დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ სასამართლოს HUDOC მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the Court’s database HUDOC.
საინფორმაციო ბუკლეტი №167 სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესახებ
ოქტომბერი 2013
დ.ფ ლატვიის წინააღმდეგ - 11160/07
გადაწყვეტილება 29.10.2013 (სექცია IV)
მუხლი 3
პოზიტიური ვალდებულებები
შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოების მხრიდან იმ პატიმართა დაცვის ვალდებულების შეუსრულებლობა, რომლებსაც სხვა პატიმრებისაგან საფრთხე ემუქრებათ: დადგინდა დარღვევა
ფაქტები - მომჩივანი 2006 წელს დამნაშავედ იქნა ცნობილი გაუპატიურებასა და არასრულწლოვანთა მიმართ უხამსი ქმედებების ჩადენაში და მიესაჯა ცამეტი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა. მომჩივანი, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, იმყოფებოდა დაუგავპილსის (Daugavpils) ციხეში, სადაც იგი, იმ მიზეზით, რომ წარსულში იყო საგამოძიებო ორგანოების ინფორმატორი და აგრეთვე მსჯავრდებული იყო სქესობრივი დანაშაულის ჩადენაში, ექვემდებარებოდა ძალადობას სხვა პატიმართა მხრიდან. ციხის ადმინისტრაცია ხშირად უცვლიდა მომჩივანს ადგილდებარეობას და გადაჰყავდა სხვა საკანში. შესაბამისად, მას შეხება ჰქონდა მრავალ პატიმართან. მან არაერთხელ გააკეთა განაცხადი ისეთ სპეციალურ საპატიმროში გადაყვანის მოთხოვნით, რომელიც აღჭურვილი იყო ხელისუფლების შესაბამის ორგანოებში მომუშავე ან ასეთ ორგანოებთან თანამშრომლობით დაკავებული პირებისათვის განკუთვნილი განყოფილებით. თუმცა, მის მოთხოვნებს გამუდმებით უაყოფდნენ, რამდენადაც ციხის ადმინისტრაცია არ მიიჩნევდა დადგენილად იმ ფაქტს, რომ მომჩივანი იყო პოლიციის ინფორმატორი. საბოლოოდ იგი გადაიყვანეს სპეციალურ ციხეში.
სამართალი - მუხლი 3
(ა) სავარაუდო არასათანადო მოპყრობა - მომჩივანმა ვერ შეძლო აღეწერა მის მიმართ არასათანადო მოპყრობის დეტალები, ან წარმოედგინა მტკიცებულებები, რომელიც დაასაბუთებდა მისი მხრიდან რაიმე ზიანის განცდას.
დასკვნა: დაუშვებელი (აშკარად დაუსაბუთებელია).
(ბ) მომჩივანის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ვალდებულების შეუსრულებლობა - წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან სასჯელის აკრძალვის ევროპულმა კომიტეტმა (CPT)( შემდგომში წამების აკრძალვის კომიტეტი) დაადგინა, რომ არსებობს სხვა პატიმართა მხრიდან ძალადობის განხორციელების მეტი რისკი იმ პატიმრების მიმართ, რომლებიც მსჯავრდებულნი არიან სქესობრივი დანაშაულების ჩადენაში. მან აგრეთვე არაერთხელ გამოთქვა განსაკუთრებული შეშფოთება დაუგავპილსის ციხეში ასეთი ძალადობის გამო. ციხის ადმინისტრაციისათვის კარგად იყო ცნობილი, მომჩივანის მიმართ წაყენებული ბრალდებების ხასიათი და ის რისკი, რომელიც მათ თან სდევდა. გარდა ამისა, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს გააჩნდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მომჩივანი წარსულში თანამშრომლობდა პოლიციასთან, თუმცა ამგვარი ინფორმაციის სისტემატიური გაცვლა შესაბამისი უფლებამოსილების ორგანოებს შორის არ ხდებოდა. სასამართლოს არ გააჩნდა ინფორმაცია იმ კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რაც დაუგავპილსის ციხის ადმინისტრაციამ გადადგა მომჩივანის დაუცველობის პრობლემის აღმოსაფხვრელად. უფრო მეტიც, მოპასუხე სახელმწიფოს არ წარუდგენია რაიმე დამაჯერებელი დასაბუთება, რაც გაამართლებდა მომჩივანის ერთი საპატიმრო საკნიდან მეორეშეი გადაყვანას და არც რაიმე სტრატეგიაზე მიუთითებია, რომლითაც განპირობებული იყო აღნიშნული გადაყვანები. წამების აკრძალვის კომიტეტის რეკომენდაციების შესაბამისად, განსაკუთრებით მოწყვლადი პატიმრების გადაყვანა უნდა წარმოადგენდეს ციხის შიგნით არსებულ ძალადობასთან გამკლავების ზედმიწევნით დაგეგმილი სტრატეგიის ნაწილს. იმისათვის, რომ ადგილობრივი პრევენციული მექანიზმები იყოს ეფექტური, იგი ხელისუფლების ორგანოებს უნდა აძლევდეს საშუალებას, გადაუდებლად მოახდინონ კონკრეტული პირის მიმართ არსებული რისკის პროპორციული რეაგირება. როგორც მომჩივანის საქმიდან ჩანს, საგამოძიებო ორგანოებს, პროკურორსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებს შორის, მოწყვლად პატიმართა მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობის პრევენციის თვალსაზრისით შესაბამისი კომუნიკაციის არ არსებობის გამო, სამართალდამცავი ორგანოების მიმართ, მათთან წარსულში განხორციელებული თანამშრომლობის ფაქტის დადგენისათვის წაყენებული მოთხოვნა, შესაძლოა გადაქცეულიყო გრძელვადიან, რთულ ბიუროკრატიულ პროცესად. ადმინისტრაციული სასამართლოებისაგან დროებითი ღონისძიებების მოთხოვნის შესაძლებლობა, არ წარმოადგენდა მდგომარეობის გაუმჯობესების საშაულებას, რამდენადაც იმ პერიოდში, მათ არ ჰქონდათ დადგენილი კონკრეტული ვადა ასეთი მოთხოვნების განსახილველად. შესაბამისად, მოწყვლად პატიმართა გადაყვანის ადგილობრივი სისტემა არც კანონმდებლობაში და არც პრაქტიკაში, არ იყო ეფექტური. მომჩივანის მიერ განცდილი მუდმივი შიშის მხედველობაში მიღებით, რომელიც ერთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა და გამომდინარეობდა მის მიმართ არასათანადო მოპყრობის რისკიდან, აგრეთვე, აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად შესაბამისი სამართლებრივი დაცვის საშუალების არ არსებობის გათვალისწინებით, მოხდა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
მუხლი 41: მორალური ზიანის ანაზღაურება 8 000 ევროს ოდენობით.
(იხილეთ აგრეთვე, J.L. v. Latvia, 23893/06, 17 April 2012, საინფორმაციო ბუკლეტი №151; Rodić and Others v. Bosnia and Herzegovina, 22893/05, 27 May 2008, საინფორმაციო ბუკლეტი №108; and Premininy v. Russia, 44973/04, 10 February 2011, საინფორმაციო ბუკლეტი №138)
©ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული წინამდებარე მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არ არის სავალდებულო
სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები იხილეთ აქ
Full & Egal Universal Law Academy