-სთან 1999 წლის 24 თებერვლის შეთანხმების თანახმად, “საპასპორტო სისტემის ორგანიზების შესახებ”, სომხეთი გასცემს პასპორტებს “მყრ”-ის მაცხოვრებლებზე, გარკვეულ გარემოებებში. შეთანხმების 1-ელი მუხლი შემდეგი შინაარსისაა:
“მხარეები თანხმდებიან, რომ მათ მოქალაქეებს აქვთ ორივე მხარის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილებისა და ცხოვრების უფლება.
ამ შეთანხმების ფარგლებში, მთიანი ყარაბახის საერთაშორისო აღიარებამდე, მთიანი ყარაბახის მოქალაქეები, რომელთაც სურთ ან მთიანი ყარაბახის ან სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიის დატოვება, უფლებამოსილი არიან სომხეთის რესპუბლიკისგან მოითხოვონ და მიიღონ პასპორტი.
მხარეები თანხმდებიან, რომ მთიანი ყარაბახის რესპუბლიკის მოქალაქეების მიერ ამ მუხლის სომხეთის რესპუბლიკის პასპორტის მიღება არ ნიშნავს სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის მინიჭებას. ეს პასპორტები გამოიყენება მხოლოდ სომხეთის რესპუბლიკისა და მთიანი ყარაბახის რესპუბლიკის ტერიტორიის გარეთ სამოგზაუროდ და არ შეიძლება გამოყენებული იყოს მთიანი ყარაბახის და სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე საიდენტიფიკაციო დოკუმენტის სახით.
ამ ხელშეკრულების აღსრულების შესახებ რეგულაციები ასევე გაიცა 1999 წელს, რომლითაც დადგინდა, რომ სომხეთის პასპორტი გაიცემა “მყრ”-ის მაცხოვრებელზე მხოლოდ საგამონაკლისო შემთხვევებში, როდესაც საზღვარგარეთ გამგზავრების მიზანია მკურნალობა, განათლების მიღება ან სხვა პირადი საკითხი. სომხეთის ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ 1999 წლის შეთანხმების საფუძველზე პასპორტი გაიცა 1000-ზე ნაკლებ პირზე.
84. განმცხადებლებმა და აზერბაიჯანის ხელისუფლებამ განაცხადეს, რომ სომხური დრამა ძირითადი ვალუტა იყო “მყრ”-ში, თუმცა სომხეთის ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ იქ მიღებული ფულის ერთეულები იყო ასევე ევრო, აშშ დოლარი, ფუნტი სტერლინგი და ავსტრალიური დოლარიც კი.
85. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ აღნიშნა, რომ „სომხეთის ეროვნულ ატლასში“, რომელიც სომხეთის რესპუბლიკის ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა “უძრავი ქონების კადასტრის სახელმწიფო კომიტეტმა” 2007 წელს გამოაქვეყნა, ის სავარაუდოდ ოფიციალური გამოცემა იყო, სხვადასხვა ტიპის რუკებზე „მყრ“ და მიმდებარე ოკუპირებული ტერიტორიები თანმიმდევრულად იყო მოქცეული სომხეთის რესპუბლიკის საზღვრებში.
86. განმცხადებლებმა და აზერბაიჯანის ხელისუფლებამ განაცხადეს, რომ სახეზეა სომხეთის ხელისუფლების პოლიტიკა, რომლითაც მოუწოდებს მაცხოვრებლებს სომხეთიდან და უახლოეს პერიოდში სირიიდან, “მყრ”-ში გადასახლდნენ.
2005 წლის თებერვალში გამოიცა “ეუთოს ფაქტების დამდგენი მისიის (FFM) ანგარიში მთიანი ყარაბახის (მყ) მიმდებარედ აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ”. მისიის მანდატი იყო ამ ტერიტორიებზე დასახლებების არსებობის დადგენა; სამხედრო სტრუქტურა და პერსონალი, ისევე როგორც პოლიტიკური საკითხები ამ მანდატის გარეთ იყო. ლაჩინის რაიონში არსებულ დასახლებებთან დაკავშირებით ანგარიშში შემდეგი დასკვნაა მოცემული:
“როგორც წესი ლაჩინში მაცხოვრებელთა წარმომავლობა იგივეა რაც სხვა ტერიტორიებზე. შესაბამისად, უდიდესი უმრავლესობა ლაჩინში დასახლდა აზერბაიჯანის სხვადასხვა კუთხეებიდან, დიდწილად სომხეთში თავშესაფრებში მრავალწლიანი ცხოვრების შემდეგ. შედარებით მცირე ჯგუფს შეადგენს სომხები სომხეთიდან, მათ შორის მიწისძვრის შედეგად დაზარალებულები. მათ ლაჩინის, როგორც შესაძლო დასახლების ადგილის შესახებ გადმოცემით გაიგეს, ან სომხეთის და “მყრ”-ის მედიისგან ან არასამთავრობო ორგანიზაციებისგან. არ იკვეთებოდა არანებაყოფლობითი გადასახლების ან სისტემური განსახლების მტკიცებულება.”
ანგარიშში ასევე გაცხადებული იყო შემდეგი:
““მყრ”-ის პირდაპირი ჩართულობა ლაჩინის რაიონში უდავოა. მთიანი ყარაბახი ადგენს ლაჩინის ბიუჯეტს და ღიად აღიარებს პირდაპირ პასუხისმგებლობას ამ რაიონზე. ლაჩინის მაცხოვრებლები მონაწილეობენ როგორც ადგილობრივ, ისე “მყრ”-ის არჩევნებში.
მართალია მთიან ყარაბახსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის კავშირები ამ ანგარიშის ფარგლებს ცდება, ფაქტების დამდგენმა მისიამ ვერ მოიპოვა სომხეთის ხელისუფლების ლაჩინის დასახლებაში პირდაპირი მონაწილეობის რაიმე მტკიცებულება. თუმცა, ფაქტების დამდგენმა მისიამ ინტერვიუ აიღო ლაჩინის მაცხოვრებელთა გარკვეული ნაწილისგან, რომელთაც აქვთ სომხეთის პასპორტები და აცხადებდნენ, რომ სომხეთის არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა.”
II. სომხეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივი ვალდებულებები
87. ევროპის საბჭოში გაწევრიანებამდე სომხეთმა და აზერბაიჯანმა მინისტრთა კომიტეტისა და საპარლამენტო ასამბლეის წინაშე პირობა დადეს, რომ ყველაფერს გააკეთებდნენ მთიანი ყარაბახის კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის (იხილეთ საპარლამენტო ასამბლეის მოსაზრებები 221 (2000) და 222 (2000) და მინისტრთა კომიტეტის რეზოლუციები Res (2000)13 და (2000)14).
სომხეთის ევროსაბჭოს წევრობის განაცხადთან დაკავშირებით საპარლამენტო ასამბლეის მოსაზრების 221 (2000) შესაბამისი პარაგრაფები შემდეგი შინაარსისაა:
“10. ასამბლეა ცნობად იღებს სომხეთის პრეზიდენტის წერილს, რომლითაც ის ვალდებულებას იღებს, პატივი სცეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას [მთიან ყარაბახში] კონფლიქტის საბოლოო გადაწყვეტამდე და ძალისხმევა არ დაიშუროს მცდელობებზე, მიაღწიონ ყველა მხარისთვის მისაღებ კომპრომისებზე დაფუძნებულ მშვიდობიან შეთანხმებას.
...
13. საპარლამენტო ასამბლეა ცნობად იღებს სომხეთის პრეზიდენტის, პარლამენტის სპიკერის, პრემიერ მინისტრისა და პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების თავმჯდომარეების წერილებს და აღნიშნავს, რომ სომხეთი პირობას დებს პატივი სცეს შემდეგ ვალდებულებებს:
...
ii. კონფლიქტი მთიან ყარაბახში:
a. ძალისხმევა არ დაიშურონ ამ კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიანი გზებით მოგვარებაზე;
b. გამოიყენონ მთიანი ყარაბახის სომხებზე მათი მნიშვნელოვანი ზეგავლენა კონფლიქტის გადაწყვეტის მისაღწევად;
c. საერთაშორისო და ეროვნული დავები გადაწყვიტონ მშვიდობიანი საშუალებებით და საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაყრდნობით (ევროპის საბჭოს ყველა წევრი ქვეყნის ვალდებულება), მეზობლების მიმართ ძალის გამოყენების რაიმე ფორმით მუქარის საფუძველშივე უარყოფით;
...”
მინისტრთა კომიტეტის რეზოლუცია Res (2000)13 სომხეთის ევროპის საბჭოს წევრობაზე მიწვევის შესახებ უთითებს სომხეთის მიერ აღებულ ვალდებულებებზე, რომლებიც აღწერილია მოსაზრებაში 221 (2000) და სომხეთის ხელისუფლების მიერ მათი შესრულების შესახებ დარწმუნების განცხადებაზე.
III. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა
A. აზერბაიჯანის სსრ-ს კანონმდებლობა
88. განმცხადებლების საკუთრების უფლების განმსაზღვრელ კანონმდებლობას წარმოადგენდა აზერბაიჯანის სსრ-ის 1978 წლის კონსტიტუცია და მისი 1970 წლის მიწის კოდექსი და 1983 წლის საბინაო კოდექსი.
1. 1978 წლის კონსტიტუცია
89. კონსტიტუციაში გაცხადებული იყო შემდეგი:
მუხლი 13
“აზერბაიჯანის სსრ-ის მოქალაქეთა პირადი საკუთრების საფუძველი მათ მირ გამომუშავებული შემოსავალია. პირად საკუთრებაში შესაძლოა შედიოდეს საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთები, პირადი მოხმარების ნივთები, კომფორტისა და სამომხმარებლო საგნები, სახლი და გამომუშავებული დანაზოგი. მოქალაქეთა პირად საკუთრებას და მათი მემკვიდრეობით მიღების უფლებას იცავს სახელმწიფო.
მოქალაქეებს შეიძლება კანონით დადგენილი წესით გამოეყოთ მიწის ნაკვეთები დამხმარე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის (მათ შორის საქონლისა და ფრინველის შესანახად), მებაღეობისთვის და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის. მოქალაქეებს ევალებათ თავიანთი მიწის რაციონალურად გამოყენება. სახელმწიფო და კოლექტიური მეურნეობები დახმარებას უწევენ მოქალაქეებს მათი მცირე მიწების მოვლაში.
დაუშვებელია პირადი საკუთრების ან საკუთრებით სარგებლობის უფლების გამოყენება საჯარო ინტერესის საზიანოდ გამოუმუშავებელი შემოსავლის მისაღებად.”
2. 1970 წლის მიწის კოდექსი
90. მიწის კოდექსის შესაბამისი ნორმები შემდეგი შინაარსისაა:
მუხლი 4. მიწაზე სახელმწიფოს (ხალხის) საკუთრება
“სსრკ კონსტიტუციისა და აზერბაიჯანის სსრ კონსტიტუციის თანახმად მიწის მესაკუთრეა სახელმწიფო - მიწა საბჭოთა ხალხების საერთო საკუთრებაა.
სსრკ-ში მიწის ექსკლუზიური მესაკუთრეა სახელმწიფო და გამოიყოფა მხოლოდ სარგებლობისთვის. დაუშვებელია მიწაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების პირდაპირ ან არაპირდაპირ დარღვევაზე მიმართული მოქმედებები.”
მუხლი 24. მიწით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტები
“კოლექტიური ფერმების, სახელმწიფო ფერმებისა და სხვათა მიერ მიწით სარგებლობის უფლება დასტურდება სახელმწიფო მოწმობით სარგებლობის უფლებაზე.
მოწმობის ფორმას ადგენს სსრკ-ის მინისტრთა საბჭო სსრკ-ისა და საბჭოთა რესპუბლიკების მიწის კანონმდებლობის შესაბამისად.
მიწის ნაკვეთით დროებით სარგებლობის უფლება დასტურდება აზერბაიჯანის სსრ-ის მინისტრთა საბჭოს მიერ დადგენილი ფორმის სერთიფიკატით.”
მუხლი 25. მიწაზე უფლების დამდგენი მოწმობების გაცემის წესი
“მიწის ნაკვეთით უვადოდ სარგებლობის უფლებისა და მიწის ნაკვეთთ დროებით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობები გაიცემა კოლექტიურ ფერმებზე, სახელმწიფო ფერმებზე და სხვა სახელმწიფო, კოოპერატიულ და საჯარო ინსტიტუტებზე, სააგენტოებსა და ორგანიზაციებზე, ასევე მოქალაქეებზე, (რეპსუბლიკის მმართველობაში არსებული) რაიონის ან ქალაქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ, რომლის ტერიტორიაზეც იმყოფება სარგებლობაში გადასაცემი მიწის ნაკვეთი.”
მუხლი 27. მიწის ნაკვეთით სარგებლობა სპეციფიური მიზნისთვის
“მიწით მოსარგებლეებს უფლება აქვთ ისარგებლონ მათზე აღრიცხული მიწის ნაკვეთებით და უნდა გამოიყენონ კიდეც ისინი მხოლოდ იმ მიზნით, რა მიზნითაც ეს ნაკვეთები გამოიყო.”
მუხლი 28. მიწის მოსარგებლეთა უფლებები მათზე გამოყოფილი მიწის ნაკვეთებზე
“მიწის ნაკვეთის გამოყოფის განსაზღვრული მიზნიდან გამომდინარე, მიწით მოსარგებლეები უფლებამოსილი არიან შესატყვისი წესების შესაბამისად განახორციელონ შემდეგი:
– ააშენონ საცხოვრებელი, ინდუსტრიული და საზოგადოდ სასარგებლო დანიშნულების შენობები, ასევე სხვა შენობები და სტრუქტურები;
– მოაშენონ სასოფლო-სამეურნეო ნარგავები, სატყეო განაშენიანება და დარგონ ხეხილი, დეკორატიული და სხვა სახის ხეები;
– ისარგებლონ სამოსახლო სივრცით, საძოვარი მინდვრებითა და სხვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებით;
– ისარგებლონ ფართოდ გამოყენებული ბუნებრივი მიწის რესურსებით, სასუქითა და წყლის რესურსებით ეკონომიკური საჭიროებისთვის ასევე მიწის ნაკვეთის სხვა ღირებული ელემენტებით.
მუხლი 126-1. მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლება ნაგებობაზე საკუთრების უფლების მემკვიდრეობით მიღების შემთხვევაში
“თუკი სოფლად მდებარე შენობაზე საკუთრება მემკვიდრეობით არის მიღებული და მემკვიდრეებს დადგენილი პროცედურის თანახმად არ აქვთ უფლება იყიდონ სამეურნეო მიწის ნაკვეთი, მათ უნდა გადაეცეთ სარგებლობის უფლება მიწის ნაკვეთზე, რომელიც საჭიროა ნაგებობის შესანარჩუნებლად, აზერბაიჯანის სსრ მინისტრთა საბჭოს მიერ დადგენილი ფართობისა.”
მუხლი 131. მიწის ნაკვეთების გამოყოფა მოქალაქეებისთვის პირადი საცხოვრებელი ბინების ასაშენებლად
“ერთბინიანი საცხოვრებელი შენობების, რომელიც პირადი საკუთრება უნდა გახდეს, ასაშენებლად მიწის ნაკვეთების გამოყოფა უნდა მოხდეს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ცხოვრობენ აზერბაიჯანის სსრ-ის დასახლებულ ადგილებში და სადაც პირადი ბინების აშენება აკრძალული არ არის მოქმედი კანონმდებლობით, ქალაქის ან ურბანული დასახლებების საკუთრებაში არსებული მიწის ფართობებიდან; სოფლის მიწის ფართობიდან, რომელიც არ ეკუთვნის კოლექტიურ ფერმებს, სახელმწიფო ფერმებს ან სხვა სასოფლო სამეურნეო საწარმოებს; სახელმწიფო რეზერვის მიწებიდან; და სახელმწიფო სატყეო ფონდის მიწებიდან, რომელიც ქალაქების მწვანე ზოლებს არ განეკუთვნება. მიწის ნაკვეთი უნდა გამოიყოს აღნიშნული მიზნისთვის, ამ კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.
პირადი ბინების მშენებლობა ქალაქებსა და მუშათა დასახლებებში უნდა განხორციელდეს ცარიელ ადგილებზე, რომელიც არ მოითხოვს დანახარჯებს მათი სარგებლობისთვის ან ტექნიკური მომზადებისთვის; და როგორც წესი სარკინიგზო ხაზებისა და საავტომობილო გზატკეცილების მიმდებარედ, რომლითაც უზრუნველყოფილია მგზავრთა რეგულარული კომუნიკაცია, განცალკევებით არსებული საცხოვრებელი რაიონებისა და დასახლებების ფორმით.”
3. 1983 წლის საბინაო კოდექსი
91. საბინაო კოდექსის 10.3 მუხლი შემდეგი შინაარსისაა:
“მოქალაქეებს უფლება აქვთ სახლზე, როგორც პირად საკუთრებაზე სსრკ-ისა და აზერბაიჯანის სსრ-ის კანონმდებლობის შესაბამისად.”
4. 1985 წლის ინსტრუქცია საცხოვრებელი ნაგებობების რეგისტრაციის შესახებ
92. 1985 წლის ინსტრუქციის მე-2 მუხლში ჩამოთვლილია დოკუმენტები, რომლებიც საცხოვრებელ სახლზე უფლების მტკიცებულებაა. ინსტრუქცია დაამტკიცა სსრკ ცენტრალური სტატისტიკის დეპარტამენტმა 1985 წლის 15 ივლისის #380 ბრძანებით. 2.1 მუხლში ჩამოთვლილია სხვადასხვა ტიპის დოკუმენტები, რომლებიც უფლების დამადასტურებელი უპირველესი მტკიცებულებაა. 2.2 მუხლში გაცხადებულია, რომ თუკი უპირველესი მტკიცებულება სახეზე არ არის, უფლება შესაძლოა დადასტურდეს სხვა დოკუმენტების მეშვეობით, მათ შორის:
“ტექნიკური აღრიცხვის დოკუმენტები, როდესაც ისინი შეიცავს საცხოვრებელ სახლზე მესაკუთრის უფლების დამადასტურებელი სათანადოდ ფორმალიზებული დოკუმენტის ამ მესაკუთრის მიერ ფლობაზე პირდაპირ მითითებას.”
B. აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობა
93. დამოუკიდებლობის შემდგომ, 1991 წლის 9 ნოემბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკამ აამოქმედა საკუთრებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა, რომელშიც მიწის ნაკვეთზე, როგორც კერძო საკუთრებაზე, პირველად გაკეთდა ჩანაწერი. თუმცა, მოქალაქეებისთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთების პრივატიზების შესახებ რეგულაციები მოგვიანებით, მიწის რეფორმის შესახებ 1996 წლის კანონით განისაზღვრა. განმცხადებლებმა, რომელთაც ლაჩინი დატოვეს 1992 წელს, შესაბამისად ვერ შეძლეს მათ სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების მოპოვება.
1. 1991 წლის კანონი საკუთრების შესახებ
94. აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საკუთრების შესახებ 1991 წლის კანონი ძალაში შევიდა 1991 წლის 1 დეკემბერს. ამ კანონით გაცხადდა შემდეგი:
მუხლი 21. მოქალაქეთა ქონებრივი უფლებების ობიექტები
“1. მოქალაქეს შესაძლოა საკუთრებაში ქონდეს:
– მიწის ნაკვეთები;
– სახლები, ბინები, სოფლის სახლები, ავტოფარეხები, საყოფაცხოვრებო ნივთები და სხვა ნივთები პირადი სარგებლობისთვის;
– წილები, დანაპირები და სხვა ქონება;
– მედია საშუალებების აღჭურვილობა;
– საწარმოები და სამომხმარებლო, სოციალურ და კულტურულ ბაზრებზე გასატანი საქონლის წარმოების კომპლექსები, იმ საგამონაკლისო სახის ქონების გარდა, რომელიც კანონის თანახმად არ შეიძლება წარმოადგენდეს მოქალაქეთა საკუთრებას, სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების საფუძვლით, ან საერთაშორისო ვალდებულებებიდან გამომდინარე.
...
5. მოქალაქეს, რომლის საკუთრებაშიცაა ბინა, საცხოვრებელი სახლი, სოფლის სახლი, ავტოფარეხი ან სხვა სადგომი ან სტრუქტურა, უფლება აქვს საკუთარი ნებით დათმოს ეს ქონება: გაყიდოს, დატოვოს, გასცეს, გააქირავოს ან მიმართოს სხვა ქმედებას, რაც არ არის კანონსაწინააღმდეგო.”
2. 1992 წლის მიწის კოდექსი
95. ახალი მიწის კოდექსი, რომელიც ძალაში შევიდა 1992 წლის 31 იანვარს, შემდეგ ნორმებს შეიცავდა:
მუხლი 10. მიწის ნაკვეთებზე კერძო საკუთრება
“მიწის ნაკვეთები აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეებს კერძო საკუთრებაში გადაეცემათ ადგილობრივი აღმასრულებელი ორგანოების მოთხოვნების შესაბამისად, რომლებიც ეფუძნება რაიონის ან ქალაქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს გადაწყვეტილებებს, მიღებულს შემდეგი მიზნებისთვის:
1) კონკრეტულ ტერიტორიაზე მუდმივად მაცხოვრებელი პირებისთვის, კერძო სახლებისა და დამხმარე ნაგებობების, ასევე დამხმარე კერძო მეურნეობის მოწყობისთვის:
2) ფერმებისა და გასაყიდად განკუთვნილი სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებაში ჩართული სხვა ორგანიზაციების საქმიანობისთვის;
3) ქალაქის ფარგლებში კერძო და კოლექტიური სოფლის სახლებისა და კერძო ავტოფარეხების ასაშენებლად;
4) ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებული მშენებლობისთვის;
5) ტრადიციული ეთნიკურ წარმოებასთან დაკავშირებული აქტივობისთვის.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობის თანახმად მიწის ნაკვეთები მოქალაქეებს შეიძლება კერძო საკუთრებაში გადაეცეთ სხვა მიზნებით.”
მუხლი 11. მიწის ნაკვეთების კერძო საკუთრებაში გადაცემის პირობები
“ამ კოდექსის მე-10 მუხლში აღწერილი მიზნებისთვის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების გადაცემა ხდება უფასოდ.
მოქალაქებზე მათი კერძი სახლების, სოფლის სახლების და ავტოფარეხებისთვის ამ კოდექსის ძალაში შესვლამდე გაცემული მიწის ნაკვეთები მათ საკუთრებაში გადაეცემა.
მიწის ნაკვეთზე კერძო საკუთრება ან უვადოდ მემკვიდრეობით გადაცემადი მფლობელობა არ შეიძლება გადაეცეს უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან უცხოურ იურიდიულ პირს.
დაუშვებელია მიწის ნაკვეთის დაბრუნება ყოფილი მესაკუთრეების და მათი მემკვიდრეებისთვის. ისინი უფლებამოსილი არიან მოიპოვონ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლით.”
მუხლი 23. მიწის ნაკვეთების გადაცემა
“მოქალაქეებს, საწარმოებსა და ორგანიზაციებს მიწის ნაკვეთები გადაეცემათ საკუთრებაში, მფლობელობაში, სარგებლობაში ან ქირით რაიონის ან ქალაქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს გადაწყვეტილებით, მიწის გადაცემის პროცედურის საფუძველზე და მიწით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების შესაბამისად.
მიწის ნაკვეთის მიზნობრიობა მითითებული უნდა იყოს მიწის გადაცემის მოწმობაში.
მიწის ნაკვეთის გადაცემის ან ჩამორთმევის, მათ შორის სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი საჭიროებით მიწის ნაკვეთის ჩამორთმევის, მოთხოვნის წარდგენისა და შესწავლის პროცედურა განისაზღვრება აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთან კაბინეტის მიერ.
მოქალაქეთა მოთხოვნები მიწის ნაკვეთების გადაცემის შესახებ განიხილება წარდგენიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.”
მუხლი 30. მიწაზე საკუთრების უფლების, მფლობელობის უფლებისა და მიწით ხანგრძლივად სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტები
“მიწაზე საკუთრებისა და მიწის ფლობისა და ხანგრძლივად სარგებლობის უფლებები დადასტურებული უნდა იყოს სახელმწიფო მოწმობით, რომელიც გასცა რაიონის ან ქალაქის სახალხო დეპუტატთა საბჭომ.
აღნიშნული სახელმწიფო სერთიფიკატის ფორმას ამტკიცებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი.”
მუხლი 31. მიწით დროებით სარგებლობის უფლების ფორმალიზება
“მიწის ნაკვეთით დროებით სარგებლობის უფლება, ასევე ქირავნობებიდან გამომდინარე უფლება დოკუმენტურად უნდა იყოს გაფორმებული შეთანხმებითა და სერთიფიკატით. ეს დოკუმენტები რეგისტრირებული უნდა იყოს რაიონის ან ქალაქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს მიერ და გაცემული უნდა იყოს მიწით მოსარგებლეზე. შეთანხმებისა და მოწმობის ფორმებს ამტკიცებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი.”
მუხლი 32. მიწაზე საკუთრებით, მიწის მფლობელობისა და მიწის სარგებლობის უფლებებისა და მიწის ქირავნობის უფლების შეწყვეტის საფუძვლები
“რაიონისა და ქალაქის სახალხო დეპუტატთა საბჭოები, რომლებიც საკუთრების უფლებას ანიჭებენ მიწის ნაკვეთებზე ან მათ ნაწილზე, ასევე მიწის მფლობელობისა და სარგებლობის ან მიწის ქირავნობის უფლებას, უფლებამოსილია შეწყვიტოს ეს უფლებები შემდეგ შემთხვევებში:
1) მიწის მესაკუთრის მიერ მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით დათმობა ან მიტოვება;
2) მიწის ნაკვეთის გაცემის ვადის ამოწურვა;
3) საწარმოს, სააგენტოს, ორგანიზაციის ან საქონლის ფერმის საქმიანობის შეწყვეტა;
4) მიწის ნაკვეთის გამოყენება ამ მიწის ნაკვეთისთვის განსაზღვრული მიზნისგან განსხვავებული მიზნით;
5) იმ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რომლის საფუძველზეც გამოიყო მიწის ნაკვეთი, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა;
6) ქირავნობის ხელშეკრულების პირობების დარღვევა;
7) კანონით, ან მიწის ქირავნობის შეთანხმებით დადგენილი მიწის გადასახადის ან ქირის გადაუხდელობა ზედიზედ ორი წლის მანძილზე, საპატიო მიზეზის გარეშე;
8) ერთი წლის მანძილზე, საპატიო მიზეზის გარეშე, სასოფლო სამეურნეო საქმიანობისთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის გამოუყენებლობა ან ორი წლის მანძილზე, საპატიო მიზეზის გარეშე, არასასოფლო სამეურნეო დანიშნულებით გამოყოფილი მიწის ნაკვეთის გამოუყენებლობა;
9) მიწის ნაკვეთის სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ჩამორთმევის აუცილებლობა;
10) შენობებზე და სტრუქტურებზე საკუთრების უფლების გადაცემა, ან მათი მართვის უფლების გადაცემა;
11) მფლობელის ან მოსარგებლის გარდაცვალება.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობით შესაძლოა გათვალისწინებული იყო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების, მფლობელობის და მიწის ნაკვეთით სარგებლობის ან მისი ქირავნობის უფლების შეწყვეტის სხვა საფუძვლები.”
IV. შესაბამისი საერთაშორისო სამართალი
96. მიწის გამო ომის კანონებისა და ჩვეულებების შესახებ ჰააგის 1907 წლის 18 ოქტომბრის რეგულაციების (შემდგომში “1907 წლის ჰააგის რეგულაცია”) 42-ე მუხლი აგრესიულ ოკუპაციას განმარტავს შემდეგნაირად:
“ტერიტორია ოკუპირებულად მიიჩნევა, როდესაც ის რეალურად ექცევა მტრული არმიის გამგებლობაში. ოკუპაცია ვრცელდება მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, სადაც დადგინდა ამგვარი გამგებლობა და შესაძლებელია მისი განხორციელება.”
შესაბამისად, 1907 წლის ჰააგის რეგულაციების განმარტებით ოკუპაცია სახეზეა, როდესაც სახელმწიფოს რეალური უფლებამოსილება გააჩინა მოწინააღმდეგე სახელმწიფოს ტერიტორიაზე ან ტერიტორიის ნაწილზე.[1] რეალური უფლებამოსილების მოთხოვნა ფართო წრეებში მიიჩნევა ეფექტიანი კონტროლის სინონიმად.
ტერიტორიაზე, ან მის ნაწილზე სამხედრო ოკუპაცია არსებობს თუკი შემდეგი ელემენტებია სახეზე: უცხოური სამხედრო ძალების არსებობა, რომლებსაც შეუძლიათ ეფექტიანი კონტროლის განხორციელება მმართველის თანხმობის გარეშე. ფართოდ გავრცელებული ექსერტთა მოსაზრების თანახმად უცხოური სამხედრო ძალების ფიზიკური არსებობა ოკუპაციის sine qua non მოთხოვნაა,[2] მაგალითად, ოკუპაცია წარმოუდგენელია “მიწაზე ჩექმის” გარეშე, შესაბამისად, საზღვაო ან საჰაერო გზით საზღვაო ან საჰაერო ბლოკადის განმახორციელებელი სამხედრო ძალები არ არის გადამწყვეტი.[3]
97. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წესები პირდაპირ არ არეგულირებს სახლებსა და ქონებაზე წვდომის ხელშეშლას. თუმცა, საომარი მოქმედებებისას სამოქალაქო პირთა დაცვის შესახებ (#IV) 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენცია (ჟენევის მეოთხე კონვენცია) არეგულირებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ან ამ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ის ადგენს შემდეგს:
“აკრძალულია ინდივიდუალური თუ მასობრივი იძულებით გადაყვანა, ასევე დაცული პირების ოკუპირებული ტერიტორიიდან ოკუპანტი ძალის ან სხვა ოკუპირებული თუ არაოკუპირებული ქვეყნის ტერიტორიაზე დეპორტაცია, მიუხედავად მათი მოტივებისა.
მიუხედავად ამისა, ოკუპანტმა ძალამ შეიძლება განახორციელოს მოცემული ტერიტორიის სრული ან ნაწილობრივი ევაკუაცია, თუკი მოსახლეობის უსაფრთხოება ან უპირატესი სამხედრო მიზეზები ამას მოითხოვს. ამგვარი ევაკუაცია არ შეიძლება მოიცავდეს დაცული პირების გადაადგილებას ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრებს გარეთ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამგვარი გადაადგილების თავიდან აცილება შეუძლებელია მატერიალურ მიზეზთა გამო. ამგვარად ევაკუირებული პირები უნდა დაუბრუნდნენ თავიანთ სახლებს, მას შემდეგ რაც ამ ტერიტორიებზე დაპირისპირებები შეწყდება.
ამგვარი გადაყვანის განმახორციელებელმა ოკუპანტმა ძალამ მაქსიმალურად პრაქტიკულ ფარგლებში უნდა უზრუნველყოს დაცული პირებისთვის სათანადო საცხოვრისი, მათთვის სათანადო ჰიგიენური პირობები, ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და კვება და მათი ოჯახთან განშორება არ უნდა მოხდეს. “დამცავ ძალებს” დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოთ რაიმე სახის გადაადგილების ან ევაკუაციის შესახებ, აღნიშნულის განხორციელებისთანავე.
ოკუპანტმა ძალამ არ უნდა დააკავოს დაცული პირები საომარი მოქმედებების თვალსაზრისით განსაკუთრებით საშიშ ტერიტორიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსახლეობის უსაფრთხოება ან უპირატესი სამხედრო საჭიროებები მოითხოვს ამას.
ოკუპანტმა ძალამ არ უნდა მოახდინოს თავისი სამოქალაქო მოსახლეობის ნაწილის დეპორტაცია ან გადაყვანა მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე.”
ჟენევის მეოთხე კონვენციის 49-ე მუხლი მოქმედებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ვინაიდან არ არსებობს სპეციალური ნორმები კონფლიქტის მონაწილე მხარის ტერიტორიაზე იძულებით გადაადგილებასთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, გადაადგილებული პირის უფლება “ნებაყოფლობით უსაფრთხოდ დაუბრუნდეს საკუთარ სახლს ან ჩვეულ საცხოვრისს როგორც კი მისი გადაადგილების საფუძველი აღმოიფხვრება” მიიჩნევა საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის ნორმად (იხილეთ ჰუმანიტარული სამართლის შესახებ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის კვლევის 132-ე მუხლი[4]) რომლის მოქმედებაც ვრცელდება ნებისმიერ ტერიტორიაზე.
V. გაეროსა და ევროპის საბჭოს შესაბამისი მასალები
A. გაერო
98. “ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრისისა და ქონების რესტიტუციის პრინციპები” (ადამიანის უფლებათა კომისია, ადამიანის უფლებათა პოპულარიზაციისა და დაცვის ქვეკომისია, 2005 წლის 28 ივნისი, E/CN.4/Sub.2/2005/17, დანართი) ყველაზე სრული სტანდარტია ამ თემაზე. ეს პრინციპები ცნობილია პინჰეიროს პრინციპების სახელწოდებით. ამ პრინციპების, რომელიც ეფუძნება მოქმედ საერთაშორისო ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ სამართალს, მიზანია სახელმწიფოთათვის, გაეროს სააგენტოებისა და ფართო საერთაშორისო საზოგადოებისთვის საერთაშორისო სტანდარტებისა და პრაქტიკული სახელმძღვანელოს დადგენა, იმის თაობაზე თუ უკეთ როგორ დაარეგულირონ საცხოვრისისა და ქონების რესტიტუციასთან დაკავშირებული კომპლექსური სამართლებრივი და ტექნიკური საკითხები.
ეს პრინციპები ადგენს შემდეგს:
2. საცხოვრისისა და ქონების რესტიტუციის უფლება
“2.1 ყველა ლტოლვილსა და იძულებით გადაადგილებულ პირს გააჩია მათთვის თვითნებურად ან უკანონოდ ჩამორთმეული საცხოვრისის, მიწის და/ან ქონების აღდგენის უფლება, ან თუკი აღდგენა შეუძლებელია საცხოვრისის, მიწისთვის და/ან ქონებისთვის კომპენსაციის მიღების უფლება, როგორც ამას გადაწყვეტს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი ტრიბუნალი.
2.2 სახელმწიფოებმა აშკარა პრიოორიტეტი უნდა მიანიჭონ რესტიტუციის უფლებას, როგორც გადაადგილებასთან მიმართებით სამართლებრივი დაცვის უპირატეს საშუალებასა და აღდგენითი მართლმსაჯულების საკვანძო ელემენტს. უფლება რესტიტუციაზე არსებობს როგორც გამორჩეული უფლება და არ შეიძლება საფრთხის წინაშე დადგეს საცხოვრისის, მიწის და ქონების რესტიტუციაზე უფლებამოსილ ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა რეალური დაბრუნებით ან არ დაბრუნებით.”
3. დისკრიმინაციისგან დაცვის უფლება
“3.1 ყველას აქვს უფლება დაცული იყოს რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მოსაზრებების, ეროვნების ან სოციალური წარმომავლობის, ქონების, შეზღუდული შესაძლებლობის, დაბადების ან სხვა სტატუსის საფუძველზე დისკრიმინაციისგან.
3.2 სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ზემოთ ჩამოთვლილი საფუძვლით დე ფაქტო და დე იურე დისკრიმინაციის აკრძალვა და ყველა ადამიანის, მათ შორის ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების, კანონის წინაშე თანასწორობა.”
12. პროცედურები, ინსტიტუტები და მექანიზმები ეროვნულ დონეზე
“12.1 სახელმწიფოებმა უნდა შექმნან და განამტკიცონ საცხოვრისის, მიწისა და ქონების რესტიტუციის მოთხოვნების შეფასებისა და აღსრულების თანასწორ საწყისებზე დამყარებული, დროული, დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული პროცედურები, ინსტიტუტები და მექანიზმები. ...
...
12.5 იქ სადაც კანონის უზენაესობაში ზოგადი რღვევაა, ან სახელმწიფოებს არ ძალუძთ საცხოვრისის, მიწის და საკუთრების რესტიტუციის პროცესის ხელშეწყობისთვის აუცილებელი პროცედურების, ინსტიტუტებისა და მექანიზმების ამოქმედება სამართლიანად და დროულად, სახელმწიფოებმა უნდა მოითხოვონ საერთაშორისო სააგენტოების შესაბამისი ტექნიკური დახმარება და თანამშრომლობა, პირობითი რეჟიმების შესაქმნელად, ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირებისთვის რესტიტუციის ეფექტიანი საშუალებებისთვის აუცილებელი პროცედურების, ინსტიტუტებისა და მექანიზმების უზრუნველსაყოფად.
12.6 სახელმწიფოებმა უნდა გაითვალისწინონ საცხოვრისის, მიწისა და ქონების რესტიტუციის პროცედურები, ინსტიტუტები და მექანიზმები სამშვიდობო შეთანხმებებსა და ნებაყოფლობითი რეპატრიაციის შეთანხმებებში. ...”
13. რესტიტუციის მოთხოვნის პროცედურების ხელმისაწვდომობა
“13.1 ყველას ვისაც თვითნებურად ან უკანონოდ ჩამოერთვა საცხოვრისი, მიწა და/ან ქონება, უნდა შეეძლოს რესტიტუციის და/ან კომპენსაციის მოთხოვნის წარდგენა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანოსთვის, მათი მოთხოვნის გადასაწყვეტად და ამგვარი გადაწყვეტის შესახებ შეტყობინების მისაღებად. სახელმწიფოებმა არ უნდა დაადგინონ რაიმე წინაპირობა რესტიტუციის მოთხოვნის წარდგენისთვის.
...
13.5 სახელმწიფოებმა უნდა დააფუძნონ რესტიტუციის მოთხოვნის განმხილველი ცენტრები და ოფისები დაზარალებულ ტერიტორიებზე, სადაც პოტენციური მომჩივნები ცხოვრობენ იმ მომენტისთვის. დაზარალებულებთან მაქსიმალური წვდომის უზრუნველსაყოფად შესაძლებელი უნდა იყოს რესტიტუციის მოთხოვნის წარდგენა ფოსტით ან წარმომადგენლის მეშვეობით, ასევე პირადად. ...
...
13.7 სახელმწიფოებმა უნდა შექმნან რესტიტუციის მოთხოვნის ფორმები, რომლებიც მარტივი და ადვილად გასაგებია ...
...
13.11 სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ადეკვატური იურიდიული დახმარებაც, თუ შესაძლებელია უფასოდ ...
...”
15. საცხოვრისის, მიწისა და ქონების რეგისტრაცია და დოკუმენტაცია
“...
15.7 მასობრივი იძლებით გადაადგილებისას, როდესაც საკუთრებასთან ან მფლობელობის უფლებასთან მიმართებით მცირე დოკუმენტური მტკიცებულება არსებობს, სახელმწიფოებს შეუძლია აღიარონ მტკიცე პრეზუმპცია, რომ პირები, რომელთაც დატოვეს თავიანთი სახლები ძალადობით ან ძალადობით გამოწვეული უბედურებით, ან უბედურებით აღსანიშნავ პერიდში, უფლებამოსილი არიან საცხოვრისის, მიწის და ქონების რესტიტუციაზე. ამგვარ საქმეებზე ადმინისტრაციული და სასამართლო ორგანოები უფლებამოსილი არიან დამოუკიდებლად დაადგინონ რესტიტუციის არადოკუმენტირებულ მოთხოვნებთან დაკავშირებული ფაქტები.
...”
21. კომპენსაცია
“21.1 ყველა ლტოლვილსა და იძულებით გადაადგილებულ პირს უფლება აქვს სრულ და ეფექტიან კომპენსაციაზე, როგორც რესტიტუციის განუყოფელ კომპონენტზე. კომპენსაცია შესაძლოა იყოს ფულადი ან არაფულადი. სახელმწიფოებმა აღდგენითი მართლმსაჯულების პრინციპების დასაცავად უნდა უზრუნველყონ კომპენსაციის საშუალებების გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი რესტიტუციის საშუალება ფაქტობრივად არ არის ხელმისაწვდომი, ან როდესაც დაზარალებული მხარე წინასწარი შეცნობითა და ნებაყოფლობით მიიღებს კომპენსაციას რესტიტუციის სანაცვლოდ, ან როდესაც შეთანხმებული მშვიდობიანი შეთანხმების პირობები ითვალისწინებს რესტიტუციისა და კომპენსაციის კომბინაციას.
...”
B. ევროპის საბჭო
99. ევროპის საბჭოს ორგანოები მრავალგზის შეეხნენ იძულებით გადაადგილებულ პირთათვის და ლტოლვილთათვის ქონების რესტიტუციის საკითხებს. წინამდებარე საქმესთან მიმართებით განსაკუთრებით რელევანტურია შემდეგი რეზოლუციები და რეკომენდაციები:
1. “ლტოლვილთა და იძლებით გადაადგილებულ პირთა ქონებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა, საპარლამენტო ასამბლეის (PA) რეზოლუცია 1708 (2010)
100. საპარლამენტო ასამბლეამ აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში, კერძოდ კი ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიაში, ბალკანეთსა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში 2,5 მილიონი ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული პირია ადგილნაცვალი და რომ გადაადგილებას ხშირ შემთხვევაში თან სდევს დაზარალებულ პირთა მხრიდან თავიანთ სახლებსა და მიწებზე დაბრუნების შეუძლებლობა 1990-იანი და ადრეული პერიოდიდან (იხილეთ მე-2 პარაგრაფი). ის ხაზს უსვამს რესტიტუციის მნიშვნელოვნებას:
“3. მიტოვებული ქონების განადგურება, ოკუპირება ან კონფისკაცია არღვევს შესაბამის პირთა უფლებებს, ახანგრძლივებს ადგილმონაცვლეობას და ართულებს შერიგებასა და მშვიდობის დამყარებას. შესაბამისად, ქონების რესტიტუცია, რაც გულისხმობს უფლებების და ფიზიკური მფლობელობის აღდგენას გადაადგილებულ ყოფილ მობინადრეთა სასარგებლოდ, ან კომპენსაცია აუცილებელი ანაზღაურების ფორმებია ცალკეულ პირთა უფლებებისა და კანონის უზენაესობის აღსადგენად.
4. საპარლამენტო ასამბლეა მიიჩნევს, რომ რესტიტუცია საცხოვრისზე, მიწასა და ქონებაზე ხელმისაწვდომობისა და უფლებების დაკარგვაზე ოპტიმალური პასუხია, რადგანაც ანაზღაურების ფორმებს შორის ეს ფორმა ხელს უწყობს ადგილმონაცვლეობის სამ ‘მყარ გადაწყვეტას’ შორის არჩევანს: პირის თავდაპირველ საცხოვრებელში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას; იძულებით გადაადგილების ადგილზე ადგილობრივ ინტეგრაციას; ან გადასახლებას ან სხვა ადგილზე ქვეყნის მაშტაბით ან მის საზღვრებს გარეთ.”
საპარლამენტო ასამბლეამ შემდეგ მიუთითა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ინსტრუმენტებზე, კერძოდ კი ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაზე, ევროპის სოციალურ ქარტიაზე და ეროვნული უმცირესობების დაცვის ჩარჩო კონვენციაზე, ასევე გაეროს პინჰეიროს პრინციპებზე და წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა შემდეგი ღონისძიებების გატარებისკენ:
“9. ზემოთ აღნიშნულის ჭრილში, ასამბლეა მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს გადაჭრან ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა კონფლიქტის შემდგომი საცხოვრისის, მიწისა და ქონების საკითხები, პინჰეიროს პრინციპების, ევროპის საბჭოს შესაბამისი ინსტრუმენტებისა და მინისტრთა კომიტეტის Rec (2006)6 რეკომენდაციის გათვალისწინებით.
10. ამ შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებისა და ევროპაში დღემდე განხორციელებული ქონების გადაწყვეტისა და კომპენსაციის პროგრამების გათვალისწინებით წევრ ქვეყნებს მოვუწოდებთ:
10.1.შექმნან ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მიტოვებულ საცხოვრისზე, მიწაზე და ქონებაზე ხელმისაწვდომობის დაკარგვის დროული და ეფექტიანი ანაზღაურების გარანტია, შეიარაღებული კონფლიქტების გადაწყვეტასთან დაკავშირებული მიმდინარე მოლაპარაკების ან კონკრეტული ტერიტორიის სტატუსის მიუხედავად;
10.2 უზრუნველყონ, რომ ამგვარი ანაზღაურება მიიღებს რესტიტუციის ფორმას, ლტოლვილთა და გადაადგილებულ პირთათვის თავიანთ ქონებაზე და ამ ქონებაზე უსაფრთხო ფიზიკური ხელმისაწვდომობისა და ფლობის სამართლებრივი უფლებების დადასტურების ფორმით. თუკი რესტიტუცია შეუძლებელია, აუცილებელია ადეკვატური კომპენსაციის მიწოდება, ქონებაზე მანამდე არსებული სამართლებრივი უფლებების დადასტურებითა და ფულისა და საქონლის უზრუნველყოფით, გონივრული საბაზრო ღირებულებით ან სამართლიანი რეპარაციის სხვა ფორმით;
10.3 უზრუნველყონ, რომ ლტოლვილებსა და გადაადგილებულ პირებს, რომელთა უფლებებიც გადაადგილებამდე ფორმალურად არ იყო აღიარებული, მაგრამ მათ მიერ ქონებით სარგებლობის მიმართ სახელმწიფო ორგანოების მოპყრობა დე ფაქტო ვალიდური იყო, თანაბარი და ეფექტიანი ხელმისაწვდომობა ექნებათ სამართლებრივი დაცვის საშუალებებზე და დაკარგული უფლებების აღდგენაზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც დაზარალებული პირები სოციალურად მოწყვლადები არიან ან განეკუთვნებიან უმცირესობათა ჯგუფებს;
...
10.5 უზრუნველყოს, რომ მფლობელობის ან ქირავნობის უფლებების მქონეთა არ ყოფნა თავიანთ საცხოვრისში ამ სახლების იძულებით მიტოვების გამო საპატიოდ ჩაითვალოს, მანამ სანამ ნებაყოფლობით უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების პირობები არ აღდგება;
10.6 უზრუნველყოს ანაზღაურების მოთხოვნის სწრაფი, ხელმისაწვდომი და ეფექტიანი პროცედურები. თუკი გადაადგილებასა და უფლებების დაკარგვას სისტემატური სახე ქონდა, სპეციალური სასამართლო ორგანოები უნდა შეიქმნას საჩივრების შესაფასებლად. ამ ორგანოებმა უნდა მიმართონ სწრაფ პროცედურებს, რომლებიც მოიცავს მოქნილ მტკიცებულებით სტანდარტსა და გაწერილ პროცედურას. გადაადგილებული პირების საცხოვრისთან და საყოფაცხოვრებო საჭიროებებთან დაკავშირებული საკუთრების ტიპები უნდა მოექცეს მათ იურისდიქციაში, მათ შორის სახლები, სასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიწა და ბიზნეს ქონება;
10.7 შეინარჩუნონ საქმის განმხილველი ორგანოების დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და ექსპერტულობა მათი შემადგენლობის განმსაზღვრელი შესაბამისი წესებითაც, რაც შესაძლოა ითვალისწინებდეს საერთაშორისო წევრების ჩართულობას. ...
...”
2. “ლტოლვილები და იძულებით გადაადგილებული პირები სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში”, საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია 1497 (2006)
101. ამ რეზოლუციით საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს:
“12.1.თავიანთი ძალისხმევა მიმართონ რეგიონში კონფლიქტების მშვიდობიან გადაწყვეტაზე, ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებულთა თავიანთი წარმოშობის ადგილებში უსაფრთხოდ და ღირსეულად ნებაყოფლობით დაბრუნების პირობების შექმნის ხედვით;
...
12.4.პრიორიტეტად გაიხადონ იძულებით გადაადგილებულთა დაბრუნება და ყველა შესაძლო გზას მიმართონ მოლაპარაკებებისას, რათა ამ ხალხს უსაფრთხო დაბრუნების შესაძლებლობა მისცენ საყოველთაო დასახლებამდე;
...
12.15.განავითარონ პრაქტიკული თანამშრომლობა დაკარგული პირების საქმეების გამოძიებასთან დაკავშირებით და ხელი შეუწყონ საიდენტიფიკაციო დოკუმენტების დაბრუნებას და ქონების რესტიტუციას, იგივე პრობლემების გადაჭრის ბალკანეთის გამოცდილების გაზიარებით.”
3. მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია წევრ სახელმწიფოებს იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით, Rec(2006)6
102. მინისტრთა კომიტეტი რეკომენდაციას წევს განსაკუთრებით შემდეგზე:
“8. იძულებით გადაადგილებული პირები უფლებამოსილი არიან ისარგებლონ თავიანთი ქონებითა და მფლობელობით ადამიანის უფლებათა სამართლის შესაბამისად. კერძოდ კი იძულებით გადაადგილებული პირები უფლებამოსილი არიან ადგილმონაცვლეობის შედეგად დატოვებული თავიანთი ქონება კვლავ დაიბრუნონ მფლობელობაში. თუკი იძულებით გადაადგილებულ პირებს ჩამოერთვათ ქონება, ამგვარ ჩამორთმევას უნდა მოყვეს ადეკვატური კომპენსაცია.”
კანონმდებლობა
I. შესავალი
103. 2011 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით სასამართლომ განმცხადებლების საჩივრები დასაშვებად გამოაცხადა. მან ასევე შეისწავლა მოპასუხე სახელმწიფოს მიერ კონვენციის 35-ე მუხლის საფუძველზე წარდგენილი ოთხი წინასწარი პროტესტი. მათგან სამი არ დაკმაყოფილდა: საკითხზე, იყო თუ არა ეს საჩივარი წარდგენილი საერთაშორისო გამოძიების ან საქმის გადაწყვეტის სხვა პროცედურით, ratione temporis იურისდიქციის არ ქონა და ექვსთვიანი ვადის დაუცველობა. დანარჩენი სამი პროტესტი გაერთიანდა საქმის არსებით განხილვასთან და წარმოდგენილი იქნება დაბლა შემდეგი მიმდევრობით: ეროვნულ დონეზე სამართლებრივი დაცვის საშუალებების ამოწურვა, განმცხადებლის დაზარალებული სტატუსი და მოპასუხე მთავრობის იურისდიქცია განსახილველ ტერიტორიაზე.
II. ეროვნულ დონეზე სამართლებრივი დაცვის საშუალებების ამოწურვა
A. მხარეთა წერილობითი მოსაზრებები
1. განმცხადებლები
104. განმცხადებლები აცხადებდნენ, რომ სომხეთის ხელისუფლების ორგანოები არ უშვებდნენ მათ, როგორც იძულებით გადაადგილებულ პირებს თავიანთ სახლებში და ეს ასახავდა აღიარებულ ოფიციალურ პოლიტიკას და შესაბამისად, ადმინისტრაციულ პრაქტიკას. ამ ვითარებაში მათ არ ქონდათ წვდომა ეროვნულ დონეზე სამართლებრივი დაცვის რაიმე საშუალებებზე.
105. უფრო მეტიც, მათთვის ცნობილი არ იყო სამართლებრივი დაცვის რაიმე საშუალებები, არც სომხეთის რესპუბლიკაში და არც “მყრ”-ში, რაც შესაძლოა ქმედითი ყოფილიყო მათ საჩივრებთან მიმართებით. ფაქტიურად, ეროვნულ დონეზე სამართლებრივი დაცვის საშუალებების არ ქონა ყველაზე ნათელი იყო იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების უფლებასთან დაკავშირებით მიმდინარე საერთაშორისო დისკუსიებში. ეს საკითხი წარმოადგენდა რა ეუთოს მინსკის ჯგუფის მიმდინარე მოლაპარაკებებისას მხარეთა შორის ერთერთი მთავარი შეუთანხმებლობის საგანს, ის გადაუჭრელი რჩებოდა. განმცხადებლებს არ წარუდგენიათ რაიმე “განაცხადები” დაბრუნების მოთხოვნით და კითხულობდნენ, არსებობდა თუ არა ფორუმი, სადაც ამგვარ მოთხოვნას დააყენებდნენ. აშკარაა, რომ ამგვარი მოთხოვნა ნებისმიერ შემთხვევაში უშედეგო იქნებოდა. უფრო მეტიც, განმცხადებლები ირწმუნებოდნენ, რომ მთიანი ყარაბახის კონფლიქტთან დაკავშირებულ რაიმე მოვლენაში მონაწილეობის სომხეთის რესპუბლიკის მიერ უარყოფის პირობებში, ურთიერთგამომრიცხავი იქნებოდა მათგან სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ორგანოებისთვის მიმართვის მოლოდინი.
106. განმცხადებლები ასევე ამტკიცებდნენ, რომ მოპასუხე ხელისუფლებას ეკისრებოდა მტკიცების ტვირთი, ეჩვენებია, რომ სამართლებრივი დაცვის საშუალება არსებობდა და ეფექტიანი იყო, როგორც თეორიულად, ისე პრაქტიკაში და რომ მათ წარმატებით იყენებდნენ მსგავს პოზიციაში მყოფი სხვა მომჩივნები. ისინი ამტკიცებდნენ, რომ მოპასუხე სახელმწიფომ ვერ ზიდა ეს ტვირთი. კერძოდ კი, 2007 წლის ივლისში პალატისთვის წარდგენილ წერილობით მოსაზრებებში მოპასუხე სახელმწიფოს მიერ მაგალითებად მოყვანილი არცერთი საქმე არ უკავშირდებოდა ქონებით სარგებლობის დაბრუნების ან პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებას. მხოლოდ 2012 წლის ივლისის წერილობით მოსაზრებებში მიუთითა მოპასუხე სახელმწიფომ სომხეთსა და “მყრ”-ში გარკვეულ კონსტიტუციურ-სამართლებრივი დაცვის საშუალებებზე და ამტკიცებდა, რომ განმცხადებლებს ყოველთვის შეეძლოთ სადავო ტერიტორიებზე შესვლა, მინიმუმ თავიანთი სამართლებრივი უფლებებით სარგებლობის მიზნით. მოპასუხე სახელმწიფოს წინამორბედ წერილობით მოსაზრებებთან ერთობლიობაში წაკითხვით, სადაც სამართლებრივი დაცვის ეს საშუალებები არ იყო ნახსენები და იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნება და მათთვის კომპენსაციის გადახდა კონფლიქტის გადაწყვეტის საბოლოო შეთანხმებას უკავშირდებოდა, 2012 წლის წერილობით მოსაზრებებს სანდოობა აკლდა. უფრო მეტიც, მათში არ იყო ასახული აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვის წინამდებარე საქმეზე მითითებული ტიპის უფლებების დარღვევისთვის რეალურად შეთავაზებული ანაზღაურების რაიმე მაგალითები.
2. მოპასუხე ხელისუფლება
107. სომხეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ განმცხადებლებმა ვერ ამოწურეს ეროვნულ დონეზე სამართლებრივი დაცვის საშალებები, რადგანაც ვერ აჩვენეს, რომ რაიმე ნაბიჯები გადადგეს მათი უფლებების დასაცავად ან აღსადგენად. კერძოდ კი განმცხადებლებს არ მიუმართავთ სომხეთის რესპუბლიკის სასამართლო ან ადმინისტრაციულ ორგანოებისთვის. უფრო მეტიც, ამტკიცებდნენ, რა, რომ სადავო ტერიტორიები “მყრ”-ის იურისდიქციასა და კონტროლის ქვეშ ექცეოდა, მოპასუხე ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ “მყრ”-ს ყველა სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანო გააჩნდა, რომელსაც შეეძლო ცალკეულ პირთა უფლებების დაცვა. განმცხადებლებს სავარაუდოდ შეეძლოთ როგორც სომხეთის ისე “მყრ”-ის ვიზის მოპოვება, სამართლებრივი დახმარების მისაღებად, უფასოდაც კი “სახალხო დამცველის” სამსახურისგან და წარედგინათ რესტიტუციის ან კომპენსაციის მოთხოვნები სომხეთის არმიისა და “მყრ”-ის სახელმწიფო ორგანოების წინააღმდეგ, დამოუკიდებელი და მოიუკერძოებელი სასამართლოების წინაშე. სომხეთთან მიმართებით ეს შესაძლებლობა არსებობდა კონვენციის რატიფიკაციიდან, 2002 წლის აპრილიდან. ეუთოს მინსკის ჯგუფის მოლაპარაკების ფარგლებში დაკავებული პოზიციები ეხებოდა ყველა გადაადგილებული პირის დაბრუნებას და არ ვრცელდებოდა პირებზე, რომელთაც სურდათ მათი სამართლებრივი უფლებებით სარგებლობა.
108. უფრო მეტიც, მოპასუხე ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ სომხეთსა და “მყრ”-ში მოქმედი კონსტიტუციები და სხვა კანონმდებლობა, კერძოდ კი მიწის კოდექსები და სამოქალაქო ქოდექსები იცავდა პირთა საკუთრების უფლებას, ქმნიდა დაკარგული მიწის სანაცვლოდ რესტიტუციის ან კომპენსაციის საფუძველს და არ ასხვავებდა მოქალაქეთა და უცხოელთა უფლებებს.
109. ქურთული ან აზერბაიჯანული წარმომავლობის პირთათვის სომხეთში მოქმედი სამართლებრივი დაცვის საშუალებების ეფექტიანობის საჩვენებლად მოპასუხე ხელისუფლებამ 2007 წლის ივნისში წარადგინა სამი სასამართლო საქმე: ერთი ეხებოდა სავარაუდოდ აზერბაიჯანის მოქალაქის, მსჯავრდებულის ამნისტიით გათავისუფლებას, ერთი ეხებოდა ქურთი ეროვნების პირსა და მის დამქირავებელს შორის მეგობრულ შეთანხმებას, გადაუხდელ ხელფასთან დაკავშირებით და ერთიც ეხებოდა სხვა ქურთი ეროვნების პირსა და ადგილობრივ სომხურ ადმინისტრაციას შორის დავას მიწის ქირავნობის გახანგრძლივების შესახებ. უფრო მეტიც, მოპასუხე სახელმწიფომ წარმოადგინა “მყრ”-ის სასამართლოების მიერ განხილული სამი საქმე, იმის დემონსტრირებისთვის, რომ რეგიონში არსებობდა ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის სასამართლო საშუალებები: ორი ეხებოდა “მყრ”-ში მცხოვრები სომხური წარმომავლობის ორი პირის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას და კიდევ ერთიც, ორ კერძო პირს, წარმოშობით სომხებს შორის სამკვიდრო დავას.
3. აზერბაიჯანის ხელისუფლება, მესამე მხარე
110. აზერბაიჯანის ხელისუფლების თანახმად მოპასუხე სახელმწიფომ ვერ შეასრულა საკუთარი ვალდებულება, დაეკონკრეტებია, სამართლებრივი დაცვის რა საშაულებები არსებობდა სომხეთში ან “მყრ”-ში, რაც შესაძლოა ეფექტიანი ყოფილიყო წარმოდგენილ გარემოებებში; ასევე ვერ მოიყვანა მაგალითები აზერბაიჯანის მოქალაქეებისა, რომელთაც წარმატებული ხელმისაწვდომობა ქონდათ ამგვარ სავარაუდოდ არაკონკრეტულ სამართლებრივი დაცვის საშუალებებზე. აღნიშნულთან მიმართებით აზერბაიჯანის ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ სომხეთისა და “მყრ”-ის მიწის კოდექსები არ ადგენდა რაიმე წესებს ან მექანიზმებს, რომლებზე დაყრდნობითაც განმცხადებლების მსგავს ვითარებაში მყოფი იძულებით გადაადგილებული პირი შეძლებდა დაკარგული ქონების რესტიტუციის ან კომპენსაციის მიღებას.
111. უფრო მეტიც, ზოგადი კონტექსტის ჭრილში არ არსებობდა ეროვნულ დონეზე სამართლებრივი დაცვის საშუალებების ამოწურვის საჭიროება, ადმინისტრაციული პრაქტიკიდან თუ საგანგებო გარემოებებიდან გამომდინარე. მითითება გაკეთდა ასევე რეგიონში არსებულ მუდმივ დაძაბულობასა და მტრულ დამოკიდებულებაზე, მთიანი ყარაბახისა და სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო სამართლის მოქმედებასა და მიზანმიმართულ პოლიტიკაზე, რომელიც სომეხ მაცხოვრებლებს აგულიანებდა დასახლებულიყვნენ ლაჩინის რაიონში.
112. აზერბაიჯანის ხელისუფლება ასევე ირწმუნებოდა, რომ სამართლებრივი დაცვის ნებისმიერი საშუალება, რაზეც მოპასუხე ამტკიცებდა ხელმისაწვდომობას სომხეთის სასამართლოებსა და ორგანოებში, თავისი არსით ეფექტიანი ვერ იქნებოდა, იმის გათვალისწინებით, რომ სომხებმა განაცხადეს მოსაზრება, რომ „მყრ“ დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო, რომლის კონტროლსა და იურისდიქციაში ექცეოდა ლაჩინი. უფრო მეტიც, 1991 წლის სექტემბერში “მყრ”-ის “დამოუკიდებლობის დეკლარაციით” გათვალისწინებული ტერიტორიული ჩარჩო გამორიცხავდა მოგვიანებით ოკუპირებულ აზერბაიჯანის სხვა ტერიტორიებს, მათ შორის ლაჩინს, რომელზეც შესაბამისად “მყრ”-ის სასამართლოებს კონსტიტუციის თანახმად არ გააჩნდათ იურისდიქცია.
B. სასამართლოს შეფასება
1. დამატებითი წერილობითი მოსაზრებების დასაშვებობა
113. პირველ ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ 2014 წლის 20 იანვარს, სასამართლოს მიერ დამატებითი დოკუმენტური მასალის წარდგენისთვის დადგენილი გახანგრძლივებული ვადის გასვლიდან ორ კვირაში მოპასუხე სახელმწიფომ წარმოადგინა რამდენიმე დოკუმენტი, მათ შორის ორი გადაწყვეტილება, რომლითაც ორი იძულებით გადაადგილებული აზერბაიჯანის მოქალაქე მომჩივნისთვის სავარაუდოდ აღიარებული იყო საკუთრების უფლებები კერძო სახლებსა და მის მიმდებარე მიწის ნაკვეთზე, რომელიც განლაგებული იყო სადავო ტერიტორიაზე. გადაწყვეტილებები მიღებული იყო 2003 და 2005 წლებში “მთიანი ყარაბახის რესპუბლიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ”.
114. 2014 წლის 22 იანვარს [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს თავმჯდომარემ დიდ პალატასთან კონსულტაციის შემდგომ, სასამართლოს რეგლამენტის 38.1 და 71.1 მუხლების შესაბამისად გადაწყვიტა, რომ ხსენებული დოკუმენტები, დაგვიანებით წარდგენის გამო არ უნდა დართვოდა საქმის მასალებს. მოპასუხე სახელმწიფოს არ წარმოუდგენია დამაკმაყოფილებელი განმარტება იმის თაობაზე თუ რატომ ვერ მოხერხდა ამ დოკუმენტების დროული წარდგენა. აღნიშნულთან მიმართებით სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხე სახელმწიფოს სთხოვეს 2006 წლის 8 ივნისს წარმოედგინა საქმეზე წერილობითი მოსაზრებები და იმ დროისთვის და შემდგომ საქმისწარმოებისას ეთხოვა ემსჯელა ეროვნულ დონეზე სამართლებრივი დაცვის საშუალებების ამოწურვის თაობაზე. მათ არცერთხელ არ უხსენებიათ 2003 და 2005 წლის გადაწყვეტილებები. შესაბამისად, აღნიშული დოკუმენტები არ მიიღება მხედველობაში.
2. ეროვნულ დონეზე სამართლებრივი დაცვის საშუალებების ამოწურვის ზოგადი პრინციპები
115. სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ უკვე დამკვიდრებულია, რომ კონვენციის დადგენილი დაცვის მექანიზმი ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სისტემის სუბსიდიური ნაწილია. სასამართლო დაინტერესებულია ხელშემკვრელი სახელმწიფოების მიერ კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების იმპლემენტაციაზე ზედამხედველობით. ის ვერ შეძლებს და არც უნდა მოახდინოს ხელშემკვრელ სახელმწიფოთა როლის უზურპირება, რომელთა პასუხისმგებლობაა უზრუნველყონ, რომ მათთან დაცული ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები ეროვნულ დონეზე პატივისცემის საგანია და დაცულია. შესაბამისად, ეროვნულ დონეზე სამართლებრივი დაცვის საშუალებების ამოწურვის წესი დაცვის ამ სისტემის ფუნქციონირების განუყოფელი ნაწილია. სახელმწიფოები არ აგებენ პასუხს თავიანთი ქმედებებისთვის საერთაშორისო ორგანოების წინაშე მანამ სანამ არსებობს საკითხის მათი საკუთარი სამართლებრივი სისტემის მეშვეობით განხილვის შესაძლებლობა და შესაბამისად, პირები, რომელთაც სურთ მოიხმონ სასამართლოს საზედამხედველო ფუნქცია სახელმწიფოს წინააღდეგ წარდგენილ საჩივრებთან მიმართებით, ვალდებული არიან პირველ ყოვლისა გამოიყენონ ეროვნული სამართლებრივი სისტემით უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალებები (სხვა წყაროებს შორის იხილეთ, აკდივარი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ (Akdivar and Others v. Turkey), 16 სექტემბერი, 1996, § 65, გადაწყვეტილებათა და განჩინებათა ანგარიშები 1996‑IV). სასამართლო მუდმივად ვერ განმარტავს, რომ ის არ არის პირველი ინსტანციის სასამართლო; მას არ აქვს შესაძლებლობა, არც მისი როგორც საერთაშორისო სასამართლოს ფუნქციებთან არის შესაბამისი დიდი რაოდენობით იმგვარი საქმეების განხილვა, რომლებზეც საჭიროა საწყისი ფაქტების დადგენა ან ფულადი კომპენსაციის გაანგარიშება, რაც პრინციპებისა და მოქმედი პრაქტიკის დონეზე ეროვნული სასამართლოების უფლებამოსილებაა (იხილეთ დემოპულოსი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ (Demopoulos and Others v. Turkey) (გადაწყვეტილება) [დიდი პალატა], # 46113/99, # 3843/02, # 13751/02, # 13466/03, # 10200/04, # 14163/04, # 19993/04 და# 21819/04, § 69, ECHR 2010; და ნიაზ კაზალი და ჰაკან კაზალი კვიპროსის წინააღმდეგ (Niazi Kazali and Hakan Kazali v. Cyprus) (გადაწყვეტილება), # 49247/08, § 132, 6 მარტი, 2012).
116. სასამართლომ მთელ რიგ გადაწყვეტილებებში ეროვნულ დონეზე სამართლებრივი დაცვის საშუალებების ამოწურვასთან დაკავშირებით ზოგადი პრინციპები დაადგინა. საქმეზე აკდივარი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ (Akdivar and Others v. Turkey) (ციტირება მაღლა) სასამართლომ დაადგინა შემდეგი (საქმეზე შემდგომი მითითებები წაშლილია):
“65. სასამართლო იხსენებს, რომ კონვენციის [35-ე] მუხლით გათვალისწინებული ეროვნულ დონეზე სამართლებრივი დაცვის საშუალებების ამოწურვის წესი ავალდებულებს მათ, ვინც ისწრაფვის საკუთარი საქმის საერთაშორისო სასამართლო ან არბიტრაჟის ორგანოების წინაშე წარდგენისკენ, პირველ ყოვლისა გამოიყენონ ეროვნული სამართლებრივი სისტემებით განსაზღვრული სამართლებრივი დაცვის საშუალებები. შედეგად, სახელმწიფოები თავისუფლდებიან ვალდებულებისგან მათი ქმედებებისთვის პასუხი აგონ საერთაშორისო ორგანოების წინაშე მანამ სანამ მათ შესაძლებლობა აქვთ საკითხი გადაწყვიტონ საკუთარი სამართლებრივი სისტემის მეშვეობით. წესი ეფუძნება კონვენციის მე-13 მუხლში ასახულ ვარაუდს, რომელთანაც მას მჭიდრო თანხვედრა აქვს, რომ სადავო დარღვევასთან მიმართებით არსებობს სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალებები მიუხედავად იმისა კონვენციის ნორმები ინკორპორირებულია თუ არა ეროვნულ სამართალში. ამრიგად ამ პრინციპის მნიშვნელოვანი ასპექტია ის, რომ კონვენციით დადგენილი დაცვის მექანიზმი ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სისტემის სუბსიდიურ ნაწილს შეადგენს (...).
66. [35-ე] მუხლის თანახმად ჩვეული დაკმაყოფილება ხელმისაწვდომი უნდა იყოს განმცხადებლისთვის სამართებრივი დაცვის საშუალებებით, რომლებიც ხელმისაწვდომია და საკმარისია სადავო დარღვევებთან მიმართებით ანაზღაურების მისაღებად. განსახილველი სამართლებრივი დაცვის საშუალებების არსებობა უნდა იყოს საკმარისად სარწმუნო არა მხოლოდ თეორიაში არამედ პრაქტიკაში და მათი არ არსებობა დასტურდება აუცილებელი ხელმისაწვდომობისა და ეფექტიანობის არ არსებობით (...).
[35-ე] მუხლი ასევე მოითხოვს, რომ საჩივრები, რომელთა სტრასბურგში წარდგენაც არის განზრახული, წარდგენილ უნდა იქნეს ეროვნულ დონეზე, მინიმუმ არსებითად და ეროვნული სამართლით დადგენილი ფორმალური მოთხოვნებისა და ვადების დაცვით, და რომ უნდა მოხდეს ნებისმიერი იმ პროცესუალური საშუალების გამოყენება, რომელიც თავიდან აიცილებდა კონვენციის დარღვევას (...).
67. თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, არ არსებობს სამართლებრივი დაცვის იმ საშუალებებზე მიმართვის ვალდებულება, რომლებიც არაადეკვატური ან არაეფექტურია. ამასთან, “საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული წესების” თანახმად შესაძლოა არსებობდეს საგანგებო გარემოებები, რომლებიც ათავისუფლებს განმცხადებელს მის ხელთ არსებული ეროვნული დონის სამართლებრივი დაცვის საშუალებების ამოწურვის ვალდებულებისგან (...). ეს წესი ასევე არ მოქმედებს, როდესაც კონვენციასთან შეუსაბამო განმეორებითი ქმედებებისგან შემდგარი ადმინისტრაციული პრაქტიკა და სახელმწიფო ორგანოების მხრიდან ამის ოფიციალური მიმღებლობა აშკარად არსებობს და იმგვარი ბუნების არის, რომ საქმისწარმოებას ფუჭსა და არაეფექტურს ხდის (...).
68. ეროვნულ დონეზე სამართლებრივი დაცვის საშუალებების ამოწურვის სფეროში მტკიცების ტვირთი გადანაწილებულია. მოპასუხე სახელმწიფოს, რომელიც ამტკიცებს ამოუწურავობას, ევალება [ადამიანის უფლებათა ევროპულ] სასამართლოს დაუმტკიცოს, რომ სამართლებრივი დაცვის საშუალებები ეფექტიანი იყო და ხელმისაწვდომი იყო თეორიასა და პრაქტიკაში შესაბამის დროს, რაც გულისხმობს იმას, რომ ხელმისაწვდომი იყო, ქმნიდა განმცხადებლის საჩივართან დაკავშირებით ანაზღაურების შესაძლებლობას და წარმატების გონივრულ პერსპექტივას. თუმცა, მას შემდეგ რაც მტკიცების ეს ტვირთი დაკმაყოფილდება, განმცხადებელს ევალება დაამტკიცოს, რომ მოპასუხე სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი სამართლებრივი დაცვის საშუალება რეალურად ამოწურული იყო ან გარკვეულ მიზეზთა გამო არაადეკვატური და არაეფექტური იყო საქმის კონკრეტულ გარემოებებში, ან რომ არსებობდა საგანგებო გარემოებები, რომლებიც მას ამ მოთხოვნებისგან ათავისუფლებდა (...). ერთერთი ასეთი მიზეზი შესაძლოა მდგომარეობდეს იმაში, რომ ეროვნულ დონეზე სახელმწიფო ორგანოები სრულიად პასიურები არიან სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან არასათანადო ქცევის ან ზიანის მიყენების მძიმე ბრალდებებთან მიმართებით, მაგალითად, როდესაც ისინი ვერ უზრუნველყოფენ გამოძიებას ან ვერ თავაზობენ დახმარებას. ამგვარ გარემოებებში შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების ტვირთი კიდევ ერთხელ ინაცვლებს და გადადის მოპასუხე სახელმწიფოზე, მან უნდა აჩვენოს რა მოიმოქმედეს გასაჩივრებული საკითხების მაშტაბთან და სიმძიმესთან მიმართებით.
69. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ წესის გავრცელებამ სათანადო ფარგლებში უნდა დაუშვას ფაქტი, რომ მან იმოქმედა ხელშემკვრელი მხარეების მიერ ადამიანის უფლებების დასაცავად შექმნილ მექანიზმთან მიმართებით. შესაბამისად, ის აღიარებს, რომ [35]-ე მუხლის მოქმედება უნდა გავრცელდეს გარკვეული მოქნილობის ხარისხითა და გადამეტებული ფორმალიზმის გარეშე (...). მან ასევე აღიარა, რომ ამოწურვის წესი არც აბსოლუტურია და არც ავტომატური მოქმედების ძალის მქონეა; იმის გადამოწმებისას, მოხდა თუ არა ამ წესის დაცვა, მნიშვნელოვანია თითოეული საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინება (...). ეს სხვა საკითხებთან ერთად ნიშნავს, რომ უნდა მოხდეს შესაბამისი ხელშემკვრელი მხარის სამართლებრივ სისტემაში სამართლებრივი დაცვის ფორმალური საშუალებების მხოლოდ ფორმალური არსებობის რეალური გათვალისწინება, არამედ აუცილებელია მათი არსებობის ზოგადი სამართლებრივი და პოლიტიკური კონტექსტის, ასევე განმცხადებელთა პირადი გარემოებების გათვალისწინება.”
3. აღნიშნული პრინციპების გავრცელება საქმის გარემოებებზე
117. ინარჩუნებდა რა მოცემულობას, რომ სომხეთის რესპუბლიკას არ გააჩნდა იურისდიქცია მთიან ყარაბახზე და კერძოდ კი ლაჩინის რაინზე, მოპასუხე სახელმწიფო ამტკიცებდა, რომ განმცხადებლებისთვის ხელმისაწვდომი იყო დაკმაყოფილება სომხეთის რესპუბლიკასა და “მყრ”-ში სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოების მეშვეობით. ისინი უთითებდნენ ამ ორი ერთეულის კანონმდებლობაში არსებულ ნორმებზე მიწის დავების შესახებ, მათ შორის რესტიტუციისა და კომპენსაციის საკითხებზე სხვის მიერ უკანონო ფლობის შემთხვევებში. მათ ასევე წარმოადგინეს ეროვნულ დონეზე მოსამართლეებისა და თანამდებობის პირთა განცხადებები იმის თაობაზე, რომ სომხეთისა და “მყრ”-ის სასამართლოები დამოუკიდებელი და მიუკერძოებლები არიან და მზად არიან განიხილონ აზერაბიჯანის მოქალაქეთა საქმეები დისკრიმინაციის გარეშე. თავის მხრივ, განმცხადებლები და აზერბაიჯანის ხელისფლება ამტკიცებდნენ რომ სომხეთისა და “მყრ”-ის კანონმდებლობა არ უზრუნველყოფდა რაიმე დაკმაყოფილებას იძულებით გადაადგილებულ პირთათვის, რომელთაც განმცხადებლების მსგავს ვითარებაში ჩამოერთვათ თავიანთი ქონება.
118. სასამართლო მიიჩნევს, რომ ეროვნულ დონეზე სამართლებრივი დაცვი საშუალებათა ამოწურვის საკითხთან მიმართებით მას არ სჭირდება იმის გადაწყვეტა, მიიჩნევა თუ არა სომხეთის რესპუბლიკა სადავო ტერიტორიაზე იურისდიქციის მქონედ და ამგვარ იურისდიქციას ზეგავლენა ექნება თუ არა ეროვნული დონის სამართლებრივი დაცვის საშუალებების ქმედითობაზე სადავო ტერიტორიაზე არსებულ ქონებასთან მიმართებით რესტიტუციისა ან კომპენსაციის საკითხებზე. აღნიშნულის მიზეზს წარმოადგენს ის, რომ მოპასუხე ხელისუფლებამ ვერ აჩვენა სამართლებრივი დაცვის საშუალების არსებობა ვერც სომხეთში, ვერც “მყრ”-ში, რომელიც უზრუნველყოფდა განმცხადებლის საჩივრებთან მიმართებით დაკმაყოფილებას. მათ მიერ მითითებული სამართლებრივი ნორმები ზოგადი ხასიათისაა და არ ვრცელდება შეიარაღებული კონფლიქტის ან განმცხადებლების მდგომარეობის მსგავსი ვითარების შედეგად საკუთრების დაკარგვის სპეციფიურ მოცემულობაზე. რაც შეეხება 2007 წლის ივნისში მაგალითად მოხმობილ ეროვნულ გადაწყვეტილებებს (იხილეთ 109-ე პარაგრაფი მაღლა), არცერთი მათგანი არ ეხება საცხოვრისის ან ქონების დაკარგვას მთიანი ყარაბახის კონფლიქტის კონტექსტში გადაადგილებული პირების მიერ.
119. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სომხეთის რესპუბლიკამ უარყო, რომ წინამდებარე საქმეზე წარმოდგენილი საჩივრების გამომწვევ მოვლენებში ჩართულები იყვნენ მათი შეიარაღებული ძალები ან სხვა სახელმწიფო ორგანოები, ასევე ის, რომ სომხეთს გააჩნია, ან დროის რომელიმე მონაკვეთში გააჩნდა იურისდიქცია მთიან ყარაბახზე და მიმდებარე ტერიტორიებზე. ჩართულობის თუ იურისდიქციის ამგვარი უარყოფის პირობებში გონივრული არ იქნებოდა იმის მოლოდინი, რომ განმცხადებლები სომხეთის სასამართლოების და სახელმწიფო ორგანოების წინაშე წარადგენდნენ რესტიტუციის ან კომპენსაციის მოთხოვნებს. ასევე გასათვალისწინებელია პოლიტიკური და ზოგადი კონტექსტი. ომის შედეგად ყველა აზერბაიჯანელმა დატოვა სადავო ტერიტორია. კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტა ვერ მიიღწა. უფრო მეტიც, უკანასკნელ წლებში სომეხ და აზერბაიჯანელ ლიდერებს შორის მტრული რიტორიკა გამძაფრდა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევები ხშირია და რეგიონის გასამხედროება ინტენსიური. ამ გარემოებებში რეალური არ არის, რომ აუღიარებელ “მყრ”-ში რაიმე სახის სამართლებრივი დაცვის საშუალება ხელმისაწვდომს გახდიდა აზერბაიჯანელი იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ეფექტიან ანაზღაურებას.
120. ამ გარემოებებში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე სახელმწიფომ ვერ შეძლო მტკიცების ტვირთის შესრულება, ვერ დაამტკიცა რა, რომ განმცხადებლებისთვის ხელმისაწვდომი იყო სამართლებრივი დაცვის საშუალება, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფდა ანაზღაურებას მათ კონვენციურ საჩივრებთან მიმართებით და სთავაზობდა წარმატების გონივრულ პერსპექტივას.შესაბამისად, მოპასუხე სახელმწიფოს პროტესტი ეროვნულ დონეზე სამართლებრივი დაცვის საშუალებების არ ამოწურვის თაობაზე არ დაკმაყოფილდება.
III. განმცხადებლების დაზარალებულის სტატუსი
A. მხარეთა წერილობითი მოსაზრებები
1. განმცხადებლები
121. განმცხადებლები ამტკიცებდნენ, რომ მათ თავიანთ განაცხადებთან ერთად წარადგინეს დოკუმენტაცია და საქმეზე მათი შემდგომი წერილობითი მოსაზრებები, რომლებიც მათი იდენტობის და იმ ფაქტის საკმარისი მტკიცებულება იყო, რომ მათ სადავო ტერიტორიაზე საკუთრებაში ქონდათ იდენტიფიცირებადი ქონება, გააჩნდათ ამ ქონებით სარგებლობის უფლება და რომ ისინი ცხოვრობდნენ იქ 1992 წლის მაისში, როდესაც იძულებული გახდნენ გაქცეულიყვნენ. მათ მიუთითეს ტექნიკურ პასპორტებზე, მოწმეთა ჩვენებებზე და სამშენებლო მასალებისა და სამშენებლო სუბსიდიების ინვოისებზე. ტექნიკურ პასპორტებთან დაკავშირებით განმცხადებლები ამტკიცებდნენ, რომ მათი ყველა დეტალი იმ დროისთვის მოქმედი ეროვნული კანონმდებლობით დადგენილ ფორმალურ მოთხოვნას აკმაყოფილებდა. მათ განმარტეს, რომ განაცხადის ფორმასა და პასპორტებში მოცემულ მახასიათებლებს შორის სხვაობა განპირობებული იყო მათი წარმომადგენლისთვის განმარტებების მიცემით 2005 წლის დასაწყისში, ბაქოში რთულ ვითარებაში. პირველადი განცხადებები გაკეთდა მეხსიერებაზე დაყრდნობით, დოკუმენტებზე წვდომის გარეშე და შესაბამისად, სწორი იყო და უნდა გათვალისწინებულიყო პასპორტებში მოცემული მონაცემები. განმცხადებლები ასევე ირწმუნებოდნენ, რომ პასპორტები მათი საკუთრების მეორეულ მტკიცებულებას წარმოადგენდა. დამატებით მეექვსე განმცხადებელმა წარმოადგინა პირველი რიგის მტკიცებულება ლაჩინის რაიონის საბჭოთა სახალხო დეპუტატთა საბჭოს 1974 წლის 29 იანვრის სხდომის ოქმიდან, რომელიც ეხებოდა მისთვის მიწის ნაკვეთის გამოყოფას. გაქცევისას მათ არ ქონდათ დრო ყველა დოკუმენტის წასაღებად. უფრო მეტიც, იმ დროისთვის არ არსებობდა ცენტრალიზებული მიწის რეესტრი, საიდანაც ისინი შეძლებდნენ შემდგომ დოკუმენტაციის ამოღებას.
122. განმცხადებლები ამტკიცებდნენ, რომ აზერბაიჯანის სსრ-ის 1970 წლის საბინაო კოდექსისა და 1983 წლის მიწის კოდექსის თანახმად, რომლებიც მათი გაქცევის დროს ჯერ კიდევ ძალაში იყო, მოქალაქეს გააჩნდა საკუთრების უფლება მის ინდივიდუალურ სახლზე და მემკვიდრეობით გადაცემადი უფლება, ესარგებლა მიწის ნაკვეთით ამ ნაკვეთის მიზნობრიობის შესაბამისად. ორივე უფლება კონვენციის 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლის მნიშვნელობისთვის წარმოადგენდა საკუთრებას. უფრო მეტიც, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში 1991 წლის კანონი საკუთრების შესახებ უთითებდა მიწის ნაკვეთზე როგორც ინდივიდუალური საკუთრების ობიექტზე და შესაბამისად განმცხადებლებისთვის ქმნიდა მიწის მესაკუთრეებად გახდომის ლეგიტიმურ მოლოდინს.
2. მოპასუხე ხელისუფლება
123. სომხეთის ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ მეექვსე განმცხადებლის გარდა, განმცხადებლებს განაცხადთან ერთად არ წარმოუდგენიათ რაიმე მტკიცებულება, რაც დაამტკიცებდა, რომ მათ რაიმე ქონება გააჩნდათ, რომ არაფერი ითქვას ქონებაზე, რომელიც განთავსებული იყო მითითებულ ტერიტორიაზე და რომ შესაბამის დროს ეს ქონება მათი საკუთრება იყო. მოპასუხე ხელისუფლების აზრით აღსანიშნავი იყო, რომ მაშინ როცა ისინი ამტკიცებდნენ, რომ ცარიელი ხელებით მოუწიათ გაქცევა, დანარჩენი ხუთი განმცხადებლის ტექნიკური პასპორტები უცაბედად გამოჩნდა. უფრო მეტიც, სასამართლოსთვის წარდგენილი მეგობრებისა და მეზობლების განცხადებები უბრალოდ მონათხრობი იყო. ყველა განმცხადებელთან მიმართებით მოპასუხე სახელმწიფო ამტკიცებდა, რომ მათ “გონივრულ ეჭვს მიღმა” ვერ დაამტკიცეს, რომ ისინი სწორედ ის პირები იყვნენ, ვისაც აცხადებდნენ, რომ ცხოვრობდნენ მათ მიერ მითითებულ ტერიტორიებზე და საკუთრებაში ქონდათ განსახილველი ქონება. კერძოდ კი მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები მოიცავდა მთელ რიგ წინააღმდეგობებს და უზუსტობებს. მაგალითად, მეორე განმცხადებელი თავდაპირველად ამტკიცებდა, რომ ცხოვრობდა სოფელ ჭირაღში და შემდეგ შეცვალა ჭირაღლით. უფრო მეტიც, საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტებად წარდგენილი ტექნიკური პასპორტების უმრავლესობაში მოცემული იყო სხვადასხვა მონაცემები სახლების ზომასთან დაკავშირებით, განმცხადებლების მიერ გაცხადებულ ზომებთან შედარებით. მოპასუხე ხელისუფლება ასევე ამტკიცებდა, რომ ტექნიკური პასპორტი დოკუმენტია, რომელიც უთითებს შენობის ტექნიკურ მდგომარეობას და სხვა არაფერს, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც მისი წარმომავლობა და წინაპირობები დადგენილია.
124. მოპასუხე ხელისუფლებამ ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა განმცხადებლების უფლება სადავო საკუთრებაზე, რაც 1992 წლიდან ამოქმედებულმა კანონმა აღიარა, თუ დადასტურებული იყო შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ. კერძოდ კი, სსრკ-ის სოციალისტურ სისტემაში 1991 წლამდე მიწის ექსკლუზიური მესაკუთრე სახელმწიფო იყო. მართალია 1991 წლის კანონით მიწის შესახებ მოხდა კერძო საკუთრების შესაძლებლობის აღიარება, მან არ გადასცა ცალკეულ პირებს მათ მიერ დაკავებული მიწები კერძო საკუთრებაში. ცალკეულ მიწით მოსარგებლეებთან და მოიჯარეებთან მიმართებით კანონმდებლობამ დაადგინა, რომ მათი უფლებები ფორმალიზებული იყო მოწმობით, რომელიც რეგისტრირებული იყო ადგილობრივი სახალხო დეპუტატთა საბჭოს მიერ წარმოებულ მიწის რეესტრში. შესაბამისად, მიწაზე უფლება ვერ დადგინდებოდა ამგვარად რეგისტრირებული მოწმობის გარეშე. უფრო მეტიც, აზერბაიჯანის 1992 წლის მიწის კოდექსი ადგენდა, რომ მოსარგებლის ან მოიჯარის უფლება შეიძლება ამოწურულიყო, თუკი ის ორი წლის განმავლობაში არ ისარგებლებდა მიწით. ვინაიდან განმცხადებლები არ დაბრუნდნენ ლაჩინში 1992 წლიდან, მოპასუხე სახელმწიფო ვარაუდობდა, რომ მათი უკანონო უფლებები ამოიწურა მანამ სანამ სომხეთი მოექცეოდა ამ სასამართლოს იურისდიქციაში, 2002 წლიდან. ასევე განმცხადებლების მიერ გაცხადებული ლეგიტიმური მოლოდინი იმისა, რომ მიწის მესაკუთრეები გახდებოდნენ 2002 წელს აღარ წარმოადგენდა რეალისტურ მოლოდინს. უფრო მეტიც, ამ დრომდე განმცხადებლების სადავო ქონება გადაეცა სხვა პირებს, რომელთა სახელებიც რეგისტრირებული იყო მიწის რეესტრში “მყრ”-ის კანონმდებლობის დაცვით. შესაბამისად განმცხადებლებს არ გააჩნდათ “არსებული ქონება”, არამედ წარმოადგენდნენ მომჩივნებს, რომლებიც ითხოვდნენ თავიანთი ქონების აღდგენას ან კომპენსაციის მიღებას. სომხეთის ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ არ არსებობდა ეროვნული კანონმდებლობა ან სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც საფუძვლად დაედებოდა ამგვარი რესტიტუციის ან კომპენსაციის ლეგიტიმურ მოლოდინს. თუმცა იმავე წერილობით მოსაზრებებში მოპასუხე სახელმწიფო აცხადებდა, რომ “მყრ”-ას არ მიუღია რაიმე საკანონმდებლო აქტი, რომელიც განმცხადებლებს ჩამოართმევდა უფლებას, შესულიყვნენ ლაჩინის ტერიტორიაზე ან მშვიდობიანად ესარგებლათ თავიანთი ქონებით.
3. აზერბაიჯანის ხელისუფლება, მესამე მხარე
125. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ აღნიშნა, რომ თითქმის ყველა იძულებით გადაადგილებული პირი იძულებული იყო დაეტოვებინა სახლები ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძალიან სწრაფად, მათ ფაქტიურად არ ქონდათ დრო დოკუმენტების შესაგროვებლად. მოცემულ დროს კი შეუძლებელი იყო საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტების მოპოვება, რადგანაც ჩანაწერები ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში ინახებოდა და მათი არქივები ძირითადად განადგურდა. მიუხედავად ამისა, ტექნიკური პასპორტი მიიჩნეოდა “საინვენტარიზაციო ტექნიკურ” დოკუმენტად, რაც ემსახურებოდა ინდივიდუალურ სახლზე უფლების არაპირდაპირ დადგენას, ორიგინალი დოკუმენტის არ არსებობისას. ეს დოკუმენტი წარმოადგენდა სახლზე და მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელ მეორეულ მტკიცებულებას, თუ მასში მოცემული ტექსტი პირდაპირ მიუთითებდა საკუთრების უფლებების დამადასტურებელ დოკუმენტებზე. ამგვარი მითითება მოცემული იყო განმცხადებლების ტექნიკურ პასპორტებში. შესაბამისად, წარდგენილ მოწმეთა ჩვენებებთან და სამშენებლო ინვოისებთან ერთობლიობაში ეს დოკუმენტები წარმოადგენდა იმის დემონსტრირებას, რომ განმცხადებლების საკუთრებაში იყო ინდივიდუალური სახლები და მათ ქონდათ მათთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთებით სარგებლობის უფლება. ეს უფლებები კვლავ არსებობდა.
126. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ასევე განაცხადა, რომ განმცხადებლების გაქცევის დროისთვის პირთა საკუთრების უფლებას ინდივიდუალურ სახლებზე კვლავ იცავდა აზერბაიჯანის სსრ-ის მოქმედი კანონმდებლობა. თუმცა მიწასთან მიმართებით კერძო საკუთრება არ არსებობდა, რადგანაც მისი ექსკლუზიური მესაკუთრე სახელმწიფო იყო. მიწასთან დაკავშირებით ყოველგვარი გარიგება აკრძალული იყო და მიწის ნაკვეთები ადგილობრივი ხელისუფლების, სახალხო დეპუტათა საბჭოების გადაწყვეტილებით მოქალაქეებს გამოეყოფოდათ განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით უფასო სარგებლობაში. სარგებლობის უფლება, რომელიც მემკვიდრეობით გადაცემად უფლებას წარმოადგენდა, გაიცემოდა ისეთი მიზნებისთვის როგორიცაა ინდივიდუალური განსახლება, მაგალითად კერძო საკუთრებაში არსებული სახლების მშენებლობა, ასევე საძოვარის, სათიბისა და ფერმერული საქმიანობის დანიშნულებით. უფრო მეტიც, აზერბაიჯანის რესპუბლიკის 1991 წლის კანონმა საკუთრების შესახებ, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო მოქმედი შესაბამის დროს, განმცხადებლებისთვის შექმნა ლეგიტიმური მოლოდინი, რომ ისინი მიწის მესაკუთრეები გახდებოდნენ.
B. სასამართლოს შეფასება
127. განმცხადებლების დაზარალებულის სტატუსის საკითხის შესწავლა ორმხრივია. პირველი, უნდა შეფასდეს განმცხადებლებმა წარმოადგინეს თუ არა მათი იდენტობისა და ყოფილი საცხოვრებელი ადგილის საკმარისი მტკიცებულება, ასევე იმ ქონების არსებობის შესახებ, რაც დატოვეს. თუკი ასეა, უნდა განისაზღვროს ეს ქონება წარმოადგენდა თუ არა “საკუთრებას” და ქმნიდა თუ არა “სახლს” კონვენციის საფუძველზე. მეორე საკითხის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია ეროვნულ დონეზე კლასიფიკაცია და მნიშვნელოვნება.
1. იძულებით გადაადგილებულ პირთა ქონებასთან და სახლებთან დაკავშირებული საჩივრების შეფასების ზოგადი პრინციპები
128. სასამართლოს აქამდეც განუხილავს საერთაშორისო თუ შიდა შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად გადაადგილებულ პირთა საკუთრებისა და საცხოვრისის უფლებასთან დაკავშირებული საქმეები. ეს საკითხები წარმოიშვა ჩრდილოეთ კვიპროსის ოკუპირების კონტექსტში, თურქეთსა და რუსეთში უშიშროების ძალების მოქმედებასთან და სხვა კონფლიქტებთან მიმართებით.
129. სასამართლომ პირველად შეისწავლა იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრისისა და საკუთრების უფლებები საქმეზე ლუიზიდუ თურქეთის წინააღმდეგ (Loizidou v. Turkey) (საქმის არსებითი განხილვა), 18 დეკემბერი, 1996წ., ანგარიშები 1996-VI). განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ მის საკუთრებაში იყო რამდენიმე მიწის ნაკვეთი ჩრდილოეთ კვიპროსში. თურქეთის ხელისუფლება კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებდა განმცხადების ამ უფლების ვალიდურობას, მაგრამ ამტკიცებდა, რომ მან დაკარგა საკუთრება “ჩრდილოეთ კვიპროსის თურქეთის რესპუბლიკის” (TRNC) 1985 წლის კონსტიტუციის 159-ე მუხლის საფუძველზე, რომლითაც მიტოვებული უძრავი ქონება TRNC-ის საკუთრებად გამოცხადდა. სასამართლომ გაითვალისწინა რა TRNC-ის სახელმწიფოდ არ აღიარება საერთაშორისო საზოგადოების მიერ, სამართლებრივი ვალიდობა არ მიანიჭა ამ ნორმას და მიიჩნია, რომ განმცხადებელი ვერ დაკარგავდა საკუთრების უფლებას ამ ნორმაზე დაყრდნობით (§§ 42-47).
130.ზემოთ აღნიშნულ კონფლიქტთან დაკავშირებულ მთელ რიგ საქმეებზე სასამართლომ დაადგინა განმცხადებლების “საკუთრება” კონვენციის 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლის მნიშვნელობით, prima facie მტკიცებულების საფუძველზე, რომელიც მოპასუხე სახელმწიფომ დამაჯერებლად ვერ გააბათილა, მათ შორის საკუთრების დამადასტურებელი ორიგინალი დოკუმენტის ასლების, რეგისტრაციის მოწმობის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და კვიპროსის რესპუბლიკის მიერ გაცემული საკუთრების დადასტურების საფუძველზე. როგორც განმცხადებელმა განმარტა საქმეზე სოლომონიდესი თურქეთის წინააღმდეგ (Solomonides v. Turkey) (#16161/90, § 31, 20 იანვარი, 2009), მისი საკუთრების უფლება დარეგისტრირდა რაიონულ მიწის ოფისში. თუმცა თურქეთის სამხედრო ინტერვენციის პერიოდში ის იძულებული გახდა გაქცეულიყო და ვერ შეძლო თან წაეღო საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები. კვიპროსის რესპუბლიკის სახელმწიფო ორგანოებმა ცვლილებები შეიტანეს მიწის წიგნებში და გასცეს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები. ეს მოწმობები საუკეთესო მტკიცებულება იყო ორიგინალი ჩანაწერებისა თუ დოკუმენტების არ არსებობის პირობებში. აღსანიშნავია, რომ საქმეზე სავერიადესი თურქეთის წინააღმდეგ (Saveriades v. Turkey) (# 16160/90, 22 სექტემბერი, 2009) განმცხადებლის მიერ ორიგინალი დოკუმენტების წარუდგენლობის მიზეზები განსაკუთრებით იქნა გათვალისწინებული. განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ ის იძულებული გახდა ძალიან სწრაფად დაეტოვებინა საცხოვრისი, სადაც დოკუმენტები ინახებოდა და შემდეგ კი მისთვის შეუძლებელი იყო დაბრუნება ან საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტების სხვაგვარად დაბრუნება. სასამართლომ გაიზიარა, რომ განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტები (როგორიცაა ნასყიდობის ხელშეკრულება, საკუთრების მოწმობები და მშენებლობის ნებართვა) prima facie მტკიცებულებას წარმოადგენდა და მას გააჩნდა საკუთრების უფლება განსახილველ ქონებაზე და განმარტა (§ 18):
“...რადგანაც მოპასუხე ხელისუფლებამ ვერ წარმოადგინა დამაჯერებელი მტკიცებულება შეპასუხებაში და განმცხადებლის მიერ ჩრდილოეთ კვიპროსის დატოვების გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მას გააჩნდა “საკუთრება” 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლის მნიშვნელობისთვის.”
131. საქმეზე დოგანი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ (Doğan and Others v. Turkey)(# 8803-8811/02, # 8813/02 და# 8815-8819/02, ECHR 2004-VI (ამონარიდები)), რომელიც ეხებოდა სამხრეთ აღმოსავლეთ თურქეთის საგანგებო ვითარების რეგიონიდან სოფლის მაცხოვრებლების იძულებით გაყვანას და წლების განმავლობაში მათთვის დაბრუნებაზე უარის გაცხადებას, მოპასუხე სახელმწიფომ განაცხადა პროტესტი სადავო სოფელში მათ მიერ საკუთრების ქონასთან დაკავშირებით. სასამართლო მიიჩნევს, რომ არ იყო აუცილებელი იმის გადაწყვეტა, საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტების არ არსებობის შემთხვევაში ეროვნული კანონმდებლობის თანახმად განმცხადებლებს გააჩნდათ თუ არა საკუთრების უფლება. არამედ გადასაწყვეტი იყო განმცხადებლების მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობა მთლიანობაში წარმოადგენდა თუ არა “საკუთრებას” 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლის მნიშვნელობით. დადებითი პასუხი გასცა რა ამ კითხვას, მან შემდეგი განაცხადა (§ 139):
“...სასამართლო აღნიშნავს, რომ უდავოა ის, რომ ყველა განმცხადებელი 1994 წლამდე სოფელ ბოიდასში ცხოვრობდა. მართალია მათ რეგისტრირებული არ ქონდათ ქონება, თუმცა ქონდათ ან წინაპრების მიწაზე აშენებული საკუთარი სახლები ან ცხოვრობდნენ მათი მამების საკუთრებაში არსებულ სახლებში და ამუშავებდნენ ამ უკანასკნელთა საკუთრებაში არსებულ მიწას. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ განმცხადებლებს უდავო უფლებები გააჩნდათ სოფელში საერთო მიწებზე, როგორიცაა საძოვარი, სათიბი და სატყეო მიწა და შემოსავალს იღებდნენ მესაქონლეობიდან და სატყეო მეურნეობიდან. შესაბამისად, სასამართლოს აზრით მთელი ეს ეკონომიკური რესურსი და განმცხადებლების მიერ მათგან მიღებული შემოსავალი შესაძლებელია მიჩნეულ იქნას “საკუთრებად” 1-ელი მუხლის მიზნებისთვის.”
132. “საკუთრების” კონცეფციის ავტონომიური მნიშვნელობა სასამართლოს მრავალ გადაწყვეტილებასა და განჩინებაში გაცხადდა. საქმეზე ონერილდიზი თურქეთის წინააღმდეგ (Öneryıldız v. Turkey) (# 48939/99, § 124, ECHR 2004-XII), ის შემდეგნაირად შეჯამდა:
“სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლის პირველ ნაწილში “საკუთრების” კონცეფციას ავტონომიური მნიშვნელობა აქვს, რაც არ შემოიფარგლება ფიზიკური საქონელის საკუთრებით და დამოუკიდებელია ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ფორმალური კლასიფიკაციისგან: შესაბამისად შესასწავლია საკითხი, საქმის გარემოებები ერთიანობაში შეიძლება განხილულ იქნას როგორც ამ ნორმით დაცულ არსებით ინტერესზე განმცხადებლის უფლებაზე მიმანიშნებლად ... . შესაბამისად, ისევე როგორც ფიზიკური საქონელი, ქონების შემადგენელი გარკვეული უფლებები და ინტერესები შესაძლოა ასევე მიჩნეულ იქნას “ქონებრივ უფლებებად” და შესაბამისად “საკუთრებად” ამ ნორმის მიზნებისთვის ... . “საკუთრების” კონცეფცია არ შემოიფარგლება “არსებული საკუთრებით” არამედ ასევე ვრცელდება იმ ქონებაზე, მათ შორის მოთხოვნებზე, რომელთან მიმართებითაც განმცხადებელს შეუძლია ამტკიცოს, რომ აქვს გონივრული და “ლეგიტიმური მოლოდინი” რომ მოიპოვებს საკუთრების უფლებით ეფექტიან სარგებლობას ... .”
ამ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ ნაგავსაყრელთან საზოგადოებრივ მიწაზე უკანონოდ აღმართული საცხოვრებელი, სადაც განმცხადებელი და მისი ოჯახი შეუფერხებლად, თუმცა უფლებამოსილების გარეშე ცხოვრობდნენ და იხდიდნენ საბჭოს გადასახადსა და საზოგადოებრივი მომსახურების გადასახდელებს, ქონებრივ ინტერესს წარმოადგენდა, რაც დე ფაქტო აღიარებული იყო სახელმწიფო ორგანოების მხრიდან და საკმარისი მახასიათებლები გააჩნდა იმისთვის, რომ მიჩნეულიყო საკუთრებად 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლის მნიშვნელობისთვის.
133. განმცხადებლების მიერ თავიანთი მოთხოვნების 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელ მუხლთან მიმართებით დასაბუთების საკითხი დაისვა ასევე მთელ რიგ საქმეებში რუსეთის წინააღმდეგ, რომლებზეც განმცხადებლების სახლები ან სხვა ქონება განადგურდა ან დაზიანდა მათ საცხოვრებელ ქალაქებზე საჰაერო თავდასხმების შედეგად. მაგალითად კერიმოვა და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (Kerimova and Others v. Russia) (# 17170/04, # 20792/04, # 22448/04, # 23360/04, # 5681/05 და# 5684/05, § 293, 3 მაისი, 2011), სასამართლომ გაიზიარა ზოგიერთი განმცხადებლის პრეტენზია საკუთრებაზე თავდასხმის შემდეგ ქალაქის ადმინისტრაციის მიერ გაცემული სახლის ინვენტარიზაციიდან ამონარიდის საფუძველზე, რითაც ირკვეოდა, რომ განმცხადებლები წარმოადგენდნენ მათი სახლების მესაკუთრეებს. რაც შეეხება განმცხადებლებს, რომელთაც არ წარუდგენიათ უფლებამოსილების დამადასტურებელი მტკიცებულება, სასამართლომ დაადგინა მათი საკუთრების უფლება სხვა მტკიცებულების საფუძველზე, როგორიცაა ქალაქის ადმინისტრაციის მიერ გაცემული ბინადრობის მოწმობა. სასამართლომ ასევე დაუშვა ვარაუდი, რომ სახლებზე განმცხადებლების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტები განადგურდა თავდასხმისას.
134.იმ შემთხვევებში, როდესაც დადგინდა, რომ განმცხადებელი სახლის მესაკუთრე იყო, სასამართლოს არ მოუთხოვია მათი იქ ცხოვრების დამადასტურებელი დამატებითი დოკუმენტური მტკიცებულება, იმის საჩვენებლად, რომ ეს საცხოვრებელი “სახლს” წარმოადგენდა კონვენციის მე-8 მუხლის მნიშვნელობისთვის. მაგალითად, საქმეზე ორფანიდესი თურქეთის წინააღმდეგ (Orphanides v. Turkey) (# 36705/97, § 39, 20 იანვარი, 2009) მან განაცხადა შემდეგი:
“სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხე სახელმწიფომ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რომელიც ეჭვს შეიტანდა განმცხადებლის განაცხადში იმის შესახებ, რომ თურქეთის ინტერვენციის დროს ის მუდმივად ცხოვრობდა ლაპითოსში მისთვის და მისი ოჯახისთვის მისი საცხოვრებელი “სახლს” წარმოადგენდა.”
135. თუმცა, თუკი განმცხადებელი ვერ წარმოადგენს ქონებაზე საკუთრების ან ბინადრობის დამადასტურებელ მტკიცებულებას, მისი საჩივრები ვერ დაკმაყოფილდება (იხილეთ მაგალითად, ლორდოსი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ (Lordos and Others v. Turkey), # 15973/90, § 50, 2 ნოემბერი, 2010, რომელზეც სასამართლომ საჩივარი ratione materiae შეუსაბამოდ მიიჩნია საკუთრების დამადასტურებელი მტკიცებულების არ არსებობის გამო; იხილეთ ასევე ზემოთ აღნიშნულ საქმეზე კერიმოვა და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (Kerimova and Others v. Russia) დასკვნები ზოგიერთ განმცხადებელთან მიმართებით. რამდენიმე საქმეზე სასამართლომ კვლავ განმარტა, რომ განმცხადებლებს მოეთხოვება თავიანთი მოთხოვნების მხარდამჭერი საკმარისი prima facie მტკიცებულების წარმოდგენა. საქმეზე დამაიევი რუსეთის წინააღმდეგ (Damayev v. Russia) (# 36150/04, §§ 108-111, 29 მაისი, 2012) მან მიიჩნია, რომ განმცხადებლებმა, რომლებიც ჩივიან თავიანთი საცხოვრებლის განადგურებასთან დაკავშირებით, მინიმუმ უნდა წარმოადგინონ სადავო ქონების მოკლე აღწერა. ვინაიდან არ წარმოდგენილა დოკუმენტები ან დეტალური მოთხოვნები, მისი საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუსაბუთებლად. საკუთრების ან საკუთრებაში ცხოვრების დამადასტურებელ prima facie მტკიცებულების მაგალითებად სასამართლომ დაასახელა შემდეგი დოკუმენტები, მიწის ან ქონების სიგელი, მიწისა და საგადასახადო რეესტრების ამონაწერები, ადგილობრივი ადმინისტრაციის მიერ გაცემული დოკუმენტები, გეგმები, ფოტოები და ექსპლუატაციაში მიღების დამადასტურებელი, ასევე ფოსტის მიღების დამადასტურებლები, მოწმეთა ჩვენებები ან სხვა შესაბამისი მტკიცებულება (იხილეთ მაგალითად, პროკოფოვიჩი რუსეთის წინააღმდეგ (Prokopovich v. Russia), # 58255/00, § 37, ECHR 2004-XI, და ელსანოვა რუსეთის წინააღმდეგ (Elsanova v. Russia) (გადაწყვეტილება), #57952/00, 15 ნოემბერი, 2005).
136. შეჯამების სახით, სასამართლოს პრეცედენტული სამართლით განვითარდა მოქნილი მიდგომა იმ განმცხადებლების მიერ წარსადგენ მტკიცებულებასთან მიმართებით, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ქონება და საცხოვრისი დაკარგეს საერთაშორისო თუ შიდა შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად. სასამართლო აღნიშნავს, რომ იგივე მიდგომაა ასახული გაეროს პინჰეროს პრინციპების 15.7 მუხლში (იხილეთ 98-ე პარაგრაფი მაღლა).
2. ამ პრინციპების მისადაგება საქმის გარემოებებზე
(a) პიროვნებისა და საცხოვრებელი ადგილი მტკიცებულება
137. მართალია წინამდებარე განაცხადის წარდგენის დროს განმცხადებლებს არ წარუდგენიათ მათი პიროვნებისა და საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტები, მათ ეს განახორციელეს დიდი პალატის მოთხოვნის შემდგომ, 2010 წლის აპრილში. დოკუმენტები მოიცავდა მათი და მათი შვილების დაბადების მოწმობებს, ქორწინების მოწმობებს, სსრკ პასპორტებს, შრომის ჩანაწერებს და სამხედრო სამსახურის წიგნაკებიდან ამონაწერებს (დეტალებისთვის იხილეთ 33-57-ე პარაგრაფები მაღლა). სასამართლოს აზრით ამ დოკუმენტებით დასტურდებოდა, რომ ყველა განმცხადებელი დაიბადა ლაჩინის რაიონში და იქვე ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ, მინიმუმ თავიანთი ცხოვრების უდიდესი დროის განმავლობაში. განმცხადებლის საკუთარ განცხადებაზე დაყრდნობით და საპირისპირო მტკიცებულების არ არსებობის პირობებში, მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ ისინი იქვე ცხოვრობდნენ თავიანთ ოჯახებთან ერთად გაქცევის მომენტისთვის, კერძოდ კი 1992 წლის 17 მაისისთვის.
(b) საკუთრების მტკიცებულება
138. განმცხადებლები ამტკიცებდნენ რომ მათ საკუთრებაში გააჩნდათ ან ქონდათ აღიარებული უფლებები მიწაზე, საცხოვრისსა და გარკვეულ მოძრავ ქონებაზე, რომელიც იძულებული იყვნენ დაეტოვებინათ გაქცევის შემდეგ. უცნობია ამ სახლებიდან რომელიმე კვლავ დაუზიანებელია თუ არა, ასევე დასახელებული მოძრავი ქონება სავარაუდოდ აღარ არსებობს. შესაბამისად, ალბათ არსებობს მხოლოდ მიწის ნაკვეთები.
139. თავდაპირველად მხოლოდ მეექვსე განმცხადებელმა წარადგინა ქონებასთან დაკავშირებული დოკუმენტი, ე.წ. ტექნიკური პასპორტი. სხვა განმცხადებლებმა ამგვარი მტკიცებულება წარადგინეს მხოლოდ მოპასუხე სახელმწიფოს პირველ წერილობით მოსაზრებაზე პასუხთან ერთად. ტექნიკურ პასპორტებთან ერთან ყველა მათგანმა წარადგინა მოწმის ჩვენებები ყოფილი მეზობლებისგან, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ განმცხადებლებს საკუთრებაში ქონდათ სახლები შესაბამის სოფლებში, ასევე ლაჩინის აზერბაიჯანული ადმინისტრაციის წარმომადგენლების ჩვენებები. მეექვსე განმცხადებელმა ასევე წარადგინა ლაჩინის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს გადაწყვეტილება მიწის გამოყოფის შესახებ და ინვოისები საქონლის საკვებისთვის, სამშენებლო მასალებისთვის და სამშენებლო სუბსიდიებისთვის.
140. განმცხადებლების მიერ წარმოდგენილი ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებები ტექნიკური პასპორტებია. არის რა ოფიციალური დოკუმენტები, ისინი შეიცავს სახლისა და გარემოს ნახაზებს, ასევე მათ ზომებს, პარამეტრებსა და ოთახების რაოდენობას. მითითებულია ასევე შესაბამისი მიწის ნაკვეთების ზომები. პასპორტები გაცემულია 1985 წლის ივლისიდან 1990 წლის აგვისტომდე პერიოდში და მათში მითითებულია განმცხადებლების სახელები. უფრო მეტიც, ირკვევა, რომ პასპორტებში მითითებულია მიწის ნაკვეთის გამოყოფის გადაწყვეტილებები.
141. აზერბაიჯანის ხელისუფლების წერილობითი მოსაზრებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ტექნიკური პასპორტები განხილულ უნდა იქნას როგორც საცხოვრისსა და მიწაზე უფლებამოსილების არაპირდაპირი მტკიცებულების შემადგენელი “საინვენტარიზაციო ტექნიკური დოკუმენტები”, რომელიც ასევე შესაბამისობაშია 1985 წლის “საცხოვრებელი ნაგებობების რეგისტრაციის წესების ინსტრუქციის” 2.2 მუხლთან (იხილეთ 92-ე პარაგრაფი მაღლა). უფრო მეტიც, მეექვსე განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის გამოყოფის გადაწყვეტილება ამ ინსტრუქციის 2.1 მუხლის თანახმად პირველი რიგის მტკიცებულებას წარმოადგენს. მართალია სომხეთის ხელისუფლებამ სადავო გახადა ამ პასპორტების მტკიცებულებითი ღირებულება, ირწმუნებოდა რა, რომ ისინი მხოლოდ შენობის ტექნიკურ მდგომარეობაზე მიუთითებს, სასამართლო აღნიშნავს, რომ ისინი არა უბრალოდ მოიცავს სადავო სახლების მახასიათებლებს, არამედ ასევე განმცხადებლების სახელებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, ისინი წარმოადგენს საკუთრების უფლებამოსილების იმგვარ prima facie მტკიცებულებას, რომლებიც სასამართლომ აღიარა მრავალ სხვა საქმეზე.
142. აღსანიშნავია, რომ მეხუთე და მეექვსე განმცხადებლის გარდა, უზუსტობებია სხვა განმცხადებლების მიერ სახლების თავდაპირველ აღწერასა და საქმისწარმოებისას მოგვიანებით წარმოდგენილ ტექნიკურ პასპორტებში მოცემულ მონაცემებს შორის. მაგალითად, პირველმა განმცხადებელმა თავდაპირველად განაცხადა, რომ მის საკუთრებაში იყო 250 კვ. მ. სახლი. თუმცა წარმოდგენილ ტექნიკურ პასპორტში მოცემულია 408 კვ. მ. ფართობის სახლი, აქედან 300 კვ. მ. საცხოვრებელი ფართით (და 60 კვ. მ. სათავსი, რომელიც მანამდე არ იყო ნახსენები).მსგავსად აღნიშნულისა მეოთხე განმცხადებელი თავდაპირველად ამტკიცებდა, რომ მისი სახლი იყო 165 კვ. მ., ხოლო საპასპორტო მონაცემების მიხედვით საერთო ფართი შეადგენდა 448 კვ. მ.-ს, საიდანაც 223 კვ. მ. წარმოადგენდა საცხოვრებელ ფართს (რასაც ემატებოდა 75 კვ. მ. ფართის სათავსი, რომელიც მანამდე არ იყო ნახსენები). განმცხადებლებმა განაცხადეს, რომ პასპორტში მოცემული ინფორმაცია იყო სწორი და მათ მიერ თავდაპირველად გაცხადებული მონაცემები ემყარებოდა მეხსიერებას, მოკლე შეხვედრიდან მათ წარმომადგენელთან, როდესაც მათ არ ქონდათ წვდომა დოკუმენტებზე.
სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს განმცხადებლების განმარტება; განმცხადებლების თავდაპირველ ჩვენებებსა და ტექნიკურ პასპორტებს შორის განსხვავებები მოცემულ პირობებში არ არის იმგვარი, რომ გააბათილოს დოკუმენტების ავთენტურობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც განმცხადებლების მიერ თავდაპირველად გაცხადებული მონაცემების შედარება ხდება პასპორტებში მოცემული საცხოვრებელი ფართის მონაცემებთან.
143. განმცხადებლებმა კიდევ წარმოადგინეს prima facie მტკიცებულება საკუთრებასთან მიმართებით, მათ შორის ყოფილი მეზობლების ჩვენებები. ასევე განმცხადებლების პიროვნებასთან და საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტები, რომლებიც უთითებს, რომ ისინი ცხოვრობდნენ ლაჩინის რაიონში, ამყარებს მათ ქონებრივ მოთხოვნებს. უფრო მეტიც, მაშინ როცა მეექვსე განმცხადებლის გარდა ვერცერთმა ვერ წარმოადგინა ქონების სიგელი ან სხვა პირველი რიგის მტკიცებულება, გასათვალისწინებელია მათ მიერ რაიონის დატოვების გარემოებები, სამხედრო თავდასხმის შედეგად მათი მიტოვება. შესაბამისად, წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობის გათვალისწინებით განმცხადებლებმა საკმარისად დაასაბუთეს თავიანთი მოთხოვნები, იმის შესახებ რომ გაქცევის მომენტისთვის საკუთრებაში ქონდათ სახლები და მიწა.
(c) ექცევა თუ არა განმცხადებლების უფლებები 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლისა და კონვენციის მე-8 მუხლის მოქმედების სფეროში
144. შესაბამისად, განსასაზღვრია განმცხადებლებს ქონდათ თუ არა და კვლავ აქვთ თუ არა 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლით დაცული საკუთრების უფლება და ეს ქონება განმცხადებლების სხვა პირად გარემოებებთან ერთობლიობაში წარმოადგენდა თუ არა მათ სახლებს კონვენციის მე-8 მუხლის მნიშვნელობით. როგორც ზემოთ აღინიშნა (იხილეთ 132-ე პარაგრაფი) 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლით გათვალისწინებული “საკუთრების” კონცეფცია ავტონომიურია და არ არის დამოკიდებული ეროვნული სამართლის დონეზე არსებულ ფორმალურ კლასიფიკაციაზე. თუმცა განსაზღვრისას ამოსავალი წერტილია იმის დადგენა, ეროვნული კანონმდებლობა და პრაქტიკა ითვალისწინებს ან აღიარებს თუ არა კონვენციით დაცულ უფლებებს.
145. პირველ ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ მართალია აზერბაიჯანის დამოუკიდებლობიდან მალევე ამოქმედებული მიწის კანონმდებლობით პირველად მოხდა მიწაზე კერძო საკუთრების აღიარება, შესაბამის დროს, კერძოდ კი 1992 წლის მაისში მიწის პრივატიზების პროცედურა ჯერ კიდევ არ არსებობდა. ნებისმიერ შემთხვევაში უდავოა, რომ განმცხადებლებს არ წარუდგენიათ რაიმე მოთხოვნა მიწის მესაკუთრეობის შესახებ. უფრო მეტიც, ვინაიდან ძველი კანონმდებლობის საფუძველზე ცალკეული პირების მიერ მოპოვებული უფლებები 1991/1992 წლის საკუთრების კანონმდებლობის ამოქმედებით არ გაბათილებულა, განმცხადებლების სამართლებრივი უფლებები გაქცევის მომენტისთვის მათ მფლობელობაში არსებულ სახლებსა და მიწაზე უნდა შეფასდეს აზერბაიჯანის სსრ-ის კანონმდებლობის საფუძველზე.
146. საბჭოთა სამართლებრივი სისტემის საფუძველზე მოქალაქეებს უფლება ქონდათ საკუთრებაში ქონოდათ საცხოვრებელი სახლები, მაგრამ არ არსებობდა მიწაზე კერძო საკუთრებაზე, მიწა სახელმწიფოს საკუთრება იყო. აზერბაიჯანის სსრ-ისთვის (მათ შორის მთიანი ყარაბახისთვის და ლაჩინის რაიონისთვის და ოკუპაციაში არსებული სხვა მიმდებარე ტერიტორიისთვის) ეს წესები ასახული იყო 1978 წლის კონსტიტუციაში, ასევე 1970 წლის მიწის კოდექსში და 1983 წლის საბინაო კოდექსში. საბინაო კოდექსის 10.3 მუხლი ადგენდა საცხოვრებელზე საკუთრებას, ხოლო მიწის კოდექსით, კერძოდ კი მისი მე-4, 25-ე, 27-ე და 28-ე მუხლებით დადგენილი იყო ფიზიკური პირებისთვის სარგებლობაში მიწის ნაკვეთის გამოყოფის პროცედურები. შესაბამისად, ლაჩინის რაიონში განმცხადებლების საცხოვრებელი სახლები მათ პირად საკუთრებას შეადგენდა, ხოლო მიწის ნაკვეთები, რომლებზეც ეს სახლები იყო აღმართული, “მათ სარგებლობის უფლებით” ქონდათ. როგორც უკვე აღინიშნა (იხილეთ 138-ე პარაგრაფი), განმცხადებლების მიერ საკუთრებად (უფლებები, რომელიც ასევე წარმოადგენდა აზერბაიჯანის სსრ-ს დაცვის საგანს) დასახელებული მოძრავი ქონება - საქონელი, ხალიჩები, ავტომობილები სავარაუდოდ განადგურდა ლაჩინზე სამხედრო თავდასხმისას ან მომდევნო წლებში. ასევე უცნობია მათი სახლები განადგურდა თუ ნაწილობრივ ან სრულად ხელუხლებელია. შესაბამისად, არსებითია “სარგებლობის უფლების” შესწავლა.
147.“სარგებლობის უფლება” ერთადერთი უფლებამოსილება იყო რაც ფიზიკურ პირს შეეძლო მოეპოვებია მიწაზე. ადგილობრივი სახალხო დეპუტატთა საბჭოების მიერ ამ უფლების მიკუთვნება შესაძლებელია რამდენიმე სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის საძოვრად და ფერმერული საქმიანობისთვის და წინამდებარე საქმის კონტექსტში ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძვლით, სახლის ასაშენებლად. ბენეფიციარებს ევალებოდათ მიწის ნაკვეთით სარგებლობა თავდაპირველი მიზნობრიობის მკაცრი დაცვით.“სარგებლობის უფლებით” გამოყოფა ხდებოდა განუსაზღვრელი ვადით ან გარკვეული ვადით. შესაბამისად, თუკი პირს გააჩნდა განუსაზღვრელი “სარგებლობის უფლება” და იცავდა განსაზღვრულ მიზანს, მას შეეძლო მიწით ესარგებლა მთელი სიცოცხლის მანძილზე. უფრო მეტიც, უფლება მემკვიდრეობით გადაიცემოდა.
შესაბამისად ეჭვგარეშეა, რომ განმცხადებლისთვის მიკუთვნებული “სარგებლობის უფლება” ძლიერი და დაცული უფლება იყო და არსებით ეკონომიკურ ინტერესს წარმოადგენდა. მართალია არ არსებობს მინიშნება, რომ განმცხადებლების უფლებები დროებითი ხასიათის იყო, სასამართლო სრულყოფილებისთვის აღნიშნავს, რომ ეს დასკვნა ვრცელდება როგორც განუსაზღვრელ ისე დროებით “სარგებლობის უფლებაზე”. 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლის ავტონომიური მნიშვნელობის გათვალისწინებით მიწის ნაკვეთით “სარგებლობის უფლება” “საკუთრებას” წარმოადგენს ამ მუხლის მიზნებისთვის. ეს დასკვნა ვრცელდება ასევე ფიზიკური პირების უფლებებზე საცხოვრებელ სახლებსა და მოძრავ ქონებაზე.
148. 2012 წლის 11 ივლისს წარდგენილ წერილობით მოსაზრებებში მოპასუხე სახელმწიფომ განაცხადა, რომ განმცხადებლების უფლებები მიწაზე სავარაუდოდ შეწყდა 1992 წლის მიწის კოდექსის 32-ე მუხლის 1.8 ნაწილის საფუძველზე, რადგანაც ისინი არ დაუბრუნდნენ თავიანთ მიწის ნაკვეთს 1992 წლის მაისის შემდეგ და შესაბამისად არ უსარგებლიათ ამ ნაკვეთებით მომდევნო ორი წლის განმავლობაში. მოპასუხე სახელმწიფო ასევე ამტკიცებს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ეს მიწა გამოიყო სხვა ფიზიკურ პირებზე “მყრ”-ის კანონმდებლობის შესაბამისად. მეორე მოთხოვნის გასამყარებლად მათ წარმოადგინეს “მყრ”-ის მიწის რეესტრის მთელი რიგი დოკუმენტები 2000 და 2001 წლებისთვის.
მოპასუხე სახელმწიფოს პირველ არგუმენტთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ 1992 წლის 32-ე მუხლის საფუძველზე მიწაზე უფლებების შესაწყვეტად აუცილებელი იყო ადგილობრივი სახალხო დეპუტატთა საბჭოს გადაწყვეტილება ამის თაობაზე და უფრო მეტიც, მიწით სარგებლობის შეწყვეტა უნდა მომხდარიყო საპატიო მიზეზის გარეშე. ეს უკანასკნელი ნაკლებად იყო სახეზე 1992/93 წლებიდან ამ ტერიტორიებზე მიმდინარე სამხედრო მოქმედებების პირობებში. ამ გარემოებებში მოთხოვნა, რომელიც მხოლოდ სპეკულაციაა, არ უნდა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება მოპასუხე სახელმწიფოს მეორე არგუმენტს, არ არის ნათელი წარმოდგენილი მიწის რეგისტრაციის დოკუმენტები რომელ მიწას ან საკუთრებას ეხება. უფრო მეტიც, ეს მოთხოვნა ეწინააღმდეგება განაცხადს იმის თაობაზე, რომ “მყრ”-ს არ მიუღია სამართლებრივი აქტი, რომელიც განმცხადებლებს ართმევდა მათი საკუთრებით მშვიდობიანად სარგებლობის უფლებას. ნებისმიერ შემთხვევაში ეს საკითხი შესწავლილ იქნა დასაშვებობის სტადიაზე, ratione temporis სასამართლოს იურისდიქციასთან მიმართებით, მოპასუხე სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი მსგავსი მოთხოვნის შემდეგ. ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა შემდეგი საფუძვლებით (იხილეთ დასაშვებობის გადაწყვეტილების 102-ე პარაგრაფი):
“საქმისწარმოების მომდევნო სტადიაზე სომხეთის ხელისუფლებამ წარმოადგინა შეპასუხება, რომ “მყრ”-ის სახელმწიფო ორგანოებმა 1998 წელს აამოქმედა მიწის პრივატიზაციის კანონი და მიწის კოდექსი, რომელმაც გააუქმა განმცხადებელთა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან გაქცეულ სხვა პირთა უფლებები მიწაზე. ამ კანონმდებლობის ტექსტი სასამართლოს არ წარედგინა. ნებისმიერ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნავს, რომ „მყრ“ არ არის სახელმწიფოდ აღიარებული საერთაშორისო სამართლის საფუძველზე რომელიმე ქვეყნის ან საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. ამ ვითარების გათვალისწინებით, მოხმობილი კანონმდებლობა ვერ განიხილება სამართლებრივად ვალიდურად კონვენციის მიზნებისთვის და ვერ მიიჩნევა, რომ განმცხადებლებმა დაკარგეს თავიანთი სადავო უფლებები განსახილველ მიწაზე ამ კანონმდებლობის საფუძველზე (იხილეთ ლუიზიდუ (Loizidou) (საქმის არსებითი განხილვა), ციტირება მაღლა, §§ 42-47).”
149. და ბოლოს, ლაჩინის რაიონის დატოვების დროს განმცხადებლებს გააჩნდათ უფლებები მიწაზე და სახლებზე, რაც “საკუთრებას” წარმოადგენდა 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლის მნიშვნელობისთვის. არ არსებობს რაიმე მინიშნება, რომ ეს უფლებები გაუქმდა მოგვიანებით, ლეგიტიმურად თუ სხვაგვარად, სომხეთის მიერ კონვენციის რატიფიცირებამდე თუ რატიფიცირების შემდგომ. შესაბამისად მათი ქონებრივი უფლებები კვლავ მოქმედია. ვინაიდან განმცხადებლების მფლობელობაში იყო არსებული საკუთრება, არ არსებობს მოთხოვნის შესწავლის საჭიროება იმის თაობაზე, რომ მათ გააჩნდათ “ლეგიტიმური მოლოდინი”, გამხდარიყვნენ მათი მიწის ფორმალური მესაკუთრეები 1992 წლის მიწის კოდექსის ამოქმედების შემდგომ.
150. უფრო მეტიც, ზემოთ მოცემული დასკვნის გათვალისწინებით, იმის თაობაზე, რომ განმცხადებლები ცხოვრობდნენ ლაჩინის რაიონში თავიანთ ოჯახებთან ერთად, გაქცევის მომენტში და იქ მოიპოვებდნენ სარჩოს, ანდა ჩაითვალოს, რომ მათი მიწა და სახლები წარმოადგენდა “სახლს” კონვენციის მე-8 მუხლის მიზნებისთვის.
151. შესაბამისად მოპასუხე ხელისუფლების პროტესტი განმცხადებლების დაზარალებულის სტატუსთან მიმართებით არ უნდა დაკმაყოფილდეს.
IV. სომხეთის რესპუბლიკის იურისდიქცია
A. მხარეთა წერილობითი მოსაზრებები
1. განმცხადებლები
152. განმცხადებლებმა განაცხადეს, რომ სომხეთის რესპუბლიკას ეფექტიანი კონტროლი გააჩნდა მთიან ყარაბახზე და მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ კი ლაჩინის რაიონზე და რომ გასაჩივრებული საკითხები სომხეთის იურისდიქციაში ექცეოდა კონვენციის 1-ელი მუხლის შესაბამისად. საპირისპიროდ ამისა ამგვარი იურისდიქცია მომდინარეობდა სომხეთის ავტორიტეტიდან და კონტროლიდან იმ ტერიტორიაზე, რაც მას ქონდა წარმომადგენლების მეშვეობით. განმცხადებლები ამტკიცებდნენ, რომ ამ საკითხზე სასამართლოს პრეცედენტული სამართალი დამკვიდრებული იყო და მიუთითა საქმეებზე ლუიზიდუ თურქეთის წინააღმდეგ (Loizidou v. Turkey) (ციტირება მაღლა), ილაშკუ და სხვები მოლდოვეთისა და რუსეთის წინააღმდეგ (Ilaşcu and Others v. Moldova and Russia)([დიდი პალატა], # 48787/99, ECHR 2004-VII) და ალ-სკეინი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Al-Skeini and Others v. the United Kingdom) ([დიდი პალატა], # 55721/07, ECHR 2011). რაც შეეხება მტკიცების ტვირთს, ისინი ამტკიცებდნენ, რომ ტესტი არ იყო “გონივრულ ეჭვს მიღმა”, არამედ წინამდებარე საქმეზე არსებობდა იმ ფაქტის პრეზუმპცია, რომ სომხეთს იურისდიქცია გააჩნდა აღნიშნულ ტერიტორიებზე, პრეზუმპცია, რომელიც მოპასუხე ხელისუფლებამ ვერ გააბათილა.
153. განმცხადებლები აცხადებდნენ, რომ სომხეთის სამხედრო მონაწილეობა მთიანი ყარაბახის კონფლიქტში მნიშვნელოვანი იყო და ამის უტყუარი მტკიცებულებაც არსებობდა. მათ ასევე განაცხადეს, რომ სომხეთის წვეულები მსახურობდნენ მთიან ყარაბახში. HRW-ის ზემოთ აღნიშნული 1994 წლის ანგარიშის თანახმად სომხეთის წვეულები იგზავნებოდნენ მთიან ყარაბახსა და აზერბაიჯანის მიმდებარე პროვინციებში, ხოლო სომხეთის სამხედრო ძალები მონაწილეობდნენ აზერბაიჯანში საომარ მოქმედებებში. განმცხადებლებმა ასევე მიუთითეს სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერისა და დამკვირვებლების საჯარო გამოსვლებზე, რომლებიც მიანიშნებდა სომხეთის არმიის მონაწილეობაზე, მათ შორის ბატონი რობერტ ქოჩარიანისა და ბატონი ვაზგენ მანუკიანის საჯარო განცხადებებზე (იხილეთ 62-ე პარაგრაფი).
154. განმცხადებლებმა სამხედრო მოქმედებებში სომხეთის არმიის მონაწილეობის მტკიცებულებად ასევე წარმოადგინეს მათი რამდენიმე ჯარისკაცის დაკავება აზერბაიჯანის დანაყოფების მიერ და იმ დროისთვის სომხეთის მიერ გაწვევის გაზრდა. მათ ასევე განაცხადეს, რომ სომხეთის არმიის წვეულები კვლავ იგზავნებოდნენ მთიან ყარაბახში სამხედრო სამსახურისთვის, რომ ამგვარი სამსახურისთვის გამწესებულ ოფიცრებსა და ჯარისკაცებს უფრო მაღალი ანაზღაურება ქონდათ, ვიდრე სომხეთის არმიაში სამსახურისთვის და რომ წვეულებს არ ქონდათ არჩევანი სომხეთსა და მთიან ყარაბახში სამხედრო სამსახურს შორის. ამ განცხადებების გასამყარებლად მათ მიუთითეს რამდენიმე სასამართლო და ადმინისტრაციულ საქმისწარმოებაზე, რომლებიც განხორციელდა სტეპანაკერტში სომხეთის სამხედრო პერსონალისა და მრწამსის საფუძველზე მოდავე სომეხის წინააღმდეგ.
155. განმცხადებლების ინფორმაციით, კონფლიქტში მონაწილეობისთვის სამხედრო დანაყოფების გამოყოფის გარდა სომხეთი მთიან ყარაბახს მატერიალურად ეხმარებოდა. ფაქტიურად მათ მთიან ყარაბახს მიაწოდეს მათი ბიუჯეტის 90 %, უპროცენტო კრედიტების სახით. ეს კრედიტები ფინანსური დახმარება იყო, რასაც წვლილი შექონდა სომხეთის ეფექტიან კონტროლში მთიან ყარაბახსა და მიმდებარე ტერიტორიებზე. რაც შეეხება “ჰაიასტანის საყოველთაო სომხურ ფონდს”, განმცხადებლებმა განაცხადეს, რომ ის ვერ განიხილებოდა სომხეთის ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ ორგანოდ, რადგანაც ის შეიქმნა პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე, ხოლო მისი წესდების თანახმად სომხეთის პრეზიდენტი იყო რწმუნებულთა გამგეობის პრეზიდენტი, ხოლო გამგეობის შემადგენლობაში იყვნენ სხვა მაღალი თანამდებობის პირები სომხეთის მთავრობიდან, პარლამენტიდან, საკონსტიტუციო სასამართლოდან და ცენტრალური ბანკიდან. უფრო მეტიც, მის მისიას წარმოადგენდა როგორც სომხეთის ისე მთიანი ყარაბახის მდგრადი განვითარების მხარდაჭერა.
156. უფრო მეტიც, სომხეთის რესპუბლიკა მთიან ყარაბახს პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებდა და კვლავ უცხადებს. სომხური პოლიტიკის საკვანძო ფიგურებს მჭიდრო კავშირი ქონდათ მთიან ყარაბახთან და აგრძელებდნენ მის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობას. მაგალითად, 1993 წლის აგვისტოში სომხეთის მთავრობამ მთიანი ყარაბახის თავდაცვის მინისტრი, ბატონი სერჟ სარქისიანი სომხეთის თავდაცვის მინისტრად დანიშნა და 1998 წელს ბატონი რობერტ ქოჩარიანი სომხეთის პრეზიდენტი გახდა, მას შემდეგ რაც მანამდე მთიანი ყარაბახის პრემიერ მინისტრი და პრეზიდენტი იყო. ასევე, რადგანაც “მყრ”-ის აღიარება არ მომხდარა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, ის პოლიტიკური მხარდაჭერის თვალსაზრისით დამოკიდებული იყო სომხეთზე და მის შესაძლებლობებზე, ურთიერთობები დაემყარებია სხვა სახელმწიფოებთან.
157. განმცხადებლებმა ასევე განაცხადეს, რომ მთიან ყარაბახში მოქმედებდა სომხეთის მრავალი კანონი და მთავარ ვალუტას სომხური დრამი წარმოადგენდა. უფრო მეტიც, საზღვარგარეთ მგზავრობისთვის მთიანი ყარაბახის მოსახლეობაზე გაიცემოდა სომხური პასპორტები.
2. მოპასუხე ხელისუფლება
158. სომხეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სომხეთის რესპუბლიკის იურისდიქცია არ ვრცელდება მთიანი ყარაბახისა და მიმდებარე ტერიტორიებზე; შესაბამისად, სომხეთს ვერ ექნებოდა და არ ქონდა ეფექტიანი კონტროლი ან რაიმე საჯარო უფლებამოსილება მის ტერიტორიებზე. მათი აზრით ეფექტიანი კონტროლი ითვალისწინებდა კონტროლირებად ტერიტორიაზე სპეციფიურ ოპერაციებზე დეტალურ მითითებებს ან კონტროლს, მათი დაწყებისა და შეწყვეტის ასევე მათი კურსის განსაზღვრის უფლებამოსილებით. უთითებდა რა, რომ ექსტრა-ტერიტორიული იურისდიქცია გამონაკლისი იყო პრინციპიდან, რომ სახელმწიფოს იურისდიქცია გააჩნდა საკუთარ ტერიტორიაზე, მოპასუხე სახელმწიფო კვლავ ამტკიცებდა, რომ ამგვარი კონტროლის არსებობის მტკიცების ტვირთი განმცხადებლებზე იყო, მაღალი სტანდარტით და ისინი ვერ გათავისუფლდებოდნენ ამ ტვირთისგან, რადგანაც მტკიცებულებები მიანიშნებდა, რომ “მყრ”-ზე არ არსებობდა სომხეთის არათუ ზეგავლენა, რომ არაფერი ითქვას კონტროლზე. მოპასუხე ხელისუფლება მიიჩნევდა, რომ ალ-სკეინის (Al-Skeini) საქმე (ციტირება მაღლა) არ იყო რელევანტური წინამდებარე გარემოებებში, ვინაიდან ის გადაწყვეტილება ეფუძნებოდა “სახელმწიფო წარმომადგენლის უფლებამოსილებასა და კონტროლს”, რაც არ ესადაგებოდა წინამდებარე საქმის ფაქტებს. უფრო მეტიც, მხოლოდ მხარდამჭერი როლი, რასაც სომხეთი ასრულებდა “მყრ”-ასთან მიმართებით არსებითად განსხვავდებოდა ჩრდილოეთ კვიპროსში მონაწილე თურქი ჯარისკაცების რიცხოვნობისგან ან ტრანსდნესტრიაში განლაგებული რუსული სამხედრო არსენალის ზომისგან (რაც დადგინდა საქმეზე ლუიზიდუ (Loizidou) და ილაშკუ და სხვები (Ilaşcu and Others) ციტირება მაღლა) და არანაირი გონივრული დეფინიციის ფარგლებში არ უტოლდება ეფექტიან კონტროლს.
159. ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ სომხეთს მონაწილეობა არ მიუღია სადავო სამხედრო კონფლიქტში. ლაჩინზე თავდასხმა 1992 წლის 17-18 მაისს, ისევე როგორც შუშა/შუშის აღება 9 მაისს, განახორციელა “მყრ”-ის თავდაცვითმა ძალამ, რომელიც 90%-ით დაკომპლექტებული იყო მთიანი ყარაბახის მოსახლეობისგან. სამხედრო მოქმედებები რეალურად ეწინააღმდეგებოდა სომხეთის რესპუბლიკის ხელისუფლების ინტერესებს, რომელიც იმ დროისთვის ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებას აწარმოებდა აზერბაიჯანის ლიდერებთან; შეხვედრა 8-9 მაისს გაიმართა თეირანში. მიუხედავად ამისა “მყრ”-ის სამხედრო ძალებმა აუცილებლად მიიჩნიეს ამ ორი ქალაქის აღება აზერბაიჯანის მხრიდან ომის დანაშაულების შესაწყვეტად და სომხეთის მიმართულებით ჰუმანიტარული კორიდორის გასახსნელად.
160. მოპასუხე სახელმწიფომ ასევე განაცხადა, რომ სომხეთს მონაწილეობა არ მიუღია მოგვიანებით მიმდინარე რომელიმე სამხედრო მოქმედებებშიც. ეს დასტურდებოდა იმ ფაქტით, რომ არცერთ საერთაშორისო დოკუმენტში სომხეთის არმიის მონაწილეობა არ იყო ნახსენები. ამ დოკუმენტში მითითებული იყო “ადგილობრივი სომხური სამხედრო ძალები”. სომხეთის სახელმწიფო ორგანოებსაც არ მიუღიათ რაიმე სამართლებრივი აქტები, ან პროგრამები, არც ოფიციალური ნაბიჯები გადაუდგამთ მოქმედებებში ჩასართველად.თავდაცვას სრულად ახორციელებდა “მყრ”-ის თავდაცვითი ძალა, რომელიც 1992 წლის დასაწყისში შეიქმნა სამხედრო გაწვევის შესახებ “მყრ”-ის კანონის ამოქმედების შემდეგ. მას ეხმარებოდა მთიანი ყარაბახისა და მიმდებარე ტერიტორიების სომხური მოსახლეობა, ასევე სომხური წარმომავლობის მოხალისეები სხვადასხვა ქვეყნებიდან. სომხეთი ჩართული იყო ომში მხოლოდ იმ ფარგლებში რა ფარგლებშიც იცავდა ის თავს აზერბაიჯანის თავდასხმებისგან, სომხეთის აღარებული საზღვრების ფარგლებში. თუმცა, ვინაიდან სომხეთსა და “მყრ”-ას საერთო მტერი ყავდათ, მათი სამხედრო ძალები სხვადასხვა გზით თანამშრომლობდნენ.
161. დღეისთვის სომხეთი სამხედრო თვალსაზრისით არ იყო წარმოდგენილი მთიან ყარაბახში და მიმდებარე ტერიტორიაზე. არანაირი სამხედრო ძალა, განყოფილება ან ორგანო არ იყო იქ განლაგებული. ლაჩინის რაიონში საერთოდ არ იყო რაიმე სამხედრო განყოფილება, რადგანაც ლაჩინი მნიშვნელოვნად დაშორებული იყო “მყრ”-ის საზღვარს აზერბაიჯანთან და შესაბამისად არ არსებობდა დანაყოფების იქ ყოლის საჭიროება. ვერ გამოირიცხებოდა, რომ სომხური ეროვნების ადამიანები მსახურობდნენ “მყრ”-ის თავდაცვით ძალებში საკონტრაქტო და მოხალისეობრივ საწყისებზე. ასევე, სომხეთისა და “მყრ”-ის მთავრობებს შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ 1994 წელს ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, სომხეთის წვევამდელებს, თავიანთი თანხმობის საფუძველზე შეეძლოთ სამხედრო სამსახური გაევლოთ “მყრ”-ში და პირიქით, ასევე მონაწილეობა მიეღოთ სამხედრო წვრთნებში “მყრ”-სა და სომხეთში. “მყრ”-ში სამხედრო სამსახურისთვის გამწესებულ სომეხ წვევამდელებთან დაკავშირებით სამართლებრივ საქმისწარმოებას მარტივი ახსნა ქონდა: 1994 წლის შეთანხმების თანახმად, სომეხი წვევამდელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის ბრალდებებს განიხილავდნენ სომხეთის პროკურორები და ყარაბახელი წვევამდელების მიმართ ნებისმიერ ბრალდებას - “მყრ”-ის სახელმწიფო ორგანოები. თუმცა, მთიან ყარაბახში მსახურობდა მცირე რაოდენობით სომეხი მოხალისე, იქ სადაც ისინი “მყრ”-ის თავდაცვითი ძალების პირდაპირ დაქვემდებარებაში იქნებოდნენ.
162. მოპასუხე ხელისუფლებამ ასევე განმარტა, რომ “მყრ”-ამ ფორმირების მომენტიდან, დამოუკიდებლად დაიწყო საკუთარი პოლიტიკური, სოციალური და საფინანსო პოლიტიკის წარმართვა. სომხეთს არანაირი ეკონომიკური დახმარება არ აღმოუჩენია “მყრ”-ისთვის, გარდა იმისა, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში “მყრ”-ას აწვდიდა გრძელვადიან სესხებს სპეციფიური პროექტების განსახორციელებლად, მათ შორის სკოლებისა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების აღსადგენად და გარდაცვლილი ჯარისკაცების ოჯახებისთვის ფინანსური დახმარების აღმოსაჩენად. ამგვარ დახმარებას სხვა ქვეყნებიც იღებდნენ. უფრო მეტიც, “ჰაისტანი საყოველთაო სომხურმა ფონდმა” უდიდესი როლი შეასრულა “მყრ”-ის განვითარებაში. მისი მთავარი მისია იყო ფინანსური დახმარების აღმოჩენა სომხეთისთვის და “მყრ”-ისთვის, სომხეთის დიასპორის მიერ შეგროვებული რესურსებით. მართალია რწმუნებულთა გამგეობის შემადგენლობაში იყვნენ სომხეთის წარმომადგენლებიც, მაგრამ გამგეობის წევრების უმრავლესობას სომხური დიასპორა და “მყრ” წარმოადგენდა. ფონდის დღის წესრიგს არ ადგენდა სომხეთის ხელისუფლება; ხშირად დონორები თავად წყვეტდნენ რომელი პროექტები დაფინანსდებოდა მათი სახსრებით. ფონდისთვის გაწეულ ერთადერთ სახელისუფლებო დახმარებას წარმოადგენდა ერევანში მთავრობის შენობაში უფასოდ საოფისე სივრცის გამოყოფა. შესაბამისად ეს არ იყო კონტროლის ინსტრუმენტი, არამედ არაპოლიტიკური, საქველმოქმედო ორგანიზაცია იყო, რომელმაც “მყრ”-ას 111 000 000 აშშ დოლარი გამოუყო სკოლებისა და საავადმყოფოების მშენებლობისთვის, გზებისა და სოფლების რეაბილიტაციისთვის, კულტურული ღონისძიებების დაფინანსებისთვის და ღარიბთა შრომისა და განათლების სუბსიდირებისთვის. სხვა რესურსებს გამოყოფდნენ სხვა ფონდები და საერთაშორისო ორგანიზაციების. წლიური ქველმოქმედება და საერთაშორისო ინვესტირება “მყრ”-ში ყოველწლიურად შეადგენდა 20-30-დან 30-40 მილიონ აშშ დოლარამდე.
163. სომხეთის ხელისუფლების აზრით, “მყრ” იყო სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელსაც გააჩნდა საერთაშორისო სამართლით დადგენილი დამოუკიდებელი სახელმწიფოს ყველა მახასიათებელი. მას გააჩნდა კონტროლი და იურისდიქცია მთიან ყარაბახსა და მიმდებარე ტერიტორიებზე. ამ ტერიტორიებზე მოქმედებდა მხოლოდ “მყრ”-ის კანონმდებლობა და სხვა სამართლებრივი აქტები და ”მყრ”-ისთვის ნორმა იყო სომხეთისგან გარკვეული კანონების გადმოღება ან მიღება. “მყრ”-ას საკუთარი სასამართლო სისტემა გააჩნდა, რომელიც სრულიად დამოუკიდებლად მოქმედებდა. პოლიტიკური არჩევნები ტარდებოდა “მყრ”-ში და ის ფაქტი, რომ გარკვეული პირები მაღალ პოლიტიკური თანამდებობებს იკავებდნენ როგორც “მყრ”-ში ისე სომხეთში, სულაც არ იყო უჩვეულო ორივე ქვეყნის დამოუკიდებლობის ადრეულ ეტაპზე. სომხეთის პოლიტიკური მხარდაჭერა შემოიფარგლებოდა ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში მთიანი ყარაბახის კონფლიქტის მოგვარების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებებში მონაწილეობით. “მყრ”-ის პასპორტები გაიცემოდა მის მოქალაქეებზე, რომელთაც პოლიტიკური უფლებები და სამოქალაქო ვალდებულებები გააჩნდათ მათი მოქალაქეობის საფუძველზე. სომხეთის პასპორტები გაიცემოდა მთიანი ყარაბახის ზოგიერთ მოსახლეზე, მათთვის საზღვარგარეთ გამგზავრების შესაძლებლობის მისაცემად. “მყრ”-ში რამდენიმე ვალუტა მოქმედებდა, არა მხოლოდ სომხური დრამი.
164. მოპასუხე ხელისუფლება ასევე ამტკიცებდა, რომ სასამართლოს მიერ იურისდიქციის საკითხის შესასწავლად რელევანტური იყო მხოლოდ ის ფაქტები, რომელთაც ადგილი ქონდა 1992 მაისში (“კაუზალურობის საკითხი”) და 2002 წლის აპრილის შემდგომ (“იურისდიქციის საკითხი”). 2002 წლის შემდეგ მტკიცებულება უთითებდა, რომ სომხეთის რესპუბლიკა და “მყრ” მეგობარი ქვეყნები იყვნენ, მრავალი საერთოთი და მჭიდრო ეკონომიკური და სოციალური კავშირებით, სამხედრო ალიანსითა და საერთო ეროვნებით. სომხეთს გააჩნდა გარკვეული ზეგავლენა, “მყრ”-ისთვის პერიოდული ფინანსური და სხვაგვარი დახმარების გათვალისწინებით. ასევე, როგორც კარგი მეზობელი და მეგობარი, ის მათ ეხმარებოდა თავისი მხრიდან ლაჩინის რაიონში ჰუმანიტარული კორიდორის შენარჩუნებაში. თუმცა, სომხეთის რესპუბლიკა და “მყრ” სხვადასხვა ქვეყანა იყო.
3. აზერბაიჯანის ხელისუფლება, მესამე მხარე
165. აზერბაიჯანის ხელისუფლება დაეთანხმა განმცხადებლებს, რომ სომხეთის რესპუბლიკას ეფექტიანი კონტროლი გააჩნდა მთიან ყარაბახსა და მიმდებარე ტერიტორიებზე, მათ შორის ლაჩინის ტერიტორიაზე. მათ მოიხმეს სხვადასხვა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის, ასევე მრავალი პოლიტიკური ლიდერის განცხადებები იმის თაობაზე, რომ 1990-იანი წლების დასაწყისში სომეთის სამხედრო ძალები იბრძოდნენ ყარაბახის სეპარატისტულ ძალებთან ერთად, მოახდინეს მთიანი ყარაბახისა და ასევე ლაჩინისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების ოკუპირება და რომ ეს ტერიტორიები კვლავ სომხეთის ოკუპაციის ქვეშ იყო, რომელსაც ჯარისკაცები ყავდა იქ განთავსებული. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით მათ მიუთითეს სასამართლოს საქმეზე არუთუნიანი სომხეთის წინააღმდეგ (Harutyunyan v. Armenia)(# 36549/03, ECHR 2007-III) დაზალიანი, სარქისიანი და სერობიანი სომხეთის წინააღმდეგ (Zalyan, Sargsyan and Serobyan v. Armenia) (ციტირება მაღლა).“მყრ” არ იყო დამოუკიდებელი სახელმწიფო, როგორც ამას მოპასუხე სახელმწიფო ამტკიცებდა, არამედ დაქვემდებარებული ადგილობრივი ადმინისტრაცია, რომელიც არსებობდა სომხეთის მიერ გაწეული სამხედრო და სხვაგვარი მხარდაჭერით. შესაბამისად, სარწმუნო არ იყო, რომ “მყრ”-ის თავდაცვითი ძალები რაიმე ფორმით იარსებებდა სომხეთის მხრიდან ინტენსიური მხარდაჭერის გარეშე, რაც გამოიხატებოდა მაგალითად იარაღში, აღჭურვილობაში, სწავლებასა და ყველფერთან ერთად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბაზირებული ჯარისკაცების დიდი ნაწილის მიწოდებით, თუ უმრავლესობის არა.
166. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ასევე განაცხადა, რომ “მყრ” ვერ იარსებებდა პოლიტიკურად, ეკონომიკურად თუ სამხედრო სფეროში, სომხეთის მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გარეშე. მათ ასევე მიუთითეს მთიან ყარაბახსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მჭიდრო პოლიტიკურ კავშირებზე, რასაც ყველაფერთან ერთად ძლიერი პიროვნული ელემენტი გააჩნდა უმაღლეს დონეზე. უფრო მეტიც, სომხეთის მიერ გაწეული ეკონომიკური დახმარება არსებითი იყო “მყრ”-ისთვის. აზერბაიჯანმა მიუთითა “სომხეთის საყოველთაო სომხურ ფონდზე”, რომელიც უნდა განხილულიყო სომხეთის სახელმწიფოს ორგანოდ მთიანი ყარაბახისთვის დახმარების გაწევასთან მიმართებით. ფონდს მნიშვნელოვანი ზეგავლენა ქონდა “მყრ”-ში, არა მხოლოდ ფინანსურად, არამედ ასევე სოციალურად. რეალურად მას ამოძრავებდა პოლიტიკური ნება, გაეძლიერებია მთიანი ყარაბახის სომხეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება და მოეხდინა “მყრ”-ის სომხეთში შემდგომი ინტეგრაცია. მათ ასევე მიუთითეს სომხეთის სახელმწიფო სესხზე, რომელიც “მყრ”-ის ბიუჯეტის დიდ ნაწილს შეადგენდა. უფრო მეტიც, აზერბაიჯანის ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ მთიან ყარაბახში და მიმდებარე ტერიტორიებზე მაცხოვრებლებს სომხეთის რესპუბლიკის პასპორტები გააჩნდათ.
B. სასამართლოს შეფასება
167. მართალია სახელმწიფოს იურისდიქციის კომპეტენცია პირველ ყოვლისა ტერიტორიულია, იურისდიქციის კონცეფცია კონვენციის 1-ელი მუხლის მნიშვნელობისთვის არ შემოიფარგლება მაღალი ხელშემკვრელი მხარის ეროვნული ტერიტორიით და სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი შესაძლოა დადგეს მათი ტერიტორიის გარეთ მათივე სახელმწიფო ორგანოების ქმედებების ან უმოქმედების გამო.
კონვენციის 1-ელი მუხლი შემდეგი შინაარსისაა:
“მაღალი ხელშემკვრელი მხარეები თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში ყველასათვის უზრუნველყოფენ ამ კონვენციის I თავში განსაზღვრულ უფლებებსა და თავისუფლებებს.”
1. ექსტრატერიტორიული იურისდიქცია
168. სასამართლომ აღიარა ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ექსტრატერიტორიული იურისდიქციით სარგებლობა როდესაც ეს სახელმწიფო შესაბამის ტერიტორიაზე და მის მაცხოვრებლებზე საზღვარგარეთ ეფექტიან კონტროლს ახორციელებს სამხედრო ოკუპაციის შედეგად ან ამ ტერიტორიის ხელისუფლების თანხმობით, მოწვევით ან აღიარებით სარგებლობს ყველა იმ საჯარო უფლებამოსილებით, რითაც როგორც წესი ეს ხელისუფლება სარგებლობს. ეს პრინციპები აისახა მრავალ საქმეზე, მათ შორის ილაშკუ და სხვები (Ilaşcu and Others)(ციტირება მაღლა, §§ 311-319), ალ-სკეინი და სხვები (Al-Skeini and Others)(ციტირება მაღლა, §§ 130-139) და კატანი და სხვები მოლდოვისა და რუსეთის წინააღმდეგ (Catan and Others v. Moldova and Russia) ([დიდი პალატა], # 43370/04, 8252/05 და 18454/06, ECHR 2012 (ამონარიდები)). ამ უკანასკნელი გადაწყვეტილების ციტირებას წარმოგიდგენთ აქ:
“103. სასამართლომ 1-ელ მუხლთან მიმართებით პრეცედენტულ სამართალში ჩამოაყალიბა მთელი რიგი ნათელი პრინციპებისა. როგორც ეს მუხლი ადგენს, ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულება ვრცელდება ჩამოთვლილი უფლებებისა და თავისუფლებების “უზრუნველყოფით” (“reconnaître” ფრანგულ ტექსტში) საკუთარი “იურისდიქციის” ფარგლებში (იხილეთ სოერინგი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Soering v. the United Kingdom), 7 ივლისი, 1989წ., § 86, სერია A # 161; ბანკოვიჩი და სხვები ბელგიისა და სხვების წინააღმდეგ (Banković and Others v. Belgium and Others) [დიდი პალატა] (გადაწყვეტილება), # 52207/99, § 66, ECHR 2001-XII). 1-ელი მუხლის საფუძველზე “იურისდიქცია” ამოსავალი კრიტერიუმია. იურისდიქციის მოქმედება ხელშემკვრელი სახელმწიფოსთვის აუცილებელი პირობაა რათა შესაძლებელი გახდეს მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოქმედებისთვის და უმოქმედებისთვის, რამაც განაპირობა კონვენციით გათვალისწინებული უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ ბრალდებას (იხილეთილაშკუ და სხვები მოლდოვისა და რუსეთის წინააღმდეგ (Ilaşcu and Others v. Moldova and Russia) [დიდი პალატა], #48787/99, § 311, ECHR 2004-VII; ალ-სკეინი და სხვები გაერთანებული სამეფოს წინააღმდეგ (Al-Skeini and Others v. the United Kingdom)[დიდი პალატა], # 55721/07, § 130, 7 ივლისი, 2011).
104. 1-ელ მუხლთან მიმართებით სახელმწიფოს იურისდიქციის კომპეტენცია პირველ ყოვლისა ტერიტორიულია (იხილეთსოერინგი (Soering), ციტირება მაღლა, § 86; ბანკოვიჩი (Banković), ციტირება მაღლა, §§ 61 [და] 67; ილაშკუ (Ilaşcu), ციტირება მაღლა, § 312; ალ-სკეინი (Al-Skeini), ციტირება მაღლა § 131). იურისდიქციის მოქმედება როგორც წესი ივარაუდება სახელმწიფოს ტერიტორიაზე (ილაშკუ (Ilaşcu), ციტირება მაღლა, § 312; ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ (Assanidze v. Georgia) [დიდი პალატა], # 71503/01, § 139, ECHR 2004-II). თანაბრად ამისა, ხელშემკვრელი სახელმწიფოების ქმედებები, ან მათი შედეგები ამ ქვეყნების ტერიტორიებს გარეთ შესაძლოა წარმოადგენდეს იურისდიქციის მოქმედება 1-ელი მუხლის მნიშვნელობით, საგამონაკლისო საქმეებზე (ბანკოვიჩი (Banković), ციტირება მაღლა, § 67; ალ-სკეინი (Al-Skeini), ციტირება მაღლა § 131).
105. სასამართლომ უკვე აღიარა რამდენიმე საგამონაკლისო გარემოება, რაც განაპირობებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს იურისდიქციის გავრცელებას მისი ტერიტორიული საზღვრების გარეთ. თითოეულ საქმეზე, საგამონაკლისო გარემოებების არსებობის საკითხი, რაც მოითხოვს და ამართლებს სასამართლოს მიერ იმის დადგენას, რომ სახელმწიფოს გააჩნდა ექსტრა-ტერიტორიული იურისდიქცია, უნდა გადაწყდეს კონკრეტულ ფაქტებზე მითითებით (ალ-სკეინი (Al-Skeini), ციტირება მაღლა, § 132).
106. ერთი გამონაკლისი პრინციპიდან, რომ 1-ელი მუხლიდან გამომდინარე იურისდიქცია შემოიფარგლება სახელმწიფოს საკუთარი ტერიტორიით, სახეზეა როდესაც კანონისმიერი თუ უკანონო სამხედრო მოქმედების შედეგად ხელშემკვრელი სახელმწიფო ეფექტიან კონტროლს ახორციელებს მისი ეროვნული ტერიტორიის გარეთ. ამ სივრცეში კონვენციით გათვალისწინებული უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფის ვალდებულება მომდინარეობს ამგვარი კონტროლის ფაქტიდან, მიუხედავად იმისა ამას პირდაპირ განახორციელებდა ხელშემკვრელი სახელმწიფო პირდაპირ, საკუთარი შეიარაღებული ძალებით, თუ დაქვემდებარებული ადგილობრივი ადმინისტრაციის მეშვეობით (ლუიზიდუ თურქეთის წინააღმდეგ (Loizidou v. Turkey) (წინასწარი პროტესტები), 23 მარტი, 1995, § 62, სერია A # 310; კვიპროსი თურქეთის წინააღმდეგ (Cyprus v. Turkey) [დიდი პალატა], # 25781/94, § 76, ECHR 2001-IV, ბანკოვიჩი (Banković), ციტირება მაღლა, § 70; ილაშკუ (Ilaşcu), ციტირება მაღლა, §§ 314-316; ლუიზიდუ (Loizidou) (საქმის არსებითი მხარე), ციტირება მაღლა, § 52; ალ-სკეინი (Al-Skeini), ციტირება მაღლა, § 138). თუკი კონკრეტულ ტერიტორიაზე ამგვარი დომინირების ფაქტი დადასტურდა, არ არის აუცილებელი იმის დადგენა ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოს გააჩნდა თუ არა დეტალური კონტროლი დაქვემდებარებული ადგილობრივი ადმინისტრაციის პოლიტიკასა და ქმედებებზე. ის ფაქტი, რომ ადგილობრივი ადმინისტრაცია არსებობს ხელშემკვრელი სახელმწიფოს სამხედრო და სხვაგვარი მხარდაჭერით, გულისხმობს ამ სახელმწიფოს პასუხისმგებლობას მის პოლიტიკასა და ქმედებებზე. მაკონტროლებელ სახელმწიფოს 1-ელი მუხლის საფუძველზე ევალება თავისი კონტროლის სფეროში უზრუნველყოს კონვენციაში და მის მიერ რატიფიცირებული კონვენციის დამატებით ოქმებში ასახული მთელი რიგი მატერიალური უფლებებისა. ის პასუხს აგებს ამ უფლებების ნებისმიერი დარღვევისთვის (კვიპროსი თურქეთის წინააღმდეგ (Cyprus v. Turkey), ციტირება მაღლა, §§ 76-77; ალ-სკეინი (Al-Skeini), ციტირება მაღლა, § 138).
107. ფაქტის საკითხია ხელშემკვრელ სახელმწიფოს გააჩნია თუ არა ეფექტიანი კონტროლი საკუთარი ტერიტორიის გარეთ არსებულ სივრცეზე. ეფექტიანი კონტროლის არსებობის განსაზღვრისთვის სასამართლო პირველ ყოვლისა უთითებს ამ სფეროში სახელმწიფოს სამხედრო წარმომადგენლობაზე (იხილეთლუიზიდუ (Loizidou) (არსებითი მხარე), ციტირება მაღლა, §§ 16 და 56; ილაშკუ (Ilaşcu), ციტირება მაღლა, § 387). შესაძლოა სხვა ინდიკატორებიც რელევანტური იყოს, როგორიცაა ის ფარგლები, რა ფარგლებშიც ადგილობრივი დაქვემდებარებული ადმინისტრაციის მიმართ მისი სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური მხარდაჭერა უზრუნველყოფს მას ზეგავლენითა და კონტროლით მთელს რეგიონზე (იხილეთილაშკუ (Ilaşcu), ციტირება მაღლა, §§ 388-394; ალ-სკეინი (Al‑Skeini), ციტირება მაღლა, § 139).
...
115. ... როგორც სასამართლოს პრეცედენტული სამართლის ზემოთ მოცემული შეჯამება ნათელს ხდის, კონვენციის 1-ელი მუხლის საფუძველზე “იურისდიქციის” არსებობის დასადგენი ტესტი არასდროს ჩანაცვლებულა საერთაშორისო სამართლის საფუძველზე საერთაშორისოდ არამართებული ქმედებისთვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის დადგენის ტესტით.”
2. აღნიშნული პრინციპების გავრცელება ამ საქმის ფაქტებზე
169. სასამართლო პირველ ყოვლისა მიიჩნევს, რომ მთიან ყარაბახთან და მიმდებარე ტერიტორიასთან დაკავშირებული ვითარება არ არის ის შემთხვევა, როდესაც სომხეთის სახელმწიფო წარმომადგენლები სარგებლობდნენ უფლებამოსილებით საზღვარგარეთ მყოფ პირებზე, რასაც ალტერნატიულად ამტკიცებდნენ განმცხადებლები. ნაცვლად ამისა საქმის ფაქტებთან დაკავშირებით გადასაწყვეტია სომხეთის რესპუბლიკა სარგებლობდა და სარგებლობს თუ არა ეფექტიანი კონტროლით ხსენებულ ტერიტორიებზე და შესაბამისად შესაძლებელია თუ არა მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება გაცხადებული დარღვევისთვის. როგორც სასამართლომ აღნიშნა საქმეზე კატანი და სხვები (Catan and Others) (ციტირება მაღლა, § 107), ეს შეფასება პირველ ყოვლისა დამოკიდებული იქნება სამხედრო მონაწილეობაზე, ასევე სხვა ინდიკატორები, როგორიცაა ეკონომიკური და პოლიტიკური მხარდაჭერა შესაძლოა იყოს ასევე რელევანტური.
170. მართალია განმცხადებლები ცხოვრობდნენ ლაჩინის რაიონში, იურისდიქციის საკითხი არ ეხება მხოლოდ ამ ტერიტორიას. ფაქტიურად ლაჩინი ხსენებული ტერიტორიების ერთერთი ნაწილია, რომელიც განლაგებულია აზერბაიჯანთან საკონტაქტო ხაზის უკიდურეს წერტილში. რაიონს აღმოსავლეთით ესაზღვრება მთიანი ყარაბახი, ასევე კელბაჯარის და გუბადლისა და ჯაბრაილის რაიონები ჩრდილოეთითა და სამხრეთით და სომხეთი დასავლეთით. იმის დასადგენად, წინამდებარე საქმეზე სომხეთს ქონდა თუ არა იურისდიქცია, აუცილებელია იმის შეფასება ახორციელებს თუ არა ის ეფექტიან კონტროლს მთიან ყარაბახზე და მთლიანობაში მიმდებარე ტერიტორიებზე.
171. უფრო მეტიც, მართალია ამ სავარაუდო დარღვევისთვის პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრება სომხეთს 2002 წლის 26 აპრილამდე, მის მიერ კონვეციის რატიფიკაციამდე, დამდგარი მოვლენებისთვის, მანამდელ მოვლენებთან დაკავშირებული ფაქტები შესაძლებელია ასევე გათვალისწინებულ იქნას როგორც განგრძობადი ვითარების განმსაზღვრელი, რომელიც კვლავ სახეზეა ამ თარიღის შემდგომ.
(a) სამხედრო ჩართულობა
172. მთიანი ყარაბახის კონფლიქტი სრულმაშტაბიან ომში გადაიზარდა 1992 წელს, მაგრამ დაიწყო რამდენიმე წლით ადრე, მთიანი ყარაბახის სომხეთთან ინტეგრაციის მოწოდებით ორივე მხრიდან. აღსანიშნავია, რომ 1989 წლის დეკემბერში სომხეთის სსრ-ს უზენაესმა საბჭომ და მთიანი ყარაბახის რეგიონულმა საბჭომ ერთობლივი რეზოლუცია მიიღეს ამ ორი ერთეულის “კვლავ გაერთიანების” შესახებ და 1990 წლის იანვარში შედგა საერთო ბიუჯეტიც. ნათელია, რომ კონფლიქტის საწყის ეტაპზევე სომხეთის სსრ-მ და სომხეთის რესპუბლიკამ მყარად დაუჭირა მხარი მთიანი ყარაბახის სომხეთში ინტეგრაციას ან ალტერნატივის სახით, მის დამოუკიდებლობას აზერბაიჯანისგან.
173. სასამართლოს ხელთ არსებული მასალა არ იძლევა და ვერც იქნება მოლოდინი, რომ უზრუნველყოფს დასკვნით მტკიცებულებას იმ შეიარაღებული ძალების შემადგენლობის შესახებ, რომელმაც მოახდინა მთიანი ყარაბახისა და შვიდი მიმდებარე რაიონის ოკუპირება და შეინარჩუნა კონტროლი 1992 წლის დასაწყისში ომის გაჩაღებიდან 1994 წლის მაისში, ცეცხლის შეწყვეტამდე. მაგალითად, გაეროს უშიშროების საბჭოს 1993 წლის რეზოლუციები გამოხატავდა რა სერიოზულ შეშფოთებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირებასთან დაკავშირებით, უთითებდა “ადგილობრივი სომხური ძალების” მიერ შეჭრასა და ოკუპირებაზე და მოუწოდებდა სომხეთს გამოეყენებია საკუთარი ზეგავლენა “მთიანი ყარაბახის რეგიონის სომხებზე” (იხილეთ 59-ე პარაგრაფი მაღლა). მიუხედავად ამისა Human Rights Watch-ის ანგარიში (მე-60 პარაგრაფი) უთითებს სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მონაწილეობაზე ამ დროისთვის. ასევე სომხეთის თავდაცვის მინისტრი 1992-93 წლებში ბატონი ვაზგენ მანუკიანი აღიარებს ამ ვითარებას (62-ე პარაგრაფი).
174. უფრო მეტიც, სასამართლოს აზრით რთულად წარმოსადგენია, რომ მთიან ყარაბახს, ერთეულს 150 000-ზე ნაკლები ეთნიკური სომეხი მოსახლით, სომხეთის მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარების გარეშე შეეძლო თავდაცვითი ძალების მობილიზება 1992 წლის დასაწყისში, რომელმაც აზერბაიჯანის, დაახლოებით შვიდ მილიონიანი მოსახლის მყოლი ქვეყნის წინააღმდეგ არა მხოლოდ დაამყარა კონტროლი ყოფილ “მყაო”-ზე, არამედ ასევე 1993 წლის ბოლომდე სრულად თუ დიდწილად დაიპყრო შვიდი მიმდებარე აზერბაიჯანული რაიონი.
175. ნებისმიერ შემთხვევაში მთიან ყარაბახში სომხეთის მონაწილეობა მრავალი მიმართულებით ფორმალიზდა 1994 წლის ივნისში, “სომხეთის რესპუბლიკისა და მთიანი ყარაბახის რესპუბლიკის მთავრობებს შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებით” (იხილეთ 74-ე პარაგრაფი მაღლა). ორ სუბიექტს შორის საერთო თანამშრომლობის მრავალი სამხედრო საკითხის იდენტიფიცირებასთან ერთად ეს შეთანხმება განსაკუთრებით ადგენს, რომ სომხეთისა და “მყრ”-ის წვეულებს შეუძლიათ სამხედრო სამსახური გაიარონ მეორე სუბიექტის ტერიტორიაზე.
176. მოგვიანებით გამოცემული ანგარიშები და საჯარო გამოსვლები ადასტურებს სომხეთის სამხედრო ძალების მონაწილეობას კონფლიქტში. მაგალითად, მართალია მხარეებს შორის შეთანხმებამდე ვერ მივიდა, მაგრამ “შეთანხმებების პაკეტში” და “ნაბიჯ-ნაბიჯ” მიდგომაში, რომელიც ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში შემუშავდა 1997 წელს გაცხადებულია, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ სომხეთის რესპუბლიკის საზღვრებში (იხილეთ 61-ე პარაგრაპი მაღლა). იგივე მოთხოვნები წარადგინა გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2008 წლის მარტში (67-ე პარაგრაფი) და ევროპის პარლამენტმა 2012 წლის აპრილში (70-ე პარაგრაფი). 2005 წლის იანვარში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ აღნიშნა რა სომხური სამხედრო ძალების მიერ “აზერბაიჯანის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის” ოკუპირება, კვლავ დაადასტურა, რომ ტერიტორიის დამოუკიდებლობა და სეცესია ვერ მიიღწევა “ამგვარი ტერიტორიის სხვა სახელმწიფოს მიერ დე ფაქტო ანექსიის” რიჟრაჟზე (64-ე პარაგრაფი). ICG-ის 2005 წლის სექტემბრის ანგარიშში მოცემულია დასკვნა, სომეხი ჯარისკაცებისა და სამხედრო თანამდებობის პირთა ჩვენებების საფუძველზე, რომ “სომხეთისა და მთიანი ყარაბახის სამხედრო ძალებს შორის ინტეგრაციის მაღალი ხარისხია” (65-ე პარაგრაფი).“მყრ”-ში სომეხი ჯარისკაცების მიერ სამხედრო სამსახურის გავლაზე მითითებები ასევე ხელმისაწვდომია ამ სასამართლოს წინაშე თუ სხვაგან წარდგენილ საქმეებზე (76-ე და 77-ე პარაგრაფები).
177. როგორც სასამართლომ განაცხადა საქმეზე ელ-მასრი მაკედონიის ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკის წინააღმდეგ (El-Masri v. the Former Yugoslav Republic of Macedonia)([დიდი პალატა], #39630/09, § 163, ECHR 2012), ის სიფრთხილით მოეკიდება მინისტრებისა და სხვა მაღალი თანამდებობის პირთა საჯარო გამოსვლებს, რადგანაც ისინი, როგორც წესი იმ მთავრობის მხარდამჭერია, რომელსაც წარმოადგენენ ან წარმოადგენდნენ. თუმცა მაღალი თანამდებობის პირთა, თუნდაც ყოფილი მინისტრებისა და თანამდებობის პირთა, საჯარო გამოსვლები, რომელთაც წამყვანი როლი შეასრულეს განსახილველ დავაში, განსაკუთრებული მტკიცებულებითი ღირებულების მქონეა, როდესაც აღიარებს ფაქტს ან ქცევას, რომელიც სახელმწიფო ორგანოებს არასახარბიელო ჭრილში წარმოაჩენს. შემდეგ ისინი შესაძლოა განიმარტოს როგორც აღიარების ფორმა (იხილეთ ამ კონტექსტში, mutatis mutandis, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე სამხედრო და ნახევრად სამხედრო მოქმედებები ნიკარაგუაში და მის წინააღმდეგ (ნიკარაგუა ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ) (Military and Paramilitary Activities in and against Nicaragua (Nicaragua v. United States of America), არსებითი განხილვა, გადაწყვეტილება,ICJ Reports1986, გვ. 14, § 64).
178. შესაბამისად, აღსანიშნავია სომხეთის რესპუბლიკის წარმომადგენელთა საჯარო გამოსვლები, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის ოფიციალურ პოზიციასთან იმის შესახებ, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები არ იყო განლაგებული “მყრ”-ში თუ მიმდებარე ტერიტორიებზე. ბატონი მანუკიანის, ყოფილი თავდაცვის მინისტრის საჯარო გამოსვლა უკვე ნახსენებია (62-ე პარაგრაფი მაღლა). კიდევ უფრო მნიშვნელოვანია სომხეთის მოქმედი პრეზიდენტის, ბატონი სერჟ სარქისიანის საჯარო გამოსვლა თავდაცვის სამინისტროს ლიდერების მისამართით 2013 წლის იანვარში, რომელშიც მან განაცხადა, რომ სომხეთის საგარეო პოლიტიკის მიზანია მთიანი ყარაბახის ომში “ჩვენი არმიის” გამარჯვების სამართლებრივი აღიარების მიღწევა (72-ე პარაგრაფი მაღლა). ასევე უნდა აღინიშნოს, რომ წინამდებარე საქმეზე სომხეთის ხელისუფლებამ 1994 წლის სამხედრო თანამშრომლობის შეთანხმებაზე მითითებით აღიარა, რომ სომხეთის არმია და “მყრ”-ის თავდაცვის ძალები თანამშრომლობენ თავდაცვით ალიანსში.
179. მართალია ბატონი ჯირაირ სეფილიანი ვერ მიიჩნევა სომხეთის რესპუბლიკის ოფიციალურ წარმომადგენლად, როგორც ომის პერიოდში გამოჩენილი პოლიტიკური ფიგურისა და ყოფილი სამხედრო მეთაურის საჯარო განცხადება 2008 წლის ინტერვიუში სასამართლოსთვის გასათვალისწინებელია: “მთელმა მსოფლიომ იცის, რომ “მყრ”-ის არმია სომხეთის შეიარაღებული ძალების ნაწილია” (68-ე პარაგრაფი).
საპირისპიროდ ამისა სასამართლო აღნიშნავს, რომ ბატონი ბუკურ-მარკუს მოსაზრება (73-ე პარაგრაფი) მოპასუხე სახელმწიფომ წარმოადგინა და შესაბამისად ამ გარემოებებში სიფრთხილით განხილვას საჭიროებს.
180. “მყრ”-ში სამხედრო სამსახურში მყოფი სომეხი ჯარისკაცების რიცხვი სადავოა; მოპასუხე ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მათი რიცხვი 1500-ს არ აღემატება, ხოლო განმცხადებლები ეყრდნობიან IISS -ისა და ICG -ის მიერ 2002-2005 წლებში წარმოდგენილ ციფრებს, 8 000 ან 10 000 სომეხი სამხედრო პირი მსახურობს მთიან ყარაბახში (იხილეთ 63-ე და 65-ე პარაგრაფები მაღლა). სასამართლო საჭიროდ არ თვლის ამ საკითხის გადაწყვეტას, რადგანაც ზემოთ ჩამოთვლილ მრავალ ანგარიშსა და საჯარო გამოსვლაზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნევს, რომ სომხეთის რესპუბლიკა საკუთარი სამხედრო წარმომადგენლობით და სამხედრო აღჭურვილობისა და ექსპერტიზის მიწოდებით მნიშვნელოვნად იყო ჩართული მთიანი ყარაბახის კონფლიქტში ადრეული დღეებიდანვე. ეს სამხედრო მხარდაჭერა გადამწყვეტი იყო და კვლავ არის, დაპყრობისთვის და სადავო ტერიტორიებზე განგრძობადი კონტროლისთვის და მტკიცებულება, მინიმუმ 1994 წლის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება, დამაჯერებლად წარმოაჩენს, რომ სომხეთისა და “მყრ”-ის სამხედრო ძალები მეტად ინტეგრირებულია ერთმანეთთან.
(b) სხვა მხარდაჭერა
181. ორი ერთეულის ინტეგრაციაზე ასევე უთითებენ რიგი პოლიტიკოსებისა, რომელთაც მაღალი თანამდებობები ეკავათ სომხეთში, მას შემდეგ რაც იგივე თანამდებობებზე იყვნენ “მყრ”-ში (იხილეთ 78-ე პარაგრაფი მაღლა).“მყრ”-ისთვის სომხეთის მიერ გაწეული ზოგადი პოლიტიკური მხარდაჭერა ასევე ხილულია ზემოთ აღნიშნული საჯარო განცხადებებიდან, სომხეთის სამხედრო მონაწილეობასთან დაკავშირებით.
182. სომხეთის ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ “მყრ”-ს გააჩნდა საკუთარი კანონმდებლობა და საკუთარი დამოუკიდებელი პოლიტიკური და სასამართლო ორგანოები. თუმცა, მისი პოლიტიკური დამოკიდებულება სომხეთზე აშკარაა არა მხოლოდ ზემოთ აღნიშნული გამოჩენილი პოლიტიკოსების განცხადებებიდან, არამედ ასევე იმ ფაქტიდან, რომ მისი მაცხოვრებლები სომხეთის პასპორტებს მოიპოვებდნენ საზღვარგარეთ მგზავრობისთვის, რადგანაც “მყრ” არ არის აღიარებული რომელიმე ქვეყნის ან საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ (იხილეთ 83-ე პარაგრაფი მაღლა). კანონმდებლობასთან და მართლმსაჯულებასთან მიმართებით იკვეთება ინტეგრაციის სხვა მტკიცებულებაც. სომხეთის მთავრობამ აღიარა, რომ “მყრ”-ის რამდენიმე კანონი სომხეთის კანონმდებლობიდან არის. უფრო მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო საქმეები ზალიანი, სარქისიანი და სერებიანი სომხეთის წინააღმდეგ (Zalyan, Sargsyan and Serobyan v. Armenia) (76-ე პარაგრაფი) უთითებს არა მხოლოდ სომხეთის სამხედრო ძალების არსებობას მთიან ყარაბახში, არამედ ასევე სომხეთის სამართალდამცავი ორგანოების მოქმედებას და სომხეთის სასამართლოების იურისდიქციის გავრცელებას ამ ტერიტორიაზე. ბატონი გრიგორიანის საქმე მსგავს მინიშნებებს შეიცავს (77-ე პარაგრაფი).
183. და ბოლოს, “მყრ”-ისთვის გაწეული ფინანსური დახმარება სომხეთის მხრიდან ან მისი გავლით, არსებითია. ICG უთითებს, რომ 2005 წელს “მყრ”-ის ბიუჯეტში ხარჯების მხოლოდ 26,7 პროცენტი იფარებოდა ადგილობრივ დონეზე შეგროვებული შემოსავლებით. სომხეთის “სახელმწიფოთაშორისი სესხი” “მყრ”-ისთვის მნიშვნელოვანი რესურსის წყარო იყო, 2004 და 2005 წლებში 51 000 000 აშშ დოლარი გამოიყო. ICG-ის თანახმად, რომელიც ოფიციალურ წყაროებს ეყრდნობოდა, სესხი “მყრ”-ის ბიუჯეტის 67,3%-ს შეადგენდა 2001 წელს, ხოლო 2004 წელს 56.9%-ს. 1993 წლიდან 2005 წლამდე პერიოდში სესხის თანხიდან არაფერი დაფარულა (იხილეთ მე-80-ე და 81-ე პარაგრაფები მაღლა).
184. სხვა დახმარებას გამოყოფს “სომხეთის საერთო სომხური ფონდი” რომელმაც, სომხეთის ხელისუფლების განმარტებით დაახლოებით 111 000 000 აშშ დოლარი გამოყო “მყრ”-ში მიმდინარე პროექტებისთვის 1995 წლიდან 2012 წლამდე პერიდში. მართალია ფონდი არ არის სახელისუფლებო ორგანო და მისი რესურსები ინდივიდუალური შემოწირულობებით ივსება, აღსანიშნავია, რომ ის საპრეზიდენტო ბრძანების საფუძველზე შეიქმნა. უფრო მეტიც, სომხეთის პრეზიდენტი რწმუნებულთა გამგეობის ექს-ოფიციო პრეზიდენტია და გამგეობის წევრებს შორის არიან სომხეთისა და “მყრ”-ის როგორც მოქმედი ისე ყოფილი პრეზიდენტები და მინისტრები, ასევე სომხეთის სხვა ცნობილი თანამდებობის პირები. მართალია ეს წევრები არ ქმნიან უმრავლესობას, გამგეობის შემადგენლობიდან ნათელია, რომ სომხეთის ოფიციალური წარმომადგენლები, “მყრ”-იდან მათ კოლეგებთან ერთად, იმგვარ პოზიციას ფლობენ, რომ მნიშვნელოვანი ზეგავლენა ქონდეთ ფონდის აქტივობებზე.
185. ასევე სიმართლეა, რომ “მყრ”-ის მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა სხვა წყაროებიდან მოდის, მათ შორის აშშ-ს მთავრობისგან და სომხური დიასპორის პირდაპირი შემოწირულობებიდან. მიუხედავად ამისა, ზემოთ მითითებული მონაცემები ნათელს ხდის, რომ “მყრ” ეკონომიკურად ვერ იარსებებდა სომხეთიდან მომდინარე მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გარეშე.
(c) დასკვნა
186. ყოველივე ზემოთ აღნიშნული ააშკარავებს, რომ სომხეთის რესპუბლიკას მთიანი ყარაბახის კონფლიქტის საწყისი ეტაპიდანვე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ზეგავლენა ქონდა “მყრ”-ზე, რომ ეს ორი ერთეული მაღალი ხარისხით ინტეგრირებულია ფაქტიურად ყველა მნიშვნელვან საკითხში და ეს ვითარება დღემდე სახეზეა. სხვა სიტყვებით, “მყრ” და მისი ადმინისტრაცია არსებობს სომხეთის მიერ მისთვის გაწეული სამხედრო, პოლიტიკური, ფინანსური და სხვაგვარი მხარდაჭერის ხარჯზე, რის შედეგადაც სომხეთს ეფექტიანი კონტროლი გააჩნია მთიან ყარაბახზე და მიმდებარე ტერიტორიებზე, მათ შორის ლაჩინის რაიონზე. შესაბამისად სადავო საკითხები ექცევა სომხეთის იურისდიქციაში კონვენციის 1-ელი მუხლის მიზნებისთვის.
187. შესაბამისად, მოპასუხე სახელმწიფოს პროტესტი მთიან ყარაბახზე და მიმდებარე ტერიტორიებზე სომხეთის რესპუბლიკის იურისდიქციასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს.
V. კონვენციის 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლის სავარაუდო დარღვევა
188. განმცხადებლები ჩიოდნენ, რომ თავიანთ საკუთრებაზე კონტროლის დაკარგვა, ასევე სარგებლობის, გაყიდვის, გაჩუქების, იპოთეკით დატვირთვის, განვითარებისა და სარგებლობის პოტენციალის დაკარგვა უტოლდებოდა 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლის განგრძობად დარღვევას, მუხლისა, რომლის შინაარსიც შემდეგია:
“ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
ამასთან, წინარე დებულებები არანაირად არ აკნინებს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონები, რომელთაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის, ან გადასახდებისა თუ მოსაკრებლების ან ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად.”
A. მხარეთა წერილობითი მოსაზრებები
1. განმცხადებლები
189. განმცხადებლებმა განაცხადეს, რომ 1-ელი დამატებითი მუხლის 1-ელი მუხლის საფუძველზე მათი უფლებების დარღვევა სომხეთის რესპუბლიკის მიერ სახელისუფლებო უფლებამოსილების განხორციელების პირდაპირ შედეგს წარმოადგენდა. ისინი შიშობდნენ, რომ მათი ქონება განადგურდა ან დატაცებულ იქნა მალევე მას შემდეგ, რაც ისინი აიძულეს დაეტოვებინათ ლაჩინის რაიონი. მიუხედავად ამისა, მათი საჩივარი ეხებოდა მთელს მათ ქონებაში, მათ შორის მიწის ფლობაში, ჩარევას, რომელიც რჩებოდა ლაჩინში და რომელზეც მათ გააჩნდათ საკუთრების ან სარგებლობის უფლება. განმცხადებლები ამტკიცებდნენ, რომ მათ გამუდმებით უარს უცხადებდნენ თავიანთ საკუთრებაზე წვდომაზე და რომ ეს წარმოადგენდა ჩარევას, რომელიც შორს იდგა კანონთან შესაბამისობისგან. უფრო მეტიც, რაც არ უნდა ყოფილიყო ლაჩინის ოკუპაციის მიზანი, განმცხადებელთა სრული მოწყვეტა საკუთრებისგან და ამ საკუთრების სავარაუდო განადგურება კომპენსაციის გარეშე ვერ განიხილება ამ მიზნის მიღწევის პროპორციულად. განმცხადებლები ვერ ხედავენ რაიმე პერსპექტივას, რომ მომავალში დაუშვებენ მათ დაბრუნებას ქონებასთან ან ოკუპირებული ტერიტორიების ფარგლებში სადმე სხვაგან.
2. მოპასუხე ხელისუფლება
190. სომხეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ განმცხადებლებს არ ეზღუდებოდათ ქალაქ ლაჩინში და მის მიმდებარე სოფლებში შესვლა; ფაქტიურად მათ არასდროს უცდიათ ამ ტერიტორიებზე შესვლა გაქცევის შემდეგ და არ მიუმართავთ სომხეთის ან “მყრ”-ის ხელისუფლების ორგანოებისთვის თავიანთი უფლებების დაცვის ან აღდგენის მოთხოვნით. როგორც უკვე აღინიშნა ეროვნულ დონეზე სამართლებრივი დაცვის საშუალებების ამოწურვასთან დაკავშირებით, ეუთოს მინსკის ჯგუფის მოლაპარაკებებში სომხეთის პოზიცია, რომ გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხი შესაძლებელია განხილულ იქნას მხოლოდ მას შემდეგ რაც “მყრ”-ის სტატუსთან დაკავშირებით საბოლოო შეთანხმება შედგება, გადაადგილებულ პირებზე უთითებს, როგორც ჯგუფზე და არ არის რელევანტური ცალკეულ პირებთან მიმართებით, ვისაც შეუძლია მოიპოვოს შესვლის ვიზა, თუკი “მყრ”-ში ან სომხეთში შესვლის ლეგიტიმური საბაბი გააჩნია. “მყრ”-ში მოგზაურობა არ არის საშიში, რადგანაც ერთადერთი ღა გამშვები პუნქტი - გზა ერევნიდან სტეპანაკერტამდე, კონტაქტის ხაზიდან შორს არის განლაგებული. მოპასუხე ხელისუფლება ასევე ირწმუნება, რომ ლაჩინის, ისევე როგორც შუში/შუშას დაკავება აზერბაიჯანელების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულებისგან, კერძოდ კი სტეპანაკერტზე სამხედრო თავდასხმებისგან დაცვის კანონისმიერი აქტი იყო. ის აუცილებელი იყო სომხეთის მიმართულებით “ჰუმანიტარული კორიდორის” შესაქმნელად, რადგანაც მთიან ყარაბახში მრავალი ადამიანი იყო მოკლული და მრავალი იდგა შიმშილით სიკვდილის საფრთხის წინაშე. კვლავ განმარტავდნენ რა, რომ სომხეთის რესპუბლიკა პასუხს არ აგებდა განმცხადებლების მიერ წარმოდგენილი ბრალდებებისთვის, ისინი ამტკიცებდნენ, რომ 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლის დარღვევას ადგილი არ ქონია.
3. აზერბაიჯანის ხელისუფლება, მესამე მხარე
191. აზერბაიჯანის ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ განმცხადებლების გამოძევება სადავო ოკუპირებული ტერიტორიებიდან არ მომხდარა რაიმე სამართლებრივ აქტზე დაყრდნობით, არამედ ისინი იძულებული გახდნენ გაქცეულიყვნენ სომხეთის სამხედრო ძალების მოქმედების შედეგად. მათ ფიზიკურად კვლავ ეზღუდებოდათ ტერიტორიებზე შესვლა და მათი საკუთრებით სარგებლობა, საკონტაქტო ხაზზე სომხეთის სამხედრო ძალების განლაგებითა და სახმელეთო ჭურვების განთესვით, ამავდროულად სომხებისათვის იმ ტერიტორიებზე დასახლებისთვის წახალისებების შეთავაზებით. ეს ვითარება ასევე წარმოჩინდა ეუთოს მინსკის ჯგუფის მოლაპარაკებების ფარგლებში დაბრუნების თაობაზე სომხეთის პოზიციაში. რეალურად დაქვემდებარებული ადგილობრივი ადმინისტრაციის მიმართ სომხეთის დახმარების ხარისხი და ძალა არა თუ შემცირდა, არამედ გაძლიერდა წლების განმავლობაში. შესაბამისად, აზერბაიჯანის ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ სომხეთის რესპუბლიკა იყო პასუხისმგებელი 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლის საფუძველზე განმცხადებლების უფლებების განგრძობადი დარღვევისთვის.
B. სასამართლოს შეფასება
192. სასამართლო პირველ ყოვლისა მიუთითებს მის ზემოთ მითითებულ მიგნებაზე (იხილეთ 149-ე პარაგრაფი), რომ მართალია გაურკვეველია განმცხადებლების სახლები არსებობს თუ არა, ყველა მათგანს უფლება აქვს თავიანთ მიწის ნაკვეთებზე, რაც 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლის მნიშვნელობისთვის “საკუთრებას” წარმოადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ გასაჩივრებული საკითხები ექცევა სომხეთის რესპუბლიკის იურისდიქციაში (იხილეთ 186-ე პარაგრაფი), შესასწავლ საკითხს წარმოადგენს, პასუხისმგებელია თუ არა სომხეთი განმცხადებლების საკუთრების უფლების დარღვევაზე.
193. განმცხადებლები იძულებული გახდნენ დაეტოვებიათ ლაჩინის რაიონი 1992 წლის მაისში სამხედრო თავდასხმის შედეგად. თუმცა სასამართლოს ამოცანაა არა ამ მოვლენის შესწავლა, არამედ იმის განსაზღვრა განმცხადებლებს უარი ეთქვათ თუ არა მათ საკუთრებაზე ხელმისაწვდომობაზე 2002 წლის 26 აპრილის, სომხეთის მიერ კონვენციის რატიფიცირების შემდეგ და შესაბამისად ისინი განიცდიდნენ თუ არა მათი უფლებების განგრძობად დარღვევას. მანამდელი მოვლენები შესაძლოა კვლავ მიუთითებდეს ამგვარ განგრძობად ვითარებაზე.
194. როგორც ზემოთ აღინიშნა (იხილეთ 119-121 პარაგრაფები), არც სომხეთის რესპუბლიკაში და არც “მყრ”-ში ეროვნულ დონეზე სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალებები არ გამოკვეთილა. შესაბამისად, განმცხადებლებს არ ქონდათ წვდომა რაიმე სამართლებრივ საშუალებებზე, რითაც შეძლებდნენ ქონების დაკარგვის კომპენსაციის მიღებას ან რაც უფრო მნიშვნელოვანია წინამდებარე კონტექსტში, რითაც მოიპოვებდნენ ფიზიკურ წვდომას იმ ადგილებში, სადაც ცხოვრობდნენ და იმ ქონებასა და სახლებზე, რომლებიც დატოვეს. წვდომაზე მუდმივი უარი ასევე გამოჩნდა მოპასუხე სახელმწიფოს მტკიცებაში, მართალია დაუდასტურებელში, იმის შესახებ, რომ განმცხადებლების ქონება და სავარაუდოდ სხვა გადაადგილებული პირების საკუთრება “მყრ”-ის ადმინისტრაციამ გადაუნაწილა სხვა ფიზიკურ პირებს, რომლებიც რეგისტრირებული იყვნენ მიწის რეესტრში.
195. უფრო მეტიც, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებიდან ოც წელში კონფლიქტის დროს გადაადგილებული პირები ვერ ახერხებდნენ მთიან ყარაბახსა და მიმდებარე ტერიტორიებზე დაბრუნებას. აღნიშნულთან მიმართებით სასამართლო უთითებს გაეროს გენერალური ასამბლეისა და ევროპული პარლამენტის რეზოლუციებზე (იხილეთ 67-ე და 69-ე პარაგრაფები მაღლა). სასამართლოს აზრით არ არის რეალური, რომ არაფერი ვთქვათ შესაძლებლობაზე, აზერბაიჯანელებისთვის პრაქტიკაში დაუბრუნდნენ ამ ტერიტორიებს იმ გარემოებებში, რომლებიც სახეზეა ამ პერიოდში და რომელიც გულისხმობს სომხებისა და სომხების ძალაზე დამყარებული სამხედრო ძალების მუდმივად არსებობას, კონფლიქტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევებს, საყოველთაოდ მტრულ ურთიერთობებს სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის და პოლიტიკური გადაწყვეტის პერსპექტივის უქონლობას ახლო მომავალში.
196. შესაბამისად ადგილი ქონდა განმცხადებლების 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლით გათვალისწინებულ უფლებებში ჩარევას, რადგანაც მუდმივად ეზღუდებოდათ თავიანთ ქონებაზე წვდომა და შესაბამისად დაკარგეს მასზე კონტროლი და რაიმე შესაძლებლობა ესარგებლათ და სარგებელი მიეღოთ მისგან (იხილეთლუიზიდუ თურქეთის წინააღმდეგ (Loizidou v. Turkey), ციტირება მაღლა, § 63). ეს უტოლდება მათ მიერ საკუთრებით მშვიდობიანად სარგებლობაში ჩარევას.
197. სომხეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ლაჩინის დაკავება და სომხეთსა და მთიან ყარაბახს შორის სახმელეთო საზღვრის შექმნა კანონისმიერი თავდაცვის აქტი იყო. სასამართლო იზიარებს საჩივრებს, რომ ლაჩინის რაიონი სამხედრო სტრატეგიული მნიშვნელობის იყო და რომ არსებობდა მთიანი ყარაბახისთვის საკვების, მედიკამენტებისა და სხვა აღჭურვილობის მიწოდების საჭიროება. თუმცა, ეს გარემოებები გამოდგებოდა თუ არა ამ ტერიტორიის მაცხოვრებელთა ინდივიდუალურ უფლებებში ჩარევის გამართლებად, ლაჩინის დაკავებას 1992 წლის მაისში პირდაპირი ზეგავლენა არ ქონდა შესასწავლ საკითხთან, რაც გულისხმობს შემდეგს, განმცხადებლების შეუძლებლობა დაბრუნებულიყვნენ და შედეგად განგრძობადი უარი თავიანთ ქონებაზე წვდომაზე შეიძლება თუ არა ჩაითვალოს გამართლებულად.
198. სასამართლო ასევე არ მიიჩნევს, რომ ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებები განმცხადებლების უფლებებში ჩარევის გამართლებას წარმოადგენს. ეს მოლაპარაკებები არ ათავისუფლებს მოპასუხე სახელმწიფოს ვალდებულებისგან მიიღოს სხვა ზომები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოლაპარაკებები ასე ხანგრძლივად მიმდინარეობდა (იხილეთmutatis mutandis, ლუიზიდუ (Loizidou), ციტირება მაღლა, § 64; კვიპროსი თურქეთის წინააღმდეგ (Cyprus v. Turkey), ციტირება მაღლა, § 188). აღნიშნულთან მიმართებით სასამართლო უთითებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე 1708 (2010) “ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ქონებასთან დაკავშირებით საკითხების გადაჭრის თაობაზე” რომელიც შესაბამის საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს “უზრუნველყონ ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მიერ მიტოვებულ საცხოვრისზე, მიწასა და ქონებაზე წვდომისა და უფლებების დაკარგვისთვის დროული და ეფექტიანი დაკმაყოფილება მიუხედავად მიმდინარე მოლაპარაკებებისა კონკრეტული ტერიტორიების სტატუსთან დაკავშირებით მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის გადაწყვეტის შესახებ” (იხილეთ მე-100-ე პარაგრაფი მაღლა).
199. სახელმძღვანელო მითითება იმის თაობაზე, თუ რომელი ღონისძიებები შეუძლია და უნდა გაატაროს მოპასუხე სახელმწიფომ განმცხადებლის საკუთრების უფლებების დასაცავად შესაძლოა ამოღებულ იქნას შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებიდან, კერძოდ კი გაეროს პინჰეიროს პრინციპებიდან (იხილეთ 98-ე პარაგრაფი მაღლა) და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზემოთ მითითებული რეზოლუციიდან. ამ ეტაპზე და ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების მოლაპარაკებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნებოდა საკუთრებასთან დაკავშირებული საჩივრების განხილვის მექანიზმის შექმნა, რომელიც უნდა იყოს მარტივად ხელმისაწვდომი და უზრუნველყოფდეს პროცედურებს მოქნილი მტკიცებულებითი სტანდარტებით, რაც შესაძლებლობას მისცემს განმცხადებლებს და სხვებს მათ მდგომარეობაში აღიდგინონ თავიანთი საკუთრების უფლებები და მოიპოვონ კომპენსაცია ამ უფლებებით სარგებლობის დაკარგვისთვის.
200. სასამართლოსთვის სრულად არის ცნობილი, რომ მოპასუხე სახელმწიფო უნდა დაეხმაროს ასეულ ათასობით სომეხ ლტოლვილსა და იძულებით გადაადგილებულ პირებს. თუმცა, მართალია ამ დიდი ჯგუფისთვის დახმარების საჭიროება მნიშვნელოვან რესურსებს საჭიროებს, ამ ჯგუფის დაცვა არ ათავისუფლებს მოპასუხე მთავრობას სხვა ჯგუფის, კერძოდ კი განმცხადებლების მსგავსად კონფლიქტის დროს გაქცეული აზერბაიჯანის მოქალაქეების წინაშე არსებული ვალდებულებისგან. აღნიშნულთან მიმართებით მითითება კეთდება დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპზე, რომელიც ასახულია ზემოთ ხსენებული პინჰეიროს პრინციპების მე-3 მუხლში. და ბოლოს, სასამართლო ადგენს, რომ განსახილველი სიტუაცია აღარ არის გადაუდებელი ვითარება, მაგრამ განაგრძობს არსებობას უკვე ძალიან დიდი ხანია.
201. თუკი შევაჯამებთ განსახილველ პერიოდს, კერძოდ კი 2002 წლის 26 აპრილიდან, არ გამოიკვეთა მიზანი, რაც გაამართლებდა განმცხადებლებისთვის მათ საკუთრებაზე წვდომაზე უარს და კომპენსაციის არ არსებობას ამ ჩარევისთვის. შედეგად, სასამართლო ადგენს, რომ ადგილი ქონდა და კვლავ სახეზეა 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლის საფუძველზე განმცხადებლების უფლებების დარღვევა, რაზეც სომხეთის რესპუბლიკაა პასუხისმგებელი.
VI. კონვენციის მე-8 მუხლის სავარაუდო დარღვევა
202. განმცხადებლები ამტკიცებდნენ, რომ შესაძლებლობის არ ქონა დაბრუნებოდნენ ლაჩინის რაიონს მოიცავდა ასევე სახლისა და კერძო და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების განგრძობად დარღვევას. ისინი უთითებდნენ მე-8 მუხლზე, რომელიც შემდეგი შინაარსისაა:
“1. ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას.
2. დაუშვებელია ამ უფლების განხოციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღებოსი ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალისა თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.”
A. მხარეთა წერილობითი მოსაზრებები
1. განმცხადებლები
203. განმცხადებლების საჩივრის საფუძველი დიდწილად იგივე იყო რაც 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლის საფუძველზე წარდგენილი საჩივრისა: ისინი ამტკიცებდნენ, რომ მოპასუხე ხელისუფლების მუდმივი უარი მათთვის ლაჩინის რაიონში დაბრუნების შესაძლებლობაზე ასევე არღვევდა მათ უფლებებს მე-8 მუხლის საფუძველზე. აღნიშნულთან მიმართებით მათ მიუთითეს საქმეზე კვიპროსი თურქეთის წინააღმდეგ (Cyprus v. Turkey) (ციტირება მაღლა). მიჯნავდნენ რა თავიანთ შემთხვევას საქმისგან ლუიზიდუ თურქეთის წინააღმდეგ (Loizidou v. Turkey) (ციტირება მაღლა), განმცხადებლებმა მიუთითეს, რომ ქალბატონი ლუიზიდუსგან განსხვავებით ისინი მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ ლაჩინის ტერიტორიაზე და დაიმკვიდრეს თავიანთი სახლები და პირადი და ოჯახური ცხოვრება იქვე. შესაბამისად არ იკვეთებოდა 8.2 მუხლის საფუძველზე მათ უფლებებში ჩარევის გამართლება.
2. მოპასუხე ხელისუფლება
204. სომხეთის ხელისუფლების წერილობითი მოსაზრებები ასევე არსებითად ეყრდნობოდა არგუმენტებს 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლის საფუძველზე. ამასთან ისინი ამტკიცებდნენ, რომ ვინაიდან სავარაუდოდ განმცხადებლების საკუთრებაში არსებული სახლები და სხვა ქონება განადგურდა 1992 წელს, განმცხადებლები ვერ ამტკიცებენ, რომ ჰქონდათ პირადი ან ოჯახური ცხოვრება ან სახლი სადავო ტერიტორიაზე ამ დროის შემდეგ. ამ არგუმენტის გასამყარებლად მოპასუხე ხელისუფლებამ განმცხადებლების საქმე შეადარა საქმეს ლუიზიდუ თურქეთის წინააღმდეგ (Loizidou v. Turkey) (ციტირება მაღლა) და მიუთითა სასამართლოს მიგნებაზე (გადაწყვეტილების66-ე პარაგრაფში): “მე-8 მუხლში “სახლის” ცნების მნიშვნელობას შელახავს მისი განვრცობა იმგვარ ქონებაზე რომელზეც დაგეგმილია სახლის მშენებლობა საცხოვრებელი მიზნებით. ეს ტერმინი ასევე ვერ განიმარტება, როგორც სახელმწიფოს იმ ნაწილის მომცველი, სადაც პირი გაიზარდა და მისი ოჯახი იყო წარმოშობით, მაგრამ სადაც ის უკვე აღარ ცხოვრობს.” ნებისმიერ შემთხვევაში მოპასუხე სახელმწიფო ამტკიცებდა, რომ სადავო ჩარევა კანონისმიერი იყო და აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში: “მყრ”-ის გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი “ჰუმანიტარული კორიდორის” უზრუნველსაყოფად ლაჩინზე კონტროლის დამყარება ეროვნული უშიშროების, საჯარო უსაფრთხოებისა და ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებს ემსახურებოდა.
3. აზერბაიჯანის ხელისუფლება, მესამე მხარე
205. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ განმცხადებლების პოზიციას დაუჭირა მხარი.
B. სასამართლოს შეფასება
206. მე-8 მუხლის საფუძველზე “პირადი ცხოვრების”, “ოჯახური ცხოვრებისა” და “სახლის” ცნებები, ისევე როგორც “საკუთრება” 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლის საფუძველზე, ავტონომიური კონცეფციებია; მათი დაცვა დამოკიდებულია არა ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ კლასიფიკაციაზე, არამედ საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე. როგორც ზემოთ აღინიშნა (137-ე და 150-ე პარაგრაფებში) ყველა განმცხადებელი დაიბადა ლაჩინის რაიონში. 1992 წლის მაისში გაქცევამდე ისინი ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ იქ მთელი თავიანთი ცხოვრების ან მისი ნაწილის მანძილზე. თითქმის ყველა მათგანი დაქორწინდა და შვილები შეეძინა ამ რაიონში. უფრო მეტიც, ისინი სარჩოს გამოიმუშავებდნენ იქ და მათი წინაპრებიც იქ ცხოვრობდნენ. ასევე მათ ააშენეს და საკუთრებაში ქონდათ სახლები, სადაც ცხოვრობდნენ. შესაბამისად ნათელია, რომ განმცხადებლებს გააჩნდათ ხანგრძლივი დროის მანძილზე დამკვიდრებული ცხოვრება და სახლები ამ რაიონში და მათი მდგომარეობა ვერ შეედრება ქალბატონი ლუიზიდუს მდგომარეობას საქმეზე ლუიზიდუ თურქეთის წინააღმდეგ (Loizidou v. Turkey) (ციტირება მაღლა). განმცხადებლებს ნებაყოფლობით არ აურჩევიათ სხვაგან ცხოვრება, არამედ იძულებით გადაადგილებული პირების სტატუსით ცხოვრობდნენ ბაქოში და სხვა ადგილებში, აუცილებლობიდან გამომდინარე. საქმის ამ გარემოებებში მათი იძულებით გადაადგილება და ლაჩინის რაიონში არანებაყოფლობით არ ყოფნა ვერ განიხილება რაიონთან მათი კავშირის გაწყვეტად, მიუხედავად იმ დროისა რაც გავიდა გაქცევის შემდგომ.
207. იგივე არგუმენტებზე დაყრდნობით რაც წარმოდგენილია 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელ მუხლში, სასამართლო ადგენს, რომ განმცხადებლების სახლებზე წვდომა წარმოადგენს მათი პირადი და ოჯახური ცხოვრების, ასევე მათი სახლების პატივისცემის უფლებაში გაუმართლებელ ჩარევას.
208. შესაბამისად სასამართლო ასკვნის, რომ ადგილი ქონდა კონვენციის მე-8 მუხლის საფუძველზე განმცხადებლების უფლებების დარღვევას, რაც კვლავ გრძელდება და რომ სომხეთის რესპუბლიკაა ამისთვის პასუხისმგებელი.
VII. კონვენციის მე-13 მუხლის სავარაუდო დარღვევა
209. განმცხადებლები ამტკიცებდნენ, რომ მათთვის ხელმისაწვდომი არ იყო სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალებები მათ საჩივრებთან მიმართებით. ისინი ეყრდნობოდნენ მე-13 მუხლს, რომელიც შემდეგი შინაარსისაა:
“ყველას, ვისაც დაერღვა ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები, უნდა ჰქონდეს სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება ეროვნული ხელისუფლებისაგან, თუნდაც ეს დარღვევა ჩაიდინოს პირმა, რომელიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებდა.”
A. მხარეთა წერილობითი მოსაზრებები
1. განმცხადებლები
210. განმცხადებლები ამტკიცებდნენ, რომ სამართლებრივი დაცვის არანაირი საშუალება არ იყო ხელმისაწვდომი ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებული პირებისთვის. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ ვინაიდან არ იყვნენ ეთნიკური სომხები, სრულიად უშედეგო იქნებოდა მათთვის სომხეთის რესპუბლიკის ან “მყრ”-ის სახელმწიფო ორგანოებისგან სათანადო ანაზღაურების მოთხოვნა. მათი აზრით არ არსებობდა სამართლებრივი დაცვის საშუალება რაც თეორიასა და პრაქტიკაში ხელმისაწვდომი იქნებოდა მათ საჩივრებთან მიმართებით. ეროვნულ დონეზე სამართლებრივი დაცვის საშუალებების არ არსებობა მეტად ხილული გახდა მას შემდეგ რაც გასათვალისწინებელი გახდა ის ფაქტი, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების უფლების საკითხი მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესის მხარეთა ძირითადი უთანხმოების საგანს წარმოადგენდა და შესაბამისად გადაუჭრელი რჩებოდა.
2. მოპასუხე ხელისუფლება
211. სომხეთის ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ განმცხადებლებისთვის ხელმისაწვდომი იყო ეფექტიანი ადმინისტრაციული და სასამართლო საშუალებები, როგორც სომხეთის რესპუბლიკაში ისე “მყრ”-ში, რომელიც არ ასხვავებდა იძულებით გადაადგილებულ და სხვა სტატუსის მქონე პირებს. რაც შეეხება სამართლებრივი დაცვის საშუალებებს “მყრ”-ში, მოპასუხე სახელმწიფომ მიუთითა სასამართლოს დადგენილებაზე საქმეზე კვიპროსი თურქეთის წინააღმდეგ (Cyprus v. Turkey) (ციტირება მაღლა, 98-ე პარაგრაფი) და ამტკიცებდა, რომ საერთაშორისო დონეზე არ აღიარებული ერთეულის სამართლებრივი დაცვის საშუალებები უნდა ამოიწუროს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი არ არსებობა ან არაეფექტიანობა შეიძლება დამტკიცდეს. მოპასუხე სახელმწიფომ ასევე მიუთითა ეროვნულ დონეზე სამართლებრივი დაცვის საშუალებების ამოწურვის შესახებ არგუმენტებსა და საქმეთა მაგალითებზე და ირწმუნებოდა, რომ განმცხადებლებმა ვერ შეძლეს ესარგებლათ სამართლებრივი დაცვის საშუალებებით და ვერ წარმოადგინეს მტკიცებულება იმისა, რომ სამართლებრივი დაცვის საშუალებები არ არსებობდა ან არაეფექტიანი იყო.
3. აზერბაიჯანის ხელისუფლება, მესამე მხარე
212. აზერბაიჯანის ხელისუფლება არსებითად დაეთანხმა განმცხადებლების მიერ წარმოდგენილ არგუმენტებს. ამასთან მიუთითეს რა საქმეზე დოგანი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ (Doğan and Others v. Turkey) (ციტირება მაღლა, § 106), ისინი ამტკიცებდნენ, რომ სომხეთმა არა მხოლოდ ვერ შეძლო ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის საშუალების უზრუნველყოფა, არამედ ვერ შეძლო გამოძიების წარმართვა მათ მიმართ, ვინც პასუხისმგებელი იყო ქონებასა და სახლებზე ხელმისაწვდომობაზე უარისთვის.
B. სასამართლოს შეფასება
213. სასამართლომ უკვე დაადგინა 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლისა და კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა განმცხადებლებისთვის ქონებასა და სახლებზე ხელმისაწვდომობაზე განგრძობად უართან მიმართებით. შესაბამისად მათი საჩივრები მე-13 მუხლის მიზნებისთვის “დავის საფუძვლის მქონეა” (იხილეთ მაგალითად დოგანი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ (Doğan and Others v. Turkey) ციტირება მაღლა, 163-ე პარაგრაფი).
214. წინამდებარე საჩივარი მოიცავს იგივე ან მსგავს ელემენტებს, რომლებიც უკვე განხილულ იქნა ეროვნულ დონეზე სამართლებრივი დაცვის საშუალებების ამოწურვასთან დაკავშირებული პროტესტის კონტექსტში. სასამართლო კვლავ განმარტავს მის ზემოთ აღწერილ მითითებას იმის შესახებ, რომ მოპასუხე ხელისუფლებამ ვერ ზიდა მტკიცების ტვირთი იმის თაობაზე, რომ განმცხადებლებისთვის ხელმისაწვდომი იყო სამართლებრივი დაცვის საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფდა დაკმაყოფილებას კონვენციასთან მიმართებით მათ საჩივრებზე და შესთავაზებდა წარმატების გონივრულ პერსპექტივას (იხილეთ 120-ე პარაგრაფი მაღლა). იგივე საფუძვლებით სასამართლო ადგენს, რომ სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება არ არსებობდა ლაჩინის რაიონში არსებულ ქონებასა და სახლებზე განმცხადებლებისთვის ხელმისაწვდომობის შეზღუდვასთან მიმართებით.
215. შესაბამისად სასამართლო ასკვნის, რომ ადგილი ქონდა და კვლავ გრძელდება კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევა და ამ დარღვევისთვის პასუხისმგებელია სომხეთის რესპუბლიკა.
VIII. კონვენციის მე-14 მუხლი სავარაუდო დარღვევა
216. განმცხადებლები ამტკიცებდნენ, რომ ზემოთ წარმოდგენილ საჩივრებთან მიმართებით ისინი დაექვემდებარნენ დისკრიმინაციას მოპასუხე ხელისუფლების მხრიდან ეთნიკური და რელიგიური კუთვნილების ნიშნით. ისინი ეყრდნობოდნენ მე-14 მუხლს, რომელიც შემდეგი შინაარსისაა:
“ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედუელებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნისა.”
A. მხარეთა წერილობითი მოსაზრებები
1. განმცხადებლები
217. განმცხადებლები ამტკიცებდნენ, რომ ისინი რომ ყოფილიყვნენ ეთნიკური სომხები და ქრისტიანები და არა აზერბაიჯანელი ქურთები და მუსლიმები, მათ არ გამოაძევებდნენ თავიანთი სახლებიდან სომხური სამხედრო ძალები. ისინი უთითებდნენ ბატონო დავიდ ატკინსონის ანგარიშზე და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე, რომლის თანახმად “სამხედრო მოქმედებამ და ფართოდ გავრცელებულმა ეთნიკურმა დაპირისპირებამ, რომელიც ამას წინ უძღვოდა განაპირობა ფართო მაშტაბიანი ეთნიკური გაძევება და მონოეთნიკური სივრცის შექმნა, რაც ქმნის ეთნიკური წმენდის საშინელ კონცეფციას” (იხილეთ 64-ე პარაგრაფი მაღლა). ასევე განმცხადებლები ამტკიცებდნენ, რომ ისინი დაექვემდებარნენ სომხეთის რესპუბლიკის მხრიდან არაპირდაპირ დისკრიმინაციას, ვინაიდან სომეხი სამხედრო პირების და სომხეთის მხარდაჭერით ყარაბახის სამხედრო ძალების ქმედებებს უდიდესი ზეგავლენა ქონდა აზერბაიჯანელ ქურთებზე, რომლებიც გამოკვეთილ ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ.
2. მოპასუხე ხელისუფლება
218. სომხეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კონვენციის მე-14 მუხლიდან გამომდინარე საკითხები არ გამოკვეთილა, რადგანაც განმცხადებლების მიერ მითითებული სხვა მუხლების დარღვევას არ ქონდა ადგილი. ნებისმიერ შემთხვევაში განმცხადებლები არ დაქვემდებარებია დისკრიმინაციულ მოპყრობას, რადგანაც ლაჩინში სამხედრო მოქმედებები ემსახურებოდა მხოლოდ სომხეთსა და მთიან ყარაბახს შორის “ჰუმანიტარული კორიდორის” გახსნას და არ იყო მიმართული ამ რაიონის მაცხოვრებელთა წინააღმდეგ, მიუხედავად მათი ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა. უფრო მეტიც, ქურთები სომხეთის რესპუბლიკაში თუ “მყრ”-ში არასდროს დაქვემდებარებიან დისკრიმინაციას და სომხეთში ამჟამად მაცხოვრებელი დაახლოებით 1500 ქურთი მოსახლე აქტიურად მონაწილეობს სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში და სარგებლობს ყველა უფლებით.
3. აზერბაიჯანის ხელისუფლება, მესამე მხარე
219. აზერბაიჯანის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ “მყრ”-სა და მიმდებარე ტერიტორიებზე სამხედრო მოქმედებების მიზანი იყო მონოეთნიკური სივრცის შექმნა. ისინი ასევე ამტკიცებდნენ, რომ განმცხადებლებს და სხვა აზერბაიჯანელ იძულებით გადაადგილებულ პირებს კვლავ ეზღუდებოდათ თავიანთ სახლებში და ქონების დაბრუნება, ხოლო სომხებს სხვადასხვა წახალისებებს თავაზობდნენ (მათ შორის უფასო საცხოვრებელს, ფულს, საქონელს და საგადასახადო შეღავათებს) ამ ტერიტორიაზე, განსაკუთრებით ლაჩინში დასახლებისთვის. მესამე მხარემ ასევე განაცხადა, რომ აზერბაიჯანელი ქურთები განსხვავდებიან სომხეთში მაცხოვრებელი ქურთებისგან იმით, რომ პირველნი მუსლიმები არიან, ხოლო უკანასკნელნი იეზიდური რელიგიის მიმდევრები.
B. სასამართლოს შეფასება
220. სასამართლოს მიერ წინამდებარე საქმეზე 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლისა და კონვენციის მე-8 და მე-13 მუხლების დარღვევა უკავშირდება ზოგად ვითარებას, რაც გულისხმობს მთიანი ყარაბახიდან და მიმდებარე ტერიტორიიდან ფაქტიურად ყველა აზერბაიჯანის მოქალაქის და სავარაუდოდ მათი უმრავლესობა მუსლიმია, გაქცევას და მათი მხრიდან ამ ტერიტორიებზე დაბრუნების შეუძლებლობას. განმცხადებლების საჩივარი კონვენციის მე-14 მუხლთან მიმართებით არსებითად დაკავშირებულია სხვა საჩივრებთან. შესაბამისად სხვა ნორმებთან მიმართებით დადგენილი დარღვევების ჭრილში სასამართლო მიიჩნევს, რომ მე-14 მუხლთან მიმართებით ცალკე საკითხი არ იკვეთება (იხილეთ მაგალითად, კვიპროსი თურქეთის წინააღმდეგ (Cyprus v. Turkey), ციტირება მაღლა, § 199; ხენიდეს არესტისი თურქეთის წინააღმდეგ (Xenides-Arestis v. Turkey), # 46347/99, § 36, 22 დეკემბერი, 2005; კატანი და სხვები (Catan and Others), ციტირება მაღლა, § 160).
IX. კონვენციის 41-ე მუხლის მოქმედება
221. კონვენციის 41-ე მუხლი შემდეგი შინაარსისაა:
“თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია და მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სასამრთლო დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფიელბას მიაკუთვნებს.”
222. განმცხადებლები ითხოვენ მატერიალური ზიანის ანაზღაურებას ინდივიდუალური გაანგარიშებით, 808 950-დან 2 093 050 აზერბაიჯანული (ახალი) მანათის (AZN) ჩათვლით, რაც ჯამში ექვსივე განმცხადებლისთვის არის 8 386 600AZN. ეს თანხა დაახლოებით 7 900 000 ევროს შეადგენს. ამასთან თითოეული მათგანი ითხოვს არამატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით 50 000 ევროს. და ბოლოს, სამართლებრივი ხარჯები და დანახარჯები 2013 წლის 6 ოქტომბრის მდგომარეობით 41 703,37 ფუნტ სტერლინგს შეადგენდა. თუმცა 2014 წლის 22 იანვარს სასამართლო განხილვისას განმცხადებლების წარმომადგენლებმა მოითხოვეს ექსპერტის დანიშვნა, განმცხადებლების მიერ განცდილი ზიანის შეფასებასთან დაკავშირებით მოსაზრების წარმოსადგენად.
223. მოპასუხე სახელმწიფო არ დაეთანხმა განმცხადებლების არცერთ მოთხოვნას.
224. სასამართლო საქმის განსაკუთრებული ბუნების გათვალისწინებით ადგენს, რომ 41-ე მუხლის მოქმედების შესახებ საკითხი არ არის მზად გადაწყვეტილების მისაღება. შესაბამისად ეს საკითხი უნდა შეჩერდეს და განისაზღვროს მომდევნო პროცედურა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო
1. 14 ხმით 3-ის წინააღმდეგ არ აკმაყოფილებს მოპასუხე სახელმწიფოს წინასწარ პროტესტს ეროვნულ დონეზე სამართლებრივი დაცვის საშუალებების არ ამოწურვის თაობაზე;
2. 15 ხმით 2-ის წინააღდეგ არ აკმაყოფილებს მოპასუხე სახელმწიფოს წინასწარ პროტესტს განმცხადებლის დაზარალებულის სტატუსთან დაკავშირებით;
3. 14 ხმით 3-ის წინააღმდეგ ადგენს, რომ გასაჩივრებული საკითხები ექცევა სომხეთის რესპუბლიკის იურისდიქციაში და არ აკმაყოფილებს მოპასუხე სახელმწიფოს წინასწარ პროტესტს იურისდიქციასთან დაკავშირებით;
4. 15 ხმით 2-ის წინააღმდეგ ადგენს რომ ადგილი ქონდა კონვენციის 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლის განგრძობად დარღვევას;
5. 15 ხმით 2-ის წინააღმდეგ ადგენს რომ ადგილი ქონდა კონვენციის მე-8 მუხლის განგრძობად დარღვევას;
6. 14 ხმით 3-ის წინააღმდეგ ადგენს რომ ადგილი ქონდა კონვენციის მე-13 მუხლის განგრძობად დარღვევას;
7. 16 ხმით 1-ის წინააღმდეგ ადგენს რომ ადგილი ქონდა კონვენციის მე-14 მუხლის განგრძობად დარღვევას;
8. 15 ხმით 2-ის წინააღმდეგ ადგენს რომ 41-ე მუხლის მოქმედების შესახებ საკითხი არ არის მზად გადაწყვეტილებისთვის და შესაბამისად
(a) აჩერებს ამ საკითხის გადაწყვეტას;
(b) უხმობს სომხეთის ხელისუფლებას და განმცხადებლებს, ამ გადაწყვეტილების შეტყობინებიდან თორმეტი თვის განმავლობაში წარმოადგინონ მათი წერილობითი მოსაზრებები აღნიშნულ საკითზე და კერძოდ კი შეატყობინონ სასამართლოს მათ შორის ნებისმიერი შეთანხმების შესახებ;
(c) აჩერებს შემდგომ პროცედურას და საჭიროებისამებრ იგივეს გადაწყვეტის უფლებამოსილებას გადასცემს სასამართლოს თავმჯდომარეს.
შესრულებულია ინგლისურ და ფრანგულ ენებზე და გამოცხადდა საჯარო მოსმენაზე ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგში, 2015 წლის 16 ივნისს.
მაიკლ ობოილედინ სპიელმანი
მდივნის მოადგილეთავმჯდომარე
კოვენციის 45.2 მუხლისა და სასამართლოს რეგლამენტის 74.2 მუხლის შესაბამისად ამ გადაწყვეტილებას თან ერთვის შემდეგი განსხვავებული მოსაზრებები:
(a) მოსამართლე მოტოკის საპირისპირო მოსაზრება;
(b) მოსამართლე ზიემელეს ნაწილობრივ საპირისპირო და ნაწილობრივ დამადასტურებელი მოსაზრება;
(c) მოსამართლე ჰაჯიევის ნაწილობრივ საპირისპირო მოსაზრება;
(d) მოსამართლე გიულუმიანის საპირისპირო მოსაზრება;
(e) მოსამართლე პინტო დე ალბუკერკეს საპირისპირო მოსაზრება.
D.S.
M.O’B.
განსხვავებული მოსაზრებები არ ითარგმნა, თუმცა ინგლისურ და/ან ფრანგულ ენაზე თან ერთვის გადაწყვეტილების ოფიციალურ ვერსიას, რომელიც განთავსებულია [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზაში HUDOC.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015 წელი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენაა ინგლისური და ფრანგული. თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს და სასამართლო არ არის პასუხისმგებელი თარგმანის ხარისხზე. თარგმანის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის საძიებო მონაცემთა ბაზიდან - HUDOC () ან ნებისმიერი სხვა წყაროდან, რომელსაც სასამართლომ გაუზიარა თარგმანი. თარგმანის არაკომერციული მიზნით გავრცელება დასაშვებია იმ პირობით, თუ მითითებულია საქმის სრული სახელწოდება და მინიშნება ადამიანის უფლებათა მიზნობრივ ფონდზე. თუკი იგეგმება თარგმანის ნებისმიერი ნაწილის გამოყენება კომერციული მიზნით, გთხოვთ, დაგვიკავშირდით publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015.
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2015.
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@
[1]. იხილეთ მაგალითად, ე. ბენვენისტი, „ოკუპაციის საერთაშორისო სამართალი“, (E. Benvenisti, “The International Law of Occupation” (Oxford: Oxford University Press, 2012), გვ. 43; ი. არაი-ტაკაჰაში, „ოკუპაციის სამართალი: საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უწყვეტობა და ცვლილება და მისი ურთიერთქმედება საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალთან“ (Y. Arai-Takahashi, “The Law of Occupation: Continuity and Change of International Humanitarian Law, and Its Interaction with International Human Rights Law (Leiden: Martinus Nijhoff Publishers, 2009), გვ. 5-8; ი.დინსტეინი „აგრესიული ოკუპაციის საერთაშორისო სამართალი“ (Y. Dinstein, “The International Law of Belligerent Occupation” (Cambridge: Cambridge University Press, 2009) გვ. 42-45, §§ 96-102; და ა. რობერტსი, „ტრანსფორმაციული სამხედრო ოკუპაცია: ომისა და ადამიანის უფლებათა სამართლის მოქმედება“ (A. Roberts, “Transformative Military Occupation: Applying the Laws of War and Human Rights”, 100 American Journal of International Law 580 (2006), გვ. 585-586.
[2]. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) კონსულტანტ ექსპერტთა უმრავლესობა ოკუპაციისა და უცხო ტერიტორიის ადმინისტრირების სხვა ფორმების შესახებ პროექტის ფარგლებში თანხმდებოდა, რომ ‘მიწაზე ჩექმა’ აუცილებელია ოკუპაციის დასადგენად - იხილეთ ტ. ფერარო, „ოკუპაცია და უცხო ტერიტორიის ადმინისტრირების სხვა ფორმები“ (T. Ferraro, “Occupation and other Forms of Administration of Foreign Territory”(Geneva: ICRC, 2012), გვ. 10, 17 და 33; იხილეთ ასევე ე. ბენვენისტი, ციტირება მაღლა (E. Benvenisti), გვ. 43ff; და ვ. კუტროლის (V. Koutroulis, “Le debut et la fin de l’application du droit de l’occupation” (Paris: Editions Pedone, 2010), გვ. 35-41.
[3]. ტ. ფერარო, ციტირება მაღლა (T. Ferraro), ციტირება მაღლა, გვ. 17 და 137; ი. დინშტეინი (Y. Dinstein), ციტირება მაღლა, გვ. 44, § 100.
[4]. ჯ.-მ. ჰენკაერტსი და ლ. დოსვალდ-ბეკი, „ჩვეულებითი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი“ (J.-M. Henckaerts and L. Doswald-Beck, “Customary International Humanitarian Law” (Geneva/Cambridge: ICRC/Cambridge University Press, 2005).
Full & Egal Universal Law Academy