Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to republish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights database HUDOC
ძერკორაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ
(საჩივარი no. 70572/16)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
2023 წლის 2 მარტი
ფაქტების მოკლე მიმოხილვა
სექსუალურ ორიენტაციასთან და გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებული ღონისძიება (THE IDAHOT 2016)2016 წლის 28 აპრილს „ლგბტ აქტივისტების საინიციატივო ჯგუფმა“ („აქტივისტების ჯგუფმა“) ხელისუფლებას სთხოვა ლგბტ აქტივისტების შეკრების უფლების მხარდაჭერა და დაცვის უზრუნველყოფა. ოფიციალურ პირებს მიეწოდათ ინფორმაცია, რომ ჯგუფი გეგმავდა მდუმარე შეკრებას ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის (IDAHOT) აღსანიშნავად, ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (LGBT) თემის დაცვის შესახებ საზოგადოებისთვის ცნობიერების ამაღლების მიზნით. ხელისუფლებას წერილის საფუძველზე ეცნობა, რომ 2016 წლის 17 მაისს, საღამოს, 100-150 ინდივიდი აპირებდა პარლამენტის შენობის წინ შეკრებას. ღონისძიება 1 საათი გაგრძელდებოდა. აქტივისტებმა სთხოვეს ხელისუფლებას სხვადასხვა უწყების ჩართულობით სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფდა კოორდინირებული ღონისძიებების განხორციელებას 2016 წლის 17 მაისს ღონისძიებაში მონაწილე პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით.
2016 წლის 3 მაისს, თბილისის მერიამ აქტივისტების ჯგუფს აცნობა, რომ „ოჯახის სიწმინდის დღესთან“ დაკავშირებით (2014 წლის მაისში საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 17 მაისი გამოაცხადა ოჯახის სიწმინდის და მშობლის პატივისცემის დღედ, რაც მორწმუნეებს ქუჩაში მსვლელობით უნდა აღენიშნათ) პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და თავისუფლების მოედანზე სხვადასხვა ღონისძიების გამართვის შესახებ მათ უკვე ჰქონდათ მიღებული გაფრთხილება. აღნიშნული გაფრთხილება შეტანილ იქნა სხვადასხვა დღეს, 2016 წლის 11 თებერვალს და 14 აპრილს. თბილისის მერიამ აქტივისტებს სხვა ადგილმდებარეობის არჩევა შესთავაზა.
2016 წლის 5 მაისს აქტივისტების ჯგუფმა ხელისუფლების ორგანოებს მიაწოდა ინფორმაცია ალტერნატიული ადგილმდებარეობის არჩევის შესახებ. ღონისძიება პუშკინის სკვერში გაიმართებოდა (თავისუფლების მიმდებარე ცენტრალურ ტერიტორიაზე). თბილისის მერიამ აქტივისტების აცნობა, რომ გაფრთხილება სხვადასხვა ღონისძიების სხვადასხვა ადგილზე ჩატარებასთან დაკავშირებით უკვე ჰქონდა მიღებული და რომ თბილისის მერია „არ მიიჩნევდა მიზანშეწონილად რაიმე სახის დამატებითი ღონისძიების ჩატარებას ჩამოთვლილ ადგილებთან ახლოს”. აქტივისტებს მოსთხოვეს „აერჩიათ ალტერნტიული ადგილმდებარეობა მათ მიერ დაგეგმილი შეკრების გამართვისთვის და შესაბამისად მიეწოდებინათ ინფორმაცია თბილისის მერიისთვის“.
2016 წლის 16 მაისს „ლგბტ აქტივისტების დამოუკიდებელმა ჯგუფმა“ მიმართვა გაავრცელა. მათ განმარტეს, რომ რადგან ხელისუფლების მხრიდან ვერ მოხერხდა რუსთაველის გამზირზე ან მის გარშემო საჯარო ღონისძიების გამართვისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარანტირება, (აღნიშნული გარანტიები, განცხადების შესაბამისად იყო „კატეგორიული მოთხოვნა“) აქტივისტებმა გადაწყვიტეს არ ჩაეტარებინათ ეს ღონისძიება, რადგან არ არსებობდა ალტერნატიული ადგილი ან თარიღი, რომლიც მათ ხელისუფლებამ შესთავაზა და რომელიც დაგეგმილი ღონისძიების მიზნის შესაბამისი იქნებოდა.
II. მომჩივნების დაკავება
2016 წლის 17 მაისს გამთენიისას, მომჩივნები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს მთავარ შენობასთან მივიდნენ. 3 საათსა და 55 წუთზე შვიდივე მომჩივანი დააკავეს. დაკავების შესახებ ოფიციალურ დოკუმენტში აღნიშნული იყო, რომ შვიდივე მომჩიავნმა შენობის კედლებზე გააკეთა წარწერები (სტენსილით დაწერეს ფრაზა „ჰომოფობიის და ტრანსფობიის დედაც“). ეროვნულ დონეზე და ევროსასამართლოს წინაშე მომჩივნებმა განაცხადეს, რომ წარწერების გაკეთების ნაცვლად, მეშვიდე მომჩივანი ელოდებოდა მეუღლეს, ხოლო მეოთხე მომჩივანი იცდიდა მანქანაში, როდესაც ის დააკავეს.
2016 წლის 17 მაისის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებში შვიდივე მომჩივანთან დაკავშირებით მითითებული იყო, რომ ისინი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსის 150-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, რადგან არც ერთი მათგანი არ დაემორჩილა პოლიციელის მოთხოვნას შეეწყვიტა შენობის კედელზე უნებართვოდ წერა. არ ჩანს ოქმები ადგილზე იქნა შედგენილი თუ პოლიციის განყოფილებაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს და მერიის მიერ მოწოდებულ დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ შემთხვევის ვიდეო ჩანაწერი არ იყო ხელმისაწვდომი, რადგან იმ კონკრეტულ ადგილებში კამერები არ იყო ან არ მუშაობდა.
2016 წლის 10 და 20 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულმა პალატამ განიხილა მომჩივნების საქმე. მომჩივნებმა განაცხადეს, რომ პოლიციის თანამშრომლებს არ ეცვათ პოლიციელის უნიფორმა და რომ ადგილი არ ჰქონია დაუმორჩილებლობას. ამასთან, განაცხადეს, რომ შენობაზე წარწერის გაკეთება დაცული იყო გამოხატვის თავისუფლებით. მეშვიდე მომჩივანმა განაცხადა, რომ დაკავების დროს საკუთარ მანქანაში იმყოფებოდა.
სასამართლომ პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ნაწილში ყველა მომჩივანი გაამართლა, რადგან მიიჩნია, რომ არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულება ამგვარი დაუმორჩილებლობის დასადასტურებლად. რაც შეეხება შენობაზე უნებართვოდ წარწერის გაკეთებას, პირველი ექვსი მომჩივანი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდარმღვევად ცნო და დააკისრა ჯარიმა 50 ლარის ოდენობით (დაახლოებით 20 ევრო). მეშვიდე მომჩივანი გამართლდა ორივე სამართალდარღვევის ნაწილში, სასამართლომ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა მეშვიდე მომჩვნის მიერ მითითებული სამართალდარღვევების ჩადენა. ექვსმა მომჩივანმა გაასაჩივრა მათ მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება.
2016 წლის 19 ივლისს და 30 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები.
III. შემდგომი მოვლენები
ა. ადმინისტრაციული საჩივრები
2016 წლის 30 მაისს მომჩივნებმა (პირველი და მესამე მომჩივნების გარდა) შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში შეიტანეს საჩივრები და მოითხოვეს იმ პოლიციელების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყება, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მათ დაკავებასა და დაპატიმრებაში. მომჩივნები აცხადებდნენ, რომ მათ კანონიერი მოთხოვნისადმი წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. მათ განაცხადეს, რომ პოლიციელებს არ ეცვათ შესაბამისი უნიფორმა, რის გამოც მიიჩნიეს, რომ მათ დევნიდა ულტრაკონსერვატიული, ჰომოფობიური დაჯგუფება. მომჩივნებმა განაცხადეს, რომ ამ გარემოებებში მათი ადმინისტრაციული წესით დაკავება აუცილებელი არ იყო.
2016 წლის 17 ივნისს შვიდმა მომჩივანმა საჩივარი შეიტანა შინაგან საქმეთა სამინისტროში. პოლიციის შესახებ კანონის 56-ე, ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 251-ე მუხლების საფუძველზე (იხ. პუნქტები 47-52 ქვემოთ) ისინი დავობდნენ, რომ მათი ადმინისტრაციული წესით დაკავება უკანონო იყო. მომჩივნები აცხადებდნენ, რომ არ არსებობდა დაკავების საჭიროება, რადგან მომჩივნების პოლიციელებისგან გაქცევის ერთადერთი მიზეზი იყო ის, რომ დაკავების დროს სამართალდამცველებს არ ეცვათ უნიფორმა. ამასთან, პოლიციელებს არ წაუდგენიათ თავი დაკავების დაწყებამდე. ამის გამო მომჩივნებმა იფიქრეს, რომ მათ დაედევნენ რელიგიური ექსტრემისტები და არა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები. მომჩივნებმა აღნიშნეს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შედგენა ადგილზე იყო შესაძლებელი, მათი პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის გარეშე. დამატებით აღნიშნეს, რომ დოკუმენტები არ შეიცავდა საკმარის ინფორმაციას ინციდენტთან და დაკავების აუცილებლობასთან დაკავშირებით. სხვა საკითხებთან ერთად, ისინი ხაზგასმით აღნიშნავდენენ, რომ პატიმრობა უნდა გამოყენებულიყო როგორც უკანასკნელი და არა როგორც ავტომატური ღონისძიება.
2016 წლის 22 სექტემბერს პოლიციის უფროსის მოადგილემ მომჩივნებს აცნობა, რომ პოლიციელები მომჩივნების დაკავებისას მოქმედებდნენ კანონის სრული დაცვით და რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს აღნიშნულ საქმეზე უკვე ჰქონდა გადაწყვეტილება გამოტანილი.
შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო დისციპლინური სამართალწარმოება თუმცა უცნობია მისი შედეგები.
ბ. სამართალწარმოება სასამართლოში
2016 წლის 4 ნოემბერს მომჩივნებმა სასამართლოში სარჩელი შეიტანეს შსს-ს წინააღმდეგ. ისინი ითხოვდნენ ‘ადმინისტრაციული დაკავების ოქმების ბათილად ცნობას’ და ‘მორალური ზიანის ანაზღაურებას’. მომჩივნებმა აღნიშნეს, რომ ზემდგომ ორგანოში მათი საჩივრები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე აზრს მოკლებული აღმოჩნდა, რადგან მხოლოდ საპასუხო წერილი მიიღეს.
2016 წლის 9 ნოემბერს მომჩივნების მოთხოვნა ადმინისტრაციული დაკავების ოქმების ბათილად ცნობის შესახებ განსახილველად არ მიიღო პირველი ინსტანციის სასამართლომ. 2017 წლის 3 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქმე განსახილველად გაუგზავნა პირველი ინსტანციის სასამართლოს.
2017 წლის 24 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ და 2017 წლის 30 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაადგინეს, რომ მომჩივნებმა არ დაიცვეს ის სპეციალური წესები, რომლებიც არეგულირებს პოლიციელების მიერ ადმინისტრაციული დაკავების გასაჩივრებას. კერძოდ, იმის ნაცვლად, რომ მათ გაესაჩივრებინათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 251-ე და პოლიციის შესახებ კანონის 56-ე მუხლის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება, მომჩივნებმა ეროვნული სასამართლოს შეფასებით, მოითხოვეს მათი ადმინისტრაციული წესით დაკავების კანონიერების პირდაპირი განხილვა ეროვნული სასამართლოების მიერ, რაც ეწინააღმდეგებოდა დადგენილ პროცედურას და პრაქტიკას. მეტიც, იმის ნაცვლად, რომ მოთხოვნა ფორმულირებული ყოფილიყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, სარჩელის საფუძველზე მომჩივნები ითხოვდნენ დაკავების ოქმების ბათილად ცნობას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, რის გამოც მომჩივნების მოთხოვნა არასწორად იყო ფორმულირებული. ამდენად, 2017 წლის 30 ნოემბერს მომჩივნების სარჩელი დაუშვებლად გამოცხადდა.
რაც შეეხება დაკავების გამო ზიანის ანაზრაურების მოთხოვნას, 2018 წლის 18 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნებმა ვერ შეძლეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 251-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის სწორად გამოყენება იმისათვის, რომ ედავათ უკანონო ადმინისტრაციული დაკავების შესახებ, რის გამოც ეროვნულმა სასამართლომ ვერ შეძლო გადაწყვეტილების მიღება იმასთან დაკავშირებით უნდა მიეღოთ თუ არა მათ კომპენსაცია სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის შესაბამისად. 2020 წლის 8 დეკემბერს სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
გ. სისხლისსამართლებრივი საჩივრები
მომჩივნებმა საჩივარი შეიტანეს ქ. თბილისის პროკურატურაში და მოითხოვეს თავისუფლების უკანონო აღკვეთის და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე გამოძიების დაწყება. ისინი აცხადებდნენ რომ პოლიციელებმა მათი მისამართით „სიძულვილის ენა“ გამოიყენეს. მომჩივნების უმრავლესობა ამტკიცებდა, რომ პოლიციელებს არ ეცვათ უნიფორმა და მათ მოთხოვნას წინააღმდეგობა სწორედ იმიტომ გაუწიეს, რომ ვერ გააცობიერეს, რომ სწორედ პოლიციელები ცდილობდნენ მათ დაკავებას. მომჩივნების ნაწილი აცხადებდა, რომ დაკავებისას მათ გარკვეული სახის დაზიანებები მიიღეს.
2016 წლის 15 დეკემბერს ქ. თბილისის პროკურატურამ დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება პოლიციელების მიერ სავარაუდო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. დაიკითხნენ მომჩივნების დაკავების პროცესში ჩართული პოლიციელები, რომლებმაც განაცხადეს, რომ მომჩივნების დაკავების დროს მათ ეცვათ პოლიციელის ფორმა. ამასთან, აღნიშნეს, რომ მომჩივნები არ დაემოჩილნენ მათ მოთხოვნას შეეწყვიტათ კედლებზე საღებავების წასმა და დაკავებისას წინააღმდეგობა გაუწიეს მათ. პოლიციელებმა განაცხადეს, რომ არც ერთი მომჩივანი მათი მხრიდან არ დაქვემდებარებია ფიზიკურ ან სიტყვიერ შეურაცხყოფას ადმინისტრაციული დაკვების დროს თუ მას შემდეგ.
სისხლის სამართლის საქმის გამოძიება პოლიციელების მიერ სავარაუდო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე მიმდინარეობდა.
II. კონვენციის მე-5 მუხლის სავარაუდო დარღვევა
74. მომჩივნები დავობდნენ რომ 2016 წლის 17 მაისს მათი ადმინისტრაციული დაკავება იყო უკანონო და თვითნებური. ისინი დაეყრდნენ კონვენციის მე-5 მუხლის 1-ელ პუნქტს, რომელიც შემდეგნაირად იკითხება:
„1. ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, თუ არა კანონით დადგენილი პროცედურის შესაბამისად და გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
გ. პირის კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება, უფლებამოსილი სამართლებრივი ორგანოს წინაშე მის წარსადგენად, როდესაც არსებობს ამ პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის საფუძვლიანი ეჭვი, ან საფუძვლიანად არის მიჩნეული პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის თუ მისი ჩადენის შემდეგ მიმალვის აღკვეთის აუცილებლობა.“
ა. დასაშვებობა
მხარეთა წარდგინებები75. მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივნებმა სათანადოდ ვერ ამოწურეს შესაბამისი შიდასამართლებრივი საშუალებები. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ მომჩივნებმა რამდენიმე საჩივარი შეიტანეს სხვადასხვა ორგანოებში, მთავრობის მტკიცებით მათ არ დაიცვეს სპეციალური პროცედურა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით დაკავების კანონიერების გასაჩივრებისათვის. ეს პროცედურა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 251-ე მუხლის მიხედვით, მოითხოვდა საჩივრის წადგენას პროკურატურაში ან შსს-ს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტში (ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია პოლიციის ქმედების ზედამხევდელობაზე) და მხოლოდ ამის შემდეგ, თუ იგი იქნებოდა შედეგით უკმაყოფილო, მას სარჩელი უნდა შეეტანა სასამართლოში. ამასთან დაკავშირებით მთავრობამ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მომჩივნებმა დაიწყეს სასამართლო პროცესი შსს-ს წინააღმდეგ, მათ არასწორად ჩამოაყალიბეს თავიანთი მოთხოვნა ადმინისტრაციული დაკავების ოქმების გასაჩივრებასთან დაკავშირებით, აცხადებდნენ, რომ ისინი იყო ბათილი და ძალადაკარგული, იმის მიუხედავად, რომ გაესაჩივრებინათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 251-ე მუხლის საფუძველზე საჩივრით დამდგარი შედეგი. ამასთან დაკავშირებით, მთავრობამ აღნიშნა, რომ ეროვნულ სასამართლოში განაცხადის შეტანის დროისთვის მომჩივნებმა კარგად იცოდნენ, რომ გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო დისციპლინური გამოძიება მათ საჩივრებთან დაკავშირებით. ამდენად, იმის ნაცვლად, რომ დალოდებოდნენ მის შედეგს და შემდეგ გაესაჩივრებინათ იგი, მათ აირჩიეს ადმინისტრაციული დაკავება პირდაპირ სასამართლო განხილვის შემდეგ - ქმედება, რომელიც არ შეესაბამებოდა არსებულ კანონებსა და პროცედურას. მთავრობამ ასევე განაცხადა, რომ მომჩივნებმა გაუშვეს ათ დღიანი ვადა საჩივრების შესატანად.
76. მომჩივნებმა განაცხადეს, რომ მთავრობის მიერ მოხსენიებული სამართლებრივი დაცვის საშუალება არაეფექტური აღმოჩნდა მათ საქმეში. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ მომჩივნებმა მიიღეს პასუხი მათ იერარქიულ საჩივარზე, საპასუხო წერილი შედგენილი იყო იმ პოლიციის განყოფილების მიერ, რომელიც მონაწილეობდა მათ დაკავებაში. შესაბამისად, აღნიშნული ორგანო არ წარმოადგენდა ზემდგომ ორგანოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 251-ე მუხლის შესაბამისად. უფრო მეტიც, წერილში არ იყო მითითებული მისი გასაჩივრების შესაძლებლობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი წესების დარღვევით. ამ პირობებში, მათ არ შეეძლოთ ამ პასუხის გასაჩივრება. რაც შეეხება შსს-ს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის გამოძიებას, მომჩივნებმა განაცხადეს, რომ პოლიციის თანამშრომლების დაკითხვა 11 თვით გაჭინაურდა, კითხვები იყო ზოგადი და ზოგიერთი ოფიცერი საერთოდ არ იყო დაკითხული. მომჩივნებმა განაცხადეს, რომ შესაბამისი სასამართლო განჩინებებით უსამართლოდ გამოცხადდა მათი საჩივარი დაუშვებლად იმის გამო, რომ მათ მოითხოვეს ადმინისტრაციული დაკავების ოქმის ბათილობა და არა სასამართლო განხილვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 251-ე მუხლის შესაბამისად. ისინი ასევე აცხადებდნენ, რომ ეროვნული სასამართლოები უნდა დახმარებოდნენ მათი საჩივრის სწორედ ფორმულირებაში.
სასამართლოს შეფასება77. რაც შეეხება წინამდებარე საქმის გარემოებებს, სასამართლო აღნიშნავს, რომ 2016 წლის 17 მაისს მომჩივნები დააკავეს იმ მოტივით, რომ ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ ბრძანებებს როდესაც მოხატეს კედელი იმ ადგილას, სადაც ამის უფლება არ ჰქონიათ. ისინი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, შემდეგ კი სასამართლოში, რის შემდეგაც იგი გაათავისუფლეს. ეროვნული კანონმდებლობა და პროცედურები ითვალისწინებდნენ ადმინისტრაციული დაკავების კანონიერების გასაჩივრებას. კერძოდ, ერთ-ერთი ასეთი ხერხი იყო მათ მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წარმოება (იხ., Kakabadze and Others v. Georgia, no. 1484/07, § 54, 2 October 2012). მიუხედავად იმისა, რომ მომჩივნები აპროტესტებდნენ მათი დაკავების კანონიერებას პირველი ინსტანციის სასამართლოს წინაშე, ამ უკანასკნელმა არ განიხილა საჩივარი და უბრალოდ გაამართლა ისინი პოლიციის კანონიერი ბრძანებების დაუმორჩილებლობის ბრალდებაში იმ მოტივით, რომ ბრალდების დამადასტურებელი ფაქტები არ იქნა დადასტურებული.
78. განთავისუფლების შემდეგ, მომჩივნებმა გააპროტესტეს მათი დაკავების კანონიერება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 251-ე მუხლის საფუძველზე. ამასთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ როდესაც მომჩივანი დავობს, რომ იგი დააკავეს ეროვნული კანონმდებლობის დარღვევით და როდესაც პატიმრობა დასრულდა, სამართლებრივი დაცვის საშუალება რომლითაც შესაძლებელია სავარაუდო დარღვევის აღიარება და კომპენსაციის მინიჭება, პრინციპში არის ეფექტური საშუალება რომელიც უნდა იქნას გამოყენებული, თუ მისი ეფექტურობა პრაქტიკაში დამაჯერებლად არის დადგენილი (იხ. Selahattin Demirtaş v. Turkey (no. 2) [GC], no. 14305/17, § 208, 22 December 2020). ამგვარად, სტრასბურგის სასამართლო განიხილავს მთავრობის არგუმენტს იმის შესახებ, რომ განსახილველი საშუალება იყო ეფექტური და რომ მომჩივნებმა არასწორედ დააყენეს ეს საკითხი, რითაც ხელისუფლებას ჩამოერთვა შესაძლებლობა, განეხილათ მათი საჩივრები კონვენციის მე-5 მუხლის საფუძველზე, სანამ საქმეს სტრასბურგის სასამართლოში შეიტანდნენ.
79. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 251-ე მუხლი ითვალისწინებდა ორეტაპიან პროცედურას. ადმინისტრაციული დაკავების უკანონობაზე საჩივრის შეტანა აუცილებელი იყო შსს-ს გენერალურ ინსპექციაში ან პროკურატურაში და წარუმატებლობის შემთხვევაში იყო შესაძლებელი სასამართლოსთვის მიმართვა. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამგვარი ქმედება თავისთავად არ იყო არაეფექტური იმის გათვალისწინებით, რომ იგი უშვებდა ადმინისტრაციული ორგანოების გადაწყვეტილებების სასამართლო გადახედვის შესაძლებლობას (იხ. მაგ., Smirnova v. Russia (dec.), no. 37267/04, §§ 39 and 48, 8 July 2014).
80. მომჩივნები და მთავრობა ვერ შეთანხმდნენ განსახილველი დაცვის საშუალებების გამოყენების ხანდაზმულობის ვადებსა და მის ეფექტურობასთან დაკავშირებით. თუმცა, ხანდაზმულობის საკითხის მიღმა და თუნდაც მთავრობის მიერ შემოთავაზებული საშუალების ზოგადი ეფექტურობის დაშვებით, წინამდებარე საქმის კონკრეტულ გარემოებებში, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ შეიძლება მომჩივნების გაკიცხვა იმის გამო, რომ მათ არ შეასრულეს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ფორმალობები.
81. კერძოდ, მომჩივნებმა ადმინისტრაციული დაკავების კანონიერებასთან დაკავშირებით საჩივრები შეიტანეს შსს-სა და მის გენერალურ ინსპექციაში. თუმცა, გენერალური ინსპექციის მიერ ოფიციალური გადაწყვეტილების გამოტანის ნაცვლად, მომჩივნების საჩივარი განიხილებოდა სადავო ინციდენტში ჩართული პოლიციის განყოფილების მიერ. გარდა ამისა, იმის ნაცვლად, რომ მიეღო გადაწყვეტილება, რომელიც გასაჩივრებას ექვემდებარებოდა, პოლიციამ მომჩივანს მხოლოდ მოკლე წერილი გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამია, რომ შესაბამისი ოფიცრები მომჩივნების დაკავებისას მოქმედებდნენ კანონის სრული დაცვით და რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ უკვე გამოიტანა თავისი გადაწყვეტილებები მომხდართან დაკავშირებით.
82. ამასთან დაკავშირებით, და მიუხედავად იმისა, რომ მომჩივნების მიერ მათი ადმინისტრაციული დაკავების უკანონობისა და თვითნებობის მოტივით აღძრული სასამართლო პროცესი აშკარად უჩვეულოდ წარიმართა, თბილისის სააპელაციო სასამართლომ უარი თქვა საქმის არსებით განხილვაზე. მან განაცხადა, რომ იგი არ იყო უფლებამოსილი ჩართულიყო უშუალოდ პოლიციის ქმედებების განხილვაში იმის გამო, რომ სასამართლოს აზრით, მომჩივნები ადეკვატურად არ ჩაერთვნენ სასამართლო საქმისწარმოებაში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 251-ე მუხლის შესაბამისად. მან ასევე აღნიშნა, რომ იმის ნაცვლად, რომ გაესაჩივრებინათ პოლიციის ფაქტობრივი ქმედებების კანონიერება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, მომჩივნებმა არასწორად მოითხოვეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საფუძველზე, მათი ადმინისტრაციული დაკავების ოქმების ბათილად ცნობა.
83. ამასთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლო კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ ეროვნულ სასამართლოებს ევალებათ განმარტონ და გამოიყენონ შესაბამისი ეროვნული კანონები და პროცედურები მათ წინაშე წარდგენილ საჩივრებზე (იხ. Bosphorus Hava Yolları Turizm ve Ticaret Anonim Şirketi v. Ireland [GC], no. 45036/98, § 143, ECHR 2005-VI). თუმცა, როდესაც საქმე ეხება შიდასამართლებრივი საშუალებების ამოწურვის წესს, ის უნდა იქნას გამოყენებული გარკვეული მოქნილობით და ზედმეტი ფორმალობის გარეშე, ადამიანის უფლებების დაცვის კონტექსტში (იხ. Zalyan and Others v. Armenia, nos. 36894/04 and 3521/07, § 234, 17 March 2016). ეს წესი არც აბსოლუტურია და არც ავტომატურად გამოყენებადი; იმის განხილვისას დაცული იქნა თუ არა იგი, აუცილებელია გავითვალისწინოთ თითოეული ცალკეული შემთხვევის კონკრეტული გარემოებები (იხ. Akdivar and Others v. Turkey, 16 September 1996, § 69, Reports of Judgments and Decisions 1996-IV; იხ. ასევე, mutatis mutandis, Ateş Mimarlik Mühendislik A.Ş. v. Turkey, no. 33275/05, § 39, 25 September 2012).
84. ამ კონტექსტში, და როგორც მომჩივნების საჩივრის არსი, რომელიც დაკავშირებულია მათი ადმინისტრაციული დაკავების უკანონობასთან, სტრასბურგის სასამართლოს არ მიაჩნია დაუსაბუთებლად მათი მოთხოვნა ადმინისტრაციული დაკავების ოქმების (ერთადერთი დოკუმენტები, რომლებიც მიუთითებენ მათი ადმინისტრაციული დაკავების საფუძველზე) ბათილად ცნობის შესახებ, სავარაუდო უკანონობისა ან/და თვითნებობის გამო. ამასთან დაკავშირებით, ის ასევე ითვალისწინებს სასამართლოს ზოგად პოზიციას, რომ სწორედ ეს ოქმები უნდა გასაჩივრებულიყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 251-ე მუხლის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, ეროვნული სასამართლოების მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით ზედმეტად ფორმალისტური იყო.
85. რაც მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა არ დაადგინეს, რომ მომჩივნებმა დაუშვეს რაიმე შეცდომა ან გამოტოვეს რაიმე საფეხური იერარქიული საჩივრის შეტანისას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 251-ე მუხლის საფუძველზე. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ მომჩივნების განცხადება ეხებოდა ამ საჩივრის შედეგს და მოკლე წერილს (და არა გასაჩივრებად გადაწყეტილებას) იმავე პოლიციის განყოფილებიდან რომელიც მონაწილეობდა სადავო მოვლენებში, ეროვნულმა სასამართლოებმა არ განიხილეს გადამწყვეტი საკითხი იმის თაობაზე, ხელისუფლების ამგვარი ქმედებებით არსებითად ჩამოერთვათ თუ არა მომჩივნებს უფლება, გადაეხედათ სასამართლოს მიერ განხილული მათი დაკავების კანონიერება. შესაბამისად, შეიძლება ჩაითვალოს, რომ მომჩივნებმა ისარგებლეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 251-ე მუხლით გათვალისწინებული საშუალებით, რომელიც არაეფექტური აღმოჩნდა მათ საქმესთან დაკავშირებულ კონკრეტულ გარემოებებში.
86. რაც შეეხება მომჩივნების მოთხოვნას კომპენსაციის თაობაზე ეროვნულ დონეზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს მოთხოვნა, როგორც აღნიშნა თბილისის საქალაქო სასამართლომ, დაკავშირებული იყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 251-ე მუხლით დაწყებულ სამართალწარმოებასთან. ამ უკანასკნელი სამართალწარმოების ეფექტურობასთან დაკავშირებით სასამართლოს დასკვნების გათვალისწინებით, მომჩივნებს არ მოეთხოვებოდათ კომპენსაციის შესახებ სამართალწარმოების გაგრძელება.
87. ზემოაღნიშნული მოსაზრებების გათვალისწინებით, სასამართლო ასკვნის, რომ მთავრობის მიერ მოხსენიებული სამართლებრივი დაცვის საშუალება არაეფექტური აღმოჩნდა წინამდებარე მომჩივნებთან დაკავშირებულ გარემოებებში. აქედან გამომდინარე, იგი არ ეთანხმება მთავრობის პრეტენზიებს.
88. სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს საჩივარი არც აშკარად დაუსაბუთებელია და არც დაუშვებელია 35-ე მუხლში ჩამოთვლილი სხვა საფუძვლების გამო. შესაბამისად, იგი დასაშვებად უნდა გამოცხადდეს.
ბ. არსებითი გარემოებები
მხარეთა წარდგინებები89. მთავრობამ განაცხადა, რომ ის ფაქტი, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის საქმისწარმოება, პოლიციის კანონიერი ბრძანებებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, შეწყდა მტკიცებულებების ნაკლებობის გამო, არ ადასტურებს, რომ პოლიციის მიერ დაკავების დროს არ არსებობდა „გონივრული ეჭვი“. ამასთან დაკავშირებით, მომჩივნებმა პირდაპირ აღიარეს, რომ მათ სცადეს გაქცევა შემთხვევის ადგილიდან და არ ითანამშრომლეს პოლიციასთან. ამასთან დაკავშირებით, მომჩივნებმა სიტყვიერად აღიარეს, რომ ისინი კანონდარღვევის ადგილიდან გაქცევას ცდილობდნენ და არ ითანამშრომლეს პოლიციასთან. მთავრობამ განაცხადა, რომ კონვენციის მე-5 მუხლი არ შეიძლება განიმარტოს ისე, რომ პოლიციისთვის შეუძლებელი გახადოს წესრიგის დაცვა და საზოგადოების დაცვა, იმ პირობით, რომ ისინი შეესაბამებოდნენ მე-5 მუხლით გარანტირებულ პირთა თვითნებობისგან დაცვის ვალდებულებას. ისინი აცხადებდნენ, რომ მომჩივანთა დაკავება სრულად შეესაბამებოდა ეროვნულ კანონმდებლობას და ექცეოდა მე-5 მუხლით გარანტირებული დაცვის ფარგლებში. კერძოდ, მთავრობის განცხადებით, მომჩივანთა ადმინისტრაციული დაკავება ექცეოდა ადმინისტრაციულ დამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე მუცლისა და კონვენციის მე-5 მუხლის 1-ელი (გ) პუნქტის ფარგლებში, და ემსახურებოდა შემდეგ მიზნებს: (i) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თავიდან აცილება (შენობაზე დახატვა რისი უფლებამოსილებაც არ ჰქონდათ და პოლიციის ბრძანებების დაუმორჩილებლობა); (ii) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და ადმნისტრაციული დაკავების ოქმის შედგენის დაშვება (რომლის მომზადებაც შემთხვევის ადგილზე შეუძლებელი იყო); და (iii) იმის უზრუნველყოფა, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე საქმეს სასამართლო სათანადოდ განიხილავს.
90. მომჩივნებმა განაცხადეს, რომ არ არსებობდა მათი დაკავების კანონიერი საფუძველი. კერძოდ, პოლიციას არ ეკეთა სამკერდე ნიშანი და არ გაუცია გაფრთხილება დაკავების პროცედურების დაწყებამდე. აქედან გამომდინარე, მომჩივნები ფიქრობდნენ, რომ სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი მამაკაცები ულტრაკონსერვატიული ჯგუფების წარმომადგენლები იყვნენ და ამან აიძულა ისინი გაქცეულიყვნენ. მხოლოდ მოგვიანებით, ამ პირების ფიზიკური კონტროლის ქვეშ მოქცევის დროს, მომჩივნებმა გაცნობიერეს, რომ მათ პოლიციელები დევნიდნენ. იმის გათვალისწინებით, რომ ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციის ბრძანებებს (რაც ასევე დადასტურდა ეროვნული სასამართლოების მიერ, რომლებიც ამართლებდნენ ყველა მომჩივანს ამ ბრალდებაში), მომჩივნების თქმით, არ არსებობდა მათი დაკავების საფუძველი, ვინაიდან ბრალდება, რომელიც ეხებოდა შენობის კედლების დემონტაჟს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით არ ითვალისწინებდა პატიმრობის სანქციას და არ იძლეოდა ადმინისტრაციული დაკავების შესაძლებლობას. მომჩივნებმა დამატებით განაცხადეს, რომ მთავრობამ ვერ შეძლო მათი დაკავების აუცილებლობისა და პროპორციულობის საკითხების მოგვარება.
91. მესამე მხარემ, იურიდიული კულტურის ინსტიტუტის ორდო იურისმა, სხვა საკითხებთან ერთად, შეიმუშავა ზოგადი პრინციპები კონვენციის მე-5 მუხლის 1-ელ (გ) პუნქტთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ პირის შემდგომი გამართლება არ აქცევს თავდაპირველ დაკავებას გონივრულ ეჭვს მოკლებულად და შესაბამისად, უკანონოს ამ დებულების მნიშვნელობით,
სასამართლოს შეფასება
(ა) ზოგადი პრინციპები
92. გარდა იმისა, რომ ნებისმიერი თავისუფლების აღკვეთა უნდა შეესაბამებოდეს მე-5 (1) მუხლით გათვალისწინებულ (a) – (f) პარაგრაფებს, ის ასევე უნდა იყოს „კანონიერი“. როდესაც საკითხი შეეხება დაკავების „კანონიერებას“, მათ შორის მოხდა თუ არა დაკავება „კანონით დადგენილი პროცედურის შესაბამისად“ აღნიშნული უკავშირდება ეროვნულ კანონმდებლობას. კონვენციის შესაბამისად, დაკავება უნდა მოდიოდეს შესაბამისობაში ეროვნული კანონმდებლობის მატერიალურ და პროცესუალურ მოთხოვნებთან (იხილეთ Denis and Irvine v. Belgium [GC], nos. 62819/17 and 63921/17, § 125, 1 ივნისი 2021).
93. თავისუფლების ნებისმიერი აღკვეთა უნდა განხორციელდეს „კანონით დადგენილი პროცედურის შესაბამისად“ , ამ დანაწესით მე-5 (1) მუხლი ითვალისწინებს ვალდებულებას, რომ ნებისმიერი დაკავების ან პატიმრობის საფუძველი უნდა არსებობდეს ეროვნულ კანონმდებლობაში, თუმცა აღნიშნული არ უკავშირდება მხოლოდ ეროვნულ კანონმდებლობას. ის ასევე შეეხება კანონის ხარისხს, კერძოდ, ვალდებულებას, რომ ის იყოს კანონის უზენაესობასთან შესაბამისობაში. ეს კონცეფცია, კონვენციის ყველა მუხლის შემადგენელი ნაწილია. ამ კუთხით, ევროსასამართლო ხაზს უსვამს, რომ როდესაც ადგილი აქვს თავისუფლების აღკვეთას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დაკმაყოფილდეს სამართლებრივი სიცხადის პრინციპი. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ ცხადად განიმარტოს ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის საფუძვლები და უშუალოდ კანონის გამოყენება იყოს განჭვრეტადი, იმისათვის, რომ მან უპასუხოს კონვენციით გათვალისწინებული „კანონიერების“ სტანდარტს, რაც გულისხმობს ყველა კანონის საკმარისი სიცხადით ფორმულირებას, იმისათვის, რომ პირს შეეძლოს საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი რჩევით - წინასწარ განსაზღვრს, გარემოებების გონივრულობიდან გამომდინარე, განხორციელებული ქმედებისთვის გათვალისწინებული შედეგები (იხილეთ Khlaifia and Others v. Italy [GC], no. 16483/12, §§ 91-92, 15 დეკემბერი 2016; Del Río Prada v. Spain [GC], no. 42750/09, § 125, ECHR 2013; და Denis and Irvine, ციტირებულია ზემოთ, § 128).
94. ეროვნულ კანონმდებლობასთან შესაბამისობასთან ერთად, მე-5 (1) მუხლის საფუძველზე ნებისმიერი თავისუფლების აღკვეთა უნდა პასუხობდეს ინდივიდის თვითნებობისგან დაცვის მიზანს (იხილეთ Rooman v. Belgium [GC], no. 18052/11, § 190, 31 იანვარი 2019, და Denis and Irvine, ციტირებულია ზემოთ, § 129).
95. თვითნებური დაკავება არ არის მე-5 (1) მუხლის შესაბამისი, ამ კონტექსტში „თვითნებობა“ უფრო ფართო ცნებაა ვიდრე ეროვნულ კანონმდებლობასთან შესაბამისობის ნაკლებობა. შედეგად, თავისუფლების აღკვეთა, რომელიც კანონიერია ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, შეიძლება მაინც იყოს თვითნებური და ამდენად, კონვენციასთან შეუსაბამო (იხილეთ Mooren v. Germany [GC], no. 11364/03, § 77, 9 ივლისი 2009, და Saadi v. the United Kingdom [GC], no. 13229/03, § 67, ECHR 2008).
96. მიუხედავად იმისა, რომ ევროსასამართლოს არ შეუმუშავებია ზოგადი განმარტება იმისა, თუ ხელისუფლების ორგანოების რომელი ქმედება იქნება „თვითნებური“ კონვენციის მე-5 (1) მუხლის შესაბამისად, სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე ჩამოყალიბდა მთავარი პრინციპები. ამასთან, როგორც სასამართლო პრაქტიკიდან ჩანს, მე-5 მუხლის კონტექსტში თვითნებობის ცნება დამოკიდებულია დაკავების ტიპზე (იხილეთ S. V. and A. v. Denmark [GC], nos. 35553/12 და 2 სხვა, § 75, 22 ოქტომბერი 2018).
97. პრეცედენტული სამართლით დამკვიდრებული ერთ-ერთი ზოგადი პრინციპის თანახმად, დაკავება იქნება „თვითნებური“ მაშინ, როდესაც მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი განხორციელდა ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, ხელისუფლების მხრიდან არსებობდა არაკეთილსინდისიერების ან მოტყუების ელემენტი ან მაშინ, როდესაც ეროვნული ხელისუფლების ორგანოებმა არ გამოიყენეს რელევანტური კანონმდებლობა სწორად (იქვე, § 76, შემდგომი მითითებებით).
98. თვითნებობის თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია, რომ თავისუფლების აღკვეთის შესახებ ბრძანება და მისი აღსრულება შესაბამისობაში იყოს მე-5 (1) მუხლის რელევანტური ქვეპარაგრაფებით ნებადართულ შეზღუდვის მიზნებთან. გარდა ამისა, გარკვეული კავშირი უნდა არსებობდეს თავისუფლების აღკვეთის დასაშვებ საფუძველს, დაკავების ადგილსა და პირობებს შორის (იხილეთ Rooman, ციტირებულია ზემოთ, § 190, და Saadi, ციტირებულია ზემოთ, § 69).
99. მე-5 მუხლის 1-ელი პარაგრაფის (c ) ქვეპუნქტის (სამართალდარღვევის ჩადენის საფუძვლიანი ეჭვი) საფუძველზე, ევროსასამართლომ დაადგინა, რომ „იმისათვის, რომ თავისუფლების აღკვეთა არ იქნეს მიჩნეული თვითნებურად, არ არის საკმარისი გამოყენებული ღონისძიების მხოლოდ ეროვნულ კანონმდებლობასთან შესაბამისობა, ის ასევე უნდა იყოს აუცილებელი არსებულ სიტუაციაში“. (b), (d) და (e) ქვეპუნქტების საფუძველზე, ევროსასამართლომ დაადგინა, რომ თვითნებობის არსებობის შეფასებისას ხდება განსაზღვრა იმისა, იყო თუ არა დაკავება მიზანთან შესაბამისობაში. პირის დაკავება არის ისეთი სერიოზული ღონისძიება რაც გამართლებულია, როგორც უკანასკნელი ღონისძიება მაშინ, როდესაც სხვა ნაკლებად მკაცრი ღონისძიება იქნა განხილული თუმცა აღმოჩნდა არასაკმარისი ინიდვიდის ან საზოგადოებრივი ინტერესის დასაცავად და ამდენად აუცილებელია პირის დაკავება (იხილეთ,. S., V. and A. v. Denmark, cited above, § 77; Saadi, ციტირებულია ზემოთ, § 70; and Denis and Irvine, ციტირებულია ზემოთ, § 130).
(ბ) ამ პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში
100. ევროსასამართლო აღნიშნავს, რომ დაკავების ოფიციალური ოქმების თანახმად, მომჩივნების ადმინისტრაციული დაკავება და პატიმრობა განხორციელდა პოლიციელების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის და შენობაზე უნებართვო წარწერის გაკეთების გამო. თუმცა, ამ ორი სამართალდარღვევიდან მხოლოდ პოლიციელების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ითვალისწინებდა ადმინისტრაციულ პატიმრობას დაახლოებით 12 საათის განმავლობაში (შეადარეთ პარაგრაფები 44-45 და 55 ზემოთ, ამასთან იხილეთ Makhmudov v. Russia, no. 35082/04, §§ 81-85, 26 ივლისი 2007).
101. მომჩივნები მუდმივად უარყოფდნენ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე პოლიციელების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტს. ისინი აცხადებდნენ, რომ პოლიციელებისგან გაიქცნენ ისე, რომ ვერ გააცნობიერეს, რომ ამ პირებს ჰქონდათ ოფიციალური სტატუსი, რადგან მათ არ ეცვათ პოლიციელების უნიფორმა ან რაიმე სხვა მაიდენტიფიცირებელი ნიშანი. მომჩივნებმა ეროვნული ხელისუფლების ორგანოების წინაშე წარადგინეს ფოტოსურათი, რაც სავარაუდოდ ადასტურებდა მათ განცხადებას. მიუხედავად ამისა, ეს არგუმენტი ეროვნულ დონეზე არ ყოფილა განხილული (იხილეთ, პარაგრაფები 77-78 ზემოთ). მთავრობის მიერ ევროსასამართლოში წარდგენილ პოზიციაში არ იყო ასახული ფაქტი ან რაიმე ინფორმაცია რაც დაკავშირებული იქნებოდა პოლიციელების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასთან გარდა უშუალოდ პოლიციელების მონათხრობისა, რაც არადამაჯერებელი იყო ეროვნული სასამართლოების წინაშე საქმის წარმოების დროს. ამ გარემოებების მხედველობაში მიღებით, ევროსასამართლოს მიაჩნია, რომ მომჩივნების განცხადება, რომ პოლიციელებს არ ჰქონიათ კანონიერი მოთხოვნა ან არ სცმიათ უნიფორმა, რამაც აიძულა ისინი გაქცეულიყვნენ - ქმედება, რომელსაც ბრალდება ეფუძნებოდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის შესაბამისად, ავალდებულებდა ეროვნულ სასამართლოებს აღნიშნულისთვის გაეცათ მკაფიო პასუხი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ან სხვა სამართალწარმოების ფარგლებში. აღნიშნული შესაძლებლობას მისცემდა ეროვნულ სასამართლოებს და ევროსასამართლოს შეეფასებინათ არსებობდა თუ არა „საფუძვლიანი ეჭვი“ მომჩივნების დაკავების დროს კონვენციის მე-5 (1) მუხლის (c ) ქვეპუნქტის შესაბამისად.
102. ნებისმიერ შემთხვევაში, მაშინაც თუ მივიჩნევთ, რომ პოლიციელებმა მომჩივნები დააკავეს „საფუძვლიანი ეჭვის“ საფუძველზე, იმიტომ რომ მათ ჩაიდინეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრული ქმედება, ევროსასამართლო ხელმეორედ აღნიშნავს, რომ იმისათვის, რომ თავისუფლების აღკვეთა არ იქნეს მიჩნეულ თვითნებურად კონვენციის მე-5 (1) მუხლის შესაბამისად, არ არის საკმარისი აღნიშნული ღონისძიების მხოლოდ ეროვნულ კანონმდებლობასთან შესაბამისობა, ის ასევე უნდა იყოს აუცილებელი არსებულ გარემოებებში (იხილეთ Nemtsov v. Russia, no. 1774/11, § 101, 31 ივლისი 2014; Butkevich v. Russia, no. 5865/07, § 64, 13 თებერვალი 2018; და Teslenko and Others v. Russia, nos. 49588/12 და 3 სხვა, § 83, 5 აპრილი 2022). ეროვნულ დონეზე არ მომხდარა იმის შეფასება რამდენად იყო აუცილებელი მომჩივნების პატიმრობაში დატოვება დაახლოებით 12 საათის განმავლობაში.
103. ამ კუთხით, ევროსასამართლო ითვალისწინებს მთავრობის განცხადებას რომ მომჩივნების ადმინისტრაციული პატიმრობა აუცილებელი იყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და ადმინისტრაციული პატიმრობის ოქმების შესადგენად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქმე სათანადოდ იქნებოდა განხილული სასამართლოს მიერ (იხ. §89 ზემოთ). თუმცა, რელევანტური ოქმებით არ ჩანს სად იყო ოქმები შედგენილი. ნებისმიერ შემთხვევაში, მხოლოდ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო მოხდა მომჩივნების თავდაპირველი დაკავება და შემდგომი პატიმრობა, რაც დაახლოებით 12 საათს გაგრძელდა. შესაბამისად, ევროსასამართლო ვერ გაიზიარებს მთავრობის მიერ წარდგენილ პოზიციას, რომელიც არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით. ეროვნული ხელისუფლების ორგანოები ვალდებულები იყვნენ განესაზღვრათ იყო თუ არა თავისუფლების აღკვეთა მოცემულ საქმეში „გონივრულად აუცილებელი“ ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსის 244 § 1 მუხლის შესაბამისად (იხილეთ პარაგრაფი 44 ზემოთ).
104. მომჩივნების მიმართ გამოყენებული ადმინისტრაციული პატიმრობა როგორც ჩანს იყო ავტომატური ღონისძიება, რა დროსაც არ მომხდარა მისი გამოყენების აუცილებლობის შეფასება. ამ კუთხით, ევროსასამართლოს შეფასებით, არ ჩანს, რომ ეროვნული კანონმდებლობა ავალდებულება ხელისუფლების ორგანოებს დიფერენცირება მოეხდინათ ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსის 24-ე მუხლის 1-ელ პუნქტში ჩამოთვლილი საფუძვლების ან დაესაბუთებინათ ადმინისტრაციული პატიმრობის საჭიროება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სამართალწარმოების დროს. ევროსასამართლო იმეორებს, რომ მე-5 (1) მუხლის ( c ) ქვეპუნქტის შესაბამისად, დაკავებამ უნდა დააკმაყოფილოს პროპორციულობის მოთხოვნა, რაც ითვალისწინებს დასაბუთებულ გადაწყვეტილების არსებობას, რომლის საფუძველზეც დაბალანსდება არგუმენტები პატიმრობაში დატოვების ან გათავისუფლების თაობაზე (იხილეთ Butkevich, ციტირებულია ზემოთ, § 64). ამასთან, ხელისუფლების ორგანოებს უნდა მიეღოთ მხედველობაში ის ფაქტი, რომ ღონისძიება გამოყენებული იყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კონტექსტში, ფუნდამენტური უფლებით სარგებლობის დროს, კერძოდ, გამოხატვის და შეკრების თავისუფლების კონტექსტში (ibid.).
105. ამ გარემოებების მხედველობაში მიღებით, ევროსასამართლო ადგენს, რომ მომჩივნების ადმინისტრაციული პატიმრობა იყო თვითნებური. შვიდივე მომჩივანთან მიმართებით დაირღვა კონვენციის მე-5 § 1 მუხლის ( c ) ქვეპუნქტი.
V. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
“თუ სასამართლოს დაასკვნის, რომ დაირღვა კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლება, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდა სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს”
ზიანი
დადგენილი დარღვევის ხასიათის მხედველობაში მიღებით და სამართლიანობის გათვალისწინებით, ევროსასამართლომ თითოეულ მომჩივანს მიაკუთვნა 2000 ევრო არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად, ამასთან ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება ამ თანხასთან იყოს დაკავშირებული.
მოთხოვნა ხარჯების ანაზღაურებაზე არ დაკმაყოფილდა.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ევროსასამართლომ ერთხმად დაადგინა
კონვენციის მე-5 § 1 მუხლის დარღვევა;საჩივარი კონვენციის მე-3, მე-8, მე-11 და მე-14 მუხლებთან დაკავშირებით დაუშვებლად გამოცხადდა.საჭიროდ არ იქნა მიჩნეული საჩივრის ფარგლების და დასაშვებობის ცალკე, კონვენციის მე-13 მუხლის საფუძველზე განხილვა.