დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე 98
2007 წლის ივნისი
გარაბაევი რუსეთის წინააღმდეგ (Garabayev v. Russia)
(საჩივარი- 38411/02)
გადაწყვეტილება, 7 ივნისი, 2007 [1-ლი სექცია]
მე-3 მუხლი
ექსტრადიცია
პირის დაკავება ეროვნული კანონმდებლობის დარღვევით და მისი ექსტრადიცია იმ გარემოებებში, როდესაც ხელისუფლების ორგანოებისთვის ცნობილი იყო, რომ მომჩივანი არასათანადო მოპყრობის რეალური რისკის ქვეშ იმყოფებოდა: დარღვევა
ფაქტები – მომჩივანი რუსეთისა და თურქმენეთის მოქალაქე იყო. 2002 წლის სექტემბერში თურქმენეთის ხელისუფლების ორგანოებმა მოსთხოვეს რუსეთის ხელისუფლების ორგანოებს მისი დაპატიმრება და ექსტრადიცია სავარუდოდ მის მიერ ჩადენილი საბანკო დანაშაულებების გამო. მომჩივანი დააკავეს მოსკოვში და მოათავსეს საპატიმროში. მისმა ადვოკატმა რუსეთის ხელისუფლების ორგანოებს განუცხადა, რომ მისი, როგორც რუსეთის მოქალაქის, თურქმენეთში ექსტრადიცია არ შეიძლებოდა. მან ასევე მიუთითა ადამიანის უფლებების ანგარიშებზე, რომლებიც მიანიშნებდა, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში მომჩივანი წამების ან არადაამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის რისკის ქვეშ აღმოჩნდებოდა. რუსეთის არასამთავრობო ორგანიზაციამ და სახელმწიფო დუმას (პარლამენტის) წევრმა, მომჩივნის რუსეთის მოქალაქეობაზე ხაზგასმით, ასევე შეატყობინეს ხელისუფლების ორგანოებს წამების რისკისა და სამართლიანი სასამართლო უფლების გარანტიების არარასებობის შესახებ. 2002 წლის 18 და 24 ოქტომბერს მომჩივნის ადვოკატმა გაასაჩივრა მომჩივნის დაკავებისა და ექსტრადიციის შესახებ ბრძანებები საქალაქო სასამართლოში, რომელმაც განაცხადა, რომ არ ჰქონდა უფლებამოსილება, შეესწავლა დაკავებასთან დაკავშირებული საჩივარი; სასამართლომ აგრეთვე უარი თქვა მომჩივნის მონაწილეობის გარეშე განეხილა გადაწყვეტილება ექსტრადიციის შესახებ. 2002 წლის 24 ოქტომბერს მოხდა თურქმენეთში მომჩივნის ექსტრადიცია. მომჩივანი აცხადებს, რომ მას ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების ასლი პირველად აეროპორტში აჩვენეს, ამასთანავე მისი მოთხოვნა ადვოკატის ნახვასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა. 2002 წლის დეკემბერში საქალაქო სასამართლომ განიხილა გადაწყვეტილება მისი ექსტრადიციის შესახებ და დაადგინა, რომ ექსტრადიცია არ იყო კანონიერი, იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი რუსეთის მოქალაქე იყო და აგრეთვე ექსტრადიციის შესახებ ბრძანება ოფიციალურად არ ჩაბარებია მას ან მის ადვოკატს. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მისი დაკავება იყო უკანონო. მომჩივანი დავობდა, რომ თურქმენეთში პატიმრობისას მას ემუქრებოდნენ წამებით და მისი ოჯახის წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებების გატარებით, მას ურტყამდნენ თავში და ზურგზე და ამყოფებდნენ არადამაკმაყოფილებელ პირობებში. იგი დაკითხეს ორჯერ ადვოკატის გარეშე და რუსეთის საკონსულოს წარმომადგენლებს არ მისცეს მასთან შესვლის შესაძლებლობა. 2003 წლის თებერვალში მომჩივანი დააბრუნეს მოსკოვში, სადაც იგი დააკავეს და წინასწარ პატიმრობაში მოათავსეს ქონების მითვისების ბრალდებით. მან მოგვიანებით შეიტყო, რომ საქმის ხელახალი გადასინჯვის შემდეგ დედამისს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს; იგივე სასჯელი შეუფარდეს ასევე მის დასა და ბიძას. 2004 წლის მარტში მომჩივანი დამნაშავედ ცნეს ყალბი დოკუმენტის გამოყენებაში და დააჯარიმეს. სხვა ბრალდებებში ის გამართლდა და შესაბამისად გათავისუფლდა პატიმრობიდან. რუსეთის მთავრობამ მოგვიანებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მისცა გარანტიები, იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი რუსეთის მოქალაქე იყო, არ მოხდებოდა მისი თურქმენეთში ექსტრადიცია.
სამართალი: მე-3 მუხლი– კომპეტენტური ხელისუფლების ორგანოები საკმარისად ინფორმირებულები იყვნენ მომჩივნის ექსტრადიციის შემთხვევაში არასათანადო მოპყრობის რისკის შესახებ, ვინაიდან მომჩივანი, მისი ადვოკატები და სხვადასხვა საჯარო ფიგურები უგზავნიდნენ წერილებს მთავარ პროკურორს. შესაბამისად, მისი ექსტრადიციის დღეს არსებობდა საკმარისი საფუძვლები იმის დასაჯერებლად, რომ იგი მე-3 მუხლით აკრძალული მოპყრობის რეალური რისკის წინაშე იდგა. თუმცა არ მომხდარა მომჩივნის უსაფრთხოებისათვის რაიმე გარანტიებისა და სამედიცინო ანგარიშების ან დამოუკიდებელი დამკვირვებლების ვიზიტების მოთხოვნა ან მოპოვება; მომჩივანმა მისი ექსტრადიციის შესახებ მხოლოდ გადაყვანის დღეს შეიტყო და არ ჰქონდა მისი გასაჩივრების ან ადვოკატთან დაკავშირების შესაძლებლობა; საბოლოოდ, ეროვნულმა სასამართლომ, რომელმაც მას შემდეგ, რაც ექსტრადიცია მოხდა, დაადგინა, რომ ექსტრადიცია იყო უკანონო, ასევე ვერ გაითვალისწინა მე-3 მუხლის მიხედვით გაკეთებული განცხადებები. ის დასკვნა, რომ ხელისუფლების ორგანოებმა ვერ მოახდინეს არასათანადო მოპყრობის რისკების სათანადო შეფასება მომჩივნის ექსტრადიციამდე, განმტკიცდა ექსტრადიციის შემდეგ თურქმენეთში მის მიმართ უდავოდ განხორციელებული მოპყრობით: მომჩივანმა მისი სამთვიანი პატიმრობის უმეტესი დრო გაატარა 10 კვ.მ-ის საკანში, რომელსაც კიდევ სხვა ორ თანამესაკნესთან ერთად ინაწილებდა; მას არ ჰქონდა ვარჯიშის შესაძლებლობა, აგრეთვე უარი ეთქვა კონსულთან შეხვედრაზე და ცხოვრობდა მუდმივ შიშში თავისი სიცოცხლისა და ნათესავების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით; დამატებით, რამდენიმე შემთხვევაში გამომძიებლებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტი – მომჩივანი რუსეთში დაკავებული იყო თურქმენეთში პროკურორის მიერ გაცემული დაკავების ორდერის საფუძველზე, რომელიც არ იყო დამტკიცებული რუსეთის სასამართლოს მიერ და ეწინააღმდეგებოდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დებულებებს. ამგვარად, ექსტრადიციის მოლოდინში მისი დაკავება არ იყო შესაბამისი „კანონით გათვალისწინებულ პროცედურასთან“. გარდა ამისა, საქალაქო სასამართლომ მომჩივნის დაკავება თავიდანვე უკანონოდ ცნო, ვინაიდან შიდასახელმწიფოებრივი სამართალი ცალსახა ფორმულირებით გამორიცხავდა რუსეთის მოქალაქეების ექსტრადიციას. მომჩივნის დაკავების პროცედურული ხარვეზი იმდენად ფუნდამენტური იყო, რომ მისი დაკავება მიჩნეულ უნდა ყოფილიყო თვითნებურად. ეს დასკვნა ასევე გაძლიერდა მომჩივნის ექსტრადიციამდე მისი დაკავების კანონიერების სასამართლო კონტროლის არაარსებობით. შესაბამისად, მომჩივნის დაკავება განსახილველ პერიოდში და თვითნებური და უკანონო იყო.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი– თურქმენეთიდან რუსეთში დაბრუნების შემდეგ, მოსამართლის წინაშე მომჩივნის წარდგენას ერთი თვე და ცხრამეტი დღე დაჭირდა. აღნიშნული პერიოდი არ შეესაბამებოდა მკაცრ მოთხოვნას, რომლის მიხედვით დაკავებული პირები დაუყოვნებლივ უნდა წარედგინონ სასამართლოს.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი– მომჩივნის ექსტრადიციამდე საქალაქო სასამართლომ უარი თქვა, განეხილა მისი დაკავების კანონიერება. თუმცა სასამართლომ საბოლოოდ ეს საკითხი განიხილა, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოხდა მომჩივნის ექსტრადიცია. ამგვარად, მომჩივნის დაკავების კანონიერება შესაბამის დროში არ გამოკვლეულა რომელიმე სასამართლოს მიერ, მიუხედავად ამ კუთხით მისი მოთხოვნებისა. ამრიგად, თუნდაც ჩაითვალოს, რომ მე-5 მუხლით მოთხოვნილი სამართლებრივი დაცვის საშუალება ხელმისაწვდომი იყო შიდასახელმწიფოებრივ სამართალში, მომჩივანს არ ჰქონდა მისი გამოყენების შესაძლებლობა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მსჯელობები დაკავების თვითნებობის შესახებ ასევე იყო პირდაპირ რელევანტური, ვინაიდან ეროვნული სასამართლო უკეთეს მდგომარეობაში უნდა ყოფილიყო, რათა გამოევლინა დაკავების ბრძანებაში არსებული ფუნდამენტური ხარვეზი და გაეცა მომჩივნის გათავისუფლების ბრძანება.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
მე-13 მუხლი (მე-3 მუხლთან ერთობლიობაში) – მომჩივანი ვერ უზრუნველყვეს სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალებით მის საჩივართან დაკავშირებით, რომლის მიხედვით ექსტრადიცია მას არასათანადოდ მოპყრობის რისკის ქვეშ დააყენებდა. კერძოდ, მომჩივანს ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ მისი გადაყვანის დღეს შეატყობინეს; ეროვნული კანონმდებლობის დარღვევით, მას არ ჰქონდა ადვოკატთან დაკავშირების ან საჩივრის წარდგენის შესაძლებლობა; და ხელისუფლების ორგანოებმა ექსტრადიციის განხორციელებამდე არ გამოიკვლიეს მისი შესაბამისობა კონვენციის მე-3 მუხლთან.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
მუხლი 41: 20,000 ევრო არამატერიალური ზიანისათვის.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy