დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე 98
2007 წლის ივნისი
დუპუი და სხვები საფრანგეთის წინააღმდეგ
Dupuis v. France – 1914/02
გადაწყვეტილება, 7 ივნისი, 2007 [მე-3 სექცია]
მე-10 მუხლი
მე-10 მუხლის 1-ლი ნაწილი
გამოხატვის თავისუფლება
ინფორმაციის გავრცელების თავისუფლება
ჟურნალისტების მსჯავრდება მიმდინარე სისხლისსამართლებრივი გამოძიების მასალების წიგნში გამოყენებისა და გავრცელებისათვის: დარღვევა
ფაქტები – მომჩივნები არიან ორი ფრანგი ჟურნალისტი და გამომცემი კომპანია. საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ 1980-იან წლებში ელისეის სასახლეში დაარსებული „ანტიტერორისტული განყოფილება“ ჩაერთო სატელეფონო მოსმენებსა და ფარულ მიყურადებაში. ადრეულ 1990-იან წლებში პრესამ გამოაქვეყნა იმ ადამიანების სია, რომლებზეც ხდებოდა მიყურადება, ჟურნალისტებისა და იურისტების ჩათვლით, რამაც გამოიწვია მედიის მნიშვნელოვანი დაინტერესება და რაც ცნობილი გახდა „ელისეის მოსმენების ოპერაციების“ სახელით („lesécoutes de l’Elysée”).
დაიწყო სასამართლო გამოძიება, რომლის ფარგლებშიც პრეზიდენტის პირადი ადმინისტრაციის იმდროინდელი დირექტორის მოადგილის, G.M.-ის, წინააღმდეგ დაიწყო ფორმალური გამოძიება პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების დარღვევის საფუძვლით. როდესაც გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობდა, მომჩივანმა კომპანიამ გამოაქვეყნა დანარჩენი ორი მომჩივნის მიერ დაწერილი წიგნი „პრეზიდენტის ყურები” (Les Oreilles du Président), რომელიც აღწერდა მეთვალყურეობის ოპერაციებს.
G.M.-მა შეიტანა სარჩელი: წიგნი ავრცელებდა იმ გამონათქვამების, რომლებიც გაკეთდა გამომძიებელი მოსამართლის წინაშე, აგრეთვე სატელეფონო მოსმენების ფაქსიმილიებს, რომლებიც იყო იდენტური იმ დოკუმენტებისა, რომელიც მის წინააღმდეგ არსებულ საქმეს ეხებოდა, მაშინ როდესაც ასეთი მტკიცებულება დაცული იყო გამოძიების კონფიდენციალურობით. მომჩივნებმა უარყვეს ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების ფაქტი; მათ უარი განაცხადეს გაემხილათ წყარო და აცხადებნენ, რომ ეს დოკუმენტები ჟურნალისტების მფლობელობაში გადავიდა გამოძიების დაწყებამდე. სასამართლომ დაადგინა, რომ ეს დოკუმენტები მოპოვებული იყო სასამართლო საგამოძიებო მასალებიდან, რომელიც ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც ევალებოდათ გამოძიების კონფიდენციალურობის ან პროფესიული კონფიდენციალურობის დაცვა; შესაბამისად, მათ გამოძიების ან პროფესიული კონფიდენციალურობის დარღვევით გასცეს (დოკუმენტები) და მომჩივნებს, როგორც გამოცდილ ჟურნალისტებს, შეუძლებელია არ სცოდნოდათ ის ფაქტი, რომ დოკუმენტები მათთან უკანონოდ მოხვდა.
ვინაიდან მომჩივნებმა წიგნში გამოიყენეს და გაავრცელეს სასამართლო გამოძიების მასალები, ისინი დამნაშავედ ცნეს გამოძიების ან პროფესიული კონფიდენციალურობის დარღვევით მოპოვებული ინფორმაციის გამოყენებაში. მათ დაეკისრათ ჯარიმის გადახდა და ასევე G.M.-სთვის ზიანის ანაზღაურება; მომჩივან კომპანიას დაეკისრა სამოქალაქო პასუხისმგებლობა. წიგნის გავრცელება გრძელდებოდა და ასლების ამოღება არ მომხდარა. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლომ კი არ მიიღო განსახილველად მომჩივნის საჩივარი.
სამართალი: მსჯავრდება საფრანგეთის სისხლის სამართლის კოდექსით იყო გათვალისწინებული და მის მიზანს წარმოადგენდა G.M-ის სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვა, უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვისა და მართლმსაჯულებაზე გარე ზეგავლენის თავიდან აცილების სათანადო პატივისცემით.
რაც შეეხება იმას, იყო თუ არა ჩარევა აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში, წიგნი ეხებოდა დებატებს, რომელიც მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს წარმოადგენდა. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სახელმწიფოს საქმიანობაში, რომელიც საზოგადოებრივი ინტერესის საგანი იყო და შეიცავდა კონკრეტულ ინფორმაციასა და მსჯელობებს მრავალი ცნობილი პიროვნების შესახებ, რომელთა ტელეფონებს უკანონოდ უსმენდნენ, ასევე წიგნში აღწერილი იყო თუ რა პირობებში ხორციელდებოდა ეს ოპერაციები.
G.M., როგორც იმ დროისათვის საფრანგეთის პრეზიდენტის ერთ–ერთი მთავარი მრჩეველი, არ იყო პოლიტიკოსი ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობით, მიუხედავად ამისა, მას ჰქონდა გავლენიანი საჯარო ფიგურის ყველა მახასიათებელი და აშკარად იყო ჩართული პოლიტიკურ ცხოვრებაში აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს დონეზე.
მომჩივანთა წიგნმა გამოამჟღავნა ინფორმაცია იმ საჯარო ინტერესის შესახებ, რომელიც ეხებოდა უკანონო სატელეფონო მოსმენებისა და ჩაწერების სისტემას, რომელიც მიმართული იყო მრავალ საჯარო ფიგურაზე და ორგანიზებული იყო ქვეყნის უმაღლეს დონეზე. საზოგადოებას ჰქონდა საჯარო ინტერესი ამ დებულებებსა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე.
მეორე მხრივ, კანონიერი იყო სასამართლო გამოძიების კონფიდენციალურობისათვის სპეციალური დაცვის მინიჭების სურვილი, როგორც მართლმსაჯულების ადმინისტრირებისათვის, ასევე იმ პირთა უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლებისათვის, რომელთა მიმართაც გამოძიება მიმდინარეობდა.
თუმცა, იმ დროს, როდესაც მომჩივანთა წიგნი გამოიცა, გარდა იმისა, რომ მოხდა ამ საქმის ფართო მედია გაშუქება, უკვე კარგად იყო ცნობილი, რომ G.M.–ს მიმართ მიმდინარეობდა გამოძიება წინასასამართლო გამოძიებასთან დაკავშირებით, რომელიც დაიწყო დაახლოებით სამი წლით ადრე და რაც საქმეს სავარაუდოდ მის მსჯავრდებამდე მიიყვანდა, ხოლო საპატიმრო სასჯელის აღსრულების გადავადება მოხდებოდა შეურაცხმყოფელი წიგნის გამოცემიდან დაახლოებით ათი წლის შემდეგ. გარდა ამისა, მთავრობამ ვერ დაასაბუთა, თუ როგორ მოახდენდა კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება უარყოფით ზეგავლენას G.M.–ს უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლებაზე ან მის მსჯავრდებაზე და სასჯელზე თითქმის ათი წლის შემდეგ.
წიგნის გამოცემის შემდეგ, სასამართლო გამოძიების მიმდინარეობის დროს, G.M რეგულარულად აკეთებდა კომენტარებს პრესაში ამ საქმესთან დაკავშირებით, შესაბამისად, ინფორმაციის დაცვა მისი კონფიდენციალურობის მიზეზით არ ყოფილა გადაულახავი მოთხოვნა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლო იკვლევდა, არსებოდა თუ არა ჯერ კიდევ ინტერესი ინფორმაციის კონფიდენციალურობის შენარჩუნებისათვის, როდესაც იგი სულ მცირე, ნაწილობრივ უკვე იყო გასაჯაროებული და მოსალოდნელი იყო რომ ფართოდ გახდებოდა ცნობილი, თუკი გავითვალისწინებთ მედიის მიერ ამ საქმის ფართო გაშუქებას, რაც განპირობებული იყო როგორც ფაქტებით, ასევე მიყურადების მსხვერპლი ბევრი ცნობილი ადამიანით.
აუცილებელი იყო დიდი სიფრთხილის გამოჩენა გამოძიების ან პროფესიული კონფიდენციალურობის დარღვევით მოპოვებული ინფორმაციის გამოყენებისათვის ჟურნალისტთა დასჯის საჭიროების შეფასებისას, როდესაც მათ ასეთი მნიშვნელობის მქონე საჯარო დებატებში შეიტანეს წვლილი. მომჩივნები მოქმედებდნენ მათი პროფესიის, როგორც ჟურნალისტების, მარეგულირებელი სტანდარტების შესაბამისად.
რაც შეეხება დადგენილ სასჯელს, არ გაცემულა წიგნის განადგურებისა თუ ჩამორთმევის ბრძანება და მისი გამოცემა არ აკრძალულა. თუმცა, ჯარიმის (მიუხედავად იმისა, რომ სამართლიანად იყო შემცირებული) და დამატებითი ზიანის ანაზღაურების დაკისრება, არ ჩანდა გამართლებულად.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად), მე-6(2) მუხლის მიხედვით არ განიხილება ცალკე საკითხი.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy