Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to republish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights database HUDOC.
გაიდუკევიჩი საქართველოს წინააღმდეგ
Gaidukevich v. Georgia
საჩივარი N38650/18
15.06.2023
ფაქტები
მომჩივანი, ალბინა გაიდუკევიჩი, არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც დაიბადა 1968 წელს და ცხოვრობს თბილისში. საქმე ეხება ქ-ნ გაიდუკევიჩის ქალიშვილის, ა.ლ-ს გარდაცვალებას, რომელიც 2017 წელს ჩამომხრჩვალი იპოვეს. ა.ლ-მ პოლიციას სულ მცირე 16-ჯერ მიმართა მისი პარტნიორის გ.კ-ს მხრიდან ძალადობრივი ქცევის ბრალდებით. პოლიციამ გამოძიება ა.ლ-ს გარდაცვალების ფაქტზე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. საბოლოოდ გ.კ-ს მსჯავრი დაედო ოჯახში ძალადობისთვის, თუმცა მიესაჯა წინასწარპატირობაში ყოფნის ოდენობის პატიმრობის ვადა, რაც ჩაეთვალა მოხდილად და გაათავისუფლეს.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლზე (სიცოცხლის უფლება), მე-3 მუხლზე (არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვა) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლზე დაყრდნობით, ქ-ნი გაიდუკევიჩი დავობს, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლო მისი ქალიშვილის დაცვა ოჯახში ძალადობისგან და ვერ ჩაატარა ადეკვატური გამოძიება მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
სამართალი
სასამართლოს შეფასება(ა) ზოგადი პრინციპები
57. კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებული პოზიტიური ვალდებულება, რომ მიღებული იქნეს პრევენციული ოპერატიული ზომები იმ პირის დასაცავად ვისი სიცოცხლეც რისკის წინაშეა, პირველად იქნა ფორმულირებული საქმეში Osman v. the United Kingdom (28 October 1998, §§ 115-16, Reports of Judgments and Decisions 1998-VIII). როგორც ამ გადაწყვეტილებაში განაცხადა სასამართლომ, თანამედროვე საზოგადოების მართვის სირთულეების გამკლავებისას, პირის ქცევის არაპროგნოზირებადობა და ოპერატიული არჩევანი (რომელიც უნდა გაკეთდეს პრიორიტეტებისა და რესურსების თვალსაზრისით) პოზიტიური ვალდებულების ფარგლებში უნდა იქნას განმარტებული ისე, რომ არ დააკისროს შეუძლებელი ან არაპროპორციული ტვირთი ხელისუფლებას. თუმცა, თუ ხელისუფლებამ იცის ან უნდა იცოდეს მესამე მხარის დანაშაულებრივი ქმედებებით გამოწვეული, იდენტიფიცირებული პირის ან პირების სიცოცხლისთვის რეალური და უშუალო რისკის არსებობის შესახებ, მათ უნდა მიიღონ ზომები თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, რამაც გონივრული შეფასებით შესაძლოა თავიდან აიცილოს რისკი. ამ ვალდებულებების ფარგლები და შინაარსი ოჯახში ძალადობის კონტექსტში განიმარტა საქმეებში Kurt v. Austria [GC] (no. 62903/15, § §§ 157-89 and 190, 15 June 2021) და საქმეში Y and Others v. Bulgaria (no. 9077/18, § 89, 22 March 2022), შემდეგნაირად:
(ა) ხელისუფლებამ დაუყონებლივი რეაგირება უნდა მოახდინოს ოჯახში ძალადობის ბრალდებებზე;
(ბ) როდესაც ასეთი ბრალდებები მათი ყურადღების ცენტრში მოექცევა, ხელისუფლებამ უნდა შეამოწმოს არსებობს თუ არა იდენტიფიცირებული მსხვერპლის ან ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სიცოცხლისთვის რეალური და უშუალო საფრთხე, ავტონომიური, პროაქტიული და ყოვლისმომცველი ლეტალური რისკის შეფასების განხორციელებით. მათ უნდა შეაფასონ რისკის რეალური და უშუალო ბუნება ოჯახში ძალადობის კონკრეტული კონტექსტის გათვალისწინებით;
(გ) თუ რისკის შეფასებით გამოვლინდება სიცოცხლისთვის რეალური და უშუალო რისკის არსებობა, ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ოპერატიული, პრევენციული და დამცავი ზომები ამ რისკის თავიდან ასაცილებლად. ეს ზომები უნდა იყოს ადეკვატური და შეფასებული რისკის დონის პროპორციული.
58. სასამართლო კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ ოჯახში ძალადობის ყველა ქმედების ეფექტური გამოძიების ვალდებულება წარმოადგენს კონვენციის მე-2, მე-3 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებულ სახელმწიფოს ვალდებულებების არსებით ელემენტს (იხ., Tunikova and Others v. Russia, nos. 55974/16 and 3 others, § 114, 14 December 2021). გამოძიების ეფექტურობისთვის, იგი უნდა იყოს სწრაფი და საფუძვლიანი; ეს მოთხოვნები ვრცელდება მთელ სამართალწარმოებაზე, სასამართლო პროცესის ჩათვლით (იხ. M.A. v. Slovenia, no. 3400/07, § 48, 15 January 2015, და Kosteckas v. Lithuania, no. 960/13, § 41, 13 June 2017). ხელისუფლებამ უნდა გადადგას ყველა გონივრული ნაბიჯი ინციდენტის შესახებ მტკიცებულებების, მათ შორის, სასამართლო სამედიცინო მტკიცებულებების უზრუნველსაყოფად. განსაკუთრებული გულმოდგინებაა საჭირო ოჯახში ძალადობის შემთხვევებთან მიმართებაში და ეროვნული სამართალწარმოებისას ოჯახში ძალადობის სპეციფიკური ხასიათი მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული. სახელმწიფოს გამოძიების ვალდებულების შესრულება არ დაკმაყოფილდება, თუ ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული დაცვა მხოლოდ თეორიულად არსებობს; უპირველეს ყოვლისა, ის ასევე ეფექტურად უნდა მუშაობდეს პრაქტიკაში, რაც მოითხოვს საქმის სწრაფ განხილვას ზედმეტი შეფერხებების გარეშე (იხ. Opuz v. Turkey, no. 33401/02, §§ 145-51 and 168, ECHR 2009; T.M. და C.M. v. the Republic of Moldova, no. 26608/11, § 46, 28 January 2014; და Talpis v. Italy, no. 41237/14, §§ 106 and 129, 2 March 2017). ეფექტურობის პრინციპი ნიშნავს, რომ ეროვნული სასამართლო ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს მზად დაუსჯელი დატოვოს მიყენებული ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ტანჯვა. ეს აუცილებელია კანონის უზენაესობისადმი საზოგადოების ნდობისა და მხარდაჭერის შესანარჩუნებლად და ხელისუფლების მხრიდან ძალადობის აქტების შემწყნარებლობის ან შეთანხმების თავიდან ასაცილებლად (იხ. Okkalı v. Turkey, no. 52067/99, § 65, ECHR 2006‑XII (ამონარიდები)).
59. სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მარცხი დაიცვას ქალები ოჯახში ძალადობისგან, არღვევს კანონის წინაშე თანაბარი დაცვის მათ უფლებას და რომ ეს წარუმატებლობა არ უნდა იყოს განზრახი (შესაბამისი ზოგადი პრინციპებისთვის იხ., Y and Others, ციტირებული ზემოთ, § 122).
(ბ) ზემოაღნიშნული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმის გარემოებებზე
(i) საპროცესო ვალდებულებები და მსხვერპლის სტატუსი
60. სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნის საჩივარი კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული კუთხით არის ორმხრივი: ჯერ ერთი, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან შესაძლო დაუდევრობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება არასრულყოფილი იყო; და მეორე, რომ გამოძიება გ.ი-ს მიერ მომჩივნის ქალიშვილის შეურაცხყოფასა და სიკვდილთან დაკავშირებით არაადეკვატური იყო. სასამართლო მათ რიგრიგობით განიხილავს.
61. დაწყებული სამართალდამცავი ორგანოების პოტენციური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით, სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ საქმეებში რომლებიც ეხება სახელმწიფო მოხელეების შესაძლო პასუხისმგებლობას მათი სავარაუდო დაუდევრობის შედეგად დამდგარ სიკვდილზე, მე-2 მუხლით დაკისრებული ვალდებულება შექმნას ეფექტური სასამართლო სისტემა, ყველა შემთხვევაში აუცილებლად არ მოითხოვს სისხლისსამართლებრივი დაცვის საშუალებების უზრუნველყოფას (იხ. სხვა მითითებებთან ერთად, Kotilainen and Others v. Finland, no. 62439/12, § 91, 17 September 2020). თუმცა, შეიძლება არსებობდეს გამონაკლისი გარემოებები, როდესაც მხოლოდ ეფექტური სისხლის სამართლის გამოძიება შეძლებს დააკმაყოფილოს მე-2 მუხლით დაკისრებული საპროცესო პოზიტიური ვალდებულება. ასეთი გარემოებები შეიძლება იყოს, მაგალითად, როდესაც სიცოცხლე შეწყდა ან საფრთხე ემუქრება საჯარო ხელისუფლების ქცევის შედეგად რომელიც სცილდება შეცდომას ან დაუდევრობას. როდესაც დადგინდება, რომ სახელმწიფო მოხელეების ან ორგანოების დაუდევრობა სცილდება მიღებულ გადაწყვეტილებაში შეცდომას ან დაუდევრობას, იმ კუთხით, რომ ხელისუფლებამ (სრულად გააცნობიერა რა სავარაუდო შედეგები და უგულებელყო მათზე მინიჭებული უფლებამოსილება) არ მიიღო აუცილებელი და საკმარისი ზომები რისკების თავიდან ასაცილებლად, ასეთ შემთხვევაში, ის ფაქტი, რომ პირებს რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სიცოცხლის საფრთხის წინაშე დაყენებაზე, ბრალი არ წაყენებიათ და არც მსჯავრი დადებიათ სისხლის სამართლის დანაშაულისთვის, შეიძლება წარმოადგენდეს მე-2 მუხლის დარღვევას, განურჩევლად სხვა სახის საშუალებისა რომელიც პირებს შეუძლიათ გამოიყენონ საკუთარი ინიციატივით (იხ. Tkhelidze v. Georgia, no. 33056/17, § 59, 8 July 2021, სხვა მიტიტებებტან ერთად; იხ. ასევე M.H. and Others v. Croatia, nos. 15670/18 and 43115/18, § 135, 18 November 2021, სხვა მითითებებთან ერთად).
62. სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საჩივრის არსი არის ის, რომ სამართალდამცავი ორგანოების უმოქმედობა და დაუდევრობა იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ოჯახში ძალადობას ესკალაციის საშუალება მიეცა, რისი კულმინაციაც იყო ა.ლ-ს სიკვდილი. იგი აღნიშნავს, რომ საქართველოს წინააღმდეგ ოჯახში ძალადობის წინა საქმეებში მან მიიჩნია, რომ მათი განსაკუთრებული გარემოებებიდან გამომდინარე არსებობდა პოზიტიური ვალდებულება გამოეძიებინათ დაკავშირებული სამართალდამცავი ორგანოების უმოქმედობა (იხ. Tkhelidze, ციტირებული ზემოთ, § 60, სადაც სასამართლომ მიუთითა რისკის მაღალ დონეზე, რომლის წინაშეც იდგა მსხვერპლი და რომელიც ცნობილი იყო ან უნდა სცოდნოდა პოლიციას და A and B v. Georgia, ციტირებული ზემოთ, §§ 43 და 45, რომელშიც სასამართლომ აღნიშნა, რომ დამნაშავე იყო პოლიციელი და ასევე აღნიშნა შესაბამისი სამართალდამცავების შესაძლო თანხმობა მის ქმედებებზე). ზემოხსენებულ საქმეებსა და წინამდებარე საქმეს შორის გარკვეული ფაქტობრივი განსხვავებების მიუხედავად, სტრასბუგის სასამართლო განიხილავს მომჩივნის ბრალდებების ბუნებას და ითვალისწინებს იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, რომელიც მიჩნეული იყო როგორც მთავარი სისტემური პრობლემა, იმ დროისთვის, სათანადოდ არ იყო სახელმწიფოს მიერ განხილული (იხ. Tkhelidze, ციტირებული ზემოთ, § 56), ასევე, რომ წინამდებარე საქმეში არსებობდა დაუდევრობის prima facie შემთხვევა, რომელიც სცილდება უბრალო გადაწყვეტილების შეცდომას ან დაუდევრობის ფარგლებს, რაც მოითხოვს სისხლის სამართლის გამოძიებას (იქვე., § 59, და A and B v. Georgia, ციტირებული ზემოთ, § 43). მთავრობა არ აცხადებდა, რომ საჭირო არ იყო გამოძიების ჩატარება სახელმწიფო მოხელეების შესაძლო დაუდევრობის შესახებ და მართლაც, ასეთი გამოძიება დაიწყო. ევროპული სასამართლო შესაბამისად შეისწავლის მის ეფექტურობას.
63. სასამართლო იწყებს იმის აღნიშვნით, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქმის დაწყებიდან თითქმის 5 წელი გავიდა, სამართალდამცავი ორგანოების მიმართ დაუდევრობის ბრალდებით გამოძიებას რაიმე დასკვნა არ მოჰყოლია. როგორც ჩანს, 2019 წლის მაისიდან 2021 წლის დეკემბრამდე არც ერთი საგამოძიებო ღონისძიება არ ჩატარებულა. სასამართლო იმეორებს, რომ სამართალწარმოების გაჭინაურება არის მტკიცე მანიშნებელი იმასა, რომ ის იყო არაეფექტური და არღვევდა მოპასუხე სახელმწიფოს კონვენციით ნაკისრ პოზიტიურ ვალდებულებებს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სახელმწიფომ წარმოადგინა უაღრესად დამაჯერებელი და დასაბუთებული საფუძვლები საქმისწარმოების ხანგრძლივობის გასამართლებლად (იხ. Mazepa and Others v. Russia, no. 15086/07, § 80, 17 July 2018). ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება, როდესაც საქმე ეხება სამართალდამცავების პოტენციურ პასუხისმგებლობას, წინამდებარე საქმეში ამგვარი დაგვიანების გამართლება არ იყო დასაბუთებული.
64. რაც შეეხება გამოძიებას, ევროპული სასამართლო შეშფოთებით აღნიშნავს, რომ კომპეტენტურ საგამოძიებო ორგანოს საკმარისად არ უცდია ა.ლ-ს სიკვდილამდე, დაედგინა პოლიციელების პასუხისმგებლობა სხვადასხვა ოჯახში ძალადობის ინციდენტებზე მათ მიერ სავარაუდო არასათანადო რეაგირების გამო, მაშინაც კი, თუ ამავე დროს ეს პასუხისმგებლობა დაადგინეს და აღიარეს სამოქალაქო სასამართლოებმა. მომჩივნის საჩივრის ნაწილი, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ბრალმდებელის უმოქმედობას, უპასუხოდ დარჩა (შედარებისთვის A and B v. Georgia, ციტირებული ზეომთ, §§ 24-25 და 44). მან არაერთხელ მოითხოვა, მაგრამ ვერ მიიღო ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოსგან მისი სისხლის სამართლის საჩივრის ამ ასპექტის შესახებ. გარდა ამისა, პოლიციის სავარაუდო უმოქმედობის შესახებ დისციპლინური გამოძიება არასდროს ჩატარებულა. საქმის შესაბამისი გარემოებების გათვალისწინებით, კერძოდ, ნიშნების არსებობა რომლებიც მიუთითებენ შესაძლო გენდერულ დისკრიმინაციაზე, რომელიც ნაწილობრივ მაინც აყალიბებს სამართალდამცავი თანამშრომლების არასაკმარის პასუხს ა.ლ-ს საჩივრებზე და ის ფაქტი, რომ მიუხედავად სამი შემაკავებელი ორდერისა და ძალადობის განგრძობითი ინციდენტებისა, მათ არ დაიწყეს სათანადო გამოძიება ოჯახში ძალადობის ბრალდებებზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობდა გადაუდებელი აუცილებლობაა, ლ-ს საჩივრებთან მიმართებით, ჩატარებულიყო შესაბამისი გამოძიება პოლიციისა და პროკურორების რეაგირებაზე და მათ უმოქმედობაზე, რომელიც შესაძლოა მოტივირებული ყოფილიყო გენდერული დისკრიმინაციით (შედარებისთვის იხ., Tkhelidze, ციტირებული ზემოთ, §§ 51 და 60).
65. ამ ეტაპზე, სასამართლოს არ შეუძლია არ აღნიშნოს, რომ მომჩივანმა წარმატებით გამოიყენა სამოქალაქო სამართლებრივი დაცვის საშუალება, რის ფარგლებშიც აღიარებული იქნა სახელმწიფოს მხრიდან გულგრილობა, ასევე მან მიიღო სამართლებრივი დაკმაყოფილება იმ ტანჯვის გამო რომელიც მის ქალიშვილს მიადგა განგრძობითი ძალადობით და საბოლოოდ იგი გარდაიცვალა. სასამართლომ, საქართველოს წინააღმდეგ სხვა ოჯახში ძალადობის საქმეში, ადრე უკვე დადებითად შეაფასა, რომ ეროვნულმა სამოქალაქო სასამართლოებმა აღიარეს სამართალდამცავი ორგანოების მარცხი მიეღოთ ზომები გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შეწყვეტისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად (იხ. A and B v. Georgia, ციტირებული ზემოთ, § 45). თუმცა სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც ზემოაღნიშნულ საქმეში, ამ საქმეშიც სამოქალაქო სასამართლოებმა ფართოდ არ გამოიკვლიეს ის საკითხი შეიძლებოდა თუ არა ოჯახში ძალადობის შემთხვევების ოფიციალური შემწყნარებლობა განპირობებული ყოფილიყო იმავე გენდერული მიკერძოებით. გარდა ამისა, და ზემოაღნიშნულის შესაბამისად, მომჩივნისთვის ფინანსური სარგებლის მიღების მიუხედავად, სისხლის სამართლის გამოძიების დასკვნების გარეშე, მისი სამოქალაქო სარჩელის ფარგლებში შეუძლებელი იყო რაიმე დასკვნის გაკეთება შესაბამისი სამართალდამცავი პირების ინდივიდუალური სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ.
66. რაც შეეხება მომჩივნის საჩივრის მე-2 ნაწილს, რომელიც ეხება გ.კ-ს სამართლებრივ დევნასა და მსჯავრდებას, ევროპული სასამართლო იწყებს იმით, რომ ხელისუფლებამ ნაჩქარევად მიჩნია ა.ლ-ს გარდაცვალება თვითმკვლელობად, გამოძიების პირველივე დღეს, სხვა ვერსიის განხილვის გარეშე (შედარებისთვის იხ. Durmaz v. Turkey, no. 3621/07, §§ 56-58, 13 November 2014). მოვლენების ეს ანგარიში, უპირველეს ყოვლისა, ეფუძნებოდა გ.კ-ს განცხადებას რომელიც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს მიუკერძოებელ მოწმედ. საგამოძიებო ორგანოებს არ გამოუძიებიათ, ა.ლ-ს სხეულსა და სახეზე აღმოჩენილი მრავლობითი დაზიანებების და ოჯახში ძალადობის მრავალი წინა შემთხვევის გათვალისიწნებით, იყო თუ არა შესაძლებელი რომ სახეზე ყოფილიყო გენდერული მოტივით მკვლელობის შემთხვევა. მოწმეებთან პირველადი გამოკითხვის და ოჯახში ძალადობის შესახებ ბრალდებების გამოვლენის შემდეგ, გამოძიებამ აშკარად ვერ მოახერხა ჰქონოდა სათანადო რეაგირება და არ მიჰყვა ამ ინფორმაციას ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული ყველა შესაბამისი დეტალის გამოსავლენად. სასამართლო მიიჩნევს, რომ ა.ლ-ს გარდაცვალების გარემოებებზე - რომლებიც წარმოადგენდნენ გენდერული ძალადობის ფორმის მახასიათებლებს - საგამოძიებო ორგანოებს განსაკუთრებული გულმოდგინებით უნდა ეპასუხათ საგამოძიებო ღონისძიებების განხორციელებისას. თუმცა, არ გამოძიებულა ოჯახში ძალადობის წინა შემთხვევებზე დადანაშაულის ჩადენის გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შესაძლო როლი. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ როდესაც არსებობს ეჭვი, რომ ინციდენტს ან სიკვდილს ჰქონდეს გენდერული მოტივი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება განსაკუთრებული ყურადღებით წარიმართოს (იხ. Tërshana v. Albania, no. 48756/14, § 160, 4 August 2020).
67. რაც შეეხება გ.კ-ს სასამართლო პროცესს, სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი ნასამართლევი იყო ოჯახში ძალადობის ერთი შემთხვევისთვის, ხოლო უზენაესმა სასამართლომ, შეუსაბამობის საფუძვლით, უარყო ის ძალადობის წლები, რომლებიც ა.ლ-მ სიკვდილამდე გადაიტანა. შესაბამისად, სავარაუდო ოჯახში ძალადობის ყველა წინა შემთხვევა უბრალოდ სამართლებრივი დაცვის საშუალების მიღმა დარჩა. ამასთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ ოჯახში ძალადობა იშვიათად არის ერთჯერადი ინციდენტი; ის ჩვეულებრივ მოიცავს ოჯახის ახლო წევრის ან პარტნიორის კუმულატიურ და ურთიერთდაკავშირებულ ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სექსუალურ, ემოციურ, სიტყვიერ და ფინანსურ ძალადობას, რომელიც სცდება ცალკეული შემთხვევის გარემოებებს (იხ. Volodina v. Russia, no. 41261/17, § 71, 9 July 2019). ძალადობის თანმიმდევრული ეპიზოდების განმეორება პირად ურთიერთობებში ან „დახურულ კარს მიღმა“ წარმოადგენს ოჯახში ძალადობის კონკრეტულ კონტექსტს და დინამიკას (იქვე, § 86, და იხ. Kurt, ციტირებული ზემოთ, § 164). ამრიგად, სასამართლომ უკვე აღიარა, რომ ოჯახში ძალადობა შეიძლება გაგებული იყოს, როგორც უწყეტი დანაშაულის კონკრეტული ფორმა (იხ. Rohlena v. the Czech Republic [GC], no. 59552/08, § 72, ECHR 2015, და Valiulienė v. Lithuania, no. 33234/07, § 68, 26 March 2013) რომელიც ხასიათდება ქმედების განგრძობადობით, რომელშიც თითოეული ცალკეული შემთხვევა ქმნის უფრო ფართო ერთობლიობას. სასამართლო ვერ ხედავს, თუ როგორ შეიძლება შეესაბამებოდეს უზენაესი სასამართლოს მიდგომა ზემოხსენებულ პრეცედენტულ სამართალს.
68. გარდა ამისა, გ.კ-ს სასამართლო პროცესი და გამამტყუნებელი განაჩენი არ მოიცავდა დანაშაულებრივი ქმედების გენდერული დისკრიმინაციის შესაძლო როლის გამოკვლევას (ამასთან დაკავშირებით იხ. „გრევიო“-ს შეფასების ანგარიში - GREVIO/Inf(2022)28); ხოლო დამამძიმებელი გარემოების არარსებობის გამო მას მიესაჯა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა.
69. აქედან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ წინამდებარე საქმის გარემოებებში, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სისხლის სამართლებრივი ნაბიჯები გადაიდგა ა.ლ-ს გარდაცვალების საპასუხოდ, და მიუხედავად იმისა, რომ მოწონების ღირსია სამოქალაქო სასამართლოების მიერ სახელმწიფოს დაუდევრობის აღიარება და გამოწვეული ტანჯვისთვის მინიჭებული სამართლიანი დაკმაყოფილება (შედარებისთვის იხ., A and B v. Georgia, ციტირებული ზემოთ, § 46), მომჩივანმა შეინარჩუნა მსხვერპლის სტატუსი კონვენციის 34-ე მუხლის მნიშვნელობით და რომ ადგილი ჰქონდა მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევას კონვენციის მე-14 მუხლთან ერთობლიობაში.
(ii) არსებითი პოზიტიური ვალდებულებები
70. ა.ლ-ს გარდაცვალებამდე დაახლოებით ოთხი წლის განმავლობაში, თბილისის პოლიციაში მისგან შევიდა თექვსმეტი შეტყობინება და მათ საფუძველზე გ.კ-ს წინააღმდეგ გამოიცა სამი შემაკავებელი ორდერი. ვინაიდან ყველა შეტყობინება ეხებოდა ა.ლ-ზე ოჯახში ძალადობას, მათზე ხელისუფლების პასუხის შეფასება უნდა დაიწყოს 2013 წლის 6 თებერვლიდან, იმ თარიღიდან, როდესაც მან პირველად მიმართა მათ ამ საკითხთან დაკავშირებით (იხ. Halime Kılıç v. Turkey, no. 63034/11, § 93, 28 June 2016; Talpis, ციტირებული ზემოთ, § 111; და Y and Others, ციტირებული ზემოთ, § 90).
71. რაც შეეხება იმას, სავარაუდო ძალადობის სხვადასხვა ინციდენტს მოჰყვა თუ არა ხელისუფლების მყისიერი რეაგირება, საქმის მასალებიდან ჩანს, რომ ცამეტ შემთხვევაში პოლიციამ დაუყონებლივი რეაგირება მოახდინა და გაგზავნა პატრულის ეკიპაჟი. სამ შემთხვევაზე გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლებიც, როგორც ჩანს, გ.კ-ს არ დაურღვევია. თუმცა, სულ მცირე სამ შემთხვევაზე, სასწრაფო დახმარების გამოძახებიდან მალევე, ა.ლ-მ უარი თქვა დახმარებაზე და პოლიციამ აღარ გამოიძია მისგან შემოსული შეტყობინებები. სტრასბურგის სასამართლო ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განსაკუთრებით დაუცველი სიტუაციის გამო, საკანონმდებლო ბაზა უნდა აძლევდეს ხელისუფლებას უფლებამოსილებას, რომ გამოიძიოს ოჯახში ძალადობის შემთხვევები საკუთარი ინიციატივით, როგორც საჯარო ინტერესი. ამრიგად, პირის მიერ სისხლის სამართლის საჩივრის წარუმატებლობამ, ან შემდგომში მისმა გამოტანამ ხელი არ უნდა შეუშალოს ხელისუფლებას, დაიწყოს ან განაგრძოს სისხლისსამართლებრივი დევნა სავარაუდო დამნაშავესთან მიმართებით ასევე ხელისუფლება არ უნდა გათავისუფლდეს მოვალეობისგან, შეაფასოს სიტუაციის სიმძიმე შესაბამისი გამოსავლის ძიების მიზნით (იხ. Levchuk v. Ukraine, no. 17496/19, § 87, 3 September 2020; იხ. ასევე Volodina, ციტირებული ზემოთ, § 99). ამ კონტექსტში, სასამართლო ასევე მიუთითებს პროკურატურის წარუმატებლობაზე, რომ ჩაეტარებინათ ადეკვატური გამოძიება ოჯახში ძალადობის ბრალდებებზე 2015 წლის ნოემბერში. ევროპული სასამართლოს აზრით, ხელისუფლებამ, რომელიც არ მოქმედებდა სწრაფად და გულმოდგინედ, ხელი შეუწყო დაუსჯელობას რომელმაც წაახალისა გ.კ-ს მიერ ა.ლ-ს წინააღმედგ ძალადობრივი ქმედებების განმეორება (იხ. Talpis, ციტირეუბლი ზემოთ, § 117, სხვა მითითებებთან ერთად).
72. რაც შეეხება რისკის შეფასების ხარისხს, სასამართლო აღნიშნავს, რომ ეროვნული ორგანოები ვალდებულნი იყვნენ დაეცვათ მომჩივნის ქალიშვილი, როგორც ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი, შემდგომი ძალადობის რეალური და უშუალო საფრთხისგან და ამ კუთხით, რეგულარულად უნდა შეეფასებინათ რისკი, როგორც კონვენციით გათვალისწინებული მათი ვალდებულების განუყოფელი ნაწილი (იხ. Volodina, ციტირებული ზემოთ, § 86) და მისი განმეორებადი ხასიათი. სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ ოჯახში ძალადობის დინამიკა სათანადოდ უნდა იყოს გათვალისწინებული ხელისუფლების მიერ ძალადობის შემდგომი ესკალაციის რისკის შეფასებისას, თუნდაც შემაკავებელი ორდერის გამოცემის შემდეგ (იხ. Kurt, ციტირებული ზემოთ, § 175). საქმის მასალებში არაფერია იმ ვარაუდისთვის, რომ ზემოაღნიშნული ოჯახში ძალადობის თექვსმეტი შემთხვევიდან რომელიმეზე თბილისის პოლიციამ სცადა გაეანალიზებინა გ.კ-ს საქციელი იმ კუთხით, შეიძლებოდა თუ არა მას მოჰყოლოდა მომავალი ქმედებები (შედარებისთვის იხ. Opuz, ციტირებული ზემოთ, § 147). გარდა სამი შემთხვევისა, როდესაც გამოიცა შემაკავებელი ორდერი, არ ჩანს რომ რაიმე სხვა სავარაუდო ძალადობის ინციდენტს მოჰყვა გამოხმაურება რაიმე ფორმით; როგორც ჩანს, პოლიციას არც კი აქვს შედგენილი ძირითადი ოქმები, რომელიც აჩვენებს რომ მოხდა რისკის შეფასება (იხ., Kurt, ციტირებული ზემოთ, § 174), ან რომ ეცნობა ა.ლ-ს რაიმე ასეთი შეფასების შედეგის შესახებ (იქვე). როგორც ჩანს, ისინი შეშფოთებულნი იყვნენ მხოლოდ ცალკეული შემთხვევების სერიოზულობის საკითხით, ოჯახში ძალადობის კონკრეტული კონტექსტისა და მისი დინამიკის უგულებელყოფით (იხ. Levchuk, ციტირებული ზემოთ, §§ 80 და 86; იხ. ასევე Landi v. Italy, no. 10929/19, §§ 88-90, 7 April 2022). იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვივარაუდებთ, რომ ზოგიერთ ზემოაღნიშნულ შემთხვევაზე რაიმე სახის რისკის შეფასება გაკეთდა, თუმცა არაფორმალურად, ის არ ყოფილა დამოუკიდებელი, პროაქტიული ან ყოვლისმომცველი, როგორც ამას მოითხოვდა (იხ. Kurt, ციტირებული ზემოთ, §§ 169-74). რისკის შეფასების ამ არასაკმარისი სისტემის პირდაპირი შედეგი, უფრო სწორედ მისი არარსებობა, როგორც ამას სახალხო დამცველი საკუთარ მოხსენებაში აღნიშნავს, იყო ის, რომ პოლიციამ ვერ შეაფასა სიტუაცია მთლიანად, რის შედეგადაც 16 იანვარს დაწყებული გამოძიება ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით, შეწყდა (იხ. Tkhelidze, ციტირებული ზემოთ, § 54). როგორც შემდგომში სამოქალაქო სასამართლოებმა ამასთან დაკავშირებით დაასკვნეს, ა.ლ-სა და გ.კ-ს შორის ძალადობრივი ურთიერთობის მთლიანი ისტორიის შესახებ ინფორმაციის შეგროვების მაგივრად (გადაუდებელი შეტყობინებების შენახვა და ანალიზი), შესაბამისმა ორგანოებმა უბრალოდ ამჯობინეს დაესკვნათ, რომ ერთი სილის გაწნა არ იყო საკმარისად სერიოზული ხასიათის, რომ წარმოადგენდეს ოჯახში ძალადობის დანაშაულს.
73. რაც შეეხება იმ საკითხს, იცოდა თუ არა ხელისუფლებამ ან უნდა სცოდნოდა თუ არა, რომ ა.ლ-ს სიცოცხლეს ემუქრებოდა რეალური და უშუალო საფრთხე, სტრასბურგის სასამართლო დაეთანხმება უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებაში მოცემულ დასკვნას, რომ შესაბამისმა სამართალდამცავმა ორგანოებმა იცოდნენ ან უნდა სცოდნოდათ ასეთი რისკის შესახებ. ხელისუფლებას რომ ყველა შემთხვევაზე კუმულაციურად მოეხდინა სათანადო რისკის შეფასება, სავარაუდოდ ისინი გამოიტანდნენ იმ დასკვნას რომ გ.კ. ა.ლ-სთვის წარმოადგენდა რეალურ და უშუალო რისკს, რადგან ეს ცნებები უნდა იქნეს გაგებული ოჯახში ძალადობის კონტექსტში (იხ. Kurt, ციტირებული ზემოთ, §§ 175-76; შედარებისთვის იხ. Tkhelidze, ციტირებული ზემოთ, § 53, და საწინააღმდეგოდ იხ. Tërshana, ციტირებული ზემოთ, § 151). ბოლოს და ბოლოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სამჯერ მიიჩნია ა.ლ-ს ბრალდებები სარწმუნოდ (2012 წლის 6 თებერვლის, 2014 წლის 5 ივლისის და 2015 წლის 16 იანვრის შემთხვევებზე) იმისათვის, რომ გ.კ-ს წინააღმდეგ გამოეცა შემაკავებელი ორდერები. თუმცა, არ ჩანს, რომ ა.ლ-ს საჩივრებზე პასუხისმგებელ პირებს გავლილი ჰქონდათ ტრენინგი ოჯახში ძალადობის დინამიკაზე, როგორც ამას სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართალი მოითხოვს, რომლის მნიშვნელობაც უკვე აღიარებულია სასამათლოს მიერ (იხ. Kurt, ციტირებული ზემოთ, § 172).
74. რაც შეეხება იმას, მიიღო თუ არა ხელისუფლებამ ადეკვატური პრევენციული ზომები მოცემულ გარემოებებში, მომჩივნის ქალიშვილის დასაცავად გატარებული ერთადერთი ოპერატიული ღონისძიება იყო სამი შემაკავებელი ორდერი რომლებიც გამოიცა გ.კ-ს წინააღმდეგ. თუმცა, როგორც ეროვნულმა სამოქალაქო სასამართლოებმა დაადგინეს, ეს არ იყო საკმარისი. მართლაც, როგორც უზენაესმა სასამართლომ 2022 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებაში დაადგინა, პოლიციამ და პროკურატურის ორგანოებმა, სხვა საკითხებთან ერთად, ვერ შეასრულეს თავიანთი ვალდებულებები, არ დაიწყეს სათანადო სისხლის სამართლის გამოძიება წლების განმავლობაში ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობასთან დაკავშირებით რომელიც განიცადა ა.ლ-მ. უზენაესი სასამართლოს აზრით, ამ წარუმატებლობის პირდაპირი შედეგი იყო მისი სიკვდილი. ევროპულ სასამართლოს არ შეუძლია არ აღნიშნოს, რომ სამართალდამცავი ორგანოების არასაკმარისი პასუხი წინამდებარე საქმეში, როგორც ჩანს, განსაკუთრებით საგანგაშოა როდესაც ხდება საქართველოს ხელისუფლების მიერ დოკუმენტირებული და განმეორებითი წაუმატებლობა ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციასა და შეჩერებასთან დაკავშირებით, მათ შორის, ოჯახში ძალადობის კონტექსტში (იხ. Tkhelidze, §§ 56-57, და A and B v. Georgia, § 49, ორივე ციტირებული ზემოთ).
75. ზემოაღნიშნული მოსაზრებებიდან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ მოპასუხე სახელმწიფომ დაარღვია კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისიწინებული თავისი არსებითი პოზიტიური ვალდებულებები მე-14 მუხლთან ერთობლიობაში.
კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება76. კონვენციის 41-ე მუხლის მიხედვით:
„თუ სასამართლო დაასკვნის, რომ დაირღვა კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლება, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდა სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.“
ა. ზიანი
77. მომჩივანმა მოითხოვა 35.000 ევრო მორალური ზიანის ასანაზღაურებლად. მან ასევე მოითხოვა, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიეთითებინა მოპახუსე სახელმწიფოსთვის, რომ არსებობდა შემდეგი ოთხი ზოგადი ღონისძიების განხორციელების აუცილებლობა: (i) შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურაში ავტომატური შიდა განხილვისა და ანგარიშვალდებულების მექანიზმების ჩამოყალიბება; (ii) ქალთა ყველა გარდაცვალების შემთხვევა, რომელიც დაკავშირებულია ოჯახში და სხვა გენდერულ ძალადობასთან, გამოძიებული იქნეს როგორც შესაძლო ფემიციდი; (iii) სიკვდილიანობის რისკის საფუძვლიანი შეფასების უზრუნველყოფა; და (iv) უზრუნველყოფა, რომ ფემიციდის მსხვერპლთა ოჯახის წევრებმა იპოვონ სამართალი.
78. მთავრობამ განაცხადა, რომ თუ სასამართლო დაადგენდა, რომ მომჩივანს მიადგა არამატერიალური ზიანი, მას უნდა გაეთვალისწინებინა ის ფაქტი, რომ ეროვნული სამართალწარმოების ფარგლებში, მან უკვე მიიღო 50.000 ქართული ლარი.
79. სასამართლო აღიარებს, რომ მომჩივანს მიადგა მორალური ზიანი, რომლის ანაზღაურებაც შეუძლებელია მხოლოდ დარღვევის დადგენით. გაითვალისწინა რა ეროვნულ სამართალწარმოებაში უკვე მინიჭებული კომპენსაცია, სახელმწიფოს დააკისრა მისთვის 20.000 ევროს ანაზრაურება (შედარებისთვის Tkhelidze, § 65, და A and B v. Georgia, § 53, ორივე ციტირებული ზემოთ).
80. რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას მოპასუხე სახელმწიფოსთვის დამატებითი ზომების მიღების შესახებ, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე სახელმწიფომ უნდა აირჩიოს, მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობის ქვეშ, ის საშუალებები რომლებსაც გამოიყენებს კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, მათ შორის, ქალთა მიმართ ძალადობის ბრალდებების ფონზე სამართალდამცავი ორგანოების დისკრიმინაციული პასიურობის პრობლემასთან დაკავშირებით (იხ. A and B v. Georgia, ციტირებული ზემოთ, § 54, სხვა მითითებებთან ერთად).