Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე
1993 წლის ოქტომბერი
დომბო ბეჰერ ბ.ვ. ნიდერლანდების წინააღმდეგ (Dombo Beheer B.V. v. the Netherlands N 14448/88 -14448/88
(საჩივარი- 17120/09)
გადაწყვეტილება, 27 ოქტომბერი, 1993
მე-6 მუხლი
სამოქალაქო სამართალწარმოება
მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფი
სამართლიანი განხილვა
შეჯიბრებითობის პრინციპი
ფაქტები – მომჩივანმა კომპანიამ, დომბო ბეჰეერი ბ.ვ-მ, რაიონული სასამართლოს წინაშე სარჩელი შეიტანა ბანკის წინააღმდეგ, რომელიც მართავდა მის ანგარიშებს და ითხოვდა ფინანსურ კომპენსაციას იმ ზიანისთვის, რაც მიადგა ბანკის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობით. ზეპირი შეთანხმება მიღწეულ იქნა მომჩივანი კომპანიის მაშინდელ მმართველ დირექტორსა და ბანკის მენეჯერს შორის. რაიონულმა სასამართლომ უარი თქვა მოესმინა მოწმისთვის, რომელიც მომჩივანმა კომპანიამ გამოიძახა, რადგანაც იგი კომპანიის ყოფილი მმართველი დირექტორი იყო.
სამართალი –სასამართლო თავიდანვე აღნიშნავს, რომ კონვენციის 6.1 მუხლი ცალსახად არ უზრუნველყოფს მოწმის გამოძახების უფლებას და პრინციპში, მოწმის ჩვენების დასაშვებად ცნობა ეროვნული კანონმდებლობით უნდა იყოს მოწესრიგებული. მიუხედავად ამისა, სამართალწარმოება მთლიანობაში, რაც მოიცავს მტკიცებულებათა დასაშვებობასაც, ,,სამართლიანი’’ უნდა იყოს კონვენციის 6.1 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში.
სამართლიანი განხილვის კონცეფციიდან გამომდინარე მოთხოვნები, სამოქალაქო უფლებებსა და ვალდებულებებთან დაკავშირებულ საქმეებზე, არ არის აუცილებელი რომ ემთხვეოდეს სისხლის სამართლის ბრალდების საქმეებზე არსებულ მოთხოვნებს. ხელშემკვრელ სახელმწიფოებს შეფასების უფრო ფართო ფარგლები აქვთ სამოქალაქო საქმეებზე სამოქალაქო უფლებებსა და ვალდებულებებთან დაკავშირებით, ვიდრე სისხლის სამართლის საქმეებზე.
მიუხედავად ამისა, „სამართლიან განხილვასთან“ დაკავშირებით გარკვეული პრინციპები, საქმეებში რომლებიც ეხება სამოქალაქო უფლებებსა და ვალდებულებებს, წარმოიშვა სასამართლოს პრეცედენტული სამართლიდან. მოცემულ საქმეში ნათელია, რომ „მხარეთა თანასწორობის“ პრინციპის მოთხოვნები, მხარეთა შორის „სამართლიანი ბალანსის“ გათვალისწინებით, ვრცელდება როგორც სამოქალაქო, ასევე სისხლის სამართლის საქმეებზე (იხ. ფელდბრუგი ნიდერლანდების წინააღმდეგ)[1].
სასამართლო ეთანხმება კომისიას, რომ დავებში, რომლებიც მოიცავს დაპირისპირებულ კერძო ინტერესებს, „მხარეთა თანასწორობის“ პრინციპი გულისხმობს, რომ თითოეული მხარე უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი შესაძლებლობით წარადგინოს საკუთარი საქმე - მათ შორის მტკიცებულება - ისეთ პირობებში, რომლებიც მხარეს არ აყენებს არსებითად არახელსაყრელ მდგომარეობაში მოწინააღმდეგის წინაშე.
ეროვნული ხელისუფლება თითოეულ ინდივიდუალურ საქმეში ვალდებულია, უზრუნველყოს „სამართლიანი განხილვის“ მოთხოვნების უზრუნველყოფა.
მოცემულ საქმეში მომჩივან კომპანიას ეკისრებოდა ბრალდების ტვირთი, რომ მასსა და ბანკს შორის არსებობდა ზეპირი შეთანხმება. შეხვედრას, რომელზეც სავარაუდოდ ეს შეთანხმება დაიდო, ესწრებოდა მხოლოდ ორი პირი, კერძოდ ბ-ნი ვან რეიჯენდამი, რომელიც წარმოადგენდა მომჩივან კომპანიას და ბ-ნი ვან W. - ბანკის წარმომადგენელი. თუმცა, სასამართლომ მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი დაკითხა, კერძოდ პირი, რომელიც წარმოადგენდა ბანკს. მომჩივანმა კომპანიამ დაკარგა შესაძლებლობა სასამართლო პროცესზე გამოეძახებინა პირი, რომელიც მას წარმოადგენდა, რადგან სააპელაციო სასამართლომ იგი გააიგივა თვითონ მომჩივან კომპანიასთან.
შესაბამისი მოლაპარაკებების დროს ბ-ნი ვან რეიჯენდამი და ბ-ნი ვან W. თანაბარ პირობებში მოქმედებდნენ, ორივე მათგანი უფლებამოსილი იყო მოლაპარაკება ეწარმოებინა თავიანთი მხარეების სახელით. შესაბამისად, რთულია იმის ახსნა, თუ რატომ არ უნდა მიეცა ორივე მხარეს მტკიცებულების წარმოდგენის საშუალება.
მომჩივანი კომპანია იმყოფებოდა ისეთ პირობებში, რომელიც აყენებდა მას არსებითად არახელსაყრელ მდგომარეობაში ბანკის წინაშე, შესაბამისად დაირღვა კონვენციის 6.1 მუხლი.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
[1] The Feldbrugge v. the Netherlands, 26 მაისი 1986, Series A N 99, გვ. 17, §44.
Full & Egal Universal Law Academy