Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N167
2013 წლის ოქტომბერი
კუმჰურიეტ ვაკფი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ (Cumhuriyet Vakfı and Others v. Turkey)
(საჩივარი- N28255/07)
გადაწყვეტილება, 8 ოქტომბერი, 2013 [მე-2 სექცია]
მე-10 მუხლი
მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტი
ინფორმაციის გავრცელების თავისუფლება
ეროვნული გაზეთის წინააღმდეგ აკრძალვის მიღებისას პროცედურული გარანტიების არარსებობა: დარღვევა
ფაქტები: მომჩივნები იყვნენ ყოველდღიური თურქული გაზეთის - Cumhuriyet–ის მფლობელი, გამომცემელი და მთავარი რედაქტორი. 2007 წლის აპრილში, საპრეზიდენტო არჩევნებამდე, გაზეთში გამოქვეყნდა პოლიტიკური განცხადება, რომელიც იყო ბრიტანული გაზეთის 1995 წელს გამოქვეყნებული სტატიიდან ციტირება, სადაც მითითებული იყო, რომ 2007 წლის არჩევნების ერთ–ერთმა კანდიდატმა, ბ–ნმა აბდულა გიულმა განაცხადა: ,,ეს არის თურქეთის რესპუბლიკის დასასრული – ჩვენ აუცილებლად გვინდა რომ შევცვალოთ სეკულარული სისტემა’’. ამის შემდგომ ბ–ნმა გიულმა მომჩივნებს ცილისწამებისთვის უჩივლა. 2007 წლის მაისში შიდასახელმწიფოებრივმა სასამართლომ გამოსცა მითითება, რომლის მიხედვითაც იკრძალებოდა Cumhuriyet–ში გამოქვეყნებული ციტატისა და მიმდინარე ცილისწამების საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი ამბის ხელმეორედ გამოქვეყნება. ბ–ნი გიული არჩეულ იქნა პრეზიდენტად, და მისი ახალი სტატუსის გათვალისწინებით, გადაწყვიტა, რომ არ გაეგრძელებინა ეს საქმე. 2008 წლის მარტში საქმის წარმოება შეწყდა და შუალედური სასამართლო აკრძალვა გაუქმდა.
სამართალი: მე-10 მუხლი: სასამართლოს ბრძანებაში მოცემული აკრძალვის ძალიან ზოგადი და დაუზუსტებელი ხასიათი მისი გამოყენების ფარგლებს არაზუსტსა და პოტენციურად ძალიან ფართოს ხდიდა. კერძოდ, იმის გამო, რომ არ იყო ცხადი, თუ რა მასალა უნდა გამოქვეყნებულიყო ან არ გამოქვეყნებულიყო შუალედური ღონისძიების დროს, აღნიშნული ღონისძიება შეიძლებოდა განმარტებულიყო იმგვარად, რომ ის კრძალავდა ბ–ნი გიულის მიერ თურქეთში სეკულარიზმის თემასთან დაკავშირებით ნებისმიერი პოლიტიკური განცხადების გამოქვეყნებას. სტრასბურგის სასამართლოს მოსაზრებით, აკრძალვა შეიძლებოდა გამოყენებულიყო ბოროტად და ჰქონოდა შემაკავებელი ეფექტი არა მარტო Cumhuriyet–ის გაზეთისთვის, არამედ მთელი თურქული მედიისთვის იმ პერიოდის განმავლობაში. აკრძალვა ძალაში რჩებოდა ათი თვის განმავლობაში, მათ შორის საპრეზიდენტო არჩევნების ორი ეტაპის დროს, რადგან ის არ იყო დროში შეზღუდული და არ გადაიხედებოდა პერიოდულად, რათა შემოწმებულიყო მისი განგრძობადი საჭიროება. შესაბამისად, აკრძალვის ხანგრძლივობასა და მოცულობას ჰქონდა იმგვარი ეფექტი, რომ გაზეთს ხელი ეშლებოდა არჩევნებისა და კანდიდატ ბ–ნი გიულის შესახებ საჯარო დისკუსიაში წვლილის შეტანაში, თურქეთის პოლიტიკური ისტორიის კრიტიკულ დროს. აუხსნელმა დაყოვნებებმა სამართალწარმოებაში და სადავო ღონისძიების გონივრული ვადით შეზღუდვის არარსებობამ, შესაბამისად, გამოიწვია მომჩივნების გამოხატვის თავისუფლების მეტისმეტად მკაცრად შეზღუდვა. ეროვნულმა სასამართლომ არ წარმოადგინა აკრძალვის დაწესებისა და შემდგომ მისი გაუქმების მოთხოვნაზე უარის თქმის დასაბუთება. დასაბუთების არარსებობამ არამხოლოდ მომჩივნებს ჩამოართვა მნიშვნელოვანი პროცედურული გარანტიები, არამედ აგრეთვე ხელი შეუშალა ევროპულ სასამართლოს, რომ განეხილა, დაიცვა თუ არა ეროვნულმა სასამართლომ მხარეების ინტერესებს შორის სათანადო ბალანსი, საქმის ფაქტებისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური გარემოებების გათვალისწინებით. დამატებით, ვინაიდან მომჩივნებს არ შეეძლოთ ედავათ შუალედურ აკრძალვაზე მანამ, სანამ მისი გამოცემიდან ერთი თვე არ გავიდოდა, ისინი თავიანთ ოპონენტთან შედარებით არსებითად არახელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, განსაკუთრებით ახალი ამბების მალფუჭებადი ხასიათისა და სპეციფიკური პოლიტიკური გარემოს გამო, რომელშიც სადავო ღონისძიება გამოიყენებოდა.
ამ პროცედურული ნაკლოვანებების გამო, და სასჯელის სიმკაცრის გათვალისწინებით, რომელიც მოჰყვებოდა შუალედური ღონისძიების შეუსრულებლობას, აკრძალვა არ წარმოადგენდა გამართლებულ ან პროპორციულ ჩარევას მომჩივნების გამოხატვის თავისუფლებაში.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
41-ე მუხლი: თითოეულ მომჩივანს არამატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით მიეკუთვნა 2 500 ევრო, ხოლო მატერიალურ ზიანთან დაკავშირებულ სარჩელს უარი ეთქვა.
(იხილეთ ასევე Sapan v. Turkey, 44102/04, 8 ივნისი 2010, Information Note 131)
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy