დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე 163
2013 წლის მაისი
ერემია მოლდოვის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Eremia v. the Republic of Moldova)
(საჩივარი- 3564/11)
გადაწყვეტილება, 28 მაისი, 2013 [მე-3 სექცია]
მე-3 მუხლი
არაადამიანური მოპყრობა
პოზიტიური ვალდებულებები
სახელმწიფო ორგანოებმა ვერ გაატარეს ადეკვატური ზომები, რათა მომჩივანი და მისი ქალიშვილები დაეცვათ ოჯახში ძალადობისგან: დარღვევა
მე-8 მუხლი
მე-8 მუხლის 1-ლი ნაწილი
პირადი ცხოვრების პატივისცემა
სახელმწიფო ორგანოებმა ვერ გაატარეს ადეკვატური ღონისძიებები, რათა მომჩივნის შვილებს არ მიეღოთ ის ტრამვა, რაც უკავშირდებოდა მამის მხრიდან დედაზე ძალადობას: დარღვევა
მე-14 მუხლი
დისკრიმინაცია
სასამართლო სისტემამ ადეკვატური რეაგირება ვერ მოახდინა ქალთა წინააღმდეგ მიმართულ ოჯახში ძალადობაზე: დარღვევა
ფაქტები – ეროვნებით მოლდოველი აპლიკანტები - ლილია, დოინა და მარიანა ერემია - დედა და მისი ორი ქალიშვილი, დაბადებულები 1973, 1995 და 1997 წლებში, ვალჩინში (მოლდოვის რესპუბლიკაში) ცხოვრობდნენ. ლილია ერემია დაქორწინებული იყო ა-ზე, პოლიციის ოფიცერზე, რომელიც სახლში ხშირად ნასვამი ბრუნდებოდა და მეუღლეს ქალიშვილების თანდასწრებით სცემდა. შედეგად, გოგონების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ნეგატიურად აისახა. მას შემდეგ, რაც მოლდოვის ხელისუფლებამ ა. დააჯარიმა და მას ოფიციალური გაფრთხილება მისცა, იგი კიდევ უფრო აგრესიული გახდა და 2010 წლის ნოემბერში მან ცოლის გაგუდვა სცადა.
ლილია ერემიამ მოითხოვა, რომ განქორწინების თაობაზე მისი სარჩელი დაჩქარებული წესით განხილულიყო, თუმცა უშედეგოდ. ამავე დროს, მან მოლდოვის სასამართლოებს მიმართა დამცავი ორდერის მოპოვების მიზნით. 2010 წლის 9 დეკემბერს სასამართლომ გასცა აღნიშნული ორდერი, რომელიც გადაეცა აპლიკანტის მეუღლეს. ორდერის მიხედვით, ა-ს მოეთხოვებოდა 90 დღის განმავლობაში 500 მეტრის სიახლოვეს არ მისულიყო მათ სახლთან, აგრეთვე არ დაკავშირებოდა მომჩივნებს და არ განეხორციელებინა მათ წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ დამცავი ორდერის აღსრულების ზედამხედველობის მიზნით საქმე გახსნა, ა-მ კვლავ სცემა მეუღლე და სახლში რამდენჯერმე შევიდა. თუმცა 2011 წლის აპრილში მოლდოვის სასამართლომ დააკმაყოფილა ა-ს საჩივარი და დამცავი ორდერი ნაწილობრივ გააუქმა.
2010 წლის დეკემბერში ლილია ერემიამ პოლიციის თანამშრომლებთან იჩივლა ა-ს ძალადობრივი ქმედების თაობაზე, თუმცა ისინი ზეწოლას ახორციელებდნენ მასზე, რათა საჩივარი უკან გაეხმო. პოლიციის ოფიცრები მომჩივანს უმტკიცებდნენ, რომ თუ ა-ს ექნებოდა კრიმინალური წარსული და იგი დაკარგავდა სამსახურს, უარყოფითად აისახებოდა მათი ქალიშვილების საგანმანათლებლო და პროფესიულ მიზნებზე. მიუხედავად ამისა, 2011 წლის იანვარში სისხლის სამართლის გამოძიება მაინც დაიწყო. ა-ს ბრალეულობასთან დაკავშირებით არსებითი მტკიცებულებების, კერძოდ, სამედიცინო დასკვნებისა და მოწმეთა ჩვენებების მოპოვების მიუხედავად, პროკურორმა გამოძიება ერთი წლით შეაჩერა. გამოძიება იმ პირობით შეჩერდა, რომ იგი განახლდებოდა თუ ა. ამ პერიოდის განმავლობაში დანაშაულს კვლავ ჩაიდენდა.
კონვენციის მე-3 მუხლზე (არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა) დაყრდნობით, ლილია ერემია ამტკიცებდა, რომ ხელისუფლებამ ყურადღება არ მიაქცია ოჯახში ძალადობას, რომელსაც ის და მისი ქალიშვილები დაექვემდებარნენ; ამასთან, ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო სასამართლოს მიერ გაცემული დამცავი ორდერის აღსრულება. იმავე მუხლის საფუძველზე, ლილია ერემიას ქალიშვილები დავობდნენ, რომ მათ აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას; გარდა ამისა, ისინი მოწმენი იყვნენ დედის ფიზიკური შეურაცხყოფისა, თუმცა დახმარება არ შეეძლოთ. კონვენციის მე-14 მუხლის (დისკრიმინაციის აკრძალვა) მიხედვით მე-3 და მე-8 მუხლებთან (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) ერთობლიობაში, აპლიკანტები ამტკიცებდნენ, რომ ხელისუფლებამ არ გამოიყენა ეროვნული კანონმდებლობა, რომელიც მიზნად ისახავდა მათ დაცვას ოჯახში ძალადობისგან, რაც გამომდინარეობდა ოჯახში ქალის როლის შესახებ არსებული შეხედულებისგან.
სამართალი – მე-3 მუხლი - ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ 2010 წლის 9 დეკემბერს მოლდოვის სასამართლოების გადაწყვეტილებით მდგომარეობა საკმარისად სერიოზული იყო, რათა ლილია ერემიას მიმართ დამცავი ორდერი გაცემულიყო. გარდა ამისა, ლილია ერემიამ არასათანადო მოპყრობის თაობაზე მოიპოვა სამედიცინო დასკვნა. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მომავალი ძალადობის შიში საკმარისად ძლიერი იყო, რათა აპლიკანტში გამოეწვია ტანჯვა და შფოთი, რაც წარმოადგენდა არაადამიანურ მოპყრობას კონვენციის მე-3 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელისუფლებას ეროვნულ დონეზე შექმნილი ჰქონდა საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ითვალისწინებდა ოჯახში ძალადობაში ბრალდებული პირების წინააღმდეგ სათანადო ზომების გატარების შესაძლებლობას. მოლდოვის კანონმდებლობა უზრუნველყოფდა სისხლის სამართლის სანქციებს მოძალადეების წინააღმდეგ, ასევე დამცავ ღონისძიებებს - მსხვერპლთათვის. გარდა ამისა, ხელისუფლებისთვის ცნობილი იყო ა-ს ძალადობრივი ქმედების თაობაზე; ეს ინფორმაცია კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა 2010 წლის 9 დეკემბერს გაცემული დამცავი ორდერის შემდეგ. ამასთან, ქალბატონმა ერემიამ დროულად გაასაჩივრა ა-ს მიერ დამცავი ორდერის დარღვევა. შესაბამისად, ხელისუფლებას უნდა გაეცნობიერებინა, რომ მომჩივანი მომავალში ძალადობის დაქვემდებარების რეალური რისკის წინაშე იდგა, რაც დადასტურებული იყო საკმარისი მტკიცებულებებით.
მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება საკმარისად სწრაფად არ მოქმედებდა, სასამართლომ აღნიშნა, რომ ისინი არც სრულიად უმოქმედონი იყვნენ, ვინაიდან ა. ოფიციალურად გაფრთხილებულ და დაჯარიმებულ იქნა. თუმცა არც ერთი ზემოთ ხსენებული ღონისძიება არ იყო ეფექტიანი. მიუხედავად იმისა, რომ ა-მ არაერთხელ დაარღვია დამცავი ორდერი, ის კვლავ აგრძელებდა საპოლიციო საქმიანობის განხორციელებას ისე, რომ აპლიკანტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად არანაირი ღონისძიება არ ყოფილა გატარებული. ხელისუფლების მხრიდან სათანადო გადამჭრელი ზომების მიუღებლობა კიდევ უფრო შემაშფოთებელი იყო იმის გათვალისწინებით, რომ ა. პოლიციის თანამშრომელი გახლდათ, რომლის პროფესიულ ვალდებულებებში შედიოდა სხვათა უფლებების დაცვა, დანაშაულის პრევენცია და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა.
საბოლოოდ, სასამართლოსთვის გაურკვეველი დარჩა, თუ რის საფუძველზე დაადგინა პროკურორმა, რომ ა. საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა და რატომ შეაჩერა მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიება; განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მოლდოვის სასამართლოებმა გაახანგრძლივეს დამცავი ორდერი, ვინაიდან მათი მოსაზრებით ა. მეუღლისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. შედეგად, გამოძიების შეჩერებამ გამოიწვია ა-ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება, ნაცვლად იმისა, რომ აღკვეთილიყო შემდგომი ძალადობრივი ქმედების განხორციელება. აქედან გამომდინარე, ევროპულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ ხელისუფლების უუნარობა ა-ს წინააღმდეგ გაეტარებინა ეფექტური ღონისძიებები წარმოადგენდა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას ლილია ერემიასთან მიმართებით.
მე-8 მუხლი - მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი ერემიას ქალიშვილები კონვენციის მე-3 მუხლის საფუძველზე ასაჩივრებდნენ მათი უფლებების დარღვევას, სასამართლომ გადაწყვიტა განაცხადი მე-8 მუხლის მიხედვით განეხილა.
პირველ რიგში, როგორც მოლდოვის სასამართლოებმა აღიარეს, ქალიშვილების თანდასწრებით მამის მიერ დედაზე არაერთხელ განხორციელებულმა ძალადობამ გოგონებზე უარყოფითი ფსიქოლოგიური გავლენა იქონია. შესაბამისად, კონვენციის მე-8 მუხლით განმტკიცებულ მათ უფლებებში ჩარევა განხორციელდა.
მეორე რიგში, ხელისუფლებამ იცოდა ამის შესახებ, თუმცა ჩარევის თავიდან აღსაკვეთად არ ყოფილა მიღებული გონივრული ზომები. ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ 2010 წლის 9 დეკემბრის დამცავი ორდერი ა-ს უკრძალავდა ქალბატონ ერემიასა და შვილებთან ურთიერთობას, ასევე მათ შეურაცხყოფას ან არასათანადო მოპყრობას. ქალბატონმა ერემიამ ასევე მოითხოვა, რომ მისი ქალიშვილები სისხლის სამართლის გამოძიების მიზნებისთვის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლად ოფიციალურად ეღიარებინათ. საბოლოოდ, აპლიკანტები დავობდნენ, რომ სახლში ერთ-ერთი ვიზიტისას, ა-მ არამხოლოდ ფიზიკურად იძალადა მის მეუღლეზე, არამედ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა საკუთარ ქალიშვილებს.
ამრიგად, ხელისუფლება ცალსახად ინფორმირებული იყო ა-ს მიერ დამცავი ორდერის დარღვევის, ისევე როგორც მისი მუქარის შემცველი და შეურაცხმყოფელი ქცევის შესახებ. თუმცა მსგავსი ქმედების აღსაკვეთად ეფექტიანი ღონისძიებები არ გატარებულა. პირიქით, 2011 წელს ჩადენილი სერიოზული ძალადობის მიუხედავად, ა. საბოლოოდ გათავისუფლდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. შესაბამისად, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ქალბატონი ერემიას ქალიშვილებთან მიმართებით მოლდოვის ხელისუფლებამ სათანადოდ ვერ შეასრულა კონვენციის მე-8 მუხლით დაკისრებული ვალდებულებები.
მე-14 მუხლი მე-3 და მე-8 მუხლებთან ერთობლიობაში
ევროპულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს უუნარობა, დაიცვას ქალები ოჯახში ძალადობისგან, არღვევდა მათ უფლებას – თანასწორად ყოფილიყვნენ დაცულნი კანონის წინაშე. წინამდებარე საქმეზე, ქალბატონი ერემია არაერთხელ დაექვემდებარა ქმრის მიერ განხორციელებულ ძალადობას, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ინფორმირებული იყო ამის შესახებ. მთავრობამ არ დააკმაყოფილა ქალბატონი ერემიას მოთხოვნა, დაჩქარებული წესით განხილულიყო მათი განქორწინების საქმე. სავარაუდოდ, აპლიკანტზე ზეწოლას ახორციელებდა პოლიცია, რათა მას უკან გაეხმო ქმრის წინააღმდეგ შეტანილი საჩივარი. გარდა ამისა, სოციალურმა სამსახურებმა აღიარეს, რომ ტექნიკური შეცდომის გამო დამცავი ორდერი ძალაში შევიდა მხოლოდ 2011 წლის 15 მარტს. მართლაც, პოლიციის თანამშრომლები შეურაცხყოფას აყენებდნენ ქალბატონ ერემიას, მეუღლესთან შერიგებას ურჩევდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ის არც პირველი და არც უკანასკნელი ქალი არ იყო, რომელსაც ქმარი სცემდა. საბოლოოდ, მიუხედავად იმისა, რომ ა-მ აღიარა მეუღლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, იგი მაინც გათავისუფლდა ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან, ვინაიდან პროკურორმა მიიღო გადაწყვეტილება, პირობით შეეჩერებინა მის წინააღმდეგ მიმართული საქმის წარმოება.
შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ ხელისუფლების უუნარობა გამკლავებოდა ძალადობას, წარმოადგენდა არაერთგზის განხორციელებული დანაშაულის პატიებას; ეს დამოკიდებულება ქალბატონი ერემიას, როგორც ქალის, მიმართ დისკრიმინაციული იყო. ამრიგად, სასამართლომ დაასკვნა, რომ ქალბატონ ერემიასთან მიმართებით დაირღვა კონვენციის მე-14 მუხლი მე-3 მუხლთან ერთობლიობაში. სასამართლოს მოსაზრებით, მე-8 მუხლთან ერთობლიობაში კონვენციის მე-14 მუხლის საფუძველზე წარდგენილი საჩივარი არ წარმოშობდა რაიმე განსხვავებულ საკითხებს და ცალკე არ განხილულა.
სამართლიანი დაკმაყოფილება (41-ე მუხლი):
სასამართლომ დაადგინა, რომ მოლდოვის რესპუბლიკამ არამატერიალური ზიანისთვის ქალბატონ ერემიას 15,000 ევრო, ხოლო ხარჯებისა და დანახარჯებისთვის 2,150 ევრო უნდა გადაუხადოს.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy