ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პალატის გადაწყვეტილება დაპატიმრების კანონიერების, „თვითნებობისა” და წინასწარი პატიმრობის მიზანშეწონილობის შესახებ. ხელახალი დაკავება და დაპატიმრება ეწინააღმდეგებოდა ეროვნულ კანონმდებლობას და თვითნებური იყო: დარღვევა.
წინასწარი პატიმრობა ემყარებოდა თითქოს შესაბამის საფუძვლებს, მაგრამ ვერ იქნებოდა მიჩნეული „საკმარისად” აღნიშნულის ხანგრძლივობის დასასაბუთებლად: დარღვევა.
საქმე „დუბინსკი რუსეთის წინააღმდეგ“
CASE OF DUBINSKIY v. RUSSIA
განაცხადი N48929/08
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
2014 წლის 3 ივლისი
სამართალი
I. კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის სავარაუდო დარღვევა
34. განმცხადებელი ჩიოდა, რომ 2008 წლის 1 აპრილს მისი ხელახალი დაკავება და დაპატიმრება ეწინააღმდეგებოდა სისხლის სამართლის ეროვნულ საპროცესო წესებს, რომლებიც აშკარად კრძალავდა ერთი და იმავე პირის განმეორებით დაპატიმრებას სისხლის სამართლის იმავე საქმეზე ახალი გარემოებების არარსებობის შემთხვევაში. ის ეყრდნობოდა კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „c” ქვეპუნქტს, რომელიც ამბობს:
1. ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად, ესენია:
(c) პირის კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება უფლებამოსილი სასამართლო ორგანოს წინაშე მის წარსადგენად, როდესაც არსებობს სამართალდარღვევის ჩადენის საფუძვლიანი ეჭვი ან საფუძვლიანად არის მიჩნეული პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის თუ მისი ჩადენის შემდეგ მიმალვის აღკვეთის აუცილებლობა.
35. მთავრობამ გააპროტესტა აღნიშნული არგუმენტი. მათი აზრით, განმცხადებელი დააკავეს 2008 წლის 30 მარტს და დააპატიმრეს 2008 წლის 1 აპრილს სხვადასხვა სისხლისსამართლებრივი გამოძიების ფარგლებში. იმ დროს განმცხადებელს ბრალად ედებოდა უფრო სერიოზული სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა. იგი ეხებოდა ასევე სხვა მსხვერპლსაც და აღნიშნული გამოძიებულ იქნა პოლიციის სხვა დეპარტამენტის მიერ.
36. განმცხადებელი ასაბუთებდა თავის პრეტენზიას. კერძოდ, იგი ამტკიცებდა, რომ ის პატიმრობაში პატიმრობის საფუძვლის გარეშე იყო. გამომძიებლის მიერ წარდგენილი ინფორმაცია, რომლითაც ასაბუთებდა განმცხადებლის პატიმრობაში დატოვების მიზანშეწონილობას, არ იქნა გადამოწმებული, და სასამართლოს მიერ ვერ იქნება გათვალისწინებული ამ საკითხის გადაწყვეტისას.
ბ. საქმის არსებითი გარემოებები
1. ზოგადი პრინციპები
38. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კონვენციის მე-5 მუხლი, უპირველეს ყოვლისა, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებას იცავს. კონვენციის თანახმად, ამ უფლებას „დემოკრატიულ საზოგადოებაში” უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება (იხ. დე ვილდე, ოომსი და ვერსიპი ბელგიის წინააღმდეგ, 1971 წლის 18 ივნისი, § 65, სერია ა, N12; ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ, N71503/01, § 169, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2004‑II და ლადენტი პოლონეთის წინააღმდეგ, N11036/03, § 45, 12008 წლის 18 მარტი.
39. ყველა პირს გააჩნია უფლება, არ შეეზღუდოს თავისუფლება ან არ გაუგრძელდეს თავისუფლების აღკვეთა, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც მე-5 მუხლის პირველ პუნქტშია ასახული (იხ. მედვედევი და სხვები საფრანგეთის წინააღმდეგ, N3394/03, § 77, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2010). როდესაც დაპატიმრების „კანონიერებაა” განსახილველი, იმ საკითხის ჩათვლით, დაცულია, თუ არა „კანონით გათვალისწინებული პროცედურა”, კონვენცია ძირითადად ეროვნულ სამართალზე მიუთითებს. იგი იმავდროულად მოითხოვს, რომ თავისუფლების ნებისმიერი აღკვეთა ემსახურებოდეს მე-5 მუხლის მიზანს, კერძოდ, დაიცვას პირი თვითნებობისგან (იხ. ბოზანო საფრანგეთის წინააღმდეგ, 1986 წლის 18 დეკემბერი, §54, სერია ა, N111 და კაფკარისი კვიპროსის წინააღმდეგ, N21906/04, §116, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამრთლო, 2008 წ.).
40. არც ერთი თვითნებური დაპატიმრება არ შეესაბამება მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს და ამ კონტექსტში „თვითნებობის” ცნება ცდება ეროვნულ სამართალთან შეუსაბამობის ფარგლებს, რადგან სასამართლოს მანამდე არ ჩამოუყალიბებია ყოვლისმომცველი განმარტება, რომლის თანახმად, სახელისუფლებო ორგანოების მხრიდან რა სახის ქმედებები შეიძლება იქნეს მიჩნეული „თვითნებობად” მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის. ძირითადი პრინციპები ყოველი კონკრეტული საქმის საფუძველზე ჩამოყალიბდა. უფრო მეტიც, მე-5 მუხლის კონტექსტში თვითნებობის ცნება კონკრეტული პატიმრობის ტიპის მიხედვით გარკვეულწილად განსხვავდება. სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში არსებული ზოგადი პრინციპის მიხედვით, რომ დაპატიმრება ჩაითვლება „თვითნებურად”, როდესაც ეროვნულ სამართალთან შესაბამისობის მიუხედავად, სახელისუფლებო ორგანოების მხრიდან სახეზეა არაკეთილსინდისიერება ან ტყუილი (იხ. მოორენი გერმანიის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N11364/03, §§ 77-78, 2009 წლის 9 ივლისი).
2. აღნიშნულ საქმეზე მოცემული პრინციპების გავრცელება
41. მოცემული საქმის მიხედვით, სასამართლო ადგენს, რომ განმცხადებელი დააკავეს 2008 წლის 28 მარტს, როდესაც მის ავტოფარეხში მოპარული მანქანა იპოვეს. 2008 წლის 30 მარტს ოპოჩკას რაიონულმა სასამართლომ უარი თქვა განმცხადებლის დაპატიმრებაზე მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის პროცესის განმავლობაში და უარყო გამომძიებლის არგუმენტი, რომ განმცხადებელი შეიძლება მიმალულიყო, გაეგრძელებინა დანაშაულებრივი საქმიანობა, ზეწოლა განეხორციელებინა მოწმეებზე ან სხვაგვარად ჩარეულიყო სამართალწარმოების განხორციელების პროცესში. სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, განმცხადებელი არ გათავისუფლებულა. აღნიშნულის ნაცვლად, პოლიციის სხვა დეპარტამენტის გამომძიებელმა ის დააპატიმრა სხვა მანქანის ქურდობაში მონაწილეობის ეჭვის საფუძველზე და თავისუფლების აღკვეთის მოთხოვნა ძირითადად დააფუძნა იმავე საფუძვლებზე, რასაც მანამდე მისი კოლეგა ამტკიცებდა და განმცხადებლის დაპატიმრების თხოვნით სხვა სასამართლოს მიმართა. 2008 წლის 1 აპრილს დედოვიჩის საოლქო სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საქმეები, რომლებიც ორი მანქანის ქურდობას ეხებოდა, 2008 წლის ივლისში გაერთიანდა.
42. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ განმცხადებლით დაინტერესებულნი იყვნენ რუსეთის სახელისუფლებო ორგანოები პოლიციის რეგიონული დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ კომპლექსურ გამოძიებასთან დაკავშირებით, რომელიც ფსკოვის რეგიონში ძარცვასა და მანქანის ქურდობაში მონაწილე ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფთან დაკავშირებულ დანაშაულთან ბრძოლას ეხებოდა. განმცხადებელი ეჭვმიტანილი იყო დაჯგუფების კოორდინირებასა და დაჯგუფების წევრებს შორის შუამავლობაში. ჯერ კიდევ 2007 წელს, განმცხადებლის პირველ დაპატიმრებამდე რვა თვით ადრე, რომელიც 2008 წლის 28 მარტს განხორციელდა, რეგიონულმა სასამართლომ მისი ტელეფონის მოსმენა, სახლის გაჩხრეკა და მისი საკომუნიკაციო საშუალებების მოსმენა კანონიერად მიიჩნია. ფაქტობრივად, ორი მანქანის ქურდობის ჩადენისას განმცხადებელზე პოლიცია საგულდაგულო მეთვალყურეობას ახორციელებდა. ქურდობის ჩადენის მომენტში მისი მობილური ტელეფონის მოსმენა ხდებოდა. ასეთი გზით მოპოვებული ინფორმაცია მოგვიანებით სასამართლო პროცესზე მის წინააღმდეგ მტკიცებულებად იქნა გამოყენებული.
43. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ადგენს, რომ 2008 წელს განმცხადებლის დაპატიმრებისას, მის წინააღმდეგ არსებობდა დე-ფაქტო, მხოლოდ ერთი, თუმცა კომპლექსური ხასიათის სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც კოორდინირებას რეგიონული პოლიციის დეპარტამენტის სპეციალიზებული განყოფილება უწევდა. მართალია, განმცხადებელს ბრალად დაედო ორი მანქანის ქურდობა, რომელიც ჩადენილ იქნა ფსკოვის რეგიონის სხვადასხვა ქალაქში და აღნიშნული ინფორმაცია წარედგინა პოლიციის შესაბამის ადგილობრივ განყოფილებებს, სასამართლო ვერ დაეთანხმება მთავრობის არგუმენტს, რომ განმცხადებლის ხელახალი დაკავება და დაპატიმრება 2008 წლის 1 აპრილს სრულიად დამოუკიდებელი სისხლისსამართლებრივი გამოძიების ფარგლებში განხორციელდა, რასაც განმცხადებლის თავდაპირველ დაპატიმრებასა და გათავისუფლებასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. სასამართლოს თვალსაზრისით, სახელისუფლებო ორგანოების ძალისხმევა გამიზნული იყო მანქანების ქურდობის გამოსაძიებლად იმავე გამოძიების განმავლობაში, რაც საწინააღმდეგოს ადასტურებს.
44. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ განმცხადებელი 2008 წლის 1 აპრილს იმავე სისხლისსამართლებრივი გამოძიების ფარგლებში დააპატიმრეს, რომელიც საფუძვლად დაედო უფლებამოსილი სასამართლოს 2008 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების შესაბამისად განმცხადებლის პატიმრობიდან ადრე განთავისუფლებას.
45. ეროვნული სისხლის სამართლის საპროცესო წესების თანახმად, საგამოძიებო ორგანოებს უფლება არა აქვთ, დააპატიმრონ ეჭვმიტანილი ახალი გარემოებების დამამტკიცებელი საფუძვლების არარსებობისას, წარადგინონ განმეორებითი შუამდგომლობა მისი დაპატიმრების შესახებ, რადგან სასამართლომ არ ცნო მათი პირველი შუამდგომლობა; სასამართლო ადგენს, რომ განმცხადებლის მონაწილეობა ორი მანქანის ქურდობაში ცნობილი იყო სახელისუფლებო ორგანოებისათვის მათ მიერ 2008 წლის 30 მარტს განმცხადებლის დაპატიმრების შესახებ პირველად გაკეთებულ შუამდგომლობამდე. უცნობი მიზეზების გამო, მთავრობას ამ საკითხთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება არ წარუდგენია, საგამოძიებო ორგანოებმა არჩიეს, არ გაემჟღავნებინათ ეს ინფორმაცია ოპოჩკას საოლქო სასამართლოს მოსამართლისთვის. ფაქტების გაუმჟღავნებლობამ უფლებამოსილება მიანიჭა ორგანოებს, რომ შეედგინათ „ახალი საქმე“ განმცხადებლის წინააღმდეგ, რათა მისი წინასწარი პატიმრობის უფლება სხვა სასამართლოს წინაშე მოეპოვებინათ.
46. სასამართლოს მოვალეობა არ არის პროკურატურის ორგანოების მიერ არჩეული სტრატეგიის შეფასება. თუმცა მოცემულ საქმეში სიტუაცია ქმნის მყარ შთაბეჭდილებას, რომ სახელისუფლებო ორგანოებმა ნებისმიერ ფასად გამოიყენეს სასამართლოსათვის 2008 წლის 1 აპრილს წარდგენილი მეორე შუამდგომლობა განმცხადებლის წინასწარი დაპატიმრების უზრუნველსაყოფად, თავი აარიდეს სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც მათ გათავისუფლების უფლებამოსილებას ანიჭებდა და თავიდან აიცილეს გამოსაყენებელი სამართლის დებულებებთან შესაბამისობა.
47. განმცხადებლის სიტუაცია 2008 წლის 30 მარტს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ იქნა განხილული , რომელმაც ვერ მონახა საფუძვლები განმცხადებლის თავისუფლების აღსაკვეთად მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი გამოძიების დროს. სასამართლოს აზრით, აშკარაა, რომ სიტუაცია არ შეცვლილა ორი დღის განმავლობაში, როცა განმცხადებელი პატიმრობაში იყო. შესაბამისად, სასამართლო ადგენს, რომ საგამოძიებო ორგანოების მიერ სხვა სასამართლოსათვის წარდგენილი მეორე შუამდგომლობა განმცხადებლის დაპატიმრების თაობაზე სხვა არაფერი იყო, თუ არა სასამართლოს შერჩევის მცდელობა, რომელმაც მართლმსაჯულების აღსრულება გააუარესა. ასეთი ქმედებები მკაფიოდაა აკრძალული ეროვნული სამართლით და შესაბამისად, ასაბუთებენ იმ დასკვნას, რომ 2008 წლის 1 აპრილს განმცხადებლის დაპატიმრება არ იყო „კანონიერი“ ან „კანონით გათვალისწინებულ პროცედურასთან შესაბამისი“. ფაქტი, რომ დედოვიჩის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ იცოდა აღნიშნული სიტუაციის შესახებ და არაფერი მოიმოქმედა მის გამოსასწორებლად, სასამართლოს სერიოზული შეშფოთების საგანია.
48. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ადგენს, რომ ფორმა, რომლითაც ეროვნულმა სახელისუფლებო ორგანოებმა უზრუნველყვეს განმცხადებლის დაპატიმრება 2008 წლის 1 აპრილს განმცხადებლის განთავისუფლების შესახებ სასამართლოს 2008 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების მიუხედავად, ეწინააღმდეგებოდა ეროვნულ კანონმდებლობას და იყო თვითნებური. შესაბამისად, დაირღვა კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი.
II. კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის სავარაუდო დარღვევა
49. განმცხადებელი ჩიოდა, რომ მისი წინასწარი პატიმრობა არაგონივრულად ხანგრძლივი იყო. ის ეყრდნობოდა კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტს, რომელშიც აღნიშნულია, რომ:
„ამ მუხლის პირველი პუნქტის „с” ქვეპუნქტის დებულებების თანახმად, დაკავებულ ან დაპატიმრებულ ყველა პირს . . . უფლება უნდა ჰქონდეს, მისი საქმე განიხილოს სასამართლომ გონივრულ ვადაში ან გათავისუფლდეს საქმის განხილვის განმავლობაში. გათავისუფლება შეიძლება უზრუნველყოფილ იქნეს სასამართლო პროცესზე გამოცხადების გარანტიებით“.
50. მთავრობამ გააპროტესტა ეს არგუმენტი. მან განაცხადა, რომ განმცხადებლის წინასწარი პატიმრობის ხანგრძლივობა შეესაბამებოდა კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტს მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის სირთულის გათვალისწინებით.
51. განმცხადებელი ასაბუთებდა თავის საჩივარს. ის აცხადებდა, რომ ეროვნულმა სახელისუფლებო ორგანოებმა ვერ დაასაბუთეს ხანგრძლივი წინასწარი პატიმრობის მიზანშეწონილობა. მისი წინასწარი პატიმრობის გახანგრძლივებისას, ისინი ეყრდნობოდნენ სტანდარტულ და ტრაფარეტულ მსჯელობას სიტუაციის სპეციფიკური გარემოებების გათვალისწინების გარეშე.
ბ. საქმის არსებითი გარემოებები
1. მხედველობაში მისაღები პერიოდი
53. სასამართლო, აღნიშნავს, რომ კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, წინასწარი პატიმრობის განსაზღვრისას, მხედველობაში მისაღები ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც ეჭვმიტანილს აპატიმრებენ და სრულდება იმ დღეს, როდესაც მას ბრალი შეეფარდება, თუნდაც მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ან როდესაც განმცხადებელი თავისუფლდება პატიმრობიდან მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის პროცესის მიმდინარეობისას (იხ. ვემჰოფი გერმანიის წინააღმდეგ, 1968 წლის 27 ივნისი, § 9, სერია A, N 7; ლაბიტა იტალიის წინააღმდეგ, N26772/95, §§ 145 და 147, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2000‑IV და ჯესიუსი ლიტვის წინააღმდეგ, N34578/97, §44, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2000‑IX).
54. უფრო მეტიც, კონვენციის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტსა და იმავე მუხლის პირველი პუნქტის „c “ ქვეპუნქტს შორის არსებითი კავშირის გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებული პირი ვერ ჩაითვლება დაპატიმრებულად „მისი უფლებამოსილი სამართლებრივი ორგანოს წინაშე წარდგენის მიზნით სამართალდარღვევის ჩადენის გონივრული ეჭვის არსებობის შემთხვევაში”, ის არის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „a“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პოზიციაში, რომელიც იძლევა თავისუფლების აღკვეთის უფლებას „უფლებამოსილი სასამართლოს მიერ მსჯავრის დადების შემდეგ” (იხ. პანჩენკო რუსეთის წინააღმდეგ, N45100/98, §§ 91 და 93, 2005 წლის 8 თებერვალი).
55. წინასწარი პატიმრობის ხანგრძლივობის შეფასებისას, როდესაც განმცხადებლები დაპატიმრებულნი იყვნენ გამოძიებისა და სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას და აღკვეთილი ჰქონდათ თავისუფლება სააპელაციო ინსტანციაში სისხლის სამართლის პროცესის მსვლელობისას, სასამართლო წინასწარი პატიმრობის ამ სახის რამდენიმე ვადას მუდმივად ერთობლიობაში განიხილავდა და მიიჩნევდა, რომ ექვსთვიანი წესის გამოყენება უნდა დაწყებულიყო მხოლოდ წინასწარი პატიმრობის ბოლო პერიოდის დასრულებიდან (იხ.სოლმაზი თურქეთის წინააღმდეგ, N27561/02, §§ 34-37, 2007 წლის 16 იანვარი და იდალოვი რუსეთის წინააღმდეგ, N5826/03, § 125, 2012 წლის 22 მაისი).
56. შესაბამისად, მოცემულ საქმეში გასათვალისწინებელი პერიოდი მოიცავს ორ ვადას: 1. 2008 წლის 28 მარტიდან, როდესაც განმცხადებელი დააკავეს, 2009 წლის 3 ივნისამდე პერიოდს, როდესაც მას მსჯავრი დაედო სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის სასამართლოში; 2. 2009 წლის 26 აგვისტოდან, როდესაც განმცხადებელს მსჯავრი მოეხსნა სააპელაციო სასამართლოში, 2009 წლის 21 სექტემბრამდე პერიოდს, როდესაც განმცხადებელი გაათავისუფლეს ხელმეორე სასამართლო პროცესამდე.
57. აქედან გამომდინარე, მოცემულ საქმეში მხედველობაში მისაღებმა პატიმრობის ვადამ ერთად, დაახლოებით, წელიწადი და სამი თვე შეადგინა.
2. ზოგადი პრინციპები
58. სასამართლო აღნიშნავს, რომ აბსტრაქტულად ვერ შეფასდება, არის თუ არა წინასწარი პატიმრობის ვადაში გატარებული დრო გონივრული. არის თუ არა გონივრული ბრალდებულისათვის პატიმრობაში დარჩენა, უნდა შეფასდეს საქმის ფაქტებისა და სპეციფიკური გარემოებების საფუძველზე. უწყვეტი პატიმრობა მოცემულ საქმეში გამართლებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჭეშმარიტად არსებობს საჯარო ინტერესი, რომელიც მიუხედავად უდანაშაულობის პრეზუმფციისა, გადაწონის პირადი თავისუფლების პატივისცემას, რაც მოთხოვნილია კონვენციის მე-5 მუხლით (იხ. კუდლა პოლონეთის წინააღმდეგ, N30210/96, §§ 110 და სხვა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2000‑XI).
59. გონივრული ეჭვის არსებობა, რომ დაპატიმრებულმა პირმა სამართალდარღვევა ჩაიდინა აუცილებელი პირობაა უწყვეტი დაპატიმრების კანონიერებისთვის. თუმცა გარკვეული დროის შემდეგ ეს საკმარისი არ არის. ასეთ შემთხვევებში, სასამართლომ უნდა დაადგინოს, ამართლებს თუ არა თავისუფლების აღკვეთას სასამართლო ორგანოების მიერ დასახელებული სხვა საფუძვლები. როდესაც ასეთი საფუძვლები „შესაბამისი” და „საკმარისია”, სასამართლომ ასევე უნდა დაადგინოს, გამოიჩინეს თუ არა უფლებამოსილმა ეროვნულმა სახელისუფლებო ორგანოებმა „სათანადო გულმოდგინება“ პროცესის წარმოებისას (იხ. ლაბიტა, §§ 152 და 153). პატიმრობის ნებისმიერი ვადის დასაბუთება, რამდენად მოკლეც არ უნდა იყოს, დამაჯერებლად უნდა იქნეს დამტკიცებული სახელისუფლებო ორგანოების მიერ (იხ. შიშკოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, N38822/97, § 66, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2003‑I (ამონარიდები)). როდესაც ეროვნული სახელისუფლებო ორგანოები გადაწყვეტილებას იღებენ იმის თაობაზე, უნდა გათავისუფლდეს თუ პატიმრობაში დარჩეს პირი, სახელისუფლებო ორგანოები ვალდებულნი არიან, გაითვალისწინონ ალტერნატიული ზომების მიზანშეწონილობა მის სასამართლო პროცესზე გამოცხადების უზრუნველსაყოფად (იხ. იაბლონსკი პოლონეთის წინააღმდეგ, N33492/96, § 83, 2000 წლის 21 დეკემბერი).
60. პირველ რიგში, ეროვნულ სასამართლო ორგანოებს პასუხისმგებლობა ეკისრებათ უზრუნველყონ, მოცემულ საქმეში ბრალდებულის წინასწარმა პატიმრობამ არ გადააჭარბოს გონივრულ ხანგრძლივობას. ამ მიზნით მათ უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის სათანადოდ გათვალისწინებით, უნდა შეაფასონ საჯარო ინტერესის არსებობის სასარგებლო ან საწინააღმდეგო ფაქტები, რომლებიც გაამართლებდნენ მე-5 მუხლში მოცემული წესიდან გადახვევას და მათ ასეთი საფუძვლები უნდა ასახონ განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებაში. სასამართლო სწორედ გადაწყვეტილებებში ასახულ არგუმენტებსა და განმცხადებლის სარჩელში მოყვანილ ფაქტებზე დაყრდნობით ადგენს, ჰქონდა თუ არა ადგილი მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევას (იხ. მაკქეი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, N543/03, § 43, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2006‑X).
3. მოცემულ საქმეზე ამ პრინციპების გავრცელება
61. სასამართლომ დაადგინა, რომ განმცხადებლის დაპატიმრება 2008 წლის 1 აპრილს კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საწინააღმდეგოდ მოხდა. შესაბამისად, საკითხი შეიძლება დაისვას, საჭიროა თუ არა კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, განმცხადებლის მიერ აღძრული საჩივრების შემოწმება (იხ. პალადი მოლდოვას წინააღმდეგ, N39806/05, §§ 76-77, 2009 წლის 10 მარტი, იხ. შესაბამისი ცვლილებებით (mutatis mutandis), ლევინტა მოლდოვას წინააღმდეგ (N2), N50717/09, §41, 2012 წლის 17 იანვარი). მხედველობაში იქნა მიღებული: 1) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის აღმოჩენის განსაკუთრებული მიზეზები, კერძოდ, თვითნებური ქცევა, რომლითაც ეროვნული ორგანოები უზრუნველყოფდნენ დაპატიმრებას და 2) ფაქტი, რომ განმცხადებელმა წელიწადი და სამი თვე პატიმრობაში გაატარა მის წინააღმდეგ ბრალდებების განსაზღვრის მოლოდინში; სასამართლო აღნიშნულ საკითხს დადებითად პასუხობს.
62. შესაბამისად, სასამართლო შეისწავლის, ეყრდნობოდნენ თუ არა სასამართლო ორგანოები „შესაბამის“ და „საკმარის“ საფუძვლებს განმცხადებლის დაპატიმრების დასასაბუთებლად და გამოიჩინეს, თუ არა „სათანადო გულმოდგინება“ სასამართლო პროცესის წარმართვისას.
63. განმცხადებლის წინასწარი პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, ეროვნულმა სახელისუფლებო ორგანოებმა მოიშველიეს მის წინააღმდეგ არსებული ბრალდებების სერიოზულობა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მიუთითებდნენ მის მიერ სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენისა და მართლმსაჯულების განხორციელებაში ჩარევის რისკზე. ასევე აღნიშნეს, რომ მას შეეძლო მოწმეებსა და სასამართლო პროცესის სხვა მხარეებზე ზეწოლის მოხდენა, მტკიცებულების განადგურება ან მართლმსაჯულების აღსრულებაში სხვაგვარად ჩარევა. და ბოლოს, მათ დაასახელეს რისკი, რომ ის გაიქცეოდა ან განაგრძობდა დანაშაულებრივ საქმიანობაში მონაწილეობას.
64. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ მართალია, შესაფარდებელი სასჯელის სიმძიმე გათვალისწინებული უნდა იქნეს განმცხადებლის მიმალვის ან სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის რისკის შეფასებისას, თავისუფლების აღკვეთის გაგრძელების საჭიროება ვერ შეფასდება მხოლოდ აბსტრაქტული თვალსაზრისით, ანუ მხოლოდ სამართალდარღვევის სერიოზულობის მხედველობაში მიღებით. ვერც საპატიმრო სასჯელის დაკისრების ალბათობა ვერ იქნება გამოყენებული თავისუფლების აღმკვეთი ზომის ვადის გაგრძელების დასაბუთებად (იხ. ლეტელიე საფრანგეთის წინააღმდეგ, 1991 წლის 26 ივნისი, § 51, სერია A, N207; პანჩენკო, § 102; ილიაკოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, N33977/96, § 81, 2001 წლის 26 ივლისი და გორალი პოლონეთის წინააღმდეგ N38654/97, § 68, 2003 წლის 30 ოქტომბერი).
65. სასამართლო ეთანხმება, რომ ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებულ საქმეებში, რისკი იმისა, რომ დაპატიმრებული ზეწოლას განახორციელებს მოწმეებზე ან სხვაგვარად შეუშლის ხელს სამართალწარმოებას თუ გათავისუფლებული იქნება, ხშირად საკმაოდ მაღალია. ყველა ამ ფაქტორმა შეიძლება გაამართლოს წინასწარი პატიმრობის შედარებით გრძელი ვადის არსებობა, თუმცა სახელისუფლებო ორგანოებს არ აძლევს შეუზღუდავ უფლებამოსილებას, გაახანგრძლივონ ეს აღმკვეთი ზომა (იხ. ოსუჩი პოლონეთის წინააღმდეგ, N31246/02, § 26, 2006 წლის 14 ნოემბერი და სელეიევსკი პოლონეთის წინააღმდეგ, N17584/04, §§ 37‑38, 2006 წლის 4 მაისი). ფაქტი, რომ პირს ბრალად ედება შეთქმულების მოწყობა სამართალდარღვევის ჩასადენად, თავისთავად საკმარისი არ არის ასეთი ხანგრძლივი ვადით პატიმრობის გასამართლებლად. მისი პირადი გარემოებები და ქცევა ყოველთვის უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული (იხ. სიზოვი რუსეთის წინააღმდეგ, N33123/08, § 53, 2011 წლის 15 მარტი).
66. რაც შეეხება ეროვნული სასამართლო ორგანოების მიერ წამოჭრილ არგუმენტს, რომ განმცხადებელს შეიძლება ზეწოლა მოეხდინა მოწმეებზე, ან სხვა სახით შეეშალა ხელი მართლმსაჯულების მიმდინარეობისთვის, სასამართლო მოცემულ საქმეში ვერ ხედავს ვერანაირ ნიშნებს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა რაიმე სახით გადაამოწმეს, განმცხადებელმა სცადა თუ არა მოწმეების დაშინება ან სასამართლო პროცესში სხვაგვარად ჩარევა. ამ შემთხვევებში სასამართლო ვერ გაიზიარებს იმ არგუმენტს, რომ მართლმსაჯულების აღსრულებაში ჩარევის რისკი არსებობდა. უფრო მეტიც, ასეთი რისკი თანდათან მცირდებოდა, რადგან მიმდინარეობდა მოწმეების დაკითხვა და სასამართლო პროცესი გრძელდებოდა (იხ. მიზკურკა პოლონეთის წინააღმდეგ, N39437/03, § 51, 2006 წლის 4 მაისი). ამიტომ, სასამართლო არ არის დარწმუნებული, რომ განმცხადებლის პატიმრობის მთელი პერიოდის განმავლობაში არსებობდა უტყუარი მიზეზები, რომელთა გამო შეიძლება მიჩნეულიყო, რომ იგი ზეწოლას განახორციელებდა მოწმეებზე, ან სხვაგვარად შეუშლიდა ხელს საქმის გამოძიებას; დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობდა იმგვარი მიზეზები, რომლებიც გადაწონიდა განმცხადებლის უფლებას მისი საქმის გონივრულ ვადაში სასამართლოს მიერ განხილვაზე, ან სასამართლო პროცესის ჩატარებამდე განთავისუფლებაზე.
67. რაც შეეხება იმ რისკის არსებობას, რომ განმცხადებელი შეიძლება მიიმალოს, სასამართლო აღნიშნავს, რომ ასეთი საფრთხე ვერ შეფასდება მხოლოდ შესაფარდებელი სასჯელის სიმძიმის საფუძველზე. ის უნდა შეფასდეს სხვა შესაბამისი ფაქტორების გათვალისწინებით, რომლებმაც ან უნდა დაადასტურონ მიმალვის საფრთხის არსებობა, ან იმდენად ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნიონ ასეთი საფრთხე, რომ ამან ვერ გაამართლოს წინასწარი პატიმრობა (იხ. პანჩენკო, § 106 და ლეტელიე , § 43). მოცემულ საქმეში ეროვნულ სახელისუფლებო ორგანოებს არ დაუსაბუთებიათ, რატომ მიიჩნიეს განმცხადებლის მიმალვის რისკი გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონედ. სასამართლო ვერ დაეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ამ რისკის არსებობა ნამდვილად დადგინდა.
68. მსგავსად ზემოხსენებულისა, სასამართლო არ არის დარწმუნებული, რომ ვარაუდი, თითქოს განმცხადებელი გააგრძელებდა დანაშაულებრივ საქმიანობას, დასაბუთებული იყო. სასამართლომ მთავრობის მიერ წარდგენილ მასალებში ვერ მოიძია მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ ამ მოსაზრებას.
69. აგრეთვე, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ ვადაში ეროვნული სასამართლოების მიერ განმცხადებლის დაპატიმრებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები ჩამოყალიბებულია ერთნაირი სტანდარტული და შეჯამებული ფორმით.
70. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახელისუფლებო ორგანოებმა მხოლოდ ბრალდების სიმძიმეზე დაყრდნობითა და საქმის სპეციფიკური გარემოებებით გადაწყვეტილებების დასაბუთების გარეშე, ან ალტერნატიული პრევენციული ზომების მიზანშეწონილობის განხილვის გარეშე გააგრძელეს განმცხადებლის პატიმრობა იმ საფუძვლით, რომელიც მიუხედავად მათი შესაბამისობისა, ვერ იქნება მიჩნეული საკმარის მიზეზად, რათა სასამართლომ ერთი წლისა და სამი თვის ხანგრძლივობით თავისუფლების შეზღუდვა გაამართლოს. ამ შემთხვევებში, სასამართლოს არ მიაჩნია აუცილებლად შეაფასოს, იქცეოდნენ თუ არა ეროვნული სახელისუფლებო ორგანოები „სათანადო გულმოდგინებით“. გამოიჩინეს თუ არა ეროვნულმა სახელისუფლებო ორგანოებმა „სათანადო ყურადღება“.
71. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევას.
Full & Egal Universal Law Academy