© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2013. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2013. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
მეორე სექცია
საქმე „გალიანო ჯორჯი იტალიის წინააღმდეგ“
(საჩივარი № 23563/07)
(ამონარიდები)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
6 მარტი, 2012 წ.
საბოლოო
24/09/2012
წინამდებარე გადაწყვეტილება ძალაშია შესული კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად. იგი, შესაძლოა, დაექვემდებაროს სარედაქციო გადასინჯვას.
საქმეზე „გალიანო ჯორჯი იტალიის წინააღმდეგ“
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მეორე სექცია) პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ფრანსუაზ ტულკენსი, თავმჯდომარე,
დანუტ ჯოჩიენი,
დრაგოლიუბ პოპოვიჩი,
იშილ კარაკაში,
გვიდო რაიმონდი,
პაულო პინტო დე ალბუკერკე,
ჰელენ კელერი, მოსამართლეები,
და ფრანსუაზ ელენ-პასო, სექციის სასამართლო გამწესრიგებლის მოადგილე,
2012 წლის 14 თებერვლის დახურული თათბირის შედეგად, იმავე დღეს მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:
ფაქტები
1. მომჩივანი, ბ-ნი მარიო გალიანო ჯორჯი, იტალიის მოქალაქეა; იგი 1949 წელს დაიბადა და ცხოვრობს მილანში. სასამართლოში საჩივარი შევიდა 2007 წლის 31 მაისს. მომჩივანს სასამართლოზე წარმოადგენდნენ მილანში მოღვაწე ადვოკატები, ბ-ნი ბ. ნასკიმბენე და ქ-ნი მ.ს. მორი. იტალიის მთავრობის (შემდეგში „მთავრობა“) წარმომადგენელი იყო ქ-ნი ე. სპატაფორა და, მასთან ერთად, ბ-ნი ნ. ლეტიერი.
I. საქმის გარემოებები
2. მხარეების მიერ წარმოდგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები მოკლედ შეიძლება შემდეგნაიარად გადმოიცეს.
ა. მთავარი პროცესი
3. მომჩივანი მილანის პოლიციის ორგანოს (Questura) საიმიგრაციო ბიუროს ინსპექტორი იყო.
4. 1988 წლის 5 სექტემბრის ბრძანებით, რომელიც მას მომდევნო დღეს ჩაბარდა, მილანის საოლქო სასამართლოს პროკურატურამ მომჩივანს აცნობა, რომ მის წინაღმდეგ საქმე იყო აღძრული გამოძალვისთვის (სისხლის სამართლოს კოდექსის 317-ე და 81-ე მუხლები) და მომჩივნის სახლის, მანქანისა და ოფისის ჩხრეკის ორდერი გასცა, რაც 1988 წლის 6 სექტემბერს ჩატარდა.
5. 1988 წლის 9 სექტემბერს მომჩივანს კომპიუტერი ჩამოართვეს.
6. 1989 წლის 20 მარტს მილანის საოლქო სასამართლოს გამომძიებელმა მოსამართლემ ჩხრეკის ახალი ორდერები გასცა; ჩხრეკა მომდევნო დღეს ჩატარდა. 1989 წლის 20 მარტს მოსამართლემ ორდერი გასცა გამოძალვისა (სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე და 81-ე მუხლები) და გაყალბების (იმავე კოდექსის 479-ე მუხლი) ბრალდებებით მომჩივნის დაკავების შესახებ. მომჩივანს ბრალად ედებოდა უცხოელებზე, რომელთაც ბინადრობის საბუთები ესაჭიროებოდათ, ზეწოლა ან მათი იძულება, რომ მისთვის გადაეხადათ ფული საიმიგრაციო ბიუროდან საბუთების მისაღებად და ის, რომ შეცვალა უცხო ქვეყნის იმ მოქალაქის ჩვენებები, ვინც ამ პრაქტიკის შესახებ განაცხადა. მოსამართლემ ასევე ექვსი სხვა პირის დაკავების ორდერი გასცა, ვინც ამავე საქმიანობაში იყო ჩართული.
7. 1989 წლის 21 მარტს მილანის პრეფექტმა (Questore) მომჩივანს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერა.
...
11. 1989 წლის 21 ივნისს, მომჩივნის მესამე შუამდგომლობის პასუხად, მოსამართლემ მისი გათავისუფლება ბრძანა იმ მოტივით, რომ პროკურატურას საკმარისი მტკიცებულებები ჰქონდა მოგროვებული და, ამდენად, აღარ არსებობდა საფრთხე, რომ მომჩივანი მტკიცებულებებს დამალავდა.
12. 1990 წლის 25 იანვარს მოსამართლემ დაადგინა, რომ მომჩივანი მილანის საოლქო სასამართლოს წინაშე წარდგებოდა (RG no.185/90). სასამართლოს წინაშე წარდგებოდა ასევე შვიდი სხვა პირი.
13. 1990 წლის 8-დან 23 მაისამდე სასამართლოს ექვსი სხდომა გაიმართა, სადაც ფაქტობრივი გარემოებები განიხილეს და ჩვენებები მოისმინეს. 1990 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით, რომელიც 1990 წლის 22 ივნისს წარედგინა სამდივნოს, სასამართლომ მომჩივანი დამნაშავედ სცნო გამოძალვასა და გაყალბებაში, მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა ოთხი წლისა და ექვსი თვის ვადით და სამუდამოდ აუკრძალა საჯარო სამსახურში საქმიანობა.
14. 1990 წლის 26 მაისს მომჩივანმა ეს გადაწყვეტილება მილანის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა (RG no. 4630/90), ითხოვდა რა საქმის ხელახალ გამოძიებას და განხილვებს, გამართლებას ან წარდგენილი ბრალის მექრთამეობად გადაკვალიფიცირებას.
15. 1990 წლის 5 ივლისს მონცას საოლქო სასამართლოში, მილანის სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის პროცესში საკომუნიკაციოდ მომჩივანმა S. Zenone al Lambro-ს მუნიციპალიტეტი (მილანი), სადაც ქ-ნი ვ.ს. ცხოვრობდა, აირჩია თავის მისამართად.
...
18. 1993 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით, რომელიც 1993 წლის 22 დეკემბერს წარედგინა სამდივნოს, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა მომჩივნის გამამტყუნებელი განაჩენი მის წინააღმდეგ გამოძალვის ზოგიერთ ბრალდებასთან დაკავშირებით და დაადგინა გამოძალვისა და გაყალბებისთვის სასჯელის საერთო შემცირებული ვადა - სამი წელი და რვა თვე.
19. 1993 წლის 24 დეკემბერს მომჩივანმა საკასაციო საჩივარი შეიტანა, უპირველესად ითხოვდა რა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმებულიყო, რადგან 1993 წლის 18 მაისის სასამართლო განხილვის შესახებ უწყება მისი ადვოკატის მისამართზე მივიდა და არა იმ მისამართზე, რომელიც მან 1990 წლის 5 ივლისს აირჩია. ალტერნატივის სახით, ის კვლავ აყენებდა შუამდგომლობას ბრლდაბების მექრთამეობად გადაკვალიფიცირების შესახებ.
20. 1994 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით, რომელიც 1994 წლის 1 დეკემბერს წარედგინა სამდივნოს, საკასაციო სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა და საქმე გადასცა იმავე სასამართლოს სხვა სექციას, inter alia, იმის გამო, რომ სასამართლო უწყება არასწორ მისამართზე იყო მიტანილი.
21. ამასობაში, 1994 წლის 10 მარტს მილანის Questore-მ შეცვალა გადაწყვეტილება მომჩივნისთვის სამსახურებრივი უფლებამისლების შეჩერების შესახებ. მომჩივანი ტურინის Questura-ში გადაიყვანეს.
22. მხარეთა არგუმენტების მოსმენა მილანის სააპელაციო სასამართლოში (RG no. 2637/94) 1996 წლის 29 იანვარს იყო ჩანიშნული. დაუზუსტებელია თარიღი, როცა სააპელაციო სასამართლომ გადაწყვიტა საქმე მომჩივნის დაუსწრებლად in absentia განეხილა.
23. 1996 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით, რომელიც 1996 წლის 30 აპრილს წარედგინა სამდივნოს, სააპელაციო სასამართლომ, მას შემდეგ, რაც ბრალდებები „მექრთამეობად“ გადააკვალიფიცირა, განაცხადა, რომ სისხლის სამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა ამოწურული იყო. მან მომჩივანს გაყალბებისთვის მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით, თავისუფლების აღკვეთის ვადა პირობით მსჯავრად დაუწესა და, დამატებითი სასჯელის სახით, ერთი წლით აუკრძალა საჯარო სამსახურში საქმიანობა.
24. 1996 წლის ივლისამდე (ზუსტი თარიღი უცნობია) მომჩივანმა ახალი საკასაციო საჩივარი შეიტანა. მან მიუთითა, რომ მის მიერ არჩეულ მისამართზე, სადაც ქ-ნი ვ.ს. ცხოვრობდა, უწყების გაგზავნისას სასამართლოს სამდივნომ შეკვეთილი წერილი შეცდომით ქ-ნი ვ.ს.-ს, და არა - მომჩივნის, სახელზე გაგზავნა.
25. 1997 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, რომელიც 1997 წლის 18 ოქტომბერს წარედგინა სამდივნოს, საკასაციო სასამართლომ მომჩივანს საკასაციო საჩივრი მიიღო და საქმე სააპელაციო სასამართლოს სხვა სექციას დაუბრუნა.
26. დაუზუსტებელია თარიღი, როცა სააპელაციო სასამართლოს სამდივნოს მიერ გაგზავნილი 1998 წლის 26 მარტის სასამართლო განხილვაზე (RG no. 4288/97) დასწრების შესახებ უწყება მომჩივნის ერთ-ერთ ადვოკატს ჩაბარდა.
27. იმავე დღეს სააპელაციო სასამართლომ უწყება ბათილად და ძალადაკარგულად გამოაცხადა და პოლიციას დაავალა, რომ 1998 წლის 11 ივნისის სასამართლო განხილვის შესახებ უწყება მიეტანა ქ-ნი ვ.ს.-ს მისამართზე და ტურინის Questura-ში, სადაც, ამასობაში, მომჩივანს მუშაობა დაეწყო.
28. 1998 წლის 11 ივნისის სასამართლო განხილვის შემდეგ, იმავე დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, რომელიც 1998 წლის 24 ივნისს წარედგინა სამდივნოს, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მექრთამეობის ბრალდების ხანდაზმულობის ვადა ამოწურული იყო და ძალაში დატოვა გაყალბებისთვის ერთი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, თუმცა პირობითი მსჯავრის სახით, ხოლო როგორც დამატებითი სასჯელი - მომჩივანს ერთი წლით აეკრძალა საჯარო სამსახურში დასაქმება.
29. 1998 წლის 2 ოქტომბერს მომჩივანმა საკასაციო საჩივარი კიდევ ერთხელ შეიტანა. ის აცხადებდა, რომ 1998 წლის 11 ივნისის სასამართლო მოსმენის შესახებ უწყებაში, რომელიც ქ-ნი ვ.ს.-ს საცხოვრებელ მისამართზე მიიტანეს, უფლებამოსილი სასამართლო ორგანო სწორად არ იყო მითითებული, ხოლო უწყება, რომელიც Questura-ში, სადაც თავად მუშაობდა, მიიტანეს, არ იყო იურიდიული ძალის მქონე, რადგან ის მის ხელმძღვანელ პირს ჩააბარეს.
30. 1999 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით, რომელიც 1999 წლის 29 აპრილს წარედგინა სამდივნოს, საკასაციო სასამართლომ მომჩივნის საჩივარი არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ, იმ სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, როცა უწყება ადრესატის სამსახურეობრივ ზემდგომს ბარდებოდა, ის ადრესატისთვის ჩაბარებულად ითვლებოდა და, ამდენად, უწყება ძალაში იყო.
ბ. პირველი საჩივარი ევროპულ სასამართლოში
31. 1999 წლის 12 ოქტომბერს მომჩივანმა სასამართლოში შეიტანა საჩივარი №52228/99, რომელიც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცესის სამართლიანობას ეხებოდა.
32. 2002 წლის 8 ნოემბერს სასამართლომ, კონვენციის 28-ე მუხლის შესაბამისად, განაცხადა, რომ საჩივარი აშაკარად დაუსაბუთებელი იყო.
გ. პროცედურა „Pinto“
33. 2001 წლის 16 ოქტომბერს მომჩივანმა, „Pinto-ს კანონის“ შესაბამისად, ბრეშიას სააპელაციო სასამართლოს მიმართა და მოითხოვა 60,000,000 იტალიური ლირა (30,987 ევრო) მატერიალური და მორალური ზიანისთვის, რაც სავარაუდოდ განიცადა ძირითადი სასამართლო პროცესის ხანგრძლივობის გამო.
34. 2002 წლის 21 თებერვალს წარდგენილ გადაწყვეტილებაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილი მხოლოდ მილანის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან (1990 წლის 22 ივნისი) სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი გადაწყვეტილების გამოტანამდე (1993 წლის 29 ნოემბერი) პერიოდთან მიმართებაში. იმის გათვალისწინებით, რომ მთელმა რიგმა სასამართლოებმა განიხილეს მომჩივნის საქმე, სასამართლომ მიიჩნია, რომ პროცესის სხვა ეტაპებზე გაუმართლებელ შეფერხებებს ადგილი არ ჰქონია. მან მომჩივანს კომპენსაცია არ მიაკუთვნა, მხედველობაში მიიღო რა, რომ მომჩივანმა ვერ დაამტკიცა მატერიალური ან მორალური ზიანის არსებობა და რომ, ნებისმიერ შემთხვევაში, რადგან მომჩივანი მსჯავრდებულად ცნეს ძირითადი პროცესის ბოლოს, ის ვერ განიცდიდდა მორალურ ზიანს პროცესის ხანგრძლივობის გამო.
35. 2002 წლის 24 აპრილს მომჩივანმა საკასაციო საჩივარი შეიტანა. 2003 წლის 24 ოქტომბერს წარდგენილ გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლომ სადავო გადაწყვეტილება გააუქმა, დაადგინა რა, რომ სასამართლო განხილვის არასასურველი შედეგი, თავისთავად, არ გამორიცხავს პროცესის ხანგრძლივობასთან დაკავშირებული მორალური ზიანის არსებობას და, ასევე, რომ პრეტენზია ზიანის შესახებ, რომელიც პროცესის ზედმეტად გახანგრძლივებამ გამოიწვია, დასაბუთებული უნდა ყოფილიყო. საქმე უკან დაუბრუნდა ბრეშიას სააპელაციო სასამართლოს.
36. 2004 წლის 20 აპრილს მომჩივანმა სასამართლოს მიმართა და ამტკიცებდა, inter alia, რომ 2003 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების შემდეგ პლენარულმა საკასაციო სასამართლომ ოთხი გადაწყვეტილება გამოიტანა (№1338, №1339, №1340 და №1341, 2004 წელი), სადაც დაადგინა, რომ არ იყო აუცილებელი მორალური ზიანის არსებობის დამტკიცება.
37. 2004 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით, რომელიც 2004 წლის 21 ივლისს წარედგინა, სააპელაციო სასამართლომ საჩივარი უარყო იმ მოტივით, რომ პლენარული საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე პრინციპები არ იყო პირდაპირ გამოყენებადი საქმის ხელმეორედ განხილვის შემთხვევაში და რომ მომჩივანმა არ დაასაბუთა მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ მისი მოთხოვნა, რაც მას უნდა გაეკეთებინა. მან ასევე დაადგინა, რომ მომჩივნის ინტერესებში იყო პროცესის გახანგრძლივება, რომ დანაშაულების, რომლებშიც მას ბრალი ედებოდა, სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა ამოწურულიყო.
38. 2004 წლის 15 ნოემბერს მომჩივანმა საკასაციო საჩივარი შეიტანა. 2006 წლის 6 დეკემბერს წარდგენილი გადაწყვეტილებით საკასაციო სასამართლომ საჩივარი არ დააკმაყოფილა და მომჩივანს სასამართლო ხარჯებისთვის 3,000 ევროს გადახდა დააკისრა.
...
სამართალი
I. კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლ ნაწილთან დაკავშირებული საჩივრები
...
ა. ძირითადი პროცესის ხანგრძლივობა და „Pinto“-ს პროცედურის მეშვეობით უფლების აღდგენის შეუძლებლობა
50. სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანი ჩიოდა კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევის შესახებ, რადგან მას არ მიუღია არანაირი კომპენსაცია მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისთვის, რაც სასამართლოს სამ ინსტანციაში ათი წელი და შვიდი თვე მიმდინარეობდა.
მნიშვნელოვანი ზიანის არარსებობა
51. 2010 წლის 20 მაისის მოსაზრებებში მთავრობა ამტკიცებდა, რომ მომჩივანს არანაირი მნიშვნელოვანი ზიანი არ განუცდია. მთავრობა უთითებდა კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 ნაწილის (ბ) პუნქტის ტექსტზე (მე-14 ოქმით შეტანილი ცვლილების გათვალისწინებით), რომლის მიხედვითაც სასამართლოს შეუძლია საჩივარი დაუშვებლად გამოაცხადოს, თუ მიიჩნევს, რომ „მომჩივანს არ განუცდია მნიშვნელოვანი ზიანი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კონვენციითა და მისი ოქმებით განსაზღვრული ადამიანის უფლებების დაცვა მოითხოვს ამგვარი საჩივრის არსებითი მხარის განხილვას და იმ პირობით, რომ ზემოაღნიშნული საფუძვლით ვერც ერთი ის საქმე ვერ იქნება უარყოფილი, რომელიც ეროვნული სასამართლოების მიერ სათანადოდ არ ყოფილა განხილული“.
52. კერძოდ, მთავრობა ამტკიცებდა, რომ განსახილველი პროცესის გახანგრძლივებით მომჩივანს საშუალება მიეცა, სასჯელი შემსუბუქებოდა, რადგან მექრთამეობის ბრალდების ხანდაზმულობის ვადა ამოწურულად გამოცხადდა.
53. მომჩივანმა უარყო მისი ობსტრუცქიული ქცევის შესახებ მთავრობის არგუმენტები და ის, რომ საჩივრის ხანდაზმულობის შესახებ კანონის გამოყენებით მან რაიმე სარგებელი მიიღო. კერძოდ, ის ამტკიცებდა, რომ, რადგან სააპელაციო სასამართლოს 1996 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით მას სასჯელი უკვე უკვე პირობითი მსჯავრის სახით ჰქონდა შეფარდებული, სასამართლო დევნის ხანდაზმულობის ვადის ამოწურულად გამოცხადების შესახებ ფაქტს მის სასჯელზე არსებითი გავლენა არ მოუხდენია.
54. სასამართლო აღნიშნავს, რომ „მნიშვნელოვანი ზიანის“ შესახებ დასაშვებობის ახალი კრიტერიუმის მიზანია, შესაძლებელი გახდეს დაუსაბუთებელი საქმეების უფრო სწრაფად უარყოფა და, შესაბამისად, სასამართლოს შეეძლოს, კონცენტრირდეს თავის ცენტრალურ მისიაზე - უზრუნველყოს კონვენციითა და მისი ოქმებით გარანტირებული უფლებების სამართლებრივი დაცვა (იხილეთ სტეფანესკუ რუმინეთის წინააღმდეგ (განჩინება), №11774/04, 2011 წლის 12 აპრილი, § 35).
55. ახალი კრიტერიუმი, რომელიც ინსპირირებულია ზოგადი პრინციპით de minimis non curat praetor, უკავშირდება იდეას, რომ უფლების დარღვევა, მიუხედავად მისი არსებობისა წმინდა იურიდიული თვალსაზრისით, სიმძიმის მინიმალურ დონეს უნდა აღწევდეს, რომ უზრუნველყოფილი იყოს საერთაშორისო სასამართლოზე მისი განხილვა (იხილეთ კოროლევი რუსეთის წინააღმდეგ (განჩინება), №25551/05, 2010 წლის 1 ივლისი). ამ მინიმალური დონის შეფასება, ბუნებრივია, ფარდობითია და საქმის ყველა გარემოების ერთობლიობაზეა დამოკიდებული (იხილეთ ზემოხსენებული კოროლევი და, mutatis mutandis, სოერინგი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 1989 წლის 7 ივლისი, § 100, Series A no. 161). დარღვევის სიმძიმე უნდა შეფასდეს როგორც მომჩივნის სუბიექტური აღქმების, ისე იმის გათვალისწინებით, ობიექტურად რა დევს სასწორზე კონკრეტულ საქმეში.
56. საკუთარი პრეცედენტული სამართლით დადგენილი კრიტერიუმების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ იმის განსაზღვრისას, უფლების დარღვევა სიმძიმის მინიმალურ დონეს აღწევს თუ არა, მხედველობაში მიღებული უნდა იყოს, inter alia, შემდეგი ფაქტორები: სავარაუდოდ დარღვეული უფლების ბუნება, სავარაუდო დარღვევის ზეგავლენის სერიოზულობა უფლების განხორციელებაზე და/ან დარღვევის შესაძლო გავლენა მომჩივნის პირად სიტუაციაზე (იხილეთ ჯუსტი იტალიის წინააღმდეგ, №13175/03, § 34, 2011 წლის 18 ოქტომბერი).
57. წინამდებარე საქმეში სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი პროცესის ხანგრძლივობის გამო, 1998 წლის 11 ივნისს სააპელაციო სასამართლომ გამოაცხადა, რომ მექრთამეობის ბრალდების ხანდაზმულობის ვადა ამოწურული იყო და რომ ამან გამოიწვია მომჩივნისთვისთვის სასჯელის შემცირება, რადგან იმ ორი დანაშაულიდან, რაშიც მას ბრალი ედებოდა, მექრთამეობა უფრო მკაცრ სასჯელს ითვალისწინებდა მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოში წარდგენილ მასალებში არ იყო მითითებული სასჯელის შემცირების ზუსტი მასშტაბი; არც ის იყო ცხადი, არსებობდა თუ არა, საბოლოო ჯამში, რაიმე კავშირი სასჯელის შემცირებასა და „გონივრული ვადის“ მოთხოვნის დარღვევას შორის. გარდა ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანმა გადაწყვიტა, უარი არ ეთქვა ხანდაზმულობის ვადის ამოწურვის შესახებ წესით სარგებლობაზე, რის უფლებასაც მას იტალიის კანონმდებლობა ანიჭებდა. ამ გარემოებებში სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის შემცირებამ, სულ მცირე, აანაზღაურა ან მნიშვნელოვნად შეამცირა ის ზიანი, რაც, ჩვეულებრივ, თან სდევს სისხლის სამართლის პროცესის ზედმეტად გახანგრძლივებას. გარდა ამისა, სასამართლო რელევანტურად არ მიიჩნევს მომჩივნის მოსაზრებებს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ 1996 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით მას პირობითი სასჯელი (იხილეთ ზემოთ § 23). ამასთან მიმართებაში სასამართლო აღნიშნავს, რომ იმავე გადაწყვეტილებაში მილანის სააპელაციო სასამართლომ მექრთამეობის ბრალდების ხანდაზმულობის ვადა უკვე ამოწურულად გამოაცხადა.
58. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივანს არ განუცდია „მნიშვნელოვანი ზიანი“ საქმის გონივრულ ვადაში განხილვის უფლებასთან მიმართებაში.
59. რაც შეეხება იმას, კონვენციითა და მისი ოქმებით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვა მოითხოვს თუ არა საჩივრის არსებითი მხარის განხილვას, სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ეს ცნება მითითებას აკეთებს კონვენციის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 38-ე მუხლის 1-ლი ნაწილის გამოყენების უკვე განსაზღვრულ პირობებსზე (კონვენციის მე-14 ოქმის წინანდელ ვერსიაში). კონვენციის ინსტიტუტები ამ დებულებებს ერთგვაროვნად განმარტავენ, როგორც დებულებებს, რომლებიც მოითხოვს საქმის განხილვის გაგრძელებას მაშინაც კი, როცა მორიგება მიღწეულია ან საჩივრის განსახილველ საქმეთა ნუსხიდან ამორიცხვის საფუძვლები არსებობს. თუმცა ასევე დადგინდა, რომ ამგვარი განხილვა საჭირო არ არის, როცა არსებობს ცხადი და ყოვლისმომცველი პრეცედენტული სამართალი კონვენციასთან დაკავშირებულ იმ საკითხზე, რომელიც სასამართლოში შეტანილ საქმეშია წამოჭრილი (იხილეთ, სხვა წყაროებს შორის, ვან ჰუტენი ნიდერლანდების წინააღმდეგ (საქმის ამორიცხვა), №25149/03, ECHR 2005-IX და კავაკი თურქეთის წინააღმდეგ (განჩინება), №34719/04 და №37472/05, 2009 წლის 19 მაისი).
60. წინამდებარე საქმეში სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ევროპული საზოგადოებრივი წესრიგის (რომლის ინსტრუმენტებიცაა კონვენცია და მისი ოქმები) ინტერესებიდან გამომდინარე რაიმე იპერატივი, რაც საჭიროს გახდიდა საჩივრის განხილვის.
61. საჩივარი სისხლის სამართლის პროცესის ხანგრძლივობის გონივრულობას ეჭვქვეშ აყენებს; კერძოდ კი - მთავარი პროცესის ხანგძლივობის საკითხს წამოჭრის „Pinto-ს კანონით“ გათვალისწინებული სამართლებრივი გასაჩივრების საშუალების კონტექტსში, რაზეც სასამართლოს მდიდარი პრეცედენტული სამართალი არსებობს (იხილეთ, სხვა წყაროებს შორის, კოკიარელა იტალიის წინააღმდეგ [დიდი პალატა], №64886/01, ECHR 2006‑V; სიმალდონე იტალიის წინააღმდეგ, №22644/03, 2009 წლის 31 მარტი; და ლაბიტა იტალიის წინააღმდეგ [დიდი პალატა], №26772/95, ECHR 2000‑IV).
62. ამგვარ პირობებში სასამართლო მიიჩნევს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვა ამ საჩივრის განხილვის გაგრძელებას არ მოითხოვს.
63. დასასრულ, რაც შეეხება ახალი კრიტერიუმით დასაშვებობის მესამე პირობას, კერძოდ, რომ ვერც ერთი საჩივარი ვერ იქნება უარყოფილი, თუ ის „ეროვნული სასამართლოს მიერ სათანადოდ არ ყოფილა განხილული“, სასამართლო აღნიშნავს, რომ მისი მიზანია იმის უზრუნველყოფა, რომ თითოეული საქმის სასამართლო განხილვა მოხდეს ეროვნულ ან ევროპულ დონეზე. ეს პირობა ასევე თანხვედრაშია სუბსიდიურობის პრინციპთან, რომელიც, განსაკუთებით, კონვენციის მე-13 მუხლშია ასახული და რომელიც მოითხოვს, რომ დარღვევების სამართლებრივი გასაჩივრების ქმედითი საშუალება ხელმისაწვდომი იყოს ეროვნულ დონეზე (იხილეთ ზემოხსენებული კოროლევი). დაცვის ზემოთ განხილულ პირობასთან ერთად იგი უზრუნველყოფს, რომ სასამართლომ განიხილოს სერიოზული საკითხები, რომლებიც კონვენციისა და მისი ოქმების გამოყენებას ან ინტერპრეტაციას შეეხება, ან მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ეროვნულ კანონმდებლობას უკავშირდება (იხილეთ მე-14 ოქმის 83-ე მუხლის განმარტებითი ანგარიში).
64. წინამდებარე საქმეში სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის პროცესის ხანგრძლივობის საკითხი „Pinto“-ს კანონმდებლობის მიზნებისთვის ორჯერ განიხილეს უფლებამოსილმა სასამართლოებმა (სააპელაციო სასამართლომ და საკასაციო სასამართლომ); ამ უკანასკნელს მომჩივანმა წარუდგინა საკასაციო საჩივრის არგუმენტაცია ქვედა ინსტანციის სასამართლოს იმ გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომლის თანახმადაც მას კომპენსაცია არ მიეკუთვნა.
65. ამ გარემოებებში სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმე ეროვნული სასამართლოს მიერ სათანადოდ იქნა განხილული და არც ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც შეეხებოდა კონვენციის გამოყენებას ან ინტერპრეტაციას, ან უკავშირდებოდა ეროვნულ კანონმდებლობას, პასუხგაუცემელი არ დარჩენილა.
66. მხედველობაში იღებს რა ზემოთქმულს და კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 ნაწილის (ბ) პუნქტსა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილში მოცემულ პირობებს, სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს საჩივარი უნდა გამოცხადდეს დაუშვებლად, კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 ნაწილის (ბ) პუნქტისა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
...
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ერთხმად
1. აცხადებს „Pinto“-ს პროცესის გახანგრძლივებასთან დაკავშირებულ საჩივარს დასაშვებად, ხოლო საჩივრის დანარჩენ ნაწილს - დაუშვებლად;
...
გადაწყვეტილება შედგენილია ფრანგულ ენაზე და წერილობითი შეტყობინება მის შესახებ გაიგზავნა 2012 წლის 6 მარტს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად.
ფრანსუაზ ელენ-პასოფრანსუაზ ტულკენსი
სასამართლო გამწესრიგებლის მოადგილეთავმჯდომარე
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2013
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2013
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy