დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე 156
2012 წლის ოქტომბერი
ე.მ. რუმინეთის წინააღმდეგ (E.M. v. Romania)
(საჩივარი- 43994/05)
გადაწყვეტილება, 30 ოქტომბერი, 2012 [მე-3 სექცია]
მე-3 მუხლი
ეფექტური გამოძიება
ფაქტები – რუმინელი აპლიკანტი - ე.მ. დაიბადა 1973 წელს და ცხოვრობდა ბუქარესტში. იგი აცხადებდა, რომ 2002 წლის 4 მარტს, დაახლოებით საღამოს 17.00 საათზე, როცა ქალიშვილთან ერთად სახლში იმყოფებოდა, დაურეკა მისმა მეუღლემ. მომჩივნის ქმარი აიძულებდა ბინის დატოვებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკვლით ემუქრებოდა. მოგვიანებით, აპლიკანტის მეუღლე დაბრუნდა სახლში, დაემუქრა მას ცემით, სანამ ჰოსპიტალური მკურნალობა არ დასჭირდებოდა და შემდეგ მოკლავდა, თუ საერთო ბინას არ დატოვებდა. ამის შემდეგ, მოძალადემ რამდენიმე საგანი იატაკზე დაანარცხა და სცემა ცოლი ქალიშვილის თანდასწრებით. 2004 წლის 5 მარტს აპლიკანტმა ქალიშვილი წაიყვანა სამედიცინო შემოწმებისთვის, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ბავშვს მიყენებული ჰქონდა ფსიქოლოგიური ტრავმა. 2004 წლის 6 მარტს მომჩივანი საავადმყოფოში მოთავსდა. სამედიცინო ცნობის საფუძველზე, პაციენტს აღენიშნებოდა ტრავმული დაზიანებები, რაც საჭიროებდა 8-9-დღიან მკურნალობას, რომელიც შესაძლებელია მიყენებული იყო 2004 წლის 4 მარტს და გამოწვეული იყო მძიმე ობიექტის მიერ მიყენებული განმეორებადი ხასიათის დარტყმებისგან. 2004 წლის ოქტომბერში წყვილი განქორწინდა.
2004 წლის 6 მარტს აპლიკანტმა სისხლის სამართლის საჩივარი შეიტანა პოლიციაში მისი ქმრის წინააღმდეგ. 2004 წლის 3 მაისს მომჩივანმა დაიწყო სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოება მუქარის, შეურაცხყოფის, თავდასხმისა და ძალადობის სხვა აქტების ბრალდებების საფუძველზე. 2005 წლის 14 მარტს, პირველი ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მისი საჩივარი და მის ქმარს ჯარიმის გადახდა დააკისრა. მოძალადე მეუღლემ აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა. 2005 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა მისი საჩივარი, გააუქმა პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება და გაამართლა იგი თავდასხმისა და სხვა ძალადობრივი ქმედებების ბრალდების ნაწილში.
კონვენციის მე-3 მუხლზე დაყრდნობით (წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა) მომჩივანი დავობდა, რომ გამოძიება წლისა და ექვსი თვის ქალიშვილის თანდასწრებით ჩადენილ ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით, არ იყო ეფექტური. რუმინულმა სასამართლოებმა უარყვეს აპლიკანტის მოთხოვნები, იმ მიზეზით რომ მომჩივნის ბრალდებები მისი ქმრის ძალადობასთან დაკავშირებით არ იყო დადასტურებული.
სამართალი – მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილი: აპლიკანტი ეროვნული სასამართლოების წინაშე ასაჩივრებდა 2004 წლის 4 მარტს მისი ქმრის მხრიდან განხორციელებული ოჯახში ძალადობის ფაქტს. მან თავის საჩივარს თან დაურთო სამედიცინო დასკვნების 2 ასლი, რომლითაც დასტურდებოდა მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობა. საკანონმდებლო ჩარჩო იძლეოდა იმის საშუალებას, რომ დაზარალებულს ედავა თავდასხმის თაობაზე და მოეთხოვა დაცვა შესაბამისი ორგანოების მხრიდან. თუმცა აპლიკანტი დავობდა მხოლოდ ერთი ინციდენტის შესახებ, სახელისუფლებო ორგანოები ვალდებულნი იყვნენ კეთილსინდისიერად ემოქმედათ და სერიოზულად მიეღოთ ეს შემთხვევა, ვინაიდან ოჯახში ძალადობის სავარაუდო ფაქტი, შესაბამისი სამედიცინო მტკიცებულებებით გამყარებული, მათ წინაშე იყო წარდგენილი. პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის სამართლებრივი მოკვლევა ჩაატარა და პირდაპირ განიხილა მტკიცებულებები, რის შედეგადაც 2005 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით ქმარს დაევალა ჯარიმის გადახდა ფიზიკური შეურაცხყოფისა და სხვა ძალადობრივი ქმედებების გამო. სააპელაციო სამართალწარმოების ფარგლებში რაიონულმა სასამართლომ შეცვალა აღნიშნული გადაწყვეტილება და მტკიცებულებების ახლებურად გააზრების შედეგად გაამართლა იგი. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ხელისუფლების ორგანოებს ჰქონდათ რთული დავალება მტკიცებულებათა შეფასების კუთხით, რადგან მათ წინაშე არსებობდა მოვლენათა ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ვერსია და არ არსებობდა „პირდაპირი“ მტკიცებულება, გამომძიებლების მოვალეობას წარმოადგენდა მიეღოთ აუცილებელი ზომები სხვადასხვა ანგარიშების სანდოობის შესაფასებლად და ფაქტების დასადგენად. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ გაამართლა საკუთარი გადაწყვეტილება იმ საფუძვლით, რომ არ არსებობდა მტკიცებულება ქმრის მიერ ფიზიკური ძალადობის განხორციელების შესახებ. ამ გადაწყვეტილების მიღებისას, სასამართლომ უარყო მოწმის ჩვენება იმ საფუძვლით, რომ იგი არ იყო სანდო. ამასთან, დაადგინა, რომ აპლიკანტის განცხადება არ იყო საკმარისად დეტალური დანაშაულებრივი აქტების ბრალდებებთან დაკავშირებით. გამოძიების შედეგების გამოკვლევის გარეშე, სააპელაციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება იმავე მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია საკმარისად ქმრის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დასადგენად. შესაბამისად, სასამართლოს ჰქონდა სათანადოდ სარწმუნო ინფორმაცია, რათა ჩაეტარებინა ყოვლისმომცველი საფუძვლიანი შემოწმება. თუმცა გამოძიების ხარვეზების აღნიშვნით, რომელიც ძირს უთხრიდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, აღნიშნულმა სასამართლომ დახურა სამართალწარმოება, დაზარალებულებისთვის დარღვეული უფლების აღდგენის გარეშე. რადგან სასამართლო აქტიურ როლს თამაშობდა ეროვნული კანონმდებლობის თანახმად, განსაკუთრებით, ოჯახში ძალადობის შემთხვევებში, მას შეეძლო ფაქტების დასადგენად ახალი მტკიცებულებების მოთხოვნა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა საკმარისი ელემენტები შემდგომი გამოძიების წარმოებისთვის, სააპელაციო სასამართლომ საქმე დახურა. შესაბამისად, სისხლის სამართლის სისტემამ, რომელიც აპლიკანტის საქმეში გამოიყენებოდა, დაადასტურა, რომ შეუძლებელი იყო თავდასხმაში პასუხისმგებელი პირის გამოვლენა და დასჯა, თუ გამოძიებას გარკვეული საკითხები შეუსწავლელი ჰქონდა.
საბოლოოდ, როდესაც მომჩივანმა პირველად შეიტანა საჩივარი, მან მოითხოვა მისი და მისი ქალიშვილის დახმარება და დაცვა მეუღლის აგრესიული ქმედებისგან შესაბამისი ორგანოების მხრიდან. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ საკანონმდელო ჩარჩო უზრუნველყოფდა სხვადასხვა ორგანოებს შორის თანამშრობლობასა და არასასამართლო ზომების გამოყენებას, რათა აღმოჩენილიყო და გატარებულიყო შესაბამისი ღონისძიებები ოჯახში ძალადობის შემთხვევაში და მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო ცნობა წარმოადგენდა თავდაპირველ მტკიცებულებას აპლიკანტის ბრალდებებისა, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, არ დასტურდებოდა, რომ რაიმე ნაბიჯი იყო ამ კუთხით გადადგმული. აღნიშნული ვითარება კი მიანიშნებდა შესაბამის ორგანოებს შორის თანამშრომლობის არარსებობაზე. ეს ორგანოები პასუხისმგებელნი იყვნენ საჯარო სენსიტიური ინტერესის მქონე საქმეებში ჩართვაზე, რათა ხელი არ შეშლოდა ფაქტების დადგენას. ასეთი სახის თანამშრომლობა ყველაზე მეტად სასურველი იყო მოცემულ საქმეში, რადგან სავარაუდო თავდასხმა არასრულწლოვნის თანდასწრებით განხორციელდა. შესაბამისად, ჩატარებული გამოძიების ფორმა არ უზრუნველყოფდა აპლიკანტის ეფექტურ დაცვას კონვენციის მე-3 მუხლიდან გამომდინარე.
სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი (არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა), ვინაიდან გამოძიების ის ფორმა, რომლითაც იგი ჩატარდა, არ უზრუნველყოფდა აპლიკანტის ეფექტური დაცვის საშუალებას, რაც მოთხოვნილია კონვენციის მე-3 მუხლში. კერძოდ, იგი აღნიშნავდა, რომ პირველი საჩივრით აპლიკანტმა ხელისუფლებისგან მოითხოვა მისი და მისი ქალიშვილის დაცვა, ქმრის აგრესიული ქცევისგან. კანონით დადგენილ ფარგლებში გათვალისწინებული სხვადასხვა ორგანოების თანამშრომლობის უზრუნველყოფისა და ასევე არასასამართლო ღონისძიებების მიუხედავად, საქმის მასალებში არ ჩანდა, რომ რაიმე ნაბიჯი იქნა გადადგმული ამ კუთხით. კერძოდ, მიიღეს თუ არა ზომები ოჯახში ძალადობის მიმართ და გამოიყენეს თუ არა საქმეში არსებული მნიშვნელოვანი მტკიცებულება - სამედიცინო ცნობა.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
41-ე მუხლი: აპლიკანტს მიეკუთვნა 7 500 ევრო მორალური ზიანის ანაზღაურების სახით და 178 ევრო - ხარჯებისა და დანახარჯების ასანაზღაურებლად.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy