Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N168
2013 წლის ნოემბერი
ე.ბ. და სხვები ავსტრიის წინააღმდეგ (E.B. and Others v. Austria)
(საჩივარი- N31913/07, N38357/07, N48098/07)
გადაწყვეტილება, 7 ნოემბერი, 2013 [1-ლი სექცია]
მე-14 მუხლი
დისკრიმინაცია
ფაქტები: 1983 წლიდან 2001 წლამდე პერიოდში მომჩივნებს მსჯავრი დაედოთ სისხლის სამართლის კოდექსის 209–ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებში. აღნიშნული მუხლი, რომლის მიხედვითაც სრულწლოვნებს შორის ჰომოსექსუალური ურთიერთობები და აგრეთვე 14-დან 18 წლამდე მამრობითი სქესის მქონე პირის დათანხმება სექსუალურ კავშირზე დანაშაულს წარმოადგენდა, გაუქმდა საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ამ მუხლს შეიძლება გამოეწვია თვითნებური შედეგები და ის არ იყო ობიექტურად გამართლებული. ევროპულმა სასამართლომ ეს დებულება დისკრიმინაციულად ცნო, ვინაიდან ის ვრცელდებოდა მხოლოდ მამაკაცებს შორის ჰომოსექსუალურ ურთიერთობებზე*. სისხლის სამართლის კოდექსის აღნიშნული დებულების გაუქმების შემდგომ, მომჩივნებმა განაცხადეს, რომ მათ სურდათ ნასამართლობა მოხსნა, მაგრამ ამ მოთხოვნას უარი ეთქვა იმ საფუძვლებით, რომ შინაგან საქმეთა ფედერალურ სამინისტროს არ ჰქონდა იმ ნასამართლობის მოხსნის უფლებამოსილება, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად იყო დაკისრებული.
სამართალი: მე–14 მუხლი მე–8 მუხლთან ერთობლიობაში: ნასამართლობის შესახებ ინფორმაცია მჭიდროდ იყო დაკავშირებული პირად ცხოვრებასთან, მისი სენსიტიური ბუნებისა და იმ ზემოქმედების გათვალისწინებით, რაც შეიძლებოდა ჰქონოდა მას პიროვნებაზე. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე მე–14 მუხლი მე–8 მუხლთან ერთობლიობაში გამოყენებადი იყო.
სისხლის სამართლის დებულებების შეცვლა ან გაუქმება, საზოგადოებაში შეცვლილ გარემოებებთან ადაპტირების მიზნით, ნორმალური იყო. ის უბრალო ფაქტს, რომ სისხლისსამართლებრივი მსჯავრდება სამართლებრივ დებულებას ეფუძნებოდა, რომელმაც შემდგომში დაკარგა ძალა, წესით გავლენას არ უნდა ახდენდეს იმაზე, უნდა მოიხსნას თუ არა ნასამართლობა, ვინაიდან მსჯავრდება არსებითად ეხება წარსულში მომხდარ ფაქტს. დანაშაულის გაუქმება ან მისი ძირითადი ელემენტების ცვლილება არ გულისხმობდა, რომ დებულება, მაშინ როცა ის ძალაში იყო და გამოიყენებოდა, არ აკმაყოფილებდა კონსტიტუციური სამართლის მოთხოვნებს.
თუმცაღა, სიტუაცია განსხვავებული იყო მომჩივნების საქმეში. პარლამენტმა სისხლის სამართლის კოდექსის 209–ე მუხლი გააუქმა და ჩაანაცვლა არსებითად განსხვავებული დებულებით, რადგან საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ის არ იყო ობიექტურად გამართლებული და შესაბამისად, იყო არაკონსტიტუციური. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ამ დებულების მიხედვით გამოტანილი მსჯავრდებები იყო დისკრიმინაციული ხასიათის. სისხლის სამართლის კოდექსის ახალი დებულება წარდგენილი იყო კონსტიტუციასთან შეუსაბამო დებულების აღმოფხვრის და არა ცვალებადი საზოგადოების საჭიროებასთან სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. მომჩივნების საქმის ეს მახასიათებელი მოითხოვდა საკანონმდებლო ხელისუფლებისგან განსხვავებულ პასუხს. ვინაიდან 209–ე მუხლის საფუძველზე დაკისრებული მსჯავრდებების შენახვას სისხლისსამართლებრივ ჩანაწერებში შესაძლოა ჰქონოდა სერიოზული შედეგები პიროვნებებისთვის, მაშინ როდესაც აღნიშნული მუხლი შეიცვალა იმისთვის, რომ კანონმდებლობა შესაბამისობაში მოსულიყო მამაკაცსა და ქალს შორის თანასწორობის თანამედროვე სტანდარტებთან. საკანონმდებლო ხელისუფლებას უნდა წარმოედგინა შესაბამისი ღონისძიებები, მაგალითად დაეშვა გამონაკლისი ნასამართლობის მოხსნის ზოგადი წესიდან. თუმცაღა, მთავრობას არ წარმოუდგენია ახსნა–განმარტება იმის თაობაზე, თუ რატომ არ მოიქცნენ ამგვარად.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
სასამართლომ ასევე ერთხმად დაადგინა, რომ დაირღვა მომჩივნების უფლება სამართლებრივი დაცვის ეფექტურ საშუალებაზე, რომელიც გათვალისწინებულია კონვენციის მე–13 მუხლით.
41-ე მუხლი: 5,000 ევრო თითოეულ მომჩივანს არამატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით.
* იხილეთ, მაგალითად, L. and V. v. Austria, 39392/98 და 39829/98, 9 იანვარი 2003, Information Note 49.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy