Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
ეკა მიქელაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ
(საჩივრები N29385/11 და 3 სხვა)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
2021 წლის 25 ნოემბერი
ფაქტები
2. მომჩივანთა სია მოცემულია თანდართულ ცხრილში.
3. მთავრობას წარმოადგენდა ბ. ძამაშვილი, სახელმწიფო წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროდან.
4. საქმესთან დაკავშირებული მხარეთა მიერ წარდგენილი ფაქტები, შეიძლება შეჯამდეს შემდეგნაირად.
მიწის რეფორმა საქართველოში
5. 2007 წელს საქართველოში განხორციელდა მიწის პრივატიზაციასთან დაკავშირებული რეფორმები. იმავე წლის 11 ივლისს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც აღიარა ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრების უფლება მათ საკუთრებაში არსებულ (გამოყენებულ) მიწის ნაკვეთებზე (“აღიარების აქტი“ - საქართველოს კანონი ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ[1]). აღიარების აქტის მიზანი იყო მიწასთან დაკავშირებული საკუთრების უფლების ფორმალური აღიარებისთვის პროცედურის დაწესება. ის ითვალისწინებდა მიწაზე საკუთრების უფლების ლეგალიზების სამ შესაძლებლობას, კერძოდ, მიწის კანონიერი საკუთრება, მიწის კანონიერი გამოყენება და მიწის თვითნებური დაკავება. აღიარების აქტის იმპლემენტაციას ხელი შეუწო პრეზიდენტის N 525-ე ბრძანებამ, რომლითაც გათვალისწინებული იყო ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (გამოყენებაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების წესი და თანხმობა საკუთრების უფლების სერტიფიცირებასთან (დამოწმებასთან) დაკავშირებით, მიღებული 2007 წლის 15 სექტემბერს. პრეზიდენტის ბრძანებულების მიხედვით, ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებში შეიქმნა საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებული რამდენიმე კომისია (შემდგომში მოხსენიებული როგორც „საკუთრების კომისიები“), რომლებსაც დაევალათ ფიზიკური და იურიდიული პირების მიწის საკუთრების აღიარებასთან დაკავშირებული განცხადებების გამოკვლევა.
B. მომჩივანთა საკუთრების უფლებების აღიარება და შემდგომი გაუქმება
1. ქ-ნი ე. მიქელაძის საჩივარი N29385/11
6. დაუდგენელი თარიღით, მომჩივანმა, ე. მიქელაძემ, მიმართა ხელვაჩაურის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას საკუთარ მიწის ნაკვეთზე, რომელიც მოიცავდა 2,390 კვადრატულ მეტრს მწვანე კონცხის მიმდებარე ტერიტორიაზე (ხელვაჩაურის რაიონი), საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით. იგი ამტკიცებდა, რომ მას ეს მიწა იჯარით ეკავა 1985 წლიდან. 2008 წლის 3 იანვარს, საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა და აღიარა მისი საკუთრების უფლება აღნიშნულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით. 2008 წლის 15 იანვარს, მოსარჩელის მოთხოვნისა და საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გაცემული საკუთრების მოწმობის საფუძველზე, საჯარო რეესტრმა მოსარჩელის სახელზე დაარეგისტრირა აღნიშნული მიწის ნაკვეთი.
7. 2009 წლის 24 დეკემბერს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (შემდგომში „ზაკ“) მე-60 (1) მუხლის §§ 1 და 3 საფუძველზე, გააუქმა თავისი 2008 წლის 3 იანვრის გადაწყვეტილება. შეხვედრის ოქმის თანახმად, ადგილზე ინსპექტირებისა და მოსარჩელის საქმის ხელახალი შემოწმების შემდეგ, საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ დაადგინა, რომ მოსარჩელისთვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთი ფარავდა მიმდებარე გზასა და პარკს; იგი ასევე ფარავდა სხვა პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს, რომელიც, მას ფლობდა 2007 წლის 28 დეკემბერს გაცემული საკუთრების აქტის საფუძველზე. შემდგომი კავშირისას, საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ ხაზი გაუსვა იმას, რომ სხვა პირის საკუთრების რეგისტრაციის თარიღი წინ უძღვოდა მომჩივნისთვის საკუთრების მოწმობის გაცემას. საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ შესაბამისად გადაწყვიტა, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე მომჩივნის საკუთრების უფლების პირველადი აღიარება იყო უსაფუძვლო. კომისიამ მომჩივნისთვის 2008 წლის 3 იანვარს გაცემული საკუთრების მოწმობა ბათილად ცნო და მიმართა საჯარო რეესტრს მომჩივნის საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით.
8. 2010 წლის 9 თებერვალს მოსარჩელემ ადმინისტრაციული საჩივარი შეიტანა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში, რომლითაც იგი ითხოვდა საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას. მოსარჩელის თქმით, მისი მიწის ნაკვეთი არ ფარავდა გზებსა და პარკს, როგორც ეს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ დაასკვნა, და რომ საკადასტრო გეგმა, რომელსაც კომისია დაეყრდნო, იყო არაზუსტი. სხვა პირის საკუთრების გადაფარვასთან დაკავშირებით მან აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით დაწყებული იყო სისხლისსამართლებრივი მოქმედებები შესაძლო თაღლითობაზე და სხვა პირის საკუთრების უფლება უკვე ბათილად იყო ცნობილი. მოსარჩელემ ითხოვა სადავო მიწის ნაკვეთზე მისი საკუთრების უფლების აღდგენა.
9. 2010 წლის 9 მარტს, ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ დაადასტურა კომისიის გადაწყვეტილება მოსარჩელის საკუთრების უფლების გაუქმებასთან დაკავშირებით. სასამართლომ დაასკვნა, რომ პირველადი საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი უკანონოდ გაიცა, ვინაიდან მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მისი უფლების აღიარების მოთხოვნის მხარდაჭერა და გამყარება საჭირო დოკუმენტებით. სასამართლომ გამოტოვა და არ განიხილა მიწის ნაკვეთის მიერ გზებისა და პარკის გადაფარვის და სხვა პირის საკუთრების გადაფარვის საკითხი. თუმცა, მან აღნიშნა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი საკურორტო ზონის ნაწილი იყო.
10. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2010 წლის 6 ივლისს. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო საკუთარი მოთხოვნის დასაბუთება მისი საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით იმ დოკუმენტების საშუალებით, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ იგი მართლაც ფლობდა სადავო მიწის ნაკვეთს, თუმცა უკანონოდ.
11. 2010 წლის 22 ნოემბერს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო მოსარჩელის საკასაციო საჩივარი.
2. ბ-ნი ნ. ჯინჭარაძის საჩივარი N19372/12
12. 2007 წლის 15 დეკემბერს, მოსარჩელემ ნ. ჯინჭარაძემ, მიმართა ხელვაჩაურის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მწვანე კონცხის მიმდებარედ არსებულ 2,500 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზე მისი საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით. 2007 წლის 19 დეკემბერს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა, აღიარა მისი საკუთრების უფლება 3,620 კვ. მ. მიწის ნაკვეთზე. მოსარჩელეს შესაბამისად გადაეცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, რომლის საფუძველზეც მან სადავო მიწის ნაკვეთი საკუთარ სახელზე დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში 2008 წლის 10 მარტს.
13. 2008 წლის 10 აპრილს, იმავე მიწის ნაკვეთის 1,300 კვ.მ ნაწილი დაარეგისტრირეს მესამე პირის, მ.ჯ-ს სახელზე. იმავდროულად, მ.ჯ-ს მოთხოვნის საფუძველზე, საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ დაიწყო მოსარჩელის საკუთრების უფლების გადასინჯვა. 2008 წლის 27 ივნისს, იმავე კომისიამ შეცვალა თავისი წინა გადაწყვეტლება, რომლის საფუძველზეც გააუქმა მოსარჩელის საკუთრების უფლება. საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ აღმოაჩინა, რომ მოსარჩელის ნაკვეთი მ.ჯ-ისა და სხვა მესამე პირების მიწის ნაკვეთს ფარავდა.
14. მოსარჩელემ საჩივრით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, რომლითაც ითხოვდა მ.ჯ-ს საკუთრების უფლებისა და საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებას. სამართალწარმოების პირველი ტურის შემდეგ, საქმე ახალი გადაწყვეტილების მისაღებად დაუბრუნდა საკუთრების უფლების აღიარების კომისიას. მოსარჩელის საქმის ხელახლა განხილვის შემდეგ, 2010 წლის 10 სექტემბერს, კომისიამ დაასკვნა, რომ სადავო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით მოსარჩელის საკუთრების უფლების თავდაპირველი აღიარება იყო არასწორი და მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამო. კომისიამ დაასკვნა, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო წარმოეჩინა, რომ იგი მართლაც ფლობდა ან იკავებდა სადავო მიწის ნაკვეთს, თუნდაც უკანონოდ. ეს გადაწყვეტილება დადასტურდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მიერ 2010 წლის 17 დეკემბერს. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მოსარჩელემ საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით ვერ შეძლო საკუთარი მოთხოვნის დასაბუთება საჭირო მტკიცებულებათა წარმოდგენით, სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი სარეკრეაციო ზონის ნაწილი იყო.
15. მოსარჩელემ გადაწყვეტილება გაასაჩივრა, სადაც ამტკიცებდა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ უგულებელყო მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმა და საჯარო არქივის მიერ გაცემული მოწმობის ასლი, რომელიც ადასტურებდა, რომ იგი ნამდვილად ფლობდა მიწის ნაკვეთს აღიარების აქტის ძალაში შესვლამდე. რაც შეეხება სარეკრეაციო ზონას, მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სარეკრეაციო ზონის სტატუსი არ ვრცელდებოდა მთლიანად მწვანე კონცხის ზონაზე, და სადავო მიწის ნაკვეთის მიმდებარე მრავალი ნაკვეთი გადაცემული იყო კერძო საკუთრებაში.
16. 2011 წლის 2 მარტს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა მოსარჩელის საკუთრების უფლების გაუქმება. სასამართლომ დაადასტურა მოსარჩელის მიერ საჭირო საკადასტრო გეგმის წარდგენა, თუმცა დაასკვნა, რომ დოკუმენტი იყო ნაკლოვანი და არ შეიცავდა ზოგიერთ ინფორმაციის ელემენტს. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს თანახმად, მოსარჩელემ ვერ შეძლო სხვა დოკუმენტების წარდგენა, რომლებიც პრეზიდენტის 525-ე ბრძანებულებით იყო გათვალისწინებული. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ განსახილველი საქმე არ ეხებოდა მოსარჩელის საკუთრების სავარაუდო ექსპროპრიაციას - არამედ, სასამართლო განიხილავდა კანონქვემდებარე აქტის საფუძველზე საკუთრების უფლების მინიჭების კანონიერებას. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ განიხილა მოსარჩელის არგუმენტი სარეკრეაციო ზონის სტატუსთან დაკავშირებით.
17. 2011 წლის 14 სექტემბერს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო მოსარჩელის საკასაციო საჩივარი.
3. ბ-ნი თ. თავდგირიძის საჩივარი N29533/13
18. 2008 წლის 31 მარტს, მოსარჩელემ თ. თავდგირიძემ, ქობულეთის საკუთრების უფლების აღიარების კომისიისგან მოითხოვა მისი საკუთრების უფლების აღიარება სოფელ ჩაქვში მდებარე 1,566 კმ. მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე, რომელსაც, თავად ამტკიცებდა, რომ იკავებდა 1985 წლიდან. 2008 წლის 7 აპრილს კომისიამ, მოსარჩელის მოთხოვნისა და თანდართული დოკუმენტების განხილვის შემდგომ, აღიარა მოსარჩელის საკუთრების უფლება სადავო მიწის ნაკვეთზე. 2008 წლის 15 აპრილს საჯარო რეესტრმა, მოსარჩელის მოთხოვნისა და კომისიის მიერ გაცემული საკუთრების მოწმობის საფუძველზე, მოსარჩელის სახელზე დაარეგისტრირა მიწის ნაკვეთი.
19. 2011 წლის 17 ივნისს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე მოსარჩელის განცხადების გადახედვის შემდეგ, გააუქმა მოსარჩელის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და დაასკვნა, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო იმის ჩვენება, რომ იგი კანონიერად ფლობდა მიწის ნაკვეთს ან რომ უკანონოდ იკავებდა მას.
20. მოსარჩელემ ეს უკანასკნელი გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გაასაჩივრა, ამტკიცებდა, inter alia, რომ ზაკ-ის მე-60 (1) მუხლის თანახმად მას ჰქონდა „კანონიერი ნდობა“ კომისიის მიერ გაცემული დოკუმენტის მიმართ და შესაბამისად, როგორც უფლების მიმნიჭებელი კანონმდებლობის ნაწილი, არ შეიძლებოდა მისი ბათილად გამოცხადება.
21. 2011 წლის 8 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლო დაეთანხმა საკუთრების უფლების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას. სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელისთვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთი არასდროს ყოფილა მოსარჩელის მფლობელობაში, ვინაიდან თავად ნაკვეთი წარმოადგენდა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს. უფრო მეტიც, ეს ნაკვეთი გამოყოფილი სარეკრეაციო ზონის ნაწილი იყო, ცნობილი როგორც ევკალიპტის ხეივანი. შესაბამისად, მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარება თავიდანვე მცდარი იყო. თავის დასკვნაში პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა ზაკ-ის მე-60 (1) § 1 მუხლზე, რომლის თანახმადაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილი იყო, თუ იგი ეწინააღმდეგებოდა კანონს ან არსებითად დარღვეული იყო მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. სასამართლო თავის დასკვნაში არ შეეხო მოსარჩელის არგუმენტს „უფლების მიმნიჭებელი სამართლებრივი აქტის“ მიმართ „კანონიერი ნდობის“ საკითხთან დაკავშირებით.
22. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება. სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის საკუთრების უფლების პირველადი აღიარება მოხდა საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ყველა რელევანტური გარემოების სრული გამოკვლევის გარეშე, რაც წარმოადგენს ზაკ-ის მე-60 (1) მუხლის მოთხოვნათა დარღვევას, თუმცა სასამართლომ უგულებელყო მოსარჩელის არგუმენტი ამ მუხლის მე-4 ნაწილთან დაკავშირებით.
23. 2012 წლის 14 ნოემბერს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო მოსარჩელის საკასაციო საჩივარი.
4. ბ-ნი შ. ანანიძის საჩივარი N73699/13
24. დაუდგენელი თარიღით, მოსარჩელემ შ. ანანიძემ, მიმართა ქობულეთის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას სოფელ ჩაქვში მდებარე 3,792 კვ. მ. მიწის ნაკვეთზე მისი საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით. იგი ამტკიცებდა, რომ 1998 წლიდან მოყოლებული იჯარით იკავებდა და ეწეოდა მეურნეობას მიწის ამ ნაკვეთზე, რომელიც სახელმწიფოს საკუთრება იყო. 2006 წელს იჯარა შეწყდა, მაგრამ მოსარჩელეს კვლავ ეკავა მიწა და აგრძელებდა მის გამოყენებას, თუმცა უკანონოდ.
25. 2008 წლის 5 მაისს კომისიამ აღიარა მოსარჩელის საკუთრების უფლება სადავო მიწის ნაკვეთზე, დაადგინა, რომ მიწის ნაკვეთი თვითნებურად ეკავათ. მოსარჩელეს გადასცეს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, რომლის საფუძველზეც საჯარო რეესტრმა მოსარჩელის სახელზე დაარეგისტრირა ეს ნაკვეთი 2008 წლის 20 მაისს.
26. 2012 წელს მოსარჩელემ გაიგო, რომ მისი საკუთრების უფლება გაუქმდა. მოსარჩელის გამოკითხვის პასუხად კომისიამ მიუთითა, რომ მისი საკუთრების უფლება 2009 წლის 30 სექტემბერს გაუქმდა. შეხვედრის ოქმიდან ამონარიდის თანახმად, კომისიამ დაადგინა შემდეგი:
„აღნიშნულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, საკუთრების უფლება აღიარებულ იქნა მიწის იმ ნაკვეთთან დაკავშირებით, რომელიც უკანონო მფლობელობაში იმყოფებოდა. თუმცა, გადაწყვეტილების მიღების დროს, გადაწყვეტილების მომზადებისა და გაცემის წესების შესახებ კანონში გათვალისწინებული მოთხოვნები არსებითად დაირღვა (არ იქნა დადგენილი მიწის სავარაუდო უკანონო მფლობელობის ფაქტი).“
27. მოსარჩელემ გადაწყვეტილება გაასაჩივრა. იგი დავობდა, inter alia, რომ მას არ შეატყობინეს მისი უფლების გაუქმების პროცედურის შესახებ, და შესაბამისად მას არ მიეცა რელევანტურ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობისა და საკუთარი პოზიციის დაცვის შესაძლებლობა. იგი არსებითად ინარჩუნებდა საკუთარ პოზიციას, რომ საკუთრების უფლებათა აღიარების აქტის მიზნებისთვის, იგი უკანონოდ ფლობდა სადავო ნაკვეთს (შემდგომში საკუთრების უფლების მოპოვების მიზნით). 2012 წლის 25 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის საჩივარი და სრულად გაიზიარა კომისიის გადაწყვეტილება. სასამართლომ დაასკვნა, რომ 1998 წლიდან სადავო მიწის ნაკვეთი მოსარჩელის კანონიერ მფლობელობაში იმყოფებოდა ქვეიჯარის ხელშეკრულებით, ფაქტი რომელმაც თავისთავად გამორიცხა სადავო მიწის ნაკვეთზე მისი საკუთრების უფლების აღიარება 2007 წლის აღიარების აქტის საფუძველზე. სასამართლომ დამატებით უარყო მოსარჩელის მტკიცება კომისიის მიერ ჩატარებულ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით.
28. მოსარჩელემ გადაწყვეტილება გაასაჩივრა, იგი ამტკიცებდა რომ ქვეიჯარის ხელშეკრულებამ ძალა 2006 წლის 16 ივნისს დაკარგა, და შემდგომში იგი ამ მიწას უკანონოდ ფლობდა. 2012 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. მან გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომელიც ეხებოდა ქვეიჯარის ხელშეკრულების ძალის დაკარგვას 2006 წლის 16 ივნისს. თუმცა სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მიწის ნაკვეთის უკანონო მფლობელობაში არსებობის ფაქტი ვერ დადგინდება და დადასტურდება მხოლოდ მოწმეთა განცხადებების საფუძველზე, დამატებით დამაჯერებელი მტკიცებულებები იყო საჭირო. შესაბამისად დადგინდა, რომ მოსარჩელემ ვერ აჩვენა მის მიერ სადავო ნაკვეთის აღიარების აქტის ძალაში შესვლამდე, თუნდაც უკანონო ფლობა.
29. 2013 წლის 11 თებერვალს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო მოსარჩელის საკასაციო საჩივარი. სასამართლოს განჩინება მოსარჩელეს 2013 წლის 26 აპრილს გადაეცა.
სამართალი
საჩივართა გაერთიანება35. სხვადასხვა საქმეეში მსგავსი გარემოებების არსებობის გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია საჩივართა ერთობლივად განხილვა.
II. 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის სავარაუდო დარღვევა
36. მოსარჩელე დავობდა, რომ მისი საკუთრების უფლების ჩამორთვევა არღვევდა 1-ლი დამატებითი ოქმის პირველ მუხლს, რომელიც შემდეგნაირად იკითხება:
„ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს საკუთარი ქონებით მშვიდად სარგებლობის უფლება. არ შეიძლება ვინმეს ჩამოერთვას მისი ქონება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს გამოწვეულია საჯარო ინტერესით, გათვალისწინებულია კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით.
წინარე დებულებები ხელს არ შეუშლის სახელმწიფოს უფლებას მიიღოს ისეთი ზომები, როგორსაც იგი საჭიროდ თვლის საკუთრების გამოყენების ისეთი კონტროლისთვის, როგორიც შესაბამისობაშია საერთო ინტერესთან ან გადასახადების გადახდასთან, ან სხვა შენატანებთან და ჯარიმებთან.“
დასაშვებობა37. მთავრობის განცხადებით მომჩივანს არ ამოუწურავს ხელმისაწვდომი შიდასახელმწიფოებრივი საშუალებები. კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში წარუმატებლობის შემდეგ, მთავრობის თქმით, მომჩივანს უნდა დაეწყო საქმისწარმოება კომპენსაციასთან დაკავშირებით იმ ზიანისთვის, რომელიც მას ადმინისტრაციული ორგანოს, კერძოდ, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ქმედების შედეგად მიადგა. მთავრობამ მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და სამოქალაქო კოდექსის რელევანტურ დებულებებზე, რომლებითაც გათვალისწინებულია სახელმწიფოს ან თვითმმართველი ორგანოს მიერ მიყენებული ნებისმიერი უკანონო, განზრახი ან დაუდევრობით მიყენებული ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებული პროცედურები. მთავრობის განცხადებით, ხსენებული საშუალება იყო ადეკვატური და ეფექტიანი, რაც ევროპულმა სასამართლომ უკვე დაადგინა საქმეში საღინაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (საქმე N 18768/05, §§ 94-96, 2010 წლის 27 მაისი).
38. მომჩივნებმა აღნიშნეს, რომ მათ საკუთარი საკუთრების უფლების აღსადგენად ყველა ხელმისაწვდომი შიდასახელმწიფოებრივი მექანიზმი ამოწურეს. მათ მიუთითეს, რომ კომპენსაციასთნ დაკავშირებით პროცესების წამოწყება უშედეგო იქნებოდა, ვინაიდან ადგილობრივი სასამართლოების დასკვნით, მათი საკუთრების უფლების დამადასტურებელი აქტების აღიარება თავიდანვე უკანონო იყო. მომჩივანთა თქმით, შიდა სასამართლოების რელევანტურ გადაწყვეტულებათა დასაბუთება მთელ პასუხისმგებლობას მათ აკისრებდა და გამორიცხავდა რელევანტურ თვითმმართველ ორგანოთა შესაძლო პასუხისმგებლობას.
39. 2021 წლის 26 ოქტომბრის წერილში საქართველოს მთავრობამ დამატებით აღნიშნა, რომ მომჩივნებს სხვა ეფექტიანი შიდასახელმწიფოებრივი საშუალებაც გააჩნდათ ადმინისტრაციული სამართლწარმოების სახით, რომლითაც მათ არ უსარგებლიათ. შესაბამისად, მათ არ გამოიყენეს (გარდა პირველი მომჩივნისა, რომლის საჩივარიც ჯერ კიდევ განხილვის პროცესში იყო) შესაძლებლობა, მიემართათ ახალი საკუთრების უფლების აღიარების კომისიისთვის მათი საქმეების გადახედვის მიზნით.
40. პირველი არგუმენტის საპასუხოდ სასამართლო აღნიშნავს, რომ კონვენციის 35-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მომჩივანმა უნდა გამოიყენოს ის ადგილობრივი ხელმისაწვდომი საშუალებები, რომლებიც საკმარისია სავარაუდო დარღვევის გამოსასწორებლად. განსახილველ ადგილობრივ საშუალებათა არსებობა საკმარისად ნათელი და გასარკვევი უნდა იყოს არა მხოლოდ თეორიულად, არამედ პრაქტიკაშიც, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი არ იქნება საკმარისად ეფექტიანი და ხელმისაწვდომი (იხილეთ ვუჩკოვიჩი და სხვები სერბეთის წინააღმდეგ საქმე ნ. 17153/11 და 29 სხვა, § 71, 2014 წლის 25 მარტი).
41. მოცემულ საქმეში მომჩივნები მიუთითებდნენ, რომ მათ დაკარგეს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება თვითნებური ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების შედეგად. საკუთრების უფლების აღიარების კომისიათა რელევანტური გადაწყვეტილებების წინააღმდეგ ერთადერთ ხელმისაწვდომ პირდაპირ შიდასახელმწიფოებრივ საშუალებას, წარმოადგენდა მათი კანონიერების გასაჩივრება ეროვნულ სასამართლოებში - რომელიც მომჩივნებმა გამოიყენეს. სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალწარმოების დასრულების შემდეგ კომპენსაციის მოთხოვნა ცალკე სამართალწარმოების გზით, მომჩივანებს გარკვეულწილად გადაჭარბებულ ტვირთად დააწვებოდა (იხილეთ არზამაზოვა მოლდოვის რესპუბლიკის წინააღმდეგ, საქმე ნ. 38639/14, § 35, 2020 წლის 4 აგვისტო, და ბოგდელი ლიეტუვას წინააღმდეგ, საქმე ნ. 41248/06, § 52, 2013 წლის 26 ნოემბერი; ასევე იხილეთ, mutatis mutandis, ბისტროვიჩი ხორვატიის წინააღმდეგ, საქმე ნ. 25774/05, § 28, 2007 წლის 31 მაისი; ასევე იხილეთ სასამართლოს დასაბუთება ქვემოთ, მე-60 პარაგრაფში).
42. ევროპული სასამართლო კმაყოფილია მომჩივანთა მიერ ხელისუფლებისთვის იმ შესაძლებლობის მიცემით, რომელსაც კონვენციის 35-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ითვალისწინებს, კერძოდ, გამოესწორებინათ ის სავარაუდო დარღვევები, რომლებსაც მას აბრალებდნენ. შესაბამისად, მოსარჩელეთა საჩივრები ვერ ჩაითვლება დაუშვებლად იმ მიზეზით, რომ მათ არ ამოწურეს ყველა შიდასახელმწიფოებრივი დაცვის საშუალება კომპენსაციასთან დაკავშირებით და შესაბამისად მთავრობის შესაბამისი პროტესტიც უარყოფილ უნდა იქნეს.
43. რაც შეეხება მთავრობის 2021 წლის 26 ოქტომბრის წერილს, სასამართლო გაიმეორებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს რეგლამენტის 55-ე მუხლის თანახმად, დაუშვებლობასთან დაკავშირებით ნებისმიერი შუამდგომლობა უნდა დაყენებულიყო მოპასუხე ხელშემკვრელი მხარის მიერ - იმდენად, რამდენადაც წინააღმდეგობის ბუნება და გარემოებები ამის შესაძლებლობას იძლეოდა - მის ზეპირ ან წერილობით მოსაზრებებში საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით (იხ. N.C. იტალიის წინააღმდეგ, საქმე ნ. 24952.94, § 44, ECHR 2002-X; მარკუსი ლატვიის წინააღმდეგ, საქმე ნ. 17483/10, § 50, 2020 წლის 11 ივნისი, და სკუდაიევა რუსეთის წინააღმდეგ, საქმე ნ. 24014/07, § 27, 2019 წლის 5 მარტი) და წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო ჩათვლის, რომ ხელისუფლებას არ აქვს საკუთარი საწინააღმდეგო პოზიციის დაფიქსირების უფლება (იქვე). ხელისუფლებას დასაშვებობასთან დაკავშირებით და საქმის არსებით მხარეზე მისი მოსაზრებების წარმოდგენისას არ დაუფიქსირებია მისი წინააღმდეგობა ახალი ადმინისტრაციული საშუალების არამოწურვასთან დაკავშირებით. თუმცა, 2018 წლის 28 დეკემბრის წერილში მათ სასამართლოს აცნობეს, რომ მის განსახილველ რამდენიმე დაკავშირებულ საქმეში დაცვის საშუალება ეფექტიანი იყო და მომჩივანთა საკუთრების უფლება ადმინისტრაციულ წარმოებათა ახალი რაუნდის შემდეგ აღდგა (ამ საკითხთან დაკავშირებით იხილეთ სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: დიასამიძე საქართველოს წინააღმდეგ, საქმე ნ. 67857/11, 2018 წლის 3 ივლისი; ავალიანი საქართველოს წინააღმდეგ, საქმე ნ. 7220/11, 2019 წლის 12 დეკემბერი, და შავაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, საქმე ნ. 31315/12, 2020 წლის 13 ოქტომბერი), მათ არ გამოუხატავთ აშკარა წინააღმდეგობა კონკრეტული საშუალების სრულად გამოუყენებლობასთან დაკავშირებით მოცემულ საქმეებში. უფრო მეტიც, ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას არ წარმოუდგენია განმარტება დაგვიანებასთან დაკავშირებით და ვერ ხედავს რაიმე განსაკუთრებულ გარემოებას, რომელიც მათ გაათავისუფლებდა თავიანთი ვალდებულებისგან, დროულად გამოეხატათ წინააღმდეგობა დასაშვებობასთან დაკავშირებით (იხილეთ ხლაიფია და სხვები იტალიის წინააღმდეგ, საქმე ნ. 16483/12, § 52, ECHR 2016 (ექსტრაქტები)). ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მთავრობას ჩამოერთვა საწინააღმდეგო პოზიციის დაფიქსირების უფლება.
44. სასამართლო აღნიშნავს, რომ კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის (ა) ქვეპუნქტის შინაარსის მნიშვნელობით, საჩივრები არ არის აშკარად დაუსაბუთებელი და დაუშვებელი სხვა რაიმე საფუძვლით. აქედან გამომდინარე, ისინი უნდა გამოცხადდეს დასაშვებად.
არსებითი ნაწილიმხარეთა პოზიციები45. მომჩივნები ადასტურებდნენ, რომ მათი საკუთრების უფლების გაუქმება იყო უკანონო. მომივნები N 29385/11 და 19372/12 სარჩელებში (ქ-ნი ე. მიქელაძე - ზემოთ იხილეთ 7-11 პარაგრაფები და ბ-ნი ნ. ჯინჭარაძე - ზემოთ იხილეთ 12-15 პარაგრაფები) მიუთითებდნენ საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ეროვნული სასამართლოების არგუმენტთა შეუსაბამობაზე. შესაბამისად, საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ გააუქმა მიწის ნაკვეთებზე მათი უფლებების პირველადი აღიარება იმ მიზეზით, რომ ეს ნაკვეთები კვეთდნენ გზებსა და პარკებს (საჩივარი N29385/11 და N19372/12). სასამართლოებმა უბრალოდ დაადგინეს, რომ მომჩივნებმა ვერ შეძლეს მათი უფლებების აღიარებისთვის საჭირო დოკუმენტების წარმოდგენა. მათ ასევე, დაადგინეს, რომ შესაბამისი მიწის ნაკვეთები წარმოადგენდნენ საკურორტო ზონის ნაწილს, რაც საკუთრების უფლების აღიარების კომისიებს მთლიანად გამორჩათ მხედველობიდან. მომჩივნებმა N29533/13 და N73699/13 საჩივრებში დამატებით აღნიშნეს, რომ გადაწყვეტილებები მათი უფლებების გაუქმებასთან დაკავშირებით იყო დაუსაბუთებელი.
46. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მომჩივანთა საკუთრების უფლების გაუქმება იყო კანონიერი და შესაბამისობაში იყო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლის 1-ლი და მე-3 მუხლებით გათვალისწინებულ პროცედურებთან. უფლებათა გაუქმების მიზეზად ისინი ასახელებდნენ შემდეგ მიზნებს: ადგილობრივ ადმინისტრაციულ ორგანოთა ზოგიერთი შეცდომის გამოსწორებას; სახელმწიფოსგან მიწის ნაკვეთის კერძო საკუთრებაში შეცდომით გადაცემის პრევენციას; და კარგი მმართველობისა და კანონის უზენაესობისთვის ხელის შეწყობას. გამოყენებული საშუალების პროპორციულობის გამოკვლევის კონტექსტში, მათ ყურადღება გაამახვილას საერთო მიზანზე, რასაც მწირი საჯარო რესურსის შეუსაბამო განაწილების პრევენცია წარმოადგენდა. შესაბამისი საჯარო ინტერესის მნიშვნელობის გათვალისწინებით, ხელისუფლება მიუთითებდა, რომ მიღწეულ იქნა სამართლიანი ბალანსი მომჩივანთა უფლებებსა და საჯარო ინტერესს შორის. მათ ასევე აღნიშნეს, დამატებითი კონკრეტიკის გარეშე, რომ მომჩივანთა საკუთრების უფლების გაუქმებას მათზე გადაჭარბებული ტვირთი არ დაუკისრებია.
სასამართლოს შეფასება
(a) ზოგადი პრინციპები
47. შესაბამისი პრინციპები წარმოდგენილია საქმეებში, ვესტინსი და პერეპიოლკინსი ლატვიის წინააღმდეგ (საქმე N 71243/01, § 93, §§ 95-99 და §§ 108-14, 2012 წლის 25 ოქტომბერი) და ჰუთენ-ქზაპსკა პოლონეტის წინააღმდეგ (საქმე N 35014/97, §§ 163-68, ECHR 2006 VIII). კერძოდ, კერძო საკუთრებით სარგებლობაში სახელმწიფოს ნებისმიერი ჩარევა უნდა იყოს კანონიერი. თუმცა, კანონიერების პრინციპის დასაცავად, მხოლოდ ჩარევის კანონმდებლობაში კანონიერი საფუძვლის არსებობა არ კმარა. დამატებით საჭიროა საკუთრების ჩამორთმევის საფუძვლად გამოყენებული სამართლებრივი პრინციპების საკმარისად ხელმისაწვდომობა, მათ გამოყენებაში სიზუსტე და განჭვრეტადობა (იხილეთ ამ პარაგრაფში ციტირებული საქმეების შესაბამისი პარაგრაფები, ვესტინსი და პერეპიოლკინსი ლატვიის წინააღმდეგ - § 96-96, და ჰუთენ-ქზაპსკა პოლონეტის წინააღმდეგ - § 163). გაურკვევლობა - იქნება ეს საკანონმდებლო, ადმინისტრაციული, თუ პრაქტიკიდან გამომდინარე - სახელმწიფოს ქცევის შეფასებისას წარმოადგენენ გასათვალისწინებელ ფაქტორებს.
48. 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი დამატებით მოთხოვნას აყენებს, რომ ნებისმიერი ჩარევა უნდა იყოს მიზნის პროპორციული. შესაბამისად, ნებისმიერმა ჩარევამ უნდა მიაღწიოს „სამართლიან ბალანსს“ საზოგადოების ზოგად ინტერესსა და ცალკეულ პირთა ფუნდამენტური უფლებების დაცვის საჭიროებებს შორის. საჭირო სამართლიანი ბალანსი ვერ იქნება მიღწეული, თუ პირს ინდივიდუალური და გადაჭარბებული ტვირთი დაეკისრება (იხილეთ, ბრუმარესკუ რუმინეთის წინააღმდეგ, საქმე ნ. 28342/95, § 78, ECHR 1999 VII).
49. “კარგი მმართველობის” პრინციპი საჭიროებს, რომ როდესაც სასწორზე საჯარო ინტერესთან დაკავშირებული საკითხი დგას, კერძოდ მაშინ, როდესაც ეს ეხება ადამიანის ისეთ ფუნდამენტალურ უფლებებს, როგორიცაა საკუთრების უფლება, საჯარო ხელისუფლებას ეკისრება ვალდებულება იმოქმედოს დროულად, სათანადო წესითა და მაქსიმალური თანმიმდევრულობით (იხ. Beyeler v. Italy [GC], no. 33202/96, § 120, ECHR 2000 I; იხ. ასევე, Rysovskyy v. Ukraine, no. 29979/04, § 70, 20 October 2011, with further references). კარგი მმართველობის პრინციპმა, როგორც ზოგადმა წესმა, ხელისუფლებას არ უნდა შეუშალოს ხელი შემთხვევითი შეცდომების გამოსწორებაში, მათ შორის, იმ შეცდომების, რომლებიც მათი დაუდევრობის შედეგია. თუმცა, ძველი „შეცდომის“ გამოსწორების საჭიროების საფუძვლით არ უნდა მოხდეს არაპროპორციული ჩარევა იმ ახალ უფლებაში, რომელიც პირის მიერ კეთილსინდისიერად არის მოპოვებული საჯარო ხელისუფლების ქმედების კანონიერების ნდობით (იხ., mutatis mutandis, Pincová and Pinc v. the Czech Republic, no. 36548/97, § 58, ECHR 2002 VIII). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სახელმწიფო ორგანოებს, რომლებიც ვერ დაადგენენ ან ვერ შეძლებენ საკუთარი დადგენილი პროცედურების დაცვას, არ უნდა მიეცეთ საშუალება ისარგებლონ თავიანთი არასწორი ქმედებებით ან გაექცნენ თავიანთ ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას (იხ. Lelas v. Croatia, no. 55555/08, § 74, 20 May 2010). სახელმწიფო ორგანის მიერ დაშვებულ შეცდომაზე პასუხი თავად სახელმწიფომ უნდა აგოს და ეს შეცდომები არ უნდა გამოსწორდეს დაინტერესებულ პირთა ხარჯზე (იხ. Vukušić v. Croatia, no. 69735/11, § 64, 31 May 2016, სხვა მითითებებთან ერთად).
50. შეცდომით მინიჭებული საკუთრებუს უფლების გაუქმების კონტექსტში, „კარგი მმართველობის“ პრინციპმა შეიძლება ხელისუფლებას დააკისროს არა მხოლოდ საკუთარი შეცდომების გამოსასწორებლად სასწრაფოდ მოქმედების ვალდებულება (იხ., მაგ., Moskal v. Poland, no. 10373/05, § 69, 15 September 2009), არამედ შეიძლება საჭირო გახადოს ადეკვატური კომპენსაციის გადახდა ან სხვა სახის სათანადო რეპარაცია წინა კეთილსინდისიერი მესაკუთრისთვის (იხ., Belova v. Russia, no. 33955/08, § 37, 15 September 2020; იხ. ასევე, Bogdel, § 66, and Rysovskyy, § 71, ორივე ციტირებული ზემოთ).
(b) კონვენციის პრინციპების გამოყენება მოცემულ საქმეში
(ი) ჰქონდა თუ არა ადგილი მომჩივნის საკუთრების უფლებაში ჩარევას
51. სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას არ განუცხადებია, რომ არცერთ მომჩივანს არ ჰქონდა საკუთრება 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში. ამასთან დაკავშირებით ევროპული სასამართლო დამატებით მიუთითებს მომჩივანთა საკუთრების უფლებებზე, რომლებიც სათანადოდ იყო დარეგისტრირებული საჯარო რეესტრში (იხ., Belova v. Russia, no. 33955/08, § 32, 15 September 2020; contrast Meladze v. Georgia (dec.), no. 30635/09, § 39, 2 October 2018). შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნებს ჰქონდათ „საკუთრება“ 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლით გათვალისწინებული მნიშვნელობის შესაბამისად.
52. ევროპული სასამართლო დამატებით აღნიშვნას, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიათა გადაწყვეტილებები მოსარჩელეთა საკუთრების უფლების გაუქმებასთან დაკავშირებით, წარმოადგენს მათ საკუთრებაში ჩარევას 1-ლი დამატებით ოქმის 1-ლი მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში (იხ., Belova, § 33, და Bogdel, § 55, ორივე ციტირებული ზემოთ; შედარებისთვის, Tchitchinadze v. Georgia, no. 18156/05, § 54, 27 May 2010). სტრასბურგის სასამართლო შეაფასებს, იყო თუ არა ჩარევა კანონით გათვალისწინებული, მიზნად ისახავდა თუ არა ლეგიტიმური მიზნის მიღწევას და იყო თუ არა გონივრული ურთიერთმიმართება გამოყენებულ საშუალებებსა და მიზანს შორის (იხ. შესაბამისი ზოგადი პრინციპები პარაგრაფებში 47-50 above).
(ii) იყო თუ არა ჩარევა „კანონით გათვალისწინებული“ და წარმოადგენდა თუ არა იგი საჯარო ინტერესს
53. ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანთა საკუთრების უფლების გაუქმება ეფუძნებოდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლის 1-ელ და მე-3 ნაწილებს, რომლებიც უშვებდნენ, inter alia, proprio motu (საკუთარი ინიციატივით) ადმინისტრაციული სამართალწარმოების საბოლოო გადაწყვეტილების განხილვას. სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ მისი ძალა ეროვნულ კანონმდებლობასთან შესაბამისობის განხილვასთან დაკავშირებით შეზღუდულია (იხ. Rysovskyy, ციტირებული ზემოთ, § 72), სასამართლომ აღიარებს, რომ მომჩივანთა საქმეებზე საქმისწარმოება განახლდა საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მომჩივანთა საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების თავდაპირველი შეფასებისას დაშვებული შეცდომის სავარაუდო აღმოჩენის საფუძველზე (იხ. Turex Ltd v. Georgia (dec.) [Committee], no. 22398/10, § 33, 26 February 2019).
54. ჩარევის დანიშნულებასთან დაკავშირებით, ხელისუფლებამ წარმოადგინა შემდეგი მიზნები: ადგილობრივ ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ დაშვებულ ზოგიერთ შეცდომათა გამოსწორება; სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების კერძო პირებისთვის შეცდომით გადაცემის პრევენცია; სახელმწიფოს მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფლობის დაცვა; და კარგი მმართველობისა და სამართლის უზენაესობის პრინციპების ხელშეწყობა. ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი არგუმენტების ფონზე, სასამართლო მზად არის აღიაროს, რომ მომჩივანთა საკუთრების უფლების ჩამორთმევა წარმოადგენდა „საჯარო ინტერესს“ და ემსახურებოდა ადგილობრივი ადმინისტრაციული ორგანოს შეცდომის გამოსწორების ლეგიტიმურ მიზანს (იხ. Paplauskienė v. Lithuania, no. 31102/06, § 40, 14 October 2014; იხ., ასევე Turex Ltd, § 34; Moskal, § 61; and Pincová and Pinc, §§ 47-48, ორივე ციტირებული ზემოთ).
55. ამგვარად, სტრასბურგის სასამართლო ასკვნის, რომ ჩარევა იყო კანონიერი და ემსახურებოდა საჯარო ინტერესს.
(iii) ჩარევის პროპორციულობა
56. გასარკვევია იყო თუ არა ჩარევა ზემოხსენებული საჯარო ინტერესის პროპორციული, და ხომ არ მოხდა მომჩივანთათვის გადაჭარბებული ინდივიდუალური ტვირთის დაკისრება.
57. დასაწყისისთვის, სასამართლოს არ შეუძლია არ აღნიშნოს, რომ მომჩივანთა მიმართ საჯარო ხელისუფლების მოპყრობა იყო არათანმიმდევრული. კერძოდ, საკუთრების უფლების აღიარების კომისიებმა გააუქმეს მომჩივანთა საკუთრების უფლება მათი მიწის ნაკვეთების მიერ სხვადასხვა ე.წ. „დაცული ზონების“ ან სხვათა საკუთრების კვეთის გამო, ეროვნულმა სასამართლოებმა, უფლებათა გაუქმებაზე გადაწყვეტილებების დამტკიცებისას, უბრალოდ დაასკვნეს, რომ მომჩივნებმა ვერ შეძლეს მათი საკუთრების უფლების აღიარების პირველადი მოთხოვნის დასაბუთება (იხ. მაგალითისთვის საჩივრები nos. 29385/11 და 19372/12). ეროვნული სასამართლოების ასეთი დასაბუთება აშკარად ეწინააღმდეგებოდა კომისიების შესაბამის გადაწყვეტილებებსა და სასამართლო სამართალწარმოების პროცესში საჯარო ხელისუფლების პოზიციას. ამ საკმაოდ კონფლიქტური მიდგომების ფონზე, საჯარო ხელისუფლებისთვის მიკუთვნებული სხვა დეფექტების გათვალისწინებით, ბოლომდე ნათელი არ არის გამოიჩინეს თუ არა მომჩივნებმა საკმარისი მონდომება და სიბეჯითე მათი საკუთრების უფლების თავდაპირველი მოთხოვნისას.
58. დამატებით, ეროვნულმა სასამართლოებმა ადეკვატურად ვერ დაასაბუთეს საკუთარი დასკვნები, ვინაიდან მათ არ დააზუსტეს, თუ რა მხრივ იყო მომჩივანთა თავდაპირველი მოთხოვნები საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელი. N73699/13 საჩივარში, საკუთრების უფლების მინიჭების გადაწყვეტილების გაუქმება არ იყო დაფუძნებული ახალ მტკიცებულებებზე, არამედ მხოლოდ იგივე მტკიცებულებების ხელახალ შეფასებაზე, რომელიც მომჩივნის საკუთრების უფლების თავდაპირველი აღიარებისას იყო წარმოდგენილი (იხ. ზემოთ 24-28 პარაგრაფები). მეტიც, პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნით მომჩივნის საკუთრების უფლების აღიარება უკანონო იყო, ვინაიდან მომჩივანი ქვეიჯარის ხელშეკრულების საფუძველზე კანონიერად ფლობდა სადავო მიწის ნაკვეთს, სააპელაციო სასამართლომ პირიქით დაადგინა, რომ მომჩივანმა ვერ შეძლო დაედასტურებინა მის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებური დაკავება (იქვე). N19372/12 საჩივარში, მომჩივნის საკუთრების უფლების საქმის ხელახალი განხილვა გამოწვეული იყო post factum მომჩივნის მიწის ნაკვეთის ნაწილის მესამე პირზე რეგისტრაცია. საბოლოოდ, სააპელაციო სასამართლომ უბრალოდ დაასკვნა, რომ მომჩივნის მიერ წარმოდგენილი საკადასტრო გეგმა ნაკლოვანი იყო, ხოლო სხვა დოკუმენტები არ იყო წარმოდგენილი. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მომჩივანმა საჯარო არქივის მიერ გაცემული მოწმობის ასლიც წარადგინა, თუმცა ეროვნულმა სასამართლომ უბრალოდ დააიგნორა იგი.
59. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მომჩივანთა საკუთრების უფლება აღიარებული იყო სპეციალურად საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნათა განხილვისთვის, ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებში შექმნილი კომისიების მიერ (იხ. ზემოთ მე-5 პარაგრაფი). მომჩივანთა საკუთრების უფლება დამატებით დარეგისტრირებული იყო საჯარო რეესტრში. შესაბამისად, მომჩივანთა საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებული პროცედურები ოფიციალური ორგანოების მიერ იყო წარმოებული, რომლებიც სახელმწიფოს უფლებამოსილებას ახორციელებდნენ და მომჩივნებს ჰქონდათ ძალიან მწირი შესაძლებლობები, თუ საერთოდ ჰქონდათ, გავლენა ექონიათ უფლებათა აღიარების პირობებზე, ვინაიდან ეს სახელმწიფოს ექსკლუზიურ კომპეტენციას წარმოადგენდა (შედარებისთვის Paplauskienė, § 45, and Arzamazova, § 51, და, mutatis mutandis, Gladysheva, § 79, ყველა ციტირებული ზემოთ). ამასთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელისუფლება არ დავობდა, რომ მომჩივნები არაკეთილსინდისიერად მოქმედებდნენ მათი უფლებების აღიარების თავდაპირველი მოთხოვნისას. ხელისუფლების თქმით, შესაბამისმა სახელმწიფო ორგანოებმა უბრალოდ შეცდომა დაუშვეს მომჩივანთა საკუთრების უფლების აღიარებისა და რეგისტრაციის დროს. თუმცა, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, სახელმწიფო ორგანოთა შეცდომები დაინტერესებულ პირთა ინტერესების სასარგებლოდ უნდა იქნეს გამოყენებული, და სახელმწიფო ორგანოთა ნებისმიერი შეცდომის რისკზე პასუხისმგებლობა სახელმწიფომ უნდა აიღოს (იხ. პარაგრაფი 49 ზემოთ; იხ. ასევე Gashi v. Croatia, no. 32457/05, § 40, 13 December 2007; Arzamazova, ციტირებული ზემოთ, § 51; და Tomina and Others v. Russia, nos. 20578/08 and 19 others, § 39, 1 December 2016). ამასთან დაკავშირებით, ევროპული სასამართლო მიუთითებს ზაკ-ის მე-60 პრიმა მუხლის მე-4 პუნქტზე, რომელიც ცალსახად ითვალისწინებს, რომ „უფლების მიმნიჭებელი“ ადმ. სამართლებრივი აქტი ვერ იქნება ბათილად ცნობილი, თუ დაინტერესებულ მხარეს ჰქონდა კანონიერი ნდობა ასეთი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამან არსებითად დაარღვია სახელმწიფოს, საჯარო ან სხვათა უფლებები ან წინააღმდეგობაში მოვიდა მათ ინტერესებთან. ეროვნული სასამართლოები არ ჩაუღრმავდნენ ზემოხსენებულ დებულებებს (მაგალითისთვის იხ. საჩივარი N29533/13) და ბათილად ცნეს „უფლების მიმნიჭებელი“/აღმჭურველი ადმ. სამართლებრივი აქტი, „კანონიერი ნდობის“ საკითხის განხილვის გარეშე. ამის შესაბამისად სტრასბურგის სასამართლო მიდის საბოლოო დასკვნამდე.
60. მოცემულ საქმეში მომჩივნებს ჩამოერთვათ საკუთრების უფლება კომპენსაციის ან რეპარაციის სხვა ალტერნატიული ფორმის გარეშე. შესაბამისი პროცედურა, რომელიც სახელმწიფო ორგანოებს აძლევს შესაძლებლობას გააუქმოს შეცდომით მინიჭებული საკუთრების უფლებები, აშკარად ითვალისწინებს კომპენსაციის ან სხვა ფორმით რეპარაციის გადაცემის შესაძლებლობას ნებისმიერი ზიანისთვის (ზაკ-ის მე-60 პრიმა მუხლის მე-6 პუნქტი). სასწორზე მყოფ არცერთ საქმეზე ეროვნულ სასამართლოს არ შეუფასებია მომჩივანთა მიერ სავარაუდოდ მიღებული ზიანი, რაც მათი საკუთრების უფლების გაუქმებას მოჰყვა და ამ საფუძვლით რაიმე სახის რეპარაციის საჭიროება (იხ. Arzamazova, ციტირებული ზემოთ, § 52; შედარებისთვის Bogdel, ციტირებული ზემოთ, § 67). მათ არ გაითვალისწინეს სხვა შესაძლებლობა, როგორიცაა ალტერნატიული მიწის ნაკვეთების იდენტიფიცირება ან ნაკვეთების ხელახალი გაზომვა და ნაკვეთების საზღვრების შესწორება. ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო მიწის ნაკვეთები მომჩივნებს თავდაპირველად ფულადი ანაზღაურების გარეშე გადაეცათ, ფაქტი რომელმაც მათი საქმე შეასუსტა. თუმცა, ზიანის საკითხთან დაკავშირებით რაიმე მითითების არარსებობა ეროვნულ სასამართლოთა დასაბუთებაში ოთხივე საქმეში რთულად თუ გაუძლებს საპროცესო სამართლიანობის ტესტს, რომელიც 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის თანდაყოლილია. ევროპულმა სასამართლომ ადრე უკვე დაადგინა დაადგინა, რომ ქონების მიღება მის ღირებულებასთან გონივრულად დაკავშირებული თანხის გადახდის გარეშე, ჩვეულებრივ, წარმოადგენს არაპროპორციულ ჩარევას და რომ კომპენსაციის არარსებობა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება გამართლდეს 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის საფუძველზე (იხ. პარაგრაფი 50 ზემოთ; იხ. ასევე Paplauskienė, ციტირებული ზემოთ, § 49, სხვა მითითებებთან ერთად).
61. ზემოაღნიშნული მოსაზრებები საკმარისია იმისათვის, რომ სტრასბურგის სასამართლოსთვის დაასკვნას რომ არსებობდა სერიოზული ხარვეზები ეროვნულ ხელისუფლებასა და სასამართლოების ქცევაში, რის შედეგადაც მომჩივნების საკუთრების უფლებების გაუქმებით, საერთო ინტერესის ლეგიტიმური მიზნის განხორციელებისას, მომჩვნებისთვის დააწესა გადაჭარბებული ინდივიდუალური ტვირთი.
62. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა 1-ლი დამატებით ოქმის 1-ლი მუხლის დარღვევას.
III.კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
63. კონვენციის 41-ე მუხლი ითვალისწინებს:
„თუ სასამართლო დაასკვნის, რომ დაირღვა კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლება, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდა სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს“.
ზიანიმხარეთა წარდგინებები64. N29385/11 საჩივრით, ყოველგვარი დოკუმენტის წარდგენის გარეშე, მომჩივანი ითხოვდა 250 000 ევროს ოდენობით კომპენსაციას დაკარგული საკუთრებისთვის, ხოლო 50 000 ევროს კი არამატერიალური ზიანისთვის. მას არ გაუკეთებია რაიმე განცხადება სამართლიან დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით მთავრობის განცხადების საპასუხუდ საკუთარი მოსაზრებების წარდგენისას.
65. N19372/12 საჩივრით, მომჩივანი ყოველგვარი მტკიცებულების წარდგენის გარეშე ითხოვდა 150 000 ევროს მატერიალური ზიანისთვის, რომელიც მას სავარაუდოდ მიადგა მისი საკუთრების უფლების გაუქმების შედეგად. იგი დამატებით ითხოვდა 4000 ევროს ყოველ წელზე, დაკარგული შემოსავლის საფუძვლით. მას არამატერიალური ზიანის ანაზღაურება არ მოუთხოვია.
66. N29533/13 საჩივრით, მომჩივანი ითხოვდა მისი საკუთრების უფლების აღდგენას სადავო მიწის ნაკვეთზე ან ალტერნატიულ დამაყოფილებას, კომპენსაციის სახით 140,325 ლარის მიღებით (დაახლოებით 54,000 ევრო). მომჩივანს არამატერიალური ზიანის ანაზღაურება არ მოუთხოვია.
67. რაც შეეხება N73699/12 საჩივარს, მომჩივანი ითხოვდა 26,000 ევროს არამატერიალური ზიანისთვის. მას არ ჰქონია მოთხოვნა მატერიალურ ზიანთან დაკავშირებით. მან თავის შემდგომ განცხადებებში მხოლოდ თავდაპირველ მოთხოვნაზე მიუთითა და დამატებითი დეტალები არ წარუდგენია.
68. ხელისუფლება ინარჩუნებდა მის პოზიციას, რომლის მიხედვითაც საჩივრები იყო დაუშვებელი. მათ დამატებით მიუთითეს, რომ N29385/11 და N73699/13 საჩივრებთან დაკავშირებით, მომჩივნებმა არ დააყენეს სამართლიანი დაკმაყოფილების მოთხოვნა სტრასბურგის სასამართლოს რეგლამენტის მე-60 მუხლის შესაბამისად. ხოლო N19372/12 და N29533/13 საჩივრებთან დაკავშირებით ხელისუფლებამ სადავო გახადა კომპენსაციის მოთხოვნა, მათი თქმით მოთხოვნის რაოდენობა არაგონივრული და დაუსაბუთებელი იყო სადავო მიწის ნაკვეთთა საბაზრო ფასთან შედარებით. ამასთან, მომჩივნებს არ დაუყენებიათ არამატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა.
სასამართლოს შეფასება
69. N29385/11 და N73699/13 საჩივრებთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ მისი წესდების მე-60 მუხლის მე-2 პარაგრაფის თანახმად, მოსარჩელემ დეტალურად უნდა წარადგინოს საკუთარი მოთხოვნა, სხვა ყველა რელევანტურ დოკუმენტთან ერთად იმ ვადაში, რომელიც საქმესთან დაკავშირებით მოსარჩელის არსებითი მოსაზრებების წარსადგენად არის დადგენილი. თუ მომჩივანი ამ წესს ვერ დაიცავს, სასამართლომ შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ უარყოს მისი მოთხოვნა (მე-60 მუხლის მე-3 ნაწილი და 71-ე მუხლი). 2016 წლის 2 დეკემბრისა და 23 ნოემბრის წერილებში, სტრასბურგის სასამართლომ მომჩივანთა ყურადღება მიაპყრო იმ ფაქტს, რომ ეს წესი ვრცელდებოდა მაშინაც, თუ მომჩივნებმა მიუთითეს საკუთარ სურვილებზე სამართლიან დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით სამართალწარმოების ადრეულ ეტაპებზე.
70. სტრასბურგის სასამართლო ორ განსახილველ საქმესთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ მომჩივნებმა არ წარმოადგინეს და არ დააკონკრეტეს მათი სამართლიანი დაკმაყოფილების მოთხოვნა დაწესებულ ვადაში. შესაბამისად ევროპული სასამართლო, საკუთარი წესდების მე-60 მუხლის შესაბამისად, არ მიაკუთვნებს ანაზღაურებას კონვენციის 41-ე მუხლის საფუძველზე (იხ. მაგალითისთვის, Schatschaschwili v. Germany [GC], no. 9154/10, §§ 169-70, ECHR 2015).
71. N19372/12 და N29533/13 საჩივრებთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნებმა არ დააყენეს რაიმე მოთხოვნა არამატერიალურ ზიანთან დაკავშირებით. მატერიალურ ზიანთან დაკავშირებით კი, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან დადგინდა კონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის დარღვევა, კონკრეტულად კი შესაბამისი ადმინისტრაციული და სასამართლო სამართალწარმოებების ნაკლოვანებებთან დაკავშირებით, სასამართლოს არ შეუძლია შეაფასოს მომჩივნის მოთხოვნა მატერიალურ ზიანთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს სამართალწარმოებათა განახლების შესაძლებლობაზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის 1-ლი პუქნტის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით (იხ. ხიზანიშვილი და კანდელაკი საქართველოს წინააღმდეგ, საქმე ნ. 25601/12, პ. 63, 2019 წლის 17 დეკემბერი). შესაბამისად ადამიანის უფლებათა სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ წარმოებათა განახლება და საკითხთა ამ გადაწყვეტილებაში წარმოჩენილი პრინციპების გათვალისწინებით განხილვა, იქნება ყველაზე შესაბამისი საშუალება მომჩივანთათვის რეპარაციის მისაკუთვნებლად (იხ. ბისტროვიჩი ციტირებული ზემოთ, § 58; ვულახი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ, საქმე ნ. 33468/03, § 54, 2012 წლის 10 იანვარი; და გუტა ტუდორ თეოდორესკუ რუმინეთის წინააღმდეგ, საქმე ნ. 33751/05, § 57, 2016 წლის 5 აპრილი). შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა მომჩივანთა მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
ხარჯებიმხარეთა წარდგინებები72. საკუთარ თავდაპირველ განცხადებაში (N29385/11), პირველი მომჩივანი ყოველგვარი ფინანსური თუ სხვა მტკიცებულების გარეშე ითხოვდა 10,000 ევროს სამართალწარმოებასთან დაკავშირებული ხარჯებისთვის. მთავრობამ აღნიშნა, როგორც ზემოთ არის აღნიშნული, რომ მომჩივნებმა დადგენილ ვადაში არ წარმოადგინეს მათი მოთხოვნა, შესაბამისად მოთხოვნა ნებისმიერ შემთხვევაში იყო დაუსაბუთებელი.
73. N 19372/12 სარჩელით, მომჩივანი არ ითხოვდა ხარჯების ანაზღაურებას.
74. N29533/13 სარჩელით, მესამე მოსარჩელე ითხოვდა 1,732 ლარის (დაახლოებით 650 ევროს) ანაზღაურებას სხვადასხვა ადმინისტრაციული ხარჯის გამო, მათ შორის, თარგმნისა და საფოსტო სერვისებისთვის, რომელიც მან გასწია ეროვნულ სასამართლოებსა და სტრასბურგის სასამართლოში სამართალწარმოებასთან დაკავშირებით. მოთხოვნის გასამყარებლად მან წარმოადგინა შესაბამის ქვითართა ასლები. მთავრობამ მიუთითა, რომ ხარჯების ნაწილი იყო დაუსაბუთებელი.
75. N73699/13 სარჩელით, მეოთხე მომჩივანი ითხოვდა სამართლებრივი ხარჯების ანაზღაურებას, რომლებიც მას მიადგა შიდასახელმწიფოებრივი სამართალწარმოების დროს, 9,900 ლარის ოდენობით და ხარჯების, რომელიც მას მიადგა სტრასბურგის სასამართლოში სამართალწარმოებისთვის - 4500 ევროს ოდენობით. მთავრობამ გაიმეორე თავისი არგუმენტი, რომ მომჩივანმა არ დააყენა მოთხოვნა ხარჯებთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს წესდების მე-60 მუხლის შესაბამისად.
სასამართლოს შეფასება76. N29385/11 და N73699/13 საჩივრებით მომჩივნებმა, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, დადგენილ ვადაში არ წარმოადგინეს მათი მოთხოვნა სამართლიან დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით. სტრასბურგის სასამართლომ, შესაბამისად, არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
77. N19372/12 სარჩელით, მომჩივანს არ მოუთხოვია რაიმე სამართლებრივი ხარჯის ანაზღაურება. ხოლო N29533/13 სარჩელთან დაკავშირებით, მომჩივანმა წარმოადგინა რელევანტური დოკუმენტები და ზემოხსენებული კრიტერიუმების გათვალისწინებით სასამართლომ მიაკუთვნა მას მოთხოვნილ ხარჯთა სრული ანაზღურება 650 ევროს ოდენობით.
C. ნაგულისხმევი საპროცენტო განაკვეთი
78. სასამართლო სათანადოდ მიიჩნევს, რომ ნაგულისხმევი საპროცენტო განაკვეთი დაეფუძნოს ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრულ საკრედიტო განაკვეთს, რომელსაც უნდა დაემატოს სამი პროცენტი.
ზემოხსენებული მიზეზების საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლო, ერთხმად:
იღებს გადაწყვეტილებას საქმეთა გაერთიანების შესახებ.საჩივრებს ცნობს დასაშვებად.ადგენს, რომ დაირღვა კონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი;ადგენს(ა) მოპასუხე სახელმწიფომ, მესამე მომჩივანს ( საჩივარი N29533/13), სამი თვის ვადაში უნდა გადაუხადოს 650 ევრო გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად, ამას დამატებული ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება დაეკისროს მომჩივანს.
(ბ) რომ ზემოაღნიშნული სამი თვის გასვლიდან ანგარიშსწორებამდე აღნიშნულ თანხებზე გადასახდელი იქნება მარტივი საპროცენტო განაკვეთი ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული საკრედიტო განაკვეთის გადაუხდელობის პერიოდში, პლუს სამი პროცენტი;
არ აკმაყოფილებს დანარჩენ მოსარჩელეთა მოთხოვნას სამართლიან დაკმაყოფილებასთნ დაკავშირებით.
[1] შემდგომში - აღიარების აქტი.