Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N33
2001 წლის აგვისტო
ელია ს.რ.ლ. იტალიის წინააღმდეგ (Elia S.r.l. v. Italy)
(საჩივარი- 37710/97)
გადაწყვეტილება, 2 აგვისტო, 2001 [მე-2 სექცია]
1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი
1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის 1-ლი პარაგრაფი
საკუთრებით შეუფერხებლად საქმიანობის უფლება
ფაქტები – მომჩივანს - იტალიურ კერძო კომპანიას, შპს ელიას, რომლის საკუთრებაშიც იყო პომეზიას მუნიციპალიტეტში დაახლოებით 65 000 კვადრატული მეტრის ფართობის მიწა, პომეზიას რაიონული საბჭოს 1963 წლის გადაწყვეტილებით მიენიჭა აღნიშნულ მიწაზე სამშენებლო პროექტის განხორციელების ნებართვა. 1967 წელს პომეზიას რაიონულმა საბჭომ მიიღო ქალაქის განვითარების გენერალური გეგმა, რომელიც 1974 წელს დამტკიცდა ლაციოს რეგიონალური საბჭოს მიერ. მოცემული გეგმის საფუძველზე, მომჩივნის მიწა საზოგადოებრივი პარკის შექმნისთვის საჭირო სივრცედ იყო მოაზრებული და შედეგად, სამომავლო ექსპროპრიაციის ხედვით, მას მოცემულ მიწაზე მშენებლობაზე აბსოლუტური აკრძალვა დაუწესდა. მოცემული აკრძალვის ვადა ამოიწურა 1979 წელს. მას შემდეგ, მანამ, სანამ პომეზიას მუნიციპალური ორგანოები არ მიიღებდნენ გადაწყვეტილებას მისი სამომავლო გამოყენების შესახებ, მიწა ექვემდებარებოდა 1977 წლის N10 კანონის დანაწესებს და მათ მიხედვით გათვალისწინებულ შეზღუდვებს. 1995 წელს პომეზიას მუნიციპალურმა ორგანოებმა გადაწყვიტეს, მიეღოთ ქალაქის განვითარების დეტალური გეგმა, რომელიც ძალაში 1999 წელს შევიდა. შედეგად, სამომავლო ექსპროპრიაციის ხედვით, მომჩივანს მიწაზე მშენებლობაზე ისევ, ახალი, აბსოლუტური აკრძალვა დაუწესდა. მომჩივანი დავობდა, რომ მისი მიწის გამოყენებაზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში კომპენსაციის გარეშე დაკისრებული შეზღუდვები არღვევდა 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლით დაცულ მის უფლებას.
სამართალი – სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის გარემოებების გათვალისწინებით, „მომჩივნის უფლებაში განსახილველი ჩარევა მიმდინარეობდა 26 წელზე მეტი დროის განმავლობაში, თუ ათვლის წერტილად განვითარების გენერალური გეგმის მიღებას მივიჩნევთ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დროს ავითვლით მოცემული გეგმის დამტკიცების მომენტიდან, ჩარევა გრძელდებოდა 33 წლის მანძილზე.
სასამართლო ბუნებრივ მოვლენად მიიჩნევს, რომ ისეთ რთულ და კომპლექსურ სფეროში, როგორიცაა სივრცითი განვითარება, ხელშემკვრელი სახელმწიფოები უნდა სარგებლობდნენ შეფასების ფართო ფარგლებით იმისათვის, რათა სათანადოდ მოახერხონ ქალაქების დაგეგმვის პოლიტიკის განხორციელება (იხ. სპორონგი და ლორონთი შვედეთის წინააღმდეგ, § 69). სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ ჩარევა ემსახურებოდა საჯარო ინტერესს.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეზე უნდა გამოყენებულიყო 1-ლი დამატებითი ოქმით გათვალისწინებული პირველი წესი, კერძოდ, მისი შეფასებით, განსახილველი მდგომარეობა წარმოადგენდა საკუთრების მშვიდობიანი სარგებლობის უფლებაში ჩარევას და უნდა შემოწმებულიყო 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის პირველი წინადადების მნიშვნელობიდან გამომდინარე. შესაბამისად, მას უნდა შეემოწმებინა, იყო თუ არა დაცული სამართლიანი ბალანსი საზოგადოების საჯარო ინტერესის მოთხოვნებსა და მომჩივნის მიერ საკუთრების მშვიდობიანი სარგებლობის უფლებას შორის.
სასამართლომ მიიჩნია, რომგანსახილველი პერიოდის განმავლობაში, მომჩივანი კომპანია მისი საკუთრების მომავლის ცოდნის თვალსაზრისით, სრულიად გაურკვეველ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მომჩივნის განცხადებებმა რაიონულ საბჭოში და საჩივრებმა ადმინისტრაციულ სასამართლოებში ვერანაირი გავლენა ვერ იქონიეს მოცემულ გაურკვევლობაზე მისი აღმოფხვრის თვალსაზრისით.
გარდა ამისა, სასამართლომ მიიჩნია, რომ „განსახილველი პერიოდის განმავლობაში მშენებლობაზე აკრძალვის არსებობამ ცალსახად შეაფერხა მომჩივნის მიერ მისი საკუთრებით სრული სარგებლობა და მრავალ სხვა გარემოებასთან ერთად, მისი მიწის გაყიდვის შესაძლებლობების მნიშვნელოვნად შემცირებით, კიდევ უფრო საზიანო ზეგავლენა იქონია მის მდგომარეობაზე.
ბოლოს, სასამართლოს დაკვირვებით, მოცემული შემთხვევის თვალსაზრისით ეროვნული კანონმდებლობა არ უზრუნველყოფდა კომპენსაციის შესაძლებლობას.
საქმის ისეთმა გარემოებებმა, როგორიც იყო ხანგრძლივი გაურკვევლობა, მომჩივნის საკუთრებით სრულ სარგებლობაში ჩარევა, ეროვნულ დონეზე სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალებისა და კომპენსაციის არარსებობა, უბიძგა [ადამიანის უფლებათა ევროპულ] სასამართლოს, დაესკვნა, რომ მომჩივანი კომპანია იძულებული იყო, ეტარებინა ინდივიდუალური და ექსცესიური (გადაჭარბებული, ზედმეტი) ტვირთი, რამაც დააზიანა სამართლიანი ბალანსი, რომელიც საჭიროა, დაცული იყოს საზოგადოების საჯარო ინტერესის მოთხოვნებსა და მომჩივნის მიერ საკუთრების მშვიდობიანი სარგებლობის უფლებას შორის. (იხ. Sporrong and Lönnroth, cited above, p. 28, §§ 73-74).
შედეგად, [ადამიანის უფლებათა ევროპულმა] სასამართლომ, ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ, 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის დარღვევა დაადგინა.
დასკვნა: დარღვევა.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy