Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N161
2013 წლის მარტი
ეონი საფრანგეთის წინააღმდეგ (Eon v. France)
(საჩივარი- N26118/10)
გადაწყვეტილება, 14 მარტი, 2013 [მე-5 სექცია]
მე-10 მუხლი
მე-10 მუხლის 1-ლი ნაწილი
გამოხატვის თავისუფლება
პოლიტიკური აქტივისტის მსჯავრდება საფრანგეთის პრეზიდენტის შეურაცხყოფისთვის, სატირული პლაკატის დაჭერის გზით: დარღვევა
ფაქტები: 2008 წელს საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტის დროს, მომჩივანი აფრიალებდა პატარა პლაკატს წარწერით “Cassetoipov’con” (“Get lost, you sad prick”) მაშინ, როცა პრეზიდენტის წვეულება უნდა დაწყებულიყო. ეს იყო პრეზიდენტის მიერ გამოთქმული ფრაზის ქარაგმულად გამეორება, რომელიც მანამდე ბევრჯერ გამოქვეყნდა. ფრაზამ გამოიწვია ფართო მსჯელობა და მედია ხშირად აშუქებდა მას ინტერნეტში და გამოიყენებოდა როგორც დემონსტრაციების სლოგანი. მომჩივანი მაშინვე გააჩერა პოლიციელმა და მოგვიანებით პროკურორმა ბრალი წაუყენა პრეზიდენტის შეურაცხყოფისთვის. ის დამნაშავედ სცნეს და დააჯარიმეს ოცდაათი ევროთი. მომჩივნის შემდგომ საჩივარს უარი ეთქვა.
სამართალი: მე–10 მუხლი
(a) დასაშვებობა – დარღვევის სიმკაცრე უნდა შეფასდეს მომჩივნის სუბიექტური აღქმის გათვალისწინებითა და იმით, თუ რა იყო ობიექტურად სასწორის პინაზე კონკრეტულ საქმეში. საკითხის სუბიექტური მნიშვნელობა ცხადი იყო მომჩივნისთვის, რომელმაც ბოლომდე მიიყვანა სამართალწარმოება, მან შემდეგაც კი, როდესაც მას უარი უთხრეს სამართლებრივ დახმარებაზე სერიოზული საფუძვლების არარსებობის გამო. რაც შეეხება იმას, თუ რა იყო ობიექტურად სასწორზე, საქმე ფართოდ გაშუქდა მედიის მიერ და ეხებოდა საკითხს, სახელმწიფოს მეთაურის შეურაცხყოფა უნდა დარჩენილიყო თუ არა სისხლისსამართლებრივ დანაშაულად, საკითხი, რომელზეც მუდმივად კამათობდნენ პარლამენტში. რაც შეეხება საკითხს, მოითხოვდა თუ არა კონვენციითა და მისი დამატებითი ოქმებით განმარტებული ადამიანის უფლებების პატივისცემა საჩივრის არსებითი მხარის გამოკვლევას, სასამართლომ შენიშნა, რომ საქმე ეხებოდა საკითხს, რომელიც მნიშვნელოვანი იყო როგორც ეროვნულ დონეზე, ასევე კონვენციის ჭრილში.
დასკვნა: წინასწარ შედავებას უარი ეთქვა (ექვსი ხმა ერთი ხმის წინააღმდეგ).
(b) არსებითი მხარე – მომჩივანის მსჯავრდება მოიცავდა ‘‘საჯარო ხელისუფლების მიერ ჩარევას’’ მის გამოხატვის თავისუფლებაში. ჩარევა გათვალისწინებული იყო კანონით და ემსახურებოდა სხვათა რეპუტაციის დაცვის ლეგიტიმურ მიზანს.
პლაკატზე დაწერილი ფრაზა “Cassetoipov’con”, რომელსაც მომჩივანი აფრიალებდა როდესაც პრეზიდენტის პარტიას გზატკეცილზე უნდა ჩაევლო, პირდაპი მნიშვნელობით შეურაცხმყოფელი იყო პრეზიდენტისთვის. თუმცაღა, ფრაზა გამოკვლეულ უნდა იქნეს საქმის მთლიანი კონტექსტიდან გამომდინარე, კერძოდ იმ პირის სტატუსის გათვალისწინებით, ვისკენაც იყო მიმართული ეს ფრაზა, აგრეთვე მომჩივნის პოზიციის, მისი გამოთქმის ფორმისა და ძველად ნათქვამი ფრაზის გამეორების კონტექტის მხედველობაში მიღებით.
სასამართლომ უპირველესად შენიშნა, რომ მომჩივნისთვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას არანაირი კავშირი არ ჰქონდა პრესის თავისუფლების ინტერესებთან. შესაბამისად, მან არ მიიჩნია სათანადოდ, წინამდებარე საქმე გამოეკვლია Colombani და სხვები–ს საქმესთან კავშირში. წინამდებარე საქმეში, მომჩივანი, რომელსაც ბრალი დასდეს შეურაცხმყოფელი ფრაზის გამოყენებაში, არ აცხადებდა, რომ სახელმწიფოს მეთაური მისი მისამართით მოქმედებდა ან საუბრობდა შეურაცხმყოფელად; გამოყენებული ფრაზა უფრო მეტად შეურაცხყოფა იყო, ვიდრე განცხადება. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ კანონმდებლობის მიხედვით, შიდასახელმწიფოებრივმა სასამართლოებმა გამოიკვლიეს, მოქმედებდა თუ არა მომჩივანი კეთილსინდისიერად, რომელსაც შეიძლება გაემართლებინა მისი მოქმედებები, მაგრამ გამოირიცხა ეს შესაძლებლობა მისი პოლიტიკური აქტიურობისა და იმ ფაქტის გამო, რომ მას წინასწარ ჰქონდა მოფიქრებული ის ფრაზა, რომელიც მან გამოიყენა. საბოლოოდ, სასამართლო წარმოება დაიწყო არა პრეზიდენტის, არამედ პროკურატურის ინიციატივით, შესაბამისი ეროვნული სამართლის მიხედვით. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ არ იყო საჭირო განმარტებულიყო, იყო თუ არა მომჩივნის ქმედებების სისხლისსამართლებრივი კლასიფიკაცია კონვენციასთან შესაბამისი, თუნდაც ეს მიჩნეულ ყოფილიყო როგორც სპეციალური ღონისძიება, ვინაიდან მას არ ჰქონდა რაიმე კონკრეტული გავლენა და აგრეთვე არ ანიჭებდა პრივილეგირებულ სტატუსს სახელმწიფოს მეთაურს vis-à-vis მის შესახებ ინფორმაციისა და მოსაზრებების გადაცემასთან დაკავშირებით.
მიუხედავად ამისა, პრეზიდენტის მიერ წარმოთქმული ფრაზის გამეორების სამიზნე არ იყო ამ უკანასკნელის პირადი ცხოვრება და ღირსება; ის ასევე არ წარმოადგენდა არასასურველ პირად იერიშს მის წინააღმდეგ. მომჩივანი იყო აქტივისტი და ყოფილი არჩეული წარმომადგენელი, რომელიც აწარმოებდა ხანგრძლივ კამპანიას უკანონო ემიგრანტების ოჯახების მხარდასაჭერად, რომლებიც დეპორტირებულ იქნენ სახელმწიფოს მეთაურის ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე.
ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ თავად პრეზიდენტის მიერ გამოყენებული ფრაზის განმეორებით, რომლიც მანამდე ფართოდ გაშუქდა მედიის მიერ და საჯარო განხილვის საგანი გახდა, უმეტესად იუმორისტული ტონით, მომჩივანმა არჩია კრიტიკის გამოხატვა შეუსაბამო სატირის მეშვეობით. სასამართლომ რამდენიმე საქმეზე აღნიშნა, რომ სატირა იყო შემოქმედებითი გამოხატვისა და სოციალური კომენტარის ფორმა, რომელიც თავისი გაზვიადებული ბუნებისა და რეალობის დამახინჯების მახასიათებლიდან გამომდინარე, მიზნად ისახავდა პროვოკაციასა და აგიტაციას. შესაბამისად, ხელოვანის, ან სხვა პირის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა, რომ გამოიყენოს გამოხატვის ეს საშუალება, შესწავლილ უნდა იქნეს განსაკუთრებული სიფრთხილით. სისხლისსამართლებრივი სანქციის დაკისრებას იმ ქმედებისთვის, რომელიც ჩაიდინა მომჩივანმა წინამდებარე საქმეში, შეიძლება ჰქონოდა შემაკავებელი ეფექტი აქტუალური საკითხების სატირული ფორმებით გამოხატვასთან დაკავშირებით. გამოხატვის ამგვარი ფორმები თავისთავად თამაშობს მნიშვნელოვან როლს საჯარო ინტერესის საკითხების შესახებ თავისუფალ დისკუსიაში, რომლიც გარეშეც არ იარსებებდა დემოკრატიული საზოგადოება. შესაბამისად, კომპეტენტური ორგანოების მიერ სისხლისსამართლებრივი სანქციების გამოყენება იყო არაპროპორციული და ის არ იყო აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში.
დასკვნა: დარღვევა (ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ).
41-ე მუხლი: დარღვევის დადგენა წარმოადგენს საკმარის სამართლიან დაკმაყოფილებას, არამატერიალური ზიანის ანაზღაურების კუთხით.
(იხილეთ Colombani and Others v. France, no. 51279/99, 25 ივნისი 2002, საინფორმაციო ბარათი no. 43)
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy