დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N180
დეკემბერი 2014
ემელ ბოირაზი თურქეთის წინააღმდეგ (Emel Boyraz v. Turkey ) - 61960/08
გადაწყვეტილება 2.12.2014 [II სექცია]
მუხლი 14
დისკრიმინაცია
სქესის გამო დაცვის ოფიცერი ქალის სამსახურიდან გათავისუფლება: დარღვევა
ფაქტები – 1999 წელს, მომჩივანმა- თურქმა ქალბატონმა, წარმატებით ჩააბარა საჯარო მოხელეთათვის განკუთვნილი გამოცდები, რათა დაეკავებინა სახელმწიფო ელექტროენერგიის კომპანიის ერთ-ერთი განშტოების დაცვის თანამშრომლის პოსტი. თავდაპირველად კომპანიამ მის დანიშვნაზე უარი განაცხადა, რადგან ის არ აკმაყოფილებდა კრიტერიუმს, რომლის მიხედვით აღნიშნულ თანამდებობაზე მამრობითი სქესის წარმომადგენელი უნდა დანიშნულიყო; გარდა ამისა, აპლიკანტს სამხედრო სამსახური არ ჰქონდა გავლილი. თუმცა კომპანიის გადაწყვეტილება რაიონულმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ ბათილად ცნო და მომჩივანმა 2001 წელს აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობა დაიწყო. 2003 წელს უზენაესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ გააუქმა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და 2004 წელს მომჩივანი სამსახურიდან გაათავისუფლეს. რაიონული ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით მომჩივნის სამსახურიდან გათავისუფლება კანონიერი იყო, უზენაესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ ძალაში დატოვა. საბოლოოდ, 2008 წელს მომჩივნის მოთხოვნა გადაწყვეტილების შეცვლის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სამართალი – მე-14 მუხლი მე-8 მუხლთან ერთობლიობაში
(a) გამოყენება – მომჩივანი დავობდა, რომ დაექვემდებარა განსხვავებულ მოპყრობას. ის არ ასაჩივრებდა ეროვნული ხელისუფლების ორგანოების მიერ მის საჯარო მოხელედ დანიშვნაზე უარს, აღნიშნული უფლება კონვენციით არ არის უზრუნველყოფილი. ამდენად მომჩივანი მიჩნეული უნდა იქნეს საჯარო მოხელედ, რომელიც დაინიშნა საჯარო სამსახურში და შემდგომში გენდერული ნიშნის საფუძვლით გათავისუფლდა. აღნიშნული მისი პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებაში ჩარევას წარმოადგენდა, რადგან ისეთ მკაცრ ზომას, როგორიც მხოლოდ სქესის გამო სამსახურიდან გათავისუფლებაა, მასზე ან მის პიროვნებაზე, თვითაღქმაზე, თვითპატივისცემასა და შედეგად, პირად ცხოვრებაზე უარყოფითი გავლენა უნდა ჰქონოდა.
დასკვნა: წინასწარი პრეტენზია არ დაკმაყოფილდა (ერთხმად).
(b) არსებითი მხარე – ეროვნული ხელისუფლების ორგანოები მომჩივნის სამსახურში აყვანაზე თავდაპირველი უარის და შემდგომი მისი გათავისუფლების გამართლებას იმ საფუძვლით ცდილობდნენ, რომ დაცვის თანამშრომლებისთვის დაკისრებული ფუნქციები რისკსა და პასუხისმგებლობას მოიცავდნენ, რომლებსაც, მათი აზრით, ქალბატონი თავს ვერ გაართმევდა. თუმცა, აღნიშნული არგუმენტი მათ არ დაასაბუთეს. მსგავს საქმეში, რომელიც სხვა ქალბატონს ეხებოდა და მომჩივნის საქმის გადაწყვეტილების გამოტანამდე სამი თვით ადრე სხვა ეროვნულმა სასამართლომ გადაწყვიტა, დადგინდა, რომ იმავე კომპანიაში და იმავე პოსტზე მდედრობითი სქესის წარმომადგენლის დანიშვნასთან დაკავშირებით არ არსებობდა რაიმე დაბრკოლება. გარდა ამისა, უბრალო ფაქტი, რომ დაცვის თანამშრომლებს უწევდათ ღამე მორიგეობა და გარეუბნებში მუშაობა და შესაძლოა მათ მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ან ფიზიკური ძალის გამოყენების საჭიროება დამდგარიყო, ვერ გაამართლებდა ქალისა და მამაკაცის მიმართ განსხვავებულ მოპყრობას. უფრო მეტიც, მომჩივანი 2001-2004 წლებში დაცვის თანამშრომლად მუშაობდა. ის სამსახურიდან სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე გათავისუფლდა. საქმის მასალებში არ იკვეთებოდა გარემოება, რაც მიუთითებდა, რომ მომჩივანმა სქესის გამო რაიმე ფორმით დაცვის თანამშრომლის ვალდებულებები ვერ შეასრულა. აქედან გამომდინარე, მომჩივანთან მიმართებით განსხვავებული მოპყრობა არ ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზანს და წარმოადგენდა დისკრიმინაციას გენდერული ნიშნის საფუძველზე.
დასკვნა: დარღვევა (ექვსი ხმა ერთი ხმის წინააღმდეგ).
სასამართლომ ასევე ერთხმად დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის § 1-ის დარღვევა გაჭიანურებული ეროვნული სამართალწარმოებისა და უზენაესი ადმინისტრაციული სასამართლოს მიერ ადეკვატური დასაბუთების წარმოუდგენლობის გამო. თუმცა, სტრასბურგის სასამართლომ, უზენაესი ადმინისტრაციული სასამართლოს მიერ მიღებული წინააღმდეგობრივი გადაწყვეტილებების საფუძველზე კონვენციის მე-6 მუხლის § 1-ის დარღვევა არ დაადგინა.
მუხლი 41: 10,000 ევრო არამატერიალურ ზიანთან დაკავშირებით; მატერიალურ ზიანთან დაკავშირებული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
(იხილეთ კონსტანტინ მარკინი რუსეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა] [GC], (Konstantin Markin v. Russia), 30078/06, 22 მარტი 2012, საინფორმაციო ბარათი 150; და უფრო ზოგადად თემატური საძიებელი სამსახურთან დაკავშირებული უფლებების შესახებ)
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული ეს მოკლე შეჯამება არ არის სავალდებულო სასამართლოსთვის. დამატებით იხილეთ Case-Law Information Notes
Full & Egal Universal Law Academy