© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
მეხუთე სექცია
საქმე დანილენკოვი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ
(საჩივარი N. 67336/01)
გადაწყვეტილება
[ამონარიდები]
მოცემული ვერსია შეიცვალა 2010 წლის 23 აპრილს
სასამართლოს რეგლამენტის 81-ე მუხლის შესაბამისად
სტრასბურგი
2009 წლის 30 ივლისი
საბოლოო
10/12/2009
წინამდებარე გადაწყვეტილება შესაძლებელია დაექვემდებაროს რედაქტირებას
წინამდებარე საქმეზე დანილენკოვი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (მეხუთე სექცია) შემდეგი შემადგენლობით:
რაიტ მარუსტე, პრეზიდენტი
რენატე იეგერი,
კარელ იუნგვირთი,
ანატოლი კოვლერ,
მარკ ვილიგერ,
იზაბელ ბერო-ლეფევრი,
ზდრავკა კალაიჯიევა, მოსამართლეები
და სტეფან ფილიფსი, სექციის გამწესრიგებლის მოადგილე
ითათბირა რა ფარულად 2009 წლის 14 აპრილსა და 7 ივლისს,
გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, მიღებული მოცემულ დღეს:
პროცედურა
1.საქმეს საფუძვლად დაედო საჩივარი (ნო. 67336/01) რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, რომელიც 2001 წლის 9 თებერვალს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის ("კონვენცია") 34-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოში შეიტანა რუსეთის ოცდათორმეტმა მოქალაქემ, ჩამოთვლილი ქვემოთ ("მომჩივნები"). ყველა მომჩივანი გახლავთ "რუსეთის დოკერების კავშირის" ("რდკ") კალინინგრადის ფილიალის წევრები.
2.მომჩივნებს, რომელთაც გაეწიათ იურიდიული დახმარება, წარმოადგენდა ბ-ნი მ. ჩესალინი, კალინინგრადის საზღვაო პორტში "რდკ" თავმჯდომარე. რუსეთის მთავრობა ("მთავრობა") წარმოადგინა ბ-ნმა პ. ლაპტევმა, რომელიც შემდეგ ჩაანაცვლა ქ-ნმა ვ. მილინჩუკმა, რუსეთის ყოფილმა წარმომადგენელებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.
3.მომჩივნები ჩიოდნენ, რომ მათი გაერთიანების თავისუფლება და თავისუფლება დისკრიმინაციისაგან დარღვეული გახლდათ და რომ მათ არ გააჩნდათ სამართლებრივი დაცვის ქმედითი შიდასახელმწიფოებრივი საშუალება დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ სარჩელთან მიმართებაში.
4.2004 წლის 19 ოქტომბერს საჩივარი მისაღებად იქნა მიჩნეული.
5.მომჩივნებმა და მთავრობამ წარმოადგინეს მოსაზრებები საქმეს არსებით მხარეზე (სასამართლო რეგლამენტის მუხლი 59 § 1). სასამართლომ, მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვიტა, რომ არსებითი მხარე არ საჭიროებდა მოსმენის ჩატარებას (სასამართლო რეგლამენტის მუხლი 59 § 1 ინ ფინე).
ფაქტები
I. საქმის გარემოებანი
...
8.1995 წელს, ტრადიციულად არსებული "საზღვაო სატრანსპორტო მუშაკთა კავშირის" ალტერნატივად, კალინინგრადის საზღვაო პორტში დაფუძნდა "რუსეთის დოკერთა კავშირის" ფილიალი. ფილიალი ოფიციალურად დარეგისტრირდა კალინინგრადის იუსტიციის განყოფილებაში 1995 წლის 3 ოქტომბერს.
9.მოსარჩელეთა დამქირავებელმა, კერძო პირი "კალინინგრადის კომერციული საზღვაო პორტი, შპს" (ЗАО «Морской торговый порт Калининград» - შემდგომში "საზღვაო პორტის კომპანია") დააფუძნა 1998 წლის 30 ივნისს შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია "კალინინგრადის კომერციული საზღვაო პორტის" რეორგანიზაციის შედეგად და წარმოადგენდა ამ უკანასკნელის სამართლებრივ მემკვიდრეს. 1998 წლის 20 ივლისს, კალინინგრადის ბალტიისკის ოლქის ადმინისტრაციულმა ორგანომ ოფიციალურად დაარეგისტრირა ახალი სამართლებრივი სუბიექტი. 2002 წლის 25 აპრილს კერძო კომპანია გადაკეთდა საჯარო კომპანიად და შეინარჩუნა იგივე სახელი (ОАО «МПТК»).
10.მომჩივნებმა აღნიშნეს, რომ 1997 წლის 4 მარტს, კალინინგრადის რაიონის გუბერნატორმა გამოსცა რეზოლუცია ნო. 183 კალინინგრადის რაიონის განვითარების ფონდის დაფუძნების შესახებ ("ფონდი") და მის მმართველ საბჭოში დანიშნა ხუთი საჯარო მოხელე კალინინგრადის რაიონის ადმინისტრაციული ორგანოდან. თავად გუბერნატორი გახდა საბჭოს თავმჯდომარე და ბ-ნი კარეტნი, გუბერნატორის პირველი მოადგილე კი, დაინიშნა ფონდის მმართველად.
11.მომჩივნების მიხედვით, 1998 - 2000 წლებში ბ-ნი კარეტნი გახლდათ საზღვაო პორტის კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი. ამ დროის განმავლობაში ბ-ნ კარეტნი ასევე მართავდა მის მიერ კონტროლირებადი კომპანია "რეგიონკ"-ის მეშვეობით საზღვაო პორტის კომპანიის წილების დამატებით 35%. შესაბამისად, მომჩივნები მიუთითებდნენ, რომ მათი დამქირავებელი იმ დროისათვის გახლდათ სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ: როგორც პირდაპირ ("ფონდის" მიერ საკუთრებაში არსებული წილების 20%) ისე არაპირდაპირ (წილების 35% იმართება რაიონული ადმინისტრაციული ორგანოს ოფიციალური პირის მიერ).
12.მთავრობის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით, კალინინგრადის საზღვაო პორტი კერძო საკუთრება გახლდათ და "ფონდმა" შეიძინა მისი წილების მხოლოდ 19.93% (0,09 1997 წლის მაისში და 19.84% 1998 წლის მაისში); შესაბამისად, რთულია იმის თქმა, რომ მის საქმიანობაზე ეფექტურ კონტროლს სახელმწიფო ახორციელებდა. მეტიც, "ფონდის" საკუთრებაში არსებული საზღვაო პორტის წილები 2000 წლის 28 ნოემბერს გადაეცა სააქციო საზოგადოებას "ზემლანდ ესკიმა" (ЗАО «Земланд Эскима»). რაც შეეხება ბ-ნ კარეტნის, მთავრობამ აღნიშნა, რომ იგი გახლდათ საზღვაო პორტის კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი, თუმცა იმ დროისათვის არ წარმოადგენდა საჯარო მოხელეს. მოსარჩელეთა პოზიცია მასზედ, რომ იგი აკონტროლებდა "რეგიონკ"-ს არ დასტურდებოდა არანაირი მტკიცებულებებით. მთავრობამ ასევე მიუთითა, რომ სახელმწიფოს ეფექტური კონტროლი შემოფარგლული გახლდათ კომპანიის მიერ რელევანტურ კანონებთან შესაბამისობის კონტროლით.
ბ. სავარაუდო დისკრიმინაცია საზღვაო პორტის მმართველობის მხრიდან
13.1996 წლის მაისში "რდკ" მიიღო მონაწილეობა კოლექტიურ შეთანხმებაში. ხელი მოეწერა ახალ კოლექტიურ შრომით შეთანხმებას, რომელიც აწესებდა უფრო ხანგრძლივ წლიურ შვებულებასა და უკეთეს ანაზღაურებას. შედეგად, ორი წლის განმავლობაში "რდკ" წევრთა რაოდენობა გაიზარდა 11-დან 275-მდე (1997 წლის 14 ოქტმბერი). მომჩივნებმა აღნიშნეს, რომ კალინინგრადის საზღვაო პორტს იმ დროისათვის დასაქმებული ყავდა ხუთასზე მეტი დოკერი.
14.1997 წლის 13 ოქტომბერს "რდკ" დაიწყო ორკვირიანი გაფიცვა ანაზღაურების, უკეთესი სამუშაო პირობებისა და ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევის მოთხოვნით. გაფიცვამ მიზანს ვერ მიაღწია და შეწყდა 1997 წლის 28 ოქტომბერს.
15.მომჩივნებმა აღნიშნეს, რომ 1997 წლის 28 ოქტომბრის შემდეგ კალინინგრადის საზღვაო პორტის მენეჯმენტი ავიწროვებდა "რდკ" წევრებს რათა დაესაჯათ ისინი გაფიცვის მოწყობის გამო და უბიძგებდნენ გაეუქმებინათ კავშირის წევრობა.
1. "რდკ" წევრების გადანაწილება სპეციალურ მუშა ჯგუფებში
16.1997 წლის 28 ოქტომბერს კალინინგრადის საზღვაო პორტის მმართველმა დირექტორმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც შეიქმნა ორი სპეციალური მუშა ჯგუფი (ნო. 109 და 110) მოხსენიებული როგორც "დოკერების სარეზერვო გუნდი", სადაც თითოეულ მათგანს გააჩნდა 40 მუშამდე პერსონალის გაწევრიანების საშუალება. მოცემული ჯგუფები თავდაპირველად შეიქმნა შედარებით ხანდაზმული ან ჯანმრთელობა-დაზიანებული დოკერებისათვის, რომლებსაც აღარ შეეძლოთ მუშაობა სრული დატვირთვით. მათ არ ჰყავდათ მუშაკთა საკმარისი რაოდენობა (ექვსი ადამიანი სხვა მუშა ჯგუფში არსებულ 14-16 პირთან შედარებით) რათა ემუშავათ ტვირთებზე და, მათ ერთ ჯგუფად გაერთიანების შემდეგ (ნო. 109), მათ მიეცათ დავალება ემუშავათ რვა საათიანი ცვლის განმავლობაში ყოველ დღე, მაშინ როდესაც სხვა ჯგუფები მუშაობდნენ ალტერნატიულად დღე-ღამის ცვლაში თერთმეტი საათის განმავლობაში. 1997 წლის 28 ოქტომბრის ბრძანების მიხედვით შედარებით ხანდაზმული და ჯანმრთელობა-დაზიანებული დოკერები გადაყვანილ იქნენ ახალშექმნილ ჯგუფში ნო. 117, ხოლო იმ დოკერთა უმრავლესობა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს გაფიცვაში, გადაანაწილეს ხელახლა ფორმირებულ "სარეზერვო ჯგუფებში" ნო. 109 და 110.
17.მოსარჩელეთა მიხედვით, მათი გამომუშავების დრო საგრძნობლად შემცირდა "სარეზერვო გუნდში" გადაყვანის გამო, რომელიც მხოლოდ დღის ცვლაში მუშაობდა. 1997 წლის ნოემბრის ბოლოს მმართველი დირექტორი ეცადა მოეწოდებინა თანამშრომლებისათვის უარი ეთქვათ "რდკ" წევრობაზე, რის შედეგადაც მათ ვინც დატოვებდნენ კავშირს დაუყოვნებლივ დაგაიყვანდა არა-"რდკ" ჯგუფებში, რომლებსაც ჰქონდათ წვდომა რეალურად ტვირთის გადაზიდვებთან დაკავშირებულ საქმეებზე.
18.1997 წლის 1 დეკემბერს ოფიციალურად გამოცხადდა ჯგუფების ახალი შემადგენლობის ფორმა და მმართველმა დირექტორმა მოითხოვა ჯგუფების გადანომრვა. მომჩივნები გადანაწილდნენ ოთხ ჯგუფში, რომლებიც შედგებოდა მხოლოდ იმ "რდკ" წევრებისაგან, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს გაფიცვაში (ჯგუფები ნო. 9, 10, 12 და 13). ნო. 12 და 13 ჯგუფებს ჰგონდათ იგივე სამუშაო განრიგი რაც სხვა ჯგუფებს, მაშინ როდესაც ნო. 9 და 19 (ყოფილი 109 და 110) კი მიეცათ 11 საათიანი დღის ცვლა ორ თანმდევ დღეზე, რასაც შემდეგ მოყვებოდა ორი დღე დასვენება.
2. "რდკ" დაკომპლექტებულ ჯგუფთა შემოსავლის პოტენციალის შემცირება
19.მომჩივნების მიხედვით, 1997 წლის დეკემბრამდე დამკვიდრებული პრქტიკა გახლდათ, რომ ჯგუფის ლიდერები რიგ-რიგობით ირჩევდნენ მათი ჯგუფის სამუშაოს. 1997 წლის 1 დეკემბრის შემდეგ მმართველმა დირექტორმა "რდკ" ჯგუფების ლიდერები არაოფიციალურად გამორიცხა მოცემული ტრადიციული გადანაწილების წესიდან, რის შედეგადაც მათი სამუშაო რეალურად შემოიფარგლა ნაკლებად შემოსავლიანი სამუშაოთი. მომჩივნების შემოსავალი შემცირდა ნახევარიდან-მესამედამდე რადგანაც მათ აღარ ჰქონდათ წვდომა ტვირთის გადმოზიდვებზე, სამუშაოზე, რომელიც ანაზღაურდებოდა ნივთის მიხედვით დაწესებული ტარიფით, არამედ უწევდათ მხოლოდ დამხმარე სამუშაოს შესრულება, რომლის ანაზღაურებაც გახლდათ ნორმალური ტარიფის ნახევარი.
20.1998 წლის 21 იანვარს სახელმწიფო შრომითმა ინსპექტორმა მოუწოდა მოსარჩელეთა დამქირავებლის ადამიანური რესურსების დირექტორს გაეცა დაკარგული შემოსავლისათვის კომპენსაცია იმ დოკერებისათვის, რომლებიც მოხვდნენ რეორგანიზებულ ჯგუფებში. 1998 წლის 2 თებერვალს ადამიანური რესურსების დორექტორმა უპასუხა, რომ ჯგუფთა რეორგანიზაცია წარმოადგენდა საზღვაო პორტის შიდა საკითხს და იმის გათვალისწინებით, რომ ყოველი დოკერი იღებდა თანასწორ ანაზღაურებას თანასწორი შრომისათვის, არ არსებობდა სამართლებრივი საფუძველი კომპენსაციის გასაცემად.
21.მომჩივნები ასევე მიუთითებენ, რომ მათი დამქირავებელი მიზანმიმართულად ამყოფებდა "რდკ" ჯგუფებს პერსონალის ნაკლებობაში (1998 წლის აგვისტოში ნო.’9 და 10 ჯგუფებში იყო მხოლოდ სამი წევრი, ხოლო ნო.12 და 13 ჯგუფებში კი მხოლოდ ექვსი), რაც მიზნად ისახავდა საბაბის შექმნას არ დაეშვათ ისინი ტვირთთან დაკავშირებულ სამუშაოებზე.
22.პირველმა და მეორე მომჩივნებმა, "რდკ" წევრების სპეციალურ ჯგუფებში გადანაწილების გამო იჩივლეს სახელმწიფო შრომის ინსპექციაში. 1998 წლის 25 აგვისტოს სახელმწიფო შრომის ინსპექციის კალინინგრადის რაიონის უფროსმა გამოსცა ინსტრუქცია (предписание) კალინინგრადის საზღვაო პორტის მოქმედი მართველი დირექტორის სახელზე. ინსპექციამ დაადგინა, რომ დოკერები ჯგუფებში გადანაწილდნენ პროფესიულ კავშირში წევრობის საფუძველზე. ამგვარი ორგანიზება არღვევდა პროფესიული კავშირების შესახებ კანონის 9 § 1 მუხლს და ხელს უშლიდა რამდენიმე ჯგუფს სრულფასოვნად ემუშავა, რადგანაც მათ არ ჰყავდათ საკმარისი პერსონალი. ინსპექციამ ბრძანა სამუშაო ჯგუფებში ცვლილებების გაუქმება, რათა აღდგენილიყო პერსონალის ნორმალური რაოდენობა თითო ჯგუფში.
23.1998 წლის 4 ნოემბერს მმართველმა დირექტორმა ბრძანა დოკერების გადანაცვლება ოთხი "რდკ" ჯგუფიდან, სადაც ყოველ ჯგუფში იყო ხუთზე ნაკლები მუშა, სხვა ჯგუფებში. 1998 წლის 1 დეკემბერს ოთხ "რდკ" ჯგუფში დარჩენილი მუშები შეკრიბეს და გააერთიანეს ახალ ჯგუფში (ნო. 14). პირველი მოსარჩელე დაინიშნა ჯგუფის ლიდერად.
3. უსაფრთხოების რეგულაციების ტესტის ჩატარება
24.1998 წლის 15 აპრილიდან 14 მაისამდე ჩატარდა ყოველწლიური ტესტი, რომელიც მიზნად ისახავდა დოკერების ცოდნის შემოწმებას სამუშაო უსაფრთხოების რეგულაციების შესახებ. "რდკ" წარმომადგენელს არ მიეცა უფლება ყოფილიყო საგამოცდო კომიტეტის წევრი და მისთვის არც ტესტზე დასწრების ნება დაურთავთ.
25.მომჩივნებმა აღნიშნეს, რომ ტესტის პირობები არ იყო სამართლიანი და "რდკ" წევრებისათვის არასახარბიელოდ იქნა ჩატარებული: ჩაჭრილ 89 დოკერს შორის 79 გახლდათ "რდკ" წევრი, მაშინ როდესაც 1998 წლის 1 ივნისს საზღვაო კომპანიის მიერ დაქირავებული 438 დოკერს შორის მხოლოდ 212 იყო "რდკ" წევრი. მთავრობის მიხედვით, მხოლოდ 44 ჩაჭრილი დოკერი გახლდათ "რდკ" წევრი. დოკერები, რომლებმაც ვერ ჩააბარეს ტესტი არ იქნენ დაშვებული სატვირთო სამუშაოებზე ერთი კვირის განმავლობაში.
26.3-5 ივნისს ჩატარებულ განმეორებით გამოცდაზე 20 მუშამ ისევ ვერ ჩააბარა ტესტი, მათ შორის 17 გახლდათ "რდკ" წევრი. მომჩივნებმა აღნიშნეს, რომ ტესტის შემდეგ ერთ კვირაში ორი არა-"რდკ" წევრი დაუშვეს სამუშაოდ, მაშინ როდესაც "რდკ" წევრები გაათავისუფლეს ტესტზე კიდევ ერთხელ გასვლის საშუალების მიცემის გარეშე. მომჩივნებმა აღნიშნეს, რომ საზღვაო პორტის მენეჯმენტმა დაასაჩუქრა ის პირები, რომლებმაც შეწყვიტეს წევრობა მიანიჭეს რა გამოცაზე გამსვლელი ქულა და დააბრუნეს სამუშაოზე. ერთ მოსარჩელეს მოუწია გათავისუფლების მიღება და სამუშაოს პორტის მიღმა ძიება.
27.1998 წლის 25 აგვისტოს შრომის უსაფრთხოების სახელმწიფო ინსპექციამ ბრძანა უსაფრთხოების რეგულაციების ტესტის შედეგების გაუქმება იმის გამო, რომ საგამოცდო კომიტეტის შემაგენლობა არ იყო შეთანხმებული "რდკ"-სთან. ინსპექციამ მოითხოვა ტესტის ხელახალი ორგანიზება ერთი თვის ვადაში "რდკ" მონაწილეობით. ამასთანავე, დოკერებს უნდა მიეღოს მოსამზადებელი მასალა უსაფრთხოების რეგულაციებში.
28.1998 წლის 29 ოქტომბერს მესამეჯერ ჩატარდა ტესტი, ახლა უკვე "რდკ" წარმომადგენლისა და შრომის უსაფრთხოების სახელმწიფო ინსპექციის ოფიციალური პირის თანდასწრებით. გამოცდაზე გასული "რდკ" ხუთი წევრიდან ოთხმა მიიღო უმაღლესი ქულა, ხოლო მეხუთემ კი მეორე ადგილი დაიკავა.
4. დოკერების შემცირება 1998-1999 წლებში
29.1998 წლის 26 მარტს საზღვაო პორტის მენეჯმენტმა გამოსცა შეტყობინება, რომლის მიხედვითაც შემცირებულ იქნა 112 დოკერი.
30.1998 წლის 10 აგვისტოს 33 დოკერზე, აქამდე შტატის წევრებზე გაიცა "საჭიროების შემთხვევაში" კონტრაქტები. მომჩივნებმა აღნიშნეს, რომ კონტრაქტშეცვლილ დოკერს შორის 27 მათგანი "რდკ" წევრი იყო (81.8%), მაშინ როდესაც იმ დროისათვის "რდკ" წევრთა საშუალო რაოდენობა საზღვაო პორტში იყო 33%. მომჩივნები ჩიოდნენ, რომ მოცემული დოკერები საშუალოდ უფრო კვალიფიციურები გახლდნენ ვიდრე მათი თანამშრომლები, რომელთაც არ შეეხოთ ცვლილებები.
31.1998 წლის 11 ნოემბერს მმართველმა დირექტორმა ბრძანა 47 დოკერის შემცირება. 1998 წლის 20 ნოემბერს ადამიანური რესურსების დირექტორმა შეტყობინება გაუგზავნა 35 დოკერს, მათ შორის 28 იყო "რდკ" წევრი (მომჩივნების მიხედვით). მომჩივნებმა აღნიშნეს, რომ რეალურად ისინი არ გათავისუფლებულან, რადგანაც გათავისუფლება საჭიროებდა მათი პროფკავშირის თანხმობას, რომლის გაცემაც წარმოუდგენელი გახლდათ და ამიტომ არც მოთხოვნილა. ამის ნაცვლად, 1998 წლის 18 დეკემბერს, "რდკ" ჯგუფიდან 15 დოკერს შეატყობინეს, რომ 1999 წლის 18 თებერვლიდან მათი სამუშაო საათები შემცირდებოდა თვეში 132 საათიდან 44-მდე. მომჩივნების მიერ წარდგენილი საჩივრის განხილვის შედეგად, ბალტიისკის სატრანსპორტო პროკურორმა დაადგინა, რომ მუშაკთა უკიდურესად მცირე რაოდენობისათვის (116 დოკერიდან 15 ჰქონდა იგივე კვალიფიკაცია, სულ პორტის 365 დოკერი) თვითნებურად დაწესებული არასრულგანაკვეთიანი გრაფიკი მათივე ნებართვის გარეშე არღვევდა თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპს და ეწინააღმდეგებოდა შრომის კოდექსის 25-ე მუხლს. 1999 წლის 19 თებერვალს პროკურორმა პორტი მმართველ დირექტორს უბრძანა დარღვევათა გამოსწორება.
32.პირველიდან მეექვსე, მეცხრე, მეათე, მეთერთმეტე და მეთვრამედე მომჩივნებმაც მიმართეს სასამართლოს. ისინი ითხოვდნენ სასამართლოს მიერ მათი პირობების შეცვლის უკანონოდ ცნობას, აღიარებას, რომ ისინი დისკრიმინაციის მსხვერპლნი იყვნენ პროფკავშირის წევრობის გამო და მიუღებელი შემოსავლისა და მორალური ზიანისათვის კომპენსაციას.
33.2000 წლის 25 იანვარს ბალტიისკის კალინინგრადის საოლქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა სარჩელები. სასამართლომ დაადგინა, რომ დოკერთა მცირე რაოდენობის გადაყვანას სამუშაოს არასრულ განაკვეთზე არ ჰქონდა არაირი მიზეზი და, შედეგად, უკანონო გახლდათ. სასამართლომ საზღვაო პორტის ადმინისტრაციას უბრძანა მოსარჩელეთათვის მიუღებელი შემოსავლისა და მორალური ზიანის ანაზღაურება. თუმცა, სასამართლომ უარი განაცხადა იმის აღიარებაზე, რომ მომჩივნები წარმოადგენდნენ დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლთ "რდკ" წევრობის საფუძველზე, რადგანაც მათ არ დაუმტკიცებიათ დისკრიმინაციული განზრახვის არსებობა საზღვაო პორტის მენეჯმენტის მხრიდან.
5. ტრანსპორტის მუშაკთა საერთაშორისო ფედერაციისადმი წარდგენილი საჩივარი და ახალი კოლექტიური შეთანხმება
34.1999 წლის 26 იანვარს "რდკ"-მ იჩივლა ტრანსპორტის მუშაკთა საერთაშორისო ფედერციაში - "ტმსფ". "ტმსფ" მოუწოდა საზღვაო პორტის მენეჯმენტს შეეწყვიტა დისკრიმინაცია "რდკ" მიმართ და დაემუქრა კალინინგრადის საზღვაო პორტიდან გამოსული ტვირთის საერთაშორისო ბოიკოტირებით.
35."ტმსფ" მიერ ორგანიზებული საერთაშორისო პროფკავშირების ზეწოლის შედეგად, 1999 წლის 22 მარტს საზღვაო პორტის მენეჯმენტმა და "რდკ" მოაწერეს ხელი შეთანხმებას. მოცემულის შედეგად შეწყდა მხოლოდ "რდკ" ჯგუფების ფორმირება, "რდკ" წევრები გადანაწილდნენ სხვა ჯგუფებში, სადაც მათ სრული წვდომა ჰქონდათ ტვირთის გადაზიდვებზე, ასევე დაბრუნდა ბონუსების ერთიანი სისტემა.
36.მომჩივნები აცხადებენ, რომ შეთანხმების პირობები დაცული გახლდათ 1999 წლის 19 აგვისტომდე, ანუ მანამდე სანამ "რდკ" ყველაზე აქტიური წევრები ისევ გადაიყვანეს მხოლოდ "რდკ" ჯგუფში.
გ. სამართალწარმოება ეროვნული უფლებამოსილი ორგანოების წინაშე
1. საზღვაო პორტის კომპანიის მმართველი დირექტორის წინააღმდეგ სისხლის სამართალწარმოების მცდელობა
37.1998 წელს "რდკ"-მ სთხოვა ბალტიისკის სატრანსპორტო პროკურატურას დაეწყო სისხლისსამართლებრივი გამოძიება ბ-ნი კალინიჩენკოს, როგორც საზღვაო პორტის კომპანიის მმართველი დირექტორის საქმიანობების მიმართ და ბრალად წაეყენებინა სისხლის სამართლის კოდექსის 136 მუხლით მოსარჩეელთა უფლებების თანასწორობის დარღვევა.
38.1998 წლის 24 სექტემბერს ბალტიისკის სატრანსპორტო პროკურატურამ უარი განაცხადა დაწყო სისხლისსამართლებრივი გამოძიება ბ-ნი კალინიჩენკოს მიმართ, რადგანაც პირველადი მოკვლევის შედეგად არ იქნა დადგენილი ბ-ნი კალინიჩენკოს განზრახვა განეხორციელებინა დისკრიმინაცია მოსარჩელეთა მიმართ.
39.მოსარჩელეთა შემდეგი თხოვნა, დაწყებულიყო სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოება საზღვაო პორტის მენეჯმენტის მიმართ სავარაუდო დისკრიმინაციის გამო, წარდგენილი 2004 წლის 29 ნოემბერს არ დაკმაყოფილდა 2004 წლის 9 დეკემბერს corpus delcti ნაკლებობის გამო, რადგანაც ბალტიისკის სატრანსპორტო პროკურატურამ ვერ დაადგინა დისკრიმინაციის პირდაპირი განზრახვა მომჩივნების მიმართ. მთავრობის მიხედვით, მომჩივნებს არ გაუსაჩივრებიათ მოცემული გადაწყვეტილება.
2. სამართალწარმოება დისკრიმინაციის დასადგენად და კომპენსაციის მოთხოვნით
40.1997 წლის 12 დეკემბერს "რდკ"-მ ბალტიისკის კალინინგრადის საოლქო სასამართლოში შეიტანა საჩივარი საკუთარი წევრების, მათ შორის ექვსი მომჩივნის(ბ-ნი სინიაკოვი, ბ-ნი კასიანოვი, ბ-ნი კორჟაკინი, ბ-ნი ჯარკიხი, ბ-ნი კალჩევსკი და ბ-ნი დოლგალევი) სახელით. "რდკ" სასამართლოს თხოვდა დაედგინა, რომ საზღვაო პორტის პოლიტიკა დისკრიმინაციული იყო და ითხოვდა კომპენსაციას მიუღებელი შემოსავლისა და მოსარჩელეთათვის მიყენებული მორალური ზიანისათვის.
41.1998 წლის 18 აგვისტოს "რდკ"-ს საჩივარს შეუერთდა კიდევ რამდენიმე მოსარჩელე (თორმეტი მოსარჩელე - ბ-ნი დანილენკოვი, ბ-ნი სოშნიკოვი, ბ-ნი მოროზოვი, ბ-ნი ტროინიკოვი, ბ-ნი კისილიოვი, ბ-ნი ბიჩკოვი, ბ-ნი პუშკარევი, ბ-ნი სილვანოვიჩი, ბ-ნი ოკსენჩუკი, ბ-ნი გრაბჩუკი, ბ-ნი ცარევი და ბ-ნი მილინეცი), რომლებმაც ასევე წარმოადგინეს ახალი ფაქტები მათ დისკრიმინაცასთან დაკავშირებით.
42.1999 წლის 21 აპრილს "რდკ"-მ წარმოადგინა მისი წევრების სახელით საჩივრის საბოლოო ფორმა.
43.1999 წლის 28 მაისს ბალტიისკის კალინინგრადის საოლქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა "რდკ" საჩივარი. სასამართლომ დაადგინა, რომ საჩივრები უსაფუძვლო იყო და მიიჩნია, რომ საზღვაო პორტის მმართველობა ვერ იქნებოდა პასუხისმგებელი მაღალანაზღაურებადი ტვირთის გადაზიდვის სამუშაოს თანაბარ განაწილებაზე. მომჩივნებმა გაასაჩივრეს გადაწყვეტილება.
44.1999 წლის 6 ოქტომბერს კალინინგრადის რაიონულმა სასამართლომ გააუქმა 1999 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად დააბრუნა. სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ შეაფასა თუ რამდენად შეიძლება ყოფილიყო დოკერების ჯგუფებს შორის ტრანსფერი მომჩივნების მიერ გაფიცვაში მონაწილეობისა და "რდკ" წევრობის გამო შურისძიებით განპირობებული. სასამართლომ ასევე დაასკვნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ განიხილა მომჩივნების საჩივარი მათი სახელფასო ანაზღაურებას, სხვა თანამშრომლებთან შედარებით, შემცირების შესახებ ტრანსფერის შემდეგ. სასამართლომ შენიშვნა მისცა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოპასუხეთაგან დოკერთა ხელფასების შესახებ დოკუმენტების მიუღებლობისა და მოსარჩელეთა ამ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის გამო. სასამართლომ დაასკვნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა დისკრიმინაციის არარსებობის შესახებ არ იყო კანონის შესაბამისი და გაუმართლებელი გახლდათ, რადგანაც ზემოთხსენებული ნაკლოვანებების გამო მას არ ჰქონია საშუალება შეეფასებინა მოსარჩელეთა არგუმენტები ყველა რელევანტური ინფორმაციის გათვალისწინებით.
45.2000 წლის 22 მარტს ბალტიისკის კალინინგრადის საოლქო სასამართლომ გამოიტანა ახალი გადაწყვეტილება. სასამართლომ დაადგინა, რომ დისკრიმინაციის შესახებ საჩივარი დაუსაბუთებელი გახლდათ, რადგანაც მომჩივნებმა ვერ დაადასტურეს მენეჯმენტის დისკრიმინაციული განზრახვის არსებობა მათ წინააღმდეგ. სასამართლომ მისი დასკვნა დააფუძნა პორტის მენეჯერებისა და მტვირთავი მუშების ჩვენებებზე. მენეჯერებმა განმარტეს, რომ "რდკ"-მხოლოდ ჯგუფები ჩამოყალიბდა რათა შემცირებულიყო ის დაძაბულობა, რომელიც შეიქმნა გაფიცულ პირთა მიერ მათივე კოლეგებისადმი ნეგატიური დამოკიდებულების გამო, რომელიც გამოწვეული იყო ამ უკანასკნელთა მხრიდან გაფიცვაში მონაწილეობის არმიღებით. მტვირთავმა მუშებმა უარყვეს, რომ მათ მიიღეს რაიმე სახის ინსტრუქცია მენეჯმენტის მხრიდან ტვირთის გადაზიდვის სამუშაოს გადანაწილების თაობაზე. სასამართლო ასევე შეეხო პროკურატურის 1998 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებას და დაადგინა, რომ საზღვაო პორტის კომპანია ვერ იქნებოდა პასუხისმგებელი სავარაუდო დისკრიმინაციის გამო, რადგანაც ვერ დადასტურდა დისკრიმინაციული განზრახვა მენეჯმენტის მხარეს. სასამართლომ მიუთითა მოსარჩელეთა მნიშვნელოვან რაოდენობაზე (29) გაფიცვაში მონაწილე პირებთან შედარებით (213) და დაადგინა შემდეგი:
"... გარკვეული საჯარო ასოციაციის მხოლოდ წევრობის გამო დისკრიმინაციის დარღევის თხოვნა, წარმოდგენილი მის წევრთა მცირე ჯგუფის მიერ წარმოადგენს სავარაუდო დისკრიმიაციის არარსებობის დასტურს, მაშინ როდესაც მოსარჩელეთა მდგომარეობა წარმოადგენს მათივე ინდივიდუალური ქმედებების შედეგსა და ობიექტური ფაქტორებს ასახავს."
46.სასამართლომ მოსარჩელეთა შემცირებული ხელფასები დაუკავშირა მათსავე ინდივიდუალურ უმოქმედობასა (მაგალითად სამუშაოს უსაფრთხოების ტესტის ჩაუბარებლობა) და ტვირთის გადაზიდვის სამუშაოს ზოგად შემცირებას საზღვაო პორტში. თუმცა, ამასთანავე, მოპასუხის შეთავზების მიხედვით, სასამართლომ მომჩივნებს მიაკუთვნა ნომინალური კომპენსაცია ორი თვის ხელფასის სხვაობის სახით, მათ ახალ ჯგუფში გადაყვანის შედეგად. მომჩივნებმა გაასაჩივრეს გადაწყვეტილება.
47.2000 წლის 14 აგვისტოს კალინინგრადის რაიონულმა სასამართლომ ბრძანა სამოქალაქო საქმისწარმოების შეწყვეტა დისკრიმინაციის საჩივრის ნაწილთან მიმართებაში. სასამართლომ გადაწყვიტა, რომ დისკრიმინაციის არსებობა შეიძლება დადასტურებულიყო მხოლოდ სისხლისსამართლებრივი საქმისწარმოების ფარგლებში კონკრეტულ საჯარო მოხელესა თუ სხვა პირთან მიმართებაში. იურიდიული პირები, მსგავსად საზღვაო პორტის კომპანიისა ვერ იქნებოდა სისხლისსამართლებრივად პასუხისმგებელი. შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ მას არ გააჩნდა იურისდიქცია განეხილა დისკრიმინაციის შესახებ საჩივარი საზღვაო პორტის კომპანიის წინააღმდეგ. დანარჩენ ნაწილში, სასამართლომ უცვლელი დატოვა 2000 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება.
48.2001 წლის 9 ივლისს ყველა მოსარჩელემ შეიტანა ახალი საჩივარი საზღვაო პორტის წინააღმდეგ. ისინი ითხოვდნენ იმის აღიარებას, რომ ადგილი ჰქონდა მათ წინააღმდეგ დისკრიმინაციას "რდკ" წევრობის გამო და რომ მათი უფლება - თანაბარი სამუშაოსათვის თანასწორი ანაზღაურება და სამუშაოზე თანაბარი წვდომა - დარღვეული გახლდათ. მათ ასევე მოითხოვეს, რომ დარღვევები გამოსწორებულიყო საზღვაო პორტის მიერ და რომ მიკუთვნებოდათ კომპენსაცია მორალური ზიანისათვის.
49.2001 წლის 18 ოქტომბერს ბალტიისკის კალინინგრადის ოლქის პირველი სასამართლო ოლქის მოსამართლემ, წინარე გადაწყვეტილებით (определение) არ დააკმაყოფილა დეკლარაციის მოთხოვნის შესახებ საჩივარი. სასამართლო დაეფუძნა 2000 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილების არგუმენტაციას. მან დაადგინა, რომ მას არ გააჩნდა იურისდიქცია დაედგინა თუ რამდენად ჰქონდა ადგილი დისკრიმინაციას, რადგანაც ამგვარი ფაქტი დგინდებოდა მხოლოდ სისხლისსამართლებრივი წარმოებისას, მაშინ როდესაც იურიდიული პირი ვერ იქნებოდა სისხლისსამართლებრივად პასუხისმგებელი.
50.მომჩივნებმა გაასაჩივრეს გადაწყვეტილება ბალტიიკსის კალინინგრადის საოლქო სასამართლოში, რომელმაც 2001 წლის 6 დეკემბბერს უცვლელი დატოვა 2001 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
3. კალინინგრადიოს რაიონის დუმის გადაწყვეტილება
51."რდკ"-მ საჩივრით მიმართა კალინინგრადის რაიონის დუმას, დავობდა რა დამქირავებლის მიერ მის წევრთა უფლებების დარღვევის შესახებ. 2001 წლის 15 ნოემბერს დუმას სოციალური პოლიტიკისა და ჯანდაცვის კომიტეტმა გამოსცა რეზოლუცია, სადაც გამოხატა შეშფოთება მომჩივნების მიერ აღწერილი ვითარების მიმართ. კერძოდ კი აღნიშნა შემდეგი:
"...3. კალინინგრადის საზღვაო პორტის კომპანიაში განსხვავებული სამუშაო პირობები ვრცელდება მუშებზე პროფკავშირების წევრობის მიხედვით. შედეგად, დამქირავებელი "რდკ" წევრებს არახელსაყრელ პირობებში ამყოფებს იმ პირებთან შედარებით, რომლებიც არ ეკუთვნიან ზემოთხსენებულ პროფკავშირს.
4. "რდკ"-მ მართებულად წამოაყენა კალინინგრადის საზღვაო პორტის კომპანიის მხრიდან დისკრიმინაციის საკითხი პროფკავშირის წევრობასთან დაკავშირებით ... "
52.2001 წლის 29 ნოემბერს დუმის კომიტეტმა გაუგზავნა წერილი კალინინგრადის პროკურორს, სადაც სთხოვა დაუყოვნებლივ ზომების გატარება "რდკ" წევრების უფლებების დასაცავად და იმის ალბათობის განსახილველად, თუ რამდენად იყო შესაძლებელი სისხლისსამრთლის საქმის აღძვრა საზღვაო პორტის მენეჯმენტის წინააღმდეგ.
4. სხვადასხვა საჩივრების შედეგად წარმოებული სხვა შიდასახელმწიფოებრივი სამართალწარმოებანი
53.1998 წლის 8-დან 15 ნოემბრამდე მეორე, მესამე, მეოთხე, მეცხრე და მეთვრამეტე მომჩივნებმა და მათმა ოთხმა თანამშრომელმა მიიღეს მონაწილეობა პროფკავშირის კონფერენციაში დანიაში. მათ წინასწარ მიმართეს საზღვაო პორტის მენეჯმენტს და ითხოვეს კონფერენციაზე დასწრების ნებართვა, თუმცა პასუხი არ მიუღიათ. 1998 წლის 18 დეკემბრისა და 1999 წლის 30 მარტის ბრძანებებით კონფერენციის მონაწილეებს ჩამოერთვათ წლიური პრემიები შვებულების გარეშე სამსახურში გამოუცხადებლობის გამო. დოკერებმა საჩივრით მიმართეს სასამართლოს.
54.1999 წლის 1 ნოემბერს, ბალტიისკის კალინინგრადის საოლქო სასამართლომ დაადგინა, რომ საზღვაო პორტის მენეჯმენტს ევალებოდა მოსარჩელეთათვის შვებულების მიცემა პროფკავშირის კონფერენციაზე დასასწრებად, რადგანაც მათი შვებულების უფლება უპირობოდ გახლდათ გარანტირებული პროფესიული კავშირების შესახებ კანოის 25 § 6 მუხლით. სასამართლომ აღნიშნა, რომ ბრძანებანი, რომლებიც მომჩივნებს ართმევდა წლიურ პრემიას უკანონო გახლდათ და საზღვაო პორტს უბრძანა კომპენსაციის გადახდა. გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.
(ბ) დისციპლინური სანქციების მოხსნა თვრამეტი მომჩივნის მიმართ
55.1999 წლის 10 იანვარს მეთვრამეტე მოსარჩელეს დაეკისრა დისციპლინური სანქცია სამუშაოზე გამოუცხადებლობის გამო 1998 წლის 14 დეკემბერს, დღე, რომელიც ოფიციალურად იყო უქმედ გამოცხადებული. მეთვრამეტე მოსარჩელემ გაასაჩივრა სანქცია, მან აღნიშნა, რომ იგი გახლდათ პროფკავშირის არჩეული ლიდერი და რომ პროფკავშირის თანხმობა იყო სავალდებულო სანქციის დასაწესებლად.
56.2000 წლის 11 იანვარს ბალტიისკის კალინინგრადის რაიონულმა სასამართლომ მიიღო მეთვრამეტე მომჩივნისსაჩივარი. მან გააუქმა დისციპლინური სანქცია დაეყრდნო რა იმ საფუძველს, რომ საზღვაო პორტის მენეჯმენტს არ მოუთხოვია პროფკავშირის ნებართვა სანქციის დაკისრებამდე, როგორც ამას შრომის კოდექსის 235-ე მუხლი ითხოვს.
(გ) დისციპლინური სანქციის მოხსნა კვალიფიციის არმქონე სამუშაოს შესრულებაზე უარის გაცხადების გამო
57.1999 წლის 15 იანვარს "რდკ" მე-14 ჯგუფის დოკერებს უბრძანეს პორტის თოვლისაგან გაწმენდა. დოკერებმა უარი განაცხადეს, რადგანაც კოლექტიური შეთანხმების მიხედვით მათთვის შეიძლება მოეთხოვათ კვალიფიკაციის არმქონე სამუშაოს შესრულება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი ამგვარი სამუშაო წარმოადგენდა დამხმარე შრომას ტვირთის გადაზიდვისათვის, რასაც არ ჰქონდა ამჯერად ადგილი. ისინი მოლოდინის რეჟიმში იყვნენ პორტში მათი ცვლის დასრულებამდე. 1999 წლის 21 იანვარს საზღვაო პორტის მენეჯმენტმა ბრძანა მოცემული დღე გატარებულიყო როგორც სამუშაოზე გამოუცხადებლობა შვებულების გარეშე, ამასთანავე დააკისრეს დისციპლინური სასჯელი და ჩამოართვეს იანვრის თვის პრემია.
58."რდკ"-მ შეიტანა საჩივარი სასამართლოში მეორედან მეექვსე და მეცხრე მომჩივნისსახელით. იგი მოითხოვდა დისციპლინური სანქციის მოხსნას და ჩამორთმეული ხელფასისა და პრემიის გადახდას.
59.2000 წლის 10 ოქტომბერს ბალტიისკის რაიონის კალინინგრადის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელეთა სასარგებლოდ. სასამართლომ დაადგინა, რომ კვალიფიციური დოკერების გაუმართლებელი გაგზავნა კვალიფიკაციის არმქონე სამუშაოზე არღვევდა მათ შრომით უფლებებს და რომ გაუმართლებელი გახლდათ მათი დასჯა გამოუცხადებლობის გამო, რადგანაც ისინი პორტის ტერიტორიაზე იყვნენ და ელოდნენ ტვირთის გადაზიდვის სამუშაოებს. ამასთანავე, სასამართლომ აღნიშნა, რომ მომჩივნები გახლდნენ პროფკავშირების არჩეული ლიდერები და რომ პროფკავშირის ნებართვა სავალდებულო გახლდათ სანქციის დასაწესებლად, ამგვარი ნებართვა მიღებული არ ყოფილა. საზღვაო პორტს დაევალა სანქციის მოხსნა და მოსარჩელეთათვის კომპენსაციის გადახდა მიუღებელი შემოსავლისა და პრემიისათვის, ისევე როგორც სასამართლო ხარჯების ანაზღაურება.
(დ) მეთექვსმეტე მომჩივნის უკანონო გათავისუფლება სამსახურიდან
60.1999 წლის 14 მაისს მეთექვსმეტე მოსარჩელე გაათავისუფლეს იმ მიზეზით, თითქოს იგი სამსახურში გამოცხადდა არაფხიზელ მდგომარეობაში. მეთექვსმეტე მოსარჩელემ საკუთარი გათავისუფლება გაასაჩივრა სასამართლოში.
61.1999 წლის 25 აგვისტოს კალინინგრადის რაიონულმა სასამართლომ ბოლო ინსტანციით განხილვისას, დააკმაყოფილა მომჩივნის სასარჩელო მოთხოვნა და საზღვაო პორტის კომპანიას უბრძანა მისი აღდგენა და მიუღებელი შემოსავლისათვის კომპენსაციის გაცემა. სასამართლომ დაადგინა, რომ არ არსებობდა მტკიცებულება მასზედ, რომ მეთექვსმეტე მოსარჩელე ნასვამი გახლდათ.
(ე) უკანონო დისციპლინური სანქცია
62.1999 წლის 19 დეკემბრის ბრძანებით მეცხრამეტე, მეოცე, ოცდამეექვსე და ოცდამეთორმეტე მომჩივნებს გამოუცხადეს სასტიკი საყვედური დისციპლინური სამართალწარმოებისას, სამუშაო ადგილის თითქოს უნებართვოდ დატოვების გამო. "რდკ", მოქმედებდა რა მომჩივნების სახელით, გაასაჩივრა დისციპლინური სანქცია სასამართლოში.
63.2001 წლის 29 ნოემბერს ბალტიისკის კალინინგრადის საოლქო სასამართლომ მიიღო "რდკ" საჩივარი. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხემ (საზღვაო პორტი) ვერ დაადასტურა უნებართვო გამოუცხადებლობა. სასამართლომ გააუქმა სადავო ბრძანება და მიაკუთვნა მომჩივნებს კომპენსაცია მორალური ზიანისათვის.
(ვ) პასუხისმგებლობის უკანონო დადგენა ავარიისათვის
64.2000 წლის 20 ივნისს მეთვრამეტე მოსარჩელე დაზიანდა სამუშაოზე. სპეციალურმა კომისიამ დაასკვნა, რომ ავარია თავად მომჩივნის გამო მოხდა , რადგანაც თითქოს იგი არ დაემორჩილა უსაფრთხოების რეგულაციებს. "რდკ" წარმომადგენელი (ოცდამეოთხე მოსარჩელე) არ დაეთანხმა კომისიის დასკვნას. მიუხედავად ამისა, მეთვრამეტე მოსარჩელეს გამოუცხადეს საყვედური დისციპლინური სამართალწარმოებისას, მან და მისმა ჯგუფის ლიდერმა (მესამე მოსარჩელე) დაკარგეს ივნისის პრემია. მეთვრამეტე და მესამე მომჩივნების სახელით, "რდკ"-მ გაასაჩივრა მოცემული გადაწყვეტილებები სასამართლოში.
65.2001 წლის 13 აპრილს ბალტიისკის კალინინგრადის ოლქის პირველი საოლქო სასამართლოს მოსამართლემ დაადგინა, რომ სპეციალური კომისიის დასკვნები მიუღებელი გახლდათ თვითმხილველთა ჩვენებების გათვალისწინებით. სასამართლომ გააუქმა მეთვრამეტე მოსარჩელეზე დაკისრებული დისციპლინური სანქცია და უბრძანა საზღვაო პორტს გადაეხადა ივნისის პრემია მისთვის და მისი ჯგუფის ლიდერისათვის.
(ზ) მესამე მომჩივნის უკანონო დაქვეითება
66.2000 წლის 19 ივლისის ბრძანებით მესამე მოსარჩელე დააქვეითეს ჯგუფის ლიდერის პოზიციიდან უბრალო დოკერამდე იმის გამო, თითქოს იგი ვერ ახორციელებდა მის, როგორც მმართველის ფუნქციებს. "რდკ"-მ გაასაჩივრა ბრძანება და მესამე მომჩივნის სახელით შეიტანა საჩივარი სასამართლოში.
67.2001 წლის 7 მაისს, ბალტიისკის კალინინგრადის ოლქის პირველი საოლქო სასამართლოს მოსამართლემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. სასამართლომ დაადგინა, რომ დაქვეითება არ გახლდათ "რდკ"-სთან შეთანხმებული, ორგანოსთან, რომლის არჩეული ლიდერიც გახლდათ მესამე მოსარჩელე. სასამართლომ გააუქმა დაქვეითების ბრძანება და უბრძანა საზღვაო პორტს გადაეხადა კომპენსაცია მიუღებელი შემოსავლისა და მორალური ზიანისათვის, და დააკისრა სასამართლო ხარჯების ანაზღაურება.
(თ) პორტზე წვდომის შეზღუდვა პროფკავშირების ლიდერებისათვის
68.2001 წლის 15 მაისს საზღვაო პორტის ადამიანური რესურსების დირექტორმა გამოსცა ბრძანება რომლის მიხედვითაც "რდკ" წარმომადგენლებს პორტში დაუშვებდნენ მხოლოდ "რდკ" წევრების სანახავად მათსავე სამუშაო ადგილებზე და მხოლოდ მათ სამუშაო საათებში. ბრძანების მიხედვით, მეორე მოსარჩელე არ შეუშვეს პორტში.
69.2001 წლის 20 ივნისს ბალტიისკის სატრანსპორტო პორკურორმა დაადგინა, რომ ბრძანება არღვევდა პროფკავშირის ლიდერებისათვის კავშირის წევრთა სამუშაო ადგილებზე თავისუფალი წვდომის გარანტიებს, დადგენილს შრომის კოდექსის 213-ე მუხლითა და პროფესიული კავშირების შესახებ კანონის 11 § 5 მუხლით. მან უბრძანა საზღვაო პორტის მმართველ დირექტორს გამოესწორებინა დარღვვევა.
70.2001 წლის 16 ივლისს საზღვაო პორტის მმართელმა დირექტორმა გამოსცა ახალი ბრძანება 252, რომელიც არეგულირებდა "რდკ" ლიდერების წვდომას პორტზე. მის მიხედვით inter alia პორტში შესვლა შეიძლებოდა მხოლოდ დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე "ერთჯერადი" ნებართვის საფუძველზე, რომლის მიღებაც ხდებოდა წინასწარ კონკრეტული მარშრუტისა და ვიზიტის მითითებით.
71.2001 წლის 26 ნოემბერს ბალტიისკის სატრანსპორტო პროკურორმა მოსთხოვა საზღვაო პორტის მმართველ დირექტორს 252 ბრძანების გაუქმება მისი კანონსაწინააღმდეგო ხასიათის გამო. მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა საზღვაო პორტის მენეჯმენტის მიერ.
72.2002 წლის 23 იანვარს ბალტიისკის სატრანსპორტო პროკურორმა მეორე მომჩივნის სახელით შეიტანა სამოქალაქო საჩივარი საზღვაო პორტის კომპანიის წინააღმდეგ და მოითხოვა 252-ე ბრძანების ბათილად ცნობა.
73.2992 წლის 9 ივლისს ბალტიისკის კალინინგრადის ოლქის პირველი საოლქო სასამართლოს მოსამართლემ დააკმაყოფილა საჩივარი და დაადგინა, რომ ბრძანება, რომელიც ზღუდავდა პროფესიული კავშირების წევრების შესვლას პორტში უკანონო გახლდათ და რომ, იმდენად რამდენადაც იგი საჭიროებდა წინასწარი ნებართვის მიღებას, ასევე არღვევდა შრომის კოდექსის 231-ე მუხლს. გადაწყვეტილება არ გასაჩირებულა.
დ. "რდკ" არაწევრთა გადაყვანა ახალ კომპანიაში
1. ახალი კომპანიის დაფუძნება და პერსონალის ტრანსფერი
74.1999 წლის აგვისტო-სექტემბერში საზღვაო პორტის მენეჯმენტმა დააფუძნა სუბსიდიური მტვირთავი კომპანია "ტპკ" (ООО «Транспортно-погрузочная компания»), რომელმაც დაიქირავა 30 ახალი დოკერი. 1999 წლის სექტემბერსა და 2000 წლის ნოემბერს შორის "ტპკ" დოკერები მუშაობდნენ საზღვაო პორტის დოკერებთან ერთად, ერთიან ჯგუფებში.
75.2000 წლის 27 ნოემბერს კალინინგრადის საზღვაო პორტის მენეჯმენტსა და საზღვაო ტრანსპორტის მუშაკთა კავშირს შორის მოეწერა ხელი ახალ კოლექტიურ შრომით შეთანხმებას. შეთანხმების მიხედვით, ინტერ ალია, სრული ტვირთის გადაზიდვის სამუშაო გაიცემოდა "ტპკ"-ზე და რომ მოცემული კომპანიის თანამშრომლებს გაეზრდებოდათ ხელფასი, მიიღებდნენ დამატებით სამედიცინო დაზღვევას და განსაკუთრებულ შეღავათებს სპორტული აქტივობებისათვის.
76.2000 წლის დეკემბერში და 2001 წლის იანვარში საზღვაო პორტის მენეჯმენტმა დოკერთა უმეტესობას შეთავაზა სარფიანი ტრანსფერები "ტპკ"-ში, თუმცა ამგვარ შეთავაზებას ადგილი არ ჰქონია "რდკ" წევრთა მიმართ. 2001 წლის იანვარში დარჩენილი "რდკ" წევრები გადაანაწილეს ორ მუშა ჯგუფში. საზღვაო პორტის მმართველმა დირექტორმა გამოუცხადა მომჩივნებს, რომ სრული სატვირთი სამუშაოები გადაეცემოდა "ტპკ"-ს, რადგანაც საზღვაო პორტის ლიცენზია სატვირთო სამუშაოების წარმოებაზე იწურებოდა 2001 წლის 1 ოქტომბერს.
77.2001 წლის აპრილში "რდკ" წევრებმა აღმოაჩინეს, რომ მათი პოტენციური შემოსავლის მიღების სამუშაო საათები განახევრდა მას შემდეგ, რაც მათ აეკრძალათ ღამის ცვლაში მუშაობა. მათ შემოსავალი დაეცა თვეში დაახლოებით 55 აშშ დოლარამდე, მაშინ როდესაც "რდკ" არაწევრი იღებდა თვეში დაახლოებით 300 აშშ დოლარს.
78.2001 წლის ივნისში "რდკ" წევრების სარგო კიდევ შემცირდა, ამჯერად თვეში 40 აშშ დოლარამდე.
79.კონფლიქტის შედეგად, "რდკ" წევრთა რაოდენობამ იკლო 290-დან (1999 წელს) მხოლოდ 24-მდე 2001 წლის 6 დეკემბრისათვის.
80.2002 წლის თებერვალში დარჩენილი "რდკ" წევრები (22 დოკერი) შეამცირეს და სამსახურიდან გაათავისუფლეს. მეორე მოსარჩელე არ გაუთავისუფლებიათ. იგი გახლათ "რდკ" მართველი კომიტეტის თავმჯდომარე და მის გასათავისუფლებად საჭირო გახდათ "რდკ" თანხმობა. მომჩივნები აცხადებდნენ, რომ იგი მოცმულ პოზიციაზე მხოლოდ ფორმალურად რჩებოდა, რადგანაც მას არ გააჩნდა გამომუშავების არანაირი საშუალება.
2. სამოქალაქო საჩივარი პერსონალის ტრანსფერთან დაკავშირებით
81.2002 წლის 18 მარტს "რდკ"-მ პირველიდან მეხუთემდე, მეცხრედან მეთერთმეტემდე, მეთექვსმეტე და მეთვრამეტედან ოცდამეთორმეტე მოსარჩლეს ჩათვლით, სახელით შეიტანა სამოქალაქო საჩივარი საზღვაო პორტის კომპანიისა და "ტპკ" წინააღმდეგ ითხოვდა რა "რდკ" წევრთა აღდგენას და კომპენსაციას მიუღებეილ შემოსავლისა და მორალური ზიანისათვის. მან ასევე მოითხოვა მოსარჩელეთა გაერთიანების თავისუფლების დარღვევისა და იმის დადგენა, რომ დამქირავებლის ქმედება წარმოადგენა დისკრიმინაციას მოსარჩელეთა მიმართ მათ მიერ "რდკ" წევრობის გამო.
82.2002 წლის 24 მაისს ბალტიისკის კალინინგრადის საოლქო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება. სასამართლომ დაადგინა, რომ 2000 წლის ნოემბერში კალინინგრადის საზღვაო პორტის კომპანიის დირექტორთა საბჭომ გადაწყვიტა ტვირთვის გადაზიდვების შესრულება "ტპკ"-სათვის გადაეცა. 2000 წლის 30 ნოემბრიდან 2001 წლის აპრილამდე 249 დოკერი გადაყვანილ იქნა "ტპკ"-ში და 2000 წლის დეკემბერში მტვირთავი ტერმინალები და ტექნიკა ან მიყიდულ იქნა ან იჯარით გაიცა ახალ კომპანიაზე. მოცემული ფაქტიდან სასამართლომ დაასკვნა, რომ დამქირავებლის მიზანი გახლდათ გადატვირთვების განყოფილების სუბორდინაციის სტრუქტურის შეცვლა და რომ მოცემული დანაყოფის თანამშრომლეთა შემცირება უკანონოდ განხორციელდა. მან დაადგინა, რომ მოსარჩელეთა გათავისუფლება სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია და ბრძანა მათი აღდგენა "ტპკ"-ში, ისევე როგროც მიუღებელი შემოსავლისა და მორალური ზიანის ანაზღაურება.
83.სასამართლომ ასევე განიხილა მოსარჩელეთა არგუმენტები მათ მიმართ დისკრიმინაციის შესახებ. დოკერთა რამდენიმე ჯგუფის ლიდერების ჩვენებებზე დაყრდნობით, მან დაადგინა, რომ 2000 წლის ნოემბერში ყველა დოკერი იქნა მიწვეული შეხვედრაზე, სადაც განიხილებოდა მათი ტრანსფერი "ტპკ"-ში. მომჩივნებისათვის არავის შეუზღუდავს უფლება დასწრებოდნენ მას და შესთავაზეს ტრანსფერის მოთხოვნის შესახებ განცხადების წარდგენა. თუმცა მათ უარი განაცხადეს ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებაზე მმართველი კომიტეტის თავმჯდომარის რჩევის გარეშე. სასამართლოს შეკითხვაზე, თუ რატომ არ მოითხოვეს ტრანსფერი ინდივიდუალურად, მომჩივნებმა აღნიშნეს, რომ ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ უარს მიიღებდნენ დამქირავებლისაგან.
84.ჯგუფის ლიდერებმა ჩვენებებში დაადსტურეს, რომ მეორე მოსარჩელე (მმართველი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე) ესწრებოდა შეხვედრას და გამოხატავდა პოზიციას "ტპკ"-ში ტრანსფერის წინააღმდეგ. სასამართლომ შემდეგ შეისწავლა "რდკ" მიერ გავრცელებული ბროშურები და ოცდამეოთხე მომჩივნის მიერ პროკურორისადმი წარდგენილი საჩივარი. ბროშურების მიხედვით ჩანდა, რომ "რდკ" განუწყვეტლივ ეწეოდა კამპანიას "ტპკ"-ში ტრანსფერის წინააღმდეგ და ურჩევდა საზღვაო კომპანიაში დარჩენას და რომ საჩივარი ეხებოდა სავარაუდო იძულებას "ტპკ"-ში გადასვლის შესახებ. სასამართლომ დაადგინა, რომ მიღებული მტკიცებულებები ეწინააღმდეგებოდა მოსარჩელეთა არგუმენტებს მასზედ, რომ "რდკ"-მ არ იცოდა ტრანსფერის შესახებ ან რომ იგი მასზე არ ვრცელდებოდა. მან დაუსაბუთებლად მიიჩნია მომჩივნების სასარჩელო მოთხოვნა მათ წინააღმდეგ დისკრიინაციისა და გაერთიანების თავისუფლების დარღვევის შესახებ.
85.საბოლოოდ, სასამართლომ მოითხოვა მისი გადაწყვეტილების დაუყოვნებელი აღსრულება მოსარჩელეთა აღდგენის ნაწილში.
86.2002 წლის 7 აგვისტოს, კალინინგრადის რაიონულმა სასამართლომ უცვლელი დატოვა საზღვაო კომპანიის მიერ გასაჩივრებული 2002 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება.
3. 2002 წლის 24 მაისის გადაწყვეტილების აღსრულება
87.2002 წლის 27 მაისს საზღვაო კომპანიის მმართველმა დირექტორმა გააუქმა 2002 წლის 20 თებერვლის ბრძანებები მოსარჩელეთა გათავისუფლების შესახებ და აღადგინა ისინი სამსახურში. თუმცა, ისინი არ იქნენ გადაყვანილნი "ტპკ"-ში.
88.2002 წლის 24 ივნისს შპს "ტპკ"-მ მოახდინა რეორგანიზება საჯარო კომპანიად "საზღვაო კომერციული პორტი" (ОАО «Морской торговый порт» - "სკპ"). 2002 წლის 11 სექტემბერს კალინინგრადის რაიონულმა სასამარლომ განმარტა, რომ მომჩივნები უნდა აღდგენილიყვნენ "სკპ"-ში, რომელიც წარმოადგენდა "ტკპ" მემკვიდრეს.
89.2002 წლის 7 აგვისტოს ყველა მოსარჩელე კიდევ ერთხელ იქნა დათხოვნილი საზღვაო პორტის კომპანიიდან რაიმე ჯეროვანი მიზეზის წარმოდგენის გარეშე. თუმცა, მათ აღნიშნეს, რომ 10 ივნისს საზღვაო პორტის მმართველმა დირექტორმა მათ წერილობით დაუდასტურა, რომ ძველ კომპანიაში არ არსებობდა თანხის გამომუშავების საშუალება, რადგანაც ნავსადგურში გადმოტვირთვის ლიცენზიას ვადა გაუვიდა 2001 წელს. მომჩივნებმა გათავისუფლება სასამართლოში გაასაჩივრეს.
90.2002 წლის 7 ოქტომბერს ბალტიისკის კალინინგრადის საოლქო სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა სასარჩელო მოთხოვნა. სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხემ არ აღასრულა 24 მაისი გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომელიც ეხებოდა დოკერების გადაყვანას "ტპკ"-ში და რომ მათი გათავისუფლება სამსახურის უნებართვო გაცდენის გამო შესაბამისად უკანონო გახლდათ. მან ბრძანა მიუღებელი შემოსავლისა და მორალური ზიანის ანაზღაურება. 2003 წლის 22 იანვარს კალინიგრადის რაიონულმა სასამართლომ ძალაში დატოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
91.2002 წლის 30 ოქტომბერს მოსარჩელეთა დასაქმება საზღვაო პორტის კომპანიაში შეწყდა "მათ სხვა კომპანიაში გადაყვანის გამო". მეორე დღეს "სტპ"-ს მმართველმა დირექტორმა ბრძანა მოსარჩელეთა დაქირავება მეორე კატეგორიის მტვირთავების რანგში. მომჩივნებმა განაცხადეს, რომ შეთავაზებული პოზიციები მათი, როგორც დოკერების, პროფესიული კვალიფიკაციის ქვემდგომი გახლდათ.
92.2002 წლის 30 დეკემბერს, მოსარჩელეთა თხოვნით ბალტიისკის კალინინგრადის საოლქო სასამართლომ განმარტა 2002 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მომჩივნები უნდა დაექირავებინა "სტკ"-ს დოკერების პოზიციაზე. 2003 წლის 26 თებერვალს მოცემული განმარტება დადასტურებულ იქნა კალინინგრადის რაიონული სასამართლოს მიერ.
II. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა
ა. რუსეთის ფედერაციის კონსტიტუცია
93.რუსეთის კონსტიტუციის მე-19 მუხლი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო წარმოადგენს ყველა მოქალაქის თანასწორი უფლებებისა და თავისუფლებების გარანტს მიუხედავად სექსისა, რასისა, ეროვნებისა, ენისა, წარმოშობისა, ქონების, ოფიციალური სტატუსისა, საცხოვრებელი ადგილისა, რელიგიისა, მრწამისა, საჯარო ასოციაციების წევრობისა და სხვა გარემოებებისა.
94.30 § 1 მუხლი ადგენს გაერთიანების უფლების გარანტიებს, მათ შორის ინტერესთა დასაცავად პროფესიული კავშირების შექმნის უფლებას.
ბ. რუსეთის სსრშრომის კოდექსი (1992 წლის 25 სექტემბერი)
95. კოდექსის მე-2 მუხლი (იმ დროს მოქმედი) აწესებდა ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, თანაბარი სამუშაოსათვის თანასწორი ანაზღაურების უფლებას და სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას შრომითი უფლებების დასაცავად.
გ. რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსი (1996 წლის 13 ივნისი)
96.136-ე მუხლი კრძალავს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებით თანასწორობის დარღვევას inter alia საჯარო ასოციაციებთან კავშირის გამო, რაც აზიანებს მოქალაქეთა უფლებებსა თუ კანონიერ ინტერესებს.
დ. პროფესიული კავშირის შესახებ კანონი (კანონი 10-ფზ, 1996 წლის 12 იანვარი)
97.მე-9 მუხლი კრძალავს მოქალაქის სოციალურ, შრომით, პოლიტიკურ თუ სხვა უფლებათა და თავისუფლებათა ნებისმიერ შეზღუდვას მის მიერ პროფკავშირებში წევრობის ან წევრობაზე უარის გაცხადების გამო. აკრძალულია პირის სამსახურში აყვანა, დაწინაურება ან გათავისუფლება მის მიერ ცალკეული პროფესიული კავშირის წევრობის ან წევრობაზე უარის გაცხადების გამო.
98.29-ე მუხლი აწესებს გარანტიებს პროფესიული კავშირების სამართლებრივი დაცვის უფლებას. სასამართლო ვალდებულია, პროკურორის მიერ წარმოდგენილი საჩივარი პროფკავშირთან დაკავშირებული სავარაუდო დარღვევების შესახებ განიხილოს სამოქალაქო საჩივრის ან პროფკავშირის მიერ წარმოდგენილი საჩივრის სახით.
99.30-ე მუხლი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო და მუნიციპალური ორგანოების ოფიციალური პირები, დამქირავებლები და დამქირავებელი ასოციაციების თანამშრომლები დაექვემდებარებიან დისციპლინურ, ადმინისტრაციულ ან სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას პროფესიულ კავშირთან დაკავშირებული კანონმდებლობის დარღვევის გამო.
ე. რუსეთის ფედერაციის სამოქალაქო კოდექსი (1994 წლის 30 ნოემბერი)
100.მე-11 მუხლი აღნიშნავს, რომ სასამართლოებმა უნდა განიხილონ დარღვეული სამოქალაქო უფლებების დაცვის შესახებ წარმოდგენილი სარჩელები.
101.მე-12 მუხლი აკონკრეტებს, რომ სამოქალაქო უფლების დაცვა უნდა ატარებდეს inter alia შემდეგ ფორმას: უფლების დადასტურება, status quo აღდგენა, აკრძალვა იმ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც არღვევენ ან შეიძლება დაარღვიონ უფლება და კომპენსაცია დანაკარგისა და მორალური ზიანისათვის.
III. შესაბამისი საერთაშორისო დოკუმენტები
102.ევროპის სოციალური ქარტიის (შესწორებული) მე-5 მუხლი, რომელიც არ გახლავთ რატიფიცირებული რუსეთის ფედერაციის მიერ აღნიშნავს შემდეგს:
მუხლი 5-ორგანიზების უფლება
"საკუთარი ეკონომიკური და სოციალური ინტერესების დასაცავად მუშაკთა და დამსაქმებელთა მიერ ადგილობრივი, ეროვნული ან საერთაშორისო ორგანიზაციების შექმნის და ამ ორგანიზაციებში გაერთიანების თავისუფლების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ, რომ ისინი თავიანთ ქვეყნებში მოქმედ შესაბამის კანომდებლობაში არ შეიტანენ ისეთ ნორმებს, და ასევე არ გამოიყენებენ საკანონმდებლო ნორმებს ისეთი ფორმით, რომელიც შეზღუდავს ზემოაღნიშნული თავისუფლებით სარგებლობას. საპოლიციო სტრუქტურების მიმართ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული გარანტიების გამოყენების ფარგლებში განისაზღვრება ეროვნული კანონმდებლობით ან კანონქვემდებარე აქტებით. შეიარაღებული ძალების წევრთა მიმართ ამ გარანტიების გამოყენების წესი და ფარგლები ასევე განისაზღვრება ეროვნული კანონმდებლობით ან კანონქვემდებარე აქტებით."
103.ევროპის საბჭოს სოციალური უფლებების ევროპულმა კომიტეტმა (ყოფილი დამოუკიდებელ ექსპერტთა კომიტეტი), რომელიც წარმოადგენს ევროპული სოციალური ქარტიის საზედამხედველო ორგანოს, აღნიშნა, რომ ეროვნული კანონმდებლობა უნდა წარმოადგენდეს მუშაკთათვის პროფკავშირში გაწევრიანების უფლების გარანტს და აწესებდეს მოცემული უფლების დამრღვევთა მიმართ ქმედით სასჯელებსა და ვითრების გამოსწორების საშუალებებს. პროფკავშირის წევრები დაცულნი უნდა იყვნენ ნებისმიერი საზიანო შედეგებისაგან, რომელიც შესძლებელია მიადგეს მათ სამუშაოს და გამოწვეულ იქნას მათ მიერ პროფკავშირში წევრობის ან საქმიანობის შედეგად. კერძოდ კი, ისინი დაცულნი უნდა იყვნენ რეპრისალიებისა თუ დისკრიმინაციისაგან დასაქმების, გათავისუფლებისა თუ დაწინაურების სფეროებში მათ მიერ პროფკავშირის წევრობის ან მასში საქმიანობის გამო. ამგვარი დისკრიმინაციის შემთხვევაში, ეროვნული კანონმდებლობა უნდა ითვალისწინებდეს დებულებას კომპენსაციის მინიჭების შესახებ, რომელიც იქნება დაზარალებული პირისადმი მიყენებული ზიანის ადექვატური და პროპორტიული (იხ, მაგალითად, დასკვნები 2004, ბულგარეთი, გვ. 32).
104.ამასთანავე, დისკრიმინაციის აკრძალვის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად, ეროვნულმა კანონმდებლობამ უნდა განსაზღვროს შესაბამისი და ქმედითი სამართლებრივი საშუალებანი დისკრიმინაციის შესახებ განცადებისას; დისკრიმინაციის მსხვერპლთათვის ხელმისაწვდომი სამართლებრივი დაცვის საშუალებანი უნდა იყოს ადექვტური, პროპორციული და გადამწყვეტი (იხ. მაგალითად, დასკვნები 2006, ალბანეთი, გვ. 29). ეროვნული კანონმდებლობა უნდა აწესებდეს მტკიცების ტვირთის შემსუბუქების საშუალებას დისკრიმინაციის საქმეში მომჩივნის სასარგებლოდ (იხ. დასკვნები 2002, საფრანგეთი, გვ. 24).
ბ. შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია ("შსო")
105.შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ("შსო") კონვენცია 87 გაერთიანებისა და ორგანიზების თავისუფლების დაცვის შესახებ (რატიფიცირებული რუსეთის ფედერაციის მიერ) მე-11 მუხლში აღნიშნავს შემდეგს:
"შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ყოველი წევრი, რომლის მიმართაც წინამდებარე კონვენცია შესულია ძალაში, იღებს ვალდებულებას განახორციელოს ყველა სათანადო და აუცილებელი ზომა, რათა უზრუნველყოს მშრომელებისა და დამქირავებლების ორგანიზების უფლების თავისუფალი განხორციელება."
106. "შსო" კონვენცია 98 ორგანიზებისა და კოლექტიური მოლაპარაკებების გამართვის უფლების პრინციპების გამოყენების შესახებ (რატიფიცირებული რუსეთის ფედერაციის მიერ) 1 მუხლში აღნიშნავს შემდეგს:
"1. მშრომელები სარგებლობენ სათანადო დაცვით ნებისმიერი იმ დისკრიმინაციული მოქმედების საწინააღმდეგოდ, რომლებიც მიმართულია შრომის სფეროში გაერთიანების თავისუფლების შელახვისაკენ.
2. ასეთი დაცვა გამოიყენება განსაკუთრებით იმ მოქმედებათა მიმართ, რომლებიც მიზნად ისახავენ:
ა) სამუშაოზე მშრომელის მიღებას ან მისთვის სამუშაოს შენარჩუნებას იმ პირობით, თუ ის არ შევა პროფკავშირში ან გამოვა პროფკავშირებიდან;
ბ) მშრომელის გათავისუფლებას ან სხვა ნებისმიერი მეთოდით ზიანის მიყენებას იმ საფუძველზე, რომ იგი პროფკავშირის წევრია ან მონაწილეობას იღებს პროფკავშირულ საქმიანობაში არასამუშაო დროს ან სამუშაო დროს, დამქირავებელთან შეთანხმებით."
107."შსო"-ს ასოციაციის თავისუფლების კომიტეტის გადაწყეტილებათა და პრინციპთა კრებული (2006) მოიცავს შემდეგ პრინციპებს:
"...
769. პროფკავშირის საწინააღმდეგო დისკრიმინაცია წარმოადგენს გაერთიანების თავისუფლების ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ დარღვევას, რადგანაც შეიძლება საფრთხის ქვეშ დააყენოს პროფკავშირის არსებობა.
...
818. ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული კავშირის წინააღმდეგ დისკრიმინაციის ამკრძალავი საბაზისო რეგულაციები არასაკმარისია, თუ თან არ ახლავს პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფენ მისგან ქმედით დაცვას.
...
820. გაერთიანების თავისუფლების პრინციპების პატივისცემა ცალსახად საჭიროებს რომ თანამშრომლებს, რომლებიც თავს მიიჩნევენ ნეგატიური განწყობის მსხვერპლად პროფკავშირების საქმიანობაში ჩართულობის გამო, უნდა გააჩნდეთ წვდომა სწრაფ, არაძვირადღირებულ და სრულიად დამოუკიდებელ ვითარების გამოსწორების საშუალებებზე.
...
835. როდესაც საქმე ეხება კავშირის საწინააღმდეგო დისკრიმინაციას, შრომითი საკითხებით დაკავებულმა შესაბამისმა ორგანოებმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ ძიება და განახორციელონ შესაბამისი ზომები რათა გამოასწორონ მათ წინაშე ხსენებული კავშირის საწინააღმდეგო დისკრიმინაციის შედეგები.
..."
108.2002 წლის 18 აპრილს "შსო" გაერთიანების თავისუფლების კომიტეტმა ექსპერტთა კომიტეტს გადაუგზავნა საქმე ნო. 2199, რუსეთის შრომის კონფედერაციის ("კტრ") მიერ რუსეთის ფედერაციის მთავრობის წინააღმდეგ საჩივარი (ანგარიში ნო. 331). "კტრ" დავობდა, რომ კალინინგრადის საზღვაო პორტში "კტრ" აფილირებული ორგანიზაციის "რდკ" წევრები დაექვემდებარნენ კავშირის საწინააღმდეგო დისკრიმინაციას. კომიტეტმა, ინტერ ალია, დაასკვნა შემდეგი:
"...
702. აღვნიშნავთ რა, რომ ბალტიის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებით არ დადასტურდა კავშირის წინააღმდეგ დისკრიმინაცია, კომიტეტი აღნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, აღედგინათ (რდკ) წევრები "ტპლ" რე-სუბორდინირებული წარმოების ნაწილში მათი უკანონო საფუძვლით გათავისუფლების გამო, (კლინინგრადის საზღვაო პორტის) ადმინისტრაცია გამუდმებით უარზე იყო სრულად აღსრულებინა მოცემული გადაწყვეტილება, მიხედავად განმეორებადი დაზუსტებებისა და დასტურისა ამ და ზემდგომი სასამართლოების მხრიდან. მოცემული პირობების გათვალისწინებით, კომიტეტი საჭიროდ მიიჩნევს გაარკვიოს თუ რა მოტივაცია ჰქონდა დამქირავებელს, კერძოდ კი რატომ უარყოფდა გამუდმებით დოკერების აღდგენას, როდესაც ყოველი მათგანი გახლდათ "რდკ" წევრი და მაშინ როდესაც ამას გამუდმებით მოითხოვნა სასამართლო გადაწყვეტილებები. ასევე, ვითვალისწინებთ რა დუმას რეზოლუციას, რომელშიც გამოხატული იქნა უკიდურესი შეშფოთება მოცემული ვითარების ირგვლივ და აღნიშნულ იქნა, რომ კავშირის წინააღმდეგ დისკრიმინაციის საკითხი გონივრულად იქნა დასმული, კომიტეტი თხოვს მთავრობას განახორციელოს დამოუკიდებელი გამოძიება კავშირის წინააღმდეგ დისკრიმინაციის სავარაუდო ფაქტებისადმი. თუკი დადგინდება, რომ კავშირის წინააღმდეგ დისრკმინაციულ ქმედებებს ჰქონდა ადგილი "რდკ" წევრების მიმართ, კერძოდ კი "ტპკ"-ს დაქვემდებარებულ წარმოების სექტორში არაგადაყვანასთან მიმართებაში სასამართლო გადაწყვეტილების მიხედვით, რომელიც ითხოვდა ყველა საჭირო ზომის გატარებას მოცემული ვითარების გამოასწორებლად, "ტპკ"-ში აღდგენასა და მიუღებელი სარგოს გადახდას. ამასთანავე, იმის გათვალისწინებით, რომ დოკერები ისევ გაათაისუფლეს სამსახურიდან და შეტანილი იქნა ახალი საქმე, კომიტეტი თხოვს მთავრობას ინფორმირებული იყოს საქმის განვითარების შესახებ.
703. რაც შეეხება სავარაუდო კავშირის დისკრიმინაციის წინააღმდეგ ვითარების გამოსწორების საშუალებებს, კომიტეტმა აღნიშნა, რომ საბაზისო საკანონმდებლო დებულებებში კავშირის წინააღმდეგ დისრკიმინაციის ამკრძალავი დებულებები საკმარისი არ გახლავთ, თუკი ამ დებულებებს თან არ ახლავთ მისი პრაქტიკაში გამოყენების ქმედითი პროცედურები (იხ. გაერთიანების თავისუფლების კომიტეტის გადაწყვეტილებათა და პრინციპთა კრებული, მე-4 გამოცემა, 1996, პარაგრაფი 742). ვითვალისწინებთ რა, რომ მოცემულ საქმეში მოსარჩელემ მიმართა სხვადასხვა სასამართლო ორგანოს 2001 წლიდან მოყოლებული, სადაც ჩიოდა კავშირის საწინააღმდეგო დისკრიმინაციის შესახებ, რომელიც, 2002 წლის მაისამდე არ კმაყოფილედებოდა პროცედურული თემატიკის მოხმობით, კომიტეტი მიიჩნევს, რომ კავშირის წინააღმდეგ დისკრიმინაციის ამკრძალავი კანონმდებლობა არ არის საკმარისად ნათელი. ის შესაბამისად, თხოვს მთავრობას მიიღოს სათანადო ზომები, მათ შორის კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის გზითაც, რათა უზრუნველყოს, რომ კავშირის წინააღმდეგ დისკრიმინაციის შესახებ საჩივრები განხილულ იქნას ნათელი და სწრაფი ეროვნული პროცედურების ფარგლებში..."
...
II. კონვენციის მე-14 მუხლის სავარაუდო დარღვევა მე-11 მუხლთან ერთობლიობაში
115.დანარჩენი მომჩივნები ჩიოდნენ კონვენციის მე-11 და მე-14 მუხლების დარღვევაზე, კერძოდ კი მათი გაერთიანების თავისუფლების შელახვაზე სახელმწიფოს ორგანოების მხრიდან, რადგანაც მათ შემწყნარებლური დამოკიდებულება გამოიჩინეს დამქირავებლის დისკრიმინაციული პოლიტიკის მიმართ და უარი განაცხადეს განეხილათ დისკრიმინაციის შესახებ საჩივრი ეროვნულ კანონმდებლობაში ქმედითი სამართლებრივი მექანიზმების არარსებობის გამო.
მე-11 მუხლი აღნიშნავს შემდეგს:
"1. ყველას აქვს მშვიდობიანი შეკრებისა და სხვებთან გაერთიანების თავისუფლება, მათ შორის, პროფესიული კავშირების შექმნისა და მათში გაერთიანების უფლება საკუთარი ინტერესების დასაცავად.
2. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელების შეზღუდვა გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობისა თუ მორალის ან სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად. ეს მუხლი ვერ დააბრკოლებს სახელმწიფოს, ამ უფლების შეიარაღებული ძალების, პოლიციის ან სახელმწიფო ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიერ განხორციელებაზე დააწესოს კანონიერი შეზღუდვები."
მე-14 მუხლის მიხედვით:
"ამ კონვენციით გაცხადებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნის განურჩევლად."
ა. სახელმწიფოს ვალდებულებების მასშტაბი კონვენციის მე-14 მუხლის მიხედვით კონვენციის მე-11 მუხლთან ერთობლიობაში
1. მხარეთა არგუმენტები
(ა) მომჩივნები
116.მომჩივნები დავობდნენ, რომ კონვენციის მე-11 მუხლით გარანტირებული მათი უფლებები დაირღვა, რადგანაც მათი დამქირავებელი მოქმედებდა მიზნით ხელი შეეშალა და დაესაჯა პროფესიული კავშირის წევრობა. მათ აღნიშნეს, რომ სახელმწიფო უშუალოდ იყო ჩარეული რიგ არაკეთილგანწყობილ ქმედებებში მათ, როგორც "რდკ" პროფესიული კავშირის წევრების მიმართ, რადგანაც სწორედ რომ იგი აკონტროლებდა კალინინგრადის საზღვაო პორტის კომპანიას. ისინი აღნიშნავდნენ, რომ წილების 20%-ს ფლობდა კალინინგრადის რეგიონული განვითარების ფონდი და კიდევ 35%-ს კი აკონტროლებდა ბ-ნი კარეტნი, რომელიც ამასთანავე გახლდათ გუბერნატორის პირველი მოადგილე, ფონდის მმართველი და საზღვაო პორტის კომპანიის საბჭოს წევრი.
117.მომჩივნები აღნიშნავდნენ "რდკ" წევრობას ჰქონდა საზიანო შედეგები მათ სამუშაოსა და ანაზღაურებაზე და რომ დამქირავებელი იყენებდა სხვადასხვა ზეწოლის მექანიზმებს რათა განესხვავებინა ისინი მათივე კოლეგებისაგან, რომლებიც არ ეკუთვნოდნენ მოცემულ პროფკავშირს. მათ ხაზი გაუსვეს "რდკ" წევრების განცალკევებულ ჯგუფებში გადანაწილებას, რაც დადასტურდა კიდეც კალინინგრადის საზღვაო პორტის კომპანიის უფროსი მენეჯერების მიერ მათ ზეპირ და წერილობით არგუმენტებში, რომელიც წარდგენილი იქნა ბალტიისკის საოლქო სასამართლოსადმი და აისახა 2000 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებაში (იხ. პარაგრაფი 45, ზემოთ). მომჩივნებმა ხაზი გაუსვეს, რომ იგივე გადაწყვეტილებამ დაადასტურა ხელფასების შემცირება, რომელიც ყოველთვის საგრძნობლად ნაკლები გახლდათ სხვა ჯგუფებთან შედარებით. მათ ასევე აღნიშნეს უსაფრთხოების რეგულაციების ტესტის სავარაუდოდ მიკერძოებული ადმინისტრირებისა და სავარაუდოდ ნეგატიურად განწყობილი გადაწყვეტილებების შესახებ მათი შემცირების მიზნით.
(ბ) მთავრობა
118.მთავრობა არ დაეთანხმა მოსარჩელეთა ბრალდებებს. მან აღნიშნა, რომ კალინინგრადის რაიონის განვითარების ფონდი, სახელმწიფო სააგენტო, ფლობდა კალინინგრადის საზღვაო პორტის კომპანიის ოც პროცენტზე ნაკლებს და ისიც მხოლოდ შეზღუდული დროის განმავლობაში - 1998 წლის მაისიდან ნოემბრამდე. რაც შეეხება ბ-ნ კარეტნის, მას არასდროს დაუკავებია ერთდროულად საჯარო მოხელისა და საზღვაო პორტის საბჭოს წევრის პოზიცია. შესაბამისად, მათი აზრით სახელმწიფო ვერ იქნება პასუხისმგებელი კავშირის წინააღმდეგ მიმართულ გასაჩივრებულ ქმედებებზე.
119.მთავრობამ ასევე აღნიშნა, რომ მოსარჩელეთა ხელფასების მკვეთრი შემცირება განხილულ იქნა კალინინგრადის სახელმწიფო შრომითი ინსპექციის მიერ, რომელმაც დაადგინა, რომ "რდკ" წევრები იღებდნენ დაახლოებით იგივე რაოდენობის ხელფასს რასაც არა "რდკ" წევრები. შესაბამისად არ დადასტურებულა პორტის მუშაკთა შრომითი უფლებების დარღვევა. ასევე, არ არსებობდა არანაირი მითითება დისკრიმინაციის არსებობაზე Q"რდკ" წევრთა მიმართ უსაფრთხოების რეგულაციების ტესტის ადმინისტრირებისა და გათავისუფლებების დროს.
2. სასამართლოს შეფასება
120.სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეები ვერ თანხმდებიან მასზედ, თუ რამდენად მოიცავს წინამდებარე საქმე სახელმწიფოს პირდაპირ ჩარევას კალინინგრადის საზღვაო პორტის კომპანიაში მისი სტატუსიდან გამომდინარე. სასამართლო მიიჩნევს, რომ მან ან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამ საკითხზე, რადგანაც რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა ნებისმიერ შემთხვევაში წარმოადგენს თემას თუკი გასაჩივრებული საკითხები მართლაც გამომდინარეობდა მომჩივნების მიერ კონვენციის მე-11 მუხლით განმტკიცებული უფლების ეროვნულ კანონმდებლობაში გამოუყენებლობიდან (იხ.Wilson, National Union of Journalists and Others v. the United Kingdom, nos. 30668/96, 30671/96 da 30678/96, § 41, ECHR 2002‑V).
121.სასამართლო იმეორებს, რომ მე-11 მუხლის 1 ნაწილი პროფესიული კავშირის თავისუფლებას განიხილავს გაერთიანების თავისუფლების ერთ ფორმად ან განსაკუთრებულ ასპექტად (იხ.National Union of Belgian Police v. Belgium, 27 oqtomberi 1975, § 38, Series A no. 19 da Swedish Engine Drivers’ Union v. Sweden, 6 Tebervali 1976, § 39, Series A no. 2). მე-11 მუხლის 1 ნაწილში მოხმობილი სიტყვები "მათი ინტერესების დასაცავად" არ არის როყიო, რადგანაც კონვენცია იცავს პროფკავშირთა წევრების დასაქმებითი ინტერესების დაცვას პროფესიული კავშირის მოქმედებით, რომლის ქცევასა და განვითარებაზეც ხელშემკვრელი სახელმწიფო უნდა იძლეოდეს ნებართვას და ამასთანავე შესაძლებელს ხდიდეს (იხ. Wilson, ციტირებული ზემოთ, § 42).
122.სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნებმა ისარგებლეს სახელმწიფო დაცვით დამქირავებლის იმ ერთჯერად ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც მათი აზრით არღვევდა მათ უფლებებს. შედეგად, ეროვნულმა სასამართლომ მიაკუთვნა მათ ორი თვის ხელფასის ოდენობის კომპენსაცია "რდკ" ჯგუფებში გადაყვანის გამო, რაც სავარაუდოდ წარმოადგენდა მათი შემოსავლის შემცირების მიზეზს (იხ. პარაგრაფი 46, ზემოთ); სავარაუდოდ ნეგატიური განწყობით ჩატარებული უსაფრთხოების რეგულაციების ტესტი ხელახლა ჩატარდა სახელმწიფოს შრომის უსაფრთხოების ინსპექციის ბრძანების საფუძველზე (იხ. პარაგრაფები 27-28 ზემოთ); რაიონის პროკურორმა დაადგინა, რომ ადგნილი ჰქონდა სამუშაო საათების თვითნებურ შემცირებას, რის გამოც სასამართლომ დაადგინა მოსარჩელეთათვის მიუღებელი შემოსავლის გადახდისა და მორალური ზიანისათვის კომპენსაციის გაცემის ვალდებულება (იხ. პარაგრაფები 31 და 33 ზემოთ); მიუღებელი შემოსავლისა და მორალური ზიანისათვის კომპენსაცია ასევე მოითხოვა სასამართლომ 2002 წლის 24 მაისის გადაწყვეტილების აღუსრულებლობის გამო (იხ. პარაგრაფი 90, ზემოთ); და უმეტეს შემთხვევებში, სასამართლო პროფკავშირის ინდივიდუალურ წევრებს, რომელთაც მიადგათ ზიანი დამქირავებლის მოქმედების შედეგად, როგორც წესი ანიჭებდა კომპენსაციას (იხ. პარაგრაფები 53-73 ზემოთ). ამასთანავე ეროვნული სასამართლოები გულდასმით განიხილავდნენ მოსარჩელეთა წუხილს ახალ, მომგებიან ტვირთის გადამანაწილებელ კომპანიაში გადაყვანის შესახებ, რომელში გადასვლაც შესთავაზეს მათ თანამშრომლებს, მაგრამ არა მათ და შედეგად დააკმაყოფილა მათი მოთხოვნები მიუღებელი შემოსავლის, სამსხურში აღდგენისა და მორალური ზიანის შესახებ (იხ. პარაგრაფი 82, ზემოთ). მომჩივნებს არ უჩივლიათ მასზედ, რომ ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებები ამ მხრივ დაუსაბუთებელი ან თვითნებური გახლდათ.
123.მიუხედავად ამისა, მე-11 მუხლში გაწერილი გაერთიანების უფლების არსთან დაკავშირებით, სასამართლო ითვლისწინებს სახელმწიფოს მიერ პროფკავშირის თავისუფლების უზრუნველსაყოფად მთლიანობაში გატარებულ ღონისძიებებს, რომელიც დამოკიდებულია მის თავისუფალ შეფასების ზღვარზე (იხ. Demir and Baykara v. Turkey [GC], no. 34503/97, § 144, 12 ნოემბერი 2008). დასაქმებულ პირს ან მუშაკს თავისუფლად უნდა შეეძლოს გაწევრიანდეს ან არ გაწევრიანდეს პროფკავშირში სანქციებისა თუ ხელის შეშლის გარეშე (იხ.Associated Society of Locomotive Engineers and Firemen (ASLEF) v. the United Kingdom, no. 11002/05, § 39, ECHR 2007...). მე-11 მუხლის ფორმურიება ცალსახად ეხება "ყველას" უფლებას და მოცემული დებულება აშკარად მოიცავს უფლებას არ იყო დისკრიმინირებული პროფკავშირების დაცვის არჩევის გამო, იმის გათვალისწინებით, რომ მე-14 მუხლი წარმოადგენს ყოველი მუხლის განუყოფელ ნაწილს, მიუხედავად იმისა თუ რა სახის უფლებას იცავს იგი (იხ. National Union of Belgian Police, ციტირებული ზემოთ, § 44). შესაბამისად, მე-11 მუხლის დასაცავად გამოყენებული ზომების ერთიანობა ასევე უნდა მოიცავდეს პროფკავშირის წევრობის გამო დისკრიმინაციისაგან დაცვასაც, რაც, გაერთიანების თავისუფლების ასოციაციის მიხედვით, წარმოადგეს გაერთიანების თავისუფლების ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ დარღვევას, რომელსაც ძალუძს პროფკავშირის არსებობაზე ნეგატიური გავლენის მოხდენა (იხ. პარაგრაფი 107, ზემოთ).
124.სასამართლო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმ ფაქტს, რომ დისკრიმინაციულ მოპყრობას დაქვემდებარებულ პირებს ჰქონდეთ გასაჩივრების საშუალება და უფლება მიმართონ სასამართლოს ზარალისა თუ სხვა სახის ზიანის საკომპენსაციოდ. შესაბამისად, სახელმწიფოებს მოეთხოვებათ კონვენციის მე-11 და მე-14 მუხლებით შექმნან იმგვარი სასამართლო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს რეალურ და ქმედით დაცვას პროფკავშირის წინააღმდეგ დისკრიმინაციისაგან.
125.სასამართლო შესაბამისად ვალდებულია განიხილოს თუ რამდენად იქნა ხელისუფლების მიერ გატარებული საკმარისი ზომები რათა მომჩივნები დაცული ყოფილიყვნენ სავარაუდო დისკრიმინაციული მოპყრობისაგან მათ მიერ პროფკავშირის წევრობის არჩევის გამო.
ბ. მოსარჩელეთა მიერ პროფესიული კავშირის წევრობის საფუძველზე დისკრიმინაციისაგან დაცვის საკმარისობა
1. მხარეთა არგუმენტები
(ა) მომჩივნები
126.მომჩივნები აღნიშნავდნენ, რომ ყველა ეროვნულმა სასამართლომ რომელსაც მათ მიმართეს - ბალტიისკის კალინინგრადის საოლქო სასამართლომ, კალინინგრადის რაიონულმა სასამართლომ და ბალტიისკის ოლქის სასამართლომ - ცალსახად უარყვეს მოთხოვნა არსებითად განეხილათ მათი სარჩელები გაერთიანების უფლების დარღვევისა და დისკრიმინაციის შესახებ, აღნიშნავდნენ რა, რომ დისკრიმინაცია შეიძლება დადგენილიყო მხოლოდ სისხლისსამართლებრივი წარმოების დროს (იხ. პარაგრაფები 45, 47 და 49 ზემოთ). მომჩივნებმა აღნიშნეს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება ფუნდამენტურად განსხვავდებოდა სისხლისსამართლებრივი დევნისაგან, რადგან ეს უკანასკნელი იცავდა საზოგადოების ინტერესებს მთლიანობაში, მაშინ როდესაც პირველ შემთხვევაში ხდებოდა ინდივიდის პირადი ინტერესების დარღვევებზე მისაგებლის მიკუთვნება. მოცემულ საქმეში განიხილებოდა მოსარჩელეთა კერძო ინტერესები და ეროვნული სასამართლოების უარი განეხილათ საჩივარი დისკრიმინაციის შესახებ სამოქალაქო დავაში ართმევდა მომჩივნებს ქმედით მისაგებელს. აქვე აღსანიშნავია, რომ პროკურატურამაც უარი განუცხადა მომჩივნებს დაეწყო სისხლისსამართლებრივი ძიება თანასწორობის პრინციპის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე და არ განუხორციელებია არანაირი მოქმედება იმის დასადგენად თუ რამდენად მართებული გახლდათ მოსარჩელეთა საჩივრები.
127.მომჩივნები დაეთანხმნენ, რომ რუსეთის კანონმდებლობის მთავარი დისკრიმინაციის საწინააღმდეგო დებულებები, რომლებსაც ეყრდნობოდა მთავრობა, არაქმედითი გახლდათ მათი იმპლემენტაციისა და გამოყენების მოქმედი მექანიზმის არსებობის გარეშე. რაც შეეხება მთავრობის არგუმენტირებას სისხლისსამართლებრივი დებულებების საფუძველზე, ისინი ვერ ადასტურებდნენ, რომ ვინმეს ოდესმე წაყენებია ბრალი, გასამართლებულა ან მსჯავრდებულა სისხლის სამართლის კოდექსის 136-ე მუხლზე დაყრდნობით.
(ბ) მთავრობა
128.მთავრობამ უარყო ბრალდებები. მათ აღნიშნეს, რომ "რდკ" დაფუძნდა პროფესიულ კავშირად 1995 წელს და გაიარა ხელახალი რეგისტრაცია 1999 წელს. შესაბამისად, შიდახელმწიფოებრივ ორგანოებს ხელი არ შეუშლიათ მისი არც დაფუძნებისა და არც ფუნქციონირებისათვის. პროფესიული კავშირების შესახებ კანონი კრძალავს სახელმწიფო ორგანოების მხრიდან რაიმე სახის ჩარევას პროფესიული კავშირების ფუნქციონირებაში (მუხლი 5 § 2) და აღნიშნავს, რომ სოციალური და შრომითი უფლებები არ შეიძლება იყოს დამოკიდებული პროფესიული კავშირის წევრობაზე (მუხლი 9). შრომის კოდექსი, რომელიც ძალაში გახლდათ იმ დროს, შეიცავდა რიგ გარანტიებს: პროფკავშირის წევრის შემცირებით გათავისუფლებისას არასაკმარისი პროფესიული კვალიფიკაციის, შელახული ჯანმრთელობის მდგომარეობის და სხვა მიზეზების საფუძველზე, სავალდებულო გახლდათ პროფკავშირის ნებართვა. კიდევ უფრო ძლიერი გარანტიები გახლდათ დადგენილი პროფკავშირის არჩეულ ლიდერებთან დაკავშირებით: მათი წინასწარი ნებართვის გარეშე დაუშვებელი გახლდათ მათი გადაყვანა სხვა პოზიციაზე, გათავისუფლება ან დისციპლინური სასჯელის დაკისრება. დაბოლოს, მთავრობამ აღნიშნა, რომ კოდექსი კრძალავდა დისკრიმინაციას საჯარო ასოციაციის წევრობის საფუძველზე (მუხლი 16 § 2) და აწესებდა სამართლებრივ დაცვას დარღვეული უფლებისათვის (მუხლი 2).
129.მთავრობა ამტკიცებდა, რომ მომჩივნები სარგებლობდნენ უფლებებისა და თავისუფლების იგივე დაცვით, მსგავსად ყველა სხვა რუსეთის მოქალაქისა. კერძოდ, ისინი იყენებდნენ გაფიცვის უფლებას და მიმართავდნენ სახელმწიფო შრომის ინსპექციასა და სხვადასხვა პროკურატურებს. რაც შეეხება საამართლო დავას დისკრიმინაციის დადგენის ირგვლივ, მთავრობამ მოიხმო კალინინგრადის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება რომლის მიხედვითაც მოსარჩელეთა საჩივარი არსობრივად ეხებოდა ინდივიდთა თანასწორობის დარღვევას და ამგვარი დარღვევა უნდა დადგენილიყო სისხლის სამართლის კოდექსის 136-ე მუხლის მიხედვით სისხლისსამართლებრივი წარმოებისას. მთავრობამ აღნიშნა, რომ მომჩივნებს არ გაუსაჩივრებიათ პროკურატურის გადაწყვეტილება არ დაეწყო სისხლისსამართლებრივი წარმოება სავარაუდო დისკრიმინაციის გამო, და შესაბამისად, არ ჰქონდათ ამოწურული სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებანი.
2. სასამართლოს შეფასება
130.სასამართლო აღნიშნავს, რომ კალინინგრადის საზღვაო პორტის კომპანიის მიერ გამოყენებულ იქნა სხვადასხვა მეთოდები რათა მოეწოდებინათ საკუთარი თანამშრომლებისათვის უარი ეთქვათ კავშირის წევრობაზე, მათ შორის მათი გადაყვანა სპეციალურ სამუშაო ჯგუფებში, სადაც მათ ჰქონდათ ნაკლები გამომუშავების საშუალებანი, გათავისუფლება, რომელიც შემდეგ უკანონოდ იქნა მიჩნეული სასამართლოების მიერ, ანაზღაურების შემცირება, დისციპლინური სანქციები, უარი აღედგინათ პოზიციაზე სასამართლო გადაწყვეტილების მიუხედავად, ა.შ. შედეგად, "რდკ" წევრთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა 1999 წელს არსებული 290-დან 2001 წელს 24-მდე. სასამართლო ასევე ეხება კალინინგრადის რაიონის დუმისა (იხ. პარაგრაფი 51, ზემოთ) და "შსო" გაერთიანების თავისუფლების კომიტეტის (იხ. პარაგრაფი 108, ზემოთ) დასკვნებს მასზედ, რომ კავშირის საწინააღმდეგო დისკრიმინაციის საკითხი გონივრულად იყო წამოყენებული მომჩივნების მიერ. იგი ეთანხმება, შესაბამისად, რომ აშკარა ნეგატიური გავლენა, რომელიც ჰქონდა მოსარჩელეებზე მათ "რდკ" წევრობას საკმარისია რათა წარმოადგენდეს prima facie დისკრიმინაციას კონვენციის მე-11 მუხლით გარანტირებული უფლებებით სარგებლობისას.
131.სასამართლო შემდეგ აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმის მომჩივნებმა სთხოვეს ხელისუფლებას აღეკვეთა დამქირავებლის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, რომელიც მიზნად ისახავდა მათ მიერ კავშირის დატოვების იძულებას. მათ სასამართლოს ყურადღება მიმართეს დისკრიმინაციული მოქმედების რეგულარულ განმეორებითობას დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. მათი აზრით, მათი დისკრიმინაციის შესახებ საჩივრის დაკმაყოფილება იქნებოდა ყველაზე ქმედითი საშუალება მათი უფლების - გაწევრიანდნენ პროფესიულ კავშირში სასჯელის დაკისრებისა თუ ნეგატიური შეკავების გარეშე - დასაცავად.
132.სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ დროისათვის მოქმედი რუსული კანონმდებლობა შეიცავდა პროფესიული კავშირის წევრობისა თუ წევრობაზე უარის გაცხადებისას ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის სრულ აკრძალვას (პროფესიული კავშირების შესახებ კანონი, მუხლი 9). ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით მომჩივნებს ჰქონდათ უფლება მათი დისკრიმინაციის შესახებ საჩივარი განეხილა სასამართლოს, რუსეთის სამოქალაქო კოდექსის (მუხლები 11-12) ზოგადი დებულებებისა და პროფესიული კავშირების შესახებ კანონის 29-ე მუხლის lex specicialis მიხედვით.
133.მოცემული დებულებები არაქმედითი აღმოჩნდა მოცემულ საქმეში. სასამართლო აღნიშნავს, რომ ეროვნულმა სასამართლო ხელისუფლებამ, სამართალწარმოების ორ ეტაპზე, უარი განაცხადა განეხილა მოსარჩელეთა დისკრიმინაციის შესახებ საჩივრები, აღნიშნა რა, რომ დისკრიმინაციის არსებობა შეიძლება დადგენილიყო მხოლოდ სისხლისსამართლებრივი წარმოებისას და რომ შედეგად, მოსარჩელეთა სარჩელები ვერ განიხილებოდა სამოქალაქო დავის ფარგლებში (იხ. პარაგრაფები 47 და 49, ზემოთ). მოცემული პოზიცია, ასევე წარმოდგენილი მთავრობის არგუმენტებში, ერთხელ იქნა უარყოფილი ბალტიისკის საოლქო სასამართლოს მიერ, როდესაც მან არსებითად განიხილა კიდევ ერთი საჩივარი დისკრიმინაციის შესახებ წარდგენილი თითქმის ერთი წლის შემდეგ (იხ. პარაგრაფები 83-84, ზემოთ).
134.თუმცა, სისხლისსამართლებრივი მისაგებლის პრინციპული ნაკლი გახლავთ ის, რომ იგი ეფუძნება პირის ინდივიდუალურ პასუხისგებას და ითხოვს კომპანიის მთავარი მენეჯერების მხრიდან პროფესიული კავშირის წევრების მიმართ პირდაპირი დისკრიმინაციული განზრახვის შესახებ მტკიცებულების არსებობას "გონივრულ ეჭვს მიღმა". ამგვარი განზრახვის დადგენის გარეშე შესაბამისი ორგანო იღებდა გადაწყვეტილებას არ დაეწყო სისხლის სამართალწარმოება (იხ. პარაგრაფები 38-39, 45, 47 და 49 ზემოთ). ამასთანავე, დისკრიმინაციის მსხვერპლს ეკისრებოდა მცირე როლი სისხლის სამართალწარმოების როგორც დაწყებაში ისე წარმოებაში. სასამართლო, შესაბამისად, არ არის დარწმუნებული, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა, რომელიც დამოკიდებული გახლდათ დევნის განმახორციელებლი ორგანოს უნარზე განენიღბა და დაემტკიცებინა პირდაპირი განზრახვის არსებობა პროფკავშირის წევრების მიმართ დისკრიმინაციაში, შეიძლება ჩაითვალოს ადექვატურ და გამოყენებად მისაგებლად პროფკავშირების საწინაღმდეგო სავარაუდო დისკრიმინაციის შემთხვევაში. ალტერნატიულად, სამოქალაქო სამართალწარმოება იძლეოდა საშუალებას განეხილა მომჩივნებსა და მათ დამსაქმებელს შორის ურთიერთობის ყველა ასპექტი, მათ შორის სხვადასხვა მეთოდის გამოყენების ერთიანი შედეგი, რომლის საშუალებითაც ხდებოდა დოკერების მოწოდება შეეწყვიტათ "რდკ" წევრობა და განესაზღვრა შესაბამისი მისაგებელი.
135.სასამართლო არ მოახდენს სპეკულირებას მასზე, თუ რამდენად შეიძლება ყოფილიყო მოსარჩელეთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ქმედითი დაცვა მათ მიმართ დამქირავებლის მიერ შემდგომი არაკეთილგანწყობილი მოქმედებებისაგან დამცავი, როგორც ამას მომჩივნები ამტკიცებენ. მიუხედავად აღნიშნულისა, იგი მიიჩნევს, რომ დამქირავებლის მოქმედების ობიექტური შედეგის მიხედვით, ამგვარი დაცვის ნაკლებობას შესაძლოა გამოეწვია პოტენციური დისკრიმინაციის შიში და გადაეფიქრებინა სხვა პირებისათვის პროფკავშირში გაწევრიანება, რასაც შესაძლოა გამოეწვია მისი გაქრობა. შედეგად კი მოახდენდა ნეგატიურ გავლენას გაერთიანების თავისუფლებით სარგებლობაზე.
136.შეჯამების სახით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ ვერ შეასრულა მისი პოზიტიური ვალდებულებები განეხორციელებინა ქმედითი და ნათელი სამართლებრივი დაცვა პროფესიულ კავშირში წევრობის საფუძველზე დისკრიმინაციის წინააღმდეგ. აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევას მე-11 მუხლთან ერთობლიობაში.
III. კონვენციის მე-13 მუხლის სავარაუდო დარღვევა
137.მომჩივნები ჩიოდნენ, რომ მათ არ გააჩნდათ სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებანი დისკრიმინაციის შესახებ სარჩელებისათვის. ისინი ეფუძნებოდნენ კონვენციის მე-13 მუხლს.
138.სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული საჩივარი პირდაპირ კავშირშია კონვენციის მე-11 და მე-14 მუხლით წარმოდგენილ საჩივართან. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-14 მუხლის, მე-11 ერთობლიობაში დარღვევა (იხ. პარაგრაფები 130-136, ზემოთ), მიიჩნევს რომ მოცემული დებულებით ცალკე საკითხი არ წარმოიშვება.
II. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
139.კონვენციის 41-ე მუხლის მიხედვით:
"თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია ან მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს მიაკუთვნებს სამართლიან დაკმაყოფილებას."
ა. ზიანი
140.მომჩივნები ითხოვდნენ კომპენსაციას მიუღებელი შემოსავლისათვის, რომელიც მათ მიადგა პროფკავშირის წევრების მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციის შედეგად. ამ მხრივ მოთხოვნა ვარირებდა დაახლოებით 17, 387 რუსული რუბლიდან დაახლოებით 1,207,643 რუსულ რუბლამდე. ამასთანავე, ისინი ითხოვდნენ 100,000 ევროს ყოველი მოსაჩივრისათვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად.
141.მთავრობა მოცემულ მოთხოვნებს უსაფუძვლოდ და გადაჭარბებულად მიიჩნევდა.
142.სასამართლო იმეორებს, რომ სამართლიანი დაკმაყოფილების პრინციპის მიზანი გახლავთ მოსაჩივრის, შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად, აღდგენა იმავე ვითარებაში, რომელშიც იგი იქნებოდა რომ არა კონვენციის დარღევა. სასამართლო 41-ე მუხლით ფინანსურ კომპენსაციას გასცემს მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული დანაკარგი ან ზიანი რეალურად იქნა გამოწვეული იმ დარღვევით, რომელიც მან დაადგინა, რადგნაც სახელმწიფოს არ შეიძლება მოეთხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელზეც იგი არ არის პასუხისმგებელი (იხ. Wilson, ციტირებული ზემოთ, § 54).
143.სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეში სამართლიანი დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება შესაძლებელია დაეფუძნოს მხოლოდ იმ ფაქტს, რომ სახელმწიფო ორგანოებმა უარი განაცადეს განეხილათ მოსარჩელეთა საჩივრები მათ წინააღმდეგ დისკრიმინაციის შესახებ. სასამართლო ვერ ისპეკულირებს თუ რამდენად შეინარჩუნებდნენ მომჩივნები ანაზღაურებას მათი საჩივრები რომ ეფექტიანად განხილულიყო. შესაბამისად, იგი უარს აცხადებს დააკმაყოფილოს მოსარჩელეთა მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე. თუმცა, საკუთარი უფლების - არ იყო დისკრიმინირებული პროფესიული კავშირის წევრობის გამო - დაცვის წარუმატებელი მცდელობები სავარაუდოდ გამოიწვევდა მოსარჩელეთა მართებულ სიბრაზეს, იმედგარუებასა და ემოციურ სტრესს (იხ. Wilson, ციტირებული ზემოთ, § 61). სასამართლო მიიჩნევს, რომ სამართლიან საწყისზე, ყოველ მოსარჩელეს უნდა მიეკუთვნოს 2,500 ევრო მორალური ზიანისათვის, დამატებული ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შესაძლოა დაეკისროს მოცემულ თანხას.
ბ. ხარჯები
144.მომჩივნებს არ წარმოუდგენიათ მოთხოვნა ხარჯების ანაზღაურებაზე. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნებს აუნაზღაურდათ 701 ევრო იურიდიული დახმარების სახით ევროპის საბჭოსაგან, სასამართლო ამ კუთხით მათ არ მიაკუთვნებს თანხას.
გ. საურავი
145.სასამართლო თვლის, რომ საურავი უნდა განისაზღვროს ევროპის ცენტრალური ბანკის სესხის საშუალო განაკვეთის ოდენობით, პლიუს სამი პროცენტი.
აღნიშნულის საფუძველზე სასამართლო ერთხმად
1.გადაწყვეტილებას იღებს, ამორიცხოს მეოცე და ოცდამეთერთმეტე მომჩივნების სარჩელები (ბ-ნი ალექსანდრ ფიოდოროვიჩ ვერხოტურცევი და ბ-ნი ალექსანდრ მიხაილოვით ლენიჩკინი);
2.ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევას მე-11 მუხლთან ერთობლიობაში ყველა სხვა მოსარჩელესთან მიმართებაში;
3.ადგენს, რომ არ არსებობს საჭიროება განიხილოს საჩივარი კონვენციის მე-13 მუხლის საფუძველზე;
4.ადგენს,
(ა) რომ მოპასუხე სახელმწიფომ, კონვენციის 44 § 2 მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან სამი თვის განმავლობაში, ყოველ მოსარჩელეს უნდა გადაუხადოს 2, 500 (ორი ათას ხუთასი) ევრო მორალური ზიანისათვის, დამატებული ნებისმიერი გადასახადი, რომელიც ეკისრება მოცემულ თანხას, კონვერტირებული რუსულ რუბლებში გადახდის დღეს არსებული კურსის შესაბამისად;
(ბ) ზემოხსენებული სამი თვის გასვლიდან ანაზღაურებამდე, თანხას დაეკისრება საპროცენტო განაკვეთი, რომელიც განისაზღვრება ევროპის ცენტრალური ბანკის სესხის საშუალო განაკვეთის ოდენობით, პლიუს სამი პროცენტი.
5.უარყოფს მომჩივნების დანარჩენ მოთხოვნას სამართლიან დაკმაყოფილებაზე;
შესრულებულია ინგლისურ ენაზე და გაცხადებულია წერილობით 2009 წლის 30 ივნისს, სასამართლო რეგლამენტის 77-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით.
სტეფან ფილიფსირაიტ მარუსტე
სასამართლო გამწესრიგებლის მოადგილე პრეზიდენტი
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy