Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
ეძგვერაძე საქართველოს წინააღდეგ
Edzgveradze v. Georgia
საჩივარი no. 59333/16
გადაწყვეტილება 20 იანვარი 2022
მომჩივანი, ზიზი ეძგვერაძე საქართველოს მოქალაქეა, რომელიც დაიბადა 1982 წელს და ცხოვრობს თბილისში.
წინამდებარე საქმე ეხება მომჩივნის ქმრის (მ.მ-ს) თვითმკვლელობას პოლიციის მიერ მისი მოწმის სახით დაკითხვის შემდეგ, მას შემდეგ, რაც მისი ერთ-ერთი მეგობარი (გ.მ.) დაკავებული იქნა კანაფის სავარაუდო ფლობის ფაქტზე. თვითმკვლელობამდე იგი ამტკიცებდა, რომ პოლიციელებმა იგი სცემეს, და მისი თქმით, აიძულეს, რომ მეგობრის წინააღმდეგ მიეცა ჩვენება.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (კონვენციის) მე-2 მუხლზე (სიცოცხლის უფლება) დაყრდნობით, მომჩივანი დავობს, რომ ხელისუფლებამ ვერ აღკვეთა მისი მეუღლის თვითმკვლელობა და რომ ამ ფაქტზე არ ჩატარებულა ეფექტური გამოძიება.
სამართალი
კონვენციის მე-2 მუხლის სავარაუდო დარღვევა33. კონვენციის მე-2 მუხლზე დაყრდნობით, მომჩივანმა სტრასბურგის სასამართლოს წინაშე განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ვერ აღკვეთა მისი ქმრის თვითმკვლელობა და რომ არ ჩატარებულა ქმედითი გამოძიება თვითმკვლელობაზე, რომელიც მოხდა მისი მეუღლის პოლიციაში მოწმის სახით დაკითხვის მომდევნო დღეს. კონვენციის მე-2 მუხლის შესაბამისი ნაწილის თანახმად:
„ ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული. არ შეიძლება სიცოცხლის განზრახ ხელყოფა...“
სავარაუდო არაეფექტური გამოძიებადასაშვებობა34. ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ საჩივარი არც აშკარად დაუსაბუთებელია და არც დაუშვებელია კონვენციის 35 -ე მუხლში არსებული საფუძვლებით. ამიტომ, იგი დასაშვებად უნდა გამოცხადდეს.
საქმის გარემოებები(ა) მხარეთა განცხადებები
35. მომჩივანი აცხადებდა, რომ მისი მეუღლის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის გამოძიება არაეფექტური იყო კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ასპექტის მნიშვნელობით. კერძოდ, სხვა საკითხებთან ერთად, მომჩივანი აცხადებდა, რომ სისხლის სამართლის გამოძიების განხორციელება შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ (იგივე სამინისტრო, რომელსაც ეკუთვნოდა პოლიცია), თუნდაც შეზღუდული პერიოდის განმავლობაში, არ იყო დამოუკიდებელი და რომ გამოძიებამ არ განიხილა ის საკითხი - დაკითხვის დროს, განხორციელდა თუ არა რაიმე ფსიქოლოგიური ზეწოლა მის მეუღლეზე.
36. მთავრობამ განაცხადა, რომ სისხლის სამართლის გამოძიება მ.მ-ს თითმკვლელობის შესახებ, იყო ეფექტური. კერძოდ, (ა) იგი დაიწყო დაუყონებლივ; (ბ) შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია იერარქიულად და პრაქტიკულად დამოუკიდებელი იყო პოლიციისგან, რადგან ის მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში იმყოფებოდა (მთავრობის თანახმად, 2013 წელს სამინისტროს რამოდენიმე თანამდებობის პირი, მათ შორის, მინისტრის მოადგილე, ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიების საფუძველზე პასუხისმგებაში იქნა მიცემული); და (გ) გამოძიებამ შეაფასა ყველა შესაბამისი მტკიცებულება ბრალდებასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა არსებობდეს კავშირი მ.მ-ს დაკითხვასა და მის შემდგომ თვითმკვლელობას შორის, არ აღმოაჩინა ასეთი კავშირის ნიშნები და შედეგად, დაასკვნა, რომ დანაშაული არ ყოფილა ჩადენილი.
(ბ) სტრასბურგის სასამართლოს შეფასება
37. შესაბამისი ზოგადი პრინციპები შეფასებულია საქმეებში Nicolae Virgiliu Tănase v. Romania ([GC], no. 41720/13, §§ 157-71, 25 June 2019) და Mustafa Tunç and Fecire Tunç v. Turkey ([GC], no. 24014/05, §§ 169‑82, 14 April 2015).
38. წინამდებარე საქმეში, მომჩივნის მეუღლემ თავი მოიკლა იმ გარემოებებში, როდესაც ის იმყოფებოდა შესაბამისი ორგანოების ზედამხედველობისა ან/და კონტროლის მიღმა (შედარებისთვის Salman v. Turkey [GC], no. 21986/93, § 99, ECHR 2000‑VII, and Keenan v. the United Kingdom, no. 27229/95, § 91, ECHR 2001‑III). თუმცა, ორ მოვლენას შორის სავარაუდო მიზეზობრივი კავშირის გათვალისწინებით - მისი მოწმის სახით დაკითხვა პოლიციის განყოფილებაში და მომდევნო დღეს თვითმკვლელობა - ასევე მომჩივნის საჩივრების გათვალისწინებით, ხელისუფლება ვალდებული იყო, რომ თვითმკვლელობა განეხილა როგორც საეჭვო გარემოებებში ჩადენილი (იხ. Mustafa Tunç and Fecire Tunç, cited above, § 171, და Vasîlca v. the Republic of Moldova, no. 69527/10, § 28, 11 February 2014). შესაბამისად, კონვენციის მე-2 მუხლის შესაბამისად წარმოიშვა ეფექტური გამოძიების ჩატარების პროცედურული ვალდებულება.
39. სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ გამოძიება დაუყონებლივ და საკუთარი ინიციატივით დაიწყო. ასევე მართალია, რომ ჩატარდა არაერთი შესაბამისი და დროული საგამოძიებო ღონისძიება.
40. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სავარაუდო კავშირი მომჩივნის ქმრის თვითმკვლელობასა და ერთი დღით ადრე პოლიციაში მის დაკითხვას შორის აშკარა იყო, სულ მცირე იმ მომენტიდან, როდესაც მომჩივანმა ოფიციალური განცხადება გააკეთა გამომძიებელთან - და მიუხედავად იმისა, რომ მინისტრის შესაბამისი ბრძანება ითვალისწინებდა, რომ პოლიციის თანამშრომლების მიერ სავარაუდო ჩადენილი დანაშაულები პროკურატურას უნდა გამოეძიებინა - პროკურორმა გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას დაავალა (სამინისტრო, რომლის ფარგლებშიც შედიოდა პოლიცია). მხოლოდ ორი თვის შემდეგ გადაიბარა გამოძიება პროკურატურამ - როგორც ჩანს, მომჩივნის ადრინდელი განცხადების საფუძველზე, რომლითაც იგი მ.მ-ს დაკითხვასა და მის შემდგომ თვითმკვლელობას ერთმანეთს უკავშირებდა. ევროპული სასამართლო იმეორებს, რომ მე-2 მუხლი არ მოითხოვს, რომ გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირები და ორგანოები სარგებლობდნენ აბსოლუტური დამოუკიდებლობით, არამედ, რომ ისინი საკმარისად დამოუკიდებელნი იყვნენ იმ პირებისა და სტრუქტურებისგან, რომელთაც სავარაუდოდ პასუხისმგებლობა ექნებათ დაკისრებული (იხ. Mustafa Tunç and Fecire Tunç, cited above, § 223). ამავე დროს, იგი ასევე აღნიშნავს, რომ არაერთი მნიშვნელოვანი საგამოძიებო ღონისძიება, მათ შორის, პოლიციელების დაკითხვა, რომლებიც მონაწილეობდნენ გასაჩივრებულ მოვლენებში, განხორციელდა პოლიციასთან ინსტიტუციურად - თუ იერარქიულად არა - დაკავშირებული ორგანოს გამომძიებლის მიერ.
41. გამოძიების დამოუკიდებლობის ხარისხის ადეკვატურობა ფასდება ყველა შესაბამისი გარემოების გათვალისწინებით, რომლებიც აუცილებლად სპეციფიკურია თითოეული შემთხვევისათვის (იხ. Mustafa Tunç and Fecire Tunç, cited above, §§ 222‑23). ამასთან დაკავშირებით, ევროპული სასამართლო ითვალისწინებს მთავრობის განცხადებას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დამოუკიდებლობა გამოვლინდა იმით, რომ 2013 წლის მის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ გამოიწვია შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური პირების დევნა. გარდა ამისა, და ნებისმიერ შემთხვევაში, შემდგომში გამოძიება დაევალა პროკურატურას და ხელახლა ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო ღონისძიებები, გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სისხლის სამართლის გამოძიებაში სავარაუდო ხარვეზების გამოსწორების შესაძლებლობებით (შედარებისთვის Mikiashvili v. Georgia, no. 18996/06, §§ 87-88, 9 October 2012). ამ გარემოებების გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლო შეაფასებს იყო თუ არა გამოძიება, რომელიც პროკურორის მიერ ჩატარდა, საკმარისად საგულდაგულო.
42. ამასთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ გამოძიება დაიხურა იმ საფუძვლით, რომ გამოძიება არ იყო ჩადენილი. პროკურორმა აღნიშნა, რომ საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებებიდან არ ჩანდა, რომ მომჩივნის ქმარზე განხორციელებული იყო რაიმე ზეწოლა პოლიციაში მისი დაკითხვის დროს. ეს დასკვნა, სხვა ელემენტებთან ერთად, ეყრდნობოდა გ.მ-ს განცხადებებს, რომელშიც იგი აღნიშნავდა, რომ ის პირადად არ შესწრებია მომჩივნის ქმრის არასათანადო მოპყრობას. თუმცა, იმავე განცხადებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ მომჩივანი ოთახიდან დაახლოებით ორმოცი წუთის განმავლობაში გაიყვანეს და გ.მ-მ არ იცოდა თუ რა მოხდა იმ დროის განმავლობაში (და დღემდე არ იცის). შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის გამომძიებლის მიერ მიღებული პოლიციის თანამშრომლების ჩვენებები, რომელიც პროკურორმა მიიღო შესაბამისი პირების ხელახალი დაკითხვის გარეშე, ცალსახად არ ეხებოდა გ.მ-ს ანგარიშის ამ ელემენტს და ეს საკითხი არც შემდგომში განხილულა გენერალური ინსპექციის მიერ. გარდა ამისა, მომჩივნის მეზობლის მიერ პროკურორისთვის მიცემული განცხადება, რომ მ.მ-მ მას უთხრა, რომ მას (მ.მ-ს) აცნობეს ზოგიერთი ფარული ჩანაწერის შესახებ (რამაც აიძულა იგი მიეცა ჩვენება გ.მ-ს წინააღმდეგ), არ განხილულა. ამასთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს ხელისუფლების ვალდებულების შესახებ, რომ ამ უკანასკნელმა სერიოზული მცდელობა უნდა გამოიჩინოს რათა გამოარკვიოს თუ რა მოხდა, მათ შორის, ყველა გონივრული ნაბიჯის გადადგმით, უზრუნველყოს ინციდენტთან დაკავშირებული მტკიცებულებები (იხ. ზემოთ ციტირებული საქმე § 174, და Kulyk v. Ukraine, no. 30760/06, § 100, 23 June 2016).
43. ასეთ გარემოებებში, სისხლის სამართლის გამოძიებამ უპასუხოდ დატოვა პოტენციურად გადამწყვეტი კითხვები, კერძოდ, მართლა გადაიყვანეს თუ არა მ.მ. ცალკე ოთახში და თუ ასეა, რა მოხდა იქ. გარდა ამისა, გამოძიების ყველაზე შესამჩნევი ხარვეზი იყო ის ფაქტი, რომ მას არ შემოუთავაზებია რაიმე ჰიპოტეზა იმის თაობაზე, თუ რატომ მოიკლავდა პირი თავს პოლიციასთან შეხვედრის შემდეგ, რომელსაც არ ჰქონია წინასწარი სუიციდური განზრახვა, ფსიქოლოგიური პრობლემები ან რაიმე სხვა აშკარა პრობლემა (იხ., mutatis mutandis, Sergey Shevchenko v. Ukraine, no. 32478/02, § 69, 4 April 2006).
44. ზემოაღნიშნული მოსაზრებებიდან გამომდინარე, ევროპული სასამართლო ასკვნის, რომ ხელისუფლების ორგანოების მიერ მომჩივნის ქმრის თვითმკვლელობის გარემოებები არ გამოკვლეულა საფუძვლიანად, რამაც შეარყია სისხლის სამართლის გამოძიების საერთო ეფექტურობა.
45. გარდა ამისა, სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ გამოძიება დაიწყო 2013 წლის 6 ივლისს და დაიხურა 2016 წლის 25 მარტს - ორ წელზე და რვა თვეზე ოდნავ მეტი პერიოდი. თუმცა, არანაირი საგამოძიებო ღონისძიება არ ჩატარებულა 2014 წლის ნოემბრიდან 2016 წლის მარტამდე. მთავრობას არ გაუკეთებია რაიმე განმარტება უმოქმედო პერიოდთან დაკავშირებით.
46. და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანს ერთჯერადად მიეცა შესაძლებლობა, რომ გაცნობოდა საგამოძიებო მასალას, და იგი სტრასბურგის სასამართლოს წინაშე ცალსახად არ დავობდა სამართალწარმოებაში ქმედითი მონაწილეობის შეუძლებლობის შესახებ, ევროპულ სასამართლოს არ შეუძლია უგულებელყოს ის ფაქტი, რომ მას არ შეეძლო, დაზარალებულის პროცედურული სტატუსის მინიჭების გამო, გაესაჩივრებინა პროკურატურის გადაწყვეტილება. შესაბამისად, გამოძიებამ საკმარისად ვერ უზრუნველყო მ.მ-ს უახლესი ნათესავის კანონიერი ინტერესის დაცვა (იხ. Mikayil Mammadov v. Azerbaijan, no. 4762/05, 17 December 2009, § 132; შედარებისთვის Mustafa Tunç and Fecire Tunç, §§ 214-15, და Nicolae Virgiliu Tănase, § 181).
47. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ ეროვნულმა ხელისუფლებამ ვერ ჩაატარა ეფექტური გამოძიება მომჩივნის ქმრის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით.
შესაბამისად დაირღვა კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ასპექტი.
კონვენციის 41-ე მუხლი
მომჩივანი არამატერიალური ზიანისთვის ითხოვდა 25,000 ევროს.
სტრასბურგის სასამართლომ, მომოჩივანს არამატერიალური ზიანისთვის მიანიჭა 3,000 ევრო.