ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება ირანში დეპორტაციის საქმესთან დაკავშირებით კონვენციის მეორე და მესამე მუხლების სავარაუდო დარღვევის შესახებ.
ცნობადი პოლიტიკური აქტივისტისთვის ირანში გაძევების შეთავაზება: დეპორტაცია არ წარმოადგენს დარღვევას.
შეთავაზებული გაძევება ირანში არსებული რეალური მდგომარეობისა და ევროპაში ჩასვლისას ქრისტიანობის მიღებით გამოწვეული შედეგების ადეკვატურად შესწავლის გარეშე: დეპორტაცია წარმოადგენს დარღვევას.
დიდი პალატა
საქმე „ფ.ჯ. შვედეთის წინააღმდეგ“
CASE OF F.G v. SWEDEN
განაცხადი N. 43611/11
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
23 მარტი, 2016 წ.
ფაქტობრივი გარემოებები
განმცხადებელმა, ირანის მოქალაქემ, თავშესაფრის თხოვნით მიმართა შვედეთს იმ მოტივით, რომ ის თანამშრომლობდა ირანის რეჟიმის ცნობილ ოპონენტებთან და სულ მცირე სამჯერ მაინც იყო დაკავებული და დაპატიმრებული ხელისუფლების მიერ სხვადასხვა დროს 2007-2009 წლების მანძილზე, კერძოდ, მისი საქმიანობის გამო ვებგამოცემებთან დაკავშირებით. მან განაცხადა, რომ იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა მას შემდეგ, რაც მისი ოფისი, სადაც იგი ინახავდა პოლიტიკურად სენსიტიურ მასალებს, უცნობმა პირებმა გაჩხრიკეს, რის შედეგადაც გარკვეული დოკუმენტები დაიკარგა. შვედეთში ჩასვლისას, მან ქრისტიანობა მიიღო. მისი თქმით, ისლამისგან განდგომილობისა და ქრისტიანულ რჯულზე გადასვლისთვის ირანში დაბრუნებისთანავე სიკვდილით დასჯის რისკის ქვეშ იყო. შვედეთის ხელისუფლებამ უარი უთხრა თავშესაფრის მინიჭებაზე და ქვეყნიდან მისი დეპორტაციის ბრძანება გასცა .
II. კონვენციის მეორე და მესამე მუხლების სავარაუდო დარღვევა
85. განმცხადებელი ასაჩივრებდა იმ ფაქტს, რომ ირანში მისი პოლიტიკური წარსულისა და შვედეთში ჩასვლისას ქრისტიანობის მიღების გამო მისი გაძევება ირანში არღვევს კონვენციის მეორე და მესამე მუხლებს. აღნიშნული დებულებები ითვალისწინებს შემდეგს:
მუხლი 2
„1. ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული. არავის სიცოცხლე არ შეიძლება განზრახ იყოს ხელყოფილი. სიცოცხლის ხელყოფა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს მიერ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენის აღსრულების შედეგად, ისეთი დანაშაულის ჩადენისთვის, რომლისთვისაც კანონი ითვალისწინებს ამ სასჯელს;
2. სიცოცხლის ხელყოფა არ ჩაითვლება ამ მუხლის საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებად, თუ ის შედეგად მოჰყვა ძალის გამოყენებას, რომელიც აბსოლუტურ აუცილებლობას წარმოადგენდა:
ა) ნებისმიერი პირის დასაცავად არამართლზომიერი ძალადობისგან;
ბ) კანონიერი დაკავებისთვის ან კანონიერად დაპატიმრებული პირის გაქცევის აღსაკვეთად;
გ) კანონიერ ღონისძიებათა განხორციელებისას აჯანყების ან ამბოხების ჩასახშობად“.
მუხლი 3
„არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას და დასჯას.”
გ. სასამართლოს შეფასება
1. შესავალი
110. სასამართლო თავიდანვე აღნიშნავს, თუ არსებობს მნიშვნელოვანი საფუძველი იმისა, რომ აღნიშნულ პიროვნებას, მისი გაძევების შემთხვევაში დაემუქრება სიკვდილით დასჯა, წამება, არაადამიანური ანდა ღირსების შემლახველი მოპყრობა იმ ქვეყანაში, რომელშიც პირს აძევებენ, მეორე და მესამე მუხლის თანახმად, ხელშემკვრელმა სახელმწიფოებმა ქვეყნიდან არ უნდა გააძევონ. შესაბამისად, სასამართლო ასევე შეისწავლის ორივე მუხლს ერთობლიობაში (იხ. სხვა პრეცედენტულ საქმეებთან ერთად, შესაბამისი ცვლილებებით, მოკანუსი და სხვები რუმინეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა] N10865/09, 45886/07 და 32431/08, § 314, ECHR, 2014; ტ.ა. შვედეთის წინააღმდეგ, N 48866/10, § 37, 19 დეკემბერი, 2013 წ.; კ.ა.ბ. შვედეთის წინააღმდეგ, N886/11, § 67, 5 სექტემბერი, 2013 წ.; კაბულოვი უკრაინის წინააღმდეგ, N 41015/04, § 99, 19 ნოემბერი, 2009 წ. და ფ.ჰ. შვედეთის წინააღმდეგ, N 32621/06, § 72, 20 იანვარი, 2009 წ.).
2. თავშესაფრის მინიჭების შესახებ განაცხადების შეფასების ზოგადი პრინციპები კონვენციის მეორე და მესამე მუხლების თანახმად
(ა) რისკების შეფასება
111. სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელშემკვრელ სახელმწიფოებს უფლება აქვთ კარგად დამკვიდრებული საერთაშორისო სამართლისა და ხელშეკრულების ფარგლებში მათი ვალდებულებების გათვალისწინებით, მათ შორის, კონვენციისა, კონტროლი გაუწიონ ქვეყანაში უცხოელების შესვლას, ცხოვრებასა და გაძევებას (იხ. ჰირსი ჯამაასი და სხვები იტალიის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N27765/09, § 113, ECHR, 2012; იუნერის საქმე ნიდერლანდების წინააღმდეგ [დიდი პალატა], N46410/99, § 54, ECHR, 2006-XII; აბდულაზიზი, კაბალესი და ბალკანდალი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 28 მაისი, 1985 წ., § 67, სერია A, N94 და ბოლიფა საფრანგეთის წინააღმდეგ, 21 ოქტომბერი, 1997 წ., § 42, 1997‑VI). უცხოელის გაძევებამ ხელშემკვრელი სახელწმიფოს მიერ შეიძლება წარმოშვას პრობლემა მესამე მუხლთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, შესაძლოა დადგეს მოცემული სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი კონვენციის შესაბამისად, როდესაც მნიშვნელოვანი საფუძვლები იყო წარმოდგენილი იმის დასადასტურებლად, რომ აღნიშნული პირი, მისი დეპორტაციის შემთხვევაში, ისეთი მოპყრობის რეალური საფრთხის წინაშე დადგებოდა მიმღებ ქვეყანაში, რომელიც ეწინააღმდეგება მესამე მუხლით განსაზღვრულ დებულებებს. ამ ვითარებაში, მესამე მუხლი გულისხმობს ვალდებულებას, არ განხორციელდეს აღნიშნული პირის დეპორტაცია ხსენებულ ქვეყანაში (იხ. საადი იტალიის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N 37201/06, §§ 124-125, ECHR, 2008).
112. იმის დასამტკიცებლად არსებობს თუ არა მნიშვნელოვანი საფუძვლები, რომ განმცხადებელი რეალურად დადგება ასეთი რისკის ქვეშ, სასამართლომ უნდა შეისწავლოს მიმღებ ქვეყანაში არსებული პირობები კონვენციის მესამე მუხლით განსაზღვრულ სტანდარტებთან მიმართებით (იხ. მამათკულოვი და ასკაროვი თურქეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N46827/99 და N46951/99, § 67, ECHR, 2005-I). სტანდარტების თანახმად, არასათანადო მოპყრობა, რომლის წინაშე დადგება განმცხადებელი დაბრუნების შემთხვევაში, უნდა აღწევდეს სისასტიკის მინიმალურ დონეს, რომ მოხვდეს მესამე მუხლის რეგულაციის ფარგლებში. მოცემული დონის შეფასება შედარებითია და დამოკიდებულია საქმის ყველა არსებულ გარემოებაზე (იხ. ჰილალი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, N45276/99, § 60, ECHR, 2001-II).
113. რეალური რისკის არსებობის შეფასება აუცილებლად დეტალური უნდა იყოს (იხ. ჩაჰალი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 15 ნოემბერი, 1996 წ., § 96, ანგარიშები 1996-V და საადი იტალიის წინააღმდეგ, ზემოთ ხსენებული, § 128). პრინციპულად მნიშვნელოვანია განმცხადებელმა წარადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებენ მნიშვნელოვანი საფუძვლების არსებობას. გასაჩივრებული ღონისძიება განხორციელდება მაშინ, როდესაც მისი გაძევების შემთხვევაში დანიშნულების ქვეყანაში მას იმგვარი მოპყრობის რეალური საფრთხე შეექმნება, რომელიც ეწინააღმდეგება მესამე მუხლით განსაზღვრულ დებულებებს (იხ. საადი იტალიის წინააღმდეგ, ზემოთ ნახსენები, § 129 და ნ. ფინეთის წინააღმდეგ, N 38885/02, § 167, 26 ივლისი, 2005 წ.). ამასთან დაკავშირებით, სასამართლო ადასტურებს, რომ განსაკუთრებული სიტუაციის გამო, თავშესაფრის მაძიებელთათვის საჭიროა ნდობის მოპოვება, რადგან საქმე ეხება მათ მიერ საკუთარი თავის დასაცავად წარმოდგენილი განაცხადებისა და დოკუმენტების სანდოობის შეფასებას. როდესაც წარმოდგენილი ინფორმაცია თავშესაფრის მაძიებლის არგუმენტების ეჭვქვეშ დაყენების ძლიერ საფუძველს იძლევა, პირმა უნდა წარმოადგინოს სავარაუდო შეუსაბამობების დამაკმაყოფილებელი ახსნა-განმარტება ( იხ. ნ. საქმე შვედეთის წინააღმდეგ, N23505/09, 20 ივლისი, 2010 წ.; ჰაკიზიმანა შვედეთის წინააღმდეგ (განჩინება), N37913/05, 27 მარტი, 2008 წ. და კოლინზი და აკაზიებიე შვედეთის წინააღმდეგ (განჩინება), N 23944/05, 8 მარტი, 2007 წ.).
114. შეფასება ფოკუსირებული უნდა იყოს განმცხადებლის მიმღებ ქვეყანაში გაძევების პროგნოზირებად შედეგებზე ქვეყანაში არსებული ზოგადი მდგომარეობისა და მისი პირადი გარემოებების გათვალისწინებით (იხ. ვილვარაჯა და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 30 ოქტომბერი, 1991 წ., §108, სერია A, N215). ამასთან დაკავშირებით, სასამართლო გაითვალისწინებს იმ ფაქტს, იყო ეს ძალადობის მხრივ ზოგადად არსებული სიტუაცია მიმღებ ქვეყანაში თუ არა (იხ. სუფი და ელმი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, N8319/07 და N11449/07, § 216, 28 ივნისი, 2011 წ.).
115. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებლის დეპორტირება ჯერ არ მომხდარა, შეფასების გაკეთებისას არსებითი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს სასამართლოს მიერ საქმის განხილვას (იხ. ჩაჰალი, § 86). საქმის სრული და მოცემული მომენტისთვის არსებული ვითარების შეფასების გაკეთება აუცილებელია იმ შემთხვევაში, თუ მოგვიანებით მოპოვებული იქნება დამატებითი ინფორმაცია, რომელიც მას შემდეგ უნდა იქნეს გათვალისწინებული, როცა გამოიტანენ ეროვნული სასამართლოები გადაწყვეტილებას (იხ. მასლოვი ავსტრიის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N1638/03, §§ 87-95, ECHR, 2008 და სუფი და ელმი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, § 215). ასეთ შედეგს იწვევს დეპორტაციის გაჭიანურება, სასამართლოს მიერ დროებითი ღონისძიების გატარების მოთხოვნის შედეგად სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესის საფუძველზე. ხელშემკვრელი სახელმწიფოების პასუხისმგებლობა კონვენციის მესამე მუხლის თანახმად, ამ ტიპის საქმეებში გულისხმობს შესაძლებლობას - ადამიანი დაექვემდებაროს არასათანადო მოპყრობას, ამასთან, საფრთხის არსებობა უპირველეს ყოვლისა უნდა შეფასდეს იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომლებიც იყო ანდა უნდა ყოფილიყო ცნობილი ხელშემკვრელი სახელმწიფოდან პირის გაძევების მომენტში. შეფასება უნდა დაეყრდნოს განმცხადებლის მიმღებ ქვეყანაში დეპორტაციის მოსალოდნელ შედეგებს იქ არსებული ზოგადი სიტუაციისა და იმ ადამიანის პირადი გარემოებების გათვალისწინებით (იხ. სალაჰ შიიხი ნიდერლანდების წინააღმდეგ, N1948/04, § 136, 11 იანვარი, 2007 წ. და ვილვარაჯა და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, §§ 107 და 108).
116. ქვეყნიდან გაძევების საქმეში სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, არსებული ყველა გარემოების გათვალისწინებით, იყო თუ არა წარმოდგენილი არსებითი საფუძვლები იმის დასადგენად, რომ აღნიშნულ პიროვნებას, მისი დაბრუნების შემთხვევაში, კონვენციის მესამე მუხლით განსაზღვრული საპირისპირო მოპყრობის რეალური საფრთხე დაემუქრებოდა. თუკი ასეთი რისკის არსებობა დამტკიცდება, განმცხადებლის ქვეყნიდან გაძევებით აუცილებლად დაირღვევა მესამე მუხლი, მიუხედავად იმისა, რომ ეს საფრთხე ძალადობასთან დაკავშირებული ზოგადი სიტუაციითაა გამოწვეული, განმცხადებლის პირადი გარემოებებით ან ორივე ფაქტორით ერთობლიობაში. ცხადია, რომ ძალადობასთან დაკავშირებული ყველა სიტუაცია ვერ იქნება ასეთი რისკის ხელშემწყობი. პირიქით, სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ ზოგადი სიტუაცია ძალადობასთან დაკავშირებით საკმარისი ინტენსივობის უნდა იყოს, რათა შეიქმნას ასეთი საფრთხე „ყველაზე უკიდურეს შემთხვევებში“. (იხ. სუფი და ელმი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, ზემოთ ხსენებული, §§ 216 და 218; ლ.მ. და სხვები რუსეთის წინააღმდეგ, N 40081/14, 40088/14 და 40127/14, § 108, 15 ოქტომბერი, 2015 წ. და მამაჟონოვი რუსეთის წინააღმდეგ, N 17239/13, §§ 132‑133, 23 ოქტომბერი, 2014 წ.).
(ბ) სასამართლოს მოკვლევის ხასიათი
117. თავშესაფრის მაძიებელ პირთა გაძევების საქმეებში, სასამართლო თავად არ განიხილავს უშუალოდ თავშესაფრის განაცხადებს და არ ამოწმებს რამდენად ასრულებენ სახელმწიფოები ჟენევის კონვენციით მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს დევნილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. სასამართლოს მთავარი ამოცანაა უზრუნველყოს ეფექტური გარანტიების არსებობა, რომლებიც განმცხადებელს, პირდაპირ თუ ირიბად, დაიცავენ თვითნებური იძულებითი დაბრუნებისაგან იმ ქვეყანაში, საიდანაც გამოიქცა. კონვენციის პირველი მუხლის თანახმად, გარანტირებული უფლებების და თავისუფლებების განხორციელებისა და აღსრულების პირველადი პასუხისმგებლობა ეკისრება ეროვნულ ხელისუფლებას. შესაბამისად, სასამართლოში გასაჩივრების მექანიზმი ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სისტემების მომდევნო ეტაპია. მოცემული დამატებითი ინსტრუმენტი ჩამოყალიბებულია კონვენციის მეცამეტე და ოცდამეთხუთმეტე მუხლების პირველ პარაგრაფში (იხ. მ.ს.ს. ბელგიის და საბერძნეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა, N. 30696/09, §§ 286‑287, ECHR, 2011). სასამართლომ დამაკმაყოფილებლად უნდა მიიჩნიოს ის ფაქტი, რომ ხელშემკვრელი სახელმწიფოს შეფასება ადეკვატურად და საკმარისად გამყარებულია როგორც ადგილობრივ დონეზე მოპოვებული, ისე სხვა სანდო და ობიექტური წყაროებიდან მიღებული მასალებით, როგორიცაა მაგალითად, სხვა ხელშემკვრელი ან მესამე სახელმწიფო, გაეროს სააგენტოები და ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციები (იხ.გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, N25904/07, § 119, 17 ივლისი, 2008 წ.).
118. გარდა ამისა, როდესაც შიდა პროცედურები უკვე ჩატარებულია, სასამართლოს ამოცანას არ წარმოადგენს ეროვნული სასამართლოების მიერ ფაქტების შეფასების საკუთრით შეცვლა; ეს როგორც წესი, ევალება იმ სასამართლოებს, რომლებიც მათ წინაშე წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებენ (იხ. ჯულიანი და გაჯიო იტალიის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N 23458/02, §§ 179-80, 24 მარტი, 2011 წ.; ნიზომჰონ ჯურაევი რუსეთის წინააღმდეგ, N31890/11, § 113, 3 ოქტომბერი, 2013 წ. და სავრიდინ ჯურაევი რუსეთის წინააღმდეგ, N71386/10, § 155, ECHR, 2013 წ. (ამონარიდები). ზოგადად, ეროვნული სასამართლოები მზად არიან არა მხოლოდ ფაქტები შეაფასონ, არამედ მოწმეების სანდოობაც, რამდენადაც მათ აქვთ საშუალება შეხვდნენ, მოუსმინონ და შეაფასონ შესაბამისი პიროვნების ქცევა (იხ. რ.სი. შვედეთის წინააღმდეგ, N 41827/07, § 52, 9 მარტი, 2010 წ.).
(გ) პროცედურული მოვალეობები თავშესაფრის მინიჭების შესახებ განაცხადების განხილვის პროცესში
119. დეპორტაციის საქმეებზე, სასამართლოს დაწესებული აქვს ვალდებულებები, რომლებიც სახელმწიფოებს ეკისრებათ სხვადასხვა შემთხვევაში კონვენციის მეორე და მესამე მუხლების პროცედურულ ასპექტთან დაკავშირებით (იხ. ჰირსი ჯამაა და სხვები იტალიის წინააღმდეგ, §198; მ.ე.-ს დანიის წინააღმდეგ, N. 58363/10, § 51, 8 ივლისი, 2014 წ. და სუფი და ელმი, § 214).
120. რაც შეეხება მტკიცების ტვირთს, საქმეში საადი იტალიის წინააღმდეგ (§§ 129-32; ასევე იხ. ოაბური ბელგიის წინააღმდეგ, N 26417/10, § 65, 2 ივნისი, 2015 წ. და ოთმანი (აბუ ქათადა) გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, N8139/09, § 261, ECHR, 2012 ), სასამართლომ დაადგინა, რომ განმცხადებლისთვის პრინციპული იყო იმ მტკიცებულებების წარმოდგენა, რომლებიც დაადასტურებდნენ არსებითი საფუძვლების არსებობას და ღონისძიების გატარების შედეგად, რომელსაც იგი ასაჩივრებდა, ისეთი მოპყრობის რეალური საფრთხის ქვეშ დადგებოდა, რომელიც ეწინააღმდეგება კონვენციის მესამე მუხლს; როდესაც ასეთი მტკიცებულებები წარმოდგენილი იქნებოდა, მთავრობას ამასთან დაკავშირებით ნებისმიერი ეჭვები უნდა გაექარწყლებინა (§129). იმისათვის, რომ დადგინდეს, არსებობს თუ არა არასათანადო მოპყრობის რისკი, სასამართლომ უნდა შეისწავლოს მიმღებ ქვეყანაში განმცხადებლის გაძევების მოსალოდნელი შედეგები ქვეყანაში არსებული ზოგადი სიტუაციისა და განმცხადებლის პირადი გარემოებების გათვალისწინებით (§ 130). თუკი ხელმისაწვდომ წყაროებს აქვთ ინფორმაცია ზოგადი სიტუაციის შესახებ, განმცხადებლის კონკრეტული მტკიცებები, აღნიშნულ შემთხვევაში, აუცილებელია გამყარდეს სხვა მტკიცებულებებით (§ 131). მაშინ, როდესაც განმცხადებელი აცხადებს, რომ ის შედის ადამიანთა იმ ჯგუფში, რომელიც სისტემატურად ექვემდებარება არასათანადო მოპყრობის პრაქტიკას, სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს კონვენციის მესამე მუხლის ამოქმედება, თუკი განმცხადებელის მტკიცებით და წყაროებზე დაყრდნობით არსებობს სერიოზული საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მოცემული პირი მიეკუთვნება ზემოთ ხსენებულ ჯგუფს (§ 132).
121. რაც შეეხება თავშესაფრის მინიჭების პროცედურებს, სასამართლო მიიჩნევს, რომ 4.1 მუხლი, საკვალიფიკაციო დირექტივის შესახებ, განმარტავს შემდეგს: ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს უფლება აქვთ მიიჩნიონ განმცხადებლის მოვალეობად, რაც შეიძლება მალე წარმოადგინოს ყველა საჭირო მონაცემები, რომლებიც აუცილებელია საერთაშორისო დაცვის თაობაზე განაცხადის დასაბუთებისთვის. UNHCR (გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი) სახელმძღვანელოს 67-ე პუნქტი განმარტავს შემდეგს:
„საქმის შემსწავლელმა პირმა, საქმესთან დაკავშირებული ფაქტების გაანალიზებისას, უნდა დაადგინოს შესაძლო დევნის მიზეზი ან მიზეზები და გადაწყვიტოს ეთანხმება თუ არა გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე 1951 წლის კონვენციის განსაზღვრებას ამ კუთხით. აშკარაა ის ფაქტი, რომ დევნის მიზეზები მოცემული სხვადასხვა სათაურით ხშირად ფარავს ერთმანეთს. როგორც წესი, ყოველთვის იქნება რამდენიმე ელემენტი, რომელიც ერთ ადამიანში იქნება გაერთიანებული, მაგალითად, პოლიტიკური ოპონენტი, რომელიც მიეკუთვნება რომელიმე რელიგიურ ან ეროვნულ ჯგუფს, ან ორივეს ერთად. ასეთი მიზეზების კომბინაცია მისი პიროვნების გათვალისწინებით, შეიძლება რელევანტური იყოს, რათა შევაფასოთ მისი საფუძვლიანი შიში”.
122. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა, მესამე მხარის მიერ გაკეთებული დაკვირვებებიდან გამომდინარე განაცხადა, რომ მტკიცების ტვირთი ზოგადად იმ პირს აწევს, რომელიც მტკიცებას წარადგენს. განმცხადებელსა და საქმის შემსწავლელ პირს საერთო მოვალეობა ჰქონდათ, დაედგინათ და შეეფასებინათ ყველა შესაბამისი ფაქტი; აღნიშნული საერთო მოვალეობის შესრულებისას შემმოწმებელს შეეძლო, ზოგიერთ შემთხვევაში გამოეყენებინა მათ განკარგულებაში არსებული ყველა საშუალება განაცხადის გამყარებისთვის აუცილებელი მტკიცებულებების წარმოსადგენად.
123. მიმღებ ქვეყანაში ე.წ. „ადგილზე ლტოლვილებად გამხდარი პირების“ (sur place) საქმიანობასთან დაკავშირებით, სასამართლომ დაადგინა, რომ ძალიან რთულია შეაფასო, დაინტერესებულია თუ არა სინამდვილეში პირი აღნიშნული აქტივობით, ექნება მას პოლიტიკური თუ რელიგიური კონტექსტი, თუ პირი მასში მხოლოდ იმისათვის ჩაერთო, რომ ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ საკმარისი საფუძველი ჰქონოდა (იხ. ა.ა. შვეიცარიის წინააღმდეგ, N58802/12, §41, 7 იანვარი, 2014 წ.). აღნიშნული მსჯელობა UNCHR-ის სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად, რელიგიურ საფუძველზე ლტოლვილთა მოთხოვნების (28 აპრილი, 2004 წ.) საერთაშორისო დაცვის თაობაზე შემდეგს გულისხმობს: „კონკრეტული საკითხები სანდოობასთან დაკავშირებით როგორც წესი წარმოიქმნება მიმღები ქვეყნის sur place პირების პრეტენზიებთან მიმართებით. ამიტომ აუცილებელი იქნება მტკიცებულებების და სარწმუნოების შეცვლის უტყუარობის დეტალური და სიღრმისეული მოკვლევის ჩატარება... ე.წ. „სათავისო“ ქმედება არ წარმოადგენს განმცხადებლის მიმღებ ქვეყანაში კონვენციის საფუძველზე დევნის აღძვრისათვის კარგად დასაბუთებულ შიშს; თუკი ასეთი ქმედებების ოპორტუნისტული ხასიათი ყველასათვის, მათ შორის, იმ ქვეყნის ხელისუფლებისთვისაც აშკარა გახდება და ადამიანის დაბრუნების შემთხვევაში არ გამოიწვევს სერიოზულ უარყოფით შედეგებს....„ იხ. საქმე ალი მურადი და სელმა ალიევა შვედეთის წინააღმდეგ ((განჩინება), N 11243/13, §§ 44-45, 25 ივნისი, 2013 წ.) ამ საკითხთან დაკავშირებით.
124. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის მიერ საერთაშორისო დაცვის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში (იხ. ა.,ბ.,სი. უსაფრთხოების და იუსტიციის საკითხებში სახელმწიფო მდივნის წინააღმდეგ ) დირექტივის 2004/83 4.3 მუხლი და დირექტივის 2005/85 13.3 მუხლი გაგებული უნდა იქნეს, როგორც ეროვნული კომპეტენტური ორგანოების დამაბრკოლებელი მოცემული შეფასების თვალსაზრისით, რათა მათ მიიჩნიონ, რომ განმცხადებლის მოთხოვნას თავშესაფრის მინიჭების შესახებ აკლდა სარწმუნოობა მხოლოდ იმიტომ, რომ განმცხადებელმა არ დაასაბუთა მის მიერ გაცხადებული სექსუალური ორიენტაცია პირველ შემთხვევაში, როდესაც მას საშუალება მისცეს წარმოედგინა საკუთარი თავის წინააღმდეგ დევნისთვის არსებული საფუძვლები.
125. პირისთვის, რომელიც მოითხოვს საერთაშორისო დაცვას ხელშემკვრელ სახელმწიფოში, პრინციპულად მნიშვნელოვანია წარმოადგინოს, რაც შეიძლება მოკლე დროში, თავშესაფრის მინიჭების თაობაზე მისი მოთხოვნის მხარდამჭერი მიზეზები და მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებენ საკმარისი საფუძვლების არსებობას, რომ მისი დეპორტაციის შემდგომ მშობლიურ ქვეყანაში ის აღმოჩნდება სიცოცხლისათვის რეალური და კონკრეტული რისკის შემცველ მდგომარეობაში, რომელიც გათვალისწინებულია მეორე მუხლით ან მას მოეპყრობიან მესამე მუხლით განსაზღვრული ნორმების დარღვევით.
126ზოგად რისკზე დაფუძნებული თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადებთან დაკავშირებით, როდესაც ინფორმაციის დადგენა ასეთი რისკის შესახებ თავისუფლად შესაძლებელია ბევრი სხვადასხვა წყაროდან, ვალდებულებები, რომლებიც ეკისრება სახელმწიფოებს კონვენციის მეორე და მესამე მუხლების თანახმად გაძევების შემთხვევებში, გულისხმობს სახელისუფლებო ორგანოების მიერ ამ რისკის შეფასების გაკეთებას საკუთარი ინიციატივით (იხ. ჰირსი ჯამაასი და სხვები იტალიის წინააღმდეგ [დიდი პალატა], ზემოთ ხსენებული, §§ 131-133 და მ.ს.ს. ბელგიის და საბერძნეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], § 366).
127. ინდივიდუალურ რისკზე დაფუძნებული თავშესაფრის მინიჭების თაობაზე განცხადებებისგან განსხვავებით, მოცემული განაცხადი უნდა იყო იმ პირის, რომელიც სანდო თავშესაფარს ეძებს და დაასაბუთებს ასეთი რისკის არსებობას. შესაბამისად, თუ განმცხადებელი არ მიიჩნევს საჭიროდ, მიენდოს ან გაამჟღავნოს თავშესაფრის მოთხოვნის კონკრეტული პირადი მიზეზი და შეგნებულად თავს შეიკავებს მისი დასახელებისაგან, იქნება ეს რელიგიური თუ პოლიტიკური მრწამსი, სექსუალური ორიენტაცია ან სხვა მიზეზები, დაუშვებელია შესაბამისმა სახელმწიფომ დაადგინოს ეს მიზეზი თავისი ინიციატივით. კონვენციის მეორე და მესამე მუხლებით გარანტირებული უფლებების აბსოლუტური ბუნებიდან გამომდინარე და თავშესაფრის მაძიებელთა მოწყვლადი მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელშიც ისინი ხშირად აღმოჩნდებიან ხოლმე, თუ ხელშემკვრელი სახელმწიფოსთვის ცნობილია კონკრეტულ პირთან დაკავშირებული ფაქტები, რომლებიც დაადასტურებენ არასათანადო მოპყრობის რისკს მის მიმართ დანიშნულების ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ, რაც გამოიწვევს ზემოხსენებული დებულებების დარღვევას, სახელწმიფოების ვალდებულებები კონვენციის მეორე და მესამე მუხლების ფარგლებში გულისხმობს, რომ ეროვნულმა ორგანოებმა უნდა შეაფასონ აღნიშნული რისკი თავისი ინიციატივით. კერძოდ, ეს ეხება სიტუაციებს, როდესაც ეროვნული სახელისუფლებო ორგანოებისთვის ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ თავშესაფრის მაძიებელი შესაძლოა, იმ ჯგუფის წევრი იყოს, რომელიც სისტემატურად ექვემდებარება არასათანადო მოპყრობის პრაქტიკას. ასეთი პრაქტიკის არსებობის და მისი ამ ჯგუფის წევრობის დაჯერების სერიოზული მიზეზები სახეზეა.
3. აღნიშნული პრინციპების გამოყენება მოცემულ საქმესთან მიმართებით
128. მოცემულ საქმეში ზემოაღნიშნული პრინციპების გამოყენებისას, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ამ საქმის შესწავლის პროცესის ორ ნაწილად დაყოფა: პირველი, განმცხადებლის პოლიტიკური საქმიანობა ირანში და მეორე, მისი გაქრისტიანება შვედეთში.
(ა) განმცხადებლის პოლიტიკური საქმიანობა
i. ზოგადი მდგომარეობა ირანში
129. განმცხადებელი არ ამტკიცებდა, რომ ირანში შექმნილი ზოგადი ვითარება გამორიცხავს მის დაბრუნებას აღნიშნულ ქვეყანაში. მეტიც, სასამართლო აღნიშნავს, რომ ძალადობასთან დაკავშირებული ზოგადი მდგომარეობა ჩვეულებრივ არ იწვევს მესამე მუხლის დარღვევას აღნიშნულ ქვეყანაში გაძევების შემთხვევაში (იხ. ჰ.ლ.რ. საფრანგეთის წინააღმდეგ, 29 აპრილი, 1997 წ., §41, ანგარიშები 1997‑III). თუმცა სასამართლო არასდროს გამორიცხავდა იმ შესაძლებლობას, რომ დანიშნულების ქვეყანაში ძალადობასთან დაკავშირებული მდგომარეობა საკმარისად დაძაბული იყოს იმისთვის, რომ გამოიწვიოს კონვენციის მესამე მუხლის დარღვევა. მიუხედავად ამისა, სასამართლო გამოიყენებს ასეთ მიდგომას ძალადობასთან დაკავშირებულ მხოლოდ ყველაზე უკიდურეს შემთხვევებში, როდესაც არსებობს არასათანადო მოპყრობის რეალური რისკი უბრალოდ იმიტომ, რომ აღნიშნული პირი დაექვემდებარება ამგვარ ძალადობას მოცემულ ქვეყანაში (იხ. სუფი და ელმი, § 218 და ნა გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, § 115).
130. მოცემულ საქმეში, სასამართლოსთვის ცნობილი ირანში ადამიანის უფლებების დარღვევების ამსახველი ანგარიშების საფუძველზე, განმცხადებელმა არ მიიჩნია, რომ ისინი მიანიშნებდნენ კონვენციის დარღვევაზე მომავალში, თუკი განმცხადებელი დაბრუნდებოდა აღნიშნულ ქვეყანაში (იხ. ს.ფ. და სხვები შვედეთის წინააღმდეგ, N 52077/10, § 64, 15 მაისი, 2012 წ.). შესაბამისად, სასამართლო განაგრძობს პროცესს, რათა დარწმუნდეს არის თუ არა განმცხადებლის პირადი მდგომარეობა ისეთი, რომ მისმა დაბრუნებამ ირანში კონვენციის მეორე და მესამე მუხლების დარღვევა გამოიწვიოს.
ii. განმცხადებლის მდგომარეობის კონკრეტული გარემოებანი
131. სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებელმა ჩვენება მისცა მისი ადვოკატის და თარჯიმნის თანდასწრებით ორსაათიანი ინტერვიუს დროს, მიგრაციის საბჭოს წინაშე 2010 წლის 24 მარტს და მიგრაციის სასამართლოში 2011 წლის 16 თებერვალს. მისი საქმე არსებითად განიხილა ორივე ორგანომ და მიგრაციის სააპელაციო სასამართლომ უარი უთხრა გასაჩივრების უფლებაზე.
132. ჩანაწერების თანახმად, როგორც მიგრაციის საბჭომ, ისე მიგრაციის სასამართლომ მხედველობაში მიიღეს ის ფაქტი, რომ 2007 წლიდან განმცხადებელი თანამშრომლობდა პირებთან, რომელთაც კავშირი ჰქონდათ სხვადასხვა უნივერსიტეტთან და ცნობილი იყვნენ როგორც არსებული რეჟიმის მოწინააღმდეგენი. იგი ძირითადად მუშაობდა ვებგვერდების შექმნასა და გამოცემაზე, მისი პერსონალური კომპიუტერი წაიღეს ოფისიდან, როდესაც ის ციხეში იყო 2009 წლის სექტემბერ/ოქტომბერში. რეჟიმის კრიტიკის შემცველი მასალა მის კომპიუტერში ინახებოდა. მართალია, განმცხადებელი პირადად არ აკრიტიკებდა არსებულ რეჟიმს, პრეზიდენტს აჰმადინეჯადს ან სხვა წამყვან ხელმძღვანელ პირებს, მაგრამ ის სხვადასხვა დროს შედიოდა სხვადასხვა ვებსაიტზე და ელექტრონული ფოსტით მიღებული ჰქონდა პოლიტიკური ხასიათის კარიკატურები. აქედან გამომდინარე, განმცხადებლის აზრით, მის როგორც სისტემის მოწინააღმდეგის მიმართ, საკმარისი მტკიცებულება არსებობდა. ბევრი რამ ამ მასალისგან იგივე იყო, რაც მას შენახული ჰქონდა კომპიუტერში 2007 წელს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიიჩნია, რომ ინფორმაცია განმცხადებლის პოლიტიკური საქმიანობის შესახებ ბუნდოვანი და დეტალებს მოკლებული იყო. მეტიც, მას არ უხსენებია და არ დაუსაბუთებია სავარაუდოდ მის მიერ ორი წლის მანძილზე რომელიმე ვებგვერდის შექმნის ფაქტი. მათ ასევე მიიჩნიეს ნიშანდობლივად ის ფაქტი, რომ განმცხადებელმა შეძლო გაეგრძელებინა რეჟიმის კრიტიკის შემცველი მასალის გამოქვეყნება 2007 წლიდან 2009 წლის არჩევნებამდე მაშინ, როდესაც ირანის ხელისუფლებამ რეალურად იცოდა მისი საქმიანობის შესახებ 2007 წელს.
133. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ასევე გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ განმცხადებელი დააპატიმრეს 24 საათის განმავლობაში 2007 წლის აპრილში.
134. მათ ეჭვქვეშ არ დაუყენებიათ ის ფაქტი, რომ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, 2009 წლის 12 ივნისს განმცხადებელი და მისი მეგობრები დააკავეს, დაკითხეს და დააპატიმრეს პოლიციის განყოფილებაში მთელი ღამის განმავლობაში.
135. ასევე დაადგინეს, რომ განმცხადებელმა მონაწილეობა მიიღო დემონსტრაციაში, ამიტომ კვლავ დააკავეს და დააპატიმრეს 2009 წელს, სექტემბერში, 20 დღის განმავლობაში, სადაც მას არასათანადოდ ეპყრობოდნენ. განმცხადებელი 2009 წლის ოქტომბერს წარსდგა რევოლუციური სასამართლოს წინაშე, რომელმაც გაათავისუფლა.
136. ეროვნულმა სახელისუფლებო ორგანოებმა შემდგომ მხედველობაში მიიღეს ის ფაქტი, რომ განმცხადებელმა წარმოადგინა რევოლუციურ სასამართლოში 2009 წელს 2 ნოემბერს გამოძახების უწყების დედანი. თუმცა, მათ მიიჩნიეს, რომ უწყება არ ასაბუთებს დაცვის საჭიროებას. ის უბრალოდ გამოძახების უწყება იყო და არ არსებობდა არანაირი მიზეზი იმისა, რომ განმცხადებელი წარმდგარიყო სასამართლოს წინაშე.
