დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე 193
2016 წლის თებერვალი
ცივეკი თურქეთის წინააღმდეგ (Civek v. Turkey)
(საჩივარი- 55354/11)
გადაწყვეტილება, 23 თებერვალი, 2016 [მე-2 სექცია]
მე-2 მუხლი
პოზიტიური ვალდებულებები
ხელისუფლების ორგანოებმა ვერ შეძლეს ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვა: დარღვევა
ფაქტები – ეროვნებით თურქი მომჩივნები, ჰაირი პინარ ცივეკი, რაბია მერვე ცივეკი და იაშარ ცივეკი, დაბადებულნი 1989, 2000 და 1999 წლებში, ცხოვრობდნენ იზმირში (თურქეთში).
1987 წელს მათი დედა, სელმა ცივეკი, დაქორწინდა ჰ.ს-ზე. წყვილს შემდეგში ურთიერთობა გაუფუჭდა.
ქალბატონი ცივეკი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ანკარაში ძალადობის მსხვერპლი ქალების თავშესაფარში ცხოვრების შემდეგ, 2009 წელს სახლში შვილებთან დაბრუნდა. ქალბატონი ცივეკი კვლავ დაექვემდებარა ოჯახში ძალადობას და 2010 წლის 14 ოქტომბერს აღნიშნული ფაქტის თაობაზე მან სასამართლოში სარჩელი წარადგინა. ქალბატონი ცივეკის ქმარი დააპატიმრეს და სასამართლოს ბრძანებით, მას დაევალა თავი შეეკავებინა მეუღლის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ძალადობრივი ან მუქარის შემცველი ქმედებისგან; აგრეთვე მოძალადეს უნდა დაეტოვებინა სახლი, სადაც ცოლ-ქმარი ქორწინების შემდეგ ცხოვრობდნენ. ქალბატონმა ცივეკმა პარალელურად დაიწყო განქორწინების საქმის წარმოება, თუმცა საჩივარი უკან გაიხმო.
2010 წლის 12 ნოემბერს ჰ.ს. სასამართლო ზედამხედველობის საფუძველზე გათავისუფლდა. 23 ნოემბერს ქალბატონმა ცივეკმა უსაფრთხოების სამსახურებს კიდევ ერთი საჩივარი წარუდგინა. საჩივარში იგი აცხადებდა, რომ ქმარი აგრძელებდა მის შევიწროვებას და მოკვლით ემუქრებოდა. მან კიდევ ერთი ახალი საჩივარი 2010 წლის 17 დეკემბერს წარადგინა. ჰ.ს-ს ბრალად დაედო სიცოცხლის მოსპობის შესახებ მუქარა; მან ასევე არ შეასრულა დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები. უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დაკითხეს ბავშვები, რომლებმაც დაადასტურეს დედის ჩვენება. პროკურორმა ჰ.ს-ს ბრალი კიდევ ერთხელ წაუყენა.
2011 წლის 14 იანვარს კი, ქალბატონი ცივეკი ქუჩაში მოკლა მისმა ქმარმა, რომელმაც ცოლს დანით 22 ჭრილობა მიაყენა. შემდგომში, ჰ.ს-ს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლზე (სიცოცხლის უფლება) დაყრდნობით, მომჩივნები დავობდნენ, რომ ხელისუფლებამ ვერ შეასრულა დაკისრებული ვალდებულება, დაეცვა მათი დედის სიცოცხლე. დამატებით, ისინი აცხადებდნენ, რომ კონვენციის მე-14 მუხლის საწინააღმდეგოდ, ქალბატონი ცივეკი წარმოადგენდა დისკრიმინაციის მსხვერპლს სქესის ნიშნით.
სამართალი – მე-2 მუხლი: სასამართლომ განაცხადა, რომ უსაფრთხოების სამსახურებისთვის ცნობილი იყო მეუღლეებს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობისა და ქმრის მიერ ცოლის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ. უსაფრთხოების ძალებს მკვლელობის ალბათობის შესახებ ეცნობა ქალბატონი ცივეკის რამდენიმე საჩივრითა და მისი შვილების მიერ გაკეთებული განცხადებებით. ევროპულმა სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ გაატარა არაერთი ღონისძიება ქალბატონი ცივეკის მეუღლის წინააღმდეგ, რაც მოიცავდა მის სისხლისსამართლებრივ დევნას, დაპატიმრებასა და სასამართლო ზედამხედველობის ქვეშ მოქცევას. მიუხედავად ამისა, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ 2010 წლის 12 ნოემბერს, ქალბატონი ცივეკის მეუღლის პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, ხელისუფლებამ არ მიიღო სათანადო ზომები, რათა თავიდან აერიდებინა ქალბატონი ცივეკის მკვლელობა. 2010 წლის 23 ნოემბერს უსაფრთხოების სამსახურებმა უბრალოდ აღრიცხეს მსხვერპლის ახალი საჩივარი, მისი ქმრის წინააღმდეგ დამატებითი ღონისძიებების გატარების გარეშე მაშინ, როდესაც იგი განაგრძობდა ქალბატონი ცივეკის დაშინებასა და მისი სიცოცხლის მოსპობის შესახებ მუქარას. საჭირო იყო ახალი ზომების მიღება, ვინაიდან ქალბატონი ცივეკის მეუღლეს უკვე ჰქონდა შეხება უსაფრთხოების ძალებთან. გარდა ამისა, იგი ქალბატონ ცივეკს კვლავ ემუქრებოდა. 2010 წლის 17 დეკემბერს აპლიკანტმა ახალი საჩივარი წარადგინა, რის შედეგადაც მის ქმარს სიცოცხლის მოსპობის შესახებ მუქარისთვის ბრალი წაუყენეს. თუმცა სახელმწიფო ბრალმდებელს არ გაუტარებია რაიმე პრაქტიკული ღონისძიება, რათა ქალბატონი ცივეკი ეფექტური დაცვით უზრუნველეყო, მიუხედავად იმისა, რომ მისი ქმარი შეიძლებოდა კანონიერად დაეპატიმრებინათ სასამართლო ბრძანების დაუმორჩილებლობისთვის. ამასთან, მსხვერპლის შვილები ადასტურებდნენ დედის განცხადებას. შესაბამისად, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ხელისუფლებამ არ გაატარა ეფექტური ღონისძიება ქალბატონი ცივეკის მეუღლის წინააღმდეგ, გარდა იმისა, რომ 2011 წლის 10 იანვარს მის წინააღმდეგ საბრალდებო დასკვნა მოამზადა მაშინ, როდესაც კანონმდებლობის მიხედვით, სახელმწიფო ვალდებული იყო საკუთარი ინიციატივით დაეცვა ქალბატონი ცივეკის სიცოცხლე. აპლიკანტის ქმარი პატიმრობიდან გათავისუფლდა; შესაბამისად, მას მიეცა საშუალება, რომ 2011 წლის 14 იანვარს ცოლი ქუჩაში მოეკლა.
ამრიგად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ხელისუფლებამ არ მოახდინა სათანადო რეაგირება, რათა თავიდან აეცილებინა ქალბატონი ცივეკის მკვლელობა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, იგი აშკარა და სერიოზული საფრთხის ქვეშ იყო. ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა დაადგინა.
კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევის დადგენის გათვალისწინებით, ევროპულმა სასამართლომ საჭიროდ არ მიიჩნია კონვენციის მე-14 მუხლის (დისკრიმინაციის აკრძალვა) დარღვევის განხილვა.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
41-ე მუხლი: ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ თურქეთს მომჩივნებისთვის არამატერიალური ზიანისთვის 50,000 ევრო, ხოლო ხარჯებისა და დანახარჯებისთვის 3,000 ევრო უნდა გადაეხადა.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy