დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე 221
2018 წლის აგვისტო-სექტემბერი
დენისოვი უკრაინის წინააღმდეგ [დიდი პალატა] (Denisov v. Ukraine) [GC]
(საჩივარი- 76639/11)
გადაწყვეტილება, 25 სექტემბერი, 2018 [დიდი პალატა]
მე-8 მუხლი
მე-8 მუხლის 1-ლი ნაწილი
პირადი ცხოვრების დაცულობა
მოსამართლის გათავისუფლება სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციიდან ადმინისტრაციული ფუნქციების არაჯეროვნად განხორციელების საფუძველზე: კონვენციის მე-8 მუხლი არ არის გამოყენებადი: დაუშვებელი
ფაქტები – მომჩივანი, უკრაინის მოქალაქე ანატოლი ოლექსიოვიჩ დენისოვი დაიბადა 1948 წელს და ცხოვრობს კიევში (უკრაინა). 2011 წლის ივნისში უკრაინის იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება კიევის ადმინისტრაციული სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან მომჩივნის გათავისუფლების თაობაზე. გადაწყვეტილებას საფუძვლად ედო მომჩივნის მიერ ადმინისტრაციული ფუნქციების არაჯეროვანი განხორციელება. აპლიკანტმა შეინარჩუნა მოსამართლის თანამდებობა იმავე სასამართლოში. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიჩნია, რომ სასამართლოს ადმინისტრაციული საქმიანობა შესაბამისად არ იყო ორგანიზებული, რადგან ბ-ნი დენისოვი ვერ ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს. ბ-ნმა დენისოვმა თანამდებობიდან გათავისუფლება გაასაჩივრა უზენაეს ადმინისტრაციულ სასამართლოში, თუმცა მისი საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული.
2013 წელს, ბ-ნი დენისოვის გადადგომის შესახებ განცხადების საფუძველზე, პარლამენტმა იგი მოსამართლის თანამდებობიდანაც გაათავისუფლა. მომჩივანი დავობდა, რომ თანამდებობიდან მისი გათავისუფლება წარმოადგენდა პირად ცხოვრებაში უკანონო და არაპროპორციულ ჩარევას და ეწინააღმდეგებოდა კონვენციის მე-8 მუხლს. მომჩივანი აგრეთვე დავობდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 6.1 მუხლის საფუძველზე (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) და აცხადებდა, რომ საქმისწარმოება ორი საზედამხედველო ორგანოს წინაშე (იუსტიციის უმაღლესი საბჭო და უზენაესი ადმინისტრაციული სასამართლო) არ შეესაბამებოდა დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მოთხოვნებს. იგი ასევე ამტკიცებდა, რომ უზენაეს ადმინისტრაციულ სასამართლოს არ განუხილავს საქმე, რაც წარმოადგენდა სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების დარღვევას.
სამართალი
მუხლი 6.1: სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემული საქმე მსგავსია საქმისა ოლექსანდრ ვოლკოვი უკრაინის წინააღმდეგ[1], სადაც დაადგინა, რომ ბ-ნი ვოლკოვის მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლებით დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული დებულებები.
მოცემულ შემთხვევაში, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ უკრაინის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მომჩივანი თავდაპირველად გაათავისუფლა კიევის ადმინისტრაციული სასამართლოს თანამდებობიდან მენეჯერული ხასიათის სამუშაოს სათანადოდ შეუსრულებლობის გამო, არ წარმოადგენდა საკმარისად მიუკერძოებელ და დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას მოსამართლეები წარმოადგენდენ უმცირესობას და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის იყვნენ ასევე საბჭოს წევრები, რომელთა კარიერა და ხელფასები რაღაც მხრივ დამოკიდებული იყო სხვა სახელმწიფო აპარატებზე. გარდა ამისა, ერთ-ერთი მოსამართლე იყო წინასწარი გამოძიების თავმჯდომარე, რომელმაც რეკომენდაცია გაუწია ბ-ნი დენისოვის გათავისუფლებას. უზენაესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ, რომელსაც ბ-ნმა დენისოვმა მიმართა, ვერ შეძლო საქმე განეხილა შესაბამისად. მაგალითად, ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ ბ-ნმა დენისოვმა სადავო არ გახადა თავისი გათავისუფლების ფაქტები. მან ასევე სათანადოდ არ განიხილა მომჩივნის ბრალდება მიუკერძოებლობის თაობაზე.
გარდა ამისა, თავად უზენაესი ადმინისტრაციული სასამართლო იმყოფებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იურისდიქციის ქვეშ, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსამართლეები, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ვერ იქნებოდნენ მიუკერძოებლები და დამოუკიდებლები კონვენციის ჭრილში.
სასამართლომ ერთხმად მიიჩნია, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ვერ შეძლო მომჩივნის საქმის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი განხილვა და უზენაესი ადმინისტრაციული სასამართლოს შემდგომი განხილვით აღნიშნული ხარვეზები არ გამოსწორებულა, რაც წარმოადგენდა კონვენციის 6.1 მუხლის დარღვევას.
დასკვნა: დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფი.
მე-8 მუხლი:
(ა) ზოგადი პრინციპები - კონვენციის მე-8 მუხლს ვერ დაეფუძნება საჩივარი, რომელიც ეხება რეპუტაციის დაკარგვას ან მომჩივნის ქმედებების სხვა განჭვრეტად შედეგებს (იხ. გილბერგი შვედეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა][2]).
არსობრივად, შრომითი დავები ექცევა „პირადი ცხოვრების“ ფარგლებში მე-8 მუხლთან მიმართებით. არსებობს პირადი ცხოვრების რამდენიმე ტიპიური ასპექტი, რომლებზეც მსგავსმა დავებმა შესაძლოა გავლენა მოახდინონ. ასეთი ასპექტები მოიცავდა მომჩივნის „შიდა წრეს“, მომჩივნის შესაძლებლობას, დაამყაროს და განავითაროს ურთიერთობები სხვებთან და მომჩივნის სოციალურ და პროფესიულ რეპუტაციას. ამგვარი დავის არსებობის შემთხვევაში არსებობს ორი გზა, რომლის მიხედვითაც შეიძლება პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხი წარმოიშვას: პირველი, სადავო ღონისძიების ძირითადი მიზეზების გამო (ამ შემთხვევაში სასამართლომ გამოიყენა მოტივზე დაფუძნებული მიდგომა) ან - ზოგიერთ შემთხვევაში - პირად ცხოვრებაზე ასახული შედეგების გამო (სასამართლომ გამოიყენა შედეგზე დაფუძნებული მიდგომა).
თუ შედეგზე დაფუძნებული მიდგომა რისკის წინაშე იმყოფება, ზემოთ აღნიშნულ პირადი ცხოვრების ტიპიურ ასპექტებთან მიმართებით, სიმძიმის ზღვარი იძენს გადამწყვეტ მნიშვნელობას. მომჩივანს ეკისრება მტკიცების ტვირთი, რათა დაამტკიცოს, რომ ეს ზღვარი მიღწეულ იქნა. მომჩივანი ვალდებულია წარმოადგინოს მტკიცებულება, რომელიც ასაბუთებს სადავო ღონისძიების მიერ გამოწვეულ შედეგებს. სასამართლო მხოლოდ იმას დაეთანხმა, რომ მე-8 მუხლი გამოყენებადია იმ შემთხვევაში, როდესაც შედეგები სერიოზული ხასიათისაა და მნიშვნელოვანი გავლენა იქონია პირის პირად ცხოვრებაზე.
ზიანი უნდა შეფასდეს სადავო ღონისძიების გამოყენებამდე და მისი გამოყენების შემდეგ მომჩივნის ცხოვრების შედარების გზით. შრომით დავებში შედეგების სერიოზულობის განსაზღვრისას მიზანშეწონილია შეფასდეს მომჩივნის სუბიექტური აღქმები კონკრეტულ საქმეში არსებულ ობიექტურ გარემოებებთან დაკავშირებით. ეს ანალიზი უნდა მოიცავდეს სადავო ღონისძიებების როგორც მატერიალურ, ასევე არამატერიალურ გავლენას. თუმცა, იმის მტკიცების ტვირთი თუ რა სახის და მასშტაბის ზიანი განიცადა, რასაც მიზეზობრივი კავშირი უნდა ქონოდა გამოყენებულ ღონისძიებასთან, კვლავ მომჩივანს ეკისრება.
(ბ) გამოყენება - მომჩივნის სამსახურიდან გათავისუფლების აშკარა მიზეზები მკაცრად შემოიფარგლებოდა მისი საჯარო მოქმედებებით, კერძოდ მის მიერ დაშვებული მენეჯერული შეცდომებით, რომლებიც, როგორც აღინიშნა, ძირს უთხრიდა სასამართლოს შესაბამის ფუნქციონირებას. აღნიშნული მიზეზები დაკავშირებული იყო სამსახურში მხოლოდ მომჩივნის ადმინისტრაციულ დავალებებთან და არანაირი კავშირი არ აქვს მის პირად ცხოვრებასთან. მომჩივნის გათავისუფლების თაობაზე წარმოდგენილ მიზეზებში ზემოთ აღნიშნული საკითხების არარსებობის გამო, უნდა განისაზღვროს თუ რამდენად ჰქონდა გატარებულ ღონისძიებას სერიოზული უარყოფითი შედეგები მისი „პირადი ცხოვრების“ ასპექტებზე, მომჩივნის მიერ წამოყენებული ბრალდებებისა და აგრეთვე მტკიცებულებების მიხედვით.
მომჩივანმა სადავო გახადა ნებისმიერი გადაცდომის არსებობა, რაც გულისხმობს იმას, რომ გატარებული ზომა - მისი გათავისუფლება - არ შეიძლებოდა ყოფილიყო სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მის მიერ განხორციელებული ქმედების წინასწარ განჭვრეტადი შედეგი, შესაბამისად, მისი საქმე შეიძლება განსხვავდებოდეს გილბერგის საქმისგან.
მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება იმ საკითხის წამოსაჭრელად, რომ მისი ყოველთვიური ანაზღაურების შემცირებამ სერიოზული გავლენა მოახდინა მის პირად ცხოვრებაზე. რაც შეეხება სხვებთან ურთიერთობის დამყარებასა და შენარჩუნებას, თავმჯდომარის თანამდებობიდან მის გათავისუფლებას გავლენა არ მოუხდენია მის პროფესიაზე. მან გააგრძელა მოსამართლეობა ჩვეულ რეჟიმში და დარჩა იმავე სასამართლოში კოლეგებთან ერთად. მაშინაც კი, თუ მომჩივანს ხელი შეეშალა ურთიერთობების, მათ შორის პროფესიული ურთიერთობების დამყარებასა და შენარჩუნებაზე, არ არსებობდა ფაქტობრივი საფუძველი იმისა, რომ ასეთი გავლენა იყო არსებითი.
მომჩივნის ძირითად პროფესიულ საქმიანობას წარმოადგენდა მოსამართლეობა. მოსამართლის საქმიანობა მისგან მოითხოვს სპეციფიკურ ცოდნას, კვალიფიკაციას, უნარებსა და გამოცდილებას. ამ სამსახურისთვის გაწეული გასამრჯელოს სანაცვლოდ, მომჩივანს გადაუხადეს ხელფასის უმეტესი ნაწილი. სასამართლოს თავმჯდომარის ან ადმინისტრაციული ფუნქციების წარმატებით შესრულება, უხეშად რომ ვთქვათ, არ წარმოადგენს მოსამართლის საქმიანობის დამახასიათებელ ნაწილს. შესაბამისად, ობიექტური თვალსაზრისით, მოსამართლეობა წარმოადგენდა მომჩივნის ფუნდამენტურ პროფესიულ როლს. მისი, როგორც სასამართლოს თავმჯდომარის პოზიცია, რაოდენ მნიშვნელოვანი და პრესტიჟული პოზიციაც არ უნდა ყოფილიყო სასამართლო სისტემაში და მომჩივნის სუბიექტურად აღქმაში, მაინც არ წარმოადგენდა მისი პროფესიული საქმიანობის არსებით ნაწილს. ეროვნულ ორგანოებს არც ერთ შემთხვევაში არ განუხილავთ მომჩივნის, როგორც მოსამართლის, საქმიანობა ან გამოუთქვამთ მოსაზრება მის კომპეტენციასა და პროფესიონალიზმთან დაკავშირებით. ოლეკსანდრ ვოლკოვი უკრაინის წინააღმდეგ აღნიშნული საქმისგან განსხვავებით, აღნიშნული შემთხვევა ეხებოდა მხოლოდ მომჩივნის მენეჯერულ უნარებს. შემოწმებისა და კრიტიკის შეზღუდული არეალი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს, რომ ეხებოდა მომჩივნის პროფესიული რეპუტაციის ძირითად ნაწილს. მიუხედავად იმისა, რომ თავმჯდომარის თანამდებობა შესაძლოა ყოფილიყო მისი კარიერის მწვერვალი, მას არ დაუკონკრეტებია, რომ კოლეგებთან ღირსების შელახვამ - რასაც იგი ამტკიცებდა, სერიოზული ზიანი მიაყენა მის პროფესიულ საქმიანობას ან მისი, როგორც მოსამართლის შემდგომ კარიერას.
რაც შეეხება ზოგადად სოციალურ რეპუტაციას, ხელისუფლების მხრიდან კრიტიკას გავლენა არ მოუხდენია მომჩივნის პიროვნებისა და ხასიათის უფრო ფართო ეთიკურ ასპექტზე. მართალია, მისი თანამდებობიდან გათავისუფლება ეფუძნებოდა დარღვევებს სამსახურეობრივი მოვალეობის, კერძოდ, ადმინისტრაციული საქმიანობის განხორციელების დროს, არ ყოფილა ბრალდება განზრახ ჩადენილი გადაცდომის ან სისხლის სამართლის დანაშაულის თაობაზე. მომჩივნის მორალური ფასეულობები ეჭვქვეშ არ დამდგარა და ამ ხასიათის შენიშვნები სადავო გადაწყვეტილებებიდან არ იკვეთება.
შესაბამისად, მომჩივნის სუბიექტური აღქმის ობიექტურ გარემოებებთან შედარებით და სასამართლოს წინაშე წარდგენილ მტკიცებულებათა საფუძველზე მისი თანამდებობიდან გათავისუფლების მატერიალური და არამატერიალური გავლენის შეფასებისას, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ მომჩივნის თანამდებობიდან გათავისუფლებას მცირედი უარყოფითი გავლენა ჰქონდა მის პირად ცხოვრებაზე და არ იყო იმდენად სერიოზული ხასიათის, რომ წარმოეშვა საკითხი კონვენციის მე-8 მუხლის მიხედვით.
დასკვნა: მიუღებელი (ratione materiae-სთან შეუთავსებელი).
კონვენციის 41-ე მუხლი: 3,000 ევრო არამატერიალურ ზიანთან მიმართებით.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
[1] Oleksandr Volkov v. Ukraine, N 21722/11, § …, ECHR 2013.
[2] Gillberg v. Sweden [დიდი პალატა], N 41723/06, § …, 3აპრილი 2012.
Full & Egal Universal Law Academy