ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება მომლაპარაკებელი სახელმწიფოების მიერ მე-8 მუხლით დაკისრებული პოზიტიური ვალდებულებების შესახებ ბავშვთა საერთაშორისო გატაცებასთან მიმართებით, როგორც ეს განმარტებულია ჰააგის კონვენციისა და ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მოთხოვნების კონტექსტში. ქვეყნის ეროვნული სასამართლოების მიერ ბავშვის დაუბრუნებლობის შესახებ ბრძანებისთვის საკმარისი საპატიო მიზეზების წარუდგენლობა, რამაც პროცედურა ცამეტი თვით გააჭიანურა: დარღვევა.
საქმე „ფერარი რუმინეთის წინააღმდეგ“
CASE OF FERRARI v. ROMANIA
განაცხადი N1714/10
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
28 აპრილი 2015
ფაქტობრივი გარემოებები
განმცხადებელი - ადრიან როდოლფო ფერარი არგენტინის მოქალაქეა, დაბადებული 1971 წელს და მცხოვრები ბუენოს აირესში. საქმე ეხება განაცხადს რუმინეთის სასამართლოს წინაშე, განმცხადებლის ბავშვის არგენტინაში დაბრუნების შესახებ სასამართლო პროცესის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით.
ბ-ნ ფერარის 2005 წლის აგვისტოში რუმინეთისა და არგენტინის მოქალაქესთან შეეძინა შვილი. ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იყო არგენტინა, თუმცა ბ-ნ ფერარის სამხედრო პილოტის რანგში სამსახურეობრივი დავალებების გამო ისინი ხშირად მოგზაურობდნენ. 2006 წელს კვიპროსში რამდენიმე თვის განმავლობაში ერთად ცხოვრების შემდეგ, ბ-ნ ფერარი დაეთანხმა თავის ცოლს, რომ რამდენიმე თვით წასულიყო რუმინეთში და 2007 წლის ოქტომბერში, ბ-ნ ფერარის კონტრაქტის დასრულებისას, ბუენოს აირესში დაბრუნებულიყო. ცოლმა 2007 წლის ნოემბერში მას აცნობა, რომ ის ბავშვთან ერთად არგენტინაში არ დაბრუნდებოდა. შემდგომში, მან რუმინეთის სასამართლოში განქორწინებასა და ბავშვზე მეურვეობის შესახებ განცხადება შეიტანა. რუმინეთის სასამართლომ 2008 წლის აპრილში გამოიტანა განქორწინების შესახებ გადაწყვეტილება, მაგრამ მეურვეობის შესახებ გადაწყვეტილება არ გამოიტანა, ამასობაში ბ-ნ ფერარიმ განაცხადით მოითხოვა თავისი ბავშვის დაბრუნება ბავშვთა საერთაშორისო გატაცების შესახებ ჰააგის კონვენციის სამოქალაქო ასპექტების შესაბამისად. ჰააგის სამართალწარმოება რუმინეთის სასამართლოს წინააღმდეგ გაგრძელდა 2008 წლის მარტიდან 2009 წლის მაისამდე, როცა სასამართლომ გამოსცა თავისი საბოლოო გადაწყვეტილება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, დაადგინა რა, რომ ბავშვი რუმინეთში არაკანონიერად არ იყო ჩაყვანილი, ვინაიდან ამ მგზავრობაზე ორივე მშობელმა თანხმობა განაცხადა. მამას არ შეეძლო ბავშვის სათანადოდ მოვლა, რადგან მან სამსახურიდან განმეორებით მიიღო დავალება საზღვარგარეთ. 2011 წლის სექტემბერში, რუმინეთის სასამართლომ ბავშვზე მეურვეობის უფლება დედას მიანიჭა, ხოლო ბატონ ფერარის მისცა ბავშვის მონახულების უფლება. 2009 წლის ბოლო პერიოდის შემდეგ ბატონმა ფერარიმ რუმინეთში ბავშვი სამჯერ მოინახულა.
სამართალი
I. კონვენციის მე-8 მუხლის სავარაუდო დარღვევა
30. განმცხადებელმა კონვენციის მე-6 და მე-8 მუხლების მიხედვით ბავშვის დაბრუნებაზე რუმინეთის ცენტრალური ხელისუფლების მეშვეობით შეიტანა განაცხადი სასამართლო პროცესის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით. რუმინეთის სახელისუფლებო ორგანოებმა ვერ მოახერხეს რა სწრაფად მოქმედება, ხელი შეუწყვეს განმცხადებელსა და მის ბავშვს შორის ოჯახური კავშირების წყვეტას.
31. რადგან სასამართლო არის საქმის ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ხასიათის შემფარდებელი, იგი არ არის ვალდებული გაიზიაროს მხარეთა მიერ საქმის ფაქტებზე შეთავაზებული სამართლებრივი კვალიფიკაცია. განაცხადისთვის დამახასიათებელია მასში გამოთქმული ფაქტები და არა უბრალოდ ის იურიდიული საფუძვლები და არგუმენტები, რომლებსაც ის ეყრდნობა (იხ. გუერა და სხვები იტალიის წინააღმდეგ, 1998 წლის 19 თებერვალი § 44, ანგარიშები განჩინებებსა და გადაწყვეტილებებზე 1998‑I; შვიცგებელი შვეიცარიის წინააღმდეგ, N25762/07, § 69, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2010 (ამონარიდები); ან კარერი რუმინეთის წინააღმდეგ, N16965/10, § 25, 2012 წლის 21 თებერვალი). წინამდებარე საქმეში, სასამართლო შენიშნავს, რომ განაცხადში ყურადღება ძირითადად გამახვილებულია განმცხადებლის ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებაში ჩარევაზე. შესაბამისად, ე.წ. jura novit curia[1] პრინციპით, სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებლის საჩივრები შესწავლილ უნდა იქნეს მხოლოდ კონვენციის მე-8 მუხლით, რომელიც ასე იკითხება:
„1. ყველას აქვს უფლება, რომ დაცული იყოს მისი პირადი და ოჯახური ცხოვრება, საცხოვრისი და მიმოწერა.
2. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისთვის, უწესრიგობისა და დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობისა, ან მორალის, ან სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად“.
ბ. საქმის არსებითი გარემოებები
1. მხარეთა განცხადებები
(ა) განმცხადებლის პოზიცია
33. განმცხადებელმა არაერთგზის გაიმეორა, რომ ჰააგის კონვენციის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის სწრაფი დაბრუნება მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე, რათა მუდმივად საცხოვრებელი ქვეყნის სასამართლოს მიეცეს შესაძლებლობა, გადაწყვეტილება მიიღოს მეურვეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ჰააგის კონვენციით, სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სწრაფ დაბრუნებაზე, ბავშვის კეთილდღეობის მდგომარეობის სწრაფი და ეფექტიანი, სიღრმისეული შესწავლის მეშვეობით. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ ბავშვის კეთილდღეობის ან „საუკეთესო ინტერესის“ საკითხის განხილვა შეესაბამება ჰააგის კონვენციის საფუძველზე ჩატარებულ გამოკითხვას. აღნიშნული გამოკითხვა არ იქნება თავისუფალი ან ფართომასშტაბიანი, რომელიც საჭირო იქნებოდა ბავშვისთვის გრძელვადიანი გეგმების შედგენის პროცესში.
34. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სასამართლო წარმოება დიდხანს გაგრძელდა და ის გაჭიანურებული ვადები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა, არც სასამართლო წარმოების დროს და არც აღსრულების ეტაპზე არ იყო აუცილებელი. განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ დაბრუნების შესახებ ბრძანების აღსასრულებლად არ გადადგმულა რაიმე არსებითი ან ეფექტიანი ნაბიჯი. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ დაუშვეს რა ასეთი გაჭიანურებული ვადები სამართალწარმოების პროცესში, შესაბამისმა ორგანოებმა ბავშვის დედას შესაძლებლობა მისცეს, მოეთხოვა ცვლილება გარემოებებში და ამგვარად, მიეღწია დაბრუნების შესახებ ბრძანების ანულირებისათვის.
35. განმცხადებლის მოსაზრებით, გათვალისწინებული დაბრუნების შესახებ თხოვნის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას, რუმინეთის სასამართლომ გაითვალისწინა და დაადგინა მეურვეობის საკითხის არსებითი გარემოება და არაპროცედურული საკითხი იმის შესახებ, თუ რომელი იურისდიქციით უნდა მოხდეს მეურვეობის საკითხის გადაწყვეტა. შესაბამისად, რუმინეთის სასამართლომ არასწორად განმარტა ბავშვის კეთილდღეობის ცნება ჰააგის კონვენციის კონტექსტში.
(ბ) მთავრობის პოზიცია
36. მთავრობა ამტკიცებს, რომ მთელი სამართალწარმოების განმავლობაში, განმცხადებელს არ უცდია აღედგინა ბავშვზე მეურვეობა. დედას არასდროს უცდია დაემალა ბავშვი ან ხელი შეეშალა მათი პირადი ურთიერთობისთვის, რადგან ბავშვს მამასთან ტელეფონით და ინტერნეტის მეშვეობით ჰქონდა კონტაქტი.
37. მთავრობა მიიჩნევს, რომ ჰააგის კონვენციის მიხედვით, სამართალწარმოების საერთო ხანგრძლივობა არ ყოფილა არაგონივრული და აღნიშნავს, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობდა უწყვეტად და საქმის გადადება აუცილებლობას წარმოადგენდა. მთავრობა აგრეთვე აღნიშნავს, რომ განმცხადებელსა და მის ვაჟიშვილს შორის ოჯახური კავშირი არასოდეს გაწყვეტილა.
38. მთავრობა აგრეთვე ამტკიცებს, რომ ნაციონალურმა სასამართლომ მხედველობაში მიიღო ბავშვის საუკეთესო ინტერესები და მისი პოზიციის ცვლილება გამოწვეული იყო იმ ფაქტის დადგენით, რომ ბავშვი დასახლდა თავის ახალ გარემოში, რაც არის გამონაკლისი, რომელიც ცალსახად არის მოცემული ჰააგის კონვენციის მე-12 მუხლში.
39. მთავრობამ აგრეთვე აღნიშნა, რომ დაბრუნების შესახებ ბრძანების გაუქმების გამო, რუმინეთის სასამართლომ საბოლოოდ შეძლო მეურვეობის საკითხის გადაჭრა. ამ ეტაპზე, მთავრობა აღნიშნავს, რომ განმცხადებელს არ გაუსაჩივრებია სასამართლოს ბრძანება, ვინაიდან ის ეხებოდა მეურვეობისა და მონახულების უფლებების მიკუთვნებას და ამგვარად, დაკმაყოფილდა ამ შედეგით.
40. მთავრობის მოსაზრებით, შესაბამისმა ნაციონალურმა ორგანომ დააკმაყოფილა ჰააგის კონვენციით და კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა.
2. სასამართლოს შეფასება
(ა) ზოგადი პრინციპები
41. სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებელსა და მის ვაჟიშვილს შორის ურთიერთობა, კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად, პირველ რიგში, ოჯახური ცხოვრების ტოლფასია.
42. ის აგრეთვე მიუთითებს ოჯახური ცხოვრების სფეროში იმ ზოგად პრინციპებსა და ჰააგის კონვენციის გავლენაზე სასამართლოს მუშაობაზე, როგორც იგი ცოტა ხნის წინ განისაზღვრა მე-10 თავში, §§ 92-108.
43. კერძოდ, სასამართლო იმეორებს, რომ მშობლებისა და ბავშვების ერთად ყოფნა შეადგენს ოჯახური ცხოვრების ფუნდამენტურ კომპონენტს და ის დაცულია კონვენციის მე-8 მუხლით (იხ. მონორი რუმინეთისა და უნგრეთის წინააღმდეგ, N71099/01, § 70, 2005 წლის 5 აპრილი და იოსუბ კარასი რუმინეთის წინააღმდეგ, N7198/04, §§ 28-29, 2006 წლის 27 ივლისი).
44. ოჯახური ურთიერთობები მგრძნობიარე სფეროა, შესაბამისად, სახელმწიფო არა მხოლოდ ვალდებულია თავი შეიკავოს იმ ზომების მიღებისგან, რომლებიც ხელს შეუშლიდნენ ოჯახური ცხოვრების ეფექტიანად განხორციელებას, არამედ თითოეული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, მან უნდა განახორციელოს პოზიტიური ქმედება იმისათვის, რათა უზრუნველყოს ამ უფლებების ეფექტიანი განხორციელება. ამ სფეროში, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ დამყარდეს სწორი ბალანსი რისკის ქვეშ მდგარ, ერთმანეთთან დაპირისპირებულ ინტერესებს - ბავშვის, ორი მშობლისა და საზოგადოებრივ წესრიგს შორის, ამ საკითხებზე სახელმწიფოებისთვის მიცემული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში (იხ. მამოსო და ვაშინგტონი საფრანგეთის წინააღმდეგ, N39388/05, §62, 2007 წლის 6 დეკემბერი), თუმცა მთავარი უნდა იყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესები (იხ. გნაჰორი საფრანგეთის წინააღმდეგ, N40031/98, § 59, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2000‑IX) და თავიდან აცილებისა და დაუყოვნებლივი დაბრუნების მიზნები შეესაბამებოდნენ „ბავშვის საუკეთესო ინტერესების“ კონკრეტულ ცნებას (იხ. იქსი ლატვიის წინააღმდეგ, §95).
45.ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სფეროსთან მიმართებით, მომლაპარაკებელი სახელმწიფოებისთვის მე-8 მუხლით დაკისრებული ვალდებულებები უნდა განიმარტოს ჰააგის კონვენციის ; 1989 წლის 20 ნოემბრის ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის; მომლაპარაკებელ მხარეებს შორის ურთიერთობებში გამოყენებული საერთაშორისო სამართლის შესაბამისი წესებისა და პრინციპების მოთხოვნების ჭრილში (იხ. იქსი ლატვიის წინააღმდეგ § 93).
46. დაბრუნების შესახებ განაცხადის კონტექსტში, რომელიც განსხვავდება მეურვეობის შესახებ სამართალწარმოებისგან, თხოვნის მიმღები სახელმწიფოს ეროვნულმა ორგანოებმა, რომლებიც სხვასთან ერთად იღებენ სარგებელს დაინტერესებულ მხარეებთან უშუალო კონტაქტიდან, უნდა დაადგინონ ბავშვის საუკეთესო ინტერესები და შეაფასონ საქმე ჰააგის კონვენციით განსაზღვრული გამონაკლის შემთხვევებთან მიმართებით. მე-8 მუხლის შესაბამისად, თავიანთი ამოცანის შესრულებისას, ნაციონალურ სასამართლოს გააჩნია დისკრეციული უფლებების ფარგლები, რომელიც, თავის მხრივ, ექვემდებარება ევროპის მხრიდან ზედამხედველობას (იხ. იქსი ლატვიის წინააღმდეგ, §101). სახელმწიფოს დისკრეციული უფლებების ფარგლების მიუხედავად, სასამართლოს მოუწოდებენ გამოიკვლიოს, გადაწყვეტილების მიღების პროცესი, იყო თუ არა ჩარევა სამართლიანი და სრულად მისცა თუ არა შესაბამის მხარეებს თავიანთი საქმის წარმოდგენის შესაძლებლობა, ასევე დაცული იყო თუ არა ბავშვის საუკეთესო ინტერესები (იხ. იგნაკოლო-ზენიდე რუმინეთის წინააღმდეგ, N31679/96, §99, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2000‑I და ტიემანი საფრანგეთისა და გერმანიის წინააღმდეგ (განჩინება), N47457/99 და N47458/99,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2000‑IV).
47. ამ მიზნით, სასამართლო მიიჩნევს, რომ შესაძლებელია მიღწეულ იქნეს ევროპული კონვენციისა და ჰააგის კონვენციის ჰარმონიული ინტერპრეტაცია, იმ პირობით, თუ დაცული იქნება ეს ორი მომდევნო პირობა. პირველი, თხოვნის მიმღებმა სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტორები, რომლებიც წარმოადგენენ ბავშვის დაუყოვნებლივი დაბრუნებისთვის გამონაკლის შემთხვევას ზემოაღნიშნული კონვენციის მე-12, მე-13 და მე-20 მუხლების გამოყენებისას, კერძოდ, როცა იგი სამართალწარმოების პროცესში წამოჭრილია საქმეში მონაწილე ერთ-ერთი მხარის მიერ. სასამართლომ უნდა გამოიტანოს გადაწყვეტილება, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით საკმარისად დასაბუთებულია, რათა დადასტურდეს, რომ ეს საკითხები ეფექტიანად იქნა შესწავლილი. მეორე, უნდა მოხდეს ამ ფაქტორების შეფასება კონვენციის მე-8 მუხლის ჭრილში (იხ. იქსი ლატვიის წინააღმდეგ, §106 და ნოილინგერი და შურუკი შვეიცარიის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N41615/07, §133, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2010).
48. შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ კონვენციის მე-8 მუხლი ეროვნულ ორგანოს აკისრებს კონკრეტულ პროცედურულ ვალდებულებას: ბავშვის დაბრუნებაზე განაცხადის შეფასებისას, სასამართლომ უნდა განიხილოს არა მხოლოდ ბავშვის დაბრუნებაზე სადავო უარი, არამედ უნდა გამოიტანოს გადაწყვეტილება კონკრეტული მიზეზების დასახელებით საქმის გარემოებების მიხედვით. როგორც დაბრუნებაზე უარის გათვალისწინების უარყოფა, რომელიც შეიძლება რეგულირდებოდეს ჰააგის კონვენციის მე-12, მე-13 და მე-20 მუხლებით, გადაწყვეტილების გამოტანისას არასაკმარისი დასაბუთება, როცა ხდება ამ უარის უგულვებელყოფა ან მასზე დათანხმება, შეეწინააღმდეგება კონვენციის მე-8 მუხლის მოთხოვნებს, აგრეთვე ჰააგის კონვენციის მიზანსა და დანიშნულებას. საჭიროა სათანადოდ განხილულ იქნეს ეროვნული სასამართლოს მიერ დასაბუთებით ნაჩვენები წინა სასამართლო განცხადებები. ეს განხილვა არ უნდა იყოს ავტომატური და სტერეოტიპური ხასიათის, არამედ საკმარისად დეტალური ჰააგის კონვენციაში მოცემული გამონაკლისი შემთხვევების კონტექსტში. ეს კონვენცია ინტერპრეტირებული უნდა იქნეს მკაცრად (შეზღუდულად) (იხ. იქსი ლატვიის წინააღმდეგ, § 107).
49. სასამართლო აგრეთვე იმეორებს, რომ ბავშვებისა და მშობლების ხელახლა გაერთიანებასთან დაკავშირებულ საკითხებში მისაღები ზომის შესაბამისობა უნდა შეფასდეს მისი განხორციელების სისწრაფით. ასეთი შემთხვევები საჭიროებენ გადაუდებელ რეაგირებას, ვინაიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ბავშვებსა და იმ მშობელს შორის, რომელიც ბავშვებთან არ ცხოვრობს, ურთიერთობას შეიძლება გამოუსწორებელი შედეგი მოჰყვეს (იხ. იოსუბ კარასი, § 38 და ბლაგა, § 72). მხოლოდ პროცედურის შეფერხებამ შეიძლება საშუალება მისცეს სამართლოს დაასკვნას, რომ შესაბამისი ორგანოები არ დაემორჩილნენ კონვენციით გათვალისწინებულ თავიანთ პოზიტიურ ვალდებულებებს (იხ. შო უნგრეთის წინააღმდეგ, N6457/09, § 72, 2011 წლის 26 ივლისი).
(ბ) ამ პრინციპების საქმის ფაქტების მიმართ გამოყენება
50. სასამართლო შეისწავლის იმ ფორმას, რომლითაც ეროვნულმა სასამართლომ გამოიყენა ჰააგის კონვენცია განსახილველ საქმეში. ამგვარად, ის შენიშნავს, რომ ბავშვის დაბრუნების მოთხოვნა შეისწავლა ორმა ჩვეულებრივი იურისდიქციის მქონე სასამართლომ, რომლებიც საქმეში არსებული სამხილის საფუძველზე, შეთანხმდნენ იმაზე, რომ ბავშვი რუმინეთში უკანონოდ იყო შეკავებული და შესაბამისად, გამოსცეს განკარგულება მისი დაბრუნების შესახებ არგენტინაში მდებარე მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე.
51. მიუხედავად ამისა, ამ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა მოხდა დედის მიერ შეტანილი საგანგებო საჩივრის მეშვეობით, რომელმაც დაბრუნების შესახებ ბრძანება მიიჩნია „დაუსაბუთებლად და უკანონოდ“. სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს არგუმენტები, უკავშირდება საქმის არსებით გარემოებებს და საბოლოო და სავალდებულო ხასიათის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა იმ უბრალო მიზეზით, რომ წარმოდგენილი მტკიცებულების ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით არსებობს განსხვავებული მოსაზრებები, არაა გამართლებული და ეს არღვევს განმცხადებლის უფლებას სამართლიან (მიუკერძოებელ) განხილვაზე (მოსმენაზე) (იხ. მიტრეა რუმინეთის წინააღმდეგ, N26105/03, §§ 27- 30, 2008 წლის 29 ივლისი). წინამდებარე საქმეში, ქვეყნის სასამართლომ შეისწავლა წინასასამართლო განცხადებები იმის შესახებ, რომ განმცხადებელს არ შეეძლო ბავშვის მოვლა და ისინი მხედველობაში არ მიიღო; ამ კონტექსტში, იგივე საკითხის ხელახლა შესწავლა, რომელსაც ამაგრებენ სხვა არგუმენტები (განმცხადებლის სამსახურებრივი მოგზაურობები), არ არის თავსებადი სასამართლოს მიერ პრეცედენტულ სამართალში განსაზღვრულ კრიტერიუმებთან. გარდა ამისა, საქმეში არ არსებობს მინიშნება იმაზე, რომ მ.ტ.რ-ს არ შეეძლო დაეყენებინა ეს არგუმენტი სასამართლო წარმოების პირველ ეტაპზე (იხ. mutatis mutandis[2], პოპოვი მოლდოვას წინააღმდეგ (N2), N19960/04, §§ 50 – 54, 2005 წლის 6 დეკემბერი).
52. გარდა ამისა, დაბრუნების შესახებ ბრძანებების ბათილად გამოცხადების შემდეგ მიღებულ თავის საბოლოო გადაწყვეტილებაში, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ბავშვი რუმინეთში უკანონოდ არ ჩაუყვანიათ, რადგან ორივე მშობელი თანახმა იყო ამ მოგზაურობაზე. თუმცა, სააპელაციო სასამართლომ ვერ შეძლო დაედგინა, შეჩერება იმ ვადაზე მეტი ხნით, რაც თავდაპირველად იყო შეთანხმებული, აკმაყოფილებს თუ არა ჰააგის კონვენციის მოთხოვნებს. გარდა ამისა, მთავარი მიზეზი, რომელიც საფუძვლად დაედო ახალ საბოლოო გადაწყვეტილებას იყო ის, რომ მამას არ შეეძლო ბავშვის მოვლა, მისი ხშირი მოგზაურობების გამო. სასამართლო არაა დარწმუნებული იმაში, რომ ეს არგუმენტები შეესაბამება ჰააგის კონვენციის სასამართლო წარმოების ფარგლებს და საკმარისია დაბრუნების შესახებ ბრძანების გასაუქმებლად.
53. სასამართლო იმეორებს, რომ ეროვნულ სასამართლოს უკეთ შეუძლია მის წინაშე საქმის გარემოებების შესწავლა. შესაბამისად, სასამართლო უშვებს იმას, რომ დროის გასვლამ გამოიწვია ცვლილება ბავშვთან მიმართებით, რომელსაც შედეგად მოჰყვა ჰააგის მე-12 მუხლის გამოყენება. თუმცა, საჭიროა დადგინდეს, ეს ცვლილება გამოწვეული ან ნებადართული იყო თუ არა შესაბამისი ორგანოების მიერ, კერძოდ, სასამართლო წარმოების საერთო ხანგრძლივობით და ორგანოების დამოკიდებულებით აღსრულების საკითხის მიმართ. სასამართლო ასევე იმეორებს, რომ ოჯახური ცხოვრების ქმედითი პატივისცემა საჭიროებს, რომ მომავალში ურთიერთობები მშობლებსა და ბავშვებს შორის არ განისაზღვრებოდეს დროის უბრალოდ ბუნებრივი გასვლით (იხ. ჰ. დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ, 1987 წლის 8 ივლისი, § 90, სერია A, N120).
54. კერძოდ, სასამართლო აღნიშნავს, რომ ნაციონალურ სასამართლოს დასჭირდა 13 თვე საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად (2008 წლის 30 მარტიდან 2009 წლის 4 მაისამდე). სასამართლომ ადრე მსგავსი ხანგრძლივობა გადაჭარბებულად მიიჩნია, კერძოდ, იმ სისწრაფის მოთხოვნის გათვალისწინებით, რომელიც საფუძვლად უდევს ჰააგის კონვენციის პროცედურას (იხ. მონორი, § 82 , 12 თვე; კარერი, § 54, 11 თვე; აღნიშნული საქმის საპირისპიროდ შტრიომბლადი, § 93 ). სასამართლო იმეორებს, რომ ნაციონალურ სასამართლოს აკისრია ვალდებულება, დაბრუნების შესახებ განცხადება სწრაფად დაამუშავოს, მათ შორის, გასაჩივრებული.
55. გარდა ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ თუმცა 2008 წლის 8 ივლისს გაცემული ბრძანება დაბრუნების შესახებ საბოლოო იყო და შესაბამისად, დაუყოვნებლივ აღსასრულებელი, შესაბამის ორგანოებს აღსრულების წარმოება 2008 წლის 22 დეკემბერზე ადრე არ დაუწყიათ; უმოქმედობის თითქმის ხუთთვიანი პერიოდი არ ითვლება. გარდა ამისა, საქმეში არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ქმედებებს მიმართა სასამართლოს აღმასრულებელმა, გარდა დედის ჩართვისა განხილვებში და დაბრუნების შესახებ ბრძანების შესრულებაზე მისი უარის დაფიქსირებისა. სასამართლო აღნიშნავს, რომ მანამ, სანამ დაბრუნების შესახებ ბრძანება ძალაში იყო, კერძოდ, 2009 წლის 23 თებერვლამდე, შესაბამის ორგანოებს არ ჰქონდათ მიზეზი, არ დაეწყოთ ამ ბრძანების აღსრულება. აღნიშნული ფაქტი საეჭვოს ხდის, მისცა თუ არა მოქმედმა პროცედურულმა ჩარჩომ შესაძლებლობა განმცხადებელს, თავისი უფლებები ეფექტიანად გამოეყენებინა.
56. ზემოაღნიშნული მოსაზრებები საკმარისია იმისათვის, რათა სასამართლომ დაასკვნას, რომ არდაბრუნების შესახებ ბრძანების არასაკმარისი მიზეზების წარმოუდგენლობით პროცედურის 13 თვის მანძილზე გაგრძელებით და აღსრულების წარმოების გაჭიანურებით, შესაბამისმა ორგანოებმა ვერ უზრუნველყვეს დაბრუნებასთან დაკავშირებული წარმოების სწრაფი და ეფექტიანი განხორციელება. შედეგად, განმცხადებელმა ვერ მიიღო თავისი ოჯახური ცხოვრების უფლების ეფექტიანი დაცვა.
შესაბამისად, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას.
[1] „სასამართლო თვითონ ირჩევს, რა კანონები გამოიყენოს განსახილველი საკითხის გადაჭრისას“.
[2] სათანადო შესწორებების შეტანით
Full & Egal Universal Law Academy