ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებების შესახებ, ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით მეურვეობის საკითხების გადაწყვეტისას.
ლიტვის სახელისუფლებო ორგანოებმა შეძლეს მიეღოთ ადეკვატური და ეფექტური ზომები, საქმეზე რომელიც ეხებოდა განმცხადებლის თავის ქალიშვილებთან გაერთიანებას, რომლებმაც გადაწყვიტეს საკუთარ მამასთან ცხოვრება.
საქმე „ჯ.ბ. ლიტვის წინააღმდეგ“
CASE OF G.B. v. LITHUANIA
განაცხადი N36137/13
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
19 იანვარი, 2016 წ.
ფაქტობრივი გარემოებები
განმცხადებელი, ქ-ნი ჯ.ბ., არის 1975 წელს დაბადებული ლიტვის მოქალაქე, რომელიც ამჟამად ქალაქ მეკენჰაიმში (გერმანიაში) ცხოვრობს.
საქმე ეხებოდა მის ქალიშვილებზე მეურვეობის მინიჭებასთან დაკავშირებულ სამართალწარმოების პროცესს ლიტვაში, რომლებიც მოგვიანებით გასაზრდელად მათ გერმანელ მამას გადასცეს.
2001 წელს ქალბატონი ჯ.ბ. გერმანიის მოქალაქეზე დაქორწინდა და ორი ქალიშვილი შეეძინათ, 2002 და 2003 წლებში. ისინი ყველანი ერთად ცხოვრობდნენ ლიტვაში. 2010 წლის იანვარში ქ-ნმა ჯ.ბ. სასამართლოში შეიტანა განცხადება განქორწინებაზე და ითხოვდა უფლების მინიჭებას, რათა მის ქალიშვილებს მუდმივად ეცხოვრათ მასთან. განქორწინების და მეურვეობის პროცესის განმავლობაში, მშობლებმა, რომლებსაც დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ, არაერთი სარჩელი და შეგეგებული სარჩელი შეიტანეს სასამართლოში მათი შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასთან დაკავშირებით.
2010 წელს მაისში სასამართლოებმა დააკმაყოფილეს ქ-ნი ჯ.ბ-ს მოთხოვნა დროებით დამცავ ღონისძიებასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობდა მეურვეობასთან დაკავშირებული სასამართლო წარმოების დასრულებამდე ქალიშვილების მასთან ცხოვრების უფლებას. 2010 წლის ივნისში ქ-ნი ჯ.ბ. პოლიციას დაუკავშირდა და განაცხადა, რომ გოგონების მამამ კაუნასში ვიზიტის შემდეგ ბავშვები მას აღარ დაუბრუნა. პოლიციამ დაადგინა, რომ გოგონები მამასთან ერთად მარიამპოლეში იყვნენ.
ერთი თვის შემდეგ, მარიამპოლეს რაიონულმა სასამართლომ მამა დაავალდებულა გოგონები დედასთან დაებრუნებინა. ამის შემდეგ, სასამართლოს აღმასრულებლებმა სამჯერ სცადეს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. მესამე ცდაზეც, 2011 წლის თებერვალში აღმასრულებლებმა ვერ შეძლეს გოგონების წამოყვანა, ვინაიდან თვითონ გოგონებმა უარი თქვეს დედასთან ცხოვრებაზე. 2011 წელს მარტში მამას ბრალი წაუყენეს სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო ქალიშვილების დედისთვის დაბრუნებასთან დაკავშირებით და დააჯარიმეს.
საბოლოოდ, ლიტვის სასამართლოებმა დაადგინეს, რომ განქორწინების შემდეგ, რომელიც 2011 წელს ნოემბერში შევიდა ძალაში, ორივე ქალიშვილს უნდა ეცხოვრა თავის მამასთან, ვინაიდან ეს მიჩნეულ იქნა უკეთეს პირობად ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე. ეს ასევე გოგონების სურვილიც იყო, რომლებმაც ჩვენება მისცეს სასამართლოში. გარდა ამისა, სასამართლოები დაეყრდნენ ბავშვზე ზრუნვის ორგანოების, ფსიქოლოგების, ბავშვთა უფლებების ომბუდსმენისა და გოგონების სკოლის წარმომადგენლების ჩვენებებს, მხედველობაში მიიღეს ის გარემოება, რომ მამა სათანადოდ უვლიდა თავის ქალიშვილებს, ხოლო დედასთან კონტაქტი მხოლოდ ეპიზოდური ხასიათის იყო, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ქალიშვილებთან ურთიერთობის უფლება არ იყო შეზღუდული.
სამართალი
I. კონვენციის მერვე მუხლის სავარაუდო დარღვევა
67. განმცხადებელი დავობდა მეურვეობასა და სასამართლოს მიერ საქმის წარმოების პროცესთან დაკავშირებით ლიტვაში, რომლის შედეგად ორივე ქალიშვილი დატოვეს მამასთან საცხოვრებლად. განმცხადებელი დაეყრდნო კონვენციის მერვე მუხლს. აღნიშნული დებულებები ითვალისწინებს შემდეგს:
„1. ყველას აქვს უფლება, რომ დაცული იყოს მისი პირად და ოჯახურ ცხოვრება...
2. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში... სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.“
2. სასამართლოს შეფასება
(ა) ჰქონდა თუ არა ჩარევას ადგილი
87. სასამართლო აცხადებს, რომ ორმხრივი მისაღები ურთიერთობა შვილებსა და მშობლებს შორის ოჯახური ცხოვრების ფუნდამენტური ელემენტია მაშინაც კი, როდესაც ურთიერთობა მშობლებს შორის პრაქტიკულად დანგრეულია და ეროვნულ დონეზე გასატარებელი ღონისძიებები, რომლებიც ხელს უშლის ორივე მხარისთვის მისაღებ ურთიერთობებს, განაპირობებს კონვენციის მერვე მუხლით დაცულ უფლებაში ჩარევას (იხ. ეცჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N25735/94, § 43, ECHR, 2000‑VIII). მოცემულ საქმეში, სასამართლომ მიიჩნია, რაც მთავრობამაც აღიარა, რომ დამცავი ღონისძიებების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებების აღუსრულებლობამ და გადაწყვეტილებამ განმცხადებლის ქალიშვილების საკუთარ მამასთან ცხოვრების შესახებ, გამოიწვიეს განმცხადებლის უფლებაში ჩარევა, რაც მდგომარეობს იმაში, რომ პატივი უნდა სცენ პირად და ოჯახურ ცხოვრებას, რომელიც მერვე მუხლითაა გარანტირებული.
88. ასეთი ჩარევა იწვევს მერვე მუხლის დარღვევას, თუ იგი არ იყო „კანონის შესაბამისად განხორციელებული“ მიზნის ან მიზნების მისაღწევად, რომელიც/რომლებიც ლეგიტიმურია მერვე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად და იყო „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“ (იხ. ვ. გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 8 ივლისი, 1987 წ., § 60, სერია A, N121).
(ბ) „კანონის შესაბამისად”
89. სასამართლო აღნიშნავს, რომ ჩარევა ეფუძნებოდა ადგილობრივ კანონმდებლობას, კერძოდ, ბავშვთა უფლებების დაცვის კანონის 4.1 მუხლს, სამოქალაქო კოდექსის 3.3 და 3.174 მუხლებსა და საერთაშორისო სამართალს, კერძოდ, ბავშვის უფლებათა კონვენციას.
(გ) ლეგიტიმური მიზანი
90. სასამართლოს აზრით, შესაბამისი საკანონმდებლო აქტები ბავშვების უფლებების დაცვას ისახავს მიზნად და არანაირი საფუძველი არ არსებობს, რათა სასამართლომ ივარაუდოს, რომ ისინი მოცემულ საქმეში რაიმე სხვა მიზნით იქნა გამოყენებული. აღნიშნულ ჩარევას, რომელიც განმცხადებლების ქალიშვილების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარეობდა, ლეგიტიმური მიზნები გააჩნდა, მერვე მუხლის მე-2 პუნქტის მიზნების თანახმად, რომლებიც მთავრობამ მათ დააკისრა (იხ. გიორგულუ გერმანიის წინააღმდეგ, N74969/01, § 37, 26 თებერვალი, 2004 წ.).
91. მაშასადამე, შესასწავლი რჩება საკითხი, შეიძლება თუ არა სახელისუფლებო ორგანოების უუნარობა - გააძლიერონ დაცვითი ზომები და დაუბრუნონ გოგონები განმცხადებელს ისევე, როგორც გამოსცენ დადგენილება მათი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე, ჩაითვალოს, როგორც „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში.“
(დ) „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში"
92. განმცხადებლის მტკიცებით, რადგან ლიტვის ხელისუფლებამ ვერ აღასრულა სასამართლოს განჩინებები და ვერ უზრუნველყო დაცვითი ღონისძიებების გატარება, ამან გამოიწვია მისი დაშორება საკუთარ ქალიშვილებთან და საბოლოოდ დააკარგვინა უფლება მეურვეობაზე. აღნიშნულ საქმეში უდავოა ის ფაქტი, რომ მარიამპოლეს რაიონული სასამართლოს 2010 წლის 12 აპრილის დადგენილებით, რომელიც უცვლელად დატოვა კაუნასის საოლქო სააპელაციო სასამართლომ 2010 წლის 31 მაისს განმარტებულია დაცვითი ღონისძიებები, განმცხადებლის სასარგებლოდ გოგონებზე მეურვეობის მინიჭების თაობაზე სამოქალაქო სამართალწარმოების პროცესში, სახელისუფლებო ორგანოები ვალდებულნი იყვნენ მიეღოთ ზომები იმისათვის, რომ განმცხადებელთან დაბრუნებულიყვნენ თავისი ქალიშვილები. ნათელია, რომ რეალურად განხორციელებულმა ნაბიჯებმა ეფექტურად ვერ უზრუნველყო მათი გაერთიანება, საბოლოო ჯამში სასამართლოებმა გადასინჯეს შეთანხმება მეურვეობის თაობაზე და ბავშვებზე მეურვეობა განმცხადებლის ყოფილ ქმარს მიანიჭეს.
93. სახელისუფლებო ორგანოების სუსტმა ძალისხმევამ, ავტომატურად არ გამოიწვია იმის ვარაუდი, რომ მათ ვერ შეძლეს თავისი პოზიტიური ვალდებულებების შესრულება კონვენციის მერვე მუხლის თანახმად. სასამართლო აღნიშნავს, რომ ეროვნული ხელისუფლების მოვალეობა - მიიღოს ზომები, რათა ხელი შეუწყოს გაერთიანებას, არ არის აბსოლუტური, რადგან მშობლისა და ბავშვების გაერთიანება, რომლებიც გარკვეული დროის მანძილზე ცხოვრობდნენ მეორე მშობელთან, შეიძლება შეუძლებელი იყოს დაუყოვნებლივ და მოითხოვდეს მოსამზადებელი ღონისძიებების განხორციელებას. ამგვარი მომზადების ხასიათი და მასშტაბი დამოკიდებულია კონკრეტული საქმის გარემოებებზე, მაგრამ ამ პროცესში მხარეების მხრიდან გაგებით დამოკიდებულებას და თანამშრომლობას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ეროვნულმა ხელისუფლებამ ყველა ზომა უნდა მიიღოს ამგვარი თანამშრომლობის ხელშესაწყობად, ასეთ საქმეებში უნდა შეიზღუდოს იძულების გამოყენების ნებისმიერი ვალდებულება, რადგან უნდა მოხდეს ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესების, უფლებებისა და თავისუფლებების გათვალისწინება, კერძოდ, გადაწყვეტილება უნდა გამომდინარეობდეს ბავშვების საუკეთესო ინტერესებისა და მათი უფლებებიდან კონვენციის მერვე მუხლის თანახმად (იხ. ნუუთინენი ფინეთის წინააღმდეგ, N 32842/96, §128, ECHR, 2000‑VIII; კოსმოპულიუსი საბერძნეთის წინააღმდეგ, N 60457/00, §45, 5 თებერვალი, 2004 წ.). გარდა ამისა, შესაბამისი გარემოებების ცვლილებამ, რამდენადაც იგი არ იყო გამოწვეული იმ მოვლენებით, რომელიც სახელმწიფოს შეერაცხება, შესაძლოა გამონაკლის შემთხვევებში გაამართლოს ბავშვის მეურვეობის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა (იხ. სილვესტერი ავსტრიის წინააღმდეგ, N 36812/97 და 40104/98, § 63, 24 აპრილი, 2003 წ.).
94. აქედან გამომდინარე, სასამართლოს ამოცანაა დაადგინოს, მიიღეს თუ არა ეროვნულმა სახელისუფლო ორგანოებმა ყველა აუცილებელი ზომა, რათა ხელი შეეწყოთ გაერთიანებისთვის, რომელიც მოცემული საქმის გარემოებებში შეიძლება ჩაითვალოს გონივრულ მოთხოვნად. ამგვარად, სასამართლოს არ ევალება ადგილობრივი კომპეტენტური ორგანოების გადაწყვეტილების თავისით ჩანაცვლება, იმისათვის, რომ გადაწყვიტოს დავა საქმეში მონაწილე პირებს შორის, არამედ განიხილავს ამ სახელისუფლო ორგანოების მიერ მათი დისკრეციის ფარგლებში გამოტანილ გადაწყვეტილებებს კონვენციასთან შესაბამისობის ჭრილში. სასამართლომ უნდა შეისწავლოს, თუ რამდენად რელევანტური და საკმარისია საფუძვლები, რომელთა მიზანია ნებისმიერი გატარებული ღონისძიების გამართლება და სახელმწიფოს დისკრეციის ზედა ზღვრის გათვალისწინებით იმის დადგენა, იყო თუ არა დაცული სამართლიანი ბალანსი კერძო პირისა და საზოგადოების ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესებს შორის, სხვა დაინტერესებული მესამე მხარეების ჩათვლით (იხ. მიხაილოვა, § 83)
95. განმცხადებელმა ხაზი გაუსვა მშობელთან გაუცხოვების სინდრომს, რაც გოგონებს გამოუმუშავდათ მის მიმართ, მამასთან ცხოვრების პერიოდში. სასამართლომ არ უარყო ფსიქოლოგების მიერ აღნიშნული სინდრომის დადგენის ფაქტი, მაგრამ მხედველობაში მიიღო პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ ძალზე მოკლე პერიოდი, კერძოდ, შვიდ დღე, გოგონები დაშორებულნი იყვნენ განმცხადებელს და ცხოვრობდნენ ი.ბ-სთან, რის შემდეგაც გოგონებმა განაცხადეს, რომ მამასთან ერჩიათ ყოფნა. აღნიშნული დრო იყო საკმარისი იმისათვის, რომ გოგონებს კარდინალურად შეეცვალათ აზრი და აღარ მოესურვათ დედასთან დაბრუნება. თუნდაც არსებობდეს მოსაზრება, რომ შეუძლებელია ასეთ მოკლე პერიოდში გოგონებს შეეცვალათ აზრი, სასამართლოს არ შეუძლია უგულებელყოს ის ფაქტი, რომ უკვე 2010 წლის 10 ივნისს, მეექვსე დღეს, როცა ი.ბ-მ არ დააბრუნა თავისი ქალიშვილები განმცხადებელთან, მას შესთავაზეს პოლიციის დახმარება, რათა იგი წასულიყო ი.ბ-ს სახლში და ბავშვები წამოეყვანა. მიუხედავად ამისა, განმცხადებელმა არ გამოიყენა გოგონების დაბრუნების ეს შესაძლებლობა და არჩია ეს აღმასრულებელს განეხორციელებინა. აღნიშნული კი მხოლოდ ადასტურებს ლიტვის სახელისუფლო ორგანოების არგუმენტს, რომ განმცხადებელმა ამ დავალების შესრულება სახელმწიფოსა და მუნიციპალურ უწყებებს მიანდო იმის მაგივრად, რომ თავად ყოფილიყო უფრო აქტიური.
96. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ აღმასრულებელმა ვერ შეძლო აღესრულებინა სასამართლოს გადაწყვეტილება დაცვითი ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს ობიექტური მიზეზებით იყო გამოწვეული. პირველ ჯერზე ვერ მოხერხდა გოგონების გადაცემა მათი ავადმყოფობის გამო, რაც დაადასტურა ეროვნულმა სასამართლომ. ხოლო მეორე ცდაზე გოგონები ვერ გადასცეს მხოლოდ და მხოლოდ განმცხადებლის მიზეზით. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ბოლო , მესამე მცდელობა არ იყო შედეგიანი, ვინაიდან განმცხადებლის ქალიშვილებმა უარი თქვეს დაეტოვებინათ საკუთარი მამის სახლი, მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებელს მათთან პირადად დალაპარაკების საშუალება მისცეს. სახელისუფლო ორგანოებმა ერთმნიშვნელოვნად მისცეს მას საშუალება დაერწმუნებინა გოგონები მასთან დაბრუნებულიყვნენ. სასამართლოს აღმასრულებლების მომდევნო დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ფიზიკური ძალა არ არის ის ღონისძიება, რომელიც მსგავსი სიტუაციების დროს უნდა იქნეს გამოყენებული და აღსრულების სხვა მეთოდის გამოყენება იყო საჭირო, რათა დაცული ყოფილიყო ბავშვების ინტერესები, სასამართლოს პოზიციის ტოლფასი იყო იმ თვალსაზრისით, რომ იძულების ღონისძიების განხორციელების ნებისმიერი ვალდებულება მშობლის და ბავშვების გაერთიანების ხელშეწყობის მიზნით შეზღუდული უნდა იყოს (იხ. ჰოკკანენი ფინეთის წინააღმდეგ, 23 სექტემბერი, 1994 წ., § 58, სერია A, N299‑ა; ზ.ჯეი. ლიტვის წინააღმდეგ, § 98). სასამართლო ბოლოს აღნიშნავს, რომ განმცხადებელს არ გაუსაჩივრებია აღმასრულებლის დასკვნა.
97. სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ სახელისუფლო ორგანოები მშობლებს შორის დაძაბული ურთიერთობის ფონზე რთული ამოცანის წინაშე დადგნენ. როგორც განმცხადებელმა, ისე მისმა ყოფილმა ქმარმა არაერთი სარჩელი და შესაგებელი სარჩელი შეიტანეს ერთმანეთის წინააღმდეგ. განმცხადებელი ეცადა პროკურატურის ხელმძღვანელობაც ჩაერთო საქმეში და ადანაშაულებდა თავის ყოფილ ქმარს მათი შვილების მიმართ ძალადობაში, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ეს აშკარად გადაჭარბებული იყო. შესაბამისად, მშობლების ქცევა შორს იყო კონსტრუქციულისგან.
98. სასამართლოს შეეძლო დაედგინა, რომ განქორწინებული მშობლები არ თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან, თუმცა აღნიშნული თავისთავად არ ათავისუფლებს სახელისუფლებო ორგანოებს მერვე მუხლით მათზე დაკისრებული პოზიტიური ვალდებულებებისაგან. პირიქით, ის აკისრებს ხელისუფლებას ვალდებულებას, გაატაროს ზომები მხარეების ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესების შეთავსების მიზნით უმთავრესად ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, რამაც შეიძლება მშობლისას გადააჭარბოს (იხ. დიამანტე და პელლიჩიონი სან მარინოს წინააღმდეგ, N32250/08, §176, 27 სექტემბერი, 2011 წ.).
99. უშუალოდ ამ საქმეში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ლიტვის სახელისუფლებო ორგანოებმა შეასრულეს თავისი ვალდებულება, დახმარება გაეწიათ ასეთ მეტად კონფლიქტურ სამართალწარმოებაში. ბავშვზე ზრუნვის სამსახურებმა, ომბუდსმენმა, სკოლის წარმომადგენლებმა და ეროვნულმა სასამართლოებმა არაერთხელ გააფრთხილეს ორივე მშობელი იმასთან დაკავშირებით, რომ მათი ინტერესები უპირატესი არ უნდა იყოს ბავშვების ინტერესებზე. მარიამპოლეს სამსახურის ფსიქოლოგები ორჯერ შეხვდნენ გოგონებს. ასევე, ბავშვზე ზრუნვის სამსახურები ეხმარებოდნენ როგორც სასამართლოს, ისე განმცხადებელს იმის გარკვევაში, თუ რა საცხოვრებელ პირობებში იყვნენ გოგონები მამის სახლში, პასუხობდნენ განმცხადებლის შეკითხვებს, თავის წინადადებებს აცნობდნენ, თუ როგორ უნდა აღასრულონ გოგონების დედასთან ცხოვრების სასარგებლოდ სასამართლოს მიერ გამოცემული დადგენილებები; (შდრ. იგნაკკოლო-ზენიდე რუმინეთის წინააღმდეგ, N31679/96, § 112, ECHR, 2000‑I). განმცხადებელმა მაინც ეჭვქვეშ დააყენა მარიამპოლეს სამსახურის დასკვნების მიუკერძოებლობა და დაეთანხმა კაუნასის სამსახურის დასკვნებს, მიუხედავად ამისა, სასამართლო არ მიიჩნევს მთავრობის ახსნა-განმარტებას მარიამპოლეს სამსახურის საბოლოოდ აზრის შეცვლასთან დაკავშირებით დამაჯერებლად. სასამართლომ ასევე მხედველობაში მიიღო კაუნასის სამსახურის განაცხადი იმის შესახებ, რომ ვინაიდან გოგონები მარიამპოლეში ცხოვრობდნენ. სამსახურისთვის მათი ცხოვრების ყველა შესაბამისი გარემოება არ იყო ცნობილი.
100. მარიამპოლეში მდებარე სკოლაში, რომელშიც გოგონები სწავლობდნენ მშობლების განკარგულებაში იყო ფსიქოლოგის მომსახურებაც. სკოლის დირექტორმა ურჩია განმცხადებელს მისულიყო სკოლაში და კონტაქტი დაემყარებინა თავის ქალიშვილებთან, რაც განსაკუთრებულად მისასალმებელი იქნებოდა მისი მხრიდან. ომბუდსმენმაც აღნიშნა, რომ აუცილებელი იყო მას და შვილებს პირდაპირი კონტაქტი ჰქონოდათ.
101. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ხაზი გაუსვა ურთიერთობის საჭიროებას განმცხადებელსა და გოგონებს შორის, და საკუთარი ინიციატივით გადაწყვიტა იმაზე მეტი შესაძლებლობის მიცემა განმცხადებლისთვის ურთიერთობის დასამყარებლად თავის ქალიშვილებთან, ვიდრე მას მოთხოვნილი ჰქონდა თავის სამოქალაქო სარჩელში. უპირველეს ყოვლისა, განმცხადებლისთვის საქმის წარმოების არც ერთ ეტაპზე არ აუკრძალავთ კონტაქტი თავის ქალიშვილებთან (იხ. ელცჰოლცი, § 49 და კუცნერი გერმანიის წინააღმდეგ, N 46544/99, § 67, ECHR, 2002-I).
102. სასამართლო არ არის ვალდებული გამოიტანოს გადაწყვეტილება, თუ რატომ არ გამოიყენა განმცხადებელმა სათანადოდ მისთვის ლიტვის ხელისუფლების მიერ მინიჭებული შესაძლებლობები მასსა და მის ქალიშვილებს შორის ურთიერთობების ხელშეწყობის თვალსაზრისით. სასამართლომ მხოლოდ აღნიშნა, რომ ლიტვის სასამართლოებმა დაადგინეს მისი პასიურობა საკუთარ ქალიშვილებთან ურთიერთობაში, მათი დასკვნები დაეფუძნა გოგონების სკოლის და ბავშვზე ზრუნვის სამსახურის წარმომადგენელთა მიერ მიწოდებული ფაქტების ვრცელ გამოკვლევას.
103. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არის მართებული ლიტვის სახელისუფლებო ორგანოების დადანაშაულება, რომ მათ ვერ შეძლეს თავისი მოვალეობის შესრულება - დახმარება გაეწიათ განმცხადებლისთვის მისი მხრიდან თანამშრომლობაზე უარის ფაქტის გათვალისწინების გარეშე (შდრ. ზავრელი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ, N14044/05, § 53, 18 იანვარი, 2007 წ.). შესაბამისად, მთავრობის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ განმცხადებელმა ვერ შეძლო ეროვნულ დონეზე დაცვის ყველა საშუალების გამოყენება, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
104. გოგონებზე მეურვეობის უფლებების საკითხზე ლიტვის სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების განხილვის შედეგად, სასამართლო ასევე ადგენს, რომ არ არსებობს არანაირი ეჭვის შეტანის საფუძველი, რომ ისინი მიღებულ იქნა ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. ასევე მეტად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ეროვნული სასამართლოები დაეყრდნენ სხვადასხვა ექსპერტის (სოციალური სამსახურები, ფსიქოლოგები და სკოლის დირექტორი) დასკვნებსა და ჩვენებებს. განმცხადებელმა გაასაჩივრა ყოფილი ქმრის ზნეობრივი ფასეულობები, ლიტვის სასამართლოებმა უპასუხეს მის შეკითხვებს და სასამართლომ არ მიიჩნია, რომ არსებობდა მოცემული დასკვნების ეჭვქვეშ დაყენების რაიმე მიზეზი. გარდა ამისა, იგი აღნიშნავს, რომ მეურვეობასთან დაკავშირებული პროცესის დასაწყისში განმცხადებელი ლიტვაში ცხოვრობდა, მოგვიანებით იგი საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა. სასამართლო იზიარებს ლიტვის სასამართლოს შეხედულებას იმასთან დაკავშირებით, რომ განმცხადებლის საცხოვრებელი ადგილი, იქნება ეს ლიტვა, თუ გერმანია, როგორც ასეთი, არ წარმოადგენდა გადამწყვეტ ფაქტორს. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანი იყო ის გაურკვევლობა, რომელიც მომდინარეობდა განმცხადებლისა და მისი ადვოკატის უსაფუძვლო განცხადებებიდან ლიტვის სასამართლოებსა და ევროპულ სასამართლოში იმასთან დაკავშირებით, თუ სად აპირებდა განმცხადებელი ცხოვრებას. აღნიშნული ფაქტი სავარაუდოდ არ უნდა ყოფილიყო გოგონების ინტერესებში - ჰქონოდათ სტაბილური საცხოვრებელი ადგილი. ფაქტობრივად, აღმოჩნდა, რომ განმცხადებელი არ დაბრუნდა ლიტვაში, მისი დაპირების მიუხედავად. ამასთან დაკავშირებით, სასამართლო ითვალისწინებს განმცხადებლის მტკიცებებს, რომ 2013 წლის ოქტომბერში ი.ბ. და გოგონები საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდნენ. თუმცა, ეს საკითხი სასამართლოსთვის არ არის გადამწყვეტი, ვინაიდან ეს მოხდა მას შემდეგ, რაც სამართალწარმოება მეურვეობასთან დაკავშირებით ლიტვაში დასრულდა. უფრო მეტიც, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ინფორმაცია ზუსტია, განმცხადებლის ქალიშვილები ახლა უფრო ახლოს არიან მასთან, რადგან განაცხადის ფორმაში მითითებული ინფორმაციის თანახმად, ისიც ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს.
105. სასამართლომ ასევე თანმიმდევრულად დაადგინა, რომ მართალია, კონვენციის მერვე მუხლი არ განმარტავს კონკრეტულ პროცედურულ მოთხოვნებს ჩარევასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამართლიანი უნდა იყოს და უნდა უზრუნველყოფდეს მოცემული დებულებით გარანტირებული ინტერესების სათანადოდ პატივისცემას (იხ. ვ. გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, § 64; ბუშემი იტალიის წინააღმდეგ, N29569/95, § 58, ECHR, 1999-VI და ელცჰოლცი, §52). წინამდებარე საქმეში სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებელი თვითონ ან თავისი ადვოკატის მეშვეობით, არაერთხელ დაესწრო საქმის განხილვებს, სადაც მარიამპოლეს რაიონული სასამართლო განიხილავდა დაცვითი ღონისძიებებისა და მისი სამოქალაქო სარჩელის უპირატესობების საკითხებს. სახელმწიფოს მიერ დანიშნული სახაზინო ადვოკატის დახმარებით, მან შეძლო წარედგინა თავისი მოთხოვნები და მტკიცებულებები, არგუმენტები და კომენტარები სხვა მონაწილეების მიერ სასამართლოში წარდგენილ არგუმენტებზე, წერილობითი თუ ზეპირი ფორმით; მას აგრეთვე გასაჩივრების უფლებაც ჰქონდა. საბოლოოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დასასრულს, განმცხადებელმა თვითონ დაადასტურა, რომ ყველა მტკიცებულება შეგროვებულ და შესწავლილ იქნა და მიმართა სასამართლოს, დაესრულებინა მტკიცებულებების შესწავლა. მიუხედავად ამისა, პირველი ინსტანციის სასამართლო კვლავ მიიჩნევს განმცხადებლის მონაწილეობას აუცილებლად, რათა უკეთ დაადგინოს საქმის გარემოებანი და ამგვარად ინარჩუნებს თავის აქტიურ როლს ბავშვზე ზრუნვასთან დაკავშირებულ სამართალწარმოებაში. ამ შემთხვევაში, სასამართლო ასკვნის, რომ განმცხადებელი, აღმოჩნდა ისეთ სიტუაციაში, როდესაც შეეძლო წარმოედგინა ყველა არგუმენტი გოგონებზე მეურვეობის მინიჭებასთან დაკავშირებით თავის სასარგებლოდ და მისთვის ასევე ხელმისაწვდომი იყო ყველა შესაბამისი ინფორმაცია, რომელსაც სასამართლოები ეყრდნობოდნენ. გარდა ამისა, სასამართლოში ჩვენებები გოგონებმაც მისცეს, რაც გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის მიერ განსაზღვრული ბავშვის შეხედულებების პატივისცემის ვალდებულების შესაბამისად შესრულდა (იხ. კუცნერის შემთხვევა § 77). ასეთ ვითარებაში და იმის გათვალისწინებით, რომ ეროვნული სასამართლოების ვალდებულებაა შეაფასონ მათ წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებები (იხ. საჰინი გერმანიის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N30943/96, § 73, ECHR, 2003‑VIII და სომმერფელდი გერმანიის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N31871/96, § 71, ECHR, 2003‑VIII (ამონარიდები)), სასამართლომ დამაკმაყოფილებლად ჩათვალა პროცედურული მოთხოვნების შესრულება კონვენციის მერვე მუხლის თანახმად და ის გარემოება, რომ განმცხადებელი ჩართული იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საერთო ჯამში, საკმარის დონეზე, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილიყო განმცხადებლის ინტერესების აუცილებელი დაცვა.
106. და ბოლოს, სასამართლო აღნიშნავს, რომ ლიტვის სასამართლოებს არ გამოუტანიათ დასკვნა იმის შესახებ, რომ განმცხადებელს მუდმივად ეკრძალებოდა ეცხოვრა საკუთარ ქალიშვილებთან ერთად (იხ. ზ.ჯ. ლიტვის წინააღმდეგ, § 105).
107. სასამართლო ადასტურებს დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკას და აცხადებს, რომ სახელმწიფოს ვალდებულებები მერვე მუხლთან მიმართებით წარმოადგენს არა კონკრეტულ შედეგს, არამედ საშუალებებს (იხ. პასკალი, § 69). მოცემული საქმის ფაქტებზე დაყრდნობით, სასამართლოს არ ჰქონდა საფუძველი მიეჩნია, რომ ლიტვის სახელისუფლებო ორგანოებმა ვერ განახორციელეს ადეკვატური და ეფექტური ძალისხმევა განმცხადებლის საკუთარ ქალიშვილებთან გაერთიანების შემთხვევაში და ამით დაარღვიეს განმცხადებლის უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას.
შესაბამისად, არ დარღვეულა მერვე მუხლი.
Full & Egal Universal Law Academy