Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N39
2002 წლის თებერვალი
დიხანდი და სხვები ავსტრიის წინააღმდეგ (Dichand and Others v. Austria)
(საჩივარი- 29271/95)
გადაწყვეტილება, 26 თებერვალი, 2002 (მე-3 სექცია)
მე-10 მუხლი
მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტი
გამოხატვის თავისუფლება
ფაქტები – წინამდებარე საქმეში პირველი მომჩივანი გაზეთ „Neue Kronen‑Zeitung“ - ის რედაქტორი და გამომცემელია, მეორე მომჩივანი (შეზღუდული პასუხისმგებლობის ამხანაგობა) გაზეთის მფლობელი, ხოლო მესამე მომჩივანი (შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმო) მეორე მომჩვნის მთავარი პარტნიორია.
პირველმა მომჩივანმა გაზეთში გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც გააკრიტიკა ადვოკატი, პარლამენტის საკანონმდებლო კომიტეტის თავმჯდომარე ბ-ნი გრაფი. ბ-ნი გრაფი, ამავე დროს, ერთ-ერთ საქმეში არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესახებ, წარმოადგენდა მომჩივანთა კონკურენტის ინტერესებს. აღნიშნული საქმე აღძრული იყო იმ კომპანიის წინააღმდეგ, რომელიც მომჩივანთა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს განეკუთვნებოდა. სტატიაში, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის გამონათქვამის მოხმობით, ბ-ნი გრაფი გაკრიტიკებული იყო იმის გამო, რომ მან არ შეწყვიტა თავისი საადვოკატო პრაქტიკა სახელმწიფო სამსახურში შესვლის მიუხედავად. სტატიაში ასევე ნათქვამი იყო, რომ გრაფის საკანონმდებლო კომიტიტის თავმჯდომარედ ყოფნის პერიოდში მიღებული იქნა საკანონმდებლო შესწორება, რომელიც მომგებიანი იყო იმ გამოცემებისთვის, ვის ინტერესებსაც ის წარმოადგენდა. და ბოლოს, სტატიაში საუბარი იყო მის „სამარცხვინო პოზიციაზე“, რომელიც მან დაიკავა სატელევიზიო გამოსვლის დროს.
ბ-ნმა გრაფმა შუამდგომლობა აღძრა სასამართლოს ამკრძალავი ბრძანების მისაღებად და მოითხოვა, რომ მომჩივნებისთვის აეკრძალათ გამოეთქვათ ან გაემეორებინათ ზემოაღნიშნული მტკიცებები და უარი ეთქვათ მათზე. სასამართლომ გამოსცა ამკრძალავი ბრძანება, ვინაიდან მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებები უთანაბრდებოდა შეურაცხყოფას და ისინი შეეხებოდა ისეთ ფაქტებს, რომელთა ჭეშმარიტება მომჩივნებმა ვერ დაამტკიცეს. მეორე ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა მომჩივანთა სააპელაციო საჩივარი ხოლო საკასაციო საჩივარი, რომელიც შეტანილი იქნა დაუყონებლივი განხილვის პროცედურის გამოყენებით, უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო.
სამართალი - სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ აზრის გამოხატვის თავისუფლების განხორციელებაში სახელმწიფოს მხრიდან ასეთი ჩარევა გათვალისწინებული იყო ეროვნული კანონმდებლობით და ემსახურებოდა კანონიერ მიზანს - სხვა პირთა უფლებებისა და რეპუტაციის დაცვას. რაც შეეხება ასეთი ჩარევის აუცილებლობას, ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ცალ-ცალკე უნდა შეფასებულიყო მომჩივანთა მტკიცების სამივე ძირითადი ელემენტი, რომლებსაც დააყრდნო ეროვნულმა სასამართლომ ამკრძალავი ბრძანება.
პირველი ელემენტის შესახებ სტრასბურგის სასამართლომ განაცხადა, რომ სტატიაში კონკრეტული მაგალითით ილუსტრირებული იყო საერთო მორალური პრინციპი და ნათქვამი იყო, რომ გრაფი არ აპირებდა ამ პრინციპების მიმდევარი ყოფილიყო. შემდეგ უფრო დაწვრილებით და ზუსტად იყო აღწერილი მათი კრიტიკის ფაქტობრივი საფუძველი, კერძოდ - გრაფის სამსახურეობრივი შეუთავსებლობა. სასამართლომ მიუთითა, რომ ამ ნაწილში არ იზიარებდა ავსტრიის სასამართლოების დასკვნას, თითქოს პუბლიკაცია მხოლოდ გაყალბებული ფაქტების მტკიცებას შეიცავდა.
მეორე ელემენტის შესახებ, რომელიც საკანონმდებლო შესწორებებს შეეხებოდა, სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა შემდეგი: სტატიაში ის კი არ იყო ნათქვამი, რომ აღნიშნული საკანონმდებლო შესწორება მხოლოდ და მხოლოდ გრაფის კლიენტების ინტერესებს ეხმაურებოდა, არამედ ის, რომ შესწორება მისი კლიენტებისათვის ძალზე ხელსაყრელი იყო და დიდ მოგებას მოუტანდა. შესაბამისად, მან მიიჩნია, რომ ასეთ გარემოებებში, არსებობდა საკმარისი ფაქტობრივი საფუძველი შეფასებითი მსჯელობისთვის, რომელიც წარმოადგენდა კეთილსინდისიერ, პატიოსან კომენტარს ფართო საზოგადოებისათვის ინტერესის მქონე საკითხზე. იგივე შეიძლებოდა თქმულიყო მე-3 ელემენტის - სატელევიზიო გამოსვლასთან დაკავშირებული მტკიცების - შესახებ.
სტრასბურგის სასამართლომ დაასკვნა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მომჩივანთა აზრის გამოხატვის თავისუფლების განხორციელებაში ჩარევა არ იყო აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში. ბ-ნი გრაფი პოლიტიკურ მოღვაწეს წარმოადგენდა და იმ ფაქტს, რომ პოლიტიკური მოღვაწის პოლიტიკური საქმიანობა და ბიზნესი არ იყო გამიჯნული ერთმანეთისგან, შეიძლებოდა გამოეწვია საზოგადოებრივი რეზონანსი.
სასამართლომ განმარტა, რომ მართალია, მომჩივნებმა გამოაქვეყნეს მკაცრად კრიტიკული სტატია პოლემიკის ენაზე და სუსტ ფაქატობრივ მონაცემებზე დაყრდნობით, მაგრამ ეს არ არღვევდა აზრის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს, ვინაიდან კონვენციის მე-10 მუხლი იცავდა ისეთ იდეებსა და ინფორმაციას, რომელიც „შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი და აღმაშფოთებელი“ შეიძლებოდა ყოფილიყო სხვისთვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მან დაასკვნა, რომ ავსტრიის სასამართლოებმა დაარღვიეს ეროვნული სახელმწიფოებისათვის მინიჭებული შეფასების თავისუფალი ფარგლები.
დასკვნა: კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევა (ერთხმად).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები