ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება წინასწარი პატიმრობის ექვსთვიანი პერიოდისა და მისი გონივრულობის შესახებ.
წინასწარი პატიმრობის არათანმიმდევრული პერიოდები განიხილება ცალ-ცალკე ექვსთვიანი ვადის მიზნებისთვის: ნაწილობრივ დაუშვებელი.
წინასწარი პატიმრობა ემყარებოდა იმ საფუძვლებს, რომლებიც მიუხედავად მათი შესაბამისობისა, არ შეიძლებოდა განხილულიყო, როგორც „საკმარისი“ წინასწარი პატიმრობის ხანგრძლივობის დასასაბუთებლად: დარღვევა
დიდი პალატა
საქმე „იდალოვი რუსეთის წინააღმდეგ“
CASE OF IDALOV v. RUSSIA
განცხადება N5826/03
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
22 მაისი 2012
ა. სისხლისსამართლებრივი საქმისწარმოება განმცხადებლის წინააღმდეგ
9. 1999 წლის 11 ივნისს განმცხადებელი დააპატიმრეს გატაცების ბრალდების საფუძველზე, რომელშიც ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი მონაწილეობდა. სამი დღის შემდეგ შესაბამისმა ბრალმდებელმა გამოსცა ბრძანება მისი დაკავების შესახებ. განმცხადებელს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს 1999 წლის 18 ივნისს.
10. 2000 წლის 6 იანვარს მას ასევე წაუყენეს ბრალი გატაცებაში, ფულის გამოძალვაში, ცეცხლსასროლი იარაღის და ნარკოტიკების უკანონო შეძენასა და ფლობაში.
II. კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის სავარაუდო დარღვევა
109. განმცხადებელი დავობდა, რომ მისი წინასწარი პატიმრობა არაგონივრულად ხანგრძლივი იყო და არ ეფუძნებოდა შესაბამის და საკმარის საფუძვლებს. იგი თავის მოსაზრებას ამყარებდა კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომელშიც ნათქვამია:
„ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებების თანახმად, ყველა დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს . . . უფლება უნდა ჰქონდეს, მისი საქმე განიხილოს სასამართლომ გონივრულ ვადაში ან გათავისუფლდეს საქმის განხილვის განმავლობაში. გათავისუფლება შეიძლება უზრუნველყოფილ იქნეს სასამართლო პროცესზე გამოცხადების გარანტიებით.“
ა. დასაშვებობა
1. მხარეთა არგუმენტები
(ა) მთავრობა
110. სასამართლოს კარგად დამკვიდრებული პრეცედენტული სამართლის თანახმად (იხ. ნოიმაისტერი ავსტრიის წინააღმდეგ, 1968 წლის 27 ივნისი, § 6, სერია A, N8; ბორდიკოვი რუსეთის წინააღმდეგ, N921/03, 2009 წლის 8 ოქტომბერი და ვლადიმირ კრივონსოვი რუსეთის წინააღმდეგ N7772/04, 2010 წლის 15 ივლისი), მთავრობამ მიუთითა, რომ განმცხადებელმა განაცხადი 2003 წლის 6 თებერვალს შეიტანა, შესაბამისად გაუშვა კონვენციის 35-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 6-თვიანი ვადა, 1996 წლის 11 ივნისიდან 2001 წლის 6 ივლისამდე მისი წინასწარი პატიმრობის პერიოდთან მიმართებით. სახელისუფლებლო ორგანოები დაეთანხმნენ, რომ 2001 წლის 6 ივლისს განმცხადებლის გათავისუფლების შემდეგ, ის კვლავ დააპატიმრეს 2002 წლის 29 ოქტომბრიდან 2003 წლის 24 ნოემბრამდე პერიოდში. თითქმის ერთი წელი და ოთხი თვე იყო გასული განმცხადებლის წინასწარი პატიმრობის ორ პერიოდს შორის, რის შედეგადაც, მისი განაცხადი - პატიმრობის პირველი პერიოდის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, დაუშვებლად უნდა გამოცხადდეს, რადგან ის ვადის დარღვევითაა წარდგენილი. მთავრობის მოსაზრებით, აღნიშნული ორი პერიოდი ერთ მთლიან თანმიმდევრულ პერიოდად არ უნდა იქნეს განხილული.
(ბ) განმცხადებელი
111. განმცხადებელმა მიუთითა, რომ სახელისუფლებლო ორგანოების მიზანი განმცხადებლის ნებისმიერ შემთხვევაში დაპატიმრება (სავარაუდოდ მისი ჩეჩნური წარმომავლობის გამო), სამართალწარმოების გაჭიანურება და მისი პატიმრობაში შეძლებისდაგვარად ხანგრძლივი ვადით დატოვება იყო. აღნიშნულის გათვალისწინებით პატიმრობის ორი პერიოდი კუმულაციურად უნდა იქნეს შეფასებული. ორივე შემთხვევაში განმცხადებელი პატიმრობაში მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი საქმის სამართალწარმოების დროს იყო.
2. სასამართლოს შეფასება
112. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, წინასწარი პატიმრობის ხანგრძლივობის განსაზღვრისას, გასათვალისწინებელი პერიოდი იწყება ბრალდების წაყენების დღიდან და მთავრდება მაშინ, როცა მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი საქმისწარმოება მიმდინარეობს, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც ბრალი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერაა წაყენებული, ან სავარაუდოდ მაშინ, როდესაც განმცხადებელი გათავისუფლებულია პატიმრობიდან (იხ. ვემჰოფი გერმანიის წინააღმდეგ, 1968 წლის 27 ივნისი, § 9, სერია A, N7; ლაბიტა, §§ 145 და 147 და ჯეკიუსი ლიტვის წინააღმდეგ, N34578/97; § 44, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ECHR, 2000‑IX).
113. აღნიშნულ შემთხვევაში განმცხადებელი, რომელიც დაპატიმრებული იყო დაახლოებით ორი წლის განმავლობაში, გაათავისუფლეს სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას და თავისუფალი იყო დაახლოებით ერთი წლისა და ოთხი თვის განმავლობაში, სანამ 2002 წლის 29 ოქტომბერს ხელახლა არ დააპატიმრეს. შესაბამისად, მისი წინასწარი პატიმრობა ორ ერთმანეთისაგან განცალკევებულ და განსაზღვრულ პერიოდს მოიცავს: 1. 1999 წლის 11 ივნისიდან 2001 წლის 6 ივლისამდე პერიოდს (იხ. 29-ე პარაგრაფი) და 2. 2002 წლის 29 ოქტომბრიდან 2003 წლის 24 ნოემბრამდე პერიოდს, როდესაც იგი საბოლოოდ იქნა ცნობილი დამნაშავედ კომპეტენტური სასამართლოს მიერ (იხ.19-ე პარაგრაფი). ჩნდება კითხვა, მოეთხოვებოდა თუ არა მას კონვენციის თანახმად, წინასწარი პატიმრობის პირველი პერიოდის გასვლის შემდეგ, გათავისუფლებიდან ექვსი თვის განმავლობაში წინასწარი პატიმრობის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად შეეტანა საჩივარი.
114. სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებელმა საჩივარი შეიტანა 2003 წლის 6 თებერვალს, ე.ი. მისი პატიმრობის პირველი პერიოდის დასრულებიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ. საქმის გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, სასამართლოს ამოცანაა დაადგინოს, შეფასდეს თუ არა განმცხადებელის წინასწარი პატიმრობის ორი პერიოდი კუმულაციურად, ან ჰქონდა თუ არა მნიშვნელოვანი პერიოდის განმავლობაში სასამართლო პროცესამდე განმცხადებლის გათავისუფლებას ექვსთვიანი ვადის დაწყებაზე გავლენა, როგორც მითითებულია 35-ე მუხლის პირველ პუნქტში განმცხადებლის წინასწარი პატიმრობის ამ ნაწილთან დაკავშირებით.
(ა) სასამართლოს პრეცედენტული სამართალი
115. სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში ასახულია ორი სახის მიდგომა წინასწარი პატიმრობის არათანმიმდევრული (ცალ-ცალკე) პერიოდების შეკრების მიზნით ექვსთვიანი წესის გამოყენებასთან დაკავშირებით.
(i) ნოიმაისტერის საქმეში ასახული მიდგომა
116. საკითხი პირველად წამოიჭრა ნოიმაისტერის საქმის განხილვისას, როდესაც განმცხადებელი წინასწარ პატიმრობაში ორი პერიოდის განმავლობაში იყო, პირველად - 1961 წლის 24 თებერვლიდან 1961 წლის 12 მაისამდე პერიოდში და მეორედ - 1962 წლის 12 ივლისიდან 1964 წლის 16 სექტემბრამდე. კომისიამ მიიჩნია, რომ ექვსთვიანი ვადა ხელს უშლიდა მას გამოეთქვა მოსაზრება, იყო თუ არა განმცხადებლის პატიმრობის პირველი პერიოდის ხანგრძლივობა „გონივრული“. სასამართლო დაეთანხმა ამ მიდგომას, თუმცა დამატებით აღნიშნა, რომ მეორე პერიოდის გონივრულობის შეფასებისას პირველი პერიოდი „მხედველობაში მიღებული“ არ უნდა იქნეს. სასამართლომ დაადგინა:
„6. უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლოს არ შეუძლია განიხილოს, იყო თუ არა პირველი პერიოდი კონვენციის შესაბამისი; თუნდაც იმ ვარაუდით, რომ 1961 წელს ნოიმაისტერმა ისარგებლა ზოგიერთი სამართლებრივი დაცვის საშუალებით და არ მიმართა კომისიას 1963 წლის 12 ივლისამდე, ე.ი. გავიდა კონვენციის 26-ე მუხლით განსაზღვრული ექვსთვიანი ვადა.
მიუხედავად ამისა, პატიმრობის აღნიშნული პერიოდი თავისუფლებასთან დაკავშირებულ პირველ გადახვევას წარმოადგენდა, რომელთან მიმართებითაც, ნოიმაისტერს შეეძლო ედავა. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, წინასწარი პატიმრობის პირველი პერიოდი, როგორც წესი, გამოაკლდებოდა თავისუფლების აღკვეთის ვადას, რომელსაც მიუსჯიდნენ (ავსტრიის სისხლის სამართლის კოდექსის 55 (ა) ნაწილი); ამგვარად ის შეამცირებდა თავისუფლების აღკვეთის სავარაუდო ხანგრძლივობას. შესაბამისად, აღნიშნული მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მისი შემდგომი პატიმრობის გონივრულობის შეფასებისას.“
(იი) ზოგადი მიდგომა
117. შემდგომ შემთხვევებში სასამართლომ შესაბამისი ვადის გაანგარიშებისთვის განსხვავებული მიდგომა გამოიყენა. თუმცა აღნიშნული ნოიმაისტერის მეთოდიდან გადახვევის საფუძვლების მითითების გარეშე განახორციელა. კემაში საფრანგეთის წინააღმდეგ საქმეში (N1 და N2; 1991 წლის 27 ნოემბერი, სერია A, N218) სასამართლომ მარტივად გამოიანგარიშა დროის რამდენიმე პერიოდი, როგორც მთლიანი ვადა და არ განიხილა ექვსთვიანი წესის გამოყენების საკითხი, როგორც ეს თავდაპირველად ნოიმაისტერის საქმეში მოხდა. ექვსთვიანი წესის გამოყენების შემთხვევაში, აღნიშნული უდავოდ გამორიცხავდა პირველი პერიოდის შესწავლას, რადგანაც საჩივრები შეტანილია მხოლოდ 1986 წლის 1 აგვისტოსა და 1989 წლის 28 აპრილს. სასამართლომ დაადგინა:
„44. განმცხადებელმა წინასწარ პატიმრობაში ოთხი პერიოდი დაჰყო: 1983 წლის 16 თებერვლიდან 29 მარტამდე . . . , 1984 წლის 22 მარტიდან 1986 წლის 19 დეკემბრამდე . . . , 1990 წლის 11 ივნისიდან 10 აგვისტომდე . . . და 1991 წლის 14 მარტიდან 25 აპრილამდე. . .
ამ შემთხვევაში, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მხოლოდ პირველი ორი პერიოდი, რომელიც გაგრძელდა ორი წლის, ათი თვისა და ათი დღის მანძილზე: სხვა დროის პერიოდები 1990 წლის 8 ივნისის შემდგომ პერიოდს მოიცავდა, როდესაც მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის სავარაუდო დარღვევის შესახებ კომისიის ანგარიში იქნა მიღებული, რომელიც განხილვის პროცესში მყოფ ახალი განაცხადების საგანს წარმოადგენს . . .“
118. სასამართლომ მიუთითა განმცხადებლის წინასწარი პატიმრობის პირველი ორი პერიოდის მთლიან ხანგრძლივობაზე, თუმცა თითოეული განსაზღვრული პერიოდის ხანგრძლივობა განცალკევებულად შეამოწმა. რაც შეეხება პირველ პერიოდს, რომელიც დაახლოებით ექვს კვირას გაგრძელდა, განმცხადებლის პატიმრობა გამართლებულად იქნა მიჩნეული მაშინ, როცა მეორე პერიოდის ხანგრძლივობა კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევად ჩაითვალა.
119. კემაშის შემდგომ საქმეებში, სასამართლომ განაგრძო იმავე მიდგომის გამოყენება და არაფერი უთქვამს ექვსთვიანი წესის გამოყენების შესახებ. მიტევი ბულგარეთის წინააღმდეგ საქმეში (N40063/98, 2004 წლის 22 დეკემბერი) სასამართლომ დაადგინა:
„102. როდესაც ბრალდებული წინასწარ პატიმრობაშია ორი ან მეტი განცალკევებული დროის პერიოდით, კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გონივრული ვადის გარანტია მოითხოვს კუმულაციური პერიოდის გლობალურ შეფასებას (კემაში საფრანგეთის წინააღმდეგ (N1 და N2), 1991 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება, სერია A, N218, 44-ე პუნქტი; მირონოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, N30381/96, კომისიის 1998 წლის 1 დეკემბრის ანგარიში, 67-ე პუნქტი და ვაკარო იტალიის წინააღმდეგ, N41852/98, 2000 წლის 16 ნოემბერი, 31-33-ე პუნქტები). ”
120. მიტევის საქმის შემთხვევაში განმცხადებელი ცალ-ცალკე, სამი ვადის განმავლობაში იყო წინასწარ პატიმრობაში: 1992 წლის 26 ნოემბრიდან 1993 წლის 11 იანვრამდე; 1993 წლის 26 ოქტომბრიდან 1994 წლის 8 აპრილამდე და 1994 წლის 5 აგვისტოდან 1997 წლის 23 ოქტომბრამდე პერიოდში. თუმცა საქმე აღიძრა 1997 წლის 23 ოქტომბერს და განმცხადებელი მნიშვნელოვანი პერიოდის განმავლობაში თავისუფალი იყო, ექვსთვიანი წესი გამოყენებული არ ყოფილა:
„103. მოცემული საქმის განსაკუთრებულ გარემოებებში სასამართლოს არ უნდა გადაეწყვიტა, მხედველობაში მიეღო თუ არა თვენახევრიანი პერიოდის ხანგრძლივობის პირველი ვადა (1992 წლის 26 ნოემბერი - 1993 წლის 11 იანვარი), როდესაც განმცხადებელი სხვადასხვა ბრალდებით იქნა დაპატიმრებული. . . სასამართლო ეყრდნობა იმ ფაქტს, რომ შესაბამისი პერიოდი სულ ცოტა სამი წელი და რვა თვე იყო (1993 წლის 26 ოქტომბერი - 1994 წლის 8 აპრილი და 1994 წლის 5 აგვისტო - 1997 წლის 23 ოქტომბერი).”
121. სასამართლომ ეს მიდგომა ასევე გამოიყენა კოლევი ბულგარეთის წინააღმდეგ საქმეში (N 50326/99, 2005 წლის 28 აპრილი), სადაც მან წინასწარი პატიმრობის 4 განცალკევებული ვადა ერთობლიობაში შეაფასა, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ვადა გავიდა სასამართლოში სამართალწარმოების დაწყებამდე ექვს თვეზე მეტი ხნით ადრე.
(iii) ნოიმაისტერის საქმეში გამოყენებულ მიდგომაზე დაბრუნება
122. ამჟამად, სასამართლო დაუბრუნდა ნოიმაისტერის შემთხვევაზე გამოყენებულ მიდგომას. რამდენიმე საქმეში სასამართლომ გაითვალისწინა წინასწარი პატიმრობის ექვსთვიანი წესის. ეს საკითხი სასამართლომ გარკვეულწილად ბორდიკოვის საქმეში განიხილა.
123. აღნიშნულ შემთხვევაში განმცხადებლის წინასწარი პატიმრობა მოიცავდა ოთხ ვადას: 1. 1995 წლის 20 მარტს მისი დაპატიმრებიდან 1995 წლის 23 მარტამდე პერიოდს, როდესაც ის განთავისუფლდა; 2. 1998 წლის 29 აპრილს მისი ხელახლა დაპატიმრებიდან 1999 წლის 24 ივლისამდე პერიოდს, როდესაც ის გაათავისუფლეს გამოძიებამდე მისი პატიმრობის მაქსიმალური დასაშვები ვადის ამოწურვის გამო; 3. 1999 წლის 24 ივლისიდან, როდესაც ის ხელახლა დააპატიმრეს, 2000 წლის 24 იანვრამდე პერიოდს, როდესაც მას სასამართლომ მსჯავრი დაადო და დაუწესა პრობაციის ვადა და 4. 2001 წლის 13 სექტემბრიდან, როდესაც განმცხადებელი კვალავ იქნა წინასწარ დაპატიმრებული, 2003 წლის 1 ივლისამდე პერიოდს, სანამ მას მსჯავრი დაედებოდა.
124. პირველი პერიოდი არ შედიოდა სასამართლოს ratione temporis (კანონის მოქმედება დროში) კომპეტენციაში. ამ ექვსი თვის საკითხი განმცხადებლის პატიმრობის მეორე და მესამე ვადასთან მიმართებით წამოიჭრა. აღნიშნული 1999 წლის 24 ივლისსა და 2000 წლის 29 ნოემბერს დასრულდა. საქმე არ აღძრულა 2002 წლის 29 ნოემბრამდე.
125. სასამართლომ დაადგინა, რომ წინა საქმეების შემთხვევაში, პატიმრობის რამდენიმე ცალკე ვადის კუმულაციურად მხედველობაში მიღების მიზეზი არ არსებობდა და განსაზღვრა, რომ ექვსთვიანი წესი ნოიმაისტერის მიდგომის გამოყენებას მოითხოვდა.
„80. იმ შემთხვევებში, როდესაც განმცხადებლებს შეეზღუდათ თავისუფლება სისხლის სამართლის საქმის წარმოებამდე გასაჩივრების ეტაპზე, სასამართლო ყოველთვის ერთობლიობაში განიხილავდა წინასწარი პატიმრობის რამდენიმე ცალკე პერიოდს და მიიჩნევდა, რომ ექვსთვიანი წესის ვადის დინება წინასწარი პატიმრობის ბოლო ვადის დასრულების შემდგომ უნდა დაწყებულიყო (იხ.სოლმაზი თურქეთის წინააღმდეგ, N27561/02, §§ 34-37, 2007 წლის 16 იანვარი).
81. სასამართლომ უკვე გამოიყენა ეს მიდგომა რამდენიმე საქმეში, როდესაც განმცხადებლის წინასწარი პატიმრობა პირველი ინსტანციის სასამართლოს წინაშე არ იყო უწყვეტი, თუმცა მკაფიოდ არ მიუთითებია მიზეზები, რატომ გაითვალისწინა ეს პერიოდები კუმულაციურად (იხ. ლეტელიე საფრანგეთის წინააღმდეგ, 1991 წლის 26 ივნისი, § 34, სერია A N207; სმირნოვა რუსეთის წინააღმდეგ, N46133/99 და N48183/99, §66, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2003-IX (ამონარიდები) და მიტევი ბულგარეთის წინააღმდეგ, N40063/98, §102, 2004 წლის 22 დეკემბერი).
82. სასამართლო ადგენს, რომ წინა საქმეში მან განსხვავებული მიდგომა გამოიყენა (იხ. ნოიმაისტერი ავსტრიის წინააღმდეგ, 1968 წლის 27 ივნისი, § 6, სერია A, N8). ნოიმაისტერის საქმეში სასამართლოს არ დაუჯამებია, ან ერთიან ვადად არ მიუჩნევია განმცხადებლის წინასწარი პატიმრობის ორი განცალკევებული ვადა, მათი ხანგრძლივობის გამოანგარიშების მიზნით. სასამართლომ აღნიშნა, რომ ის ვერ შეამოწმებდა, შეესაბამებოდა თუ არა განმცხადებლის წინასწარი პატიმრობის პირველი ვადა კონვენციას, იმის გათვალისწინებით, რომ მას საქმე არ აღუძრავს ექვსთვიანი ვადის ამოწურვამდე იმ ვადის მხედველობაში მიღებით, რომელიც უკვე გასული იყო. სასამართლომ უბრალოდ აღნიშნა, რომ ის მხედველობაში მიიღებდა აღნიშნულ ვადას განმცხადებლის შემდგომი პატიმრობის მიზანშეწონილობის შესაფასებლად, რადგან პირველი ვადა ჩვეულებრივ გამოაკლდებოდა თავისუფლების აღკვეთის მომდევნო ვადას, თუ განმცხადებელს დამნაშავედ სცნობდნენ და თავისუფლების აღკვეთას შეუფარდებდნენ.
83. მოცემულ საქმეში ისევე, როგორც ნოიმაისტერის საქმეში, განმცხადებლის პატიმრობა რამდენიმე არათანმიმდევრულ პერიოდად დაიყო. ის ორჯერ გაათავისუფლეს სასამართლო პროცესის განმავლობაში და თავისუფლებაში მყოფი მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივ ბრალდებას ელოდებოდა. დროის მნიშვნელოვანი მონაკვეთი იყო გასული მისი წინასწარი პატიმრობის ვადებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ პატიმრობის ვადები საბოლოოდ გამოაკლდა განმცხადებლის თავისუფლების აღკვეთის ვადას, განყენებულად ეს ფაქტი უფლებას არ აძლევს სასამართლოს, მისი პატიმრობა თანმიმდევრულად მიიჩნიოს. საპირისპიროს დადგენა ექვსთვიანი ვადის წესს მნიშვნელობას დაუკარგავდა.
84. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებლის საჩივრის ნაწილი, რომელიც მისი წინასწარი პატიმრობის მეორე და მესამე ვადებს შეეხებოდა (რომელიც დასრულდა 1999 წლის 24 ივლისსა და 2000 წლის 24 იანვარს), აღნიშნულ შემთხვევაში ვერ იქნებოდა განხილული.“
ამდენად, ექვსთვიანი ვადის წესის თანახმად, განმცხადებლის განაცხადის შეფასებისას, მისი წინასწარი პატიმრობის მხოლოდ მეოთხე პერიოდი იქნა სასამართლოს მიერ შესწავლილი კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მიედვით.
126. ბორდიკოვის შემდეგ, სასამართლომ რამდენიმე საქმეში დაადგინა, რომ ის ვერ გაითვალისწინებდა წინასწარი პატიმრობის ვადებს, რომლებიც საქმის აღძვრამდე ექვს თვეზე მეტი ხნით ადრე დასრულდა (იხ. ვლადიმირ კრივონოსოვი, §127; კოვალევა რუსეთის წინააღმდეგ, N7782/04, §71, 2010 წლის 2 დეკემბერი და სვეტლანა კაზმინა, §85).
(iv) გამოსაყენებელი მიდგომის ჰარმონიზება
127. ზემოხსენებულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლო პრაქტიკა, რომელიც ეხება ექვსთვიანი წესის გამოყენებისას არსებულ განსხვავებებს, წინასწარი პატიმრობის ხანგრძლივობის მიზანშეწონილობის შეფასების კონტექსტში, საჭიროებს გადაწყვეტილების მიღებას იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა საქმეში გამოყენებულ იქნეს ერთიანი და პროგნოზირებადი მიდგომა, რომელიც მართლმსაჯულების მოთხოვნებს უკეთ ემსახურება.
128. იმთავითვე, სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ექვსთვიანი ვადის წესი, რომლის საფუძველზეც ხელშემკვრელი მხარეები ცდილობენ, თავიდან აიცილონ წარსულში მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება განუსაზღვრელი ვადის გასვლის შემდეგ, ემსახურება სამართლებრივი სიცხადის ინტერესებს. ის გამოყოფს ზედამხედველობის დროებით ზომებს, რომლებიც კონვენციის ორგანოების მიერ ხორციელდება და როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე სახელმწიფო ორგანოებს ატყობინებს, რომ ამ სახის ზედამხედველობა ხელმისაწვდომი აღარ არის (იხ. ვოლკერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, N34979/97, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2000-I).
129. იმ შემთხვევებში, როცა ბრალდებული პირის წინასწარი პატიმრობა დაყოფილია ცალ-ცალკე ვადებად და განმცხადებლებს უფლება აქვთ, გაასაჩივრონ წინასწარი პატიმრობა, ვიდრე თავისუფლები არიან, სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული ვადები არ უნდა იქნეს განხილული ერთობლიობაში, როგორც ეს კემაშის საქმეში მოხდა, არამედ განხილულ უნდა იქნეს ცალ-ცალკე, ნოიმაისტერის საქმეში გამოყენებული მიდგომის თანახმად, რომელიც შემდგომში ბორდიკოვის საქმეში განვითარდა. აღნიშნული მიდგომა, სასამართლოს შეხედულებისამებრ, უფრო სრულად შეესაბამება ზემოთ აღნიშნული ექვსთვიანი წესის მიზნებს.
130. ამიტომ, თავისუფლების პერიოდში, განმცხადებელი ვალდებულია საქმე აღძრას წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით ფაქტობრივი გათავისუფლებიდან ექვსი თვის განმავლობაში. იქედან გამომდინარეობს, რომ წინასწარი პატიმრობის ვადები, რომელიც განმცხადებლის მიერ საქმის აღძვრამდე ექვსი თვით ადრე დასრულდა, ვერ იქნება შესწავლილი კონვენციის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით. თუმცა, როდესაც ასეთი პერიოდები წარმოადგენს განმცხადებლის წინააღმდეგ აღძრული იმავე სისხლისსამართლებრივი საქმის შემადგენელ ნაწილს, სასამართლომ პატიმრობის საერთო მიზანშეწონილობის შეფასებისას, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მიზნებისთვის, უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტი, რომ განმცხადებელმა სასამართლო პროცესის ჩატარებამდე გარკვეული დრო წინასწარ პატიმრობაში გაატარა.
131. სასამართლო მიიჩნევს, რომ ნოიმაისტერის მიდგომა კეთილსინდისიერად აფასებს ხელშემკვრელი მხარეების განზრახვას ექვსთვიან წესთან მიმართებაში, თუმცა იმავდროულად მას ნებადართულად აცხადებს მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, რათა წინასწარი პატიმრობის მიზანშეწონილობის შეფასებისას გათვალისწინებულ იქნეს პატიმრობაში გატარებული დრო (ერთსა და იმავე სისხლის სამართლის პროცესთან დაკავშირებით). სასამართლო იმავე მიდგომას ირჩევს მე-6 მუხლით მოთხოვნილი „გონივრული ვადის“ შესახებ წარდგენილი საჩივრების შეფასების არგუმენტაციისას. ზოგიერთ შემთხვევაში, ასეთი საჩივრის ნაწილი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული ratione temporis (კანონის მოქმედება დროში) და სასამართლოს უფლება არა აქვს, შეაფასოს ვადა, რომელიც მის კომპეტენციაში არ შედის. მიუხედავად მის კომპეტენციაში შემავალი ვადის შეფასებისას, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტი, რომ სასამართლო საქმის განხილვა შესაბამისი მოპასუხე სახელმწიფოს მიერ კონვენციის რატიფიცირებამდე იყო დაწყებული (იხ. კუდლა, § 123).
132. ამასთან, ნოიმაისტერის მიდგომა სასამართლოს ანიჭებს მოქნილობის აუცილებელ ხარისხს განსხვავებული სიტუაციების სამართავად, რომლებიც წინასწარი პატიმრობის კონტექსტში შეიძლება წარმოიშვას. მაგალითად, თუ განმცხადებელი არაერთხელ იქნება წინასწარ დაპატიმრებული, თუნდაც დროის შედარებით მცირე პერიოდებით, სასამართლოს ხელი არ შეეშლება, დაადგინოს პატიმრობის წინა რამდენიმე ვადასთან მიმართებით საბოლოო ვადის ხანგრძლივობა - როგორი ხანმოკლეც არ უნდა იყოს იგი , არაგონივრულად.
133. საბოლოოდ, ნოიმაისტერის მიდგომამ შეიძლება ხელი შეუწყოს ეროვნულ დონეზე სისხლის სამართლის პროცესების ოპერატიულად ჩატარებას. თუ წინასწარი პატიმრობის შესახებ საჩივარი წარდგენილია ისეთ ვითარებებთან მიმართებაში, როდესაც ამ პატიმრობის წინა ვადები წარმოადგენს სასამართლოში შეტანილი საჩივრის საგანს, ეროვნულმა სასამართლოებმა უნდა მიაქციონ განსაკუთრებული ყურადღება იმ დროს, რომელიც პროკურატურის ორგანოებს სჭირდებათ ბრალდებულის სასამართლო პროცესზე მისაყვანად. კიდევ უფრო მეტად სავარაუდოა, რომ ამ შემთხვევებში, ისინი უზრუნველყოფენ დეტალურ და გულმოდგინე განხილვის ჩატარებას და სათანადო და საკმარისი საფუძვლის არსებობას წინასწარი პატიმრობის ნებისმიერი ბრძანების გაცემამდე.
(v) მოცემულ საქმეზე წარდგენილი საჩივარი
134. მოცემულ საქმეში განმცხადებლის წინასწარი პატიმრობა დაიყო ორ ცალკე ვადად. თავდაპირველად, ის დააკავეს დაახლოებით ორი წლით და ერთი თვით გამოძიების დასრულებამდე. შემდეგ სახელისუფლებო ორგანოებმა გადაწყვიტეს, რომ გამოძების დასრულებამდე მისი დაპატიმრება აუცილებელი აღარ იყო და გაათავისუფლეს. განმცხადებელი თავისუფალი იყო დაახლოებით წელიწადი და ოთხი თვე. ნებისმიერი საჩივარი მისი პატიმრობის პირველ ვადასთან დაკავშირებით შეტანილი უნდა ყოფილიყო მისი განთავისუფლებიდან ექვსი თვის განმავლობაში.
135. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო იზიარებს მთავრობის არგუმენტს და ადგენს, რომ ექვსთვიანი წესი გამოყენებული უნდა ყოფილიყო ცალ-ცალკე წინასწარი პატიმრობის თითოეული პერიოდისათვის. შესაბამისად, სასამართლოს არ შეუძლია განსაზღვროს, შეესაბამებოდა, თუ არა პირველი ვადა კონვენციას. განმცხადებლის საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, რადგან ვადის დარღვევითაა შეტანილი. თუმცა ფაქტი, რომ განმცხადებელმა უკვე დაჰყო დრო წინასწარ პატიმრობაში, სასამართლოს მიერ იქნება გათვალისწინებული წინასწარი პატიმრობის (2002 წლის 29 ოქტომბრიდან 2003 წლის 24 ნოემბრამდე) შესაბამისი ვადის გამამართლებელი, საკმარისი და შესაბამისი საფუძვლების შეფასებისას.
136. სასამართლო მიიჩნევს, რომ კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, განმცხადებლის მიერ შეტანილი საჩივარი 2002 წლის 29 ოქტომბრიდან 2003 წლის 24 ოქტომბრამდე მისი პატიმრობის შესახებ არ შეიძლება კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის (a) ქვეპუნქტის მნიშვნელობით აშკარად უსაფუძვლოდ იქნეს მიჩნეული. ასევე აღნიშნავს, რომ იგი სხვა საფუძვლითაც არ არის დაუშვებელი, ამიტომაც დასაშვებად უნდა იქნეს მიჩნეული.
2. სასამართლოს შეფასება
(ა) ზოგადი პრინციპები
139. სასამართლო აღნიშნავს, რომ აბსტრაქტულად ვერ იქნება განხილული, გონივრულია თუ არა წინასწარი პატიმრობის ვადის ხანგრძლივობა და ბრალდებულის პატიმრობაში დარჩენა. აღნიშნული გარემოება უნდა შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტებზე დაყრდნობით და მათი სპეციფიკური მახასიათებლების გათვალისწინებით. პატიმრობის გაგრძელება მოცემულ საქმეში შეიძლება გამართლებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჭეშმარიტად არსებობს საჯარო ინტერესი, რომელიც უდანაშაულობის პრეზუმციის მიუხედავად, გადაწონის ადამიანის თავისუფლების პატივისცემის წესს, რომელიც მოცემულია კონვენციის მე-5 მუხლში (იხ. კუდლა, §§ 110 და სხვ.).
140. გონივრული ეჭვის არსებობა, რომ დაკავებულმა პირმა ჩაიდინა სამართალდარღვევა, წარმოადგენს პატიმრობის გაგრძელების კანონიერების აუცილებელ პირობას. თუმცა, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, აღნიშნული საკმარისი არ არის. ასეთ შემთხვევებში, სასამართლომ უნდა დაადგინოს, ასაბუთებს თუ არა თავისუფლების აღკვეთის გაგრძელებას სასამართლო ორგანოების მიერ მოყვანილი საფუძვლები. როდესაც ასეთი საფუძვლები „შესაბამისი“ და „საკმარისია“, სასამართლომ უნდა დაადგინოს, გამოიჩინეს თუ არა კომპეტენტურმა ეროვნულმა ორგანოებმა სამართალწარმოების პროცესის წარმართვისას „საკმარისი გულმოდგინება“ (იხ. ლაბიტა, §§ 152 და 153). სახელისუფლებო ორგანოებმა უნდა დაასაბუთონ პატიმრობის ნებისმიერი ვადა, მიუხედავად იმისა, რამდენად მოკლეა იგი (იხ. შიშკოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, N38822/97, §66, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2003-I). იმ საკითხის გადასაწყვეტად, უნდა გათავისუფლდეს პირი თუ დარჩეს პატიმრობაში, სახელისუფლებო ორგანოები ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ალტერნატიული ზომები მისი სასამართლო პროცესზე დასწრების უზრუნველსაყოფად (იხ. იაბლონსკი პოლონეთის წინააღმდეგ, N33492/96, § 83, 2000 წლის 21 დეკემბერი).
141. პირველ რიგში, პასუხისმგებლობა ეკისრებათ ეროვნულ სასამართლო ორგანოებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის ვადამ არ გადააჭარბოს გონივრულ ვადას. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის გათვალისწინებით, საჯარო ინტერესის არსებობის სასარგებლო ან საწინააღმდეგო ფაქტები უნდა იქნეს შესწავლილი, რომელიც ამართლებს მე-5 მუხლში მოცემული წესიდან გადახვევას და მათი ასახვა უნდა მოხდეს გათავისუფლების განცხადებების შესახებ გადაწყვეტილებებში. სასამართლო, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში მოცემულ საფუძვლებსა და განმცხადებლის მიერ გასაჩივრებისას მოყვანილ ფაქტებზე დაყრდნობით ადგენს, დაირღვა თუ არა მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი (იხ. მაქკეი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, N543/03, § 43, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2006-X).
(ბ) მოცემულ საქმეზე ამ პრინციპების გავრცელება
142. განმცხადებელი 2002 წლის 29 ოქტომბერს პატიმრობაში იყო. მას სასამართლომ მსჯავრი დაადო 2003 წლის 24 ნოემბერს. თუმცა მხედველობაში მისაღებმა ვადამ გასტანა დაახლოებით წელიწადი და ერთი თვე.
143. სასამართლო ადგენს, რომ სასამართლო ორგანოებმა გააუქმეს განმცხადებელს გირაო, რათა გაეჭიანურებინათ სამართალწარმოება, რომელიც ეროვნული სასამართლოს მიერ იქნა აღქმული, როგორც სიმართლის დადგენისათვის ხელის შეშლის მცდელობა და წარმოადგენდა უპატივცემულობას სასამართლოს მიმართ (იხ. 30-ე პუნქტი). ამასთან დაკავშირებით, ისინი ასევე ეყრდნობოდნენ ბრალდებების სერიოზულობას (იხ. 32-36-ე პუნქტები).
144. სასამართლო ეჭვობს, რომ განმცხადებელმა სერიოზული სამართალდარღვევები ჩაიდინა, რომელთა გამოც წაუყენეს ბრალი; ეროვნულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ მან სცადა მართლმსაჯულების აღსრულებაში ჩარევა თავისუფლებაში ყოფნის დროს. აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით თავიდანვე შეიძლებოდა მისი დაპატიმრების დასაბუთება. თუმცა, სასამართლო დარწმუნებული არ არის, რომ ისინი წარმოადგენდნენ „შესაბამის და საკმარის“ საფუძვლებს განმცხადებლის პატიმრობის გაგრძელებისთვის, რადგან განმცხადებელი ადრეულ ეტაპზე უკვე დაპატიმრებული იყო დროის მნიშვნელოვანი მონაკვეთის განმავლობაში.
145. რაც შეეხება განმცხადებლის დაპატიმრების ვადის გაგრძელებას, აღმოჩნდა, რომ ეროვნული სასამართლოების თვალსაზრისით, ბრალდებების სიმძიმეს იმდენად პრიორიტეტული ძალა ჰქონდა, რომ არც ერთი სხვა გარემოება გარანტირებულად არ გამოიწვევდა განმცხადებლის გათავისუფლებას. სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ მართალია, განაჩენის სიმკაცრე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია იმის შეფასებისას, რამდენად არსებობს ბრალდებულის მიერ მიმალვის ან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, თავისუფლების აღკვეთის გაგრძელების საჭიროება მხოლოდ აბსტრაქტული ვარაუდის გათვალისწინებით ვერ შეფასდება, სამართალდარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე. გარდა ამისა, პირს პატიმრობა არ უნდა გაუგრძელდეს იმის გამო, რომ არსებობს საპატიმრო სასჯელის დაკისრების ალბათობა (იხ. ლეტელიე საფრანგეთის წინააღმდეგ, 1991 წლის 26 ივნისი, §51, სერია A, N207; ასევე პანჩენკო რუსეთის წინააღმდეგ, N45100/98, §102, 2005 წლის 8 თებერვალი; გორალი პოლონეთის წინააღმდეგ, N38654/97, §68, 2003 წლის 30 ოქტომბერი და ილიკოვი ბულგარეთის წინააღმდეგ N33977/96, § 81, 2001 წლის 26 ივლისი).
146. ამასთანავე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ეროვნული სასამართლოები გამუდმებით არ ითვალისწინებდნენ განმცხადებლის არგუმენტებს, რომ მას გააჩნდა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი მოსკოვში და ჰქონდა მყარი ოჯახური ურთიერთობა, არ გაქცევია მართლმსაჯულებას და სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ჭიანურდებოდა.
147. სასამართლომ არაერთხელ აღმოაჩინა მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევა, როდესაც ადგილობრივი სასამართლოები განმცხადებლის პატიმრობის ვადას აგრძელებდნენ მხოლოდ ბრალდებების სიმძიმეზე დაყრდნობით, იყენებდნენ სტერეოტიპულ ფორმულას მნიშვნელოვან ფაქტებზე მითითებების გარეშე და არ განიხილავდნენ ალტერნატიულ აღმკვეთ ზომებს (იხ. ხუდობინი რუსეთის წინააღმდეგ, N59696/00, 103-ე და შემდეგი პუნქტები, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2006- XII; ხუდოიოროვი, 172-ე და შემდეგი პუნქტები; დოლგოვა რუსეთის წინააღმდეგ, N11886/05, 38-ე და შემდეგი პუნქტები, 2006 წლის 2 მარტი; როხლინა რუსეთის წინააღმდეგ, N54071/00, 63-ე და შემდეგი პუნქტები, 2005 წლის 7 აპრილი; პანჩენკო, 91-ე და შემდეგი პუნქტები; სმირნოვა რუსეთის წინააღმდეგ, N46133/99 და N48183/99, 56-ე და შემდეგი პუნქტები, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2003-IX; ტრეტიაკოვი უკრაინის წინააღმდეგ, N16698/05, 59-ე პუნქტი, 2011 წლის 29 სექტემბერი და ვასილკოსკი და სხვები ყოფილი იუგოსლავიის მაკედონიის რესპუბლიკის წინააღმდეგ N28169/08, 64-ე პუნქტი, 2010 წლის 28 ოქტომბერი).
148. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტული ფაქტების მითითების ან ალტერნატიული „აღმკვეთი ზომების“ მიზანშეწონილობის განხილვის გარეშე, მხოლოდ ბრალდებების სიმძიმის თანახმად, სახელისუფლებო ორგანოებმა გაზარდეს განმცხადებლის წინასასამართლო პატიმრობის ვადა ისეთ საფუძვლებზე დაყრდნობით, რომლებიც მიუხედავად მათი შესაბამისობისა, ვერ იქნება მიჩნეული საკმარის ფაქტორად პატიმრობის ხანგრძლივობის გასამართლებლად.
149. შესაბამისად, დაირღვა კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი.
Full & Egal Universal Law Academy