© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2014. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2014. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2014. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
დიდი პალატა
საქმე კვიპროსი თურქეთის წინააღმდეგ
(განაცხადი no. 25781/94)
გადაწყვეტილება
(სამართლიანი დაკმაყოფილება)
სტრასბურგი
12 მაისი, 2014
ეს გადაწყვეტილება საბოლოოა, მაგრამ შესაძლოა დაექვემდებაროს რედაქციულ შესწორებებს.
საქმეზე კვიპროსი თურქეთის წინააღმდეგ (Cyprus v. Turkey),
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ჯოსეფ კასადევალი, თავმჯდომარე,
ფრანსუა ტოლკენი,
გუიდო რაიმონდი,
ნინა ვაჟიკი,
მარკ ვილიგერი,
კორნელიუ ბირსანი,
ბოსტიან მ. ზუპანჩიჩი,
ალვინა გულუმიანი,
დავიდ ტორ ბიორგვინსონი,
ჯორჯ ნიკოლაუ,
ანდრას შაიო,
მირჟანა ლაზაროვა ტრაიკოვსკა,
ლედი ბიანკუ,
ან პოვერ-ფორდე,
ისილ კარაკასი,
ნებოისა ვუცინიკი,
პაულო პინტო დე ალბეკუერკე, მოსამართელები,
და მაიკლ ობოლე, სასამართლო მდივნის მოადგილე,
2012 წლის 14 მარტს, 2013 წლის 10 აპრილს, 2013 წლის 27 ივნისსა და 2014 წლის 12 მარტს ითათბირეს და ამ უკანასკნელ დღეს მიიღეს შემდეგი გადაწყვეტილება:
პროცედურა
1. საქმე სასამართლოს გადაეცა ადამიანის უფლებათა და და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (“კონვენცია”) მე-11 დამატებითი ოქმის ძალაში შესვლამდე მოქმედი ნორმების საფუძველზე კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობის მიერ 1999 წლის 30 აგვისტოს და ადამიანის უფლებათა ევროპული კომისიის მიერ 1999 წლის 11 სექტემბერს (მე-11 დამატებითი ოქმის 5.4 მუხლი და კონვენციის მანამდე მოქმედი 47-ე და 48-ე მუხლები).
2. საქმის არსებითი განხილვის პროცედურის ფარგლებში 1999 წლის 27 ოქტომბერს სასამართლოს თავმჯდომარე შეხვდა განმცხადებელი სახელმწიფოს წარმომადგენელს და თურქეთის რესპუბლიკის წარმომადგენელს (“მოპასუხე სახელმწიფოს წარმომადგენელი”) საქმის მოსამზადებელი საკითხების განსახილველად. წარმომადგენლებმა მიიღეს, რომ თუკი სასამართლო დაადგენდა დარღვევას ცალკე პროცედურა იქნებოდა საჭირო კონვენციის 41-ე მეხლის საფუძველზე მოთხოვნების განსახილველად.
3. 1999 წლის 29 ნოემბრის წერილით სასამართლომ მხარეებს შემდეგი ინსტრუქცია მისცა:
“განმცხადებელ ხელისუფლებას არ ევალება სამართალწარმოების ამ ეტაპზე კონვენციის 41-ე მუხლის საფუძველზე სამართლიანი დაკმაყოფილების მოთხოვნის წარდგენა. ამ საკითხზე შემდგომი პროცედურა დაიგეგმება საჩივრების არსებით მხარეზე სასამართლოს დადგენილებების მიხედვით.”
4. 2001 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებაში (“ძირითადი გადაწყვეტილება”), სასამართლომ (დიდი პალატა) დაადგინა თურქეთის მიერ კონვენციის მრავლობითი დარღვევა, რაც გამოიწვია 1974 წლის ივლისსა და აგვისტოში კვიპროსში თურქეთის სამხედრო მოქმედებებმა, კვიპროსის ტერიტორიის დაყოფამ და “ჩრდილოეთ კვიპროსის თურქეთის რესპუბლიკის” (the “TRNC”) ქმედებებმა (კვიპროსი თურქეთის წინააღმდეგ (Cyprus v. Turkey) [დიდი პალატა], # 25781/94, ECHR 2001‑IV). სამართლიან დაკამყოფილებასთან მიმართებით სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ კონვენციის 41-ე მუხლის მოქმედების შესაძლო გავრცელების საკითხი არ იყო მზად გადაწყვეტილებისთვის და შესაბამისად, გადადო განხილვა.
5. ძირითადი გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი ამჟამად ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის წარმოებაშია.
6. 2007 წლის 31 აგვისტოს განმცხადებელმა სახელმწიფომ სასამართლოს ინფორმაცია მიაწოდა, რომ განზრახული ქონდა “განაცხადის წარდგენა დიდი პალატისთვის კონვენციის 41-ე მუხლის შესაძლო ამოქმედების განხილვის გასაახლებლად”. 2010 წლის 11 მარტს განმცხადებელმა სახელმწიფომ სასამართლოს წარუდგინა მოთხოვნა გაუჩინარებულ ადამიანებთან დაკავშირებით სამართლიანი დაკმაყოფილების შესახებ, რომლებთან მიმართებითაც სასამართლომ დაადგინა კონვეციის მე-2, მე-3 და მე-5 მუხლების დარღვევა (იხილეთ ძირითადი გადაწყვეტილების ოპერაციული ნაწილის მე-2 თავი, მე-2, მე-4 და მე-7 ნაწილები და მათში მითითებული შესაბამისი პარაგრაფები). მათ განაცხადეს, რომ დარჩენილ დარღვევებთან დაკავშირებით, კერძოდ კი ბერძენი კიპრიოტების სახლებთან და საკუთრებასთან დაკავშირებით სამართლიანი დაკმაყოფიელბის საკითხის განხილვა შეჩერებულია და ისინი სავარაუდოდ დაუბრუნდებიან ამ საკითხს. განმცხადებელმაც და მოპასუხე სახელმწიფომაც ამასთან დაკავშირებით წარადგინეს წერილობითი მოსაზრებები.
7. 2011 წლის 7 აპრილს სასამართლოს თავმჯდომარემ დააფიქსირა დიდი პალატის შემადგენლობა კონვენციის 41-ე მუხლზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, რეზერვის განსაზღვრით (სასამართლოს რეგლამენტის 24-ე და 75.2 მუხლები). შედეგად რეზერვი სასამართლოს თავმჯდომარემ გამოიყენა შემადგენლობის შესავსებად (სასამართლოს რეგლამენტის 24.2.e მუხლი).
8. 2011 წლის 25 ნოემბერს განმცხადებელმა სახელმწიფომ სასამართლოს გაუგზავნა მოთხოვნა სახელწოდებით “განაცხადი სამართლიან დაკმაყოფილებაზე (41-ე მუხლი) კვიპროსის რესპუბლიკის სახელით”, რომელიც მიმართული იყო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ ძირითადი გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურაზე და სასამართლოსგან მოითხოვდა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ძირითადი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით.
9. 2012 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით, 2012 წლის თათბირის შემდგომ, სასამართლომ მოიწვია განმცხადებელი სახელმწიფო ეპასუხა რამდენიმე დამატებით კითხვაზე და წარედგინა სამართლიანი დაკმაყოფილების საბოლოო მოთხოვნა. პასუხად, განმცხადებელმა სახელმწიფომ 2012 წლის 18 ივნისს ცვლილება შეიტანა კონვენციის 41-ე მუხლის საფუძველზე წარდგენილ მოთხოვნებში და წარადგინა სამართლიანი დაკმაყოფილების ახალი მოთხოვნები კარპასის ნახევარკუნძულზე დატყვევებული (იხილეთ ძირითადი გადაწყვეტილების ოპერაციული ნაწილის მე-4 თავი, მე-4, მე-6, მე-11, მე-12, მე-15 და მე-19 ნაწილები და მათში მითითებული პარაგრაფები) ბერძენი კვიპროსელების ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით. 2012 წლის 26 ოქტომბერს მოპასუხე სახელმწიფომ საკუთარი მოსაზრებები წარადგინა ამ მოთხოვნებზე.
კანონმდებლობა
10. კონვენციის 41-ე მუხლი ადგენს:
“თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია და მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.”
11. კონვენციის 46-ე მუხლის შესაბამისი ნაწილები შემდეგი შინაარსისაა:
“1. მაღალი ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, დაემორჩილონ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას ნებისმიერ საქმეზე, რომლის მხარეებიც ისინი არიან.
2. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება გადაეცემა მინისტრთა კომიტეტს, რომელიც ზედამხედველობს მის აღსრულებას.”
12. სასამართლოს რეგლამენტის მე-60-ე მუხლი:
“1. განმცხადებელი, რომელსაც სურს კონვენციის 41-ე მუხლის საფუძველზე მიიღოს სამართლიანი დაკმაყოფილება კონვენციური უფლებების დარღვევის სასამართლოს მიერ დადგენის შედეგად, უნდა წარადგინოს მოთხოვნა ამასთან მიმართებით.
2. განმცხადებელმა უნდა წარადგინოს ყველა მოთხოვნასთან დაკავშირებული ფაქტები შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად, საქმის არსებითი განხილვისთვის განმცხადებლის წერილობითი მოსაზრებების წარდგენისთვის დადგენილ ვადაში, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც პალატის თავმჯდომარე სხვაგვარად დაადგენს.
3. თუკი განმცხადებელი არ დაიცავს წინამდებარე პუნქტებით დადგენილ პროცედურას, პალატა უფლებამოსილია სრულად ან ნაწილობრივ არ დააკმაყოფილოს მოთხოვნები.
4. განმცხადებლების მოთხოვნები უნდა გადაეცეთ მოპასუხე ხელშემკვრელ მხარეებს კომენტარებისთვის.”
I. განმცხადებელი სახელმწიფოს მიერ სამართლიანი დაკმაყოფილების მოთხოვნა
A. დასაშვებობა
1. განმცხადებელი სახელმწიფოს მიერ სამართლიანი დაკმაყოფილების მოთხოვნა არის თუ არა ხანდაზმული
a. მხარეთა წერილობითი მოსაზრებები
i. კვიპროსი
13. კვიპროსმა აღიარა, რომ სამართლიანი დაკმაყოფილების შესახებ მათი მოთხოვნები წარდგენილ იქნა 2010 წლის 11 მარტს, ანუ ძირითადი გადაწყვეტილების მიღებიდან დაახლოებით ცხრა წლის შემდეგ. თუმცა, მათ გაითვალისწინეს, რომ 2001 წლიდან 2010 წლამდე პერიოდში მათ უმოქმედება სრულად გამართლებული იყო. პირველ ყოვლისა, გადაწყვეტილებაში საქმის არსებით მხარეზე სასამართლომ sine die გადადო კონვენციის 41-ე მუხლის მოქმედების სავარაუდო გავრცელების საკითხი და ეს საკითხი ღიად დატოვა. გადაწყვეტილებამდე და გადაწყვეტილების შემდეგ განმცხადებელი სახელმწიფო უბრალოდ ელოდა სასამართლოსგან შემდგომ ინსტრუქციებს, რომლითაც უნდა დადგენილიყო მომდევნო პროცედურა სასამართლოს რეგლამენტის მიხედვით. მეორე, ძირითადი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, კვიპროსი bona fide იმედოვნებდა, რომ ის სათანადო წესით შევიდოდა ძალაში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ჩვეული მექანიზმის საფუძველზე. მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც აშკარა გახდა, რომ თურქეთს არ სურდა ამ საკითხის გადაჭრა პოლიტიკური საშუალებებით (მაგ. ზოგადი და კონკრეტული ღონისძიებების გატარებით), კვიპროსმა გააცნობიერა, რომ მას სხვა გზა არ ქონდა სასამართლოსთვის მიმართვის გარდა, რათა უზრუნველეყო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება სამართლიანი დაკმაყოფილების მიკუთვნებით. კერძოდ კი ჩიხი შეიქმნა საქმეზე დემოპულოსი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ (Demopoulos and Others v. Turkey (გადაწყვეტილებები [დიდი პალატა], ## 46113/99, 3843/02, 13751/02, 13466/03, 10200/04, 14163/04, 19993/04 და 21819/04, ECHR 2010)) გადაწყვეტილების ინტერპრეტაციებით; თურქეთისგან განსხვავებით, კვიპროსმა არ გაითვალისწინა, რომ ეს შესაძლოა განმარტებულიყო როგორც იმის დადგენა, რომ თურქეთმა დააკმაყოფილა მის მიმართ არსებული ვალდებულებები ძირითადი გადაწყვეტილების შესრულების მიზნით. უფრო მეტიც, მინისტრთა კომიტეტის შესაბამისი მიგნებებიდან გამოიკვეთა, რომ გადაწყვეტილებით სავალდებულოდ განსაზღვრული საგამოძიებო ღონისძიებები არ გატარდა.
14. იცოდა რა, რომ სახელმწიფოთაშორის განაცხადთან თანხვედრაში მყოფი ინდივიდუალურ განაცხადებს სასამართლო კვლავაც განიხილავდა, განმცხადებელმა სახელმწიფომ მიიჩნია, რომ ამგვარ ინდივიდუალურ საჩივრებს პრიორიტეტი უნდა მინიჭებოდა. თუმცა, საქმეზე ვარნავა და სხვები თურქეთის წინააღმდეგ (Varnava and Others v. Turkey ([დიდი პალატა], ## 16064/90, 16065/90, 16066/90, 16068/90, 16069/90, 16070/90, 16071/90, 16072/90 და 16073/90, ECHR 2009)) “ახლად ფორმულირებული ვადების” ჭრილში მასაც უნდა წარედგინა მოთხოვნა, რათა არ დაეკარგა უფლებები 41-ე მუხლის საფუძველზე.
15. დროის ფაქტორი გამორიცხავს თუ არა სასამართლოს მხრიდან სამართლიანი დაკმაყოფილების მოთხოვნების შესწავლას, ამაზე კვიპროსი მიიჩნევს, რომ მოქმედებს ექვსი რელევანტური პრინციპი: ამომწურავი ინსტრუქცია, შეღავათი და შეთანმება, ესტოპელი, res judicata, სტატუს კვოს შენარჩუნების ვალდებულება და კეთლსინდისიერება. არცერთი მათგანი არ ამართლებს საქმის განუხილველად დატოვებას ხანდაზმულობის გამო. განმცხადებელი სახელმწიფოს მიერ ამ ექვს პრინციპზე დაყრდნობით წარმოდგენილი იყო შემდეგი არგუმენტები. პირველ ყოვლისა, ძირითად გადაწყვეტილებაში სასამართლომ ნათლად განაცხადა, რომ საკითხი უბრალოდ გადაიდო, შესაბამისად, ის აშკარად დარჩა ღიად განუსაზღვრელი ვადით. უფრო მეტიც, ამ უფლებასთან მიმართებით შეღავათი უნდა იყოს ცხადი და უდავო; ის არ შეიძლება იყოს ნავარაუდევი. კვიპროსს არ გაუკეთებია აშკარა ან ნაგულისხმევი განცხადება, არც მოქცეულა იმგვარად, რომ ეჩვენებია თითქოს დასთმო ან დაივიწყა მისი უფლება სამართლიან დაკმაყოფილებაზე. პირიქით, 2007 წელს მან აშკარად დაადასტურა ეს უფლება სასამართლოს წინაშე და არავის გაუპროტესტებია ეს. უფრო მეტიც, თურქეთი აჩერებს ესტოპელის გაღვივებას, რაც მას არ განუხორციელებია 2007 წელს.
16. კვიპროსის ხელისუფლების თანახმად, დროის გასვლამ თურქეთის ხელისუფლებას არ შეუქმნა რაიმე აშკარა დაბრკოლება, რადგანაც ფაქტობრივი გარემოებები არ შეცვლილა; ისინი ფაქტიურად იგივე იყო რაც 2001 წელს. უფრო მეტიც, თურქეთს ვერ ექნებოდა გონივრული მოლოდინი, რომ სამართლიანი დაკმაყოფილების მოთხოვნა არ იქნებოდა წარდგენილი. და ბოლოს, 2001 წელს სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეები დაელოდებოდნენ საბოლოო გადაწყვეტილებას სამართლიანი დაკმაყოფილების საკითხზე და კეთილსინდისიერების პრინციპი მათ ავალდებულებდა შეენარჩუნებიათ არსებული მდგომარეობა რაც შეიძლება ხანგრძლივად, რათა საბოლოო გადაწყვეტილებას საფრთხე არ შექმნოდა. ეფექტიანობის პრინციპი საფრთხის წინაშე დადგებოდა თუ თურქეთისთვის დაშვებული იქნებოდა, გადაწყვეტილებაზე დაუმორჩილებლობით, საფრთხე შეექმნა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისთვის.
17. კვიპროსის მთავრობამ ასევე გააღვივა ლეგიტიმური მოლოდინები ცალკეული დაზარალებულისთვის. მათ მიუთითეს კონვენციის 55-ე მუხლზე, რომელზე დაყრდნობითაც ხელშემკვრელი მხარეები შეთანხმდნენ “არ დაეყრდნონ მათ შორის ძალაში არსებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებს, კონვენციებს ან დეკლარაციებს პეტიციის გზით ამ კონვენციის საფუძველზე წარმოშობილი დავების გადაჭრისას, არამედ ამ კონვენციის საფუძველზე გადაწყვიტონ ეს საკითხები მორიგებით”. ლეგიტიმური მოლოდინის პრინციპის საწინააღმდეგო იქნება საქმეების ადეკვატური მოგვარების უარყოფა ორ სახელმწიფოს შორის, რომლებიც კონკრეტულად შეთანხმდნენ [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს იურისდიქციაზე და დავების მოგვარების სხვა გზების გამორიცხვაზე.
ii. თურქეთი
18. მოპასუხე სახელმწიფო მიიჩნევს, რომ განმცხადებელი სახელმწიფოს მოთხოვნა სამართლიან დაკმაყოფილებაზე დაგვიანებულია. 2001 წლიდან 2010 წლამდე პერიოდში არაფერი ან ძალიან ცოტა მომხდარა, გარდა სასამართლოსთვის 2007 წლის აგვისტოში გაგზავნილი წერილისა. მიუხედავად ვარაუდისა, რომ კონვენციის 41-ე მუხლის მოქმედება ვრცელდება სახელმწიფოთაშორის საქმეებზე, განმცხადებელ სახელმწიფოზე ვრცელდება მინიმალური წინდახედულების ვალდებულება სასამართლოს რეგლამენტის მე-60 მუხლიდან გამომდინარე, რომლის თანახმადაც 41-ე მუხლის საფუძველზე სამართლიანი დაკმაყოფილების მოთხოვნისას არ უნდა იყოს არასათანადო დაგვიანება. წინამდებარე საქმეზე განმცხადებელმა სახელმწიფომ გამოიწვია ამგვარი მიუღებელი დაგვიანება.
19. თურქეთმა გაიხსენა, რომ კვიპროსს არ წარუდგენია სამართლიანი დაკმაყოფილების მოთხოვნა საქმის არსებითი განხილვისას საქმისწარმოების ფარგლებში. 1994 წლის 22 ნოემბრის წერილობით მოსაზრებებში განმცხადებელი სახელმწიფო არ ითხოვდა სამართლიან დაკამაყოფილებას, არამედ აცხადებდა, რომ სახელმწიფოთაშორისი განაცხადი წარდგენილი იყო “თურქეთის წინააღმდეგ კონვენციის 25-ე მუხლის [ამჟამად 34-ე მუხლის] საფუძველზე უკვე წარდგენილი ან მომავალში წარდგენილი ინდივიდუალური განაცხადებისთვის ჩრდილის მიყენების გარეშე”. ეს ნიშნავდა, რომ კვიპროსმა არჩია უპირატესობა მიენიჭებია მინისტრთა კომიტეტის საზედამხედველო ფუნქციისთვის და არ მიემართა სასამართლოსთვის სამართლიანი დაკმაყოფილებისთვის. იმ დროისთვის ეს იყო მისი არჩევანი, მაგრამ მათ სხვა არჩევანის საშუალებაც ქონდათ: ფაქტიურად კონვენციის 41-ე და 46-ე მუხლებს სხვადასხვა დანიშნულება აქვს და კვიპროსს არაფერი აფერხებდა დროულად წარედგინა სამართლიანი დაკმაყოფილების მოთხოვნები, მინისტრთა კომიტეტის საზედამხედველო პროცედურის საპირისპიროდ. ნებისმიერ შემთხვევაში განმცხადებელი სახელმწიფოს გადასაწყვეტი იყო პროცესის წამოწყება ძირითადი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ და ვერ ექნებოდა მოლოდინი, რომ სასამართლო წამოიწყებდა საქმის წარმოებას საკუთარი ინიციატივით. რადგანაც ასე ვერ მოიქცა, განმცხადებელმა სახელმწიფომ არ გააკეთა ყველაფერი რაც გონივრულად მას მოეთხოვებოდა მათი საჩივრების დასადასტურებლად და წარსადგენად და მათი ქმედება წინამდებარე საქმეზე უნდა განიმარტოს როგორც არაპირდაპირ სამართლიანი დაკმაყოფილების მოთხოვნაზე უარის თქმა.
20. მოპასუხე სახელმწიფომ ასევე მიანიშნა იმ ფაქტზე, რომ სამართლიანი დაკმაყოფილების მოთხოვნები სასამართლოს წარედგინა მხოლოდ მას შემდეგ რაც დიდმა პალატამ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე ვარნავა და სხვები თურქეთის წინააღმდეგ (Varnava and Others v. Turkey), ციტირება მაღლა, რომელიც ეხებოდა 34-ე მუხლის საფუძველზე წარდგენილ ინდივიდუალურ განაცხადებს და კვიპროსის მიერ თავდაპირველად მოთხოვნილი იყო 12 000 ევრო თითოეულ საქმეზე, რა ოდენობის თანხაც ინდივიდუალურ განმცხადებლებს სასამართლომ მიაკუთვნა საქმეზე ვარნავა და სხვები (Varnava and Others). ეს ნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ვარნავა და სხვები (Varnava and Others), რამაც შეამცირა ცალკეული განმცხადებლების წარმატების შანსები, განმცხადებელი სახელმწიფოსთვის განგაშის ზარი იყო და გადააწყვეტინა მას სასამართლოს წინაშე წარდგენილიყო. თუმცა, თურქეთი თვლის, რომ როგორც კეთილსინდისიარების, ისე res judicata-ს წესის პატივისცემის პრინციპმა კვიპროსისთვის შეუძლებელი უნდა გახადოს ამ საკითხის გაცოცხლება ახლა; სამართლიანი დაკმაყოფილების ნებისმიერი მოთხოვნა წარდგენილი უნდა იყოს მსგავს ინდივიდუალურ განაცხადებთან ერთად (როგორიცაა ვარნავა და სხვები (Varnava and Others)) და არა წინამდებარე სახელმწიფოთაშორის საქმეზე.
21. თურქეთის განცხადებით 41-ე მუხლის მოქმედების გავრცელება გაუმართლებელი იქნება, რადგანაც გაუჩინარებულ პირთა შესახებ გაეროს კომიტეტის სტატუსი მნიშვნელოვნად გაძლიერდა ძირითადი გადაწყვეტილების შემდეგ. კვიპროსის განცხადებების საპირისპიროდ მნიშვნელოვან პროგრესს ქონდა ადგილი დაზარალებულთა ნაშთების ადგილმდებარეობის დადგენისა და იდენტიფიცირების თვალსაზრისით და ეს პირდაპირ აღიარა სასამართლომ (იხილეთ საქმე ჩარალამბოუსი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ (Charalambous and Others v. Turkey) (გადაწყვეტილება), #46744/07 et al., 3 აპრილი, 2012). შესაბამისად “გაუჩინარებულ პირებთან” დაკავშირებული საკითხების ნაცვლად დღის წესრიგში დადგა “გარდაცვლილ პირთა” საკითხები და საქმეზე ბრეკნელი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Brecknell v. the United Kingdom (# 32457/04, 27 ნოემბერი, 2007) გადაწყვეტილების თანახმად, ეს არსებითად ახალი პროცედურული ვალდებულებების საფუძველია ახალ ვადებში. შესაბამისად, ერთის მხრივ მინისტრთა კომიტეტის საზედამხედველო საქმისწარმოება ეფექტიანია და მეორეს მხრივ გაუჩინარებული პირების ნათესავები არ უნდა ელოდნენ მათი ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად პროცედურული ვალდებულებების განახლებას ბრეკნელის (Brecknell) წესის საფუძველზე.
22. თურქეთი ამტკიცებს, რომ კონვენციის შესაბამის დროს მოქმედ სპეციფიურ ნორმებს (როგორც განიმარტა საქმეზე ვარნავა და სხვები (Varnava and Others)) უპირატესობა უნდა ქონდეს საერთაშორისო სამართლის ზოგად პრინციპებთან მიმართებით. უფრო კონკრეტულად, დაუშვებელია სახელმწიფოთაშორის განაცხადში საჩივრების წარდგენა, იმ საჩივრებისთვის, რომლებიც ხანდაზმულად იქნებოდა მიჩნეული 34-ე მუხლის საფუძველზე ინდივიდუალური განაცხადების ფარგლებში წარდგენის შემთხვევაში. თურქეთის ინტერესები მეტად შეილახებოდა თუკი ხანდაზმული ინდივიდუალური საჩივრები განახლდებოდა სამართლიან დაკმაყოფილებასთან მიმართებით საქმის არსებით მხარეზე გადაწყვეტილების მიღებიდან ცხრა წლის შემდეგ.
b. სასამართლოს შეფასება
23. სასამართლო კვლავ აცხადებს, რომ კონვენციის ნორმები არ შეიძლება განიმარტოს და შეფარდებულ იქნას ვაკუუმში. მიუხადავად მისი როგორც ადამიანის უფლებათა ინსტრუმენტის სპეციფიური ხასიათისა, კონვენცია საერთაშორისო ხელშეკრულებაა, რომელიც უნდა განიმარტოს საერთაშორისო საჯარო სამართლის შესაბამისი ნორმებისა და პრინციპების თანახმად, ვენის 1969 წლის 23 მაისის სახელშეკრულებო სამართლის კონვენციის (“ვენის კონვენცია”) შესაბამისად. სასამართლოს კონვენციაში ასახული უფლებებისა და თავისუფლებების ინტეპრეტაციისთვის ფაქტიურად არასდროს მიუჩნევია კონვენციის დებულებები ერთადერთ წყაროდ. პირიქით, მან ყოველთვის უნდა გაითვალისწინოს ხელშემკვრელი მხარეებისთვის მოქმედი საერთაშორისო სამართლის ნებისმიერი წესი და პრინციპი (იხილეთ, სხვა წყაროებთან ერთად, ლუიზიდუ თურქეთის წინააღმდეგ (Loizidou v. Turkey), 18 დეკემბერი, 1996, § 43, ანგარიშები 1996-VI; ალ-ადსანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Al‑Adsani v. the United Kingdom) [დიდი პალატა], # 35763/97, § 55, ECHR 2001‑XI ; ბოსფორუს ჰავა იოლარი ზურიზმ ვე ტიკარეტ ანონიმ სირკეტი ირლანდიის წინააღმდეგ (Bosphorus Hava Yolları Turizm ve Ticaret Anonim Şirketi v. Ireland) [დიდი პალატა], # 45036/98, § 150, ECHR 2005‑VI; დემირი და ბეიკარა თურქეთის წინააღმდეგ (Demir and Baykara v. Turkey) [დიდი პალატა], # 34503/97, § 67, ECHR 2008, და ვენის კონვენციის 31.3.c მუხლი).
24. სასამართლო აღიარებს, რომ ზოგადი საერთაშორისო სამართალი ფაქტიურად აღიარებს განმცხადებელი სახელმწიფოს ვალდებულებას სახელმწიფოთაშორი დავაში იმოქმედოს გაუმართლებელი დაგვიანების გარეშე, რათა განამტკიცოს სამართლებრივი მდგრადობა და არაპროპორციული ზიანი არ გამოიწვიოს მოპასუხე სახელმწიფოს ლეგიტიმური ინტერესებისთვის. შესაბამისად, საქმეზე კონკრეტული ფოსპატის მიწები ნაურუში (ნაურუ ავსტრალიის წინააღმდეგ, წინასწარი პროტექსი, (Certain Phosphate Lands in Nauru (Nauru v. Australia, Preliminary Objections, 1992 ICJ Rep. 240) მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ დაადგინა:
“32. სასამართლო აღიარებს, რომ ნებისმიერი შესაბამისი ხელშეკრულების ნორმის არ არსებობის შემთხვევაშიც კი მომჩივანი სახელმწიფოს მხრიდან დაგვიანებამ შესაძლოა განაცხადის დაუშვებლად ცნობა გამოიწვიოს. თუმცა ის აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სამართალი არ ადგენს რაიმე კონკრეტულ ვადებს. შესაბამისად, სასამართლოს ვალდებულებაა თითოეული საქმის გარემოებების გათვალისწინებით გადაწყვიტოს ვადის გასვლა იწვევს თუ არა განაცხადის დაუშვებლად ცნობას.
...
36. ... სასამართლო მიიჩნევს, რომ ავსტრალიასა და ნაურუს შორის ურთიერთობის ბუნების გათვალისწინებით ნაურუს განაცხადი არ იქნა ცნობილი დაუშვებლად ხანდაზმულობის გამო. მიუხედავად ამისა, სასამართლოს გადასაწყვეტია შესაბამის დროში უზრუნველყოს რომ ნაურუს მხრიდან მისი გამოთხოვის დაგვიანება არ დააზიანებს ავსტრალიის ინტერესებს როგორც ფაქტების დადგენასთან, ისე მოქმედი კანონმდებლობის შინაარსის განსაზღვრასთან მიმართებით.”
25. პირველი და უმნიშვნელოვანესი, სასამართლო იხსენებს, რომ წინამდებარე განაცხადის წარდგენა მოხდა 1994 წელს, იმ დროისთვის ადამიანის უფლებათა ევროპული კომისიისთვის, მე-11 დამატებითი ოქმის ძალაში შესვლამდე არსებული სისტემის ფარგლებში (1-ელი პარაგრაფი მაღლა). კომისიის იმ დროს მოქმედი რეგლამენტის თანახმად სახელმწიფოთაშორის დავაზე არც განმცხადებელ სახელმწიფოს და არც ინდივიდუალურ განმცხადებელს არ ევალებოდა თავიანთ განაცხადებში სამართლიანი დაკამყოფილების მოთხოვნებზე ზოგადი მითითება. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ 1999 წლის 29 ნოემბრის წერილში, რომელიც ორივე სახელმწიფოს გაეგზავნა, მან პირდაპირ განუმარტა განმცხადებელ სახელმწიფოს, რომ საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე არ წარედგინათ სამართლიანი დაკმაყოფილების მოთხოვნა კონვენციის 41-ე მუხლის საფუძველზე (მე-3 პარაგრაფი მაღლა); შესაბამისად, გასაგებიც არის, რომ ისინი ამგვარად არ მოქცეულან. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ 2001 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებაში მან დაადგინა “რომ კონვენციის 41-ე მუხლის ამოქმედების საკითხი მზად არ იყო განხილვისთვის და შესაბამისად გადადო მისი განხილვა” (ოპერაციული ნაწილის VIII თავი). მხარეებისთვის არ განსაზღვრულა სამართლიანი დაკმაყოფილების მოთხოვნისთვის რაიმე ვადა (2-4 პარაგრაფები მაღლა). სასამართლომ უნდა განსაზღვროს, მიუხედავად ვადების არ არსებობისა, კვიპროსმა სამართლიანი დაკმაყოფილების შესახებ მოთხოვნის 2010 წლის 11 მარტამდე წარუდგენლობით ეს მოთხოვნები დაუშვებლად აქცია თუ არა ნაურუს საქმეზე დადგენილი კრიტერიუმის თანახმად.
26. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამჯერად ეს ვითარება არ არის. პირველ ყოვლისა, ნაურუს საქმისგან განსხვავებით, რომელიც მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ შეისწავლა, სადავო დაგვიანებას ადგილი არ ქონდა სახელმწიფოთაშორისი განაცხადის წარდგენამდე, არამედ დაფიქსირდა სასამართლოს მიერ საქმის არსებით მხარეზე გადაწვეტილების მიღებასა და მინისტრთა კომიტეტის მიერ ამ გადაწყვეტილების აღსრულებაზე მიმდინარე ზედამხედველობას შორის პერიოდში. საქმის ამ სტადიაზე ორივე სახელმწიფო უფლებამოსილი იყო ერწმუნა, რომ სამართლიანი დაკმაყოფილების შესაძლო მიკუთვნებასთან დაკავშირებული საკითხი დროებით შეჩერებული იყო მომდევნო განვითარებამდე. უფრო მეტიც, სამართლიანი დაკმაყოფილების საკითხი რამდენიმეჯერ ახსენეს საქმის არსებითი განხილვისას (მე-2 და მე-3 პარაგრაფები მაღლა). სამართლიანი დაკმაყოფილების მიკუთვნების საკითხი ძირითად გადაწყვეტილებაში გადაიდო, რაც აშკარად და უდავოდ ნიშნავდა, რომ სასამართლოს არ ამოუწურია მომავალში შესაძლოდ სათანადო დროს ამ საკითხის განხილვის განახლების შესაძლებლობა. შესაბამისად, ვერცერთ მხარეს ვერ ექნებოდა გონივრული მოლოდინი, რომ ეს საკითხი განუხილველად დარჩებოდა, ან ის ამოიწურებოდა ან გაბათილდებოდა ვადის ამოწურვისთანავე. და ბოლოს, როგორც კვიპროსმა მართებულად აღნიშნა, მათ არც აშკარად და არც არაპირდაპირ არ განუცხადებიათ, რომ უარს ამბობენ ან თმობენ თავიანთ უფლებას სამართლიანი დაკმაყოფილების მოთხოვნაზე; უფრო მეტიც, მათი 2007 წლის 31 აგვისტოს წერილი განიხილება როგორც ამ უფლების ნათელი და უდავო დადასტურება. ამ ვითარებაში მოპასუხე სახელმწიფოს მოთხოვნა იმის შესახებ, რომ განმცხადებელი სახელმწიფოს მოთხოვნების შესწავლის განახლება მათი ლეგიტიმური ინტერესების საზიანო იქნება, გაუმართლებელია, რადგანაც მათ გონივრული მოლოდინი უნდა ქონოდათ, რომ გარკვეულ ეტაპზე ეს საკითხი კვლავ წარედგინებოდა სასამართლოს განსახილველად. ზემოთ ციტირებული ნაურუს საქმის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ კონტექსტში “ზიანის” ელემენტი პირველ ყოვლისა და უპირატესად უკავშირდება მოპასუხე სახელმწიფოს პროცედურულ ინტერესებს (“ფაქტების დადგენა და შესაბამისი კანონმდებლობის შინაარსის განსაზღვრა”) და მოპასუხე სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა დამაჯერებლად დაამტკიცოს ამგვარი ზიანის მოსალოდნელობა ან ალბათობა. თუმცა, წინამდებარე საქმეზე სასამართლო ვერ ხედავს ამგვარ მტკიცებულებას.
27. ვინაიდან თურქეთმა მიუთითა მინისტრთა კომიტეტის საზედამხედველო პროცედურაზე, სასამართლო განმარტავს, რომ მის გადაწყვეტილებაში დარღვევის დადგენა არსებითად დეკლარაციულია და რომ კონვენციის 46-ე მუხლის საფუძველზე მაღალმა ხელშემკვრელმა მხარეებმა ვალდებულება აიღეს, დაემორჩილონ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას ყველა იმ საქმეზე, რომელზეც ისინი მხარეები არიან და აღსრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს მინისტრთა კომიტეტი (Verein gegen Tierfabriken Schweiz (VgT) შვეიცარიის წინააღმდეგ (Verein gegen Tierfabriken Schweiz (VgT) v. Switzerland (no. 2) [დიდი პალატა], # 32772/02, § 61, ECHR 2009). აღნიშნულთან მიმართებით არ უნდა აგვერიოს ერთის მხრივ საქმისწარმოება სასამართლოს წინაშე, რომლის კომპეტენციაა საბოლოო გადაწყვეტილებაში დაადგინოს კონვენციის დარღვევა, რაც სავალდებულო ხდება მხარე სახელმწიფოებისთვის (მე-19 მუხლი 46.1 მუხლთან ერთობლიობაში) და სამართლიანი დაკმაყოფილების ხელმისაწვდომობა (41-ე მუხლი) სადაც შესატყვისია და მეორეს მხრივ მინისტრთა კომიტეტის პასუხისმგებლობით გადაწყვეტილების აღსრულების ზედამხედველობის მექანიზმი (მუხლი 46.2). 46-ე მუხლის საფუძველზე მხარე სახელმწიფო ვალდებულია არა მხოლოდ გადაიხადოს სასამართლოს მიერ სამართლიანი დაკამაყოფილების გზით მიკუთვნებული თანხა, არამედ ასევე გაატაროს ინდივიდუალური ან შესაბამისობიდან გამომდინარე ზოგადი ღონისძიებები საკუთარ სამართლებრივ სისტემაში, ან ორივე ერთად, რათა აღმოფხვრას სასამართლოს მიერ დადგენილი დარღვევა და აანაზღაუროს მისი შედეგები, რისი მიზანიც არის შესაძლებლობის ფარგლებში განმცხადებლისთვის იმგვარი ვითარების შექმნა, რომელშიც იქნებოდა კონვენციის მოთხოვნების უგულებელყოფა რომ არ მომხდარიყო (ibid., § 85). მართალია ერთმანეთთან კავშირშია, მაგრამ ინდივიდუალური ან ზოგადი ღონისძიებების, ან ორივეს ერთად გატარების ვალდებულება და სამართლიანი დაკმაყოფილების ანაზღაურების ვალდებულება ანაზღაურების ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ფორმაა და პირველი ორი არ გამორიცხავს ამ უკანასკნელს.
28. რაც შეეხება 2001-დან 2010 წლამდე პერიოდში მიმდინარე განვითარებებს, მინისტრთა კომიტეტის წინაშე საზედამხედველო პროცედურების ფარგლებში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს განვითარებები უდავოდ რელევანტურია განმცხადებელი სახელმწიფოს სამართლიანი დაკმაყოფილების მოთხოვნის არსის შეფასებისას; თუმცა, ეს არ გამორიცხავს სასამართლოს მიერ საჩივრის განხილვას.
29. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ვერ ხედავს რაიმე ვალიდურ საფუძველს იმის მისაჩნევად, რომ კვიპროსის მოთხოვნები სამართლიან დაკმაყოფილებაზე დაგვიანებულია და დაუშვებლად უნდა გამოცხადდეს. შესაბამისად, თურქეთის პროტესტი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
30. ამავდროულად, სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ 2012 წლის 14 მარტს მან მოიწვია განმცხადებელი სახელმწიფო, წარედგინა სამართლიან დაკამყოფილებაზე მათი მოთხოვნების “საბოლოო” ვერსია და რომ 2012 წლის 18 ივნისს ამ სახელმწიფოს მიერ წარდგენილი წერილობითი მოსაზრებები მიჩნეულ უნდა იქნას საბოლოოდ. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე გადაწყვეტილება აჯამებს ამ საკითხზე მსჯელობას.
2. კონვენციის 41-ე მუხლის მოქმედების გავრცელება წინამდებარე საქმეზე
a. მხარეთა წერილობითი მოსაზრებები
i. კვიპროსი
31. განმცხადებელი სახელმწიფო ამტკიცებდა, რომ კონვენციის 41-ე მუხლის მოქმედება ზოგადად ვრცელდება სახელმწიფოთაშორის საქმეებზე და კონკრეტულად წინამდებარე საქზეც. პირველ ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ 41-ე მუხლის ფორმულირება არ ასხვავებს ინდივიდუალურ საქმეებს და სახელმწიფოთაშორის საქმეებს და ეს უკანასკნელი არ გამოირიცხება სამართლიანი დაკმაყოფილების მოქმედების არედან. განმცხადებელი ასევე უთითებდა კონვენციის საფუძველზე დაცული ინდივიდუალური უფლებების ეფექტიანობის პრინციპზე. განმცხადებელი სახელმწიფოს აზრით ეს ნორმა განხილულ უნდა იქნას სასამართლოს პრეცედენტული სამართალით განსაზღვრული დანარჩენი ორი პრინციპის ჭრილში: ერთის მხრივ, კონვენციის როგორც საერთაშორისო საჯარო სამართლის ინსტრუმენტის სტატუსი, რომელიც უნდა განიმარტოს 1969 წლის ვენის სახელშეკრულებო სამართლის კონვენციაში კოდიფიცირებული წესებისა და პრინციპების შესაბამისად და მეორეს მხრივ, კონვენციის, როგორც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულების კონკრეტული მიზანი და ამოცანა. კვიპროსის განცხადებით, ეს პრინციპები განსაკუთრებით რელევანტურია სასამართლოს უნართან, სამართლიანი დაკამყოფილება მიაკუთვნოს კონვენციის 41-ე მუხლის საფუძველზე, რაც უზრუნველყოფს, რომ არსებობს კონვენციის აღსრულების ეფექტიანი საშუალებები და აგულიანებს ხელშემკვრელ მხარეებს იგნორირება არ გაუკეთონ სასამართლოს გადაწყვეტილებებს. სხვა სიტყვებით, 41-ე მუხლი უნდა განიმარტოს როგორც სასამართლოს შესაძლებლობის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, საკუთარი გადაწყვეტილებების შესრულების მიღწევის უზრუნველყოფისთვის, როგორც ინდივიდუალურ საქმეებზე 34-ე მუხლის საფუძველზე, ისე სახელმწიფოთაშორის საქმეებზე 33-ე მუხლის საფუძველზე.
32. განმცხადებელი სახელმწიფო ასევე უთითებს კონვენციის 32.1 მუხლზე, რომლის თანახმადაც “სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდება კონვენციისა და მისი ოქმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე, რომელიც მას გადაეცემა, როგორც ეს გათვალისწინებულია 33–ე, 34–ე და 47–ე მუხლებით.” მათი აზრით ეს ოთხი მუხლი უნდა დავინახოთ როგორც უნიკალური სტრუქტურირებული სისტემის ნაწილი, 32.1 მუხლთან ერთობლიობაში: 33-ე, 34-ე, 46-ე და 47-ე მუხლები სასამართლოს წინაშე საქმის წარდგენის სხვა გზებს ადგენს, მაგრამ ისინი არ ადგენს სასამართლოსთვის გამორჩეულ და განსაკუთრებული ტიპის იურისდიქციას. მნიშვნელობა არ აქვს განაცხადი რა გზით მოხვდება სასამართლოს წინაშე, ამ უკანასკნელის იურისდიქცია არ იცვლება და მოიცავს სამართლიანი დაკმაყოფილების მიკუთვნების კომპეტენციას. არ არსებობს სხვაგვარად ფიქრის კარგი საფუძველი, რადგანაც განსახილველი ადამიანის უფლებები იგივეა და შესაძლოა უფრო სერიოზულიც, ვიდრე ინდივიდუალურ საქმეზე; ასევე, კონვენციის ავტორებს 41-ე მუხლში არ დაუდგენიათ შეზღუდვა სამართლიანი დაკმაყოფილების მიკუთვნებაზე; და ბოლოს, არ არსებობს მინიშნება, რომ არსებობს რაიმე ნაგულისმხევი შეზღუდვა, რაც ამ ნორმის ლოგიკიდან მომდინარეობს (ან 33-ე მუხლიდან). შესაბამისად, არ შეიძლება ითქვას, რომ სასამართლოს ნაკლები უფლებამოსილება აქვს სახელმწიფოთაშორისი განაცხადის საფუძველზე მისთვის წარდგენილ საქმეებთან მიმართებით, ვიდრე მას აქვს ინდივიდუალური განაცხადებით წარდგენილ საქმეებზე.
33. კვიპროსის განცხადებით, სასამართლო ყოველთვის არაპირდაპირ მიიჩნევდა, რომ 41-ე მუხლის მოქმედება ვრცელდებოდა სახელმწიფოთაშორის საქმეებზე და ეს ასახულია როგორც სასამართლოს რეგლამენტში, ისე სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში. ამასთან მიმართებით ისინი ციტირებენ 46.e მუხლს, რომლის თანახმადაც სახელმწიფოთაშორის საქმეზე განმცხადებელი სახელმწიფო ვალდებულია წარადგინოს განაცხადი, რომელშიც ასახულია “41-ე მუხლის საფუძველზე და დაზარალებული მხარის ან მხარეთა სახელით სამართლიანი დაკმაყოფილების მოთხოვნებზე ზოგადი მითითება” , ასევე მიუთითეს მე-60-ე და 75.1 მუხლებზე, რომლებიც არ ასხვავებს ინდივიდუალურ და სახელმწიფოთაშორის განაცხადებს.
34. რაც შეეხება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, კვიპროსი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არაპირდაპირ, მაგრამ საკმაოდ ნათლად აღიარა, რომ სამართლიანი დაკმაყოფილების წესი ვრცელდება სახელმწიფოთაშორის საქმეებზე. შესაბამისად საქმეზე ირლანდია გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Ireland v. the United Kingdom (18 იანვარი, 1978, § 244-246, სერია A #25) სასამართლო ყოფილი 50-ე მუხლის მოქმედების არგავრცელების ნაცვლად მარტივად მიიჩნევს, რომ “აუცილებელი იყო მისი მოქმედების გავრცელება”. მსგავსად ამისა, წინამდებარე საქმეზე სასამართლომ ფაქტიურად გადადო სამართლიანი დაკმაყოფილების საკითხის განხილვა, ნაცვლად ამ საკითხის განუხილველად დატოვებისა.
35. და ბოლოს, განმცხადებელმა სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლოს 41-ე მუხლის საფუძველზე დისკრეციული უფლებამოსილება აქვს. როგორც სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში, ისე სამართლის მეცნიერები მუდამ აღნიშნავენ, რომ სამართლიანი დაკმაყოფილების მიკუთვნებისას 41-ე მუხლის მოქმედების გავრცელება სასამართლოს დისკრეციის საკითხია ნებისმიერ შემთხვევაში, მათ შორის სახელმწიფოთაშორის განაცხადზე. წინამდებარე საქმეზე, კვიპროსის მოთხოვნა სამართლიან დაკმაყოფილებაზე არ არის კვიპროსისთვის, როგორც სახელმწიფოსთვის პირდაპირ მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, არამედ სამართლიანი დაკმაყოფილების ინდივიდუალური დაზარალებული მხარეებისთვის, მისი მოქალაქეებისთვის მიკუთვნების მოთხოვნა, უკვე დადგენილი დარღვევების სანაცვლოდ.
ii. თურქეთი
36. თურქეთი მიიჩევს, რომ 41-ე მუხლის მოქმედება ზოგადი წესის საფუძველზე არ ვრცელდება სახელმწიფოთაშორის საქმეებზე. პირველ ყოვლისა ძირითადი გადაწყვეტილების ოპერაციული ნაწილი არ შეიძლება განიმარტოს როგორც სახელმწიფოთაშორის საქმეებზე სამართლიანი დაკმაყოფილების წესის ალბათ არაპირდაპირი მოქმედების გავრცელების აღიარება. გადაწყვეტილებაში სასამართლო საუბრობს 41-ე მუხლის მოქმედების “შესაძლო” გავრცელებაზე. თურქეთი ასევე ამტკიცებდა, რომ დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე ვარნავა და სხვები (Varnava and Others), ციტირება მაღლა, უნდა განიმარტოს, როგორც სახელმწიფოთაშორის საქმეზე სამართლიანი დაკმაყოფილების დაშვებაზე სასამართლოს იურისდიქციის არ არსებობის აღიარება (იხილეთ გადაწყვეტილების § 118). უფრო მეტიც, მოპასუხე სახელმწიფომ შესთავაზა კონვენციის 41-ე მუხლის შესწავლა საერთაშორისო პასუხისმგებლობის მარეგულირებელი კანონმდებლობის, დიპლომატიური დაცვის შესახებ კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო დაცვის პრინციპების ზოგად კონტექსტში. მაშინ როცა 33-ე მუხლი ფაქტიურად ასახავს დიპლომატიური დაცვის კლასიკურ ლოგიკას (პირდაპირი სახელმწიფოთაშორისი პასუხისმგებლობა), 34-ე მუხლი ამ ლოგიკიდან გადახვევაა: ინდივიდები, შესაძლოა ინდივიდუალური განაცხადების გზით მოქმედებდნენ პირდაპირ სახელმწიფოს სავარაუდო უკანონობის წინააღმდეგ და მოითხოვონ სამართლიანი დაკმაყოფილება მათი ქვეყნისთვის დიპლომატიური დაცვის მოთხოვნის გარეშე. თურქეთისთვის ეს აღწერა ასაბუთებს დასკვნას იმის შესახებ, რომ კონვენციის 41-ე მუხლის მოქმედება არ ვრცელდება სახელმწიფოთაშორის საქმისწარმოებაზე. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დარღვევამ პირდაპირი დაზიანება გამოიწვია მომჩივანი სახელმწიფოსთვის. სხვა სიტყვებით, 41-ე მუხლის მოქმედება ფაქტიურად შემოიფარგლება ინდივიდუალური განაცხადების მექანიზმით.
37. სახელმწიფოთაშორის დავებზე 41-ე მუხლის მოქმედების არ გავრცელების შესახებ მოპასუხე სახელმწიფოს კიდევ ერთი არგუმენტი იმაში მდგომარეობს, რომ ეს დავები არ არის მოტივირებული განმცხადებლის პირადი ინტერესით. აღნიშნულთან მიმართებით, თურქეთმა მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული კომისიის პრეცედენტულ სამართალზე, რომლის თანახმადაც სახელმწიფოთაშორის საქმეზე განმცხადებელი სახელმწიფო არ ახორციელებს საკუთარ უფლებებს, ან საკუთარი მოქალაქეების უფლებებს, არამედ მოითხოვს ევროპის საჯარო წესრიგის აღდგენას (იხილეთ ავსტრია იტალიის წინააღმდეგ (Austria v. Italy), # 788/60, 1961 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება, წლის გამოცემა 4, გვ. 116). მართლაც, სახელმწიფოთაშორისი განაცხადი მიმართულია კონვენციის განგრძობადად დარღვევის გამომწვევი ოფიციალური ქცევის წესის გასაჩივრებაზე. სახელმწიფოთაშორისი საჩივრება თავისი არსით უფრო ფართო უნდა იყოს ვიდრე ინდივიდუალური საჩივრები; ისინი უნდა უთითებდეს სისტემურ ჩავარდნებზე და არა ინდივიდუალურ დარღვევებზე. ამ კონტექსტში დარღვევის დადგენა სახელმწიფოთაშორისი სამართალწარმოების მიზნის მიღწევას ემსახურება. მეორეს მხრივ, თითოეული ინდივიდუალურ განმცხადებელი უფლებამოსილია კონვენციის 34-ე მუხლის საფუძველზე საკუთარი განაცხადით მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს სამართლიანი დაკმაყოფილება; შესაბამისად არასწორი იქნება ამგვარად განსხვავებული მიზნის მქონე პროცედურების აღრევა.
38. სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე დაყრდნობით მოპასუხე სახელმწიფო მიიჩნევს, რომ კონვენციის 41-ე მუხლის საფუძველზე სამართლიანი დაკმაყოფილება განსაზღვრულია იმისთვის, რომ მოიცვას ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ტრავმა, ტკივილი და ტანჯვა, მწუხარება, მღელვარება, ფრუსტრაცია, უსამართლობისა და დამცირებულობის განცდები, განგრძობადი გაურკვევლობა, სიცოცხლის ინტერესის დაკარგვა და ა.შ. ეს ფაქტორები ექსკლუზიურად ეხება ინდივიდუალური განმცხადებლის ტანჯვებს, მაგალითად ფიზიკური პირის და არ აქვს რაიმე დანიშნულება სახელმწიფოთაშორის საქმეზე. ხოლო სასამართლოს რეგლამენტზე დაყრდნობით მოპასუხე სახელმწიფო ამტკიცებდა, რომ 60.1 მუხლში არსებული სულიერი პირის ნაცვალსახელები (“his” ან “her” ინგლისურად) ნაცვლად უსულო პირის აღმნიშვნელი პირის ნაცვალსახელისა (“its”) მიანიშნებს, რომ ეს მუხლი ეხება მხოლოდ ფიზიკურ პირებს და არა სახელმწიფოებს.
b. სასამართლოს შეფასება
39. სასამართლო იხსენებს, რომ ერთადერთი სახელმწიფოთაშორისი საქმე, რომელზეც სამართლიანი დაკმაყოფილების საკითხის განხილვა მოუხდა იყო საქმე ირლანდია გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Ireland v. the United Kingdom), ციტირება მაღლა. ამ საქმეზე სასამართლომ დაადგინა, რომ არ იყო აუცილებელი ამ წესის (კონვენციის ყოფილი 50-ე მუხლი) მოქმედების გავრცელება, რადგანაც განმცხადებელმა სახელმწიფომ პირდაპირ გამოაცხადა, რომ “ისინი არ მიმართავენ სასამართლოს კონვენციის დარღვევის ცალკეული დაზარალებულებისთვის ფულადი კომპენსაციის სახით სამართლიანი დაკმაყოფილების მიკუთვნებაზე” (ibid., §§ 245-246).
40. სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ სამართლიანი დაკმაყოფილების ზოგადი ლოგიკა (კონვენციის 41-ე მუხლი, წარსულში 50-ე მუხლი), როგორც ეს მისმა შემქმნელებმა განიზრახეს, პირდაპირ მომდინრეობდა საერთაშორისო საჯარო სამართლის პრინციპებიდან სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შესახებ და უნდა განიმარტოს ამ კონტექსტში. ეს დასტურდება კონვენციის Travaux préparatoires -თი, რომლის თანახმადაც:
“... ეს ნორმა შესაბამისობაშია სახელმწიფოს მიერ მოვალეობათა დარღვევის მარეგულირებელ მოქმედ საერთაშორისო სამართალთან. შესაბამისად, აღნიშნულთან მიმართებით ევროპული სასამართლო არ წარმოადგენს ახალ ან მოქმედი საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგო ელემენტს” (ანგარიში წარმოადგინა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 1950 წლის 16 მარტს (დოკუმენტი CM/WP 1(50)15)).
41. საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სახელმწიფოს მიერ დარღვევასთან დაკავშირებული საერთაშორისო სამართლის ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი გულისხმობს, “რომ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა მოიცავს ადეკვატური ფორმით რეპარაციის ვალდებულებას” (იხილეთ საერთაშორისო სამართლიანობის მუდმივმოქმედი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ქარხანა ჩორზოუზე (Factory at Chorzów (იურისდიქცია), გადაწყვეტილება # 8, 1927, PCIJ, სერია A, # 9, გვ 21). მიუხედავად კონვენციის სპეციფიური ხასიათისა, 41-ე მუხლის საერთო ლოგიკა არსებითად არ განსხვავდება საერთაშორისო სამართალში რეპარაციის ლოგიკისგან, რომლის თანახმადაც “საერთაშორისო სამართლის მტკიცედ დამკვიდრებული წესია, რომ დაზარალებული სახელმწიფო უფლებამოსილია მიიღოს კომპენსაცია სახელმწიფოსგან, რომელმაც ჩაიდინა საერთაშორისო დონეზე მიუღებელი ქმედება და აღნიშნულით გამოიწვია ზიანი” (იხილეთ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე გაბჩიკოვო-ნაგიმაროს პროექტი (უნგრეთი სლოვაკეთის წინააღმდეგ) Gabčikovo-Nagymaros Project (Hungary v. Slovakia), ICJ Reports 1997, p. 81, § 152). ასევე თანაბრად დადგენილია, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შესახებ საჩივარზე იურისდიქციის მქონე საერთაშორისო სასამართლოს ან ტრიბუნალს გააჩინა ამ იურისდიქციის მახასიათებელი, განცდილი ზიანისთვის კომპენსაციის მიკუთვნების უფლებამოსილება (იხილეთ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება ფიშერის იურისდიქციის საქმეზე (გერმანიის ფედერალური რესპუბლიკა ისლანდიის წინააღმდეგ) (Fisheries Jurisdiction Case (Federal Republic of Germany v. Iceland), არსებითი განხილვა, ICJ ანგარიშები 1974, გვ. 203-205, §§ 71-76).
42. ამ გარემოებებში, საერთაშორისო სამართლის ზოგად წესებთან და პრინციპებთან მიმართებით 41-ე მუხლის როგორც lex specialis სპეციფიური ბუნების გათვალისწინებით სასამართლო ამ ნორმას ვერ განმარტავს ისე ვიწროდ და შემზღუდველად, რომ მისი მოქმედების სფეროდან გამოირიცხოს სახელმწიფოთაშორისი განაცხადები. პირიქით, ეს განმარტება დასტურდება 41-ე მუხლის ტექსტით, რომელიც ადგენს “სამართლიანი დაკმაყოფილების ხელმისაწვდომობას დაზარალებული მხარისთვის” (ფრანგულად – “à la partie lésée”); “მხარე” (ინგლისურად “party” პატარა ასოთი “p”) უნდა განვიხილოთ როგორც სასამართლოს წინაშე მიმდინარე საქმისწარმოების ერთერთი რეალური მხარე. აღნიშნულთან მიმართებით მოპასუხე სახელმწიფოს მითითება სასამართლოს რეგლამენტიც 60.1 მუხლის ტექსტზე (მე-12 და მე-18 პარაგრაფები მაღლა) ვერ მიიჩნევა დამაჯერებლად. რეალურად, ეს ნორმა, რომელიც კონვენციასთან შედარებით დაბალი იერარქიული ღირებულებისაა, ასახავს მხოლოდ იმ აშკარა რეალობას, რომ ამ ნორმის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიკუთვნებული თანხა პირდაპირ გადაეცათ ინდივიდუალურ განმცხადებლებს.
43. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ კონვენციის 41-ე მუხლის მოქმედება ვრცელდება სახელმწიფოთაშორის საქმეებზე. თუმცა, საკითხი იმის შესახებ, სამართლიანი დაკმაყოფილების მიკუთვნება განმცხადებელი სახელმწიფოსთვის გამართლებულია თუ არა, უნდა შეფასდეს და გადაწყდეს სასამართლოს მიერ ინდივიდუალურად, inter alia, განმცხადებელი სახელმწიფოს მიერ წარდგენილი საჩივრის ბუნების გათვალისწინებით, ასევე იმის მხედველობაში მიღებით, შესაძლებელი იყო თუ არა დარღვევის მსხვერპლთა იდენტიფიცირება, ასევე თუ რა იყო სასამართლოსთვის წარდგენილი პირველადი განაცხადის საფუძველზე სამართალწარმოების ძირითადი მიზანი. სასამართლო აღიარებს, რომ კონვენციის 33-ე მუხლის საფუძველზე წარდგენილი განაცხადი შესაძლოა შეიცავდეს სხვადასხვა საჩივრებს, რომლებიც სხვადასხვა მიზნებს ემსახურება. ასეთ საქმეებზე თითოეული საჩივარი განიხილება ცალცალკე, რათა განისაზღვროს მასთან მიმართებით სამართლიანი დაკმაყოფილების მიკუთვნება დასაბუთებულია თუ არა.
44. შესაბამისად, მაგალითად, განმცხადებელი ხელშემკვრელი მხარე შესაძლოა ჩიოდეს სხვა ხელშემკვრელ მხარეში არსებულ ზოგად საკითხებზე (სისტემური პრობლემები და ჩავარდნები, ადმინისტრაციული პრაქტიკა და ა.შ.). ამგვარ საქმეებზე განმცხადებელი სახელმწიფოს უპირველესი მიზანია ევროპის საჯარო წესრიგის აღდგენა კონვენციიდან გამომდინარე კოლექტიური პასუხისმგებლობის ფარგლებში. ამ გარემოებებში შესაძლოა შესაბამისი არ იყოს 41-ე მუხლის საფუძველზე სამართლიანი დაკმაყოფილების მიკუთვნება მაშინაც კი თუ განმცხადებელი სახელმწიფო ამგვარ მოთხოვნას დააყენებს.
45. არსებობს ასევე სხვა კატეგორიის სახელმწიფოთაშორისი საჩივარი, რომლითაც განმცხადებელი სახელმწიფო გმობს მეორე მხარის მიერ მისი მოქალაქეების (ან სხვა დაზარალებულთა) ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევას. რეალურად ამგვარი საჩივრები არსებითად იგივეა რაც არა მარტო კონვენციის 34-ე მუხლის საფუძველზე წარდგენილი ინდივიდუალური განაცხადებისა, არამედ ასევე საჩივრებისა, რომლებიც წარდგენილია დიპლომატიური დაცვის კონტექსტში, რაც არის “სახელმწიფოს მიერ მისი მოქალაქე ფიზიკური პირების ან იურიდიული პირების მიმართ სხვა სახელმწიფოს საერთაშორისოდ მიუღებელი ქმედებით მიყენებული ზიანისთვის პასუხისმგებლობის მოთხოვნა, დიპლომატიური ქმედების ან მშვიდობიანი მოლაპარაკების სხვა საშუალებებით, ამგვარი პასუხისმგებლობის განხორციელების ხედვით” (დიპლომატიური დაცვის შესახებ საერთაშორისო სამართლის კომისიის სამუშაო მუხლების 1-ელი მუხლი, 2006, იხილეთ გენერალური ასამბლეის ოფიციალური ჩანაწერები (Official Records of the General Assembly), სამოცდამეერთე სესია, დანართი # 10 (A/61/10), ასევე მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება დიალოს (Diallo) (გვინეა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ (Guinea v. Democratic Republic of the Congo) (წინასწარი პროტესტი), ICJ ანგარიში 2007, გვ. 599, § 39). თუკი სასამართლო დააკმაყოფილებს ამგვარ საჩივრებს და დაადგენს კონვენციის დარღვევას სამართლიანი დაკმაყოფილება შესაძლოა მიჩნეულ იქნას შესატყვისად საქმის კონკრეტული გარემოებებისა და ზემოთ ასახული კრიტერიუმის გათვალისწინებით (იხილეთ 43-ე პარაგრაფი).
46. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ კონვენციის ბუნებიდან გამომდინარე კონვენციური უფლებების ერთი ან მრავლობითი დარღვევის შედეგად “დაზარალდება” ცალკეული პირი და არა სახელმწიფო. შესაბამისად, თუკი სახელმწიფოთაშორის საქმეზე დაშვებულია სამართლიანი დაკმაყოფილება, ის ყოველთვის ცალკეულ დაზარალებულთა ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. აღნიშნულთან მიმართებით სასამართლო აღნიშანავს, რომ დიპლომატიური დაცვის შესახებ აღნიშნულ მუხლების მე-19 მუხლი რეკომენდაციას წევს “გონივრულ განსჯას დაქვემდებარებული მოპასუხე სახელმწიფოს მიერ მიყენებული ზიანისთვის მიღებული კომპენსაციის დაზარალებული პირებისთვის გადაცემაზე” (ibid.). უფრო მეტიც, ზემოთ აღნიშნულ დიალოს საქმეზე მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ აშკარად აღნიშნა, რომ “ბატონი დიალოსთვის დიპლომატიური დაცვის ფარგლებში [განმცხადებელი სახელმწიფოსთვის] მიკუთვნებული თანხა ბატონი დიალოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზეა მიმართული” (იხილეთ დიალო (გვინეა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა) (Diallo (Guinea v. Democratic Republic of the Congo) (Compensation), ICJ ანგარიში 2012, § 57).
47. წინამდებარე საქმეზე სასამართლო ადგენს, რომ კვიპროსმა სამართლიანი დაკმაყოფილების მოთხოვნა წარმოადგინა ადამიანთა ორი კონკრეტულად და ობიექტურად იდენტიფიცირებადი ჯგუფის კონვენციური უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით, რომლებიც არიან 1 456 გაუჩინარებული პირი და კარპასის ნახევარკუნძულზე დატყვევებული ბერძენი კვიპროსელები. სხვა სიტყვებით, სამართლიანი დაკმაყოფილება არ არის გათვალისწინებული სახელმწიფოს უფლებების დარღვევის კომპენსაციისთვის, არამედ ცალკეულ დაზარალებულთა სასარგებლოდ, რაც 45-ე პარაგრაფშია აღწერილი. ამ გარემოებებში და რადგანაც საქმე ეხება გაუჩინარებულ ადამიანებს და კარპასის მაცხოვრებლებს, სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებელი სახელმწიფო უფლებამოსილია მოთხოვნა დააყენოს კონვენციის 41-ე მუხლის საფუძველზე და სამართლიანი დაკმაყოფილების მიკუთვნება წინამდებარე საქმეზე დასაბუთებული იქნება.
B. კვიპროსის მოთხოვნები სამართლიან დაკმაყოფილებაზე
1. მხარეთა წერილობითი მოსაზრებები
a. მოთხოვნები გაუჩნარებულ პირებთან დაკავშირებით
i. კვიპროსი
48. კვიპროსმა განაცხადა, რომ საქმეების ვარნავა და სხვები (Varnava and Others) და კარეფილიდესი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ (Karefyllides and Others v. Turkey (გადაწყვეტილება, # 45503/99, 1 დეკემბერი, 2009) შედეგების გათვალისწინებით “ამჟამად გამოიკვეთა, რომ ოჯახის წევრების გაუჩინარებით გამოწვეულ განგრძობად დარღვევებთან დაკავშირებით ინდივიდუალური მომჩივნებს არ შეეძლოთ (გარდა იმ შემთხვევისა თუკი გამოიკვეთებოდა სახელმწიფო ორგანოებისთვის შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების წარმართვის ახალი ვალდებულებების განმაპირობებელი ახალი მტკიცებულება ან ინფორმაცია) სასამართლოსთვის საჩივრები წარედგინათ დასაშვებობის შესახებ ახალი რეგულაციის გამო”. განმცხადებელმა სახელმწიფომ აღიარა, რომ ძირითადი გადაწყვეტილების 119-ე პარაგრაფში მოხსენიებული 1 485 გაუჩნარებული პირიდან რამდენიმე უნდა გამოირიცხოს. პირველ ყოვლისა, ცხრა გაუჩინარებული პირის საქმეები უკვე მოცულია ინდივიდუალური განაცხადებით საქმეზე ვარნავა. მეორე, ოცდარვა პირის ნაშთების ეგსგუმაცია და ამოცნობა უკვე შედგა, თუმცა ვერ დადგინდა, რომ მათი გარდაცვალება თურქეთის ქმედების შედეგი იყო; შესაბამისად, ამ პირებთან მიმართებით საჩივრის წარდგენა ვერ მოხდება. მეორეს მხრივ, განმცხადებელი სახელმწიფო დაჟინებით ითხოვდა გაუჩნარებული პირების არსებული სიის სიფრთხილით დაზუსტებას, თუმცა თურქეთს არასდროს გაუპროტესტებია ამ სიის უტყუარობა. შესაბამისად, სამართლიანი დაკმაყოფილება გათვალისწინებულია 1 456 პირისთვის.
49. თავის თავდაპირველ წერილობით მოსაზრებით კვიპროსი ითხოვდა 12 000 ევროს თითოეული გაუჩნარებული პირის სანაცვლოდ, რაც შეესაბამებოდა საქმეზე ვარნავა და სხვები თურქეთის წინააღმდეგ (Varnava and Others v. Turkey) სასამართლოს მიერ მიკუთვნებულ თანხას. წერილობითი მოსაზრების საბოლოო ვერსიაში კვიპროსმა დათმო ეს მოთხოვნა და ნაცვლად ამისა მოითხოვა სასამართლოსგან სამართლიანი დაკმაყოფილების მიკუთვნება “სტანდარტული მაჩვენებლით თანასწორობის პრინციპებზე დაყრდნობით”. აღნიშნულთან მიმართებით კვიპროსი მიიჩნევდა, რომ 12 000 ევრო, რაც განისაზღვრა საქმეზე ვარნავა არ შეესაბამებოდა მეტად მაღალ თანხებს, რაც განისაზღვრა უახლეს და სამართლებრივად მსგავს საქმეებზე. სამართლიანი დაკმაყოფილების თანხები სასამართლომ კვიპროსს უნდა მიაკუთვნოს, რომელიც შემდეგ ამ თანხას გაუნაწილებს ცალკეულ დაზარალებულებს, გაუჩინარებული პირების ოჯახის წევრებს.
ii. თურქეთი
50. თურქეთი ამტკიცებდა, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად გადაწყვეტილებაში სასამართლოს არ დაუდგენია გაუჩინარებულ პირთა კონკრეტული რაოდენობა. შესაბამისად, განმცხადებელ მთავრობას არ ქონდა დასაბუთებული საფუძველი გაეკეთებია ჰიპოთეტური საჩივრები არაიდენტიფიცირებული ბენეფიციარების სახელით. გაუჩინარებული პირების ნათესავები ახლა უნდა დაელოდონ პროცედურული ვალდებულებების განახლებას საქმეზე ბრეკნელი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Brecknell v. the United Kingdom) დადგენილი პრინციპებით. დროთა განმავლობაში ბენეფიციართა რაოდენობა შესაძლოა შეიცვალა; ზოგიერთმა შესაძლოა დაკარგა სამართლებრივი ინტერესი და ა.შ. უფრო მეტიც, რთულია ზიანის ზედმიწევნით გაანგარიშების უზრუნველყოფა. ეს ვითარება მძიმდება საქმის არსებითი განხილვის შედეგად გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ცხრა წლის განმავლობაში უმოქმედებით, რაც არ იყო გამოწვეული თურქეთის მიერ.
b. კარპასის ნახევარკუნძულის მაცხოვრებლებთან დაკავშირებული საჩივრები
i. კვიპროსი
51. 2012 წლის 18 ივნისის წერილობით მოსაზრებებით კვიპროსი სამართლიან დაკმაყოფილებას ითხოვდა არა მხოლოდ გაუჩინარებულ პირებთან მიმართებით, არამედ ასევე კარპასის ნახევარკუნძულის მაცხოვრებელი ბერძენი კვიპროსელების ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის, რაც დიდმა პალატამ დაადგინა. უფრო კონკრეტულად კი, ეს ახალი მოთხოვნები ეხებოდა კონვენციის მე-3, მე-8, მე-9, მე-10 და მე-13 მუხლებისა და 1-ელი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის დარღვევას, რაც სასამართლომ დაადგინა. კვიპროსმა აღნიშნა, რომ ეს ახალი საჩივრები არ ეხება 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლის საფუძველზე საკუთრების უფლების დარღვევას.
52. აღნიშნულთან დაკავშირებით კვიპროსმა მოითხოვა შემდეგი:
“იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ კარპასის მაცხოვრებლები არ იყვნენ ერთი და იზოლირებული დარღვევის (როგორც ზემოთ აღნიშნულ საქმეებზე იყო) შედეგად დაზარალებულნი, არამედ მრავალი წლის მანძილზე სახელმწიფო დონეზე მხარდაჭერილი და რასობრივი საფუძვლით მოტივირებული დარღვევებით დაზარალებულნი, ზემოთ მითითებული საზომი არამატერიალური ზიანისთვის მოკრძალებულ ანაზღაურებას სთავაზობს, ცალკეულ პირზე არანაკლებ 50 000 ფუნტი სტერლინგისა. უნდა გვახსოვდეს, სასამართლომ დაადგინა, რომ თურქეთის ქმედებებმა კარპასის თემის წევრთა ღირსების პატივისცემის არსი შეარყია და დაარღვია.
(1) სასამართლომ მითითება უნდა მისცეს თურქეთს, კვიპროსს გადაუხადოს 50 000 ფუნქტი სტერლინგი 1974 წლის ივლისიდან დიდი პალატის მიერ 2001 წლის მაისში გადაწყვეტილების მიღებამდე პერიოდში კარპასის ნახევარკუნძულზე მაცხოვრებელი თითოეული ბერძენი კვიპროსელისთვის (ამ თანხას კვიპროსი გაუნაწილებს დაზარალებულებს ან მათ მემკვიდრეებს...);
(2) ამგვარ მაცხოვრებელთა რაოდენობა მხარეთა შორის უნდა შეთანხმდეს სასამართლოს განკარგულებიდან 6 თვის ვადაში და შეთანხმების არ არსებობის შემთხვევაში სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს წერილობითი მტკიცებულებისა და წერილობითი მოსაზრებების საფუძველზე, მაცხოვრებელთა და მათ მემკვიდრეთა რაოდენობისა და ადგილმდებარეობის მიხედვით.”
ii. თურქეთი
53. თურქეთმა აღნიშნა, რომ კვიპროსს ძირითადი გადაწყვეტილების მიღებიდან თერთმეტი წელი დასჭირდა საჩივრების წარსადგენად. უფრო მეტიც, მას ძალისხმევა არ გამოუჩენია შესაძლო ბენეფიციარების რაოდენობის იდენტიფიცირებისთვის. და ბოლოს, განმცხადებელი სახელმწიფოს მსჯელობა ეფუძნებოდა 1974 წელს დაფიქსირებულ ფაქტებს, მაშინ როცა ყოფილმა კომისიამ თავის ანგარიშში გადაწყვიტა, რომ მას შეეძლო იმ გაცხადებული დარღვევების შესწავლა, რომლებიც სავარაუდოდ ჩადენილია განაცხადის წარდგენიდან ექვსი თვის მანძილზე.
54. თურქეთმა ასევე განმარტა, რომ კარპასზე ცხოვრების პირობები გაუმჯობესდა და რომ იქ არსებობდა მოქმედი სასამართლო სისტემა, “TRNC”-ში, რომელიც ღია იყო ჩრდილოეთში მაცხოვრებელი ბერძენი კვიპროსელებისთვის.
55. თურქეთის თანახმად, 41-ე მუხლი არ ანიჭებს რაიმე უფლებამოსილებას სამართლიან დაკმაყოფილებაზე და ამ დებულების ტექსტში დისკრეციის ელემენტი იკვეთება. წინამდებარე საქმის კონტექსტში სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს მინისტრთა კომიტეტის წინაშე აღსრულების მიმდინარე პროცესი. და ბოლოს, კონვენცია არ არის სადამსჯელო ზიანზე უფლების გარანტი; სასამართლო გამუდმებით დაუკმაყოფილებლად ტოვებს ამგვარ საჩივრებს. წინამდებარე საქმეზე მოპასუხე მთავრობა მიიჩნევს, რომ სასამართლომ უნდა დაადგინოს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებით დარღვევის დადგენა საკმარისი დაკმაყოფილებაა.
2. სასამართლოს შეფასება
56. სასამართლო კვლავ აცხადებს თავის ზოგად განმარტებას, რაც გააკეთა საქმეზე ვარნავა და სხვები (Varnava and Others), ციტირება მაღლა და რომელიც რელევანტურია სახელმწიფოთაშორის საქმეზე ნებისმიერი სახის ზიანის ანაზღაურებასთან მიმართებით (ibid., § 224):
«სასამართლო ადგენს, რომ არ არსებობს რაიმე პირდაპირი ნორმა, რომელიც არეგულირებს არამატერიალურ ან მორალურ ზიანს. საქმეთა განხილვის განვითარებით, რასაც სასამართლომ მიაღწია სამართლიანი დაკმაყოფილების მიკუთვნების შედეგად, გამოიკვეთა ვითარებები, სადაც განმცხადებელმა განიცადა აშკარა ტრავმა, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური, ტკივილი და ტანჯვა, შფოთვა, მღელვარება, ფრუსტრაცია, უსამართლობისა თუ დამცირების განცდა, განგრძობადი გაურკვევლობა, ცხოვრების ინტერესის დაკარგვა, ან შესაძლებლობათა რეალური დაკარგვა ... და ეს ვითარებები, განმცხადებლის მიერ განცდილი დარღვევების საჯარო გამოთხოვა ხდება, ხელშემკვრელი სახელმწიფოებისთვის სავალდებულო გადაწყვეტილებით, თავის მხრივ ანაზღაურების ძლიერი ფორმაა. მრავალ შემთხვევაში, როდესაც კანონმდებლობა, პროცედურა ან პრაქტიკა ვერ აკმაყოფილებს კონვენციით დადგენილ სტანდარტებს, ეს საკმარისია საკითხის მოსაგვარებლად. ... თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში დარღვევის ზეგავლენა შესაძლოა განხილულ იქნას როგორც ბუნებისა და ხარისხის შედეგი და იმდენად მნიშვნელოვან ზეწოლას ახდენს განმცხადებლის მორალურ კეთილდღეობაზე, რომ მოითხოვს დამატებით მოქმედებას. ამგვარი ელემენტები არ ექვემდებარება დაანგარიშებისა და ზუსტად აღნუსხვის პროცესს. არც სასამართლოს როლია იმოქმედოს, როგორც ეროვნული დონის ზიანის დამდგენმა სასამართლომ სამოქალაქო მხარეებს შორის ბრალისა და კომპენსაციას დაქვემდებარებული ზიანის განსაზღვისას. მისი სახელმძღვანელო პრინციპია თანასწორობა, რაც ყველაფერთან ერთად მოიცავს, მოქნილობას და იმის ობიექტურ განხილვას, თუ რა არის კანონისმიერი, სამართლიანი და გონივრული საქმის ყველა გარემოებებში, მათ შორის არა მარტო განმცხადებლის პოზიციასთან მიმართებით, არამედ საერთო კონტექსტის გათვალისწინებით, რომელშიც დარღვევა დაფიქსირდა. არამატერიალური ზიანის ანაზღაურება ემსახურება იმ ფაქტის აღიარებას, რომ მორალური ზიანი დადგა ადამიანის ძირითადი უფლების დარღვევის შედეგად და ყველაზე ფართო გაგებით ასახავს ზიანის სიმძიმეს; ეს არ ემსახურება და არ უნდა ემსახურებოდეს ფინანსური კომფორტის ან გულშემატკივრობითი მხარდაჭერის შექმნას შესაბამისი ხელშემკვრელი მხარის ხარჯზე.”
სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ “განმცხადებლებმა [იმ საქმეზე] გამოიარეს არაინფორმირებულობის ათწლეული, რაც მათზე მძიმედ აისახა” (ibid., § 225).
57. აღნიშნულთან მიმართებით სასამართლოს შეუძლია მხოლოდ დაამატოს, რომ კარპასის მაცხოვრებელთა უმწეობის, შფოთვისა და მღელვარების განგრძობადი გრძნობების არსებობასთან მიმართებით ეჭვი არ არსებობს, დაირღვა მათი კონვენციის მე-3, მე-8, მე-9, მე-10 და მე-13 მუხლებით და 1-ელი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლით გათვალისწინებული უფლებები, რაც ძირითადი გადაწყვეტილებით დადგინდა.
58. საქმის ყველა რელევანტური გარემოების გათვალისწინებით და მათი თანასწორ საწყისებზე შეფასების შედეგად სასამართლო გონივრულად მიიჩნევს კვიპროსისთვის ჯამში 30 000 000 ევროს მიკუთვნებას გაუჩინარებული პირების გადარჩენილი ნათესავების მიერ განცდილი არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ და 60 000 000 ევროს მიკუთვნებას კარპასის ნახევარკუნძულზე დატყვევებული მაცხოვრებლების მიერ განცდილი არამატერიალური ზიანისთვის, რასაც ემატება გადასახადი, რაც შეიძლება განისაზღვროს აღნიშნული თანხისთვის. მითითებული თანხა განმცხადებელმა სახელმწიფომ უნდა გაუნაწილოს ამ ორი თავის საფუძველზე ძირითად გადაწყვეტილებაში დადგენილი დარღვევების შედეგად დაზარალებულ პირებს (იხილეთ, mutatis mutandis, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე (დიალო) Diallo (კომპენსაცია), ციტირება მაღლა, loc.cit.).
59. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ კონვენციის 46.2 მუხლის საფუძველზე მინისტრთა კომიტეტის ვალდებულებაა ზედამხედველობა გაუწიოს სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას. საქმის კონკრეტულ გარემოებებში სასამართლო მიიჩნევს, რომ კვიპროსის პასუხისმგებლობაა, მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობით, შექმნას ცალკეულ დაზარალებულთათვის ზემოთ აღნიშნული თანხის გადანაწილების მექანიზმი. გადანაწილება უნდა განხორციელდეს მოპასუხე სახელმწიფოს მიერ თანხის გადახდიდან თვრამეტ თვეში ან მინისტრთა კომიტეტის მიერ სათანადოდ მიჩნეულ ნებისმიერ ვადაში.
C. საურავი
60. სასამართლოს შესაბამისად მიაჩნია საურავის დადგენა ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის მიხედვით, რასაც დაემატება სამი საპროცენტო ერთეული.
II. კვიპროსის განაცხადი “დეკლარაციული გადაწყვეტილების” შესახებ
61. 2011 წლის 25 ნოემბრის განაცხადით კვიპროსმა სასამართლოს სთხოვა შემდეგი შინაარსის “დეკლარაციული გადაწყვეტილების” მიღება:
“(i) 46-ე მუხლის საფუძველზე თურქეთს მოეთხოვება დაემორჩილოს გადაწყვეტილებას საქმეზე კვიპროსი თურქეთის წინააღმდეგ, კვიპროსის ჩრდილოეთით ბერძენი კვიპროსელების სახლებისა და საკუთრების უკანონო გაყიდვისა და სარგებლობის დაშვებისგან, ამგვარ ქმედებებში მონაწილეობისგან თუ დათანხმებისგან ან სხვაგვარად ჩართულობისგან თავის შეკავებით;
(ii) 46-ე მუხლის საფუძველზე წარმოშობილი ეს ვალდებულება არ მოხსნილა საქმეზე დემოპულოსი (Demopoulos) დასაშვებობის გადაწყვეტილებით.”
62. სასამართლო ადგენს, რომ მოპასუხე სახელმწიფოს 46-ე მუხლითა და საკუთარი საერთაშორისო ვალდებულებებით ეკისრება ვალდებულება შეასრულოს ძირითადი გადაწყვეტილება. ის კვლავ ადასტურებს ზოგად პრინციპს, რომ მოპასუხე სახელმწიფო თავისუფალია აირჩიოს საშუალებები, რომლის მეშვეობითაც ის გაითავისუფლებს თავს აღნიშნული ნორმის საფუძველზე დადგენილი სამართლებრივი ვალდებულებისგან და რომ სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზედამხედველობა მინისტრთა კომიტეტის პასუხისმგებლობაა.
63. სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არის აუცილებელი საკითხის შესწავლა, კონვენციის საფუძველზე მას აქვს თუ არა კომპეტენცია მიიღოს “დეკლარაციული გადაწყვეტილება” იმ ფორმით, რასაც განმცხადებელი სახელმწიფო ითხოვდა, რადგანაც ნათელია, რომ მოპასუხე სახელმწიფოსთვის ნებისმიერ შემთხვევაში ფორმალურად სავალდებულოა ძირითადი გადაწყვეტილების შესაბამისი პირობები. აღნიშნულთან მიმართებით უნდა გვახსოვდეს, რომ სასამართლომ დაადგინა 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლის განგრძობადი დარღვევა იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ ჩრდილოეთ კვიპროსში საკუთრების მქონე ბერძენ კვიპროსელებს არ აქვთ საკუთარ ქონებაზე წვდომა და კონტროლი, ვერ სარგებლობენ და ვერ იღებენ სარგებელს და ვერც კომპენსაციას იღებენ მათი საკუთრების უფლებების დარღვევის სანაცვლოდ (ძირითადი გადაწყვეტილების ოპერაციული ნაწილის მე-3 ნაწილი, მე-4 პუნქტი). შესაბამისად მინისტრთა კომიტეტის ვალდებულებაა უზრუნველყოს, რომ ეს ფლობა, რაც სავალდებულოა კონვენციის თანახმად და რომელიც ჯერ არ შესრულებულა, სრულად აღსრულდეს მოპასუხე სახელმწიფოს მიერ. სასამართლოს აზრით, ამგვარი შესრულება შესაბამისობაში ვერ მოვა კვიპროსის ჩრდილოეთ ნაწილში ბერძენი კვიპროსელების სახლებისა და საკუთრების უკანონო გაყიდვის ან ექსპლუატაციის შესაძლო დაშვებასთან, ამ ქმედებებში მონაწილეობასთან, თანხმობასა ან სხვაგვარად მონაწილეობასთან. უფრო მეტიც, სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე დემოპულოსი და სხვები (Demopoulos and Others) იმის შესახებ, რომ ცალკეულ პირთა განაცხადები საკუთრების უფლების დარღვევასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა ეროვნულ დონეზე სამართლებრივი დაცვის საშულებების სრულად არ ამოწურვის საფუძვლით, თავის მხრივ არ შეიძლება მიჩნეულ იქნას იმის მხარდამჭერად, რომ თურქეთმა შეასრულა სახელმწიფოთაშორის საქმეზე ძირითადი გადაწყვეტილების ოპერაციული დებულებების მე-3 ნაწილი.
აღნიშნულის საფუძველზე სასამართლო
1. ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ ადგენს, 2001 წლის 10 მაისს ძირითადი გადაწყვეტილების მიღებიდან გასული დრო არ არის განმცხადებელი სახელმწიფოს სამართლიანი დაკმაყოფილების მოთხოვნის დაუშვებლად დატოვების საფუძველი;
2. ადგენს, თექვსმეტი ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ 41-ე მუხლის მოქმედება ვრცელდება წინამდებარე საქმეზე რადგანაც საქმე ეხება გაუჩინარებულ ადამიანებს;
3. ადგენს, თხუთმეტი ხმით ორის წინააღმდეგ, რომ 41-ე მუხლის მოქმედება ვრცელდება წინამდებარე საქმეზე, რადგანაც ეს საქმე ეხება კარპასის ნახევარკუნძულზე დატყვევებულ ბერძენ კვიპროსელებს;
4. ადგენს, თხუთმეტი ხმით ორის წინააღმდეგ,
(a) რომ მოპასუხე სახელმწიფო ვალდებულია სამი თვის ვადაში განმცხადებელ სახელმწიფოს გადაუხადოს 30 000 000 (ოცდაათი მილიონი) ევრო და დამატებით ნებისმიერი გადასახადი, რაც შესაძლოა დაერიცხოს აღნიშნულ თანხას, გაუჩინარებული ადამიანების ნათესავების მიერ განცდილი არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ;
(b) რომ აღნიშნული სამი თვის ამოწურვის შემდგომ თანხის გადახდამდე პერიოდისთვის განისაზღვროს მარტივი საურავი, რომელიც დაერიცხება ზემოთ აღნიშნულ თანხას ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის მიხედვით, რასაც დაემატება სამი საპროცენტო ერთეული;
(c) რომ ზემოთ მითითებული თანხა განმცხადებელმა სახელმწიფომ მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობით უნდა გაუნაწილოს ინდივიდუალურ დაზარალებულებს თანხის გადარიცხვიდან თვრამეტი თვის განმავლობაში ან მინისტრთა კომიტეტის მიერ გონივრულად მიჩნეულ ვადაში;
5. ადგენს, თხუთმეტი ხმით ორის წინააღმდეგ,
(a) რომ მოპასუხე სახელმწიფომ განმცხადებელ სახელმწიფოს სამი თვის ვადაში უნდა გადაუხადოს 60 000 000 (სამოცი მილიონი) ევრო, ასევე ნებისმიერი გადასახადი, რაც შეიძლება დაირიცხოს, კარპასის ნახევარკუნძულზე მაცხოვრებელი დატყვევებული ბერძენი კვიპროსელებისთვის მიყენებული არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ;
(b) რომ აღნიშნული სამი თვის ამოწურვის შემდგომ თანხის გადახდამდე პერიოდისთვის განისაზღვროს მარტივი საურავი, რომელიც დაერიცხება ზემოთ აღნიშნულ თანხას ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის მიხედვით, რასაც დაემატება სამი საპროცენტო ერთეული;
(c) რომ ზემოთ მითითებული თანხა განმცხადებელმა სახელმწიფომ მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობით უნდა გაუნაწილოს ინდივიდუალურ დაზარალებულებს თანხის გადარიცხვიდან თვრამეტი თვის განმავლობაში ან მინისტრთა კომიტეტის მიერ გონივრულად მიჩნეულ ვადაში.
შესრულებულია ინგლისურ და ფრანგულ ენებზე და საჯაროდ გამოქვეყნდა სტრასბურგში ადამიანის უფლებათა შენობაში, 2014 წლის 12 მაისს.
მაიკლ ობოლეჯოსეფ კასადევალი მდივნის მოადგილე თავმჯდომარე
კონვენციის 45.2 მუხლისა და სასამართლოს რეგლამენტის 74.2 მუხლის საფუძველზე ამ გადაწყვეტილებას თან ერთვის შემდეგი განსხვავებული მოსაზრებები:
(a) მოსამართლეების ზუპანჩიჩის, იულუმიანის, დავით ტორ ბიორგვინსონის, ნიკოლაუს, შაიოს, ლაზაროვა ტრაიკოვსკას, პოვერ-ფორდეს, ვუცინიკისა და პინტო დე ალბუკუერკეს დამადასტურებელი მოსაზრება;
(b) მოსამართლე პინტო დე ალბუკუერკეს დამადასტურებელი მოსაზრება, რასაც მოსამართლე ვუჩინიკიც შეუერთდა;
(c) მოსამართლეების ტულკენსის, ვაჟიკის, რაიმონდისა და ბიანკუს ნაწილობრივ დამადასტურებელი მოსაზრება, რასაც შეუერთდა მოსამართლე კარაკასი;
(d) მოსამართლე კასადევალის ნაწილობრივ დამადასტურებელი და ნაწილობრივ განსხვავებული მოსაზრება;
(e) მოსამართლე კარაკასის განსხვავებული მოსაზრება.
J.C.M
M.O’B
განსხვავებული მოსაზრებები არ ითარგმნა, თუმცა ინგლისურ და/ან ფრანგულ ენაზე თან ერთვის გადაწყვეტილების ოფიციალურ ვერსიას, რომელიც განთავსებულია [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზაში HUDOC.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2014
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2014
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2014
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy