დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე 122
2009 წლის აგვისტო-სექტემბერი
ე.ს და სხვები სლოვაკეთის წინააღმდეგ (E.S. and Others v. Slovakia)
(საჩივარი- 8227/04)
გადაწყვეტილება, 15 სექტემბერი, 2009 [მე-4 სექცია]
მე-3 მუხლი
პოზიტიური ვალდებულებები
ოჯახში ძალადობისგან ადეკვატური დაცვა არ იქნა უზრუნველყოფილი: დარღვევა
ფაქტები – ეროვნებით სლოვაკი აპლიკანტები, ე.ს - დედა და მისი სამი შვილი - ერ.ს., ჯა.ს. და ია.ს. დაიბადნენ 1964, 1986, 1989 და 1988 წლებში. ისინი ცხოვრობდნენ კოშიცეში (სლოვაკეთში).
2001 წლის მარტში ე.ს-მ მიატოვა მისი ქმარი - ს - სამი შვილის მამა და განაცხადი შეიტანა განქორწინებაზე, რომელიც 2002 წლის მაისში შევიდა ძალაში. მომჩივანს შემდგომში მიენიჭა ბავშვებზე მეურვეობა.
2001 წლის აპრილში ე.ს-მ შეიტანა სისხლის სამართლის საჩივარი თავისი ქმრის წინააღმდეგ. აპლიკანტი აცხადებდა, რომ მისი მეუღლე არასათანადოდ ეპყრობოდა როგორც მას, ასევე მათ შვილებს და სექსუალურად ძალადობდა ერთ-ერთ ქალიშვილზე. ორი წლის შემდეგ, მოძალადე დამნაშავედ იქნა ცნობილი არასათანადო მოპყრობისთვის, ძალადობისა და სექსუალური ძალადობისთვის და 4 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
2001 წლის მაისში ე.ს-მ მოითხოვა დროებითი ღონისძიების მიღება, რომელიც მის ქმარს ვალდებულს გახდიდა მათი საერთო საცხოვრებელი ბინა დაეტოვებინა. ეროვნულმა სასამართლოებმა არ დააკმაყოფილეს მისი მოთხოვნა იმ საფუძვლით, რომ შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად, სასამართლოს არ ჰქონდა უფლებამოსილება შეეზღუდა მოსარჩელის ქმრის უფლება - საკუთრების განკარგვასთან დაკავშირებით. სააპელაციო სამართალწარმოებისას, სასამართლოებმა ძალაში დატოვეს აღნიშნული გადაწყვეტილება, განაცხადეს რა, რომ ე.ს. უფლებამოსილი იქნებოდა დაეწყო წარმოება ერთობლივი ცხოვრების შეწყვეტასთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული განქორწინების პროცედურებთან დაკავშირებით. ამავდროულად, აპლიკანტს შეეძლო მოეთხოვა ბრძანების გამოცემა, რომელიც მის ქმარს დაავალდებულებდა თავი შეეკავებინა არასათანადო საქციელისგან. შემდგომში, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ არ დარღვეულა ე.ს-ს უფლებები, რადგან მას არ მიუმართავს ასეთი ბრძანებისთვის. თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ვერ უზრუნველყვეს სათანადო ზომების მიღება ე.ს-ს ბავშვების არასათანადო მოპყრობისგან დასაცავად. სასამართლომ არ მიანიჭა კომპენსაცია, რადგან მიიჩნია, რომ დარღვევის დადგენა წარმოადგენდა შესაბამისი სამართლიანი დაკმაყოფილების უზრუნველყოფას.
ახალი კანონმდებლობის მიღების შემდეგ ე.ს-მ შეიტანა შემდგომი სარჩელები და შედეგად გამოიცა ორი ბრძანება 2003 წლის ივლისსა და 2004 წლის დეკემბერში: პირველი ბრძანების თანახმად, ყოფილ ქმარს ეკრძალებოდა ბინაში შესვლა, ხოლო მეორე - მომჩივანს ანიჭებდა ბინის ექსკლუზიური ფლობის უფლებას.
ამასობაში, აპლიკანტები იძულებულნი იყვნენ გადასულიყვნენ თავიანთი სახლიდან, ოჯახისა და მეგობრებისგან შორს. შედეგად, ერ.ს-ს და ჯა.ს-ს მოუხდათ სკოლის შეცვლა.
კონვენციის მე-3 და მე-8 მუხლებზე დაყრდნობით, აპლიკანტები დავობდნენ, რომ ხელისუფლების ორგანოებმა ვერ უზრუნველყვეს მათი ადეკვატური დაცვა ოჯახში ძალადობისგან.
სამართალი – მთავრობამ განაცხადა, რომ ე.ს-ს არ ამოუწურავს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი დაცვის საშუალებები. ამასთან, მან აღიარა, რომ დაირღვა ბავშვების უფლებები კონვენციის მე-3 და მე-8 მუხლებიდან გამომდინარე, თუმცა განაცხადა, რომ უზრუნველყოფილი იყო ადეკვატური ანაზღაურება ეროვნული სასამართლოების მიერ.
სასამართლომ დაადგინა, რომ სლოვაკეთის ხელისუფლების მიერ შეთავაზებული ალტერნატიული ღონისძიება - ბრძანება, რომლითაც ე.ს-ს ყოფილ ქმარს თავი უნდა შეეკავებინა არასათანადო ქმედებისგან - არ წარმოადგენდა აპლიკანტების ადეკვატურ დაცვას მათი ქმრისა და მამისგან. შესაბამისად, იგი ვერ იქნებოდა მიჩნეული ეფექტურ შიდასახელმწიფოებრივ სამართლებრივ საშუალებად, რომელიც ე.ს. ვალდებულის თანახმად უნდა ამოეწურა. მომჩივანი არ იყო ისეთ მდგომარეობაში, რომ შეეწყვიტა საერთო საცხოვრებლის ქირავნობა, 2002 წლის მაისში განქორწინების პროცედურების დასრულებამდე. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, ბრალდებები მისი ყოფილი ქმრის წინააღმდეგ პირველად იქნა გაჟღერებული. ბრალდებების არსისა და სიმძიმის გათვალისწინებით ე.ს-ს და მის შვილებს სჭირდებოდათ იმწუთიერი დაცვა. ამ პერიოდის განმავლობაში ე.ს-სთვის არ არსებობდა ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალება, რომლითაც იგი დარწმუნებული იქნებოდა, რომ ის და მისი შვილები იქნებოდნენ დაცულნი ყოფილი ქმრის ძალადობისგან. ე.ს-ს ბავშვებთან მიმართებით, სასამართლოს არ მიუჩნევია, რომ დარღვევის დადგენა წარმოადგენდა განცდილი ზიანის ადეკვატურ ანაზღაურებას.
მთავრობამ აღიარა, რომ ე.ს-ს ბავშვები დაექვემდებარნენ ისეთ მოპყრობას, რომელმაც სიმძიმის იმ ზღვარს გადააჭარბა, რაც კონვენციის მე-3 (არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა) და მე-8 მუხლებით (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) იყო გათვალისწინებული. სასამართლომ დაადგინა, რომ სლოვაკეთმა ასევე ვერ უზრუნველყო ე.ს-ს უფლებების დაცვა კონვენციის მე-3 და მე-8 მუხლებიდან გამომდინარე. შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ სლოვაკეთმა ვერ განახორციელა მისი ვალდებულების შესრულება - დაეცვა ყველა აპლიკანტი არასათანადო მოპყრობისგან, კონვენციის მე-3 და მე-8 მუხლების თანახმად.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
41-ე მუხლი: სახელმწიფომ არამატერიალური ზიანის სანაცვლოს თითოეულ მომჩივანს 8 000 ევრო უნდა მიაკუთვნოს.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy