დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე
2011 წლის მაისი
ებსინი თურქეთის წინააღმდეგ (Ebcin v. Turkey)
(საჩივარი- 19506/05)
გადაწყვეტილება, 1 მაისი, 2011 [მე-2 სექცია]
მე-3 მუხლი
მე-8 მუხლი
ფაქტები – თურქი ეროვნების აპლიკანტი - ასიე ებსინი დაიბადა 1967 წელს და ცხოვრობს სტამბოლში. 1994 წელს, ქალბატონ ებსინს, რომელიც პროფესიით მასწავლებელია, სამსახურისკენ მიმავალ გზაზე, დიარბაკირის რაიონში, ქუჩაში თავს დაესხა ორი პიროვნება, რომლებმაც მას მჟავა შეასხეს სახეში. მას წელიწადნახევრის განმავლობაში არ შეეძლო მუშაობა, ხოლო სამი წლის განმავლობაში გადიოდა თერაპიულ კურსს. აპლიკანტი კვლავ იტანჯებოდა სერიოზული ფიზიკური ტრამვებით: მარცხენა ქუთუთოს მოძრაობის ნაწილობრივი დაკარგვით, ნესტოების შევიწროვებით, რაც ძილის დროს ცხვირის მილების გამოყენებას საჭიროებდა, პირის დახურვის უუნარობითა და კისრის ხანგრძლივი შესივებით.
მომჩივანმა წარმოადგინა თურქეთის ადამიანის უფლებათა ფონდის ანგარიში, რომლის მიხედვითაც, 143 მასწავლებელი მოკლულ იქნა სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში 1984-1995 წლებში. 91 მათგანის მკვლელობა მიეწერა PKK-ს (ბასრას მუშათა პარტია, უკანონო ორგანიზაცია). აპლიკანტი ამტკიცებდა, რომ ხელისუფლებას არაფერი მოუმოქმედებია ამგვარი თავდასხმების თავიდან ასაცილებლად.
1997 წელს აპლიკანტმა მოითხოვა კომპენსაცია. ადმინისტრაციულმა სასამართლომ მისი სარჩელი ნაწილობრივ დასაშვებად ცნო, ორჯერ გამოიტანა რა გადაწყვეტილება, რომელიც შემდგომში უზენაესი ადმინისტრაციული სასამართლოს მიერ გაუქმდა. მეორედ აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი იყო აპლიკანტისთვის მინიჭებული კომპენსაციის არასაკმარისობა. საქმე, რომელიც ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია, დაუბრუნდა ადმინისტრაციულ სასამართლოს.
2000 და 2008 წლებში, ჰეზბულას 2 წევრს ბრალი წაუყენეს სხვადასხვა დანაშაულის გამო, მათ შორის, აპლიკანტზე თავდასხმისთვის. თავდასხმის დროს ერთ-ერთი მათგანი არასრულწლოვნი იყო. ისინი გასამართლდნენ და მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა 16 წლისა და რვა თვის ვადით, რადგანაც, უკანონო ორგანიზაციის სახელით ტერორისტული აქტებში აქტიურად მონაწილეობით, ძირს უთხრიდნენ ქვეყნის კონსტიტუციურ წესრიგს. საქმის მასალებიდან გამომდინარე ერთ-ერთმა აგრესორმა მასწავლებელზე თავდასხმის ბრძანება მიიღო; მან აპლიკანტი აირჩია სამიზნედ, აიყვანა თანამზრახველი და შეიძინა მჟავა საიუველირო მაღაზიაში.
კონვენციის 1-ელ (ადამიანის უფლებების პატივისცემის ვალდებულება), მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-3 (არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა) მუხლზე დაყრდნობით, აპლიკანტი ჩიოდა, რომ მთავრობამ ვერ უზრუნველყო მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულება - მომჩივნის უსაფრთხოების დაცვისა და მოძალადეების დაუყოვნებლივი დასჯის შესახებ. იგი ასევე ეყრდნობოდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელ პარაგრაფს (გონივრულ ვადაში საქმის განხილვის უფლება) და ჩიოდა კომპენსაციის გაცემის პროცედურების გაჭიანურებასთან დაკავშირებით.
სამართალი – მე-3 და მე-8 მუხლები: სასამართლომ გადაწყვიტა აპლიკანტის საჩივარი განეხილა სახელმწიფოს ვალდებულებების ჭრილში, კერძოდ, მისი დაცვის უზრუნველყოფის კუთხით და მომჩივნის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ჩადენაში შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მართლმსაჯულების წინაშე დაუყოვნებლივი წარდგენის მეშვეობით, კონვენციის მე-3 და მე-8 მუხლებიდან გამომდინარე. რადგან კონვენციის მე-8 მუხლი ფარავს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობის საკითხებს.
თურქეთის მთავრობამ არ უარყო რეგიონში მასწავლებლებზე განხორციელებული თავდასხმის ის ფაქტობრივი მონაცემები, რომელიც აპლიკანტმა წარადგინა. სასამართლომ აღნიშნა, რომ ქალბატონი ებსინის თავდამსხმელების წინააღმდეგ მიმართულ სამართალწარმოებებში, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ჰეზბულა დაადანაშაულა დიდი რაოდენობით სამართალდარღვევაში. ასევე, ალბათობა იმისა, რომ საჯარო მოხელეებს ან სხვა მოქალაქეებს ემუქრებოდნენ, თავს ესხმოდნენ ან კლავდნენ, ვერ იქნებოდა გამორიცხული, რადგან ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი ტერორიზმით იყო მოცული.
აპლიკანტს არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება რაიმე სახის ზეწოლის ან მუქარის შესახებ, რომელიც მას შეიძლება დამუქრებოდა. შესაბამისად, დაზუსტებით არ შეიძლება ითქვას, რომ ის სხვებზე მეტად იყო რაიმე სერიოზული, განჭვრეტადი, პირადი საფრთხის წინაშე, რომელიც ხელისუფლებამ იცოდა ან უნდა სცოდნოდა. სასამართლომ მოგვიანებით აღნიშნა, რომ აპლიკანტი საბედნიეროდ არ იყო საჯარო პირი, რომ ჰეზბულას გამოეყო და შესაბამისად, არ საჭიროებდა სპეციალურ, ინდივიდუალურ დაცვას. ხოლო ზოგადი უსაფრთხოების წესები, იმ დროისთვის რეგიონში არსებული საგანგებო მდგომარეობის გამო, უდავოდ გაძლიერებული იყო. ამგვარად, ხელისუფლებას ვერ დაეკისრებოდა პასუხისმგებლობა იმასთან დაკავშირებით, რომ მას არ მიუღია ინდივიდუალური ზომები აპლიკანტის დასაცავად.
რაც შეეხება გამოძიებას, გამოძიება საკმაოდ სწრაფად დაიწყო, რომელიც მიმართული იყო უკანონო ორგანიზაციის სახელით განხორციელებული ტერორისტული აქტების წინააღმდეგ, აპლიკანტზე თავდასხმა სწორედ ამ კონტექსტში იქნა გამოძიებული. თუმცა მისი თავდამსხმელები მხოლოდ ექვსი წლის შემდეგ დააკავეს; სამართალწარმოება ძალადობის წამქეზებლის წინააღმდეგ გაგრძელდა შვიდი წელი, ხოლო სამართალწარმოება დანაშაულის თანამონაწილის მიმართ ჯერ კიდევ განხილვის პროცესში იყო საკასაციო სასამართლოში. მიუხედავად იმისა, რომ დამნაშავეებს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ დიდი ხნის ვადით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოების ასეთი ხანგრძლივი გაჭიანურებები, საქმის სირთულის მიუხედავად, აუცილებლად ამცირებდა მათ ეფექტურობას, ხოლო სისხლის სამართლის საქმეს შემაკავებელი ეფექტი უნდა ჰქონოდა, თუ ის მიმართული იყო დანაშაულის ეფექტური პრევენციისკენ.
შესაბამისად, თურქეთის ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო სისხლის სამართალწარმოების ეფექტურად ჩატარება, რომელიც დააკმაყოფილებდა სისწრაფის პირობას.
მიუხედავად იმისა, რომ აპლიკანტმა საქმე მოიგო და სახელმწიფოს დაეკისრა მკაცრი პასუხისმგებლობა, სამართალწარმოების ხანგრძლივობა ადმინისტრაციულ სასამართლოში იყო იმგვარი, რომ მას ვერ დაერქმეოდა მართლმსაჯულების გამარჯვება. საქმე 13 წლის განმავლობაში იხილებოდა ადმინისტრაციულ სასამართლოში და აპლიკანტს კომპენსაცია ჯერ კიდევ არ ჰქონდა მიღებული. ეს მდგომარეობა არ აკმაყოფილებდა კეთილსინდისიერების იმ მოთხოვნას, რომელიც ასეთ საკითხებში უნდა ყოფილიყო.
შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა და სისხლის სამართლის საქმის წარმოებამ ვერ უზრუნველყო მძიმე ძალადობრივი აქტისგან აპლიკანტის ადეკვატური დაცვა. შესაბამისად, დაირღვა კონვენციის მე-3 და მე-8 მუხლები.
მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფი: კონვენციის მე-3 და მე-8 მუხლებიდან გამომდინარე არსებულ დასკვნებზე დაყრდნობით, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ იყო საჭირო აპლიკანტის საჩივრის ცალკე განხილვა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფის მიხედვით.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
41-ე მუხლი: სასამართლომ თურქეთს დააკისრა აპლიკანტისთვის 30 000 ევროს გადახდა არამატერიალური ზიანის, ხოლო 2.500 ევრო - ხარჯებისა და დანახარჯების ასანაზღაურებლად.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy