დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ სასამართლოს HUDOC მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the Court’s database HUDOC.
პირველი სექცია
ერთაქი თურქეთის წინააღმდეგ
ერთაქის თურქეთის წინააღმდეგ
(განაცხადი no. 20764/92)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
9 მაისი, 2000 წ.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პალატამ (პირველი სექცია) შემდეგი შემადგენლობით:
ქ-ნი ე. პალმი, თავმჯდომარე,
ბ-ნი ჯ. კასადევალი,
ბ-ნი ლ. ფერარი ბრავო,
ბ-ნი ბ, ზუპანჩიჩი,
ქ-ნი ვ. თომასენი,
ბ-ნი ტ. პანტირუ, მოსამართლეები,
ბ-ნი ფ. გიოლქიუქლუ, ad hoc მოსამართლე,
და ბ-ნი მ. ო’ბოილი, სექციის მდივანი,
მოითათბირა 2000 წლის 4 აპრილს და იმავე დღეს მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:
პროცედურა
1. საქმეს საფუძვლად დაედო თურქეთის მოქალაქის, ბ-ნი ისმაილ ერთაქის (შემდგომში „განმცხადებელი“) განაცხადი no. 20764/92 თურქეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ, რომელიც შემოტანილია ადამიანის უფლებათა ევროპულ კომისიაში (შემდგომში „კომისია“) 1992 წლის 1-ლ ოქტომბერს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის (შემდგომში „კონვენცია“) 25-ე მუხლის (ძველი რედაქციით) შესაბამისად.
2. განმცხადებელი, რომელიც უზრუნველყოფილი იქნა სამართლებრივი დახმარებით, წარმოდგენილი იყო ბ-ნი კ. ბოილისა და ქ.ნი ფ. ჰამპსონის, ესექსის უნივერსიტეტის ლექტორების (გაერთიანებული სამეფო) მიერ. თურქეთის მთავრობა (შემდგომში „მთავრობა“) წარმოადგინეს მისმა წარმომამადგენლებმა.
3. განმცხადებელი დაობდა, რომ მისი ვაჟი, რომელიც მიყვანილ იქნა პოლიციის საპატიმროში 1992 წლის 20 აგვისტოს, გაუჩინარდა იმ დროს, როდესაც დაკავებული იყო და დიდი ალბათობით მოკლული იქნა პოლიციელების მიერ დაკითხვის პროცესში.
4. 1999 წლის 6 მარტს კომისიამ საქმე გადასცა სასამართლოს, კონვენციის მე-11 ოქმის ძალაში შესვლამდე არსებული ნორმების შესაბამისად (მე-11 ოქმის 5.4 მუხლი და კონვენციის 47-და და 48-ე მუხლები (ძველი რედაქციით)).
5. 1999 წლის 31 მარტს დიდმა პალატამ (panel of the Grand Chamber) გადაწყვიტა, რომ საქმე განხილული უნდა ყოფილიყო სასამართლოს ერთ-ერთი სექციის მიერ (სასამართლოს რეგლამენტის 100.1 მუხლის მიხედვით). განაცხადი დაეწერა პირველ სექციას (რეგლამენტის 52.1 მუხლი). აღნიშნულ სექციაში პალატის შემადგენლობა, რომელსაც უნდა განეხილა საქმე (კონვენციის 27.1 მუხლი), ჩამოყალიბებული იყო რეგლამენტის 26.1 მუხლის შესაბამისად. ბ-ნმა რ. თიურმენმა, თურქეთიდან არჩეულმა მოსამართლემ, არ ისურვა განხილვაში მონაწილეობა (რეგლამენტის 28-ე მუხლი). შესაბამისად, მთავრობამ დანიშნა პროფესორი ფეიაზ გიოლქიუქლუ როგორც ad hoc მოსამართლე (კონვენციის 27.2 მუხლი და რეგლამენტის 29.1 მუხლი).
6. განმცხადებელმაც და მთავრობამაც წარმოადგინეს თავიანთი პოზიციები საქმის არსებით მხარესთან დაკავშირებით.
7. ღია მოსმენა გაიმართა ადამიანის უფლებათა შენობაში (Human Rights Building) სტრასბურგში 1999 წლის 9 ნოემბერს.
სასამართლოს წინაშე წარდგნენ
ა) მთავრობის მხარეს
ქ-ნი დ. აქჩაი, თანა-წარმომადგენელი, ბ-ნი ბ. ჩალისქანი, ბ-ნი ე. გენელი, ბ-ნი ს. აიდინი, ქ-ნი მ. გულშენი, ქ-ნი ა. გიუნიაქთი, მრჩევლები;
ბ) განმცხადებლის მხარეს
ქ-ნი ფ. ჰამფსონი, ადვოკატი, ქ-ნი რ. იალჩინდაგი, ბ-ნი ს. აიდინი, ბ-ნი კ. ილდიზი, მრჩევლები.
სასამართლოს წინაშე სიტყვით წარდგნენ ქ-ნი ჰამფსონი და ქ-ნი აქჩაი.
ფაქტები
I. საქმის გარემოებები
8. განმცხადებელი, თურქეთის მოქალაქე ისმაილ ერთაქი, დაბადებული 1930 წელს, ცხოვრობს შირნაქში, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში. მან კომისიას მიმართა თავისი და ასევე საკუთარი შვილის მეჰმეთ ერთაქის სახელით, რომელიც, მისი მტკიცებით, გაუჩინარდა ისეთ გარემოებებში, რაც ცალსახად მიანიშნებდა სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე.
ა. ფაქტები
9. დავის საგანს წარმოადგენს განმცხადებლის შვილის გაუჩინარებასთან დაკავშირებული გარემოებები.
10. განმცხადებლის მიერ მოწოდებული ვერსია ჩამოყალიბებულია ქვემოთ, 1-ლ თავში. სასამართლოსადმი წარდგენილ მემორანდუმში განმცხადებელი ეყრდნობოდა კომისიის ანგარიშის მიხედვით დადგენილ ფაქტებს და მის მიერ კომისიისადმი მანამდე გაკეთებულ მიმართვებს.
11. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ფაქტები ჩამოყალიბებულია მე-2 სექციაში. 12. კომისიისადმი წარდგენილი მასალის აღწერილობა მოცემულია „ბ“ ნაწილში. 13. განმცხადებლის ვაჟიშვილის გაუჩინარების გარემოებებთან დაკავშირებული დავის გამო, კომისიამ ჩაატარა საკუთარი გამოძიება ფაქტების დასადგენად კონვენციის 28. 1 (ა) მუხლის (იმ დროისათვის მოქმედი რედაქციით) შესაბამისად. ამ მიზნით მან შეამოწმა განმცხადებლისა და მთავრობის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები, რომლებითაც ისინი ცდილობდნენ თავიანთი დასკვნების გამყარებას, და დანიშნა სამი დელეგატი 5, 6 და 7 თებერვალს ანკარაში გასამართ ზეპირ მოსმენებზე მოწმეებისგან მტკიცებულებების მოსაპოვებლად. კომისიის მიერ მტკიცებულებათა შეფასება და მის მიერ ჩამოყალიბებული დასკვნები შეჯამებულია „გ“ ნაწილში.
1.განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ფაქტები
(ა) განმცხადებლის ვაჟიშვილის გაუჩინარება
14. შირნაქში (ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში) 1992 წლის 18-20 აგვისტოს განვითარებული მოვლენების შემდეგ შირნაქის ჟანდარმერიისა და უშიშროების პოლიციის შტაბის მეთაურობით 21 აგვისტოს პოლიციის საპატიმროში გადაყვანილ იქნენ ადამიანები. აღნიშნულ მოვლენათა განვითარების დროს განმცხადებლის შვილი მეჰმეთ ერთაქი მუშაობდა ნახშირის მომპოვებელ მაღაროში.
15. ბაკიმევის გამსვლელ პუნქტთან ცისფერ უნიფორმაში გამოწყობილმა პოლიციის ოფიცრებმა გააჩერეს ტაქსი, რომლითაც სამუშაოდან სახლში მიემგზავრებოდნენ მეჰმეთ ერთაქი და სამი სხვა ადამიანი, კერძოდ: აბდულმენაფ ქაბული, სულეიმან ერთაქი და იუსუფ ერთაქი. პოლიციელებმა მათ გამოართვეს პირადობის დამადასტურებელი საბუთები, ხოლო ერთ-ერთმა პოლიციელმა იკითხა მათ შორის რომელი იყო მეჰმეთ ერთაქი. მეჰმეთ ერთაქმა მათ თავი წარუდგინა, რის შემდეგაც პოლიციელებმა იგი წაიყვანეს.
16. 1992 წლის 24 აგვისტოს განმცხადებელს მისმა ნაცნობმა აბდულა ერთურმა, რომელიც დაკავებული ჰყავდათ პოლიციის იზოლატორში 1992 წლის 21 აგვისტოდან ვიდრე გათავისუფლებამდე - 23 აგვისტომდე, მას უამბო, რომ ის მთელი ერთი დღე-ღამის განმავლობაში საკანში იმყოფებოდამეჰმეთ ერთაქთან ერთად.
17. აბდურაჰიმ დემირმა - ადვოკატმა, რომელიც პოლიციამ დააკავა 1992 წლის 22 აგვისტოს და გაათავისუფლა იმავე წლის 15 სექტემბერს, უთხრა განმცხადებელს, რომ 5 თუ 6 დღე იმავე ოთახში გაატარა, სადაც მეჰმეთ ერთაქი იმყოფებოდა. იგი ასევე ამტკიცებდა, რომ მეჰმეთ ერთაქი საშინლად იყო ნაწამები. კონკრეტულად, ბოლო გაყვანისას მას დაახლოებით 15 საათი მოუხდა „წამების ოთახში“ ყოფნა, საკანში დაბრუნებისას კი, უგონო მდგომარეობაში ჩავარდნილს, სიცოცხლის ნიშან-წყალი არ ეჩნეოდა. რამდენიმე წუთის შემდეგ იგი ფეხებით გაათრიეს საკნიდან. მეორე ადამიანმა, აჰმეთ ქაფლანმა, რომელიც ასევე 1992 წლის 15 სექტემბერს გაათავისუფლეს, განმცხადებელს აცნობა პატიმრობისას მისი შვილის ნახვის თაობაზე. პოლიციის შტაბში მეჰმეთ ერთაქის პატიმრობისას დაკავებულმა კიდევ სხვა სამმა ადამიანმა სირნაქის სატუსაღოში მათთან მისულ განმცხადებელს შეატყობინა, რომ დროის იმ პერიოდში მეჰმეთ ერთაქი მათაც ასევე ნანახი ჰყავდათ. 18. განმცხადებელმა შირნაქის პროვონციის გუბერნატორისგან მოითხოვა აეხსნა, რატომ არ ათავისუფლებდნენ მის შვილს, ასევე შეეტყობინებინა მისი ადგილსამყოფლის შესახებ. განმცხადებელს თან ახლდნენ ადგილობრივი საბჭოს წევრები აბდულა საქინი და ომერ იარდიმჩი, ასევე მისი ერთ-ერთი ვაჟი ჰამით ერთაქი. პროვინციის რწმუნებულმა მუსტაფა მალაიმ კითხვები დაუსვა თვითმხილველს, აბდულა ერთურს, რომელმაც დაადასტურა მეჰმეთ ერთაქის პოლიციის შტაბში ნახვა. პროვინციის რწმუნებულმა ჩაატარა მოკვლევა შეიარაღებული ძალებისა და პოლიციის წარმომადგენლებს შორის. გამოკითხული პოლიციის ოფიცრები ამტკიცებდნენ, რომ მეჰმეთ ერთაქი მათთან პატიმრობაში არასდროს არ იმყოფებოდა. 1992 წლის 4 ნოემბერს გაგზავნილ წერილში პროვინციის რწმუნებული მოითოხოვდა პოლიციის ეროვნულ შტაბისგან, დაენიშნა გამომძიებელი ოფიცერი, რომელიც შეისწავლიდა განმცხადებლის პრეტენზიებს.
19. 1992 წლის 2 ოქტომბერს განმცხადებელმა საჩივრით მიმართა შირნაქის პროკურორს, რითაც სურდა გაერკვია, თუ რა გადახდა მის ვაჟს. მომჩივნის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მოწმე აღიარებდა მათი პატიმრობის პერიოდში მისი ვაჟის ნახვის ფაქტს, როგორც პროვინციის რწმუნებულის ოფისი, ასევე პოლიცია და შეიარაღებული ძალები - ყველა ამტკიცებდა, რომ მეჰმეთ ერთაქი პოლიციის მიერ არასდროს ყოფილა დაკავებული.
20. 1993 წლის 8 აპრილს გამომძიებელმა ოფიცერმა ანგარიში წარუდგინა შირნაქის ადმინისტრაციულ საბჭოს და მისცა წინადადება, არ დაწყებულიყო სამართალწარმოება.
21. 1993 წლის 21 ივნისს შირნაქის პროკურორმა გადაწყვიტა, რომ არ გააჩნდა იურისდიქცია აღნიშნულ საქმეზე და იგი გადაუგზავნა შირნაქის პროვინციის ადმინისტრაციულ საბჭოს გამოძიების დასაწყებად.
22. 1993 წლის 11 ნოემბერს შირნაქის ადმინისტრაციულმა საბჭომ გამოსცა პროვინციის რწმუნებულისა და პროვინციის სხვადასხვა საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელებისა თუ მათი მოადგილეების მიერ ხელმოწერილი განკარგულება (იურიდიული საკითხების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტი იმ დროისათვის ვაკანტური იყო), რომლის თანახმადაც არავითარი წარმოება არ უნდა დაწყებულიყო შირნაქის პოლიციის ოფიცრების წინააღმდეგ. ადმინისტრაციული საბჭო განმარტავდა, რომ სადავო ფაქტები ვერ დასტურდებოდა.
23. 1993 წლის 22 ნოემბერს, იმ დროისათვის მოქმედი კანონების შესაბამისად, საქმე გადაეცა უზენაეს ადმინისტრაციულ სასამართლოს. 1993 წლის 22 დეკემბრის განჩინებით სასამართლომ უცვლელად დატოვა ადმინისტრაციული საბჭოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ არ არსებობდა საქმე, რომელიც შეიძლება აღძრულიყო, შემდეგი დასაბუთებით: „ის დანაშაულები, რომლებიც ჩადენილია საჯარო მოსამსახურეთა მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებისა თუ უფლებამოსილებათა განხორციელების პროცესში, ექვემდებარება საჯარო მოსამსახურეთა სისხლისსამართლებრივი დევნის რეგულაციებს... გამოძიების ჩატარებაზე უფლებამოსილი ოფიცერი კი ინიშნება განკარგულებით... საჯარო მოსამსახურესთან მიმართებით გამოძიების ჩასატარებლად ეს მოსამსახურე ზუსტად უნდა იქნეს იდენტიფიცირებული. ასეთი იდენტიფიცირების გარეშე ვერ განხორციელდება ვერანაირი გამოძიება, ვერ შედგება ვერანაირი საგამოძიებო ოქმი და ვერანაირი სასამართლო გადაწყვეტილება ვერ იქნება გამოტანილი. საგამოძიებო მასალებში არსებული ინფორმაცია არ იძლევა საშუალებას დადგინდეს ვინ ჩაიდინა სავარაუდო დანაშაული; შედეგად, საერთოდ არ უნდა დაწყებულიყო რაიმე სახის გამოძიება. მიუხედავად ამისა, დანიშნულმა გამომძიებელმა მოაგროვა საგამოძიებო მასალები, რის საფუძველზეც პროვინციის ადმინისტრაციულმა საბჭომ გადაწყვიტა, რომ არ არსებობდა კონკრეტული საქმე, ვინაიდან პასუხისმგებელი პირები იყვნენ უცნობი და საქმის გამოძიება იყო შეუძლებელი. უზენაესი ადმინისტრაციული სასამართლო ერთხმად ასკვნის, რომ ხსენებულ მიზეზთა გამო, უცვლელად უნდა დარჩეს ადმინისტრაციული საბჭოს გადაწყვეტილება და გამოძიება დაიხუროს.“
(ბ) ინდივიდუალური განაცხადის შეტანაზეაპლიკანტის უფლებაში სავარაუდო ჩარევა
თაჰირ ელჩის - განაცხადის წარდგენისას განმცხადებლის ადვოკატის - წინააღმდეგ გატარებული ზომები
24. როგორც განმცხადებელმა აღნიშნა, თანამდებობის პირებმა დევნა განახორციელეს თაჰირ ელჩის, მისი ადვოკატის წინააღმდეგ იმ სამსახურის გამო, რაც მან გასწია კომისიის წინაშე განაცხადებების წარსადგენად. მათ შორის ერთ-ერთი აპლიკაცია მომდინარეობდა თავად განმცხადებლისგანაც. განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ 1993 წლის 23 ნოემბერს, როდესაც უშიშროების ძალებმა თაჰირ ელჩი დააკავეს, მათ თან ამოიღეს ყველა დოკუმენტი, რომელიც შეეხებოდა აპლიკანტის საქმეს.
2. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ფაქტები
(ა) განმცხადებლის ვაჟის გაუჩინარება
25. მართალია, 1992 წლის 18-20 აგვისტოს ქალაქ შირნაქში მომხდარი შეტაკების შემდეგ მართლაც ჩატარდა ოპერაცია და დაახლოებით 100-მდე ადამიანი დააკავა პოლიციამ, მაგრამ უშიშროების ძალების მიერ დაკავებულთა შორის არ ყოფილა მეჰმეთ ერთაქი. როგორც ნაციონალური პოლიციის შტაბის 1994 წლის 21 დეკემბრის წერილში იყო აღნიშნული, პატიმრობის სარეგისტრაციო ჩანაწერების მიხედვით, ეს ადამიანი არც ოდესმე დაუკავებიათ და არც დაუყოვნებიათ პატიმრობის დაწესებულებაში.
(ბ)ინდივიდუალური განაცხადის შეტანაზე აპლიკანტის უფლებაში სავარაუდო ჩარევა
26. 1995 წლის 23 თებერვალს მთავრობამ კომისიას გადმოუგზავნა ინფორმაცია იმ დოკუმენტების შესახებ, რომელებიც ჩამოართვეს თაჰირ ელჩის, დიარბაქირის ეროვნული უსაფრთხოების სასამართლოს 1994 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებასთან ერთად, რომელშიც მითითებული იყო ადვოკატისათვის უკან დაბრუნებული დოკუმენტების სია.
ბ. კომისიის მიერ შეგროვებული მტკიცებულებები
1. წერილობითი მტკიცებულებები
27. მხარეებმა წარმოადგინეს სხვადასხვა დოკუმენტები, რომლებიც შეეხებოდა განმცხადებლის საჩივარზე წარმოებულ გამოძიებას.
ა. შირნაქის პროკურორის ოფისში განმცხადებლის მიერ 1992 წლის 2 ოქტომბერს წარდგენილი საჩივარი
28. განმცხადებელი დაობდა, რომ შირნაქში განვითარებული მოვლენების შემდეგ 1992 წლის 20 აგვისტოს საიდენტიფიკაციო შემოწმების ჩატარების დროს დააკავეს მისი ვაჟი, როდესაც ის სამუშაოდან ბრუნდებოდა სახლში ოჯახის სხვა სამ წევრთან ერთად. განმცხადებელმა დაასახელა თვითმხილველები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მათ ნახეს პოლიციაში მყოფი მისი შვილი. აღნიშნულის გამო, იგი ითხოვდა ინფრომაციას იმის შესახებ, თუ რა შეემთხვა მის ვაჟს.
ბ. 1993 წლის 21 ივლიის შირნაქის პროკურორის მიერ გაცემული ბრძანება, რომელშიც ადგენდა, რომ ratione materiae არ გააჩნდა იურისდიქცია.
29. აღნიშნულ ბრძანებით შირნაქის პროკურორის ოფისი ადგენდა, რომ არ გააჩნდა უფლებამოსილება, განეხილა განმცხადებლის მიერ შირნაქის პოლიციის ოფიცრების წინააღმდეგ შეტანილი საჩივარი; ბრძანებაში მითითებული იყო, რომ იმ უშიშროების ძალთა წარმომადგენლების ქმედებები, რომლებიც იმყოფებოდნენ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებული რეგიონის რწმუნებულის დაქვემდებარებაში, რეგულირდებოდა საჯარო მოსამსახურეთა სისხლისსამართლებრივი დევნის წესებით. შესაბამისად, საქმე უნდა გადასცემოდა შირნაქის პროვინციის ადმინისტრაციულ საბჭოს.
გ. გამომძიებელი ოფიცრის იაჰია ბალის მიერ ჩატარებული გამოძიების დოკუმენტები
30. 1994 წლის 4 ნოემბერს გაგზავნილ წერილში შირნაქის პროვინციის რწმუნებული მუსტაფა მალაი, განმცხადებლის მიერ 1992 წლის 10 სექტემბერს მისთვის წარდგენილ საჩივარზე მითითებით, ეროვნული პოლიციის შტაბისაგან მოითხოვდა, რომ დანიშნულიყო გამომძიებელი ოფიცერი განმცხადებლის ბრალდებების გამოსაკვლევად.
31. 1992 წლის 3 დეკემბერს ეროვნული პოლიციის შტაბის საგამოძიებო დეპარტამენტმა გამომძიებლად დანიშნა დეტექტივი, სერჟანტი იაჰია ბალი. 1993 წლის 12 და 13 იანვარს იაჰია ბალმა ჩვენებები ჩამოართვა აბდულმენაფ ქაბულს, სულეიმან ერთაქს, იუსუფ ერთაქსა და აბდულა ერთურს. სულეიმან ერთაქის ჩვენება ჩაიწერა თარჯიმნის დახმარებით. ჩვენებები წარმოდგენილია შემდეგი სახით:
1. აბდულმენაფ ქაბული: „მე და მეჰმეთი ერთ სოფელში ვცხოვრობდით და მას პირადად ვიცნობდი. თუმცა მამამისის სახელი მეჰმეთი არაა, როგორც თქვენ ამბობდით, არამედ - ისმაილი. როცა ინციდენტი მოხდა, სახლში ვიმყოფებოდი. მე არც პოლიციაში არ ვყოფილვარ დაპატიმრებული, როგორც საჩივარში იყო ნახსენები, არც შემთხვევის დღეს და არც მომდევნო დღეებში. მეჰმეთის გაუჩინარების შესახებ შირნაქის პროკურორთან ჩვენების მიცემისას გავიგე და მაშინაც იგივე ვთქვი, რასაც ახლა ვამბობ. ჩემს ნათესავებთან ერთად სოფლის მცველად ვმუშაობდი 1987 წელს. მეჰმეთის ძმა, სალიჰი, ამჟამად PKK-ის წევრია და მთაშია გაქცეული. რადგანაც ჩვენ ხელისუფლებას ვუჭერთ მხარს, ისინი თავს დაესხნენ ჩემი და ჩემი ნათესავების სახლებს, რა დროსაც მე და რამდენიმე ჩემი ოჯახის წევრი დავშავდით, ჩემი ბიძაშვილი ჰასან ერთაქი კი მოკლეს. აღნიშნულის შემდეგ ჩვენ კონფლიქტი გვაქვს მათთან. ალბათ ამიტომაც ახსენეს ჩვენი სახელი ამ საქმეში, რათა ზიანი მოეყენებინათ. არ მაქვს არანაირი ინფორმაცია მეჰმეთ ერთაქის სავარაუდო გაუჩინარების თაობაზე და, განსხვავებით იმისაგან, რაც ითქვა, არც პოლიციის იზოლატორში არ ვყოფილვარ მასთან ერთად.“
2. სულეიმან ერთაქი: „მე ვიცნობ მეჰმეთ ერთაქს. ჩვენ ერთ სოფელში ვცხოვრობდით და ზოგჯერ ერთადაც ვმუშაობდით ქვანახშირის მაღაროში. თუმცა მამამისის სახელი მეჰმეთი არაა, როგორც თქვენ ამბობდით, არამედ - ისმაილი. შემთხვევის დროს ჩემს ძმისშვილთან იუსუფთან ერთად მაღაროში ვმუშაობდი. ქალაქიდან სროლის ხმა მოგვესმა და მთავარი გზისკენ გავემართეთ იქ დასაბრუნებლად. ციზრედან მომავალი ტაქსი გავაჩერეთ, რომელშიც მეჰმეთ ერთაქიც იმყოფებოდა და ყველანი ერთად წავედით ქალაქისკენ. ქალაქის შესასვლელთან პოლიცია საიდენტიფიკაციო შემოწმებას ატარებდა. სამივეს შეგვიმოწმეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და უკანვე დაგვიბრუნეს, რის შემდეგაც ჩემი ძმისშვილი და მე სახლში წავედით. მეჰმეთს რაც შეეხება, გვითხრა, რომ რაღაც ჰქონდა საყიდელი და გზის პირას მდებარე მაღაზიისკენ წავიდა. იმის შემდეგ აღარ მინახავს და არ ვიცი, სად შეიძლება იყოს. არც 1992 წლის 18 აგვისტოს მომხდარი ინციდენტის დროს და არც მერე პოლიციის დაკავების იზლოატორში არ ვყოფილვარ - მით უმეტეს არც მეჰმეთ ერთაქთან ერთად, როგორც მეჰმეტის მამა ამტკიცებს. არ ვიცი რაში დასჭირდა მას ასეთი რამე ეთქვა.“
3. იუსუფ ერთაქი: „მე ვიცნობ მეჰმეთ ერთაქს. ერთ სოფელში ვცხოვრობდით. მიუხედავად იმისა, რომ ერთი და იგივე გვარი გვაქვს, ნათესავები არ ვართ. ასევე, მამამისის სახელი მეჰმეთი არაა, როგორც თქვენ ამბობდით, არამედ - ისმაილი. არც დაკავებული არ ვყოფილვარ 1992 წლის 18 აგვისტოს ეროვნული საგზაო მომსახურების სამმართველოსთან (ბაკიმევში), როგორც მეჰმეთის მამა ამბობს. შემთხვევის დროს მაღაროში ვმუშაობდი, ქალაქიდან 5 თუ 6 კილომეტრის დაშორებით. როდესაც ქალაქიდან სროლის ხმა მოგვესმა, მუშებს გვინდოდა დავბრუნებულიყავით უკან, მაგრამ გზა გადაკეტილი ჰქონდათ სამხედროებს და არც ერთ მხარეს არავის არ ატარებდნენ. ამიტომაც ვერ დავბრუნდით სირნაქში. შესაბამისად, არც პოლიციაში დავუყოვნებივარ ვინმეს. არ ვიცი, დააპატიმრეს თუ არა მეჰმეთი პოლიციელებმა. დამავიწყდა თქვენთვის მეთქვა, რომ ინციდენტის შემდეგ - დროს ზუსტად ვერ ვიხსენებ - ციზრედან ერთი ტაქსი ჩამოვიდა, რომელშიც მეჰმეთიც იჯდა. თვითონ ტაქსი ვის ეკუთვნოდა არ ვიცი. იქვე მყოფმა სამხედრომ სულეიმან ერთაქი და მე ტაქსში ჩაგვსვა და სირნაქში გაგვიშვა. ქალაქის შესასვლელთან პოლიციის ოფიცრებმა ჩვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები შეამოწმეს, რის შემდეგაც მეჰმეთი გზასთან მდებარე მაღაზიისკენ წავიდა, ჩვენ კი სახლში წამოვედით. არც ჩვენ და არც მეჰმეტი არავის პოლიციაში დასაკავებლად არ წაუყვანია და არ ვიცი, მამამისს რაში დასჭირდა ამის თქმა.“
4. აბდულა ერთური (ერთუღრული): „1992 წლის 18 აგვისტოს შირნაქში განვითარებული მოვლენებიდან ცოტა ხნის შემდეგ პოლიციელებმა სახლში დამაპატიმრეს. უფრო სწორად, სამხედროებმა, რომლებმაც პოლიციას გადამცეს. უშიშროების პოლიციის მიერ გამოძიების დამთავრებიდან მეორე დღეს კი გამათავისუფლეს. როდესაც სახლში დავბრუნდი, ჩემთან მეჰმეთის მამა მოვიდა, რომლის შვილსაც პირადად ვიცნობდი, რადგან ერთად ვმუშაობდით მაღაროში. მას აინტერესებდა, ვიყავი თუ არა დაკავებული პოლიციაში და ნანახი მყავდა თუ არა იქ მისი შვილი. მე ვუპასუხე, რომ დაახლოებით 40-დან 50-მდე დაკავებული ვიმყოფებოდით იქ და იმათ შორის მისი შვილი არ მენახა. თუმცა თავის საჩივარში მან მოიტყუა და საპირისპირო თქვა. არ ვიცი, ეს რატომ გააკეთა, ისე კი ჩვენ არ ველაპარაკებით ერთაქის ოჯახს. მათმა შვილმა სალიჰ ერთაქმა, რომელიც PKK-ის წევრია, და სალიჰის მეგობრებმა ბიძაჩემი ჰასან ერთაქი მოკლეს. როგორც ჩანს, ჩვენსა და უშიშროების სამსახურებს შორის უთანხმოების ჩამოსაგდებად თქვა მეჰმეთის მამამ ეს ყოველივე და, ვიმეორებ, ის ტყუის. არც საკანში არ ვყოფილვარ მეჰმეთთან ერთად და არც ის ვიცი, სადაა იგი ახლა.“
(დ) 1993 წლის 8 აპრილის ანგარიში, წარმოდგენილი გამომძიებლის იაჰია ბალის მიერ
32. გამომძიებელი ამტკიცებდა, რომ მოკვლევის პროცესში მან მოინახულა შემთხვევის ყველა ადგილი და შეამოწმა საპატიმრო დაწესებულების ჩანაწერები, რომელთა ასლებიც თან დაერთო მის ანგარიშს. იგი უთითებდა, რომ, მიუხედავად პოლიციისათვის გაგზავნილ წერილში, სადაც მოითხოვდა ისმაილთან გასაუბრებას, უფლებამოსილმა პირებმა ვერ შეძლეს მისი მისამართის გაგება (ისმაილი ამ დროისათვის სილოპში იყო საცხოვრებლად გადასული). გამომძიებლის თქმით, აბდულმენაფ ქაბულის, სულეიმან ერთაქისა და იუსუფ ერთაქის ჩვენებებიდან ნათლად ირკვეოდა, რომ ისინი არ იმყოფებოდნენ პოლიციის იზოლატორში არც მითებულ მოვლენებამდე და არც მის შემდეგ, რაც დადასტურდა დაწესებულების სარეგისტრაციო ჩანაწერების შემოწმებითაც. გამომძიებელი იმოწმებდა შირნაქის პოლიციის წერილსაც, რომელიც ამტკიცებდა, რომ მეჰმეთ ერთაქი არ ყოფილა დაპატიმრებული არც შემთხვევის დროს და არც მის შემდეგ. ასევე, უთითებდა, რომ აბდულა ერთური, მისივე ჩვენების თანახმად, დააპატიმრა ჟანდარმერიამ 1992 წლის 18 აგვისტოს შირნაქში განვითარებული მოვლენების შემდეგ და გადასცა პოლიციას, ვიდრე მომდევნო დღეს არ გაათავისუფლეს. მისი სახელი მოხსენიებული იყო იზოლატორის სარეგისტრაციო ჩანაწერში ნომრით 602. გამომძიებლის განმარტებით, აბდულა ერთური ამტკიცებდა, რომ არ ჰყავდა მეჰმეთ ერთაქი პოლიციაში ნანახი და, შესაბამისად, არც მასთან ერთად არ ყოფილა ერთ საკანში. გამომძიებელმა ოფიცერმა შემდეგი დაკვნა გამოიტანა:
„ჩემი ინიციატივაა, რომ არანაირი სამართალწარმოება არ იქნეს დაწყებული, ვინაიდან ისმაილ ერთაქისა და პარლამეტის წევრის ორჰან დოგანის ბრალდებები მეჰმეთ ერთაქის პოლიციაში პატიმრობასთან და პატიმრობის პერიოდში გაუჩინარებასთან დაკავშირებით, სრულიად დაუსაბუთებელია.“
2. მოწმეთა სიტყვიერი ჩვენებები
33. 5, 6 და 7 თებერვალს კომისიის სამმა დელეგატმა ანკარაში მოისმინა შემდეგი ჩვენებები.
ა) ისმაილ ერთაქი
34. აღნიშნული მოწმე - განმცხადებელი - მეჰმეთ ერთაქის მამაა. 1992 წლის აგვისტოში მან გაიგო სროლის ხმა, რომელიც 3 დღეს გაგრძელდა. ინციდენტის ღამეს მისი შვილი მეჰმეთ ერთაქი ქვანახშირის მაღაროში მუშაობდა.
35. ჩვენებაში მან იგივე ფაქტები მოიყვანა, რაც მითითებულია მის განაცხადში. 36. მოწმე ამტკიცებდა, რომ იგი მისული იყო ჟანდარმერიაში, სადაც დაკავებულთა სიის შემოწმების შემდეგ მაიორმა მას უთხრა, რომ მისი შვილი ყაზარმაში არ ყოფილა დაპატიმრებული . განმცხადებლის თქმით, იგი ასევე დაესწრო ყაზარმაში შეხვედრასაც, სადაც კვლავ მოითხოვა ინფორმაცია თავისი ვაჟის შესახებ. ადგილობრივი საბჭოს ორ წევრთან (მუჰთარებთან) - აბდულა საქინთან (იეშილირტის ოლქის მუჰთარი) და ომერ იარდიმჩთან (ღაზიფაშას ოლქის მუჰთარი) - ერთად. იგი ასევე მივიდა სირნაქის პროვინციის რწმუნებულთან, რომელსაც წარუდგინა აბდულა ერთური. ამ უკანასკნელმა რწმუნებულს მოახსენა, რომ პოლიციაში პატიმრობისას ერთი ღამე მეჰმეთ ერთაქთან ერთად მოუწია საკანში ყოფნა. ამის საპასუხოდ რწმუნებულმა წერილი გადასცა მუჰთარებს და ურჩია პოლიციას დაკავშირებოდნენ, რის შემდეგაც განმცხადებლის შვილი ჰამით ერთაქი აბდულა საქინთან და აბდულა ერთურთან ერთად მივიდა პოლიციაში.
37. მოწმე ამტკიცებდა, რომ მას საჩივარი ჰქონდა შეტანილი შირნაქის პროკურატურაში, მაგრამ არ ახსოვდა პროკურატურის წარმომადგენლებს ოდესმე აბდულა ერთური ან მის საჩივარში ხსენებული სხვა ადამიანები დაეკითხოთ. როგორც პროკურორმა აღნიშნა, სავსებით შესაძლებელი გახლდათ, რომ მოწმის შვილი მთაში გაქცეულიყო. თუმცა მოწმე დაუპირისპირდა ამ ბრალდებას, ვინაიდან, მისი ახსნა-განმარტებით, მეჰმეთს ოთხი შვილი ჰყავდა და მისი ცოლიც ჯერ კიდევ ძალიან ახალგზარდა იყო.
38. განმცხადებლის მტკიცებით, მისი შვილი მეჰმეთი წლის დასაწყისში დაკითხული ჰყავდა პოლიციას, მაგრამ არ იცოდა რაში დასჭირდა პოლიციას მისი შვილის დაბარება. იგი ამბობდა, რომ ასევე მეორე ვაჟი მეჰმეთ სალიჰ ერთაქი დაკარგულად ითვლებოდა 1989 წლიდან. გაგონილი ჰქონდა, რომ იგი PKK-ს (ქურთისტანის მშრომელთა პარტია) შეუერთდა, მაგრამ არ იცოდა რეალურად მკვდარი იყო თუ ცოცხალი. სხვა ვაჟი - მესუთ ერთაქი - გასამართლებული იყო აფეთქებაში მონაწილეობისათვის და მისჯილი ჰქონდა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. მოწმე კვლავ იმეორებდა, რომ მისი ვაჟი მეჰმეთ ერთაქი, რომელსაც ოთხი შვილი ჰყავდა, „მთელი დღე და ღამე მუშაობდა ოჯახის გამოსაკვებად“ და „ის ბავშვი (მეჰმეთი) უდანაშაულო იყო“. მეჰმეთის ძმა ცხრა წლის წინ გაიქცა მთებში და შეიძლება მეჰმეთი სწორედ მის წინააღმდეგ გამოსაყენებლად სჭირდებოდათ.
(ბ) მუსტაფა მალაი
39. აღნიშნული მოწმე სირნაქის პროვინციის რწმუნებულის თანამდებობას იკავებდა 1992 წლის აგვისტოში. მისი განმარტებით, 1992 წლის 18 აგვისტოს ტერორისტებსა და უშიშროების ძალებს შორის მოხდა შეტაკება, რომელიც თავად ტეროროსტებმა წამოიწყეს. შეტაკებას რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა. თავდასხმა განხორციელდა იმ მიდამოებში, სადაც ნახშირის მაღაროები მდებარეობდა. შემთხვევის შემდეგ უშიშროების ძალებმა - პოლიციამ და ჟანდარმერიამ - ჩაატარეს სამძებრო სამუშაოები, 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს და წარუდგინეს სასამართლოს. ზოგიერთი მათგანი პოლიციის საპატიმროში გადაიყვანეს, ზოგიერთი კი ჟანდარმერიის იზოლატორში. ორი დამოუკიდებელი რეგისტრაცია იწარმოებოდა.
40. მოწმის განცხადებით, საკუთარ ოფისში ის შეხვდა ადამიანს, რომელმაც უთხრა, რომ ერთი ღამე მეჰმეთ ერთაქთან ერთად იმყოფებოდა საკანში. მოწმეს უჭირდა გახსენება, ამ ადამიანის სახელი აბდულა ერთუღრული იყო თუ არა. მან ურჩია ისმაილ ერთაქს პროკურორთან წაეყვანა თვითმხილველი. მან, ასევე, გამოჰკითხა სხვა ადამიანები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ მეჰმეთ ერთაქი ნანახი ჰყავდათ პოლიციის საპატიმრო იზოლატორში. მისი თქმით, ისმაილ ერთაქი არ გაჩერებულა და 5-ჯერ თუ 6-ჯერ ისევ მივიდა მასთან იმავე ბრალდებებით. რწმუნებულმა საიდუმლო წერილი მისწერა ეროვნული პოლიციის შტაბს ანკარაში და შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც მოითხოვა მოკვლევის მიზნით დანიშნულიყო გამომძიებელი. ასევე, დაამატა, რომ შემდეგ თავად შეამოწმა პოლიციის სარეგისტრაციო ჩანაწერები და დაპატიმრებულთა სიაში მეჰმეთ ერთაქის სახელი ვერ იპოვა. გარდა ამისა, ჟანდარმერიამაც სიტყვიერად შეატყობინა, რომ მეჰმეთ ერთაქი მათთან არ ყოფილა დაპატიმრებული. დაინიშნა გამომძიებელი ოფიცერიც მოკვლევის ჩასატარებლად. თვითონ რწმუნებული ამასობაში 1993 წლის თებერვალში სხვა პოზიციაზე გადაიყვანეს და მეტი ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ აღარ მიუღია.
(გ) სულეიმან ერთაქი
41. აღნიშნული მოწმე - მეჰმეთ ერთაქის ბიძაშვილი - იმ დროს ქვანახშირის მაღაროში მუშაობდა. როდესაც შირნაქში შეტაკება მოხდა, იგი მაღაროში სამუშაოზე იმყოფებოდა. მეჰმეთ ერთაქი, აბდულმენაფ ქაბული და იუსუფ ერთაქი ასევე მაღაროში იყვნენ და სხვადასხვა ადგილებზე მუშაობდნენ. მომხდარი ინციდენტის გამო მათ ვერ შეძლეს 18-22 აგვისტოს შუალედში შირნაქში დაბრუნება. მაღაროსთან ახლოს მდებარე ჟანდარმერიიდან მათ მოუვიდათ გაფრთხილება ადგილიდან არსად წასულიყვნენ.
42. მოწმის განცხადებით, შეტაკებები ქალაქში მოხდა და არა მაღაროსთან. ამიტომაც ოთხდღიანი ლოდინის შემდეგ იგი, მეჰმეთ ერთაქი, აბდულმენაფ ქაბული და იუსუფ ერთაქი მთავარ გზაზე ერთად გამოვიდნენ და სირნაქში დასაბრუნებლად ციზრედან მომავალი ტაქსი აიყვანეს. უკვე თითქმის დაღამებული იყო. სირნაქთან ახლოს, ქალაქის შესასვლელში მოწყობილ გამსვლელ პუნქტთან, ცისფერუნიფორმიანმა პოლიციის ოფიცრებმა ტაქსი გააჩერეს და მათგან პირადობის დამადასტურებელი საბუთები მოითხოვეს. დაწესებულებაში დოკუმენტების შემოწმების შემდეგ პოლიციელებმა საბუთები დააბრუნეს და იკითხეს: „რომელია თქვენ შორის მეჰმეთი?“, რაზედაც მეჰმეთმა უპასუხა: „მე ვარ.“ პოლიციელებმა იგი წაიყვანეს, სხვებს კი უბრძანეს დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ იქაურობა. დანარჩენები ტაქსში ჩასხდნენ და სახლში წავიდნენ.
43. მოწმის განცხადებით, ისმაილ ერთაქმა ჰკითხა მას მეჰმეთის ადგილსამყოფლის შესახებ, რის პასუხადაც იგი მოუყვა ინციდენტის თაობაზე. ამ საქმეზე იგი ოფიციალური პირების მიერ დაკითხული არ ყოფილა.
(დ) აჰმეთ ერთაქი
44. აღნიშნული მოწმე მეჰმეთ ერთაქის ძმაა და იმ დროს დიარბაქირში ცხოვრობდა. ინციდენტის დროს ის შირნაქში თავის ოჯახს სტუმრობდა და 1992 წლის 22 აგვისტოს მათთან ერთად დატოვა ქალაქი.
45. მოწმე აღწერს შირნაქში განვითარებულ მოვლენებს. 22 აგვისტოს დილით მას და მამამისს შეატყობინეს მეჰმეთის დაპატიმრების შესახებ. აბდულა ერთუღრულმა მათ უთხრა, რომ იგი მეჰმეთ ერთაქთან ერთად იმყოფებოდა პოლიციის საკანში. იმავე ადგილას რამდენიმე სხვა ადამიანიც ჰყავდათ დაპატიმრებული და ყველას თვალები ჰქონდა ახვეული. მან შეძლო სახვევის თვალებიდან მოშორება, რის შემდეგაც დაინახა მასთან მყოფი მეჰმეთ ერთაქი და გამოელაპარაკა. აბდულა მომდევნო დღეს დილით გაათავისუფლეს. შუადღით აბდულმენაფ ქაბულის, სულეიმან ერთაქისა და იუსუფ ერთაქისგან გაიგეს, რომ მაღაროდან სახლში მიმავალ გზაზე ისინი პოლიციამ გააჩერა საიდენტიფიკაცო შემოწმების ჩასატარებლად, რის შემდეგაც პოლიციელებმა მეჰმეთი წაიყვანეს. მოწმის ახსნა-განმარტებით, ის შეხვდა აბდურაჰიმ დემირსაც, ადვოკატს, და ჰკითხა მას, რა მდგომარეობაში ნახა მეჰმეთ ერთაქი, რაზეც შემდეგი პასუხი მიიღო: „როცა მეჰმეთ ერთაქი საკანში შემოიყვანეს, იქ 12 ადამიანი ვიმყოფებოდით. დროდადრო ზოგიერთი დაკავებული დასაკითხად გაჰყავდათ და უკან აბრუნებდნენ. ეს ხდებოდა გამუდმებულად. მეჰმეთიც გაიყვანეს რამდენჯერმე. ყველას გვაწამებდნენ.“
46. ამასთან დაკავშირებით მომწმემ დაუმატა, რომ, როგორც აბდურაჰიმ დემირი აცხადებდა, მან დაახლოებით 7 თუ 8 დღე დაჰყო მეჰმეთ ერთაქთან ერთად ერთ საკანში. ბოლო დღეს საკანში მეჰმეთი ნაცემი შემოაგდეს და ცოცხალ-მკვდარი იწვა იატაკზე. ცოტა ხნის შემდეგ აბდურაჰიმიც გაიყვანეს და ამიტომ მეტჯერ მას მეჰმეთი აღარ უნახავს. მოწმის მტკიცებით, აბდურაჰიმ დემირისგან მამამისმაც იგივე მოისმინა. კერძოდ, მან უთხრა: „შენი შვილი თითქმის მკვდარი იყო უკვე, როცა შემოიყვანეს. ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ გადარჩენის შანსი არ ჰქონდა.“
47. მოწმემ აღნიშნა, რომ იგი დაეხმარა მამამისს პროკურორთან შეტანილი საჩივრის დაწერაში და მას დიარბაქირის ადამიანის უფლებათა ასოციაციაშიც მიჰყვა. მან ასევე პეტიციები გადასცა საპარლამენტო დელეგაციის წევრებს, რომლებიც სტუმრობდნენ შირნაქს.
(ე) აბდურაჰიმ დემირი
48. აღნიშნული მოწმე აცხადებდა, რომ დიარბაქირში ადვოკატად მუშაობდა. 1992 წლის 18 აგვისტოს (შირნაქში მომხდარი ინციდენტის პირველ დღეს) იგი უშიშროების ძალებმა დააპატიმრეს, რის შემდეგაც პოლიციის საპატიმროში 29 დღე დაჰყო. დაკავების შემდეგ ჟანდარმერიაში წაიყვანეს და იქ 2 დღე ამყოფეს, სადაც მთლიანობაში დაახლოებით 1,200 ადამიანი ჰყავდათ დაკავებული. 21 აგვისტოს ინფორმატორები და სპეციალური დანაყოფის ოფიცრები მოვიდნენ, რათა 128 ადამიანი აერჩიათ და შირნაქის პოლიციაში წაეყვანათ. მოწმე აცხადებდა, რომ იგი პოლიციის შტაბში იქამდე იმყოფებოდა, ვიდრე 20 სექტემბერს არ გაათავისუფლეს. 49. პოლიციაში მიყვანიდან მეორე თუ მესამე დღეს (24 თუ 25 აგვისტოს) მეჰმეთ ერთაქი შეიყვანეს იმ ოთახში, სადაც მოწმე ჰყავდათ დაკავებული. ვინაიდან მოწმე აწამეს, მას არ ახსოვდა ზუსტად რამდენი დღე გაატარა მეჰმეთთან ერთად - შეიძლება ოთხი ან ხუთი. ის ამტკიცებდა, რომ 12-ზე მეტი პატიმარი იყო ერთ ოთახში, რომელთა სახელიც (ზოგიერთისა) ახსოვდა: ნეზირ ოლქანი, კიას საქინი, სეიმუს საქინი, ქელალ დემირი და იბრაჰიმ სათანი.
50. მოწმის განმარტებით, პოლიციაში ყოფნის დროს პატიმრებს სისტემატურად აწამებდნენ. რამდენიმე დღის განმავლობაში ისინი დღეში 2-ჯერ ან 3-ჯერ გაჰყავდათ საწამებლად. „ცხოველებივით“ ეპყრობოდნენ და ხშირად იქ უწევდათ მოსაქმება, სადაც იწვნენ. მოწმე ამბობდა, რომ მეჰმეთსაც აწამებდნენ ხოლმე. ის დღეში ერთხელ 15 წუთით გაჰყავდათ. ერთ შემთხვევაში მოწმე და მეჰმეთი ერთად გაიყვანეს ორ თუ სამ სხვა პატიმართან ერთად „წამების ოთახში“. მან თვალსახვევიდან დაინახა როგორ აწამებდნენ ადამიანებს - მათ აშიშვლებდნენ და ჰკიდებდნენ. ზოგიერთს ელექტროშოკით უსწორდებოდნენ. სასტიკად სცემდნენ და ცივი წყლის ჭავლში ატარებდნენ. იმ დღეს თვითონაც ჩამოჰკიდეს ერთი საათით და როცა ოთახი დაატოვებინეს, მეჰმეთი ისევ იქ ეკიდა. მეჰმეთი საკანში დაახლოებით 10 საათის შემდეგ დააბრუნეს. მოწმის მტკიცებით: „როცა მეჰმეთი მოიყვანეს, იგი ვერ ლაპარაკობდა. მკვდარი იყო უკვე - უფრო სწორად, უკვე გაშეშებულიყო. 99% დარწმუნებული ვარ, რომ აღარ იყო ცოცხალი. ორი-სამი წუთის შემდეგ ფეხებით გაათრიეს საკნიდან. ერთი ფეხსაცმელი საკანში დარჩა. ამის მერე აღარ გვინახავს“. მისი განმარტებით, როცა ცემენტის იატაკზე უხდებოდა დაწოლა, მეჰმეთს ჩვევად ჰქონდა ხოლმე, ფეხსაცმელი თავქვეშ ამოედო.
51. ისმაილ ერთაქი საპატიმროში მივიდა მოწმესთან, მაგრამ მან უთხრა, რომ გათავისუფლების შემდეგ დაელაპარაკებოდა. როცა ისმაილმა უკვე გათავისუფლებულს და სახლში დაბრუნებულს მიაკითხა, მოწმემ მას შეატყობინა, რომ მისი შვილი პოლიციაში გარდაიცვალა, რაზეც ისმაილმა მას მატყუარა უწოდა.
52. მოწმის განმარტებით, მას ჩვენება ჩამოართვა დიარბაქირის პროკურორმა მომხდარის თაობაზე. ჩვენებაში მან ის ფაქტები ახსენა, რომელთა შესახებაც მოუყვა კომისიის დელეგატებსაც. ამის შემდეგ მან ხელი მოაწერა თავის ჩვენებას, ხოლო სხვას არავის არ დაუკითხავს.
53. საპატიმროში ყოფნისას სულ ერთსა და იმავე მე-8 საკანში იმყოფებოდა თვალებახვეული. მისი თქმით, მეჰმეთ ერთაქს ყველაზე მეტად აწამებდნენ. მას ძალა არ ჰყოფნიდა სასაუბროდ და ვერც მოწმესთან ლაპარაკი შეძლო, თუ არ ჩავთვლით ამ უკანასკნელის საკანში მისვლის პირველ დღეს. იგი მოუყვა მოწმეს, რომ დაპატიმრებისთანავე მოიყვანეს პოლიციაში. მოწმის მტკიცებით, როდესაც პატიმრები ნაცემები იყვნენ, ზოგიერთი წამალს ითხოვდა სახის დალურჯებების მოსარჩენად. თავად მასაც ჩაუმტვრიეს ერთი კბილი და ცემისაგან სახე ჰქონდა დასიებული. ასეთ მდგომარეობაში იყო პროკურორთან დაკითხვის მომენტშიც, რომლის კითხვაზეც - აწამეს თუ არა - მან დადებითი პასუხი გასცა. აღნიშნულზე პროკურორმა მიუგო, რომ ეს არ „შეესაბამებოდა სიმართლეს“ და მან თავად მიიყენა თვითდაზიანებები.
54. მოწმის განმარტებით, რეპრესიების შიშით, მან აღარ შეიტანა საჩივარი მისი მწამებელი პოლიციელების წინააღმდეგ. მისი თქმით, რასაც ამბობდა, ყველაფერი იყო სიმართლე და მინიმუმი იმისა, რაც მან და სხვა დაპატიმრებულებმა გამოსცადეს. მისი აზრით, შირნაქის ინციდენტი სწორედ სახელმწიფოს აგენტების მიერ იყო მოწყობილი მოსახლეობის დაშინების მიზნით - კერძოდ, მიზეზი იყო ის, რომ შირნაქის მცხოვრებლები PKK-ის წევრი ორი მებრძოლის დაკრძალვას დაესწრნენ და პრო-ქურთულ პარტია HADEP-ის მისცეს ხმა.
(ვ) თაჰირ ელჩი
55. აღნიშნული მოწმე, ადვოკატი, იცავდა განმცხადებლის ინტერესებს იმ დროისათვის, როცა მან განაცხადით მიმართა კომისიას. მისი თქმით, მის მოვალეობაში არ შედიოდა განმცხადებლის ინტერესების დაცვა ეროვნული ხელისუფლების წინაშე. ის მხოლოდ რჩევას აძლევდა და წერილებს უმზადებდა.
56. მოწმის მტკიცებით, 1993 წლის ნოემბერში მისი დაპატიმრების შემდეგ, უშიშროების ძალებმა გაჩხრიკეს მისი ოფისი და წაიღეს ყველა დოკუმენტი, რასაც კავშირი ჰქონდა მის პროფესიულ საქმიანობასთან და მათ შორის მეჰმეთ ერთაქის გაუჩინარებასთან. იგი 21 დღე ამყოფეს პატიმრობაში დიარბაქირის ჟანდარმერიის სადაზვერვო სამსახურში (JİTEM).
57. მოწმე უთითებდა, რომ მას არ მიუღია ახსნა-განმარტებები ისმაილ ერთაქის საჩივარში ნახსენები თვითმხილველებისგან. ზოგი მათგანი საპატიმროში იყო და თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობდა, ასევე თვითონაც ეშენოდა მათთან მისვლისა და ცნობების შეგროვების. შემდეგ აბდურაჰიმ დემირს შეხვდა, რომელიც ამტკიცებდა, რომ მეჰმეთ ერთაქი პოლიციაში ყოფნის დროს ნახა. მოწმის მტკიცებით, ისმაილ ერთაქმა ძალზე მოკლედ მოყვა, რაც აბდურაჰიმ დემირისგან მოისმინა. ისმაილს არ უნდოდა ეღიარებინა, რომ მისი შვილი შეიძლებოდა მკვდარი ყოფილიყო, თუმცა გულის სიღრმეში იცოდა, ეს ასეც იყო. ამასთან მიმართებით მოწმე ამბობდა, რომ თუ ადამიანი ერთი კვირა ჰყავდათ პატიმრობაში და პატიმრობის ვადის გაგრძელების თაობაზე პროკურორს თხოვნით აღარ მიმართავდნენ, შესაძლებელია, გარკვეულწილად დარწმუნებით დავასკვნათ, რომ პატიმრის სიცოცხლე საფრთხეშია, ან იგი საერთოდაც მკვდარია.
58. თაჰირ ელჩის სჯეროდა, რომ მეჰმეთ ერთაქი პოლიციაში პატიმრობის დროს გარდაიცვალა. თავადაც შეესწრო რამდენიმე ასეთ შემთხვევას.
(ზ) ლევენთ ოფლაზი
59. ეს მოწმე შირნაქის პოლიციის ინსპექტორად მუშაობდა. 18 აგვისტოს ღამით იგი პოლიციაში იმყოფებოდა. უეცრად მას და მის კოლეგებს ქალაქის ცენტრიდან სროლის ხმა შემომოესმათ. რადიოთი შეატყობინეს, რომ ტერორისტები დასხმოდნენ თავს შირნაქს და ამიტომ თავდაცვის ზომებიც მიღებული ჰქონდათ. მოწმის განმარტებით, იგი ჩართული არ ყოფილა დაპატიმრებების პროცესში, მისი მოვალეობა საჯარო ნაგებობების დაცვა იყო. 4 თუ 5 დღის მანძილზე, რა დროსაც ინციდენტი გრძელდებოდა, მას არ მიუტოვებია პოლიციის შენობა.
60. ლევენთ ოფლაზმა დაათვალიერა 1992 წლის 23 აგვისტოს შედგენილი ჩანაწერი, რომელთა მიხედვითაც 18-21 აგვისტოს შეტაკების შემდეგ ქალაქში სახლები გაჩხრიკეს და გახარჯული ვაზნები ვერ იპოვეს. მოწმემ დაადასტურა, რომ დოკუმენტზე მისი ხელმოწერა იყო. წინა ნათქვამის საპირისპიროდ, მან აღიარა, რომ თავდაც იყო იმ დანაყოფის წევრი, რომელიც სახლების ჩხრეკას ატარებდა.
(თ) ქემალ ერიამანი
61. მოვლენათა განვითარების დროს მოწმე ელაზიღის ციხის დირექტორი იყო. მისი თქმით, იწარმოებოდა დაკავებულთა და ვიზიტორთა რეგისტრაცია. ისეთი სახელები, როგორებიცაა შეიმუს საქინი, კაიას საქინი და ემინ ქაბული - მას ეცნობოდა, თუმცა უფრო დაწვრილებითი პასუხის გაცემა არ შეეძლო.
62. მოწმემ აღწერა, თუ როგორ აწარმოებდნენ რეგისტრაციას ციხეში. ჩანაწერებში შეჰქონდათ ყველა ინფორმაცია იმის თაობაზე, რა მიზეზით იქნა პირი დაკავებული და ვინ იყო ის ადამიანი ან უწყება, რომელმაც დაკავებული ან მსჯავრდებული ციხეში გადმოგზავნა. მისი განმარტებით, ჩანაწერები არ შეიცავდა პოლიციის საპატიმროში დაკავებულთა შესახებ ინფორმაციას.
63. მოწმის განცხადებით, 18-20 აგვისტოს შირნაქში განვითარებული მოვლენების შემდეგ ელაზიღის ციხეში რამდენიმე დაკავებული გადმოიყვანეს.
(ი) სერდარ ჩევირმე
64. მოვლენათა განვითარების მომენტში ეს მოწმე შირნაქის პოლიციის ანტიტერორისტული განყოფილების გამოძიებისა და დაზვერვის დანაყოფს ხელმძღვანელობდა. იგი განმარტავდა, რომ მისი დანაყოფის მოვალეობას ტერორისტულ ქმედებებში ეჭვმიტანილი პირების დაკავება და დაკითხვა წარმოადგენდა.
65. მოწმის განცხადებით, „აგვისტოს მოვლენები“ 15 აგვისტოს ღამით დაიწყო. ყველა მიმართულებიდან დაიწყეს მძიმე შეიარაღებით სროლები. შედეგად პოლიციის ორი ოფიცერი, რომელთაგან ერთ-ერთი „სწრაფი რეაგირების ძალების“ (çevik kuvvet) წევრი იყო, და კიდევ, ჟანდარმერიის ორი თუ სამი წევრი დაიღუპა.
66. ჩანაწერების თანახმად, პასუხად კითხვაზე, თუ რატომ ჰყავდათ დაპატიმრებული 80 ადამიანი პოლიციის იზოლატორში აგვისტოს თვის ბოლოს, მოწმემ განმარტა, რომ აგვისტოს ინციდენტი განსაკუთრებულ მოვლენას წარმოადგენდა. დაკავებულები 48 საათს ატარებდნენ საპატიმროში.
67. მოწმე ვერ იხსენებდა, ყველა დაკავებული ჟანდარმერიაში მიჰყავდათ თუ პირდაპირ პოლიციის იზოლატორში. ინსტრუქციის თანახმად, დაკავებულები ჟანდარმერიაში უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ როცა ორ ან სამ ადამიანს ეხებოდა საქმე, მათ პოლიციაში აყოვნებდნენ. ექიმებს, ძიძებს და რამდენიმე ოჯახს სარდაფში ჰქონდათ მათივე უკეთ დასაცავად მიჩენილი ადგილი. მოწმემ დაადასტურა, რომ 21 აგვისტოს ჟანდარმერიიდან ინციდენტში ჩართული 57 ადამიანი იქნა გადმოყვანილი, თუმცა აღარ ახსოვდა საიდან მოიყვანეს კიდევ 22 ადამიანი მომდევნო დღეს და 12 სხვა ადამიანი 24 აგვისტოს. იმდროინდელი მდგომარეობა ქაოტური იყო.
68. იმის მიუხედავად, რაც მანამდე თქვა, მოწმემ აღიარა, რომ როცა 23 ადამიანს 20 დღეზე მეტხანს აჩერებდნენ პოლიციაში დასაკითხად, ისინი დიდ ოთახში ჰყავდათ დაპატიმრებული. ასეთი რამ ორჯერ მოხდა მის მიერ მოვალეობათა შესრულების დროს: მაშინ, აგვისტოს, და 21 მარტს. მისი თქმით, საკნები, დიდი ოთახი, დაკითხვის ოთახი, საქვაბე განყოფილება, ტუალეტი და პატარა ოთახი, სადაც ჩაის ამზადებდნენ - ყველა სარდაფში იყო მოწყობილი.
69. მოწმემ დაადასტურა, რომ თავადაც მონაწილეობდა 18 აგვისტოს მოვლენების გამოძიებასთან დაკავშირებულ დაკითხვის პროცედურებში. ამასთან, მისი დანაყოფი არ აწარმოებდა ჩანაწერებს, თუ როდის, ვის მიერ დაიკითხა კონკრეტული პატიმარი. განყოფილების შიდა ჩანაწერი შეიცავდა შემდგენელი ოფიცრის მიერ გაკეთებულ აღნიშნვნებს, თუმცა ამ ინფორმაციას ოფიციალურ სარეგისტრაციო ჩანაწერებში არ ატარებდნენ.
70. განყოფილებამ გამოძიება შემდეგნაირად ჩაატარა: მან და მისმა კოლეგებმა შეამოწმეს რეგისტრაციის ჩანაწერები და იქ ვერ აღმოაჩინეს მეჰმეთ ერთაქის სახელი. შეამოწმეს მის კრიმინალურ წარსულზე არსებული ინფორმაციაც. შემდეგ მოიკვლიეს რომელმა დანაყოფამა და რა ვითარებაში დააკავა იგი. თუმცა მოკვლევას კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია.
71. მოწმის განცხადებით, იგი არ იმყოფებოდა პოლიციაში განუწყვეტლივ. მისი იქ არყოფნის დროს მოვალეობის შემსრულებელი ოფიცერი მეთვალყურეობდა რეგისტრაციის წარმოებას. მას დაუჯერებლად მიაჩნდა, რომ დაპატიმრებული პირის სახელი რეგისტრაციაში არ შეეტანათ. ამ მხრივ პოლიციელები სათანადოდ ასრულებდნენ მკაცრად განსაზღვრულ, წერილობით და სიტყვიერ ინსტრუქციებს. მოწმის მტკიცებით, ჩანაწერები ყოველდღიურად ეგზავნებოდა ანტიტერორისტული განყოფილების მეთაურს. მას არ შეეძლო ზუსტად აეხსნა რატომ არ იყო იქ მოხსენიებული ემილ ქაბული, რომელიც ელზიღის ციხეში იქნა გადაყვანილი. თუმცა ეს სახელი მას ეცნობოდა.
72. როგორც მოწმემ განაცხადა, მას არ შეეძლო ლოგიკურად აეხსნა, თუ როგორ ადასტურებდა 6 ადამიანი მეჰმეთ ერთაქის პოლიციის საპატიმროში ნახვის ფაქტს, მიუხედავად იმისა, რომ ეს სახელი ჩანაწერებში არ იყო მოხსენიებული.
73. მოწმემ დაადასტურა, რომ ქალაქის შესასვლელთან, მაღაროდან მომავალ გზაზე, მართლაც იყო გამშვები პუნქტი. შემოწმებას ატარებდნენ „სწრაფი რეაირების ძალები“, ასევე სადაზვერვო და ანტიკონტრაბანდული დანაყოფის წარმომადგენლები. როდესაც ეჭვმიტანილებს აპატიმრებდნენ, ისინი შესაბამის პოლიციის განყოფილებაში გადაჰყავდათ. მოწმის თქმით, დაპატიმრებულთა რეგისტრაციას აღნიშნული ოფიცრებიც აწარმოებდნენ, მაგრამ მათ განყოფილების მიერ დაკავებულთათვის ცალკე საკნები არ ყოფილა გამოყოფილი. რაც შეეხებოდა მათი უნიფორმის ფერს, იმ დროისათვის ეს იყო მწვანე, მაგრამ შემდგომში ცისფერი უნიფორმებით ჩაანაცვლეს. მიუხედავად ამისა, მას არ ახსოვდა ზუსტად როდის მოხდა ეს ცვლილება. როგორც იგი ამბობდა, „სწრაფი რეაგირების ძალების“ ოფიცრებს ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები პოლიციის შენობაში გადაჰყავდათ ხოლმე.
(კ) ოსმან გიუნაიდინი
74. მოვლენათა განვითარების დროს ეს მოწმე შირნაქის პროვინციის რწმუნებული მოადგილედ მუშაობდა. რწმუნებულის სახელით იგი მეთაურობდა შირნაქის ადმინისტრაციული საბჭოს სხდომას, რომელმაც 1993 წლის 11 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება, არ განეხორციელებინა დევნა უშიშროების პოლციელთა წინააღმდეგ.
75. მოწმე ვერ იხსენებდა საქმის კონკრეტულ გარემოებებს და არც იმის ახსნა შეეძლო, საგამოძიებო ანგარიშში თავდასხმის თარიღად რატომ იყო მითითებული 1992 წლის 16 სექტემბერი, როდესაც ინციდენტი მოხდა 1992 წლის 18 აგვისტოს. მისი მტკიცებით, გამომძიებელი პირი, დეტექტივი სერჟანტი, კომპეტენტური გახლდათ ასეთ საქმეებში. გამომძიებელს უკვე ჰქონდა აღებული ჩვენებები ოთხი მოწმისაგან, რომლებიც ერთხმად უარყოფდნენ ისმაილ ერთაქის ბრალდებებს. შესაბამისად, ადმინისტრაციულმა საბჭომ საჭიროდ აღარ ჩათვალა დამატებითი მოკვლევის ჩატარება. საბჭოს ეს გადაწყვეტილება, რომელიც ძალაში დატოვა უზენაესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ, მიღებულ იქნა ერთხმად.
(ლ) იაჰია ბალი
76. მოწმე წარმოადგენდა დეტექტივ სერჟანტს პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტიდან და აღნიშნული საქმის გამოძიება ჰქონდა მინდობილი. მან დაადასტურა, რომ 1992 წლის 4 ნოემბერს რწმუნებულის მიერ გამოგზავნილი წერილი, რომელშიც მითითებული იყო ისმაილ ერთაქისა და პარლამენტის ერთ-ერთი წევრის ბრალდებები, იყო მთავარი დოკუმენტი, რომელსაც გამოძიებისას ეყრდნობოდნენ. გამოძიების ჩატარებისას მან არ იცოდა ისმაილ ერთაქის მიერ პროკურორის ოფისში 1992 წლის 2 ოქტომბერს შეტანილი საჩივრის თაობაზე, სადაც ნახსენები იყო იმ ადამიანთა სახელები, რომლებიც ამბობდნენ, რომ მეჰმეთ ერთაქი პოლიციის იზოლატორში ენახათ. მისი თქმით, მან არც ის იცოდა, რომ ერთ-ერთ მოწმეს აბდულა ერთურს ნათქვამი ჰქონდა მანამდე სირნაქის პროვინციის რწმუნებულისათვის პოლიციაში დაკავებულად ყოფნისას მეჰმეთ ერთაქის ნახვის თაობაზე. ეს ინფორმაცია რომ ჰქონოდა, მისი აღიარებით, იგი კიდევ დაკითხავდა მოწმეებს ფაქტების დასადგენად, ჩვენებებს შორის არსებული შეუსაბამობის გამო.
77. მოწმე აცხადებდა, რომ შირნაქის პოლიციისადმი 1993 წლის 13 და 18 იანვარსა და 3 მარტს გაგზავნილ წერილებში იგი მოითხოვდა ნებართვას ისმაილ ერთაქის დასაკითხად. როგორც შირნაქის პოლიციის მიერ შედგენილ ანგარიშში იყო აღნიშნული, რომელსაც ხელს აწერდა ოთხი ოფიცერი (მათ შორის სერდან ჩევირმე და ადგილობრივი საბჭოს წევრი ომერ იარდიმჩი), ისმაილ ერთაქი საცხოვრებლად გადასულიყო სილოფში და შედეგად ოფიციალურ პირებს ვერ მოეხერხებინათ მისი მისამართის გაგება. გამომძიებელს სხვა მოწმეებისათვის, რომლებიც ისმაილ ერთაქის მოგვარეები იყვნენ, არ უკითხავს მისი იმდროინდელი ადგილსამყოფელი. იაჰია ბალის განცხადებით, სავარაუდოდ, მას უფრო დაეხმარებოდა მოკვლევაში, თუ შესაძლებელი იქნებოდა გამოძიების დაწყებისთანავე დაესვა კითხვები მომჩივანისათვის .
78. მოწმე უთითებდა, ასევე, რომ მან მოინახულა შემთხვევის ადგილიც და კითხვები დაუსვა შირნაქის პოლიციაში დაბარებულ რამდენიმე მოწმეს. ისინი სახლებიდან წამოიყვანა და ისე წარუდგინა გამომძიებელს ადგილობრივმა პოლიციამ. ამის შემდეგ მათ ფიცის ქვეშ მისცეს ჩვენება. დეტექტივის განცხადებით, გამოძიების პროცესში მას კავშირი არ ჰქონია პროკურორთან და მოკვლევას მხოლოდ იმ მასალებზე დაყრდნობით ატარებდა, რაც მას გადასცეს.
(მ) სხვა მოწმეები
79. ხსენებული მოწმეები გამოძახებულნი იყვნენ კომისიის მიერ, მაგრამ მის წინაშე არ წარმდგარან. ესენი იყვნენ: აჰმეთ ბერქე, შირნაქის პროვინციის პროკურორი, რომელმაც 1993 წლის 21 ივლისს დადგენილებით დასკვნა, რომ არ იყო უფლებამოსილი ratione materiae განეხილა საქმე; შეიმუს საქინი, კაიას საქინი და ემინ ქაბული, რომლებიც იმავე ოლქში ცხოვრობდნენ, სადაც განმცხადებელი და რომლებიც მას მოუყვნენ პოლიციაში პატიმრობისას მეჰმეთ ერთაქის ნახვის შესახებ.
გ. კომისიის მიერ მტკიცებულებათა შეფასება და ფაქტების დადგენა
80. კომისიას დასკვნების გაკეთება მოუწია ისე, რომ მას ხელთ არ ჰქონია ეროვნული სასამართლოების მიერ დადგენილი რაიმე ფაქტი, მთლიანი საქმე სასამართლო წესით არ განხილულა და არც რაიმე სახის დამოუკიდებელი გამოძიება არ ჩატარებულა. ასეთ პირობებში, მან შეაფასა მის წინაშე არსებული წერილობითი და ზეპირი ხასიათის მტკიცებულებები, გაამახვილა რა ყურადღება inter alia მოწმეების ქცევაზე, რომლებიც ანკარაში გამართული მოსმენებისას განიხილეს დელეგატებმა და ასევე გაამახვილა ყურადღება იმის საჭიროებაზე, რომ გადაწყვეტილების მიღებისას კომისია უნდა დაყრდნობოდა საკმარისად მყარ და აშკარა, ურთიერთშეთანხმებულ დასკვნებსა თუ ფაქტების თანმხვედრ გაუბათილებელ პრეზუმფციებს. კომისიის დასკვნები შეიძლება შემდეგნაირად ჩამოყალიბდეს.
1. 1992 წლის 18-20 აგვისტოს ინციდენტის შემდეგ შირნაქში ჩატარებული ოპერაციები
81. როგორც კომისიამ დაადგინა, სადავო არ იყო ის ფაქტი, რომ 1992 წლის 18 აგვისტოდან 20 აგვისტომდე შირნაქში ადგილი ჰქონდა შეტაკებებს. ამასთან მიმართებით კომისიამ მიუთითა, რომ სერდარ ჩევირმეს, პოლიციის ანტიტერორისტული განყოფილების საგამოძიებო და სადაზვერვო დანაყოფის ხელმძღვანელის თქმით, ინციდენტი დაიწყო 15 სექტემბერს. დოკუმენტებიდან და სიტყვიერი ახსნა-განმარტებებიდან მოყვანილი ინფორმაციები ძირითადად თანმიმდევრული იყო, რაც შეეხებოდა მითითებულ პერიოდში განვითარებული მოვლენების პასუხად განხორციელებულ ოპერაციებს. ინციდენტის შემდეგ უშიშროების ძალებმა (პოლიციის ოფიცრებმა და ჟანდარმერიამ) ჩაატარეს ქალაქში ჩხრეკა, რა დროსაც დააპატიმრეს ასზე მეტი ადამიანი, მათ შორის აბდულა ერთური, აბდურაჰიმ დემირი, აჰმეთ კაფლანი, კაიას საქინი, შაიმუს საქინი, ნეზირ ოლქანი, სელალ დემირი, იბრაჰიმ სათანი და ემინ ქაბული. დაკავებულთაგან ზოგიერთი ჟანდარმერიაში წაიყვანეს, ზოგს კი პოლიციის საპატიმროში ამყოფებდნენ. ქალაქის შესასვლელთან საიდენტიფიკაციო შემოწმებები ტარდებოდა და ის ადამიანები, რომლებზეც ეჭვი წარმოეშობოდათ ტერორიზმში ჩართულობასთან დაკავშირებით, „სწრაფი რეაგირების ძალებს“ პირდაპირ პოლიციის შტაბში გადაჰყავდათ.
2. მეჰმეთ ერთაქის, განმცხადებლის ვაჟის, სავარაუდო დაპატიმრება
82. მეჰმეთ ერთაქის დაპატიმრებას რაც შეეხება, კომისიამ დაადგინა, რომ სულეიმან ერთაქის მიერ დელეგატებისთვის მიცემული სიტყვიერი განმარტება შეესაბამებოდა განმცხადებლის ბრალდების შინაარსს. ამასთან დაკავშირებით, როგორც კომისიამ აღნიშნა, სულეიმან ერთაქის მიერ დადასტურებულ იქნა, რომ გამშვებ პუნქტთან ცისფერუნიფორმიანმა პოლიციელებმა გააჩერეს ტაქსი, რომელშიც ის სხვებთან ერთად იჯდა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობების შემოწმების შემდეგ კი მათ მეჰმეთ ერთაქი წაიყვანეს. როგორც გამომძიებელ იაჰია ბალის მიერ დელეგატებისთვის წარდგენილი საგამოძიებო მასალისა და მიცემული განმარტების შემოწმების შედეგად კომისიამ აღმოაჩინა, 1993 წლის 13 იანვარს გამომძიებლისათვის მიცემული თავის ჩვენებაში სულეიმან ერთაქი ამბობდა, რომ შემოწმების შემდეგ პოლიციელებმა მანქანაში მსხდომებს დაუბრუნეს პირადობის მოწმობები, ხოლო მეჰმეთ ერთაქი მაღაზიისკენ გაეშურა. მსგავსი ჩვენება მისცა იუსუფ ერთაქმაც 1993 წლის 12 იანვარს.
83. კომისიის დაკვირვებით, გამომძიებლის მიერ მომზადებული მასალებიდან ნათლად ჩანდა, რომ შირნაქის პოლიციის შტაბში პოლიციას გამოძახებული ჰყავდა სულეიმან ერთაქი, აბდულმენაფ ქაბული, იუსუფ ერთაქი და აბდულა ერთური, რომლებმაც ჩვენებები მისცეს გამომძიებელს პოლიციის ოფიცრის თანდასწრებით. ამ უკანასკნელის მოვალეობას სწორედ ჩვენებების ჩაწერა წარმოადგენდა. ამასთან დაკავშირებით კომისია განაცვიფრა იმ ფაქტმა, რომ სულეიმან ერთაქისა და იუსუფ ერთაქის ჩვენებები შაბლონურად იყო შედგენილი და თითქმის ერთი და იმავე შინაარსი ჰქონდათ. კომისიამ მიუთითა დელეგატების მიერ გამოკითხულ პოლიციის ოფიცერთა განმარტებებზე, რომელთა მიხედვითაც გამშვებ პუნქტთან უშიშროების ძალები შემოწმებებს ატარენდნენ, რასაც ამბობდა, თავის მხრივ, სულეიმან ერთაქი. რაც შეეხება პოლიციელთა უნიფორმის ფერს, სერდარ ჩევირმეს მტკიცებით, გამშვებ პუნქტზე „სწრაფი რეაგირების ძალები“ იმყოფებოდნენ და იმ დროისათვის მათ მწვანე უნიფორმები ეცვათ. მან ასევე დაამატა, რომ ოფიცრები ახლა ცისფერი უნიფორმებს ატარებდნენ, თუმცა ვერ დაასახელა ზუსტი თარიღი, რა დროიდან მოხდა ეს ცვლილება.
84. კომისიამ ყურადღება გაამახვილა ასევე იმაზეც, რომ, როგორც დელეგატებისთვის მიცემულ განმარტებებში პოლიციელებმა აღიარეს, იმ მოვლენების შემდეგ, რასაც ორი ოფიცრისა და ორი სამხედრო პირის მკვლელობა მოჰყვა, უშიშროების ძალების რამდენიმე დანაყოფმა ხალხის დაპატიმრება დაიწყო ქალაქში. ასსზე მეტი ადამიანი მიიყვანეს პოლიციის იზოლატორში, თვითონ შექმნილი ვითარება კი მეტად ქაოტური იყო. სერდარ ჩევირმემ დაადასტურა, რომ „სწრაფი რეაგირების ძალების“ ოფიცრები შემოწმებას ატარებდნენ ქალაქის შესასვლელთან და ეჭვმიტანილები პირდაპირ პოლიციის შტაბში არ მიჰყავდათ. მან ასევე თქვა, რომ პოლიციის შტაბში წარმოებდა დამოუკიდებელი რეგისტრაცია. თუმცა ახსნა-განმარტების გაკეთებისას მოგვიანებით სერდარ ჩევირმემ დაადასტურა, რომ საიდენტიფიკაციო შემოწმების დროს დაკავებული ხალხი პირდაპირ პოლიციის შტაბში მიჰყავდათ.
85. რაც შეეხება რეგისტრაციის წარმოების წესებს, ჩანაწერებში არ მოიპოვებოდა ემილ ქაბულის სახელი, რისთვისაც სერდარ ჩევირმემ ვერ შეძლო რაიმე ახსნა შემოეთავაზებინა. ასევე, კომისიის დაკვირვებით, მოწმის განმარტებებს საქმესთან დაკავშირებით აკლდა სიცხადე და სიზუსტე. გარდა ამისა, კომისიამ შენიშნა, რომ, მიუხედავად პირდაპირი თხოვნისა, მთავრობამ არ წარმოადგინა არც პოლიციის დანაყოფის და არც ჟანდარმერიის მიერ წარმოებული სარეგოსტრაციო ჩანაწერების ასლები.
86. აბდურაჰიმ დემირმა განაცხადა, რომ 24 თუ 25 აგვისტოს მეჰმეთ ერთაქი დაკავებულთა იმავე ოთახში ჰყავდათ მოთავსებული, სადაც თავად იმყოფებოდა და 5 თუ 6 დღე მოუხდა მასთან ერთად იქ გატარება. აბდურაჰიმ დემირმა დეტალურად აღწერა, თუ რა მდგომარეობაში იმყოფებოდნენ ისინი პოლიციის შტაბში, ასევე დეტალურად გაიხსენა მეჰმეთ ერთაქთან გასაუბრება. აღნიშნული ფაქტები - კონკრეტულად ის, რომ დაკავებულებს თვალები ჰქონდათ ახვეული, ასევე მონათხრობი დაკავებულთა ოთახსა და მდებარეობაზე - შეესაბამებოდა სერდარ ჩევირმეს მიერ შემოთავაზებულ ვერსიას. აბდურაჰიმ დემირის განმარტებები ურთიერთთანხვედრაში იყო განმცხადებლისა და მისი შვილის აჰმეთ ერთაქის მიერ დელეგატების წინაშე გაკეთებულ განცხადებებთანაც. კომისიამ ასევე ყურადღება გაამახვილა აბდურაჰიმ დემირის მიერ ხაზგასმულ ფაქტზე, კერძოდ იმაზე, რომ აბდურაჰიმმა ჩვენება მისცა პროკურორსაც, რომელსაც მიაწოდა ფაქტების ანალოგიური ვერსია, რის შემდეგაც საკუთარ ჩვენებაზე ხელიც მოაწერა. კომისიამ მწუხარებით აღნიშნა, რომ ეს ჩვენება არ ერთოდა გამომძიებლის მიერ მომზადებულ მასალებს.
87. როგორც შირნაქის პროვინციის იმდროინდელმა რწმუნებულმა მუსტაფა მალაიმ თავის განმარტებაში დაადასტურა, განმცხადებელი რამდენჯერმე მივიდა მასთან იმ ბრალდებით, რომ მისი შვილი პოლიციაში წაყვანის შემდეგ გაუჩინარდა და რომ მან თავად მოისმინა თვითმხილველისგან, როგორ ნახა მეჰმეთ ერთაქი პოლიციის იზოლატორში. კომისიამ აღნიშნა, რომ აბდულა ერთურის მიერ გამომძიებლისთვის მიცემული ჩვენება ეწინააღმდეგებოდა განმცხადებლის ვერსიასა და მის მიერვე პროვინციის რწმუნებულისთვის მიწოდებულ ინფორმაციას. თუმცა ვინაიდან რწმუნებულმა თვითმხილველისგან მოწოდებული ინფორმაცია სარწმუნოდ ჩათვალა და გამოძიების დაწყება მოითხოვა, ეს ამყარებდა განმცხადებლისა და მუსტაფა მალაის მიერ დელეგატებისთვის წარდგენილ ვერსიას აბდულა ერთურის ბრალდებებთან დაკავშირებით. კომისიის დასკვნით, ის ფაქტი, რომ მეჰმეთ ერთაქის სახელი მოხსენებული არ იყო პოლიციის შტაბის ჩანაწერებში, თავისთავად არ ამტკიცებდა, რომ იგი პოლიციაში დაპატიმრებული არ ყოფილა. შესაბამისად, მან გაიზიარა სულეიმან ერთაქის, განმცხადებლის, აჰმეთ ერთაქის, აბდურაჰიმ დემირისა და მუსტაფა მალაის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დელეგატებმა სარწმუნოდ და დამაჯერებლად მიიჩნიეს.
3. მეჰმეთ ერთაქის დაკავება და შემდგომი ბედი
88. კომისიამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ, როგორც ადვოკატმა აბდურაჰიმ დემირმა - განმცხადებლის მიერ 1992 წლის 2 ოქტომბერს შირნაქის პროკურორთან შეტანილ საჩივარში თვითმხილველად დასახელებულმა პირმა - დელეგატებისათვის მიცემულ ჩვენებაში აღნიშნა, 1992 წლის 24 თუ 25 აგვისტოს მეჰმეთ ერთაქი იმ ოთახში შეიყვანეს, სადაც თავად იყო დაპატიმრებული. აბდურაჰიმ დემირმა სხვა რამდენიმე ადამიანის სახელიც ახსენა, რომლებიც მოხსენიებულები იყვნენ უშიშროების პოლიციის ანტიტერორისტული განყოფილების სარეგისტრაციო ჩანაწერებშიც. მან დეტალურად აღწერა, რა ვითარებაში მოხდა მისი და სხვა პირების დაპატიმრება და რა პირობებში უხდებოდათ მათ საპატიმრო იზოლატორში ყოფნა. აბდურაჰიმ დემირმა ხაზი გაუსვა, რომ, ისმაილ ერთაქის მიერ საჩივრის შეტანის შემდეგ იგი დაკითხა დიარბაქირის პროკურორმა, რა დროსაც მან ახსენა იმ ადამიანთა სახელები, ვისთან ერთადაც საპატიმროში მოუწია ყოფნა. რაც შეეხება იმ პირობებს, რა პირობებშიც დაკავებულები იმყოფებოდნენ, მან დეტალურად აღწერა, სავარაუდოდ როგორ ეპყრობოდნენ დაკავებულებს დაკითხვის დროს: მათ აშიშვლებდნენ, კიდებდნენ, საშინლად სცემდნენ და ცივი წყლის ჭავლში ატარებდნენ. მისი თქმით, ერთხელაც, როცა სხვა ორ-სამ დაკავებულთან ერთად „წამების ოთახში“ გაიყვანეს, ერთ-ერთ მათგანში მეჰმეთ ერთაქი ამოიცნო, რომელიც მასავით გააშიშვლეს და ჩამოკიდეს. როგორც აბდურაჰიმ დემირს ახსოვდა, მისი წამება ერთი საათი გაგრძელდა, მეჰმეთი კი მხოლოდ ათი საათის შემდეგ დააბრუნეს საკანში. აბდურაჰიმმა ამასთან დაკავშირებით შემდეგი რამ განაცხადა: „როცა მეჰმეთი მოიყვანეს, იგი ვერ ლაპარაკობდა. მკვდარი იყო უკვე - უფრო სწორად, გაშეშებული. 99% დარწმუნებული ვარ, რომ აღარ იყო ცოცხალი. ორი-სამი წუთის შემდეგ ფეხებით გაათრიეს საკნიდან. ერთი ფეხსაცმელი საკანში დარჩა. ამის მერე აღარ გვინახავს“.
89. კომისიამ სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ მთავრობამ არ წარმოადგინა განმცხადებლის მიერ 1992 წლის 2 ნოემბერს შეტანილი საჩივრის საფუძველზე შირნაქის პროკურატურაში დაწყებული გამოძიების მასალები; ასევე, იმის გამო, რომ პროკურორი აჰმეთ ბერქე არ გამოცხადდა დელეგატების წინაშე. გამომძიებელ იაჰია ბალის მიერ მომზადებული მასალებიდან აშკარად იკვეთებოდა, რომ ამ უკანასკნელს აბდურაჰიმ დემირი როგორც თვითმხილველი არ ჰყავდა გამოკითხული.
90. კომისიამ ყურადრება გაამახვილა, რომ აბდურაჰიმ დემირის მიერ მოწოდებული აღწერილობა იმის თაობაზე, სად ამყოფებდნენ დაკავებულებს და სად მიმდინარეობდა მათი დაკითხვა, შეესაბამებოდა სერდან ჩევირმეს ვერსიას, რომელმაც აღიარა, რომ 15-18 აგვისტოს განვითარებული მოვლენების შემდეგ ქაოტური ვითარება შეიქნა და ასეულობით ადამიანს აკავებდნენ პოლიციაში. კომისიამ ასევე აღნიშნა, რომ დელეგატების მხრიდან გამოკითხვისას შირნაქის პროვინციის რწმუნებულმა დაადასტურა, როგორ შეხვდა თავის ოფისში ადამიანებს, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მეჰმეთ ერთაქი პოლიციაში ჰყავდათ ნანახი. კერძოდ, მან აღიარა, რომ გამოჰკითხა ერთ-ერთი თვითმხილველი.
91. კომისიის შეფასებით, აბდურაჰიმ დემირმა ზუსტი და დეტალური პასუხები გასცა დელეგატებისა და მხარეთა წარმომადგენლების მიერ დასმულ შეკითხვებს. განსაკუთრებით ეს შეეხებოდა დაკითხვის პროცესში განხორციელებულ არაადამიანურ მოპყრობასა და მიერ მიერ რამდენჯერმე კატეგიულად გაცხადებულ იმ ფაქტს, რომ მეჰმეთ ერთაქი უკვე მკვდარი იყო, როცა საკანში „შეათრიეს“. შესაბამისად, მტკიცება იმის თაობაზე, რომ პოლიციის შტაბში მან მეჰმეთ ერთაქი იხილა „მკვდარი“, კომისიამ დამაჯერებლად მიიჩნია.
4. მეჰმეთ ერთაქის სავარაუდო გაუჩინარების გამოძიება
92. კომისიამ აღნიშნა, რომ განმცხადებელმა მიმართა და კითხვები დაუსვა შირნაქის პროკურორსა და ასევე პროვინციის რწმუნებულს მეჰმეთ ერთაქის გაუჩინარებასთან დააკვშირებით. რაც შეეხება იმ ორგანოების დამოუკიდებლობას, რომლებიც შირნაქის პროვინციის რწმუნებულის მიერ 1992 წლის 4 დეკემბერს ნაციონალური პოლიციის შტაბისადმი წერილის გაგზავნის შემდეგ ატარებდნენ წინასწარ გამოძიებას, რაც დასრულდა გადაწყვეტილებით - არ დაწყებულიყო დევნა, კომისიამ შენიშნა, რომ ამ ორგანოებს წარმოადგენდნენ თავად გამომძიებელი და შირნაქის ადმინისტრაციული საბჭოს წევრები. გამომძიებელი - დეტექტივი სერჟანტი - იმავე ადმინისტრაციულ იერარქიას ეკუთვნოდა, რომელსაც უშიშროების ძალთა ის წარმომადგენლები, რომლებზეც იგი გამოძიებას აწარმოებდა. ადმინისტრაციული საბჭო, რომელმაც გამომძიებლის წინადადების საფუძველზე გადაწყვიტა შეწყვეტილიყო წარმოება, შედგებოდა პროვინციის მაღალი თანამდებობის პირებისგან - კონკრეტულად, ცენტრალური ხელისუფლების სხვადასხვა ადგილობრივი დეპარტამენტების დირექტორებისაგან ან მათი მოადგილეებისგან, საბჭოს მეთაურს კი წარმოადგენდა პროვინციის რწმუნებულის მოადგილე. აღნიშნული თანამდებობის პირები ექვემდებარებოდნენ პროვინციის რწმუნებულს, რომელიც ამავე დროს იურიდიულად პასუხს აგებდა საქმეში მოხსენიებული უშიშროების ძალების წარმომადგენლების მიერ განხორცილებული ქმედებებისთვისაც. აქედან გამომდინარე, გამომძიებლის პოზიციაზე დანიშნული დეტექტივი და ადმინისტრაციული საბჭოს წევრები არ იყვნენ აშკარად დამოუკიდებლები - კერძოდ, არ არსებობდა მათი თანამდებობრივი უცვლელობისა და დაცულობის ის მექანიზმები, რაც მათ აარიდებდა ზემდგომი პირების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლას.
93. კომისიამ ასევე ყურადღება გაამახვილა, რომ გამომძიებლის მიერ პოლიციაში დაკითხულ იქნა ოთხი მოწმე, რომლებიც იქ მიიყვანეს ადგილობრივმა პოლიციელებმა მათივე სახლებიდან. ასეთ პირობებში მიცემული ჩვენებებით მოწმეებმა სრულად უარყვეს განმცხადებლის ბრალდებები. ამას გარდა, კომისიამ შენიშნა, რომ ჩვენებები შედგენილი იყო შაბლონური ფორმით და შინაარსობრივადაც ოთხივე თითქმის ანალოგიური იყო. თვითონ გამომძიებელს არ დაუკითხავს განმცხადებელი, რის მიზეზადაც მან მიუთითა, რომ, პოლიციის მიერ შედგენილი მოხსენების თანახმად, ისმაილ ერთაქს დაეტოვებინა თავისი საცხოვრებელი და სავარაუდოდ სილოფში იმყოფებოდა. წარმოდგენილი ფაქტებიდან აშკარად ჩანდა, რომ ყველა მოწმე, რომელთაც შეეძლოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიეწოდებინათ გამოძიებისათვის, დასახელებული იყო განმცხადებლის მიერ 1992 წლის 2 ნოემბერს პროკურორთან შეტანილ საჩივარში. თუმცა, გამოძიებაზე პასუხისმგებელმა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა არ დაკითხეს ეს მოწმეები, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი მათგანის აბდულა ერთურის ჩვენება სრულად ეწინააღმდეგებოდა მის მიერ პროვინციის რწმუნებულის მუსტაფა მალაისთვის მიცემულ განმარტებებს.
II. შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი სამართალი და პრაქტიკა
94. თავის მოხსენებაში მთავრობას არ წარმოუდგენია ეროვნული კანონმდებლობიდან რომელიმე დებულება, რომელსაც შემხებლობა ექნებოდა საქმის გარემოებებთან. შესაბამისად, სასამართლო უთითებს შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიმოხილვაზე, რომელიც ჩამოყალიბებულია სხვადასხვა გადაწყვეტილებებში, განსაკუთრებით კი: Kurt v. Turkey 1998 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება, Reports of Judgments and Decisions 1998-III, pp. 1169-70, §§ 56-62; Tekin v. Turkey 1998 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება, Reports 1998-IV, pp. 1512-13, §§ 25-29; and Çakıcı v. Turkey [GC], no. 23657/94, §§ 56-67, ECHR 1999-IV.
ა) საგანგებო მდგომარეობა
95. დაახლოებით 1985 წლის შემდეგ სერიოზულ არეულობებს ჰქონდა ადგილი სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში უშიშროების ძალებსა და PKK-ის წევრებს შორის. მთავრობის ინფორმაციით, ამ კონფრონტაციამ ათასობით მშვიდობიანი მოქალაქისა და უშიშროების ძალების წევრთა სიცოცხლე შეიწირა.
96. სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით ორი ძირითადი დეკრეტი გამოიცა ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად საგანგებო მდგომარეობის შესახებ (კანონი # 2935, 1983 წლის 25 ოქტომბერი). მათგან პირველი დეკრეტი (ნომრით 285-ე, გამოცემული 1987 წლის 10 ივლისს) აფუძნებდა საგანგებო მდგომარეობის პირობებში რეგიონალურ მმართველობას თერთმეტიდან ათ სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთის პროვინციაში. დეკრეტის მე-4 მუხლის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად ყველა ადგილობრივი უშიშროების დანაყოფი და ჟანდარმერიის სარდლობა უნდა დაქვემდებარებოდა რეგიონის რწმუნებულს.
97. მეორე დეკრეტი (ნომრით 430-ე, გამოცემული 1990 წლის 16 დეკემბერს) კიდევ უფრო აძლიერებდა რეგიონალური რწმუნებულის მდგომარეობას. მაგალითად, მას ეძლეოდა უფლება, გაეწვია რეგიონიდან საჯარო თანამდებობის პირები და დასაქმებულები, მათ შორის მოსამართლეები და პროკურორები. დეკრეტის მე-8 მუხლის შესაბამისად კი: „არავითარი სისხლისსამართლებრივი, ფინანსური თუ სხვა სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი არ შეიძლება აღიძრას რეგიონალური ან პროვინციის რწმუნებულის წინააღმდეგ საგანგებო მდგომარეობაგამოცხადებულ მხარეში მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, ასევე ამ დეკრეტით მინიჭებული უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოცემულ აქტებთან მიმართებით. დაუშვებელად ცხადდება ანალოგიური შინაარსის საჩივრების წარდგენა სასამართლოშიც. აღნიშნული არ ხელყოფს ინდივიდუალურ პირთა უფლებებს, მოითხოვონ სახელმწიფოსაგან მატერიალური ანაზღაურება უკანონოდ მიყენებული ზიანის გამო.“
ბ) კონსტიტუციური დებულებები ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ
98. თურქეთის კონსტიტუციის 125-ე მუხლის 1-ლი და მე-7 პუნქტების თანახმად:
„ხელისუფლების ყველა გადაწყვეტილება თუ აქტი ექვემდებარება სასამართლოს მიერ შემოწმებას...
...ხელისუფლება ვალდებული იქნება, აანაზღაუროს მისი აქტებითა და ქმედებებით მიყენებული ნებისმიერი ზიანი.“
99. მითითებული დებულება არ ექვემდებარება რაიმე შეზღუდვას საგანგებო ან თუნდაც საომარი მდგომარეობის ვითარებაში. დებულების ეს უკანასკნელი მოთხოვნააუცილებლად არ საჭიროებს ადმინისტრაციის მხრიდან რაიმე ბრალეულობის არსებობას, რომლის პასუხისმგებლობაც აბსოლუტური, ობიექტური ხასიათისაა და ეფუძნება „სოციალური რისკის“ თეორიას. შესაბამისად, ადმინისტრაციას შეუძლია დააზღვიოს (დაიცვას) ის ადამიანები, რომელთაც ზიანი მიადგათ დაუდგენელი პირების ან ტერორისტული აქტების ჩამდენთა მხრიდან, მაშინ როცა, სახელმწიფომ, შეიძლება ითქვას ვერ განახორციელა მასზე დაკისრებული მოვალეობა, რათა დაეცვა საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება, ან ვერ განახორციელა მასზე დაკისრებული მოვალეობა, დაეცვა ინდივიდუალურ პირთა სიცოცხლე და საკუთრება. მ შეიძლება პასუხი აგოს იმ ზიანისათვის, რომელიც ადამიანებმა განიცადეს უცნობი პირებისა თუ ტერორისტების მიერ ჩადენილი მოქმედებებით, თუკი სახელმწიფომ ვერ შეასრულა თავისი ვალდებულება - ვერ დაიცვა საჯარო წესრიგი და უსაფრთხოება, ან ვერ დაიცვა ინდივიდუალურ პირთა სიცოცხლე და საკუთრება.100. საქმის აღძვრა ადმინისტრაციის წინააღმდეგ შესაძლებელია ადმინისტრაციული სასამართლოების მეშვეობით, სადაც წარმოება მიმდინარეობს წერილობით.
გ) სისხლის სამართალი - მატერიალური და საპროცესო
101. თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსი დანაშაულად აცხადებს
ა) ინდივიდისათვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას (179-ე მუხლი ზოგადად, 181-ე მუხლი საჯარო მოხელეებთან მიმართებით);
ბ) მუქარას (191-ე მუხლი);
გ) ინდივიდის წამებას ან არაადამიანურ მოპყრობას (243-ე და 245-ე მუხლები); ასევე, დ) გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას (452-ე და 459-ე მუხლები), განზრახ სიცოცხლის მოსპობას (448-ე მუხლი) და მკვლელობას (450-ე მუხლი).
102. ყველა ამ დანაშაულის თაობაზე საჩივარი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე და 153-ე მუხლების მიხედვით შეიძლება შეტანილი იქნეს პროკურორთან ან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. პროკურორი, რომელსაც ნებისმიერი საშუალებით შეატყობინებენ ისეთი ფაქტის შესახებ, რომელიც დანაშაულის შესაძლო ჩადენის ეჭვს აღძრავს, ვალდებულია დაიწყოს გამოძიება, რათა გადაწყვიტოს, უნდა განახორციელოს თუ არა სისხლისსამართლებრივი დევნა (153-ე მუხლი). საჩივარი შეიძლება წარდგენილ იქნეს როგორც წერილობით, ისე ზეპირად. საჩივრის ავტორს უფლება აქვს გაასაჩივროს პროკურორის გადაწყვეტილება დევნის არდაწყების თაობაზე.
დ) სამოქალაქო-სამართლებრივი დებულებები
103. საჯარო მოხელის მიერ ჩადენილი ნებისმიერი უკანონო ქმედება, იქნება ეს დანაშაული , თუ უბრალო დელიქტი, რომელიც იწვევს მატერიალურ ან მორალურ ზიანს, შეიძლება გახდეს ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი ჩვეულებრივ სამოქალაქო სასამართლოებში. ვალდებულებათა კოდექსის 41-ე მუხლის შესაბამისად დაზარალებულ პიროვნებას უფლება აქვს მოითხოვოს კომპენსაცია ქმედების სავარაუდო ჩამდენისაგან, რომელმაც უკანონოდ მიაყენა მას ზიანი, იმის მიუხედავად - განზრახი იყო ეს ქმედება, გაუფრთხილებელი თუ წინდაუხედაობით გამოწვეული. მატერიალური ზიანი ანაზღაურდება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით ვალდებულებათა კოდექსის 46-ე მუხლის საფუძველზე, ხოლო არაქონებრივი (მორალური) ზიანისთვის კომპენსაცია შეიძლება მინიჭებულ იქნეს 47-ე მუხლის შესაბამისად.
ე) # 285 დეკრეტით გამოწვეული ცვლილებები
104. სავარაუდოდ ჩადენილი ტერორისტული დანაშაულების საქმეებზე პროკურორს არ გააჩნია იურისდიქცია. აღნიშნულ საქმეებს უძღვება ეროვნული უსაფრთხოების პროკურორთა დამოუკიდებელი სისტემა და თურქეთში ჩამოყალიბებული სხვა სასამართლოები.
105. ჩვეულებრივ პროკურორს ასევე უფლება არ აქვს გამოიძიოს საგანგებო მდგომარეობის რეგიონში განლაგებული უშიშროების ძალთა წევრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები. 285-ე დეკრეტის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტი ადგენს, რომ უშუშროების ყველა სპეცსამსახური, რომელიც ემორჩილება რეგიონალურ რწმუნებულს , მათი მოვალეობების შესრულებისას ჩადენილ ქმედებებთან დაკავშირებით, შეიძლება დაექვემდებარონ საჯარო მოხელეთა დევნის შესახებ 1914 წლის კანონით განსაზღვრულ განხილვებს.. შესაბამისად, ნებისმიერი პროკურორი, რომელთანაც შევა საჩივარი უშიშროების ძალების წევრის მიერ ჩადენილი დანაშაულის თაობაზე, ვალდებულია უარი თქვას მის განხილვაზე და მასალები გადაუგზავნოს ადმინისტრაციულ საბჭოს. თავის მხრივ, ეს საბჭოები შედგება საჯარო მოხელეებისაგან, ხელმძღვანელი პირი კი რწმუნებულია. საბჭოს გადაწყვეტილება დევნის არდაწყების შესახებ ავტომატურად ექვემდებარება უზენაეს ადმინისტრაციულ სასამართლოში გასაჩივრებას. იმ შემთხვევაში, თუკი მიღებული იქნება გადაწყვეტილება დევნის დაწყების თაობაზე, პროკურორი ვალდებული ხდება გამოიძიოს საქმე.
III. შესაბამისი საერთაშორისო-სამართლებრივი წყაროები
106. სასამართლოსადმი წარდგენილ წერილობით მიმართვაში განმცხადებელმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო წყაროებზე იძულებით გაუჩინარებასთან დაკავშირებით, როგორიცაა:
ა) გაერთიანებული ერების დეკლარაცია ყველა ადამიანის იძულებითი გაუჩინარებისაგან დაცვის შესახებ (GA res. 47/133, 1992 წლის 18 დეკემბერი);
ბ) გაეროს ადამიანის უფლებთა კომიტეტის პრეცედენტული სამართალი; და
გ) ადამიანის უფლებათა ინტერ-ამერიკული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, განსაკუთრებულად -„ველასკეს როდრიგესი ჰონდურასის წინააღმდეგ“, 1988 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება (Inter-Am. Ct. HR (Ser. C) no. 4 (1988)); „გოდინეზ კრუზი ჰონდურასის წინააღმდეგ“, 1989 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება (Inter-Am. Ct. HR (Ser. C) no. 5 (1989)); და „კაბალერო-დელგადო და სანტანა კოლუმბიის წინააღმდეგ“, 1995 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება (Inter-Am. Ct. HR).
საქმის წარმოება კომისიაში
107. ისმაილ ერთაქმა კომისიას მომართა 1992 წლის 1-ლ ოქტომბერს. იგი ამტკიცებდა, რომ მისი შვილი მეჰმეთ ერთაქი დაპატიმრებული ჰყავდათ პოლიციელებს, რის შემდეგაც გაუჩინარდა და დიდი ალბათობით მოკლული იქნა პოლიციაში დაკითხვის დროს. განმცხადებელი თავის პრეტენზიას აფნებდა კონვენციის მე-2 მუხლზე.
108. კომისიამ განაცხადი (no. 20764/92) დასაშვებად ცნო 1995 წლის 4 დეკემბერს. თავის ანგარიშში 1998 წლის 4 დეკემბერს (იხ. კონვენციის 31-ე მუხლის ძველი რედაქცია)[1] კომისიამ გამოთქვა აზრი, რომ დაირღვა კონვენციის მე-2 მუხლი სახელმწიფოს წარმომადგენელთა ხელში მეჰმეთ ერთაქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და ასევე იმ ნაწილში, რაც შეეხებოდა მისი გაუჩინარების ფაქტის არაადეკვატურ და არაეფექტურ გამოძიებას (ერთხმად). ასევე, კომისიის აზრით, ადგილი არ ჰქონია კონვენციის 25-ე მუხლის (ძველი რედაქციით) დარღვევას (ოცდარვა ხმით ორის წინააღმდეგ).
სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი საბოლოო არგუმენტები
109. თავის მემორანდუმში განმცხადებელმა სასამართლოსგან მოითხოვა, რომ დაედგინა მოპასუხე სახელმწიფოს მხრიდან კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა. ასევე, მან მოითხოვა მისთვის და მისი ვაჟის ქვრივისა და ოთხი შვილისთვის სამართლიანი დაკმაყოფილება კონვენციის 41-ე მუხლის შესაბამისად.
110. თავის მხრივ, მთავრობამ თავის მემორანდუმში მოსთხოვა სასამართლოს დაუშვებლად ეცნო განცხადება შიდასახემწიფოებრივი საშუალებების ამოუწურაობის გამო. გარდა ამისა, მთავრობის აზრით, განმცხადებლის საჩივარი არ იყო გამყარებული რაიმე მტკიცებულებებით.
სამართალი
I. სასამართლოს მიერ ფაქტების შეფასება
111. სასამართლო კვლავ იმეორებს, რაც უკვე არაერთხელ უთქვამს, რომ 1998 წლის 1 ნოემბრამდე არსებული კონვენციის სისტემის შესაბამისად ფაქტების გამორკვევა და მათი დადასტურება , უპირატესად სწორედ კომისიის კომპეტენციას წარმოადგენდა (კონვენციის 28.1 და 31-ე მუხლების ძველი რედაქცია). მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო არ არის შებოჭილი კომისიის მიერ დადგენილი ფაქტებით და თავისუფალი რჩება, ჩამოაყალიბოს საკუთარი დასკვნები საქმეში არსებულ მასალებზე დაყრდნობით, იგი მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში განახორციელებს თავის უფლებამოსილებას ამ კუთხით (იხ., სხვა წყაროებთან ერთად, the Akdivar and Others v. Turkey1996 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება, Reports 1996-IV, p. 1214, § 78).
112. მთავრობა თავის მემორანდუმში და ასევე ზეპირი განხილვისას უთითებდა, რომ კომისიამ სათანადოდ ვერ შეაფასა მტკიცებულებები, ასევე მხედველობიდან გამორჩა სულეიმან ერთაქისა და აბდურაჰიმ დემირის ჩვენებებში არსებული წინააღმდეგობები და უზუსტობები. ამასთან, კომისია შერჩევითად და ექსკლუზიურად დაეყრდნო აბდურაჰიმ დემირის ჩვენებას, ასევე მხედველობაში მიიღო სადავოდ გამხდარი უსწორობები საპატიმროს სარეგისტრაციო ჩანაწერებისა. შესაბამიად, მთავრობამ ითხოვა სასამართლოსაგან, გადახედილიყო კომისიის მიერ დადგენილი ფაქტები.
113. სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე შემთხვევაში კომისიამ ფაქტების შესახებ თავისი დასკვნები ჩამოაყალიბა მას შემდეგ, რაც დელეგატებმა მოწმეთა ჩვენებები მოისმინეს ანკარაში (იხ. პარაგრაფები 33-79 ზემოთ). აქედან გამომდინარე, იგი მიიჩნევს, რომ კომისიამ მტკიცებულებათა შეფასებისას გამოიჩინა სათანადო სიფრთხილე, დაწვრილებით განიხილა რა ყველა დეტალი, რომელიც ამყარებდა თუ ეჭვის ქვეშ აყენებდა განმცხადებლის საჩივარს. კერძოდ, კომისიამ კრიტიკულად განიხილა სულეიმან ერთაქის, აბდურაჰიმ დემირისა და მუსტაფა მალაის ჩვენებები.
114. სასამართლოს აზრით, მთავრობის მხრიდან წარმოდგენილმა შენიშვნებმა ვერ გამოავლინა რაიმე არსებითი საკითხი, რომელიც საფუძველი გახდებოდა სასამართლოსთვის, რათა განეხორციელბეინა თავისი უფლებამოსილება ფაქტების დადასტურებისას.
115. ასეთ ვითარებაში, იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს არ წარმოუდგენიათ ახალი მტკიცებულებები, სასამართლო დაეყრდნობა კომისიის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს, თუმცა თავად შეაფასებს მათ დამაჯერებლობას.
116. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ კომისიამ უარყო განმცხადებლის ბრალდებები, თითქოს მის განაცხადთან დაკავშირებული დოკუმენტები ამოღებულ იქნა და აღარ დაბრუნებულა, როდესაც თაჰირ ელჩი (აპლიკანტის ადვოკატი განაცხადის შეტანისას) დააპატიმრეს. კომისიამ დაადგინა, რომ დაყადაღების ბრძანება და დიარბაქირის ეროვნული უშიშროების სასამართლოს გადაწყვეტილება შეიცავდა ყველა იმ დოკუმენტის სიას, რომელიც დაუბრუნდა თაჰირ ელჩის და მათ შორის მოხსენიებული არ იყო სააპლიკაციო განაცხადის მასალები. გარდა ამისა, როგორც თაჰირ ელჩიმ დელეგატებს განუმარტა, მას არ აუღია ჩვენებები მოწმეებისგან, ასევე მან ვერ შეძლო აღეწერა, რა შინაარსისა იყო მითითებული მასალები. შესაბამისად, სასამართლო ადასტურებს კომისიის ანგარიშით დადგენილ ფაქტებს (პარაგრაფი 189), რომ არ არსებობდა საფუძველი, რაც შესაძლებლობას მოგვცემდა დაგვესკვნა, რომ მთავრობამ არ შეასრულა თავისი ვალდებულება კონვენციის 28 § 1 (ა) მუხლის (ძველი რედაქციით) შესაბამისად.
II. მთავრობის წინასწარი პრეტენზია
117. მთავრობა ამტკიცებდა, რომ განმცხადებელს არ ამოუწურავს შიდასახელმწიფოებრივი საშუალებები, როგორც ამას მოითხოვს კონვენციის 35-ე მუხლი, და სათანადოდ არ უსარგებლია ხელმისავწდომი ინსტრუმენტებით. მას შეეძლო წამოეწყო სისხლის სამართლის საქმის წარმოება ან მიემართა ადმინისტრაციული თუ სამოქალაქო სასამართლოებისათვის. ამასთან დაკავშირებით, მთავრობამ მიუთითა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე Aytekin-ის საქმეზე (Aytekin v. Turkey 1998 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება, Reports 1998-VII), როგორც საკუთარი არგუმენტის გამამყარებელ წყაროზე, რომ თურქეთის ხელისუფლებას არ გამოუვლენია გულგრილობა უშიშროების ძალთა წარმომადგენლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრასთან დაკავშირებით და რომ არსებობდა ეფექტური სამოქალაქო- და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი საშუალებები. კერძოდ, მთავრობამ ყურადღება გაამახვილა კონსტიტუციის 125-ე მუხლით მინიჭებული ადმინისტრაციული სარჩელის შეტანის უფლებაზე და მოიყვანა არაერთი სასამართლო გადაწყვეტილება, რომლებიც მიაწოდეს სასამართლოს და რაც, მთავრობის აზრით, ადასტურებდა სამართლებრივი საშუალების ეფექტურობას.
118. მთავრობა ამტკიცებდა, inter alia, რომ განმცხადებელმა განაცხადი წარადგინა ერთი თვისა და ორი კვირის გასვლიდან მას შემდეგ, რაც საჩივარი შეიტანა თავისი შვილის გაუჩინარების თაობაზე - კონკრეტულად 1992 წლის 1 ოქტომბერს - და რომ მას არ მიუმართავს პროკურორის ოფისისათვის, როგორც თავად აცხადებდა. 1992 წლის 2 ოქტომბრის საჩივარი, რომელსაც არ ჰქონდა დატანილი რაიმე მისამართი ან ბეჭედი იმის მაჩვენებლად, რომ მივიდა ან დარეგისტრირდა პროკურორის ოფისში, მხოლოდ საჯარო განცხადებას წარმოადგენდა. ამასთან მიმართებით მთავრობამ აღნიშნა, რომ განმცხადებელმა არ ისარგებლა რომელიმე შიდასახელმწიფოებრივი საშუალებით, გარდა შირნაქის რწმუნებულისათვის საჩივრით მიმართვისა და, ინფორმაციის მოთხოვნის გარდა, სხვა ინტერესი აღარ გამოუხატავს მოკვლევის შედეგებში. მიუთითა რა სასამართლოს გადაწყვეტილებებზე საქმეებში Cardot v. France (1991 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება, Series A no. 200), Ahmet Sadık v. Greece (1996 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება, Reports 1996-V), და Aytekin (ციტირებულია ზემოთ), მთავრობამ დაასკვნა, რომ განაცხადი უნდა იქნეს ცნობილი დაუშვებლად შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების ამოუწურაობის გამო.
119. განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ მან შეიტანა საჩივარი შირნაქის პროკურორთან მისი შვილის გაუჩინარებისთანავე, მაგრამ ადმინისტრაციული საბჭოს ბრძანებით, უკვე როდესაც კომისიამ აცნობა მთავრობას განაცხადის თაობაზე, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, არ აღძრულიყო საქმე. ვინაიდან ეს ბრძანება ძალაში დატოვა უზენაესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ 1993 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მას ამოწურული ჰქონდა შიდასახელმწიფოებრივი საშუალებები.
120. დასაშვებობის საკითხის განხილვისას კომისიამ, უარყო რა მთავრობის არგუმენტები, დაასკვნა, რომ განმცხადებელმა წარადგინა თავისი საჩივარი კომპეტენტურ ორგანოებში და, ამდენად, დააკმაყოფილა შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების ამოწურვის მოთხოვნა.
121. სასამართლომ აღნიშნა, რომ განმცხადებელმა გააკეთა ყველაფერი, რაც მას მოეთხოვებოდა, რათა დაკმაყოფილებულიყო მისი საჩივარი. იგი მივიდა შირნაქის პროვინციის რწმუნებულთან მოწმესთან ერთად, რომელიც ადასტურებდა, რომ მეჰმეთ ერთაქი ენახა პოლიციის შტაბში. შირნაქის პროვინციის რწმუნებულმა მუსტაფა მალაიმ დელეგატებს განუცხადა, რომ ისმაილ ერთაქმა თავი არ მიანება ამ საქმეს და ხუთჯერ თუ ექვსჯერ ისევ მიაკითხა ოფისში ანალოგიური საჩივრებით. 1992 წლის 2 ოქტომბერს ისმაილ ერთაქმა შირნაქის პროკურორთანაც შეიტანა საჩივარი, სადაც აპროტესტებდა, რომ მისი შვილი დაპატიმრებულ იქნა 1992 წლის 20 აგვისტოს საიდენტიფიკაციო შემოწმების გავლისას სამუშაოდან სახლისკენ მიმავალ გზაზე და ასევე ასახელებდა მოწმეებს, რომლებიც განმარტავდნენ, რომ მეჰმეთ ერთაქი ნანახი ჰყავდათ პოლიციის შტაბში. მიუხედავად ამისა, მისი ბრალდებები სერიოზულად არც განუხილავთ. შირნაქის პროვინიის რწმუნებულის მიერ 1992 წლის 4 ნოემბერს ეროვნული პოლიციის შტაბისადმი მიწერილი წერილობითი თხოვნის საპასუხოდ დაწყებული გამოძიების მასალებიდან ჩანს, რომ არავითარი ადეკვატური ნაბიჯი არ გადადგმულა იმ მოწმეების მოსაძიებლად, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ მეჰმეთ ერთახი ნახეს პოლიციის საპატიმროში; არც საჩივრის ავტორის დასაკითხად არ მიღებულა რაიმე ზომა, ხოლო თავად გამომძიებელი არ ფლობდა პროკურორის მიერ ისმაილ ერთაქის საჩივრის საფუძველზე დაწყებული გამოძიების მასალებს. იმ პირობებში, როცა უფლებამოსილ პირებს არ უწარმოებიათ არავითარი ეფექტური გამოძიება განმცხადებლის ვაჟის სავარაუდო გაუჩინარების საქმეში, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ისინი გამუდმებულად უარყოფდნენ მეჰმეთ ერთაქის დაპატიმრების ფაქტს, სასამართლოს აზრით, სამართლებრივი დაცვის არანაირი (არც ადმინისტრაციული, არც სამოქალაქოსამართლებრივი) საშუალება, რაზეც მთავრობა უთითებდა, განმცხადებელს არ ჰქონია. ამიტომაც სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებელმა ყველაფერი გააკეთა, რაც გონივრულად მოეთხოვებოდა მას, რათა ამოეწურა მისთვის ხელმისაწვდომი შიდასახელმწიფოებრივი საშუალებები (იხ., სხვა წყაროებს შორის, ზემოთ ციტირებული გადაწყვეტილება Kurt-ის საქმეზე, pp. 1175-77, §§ 79-83, და Çakıcı cited ციტირებული ზემოთ, §§ 77-80).
122. შესაბამისად. სასამართლო უარყოფს მთავრობის პირველად პრეტენზიებს.
III. კონვენციის მე-2 მუხლის სავარაუდო დარღვევები
123. განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ მისი შვილი მეჰმეთ ერთაქი, რომელიც პოლიციამ დააპატიმრა 1992 წლის 20 აგვისტოს, გაუჩინარდა პატიმრობაში ყოფნისას და დიდი ალბათობით მოკლული იქნა დაკითხვის პროცესში პოლიციის მიერ. ამასთან მიმართებით იგი უთითებდა, რომ დაირღვა კონვენციის მე-2 მუხლი, რომლის თანახმადაც:
„1. ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული. არავის სიცოცხლე არ შეიძლება განზრახ იყოს ხელყოფილი. სიცოცხლის ხელყოფა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს მიერ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენის აღსრულების შედეგად, ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, რომლისთვისაც კანონი ითვალისწინებს ამ სასჯელს.
2. სიცოცხლის ხელყოფა არ ჩაითვლება ამ მუხლის საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებად, თუ ის შედეგად მოჰყვა ძალის გამოყენებას, რომელიც აბსოლუტურ აუცილებლობას წარმოადგენდა:
ა. ნებისმიერი პირის დასაცავად არამართლზომიერი ძალადობისაგან.
ბ. კანონიერი დაკავებისათვის ან კანონიერად დაპატიმრებული პირის გაქცევის აღსაკვეთად.
გ. კანონიერ ღონისძიებათა განხორციელებისას აჯანყების ან ამბოხების ჩასახშობად.“
ა) მხარეთა არგუმენტები
1. განმცხადებელი
124. განმცხადებელმა დაიმოწმა კომისიის დასკვნები იმასთან დაკავშირებით,რომ მეჰმეთ ერთაქის სიკვდილი გამოიწვია მისი დაპატიმრების შემდეგ ჩადენილმა სახელმწიფოს წარმომადგენელთა ქმედებებმა - მოპყრობამ, რისთვისაც პასუხისმგებელი იყო სახელმწიფო. ის აცხადებდა, რომ სახელმწიფოს გააჩნდა განსაკუთრებული პასუხისმგებლობა დაკავებულთა უსაფრთხოებისა და სიცოცხლის უფლების დასაცავად, ასევე, ეკისრებოდა პოზიტიური ვალდებულება, სცოდნოდა დაკავებულთა მდგომარეობის შესახებ და დაემტკიცებინა, რომ ისინი ცოცხლები იყვნენ.
125. არასათანადო მოპყრობის ფაქტის მტკიცებასთან დაკავშირებით სასამართლოს შემდეგ გადაწყვეტილებებში - Tomasi v. France, 27 აგვისტო 1992 (Series A no. 241-A), Ribitsch v. Austria 4 დეკემბერი 1995 (Series A no. 336) და Selmouni v. France ([GC], no. 25803/94, ECHR 1999-V) - ჩამოყალიბებული მიდგომის გათვალისწინებით განმცხადებელი ასაბუთებდა, რომ ანალოგიური მიდგომა უნდა გამოყენებულიყო მისი შვილის გარდაცვალების საქმეშიც. იგი უთითებდა, რომ არსებობდა საპატიმროებში წამებისა და აუხსნელი გარდაცვალების უამრავი დადასტურებული მაგალითი სამხრეთ-არმოსავლეთ თურქეთში 1993 წელს. შესაბამისად, ლოგიკური იყო იმის ვარაუდი, რომ კომპეტენტურმა პირებმა დაარღვიეს კონვენციის მე-2 მუხლით განსაზღვრული მისი ვაჟის სიცოცხლის დაცვის ვალდებულება. მსგავსი შემთხვევები და „გაუჩინარებათა“ ასეთი პრაქტიკა საკმარის მტკიცებულებას წარმოადგენდა საჩივარში გამოთქმული პრეტენზიის დასადასტურებლად, რომ მისი შვილიც ასევე გახდა კონვენციის აღნიშნული ნორმის მძიმე დარღვევის მსხვერპლი. გარდა ამისა, მიუთითა რა გადაწყვეტილებებზე McCann and Others v. the United Kingdom 27 სექტემბერი 1995 (Series A no. 324), Kaya v. Turkey 19 თებერვალი 1998 (Reports 1998-I) and the Güleç v. Turkey 27 ივლისი 1998 (Reports 1998-IV), განმცხადებელმა მოითხოვა სასამართლოსაგან, დაესკვნა, რომ ხელისუფალთა მიერ სწრაფი, ეფექტური და ყოველმხრივი გამოძიების ჩაუტარებლობა მისი შვილის გაუჩინარების საქმეში წარმოადგენდა მე-2 მუხლის ცალკე დარღვევას.
2. მთავრობა
126. მთავრობა აცხადებდა, რომ განმცხადებლის ბრალდებები იყო დაუსაბუთებელი და, შედეგად, არავითარი სადავო საკითხი არ წამოჭრილა კონვენციის მე-2 მუხლთან მიმართებით. მთავრობამ კატეგორიულად უარყო რაიმე კავშირი ბრალდებაში გამოთქმულ სისტემურ გაუჩინარებებთან და განაცხადა, რომ ბევრი ადამიანი, რომლებიც თითქოს გაუჩინარებულნი იყვნენ, შემდგომში ისევ გამოჩნდნენ ან ტერორისტული ორგანიზაციების ბანაკებში იქნენ ნაპოვნი ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენელთა მხრიდან.
127. მთავრობამ გაიმეორა თავისი კრიტიკა სულეიმან ერთაქისა და აბდურაჰიმ დემირის ურთიერთშეუთანხმებელ, აშკარად დაუსაბუთებელ და წინააღმდეგობრივ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხებოდა მეჰმეთ ერთაქის სავარაუდო დაკავებას, პატიმრობასა და არასათანადო მოპყრობას, რასაც იგი სავარაუდოდ დაექვემდებარა. მთავრობამ გააკრიტიკა კომისია იმის გამო, რომ მან მხედველობაში მიიღო მხოლოდ გარკვეულ მოწმეთა ჩვენებები და სასამართლოსაგან მოითხოვა, რომ, მას თავის მხრივ შეეფასებინა ზეპირი მოსმენისას გაკეთებული ყველა განცხადებები. ამასთან დაკავშირებით მათ აღნიშნეს, რომ გამომძიებელ იაჰია ბალს , - , რომელმაც განიხილა განმცხადებლის მიერ პროვინციის რწმუნებულთან შეტანილი საჩივარი, ასევე პარლამენტის წევრის ორჰან დოგანის მიერ ეროვნული ასამბლეისადმი გაგზავნილ წერილობით მოთხოვნაში მოხსენიებული ოთხივე მოწმის ჩვენება; გარდა ამისა, შეამოწმა საპატიმროს ჩანაწერები - ჰქონდა ყოველგვარი საფუძველი, რათა დაესკვნა თავის ანგარიშში, რომ საჩივრები დაუსაბუთებელი იყო. მთავრობამ გააკრიტიკა კომისია იმ დასკვნის გაზიარების გამო, რომ არსებობდნენ სხვა მოწმეები, რომელთა გამოკითხვა ვერ შეძლეს დელეგატებმა, რაც ემყარებოდა მხოლოდ განმცხადებლის ბრალდებებსა და აბდურაჰიმ დემირის ჩვენებას. მთავრობა არ დაეთანხმა კომისიის იმ დასკვნასაც, რომლის მიხედვითაც „გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდებოდა, რომ მეჰმეთ ერთაქის სიკვდილი გამოწვეულ იქნა სახელმწიფოს წარმომადგენელთა ქმედებებით“, და განაცხადა, რომ იგი ეფუძნებოდა მხოლოდ აბდურაჰიმ დემირის მიერ მიცემულ ჩვენებას.
128. მთავრობა ამტკიცებდა, რომ გამომძიებელმა ოფიცერმა ეფექტური გამოძიება ჩაატარა განმცხადებლის საჩივარში მითითებული გარემოებების გამოსაკვლევად. გამომძიებლის ანგარიში განიხილა ადმინისტრაციულმა საბჭომ და მისი გადაწყვეტილება გამოძიების შეწყვეტის შესახებ ძალაში დატოვა უზენაესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ, რომელსაც საქმე ავტომატურად გადაეცა შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად. 1995 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედებულმა სამსახურებმა, რომელთაც ევალდებოდათ გაუჩინარებასთან დაკავშირებული საჩივრების განხილვა, აღმოაჩინეს, რომ ტერორისტული ორგანიზაციები იტაცებდნენ ადამიანებს სოფლებიდან თავიანთი მეომართა რიგების გაფართოების მიზნით. აღნიშნული ადამიანები შემდგომში ხელისუფლების წარმომადგენლებმა იპოვეს ტერორისტული ორგანიზაციების ბანაკებში.
3. კომისია.
129. კომისიის შეფასებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილ იქნა, რომ მეჰმეთ ერთაქის სიკვდილი გამოიწვია სახელმწიფოს წარმომადგენელთა ქმედებებმა მისი დაპატიმრების შემდეგ, რისთვისაც პასუხისმგებელი იყო მთავრობა.
130. წინამდებარე საქმეში ჩატარებული გამოძიების მიმდინარეობის დეტალების შემოწმების შემდეგ კომისიამ მიუთითა რამდენიმე სერიოზულ ხარვეზზე და გამოთქვა აზრი, რომ დარღვეულ იქნა მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილი (იხ. პარაგრაფები 92-93 ზემოთ).
ბ) სასამართლოს შეფასება
1. მეჰმეთ ერთაქის ბედი
131. სასამართლომ უკვე დაადასტურა კომისიის მიერ დადგენილი ფაქტები (იხ. პარაგრაფები 113-115 ზემოთ). სადავო არაა, რომ 1992 წლის 18-დან 20 აგვისტომდე შირნაქში ადგილი ჰქონდა შეტაკებებს და, უშიშროების ძალების წარმომადგენელთა ჩვენებების თანახმად, ასზე მეტი ადამიანი იქნა დაპატიმრებული, ქალაქის შესასვლელთან ტარდებოდა საიდენტიფიკაციო შემოწმებები, ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები „სწრაფი რეაგირების ძალის“ წევრებს პირდაპირ მიჰყავდათ პოლიციის შტაბში. როგორც კომისიამ აღნიშნა, მეტად მყარი დასკვნების ჩამოყალიბებაა შესაძლებელი მოწმეების - სულეიმან ერთაქის (მეჰმეთ ერთაქის დაპატიმრებასთან მიმართებით), მუსტაფა მალაის, სირნაქის პროვინციის რწმუნებულის (რომელმაც აღიარა, რომ თავის ოფისში შეხვდა ადამიანებს, ვინც ამტკიცებდა, რომ მეჰმეთ ერთაქი ნახა პოლიციაში პატიმრობას) და აბდურაჰიმ დემირის (რომელიც ამბობდა, რომ გაესაუბრა მეჰმეთ ერთაქს საპატიმროში და ასევე პოლიციაში ნახა იგი „მკვდარი“ პოლიციელთა წამების შედეგად) მიერ დელეგატებისთვის მიცემული ჩვენებების საფუძველზე. აღნიშნულზე დაყრდნობით, სასამართლო ადგენს, რომ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა დასკვნის გამოსატანად, რომ დაკავებისა და საპატიმროში მიყვანის შემდეგ მეჰმეთ ერთაქი დაექვემდებარა სასტიკსა და მთავრობის მიერ დაუდასტურებელ სასტიკ მოპყრობას და გარდაიცვალა პატიმრობაში უშიშროების ძალთა ხელისუფლების ქვეშ. შესაბამისად, ეს საქმე გასამიჯნია Kurt-ის საქმისაგან (ციტირებულია ზემოთ, p. 1182, §§ 107-08), სადაც სასამართლომ განიხილა განმცხადებლის საჩივარი მისი შვილის გაუჩინარებასთან მიმართებით მე-5 მუხლის საფუძველზე. Kurt-ის საქმეში, მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებლის ვაჟი დაპატიმრებული იყო, არ არსებობდა სხვა არავითარი მტკიცებულება ან იმ მოპყრობის შესახებ, რომლის ობიექტიც ის გახდა აღნიშნულის შემდეგ ან მისი შემდგომი ბედის თაობაზე.
132. ამახვილებს რა ყურადღებას , რომ ხელისუფლებას აკისრია ვალდებულება, პასუხისმგებელი იყოს მის კონტროლის ქვეშ მყოფ ინდივიდებზე, სასამართლო შენიშნავს, რომ არავითარი ახსნა-განმარტება არ წარმოდგენილა იმის შესახებ, თუ რა მოხდა მეჰმეთ ერთაქის დაპატიმრების შემდეგ.
133. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა მეჰმეთ ერთაქის გარდაცვალებისათვის, რაც გამოწვეული იყო სახელმწიფოს წარმომადგენელთა ქმედებებით მისი დაპატიმრების შემდეგ. შესაბამისად, ამ ნაწილში დაირღვა კონვენციის მე-2 მუხლი.
2. ეროვნული ხელისუფლების მიერ ჩატარებული გამოძიება
134. სასამართლო იმეორებს, რომ მე-2 მუხლი კონვენციის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური დებულებაა და, მე-3 მუხლთან ერთად, რუდუნებით იცავს ევროპის საბჭოში შემავალი დემოკრატიულ საზოგადოებების ერთ-ერთ ძირითად ფასეულობას (იხ. McCann and Others გადაწყვეტილება ციტირებული ზემოთ, pp. 45-46, §§ 146-47). ეს დაკისრებული ვალდებულება არ უკავშირდება მარტოოდენ სახელმწიფოს წარმომადგენელთა მხრიდან ძალის გამოყენების შედეგად დამდგარ განზრახ მკვლელობას, არამედ, მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის 1-ლი წინადადების თანახმად, ის ასევე ვრცელდება სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზეც, დაიცვას სიცოცხლის უფლება. აღნიშნული თავისი არსით მოითხოვს, რომ გარკვეული ფორმით უნდა ჩატარდეს ადეკვატური და ეფექტური ოფიციალური გამოძიება, როდესაც ადამიანები მოკლულნი არიან ძალის გამოყენების შედეგად (იხ., სხვა წყაროებს შორის, Yaşa v. Turkey 1998 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილება, Reports 1998-VI, p. 2438, § 98).. კონვენციის მე-2 მუხლიდან გამომდინარე სიცოცხლის უფლების პროცედურული დაცვა აკისრებს ვალდებულებას სახელმწიფოს წარმომადგენლებს, პასუხი აგონ ლეტალური ძალის გამოყენებაზე იმგვარად, რომ მათი ქმედებები დაექვემდებაროს გარკვეული სახის დამოუკიდებელ საზოგადოებრივ კონტროლს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება გაირკვეს, იყო თუ არა კონკრეტულ შემთხვევაში გამოყენებული ძალა გამართლებული (იხ. Kaya-ს საქმეზე გადაწყვეტილება, ციტირებული ზემოთ, p. 324, § 87).
135. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლომ გაიზიარა კომისიის დასკვნები განმცხადებლის ვაჟის მთავრობის მიერ დაუდგენელი დაპატიმრების, სასტიკი მოპყრობისა (რომელსაც იგი დაექვემდებარა) და იმ პირობებში გაუჩინარების შესახებ, რაც წარმოშობდა ვარაუდს მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ზემოთ მოცემული შეფასებები mutatis mutandis ძალაში რჩება წინამდებარე საქმისათვის. აქედან გამომდინარე, კომპეტენტური პირები ვალდებული იყვნენ, ყოველმხრივ და ეფექტურად გამოძიებინათ განმცხადებლის ვაჟის გაუჩინარების გარემოებები.
კომისიამ გამოხატა აზრი, რომ ეროვნულ დონეზე განმცხადებლის ბრალდებების გამოძიება არ უწარმოებიათ დამოუკიდებელ ორგანოებს, იგი არ იყო ყოველმხრივი და ჩატარდა ისე, რომ განმცხადებელს არ მიეცა მასში მონაწილეობის საშუალება.
ამასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებლის მიერ 1992 წლის 10 ნოემბერს საჩივრის შეტანის შემდეგ, შირნაქის პროვინციის რწმუნებულმა ეროვნული პოლიციის შტაბისაგან მოითხოვა, დანიშნულიყო გამომძიებელი ოფიცერი განმცხადებლის ბრალდებების გამოსაძიებლად. 1992 წლის 2 ოქტომბერს პროკურორთან შეტანილ თავის საჩივარში განმცხადებელმა დაასახელა რამდენიმე თვითმხილველი, რომლებმაც თქვეს, რომ მეჰმეთ ერთაქი ნანახი ჰყავდათ პოლიციის საპატიმროში. აბდურაჰიმ დემირი ამტკიცებდა, რომ ისმაილ ერთაქის მიერ საჩივრის შეტანის შემდეგ იგი დაკითხა დიარბაქირის პროკურორმა და მან თავის ჩვენებაში მოიხსენია რამდენიმე ადამიანი, რომლებიც მასთან ერთად იმყოფებოდნენ პატიმრობაში. 1993 წლის 21 ივლისის ბრძანებაში, რომლითაც შირნაქის პროკურორმა ratione materiae იურისდიქციის არქონის გამო საქმეზე უარი თქვა, იგი აცხადებდა, რომ მასალებს გადასცემდა შირნაქის ადმინისტრაციულ საბჭოს. უნდა აღინიშნოს, რომ გამომძიებელ ოფიცერს არ ჰქონია ეს მასალები თავის მფლობელობაში და მოკვლევის პროცესში არ აუღია ჩვენება ისმაილ ერთაქისგან ან მის საჩივარში მოხსენიებული რომელიმე პირისგან.
92-ე, 93-ე და 121-ე პარაგრაფებისა და ზემოხსენებული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო ასკვნის, რომ მოპასუხე სახელმწიფომ არ შეასრულა თავისი ვალდებულება ადეკვატურად და ეფექტურად გამოეძიებინა განმცხადებლის შვილის გაუჩინარებასთან დაკავშირებული გარემოებები. შესაბამისად, ამ მხრივ ასევე დაირღვა მე-2 მუხლი.
IV. კონვენციის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის (ძველი რედაქციით) სავარაუდო დარღვევა
136. განმცხადებლის წარმომადგენლებმა კომისიის წინაშე მიუთითეს, რომ განაცხადის შეტანის შემდეგ თაჰირ ელჩის - იმ ადვოკატის, რომელმაც აპლიკანტის სახელით კომისიაში შეიტანა განაცხადი - დაპატიმრების პარალელურად საქმესთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ამოღებულ იქნა პოლიციის მიერ. კონვენციის 25.1 მუხლის ძველ რედაქციაზე დაყრდნობით აპლიკანტის წარმომადგენლები პრეტენზიას აცხადებდნენ, რომ თურქეთმა ხელი შეუშალა ინდივიდუალური პეტიციის წარდგენის უფლებით სარგებლობას.
137. კონვენციის 25-ე მუხლის ძველი რედაქცია უთითებდა:
„კომისიას შეუძლია მიიღოს ნებისმიერი ადამიანის, არასამთავრობო ორგანიზაციისა თუ ინდივიდთა ჯგუფის მიერ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისათვის წარგზავნილი პეტიციები, სადაც პრეტენზია იქნება გამოთქმული მასზედ, რომ ისინი გახდნენ ერთ-ერთი მაღალი ხელშემკვრელი სახელმწიფოს მხრიდან კონვენციაში მითითებული უფლებების დარღვევის მსხვერპლი, იმ პირობით, რომ მაღალი ხელშემკვრელი სახელმწიფო, რომლის წინააღმდეგაც შეტანილია საჩივარი, აღიარებს კომისიის მიერ ასეთი პეტიციების მიღების უფლებამოსილებას. მაღალი ხელშემკვრელი სახელმწიფოები, რომლებმაც მსგავსი განაცხადი გააკეთეს, იღებენ ვალდებულებას არც ერთი საშუალებით ხელი არ შეუშალონ ამ უფლებით ეფექტურ სარგებლობას.“
138. კომისიამ აზრი გამოთქვა, რომ თაჰირ ელჩის განცხადებებსა თუ საქმის მასალებში არაფერი იყო ისეთი, რაც მიანიშნებდა, რომ ადვოკატის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა დაკავშირებული იყო კომისიაში შეტანილ განაცხადთან.
139. მთავრობას არ გაუკეთებია კომენტარი ამასთან მიმართებით.
140. განმცხადებელს აღარ უცდია წარედგინა იგივე საჩივარი სასამართლოს წინაშე.
141. სასამართლო არ მიიჩნევს საჭიროდ თავისი ინიციატივით განიხილოს აღნიშნული საკითხი.
V. კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევის სავარაუდო პრაქტიკა
142. განმცხადებელი მოითხოვდა სასამართლოსაგან, რომ მას დაედგინა სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში „გაუჩინარებათა“ პრაქტიკის არსებობა, რაც უთანაბრდებოდა კონვენციის მე-2 მუხლის მძიმე დარღვევას. იგი ასევე აცხადებდა, რომ იყო ოფიციალურად გამოხატული შემწყნარებლული დამოკიდებულება თურქეთის ამ რეგიონში სამართლებრივი ბერკეტების არაეფექტურად მოქმედების პრაქტიკასთან მიმართებით. აღნიშნული განცხადების გასამყარებლად იგი დაობდა, რომ არსებობდა აშკარა მტკიცებულებები, თუ როგორ უარყოფდა პოლიცია მკვლელობებთან დაკავშირებულ შემთხვევებს, დაკავებულთა წამებასა და გაუჩინარებას, რომ კომპეტენტური პირები სისტემატურად უარყოფდნენ და უგულებელყოფდნენ, წარემართათ გამოძიება მსხვერპლთა საჩივრების მიხედვით.
143. მთავრობამ უარყო განმცხადებლის ბრალდებები. 144. სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე საქმეში მოპოვებული მტკიცებულებები და საქმის მასალები არაა საკმარისი, მისცეს მას საშუალება გადაწყვიტოს, ჰქონდა თუ არა თურქეთის ხელისუფლებას ათვისებული კონვენციის მე-2 მუხლის დაღვევის პრაქტიკა.
VI. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
145. კონვენციის 41-ე მუხლის თანახმად:
„თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია და მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.“
ა) ზიანი
146. განმცხადებელი ითხოვდა მატერიალური ზიანის ანაზღაურებას 60,630.44 ფუნტი სტერლინგის ოდენობით მიუღებელი შემოსავლებისათვის, რაც გამოთვილილი იყო მეჰმეთ ერთაქის საშუალო თვიური შემოსავლის - 180,000,000 თურქული ლირის - გაანგარიშებით მიმდინარე კურსის ფარგლებში, თავისთვის და გარდაცვლილი ვაჟის ქვრივისა და ოთხი შვილის სასარგებლოდ.
147. განმცხადებელმა მოითხოვა 40,000 ფუნტი სტერლინგი არამატერიალური ზიანის სახით, რაც გამომდინარეობდა კონვენციის დარღვევების გამო მისი ვაჟისათვის მიყენებული ზიანიდან და მსგავსი დარღვევების არსებობის სავარაუდო პრაქტიკიდან, გარდაცვლილი ვაჟის ქვრივისა და ოთხი შვილის სახელით, ხოლო 2,500 ფუნტი თავისი სახელით ეფექტური სამართლებრივი ბერკეტის არარსებობით მიყენებული არამატერიალური ზიანისათვის. იგი უთითებდა სასამართლოს წინა განჩინებებზე, რომლებიც შეეხებოდა უკანონო დაკავებას, წამებასა და არაეფექტურ გამოძიებას.
148. თავის ძირითად შენიშვნაში მთავრობა ამტკიცებდა, რომ არანაირი ანაზღაურების საჭიროება არ არსებობდა. მთავრობა უთითებდა, რომ შეუსაბამო იქნებოდა იგი დაევალდებულებინათ აენაზღაურებინა მეჰმეთ ერთაქის სავარაუდო მიუღებელი შემოსავალი, ვინაიდან დადგენილი არ იყო მისი გარდაცვალების ფაქტი. ალტერნატივის სახით, მთავრობამ სასამართლოსაგან მოითხოვა უარეყო განმცხადებლის მიერ გადამეტებული, მეტისმეტი და გაუმართლებელი კომპენსაციის მიღების მოთხოვნა.
149. უფრო ზოგადად, მთავრობა ასაბუთებდა, რომ წარდგენილი მოთხოვნა არ შეესაბამებოდა თურქეთში არსებულ სოციალურ პირობებსა თუ მინიმალური ხელფასის ოდენობას. ამასთან დაკავშირებით, ის აცხადებდა, რომ სასამართლოს მიერ მინიჭებულმა კომპენსაციამ არ უნდა გამოიწვიოს განმცხადებელთა გამდიდრება.
150. რაც შეეხება განმცხადებლის მხრიდან მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნას, სასამართლო პრაქტიკით დადგინდა, რომ უნდა არსებობდეს აშკარა მიზეზობრივი კავშირი განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ ანაზღაურებასა და კონვენციის დარღვევას შორის. ანაზღაურებამ კი, შესაბამის შემთხვევაში, შეიძლება მოიცვას მიუღებელი შემოსავლის სახით კომპენსაციის მიღების უფლებაც (იხ., სხვა ავტორიტეტულ წყაროებს შორის, Barberà, Messegué and Jabardo v. Spain (Article 50), 1994 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება, Series A no. 285-C, pp. 57-58, §§ 16-20). სასამართლომ დადგენილ ფაქტად მიიჩნია (იხ. პარაგრაფი 131 ზემოთ), რომ მეჰმეთ ერთაქი გარდაიცვალა უშიშროების ძალების მიერ მისი დაპატიმრების შემდეგ, ხოლო სახელმწიფოს პასუხიმგებლობა გამომდინარეობს კონვენციის მე-2 მუხლიდან. ასეთ პირობებში, მართლაც არსებობს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი მე-2 მუხლის დარღვევასა და იმ ზიანს შორის, რომელიც მიადგა მეჰმეტ ერთაქის ქვრივსა და შვილებს ოჯახს მისი ფინანსური მხარდაჭერის დაკარგვის შედეგად (იხ. Çakıcı ციტირებული ზემოთ, § 127). სასამართლო განმცხადებელს ანიჭებს 15,000 ფუნტს მისი ვაჟის ქვრივისა და შვილების სასარგებლოდ.
151. რაც შეეხება არამატერიალურ ზიანს, სასამართლო არნიშნავს, რომ ზემოთ ციტირებულ Çakıcı-ის გადაწყვეტილებაში მან განმცხადებელს მისი ძმის მემკვიდრეთა სასარგებლოდ მიანიჭა 25,000 ფუნტი, კონვენციის მე-2. მე-3, მე-5 და მე-13 მულების დარღვევის გამო უშიშროების ძალების მიერ დაპატიმრების შემდეგ მისი ძმის დაღუპვასთან დაკავშირებით, თავად განმცხადებელს კი მიანიჭა 2,500 ფუნტი როგორც „დაზარალებულ მხარეს“ კონვენციის 41-ე მუხლის გაგებით. წინამდებარე საქმეში სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა მე-2 მუხლის არსებითი და პროცედურული ნაწილი. სამხრეთ-არმოსავლეთ თურქეთთან დაკავშირებულ წინა საქმეებში ამავე ნორმის გამოყენებთ მინიჭებული კომპენსაციების (იხ. Kaya-ის გადაწყვეტილება, ციტირებული ზემოთ, p. 333, § 122; Güleç-ის გადაწყვეტილება, ციტირებული ზემოთ, p. 1734, § 88; Ergi v. Turkey 1998 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება, Reports 1998-IV, p. 1785, § 110; Yaşa-ის გადაწყვეტილება, ციტირებული ზემოთ, pp. 2444-45, § 124; და Oğur v. Turkey [GC], no. 21594/93, § 98, ECHR 1999-III) და საქმის გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო განმცხადებელს ანიჭებს არამატერიალური ზიანისათვის 20,000 ფუნტს მისი ვაჟის ქვრივისა და ოთხი შვილისათვის. რაც შეეხება თავად აპლიკანტს, სასამართლო მიიჩნევს, რომ მას ნამდვილად მიადგა ზიანი დადგენილი დარღვევების შედეგად და, სამართლიანობის პრინციპზე დაყრდნობთ, ანიჭებს მას 2,500 ფუნტ სტერლინგს.
ბ) ხარჯები და დანახარჯები
152. განმცხადებელი მოითხოვდა სულ 26,022,68 ფუნტს განაცხადის შესატანად გაწეული დანახარჯებისათვის. აღნიშნული მოიცავდა ხარჯებს, რაც დაკავშირებული იყო ანკარაში გამართულ მოსმენაზე კომისიის დელეგატების წინაშე ჩვენების მიცემასთან და ასევე სასამართლო პროცესში მონაწილეობასთან. მან გაანაწილა მთლიანი თანხა შემდეგი სახით: 5,395 ფუნტი ადმინისტრაციული დანახარჯები და საზღაური „ქურთისტანის ადამიანის უფლებათა დაცვის პროექტის“ (Kurdish Human Rights Project) მიერ გაწეული დახმარებისათვის, რაც გამოიხატა მათ მიერ განმცხადებელთან და თურქ ადვოკატებთან გაერთიანებული სამეფოს იურისტების დაკავშირებაში; 4,890 ფუნტი თურქეთში ოთხი ადვოკატის მიერ გაწეული სამუშაოსათვის; 14,950 ფუნტი გაერთიანებული სამეფოდან მისი წარმომადგენლებისათვის განკუთვნილი ჰონორარისათვის; 225 ფუნტი სხვა სახის ხარჯებისათვის; 532.68 ფუნტი მგზავრობისათვის, საყოფაცხოვრებო დანახარჯებისათვის და თურქეთში გამართულ მოსმენაზე მთარგმნელისათვის მისაცემ საფასურთან დაკავშირებული ხარჯებისათვის.
153. განმცხადებელმა მოითხოვა, რომ სასამართლოს მიერ მინიჭებული თანხა გადარცხულიყო სტერლინგებში გაერთიანებულ სამეფოში მის ანგარიშზე. 154. მთავრობა სასამართლოს მოუწოდა უარეყო მოთხოვნა, რადგანაც იგი იყო დაუსაბუთებელი და, ნებისმიერ შემხვევაში, გადაჭარბებული. იგი სადავოდ ხდიდა განმცხადებლის მხრიდან უცხოელი ადვოკატებისათვის ანაზღაურების საჭიროებას და ასევე მკაცრად ეწინააღმდეგებოდა KHRP-ის მიერ გაწეული რაიმე ხარჯისათვის თანხის დაკისრებას.
155. სასამართლო ვერ დარწმუნდა, რომ KHRP-სთან დაკავშირებით მოთხოვნილი ხარჯები ნამდვილად იქნა გაწეული და, შესაბამისად, უკუაგდებს განმცხადებლი ამ მოთხოვნას. რაც შეეხება დანაჩენ მოთხოვნებს, სასამართლო სამართლიანი შეფასებითა და განმცხადებლის მიერ დეტალურად მითითებული მოთხოვნების გათვალისწინებით, ანიჭებებს მას 12,000 ფუნტს და ყველა იმ გადასახადის ანაზღაურებას, რომელთაც შეიძლება დაიბეგროს ეს თანხა. ამ მთლიან თანხაში არ იგულისხმება 14,660.35 ფრანგული ფრანკი, რომელიც უკვე გადახდილია ევროპის საბჭოს მიერ სამართლებრივი დახმარებისათვის.
გ) საურავი
156. სასამართლოსათვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის თანახმად, ზღვრული საპროცენტო განაკვეთი, რომელიც გამოიყენება გაერთიანებულ სამეფოში ამჟამინდელი გადაწყვეტილების გამოტანისას, წარმოადგენს 7.5 %-ს წელიწადში.
აღნიშნულის საფუძველზე სასამართლო ერთხმად:
1. უარყოფს მთავრობის წინასწარ პრეტენზიას.
2. ასკვნის, რომ დაირღვა კონვენციის მე-2 მუხლი განმცხადებლის ვაჟის სახელმწიფოს წარმომადგენელთა ხელში დაღუპვისა და მის გაუჩინარებასთან დაკავშირებული გარემოებების არაადეკვატურად და არაეფექტურად გამოძიების გამო.
3. ასკვნის:
ა) მოპასუხე სახელმწიფომ სამი თვის განმავლობაში განმცხადებელს გადაუხადოს შემდეგი ოდენობის თანხები:
1) 15,000 ფუნტი სტერლინგი, კონვერტირებული თურქულ ლირაში ანგარიშსწორების დღეს არსებული კურსით, განმცხადებლისათვის მისი ვაჟის მეჰმეთ ერთაქის ქვრივისა და ოთხი შვილის სასარგებლოდ.
2) 20,000 ფუნტი სტერლინგი არამატერიალური ზიანისათვის, განმცხადებლის ვაჟის ქვრივისა და ოთხი შვილის სასარგებლოდ, და 2,500 ფუნტი სტერლინგი განმცხადებლის მიერ განცდილი ზიანისათვის, ორივე თანხა კონვერტირებულ იქნეს თურქულ ლირაში ანგარიშსწორების დღეს არსებული კურსის შესაბამისად.
3) 12,000 ფუნტი ხარჯებისა და დანახარჯებისათვის, ასევე დამატებით იმ გადასახადის ანაზღაურება, რომლითაც შეიძლება დაიბეგროს ეს თანხა. აღნიშნულში არ იგულისხმება 14,660.35 ფრანგული ფრანკი, რომელიც უკვე გადახდილია ევროპის საბჭოს მიერ სამართლებრივი დახმარებისათვის. თანხა კონვერტირებული იქნეს ფუნტ სტერლინგებში ანგარიშსწორების დღეს არსებული კურსის შესაბამისად.
ბ) წლიური 7,5 % თანხას დარიცხულ იქნეს განაკვეტი დაერიცხოს ზემოთ ხსენებული სამთვიანი ვადის გასვლიდან ანგარიშსწორებამდე.
4. უარყოფს განმცხადებლის დანარჩენ მოთხოვნებს სამართლიან დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.
შესრულებულია ფრანგულ ენაზე და მიღებულია სტრასბურგში, 2000 წლის 9 მაისს, ადამიანის უფლებათა შენობაში.
მაიკლ ო’ბოილიელიზაბეთ პალმი
სექციის მდივანითავმჯდომარე
[1] სამდივნოს შენიშნვნა. აღნიშნული ანგარიშის მოპოვება შესაძლებელია სამდივნოს საშუალებით.
Full & Egal Universal Law Academy