Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N225
2019 წლის იანვარი
ფერნანდეს დე ოლივიერა პორტუგალიის წინააღმდეგ [დიდი პალატა] (Fernandes de Oliveira v. Portugal) [GC]
(საჩივარი- N 78103/14)
გადაწყვეტილება, 31 იანვარი, 2019
მე-2 მუხლი
პოზიტიური ვალდებულებები
ფაქტები: მომჩივნის სრულწლოვან ვაჟს, ა.ჯ.-ს, ჰქონდა სერიოზული ფსიქიკური პრობლემებისა და ასევე, ალკოჰოლსა და ექიმის რეცეპტით გამოწერილ წამლებზე დამოკიდებულების ისტორია. იგი რამდენჯერმე ნებაყოფლობით მოათავსეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში (‘’ HSC’’). უკანასკნელი ვიზიტის დროს (იმის გამო, რომ მან წამლების საშუალებით თვითმკვლელობა სცადა), მისი თავდაპირველი შემზღუდველი რეჟიმი შემსუბუქდა; მას სახლში წასვლის ნებართვა მისცეს, რის შემდეგაც ის ხელახლა დაბრუნდა ალკოჰოლის გადაჭარბებული მიღების გამო. ორი დღის შემდეგ, ა.ჯ-მ დატოვა საავადმყოფო ნებართვის გარეშე, გადახტა მატარებლის წინ და გარდაიცვალა. მომჩივანი მე-2 მუხლის საფუძველზე, დავობდა, რომ მისი შვილის სიცოცხლე არ იყო დაცული, ხოლო მე-6 მუხლის საფუძველზე, ასაჩივრებდა ფსიქიატრიული საავადმყოფოს წინააღმდეგ მისი სამოქალაქო სარჩელის განხილვის ხანგრძლივობას. დიდმა პალატამ არ დაადგინა მე-2 მუხლის არსებითი ნაწილის დარღვევა და განაცხადა, რომ დაირღვა აღნიშნული მუხლის პროცედურული ნაწილი.
სამართალი: გადაწყვეტილება საინტერესოა იმით, რომ დიდმა პალატამ განმარტა სახელმწიფოსთვის დაკისრებული პოზიტიური ვალდებულებების შინაარსი, საავადმყოფოში თვითმკვლელობის რისკის ქვეშ მყოფი პაციენტების ზრუნვასთან დაკავშირებით.
პირველ რიგში, და როგორც ახლახანს განიმარტა საქმეში ლოპეს დე სუსა ფერნანდესი პორტუგალიის წინააღმდეგ, no. 56080/13, სამედიცინო დაუდევრობასთან დაკავშირებით სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, რომ შექმნას ეფექტური მარეგულირებელი ჩარჩო, რომელიც დაავალდებულებს საავადმყოფოებს მიიღონ შესაბამისი ზომები პაციენტთა სიცოცხლის გადასარჩენად. მეორე რიგში, სასამართლო, გარკვეულ შემთხვევებში, სახელმწიფოებს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას, მიიღოს პრევენციული ხასიათის ოპერაციული ზომები, რათა დაიცვას პირი სხვებისა და მისგან მომდინარე დანაშაულებრივი ქმედებებისგან, ვალდებულება ვრცელდება დაკავებულთა საქმეებსა და არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ პაციენტებზე.
დიდმა პალატამ ჩამოთვალა ის ფაქტორები, რომლებიც მითითებული პრეცედენტული სამართალის მიხედვით შესაბამისი იყო ოსმანის ტესტის გამოყენებისა და დაკავებულის თვითმკვლელობის რისკის შეფასებისას, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს პრევენციული ზომების მიღების აუცილებლობა. აღნიშნული ფაქტორებია: ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების ისტორია; ფსიქიკური დაავადების სიმძიმე; წინა თვითმკვლელობის ან თვითდაზიანების მცდელობები; სუიციდური ფიქრები ან მუქარები; და ფსიქიკური ან მენტალური აშლილობის ნიშნები. დიდმა პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ორივე ვალდებულება შესაბამისი იყო და შემდგომში დაადგინა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ორივე შესრულდა. კერძოდ, მან აღნიშნა რომ:
(ა) მარეგულირებელი ჩარჩოს შესრულების ფორმა არ არღვევდა კონვენციის მე-2 მუხლს. აღსანიშნავია, დიდი პალატა დაეთანხმა, რომ ფსიქიატრიული საავადმყოფოს მიდგომა - სადაც პაციენტების უფლებები მინიმალურად იყო შეზღუდული და არსებობდა თერაპევტული სურვილი შექმნილიყო ღია რეჟიმი - შეესაბამებოდა ბოლო წლებში განვითარებულ საერთაშორისო სტანდარტებს და მხარს უჭერდა ჰილერის საქმეში გამოთქმულ მოსაზრებს, რომ მეტად ჩამრევი რეჟიმით შესაძლებელი იყო დარღვეულიყო კონვენციის მე-3, მე-5 და მე-8 მუხლები. მან ასევე დაადგინა, რომ ნებაყოფლობითი პაციენტების მიმართ საავადმყოფოში გამოყენებული სამი სამეთვალყურეო ზომა იყო ადეკვატური. კერძოდ: რეგულარული ყოველდღიური გრაფიკი, განსაზღვრულ დროს ადგილზე ყოფნის მონიტორინგით; საჭიროების შემთხვევაში მეტად მკაცრი რეჟიმი; და აუცილებლობის შემთხვევაში გადაუდებელი პროცედურა (მაგალითად, შემაკავებელი პროცედურები). და ბოლოს, მომჩივანს შეეძლო მიემართა მართლმსაჯულების სისტემისთვის: მიუხედავად მისი გადაჭარბებული ხანგრძლივობისა (იხილეთ ქვემოთ), ‘’ არაფერი... მიუთითებს [მიუთითებდა] მართლმსაჯულების სისტემის ფუნქციონირების სისტემურ ნაკლოვანებაზე, რის შედეგადაც მომჩივანს უარი ეთქვა სამოქალაქო სარჩელის ეფექტური განხილვაზე.’’
(ბ) რაც შეეხება ოსმანის პოზიტიური ვალდებულების გამოყენებას ამ კონტექსტში, აღსანიშნავია ორი ასპექტი. პირველ რიგში, დიდმა პალატამ პირველად დაადასტურა, რომ პრევენციული ოპერაციული ზომების განხორციელების პოზიტიური ვალდებულება ვრცელდება ნებაყოფლობით პაციენტებზე. (უკვე აღიარებულია, რომ ის ვრცელდება არანებაყოფლობით პაციენტებზე, იხ. ზემოთ). მაშინ, როცა სასამართლომ აღნიშნული დასკვნა გააკეთა იმის აღნიშვნით, რომ ყველა ფსიქიატრიული პაციენტი მოწყვლადი იყო და ჰოსპიტალიზაციის ნებისმიერი ფორმა მოიცავს აუცილებელი შეზღუდვის გარკვეული დონეს, დიდმა პალატამ დაადასტურა მისი დასკვნები და დაამატა, რომ ,,სასამართლომ საკუთარ შეფასებაში შეიძლება გამოიყენოს შემოწმების უფრო მკაცრი სტანდარტი“ არანებაყოფლობით პაციენტებთან მიმართებით‘’. მეორე, სასამართლომ გამოიყენა ოსმანის ტესტი და საავადმყოფოს მიერ გამოვლენილი ზრუნვა და მიღებული გადაწყვეტილებები შეაფასა ზემოთ მოცემულ ხუთ ფაქტორზე დაყრდნობით. სტრასბურგის სასამართლო დაეყრდნო ეროვნულ ანგარიშებსა და გადაწყვეტილებებს და განაცხადა, რომ არ იყო დადგენილი, ფსიქიატრიულმა საავადმყოფომ იცოდა ან უნდა სცოდნოდა თუ არა, რომ სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე ა.ჯ-ს სიცოცხლე უკვე დაუყოვნებლივი რისკის ქვეშ იდგა. კერძოდ, სასამართლო დაეთანხმა, მიუხედავად იმისა, რომ თვითმკვლელობის რისკი არ შეიძლებოდა გამოერიცხათ ისეთ პაციენტებში როგორიც იყო ა.ჯ., რომლის ფსიქოპათოლოგიური მდგომარეობა ეფუძნებოდა მრავალ დიაგნოზს, დაუყოვნებლივი რისკი შეიძლება განსხვავდებოდეს და სასამართლომ მხარი დაუჭირა ფსიქიატრიული საავადმყოფოს მიდგომას. აღნიშნული მიდგომა მდგომარეობდა იმაში, რომ მონიტორინგის რეჟიმი იცვლებოდა რისკების ცვლილებებთან ერთად, რომელიც ეფუძნებოდა იმ ფილოსოფიას, რომელიც ახდენდა პაციენტის თავისუფლების, მისი პასუხისმგებლობის ოპტიმიზაციას. შესაბამისად, არ იყო დადგენილი ,,რეალური და დაუყოვნებლივი რისკი’’, არ არსებობდა ოსმანის ტესტის მეორე ნაწილის შემოწმების აუცილებლობა, რომელიც ეხებოდა იმ საკითხის შესწავლას, იყო თუ არა პრევენციული ზომების მიღება საჭირო.
მომჩივანი ასევე დავობდა, რომ საავადმყოფოს წინააღმდეგ სამართალწარმოება გადაჭარბებული ხანგრძლივობის იყო. იგი თავდაპირველად ეყრდნობოდა მე-6 მუხლის 1-ელ პუნქტს, ხოლო დიდმა პალატამ აღნიშნული საჩივარი მოიაზრა მე-2 მუხლის პროცედურულ ნაწილში და დაადგინა ამ დებულების დარღევა, სამართალწარმოების გადაჭარბებული ხანგრძლივობის საფუძველზე. რაც შეეხება საკითხს, კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული დარღვევის დადგენისთვის, ნაჩვენები უნდა იყოს თუ არა, რომ სამართალწარმოების გაჭიანურებამ მის ეფექტურობაზე იქონია გავლენა. დიდი პალატა დაეყრდნო ლოპეზ დე სოუსა ფერნანდესის გადაწყვეტილების 219-ე პარაგრაფს (ციტირებული ზემოთ):
,,სწორედ ამიტომ სასამართლომ დაადგინა, რომ მე-2 მუხლთან დაკავშირებულ საქმეებში, კერძოდ როდესაც სამართალწარმოება დაიწყო საავადმყოფოში პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სამართალწარმოების გადაჭარბებული ხანგრძლივობა არის მაჩვენებელი იმისა, რომ ის ხარვეზიანი იყო, რაც კონვენციის თანახმად წარმოადგენს მოპასუხე სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებების დარღვევას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სახელმწიფო წარმოადგენს დამაჯერებელ და სარწმუნო დასაბუთებას სამართალწარმოების გადაჭარბებული ხანგრძლივობის გამართლებისთვის (იხ. მაგალითად, ბილბია და ბლაჟევიჩი ხორვატიის წინააღმდეგ, N 62870/13, § 107, 12 იანვარი 2016).’’
დიდმა პალატამ დაადგინა, რომ მომჩივნის სამოქალაქო სარჩელის განხილვა იყო გადაჭარბებულად ხანგრძლივი - რაც წარმოადგენს სამართალწარმოების ხარვეზიანობის მყარ მაჩვენებელს - და რომ მთავრობამ აღნიშნული გადაჭარბების გასამართლებლად ვერ წარმოადგინა ,,დამაჯერებელი და სარწმუნო’’ მიზეზები. დიდმა პალატამ მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევის დადგენამდე აღნიშნა სამართალწარმოების გადაჭარბებული ხანგრძლივობის თავიდან აცილების მნიშვნელობა (დროის დინება გავლენას ახდენს მოწმის მეხსიერებაზე და სხვ.)
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები