Convertito and Others v. Romania
კონვერტიტო და სხვები რუმინეთის წინააღმდეგ
საჩივარი no. 30547/14
03.03.2020
ფაქტები
მომჩივნები, ბ-ნი არმანდო კონვერტიტო; ბ-ნი ჯიოვანი მუსცია, ბ-ნი ფრანკო მანფრედი, ბ-ნი პაკუალ დე სტასიო და ბ-ნი ლუიჯი ფელის ფრანცესკო დი მარიანო, იტალიის მოქალაქეები არიან, დაბადებულები 1975,1983,1974,1973 და 1961 წლებში და მცხოვრებნი სან მარკო ევანჯელისტა, კალტაგირონი, სან კონო, ნეაპოლი და ასი ბონაჩორსში, შესაბამისად.
2003 წლის ოქტომბერში ორადეას (რუმინეთი) უნივერსიტეტის მედიცინისა და ფარმაციის ფაკულტეტის დეკანმა მიიღო განცხადებები პირველი ოთხი მომჩივნისგან, სტომატოლოგიის პირველ კურსზე ჩარიცხვის შესახებ. 2004 წლის ოქტომბერში მან მიიღო მეხუთე მომჩივნის განცხადება. აღნიშნული სარეგისტრაციო გადაწყვეტილებების შემდეგ მომჩივნები შეუდგენენ სწავლას.
2005 წლის სექტემბერში, განათლების სამინისტრომ გამოსცა ბოლო ოთხი მომჩივნის სასწავლებელში ჩარიცხვის შესახებ ბრძანება 2005/2006 სასწავლო წლისთვის. 2009 წლის ნოემბერში მან გამოსცა პირველი მომჩივნის სასწავლებელში ჩარიცხვის ბრძანება. 2009 წლის დასაწყისში განათლების სამინისტრომ უნივერსიტეტის რექტორს გადასცა 39 უცხოელი სტუდენტის მიღების შესახებ ბრძანება, მათ შორის, ხუთი მომჩივნის. პირველ მომჩივანს არ მიუღია მიღების შესახებ ბრძანება და სხვა მომჩივნების მიღების შესახებ ბრძანებები არ ეხებოდა მათი უნივერსიტეტში ჩარიცხვის წელს, არამედ მომდევნო წელს. უნივერსიტეტის რექტორმა განათლების სამინისტროსგან იკითხა რჩევა თუ რამდენად მიზანშეწონილი იქნებოდა, რომ ყველა ამ სტუდენტს ჩაებარებინა საბოლოო გამოცდები. 2009 წლის სექტემბერში, შემდეგ იანვარში და 2010 წლის სექტემბერში, უნივერსიტეტის საბჭომ გადაწვიტა, რომ ხუთივე სტუდენტი დაეშვათ საბოლოო გამოცდებზე.
პირველმა ოთხმა მომჩივანმა ჩააბარა გამოცდები 2010 წლის თებერვლის სესიაზე და 2010 წლის მარტში მიენიჭათ სტომატოლოგის ხარისხი. მეხუთე მომჩივანმა, რომელმაც 2010 წლის სექტემბერის სესიაზე ჩააბარა გამოცდები, მიიღო ხარისხი 2010 წლის ნოემბერში.
შემდგომში, მომჩივნებმა დაიწყეს საქმისწარმოება იტალიის ხელისუფლების მიერ ამ ხარისხების აღიარებასთან დაკავშირებით, იმისათვის, რომ იტალიაში ემუშავათ სტომატოლოგებად. 2011 წელს, განათლების სამინისტროს მიერ ჩატარებული შემოწმების ფარგლებში, იტალიის ხელისუფლების მოთხოვნით, ხარისხების ავთენტურობის გადამოწმების მიზნით გაკეთებული მოხსენების თანახმად, სახეზე იყო დარღვევები რამდენიმე სტუდენტისათვის მიღების შესახებ ბრძანების დაგვიანებით გადაცემასთან დაკავშირებით, მათ შორის, ხუთ მომჩივანთან მიმართებით.
2011 წლის სექტემბერში, განათლების სამინისტრომ მოსთხოვა ორადეას უნივერსიტეტის რექტორს გაეუქმებინა დიპლომები ამ ბრძანებების დაგვიანებით გაცემის გამო. იმავე თვეში, უნივერსიტეტის საბჭომ და რექტორმა გააუქმეს ხარისხები შემოწმების დასკვნების საფუძველზე. მომჩივნებმა აღნიშნული გაასაჩივრეს.
2013 წლის 25 აპრილს, ბიჰორის (რუმინეთი) რაიონულმა სასამართლომ გააუქმა ადმინისტრაციული გადაწყვეტილებები, რომლებიც აუქმებდნენ უნივერსიტეტის ხარისხებს და გამოიტანა საკუთარი გადაწყვეტილება სადაც ადგენდა, რომ მომჩივნების მხრიდან თაღლითობას არ ჰქონია ადგილი. მხარეებმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს. 2013 წლის 16 ოქტომბერს ორადეას სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მომჩივანთა საჩივარი და დაუშვა უნივერსიტეტის საჩივარი. მან დაადგინა, რომ მომჩივნები არ ექცეოდნენ უნივერსიტეტში ჩარიცხვის წესების ფარგლებში, იმ საფუძლით, რომ მიღების შესახებ ბრძანებები (გარდა მეხუთე მომჩივნისა) მათ არეგისტრირებდა მხოლოდ ერთი აკადემიური წლით. ჩარიცხვის დროს, ენის დამადასტურებელი სერთიფიკატების წარუმატებლობა და უნივერსიტეტის რექტორის ხელმოწერის არარსებობამ რეგისტრაციის გადაწყვეტილებაზე, სააპელაციო სასამართლოს აზრით, დაადასტურა, რომ ხარისხები თაღლითურად იქნა მიღებული.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება
მუხლი 8
სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნების ხარისხების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ერთადერთი საფუძველი იყო მათი მიღების შესახებ ბრძანებების დაგვიანებული გაცემა. გადაწყვეტილებები მიღებული იქნა კანონის შესაბამისად, იმის საფუძველზე, რომ მომჩივნებმა არ შეასრულეს განათლების სამინისტროს ორი ბრძანება, რომელიც აწესებდა პირობებს უცხოელი სტუდენტების რუმინეთის უნივერსიტეტებში ჩარიცხვასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მიღებულ ზომას ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი.
სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის რექტორის პასუხისმგებლობა იყო სამინისტროსგან მიღების შესახებ ბრძანებების მოთხოვნა. ამ ბრძანებების მიზანი იყო უცხოელი კანდიდატების მიერ საზღვარგარეთ მიღებული კვალიფიკაციის აღიარება და ეკვივალენტურობა. მომჩივნებმა შეასრულეს კანონმდებლობით დადგენილი პირობები მათი კვალიფიკაციის აღიარებისათვის და არ არსებობდა რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ ისინი პასუხისმგებელნი იყვნენ ამ დოკუმენტების გაცემის დაგვიანებაზე.
სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებები გაცემული და ხელმოწერილი იყო უნივერსიტეტის წარმომადგენლის, კერძოდ, მედიცინისა და ფარმაციის ფაკულტეტის დეკანის მიერ, იქამდე, სანამ ისინი ჩარიცხივის შესახებ ბრძანებებს და ენის დამადასტურებელ სერთიფიკატებს მოიპოვებდნენ. ამ გადაწყვეტილებების საფუძველზე მომჩივნებს მიეცათ უფლება დაემთავრებინათ ექვსწლიანი სრული კურსი სტომატოლოგიაში. შემდგომში, ხელისუფლებამ მათ უფლება მისცა საბოლოო გამოცდები ჩაეტარებინათ. უნივერსიტეტის საბჭომ ასევე დაადასტურა მომჩივნების ადმინისტრაციული მდგომარეობის კანონიერება და დაადასტურა მათი მონაწილეობა ამ გამოცდებში.
შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ არსებობს გარკვეული შეუსაბამობა უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და განათლების სამინისტროს მოსაზრებებს შორის მიღების შესახებ ბრძანებების დაგვიანებით გაცემის შესახებ. შედეგად წარმოქმნილი გაურკვევლობა და შეუსაბამობა, რა თქმა უნდა, არ შეიძლება დაეკისროს მომჩივნებს.
მომჩივანთა უნივერსიტეტის ხარისხის გაუქმებით, ხელისუფლებამ მოულოდნელად შეარყია მათი პროფესიული მდგომარეობა, მაშინ როცა, არ არსებობდა იმის ეჭვი, რომ ისინი არ იყვნენ სათანადოდ კვალიფიცირებულნი სამუშაოსათვის.
ამრიგად, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას.
მუხლი 41
სასამართლომ დაადგინა, რომ რუმინეთს თითოეული მომჩივნისთვის უნდა გადაეხადა 10,000 ევრო.