დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
მეხუთე სექცია
საქმე „გაბაიძე საქართველოს წინააღმდეგ“
(GABAIDZE v. GEORGIA)
(საჩივარი № 13723/06)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
12 ოქტომბერი, 2017 წელი
წინამდებარე გადაწყვეტილება საბოლოოა თუმცა შესაძლოა დაექვემდებაროს სარედაქციო ხასიათის ცვლილებებს
საქმეზე „გაბაიძე საქართველოს წინააღმდეგ“,
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მეხუთე სექცია) კომიტეტმა შემდეგი შემადგენლობით:
სიოფრა ოლერი, თავმჯდომარე,,
ნონა წოწორია,
ლეტიფ ჰუსეინოვი, მოსამართლეები,,
და ან-მარი დუჟანი, სექციის განმწესრიგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი,
ითათბირა რა 2017 წლის 19 სექტემბერს, იმავე დღეს მიიღო წინამდებარე გადაწყვეტილება:
პროცედურა
1. საქმის წარმოება დაიწყო ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის („კონვენცია“) 34-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქის, ბატონი ზურაბ გაბაიძის („მოსარჩელე“) მიერ 2006 წლის 10 მარტს საქართველოს წინააღმდეგ სასამართლოში წარდგენილი საჩივრის (№13723/06) საფუძველზე.
2. მომჩივანს წარმოადგენდა ბატონი ნ. კვარაცხელია, იურისტი, რომელიც საადვოკატო საქმიანობას თბილისში ახორციელებს. საქართველოს („მოპასუხე სახელმწიფო“) წარმოადგენდა ბატონი დ. თომაძე, სახელმწიფოს წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროდან.
3. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საწინააღმდეგოდ, მის მიმართ მიმდინარე დისციპლინური სამართალწარმოება იყო უსამართლო, მისი საჩივრის განხილვისას (2005 წლის 4 აგვისტო) სასამართლო არ იყო მიუკერძოებელი და შემადგენლობა არ იყო დაკომპლექტებული კანონის შესაბამისად.
4. 2007 წლის 29 აგვისტოს საჩივარი გადაეგზავნა მოპასუხე სახელმწიფოს.
ფაქტები
I. საქმის გარემოებები
5. მომჩივანი დაიბადა 1958 წელს და ცხოვრობს ბათუმში.
6. ის იყო ხულოს რაიონული სასამართლოს მოსამართლე. 2004 წლის 12 ნოემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მის წინააღმდეგ დისციპლინური საქმის წარმოება წამოიწყო „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს 2000 წლის 22 თებერვლის კანონის (შემდეგში „დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ კანონი“ - იხილეთ 16-17 პარაგრაფები), მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. მას ბრალად ედებოდა მისი განხილვაში მყოფი სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის უკანონო პატიმრობაში 14 დღის განმავლობაში დატოვება 2004 წლის სექტემბერში. ეს ფაქტი შეფასდა, როგორც „კანონის უხეში დარღვევა“ დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ კანონის ზემოთხსენებული ნორმით გათვალისწინებული მნიშვნელობით.
7. 2004 წლის 18 ნოემბერს მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს კოლეგიამ (შემდეგში „კოლეგია“), რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ ბატონი კ.კ. (კოლეგიის თავმჯდომარე და მომხსენებელი), ბატონი გ. ჩ., ბატონი დ.ს. და ბატონი ი. ქ., საქმე ზეპირი მოსმენით განიხილა. საქმის განხილვის ოქმის თანახმად, მომჩივანმა აღიარა ქმედება, რაშიც მას ბრალი ედებოდა. საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ კოლეგიამ დაადგინა მომჩივნის ბრალი დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში. რამდენადაც კოლეგიამ მომჩივნის შეცდომა დაუშვებლად მიიჩნია, მიუხედავად მის მიმართ წარსულში დისციპლინური სახდელის არარსებობისა და მისი კარგი პროფესიული რეპუტაციისა, გადაწყვიტა მისი გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან.
8. მომჩივანმა საჩივრით მიმართა მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს (შემდეგში „სადისციპლინო საბჭო“) საქმის ფაქტობრივ მხარესა და სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებით. ის კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა 2004 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებაში გარემოებათა შეფასებასა და სამართლებრივი ნორმების გამოყენებას დადგენილ ფაქტებთან მიმართებით.
9. 2005 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით სადისციპლინო საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი კოლეგიის 2004 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებას.
10. ამის შემდგომ, მომჩივანმა საკასაციო საჩივრით მიმართა უზენაეს სასამართლოს. 2005 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით უზენაესმა სასამართლომ გააბათილა სადისციპლინო საბჭოს 2005 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება დაუსაბუთებლობისა და ფაქტების არასათანადო სამართლებრივი შეფასების საფუძველზე და საქმე ხელახალი განხილვისათვის დააბრუნა.
11. 2005 წლის 4 აგვისტოს სადისციპლინო საბჭომ 6 წევრის შემადგენლობით იმ წევრების ჩათვლით, რომლებმაც პირველად განიხილეს საქმე - ბატონი კ.კ. (კოლეგიის თავმჯდომარე და მომხსენებელი), ბატონი გ. ჩ. და ბატონი ი. ქ., ხელახლა განიხილა მოსარჩელის საქმე. კიდევ ერთი წევრი, რომელიც ზეპირ განხილვაში იღებდა მონაწილეობას იყო ბატონი ნ.კ.. მომჩივანმა გაასაჩივრა ზემოთხსენებული 3 წევრის - ბატონი კ.კ., ბატონი გ. ჩ. და ბატონი ი. ქ. - მონაწილეობა განხილვაში, რამდენადაც მათ უკვე განხილული ჰქონდათ მისი საქმე კოლეგიის შემადგენლობით 2004 წლის 18 ნოემბერს. შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
12. ფაქტობრივი გარემოებების ხელახლა განხილვის შედეგად, სადისციპლინო საბჭომ 2005 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ მომჩივანმა ჩაიდინა „კანონის უხეში დარღვევა“ და მხარი დაუჭირა კოლეგიის 2004 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებას.
13. თავის სარჩელში მომჩივანი აღნიშნავდა, რომ ბატონი კ.კ. თავმჯდომარეობდა სადისციპლინო საბჭოს ისევე, როგორც კოლეგიას, ხოლო სადისციპლინო საბჭოს სამი წევრი, რომელმაც განიხილა საქმე 2005 წლის 4 აგვისტოს, ასევე მონაწილეობას იღებდა 2004 წლის 18 ნოემბერს გადაწყვეტილების მიღებაში. ის ასევე ასაჩივრებდა უარს მათ აცილებაზე. ასევე აკრიტიკებდა საქმის დაჩქარებულად განხილვას სადისციპლინო საბჭოში.
14. 2005 წლის 14 ნოემბერს უზენაესმა სასამართლომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში არ მიიღო, რამდენადაც მიიჩნია, რომ საქმე განხილული იყო ობიექტურად და ამომწურავად სადისციპლინო ორგანოების მიერ, ხოლო დაწესებული სანქცია იყო ჯეროვანი. რამდენადაც დისციპლინური სამართალწარმოების კანონი ადგენდა სისტემას, რომელშიც დისციპლინური კოლეგიის წევრები ასევე შეიძლება იყვნენ სადისციპლინო საბჭოს შემადგენლობაში, სასამართლომ დაადგინა რომ საბჭოს შემადგენლობა შესაბამისობაში იყო კანონთან. მეტიც, სასამართლომ აღნიშნა, რომ მხოლოდ ის ფაქტი, რომ გარკვეული წევრები წარსულში მონაწილეობდნენ საქმის განხილვაში თავისთავად არ არის საკმარისი პირობა 2005 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებაში საბჭოს მიკერძოებულობის მტკიცებისათვის.
15. საქმეში არსებული მასალების თანახმად, მომჩივანს არც კოლეგიის, არც სადისციპლინო საბჭოს ან უზენაესი სასამართლოს წინაშე, არ გამოუთქვამს, სულ მცირე, ირიბად, რაიმე პრეტენზია მისი საქმის განხილვაში მონაწილე სადისციპლინო საბჭოს რომელიმე წევრის არასაკმარის პროფესიულ კვალიფიკაციასთან დაკავშირებით.
II. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა
16. მოსამართლეთა თანამდებობრივი ხელშეუხებლობის გარანტიებთან და დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული შესაბამისი ნორმები, რომლებიც ძალაში იყო მომჩივნის წინააღმდეგ საქმის წარმოების მომენტში, მითითებულია საქმეში სტურუა საქართველოს წინააღმდეგ (№ 45729/05, 13‑14 და 16-18 პარაგრაფები , 28 მარტი, 2017 წელი).
17. ორი სხვა რელევანტური ნორმა შემდეგი შინაარსისაა, დისციპლინური სამართალწარმოების კანონის მუხლი 25(1) და 35(1) შემდეგი შინაარსისაა:
მუხლი 25 (1)
„მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს წევრი შეიძლება იყოს საერთო სასამართლოს ნებისმიერი მოსამართლე... ან აგრეთვე იყოს – უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის სულ მცირე 5 წლის გამოცდილება.“
მუხლი 35 (1)
დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს, ... უფლება აქვს სადისციპლინო კოლეგიის წევრს ან კოლეგიის მთელ შემადგენლობას მისცეს აცილება. იგი ვალდებულია დაასახელოს და დაასაბუთოს აცილების მოტივი…“
კანონმდებლობა
I. კონვენციის 6.1 მუხლის სავარაუდო დარღვევა
18. მომჩივანი ჩიოდა, რომ მისი საქმე არ ყოფილა განხილული დამოუკიდებელი ორგანოს მიერ, რადგან პირველი და სააპელაციო ინსტანციების წესით განხილვებში ერთი და იგივე მოსამართლეები მონაწილეობდნენ ბატონი კ.კ, ბატონი გ.ჩ. და ბატონი ი. ქ. ასევე ის ამტკიცებდა, რომ სადისციპლინო საბჭო, რომელმაც გადაწყვეტილება მიიღო 2005 წლის 4 აგვისტოს, არ იყო კანონთან შესაბამისობაში, რადგან საბჭოს ორი წევრი ბატონი კ.კ. და ბატონი ნ.კ. არ აკმაყოფილებდნენ პროფესიულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს სადისციპლინო სამართალწარმოების კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
19. მომჩივანი დაეყრდნო კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის შესაბამისი ნაწილები შემდეგი შინაარსისაა:
„სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ... ყველას აქვს ... მისი საქმის სამართლიანი ... განხილვის უფლება ... სასამართლოს მიერ....”
A. მისაღებობა
1. მხარეთა წერილობითი მოსაზრებები
20. უპირველეს ყოვლისა, მოპასუხე სახელმწიფო ამტკიცებდა, რომ კონვენციის მე-6 მუხლი არ ვრცელდებოდა წინამდებარე საქმეზე. სხვა არგუმენტებთან ერთად, ისინი ეყრდნობოდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე პიტკევიჩი რუსეთის წინააღმდეგ (Pitkevich v. Russia) (განჩინება), № 47936/99, 2001 წლის 8 თებერვალი) და აგრძელებდნენ მტკიცებას, რომ საქმეები, რომლებიც სასამართლოში საქმის მიუღებლობას შეეხებოდა, მე-6 მუხლის მოცემული ნორმის მოქმედების სფეროს გარეთ იყო.
21. მოპასუხე სახელმწიფო ასევე ამტკიცებდა, რომ მოსარჩელეს არ ჰქონდა ამოწურული სამართლებრივი დაცვის ეროვნული საშუალებები, როგორც ამას კონვენციის 35-ე მუხლის პირველი პუნქტი მოითხოვდა, ვინაიდან მოსარჩელეს არასოდეს გამოუთქვამს მსგავსი ჩივილი სადისციპლინო კომისიიის არაკვალიფიციურობის თაობაზე ეროვნულ დონეზე დისციპლინური სამართალწარმოებისას.
22. მომჩივანი არ დაეთანხმა მოპასუხე სახელმწიფოს შენიშვნებს, მიიჩნია რა ისინი უადგილოდ და სასამართლოს პრეცედენტული სამართლით და ეროვნული კანონმდებლობით გაუმყარებლად. რაც შეეხება კ.კ-ს და ნ.კ-ს კვალიფიკაციას, მომჩივანმა განაცხადა, რომ რამდენადაც მისთვის ცნობილი იყო, ამ ორ ადამიანს არ გააჩნდა სამართლის სფეროში პროფესიული ხუთწლიანი გამოცდილება იმ დროისთვის, როცა ისინი განიხილავდნენ მის საქმეს 2004 წლის ნოემბერში და 2005 წლის აგვისტოში, რაც ეწინააღმდეგებოდა 25(1) მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს (იხილეთ მე-17 პარაგრაფი მაღლა).
2. სასამართლოს შეფასება
23. ratione materiae შეუსაბამობასთან დაკავშირებით სახელმწიფოს არგუმენტთან მიმართებით სასამართლო აღნიშნავს, რომ წამყვან და იდენტურ საქმეში სტურუა საქართველოს წინააღმდეგ (№ 45729/05, 28 მარტი, 2017), რომ კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი ვრცელდება სადისციპლინო სამართალწარმოების შესახებ კანონის საფუძველზე საერთო სასამართლოების მოსამართლეების წინააღმდეგ გატარებულ დისციპლინურ სამართალწარმოებაზე (იხილეთ ზემოთ ციტირებული სტურუა საქართველოს წინააღმდეგ § 23‑30). შესაბამისი მტკიცება დაუშვებლობის შესახებ გაზიარებული არ არის აღნიშნულ საქმეში.
24. რაც შეეხება არგუმენტს საბჭოს უკანონო შემადგენლობის საკითხთან მიმართებით შიდასამართლებრივი მექანიზმების არ ამოწურვის შესახებ, სასამართლო აღნიშნავს, რომ მართლაც არ არსებობს იმის დამადასტურებელი გარემოება, რომ მომჩივანმა რომელიმე ეტაპზე სადავო გახადა კ.კ-სა და ნ.კ-ს პროფესიული კვალიფიკაცია და შესაბამისად შეუსაბამობა დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ კანონის 25.1 მუხლის მოთხოვნებთან (სლივა პოლონეთის წინააღმდეგ (Śliwa v. Poland) (განჩინება), №17519/08, §§ 18-20, 10 მაისი 2012). ეს გარემოება საკმაოდ პრობლემატურია, რადგან ამა თუ იმ მართლმსაჯულების ტრიბუნალის შემადგენლობის ეროვნულ კანონმდებლობასთან შეუსაბამობის საკითხის დასმისას, ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სასამართლოს ჰქონდეს ინფორმაცია შიდა ეროვნული სასამართლოს პოზიციაზე (იხილეთ დავიდსონსი და სავინსი ლატვიის წინააღმდეგ (Dāvidsons and Savins v. Latvia), № 17574/07 და 25235/07, § 39, 7 იანვარი 2016; და ასევე ბიაჯოლი სან-მარინოს წინააღმდეგ (Biagioli v. San Marino) (განჩინება), № 8162/13, § 75, 8 ივლისი, 2014). ამ საფუძვლით სასამართლო სახელმწიფოს პოზიციას შიდასამართლებრივი საშუალებების არ ამოწურვის შესახებ დასაბუთებულად მიიჩნევს.
25. ზემოთმოყვანილი მსჯელობის საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნა პირველი და სააპელაციო ინსტანციების სადისციპლინო ორგანოების კანონსაწინააღმდეგო შემადგენლობის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს კონვენციის 35-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების შესაბამისად დაცვის შიდასამართლებრივი საშუალებების არ ამოწურვის საფუძვლით.
26. რამდენადაც მომჩივნის მოთხოვნა სადისციპლინო საბჭოს მიუკერძოებლობის შესახებ ცხადად უსაფუძვლო არ არის კონვენციის 35-ე მუხლის 3(ა) პუნქტის მიზნებისთვის და ასევე არ არის მიუღებელი რაიმე სხვა საფუძვლებით, ის დასაშვებად უნდა გამოცხადდეს.
B. საქმის არსებითი მხარე
27. საქმეში სტურუა (ციტირებული 31-ე პარაგრაფში) მოხმობილ არგუმენტებზე დაყრდნობით სახელმწიფო დავობდა, რომ შიდა კანონმდებლობა უზრუნველყოფდა სადისციპლინო საბჭოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საკმარის გარანტიებს.
28. მომჩივანი არ დაეთანხმა აღნიშნულს.
29. საქმეში სტურუა, სასამართლომ უკვე დაადგინა მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა მოცემული საქმის იდენტურ საკითხებთან მიმართებით - სადისციპლინო სანქციის იმავე წევრების მიერ განხილვა, რომლებიც შედიოდნენ პირველი და სააპელაციო ინსტანციების შემადგენლობებში, ამ წევრების წილის გათვალისწინებით საერთო შემადგენლობაში იმ დროს მოქმედი დისციპლინური სამართალწარმოების კონკრეტულ მახასიათებლებთან ერთობლიობაში საკმარისი პირობაა, იმისთვის, რომ სასამართლოს მოსარჩელის წუხილი სადისციპლინო საბჭოს მიუკერძოებლობის შესახებ ობიექტურად დასაბუთებულად მიეჩნია (იხილეთ სტურუა, ციტირებულია ზემოთ, § 34 და §35).
30. საქმის მასალების სრულად გაცნობის შედეგად სასამართლომ ვერ დაინახა რაიმე ფაქტი ან საფუძველი, რაზე დაყრდნობითაც შეძლებდა მსგავს საჩივარზე განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას. სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის საჩივარი სადისციპლინო საბჭომ 2005 წლის 4 აგვისტოს განიხილა იმ პირობებში, როცა შემადგენლობის ნახევარს წარმოადგენდა იგივე სამი მოსამართლე, რომლებმაც განიხილეს მოსარჩელის საჩივარი პირველ ინსტანციაში - ბატონი კ.კ, ბატონი გ.ჩ. და ბატონი ი.ქ., მომჩივნის წუხილი საბჭოს მიუკერძოებლობის თაობაზე ობიექტურად დასაბუთებულია.
31. შესაბამისად, დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილი.
II. კონვენციის სხვა სავარაუდო დარღვევები
32. კონვენციის 6.1 მუხლზე დაყრდნობით მომჩივანი ასევე ჩიოდა, ერთი მხრივ, რომ მას არ გააჩნდა ხელმისაწვდომობა სასამართლოზე და რომ მეორე მხრივ, დისციპლინური სამართალწარმოება დაეფუძნა ფაქტების არასწორ ინტერპრეტაციას და სადისციპლინო საბჭოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მხრიდან კანონის არასათანადო შეფარდებას.
33. სასამართლოს განკარგულებაში არსებული საქმის მასალებიდან გამომდინარე, რამდენადაც საქმე სასამართლოს კომპეტენციას მიეკუთვნება, სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გათვალისწინებით (იხილეთ სტურუა, ციტირებული ზემოთ, 37-42 პარაგრაფები), სასამართლო ადგენს, რომ არ იკვეთება კონვენციითა და კონვენციის ოქმებით დაცული უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა.
34. აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ საჩივრის ეს ნაწილი აშკარად დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს დაშვებული კონვენციის 35-ე მუხლი 3.a და მე-4 პუნქტების საფუძველზე.
III. კონვენციის 41-ე მუხლის მოქმედების გავრცელება
35. კონვენციის 41-ე მუხლი ადგენს:
“თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია და მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.”
A. ზიანი
36. მომჩივანი ითხოვდა 50 000 ლარს (დაახლოებით 21 700 ევროს იმ დროისთვის) არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ.
37. მოპასუხე სახელმწიფომ განაცხადა, რომ მოთხოვნილი თანხა გადაჭარბებით დიდი იყო.
38. სასამართლო იზიარებს, რომ მომჩივანმა განიცადა არამატერიალური ზიანი, რისი კომპენსირებაც ვერ მოხდება მხოლოდ დარღვევის დადგენით (იხილეთ მაგალითად, ტოზიცკა პოლონეთის წინააღმდეგ (Toziczka v. Poland), № 29995/08, § 56, 24 ივლისი, 2012. გათანაბრების საფუძველზე დაყრდნობითა და საქმის გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მომჩივანს აკუთვნებს 3 500 ევროს ამ მოთხოვნასთან მიმართებით (კვლავ იხილეთ სტურუა საქართველოს წინააღმდეგ, 46-ე პარაგრაფი).
B. ხარჯები და დანახარჯები
39. მომჩივანმა მოითხოვა 4 920 ლარი (იმ დროისთვის დაახლოებით 2 140 ევრო) სასამართლოს წინაშე მის წარმომადგენლობასთან დაკავშირებით. აღნიშნული მოთხოვნის გასამყარებლად მან წარმოადგინა მის წარმომადგენელთან 2008 წლის 18 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება სამართლებრივი მომსახურების შესახებ, თანდართული დეტალური ინვოისით, რომელშიც წარმოდგენილი იყო მომსახურების ანაზღაურება დეტალურად, საათებისა და საფასურის მითითებით, ოცდაშვიდი საათი და ოცი წუთი, ტარიფით 180 ლარი (დაახლოებით 77 ევრო). დეტალურ ჩამონათვალში ასევე მითითებული იყო თითოეული სამართლებრივი მომსახურების გაწევის თარიღი და შინაარსი.
40. მოპასუხე სახელმწიფო ამტკიცებდა, რომ მომჩივნის მოთხოვნები მეტწილად დაუსაბუთებელი და გადამეტებული იყო.
41. სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, მომჩივანი უფლებამოსილია მოითხოვოს ხარჯებისა და დანახარჯების ანაზღაურება, მხოლოდ იმის გათვალისწინებით, იყო თუ არა იგი რეალური და აუცილებელი, ასევე, იყო თუ არა მათი ოდენობა გონივრული. წინამდებარე საქმეზე გაითვალისწინა რა მის წინაშე წარდგენილი დოკუმენტაცია და ზემოთ მითითებული კრიტერიუმი, სასამართლო გონივრულად მიიჩნევს მის წინაშე სამართალწარმოებისთვის ხარჯებისა და დანახარჯების ანაზღაურების სახით 2 140 ევროს მიკუთვნებას.
C. საურავი
50. სასამართლოს შესაბამისად მიაჩნია საურავის დადგენა ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის მიხედვით, რასაც დაემატება სამი საპროცენტო ერთეული.
ზემოთ წარმოდგენილი მსჯელობის საფუძველზე, სასამართლო ერთხმად
1. აცხადებს კონვენციის 6.1 მუხლის საფუძველზე წარდგენილ საჩივარს სადისციპლინო საბჭოს მიუკერძოებლობის არარსებობასთან დაკავშირებით დასაშვებად, ხოლო განაცხადის დანარჩენ ნაწილს, დაუშვებლად;
2. ადგენს, რომ დაირღვა კონვენციის 6.1 მუხლი;
3. ადგენს,
(a) რომ მოპასუხე სახელმწიფო ვალდებულია გადაწყვეტილების კონვენციის 44.2 მუხლის საფუძველზე ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში მოსარჩელეს გადაუხადოს შემდეგი ოდენობის თანხა მოპასუხე სახელმწიფოს ეროვნულ ვალუტაში, შეთანხმების მომენტისთვის არსებული კურსით:
(i) 3 500 (სამი ათას ხუთასი) ევრო და ყველა ის შესაძლო გადასახადი, რაც შეიძლება აღნიშნულ თანხას დაერიცხოს, არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ;
(ii) 2 140 (ორი ათას ას ორმოცი) ევრო და ნებისმიერი გადასახადი, რაც მოსარჩელეს შეიძლება დაეკისროს ხარჯებისა და დანახარჯების სანაცვლოდ;
(b) რომ ზემოთ აღნიშნული სამი თვის ამოწურვიდან ანგარიშსწორებამდე, მითითებულ თანხას უნდა დაერიცხოს მარტივი საურავი, რომლის ოდენობა განისაზღვრება ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთით, რასაც დაემატება სამი საპროცენტო ერთეული.
4. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის დარჩენილი მოთხოვნა სამართლიან დაკმაყოფილებაზე.
შესრულებულია ინგლისურ ენაზე და წერილობით გადაცემულია 2017 წლის 12 ოქტომბერს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე წესის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე.
ან-მარი დუჟანისიოფრა ოლერი
განმწესრიგებლის მოადგილის თავმჯდომარე
მოვალეობის შემსრულებელი
Full & Egal Universal Law Academy