© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015 წელი. თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სრული მითითება საავტორო უფლების შესახებ დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2015. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე 186
ივნისი 2015
ჭირაღოვი და სხვები სომხეთის წინააღმდეგ (Chiragov and Others v. Armenia) [დიდი პალატა] - 13216/05
გადაწყვეტილება 16.6.2015 [დიდი პალატა]
მუხლი 1
სახელმწიფოთა იურისდიქცია
სომხეთის იურისდიქცია მთიან ყარაბახსა და მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიებზე
მუხლი 8
მუხლი 8-1
ოჯახური ცხოვრების პატივისცემა
სახლის პატივისცემა
პირადი ცხოვრების პატივისცემა
მთიანი ყარაბახის კონფლიქტის მიზეზით გადაადგილებული აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვის უარი სახლებზე წვდომაზე: დარღვევა
მუხლი 13
სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება
მთიანი ყარაბახის კონფლიქტის მიზეზით გადაადგილებულ პირთათვის დაკარგული სახლებისა და ქონების საკითხზე სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების არ არსებობა: დარღვევა
1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლი
პოზიტიური ვალდებულება
1-ელი დამატებითი ოქმის 1.1 მუხლი
საკუთრებით მშვიდობიანი სარგებლობა
საკუთრება
მთიანი ყარაბახის კონფლიქტის მიზეზით გადაადგილებული აზერბაიჯანის მოქალაქეების საკუთრების უფლებების დასაცავად სომხეთის მიერ სათანადო ზომების არ მიღება: დარღვევა
ფაქტები – განმცხადებლები არიან აზერბაიჯანელი ქურთები, რომლებიც აზერბაიჯანში, ლაჩინის რაიონში ცხოვრობდნენ. მათ განაცხადეს, რომ ვერ შეძლეს თავიანთ სახლებში და თავიანთი ქონების დაბრუნება, მას შემდეგ რაც 1992 წელს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბახის გამო მიმდინარე კონფლიქტის შედეგად იძულებული გახდნენ წასულიყვნენ.
1991 წლის დეკემბერში საბჭოთა კავშირის დაშლის დროისთვის მთიანი ყარაბახის ავტონომიური ოლქი (“მყაო”) იყო ავტონომიური პროვინცია აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახმელეთო საზღვრებში (აზერბაიჯანის სსრ). „მყაო“-სა და სომხეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას (სომხეთის სსრ) არ გააჩნდა საერთო საზღვარი და ამ ორს ყოფდა აზერბაიჯანის ტერიტორია, ყველაზე მოკლე დისტანციით ლაჩინის რაიონი. 1989 წელს „მყაო“-ს მოსახლეობის 77%-ს ეთნიკური სომეხი და 22%-ს ეთნიკური აზერბაიჯანელი შეადგენდა. ლაჩინის რაიონში მოსახლეობის უმრავლესობა ქურთები და აზერბაიჯანლები იყვნენ; მხოლოდ 5-6% იყო სომეხი. მთიან ყარაბახში შეიარაღებული დაპირისპირება 1988 წელს დაიწყო. 1991 წელს, აზერბაიჯანის მიერ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მალევე, „მყაო“-ის რეგიონულმა საბჭომ გამოაცხადა “მთიანი ყარაბახის რესპუბლიკის” (“მყრ”) დაფუძნების შესახებ, რომელიც შედგებოდა „მყაო“-ისა და აზერბაიჯანის შაუმიანის რაიონის ტერიტორიებისგან. 1991 წლის რეფერენდუმის შემდეგ, რომელსაც ბოიკოტი გამოუცხადა აზერბაიჯანის მოსახლეობამ და რომელშიც მონაწილეთა 99,9%-მა მხარი დაუჭირა „მყრ“-ის აზერბაიჯანისგან გამოყოფას, „მყრ“-ამ დაადასტურა მისი დამოუკიდებლობა აზერბაიჯანისგან 1992 წლის იანვარში. ამის შემდგომ კონფლიქტი ეტაპობრივად გადაიზარდა სრულმაშტაბიან ომში. 1993 წლის ბოლოსთვის ეთნიკური სომხების შეიარაღებულმა ძალებმა კონტროლი მოიპოვეს ყოფილი „მყაო“-ს თითქმის მთელს ტერიტორიაზე და ასევე აზერბაიჯანის შვიდ რეგიონზე. კონფლიქტის შედეგად ორივე მხარიდან ასეულ ათასობით პირი გადაადგილდა იძულებით. 1994 წლის მაისში კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, რომელიც დღესაც ძალაშია. [კონფლიქტის] მშვიდობიანად გადაწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამეგობრობის ორგანიზაციის ეგიდით (OSCE). თუმცა კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება დღესაც არ არის მიღწეული. მყრ-ის თვითგამოცხადებული დამოუკიდებლობა არ უღიარებია არცერთ სახელმწიფოს თუ საერთაშორისო ორგანიზაციას. 2001 წელს ევროპის საბჭოში გაწევრიანებამდე სომხეთმა და აზერბაიჯანმა მინისტრთა კომიტეტისაs და საპარლამენტო ასამბლეისy წინაშე აიღეს ვალდებულება მშვიდობიანად მოეგვარებიათ მთიანი ყარაბახის კონფლიქტი.
ლაჩინის რაიონს, სადაც განმცხადებელი ცხოვრობდა, ომის მიმდინარეობისას რამდენჯერმე დაესხნენ თავს. განმცხადებლები ამტკიცებდნენ, რომ თავდასხმები ხორციელდებოდა როგორც მთიანი ყარაბახის ისე სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მხრიდან. თუმცა სომხეთის ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ სომხეთი ამ მოვლენებში არ მონაწილეობდა, ხოლო სამხედრო მოქმედებებს ახორციელებდა მთიანი ყარაბახის თავდაცვის ძალები და მოხალისეთა ჯგუფები. 1992 წლის მაისის შუა რიცხვებში ლაჩინი დაექვემდებარა საჰაერო დაბომბვას, რის შედეგადაც განადგურდა სახლები. განმცხადებლები იძულებული გახდნენ ლაჩინიდან ბაქოში გაქცეულიყვნენ. მას შემდეგ მათ ვერ შეძლეს თავიანთ სახლებში და თავიანთი ქონების დაბრუნება, სომხური ოკუპაციის გამო. იმის დასადასტურებლად, რომ თავიანთი სიცოცხლის დიდი ნაწილი იძულებით გადაადგილებამდე განმცხადებლებმა ლაჩინში გაატარეს და მათ ქონდათ სახლები და მიწის ნაკვეთები იქ, მათ სასამართლოს სხვადასხვა დოკუმენტები წარმოუდგინეს. კერძოდ კი ექვსივე განმცხადებელმა წარმოადგინა ოფიციალური ცნობა (“ტექნიკური პასპორტები”), რომლებშიც მითითებული იყო, რომ ლაჩინის რაიონში სახლები და მიწის ნაკვეთები მათ სახელზე იყო რეგისტრირებული; დაბადების მოწმობები, მათ შორის შვილების და ქორწინების მოწმობები; და ყოფილი მეზობლების წერილობითი განცხადებები, რომ განმცხადებლები ცხოვრობდნენ ლაჩინის რაიონში.
კანონმდებლობა
(a) წინასწარი პროტესტი
(i) ეროვნულ დონეზე სამართლებრივი დაცვის საშუალებების ამოწურვა– მოპასუხე სახელმწიფომ ვერ აჩვენა, რომ სამართლებრივი დაცვის საშუალება სახეზე იყო სომხეთში ან მყრ-ში, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა განმცხადებლების საჩივრებზე დაკმაყოფილების უზრუნველყოფა. მათ მიერ მითითებული სამართლებრივი ნორმები ზოგადი ხასიათის იყო და არ ეხებოდა შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ქონების სარგებლობიდან გამოსვლის ამ კონკრეტულ შემთხვევას ან განმცხადებლების მდგომარეობასთან დაახლოებულ მსგავს ვითარებას. წარმოდგენილ ეროვნული დონის გადაწყვეტილებათაგან არცერთი არ ეხებოდა მთიანი ყარაბახის კონფლიქტის მიზეზით გადაადგილებული პირების მიერ სახლებისა ან ქონების დაკარგვას. უფრო მეტიც, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე სახელმწიფო უარყოფდა მისი პასუხისმგებლობის არსებობას განმცხადებლის საჩივრის განმაპირობებელ მოვლენებში, ასევე იმას, რომ სომხეთის იურისდიქცია ვრცელდებოდა მთიან ყარაბახზე და მიმდებარე ტერიტორიებზე, არ იქნებოდა გონივრული იმის მოლოდინი, რომ განმცხადებლები სომხეთის სახელმწიფო ორგანოების წინაშე წარადგენდნენ რესტიტუციის ან კომპენსაციის მოთხოვნებს. და ბოლოს, ვინაიდან კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტის შეთანხმება ვერ მიიღწა და რეგიონში სამხედრო დაპირისპირებამ პიკს მიაღწია უკანასკნელ წლებში, არარეალური იყო იმის მიჩნევა, რომ არააღიარებულ „მყრ“-ში რაიმე სახის სამართლებრივი დაცვის საშუალება პრაქტიკულად შესაძლებელს გახდიდა ანაზღაურების უზრუნველყოფას გადაადგილებული აზერბაიჯანელებისთვის.
დადგენილება: წინასწარი პროტესტი არ დაკმაყოფილდეს (თოთხმეტი ხმა სამის წინააღმდეგ).
(ii) დაზარალებულის სტატუსი – სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში მოქნილი მიდგომა ჩამოყალიბდა იმ განმცხადებლების მიერ მტკიცებულების წარდგენაზე, რომელთაც თავიანთი საკუთრება და სახლი დაკარგეს საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად. მსგავსი მიდგომა აისახა გაეროს “პრინციპებში ლტოლვილთათვის და გადაადგილებულ პირთათვის საცხოვრისისა და ქონების ანაზღაურების შესახებ” (Pinheiro Principles). განმცხადებლების მიერ წარმოდგენილ ყველაზე მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარმოადგენდა ტექნიკური პასპორტები. წარმოადგენდა რა ოფიციალურ დოკუმენტებს, ყოველი მათგანი მოიცავდა სახლების ნახაზებს და დაფიქსირებული იყო მათი ზომა, პარამეტრები და ა.შ. ასევე მითითებული იყო სადავო მიწის ნაკვეთების ზომები. პასპორტების გაცემის პერიოდი იყო 1985-1990 წლები და მათში დაფიქსირებული იყო განმცხადებლების სახელები. უფრო მეტიც პასპორტებში მითითებული იყო მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილებები. ამ გარემოებებში ისინი წარმოადგენდა უპირატეს მტკიცებულებას საკუთრებაზე უფლებამოსილების შესახებ, რაც სასამართლოს გაზიარებული ქონდა მრავალ წინა საქმეზე. განმცხადებლებმა ასევე უპირატესი ძალის მქონე მტკიცებულება წარმოადგინეს ქონებასთან დაკავშირებით, მათ შორის ჩვენებები ყოფილი მეზობლებისგან. ასევე დოკუმენტები განმცხადებლების პიროვნებასთან და რეგისტრაციის ადგილის შესახებ, რაც ამყარებდა ქონებასთან დაკავშირებით მათ მოთხოვნებს. უფრო მეტიც, მართალია ყველამ მეექვსე განმცხადებლის გარდა ვერ წარმოადგინა საკუთრების მოწმობა ან სხვა პირველი რიგის მტკიცებულება, გასათვალისწინებელია ის გარემოებები, რაშიც მათ რაიონის დატოვება მოუხდათ სამხედრო თავდასხმის პირობებში. შესაბამისად, განმცხადებლებმა საკმარისად დაასაბუთეს თავიანთი საჩივრები იმის თაობაზე, რომ ლაჩინის რაიონში ცხოვრობდნენ მათი სიცოცხლის უდიდესი დროის მანძილზე, მანამ სანამ აიძულებდნენ ტერიტორიის დატოვებას და რომ გაქცევის მომენტისთვის ფლობდნენ სახლებსა და მიწის ნაკვეთებს.
საბჭოთა სამართლებრივ სისტემაში არ არსებობდა მიწაზე კერძო საკუთრება, მაგრამ მოქალაქეებს შეეძლოთ საკუთრებაში ქონოდათ საცხოვრებელი სახლები. მიწის ნაკვეთები შესაძლოა მოქალაქეებს გადაცემოდათ სასოფლო სამეურნეო დანიშნულებით ან საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად. ამ შემთხვევაში მოქალაქეებს გააჩნდათ სარგებლობის უფლება“, რაც შემოიფარგლებოდა კანონით დაცული სპეციალური მიზნით და გადადიოდა მემკვიდრეობით. შესაბამისად, არ არსებობდა ეჭვი, რომ განმცხადებლების უფლებები სახლებსა და მიწის ნაკვეთებთან მიმართებით არსებითი ეკონომიკური ინტერესის მატარებელი იყო. დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ მათ მიერ ლაჩინის დატოვების მომენტში განმცხადებლებს გააჩნდათ უფლებები მიწაზე და სახლებზე, რომლებიც წარმოადგენდა “საკუთრებას” 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლის მნიშვნელობით. არ არსებობდა მინიშნება იმაზე, რომ ეს უფლებები გაუქმდა შემდგომ; საკუთრებასთან დაკავშირებით მათი ინტერესები შესაბამისად კვლავ ვალიდური იყო. უფრო მეტიც, მათი მიწის ნაკვეთები და სახლები მიჩნეული უნდა ყოფილიყო “სახლებად” კონვენციის მე-8 მუხლის მნიშვნელობისთვის.
დადგენილება: წინასწარი პროტესტი არ დაკმაყოფილდეს (თხუთმეტი ხმა ორის წინააღმდეგ).
(iii) სომხეთის იურისდიქცია – სასამართლოს აზრით რთულად წარმოსადგენი იყო, რომ მთიანი ყარაბახი, 150 000-ზე ნაკლები ეთნიკური სომეხი მოსახლით, სომხეთისგან არსებითი სამხედრო მხარდაჭერის გარეშე შეძლებდა 1992 წლის დასაწყისში თავდაცვითი ძალის შექმნას, რომელმაც შვიდმილიონიანი აზერბაიჯანის წინააღმდეგ დაამყარა კონტროლი ყოფილ „მყაო“-ზე, ასევე 1993 წლის დასასრულამდე დაიპყრო მიმდებარედ შვიდი აზერბაიჯანული რაიონი სრულად ან ნაწილობრივ. ნებისმიერ შემთხვევაში მთიან ყარაბახში სომხეთის სამხედრო ჩართულობა სხვადასხვა მიმართულებით ფორმალიზდა 1994 წელს, “სომხეთის რესპუბლიკისა და მთიანი ყარაბახის რესპუბლიკის მთავრობებს შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებით”, რომლითაც უფრო კონკრეტულად დადგინდა, რომ სომხეთსა და „მყრ“-ის ახალწვეულებს შეეძლოთ სამხედრო სამსახურის მოხდა ერთერთ ერთეულში. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სხვადასხვა ანგარიშებითა და საჯარო განცხადებებით, მათ შორის სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან და ყოფილი წევრებისგან, აშკარა იყო, რომ სომხეთი თავისი სამხედრო მონაწილეობით და სამხედრო აღჭურვილობისა და ექსპერტიზის მიწოდებით მნიშვნელოვნად ჩაერთო მთიანი ყარაბახის კონფლიქტში თავიდანვე. მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის ყოფილი მინისტრებისა და თანამდებობის პირების, განცხადებებს, რომლებმაც ცენტრალური როლი შეასრულებს განსახილველ დავაში, განსაკუთრებული მტკიცებულებითი ღირებულება აქვს, მას შემდეგ რაც აღიარეს ფაქტები ან ქცევა, რომელიც წინააღდეგობაში მოდიოდა ოფიციალურ პოზიციასთან, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები არ იმყოფებოდნენ „მყრ“-ში თუ მიმდებარე ტერიტორიებზე. ისინი შესაძლოა შემდგომ განიმარტოს როგორც აღიარების ფორმა. სომხეთის სამხედრო მხარდაჭერა კვლავ გადამწყვეტი იყო სადავო ტერიტორიებზე კონტროლის შესანარჩუნებლად. უფრო მეტიც, საქმეზე დადგენილი ფაქტებიდან აშკარა იყო, რომ სომხეთმა „მყრ“-ას არსებითი პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინა; უფრო მეტიც მის მოქალაქეებს მოეთხოვებოდათ სომხეთის პასპორტების მიღება საზღვარგარეთ გასამგზავრებლად, რადგანაც „მყრ“-ას არ აღიარებდნენ სახელმწიფოები თუ საერთაშორისო ორგანიზაციები. დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ სომხეთი და „მყრ“ ერთმანეთთან არსებითად ინტეგრირებული იყო ყველა მნიშვნელოვან საკითხში და „მყრ“ და მისი ადმინისტრაცია გადარჩა სომხეთიდან მიღებული სამხედრო, პოლიტიკური, ფინანსური და სხვა სახის მხარდაჭერით. შესაბამისად სომხეთს ქმედითი კონტროლი ქონდა მთიან ყარაბახზე და მიმდებარე ტერიტორიებზე.
დადგენილება: წინასწარი პროტესტი არ დაკმაყოფილდეს (თოთხმეტი ხმა სამის წინააღმდეგ).
(b) საქმის არსებითი მხარე
1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი ოქმი: განმცხადებლებს უფლებები გააჩნდათ მიწაზე და სახლებზე, რაც “საკუთრებას” უტოლდებოდა ამ მუხლის მიზნებისთვის. მართალია განმცხადებლების ლაჩინიდან იძულებით გადაადგილება [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს იურისდიქციაში არ ექცეოდა დროის თვალსაზრისით, სასამართლოს უნდა შეესწავლა, ეთქვათ თუ არა მათ უარი საკუთრებაზე წვდომაზე სომხეთთან მიმართებით კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ, კერძოდ კი 2002 წლის აპრილიდან და შესაბამისად განიცდიდნენ თუ არა ისინი მათი უფლებების განგრძობად დარღვევას.
არც სომხეთში და არც მყრ-ში არ არსებობდა სამართლებრივი დაცვის საშუალება, რაც ხელმისაწვდომი იქნებოდა განმცხადებლებისთვის მათ საჩივრებთან მიმართებით. შესაბამისად, მათ არ ქონდათ წვდომა სამართლებრივ საშუალებებზე, რომლითაც კომპენსაციას მოიპოვებდნენ ქონების დაკარგვისთვის ან მოიპოვებდნენ ფიზიკურ ხელმისაწვდომობას დაკარგულ ქონებასა და სახლებზე. უფრო მეტიც, სასამართლოს აზრით, პრაქტიკულად რეალური არ იყო აზერბაიჯანელებისთვის მთიან ყარაბახში და მიმდებარე ტერიტორიებზე დაბრუნება იმ პირობებში, რაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო დამკვიდრებული. ეს პირობები ასევე გულისხმობდა სომხეთისა და სომხეთის მიერ მხარდაჭერილი სამხედრო დაჯგუფებების იქ არსებობას, სასაზღვრო ზოლში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევებს, საერთო მტრულ დამოკიდებულებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და პოლიტიკური გადაწყვეტის უპერსპექტივობას. შესაბამისად, ადგილი ქონდა განმცხადებლების მიერ საკუთრებით მშვიდობიანად სარგებლობის უფლებაში განგრძობადი ჩარევას.
ვინაიდან ქონებაზე წვდომა შეუძლებელი იყო, სახელმწიფოს ევალებოდა ალტერნატიული ღონისძიებების გატარება საკუთრების უფლებების უზრუნველსაყოფად, როგორც ამას აღიარებდა გაეროსა და ევროპის საბჭოს საერთაშორისო სტანდარტები. ის ფაქტი, რომ ეუთოს ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებები, რომელიც ასევე ეხებოდა გადაადგილებულ პირთა საკითხებს, არ ათავისუფლებდა ხელისუფლებას სხვა ღონისძიებების გატარების ვალდებულებისგან, განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მოლაპარაკებები ოც წელზე მეტი ხნის მანძილზე მიმდინარეობდა. შესაბამისად, მნიშვნელოვანი იქნებოდა ქონებრივი მოთხოვნების მექანიზმის შექმნა, რომელიც მარტივად ხელმისაწვდომი იქნებოდა და უზრუნველყოფდა მოქნილი მტკიცებულებითი სტანდარტის მქონე პროცედურებს, რაც განმცხადებლებსა და მათ მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებს შესაძლებლობას მისცემდა, აღედგინათ საკუთრების უფლებები და მიეღოთ კომპენსაცია მათი უფლებებით სარგებლობის დაკარგვისთვის. მაშინ როდესაც სომხეთის ხელისუფლებას დახმარება უნდა გაეწია ასეულ ათასობით სომეხი ლტოლვილისთვის და იძულებით გადაადგილებული პირისთვის, ამ ჯგუფის დაცვა არ ათავისუფლებდა მას აზერბაიჯანის მოქალაქეების, როგორიც იყვნენ განმცხადებლები, წინაშე ვალდებულებებისგან, რომლებიც გაიქცნენ კონფლიქტის შედეგად. დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ განსახილველ პერიოდთან მიმართებით მოპასუხე სახელმწიფომ ვერ დაასაბუთა განმცხადებლებისთვის მათ ქონებაზე წვდომაზე უარი ამ ჩარევისთვის კომპენსაციის გარეშე. შესაბამისად, სახეზე იყო განმცხადებლების 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლით გათვალისწინებული უფლებების დარღვევა.
დადგენილება: დარღვევა (თხუთმეტი ხმა ორის წინააღმდეგ).
კონვენციის მე-8 მუხლი: ყველა განმცხადებელი ლაჩინის რაიონში დაიბადა. 1992 წლის მაისში გაქცევამდე ისინი ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ იქ, მათი სიცოცხლის უდიდესი პერიოდის განმავლობაში. თითქმის ყველა მათგანი დაქორწინდა და შვილები შეეძინათ იმ რაიონში. უფრო მეტიც, ისინი შრომობდნენ იქვე და მათი წინაპრებიც იქ ცხოვრობდნენ. ასევე, მათ ააშენეს და ფლობდნენ სახლებს, სადაც ცხოვრობდნენ. შესაბამისად, ნათელი იყო, რომ განმცხადებლებს ხანგრძლივი ცხოვრება და სახლები აკავშირებდათ ამ რაიონთან. განმცხადებლები ნებაყოფლობით სხვაგან არ გადასულან საცხოვრებლად, არამედ იძულებით გადაადგილებულებული პირების სტატუსით ცხოვრობდნენ ბაქოსა და სხვა ადგილებში საჭიროებისამებრ. საქმის ამ გარემოებებში მათი იძულებითი გადაადგილება და ლაჩინის რაიონში არანებაყოფლობითი არ ყოფნა ვერ იქნება მიჩნეული ამ რაიონთან მათი კავშირის გაწყვეტად, მიუხედავად იმისა, რა დრო გავიდა მათი გადაადგილებიდან. იგივე საფუძვლებით, რაზე დაყრდნობითაც სასამართლომ 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლის დარღვევა დაადგინა, სასამართლო ადგენს, რომ განმცხადებლების სახლებზე ხელმისაწვდომობაზე უარი წარმოადგენდა პირადი და ოჯახურ ცხოვრების ასევე მათი სახლების პატივისცემის უფლებაში განგრძობად დაუსაბუთებელ ჩარევას.
დადგენილება: დარღვევა (თხუთმეტი ხმა ორის წინააღმდეგ).
კონვენციის მე-13 მუხლი: სომხეთის ხელისუფლებამ ვერ დაამტკიცა, რომ განმცხადებლებისთვის ხელმისაწვდომი იყო კონვენციასთან დაკავშირებით მათ საჩივრებზე დაკმაყოფილების მისაღებად საჭირო სამართლებრივი დაცვის საშუალება და არსებობდა წარმატების მიღწევის გონივრული პერსპექტივა.
დადგენილება: დარღვევა (თოთხმეტი ხმა სამის წინააღმდეგ).
მუხლი 41: შეჩერებულია.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015 წელი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენაა ინგლისური და ფრანგული. თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოსა და ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს და სასამართლო არ არის პასუხისმგებელი თარგმანის ხარისხზე. თარგმანის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის საძიებო მონაცემთა ბაზიდან - HUDOC () ან ნებისმიერი სხვა წყაროდან, რომელსაც სასამართლომ გაუზიარა თარგმანი. თარგმანის არაკომერციული მიზნით გავრცელება დასაშვებია იმ პირობით, თუ მითითებულია საქმის სრული სახელწოდება და მინიშნება ადამიანის უფლებათა მიზნობრივ ფონდზე. თუკი იგეგმება თარგმანის ნებისმიერი ნაწილის გამოყენება კომერციული მიზნით, გთხოვთ, დაგვიკავშირდით publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015.
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2015.
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante :publishing@
Full & Egal Universal Law Academy