137. საერთო შეფასების გაკეთებისას, ეროვნულმა სახელისუფლებო ორგანოებმა მიიჩნიეს, რომ პოლიტიკური საქმიანობა, რომელსაც განმცხადებელი ეწეოდა ირანში, შესაძლოა განხილულ იქნეს როგორც დაბალი დონის აქტივობა, რაც დადასტურდა იმ ფაქტით, რომ 2009 წლიდან განმცხადებელს არ მიუღია რევოლუციურ სასამართლოში გამოძახების არც ერთი უწყება და განმცხადებლის ირანში დარჩენილი ოჯახის არც ერთ წევრზე არ განხორციელებულა რეპრესიული ღონისძიებები ირანის ხელისუფლების მხრიდან.
138. ამ გარემოებების გათვალისწინებით, განმცხადებლის სარჩელმა ვერ დაარწმუნა სასამართლო, რომ შვედეთის ხელისუფლებამ ვერ შეძლო სათანადოდ შეეფასებინა მის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტი - 24-საათიანი დაკავება 2009 წლის სექტემბერში, მის მიერ წარმოდგენილი დეტალური ინფორმაცია საქმის განხილვის შესახებ 2009 წლის ოქტომბერში ან ის ფაქტი, რომ მან წარმოადგინა სასამართლოში ხელმეორედ 2009 წლის 2 ნოემბერს გამოძახების უწყების დედანი.
139. აგრეთვე, არ არსებობს რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ შვედეთის ხელისუფლებამ სათანადოდ არ გაითვალისწინა განმცხადებლის აეროპორტში დაკავების რისკი, როდესაც აფასებდა რისკს გლობალური მასშტაბით.
140. სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს დასკვნის გაკეთების მიზეზი, რომ შვედეთის ხელისუფლების მიერ საქმის განხილვა არაადეკვატური და არასაკმარისად გამყარებული იყო როგორც ადგილობრივი მასალებით, ისე სხვა სანდო და ობიექტური წყაროებიდან მიღებული მასალებით.
141. გარდა ამისა, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც დაადასტურებდა შვედეთის ხელისუფლების არამართებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, მათ დაასკვნეს, რომ განმცხადებელი არ იყო არც ცნობადი სახე ან ცნობილი აქტივისტი და არც პოლიტიკური ოპონენტი. შესაბამისად, მოცემული საქმე განსხვავდება საქმეებისაგან - ს.ფ. და სხვები შვედეთის წინააღმდეგ, რომელშიც განმცხადებელი ჩართული იყო ფართო პოლიტიკურ საქმიანობაში და მოექცა ირანის რეჟიმის დაკვირვების ქვეშ; კ.კ.-ს საფრანგეთის წინააღმდეგ (N18913/11, 10 ოქტომბერი, 2013 წ.), განმცხადებელი ირანის სპეცსამსახურების ყოფილი წევრი იყო და რ.ს.-ის შვედეთის წინააღმდეგ (ზემოთ ხსენებული), სხვა რისკებთან ერთად ეხებოდა განმცხადებლის აეროპორტში დაკავების რისკს მისი დაბრუნებისთანავე.
142. რაც შეეხება განმცხადებლის მტკიცებას დიდ პალატაში, რომ ირანის ხელისუფლება შეძლებს მის ამოცნობას პალატის გადაწყვეტილებიდან, სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებელს მიენიჭა ანონიმურობა, როდესაც მისი მოთხოვნა 39-ე წესის გამოყენებასთან დაკავშირებით დაკმაყოფილებულ იქნა 2011 წელს ოქტომბერში და სასამართლოში წარდგენილ მასალებზე დაყრდნობით, არ არსებობს არანაირი პირდაპირი მინიშნება იდენტიფიცირების რისკთან დაკავშირებით (იხ. ს.ფ. და სხვები შვედეთის წინააღმდეგ, §§ 67-70 და ნა გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, §143, რომელთა შემთხვევაში ვითარება ამის საპირისპირო იყო).
143. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ განმცხადებლის ირანში დეპორტაციის შემთხვევაში მოცემულ ქვეყანაში მისი პოლიტიკური წარსულის მიზეზით კონვენციის მეორე და მესამე მუხლები არ ირღვევა.
(ბ) განმცხადებლის მიერ სარწმუნოების შეცვლა
144. მოცემულ საქმეში, შვედეთის ხელისუფლება პირის მიერ ადგილზე (sur place) სარწმუნოების შეცვლის შემთხვევის პირისპირ აღმოჩნდა. თავდაპირველად, ისინი იძულებულები გახდნენ შეეფასებინათ, იყო თუ არა განმცხადებლის გაქრისტიანება გულწრფელი და საკმარისად დამაჯერებელი, სერიოზული და მნიშვნელოვანი მიზეზებით განპირობებული (იხ. ს.ა.ს. საფრანგეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N43835/11, § 55, 1 ივლისი, 2014 წ.; ევეიდას და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, N. 48420/10, 59842/10, 51671/10 და 36516/10, § 81, ECHR, 2013 და ბაიატიანი სომხეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N23459/03, § 110, ECHR, 2011 წ.), სანამ შეაფასებდნენ, დაემუქრებოდა თუ არა განმცხადებელს ისეთი მოპყრობა, რომელიც ეწინააღმდეგება კონვენციის მეორე და მესამე მუხლებს მისი ირანში დაბრუნების შემთხვევაში.
145. სასამართლო აღნიშნავს, რომ შვედეთის მთავრობის თანახმად, თავშესაფრის მიცემის საქმეებში შვედეთის ხელისუფლება ზოგადად იცავს UNCHR სახელმძღვანელოს და UNCHR სახელმძღვანელო პრინციპებს რელიგიურ საფუძველზე ლტოლვილთა მოთხოვნების საერთაშორისო დაცვის თაობაზე და ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ხელისუფლება აფასებს, უცხოელის რწმენის ჭეშმარიტებას და აზუსტებს მის რელიგიურ მრწამსს. ეს მოიცავს სარწმუნოების შეცვლის გარემოებების შეფასებასა და იმის დადგენას, შეეძლება თუ არა განმცხადებელს იცხოვროს შეცვლილი სარწმუნოებით მის მშობლიურ ქვეყანაში. გარდა ამისა, 2012 წლის 12 ნოემბერს შვედეთის მიგრაციის საბჭოს გენერალურმა დირექტორმა იურიდიულ საკითხებში გამოსცა „ზოგადი სამართლებრივი პოზიცია“ რელიგიასთან, როგორც თავშესაფრის მინიჭების საფუძველთან, მათ შორისაა, რელიგიის შეცვლა მიგრაციის სააპელაციო სასამართლოს განჩინების საფუძველზე (MIG 2011:29), UNHCR სახელმძღვანელო პრინციპები და CJEU განჩინება საქმეში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ი-ს (C-71/11) და ს-ს (C 99/11-) წინააღმდეგ, 5 სექტემბერი, 2012 წ.. სამართლებრივი პოზიციის თანახმად, სარწმუნოების შეცვლის სანდოობა ფრთხილ შეფასებას მოითხოვს, რათა შეფასდეს, იყო თუ არა ეს ქმედება გულწრფელი. ადამიანი, რომელმაც ნამდვილი რწმენით შეიცვალა სარწმუნოება ან რომელიც რწმენის შეცვლის რისკის ქვეშაა და დევნა ემუქრება, არ უნდა იყოს იძულებული დამალოს მისი სარწმუნოება მხოლოდ იმისათვის, რომ თავიდან აიცილოს დევნა. გარდა ამისა, 2013 წლის 10 ივნისს გენერალურმა დირექტორმა იურიდიულ საკითხებში გამოსცა „ზოგადი სამართლებრივი პოზიცია“ იმ განაცხადების საიმედოობისა და სანდოობის შეფასების მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით, რომლებიც საჭიროებენ საერთაშორისო დაცვას, მათ შორის, UNHCR-ის შეფასების საფუძველზე, რომელიც აღწერილია 2013 წელს მაისში ორგანიზაციის მიერ გამოცემულ ანგარიშში - „მტკიცების მიღმა: სანდოობის შეფასება ევროკავშირის თავშესაფრის მინიჭების სისტემებში“.
146. თავშესაფრის მინიჭების პროცედურებში თავდაპირველად, მიგრაციის საბჭოში განხილვამდე, განმცხადებელს არ სურდა მის მიერ სარწმუნოების შეცვლის ფაქტის არგუმენტად მოყვანა. საკითხის განხილვა გადაეცა მიგრაციის საბჭოს და განმცხადებელმა განმარტა, რომ რელიგიის თემა მისი პირადი საქმე იყო და „მას არ უნდოდა გამოეყენებინა ახლად მიღებული სარწმუნოება თავშესაფრის მოპოვების მიზნით“. მოგვიანებით აღნიშნა, რომ მას არ მიუღია საკმარისი იურიდიული კონსულტაცია და დახმარება იმისათვის, რომ გაეცნობიერებინა, რა რისკთან იყო დაკავშირებული სარწმუნოების შეცვლა.
147. სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებელი თითქმის მთელი თავისი ცხოვრება ირანში ცხოვრობდა , ის კარგად ფლობდა ინგლისურ ენას და კომპიუტერის, ვებგვერდების და ინტერნეტის გამოცდილი მომხმარებელი იყო. ის ასევე აკრიტიკებდა ქვეყანაში არსებულ რეჟიმს. აქედან გამომდინარე, რთულია იმის მტკიცება, რომ არ იცოდა, რა რისკების წინაშე დგას ირანში ის, ვინც სარწმუნოებას იცვლის, ეს ვერ შეიტყო ვერც იმ ეკლესიის მრევლისაგან, სადაც იგი მალევე მოინათლა მისი შვედეთში ჩამოსვლის შემდეგ და ვერც პასტორისგან, რომელმაც გადასცა მას 2010 წლის 15 მარტით დათარიღებული დეკლარაცია მიგრაციის საბჭოში წარსადგენად. ასევე, სასამართლო ვერ დარწმუნდა იმაში, რომ განმცხადებელს არ მიაწოდეს საკმარისი იურიდიული დახმარება სარწმუნოების შეცვლასთან დაკავშირებულ რისკებზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ განმცხადებელს არასდროს არ მიუმართავს პრეტენზიით ამ საკითხებზე ადგილობრივ ორგანოებში. მეტიც, მიგრაციის საბჭოში საქმის განხილვის დროს 2010 წლის 24 მარტს საბჭოს წარმომადგენელმა შეწყვიტა სხდომა, რათა განმცხადებელს მიეღო რჩევა მისი ადვოკატისგან ამ კონკრეტულ საკითხზე. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ სარწმუნოების შეცვლა მისი პირადი საქმე იყო, მაგრამ ამ ფაქტმა ხელი არ შეუშალა, რომ რელიგიაზე ესაუბრა. მეტიც, მის მიმართვაში მიგრაციის სასამართლოსადმი, განმცხადებელმა მისთვის თავშესაფრის მინიჭების არგუმენტად მოიყვანა სარწმუნოების შეცვლის გარემოება და წარმოადგინა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებდა, რომ იგი მოინათლა 2010 წლის 31 იანვარს, ის ფაქტი, რომ თავიდანვე არ წარმოადგინა მოცემული არგუმენტი ახსნა, რომ არ სურდა ამით დაეკნინებინა მისი რწმენა. გარდა ამისა, მიგრაციის სასამართლოში 2011 წელს 16 თებერვალს, მისი განცხადების მიუხედავად, რომ არ სურდა სარწმუნოების შეცვლით არგუმენტირება, მაინც განაცხადა, რომ „ცხადია, აღნიშნული ფაქტი დაბრუნებისთანავე პრობლემებს შეუქმნიდა ”.
148. რაც შეეხება შვედეთის ხელისუფლებას, 2010 წლის 24 მარტს მათთვის ცნობილი გახდა, რომ განმცხადებელმა სარწმუნოება sur place შეიცვლა, როდესაც მიგრაციის საბჭომ მას ზეპირი ინტერვიუ ჩამოართვა ადვოკატის და თარჯიმნის თანდასწრებით. კერძოდ კი, საბჭომ შეიტყო ამის შესახებ მას შემდეგ, რაც განმცხადებელმა წარმოადგინა მრევლის პასტორისაგან მიღებული 2010 წლის 15 მარტით დათარიღებული დეკლარაცია, რომელიც ადასტურებდა, რომ განმცხადებელი მათი წევრი იყო 2009 წლის დეკემბრიდან და მოინათლა. შესაბამისად, მიგრაციის საბჭოს წარმომადგენელმა დეტალურად გამოკითხა განმცხადებელი სარწმუნოების შეცვლის თემასთან დაკავშირებით და მოუწოდა მას და მის იურისტს შეეთანხმებინათ ეს საკითხი, ამის შემდეგ მიგრაციის საბჭოს წარმომადგენელმა შეიტყო იმ ფაქტის შესახებ, რომ განმცხადებელს არ სურდა გამოეყენებინა სარწმუნოების შეცვლა თავშესაფრის მოთხოვნის არგუმენტად.
149. 2010 წლის 29 აპრილს მიგრაციის საბჭომ არ დააკმაყოფილა განმცხადებლის მოთხოვნა მისთვის თავშესაფრის მინიჭების თაობაზე. რაც შეეხება განმცხადებლის მიერ ქრისტიანობის მიღების ფაქტს, მიგრაციის საბჭომ დაადგინა, რომ მრევლის პასტორის მიერ გაცემული დოკუმენტი შეიძლება მიღებულ იქნეს როგორც თავშესაფრის თხოვნა მიგრაციის საბჭოსადმი. მან აღნიშნა, რომ განმცხადებელმა თავდაპირველად არ ისურვა საფუძვლად გამოეყენებინა მის მიერ სარწმუნოების შეცვლის გარემოება თავშესაფრის მინიჭების დასასაბუთებლად და განაცხადა, რომ მისი ახალი რწმენა პირადი საქმე იყო. სასამართლომ დაასკვნა, რომ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ რწმენა ძალზე პირადი თემაა განმცხადებლისთვის, არ წარმოადგენდა სავარაუდო საფუძველს, რომ მის მიმართ განხორციელდებოდა დევნა თავის ქვეყანაში დაბრუნებისთანავე, მან ვერ დაასაბუთა, რომ შვედეთის მთავრობისგან სწორედ ამ მიზეზით ესაჭიროებოდა დაცვა.
150. მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებელს არ სურდა ყურადღება გაემახვილებინა საკუთარი სარწმუნოების შეცვლაზე, მიგრაციის საბჭომ გარკვეულწილად მაინც შეაფასა რისკი, რომელიც განმცხადებელს, ირანში მისი დაბრუნების შემთხვევაში, შესაძლოა სწორედ ამ მიზეზით შექმნოდა.
151. თავის მიმართვაში მიგრაციის სასამართლოსადმი განმცხადებელმა არგუმენტად მოიყვანა მის მიერ სარწმუნოების შეცვლის ფაქტი და ახსნა, რატომ არ უნდოდა აქამდე ამაზე აპელირება.
152. მიგრაციის სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვის დროს, განმცხადებელმა გადაწყვიტა, არ მოეყვანა არგუმენტად მის მიერ სარწმუნოების შეცვლა თავშესაფრის მოთხოვნის დასასაბუთებლად, მაგრამ დასძინა, რომ „ცხადია ეს [მას] დაბრუნებისთანავე პრობლემებს შეუქმნიდა”. მიგრაციის საბჭომაც წარმოადგინა თავისი დასკვნები. საბჭოს ეჭვქვეშ არ დაუყენებია ის ფაქტი, რომ განმცხადებელი, ქრისტიანული რწმენის მიმდევარი იყო, მაგრამ არ მიიჩნია, რომ ეს საკმარისი საფუძველი იყო გადაწყვეტილების მისაღებად მისთვის დაცვის აუცილებლობის შესახებ. საბჭო დაეყრდნო ბრიტანეთის შსს-ს 2009 წლის ოპერატიულ სახელმძღვანელო ინსტრუქციას.
153. მიგრაციის სასამართლომ არ განიხილა განმცხადებლის მიერ სარწმუნოების შეცვლის საკითხი, როგორ აპირებდა ამის გამოვლენას ირანში, თუკი აღსრულდებოდა ბრძანება მის დეპორტაციაზე, ასევე არ გაითვალისწინა ის „პრობლემები“, რომლებიც შესაძლოა შექმნოდა მას დაბრუნების შემდგომ. 2011 წლის 9 მარტს გადაწყვეტილებაში აპელაციის უარყოფის თაობაზე, მიგრაციის სასამართლომ დაადგინა, რომ განმცხადებელი აღარ აპელირებდა მის რელიგიურ შეხედულებებზე, როგორც დევნის დაწყების საფუძველზე. შესაბამისად, მიგრაციის სასამართლოს არ შეუფასებია რისკი, რომლის წინაშეც შეიძლებოდა დამდგარიყო განმცხადებელი ირანში დაბრუნებისას მის მიერ სარწმუნოების შეცვლის გამო.
154. მიგრაციის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ შუამდგომლობაში გასაჩივრების უფლების მიცემის თაობაზე, განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ მან არგუმენტად მოიყვანა მიგრაციის სასამართლოში მის მიერ სარწმუნოების შეცვლის გარემოება. მეტიც, ის ამტკიცებდა, რომ მას შემდეგ, რაც ირანის ხელისუფლებამ შეიტყო ეს ფაქტი, მისი შიში გაძლიერდა. აღნიშნული განცხადებები არ ჩაითვალა საკმარისად გასაჩივრების ნებართვის გასაცემად. აქედან გამომდინარე, მიგრაციის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა განმცხადებლის შუამდგომლობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 2011 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით, რის შემდეგაც ბრძანება ქვეყნიდან გაძევებაზე შევიდა ძალაში.
155. 2011 წლის 6 ივლისს განმცხადებელმა მოითხოვა, რომ მიგრაციის საბჭოს შეეჩერებინა გაძევების ბრძანების აღსრულება. საფუძვლად განმცხადებელი მის მიერ რწმენის შეცვლას ასახელებდა. მიგრაციის საბჭომ და მიგრაციის სასამართლომ არ დააკმაყოფილეს მისი მოთხოვნა და დაადგინეს, რომ რწმენის შეცვლა არ შეიძლება ჩაითვალოს „ახალ გარემოებად“, რომელიც გაამართლებდა მისი საქმის ხელახალ შესწავლას. 2011 წლის 17 ნოემბერს მიგრაციის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა გასაჩივრების ნებართვის გაცემის თაობაზე.
156. მიგრაციის საბჭოსა და მიგრაციის სასამართლოსთვის ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ განმცხადებელმა შვედეთში შეიცვალა მაჰმადიანური სარწმუნოება და გაქრისტიანდა, რის გამოც შესაძლოა, ბევრი სხვადასხვა ფაქტორიდან გამომდინარე, ირანში დაბრუნების შემთხვევაში დაექვემდებაროს ისეთ მოპყრობას, რომელიც ეწინააღმდეგება კონვენციის მეორე და მესამე მუხლებს. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ განმცხადებელმა არ მოისურვა თავშესაფრის მოთხოვნა სარწმუნოების შეცვლის გარემოებით დაესაბუთებინა, დეტალურად არ შეისწავლეს განმცხადებლის მიერ სარწმუნოების შეცვლის საკითხი, მისი რწმენის სერიოზულობა, თუ რა გზით გაასაჯაროვა მან ქრისტიანული სარწმუნოება შვედეთში და როგორ აპირებდა ამის გაკეთებას ირანში, თუკი აღსრულდებოდა მისი ქვეყნიდან გაძევების ბრძანება. გარდა ამისა, საქმის წარმოების განახლებისას, სარწმუნოების შეცვლა არ განიხილებოდა როგორც „ახალი გარემოება“, რომელიც გაამართლებდა მისი საქმის ხელახალ შესწავლას. შესაბამისად, შვედეთის ხელისუფლებას არ შეუფასებია რისკი, რომლის წინაშეც შეიძლებოდა განმცხადებელი დამდგარიყო ირანში დაბრუნებისას სარწმუნოების შეცვლის გამო. მიუხედავად კონვენციის მეორე და მესამე მუხლების აბსოლუტური ბუნებისა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ განმცხადებელმა უარი თქვას დაცვაზე აღნიშნული მუხლების საფუძველზე. აქედან გამომდინარეობს შემდეგი: განმცხადებლის ქცევის მიუხედავად, კომპეტენტური ეროვნული ორგანოები ვალდებულნი არიან შეაფასონ, საკუთარი ინიციატივით, მათთვის მიწოდებული ყველა ტიპის ინფორმაცია მისი ირანში გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე.
157. გარდა ამისა, განმცხადებელმა დიდ პალატას წარუდგინა სხვადასხვა დოკუმენტი, რომლებიც არ წარუდგენია ეროვნულ სახელისუფლებო ორგანოებში, მაგალითად, 2014 წლის 13 სექტემბრით დათარიღებული მისი წერილობითი განცხადება (მის მიერ სარწმუნოების შეცვლის შესახებ, თუ რა გზით გამოავლინა მან ქრისტიანული სარწმუნოება შვედეთში და როგორ აპირებდა ამის გაკეთებას ირანში, თუკი აღსრულდებოდა მისი ქვეყნიდან გაძევების ბრძანება) და 2014 წლის 15 სექტემბრით დათარიღებული იმ ეკლესიის ყოფილი პასტორის წერილობითი განცხადება, რომლის მრევლიც იყო განმცხადებელი (იხ. §§ 96-97). სასამართლოში და მანამდე ეროვნულ სასამართლოებში წარდგენილი მასალების საფუძველზე, სასამართლოს დასკვნით, განმცხადებელმა საკმარისად დაასაბუთა, რომ მის მიერ თავშესაფრის მოთხოვნა სარწმუნოების შეცვლის მიზეზით ეროვნული ხელისუფლების მხრიდან შესწავლას იმსახურებს. ეროვნულმა სახელისუფლო ორგანოებმა უნდა მიიღონ მხედველობაში მოცემული მასალა და სხვა მომდევნო გარემოებანი ირანში ზოგად სიტუაციასა და განმცხადებლის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
158. სასამართლომ დაადგინა, რომ განმცხადებლის დაბრუნება ირანში შვედეთის ხელისუფლების მიერ არსებული სიტუაციის შეფასების გარეშე, მის მიერ სარწმუნოების შეცვლის გამო მოსალოდნელი შედეგების თვალსაზრისით, გამოიწვევს კონვენციის მეორე და მესამე მუხლების დარღვევას.
Full & Egal Universal Law Academy