© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
A
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
(მეორე სექცია)
საქმე: Gგებრემედინი (გაბერამადიენი) საფრანგეთის
წინააღმდეგ
(საჩივარი no. 25389/05)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
26 აპრილი 2007
საბოლოო
26/07/2007 საქმეზე გებრემედინი (გაბერამადიენი) საფრანგეთის წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მეორე სექცია) პალატა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ:
ანდრას ბაკა, პრეზიდენტი,
ჟან-პოლ კოსტა,
ირენეუ კაბრალ ბარეტო,
ანტონელა მულარონი,
ელიზაბეტ ფურა სანდსტრემი,
დანუტა ჯოსიენე,
დრაგოლიუბ პოპოვიჩი, მოსამართლეები,
და სელი დოლი, სექციის გამწესრიგებელი,
2007 წლის 16 იანვარსა და 27 მარტს გამართული საიდუმლო თათბირის შედეგად
აცხადებს შემდეგ გადაწყვეტილებას, რომელიც მიღებულია ბოლოს მოხსენიებულ დღეს:
პროცედურა
1. საქმეს საფუძვლად დაედო საჩივარი (no. 25389/05) საფრანგეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ, რომელიც შეტანილი იქნა სასამართლოში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (“კონვენცია”) 34-ე მუხლის შესაბამისად ერიტრეელი მოქალაქის, ბ-ნი ასიბენა გებრემედინის (გაბერამადიენის) მიერ 2005 წლის 14 ივლისს; მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ზოგიერთ შიდა დოკუმენტში მითითებული “გაბერამადიენი” (“Gaberamadhien”), ორთოგრაფიულად შეესაბამებოდა მისი გვარის ფონეტიკურ ტრანსკრიფციას, რომელიც გამოყენებული იქნა საფრანგეთის აეროპორტისა და სასაზღვრო პოლიციის მიერ. ლათინურ ანბანზე შედგენილი ერიტრეული ოფიციალური განცხადებები და დოკუმენტები იმავდროულად ინარჩუნებდა “გაბერამადიენის” ფონეტიკურ ჟღერადობას. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ არაერთი ერიტრეელი ჟურნალისტის მსგავსად, ისიც იყენებდა “პროფესიულ ფსევდონიმს”, სახელდობრ “იაინეაბება”-ს (“Yayneabeba”) (“ჩემი თვალის ყვავილი”).
2. მოსარჩელე, რომელსაც მიენიჭა სამართლებრივი დახმარება, წარმოდგენილი იქნა ადვოკატის, ბ-ნი ჟ. ე. მალაბღის მიერ, რომელიც საქმიანობს ლიმოჟში. საფრანგეთის მთავრობა წარმოადგინა მისმა აგენტმა – საგარეო საქმეთა სამინისტროს სამართლებრივ საქმეთა დირექტორმა ქ-ნმა ე. ბეიაღმა.
3. იმ პალატის პრეზიდენტმა, რომელსაც საქმე თავდაპირველად გადაეცა, ხოლო შემდგომ საკუთრივ პალატამ, გადაწყვიტეს გამოეყენებინათ სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლი და მთავრობას მიუთითეს, რომ მხარეთა, ისევე როგორც პროცესის სწორად ჩატარების ინტერესებიდან გამომდინარე, სასურველი იყო, მოსარჩელე არ გაეგზავნათ ერიტრეაში.
4. თავისი 2006 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით, პალატამ საჩივარი ნაწილობრივ მისაღებად ცნო.
5. როგორც მოსარჩელემ, ისე მთავრობამ, შეადგინეს შემდგომი განმარტებები საქმეზე (რეგლამენტის მუხლი 59 § 1). დამატებით მიღებული იქნა მესამე მხარის კომენტარი საზღვრებზე უცხოელთა დახმარების ეროვნული ასოციაციის მხრიდან, რომელსაც პრეზიდენტმა წერილობით პროცედურებში ჩართვის ნება დართო (კონვენციის მუხლი 36 § 2 და რეგლამენტის მუხლი 44 § 2).Mმხარეებმა უპასუხეს ამ კომენტარს (რეგლამენტის მუხლი 44 § 5).
6.საქმის მოსმენა შედგა ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგში, 2007 წლის 16 იანვარს (რეგლამენტის მუხლი 59 § 3).
სასამართლოს წინაშე გამოცხადდნენ:
(a) მთავრობის მხრიდან:
ქ-ნი ე. ბეიაღი, სამართლებრივ საქმეთა დირექტორი, საგარეო საქმეთა სამინისტრო, აგენტი,
ბ-ნი ფ. ტისიე, ადამიანის უფლებათა სექციის უფროსი, სამართლებრივ საქმეთა დეპარტამენტი, საგარეო საქმეთა სამინისტრო,
ბ-ნი მ. ზისი, საპროექტო მდივანი, ადამიანის უფლებათა სექცია, სამართლებრივ საქმეთა დეპარტამენტი, საგარეო საქმეთა სამინისტრო,
ბ-ნი მუტონი, უფროსის მოადგილე, სამართლებრივ და საგარეო საქმეთა განყოფილება; OFPRA,
ქ-ნი ფ. დუბლე, ევროპული, საერთაშორისო და კონსტიტუციური სამართლის ბიუროს უფროსი, სამართლებრივი რჩევისა და დავების სექცია, სამოქალაქო თავისუფლებათა და სამართლებრივ საკითხთა დეპარტამენტი, შინაგან საქმეთა სამინისტრო,
ბ-ნი ჟ. ღიბი, აეროპორტისა და სასაზღვრო პოლიციის ცენტრალური ოფისი, შინაგან საქმეთა სამინისტრო,
ბ-ნი მ. კოსაღი, დავათა სექცია, სახელმწიფო საბჭო, მრჩეველი,
(ბ) მოსარჩელის მხრიდან
ბ-ნი ჟ.ე. მალაბღი, ადვოკატი, მრჩეველი.
საქმის მოსმენას ასევე ესწრებოდა მოსარჩელე. სასამართლომ მოისმინა ბატონების მალაბღისა და ბეიაღის მიმართვები და მოსამართლეთა შეკითხვებზე მათი პასუხები.
Fფაქტები
I. საქმის გარემოებები
7. მოსარჩელე დაბადებულია 1979 წელს. ამჟამად ცხოვრობს პარიზში, სადაც მისი საცხოვრებელი უზრუნველყოფილია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ.
8. 1998 წელს, მრავალი სხვა პირის მსგავსად, მოსარჩელე და მისი ოჯახი გადასახლდა ეთიოპიიდან ერიტრეაში. ერიტრეაში მოსარჩელე მუშაობდა რეპორტიორად და ფოტოგრაფად, უმთავრესად, დამოუკიდებელი გაზეთისათვის Keste Debena, რომლის მთავარი რედაქტორიც იმ დროისათვის გახლდათ ბ-ნი მილკიას მიჰრეტაბი. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ეს უკანასკნელი ერიტრეაში კარგად იყო ცნობილი, როგორც თავისუფალი პრესისათვის დიდი მებრძოლი და რომ მისი საქმე გადმოცემული იყო Amnesty International-ის 2002 წლის ანგარიშში, რომელიც, კერძოდ, შეეხებოდა ამ ქვეყანაში მის არაერთგზის თვითნებურ დაკავებასა და დაპატიმრებას მისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2002 წლის 27 ივნისსს Amnesty International-ის ბრიტანულმა სექციამ ბ-ნ მიჰრეტაბს მიანიჭა “სპეციალური ჯილდო საფრთხის ქვეშ ადამიანის უფლებათა დამცველი ჟურნალისტური საქმიანობისათვის”.
მოსარჩელე და ბ-ნი მიჰრეტაბი დააკავეს 2000 წელს, სრულიად აშკარად, სწორედ მათი პროფესიული საქმიანობის გამო. ისინი იმყოფებოდნენ ზარას ციხეში, შესაბამისად, რვა და ექვსი თვის განმავლობაში.
ამასთან მიმართებაში მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ვებგვერდზე, რომელიც შეეხებოდა ერიტრეაში განხორციელებულ რეფორმებს (), იგი, როგორც იმ ექვსი ჟურნალისტიდან ერთ-ერთი, რომელიც, ბ-ნ მილკიას მიჰრეტაბის მსგავსად დაკავებული იქნა 2000 წლის 14 ოქტომბერს, მოხსენიებული იყო სახელით _ “Yebio”, რომელიც წარმოადგენდა დამამცირებელ ფორმას მისი ფსევდონიმისა “Yayneabeba”.
9. ბ-ნი მიჰრეტაბისაგან განსხვავებით, რომელმაც 2001 წლის სექტემბერში თავი გააღწია სუდანში, მოსარჩელე დარჩა ერიტრეაში, ქ. ასმარაში, იმისათვის, რათა მიეხედა თავისი დაქვრივებული დედის, მისი ოთხი ძმისა და დისათვის. ბ-ნი მიჰრეტაბის გამგზავრებიდან რამდენიმე ხნის გასვლის შემდეგ _ დაუზუსტებელ დღეს _ პოლიციამ დაკითხა მოსარჩელე მის შესახებ. Pპოლიციის ოფიცრებმა გაჩხრიკეს მისი ბინა და აღმოაჩინეს ფოტოსურათები, რომლებიც მაკომპრომიტირებლად მიიჩნიეს. მოსარჩელე დააკავეს და დაუქვემდებარეს არასათანადო მოპყრობას, რაც სავარაუდოდ გამოიხტა სხვადასხვა ფორმით, კერძოდ, სიგარეტით დაწვითა და ზურგის არეში დაზიანებათა მიყენებით, რაც გამოიწვია იმან, რომ იგი 20 დღის განმავლობაში პირქვე დაწოლილი ამყოფეს ფეხშეკრულ და ზურგზე ხელგაკრულ მდგომარეობაში. ავად გახდომამდე ის ჩასვეს ციხეში და შემდეგ გადაიყვანეს საავადმყოფოში. საავადმყოფოდან მან მოახერხა გაქცევა მცველების მოსყიდვისა და ამ საავადმყოფოში მომუშავე დედის მხრიდან მისი ბებიის ნათესავების დახმარების წყალობით. შემდეგ იგი იმალებოდა აზერაში, თავისი ბებიის ბინაში, სადაც მას ექიმმა უმკურნალა. როგორც კი გამომჯობინდა, იგი გაიქცა სუდანში, სადაც მისი ერთ-ერთი ბიძა ცხოვრობდა. როდესაც ერიტრეელები სასიკვდილოდ დაცხრილეს სუდანში, მან გადაწყვიტა დაეტოვებინა ეს ქვეყანაც, რამდენადაც იქ მცხოვრებ ერიტრეელთა თემს სჯეროდა, რომ აღნიშნული მკვლელობები განახორციელეს ერიტრეას მთავრობის აგენტებმა, რომლებიც მთავრობის ოპონენტებს სდევნიდნენ.
10. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მან იმოგზაურა სამხრეთ აფრიკაში კონტრაბანდისტების დახმარებითა და სუდანის პასპორტის გამოყენებით (“მოჰამედ ეიდერ”-ის სახელით), რომელიც კონტრაბანდისტებს გააჩნდათ. იგი პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში, ღუასიში ჩამოვიდა დაახლოებით 17.30 საათზე 2005 წლის 29 ივნისს იოჰანესბურგიდან. Mმან აღნიშნა, რომ იგი ამყოფეს აეროპორტის საერთაშორისო ზონაში 2005 წლის 1 ივლისამდე და შესაბამისად, არ მიეცა ქვეყანაში შესვლის შესაძლებლობა. Mმისი ჩამოსვლიდან რვა საათის შემდეგ, მან პოლიციის განყოფილებას მოახსენა, რომ იგი ერიტრეადან იყო და სურდა მიემართა თავშესაფრის მოსაპოვებლად. პოლიციის ოფიცერმა მას მოსთხოვა “დაემტკიცებინა, თუ საიდან ჩამოვიდა, და თავის მხრივ ამტკიცებდა, რომ ის ერიტრეელი კი არა, პაკისტანელი იყო და თავდაპირველად უარი უთხრა ნებართვაზე, გასულიყო საერთაშორისო ზონიდან.” მოსარჩელის მიხედვით, ორ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში (29 ივნისიდან 2 ივლისამდე) იგი რეგულარულად მიდიოდა პოლიციის განყოფილებაში _ ადგილსამყოფელის ნებისმიერი ცვლილებისას ან დაახლოებით რვაჯერ – იმის ამაო მცდელობითა და იმედით, ეპოვნა პოლიციის ოფიცერი, რომელიც მის განცხადებას განიხილავდა. მან თქვა, რომ ”მხოლოდ 1 ივლისს, პოლიციის ოფიცერმა, რომელიც მანამდე არ ჰყავდა ნანახი, ბოლოს და ბოლოს დაარეგისტრირა მისი განცხადება.”
მთავრობამ საკამათო გახადა ფაქტების ასეთი ვერსია. მათ განაცხადეს, რომ შეამოწმეს სამხრეთ აფრიკიდან ღუასის აეროპორტში 2005 წლის 29 და 30 ივნისს ჩამოსულ მგზავრთა სია და მასში არ იყო მითითებული ვინმე პიროვნება გაბერამადიენის ან ეიდერის გვარით. მათ მიუთითეს ღუასის აეროპორტისა და სასაზღვრო პოლიციის 2005 წლის 1 ივლისით დათარიღებულ ანგარიშზე, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ მოსარჩელე გამოიკითხა ამ დღის დილის 11 საათზე.
11. 2005 წლის 1 ივლისს მოსარჩელემ მიმართა თხოვნით, რათა მისთვის, როგორც თავშესაფრის მაძიებლისათვის, მიეცათ საფრანგეთში შესვლის ნაბართვა. იგი გამოიკითხა დილის 11 საათზე უფროსი პოლიციის ოფიცრის მიერ (officier de police judiciaire), რომელსაც ეხმარებოდა ინგლისურენოვანი თარჯიმანი. ინტერვიუს ოქმის ჩანაწერის მიხედვით, “ ინტერვიუმ მარტივად დაადასტურა, რომ გამოკითხულმა ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები თავისი განცხადებების სასარგებლოდ ”. მოსაცდელ ზონაში მოსარჩელის დატოვების გადაწყვეტილება მიღებული იქნა ადმინისტრაციული ხელისუფლების მიერ ამავე დღესა და დროს, ორმოცდარვა საათის წინასწარი საწყისი პერიოდით, რომელიც შემდგომ გაგრძელებულ იქნა (იხ. ქვემორე მე-18 პარაგრაფი).
12. მოსარჩელემ განაცხადა, რომ პირველად, იგი გამოკითხული იქნა 2005 წლის 3 ივლისს ლტოლვილთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა დაცვის ფრანგული სააგენტოს (OFPRA) მოხელის მიერ, რომელმაც გასცა რეკომენდაცია, რომ მოსარჩელისათვის, როგორც თავშესაფრის მაძიებლისათვის, მიეცათ საფრანგეთში შესვლის ნებართვა. მთავრობამ, თავის მხრივ, უარყო ეს გარემოება და მიუთითა, რომ 3 ივლისს არავითარი ასეთი რეკომენდაცია არ იყო გაცემული. შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი ინტერვიუს ოქმი და შეთავაზებული რეკომენდაცია არადამაკმაყოფილებლად მიიჩნია ამ მოხელის უშუალო უფროსმა, ვინც მათ დამტკიცებაზე იყო პასუხისმგებელი. ამ მიზეზით, 2005 წლის 5 ივლისს, ამ უკანასკნელმა ხელახლა გამოკითხა მოსარჩელე (თარჯიმნის დახმარებით). მანვე გამოსცა შემდეგი რეკომენდაცია მოსარჩელისათვის შესვლის ნებართვაზე უარის თქმის თაობაზე:
“ ამაღიკში გაკეთებული gancxadebebi ISM-ს თარჯიმნის მეშვეობით
განცხადების საფუძველი? ჩემი მშობლები არიან ერიტრეული წარმომავლობისა. ჩვენ გვქონდა ეთიოპიის მოქალაქეობა და ვცხოვრობდით ადის-აბებაში. 1998 წელს ეთიოპიის ხელისუფლებამ გვითხრა, რომ ჩვენ არ ვიყავით ეთიოპიელები. ეთიოპიიდან ჩვენ გაგვაძევეს ერიტრეაში. Aამ წელს მე უნდა გავსულიყავი სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე, მაგრამ ერიტრეაში ვერ შევძელი გამოცდებზე გასვლა. ექვსი თვის განმავლობაში ვიმუშავე გარაჟში და შემდგომ გავიარე სამხედრო სამსახური. იქ ყოფნისას შევხვდი ერთ კაცს, რომელიც იყო ჟურნალისტი. სამსახურის დასრულების შემდეგ ვმუშაობდი ჩემს მეგობარ ჟურნალისტთან როგორც ოპერატორი და ფოტოგრაფი, და ჩვენ ერთად ვმოგზაურობდით სამაუწყებლო დავალებების შესასრულებლად. ჩემს მეგობარს ხელისუფლებასთან პრობლემები ჰქონდა და სურდა ქვეყნიდან წასვლა. დაბრუნების შემდეგ, ხელისუფლებამ დამკითხა ჩემი მეგობრის თაობაზე და ჩამსვა ციხეში. ციხეში ჩემი ყოფნისას, პოლიციამ გაჩხრიკა ჩემი ბინა და აღმოაჩინა ორი ფოტოსურათი, რომელიც მაკომპრომეტირებლად მიიჩნია. შემდეგ მათ დაიწყეს ჩემი წამება სიგარეტებით. ციხეში ვიყავი მანამ, სანამ არ დაავვადდი ტუბერკულიოზით. მათ წამიყვანეს საავადმყოფოში. საბედნიეროდ, ამ საავადმყოფოში დედის მხრიდან ჩემი ბებიის ნათესავები მუშაობდნენ. მათ მოქრთამეს მცველები, მომიტანეს ტანსაცმელი და დამეხმარნენ გაქცევაში. გავემგზავრე აზერაში, ბეიბაჩემთან, და იქ დავრჩი ოთხი თვე. ამ დროის განმავლობაში ვმკურნალობდი. შემდეგ ფარულად გავემგზავრე სუდანში. ხართუმში მაშინვე ვიშოვნე სამსახური გარაჟში, მაგრამ იქ გარშემო ყველგან ერიტრეელი აგენტები იყვნენ და ის ერიტრეელები, რომლებიც შორეულ მხარეებში არ მუშაობდნენ, დახოცეს. შემეშინდა და წავედი სუდანის პორტში, სადაც ვმუშაობდი მტვირთავად სანაპიროზე. სუდანში დავრჩი დაახლოებით ორი წელი მთლიანობაში (რვა თვე ხართუმში, წელიწადი სუდანის პორტში და კიდევ ორი თვე ხართუმში). ბიძაჩემმა გაყიდა თავისი ავტომობილი, რათა ჩემი მგზავრობის ფული ეშოვნა. საფრანგეთში ჩამოსვლამდე ვიმოგზაურე სამხრეთ აფრიკაში. ბიძაჩემმა მოიძია კონტრაბანდისტთა ქსელი. მე არ ვიცი, თუ როგორ აგვარებდნენ ისინი საქმეებს.
რა ჰქვია თქვენს მეგობარს და როგორ შეხვდით მას? მისი სახელია მილკიას მიჰრეტაბი, იგი ჩვენი ოჯახის მეგობარია, იცნობდა ჩემს მშობლებს ადის-აბებაში. როდესაც ჩვენ დავბრუნდით ასმარაში, თვრამეტი თვე გავატარე სამხედრო სამსახურში. ამის შემდეგ ვიყავი რეზერვში და ვმუშაობდი არმიის გარაჟში, თუმცაღა, უნიფორმას არ ვატარებდი. სწორედ ამ პერიოდში მოაგვარა ჩემმა მეგობარმა ის, რომ მასთან წავსულიყავი და მემუშავა, და დამიდგა კიდეც თავდებად.
შეგიძლიათ თუ არა დაგვისახელოთ რაიმე მაგალითი იმ მოვლენებისა, რომლებიც გააშუქეთ? ჩვენ გავაშუქეთ სტუდენტთა გაფიცვა ასმარაში 2002 წელს (შემდგომი დეტალები ვერ იქნა გადმოცემული).
რა იყო ის ორი მაკომპრომეტირებელი ფოტო, რომელიც თქვენს ბინაში იპოვნეს? Aარ ვიცი, ვერ ვიხსენებ.
რომელი გაზეთისათვის მუშაობდა თქვენი მეგობარი მილკიას მიჰრეტაბი? Keste Debena (ცისარტყელა). რა იყო მისი სამუშაო? მთავარი რედაქტორობა.
იცით თუ არა რაიმე იმ პრობლემების თაობაზე, რომლებიც თქვენს მეგობარს ხელისუფლებასთან გააჩნდა? ორი მთავარი მიზეზი იყო საამისო. ჯერ ერთი, ჩემი მეგობარი კონსტიტუციის მომხრე იყო, მეორე, როდესაც ცამეტი მინისტრი იქნა დაპატიმრებული, ჩემმა მეგობარმა მათი ბიოგრაფიები გამოაქვეყნა. ისინი ციხეში ჩასვეს ზუსტად 2002 წლის სტუდენტთა გაფიცვის შემდეგ.
როდის წავიდა თქვენი მეგობარი ქვეყნიდან? ეს მოხდა 2002 წლის აპრილში, როდესაც ყველა ჟურნალისტი დააკავეს.
დააკავეს თუ არა სხვა ჟურნალისტებიც? ყველა ერიტრეელი ჟურნალისტი დღეს ციხეშია. იცით თუ არა სხვა ჟურნალისტი Keste Debena-დან, რომელიც ასევე დააკავეს ? (პასუხი არ არის). სხვა ფოტოგრაფები? (პასუხი არ არის).
შეგიძლიათ თუ არა გვითხრათ თქვენი დაკავების დეტალები (თარიღი, გარემოებები, დაპატიმრების ადგილი)? მე დამაკავეს 2002 წლის ნოემბერში. მათ წამიყვანეს მაიტამანეის ციხეში, სადაც გავატარე ექვსი თვე.
დაგაკავეს თუ არა ასმარაში “დაბრუნებისთანავე”? არა, მე გავაგრძელე ვმუშაობა აქ და იქ ექვსი თვის განმავლობაში.
რა დაემართა თქვენს ოჯახს? მამაჩემი დაავადდა და გარდაიცვალა მანამ, სანამ ჩვენს ოჯახს გააძევებდნენ. დედაჩემი, ჩემი ორი ძმა და ორი და ცხოვრობენ ასმარაში. ჩემი დები და ძმები სწავლობენ.
რისი შიში გაქვთ დაბრუნების შემთხვევაში? როდესაც დამაკავეს, უმთავრესი რამ, რაც მათ სურდათ შეეტყოთ, იყო ინფორმაცია იმ ქსელის შესახებ, რომელიც ჩემმა მეგობარმა გამოიყენა ქვეყნის დატოვებისას. ვფიქრობ, ისინი ჯერ კიდევ ცდილობენ ინფორმაციის მოპოვებას.
ეს თქვენი ნამდვილი სახელია? დიახ, სხვა სახელი არა მაქვს, არც არასოდეს მქონია.
გაქვთ რაიმე დასამატებელი? არა.
დასაბუთებული რეკომენდაცია
ბ-ნი ასებეჰა გაბერამადიენმა, ერიტრეელმა მოქალაქემ, განაცხადა, რომ იგი მუშაობდა ფოტოგრაფად ოჯახის მეგობართან, რომელიც იყო ჟურნალისტი. ბ-ნი გაბერამადიენის მიხედვით, 2002 წლის აპრილში, როდესაც ისინი იმყოფებოდნენ სამაუწყებლო დავალების შესასრულებლად სუდანის საზღვარზე, ჟურნალისტმა გამოიყენა შესაძლებლობა, დაეტოვებინა ერიტრეა. ასმარაში დაბრუნების შემდეგ, ბ-ნმა გაბერამადიენმა გააგრძელა თავისი საქმიანობა ექვსი თვის განმავლობაში, სანამ მას ერიტრეას ხელისუფლება დააკავებდა. მას მიესაჯა ექვსი თვით პატიმრობა და ამ პერიოდის განმავლობაში, იგი რეგულარულად იკითხებოდა მოვლენების შესახებ, რომლებიც მისი მეგობრისა და კოლეგის გამგზავრებას უკავშირდებოდა. სერიოზულად დაავადმყოფების შემდეგ, იგი გადაიყვანეს საავადმყოფოში, საიდანაც მან მოახერხა გაქცევა იქ მომუშავე მისი ოჯახის წევრების დახმარებით. შემდეგ ის დარჩა ბებიამისის ბინაში ოთხი თვე, სანამ ერიტრეადან სუდანში გაემგზავრებოდა, სადაც იგი ცხოვრობდა და მუშაობდა დაახლოებით ორი წლის განმავლობაში.
თუმცაღა, ბ-ნი გაბერამადიენის ანგარიში შეიცავს დიდი ოდენობით უზუსტობასა და შეცდომას, რასაც ეჭვი შეაქვს მისი განცხადებების სიმართლეში. მაშინ როდესაც, ასმარაში ჟურნალისტთა დაკავების ეპიზოდი ძალზე კარგად არის ცნობილი და იგი ფართოდ იყო გაშუქებული მედიაში, ბ-ნი გაბერამადიენის ანგარიშში არაფერია თქმული იმის თაობაზე, თუ რა მოხდა იქ ფაქტობრივად. ერიტრეელი ჟურნალისტები დააკავეს 2001 წლის სექტემბერში და არა 2002 წლის აპრილში და მომჩივანი ვერ ამჟღავნებს ვერავითარ ცოდნას იმ მიზეზების შესახებ, რომელთაც გაზეთების დახურვა და ჯურნალისტთა დაკავება მოჰყვა. გაზეთ Keste Debena-ს მთავარმა რედაქტორმა ერიტრეა დატოვა 2001 წლის სექტემბერში (ამიტომ შეუძლებელი ჩანს, რომ მას გაეშუქებინა 2002 წელს მომხდარი სტუდენტური გაფიცვა). მისი გამგზავრების გარემოებები, იმავე გაზეთიდან სხვა რეპორტიორის თანხლების შესახებ არ შეესაბამება ბ-ნი გაბერამადიენის განცხადებებს. უცნაური ჩანს, რომ გარდა Keste Debena-ს მთავარი რედაქტორისა, მან ვერ დაასახელა რომელიმე სხვა ჟურნალისტი ან ფოტოგრაფი, რომელიც ერიტრეას ხელისუფლებამ იმ დღეს დააკავა; ვერ დაასახელა ვერც რომელიმე სხვა გაზეთი, რომელიც აკრძალული იქნა. ასევე, მეტისმეტად საკვირველია, რომ ბ-ნმა გაბერამადიენმა შეძლო დაესახელებინა _ თანაც არასრული და უზუსტო ფორმით – ერთადერთი მოვლენა, რომელიც მან, როგორც ფოტოგრაფმა გააშუქა. მისი ცოდნის დონე იმდენად დაბალია, რომ აღძრავს სერიოზულ ეჭვებს იმის თაობაზე, იყო თუ არა იგი მართლაც ჩაბმული ამ საქმიანობაში. იმ დროისათვის მედიის მიერ აღნიშნული მოვლენების ფართო გაშუქებისას, ბ-ნი გაბერამადიენის გვარი არსად ყოფილა მოხსენიებული არც Keste Debena-ს თანამშრომელთა და არც დაკავებულ პირთა შორის. აღნიშნული ფაქტორები, ერთად აღებული, გვაფიქრებინებს, რომ ბ-ნი გაბერამადიენი ცდილობს იცრუოს.
ლტოლვილთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა დაცვის ფრანგული სააგენტო მიიჩნევს, რომ ბ-ნი ასებეჰა გაბერამადიენის განცხადება მისთვის, როგორც თავშესაფრის მაძიებლისათვის საფრანგეთში შესვლაზე ნებართვის მიცემის თაობაზე უნდა ჩაითვალოს აშკარად უსაფუძვლოდ, და ამიტომ იძლევა
რეკომენდაციას შესვლის ნებართვაზე უარის შესახებ”
13.2005 წლის 6 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ “აშკარად უსაფუძვლოდ” მიიჩნია მოსარჩელის განცხადება, მისთვის, როგორც თავშესაფრის მაძიებლისათვის მიეცათ საფრანგეთის ტერიტორიაზე შესვლის ნებართვა. ამიტომ მან უარი უთხრა განცხადებას და გადაწყვიტა გაეგზავნათ იგი ერიტრეაში ან, თუ ესაჭიროებოდა, ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, სადაც მისი ყოფნა სამართლებრივად დაშვებული იქნებოდა” (მოსარჩელემ მიუთითა, რომ აეროპორტში გაკეთებულ განცხადებათა 93% სწორედ ამ გზით იყო უარყოფილი). გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ:
“...
მხედველობაში იღებს ლტოლვილთა სტატუსის შესახებ ჟენევის 1951 წლის 28 ივლისის კონვენციას;
მხედველობაში იღებს იმიგრაციისა და თავშესაფრის კოდექსის, კერძოდ, L. 221-1 და L. 213-4 მუხლებს.
მხედველობაში იღებს 1982 წლის 27 მაისის ნო. 82-442 დეკრეტს, რომლითაც შესწორდა 1945 წლის 2 ნოემბრის ბრძანებულების მე-5 ნაწილი საფრანგეთის ტერიტორიაზე შესვლის ნებართვის მიცემასთან მიმართებაში, კერძოდ, მისი მე-12 მუხლი;
მხედველობაში იღებს განცხადებას, საფრანგეთში, როგორც თავშესაფრის მაძიებლისათვის შესვლის ნებართვის შესახებ, რომელიც გაკეთებულია 2005 წლის 1 ივლისს ღუასის აეროპორტში X-ის მიერ, რომელიც ადასტურებს, რომ იგი არის ბ-ნი ასებაჰა თუ ასებეჰა გაბერამადიენი, დაბადებული 1979 წლის 15 მარტს და ერიტრეელი მოქალაქე;
მხედველობაში იღებს სასაზღვრო პოლიციის მიერ 2005 წლის 1 ივლისს შედგენილ ანგარიშს;
ითვალისწინებს ლტოლვილთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ფრანგული სააგენტოსაგან 2005 წლის 5 ივლისს მიღებულ კონსულტაციებს;
X, რომელიც ადასტურებს, რომ იგი არის ბ-ნი ასებაჰა თუ ასებეჰა გაბერამადიენი, დაბადებული 1979 წლის 15 მარტს და ერიტრეელი მოქალაქე, აცხადებს, რომ სამხედრო სამსახურის გავლის დროს შეხვდა ჟურნალისტს, გაზეთ Keste Debena-ს (ცისარტყელა) მთავარ რედაქტორს, რომელთანაც იგი სამსახურის დასრულების შემდეგ მუშაობდა ოპერატორად და ფოტოგრაფად. ამ უკანასკნელს გააჩნდა პრობლემები ხელისუფლებასთან მისი მხრიდან კონსტიტუციის მხარდაჭერისა და კიდევ იმის გამო, რომ მან გამოაქვეყნა 2002 წელს სტუდენტური გაფიცვის შემდეგ დაპატიმრებული ცამეტი მინისტრის ბიოგრაფიები. მისი მეგობარი ჟურნალისტი ქვეყნიდან წავიდა 2002 წლის აპრილში, როდესაც ისინი ერთობლივად ახორციელებდნენ სამაუწყებლო დავალებას სუდანის საზღვარზე. თვითონ კი დაბრუნდა ასმარაში და გააგრძელა საქმიანობა. ექვსი თვის შემდეგ, 2002 წლის ოქტომბერსა თუ ნოემბერში, ხელისუფლებამ დაჰკითხა იგი მისი მეგობრისა და კოლეგის მიერ ქვეყნის დატოვების გარემოებებთან დაკავშირებით. პოლიციამ მის ბინაში აღმოაჩინა ორი მაკომპრომეტირებელი ფოტოსურათი და, მოგვიანებით იგი დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას. იგი ციხეში ჩასვეს ექვსი თვით, და დაავადმყოფების შემდეგ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მისი ბებიის ნათესავები მუშაობდნენ. იგი გაიქცა საავადმყოფოდან მცველებისათვის ქრთამის მიცემის მეშვეობით და წავიდა აზერაში, სადაც დარჩა ოთხი თვე, სანამ გაემგზავრებოდა სუდანში, სადაც მან იცხოვრა და იმუშავა ორი წლის განმავლობაში.
თუმცა, X-ის განცხადებები შეიცავს არაერთ შეუსაბამობას, რომლებიც ამცირებს მათ სარწმუნოობას. მისი მონათხრობი არ შეესაბამება რეალურ მოვლენებს, რომლებსაც ის შეეხო, კერძოდ, ასმარაში რამდენიმე ჟურნალისტის დაკავებას, რაც ძალიან კარგად იყო ცნობილი და მედიაშიც ფართოდ იყო გაშუქებული. ერიტრეელი ჟურნალისტები დააკავეს 2001 წლის სექტემბერში და არა 2002 წლის აპრილში და განმცხადებელი ვერ ამჟღავნებს ვერავითარ ცოდნას იმ მიზეზების შესახებ, რომელთაც გაზეთების დახურვა და ჯურნალისტთა დაკავება მოჰყვა. უფრო მეტიც. გაზეთ Keste Debena-ს მთავარმა რედაქტორმა ერიტრეა დატოვა 2001 წლის სექტემბერში და ამიტომ ვერ შეძლებდა გაეშუქებინა 2002 წელს მომხდარი სტუდენტური გაფიცვა, რაზედაც X მიუთითებს. მისი გამგზავრების გარემოებები, იმავე გაზეთიდან სხვა რეპორტიორის თანხლების შესახებ არ შეესაბამება X-ის განცხადებებს. გარდა ამისა, მან ვერ დადასტურდა მისი პროფესიული საქმიანობა. ძალზე უცნაურია, რომ მან ვერ დაასახელა რომელიმე სხვა გაზეთი, რომელიც აიკრძალა, ან რომელიმე სხვა ჟურნალისტი ან ფოტოგრაფი, რომელიც ერიტრეას ხელისუფლებამ იმ დღეს დააკავა. ასევე ძალზე განსაცვიფრებელია, რომ X-მა შეძლო დაესახელებინა მხოლოდ ერთი მოვლენა, რომელიც მან, როგორც ფოტოგრაფმა გააშუქა და თანაც, არასრული და უზუსტო ფორმით. და ბოლოს, მისი გვარი არსად ყოფილა მოხსენიებული, არც Keste Debena-ს თანამშრომელთა და არც დაკავებულ პირთა შორის მიუხედავად ამ მოვლენების ფართო გაშუქებისა მედიაში. აღნიშნული ფაქტორები, ერთად აღებული, აღძრავს ეჭვებს იმის თაობაზე, არის თუ არა მისი განცხადება გულწრფელი და საფუძვლიანი.
შესაბამისად, საფრანგეთში, როგორც თავშესაფრის მაძიებლისათვის შესვლის ნებართვის თაობაზე X-ის განცხადება..., რომელიც ირწმუნება, რომ არის ასებაჰა ან ასებეჰა გაბერამადიენი, მიჩნეულ უნდა იქნეს აშკარად უსაფუძვლოდ.
იმიგრაციისა და თავშესაფრის კოდექსის L.213-4 მუხლის შესაბამისად, საკითხი უნდა გადაწყდეს ერიტრეაში, ან თუ ესაჭიროება, ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, სადაც მისი ყოფნა სამართლებრივად დაშვებულია, მისი გაგზავნის მიმართულებით.
14. 2005 წლის 7 ივლისს მოსარჩელემ შეიტანა გადაუდებელი საჩივარი სერჟი-პონტუაზის ადმინისტრაციულ სასამართლოში ადმინისტრაციულ სასამართლოთა კოდექსის L. 521-2 მუხლის საფუძველზე და მოითხოვა ბრძანების გამოცემა, რომელიც დაავალდებულებდა შინაგან საქმეთა მინისტრს, მიეცა მისთვის საფრანგეთში შესვლის ნებართვა, რათა შესაძლებლობა ჰქონოდა მიემართა თავშესაფრის თხოვნით. Mმან აღნიშნა, რომ შესვლის ნებართვაზე უარი წარმოადგენდა სერიოზულ და აშკარად უკანონო დარღვევას თავშესაფრის უფლებისა – ძირითადი თავისუფლებისა, რომლის უშუალო შედეგსაც წარმოადგენდა ლტოლვილის სტატუსის მისაღებად მიმართვის უფლება, რომელიც პირს ქვეყანაში დროებით ცხოვრების უფლებას ანიჭებდა; იგი ასევე არღვევდა სიცოცხლის უფლებას, ისევე როგორც, ადამიანის უფლებას, არ დაექვემდებაროს არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას კონვენციის მე-3 მუხლის გაგებით. ამასთან მიმართებაში მოსარჩელემ კერძოდ აღნიშნა, რომ სამინისტრომ, თავშესაფრის თაობაზე მისი საჩივრის შინაარსის განხილვისას, არა მარტო გადააჭარბა თავისი უფლებამოსილების ფარგლებს, არამედ, დაუშვა შეცდომა, როდესაც მისი განცხადება აშკარად უსაფუძვლოდ შეაფასა. მან ხაზი გაუსვა განსაკუთრებით იმას, რომ იგი, როგორც ოპერატორი და ფოტოგრაფი, განიცდიდა დევნას თავისი წარმოშობის ქვეყანაში, სადაც იგი ორჯერ დააპატიმრეს და დაუქვემდებარეს არასათანადო მოპყრობას, სანამ თავსეშაფრის საძიებლად გაემგზავრებოდა სუდანში, საიდანაც იგი გაიქცა, რამდენადაც მისი სიცოცხლე საფრთხეში აღმოჩნდა.
მოსარჩელემ გადაუდებელი საჩივრების მოსამართლეს წარუდგინა არასამთავრობო ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე”-ს (Reporters sans frontières) მიერ შემუშავებული შემდეგი განცხადებები:
“...საერთაშორისო ორგანიზაციას “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე”, რომელიც ემსახურება პრესის თავისუფლების დაცვას, სურს მიაქციოს თქვენი ყურადღება ასებაჰა გაბერამადიენის, ჯურნალისტისა და ერიტრეელი მოქალაქის საქმეზე.
ჩვენი მუდმივი კორესპონდენტების ძალისხმევის მეოხებით, საფუძველი გვაქვს დაგიდასტუროთ, რომ ბ-ნი გაბერამადიენი ნამდვილად მუშაობდა ოპერატორად და ჟურნალისტად. ჩვენ დავუკავშირდით ერიტრეელ ჟურნალისტს იოჰანეს მილკიას მიჰრეტაბს, შეერთებულ შტატებში ლტოლვილობაში მყოფს, რომელმაც დაადასტურა, რომ იგი ბ-ნ გაბერამადიენთან ერთად მუშაობდა. მან ასევე დაადასტურა, რომ იმავდროულად სხვა ორი ადამიანიც იმყოფებოდა უმძიმეს პირობებში ზარას ციხეში, რომელიც იყო ერთ-ერთი უმკაცრესი ციხე მთელს ქვეყანაში.
მიუხედავად იმისა რომ ვითვალისწინებთ ვადებს, რომლებიც დაცული უნდა იქნეს საქმის განხილვისა და აუცილებელი შემოწმების განხორციელებისას, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ რეპორტიორები საზღვრებს გარეშე მხარს უჭერენ ბ-ნ გაბერამადიენის განცხადებას პოლიტიკური თავშესაფარის თაობაზე. მივესალმებით მასთან შეხვედრის შესაძლებლობას საქმის უფრო კარგად გასაცნობად და ყველა იმ მტკიცებულების უზრუნველსაყოფად, რაც კი განცხადების მიზნებიდან გამომდინარე არის საჭირო.
დამატებით, მოსარჩელემ წარმოადგინა ორი შეტყობინება ინგლისურ ენაზე, რომელიც ბ-ნმა მიჰრეტაბმა 2005 წლის 7 ივლისს ელექტრონული ფოსტით გაუგზავნა რეპორტიორებს საზღვრებს გარეშე (ბ-ნმა მიჰრეტაბმა მესამე, მსგავსი ელექტრონული შეტყობინება გაუგზავნა მოსარჩელის მრჩეველს 2005 წლის 11 ივლისს). ზემოაღნიშნულ ორ შეტყობინებაში, ბ-ნმა მიჰრეტაბმა დაადატურა, რომ იცნობდა ასებეჰა გაბერამადიენს, ჟურნალისტსა და აქტივისტ დისიდენტს, რომელიც მუშაობდა შტატგარეშე ფოტოგრაფად გაზეთში Keste Debena, და რომ ისინი ერთდროულად ჩასვეს რამდენიმე თვით ზარას ციხეში. ბ-ნმა მიჰრეტაბმა დასძინა, რომ მოსარჩელემ გამოიარა დიდი ტანჯვა და გადაიტანა არაერთი განსაცდელი დემოკრატიული ცვლილებებისათვის წარმოებულ კამპანიაში ჩართულობისა და თავისუფალი პრესისათვის მისი მუშაობის გამო. ერიტრეაში იმჟამინდელი ვითარებისა და აგრეთვე იმ ფაქტის მხედველობაში მიღებით, რომ მოსარჩელეს კარგად იცნობდა ხელისუფლება, რამდენადაც ადრე ზარას ციხეში ჰყავდა გამომწყვდეული, ცხადი იყო, რომ მას უსათუოდ დააპატიმრებდნენ ამ ქვეყანაში. მისი სიცოცხლე დადგებოდა საფრთხის ქვეშ და სულ მცირე, იარსებებდა მისი წამებისა და “გაუჩინარების” რისკი მრავალი ჟურნალისტის, დისიდენტისა და სხვა აქტივისტის მსგავსად.
15. 2005 წლის 8 ივლისს სერჟი-პონტუაზის ადმინისტრაციული სასამართლოს გადაუდებელი საჩივრების მოსამართლემ, საქმის მოსმენის გარეშე გამოსცა ბრძანება, რომლითაც უარი ეთქვა მოსარჩელის საჩივარს. ბრძანებაში აღნიშნულია:
“... ადმინისტრაციულ სასამართლოთა კოდექსის L. 521-2 მუხლში მითითებულია: “როდესაც ამგვარი საჩივარი შეტანილია გადაუდებელ საკითხებზე, გადაუდებელი საჩივრების მოსამართლეს შეუძლია გამოსცეს ბრძანება ნებისმიერი აუცილებელი ღონისძიების გასატარებლად იმ ძირითადი თავისუფლების დაცვის მიზნით, რომელიც დარღვეულ იქნა უხეშად და აშკარად უკანონოდ თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას საჯარო-სამართლებრივი ერთეულის ან კერძო სამართლის საფუძველზე მოქმედი ორგანიზაციის მიერ, რომელიც პასუხისმგებელია საჯარო სამსახურის მართვაზე. გადაუდებელი საჩივრების მოსამართლემ საკითხი უნდა გადაწყვიტოს ორმოცდარვა საათში”. ამავე კოდექსის L. 522-1 მუხლი მიუთითებს: “გადაუდებელი საჩივრების მოსამართლემ საკითხი უნდა გადაწყვიტოს წერილობითი ან ზეპირი შეჯიბრებითი პროცესის შედეგად. როდესაც მოსამართლის წინაშე დაყენებულია მოთხოვნა, gamosces L. 521-1 და L. 521-2 მუხლებში მითითებული ღონისძიებების შესახებ ბრძანება, შეიტანოს მათში შესწორებანი ან შეწყვიტოს მათი გამოყენება, მან, დროულად უნდა აცნობოს მხარეებს საქმის საჯარო მოსმენის თარიღი და დრო...”. და ბოლოს, კოდექსის L. 522-3 მუხლში აღნიშნულია: “როდესაც საჩივარი არ არის გადაუდებელი, ან როდესაც საჩივრის განხილვის შედეგად აშკარაა, რომ იგი არ ხვდება ადმინისტრაციული სასამართლოს იურისდიქციის ფარგლებში, ან დაუშვებელია ანდა უსაფუძვლო, გადაუდებელი საჩივრების მოსამართლეს შეუძლია უარი უთრას მას დასაბუთებული ბრძანებით, L. 522-1 მუხლის პირველი ორი ნაწილის გამოუყენებლად.”
იმიგრაციისა და თავშესაფრის კოდექსის L.221-1 მუხლი იმავდროულად მიუთითებს : “ უცხოელი, რომელიც საფრანგეთში ჩამოდის საჰაერო გზით და (a) მას უარს ეუბნებიან საფრანგეთის ტეროტორიაზე შესვლაზე, ან (b) იგი მიმართავს თავშესაფრის მოთხოვნით, შეიძლება ამყოფონ აეროპორტში მდებარე ... მოსაცდელ ზონაში, იმ დროით, რაც მკაცრად აუცილებელია მისი გამგზავრების მოსაგვარებლად, ხოლო თუ იგი თავშესაფრის მაძიებელია – იმის გამოსაძიებლად, არის თუ არა მისი განცხადება აშკარად უსაფუძვლო. 1982 წლის 27 მაისის დეკრეტის მე-12 შესწორებული მუხლი მიუთითებს: “როდესაც საზღვარზე ჩამოსული უცხოელი მიმართავს თავშესაფრის მოთხოვნით, საფრანგეთის ტერიტორიაზე შესვლაზე უარის გადაწყვეტილების მიღების უფლება გააჩნია მხოლოდ შინაგან საქმეთა მინისტრს, ლტოლვილთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ფრანგულ სააგენტოსთან კონსულტაციის შემდეგ.”
საქმეში არსებული დოკუმენტები მიუთითებს, რომ ბ-ნი ასებეჰა გაბერამადიენი, ერიტრეელი მოქალაქე, საფრანგეთში ჩამოვიდა საჰაერო გზით 2005 წლის 1 ივლისს და, როგორც თავშესაფრის მაძიებელმა, მოითხოვა ქვეყანაში შესვლის უფლება. იმიგრაციისა და თავშესაფრის კოდექსის ზემოთ მითითებული L. 221-1 მუხლის დებულებათა თანახმად, ბ-ნი გაბერამადიენი ამყოფეს მოსაცდელ ზონაში მანამ, სანამ თავშესაფრის შესახებ მისი განცხადება იხილებოდა. ლტოლვილთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ფრანგულ სააგენტოსთან 2005 წლის 5 ივლისის კონსულტაციების შემდეგ, შინაგან საქმეთა და რეგიონალური განვითარების მინისტრმა, 2005 წლის 6 ივლისს მიღებული სადავოდ ქცეული გადაწყვეტილებით უარი უთხრა ბ-ნ ასებეჰა გაბერამადიენს საფრანგეთში შესვლის ნებართვაზე თავშესაფრის შესახებ მისი განცხადების აშკარა უსაფუძვლობის მოტივით.
ნამდვილია ის, რომ თავშესაფრის უფლება და მისი პირდაპირი შედეგი _ ლტოლვილის სტატუსის მოთხოვნისა და, შესაბამისად, თავშესაფრის შესახებ განცხადების განხილვის ვადით საფრანგეთში დარჩენის უფლება _ წარმოადგენს უცხოელთა ძირითად თავისუფლებას. ნამდვილია ისიც, რომ გადაუდებელ საქმეებში, როდესაც ადმინისტრაციული ხელისუფლების ორგანოები, თავიანთი უფლებამოსილების განხორციელებისას, მას არღვევენ უხეშად და აშკარად უკანონოდ, გადაუდებელი საჩივრების მოსამართლეს, ამ თავისუფლების დასაცავად, შეუძლია გამოსცეს ბრძანება ნებისმიერი აუცილებელი ღონისძიების თაობაზე ადმინისტრაციულ სასამართლოთა კოდექსის L. 512-2 მუხლის ზემოთ მითითებულ დებულებათა საფუძველზე. თუმცა, ასეთი დარღვევა არ შეიძლება შედეგად მოჰყვეს მხოლოდ იმ ფაქტს, რომ იმიგრაციისა და თავშესაფრის კოდექსის L. 221-1 მუხლის შესაბამისად, შინაგან საქმეთა მინისტრმა პირადად მიიღო გადაწყვეტილება თავშესაფრის საკითხზე, მოცემულ საქმეში 2005 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილების ფორმით, ვინაიდან ამავე კოდექსის L. 711-1 მუხლის საფუძველზე, ლტოლვილთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ფრანგულ სააგენტოს უფლება აქვს განიხილოს ლტოლვილის სტატუსის შესახებ მხოლოდ იმ უცხოელთა საჩივრები, რომელთაც უკვე მიენიჭათ ქვეყანაში შესვლის ნებართვა. უფრო მეტიც. საქმის მასალებში არაფერი მეტყველებს იმაზე, რომ საფრანგეთში შესვლის ნებართვაზე ბ-ნი ასებეჰა გაბერამადიენისათვის მიცემული უარი აშკარად უსაფუძვლო იყო, ვინაიდან საკუთრივ თავშესაფრის შესახებ მის განცხადებას აშკარად უსაფუძვლო ხასიათი ჰქონდა. კერძოდ, მომჩივანმა ვერ წარმოადგინა საკმარისი და არსებითი დეტალები საკუთარი პიროვნების ვინაობის, წარმოშობის ქვეყანაში რეპორტიორად და ფოტოგრაფად მისი სავარაუდო პროფესიული საქმიანობის, მის წინააღმდეგ სავარაუდოდ განხორციელებული დევნისა და მისი მიზეზების, ანდა იმ რისკების შესახებ, რომლის წინაშეც აღმოჩნდებოდა თავისი წარმოშობის ქვეყანაში ან სუდანში დაბრუნების შემდეგ, სადაც იგი ბოლოს ცხოვრობდა.. მან ვერ წარმოადგინა ვერავითარი prima facie მტკიცებულება, რომელიც სარწმუნოს გახდიდა ასეთი რისკის არსებობას ანდა გამოიწვევდა თავშესაფრის განცხადების შინაგან საქმეთა მინისტრისეული შეფასების გადასინჯვას. Mმხოლოდ ის დოკუმენტები, რომლებიც ბ-ნმა გაბერამადიენმა წარმოადგინა, კერძოდ, შეერთებულ შტატებში მყოფი ლტოლვილი ჟურნალისტის ჩვენება, რომელიც ოდენ მცირე დეტალებს შეიცავს, და ორგანიზაციიდან “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” მიღებული წერილი, საკმარისი არ არის იმის დადგენილად მიჩნევისათვის, რომ მას პირადად ემუქრებოდა საფრთხე თავის ქვეყანაში ან სუდანში დაბრუნების შემთხვევაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ შინაგან საქმეთა და რეგიონალური განვითარების მინისტრის 2005 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც ბ-ნ გაბერამადიენს უარი ეთქვა ნებართვაზე შესულიყო საფრანგეთში როგორც თავშესაფრის მაძიებელი, ვერ ჩაითვლება ლტოლვილის სტატუსის მოთხოვნის თაობაზე მისი უფლების უხეშ და აშკარად უკანონო დარღვევად, რომელიც გაამართლებდა ბრძანების საფუძველზე ღონისძიებების გატარებას ადმინისტრაციულ სასამართლოთა კოდექსის L.521-2 მუხლის მიხედვით. შედეგად, და ადმინისტრაციულ სასამართლოთა კოდექსის L.522-3 მუხლის ზემოთ აღნიშნული დებულებების შესაბამისად, მომჩივნის საჩივარს უარი უნდა ეთქვას, როგორც აშკარად უსაფუძვლოს...”
16. 2005 წლის 7 ივლისს მოსარჩელე, პოლიციის ოფიცრების თანხლებით, მიყვანილ იქნა ერიტრეას საელჩოში. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა ერიტრეას ელჩს მოახსენეს თავშესაფრის განცხადებასთან დაკავშირებული მოვლენების მისეული აღწერილობა, კერძოდ, მისი გაქცევის გარემოებები და იმ ადამიანთა სახელები, ვინც მას გაქცევაში დაეხმარა. ელჩმა მასზე განახორციელა ძლიერი სიტყვიერი თავდასხმა მშობლიურ ენაზე და უარი თქვა ერიტრეის მოქალაქედ მის აღიარებასა და ერიტრეაში დასაბრუნებლად მისთვის გასვლის ნებართვის მიცემაზე.
მთვავრობამ უარყო ის გარემოება, რომ ელჩს წარედგინა მოსარჩელისეული აღწერილობა მოვლენებისა და ისიც, რომ ელჩმა გამოხატა ამ შემთხვევის მიმართ მკვეთრი, განსაზღვრული პოზიცია იმის თაობაზე, უნდა მიეცათ თუ არა მოსარჩელისათვის გასვლის ნებართვა (თავისი პოზიცია ელჩს საფრანგეთის ხელისუფლებისათვის არ უცნობების 2005 წლის 15 ივლისამდე).
17. ”(სხვა გარემოებებთან ერთად) სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის საფუძველზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოთხოვნის გათვალისწინებით, შეეჩერებინათ მოსარჩელის გაგზავნა 2005 წლის 30 აგვისტომდე”, შინაგან საქმეთა მინისტრმა, 2005 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს მიანიჭა საფრანგეთში შესვლის ნებართვა. იმავდროულად, მოსარჩელეს გადაეცა რვა დღის განმავლობაში ძალაში მყოფი დამცავი მოწმობა (“safe conduct”) _ რომელიც ასევე შეეხებოდა სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხე მთავრობისათვის მითითებულ შუალედურ ღონისძიებას _ ნება მიეცა მოსარჩელისათვის, მიემართა პრეფექტურისათვის როგორც თავშესაფრის მაძიებელს და მოეთხოვა დროებითი ცხოვრების ნებართვა. საზღვრებზე უცხოელთა დახმარების ეროვნული ასოციაციის (ANAFÉ – არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შედგება პროფკავშირების ოცი ასოციაციისაგან) დახმარებით, მოსარჩელემ, OFPRA-ში თავშესაფრის თაობაზე განცხადების შეტანის კვალობაზე (რაც მან შესაბამისად განახორციელა), 2005 წლის 26 ივლისს პარიზის პრეფექტურიდან მოიპოვა ერთი თვით ცხოვრების უფლება.
18. როგორც ზემოთ აღინიშნა, გადაწყვეტილება ორმოცდარვა საათის განმავლობაში მოსარჩელის მოსაცდელ ზონაში დატოვების შესახებ მიიღო ადმინისტრაციულმა ხელისუფლებამ 2005 წლის 1 ივლისს დილის 11 საათზე (იხ. ზემორე მე-11 პარაგრაფი). 3 ივლისს ეს ღონისძიება გაგრძელდა შემდგომი ორმოცდარვა საათით.
2005 წლის 5 ივლისს ბობინის მაღალი ინსტანციის სასამართლოს (tribunal de grande instance) თავისუფლებებისა და პატიმრობის მოსამართლემ (juge des libertés et de la détention), რომლის წინაშეც წარსდგა მოსარჩელე და ისარგებლა ადვოკატისა და თარჯიმნის დახმარებით, ბრძანებით გასცა ნებართვა, მოსარჩელე დაეტოვებინათ მოსაცდელ ზონაში დამატებით რვა დღის განმავლობაში. ბრძანებაში მითითებულია შემდეგი საფუძვლები:
“ბ-ნი გაბერამადიენის განცხადება პოლიტიკური თავშესაფრის საკითხზე განხილვის პროცესშია. Mმან უნდა გააგრძელოს მოსაცდელ ზონაში ყოფნა”.
2005 წლის 13 ივლისს იმავე მოსამართლემ _ რომლის წინაშეც მოსარჩელე ხელახლა წარსდგა და კვლავინდებურად ისარგებლა ადვოკატისა და თარჯიმნის დახმარებით _ ბრძანებით გასცა ნებართვა, მოსარჩელე დაეტოვებინათ მოსაცდელ ზონაში დამატებით კიდევ რვა დღის განმავლობაში. ბრძანებაში აღნიშნულია შემდეგი საფუძვლები:
“განცხადება თავშესაფრის საკითხზე უარყოფილია 2005 წლის 6 ივლისს. ბ-ნ გაბერამადიენს არ გააჩნია პასპორტი. იგი მიყვანილ იქნა ერიტრეას საელჩოში 2005 წლის 7 ივლისს და ხელისუფლება ელოდება მისთვის გასვლის ნებართვის მიცემას. მან უნდა გააგრძელოს მოსაცდელ ზონაში ყოფნა.”
19. 2005 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილებით, რომელიც შედეგად მოჰყვა 2005 წლის 18 ივლისს მოსარჩელის მიერ 2005 წლის 8 ივლისის ბრძანების გასაჩივრებას, Conseil d’Etat-მ (სახელმწიფო საბჭო) შემდეგნაირად დაასაბუთა, თუ რატომ არ იყო აუცილებელი გადაწყვეტილების გამოტანა:
“...
... ბ-ნმა ასებეჰა გაბერამადიენმა ... შეიტანა საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, რომელმაც 2005 წლის 15 ივლისის განჩინებით, სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლზე დაყრდნობით, საფრანგეთის მთავრობას მიუთითა, რომ მხარეთა და მის წინაშე პროცესის სწორად წარმართვის ინტერესებისათვის სასურველი იყო, არ გაეგზავნათ მოსარჩელე ერიტრეაში 2005 წლის 30 აგვისტოს შუაღამემდე”. ამ მოთხოვნის საპასუხოდ, შინაგან საქმეთა მინისტრმა, 2005 წლის 20 ივლისს, წინამდებარე საჩივრის სასამართლოში შემოტანამდე, მიანიჭა ბ-ნ გაბერამადიენს საფრანგეთში შესვლის ნებართვა, და ამდენად, მისცა შესაძლებლობა, მიემართა შესაბამისი განცხადებით თავშესაფრის საკითხზე. მოსარჩელეს, რომელმაც ეს სათანადოდ განახორციელა, 2005 წლის 26 ივლისს გადაეცა დროებითი ცხოვრების უფლება. ეს გატარებული ღონისძიება გულისხმობს ისეთივე შედეგს, რასაც გადაუდებელ საჩივართა მოსამართლისათვის წარდგენილ საჩივარში მოთხოვნილი ღონისძიება, რომელიც თავისი შინაარსით ასევე დროებითი იყო. ასეთ გარემოებებში, ბ-ნი გაბერამადიენის იმ საჩივარის არგუმენტები, რომელიც შეტანილი იქნა სასამართლოს ბრძანების გასაპროტესტებლად და რომლითაც უარი ეთქვა მის განცხადებას, კარგავს თავის აზრსა და დანიშნულებას.
...”
20. 2005 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით, რომელიც მოსარჩელეს 2005 წლის 9 ნოემბერს ჩაჰბარდა, OFPRA-მ მას ლტოლვილის სტატუსი მიანიჭა. შედეგად, ამ თვალსაზრისით, ჟენევის 1951 წლის 28 ივლისის კონვენციის 33-ე მუხლი, რომელიც ლტოლვილთა სტატუსს შეეხება, მოქმედებს, როგორც წარმოშობის ქვეყანაში მოსარჩელის გაძევების აკრძალვა. მთავრობამ წარმოადგინა OFPRA-ს სამართლებრივ და საერთაშორისო საქმეთა განყოფილების უფროსის მოადგილის მემორანდუმი ზემოაღნიშნულის დასადასტურებლად. Mმემორანდუმში მითითებულია, რომ “სააგენტო, სხვა გარემოებებთან ერთად ითვალისწინებს პატიმრობის იმ არაადამიანურ პირობებს, რომელსაც (მოსარჩელე) თავისი წარმოშობის ქვეყანაში უკვე დაექვემდებარა, და მიიჩნევს, რომ მისი გაგზავნა ერიტრეაში მას დააყენებს დევნის საფრთხის ქვეშ ჟენევის კონვენციის გაგებით”.
21. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ღუასის აეროპორტის მოსაცდელ ზონაში ყოფნის განმავლობაში, ხელისუფლებამ არაფერი მოიმოქმედა მისი სამედიცინო გამოკვლევის ჩასატარებლად, რომლის მეშვეობითაც შეიძლება დამტკიცებულიყო, გააჩნდა თუ არა მას არასათანადო მოპყრობის შედეგად მიღებული იარები და დაზიანებანი. თუმცა, რამდეჯერმე (2005 წლის 6, 7, 11 და 12 ივლისს) მას შესაძლებლობა მიეცა, აეროპორტის მოსაცდელ ზონაში შეხვედროდა ANAFÉ-ს ორგანიზაციის ოფისის თანამშრომლებს. 2005 წლის 15 ივლისს ANAFÉ-მ შეადგინა წერილობითი განცხადება (რომელიც წარმოადგინა მოსარჩელემ). განცხადება ადასტურებდა, რომ მოსარჩელესთან გასაუბრების დროს თანამშრომლებმა ნამდვილად შეამჩნიეს ნამწვავი იარები, სულ მცირე, მის ერთ-ერთ ხელზე. განცხადებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ მან ასევე მიუთითა “ზურგის ქვედა ნაწილში არსებული ღრმულის თაობაზე, რომელიც მოსარჩელემ ახსნა, როგორც ზარას ბანაკში წამების შედეგად დარჩენილი ნაიარევი. მან მოახდინა იმ პოზიციის დემონსტრაცია, რა მდგომარეობაშიც იგი იძულებით ამყოფეს მისი პატიმრობის დროს – პირქვე დაწოლილი და ზურგზე ხელ-ფეხშეკრული.” მოსარჩელემ ასევე წარმოადგინა პირადად თანამშრომლის მიერ იმავე დღეს შედეგენილი წერილობითი განცხადება. დამატებით, ANAFÉ-ს ხელმძღვანელობით, მოსარჩელე 2005 წლის 17 ივლისს შემოწმებული იქნა ექიმ ლამის მიერ რობერტ ბალანჟეს საავადმყოფოს ღუასის სამედიცინო ერთეულიდან, რომელმაც გასცა სამედიცინო სერტიფიკატი. მასში ექიმმა აღნიშნა, რომ მოსარჩელეს არ ესაჭიროებოდა სპეციფიკური სამედიცინო მკურნალობა, მაგრამ მიუთითა “ძველი იარების თაობაზე მარცხენა ხელისა და მარჯვენა და მარცხენა მუხლების არეში”.
II. შესაბამისი შიდა სამართალი და პრაქტიკა
A. თავშესაფრის უფლება
22. საფრანგეთის კონსტიტუციის პრეამბულის მეოთხე პარაგრაფში აღნიშნულია:
“ნებისმიერ პირს, ვინც იდევნება თავისუფლების მხარდასაჭერად განხორციელებული მისი საქმიანობის გამო, მიენიჭება თავშესაფრის უფლება რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში.”
Conseil d’Etat მიიჩნევს, რომ თავშესაფრის კონსტიტუციური უფლება წარმოადგენს ძირითად თავისუფლებას, და რომ მისი ბუნებრივი შედეგია ლტოლვილის სტატუსისათვის მიმართვის უფლება. Eეს გულისხმობს, რომ უცხოელს, რომელიც მოითხოვს ლტოლვილის სტატუსს, პრინციპულად, ეძლევა ნება დარჩეს საფრანგეთის მიწაზე მისი განცხადების განხილვის ვადით. Conseil d’Etat ასევე აზუსტებს, რომ მხოლოდ მაშინ, როდესაც თავშესაფრის შესახებ განცხადება “ აშკარად უსაფუძვლოა ” (იხ. ქვემორე 23-ე პარაგრაფი), შეუძლია შინაგან საქმეთა მინისტრს უარი თქვას ქვეყანაში შესვლის ნებართვის მიცემაზე ლტოლვილთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ფრანგულ სააგენტოსთან (OFPRA) კონსულტაციის შემდეგ (იხ. მაგალითად, Ministry of the Interior v. Mbizi Mpassi Gallis, 2005 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება).
23. იმიგრაციისა და თავშესაფრის კოდექსის დებულებათა მიხედვით :
მუხლი L. 711-1
“ლტოლვილის სტატუსი მიეცემა ნებისმიერ პირს, ვინც იდევნება თავისუფლების მხარდასაჭერად განხორციელებული მისი საქმიანობის გამო, და ნებისმიერ პირს, ვის მიმართაც გერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისი ახორციელებს თავის მანდატს გაერთიანებული ერების ასამბლეის მიერ 1950 წლის 14 დეკემბერს მიღებული სტატუსის მე-6 და მე-7 მუხლების საფუძველზე, ან იმ პირებს, ვინც აკმაყოფილებს ლტოლვილთა სტატუსის შესახებ 1951 წლის 28 ივლისს მიღებული ჟენევის კონვენციის 1-ლ მუხლში მითითებულ კრიტერიუმებს. აღნიშნულ პირთა გამგებლობა განხორციელდება იმ შესატყვისი გამოსაყენებული დებულებების შესაბამისად, რომლებიც დადგენილია ჟენევის ზემოაღნიშნული კონვენციით.”
M
მუხლი L. 712-1
“L.712-2 მუხლის დებულებებით გათვალისწინებული სუბსიდიური დაცვა მიენიჭება იმ პირებს, ვინც ვერ akmayofilebs L.711-1 მუხლში ლტოლვილის სატუსის მოსაპოვებლად დადგენილ კრიტერუმებს, მაგრამ დაამტკიცებს, რომ დაექვემდებარება შემდეგი სახის სერიოზულ საფრთხეს თავის ქვეყანაში:
(a) სიკვდილით დასჯას;
(b) წამებას ან არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან სასჯელს;
(c) სამოქალაქო პირების შემთხვევებში, სიცოცხლის ან პირადი უსაფრთხოების ხელყოფის სერიოზულ, პირდაპირ და ინდივიდუალურ საფრთხეს ფართოდ გავრცელებული ძალადობის გამო შიდა თუ საერთაშორისო კონფლიქტის შედეგად.”
Mმუხლი L. 713-2
“ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისას მხედველობაში მიღებული დევნა და სერიოზული საფრთხე, რომელსაც შესაძლოა შედეგად მოჰყვეს სუბსიდიური დაცვის მინიჭება, შეიძლება წარმოდგებოდეს სახელმწიფო ხელისუფლების, პარტიების ან ორგანიზაციებისაგან, რომლებიც აკონტროლებენ სახელმწიფოს ან სახელმწიფოს ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს, ანდა არა-სახელმწიფო აგენტებისაგან, ისეთ შემთხვევებში, როდესაც შემდგომ პარაგრაფებში განსაზღვრულ ხელისუფლებას არ სურს ან უნარი არ შესწევს განახორციელოს შესაბამისი დაცვა.
ხელისუფლებებს, რომლებსაც თავიანთი მდგომარეობის წყალობით ასეთი დაცვის უზრუნველყოფა შეუძლია, წარმოადგენს სახელმწიფო ხელისუფლება, ან საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციები.”
Mმუხლი L. 713-3
“პირებს, რომლებსაც გააჩნიათ დაცვაზე ხელმისაწვდომობა თავიანთი წარმოშობის ქვეყნის ტერიტორიის რომელიმე ნაწილში, შეიძლება უარი ეთქვათ თავშესაფრის შესახებ მათ განცხადებაზე, თუკი მათ არ გააჩნიათ დევნისა და სერიოზული საფრთხის საფუძველი ტერიტორიის ამ ნაწილში, და თუ გონივრულია იმის მიჩნევა, რომ მათ შეუძლიათ იქ დარჩნენ. მხედველობაში იქნება მიღებული ტერიტორიის ამ ნაწილში არსებული საერთო, ძირითადი პირობები, მომჩივნის პერსონალური მდგომარეობა და დევნის მწარმოებელი სუბიექტი იმ დროისათვის, როდესაც ხდება თავშესაფრის განცხადებაზე გადაწყვეტილების მიღება.”
24. 1951 წლის 28 ივლისს მიღებული ჟენევის კონვენციის (რომელიც საფრანგეთის მიერ რატიფიცირებულია 1954 წლის 23 ივნისს) 1 A (2) მუხლისა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ ნიუ-იორკის 1967 წლის 31 იანვრის ოქმის (რომელსაც საფრანგეთი მიუერთდა 1971 წლის 3 თებერვალს) 1-ლი მუხლის დებულებათა მიხედვით, “ლტოლვილი” არის პირი, რომელსაც გააჩნია რასის, რელიგიის, მოქალაქეობის, კონკრეტული სოციალური ჯგუფის წევრობის ან პოლიტიკური შეხედულების გამო მის წინააღმდეგ დევნის განხორციელების საფუძვლიანი შიში, იმყოფება თავისი მოქალაქეობის ქვეყნის გარეთ და არ შეუძლია, ანდა ასეთი შიშის გამო სურვილი არა აქვს ისარგებლოს ამ ქვეყნისაგან ასეთი დაცვით; ან პირი, ვისაც არ გააჩნია მოქალაქეობა, ამგვარი მოვლენების შედეგად იმყოფება მისი ყოფილი, ჩვეული სახოვრებელი ქვეყნის გარეთ და, ამასთან, არ შეუძლია იქ დაბრუნება ან ასეთი შიშის გამო არა აქვს ამის სურვილი”. ჟენევის კონვენციის 33-ე მუხლი მიუთითებს შემდეგს:
მუხლი 33 – გაძევების ან უკან დაბრუნების (“refoulement”) აკრძალვა
“1.არცერთმა ხელშემკვრელმა სახელმწიფომ არ უნდა გააძევოს ან უკან დააბრუნოს ლტოლვილი იმ ტერიტორიის საზღვრებში, სადაც მის სიცოცხლეს შეექმნება საფრთხე მისი რასის, რელიგიის, მოქალაქეობის, კონკრეტული სოცოალური ჯგუფის წევრობის ან პოლიტიკური შეხედულების გამო.
...”
B. საზღვარზე თავშესაფრის მოთხოვნის პროცედურა და მოსაცდელ ზონაში პირთა გაჩერება
1. საზღვარზე თავშესაფრის მოთხოვნის პროცედურა
25. საზღვარზე თავშესაფრის მოთხოვნის პროცედურის მიზანია იმ პირთათვის საფრანგეთში შესვლის ნებართვაზე თანხმობის ან უარის მიცემა, ვინც საჰაერო გზით ჩამოვიდა საზღვარზე აუცილებელი დოკუმენტების გარეშე და ითხოვს ქვეყანაში შესვლის ნებართვას, როგორც თავშესაფრის მაძიებელი. აღნიშნული პროცედურა განეკუთვნება შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციის სფეროს, რომელიც OFPRA-სთან კონსულტაციის შემდეგ (2004 წლის 21 ივლისის დეკრეტი, რომლითაც შესწორდა 1982 წლის 27 მაისის დეკრეტის მე-12 მუხლი), იღებს გადაწყვეტილებას, მიანიჭოს თუ არა შესვლის ნებართვა.
26. იმიგრაციისა და თავშესაფრის კოდექსის L. 221-1 მუხლი ადგენს, რომ “ უცხოელი, რომელიც ჩამოდის საფრანგეთში სარკინიგზო, საზღვაო ან საჰაერო გზით, და რომელსაც (a) არ ეძლევა საფრანგეთის ტერიტორიაზე შესვლის ნებართვა ან (b) მიმართავს თავშესაფრის მოთხოვნით, შეიძლება გააჩერონ მოსაცდელ ზონაში იმ ვადით, რაც მკაცრად აუცილებელია მისი გამგზავრების უზრუნველსაყოფად, ხოლო თუ ის თავშესაფრის მაძიებელია, იმის გამოსარკვევად, არის თუ არა მისი განცხადება აშკარად უსაფუძვლო ”.
მთავრობამ მიუთითა, რომ იმის შესაფასებლად გამოყენებული კრიტერიუმები, იყო თუ არა საზღვარზე გაკეთებული თავშესაფრის მოთხოვნა “აშკარად უსაფუძვლო», ემყარებოდა რეზოლუციას, მიღებულს ევროპული თანამეგობრობის წევრ სახელწოფოთა იმიგრაციის საკითხებზე პასუხისმგებელი მინისტრების მიერ, რომლებიც შეიკრიბნენ ლონდონში, 1992 წლის 30 ნოემბერსა და 1 დეკემბერს, და, აგრეთვე, OFPRA-ს გამოცდილებასა და პრაქტიკას. ეს კრიტერიუმები გახლდათ შემდეგი : “ განცხადების საფუძვლები არ არის თავშესაფართან დაკავშირებული (ეკონომიკური საფუძვლები, წმინდა პირადი კეთილდღეობის ინტერესი და სხვ.); განცხადება ეფუძნება წინასწარ განზრახულ თაღლითობას (განმცხადებელი აშკარად ცრუობს თავისი მოქალაქეობის შესახებ, აკეთებს ყალბ განცდადებებს); განცხადება მოკლებულია ყოველგვარ შინაარსს და არ შეიცავს არავითარ პირად ინფორმაციას ან მასში აღწერილი დეტალები არასაკმარისია; განმცხადებელი საუბრობს მხოლოდ არეულობაზე და უსაფრთხოების არარსებობის საერთო ვითარებაზე თავის პირადი მდგომარეობის შესახებ მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე; განცხადება ძირფესვიანად შეუსაბამოა ან არასარწმუნო, ანდა შეიცავს მრავალ წინააღმდეგობას, რომელიც მას ყოველგვარ სანდოობას უკარგავს». 1996 წლის 18 დეკემბერს Rogers-ის საქმის პლენარული განხილვის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებში Conseil d’Etat-მ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნულ რეზოლუციას არ გააჩნდა სამართლებრივი ძალა და ამიტომ მას ვერ დაემყარებოდა იმის შეფასება, იყო თუ არა თავშესაფრის თაობაზე განცხადება ” აშკარად უსაფუძვლო ”.
27. უცხოელს, ვინც საზღვარზე თავშესაფრის მოთხოვნით მიმართავს, ამის გაკეთება შეუძლია ჩამოსვლისას ან ნებისმიერ დროს მოსაცდელ ზონაში ყოფნის განმავლობაში. განცხადება უნდა ჩაჰბარდეს სასაზღვრო პოლიციას, რომელიც თავშესაფრის განცხადების თაობაზე ამზადებს ანგარიშს და მასალებს უგზავნის შინაგან საქმეთა სამინისტროს. ყველა განმცხადებელს გამოკითხავს OFPRA-ს სასაზღვრო თავშესაფრის ოფისის მოხელე განცხადების მიზეზთა დასადგენად. ოფისი შინაგან საქმეთა სამინისტროს უგზავნის წერილობით რეკომენდაციას, რომელშიც აღნიშნულია აზრი იმის თაობაზე, არის თუ არა განცხადება აშკარად უსაფუძვლო. ამის შემდეგ სამინისტრო გადაწყვეტს, მიანიჭოს თუ არა განმცხადებელს საფრანგეთში შესვლის ნებართვა.
თუ შესვლის ნებართვა მინიჭებულია, სასაზღვრო პოლიცია გამოსცემს დამცავ მოწმობას, რომლითაც შესაბამის პირს ეძლევა რვა დღე თავშესაფრის თაობაზე განცხადების შესატანად სათანადო სამართლებრივი პროცედურის გამოყენებით.
შესვლის ნებართვაზე უარის შემთხვევაში, შესაბამისი პირს დაუყოვნებლივ დააბრუნებენ თავისი წარმომავლობის ან წარმოშობის ქვეყანაში.
28. ისევე როგორც ნებისმიერი ადმინისტრაციული გადაწყვეტილების შემთხვევაში, შესაძლებელია საჩივრის შეტანა ადმინისტრაციულ სასამართლოში შესვლის ნებართვაზე უარის გადაწყვეტილების გასაუქმებლად. საჩივრის შეტანა არ იწვევს აღსრულების შეჩერებას.
“გადაუდებელი საჩივარი აღსრულების შესაჩერებლად (référé suspension), ან “გადაუდებელი საჩივარი მომჩივნის ინტერესების დაცვის მიზნით ბრძანების gamosacemad (référé injonction) (ასევე ცნობილია, როგორც “გადაუდებელი საჩივარი ძირითად თავისუფლებათა დასაცავად”) (référé liberté)), რომელთაგან არცერთს არ გააჩნია შემაჩერებელი ძალა _ შეიძლება წარმოებულ იქნეს ადმინისტრაციულ სასამართლოთა kodeqsis L. 521-1 და L. 521-2 მუხლების საფუძველზეც, რომლებშიც მითითებულია:
Mმუხლი L. 521-1
“როდესაც საჩივარი მოითხოვს, მათ შორის უარის შესახებ ადამინისტრაციული გადაწყვეტილების გაუქმებას ან შეცვლას, გადაუდებელ საჩივართა მოსამართლეს შეუძლია გამოსცეს ბრძანება გადაწყვეტილების ან მისი ზოგიერთი შედეგის აღსრულების შეჩერების თაობაზე, როდესაც ეს გამართლებულია საკითხთა გადაუდებელი ბუნებით და როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები საფუძველს ქმნიან გადაწყვეტილების კანონიერებაში სერიოზული ეჭვის შესატანად.
როდესაც ბრძანება ითვალისწინებს აღსრულების შეჩერებას, ადმინისტრაციული გადაწყვეტილების შეცვლის ან გაუქმების თაობაზე საჩივრის გადაწყვეტა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს. აღსრულების შეჩერება გაგრძელდება, ყველაზე გვიან, გადაწყვეტილების გაუქმებისა თუ შეცვლის თაობაზე საჩივრის გადაწყვეტამდე.”
Mმუხლი L. 521-2
“როდესაც საჩივარი წარდგენილია გადაუდებელ საკითხებზე, გადაუდებელ საჩივართა მოსამართლეს შეუძლია გამოსცეს ბრძანება ნებისმიერი ღონისძიების შესახებ, რომელიც აუცილებელია იმ ძირითადი თავისუფლების დასაცავად, რომელიც უხეშად და აშკარად უკანონოდ არის დარღვეული თავიანთი უფლებამოსილების განხორციელებისას საჯარო-სამართლებრივი ერთეულის ან კერძო სამართლებრივი ორგანიზაციის მიერ, რომელიც პასუხისმგებელია საჯარო სამსახურის უზრუნველყოფაზე. გადაუდებელ საჩივართა მოსამართლემ საკითხი უნდა გადაწყვიტოს ორმოცდარვა საათის ფარგლებში.”
კოდექსის L. 522-1 მუხლი ადგენს, რომ გადაუდებელ საჩივართა მოსამართლემ, როგორც წესი, საკითხი უნდა გადაწყვიტოს წერილობითი ან ზეპირი შეჯიბრებითი პროცესის შედეგად. როდესაც მოსამართლის წინაშე დაყენებულია მოთხოვნა, გამოსცეს ბრძანება L. 521-1 და L. 521-2 მუხლებში მითითებულ ღონისძიებათა თაობაზე, ანდა შეცვალოს ან შეწყვიტოს ამ ღონისძიებათა გამოყენება, მან მხარეებს დროულად უნდა შეატყობინოს საჯარო მოსმენის თარიღი და დრო. თუმცა, L. 522-3 მუხლი ასევე ითვალისწინებს “ფილტრირებულ” პროცედურას, რომელიც გადაუდებელ საქმეთა მოსამართლეს ნებას რთავს, საჩივარს უარი უთხრას მხოლოდ დასაბუთებული ბრძანების მეშვეობით, გამოცხადების შესახებ მხარეთა შეტყობინებისა და საქმის შეჯიბრებითი მოსმენის გარეშე, თუკი საკითხი არ არის გადაუდებელი ანდა თუ “ საჩივრის განხილვა ცხადყოფს, რომ იგი არ იმყოფება ადმინისტრაციული სასამართლოს იურისდიქციის ფარგლებში, მიუღებელია ანდა უსაფუძვლო.”
სააპელაციო საჩივარი შეიძლება შეტანილ იქნეს Conseil d’Etat-ში, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან თხუთმეტი დღის ვადაში. Conseil d’Etat-მ საკითხი უნდა გადაწყვიტოს ორმოცდარვა საათში.
Conseil d’Etat-მ დააკონკრეტა, რომ, “ძირითადი თავისუფლების” ცნება, ადმინისტრაციულ სასამართლოთა კოდექსის L. 521-2 მუხლის გაგებით, “იმ პირთა მიმართებაში, ვინც არ წარმოადგენს საფრანგეთის მოქალაქეს და ექვემდებარება საფრანგეთში შემოსვლისა და ცხოვრების საკითხების მართვის სპეციფიკურ ღონისძიებებს და ვისაც საფრანგეთის მოქალაქეებისაგან განსხვავებით არ გააჩნია ქვეყანაში თავისუფალი შესვლის უფლება, გულისხმობს თავშესაფრის კონსტიტუციურ უფლებას და მისგან გამომდინარე უფლებას, მიმართონ ლტოლვილის სტატუსის მისაღებად, რომლის მინიჭებაც გადამწყვეტია პირთა მიერ იმ თავისუფლებათა განხორციელებისათვის, რომლითაც არამოქალაქე პირები სარგებლობენ საზოგადოდ” (გადაუდებელ საჩივართა მოსამართლის მიერ Hyacinthe-ს საქმეზე გამოცემული 2001 წლის 12 იანვრის ბრძანება; იხ. აგრეთვე 2005 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება Mbizi Mpassi Gallis-ის საქმეზე).
საფრანგეთის ადმინისტრაციული სამართლის პრინციპების შესაბამისად, გადაუდებელი საჩივარი, სასამართლოში შეტანილი ნებისმიერი სხვა საჩივრის მსგავსად, არ იწვევს ადმინისტრაციული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ შეჩერებას. თუმცა, მთავრობამ აღნიშნა, რომ “საზოგადოდ, როდესაც ადმინისტრაციული ხელისუფლებისათვის ცნობილი იყო ადმინისტრაციულ სასამართლოში გადაუდებელი საჩივრის შეტანის შესახებ, იგი აჩერებდა თავშესაფარზე უარის თქმის ღონისძიებას მოსამართლის მიერ საკითხის გადაწყვეტამდე.”
2. პირთა გაჩერება მოსაცდელ ზონაში
29. მოსაცდელ ზონაში პირის გაჩერების შესახებ თავდაპირველ გადაწყვეტილებას, წერილობით და შესაბამისი დასაბუთებით, იღებს ადმინისტრაციული ხელისუფლება ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ორმოცდარვა საათს. ღონისძიება შეიძლება გაგრძელდეს ერთხელ, იმავე საფუძველზე და იმავე ვადით (იმიგრაციისა და თავშესაფრის კოდექსის L. 221-3 მუხლი). თავისუფლებებისა და პატიმრობის მოსამართლე პირველად საქმეში ჩაერთვება ოთხი დღის შემდეგ იმის გადასაწყვეტად, გაგრძელდეს თუ არა ეს ღონისძიება რვა დღიანი მაქსიმალური ვადით. ამ პერიოდის დასრულებისას იგი ხელმეორედ ჩაერთვება, რათა გადაწყვიტოს, გაგრძელდეს თუ არა გამონაკლისის სახით ეს ღონისძიება შემდგომი რვა დღის მაქსიმალური ვადით (მუხლები L. 222-1 და L. 222-2).
შესაბამისად, როგორც წესი, მაქსიმალური პერიოდი, რომლის განმავლობაშიც შეიძლება პირი მოსაცდელ ზონაში ამყოფონ, შეადგენს ოც დღეს. თუმცა, გამონაკლის შემთხვევებში, თუ თავშესაფრის განცხადება გაკეთებულია მეთექვსმეტე და მეოცე დღეებს შორის, თავისუფლებებისა და პატიმრობის მოსამართლეს შეუძლია გამოსცეს ბრძანება ამ ვადის ოთხი დღით გახანგრძლივების შესახებ განცხადების შეტანის დღიდან (მუხლი L. 222-2).
თავისუფლებებისა და პატიმრობის მოსამართლეს გადაწყეტილება გამოაქვს ბრძანების ფორმით, შესაბამისი პირის მხრიდან წარმოდგენილი მტკიცებულებების მოსმენის შემდეგ, მისი ადვოკატის თანდასწრებით, თუკი ჰყავს იგი, ანდა ამ უკანასკნელის სათანადოდ ინფორმირების შემდეგ. მოსამართლეს შეუძლია გამოსცეს ბრძანება ღონისძიების გახანგრძლივების, ანდა ასეთ მოთხოვნაზე უარის შესახებ და, ან გაათავისუფლოს ეს პირი, ანდა მოათავსოს იგი შინაპატიმრობაში. მოსამართლეს გააჩნია მიხედულება, გადაწყვიტოს ადმინისტრაციული ხელისუფლების მიერ ვადის გახანგრძლივების თაობაზე შეტანილი საჩივარი, არ დაეთანხმოს ხელისუფლების მიერ საჩივარში მითითებულ მტკიცებულებებს და შესაბამისად, უარი უთხრას საჩივარს (საკასაციო სასამართლომ დააზუსტა, რომ მოსაცდელ ზონაში პირის გაჩერება “წარმოადგენს მხოლოდ ერთ არჩევანს, რაც მოსამართლეს გააჩნია”; სააკასაციო სასამართლო; მეორე სამოქალაქო კოლეგია, 8 ივლისი, 2004). ჩვეულებრივ, გადაწყვეტილება ცხადდება საჯაროდ (მუხლი L. 222-4). ამგვარი ბრძანების გასაჩივრება ხდება სააპელაციო სასამართლოს პრეზიდენტთან ან მის წარმომადგენელთან, რომელმაც საკითხი უნდა გადაწყვიტოს ორმოცდარვა საათში (მუხლი L. 222-6).
30. მოსაცდელ ზონაში მყოფ უცხოელს რაც შეიძლება სწრაფად უნდა ეცნობოს, რომ შეუძლია მოითხოვოს თარჯიმნის ან ექიმის დახმარება, ესააუბროს ადვოკატს ან ნებისმიერ სხვა პირს, ვისაც აირჩევს, და დატოვოს მოსაცდელი ზონა ნებისმიერ დროს საფრანგეთიდან გასამგზავრებლად. ეს ინფორმაცია მას უნდა გადაეცეს მისთვის გასაგებ ენაზე (მუხლი L. 221-3).
უცხოელს უფლება აქვს მოსამართლეს მოთხოვოს მისთვის ადვოკატის დანიშვნა წარმომადგენლობის გასაწევად (მუხლი L. 222-4). სახელმწიფო იხდის ადვოკატისა და თარჯიმნის ჰონორარს, რომლებიც უცხოელს დასახმარებლად დაენიშნა სასამართლო პროცესში, რომელიც მოსაცდელ ზონაში მის დაკავებას შეეხება (muxli L. 222-7).
სახელმწიფო მრჩეველს, და პირველი ოთხი დღის გასვლის შემდეგ თავისუფლებისა და პატიმრობის მოსამართლეს, შეუძლიათ ესტუმრონ მოსაცდელ ზონას იმ პირობების შესამოწმებლად, რომლებშიც შესაბამისი პირი იმყოფება. სახელმწიფო მრჩეველს მოსაცდელ ზონებში ვიზიტი შეუძლია ნებისმიერ დროს, როდესაც მას ეს აუცილებლად ესახება და ეს მან უნდა განახორციელოს სულ მცირე, წელიწადში ერთხელ მაინც. გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) ოფისის საფრანგეთის დელეგაციას, ისევე როგორც ჰუმანიტარულ ასოციაციებს, გააჩნიათ მოსაცდელი ზონებისადმი ხელმისაწვდომობა, როგორც ეს დადგენილია 1995 წლის 2 მაისის no. 95‑507 შესწორებული დეკრეტით. კერძოდ, მათ შეუძლიათ გამართონ კონფიდენციალური საუბარი იქ მყოფ თავშესაფრის მაძიებლებთან. (იმიგრაციისა და თავშესაფრის კოდექსის L. 221-1 და შემდეგი მუხლები). მთავრობამ აცნობა სასამართლოს, რომ სახელმწიფოსა და ANAFÉ-ს შორის დადებული შეთანხმების შესაბამისად, ამ უკანასკნელს მიენიჭა დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში იქ ყოფნის უფლება უცხოელებისათვის სამართლებრივი დახმარების გასაწევად; წითელ ჯვარს აგრეთვე გააჩნია ხელთ მათი ჰუმანიტარული დახმარების განხორციელების შესაძლებლობა (ასევე შეთანხმების დებულებათა საფუძველზე).
C. თავშესაფრის განცხადების შეტანა, განხილვა და გასაჩივრება
31. OFPRA, სახელმწიფო სააგენტო, თავისი სამართლებრივი პასუხისმგებლობითა და ფინანსური თუ ადმინისტრაციული ავტონომიით, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროსთანაა უწყებრივად მიერთებული (იმიგრაციისა და თავშესაფრის კოდექსის L.721-1 მუხლი), წარმოადგენს ხელისუფლებას, რომელიც პასუხისმგებელია ლტოლვილთა სტატუსის მინიჭებასა და დამატებითი (სუბსიდიური) დაცვის განხორციელებაზე (მუხლები L. 713-1 და L. 721-2).
თავშესაფრის მაძიებელმა უნდა მიმართოს პრეფექტურას დროებითი ცხოვრების ნებართვის (autorisation provisoire de séjour) მისაღებად, რომელიც ძალაშია ერთი თვის ვადით და შეავსოს თავშესაფრის განცხადების ფორმა. საქმის მასალების მიღების შემდეგ, OFPRA თავშესაფრის მაძიებელს უგზავნის “რეგისტრაციის წერილს”, რომელიც მას, სხვა საკითხებთან ერთად, შესაძლებლობას აძლევს, მოიპოვოს და იქონიოს თავშესაფრის განცხადების მიღების თაობაზე შესაბამისი დადასტურება. ამ დოკუმენტს გააჩნია სამთვიანი ვადა და მისი გაგრძელება შეიძლება იმ ვადამდე, სანამ OFPRA და, ზოგიერთ შესაძლო შემთხვევაში, ლტოლვილთა საჩივრების კოლეგია (Refugee Appeals Board) არ მიიღებს გადაწყვეტილებას.
OFPRA-ს გადაწყვეტილება გამოაქვს განხილვის ერთჯერადი პროცედურის შედეგად, რომლის განმავლობაშიც თავშესაფრის მაძიებელს ეძლევა თავისი მოთხოვნის დასასაბუთებლად მტკიცებულებათა წარდგენის შესაძლებლობა, და როგორც წესი, მხოლოდ ამ მტკიცებულებათა უშუალოდ თავშესაფრის მაძიებელისაგან მოსმენის შემდეგ (მუხლები L. 723-2 და L. 723-3).
32. უარის შესახებ OFPRA-ს გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია, კერძოდ, L. 711-1 და L. 712-1 მუხლების საფუძველზე, ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ლტოლვილთა საჩივრების კოლეგიაში. ეს არის ადმინისტრაციული სასამართლო, რომლის პრეზიდენტიც არის Conseil d’Etat-ს წევრი და დანიშნულია ამ უკანასკნელის ვიცე-პრეზიდენტის მიერ (მუხლი L. 731‑2). შესაბამის პირებს, უფლება აქვთ ლტოლვილთა საჩივრების კოლეგიის წინაშე იყოლიონ წარმომადგენელი და ისარგებლონ თარჯიმნისა და ადვოკატის დახმარებით (muxli L. 733-1).
როგორც წესი, ეს გასაჩივრება შედეგობრივად იწვევს (აღსრულების) შეჩერებას და დროებითი ცხოვრების ნებართვა გრძელდება კოლეგიის მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე (თავშესაფრის შესახებ 1952 წლის 25 ივლისის კანონის მე-9 ნაწილი). ამასთან მიმართებაში, იმიგრაციისა და თავშესაფრის კოდექსის L. 742-3 მუხლი ადგენს შემდეგს:
“უცხოელს, ვისაც ენიჭება საფრანგეთში შესვლის ნებართვა, უფლება აქვს დარჩეს ქვეყანაში OFPRA-ს გადაწყვეტილების მიღებამდე, ხოლო როდესაც საჩივარია შეტანილი _ ლტოლვილთა საჩივრების კოლეგის გადაწყვეტილების მიღებამდე. ცხოვრების ნებართვის ვადის გაგრძელებაზე უარის ან ნებართვის უკან გამოთხოვის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარების დღიდან მას აქვს ერთთვიანი ვადა, რათა ნებაყოფლობით დატოვოს საფრანგეთის ტერიტორია.”
Conseil d’Etat-მ ასევე დაადგინა პრინციპი, რომლის მიხედვითაც, ლტოლვილის სტატუსის მაძიებელ უცხოელს უფლება აქვს დარჩეს ქვეყანაში დროებით, მის საჩივარზე გადაწყვეტილების გამოტანამდე, იმ პირობით, თუ მისი საჩივარი არ არის უსაფუძვლოდ გაჭიანურებული ანდა შეტანილი მეტისმეტი დაგვიანებით (Conseil d’Etat-ს პლენარული სხდომა, 1991 წლის 13 დეკემბერი, M.N.).
33. ლტოლვილთა საჩივრების კოლეგიის წინააღმდეგ საჩივარი სამართლის საკითხებზე შეიძლება შეტანილ იქნეს Conseil d’Etat-ში ორი თვის ვადაში. თუმცა, ამ გასაჩივრებას არ გააჩნია აღსრულების შემაჩერებელი ძალა (Conseil d’Etat, 6 მარტი, 1991, M.D.).
34. უცხოელმა, ვის განცხადებასაც ლტოლვილის სტატუსის მიღებისა და დამატებითი დაცვის თაობაზე საბოლოოდ ეთქვა უარი, და ვისაც აღარ გააჩნია რაიმე სხვა საფუძვლით საფრანგეთში დარჩენის უფლება, უნდა დატოვოს ქვეყანა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ქვეყნიდან გაგზავნა ემუქრება (კოდექსის L. 742-7 მუხლი). ასეთი მუქარის პირისპირ მდგარი უცხოელი, მისი გაგზავნის შესახებ ბრძანების მისთვის ჩაბარებიდან ორმოცდარვა საათში (თუ იგი მიღებულია ადმინისტრაციული პროცედურის შედეგად), ან შვიდ დღეში (თუ ბრძანება მიიღო ფოსტით), მიმართავს ადმინისტრაციული სასამართლოს პრეზიდენტს ამ ბრძანების გასაუქმებლად. პრეზიდენტმა ან მისმა წარმომადგენელმა საჩივარი უნდა გადაწყვიტოს სამოცდათორმეტ საათში (კოდექსის L. 512-2 მუხლი). ბრძანება ვერ აღსრულდება ამ დადგენილი ვადის ამოწურვამდე, ხოლო თუ საჩივარი შეტანილია ადმინისტრაციული სასამართლოს პრეზიდენტთან ან მის წარმომადგენელთან _ მათ მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების გამოტანამდე (მუხლი L. 512-3). ადმინისტრაციული სასამართლოს პრეზიდენტის ან მისი წარმომადგენლის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების გასაჩივრება ხდება ერთი თვის ვადაში Conseil d’Etat-ს სასამართლო კოლეგიის პრეზიდენტთან ან Conseil d’Etat-ს იმ წევრთან, ვისაც იგი თავის უფლებამოსილებას გადასცემს ; ეს გასაჩივრება ვერ გამოიწვევს (აღსრულების) შეჩერებას (კოდექსის L. 512-5 მუხლი).
35. კოდექსის L.742-6 მუხლის შესაბამისად, თუ პირს მიენიჭა ლტოლვილის სტატუსი და დამატებითი დაცვა, ადმინისტრაციულმა ხელისუფლებამ მისი გაგზავნის შესახებ ყოველგვარი ბრძანება უნდა გააუქმოს. ლტოლვილთა შემთხვევებში, დაუყოვნებლივ უნდა გამოიცეს L. 314‑11, მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ცხოვრების ნებართვა (რომელიც ძალაშია 10 წლით და განახლებადია ავტომატურად) ; იმ პირებთან მიმართებაში, ვისაც დამატებითი დაცვა მიენიჭა, დაუყოვნებლივ უნდა გამოიცეს L. 313-13 მუხლით გათვალისწინებული დროებითი ცხოვრების ნებართვა (რომელიც ძალაშია ათი წლით და არის განახლებადი).
III. ევროპის საბჭოს საქმიანობის მიმოხილვა
A. მინისტრთა კომიტეტი
35. 1998 წლის 18 სექტემბერს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო რეკომენდაცია No. R (98)13 ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის კონტექსტში ქმედითი სამართლებრივი მისაგებლის უზრუნველყოფის შესახებ გაძევების თაობაზე გადაწყვეტილებების წინააღმდეგ იმ თავშესაფრის მაძიებელთათვის, ვისაც უარი ეთქვა თავშესაფარზე. მასში მან მოუწოდა წევრ სახელმწიფოებს, შემდეგი გარანტიები უზრუნველეყოთ თავიანთი კანონმდებლობითა და პრაქტიკით:
“1.Eეროვნული ხელისუფლების წინაშე ქმედითი სამართლებრივი მისაგებელი უნდა უზრუნველყოფილ იქნეს თავშესაფრის მაძიებლისათვის, ვის მოთხოვნასაც ლტოლვილის სტატუსის შესახებ უარი ეთვა და ვინც ექვემდებარება გაძევებას ქვეყანაში, რომლის თაობაზეც პირი წარმოადგენს საფუძვლიან, დასაბუთებულ საჩივარს (arguable claim), რომ იგი დაექვემდებარება წამებას ან არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან სასჯელს.
2. ამ რეკომენდაციის 1-ლი პარაგრაფის გამოყენებისას, ეროვნული ხელისუფლების წინაშე სამართლებრივი მისაგებელი მიიჩნევა ქმედითად, როდესაც:
2.1. საქმე შეეხება სასამართლო ხელისუფლებას; ხოლო თუ იგი კვაზი-სასამართლო ან ადმინისტრაციული ხელისუფლებაა, იგი ცხადად არის განსაზღვრული და შედგება წევრებისაგან, რომლებიც არიან მიუკერძოებელნი და სარგებლობენ დამოუკიდებლობის გარანტიებით;
2.2. ხელისუფლებას გააჩნია უფლებამოსილება, გადაწყვეტილება მიიღოს კონვენციის მე-3 მუხლში მითითებული პირობების არსებობის თაობაზე და მიაგებოს პირს შესაბამისი საშველი;
2.3. მისაგებელი ხელმისაწვდომია თავშესაფრის მაძიებლისათვის, რომელსაც უარი ეთქვა თავშესაფარზე; და
2.4. გაძევების ბრძანების აღსრულება შეჩერებულია 2.2.-ის საფუძველზე გადაწყვეტილების გამოტანამდე.
2005 წლის 4 მაისს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო “ ოცდახუთი სახელმძღვანელო წესი იძულებითი დაბრუნების თაობაზე”. მე-5 სახელმძღვანელო წესში ვკითხულობთ:
“სახელმძღვანელო წესი 5. ქვეყნიდან გაგზავნის შესახებ ბრძანების საწინააღმდეგო მისაგებელი
1. ქვეყნიდან გაგზავნის შესახებ ბრძანებაში, ან პროცესში, რომელსაც ქვეყნიდან გაგზავნის ბრძანებამდე მივყავართ, გაგზავნის ბრძანების სუბიექტს უნდა გააჩნდეს ქმედითი სამართლებრივი მისაგებელი კომპეტენტური ხელისუფლების ან იმგვარი ორგანოს წინაშე, რომლის წევრებიც არიან მიუკერძოებელნი და სარგებლობენ დამოუკიდებლობის გარანტიებით. კომპეტენტურ ხელისუფლებას ან ორგანოს უნდა გაააჩნდეს ქვეყნიდან გაგზავნის შესახებ ბრძანების გადასინჯვის უფლებამოსილება, მათ შორის, შესაძლებლობა, დროებით შეაჩეროს მისი აღსრულება;
2. მისაგებელი უნდა ითვალისწინებდეს საჭირო პროცედურულ გარანტიებსა და გააჩნდეს შემდეგი მახასიათებლები:
– მისაგებლის გამოყენებისათვის დადგენილი ზღვრული ვადები არ უნდა იყოს არაგონივრულად მოკლე;
– მისაგებელი უნდა იყოს ხელმისაწვდომი, რაც კონკრეტულად იმას გულისხმობს, რომ თუ ქვეყნიდან გაგზავნის შესახებ ბრძანების სუბიექტს არ გააჩნია აუცილებელი სამართლებრივი დახმარების გადახდის ხარჯები, მას იგი უნდა მიენიჭოს უფასოდ, სამართლებრივი დახმარების საკითხზე შესაბამისი ეროვნული წესების შესაბამისად;
– როდესაც დაბრუნებული ამტკიცებს, რომ მისი ქვეყნიდან გაგზავნა გამოიწვევს მისი ადამიანის უფლებების დარღვევას, რაც მითითებულია 2.1. სახელმძღვანელო წესში, მისაგებელმა უნდა უზრუნველყოს ასეთი მტკიცების ზედმიწევნით კრიტიკული შემოწმება;
3. მისაგებლის განხორციელება უნდა იწვევდეს (აღსრულების) შეჩერებას, როდესაც დაბრუნებულს გააჩნია დასაბუთებული საჩივარი, რომ ის დაექვემდებარება ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო მოპყრობას, რაც დადგენილია 2.1. სახელმძღვანელო წესში (სიკვდილით დასკის (რეალური) რისკი, ან წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის საფრთხის ქვეშ ყოფნა; მოკვლის ან არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის რეალური საფრთხე არა-სახელმწიფო აქტორების მხრიდან, როდესაც დაბრუნების ქვეყანა, პარტიები ან ორგანიზაციები, რომლებიც აკონტროლებენ სახელმწიფოს ან მისი ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციები, უძლურნი არიან ან სურვილი არა აქვთ უზრუნველყონ შესაბამისი და ეფექტიანი დაცვა; სხვაგვარი ვითარება, რომელიც, საერთაშორისო სამართლისა თუ ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე გაამართლებდა საერთაშორისო დაცვის მინიჭებას).”
B. საპარლამენტო ასამბლეა
36. გაცილებით ადრე, ჯერ კიდევ 1994 წლის 12 აპრილს, საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეკომენდაცია 1236 (1994) თავშესაფრის მაძიებელთა უფლებების შესახებ, რომლითაც მან გასწია რეკომენდაცია, მინისტრთა კომიტეტს დაჟინებით მოეთხოვა, რომ “გასაჩივრების პროცესის განმავლობაში არ მომხდარიყო თავშესაფრის მაძიებლების დეპორტაცია”. ევროპაში ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა დაცვისა და მათი უფლებების დაცვის გაძლიერების შესახებ 1327 (1997) რეკომენდაციაში, რომელიც მიღებულია 1997 წლის 24 აპრილს, მან მოუწოდა მინისტრთა კომიტეტს, “აეძულებინა წევრი სახელმწიფოები ... თავიანთი კანონმდებლობით უზრუნველეყოთ, რომ სასამართლოში ნებისმიერ გასაჩივრებას ჰქონოდა აღსრულების შემაჩერებელი ძალა”.
ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებში თავშესაფრის დაჩქარებული პროცდურების შესახებ თავის 1471 (2005) რეზოლუციაში, რომელიც მიღებულია 2005 წლის 7 ოქტომბერს, საპარლამენტო ასამბლეამ ყურადღება გაამახვილა კერძოდ იმაზე, რომ “სახელმწიფოების საჭიროება, სწრაფად და ეფექტიანად გადაეწყვიტათ თავშესაფრის საკითხზე შეტანილი განცხადებები ... უნდა აწონილიყო მათსავე ვალდებულებებთან მიმართებაში, უზრუნველეყოთ თავშესაფრის განსაზღვრის სამართლიანი პროცედურებისადმი ხელმისაწვდომობა მათთვის, ვისაც საერთაშორისო დაცვა ესაჭიროებოდა”. Mმან დააკონკრეტა, რომ “ინტერესთა დაბალანსება” არ გულისხმობდა ნებისმიერ გარემოებებში იმ საერთაშორისო ვალდებულებებთა შეუსრულებლობას, რომლებიც დადგენილი იყო, მათ შორის, ლტოლვილის სტატუსის შესახებ ჟენევის 1951 წლის კონვენციით ... და მისი 1967 წლის ოქმით, ისევე როგორც, 1950 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ... და მისი ოქმებით”.
ამ რეზოლუციაში საპარლამენტო ასამბლეამ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მთავრობებს მოუწოდა, გაეტარებინათ (მათ შორის) შემდეგი ღონისძიებები:
“...
8.4. საზღვარზე წარდგენილ განცხადებებთან მიმართებაში:
8.4.1. დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპიდან გამომდინარე უზრუნველეყოთ, რომ თავშესაფრის ყველა მაძიებელი ყოფილიყო საზღვარზე რეგისტრირებული და მათ ჰქონოდათ შესაძლებლობა, მიემართათ თხოვნით ლტოლვილის სტატუსის მისაღებად;
8.4.2. უზრუნველეყოთ, რომ თავშესაფრის ყველა მაძიებელს, საზღვარზე თუ ქვეყნის შიგნით, ესარგებლა იმავე პრინციპებითა და გარანტიებით, ლტოლვილის სტატუსის შესახებ მათი მოთხოვნიდან გამომდინარე;
8.4.3. უზრუნველეყოთ სასაზღვრო პუნქტებში თავშესაფრის მაძიებელთა მიმართ მოპყრობის ცხადი და სავალდებულო სახელმძღვანელო წესების მიღება, ლტოლვილთა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლისა და სტანდარტების შესაბამისად;
8.5. რაც შეეხება გასაჩივრების უფლებას აღსრულების შეჩერების შედეგით: უზრუნველეყოთ ქმედითი სამართლებრივი მისაგებლის უფლების დაცულობა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-13 მუხლის საფუძველზე, მათ შორის, ნეგატიური გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და ღონისძიების აღსრულების შეჩერების უფლებებისა, ეროვნული ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან ამ ღონისძიების შესაბამისობის შემოწმებამდე.
...”
C. ადამიანის უფლებათა კომისარი
37. ადამიანის უფლებათა კომისარმა გამოსცა რეკომენდაცია, რომელიც შეეხება უცხოელთა უფლებებს, რომელთაც სურთ ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებში შესვლა და, ასევე, გაძევების შესახებ ბრძანების აღსრულებას (CommDH(2001)19). რეკომენდაცია, რომელიც დათარიღებულია 2001 წლის 19 სექტემბრით, ხაზგასმით აღნიშნავს კერძოდ შემდეგს:
“11. არსებითია, რომ სასამართლო დაცვის მისაგებელი, ECHR-ს მე-13 მუხლის გაგებით, არა მარტო იყოს კანონით გათვალისწინებული, არამედ, პრაქტიკაშიც ხდებოდეს მისი მინიჭება ყოველთვის, როდესაც პირს ნაგულვები აქვს, რომ კომპეტენტურმა ხელისუფლებამ დაარღვია ან შესაძლოა დაარღვიოს ECHR-ით გათვალისწინებული უფლება. ქმედითი მისაგებლის უფლება უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ყველასათვის, ვისაც სურს საკამათო გახადოს refoulement-ის (ქვეყანაში უკან დაბრუნების) ან ქვეყნიდან გაძევების ბრძანება. მისაგებელს უნდა შეეძლოს გაძევების ბრძანების აღსრულების შეჩერება, სულ მცირე, მაშინ, როდესაც ECHR-ს მე-2 და მე-3 მუხლების დარღვევა არის ნავარაუდევი.
სამართალი
I. კონვენციის მე-13 მუხლის სავარაუდო დარღვევა კონვენციის მე-3 მუხლთან ერთობლიობაში
38. მოსარჩელემ, რომელმაც განაცხადა, რომ ერიტრეაში გაგზავნის შემთხვევაში აღმოჩნდება წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის საფრთხეში, სამდურავი გამოთქვა შიდა სამართლებრივი მისაგებელის არარსებებობის გამო, რომელსაც ექნებოდა სასამართლოს იმ გადაწყვეტილებათა აღსრულების შეჩერების უნარი, რომლითაც უცხოელებს უარი ეთქვათ ქვეყანაში შესვლის ნებართვაზე და რომლითაც გაიცა ქვეყნიდან მათი გაგზავნის ბრძანება, მიუხედავად იმისა, იყვნენ თუ არა ისინი თავშესაფრის მაძიებელნი და მიუხედავად ნებისმიერი, ნავარაუდევი თუ რეალური საფრთხისა. იგი დაეყრდნო კონვენციის მე-13 მუხლს კონვენციის მე-3 მუხლთან ერთობლიობაში, რომელშიც აღნიშნულია:
მუხლი 13
“ყველას, ვისაც ამ კონვენციით გაცხადებული უფლება ან თავისუფლება დაერღვა, უნდა ჰქონდეს სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალება ეროვნული ხელისუფლების წინაშე, თუნდაც ეს დარღვევა ჩაიდინოს პირმა, რომელიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებდა”.
მუხლი 3
“ადამიანის წამება, არაადამიანური თუ დამამცირებელი დასჯა ან მასთან ასეთი მოპყრობა დაუშვებელია”.
A. მხარეთა მიერ წარდგენილი მოსაზრებები
1. მოსარჩელე
39. მოსარჩელემ უწინარესად ის აღნიშნა, რომ სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად, კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევის საკითხზე საჩივრის აღსაძრავად, სრულებითაც არ იყო აუცილებელი იმის დადგენა, რომ კონვენციით აღიარებულ უფლებები ან თავისუფლებები ნამდვილად დაირღვა: ქმედითი სამართლებრივი მისაგებლის უფლება აღიარებული იყო ყველასათვის, ვისაც მიაჩნდა, რომ მისი ესა თუ ის უფლება დარღვეული იყო და, ამასთანავე, დაამტკიცებდა, რომ მისი საჩივარი იყო “დასაბუთებული” კონვენციის განზრახულობებიდან გამომდინარე.
შემდეგ მან ყურადღება გაამახვილა, რომ მოცემულ საქმეში – მის ხელთ არსებული მისაგებლის გამოყენებისა და გარემოებათა ერთგვარი კომბინაციის (მისი წარმოშობის შესახებ ინფორმაციის არქონა და ერიტრეას საელჩოს მიერ გასვლის ნებართვის მიცემაზე უარი) კვალობაზე, რომელსაც შემდეგ მოჰყვა (ევროპული) სასამართლოს მიერ მითითებული დროებითი ღონისძიების გამოყენება, რამაც ხელი შეუშალა ქვეყნიდან მის დაგეგმილ გაგზავნას _ საფრანგეთის ხელისუფლებამ მას ლტოლვილის სტატუსი მიანიჭა და მისცა ქვეყანაში ცხოვრების ნებართვა. მოსარჩელის თქმით, აქედან გამომდინარე, სასამართლომ მისაღებობის შესახებ თავის განჩინებაში დაასკვნა, რომ მან დაჰკარგა “მსხვერპლის” სტატუსი კონვენციის მე-3 მუხლთან მიმართებაში. თუმცა, მოსარჩელის აზრით, ეს ვერაფრით ვერ აქარწყლებდა ვერც კონვენციის მე-3 მუხლის საფუძველზე მისი საჩივრის დასაბუთებულობას და ვერც იმ ფაქტს, რომ საზღვარზე მყოფ პირებს, ვინ თავშესაფარს ითხოვდა მის მსგავსად, არ გააჩნდათ ხელმისაწვდომი “ქმედითი მისაგებელი” მე-13 მუხლის გაგებით, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა თავი დაეღწიათ იმ ქვეყანაში გაგზავნისაგან, სადაც მათ ემუქრებოდათ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის საფრთხე.
40. შემდეგ, მოსარჩელემ აღნიშნა, რომ კანონის მიხედვით, მხოლოდ საზღვარზე გაკეთებული თავშესაფრის განცხადების “აშკარად უსაფუძვლობის” შემთხვევაში შეიძლებოდა შესაბამისი პირისათვის უარი ეთქვათ შესვლის ნებართვაზე და გაეგზავნათ იგი ქვეყნიდან. თუმცა, არაჯეროვანი შემოწმების გამო, ადმინისტრაციული სასამართლოები არასწორად იყენებდნენ ამ ცნებას, რასაც საკუთრივ მისი საქმეც ნათლად ადასტურებდა. მან წარადგინა საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დოკუმენტი სახელწოდებით _ “თავშესაფრის მაძიებელნი საზღვრებზე – 2004 პიროვნება”, რომელიც აჩვენებდა, რომ 2004 წელს, საზღვრებზე გაკეთებული თავშესაფრის მოთხოვნათა 92.3% აშკარად უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული. (2003 წელს ამ პირთა ხვედრითი წილი შეადგენდა 96.2%; ამის მიუხედავად, პრაქტიკაში, 2004 წელს, თითქმის ყოველ მეორე მომჩივანს _ 48%, ან 1,247 პირს _ მიენიჭა საფრანგეთში შესვლის ნებართვა სხვადასხვა მიზეზით: კერძოდ, იმიტომ, რომ შესაბამის პირს არ მიეცა თვითმფრინავში შესვლის უფლება, ან ამოიწურა მოსაცდელ ზონაში პირთა დაკავებისათვის დადგენილი ზღვრული ვადა, ან ვერ დაიგეგმა უკან დასაბრუნებელი ფრენა, ან არ არსებობდა ქვეყანა, სადაც პირი შეიძლებოდა გაეგზავნათ, ანდა იმიტომ, რომ თავისუფლებებისა და პატიმრობის მოსამართლემ ამ პირთა სასარგებლო ბრძანება გასცა). რაც შეეხებოდა OFPRA-ს მიერ 2005 წელს პირთა სასარგებლოდ გაწეული რეკომენდაციების რიცხვის ზრდას, რაზედაც მთავრობამ მიუთითა _ ეს გაზრდა, უნდა დანახულიყო საერთო კონტექსტში, რამდენადაც მომჩივანთა თითქმის 85%-ს მაინც უარი ეთქვა “აშკარა უსაფუძვლობის” მოტივით _ ასეთი პროპორცია სასარგებლო გადაწყვეტილებების რაოდენობის ზრდის სწორედ ასეთ გამოთვლას შეესაბამებოდა და, აგრეთვე, ღუასის აეროპორტში იმ წელს დიდი რაოდენობით ჩეჩენი და კუბელი დისიდენტების ჩამოსვლას.
მომჩივანთა იძულებითი და სისტემატიური დაბრუნება “აშკარა უსაფუძვლობის” მოტივით საჩივრებზე უარის თქმიდან რამდენიმე საათში, წესად იყო ქცეული. მოსაცდელ ზონაში პირთა დატოვების საშუალო ვადა შეადგენდა 1,82 დღეს, და საზღვარზე თავშესაფრის მაძიებელთა 89%-ის მიმართ საკითხი წყდებოდა ოთხ ან უფრო ნაკლებ დღეში. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ “საკუთრივ სტრუქტურა საზღვრებზე თავშესაფრის მაძიებელთა სასამართლო დაცვის სისტემისა, არ იყო ქმედითი და ის ვერ უზრუნველყოფდა ძირითადი უფლებების დაცვას”.
41. რაც შეეხებოდა შესვლის ნებართვაზე უარის გადაწყვეტილების გასაჩივრების გზას, მოსარჩელემ, პირველ რიგში, აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული სასამართლოს პრეზიდენტისადმი გადაუდებელი საჩივრის წარდგენის პროცედურა (ადმინისტრაციულ სასამართლოთა კოდექსის L. 521-1 და L. 521-2 მუხლები) _ რომელიც მან წარუმატებლად გამოიყენა _ არ იყო ქმედითი, რამდენადაც არ იწვევდა აღსრულების შეჩერებას და ექვემდებარებოდა ძალზე მკაცრ პირობებს, რომელთა განმარტებაც ხდებოდა ვიწროდ (შესაბამის პირს უნდა დაემტკიცებინა ძირითადი თავისუფლების უხეში და აშკარად უკანონო დარღვევა). ფრანგული სისტემა მსგავსი იყო ბელგიურისა, რომელიც (ევროპულმა) სასამართლომ საქმეში Čonka v. Belgium (no. 51564/99, ECHR 2002‑I), სწორედ ამ მიზეზთა გამო მიიჩნია, რომ არღვევდა მე-13 მუხლის მოთხოვნებს. მოსარჩელემ შემდგომ აღნიშნა, რომ მთავრობის მტკიცების საწინააღმდეგოდ, სინამდვილეში არ არსებობდა “თანმიმდევრული” პრაქტიკა, რამდენადაც ხელისუფლებამ თავი შეიკავა შესაბამისი პირის ქვეყნიდან გაგზავნისაგან, სანამ გადაუდებელ საჩივართა მოსამართლე საქმეზე გადაწყვეტილებას იღებდა. მიუთითა რა Čonka-ს (ზემოთ მითითებული, § 83) გადაწყვეტილებაზე, მოსარჩელემ დასძინა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი პრაქტიკა, რომელიც ერთი მხარის კეთილ ნებაზე იყო დამოკიდებული, და შეიძლებოდა დასრულებულიყო ნებისმიერ დროს, “ვერ გასწევდა იმ ძირითადი პროცედურული გარანტიის მაგივრობას, რასაც უზრუნველყოფდა მისაგებელი, რომელსაც აღსრულების შეჩერებას იწვევდა.”
დამატებით, სერჟი-პონტუაზის ადმინისტრაციული სასამართლოს მორიგე მოსამართლები (რომელთაც პირდაპირ შეეხებოდა საქმე, რამდენადაც საზღვრებზე თავშესაფრის მოთხოვნები თითქმის ექსკლუზიურად, სწორედ ღუასის აეროპორტში კეთდებოდა), მეტი თუ ნაკლები სისტემატიურობით იყენებდნენ “გამფილტრავ” პროცედურას “აშკარა უსაფუძვლობის” მოტივით საჩივართა უარყოფისას; ამას ადასტურებდა საკუთრივ მის გადაუდებელ საჩივარზე მიღებული პასუხიც. ამგვარ საქმეებში მოსამართლე გადაწყვეტილებას იღებდა საჯარო და შეჯიბრებითი პროცესით საქმის მოსმენისა და მასზე შესაბამისი პირის დასწრების გარეშე, მხოლოდ ამ უკანასკნელის მიერ წარდგენილ დოკუმენტებსა (რომლებიც, ჩვეულებრივ, არ იყო ხოლმე ნათარგმნი) და ადმინისტრაციულ სასამართლოთა მიერ მომჩივანთა საწინააღმდეგოდ გადაწყვეტილ, სტერეოტიპულ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით.
ნამდვილია ის, რომ სერჟი-პონტუაზის ადმინისტრაციული სასამართლოს გადაუდებელ საჩივართა მოსამართლემ, 2004 წელს, მომჩივნის სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანა მისთვის განსახილველად გადაცემული 39 საქმიდან 17 შემთხვევაში (43.6%). თუმცა, ამ პირთა ოდენობას უნდა შევხედოთ მოსაცდელ ზონაში ამ წელს აღრიცხულ თავშესაფრის მაძიებელთა 2,548 მოთხოვნის გათვალისწინებით იმაში დასარწმუნებლად, რომ ყოველივე ეს ასახავდა არა იმდენად პროცედურის ეფექტიანობას, არამედ მოსაცდელ ზონებში მყოფი პირების უფლებების არაფრად ჩაგდებას. მართლაც, ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც შესაბამისი პირები იგზავნებოდნენ ქვეყნიდან ადმინისტრაციული მოსამართლის მხრიდან საქმის მოსმენაზე დასწრების შესახებ შეტყობინების გაგზავნამდეც კი.
გარდა ამისა, არარეალისტური იქნებოდა იმის წარმოდგენა, რომ მოსაცდელ ზონაში გაჩერებული უცხოელი, ქვეყნიდან გაგზავნის მოლოდინში იმ გადაწყვეტილების შესაბამისად, რომელიც შეიძლება აღსრულებულიყო ნებისმიერ დროს, და რომელსაც შესაძლოა არც კი ესმოდა ფრანგული ენა და არ გააჩნდა სამართლებრივ დახმარებაზე ხელმისაწვდომობა, იქნებოდა ისეთ მდგომარეობაში, რომ ადმინისტრაციულ სასამართლოში წარედგინა ასეთი სახის საჩივარი, წარედგინა მისი ოთხი ასლი რეგისტრირებული წერილის მეშვეობით ანდა წარედგინა იგი საკუთრივ რეგისტრატურაში, და წარმატებით მოეხერხებინა ტექნიკურად ესოდენ რთული პროცედურის განხორციელება. ამ მიმართებით, მოსარჩელე გამონაკლისი შემთხვევა იყო, რამდენადაც მან ნებაყოფლობითი დახმარება მიიღო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადვოკატისაგან. კიდევაც რომ დავუშვათ, რომ ასეთი სახის მისაგებელი, პრინციპულად, ქმედითი იყო მე-13 მუხლის გაგებით, შეუძლებელი იყო იმის თქმა, რომ იგი ქმედითი იყო ამ კონკრეტულ საქმეში, რამდენადაც მოსარჩელის საჩივარს უარი ეთქვა დაუყოვნებლივ და შემოკლებული ფორმით, დეტალური განხილვის, გამოკვლევის, მოსმენის, შეჯიბრებითი პროცესისა და მტკიცებულებათა წარდგენისა და განხილვის შესაბამისი პროცედურის გარეშე.
გადაუდებელ საჩივართა მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრების ერთადერთ შესაძლებელ გზას წარმოადგენდა სამართლის საკითხებზე საჩივრის შეტანა Conseil d’Etat-ში, რაც შედეგად არ იწვევდა აღსრულების შეჩერებას. ასეთი გასაჩივრება ეყრდნობოდა მხოლოდ ფორმალურ და წმინდა სამართლებრივ საფუძვლებს (რაც იმას გულისხმობს, რომ ფაქტების სასამართლოს მხრიდან მიხედულების სრული თავისუფლების საწყისებზე განხორციელებული ფაქტების შეფასება ვერ დადგებოდა კითხვის ნიშნის ქვეშ), და მოითხოვდა დანიშნული სპეციალისტი ადვოკატის მონაწილეობას. თავშესაფრის მაძიებელს რომ სამართლებრივი დახმარება მოეპოვებინა, ეს ფაქტობრივად შეუძლებელი იყო; ამისათვის აუცილებელი იყო, რომ მომჩივანი საფრანგეთის კანონიერი და ჩვეულებრივი მაცხოვრებელი ყოფილიყო და, ამასთან, ფრანგულ ენაზე ჰქონოდა წარდგენილი ad hoc საჩივრის ფორმა შემოსავლების დამადასტურებელი დოკუმენტების თანხლებით, ხოლო გადაწყვეტილება კი არ მიიღებოდა რამდენიმე თვის განმავლობაში. მოსარჩელე აქაც გამონაკლისს წარმოადგენდა, რამდენადაც მან თავიდანვე მიიღო უფასო დახმარება სპეციალისტი ადვოკატისაგან საქმეში მისი მრჩევლისა და ANAFÉ-ს ჩართვის წყალობით.Nნებისმიერ შემთხვევაში, მოცემულ საქმეში, Conseil d’Eta-ს, 2005 წლის 11 აგვისტომდე, ანუ, საჩივრის შეტანიდან ერთი თვეზე მეტი ხნის გასვლამდე, არ ჰქონდა გადაწყვეტილება მიღებული, ხოლო ბოლოს კი ის დაადგინა, რომ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა აუცილებელი არ იყო.
42. იგივე ვითარებასთან ექნებოდათ საქმე, სასამართლო კონტროლის განსახორციელებლად მოსარჩელეს ადმინისტრაციულ სასამართლოში რომ გაესაჩივრებინა გადაწყვეტილება, რომლითაც მას უარი ეთქვა საფრანგეთში შესვლის ნებართვაზე და რომელმაც მისი ქვეყნიდან გაგზავნა დაადგინა. ამგვარ საჩივარზე გადაწყვეტილების მოპოვებას დასჭირდებოდა რამდენიმე წელი და სასამართლო, დიდი ალბათობით, თავისი სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად, დაადგენდა, რომ აღარ იყო აუცილებელი საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა, რამდენადაც მოსარჩელეს, საბოლოო ჯამში, მაინც მიენიჭა ქვეყანაში შესვლის ნებართვა ევროპული სასამართლოს მიერ რეგლამენტის 39-ე მუხლის საფუძველზე მთავრობისათვის მითითებული დროებითი ღონისძიების წყალობით.
43. მოსარჩელემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი რწმენა, რომ იგი ქვეყნიდან გაძევებას გადაურჩა მხოლოდ გარემოებათა წყალობით, კერძოდ, ერიტრეელი ელჩის უარით _ რომელსაც საფრანგეთის ხელისუფლებამ თავშესაფრის განცხადებასთან დაკავშირებული მოვლენების თაობაზე მოსარჩელისეული აღწერილობა წარუდგინა, რითაც კიდევ უფრო მოწყვლადი გახადა იგი შესაძლო საპასუხო ღონისძიებებისადმი ერიტრეაში გაგზავნის შემთხვევაში _ მიეცა ქვეყანაში გამგზავრების ნებართვა და, რაც მთავარია, რეგლამენტის 39-ე მუხლის მეშვეობით.
2. მთავრობა
44. მთავრობის მთავარი არგუმენტი ის იყო, რომ მოცემულ საქმეში, კონვენციის მე-13 მუხლი ვერ იქნებოდა გამოყენებული მე-3 მუხლთან ერთობლიობაში. ჯერ ერთი, 2005 წლის 7 ნოემბრის (თარიღი, როდესაც მან ლტოლვილის სტატუსი მიიღო) შემდეგ, მოსარჩელე აღარ იდგა დეპორტაციის საფრთხის წინაშე, რაც შედეგობრივად იმას ნიშნავდა, რომ მე-3 მუხლის საფუძველზე წარდგენილი მისი საჩივარი ვეღარ ჩაითვლებოდა “დასაბუთებულად”, ხოლო მე-13 მუხლი კი ვეღარ დაეყრდნობოდა ამ მუხლთან ერთობლიობას. მეორე, მთავრობამ დაასაბუთა, რომ მოსარჩელემ დაჰკარგა მსხვერპლის სტატუსი (ანუ, ვეღარ ჩაითვლებოდა დაზარალებულად), რამდენადაც მე-13 მუხლი ვერ გამოცალკევდებოდა იმ მუხლებისაგან, რომელსაც იგი ემყარებოდა. ამგვარად, ვინაიდან იგი ვეღარ დაამტკიცებდა, რომ წარმოადგენდა მე-3 მუხლის დარღვევის მსხვერპლს, შესაბამისად ვეღარ დაამტკიცებდა ვეღარც იმას, რომ იყო მე-3 მუხლის დარღვევის მსხვერპლი ამავე მუხლთან ერთობლიობაში.
45. მეორე მხრივ, მთავრობამ აღნიშნა, რომ საჩივარი უსაფუძვლო იყო.
46. მთავრობამ აღნიშნა, რომ “აღსრულების შეჩერების შესახებ გადაუდებელი საჩივრის” პროცედურა (ადმინისტრაციულ სასამართლოთა კოდექსის L. 521-1 მუხლი) და აგრეთვე პროცედურა, რომელიც დაკავშირებული იყო “გადაუდებელ საჩივართან მომჩივნის ინტერესების დასაცავად ბრძანების გამოცემის მიზნით” ანდა “გადაუდებელ საჩივართან ძირითადი თავისუფლების დასაცავად” (კოდექსის L. 521-2 მუხლი), შესაძლებელს ხდიდა იმ ღონისძიების აღსრულების შეჩერებას, რომელსაც შეეძლო გამოეწვია კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა. მიუთითა რა კერძოდ Soering v. the United Kingdom (7 ივლისი, 1989, § 123, სერია A no. 161) და Vilvarajah and Others v. the United Kingdom (30 ოქტომბერი, 1991, § 125, სერია A no. 215) საქმეებზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე, მთავრობამ დასძინა, რომ არ იყო აუცილებელი მოთხოვნილ მისაგებელს ჰქონოდა აღსრულების ავტომატიურად შემაჩერებელი ძალა: საკმარისი იყო, მას ასეთი შემაჩერებელი ძალა ჰქონოდა “პრაქტიკაში”. ასეთად ჩაითვლებოდა ადმინისტრაციულ სასამართლოში წარდგენილი გადაუდებელი საჩივრების შემთხვევები, რამდენადაც, პრაქტიკულად, ხელისუფლება არ ახორციელებდა დეპორტაციას გადაუდებელ საჩივართა მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე.
მთავრობამ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ ეს მისაგებელი გამოიყენა ქვეყანაში შესვლის ნებართვაზე უარის გადაწყვეტილებასთან მიმართებაში, და რომ გადაუდებელ საჩივართა მოსამართლისათვის წარდგენილ 2005 წლის 7 ივლისის საჩივარს შედეგად მოჰყვა გადაწყვეტილების მომდევნო დღეს გამოტანა. მთავრობამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის საქმეზე ჩატარდა მოსმენა, რომელიც (ევროპული) სასამართლოს პრეცედენტული სამართლით მოთხოვნილ სანდოობისა და დამოუკიდებლობის გარანტიებს უზრუნველყოფდა, რამდენადაც გადაუდებელ საჩივართა მოსამართლემ თავისი გადაწყვეტილება დააყრდნო ობიექტურ მტკიცებულებებს, რომლებიც მიხედულების სრული თავისუფლების საწყისებზე იქნა შეფასებული.
47. მთავრობამ შემდგომ აღნიშნა, რომ 2005 წელს, OFPRA-ს მიერ სასაზღვრო პუნქტებში გაკეთებულ განცხადებათა სასარგებლოდ გაცემული რეკომენდაციების პროპორცია შეადგენდა 22.2%-ს. ეს იყო თითქმის სამჯერ მეტი ამ წელს თავშესაფრის უფლების მოთხოვნის პროცედურის საფუძველზე განხორციელებული დაშვების შემთხვევების საერთო რაოდენობასთან შედარებით (8.2%). მათი აზრით, ეს განსხვავება იმაზე მიანიშნებდა, რომ ყოველგვარი ეჭვი საზღვარზე მყოფი მომჩივნების სასარგებლოდ წყდებოდა. მათთვის ცნობილი არ იყო არცერთი ისეთი შემთხვევა, რომ უცხოელის გაგზავნას შედეგად კონვენციის მე-3 მუხლით ანდა ჟენევის კონვენციის 33-ე მუხლით აკრძალულ მოპყრობასთან მისი დაქვემდებარება მოჰყოლოდა.
ANAFÉ-ს მოსაზრებებზე (იხ. ქვემოთ) პასუხის გაცემისას, მთავრობამ კერძოდ დაამატა, რომ საზღვარზე თავშესაფრის გაანცხადებების განხილვის პროცედურა 2003 წლის 10 დეკემბრის no. 2003-1176 კანონით არსებითად გადაისინჯა. 2004 წელს სასაზღვრო პუნქტებში თავშესაფრის მაძიებელთა დაშვების 9.3%-იანი წილი უნდა შეფასებულიყო 2005 წლის ზემოაღნიშნული 22,2%-იანი მონაცემის გათვალისწინებით. რაც შეეხებოდა საზღვარზე გაკეთებული თავშესაფრის განცხადების განხილვის ხანგრძლივობას, ეს აიხსნებოდა მოსაცდელ ზონებში პირთა გაჩერების კანონით დადგენილი ვადებით. მთავრობამ შემდეგ ხაზი გაუსვა, რომ ANAFÉ-მ, 1999 და 2005 წლებს შორის პერიოდში, აღმოაჩინა მხოლოდ ექვსი შემთხვევა, სადაც პირის საზიანოდ საზღვარზე მიცემული რეკომენდაცია შემდგომ გაუქმდა და შესაბამის პირს ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა. მათი აზრით, ნებისმიერ შემთხვევაში რთული იყო პარალელის გავლება საზღვარზე და საფრანგეთის მიწაზე განხორციელებულ თავშესაფრის მოთხოვნის პროცედურებს შორის, რამდენადაც მიღებული გადაწყვეტილებები შეხებოდა განსხვავებულ საქმეებს. მათ არ გააჩნდათ ზუსტი სტატისტიკა ამ საკითხზე, მაგრამ აღნიშნეს, რომ 2005 წელს, საზღვარზე თავშესაფრის მოთხოვნის პროცედურის შესაბამისად, OFPRA-m 2,278 რეკომენდაცია gasca.
B. მესამე მხარედ ჩართული ANAFÉ-ს დაკვირვებანი
48. არასამთავრობო ორგანიზაცია ANAFÉ-ს _ რომელიც ემსახურება საფრანგეთის სასაზღვრო პუნქტებში სირთულეების მქონე უცხოელებისათვის სამართლებრივი და ჰუმანიტარული დახმარების გაწევას _ დაკვირვებანი შეეხება იმ პირთა მდგომარეობას, რომლებიც თავშესაფარს ითხოვენ საზღვრებზე. ორგანიზაციამ, პირველ რიგში, ხაზი გაუსვა, რომ ცნობილი იყო რამდენიმე საქმე (თექვსმეტი 2006 წელს), სადაც უცხოელები წააწყდნენ სერიოზულ სირთულეებს თავშესაფრის მოპოვების მიზნით საფრანგეთში შესვლაზე ნებართვის მოთხოვნის რეგისტრაციისას. ზოგიერთი იძულებული იყო რამდენიმე დღის განმავლობაში დალოდებოდა “საერთაშორისო ზონაში” საჭმლის გარეშე და მჯდომარე მდგომარეობაში ძილის პირობებში, მანამ სანამ აეროპორტი და სასაზღვრო პოლიცია არ დაიწყებდა მათი მოთხოვნის საკითხის მოგვარებას და “მოსაცდელ ზონას” მათთვის ხელმისაწვდომს არ გახდიდა.
ANAFÉ ასევე შეეხო კომუნიკაციის პრობლემას, რომელსაც თავშესაფრის მაძიებელნი აწყდებოდნენ საზღვრებზე დაშვების მისაღწევად თავიანთი მცდელობის დროს, რაც განპირობებული იყო იმ თარგმანის დაბალი ხარისხითა და მოუხერხებელი ხასიათით, რაც მათთვის იყო უზრუნველყოფილი.
ორგანიზაციამ შემდეგ კომენტარი გააკეთა საზღვრებზე თავშესაფრის მთხოვნელ პირთა შესახებ OFPRA-ს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე: საზღვარზე თავშესაფრის განცხადებათა რიცხვი 2004 წელს შეადგენდა 57%-ს, ხოლო 2005 წელს 9.45-ს. 2004 წელს 7.7%-ს მიეცა ქვეყანაში შესვლის ნებართვა, ხოლო 2005 წელს _ 22.2%-ს. ANAFÉ-ს აზრით, საზღვრებზე თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვის შემცირება წარმოადგენდა იმ ღონისძიებათა შედეგს, რასაც ახორციელებდა მთავრობა საფრანგეთში უცხოელთა ჩამოსვლის თავიდან ასაცილებლად (ჟენევის კონვეციის დარღვევით იმ შემთხვევებში, როდესაც საქმე ლტოლვილებს შეეხებოდა). ამგვარი ღონისძიების მაგალითებად ორგანიზაციამ დაასახელა აეროპორტის სატრანსპორტო ვიზების გაძლიერებული გამოყენება (რომელიც ახლა განსაზღვრული ოცდაათი ქვეყნის მოქალაქეს მოეთხოვებოდა), ავიამზიდების მიმართ მკაცრი სასჯელების გამოყენება და თვითმფრინავის დატოვებისას განხორციელებული კონტროლი (იშვიათობას არ წარმოადგენდა ამგვარი კონტროლის შედეგად პირებისათვის შესვლაზე უარის თქმა მათთვის ჯერ კიდევ თავშესაფრის თხოვნის რეგისტრაციისათვის შესაძლებლობის მიცემამდე).
ANAFÉ-მ დასძინა, რომ 2005 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების თანახმად, საზღვრებზე თავშესაფრის შესახებ მოთხოვნების 89% გადაწყვეტილი იქნა მათი წარდგენიდან ოთხ დღეში. გამოძიება გამოიხატებოდა პირის გამოკითხვით და OFPRA-ს თანამშრომლის მიერ რეკომენდაციის შედგენით, რომელსაც შემდეგ მოჰყვებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება (რომელიც ძირითადად ამ რეკომენდაციას შეესაბამებოდა). ANAFÉ-მ ხაზი გაუსვა, რომ თავშესაფრის მაძიებლებს ხშირად არ გააჩნდათ თავიანთი თხოვნის გასამყარებელი დოკუმენტები და მათი თხოვნების განხილვის სისწრაფე მათ უქმნიდა სირთულეს, მოეპოვებინათ აუცილებელი დოკუმენტები. ორგანიზაციამ სამდურავი გამოთქვა განსაკუთრებით იმ ფაქტის გამო, რომ ადმინისტრაციული ხელისუფლება, იმ საკითხის გადაწყვეტისას, იყო თუ არა განცხადება “აშკარად უსაფუძვლო”, არსებითად იხილავდა ყველა დეტალს, მაშინ როდესაც, მას მხოლოდ იმის მოკლედ შემოწმება ევალებოდა, მართლაც გულისხმობდა თუ არა თავშესაფრის მაძიებლის მიერ გადმოცემული მიზეზები მათი დაცვის აუცილებლობას, რათა მოეხდინა იმ პირთა გაცხრილვა, ვისაც შესაბამისი სავიზო პროცედურის დაუცველად საფრანგეთში შესვლა სურდა სხვა მიზნით (სამუშაო, ოჯახის შეკავშირება, შემდგომი წინსვლა). ამის განხორციელებით, ხელისუფლება უარს ეუბნებოდა თავშესაფრის მაძიებელებს გარანტიებზე, რასაც გულისხმობდა თავშესაფრის მოთხოვნის პროცედურა ქვეყანაში შესვლაზე ნებართვის მინიჭების შემდეგ. (ამას მოსდევდა გადაწყვეტილების მიღება OFPRA-ს მხრიდან _ რომელსაც გააჩნდა გამოკვლევისა და გამოძიებისათვვის საჭირო რესურსები _ რომელიც მიღებული იყო განცხადების ყოველმხრივი გამოკვლევის შედეგად და ექვემდებარებოდა გასაჩივრებას აღსრულების შეჩერების შედეგით). იშვიათობას არ წარმოადგენდა, რომ თავშესაფრის მაძიებლებს, ვისი განცხადებებიც საზღვარზე “აშკარად უსაფუძვლოდ” იქნა ცნობილი, ქვეყანაში შესვლის ნებართვა მოეპოვებინათ რაიმე სხვა საშუალებით და საბოლოო ჯამში, მაინც მიეღოთ ლტოლვილის სტატუსი. ამ მტკიცების გასამყარებლად, ANAFÉ-მ აღწერა ექვსი პირის შემთხვევა, რომლებიც 2004 და 2005 წლებში სწორედ ამგვარ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ (რომელთაგან ზოგიერთის მიმართ სისხლისსამართლებრივი სანქციაც კი იქნა გამოყენებული ქვეყნიდან მათი დეპორტაციის ბრძანებისადმი დაუმორჩილებლობის პერიოდში). მან ასევე წარმოადგინა სიმადის – ეკუმენური არასამთავრობო ორმხრივი დახმარების ორგანიზაცია, რომელიც საქმიანობს ადმინისტრაციული დაპატიმრების ცენტრებში _ გენერალური მდივნის 2006 წლის 19 აპრილით დათარიღებული განცხადება.
49. დამატებით, ANAFÉ-მ წარმოადგინა 2003 წლის 25 ნოემბერს მის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში თავშესაფრის მაძიებლად ქვეყანაში დაშვების პროცედურის შესახებ, სახელწოდებით _ “თავშესაფრის რუსული რულეტი საზღვრებზე _ მოსაცდელი ზონები: ვინ იყენებს პროცედურას არასწორად?” (La roulette russe de l’asile à la frontière – zone d’attente: qui détourne la procédure ?), რომელშიც მან გამოთქვა თავისი “ წუხილი ” საზღვრებზე თავშესაფრის ძიების პროცედურასთან დაკავშირებით. Mმან ხაზი გაუსვა, კერძოდ იმას, რომ “ არ არსებობდა გასაჩივრება ” ადმინისტრაციული ხელისუფლების მხრიდან საზიანო გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რამდენადაც არ არსებობდა აღსრულების შეჩერების ძალის მქონე მისაგებელი ; განმცხადებლები მხოლოდ ამ უარის საფუძველზე შეიძლებოდა დაებრუნებინათ ქვეყნებში, საიდანაც ჩამოვიდნენ. ANAFÉ-ს მიხედვით:
“...ასეთი გაცხრილვის დროს, რომელიც ათასობით ადამიანის მიმართ ყოვლწლიურად ხორციელდება საზღვრებზე ადმინისტრაციული სასამართლოების მხრიდან ქმედითი კონტროლის გარეშე, ყოველთვის უპირატესობა ენიჭება მიგრანტების ნაკადის გაკონტროლებას და არა ლტოლვილთა დაცვას. განვლილი წლების შედეგად, ადმინისტრაციული მანქანა ამჟამად ვეღარ ფუნქციონირებს სათანადოდ და თავშესაფრის ასობით მაძიებელი უკან იგზავნება, ზოგჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებული ჩარტერული რეისებით, მიუხედავად იმისა, რომ მათ თავიანთი წარმოშობის ქვეყანაში ხელისუფლების მხრიდან დევნის განხორციელების შიშის სერიოზული საფუძვლები გააჩნიათ, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში _ იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ისინი გარკვეული დროის განმავლობაში ტრანზიტით იმყოფებოდნენ. სხვები არ არიან ქვეყნიდან გაგზავნილი, მაგრამ მიესაჯათ ციხე მხოლოდდამხოლოდ გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობის გამო, რომლის სამართლიანობა და კანონიერება, სულ მცირე, საკამათოა. თხუთმეტი წლის განმავლობაში ANAFÉ ... ცდილობს ამ პირთა დახმარებას, რომლებიც თავშესაფრის უფლების ნარჩენებს ებღაუჭებიან. იგი მიიჩნევს, რომ არსებობს ტენდენცია ისეთი მკაცრი ადმინისტრაციული პრაქტიკის მიმართულებით, რაც კი ოდესმე არსებულა; ყოველივე Mამას კი არარაობამდე დაჰყავს თავშესაფრის კონსტიტუციური უფლება...”
თავის ანგარიშში, ANAFÉ-მ აღნიშნა იმ თავშესაფრის მაძიებელთა პროპორციის არსებითი შემცირების თაობაზე, ვისაც ქვეყანაში შესვლის ნებართვა მიენიჭა (1995 წელს 60%-დან _ 20%-მდე 2001 და 20002 წლებში; 18.8%-მდე _ 2002 წლის ნოემბერში და 3,4%-მდე _ 2003 წლის მარტში), რაც გამოწვეული იყო ხელისუფლების წინასწარგანზრახული პოლიტიკით. 2003 წელს ქვეყანაში შესვლის ნებართვაზე უარის შესახებ მთელი რიგი გადაწყვეტილებების ანალიზის შედეგად მან დაადგინა, რომ ეს იყო შედეგი ხელისუფლების მხრიდან “აშკარა უსაფუძვლობის” ცნების “საშიშად უსწორო” გამოყენებისა იმიგრაციისა და თავშესაფრის კოდექსის L.221-1 მუხლის გაგებით. ადმინისტრაციული ხელისუფლების მიერ გადმოცემული დასაბუთება “შორს სცილდებოდა იმის მკაცრი განხილვის ფარგლებს, იყო თუ არა განცხადება “აშკარად უსასფუძვლო”, იგი მოიცავდა უფრო და უფრო მეტად მიუღებელი ხასიათის არგუმენტებს, რაც თავშესაფრის განცხადების უარყოფის გამართლებას ისახავდა მიზნად”. ANAFÉ-ს მიხედვით, სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე, ცხადი იყო, რომ “ასეთი შემოწმება უნდა შემოფარგლულიყო მხოლოდ ზედაპირული შეფასებით, რათა გაეცხრილა ის განცხადებები, რომლებიც აშკარად არ თავსდებოდა თავშესაფრის უფლების ფარგლებში, ხოლო განცხადებების შეფასებისა და შემოწმების ამოცანა კი უნდა დაეტოვებინა OFPRA-სათვის” (ამასთან მიმართებაში, იგი შეეხო კონსტიტუციური საბჭოს 1992 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებას - DC 92 307, Conseil d’Etat -ს მიერ Rogers-ის საქმეზე (Revue française de droit administratif, 1997-2, გვ. 281) 1996 წლის 18 დეკემბერს სასამართლოს სრული შემადგენლობით მიღებულ გადაწყვეტილებას, და, აგრეთვე, პარიზის ადმინისტრაციული სასამართლოს 2005 წლის 5 მაისს გამოტანილ გადაწყვეტილებას საქმეზე Avila Martinez v. the Ministry of the Interior). ANAFÉ-ს აზრით, “ის რაც პრაქტიკაში ხდებოდა, ძალიან დაშორებული იყო თეორიისა და პრეცედენტული სამართლისაგან”.
51. ANAFÉ-მ აღნიშნა, რომ 2004 წლის 5 მარტს მან ხელი მოაწერა შეთანხმებას (რომელიც შემდგომში განახლდა) შინაგან საქმეთა მინისტრთან. შეთანხმება მას ნებას რთავდა, განხილვის ექვსთვიან ვადაში, განეხორციელებინა იმ უცხოელთა რეგულარული დახმარება, რომელთაც უარი ეთქვათ საფრანგეთში შესვლაზე და იმყოფებოდნენ ღუასის აეროპორტის მოსაცდელ ზონაში. მან წარმოადგინა დოკუმენტი სახელწოდებით _ “ საზღვარი და კანონი: ღუასის მოსაცდელი ზონა ANAFÉ-ს თვალთახედვით” (La frontière et le droit: la zone d’attente de Roissy sous le regard de l’ANAFÉ), რომელშიც გადმოცემული იყო ამ საკითხზე მისი გამოცდილების დეტალური აღწერა. დამატებით, ზემოთ აღწერილ სირთულეებთან მიმართებაში, დოკუმენტში გაკრიტიკებული იყო “პოლიტიკა, რომელიც, აშკარა იყო, რომ მთლიანად იმართებოდა უსაფრთხოებისა და სასაზღვრო კონტროლის მოსაზრებებით ადამიანის უფლებათა საზიანოდ, კერძოდ თავშესაფრის უფლების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისადმი დაქვემდებარებისაგან თავისუფლებისა თუ მცირეწლოვანთა სპეციფიკური უფლების საზიანოდ”. ასევე გაკრიტიკებული იყო “პრაქტიკა, რომელიც თითქმის სისტემატიურად, ჟენევის კონვენციის დარღვევით, უარს აცხადებდა თავშესაფრის მიზნებისათვის ქვეყანაში შესვლის ნებართვაზე,”. ANAFÉ-ს მიხედვით, “საზღვრებზე თავშესაფრის ძიების პროცედურა სულ უფრო და უფრო მზარდად იწვევდა უარყოფით შედეგს და ზიანს აყენებდა იმ პირთა ინტერესებს, რომელებიც დაცვას ითხოვდნენ”.
50. და ბოლოს, ANAFÉ-მ წარმოადგინა საფრანგეთის შესახებ წამების წინააღმდეგ გაერთიანებული ერების კომიტეტის 2005 წლის 24 ნოემბერს მიღებული დასკვნები და რეკომენდაციები (დოკუმენტი CAT/C/FRA/CO/3). დოკუმენტის შესაბამის ნაწილში სათაურით _ “ ზრუნვისა და რეკომენდაციების საგანი ” და ქვესათაურით _ “Non-refoulement” (არგაძევება), კომიტეტმა აღნიშნა, რომ იგი შეწუხებული იყო ადმინისტრაციული დაკავების ცენტრებში შევსებული განცხადებების განხილვის ე.წ. პრიორიტეტული პროცედურის შემოკლებული ხასიათით, რაც არ იძლეოდა კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებული საფრთხის (წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობისა ან სასჯელის) საფრთხის შეფასების შესაძლებლობას...» (მე-3 მუხლის თანახმად, “ არცერთმა მხარე სახელმწიფომ არ უნდა გააძევოს, უკან დააბრუნოს (‘refouler’) ან მოახდინოს ექსტრადიცია პირისა სხვა ქვეყანაში, სადაც არსებობს არსებითი, სარწმუნო საფუძველი იმისა, რომ იგი აღმოჩნდება წამების საფრთხეში......»). ანგარიშის მე-7 პუნქტში მითითებულია:
“7. იმის მითითებისას, რომ 2000 წლის 30 ივნისის კანონის ძალაში შესვლის კვალობაზე, გადაწყვეტილება პირის refoulement-ის (დაშვებაზე უარის) შესახებ, შეიძლება ექვემდებარებოდეს (აღსრულების) დროებით შეჩერების ან დროებითი აკრძალვის შესახებ ბრძანებას, კომიტეტი შეშფოთებულია, რომ ამ პროცედურების შეჩერება არ ხდება, რაც იმით გამოიხატება, რომ გადაწყვეტილებები შესვლაზე უარის შესახებ შესაძლოა აღსრულდეს ადმინისტრაციის მიერ ეხ ოფფიციო, საჩივრის შეტანის შემდეგ, მაგრამ მოსამართლის მიერ ქვეყნიდან დეპორტაციის შესახებ ბრძანების შეჩერების საკითხზე გადაწყვეტილების გამოტანამდე (მუხლი 3).
კომიტეტი იმეორებს თავის რეკომენდაციას (A/53/44, para. 145) იმის თაობაზე, რომ refoulement-ის (დაშვებაზე უარის) გადაწყვეტილება, რომელიც იწვევს დეპორტაციის შესახებ ბრძანების გამოცემას, ღია უნდა იყოს გასაჩივრებისათვის და იწვევდეს აღსრულების შეჩერებას საჩივრის შეტანის მომენტიდან. კომიტეტი ასევე იძლევა რეკომენდაციას, რომ მხარე სახელმწიფომ გაატაროს აუცილებელი ღონისძიებები იმის უზრუნველსაყოფად, რომ ინდივიდებს, რომლებიც ექვემდებარებიან დეპორტაციის შესახებ ბრძანებას, ჰქონდეთ ყველა არსებული მისაგებლისადმი ხელმისაწვდომობა, მათ შორის, წამების წინააღმდეგ კომიტეტისათვის მათი საქმის გაგზავნის შესაძლებლობა კონვენციის 22-ე მუხლის შესაბამისად.
ANAFÉ-მ დასძინა, რომ ადამიანის უფლებათა ეროვნულმა საკონსულტაციო კომიტეტმა მიიღო რეკომენდაცია, რომელშიც აღნიშნა, რომ “დაშვებაზე უარის ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც შედეგად იწვევს თავშესაფრის მაძიებლის უკან დაბრუნებას, უნდა ექვემდებარებოდეს გონივრულ ვადაში (აღსრულების) შემაჩერებელ გასაჩივრებას ადმინისტრაციულ სასამართლოში”.
C. სასამართლოს შეფასება
51. უწინარესად, სასამართლო იმეორებს მისი პრეცედენტული სამართლით აღმოცენებულ ძირითად პრინციპებს.
კონვენციის მე-13 მუხლი უზრუნველყოფს ეროვნულ დონეზე შიდა მისაგებლის არსებობას კონვენციის უფლებათა და თავისუფლებათა არსის ცხოვრებაში გასატარებლად, ნებისმიერი ფორმით შიდა სამართლებრივ წესრიგში მათი დაცულობის გზით. მე-13 მუხლის მნიშვნელობა სწორედ ისაა, რომ იგი მოითხოვს შიდა სამართლებრივი მისაგებელის არსებობას, რომელსაც ძალუძს არსებითად განიხილოს და გადაწყვიტოს “დასაბუთებული საჩივარი” კონვენციის გაგებით და შესაბამისი საშველი მიაგებოს მას. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კონვენციის მე-13 მუხლის საფუძველზე არსებული ვალდებულებები განსხვავებულია მოსარჩელის სამდურავის ხასითიდან გამომდინარე. თუმცა, მე-13 მუხლით მოთხოვნილი მისაგებელი უნდა იყოს “ქმედითი” როგორც კანონის მიხედვით, ისე პრაქტიკაში. “მისაგებლის” “ქმედითობა”, მე-13 მუხლის გაგებით, არ გულისხმობს მოსარჩელისათვის სასარგებლო შედეგის დადგომის წინასწარ განსაზღვრულობას. არც ის არის აუცილებელი, რომ შესაბამის დებულებაში მითითებული “ხელისუფლება” ყოველთვის სასამართლო იყოს. Mმაგრამ როდესაც “ხელისუფლება” არ წარმოადგენს სასამართლოს, მისი უფლებამოსილებისა და მის მიერ შეთავაზებული გარანტიების მიხედვით განისაზღვრება, გვაქვს თუ არა საქმე ქმედით მისაგებელთან. ასევე, რომელიმე მისაგებელი, ცალკე აღებული, შესაძლოა თავისთავად საკმარისი არ იყოს მე-13 მუხლის მოთხოვნებისათვის, მაგრამ შიდა სამართლით უზრუნველყოფილი რამდენიმე მისაგებელი, ერთობლივად, შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებულად მიჩნევისათვის (სხვა ავტორიტეტულ წყაროებს შორის იხ. Čონკა, ზემოთ მითითებული, § 75).
52. შემდეგ, სასამართლო აღნიშნავს, რომ შიდა სამართლის მიხედვით, ქვეყანაში შესვლის ნებართვაზე უარის გადაწყვეტილება, როგორიც მიღებული იქნა მოსარჩელის საქმეზე, მოქმედებს როგორც თავშესაფრის თაობაზე განცხადების შეტანის დამაბრკოლებელი გარემოება. უფრო მეტიც, ასეთი გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას, რაც იმას გულისხმობს, რომ შესაბამისი პირი შეიძლება დაუყოვნებლივ გაიგზავნოს ქვეყანაში, საიდანაც იგი, მისივე განმარტებით, იძულებული გახდა გამოქცეულიყო. თუმცა, წინამდებარე საქმეში, რეგლამენტის 39-ე მუხლის შესაბამისად საჩივრის შეტანის კვალობაზე, მოსარჩელეს, საბოლოო ჯამში, საფრანგეთში შესვლის უფლება მაინც მიენიჭა. ამის შედეგად მას მიეცა შესაძლებლობა, თავშესაფრის თაობაზე განცხადება Seetana OFPRA-ში, რომელმაც მას 2005 წლის 7 ნოემბერს ლტოლვილის სტატუსი მიანიჭა. რამდენადაც ლტოლვილთა სტატუსის შესახებ ჟენევის 1951 წლის 28 ივლისის კონვენციის 33-ე მუხლის საფუძველზე ვეღარ მოხდებოდა წარმოშობის ქვეყანაში მოსარჩელის დეპორტაცია, სასამართლომ, მისაღებობის შესახებ თავისი 2006 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით დაადგინა, რომ მან დაჰკარგა მე-3 მუხლის სავარაუდო დარღვევის მსხვერპლის სტატუსი (§36). მე-3 მუხლის საფუძველზე დაყენებულ მოთხოვნასთან დაკავშირებულ თავის ამ დასკვნაზე დაყრდნობით, სასამართლომ დადგინა, რომ “(მოცემულ საქმეში წამოიჭრა) ამ მუხლთან ერთობლიობაში მე-13 მუხლის გამოყენებადობის საკითხი”. ეს საკითხი მან გააერთიანა არსებით საკითხებთან (იხ. მისაღებობის განჩინება, §49).
53. ამ საკითხთან მიმართებაში მთავრობამ აღნიშნა, რომ 2005 ნოემბრის შემდეგ (თარიღი, როდესაც მას ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა) მოსარჩელე აღარ იდგა დეპორტაციის რაიმე საფრთხის წინაშე, რაც შედეგობრივად იმას გულისხმობდა, რომ მისი საჩივარი მე-3 მუხლის საფუძველზე აღარ იყო მიჩნეული “დასაბუთებულად” და, ამიტომ, მე-13 მუხლი ვეღარ დაეყრდნობოდა ამ მუხლთან ერთობლიობას.
სასამართლო არ იზიარებს ამ თვალსაზრისს. იგი მიუთითებს, რომ მისაღებობის განჩინებაში (§49) მან დაადგინა, რომ მოსარჩლის არგუმენტი ერიტრეაში მისდამი არასათანადო მოპყრობის საფრთხის შესახებ საკმარისად სარწმუნო იყო სასამართლოსათვის, რათა მიეჩნია, რომ იგი აღძრავდა არსებით საკითხებს მე-3 მუხლის საფუძველზე. აქედან გამომდინარეობს, რომ საჩივარი მე-3 მუხლის საფუძველზე “დასაბუთებულია”. ეს კი შედეგობრივად იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელეს, პრინციპულად, შეუძლია დაეყრდნოს ამ დებულებას მე-13 მუხლთან ერთობლიობაში (გარდა საქმეებისა Rotaru v. Romania ([GC], no. 28341/95, § 67, ECHR 2000-V), რომლებიც მითითებულია მისაღებობის გადაწყვეტილებაში, და Čonka, ზემოთ მითითებული, §§ 75-76, იხ. მაგალითად, Shamayev and Others v. Georgia and Russia, no. 36378/02, §§ 444-45, ECHR 2005‑III). უფრო მეტიც; ამ საჩივრის დასაბუთებულობის საკამათოდ გახდომის გარეშეც, თავისთავად ის ფაქტი, რომ OFPRA-მ საბოლოოდ მაინც მიანიჭა მოსარჩელეს ლტოლვილის სტატუსი, სწორედ ამას ადასტურებს, ისევე როგორც, OFPRA-ს სამართლებრივ და საერთაშორისო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილის მემორანდუმი, რომელშიც აღნიშნულია, რომ “ამიტომ, სხვა გარემოებებთან ერთად, სააგენტომ გაითვალისწინა პატიმრობის არაადამიანური პირობები, რომელშიც (მოსარჩელე) უკვე იმყოფებოდა თავისი წარმოშობის ქვეყანაში და მიიჩნევს, რომ მისი გაგზავნა ერიტრეაში მას დააყენებს დევნის საფრთხის ქვეშ ჟენევის კონვენციის გაგებით (იხ.ზემორე მე-20 პარაგრაფი).
54. სასამართლო არ ემხრობა მთავრობის არც იმ არგუმენტს, თითქოს, მე-13 მუხლის სხვა, მასთან დაკავშირებულ მუხლებთან გადაჯაჭვულობის გამო, მოსარჩელეს აღარ შეეძლო ემტკიცებინა, რომ წარმოადგენდა მე-13 მუხლის დარღვევის მსხვერპლს მე-3 მუხლთან ერთობლიობაში, ვინაიდან აღარ წარმოადგენდა ამ უკანასკნელი დებულების სავარაუდო დარღვევის მსხვერპლს.
ჯერ ერთი, სავარაუდო დარღვევა ამ მიმართებით (რომელიც შეეხება ნაკლოვანების არსებობას პროცედურაში, რომელიც საზღვარზე ჩამოსულ ინდივიდს შესაძლებლობას მისცემდა, ემტკიცებინა, რომ რომ იგი იდგა მე-3 მუხლით აკრძალული მოპყრობისადმი დაქვემდებარების რისკის პირისპირ და მოეთხოვა ქვეყანაში შესვლა თავშესაფრის განცხადების წარსადგენად) უკვე არსებობდა იმ დროს, როდესაც მოსარჩელის ერიტრეაში დაბრუნების საფრთხე საკმაოდ გაზრდილი იყო (ამ ფაქტორის მნიშვნელობაზე იხ. mutatis mutandis, Association SOS Attentats and de Boëry v. France (dec.) [GC], no. 76642/01, § 34, ECHR 2006‑XIV). მოსარჩელეს ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა 2005 წლის 7 ნოემბერს, ანუ საკმაოდ დროის შემდეგ შიდა სასამართლოების მიერ გასაჩივრების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებიდან, რომლის არაქმედითობაც მან (ევროპული) სასამართლოს წინაშე გაასაჩივრა (2005 წლის 11 აგვისტოს Conseil d’Etat-მ მიიჩნია, რომ აუცილებლობლობას არ შეადგენდა გადაუდებელ საჩივართა მოსამართლის 2005 წლის 8 ივლისის ბრძანების წინააღმდეგ შეტანილი საჩივარის განხილვა (იხ. ზემორე მე-19 პარაგრაფი)).
მეორე, როგორც სასამართლომ გაიმეორა საჩივრის მისაღებობის შესახებ თავის განჩინებაში (§36), პრინციპულად, მოსარჩელის სასარგებლოდ ღონისძიების გატარება საკმარისი არ არის მისთვის მსხვერპლის სტატუსის ჩამოსართმევად, თუკი ეროვნული ხელისუფლება არ ღიარებს კონვენციის სავარაუდო დარღვევას გარკვევით ანდა არსებითად. წინამდებარე საქმეში აშკარაა, რომ ეს პირობები არ იქნა დაცული მე-3 და მე-13 მუხლების ერთობლიობის საფუძველზე დაყენებულ მოთხოვნებთან მიმართებაში. ის ფაქტი, რომ რომ მოსარჩელე არ იქნა ერიტრეაში გაგზავნილი და მას საბოლოო ჯამში მიეცა საფრანგეთში შესვლისა და თავშესაფრის განცხადების წარდგენის შესაძლებლობა, იმის შედეგი იყო, რომ ერიტრეას საელჩომ მას არ მისცა გასვლის ნებართვა ქვეყანაში დასაბრუნებლად, ხოლო შემდეგ კი _ რეგლამენტის 39-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოში შეტანილი საჩივრისა. შემდგომ, სასამართლო მიუთითებს ქვეყანაში შესვლის ნებართვის თაობაზე ადმინისტრაციული ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე და 2005 წლის 20 ივლისს გამოცემულ დამცავ მოწმობაზე, აგრეთვე, Conseil d’Etat-ს 2005 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე, რომელმაც გარკვევით მიუთითა რეგლამენტის 39-ე მუხლზე და დროებით ღონისძიებაზე, რომელიც გატარებული იქნა ამ დებულების შესაბამისად (იხ. ზემორე მე-17 და მე-19 პარაგრაფები).
55. ამიტომ სასამართლო გააგრძელებს საჩივრის არსებითად განხილვას.
56. სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად, მოსარჩელის საჩივარი, რომელშიც ნავარაუდევია, რომ მისი მესამე ქვეყანაში გაგზავნა გამოიწვევს კონვენციის მე-3 მუხლთან შეუთავსებელ შედეგს, “აუცილებლობით უნდა დაექვემდებაროს “ეროვნული ხელისუფლების” მხრიდან ზედმიწევნით კრიტიკულ განხილვას” (იხ. Shamayev and Others, ზემოთ მითითებული, § 448; იხ. აგრეთვე Jabari v. Turkey, no. 40035/98, § 39, ECHR 2000‑VIII). ამ პრინციპზე დაყრდნობით, სასამართლო მიიჩნევს, რომ “ქმედითი მისაგებლის” ცნება, მე-13 მუხლის საფუძველზე მე-3 მუხლთან ერთობლიობაში, მოითხოვს, რომ იმგვარ ვითარებაში, როდესაც “არსებობს მე-3 მუხლის საწინააღმდეგო მოპყრობის რეალური საფრთხის შიშის არსებითი საფუძვლები”, პირის მიერ დაყენებული მოთხოვნა, ისევე როგორც “სადავო ღონისძიების გამოყენების შეჩერების შესაძლებლობა, უნდა დაექვემდებაროს “დამოუკიდებელ და მკაცრ კრიტიკულ განხილვას” (იხ. ზემოთ მითითებული გადაწყვეტილება, შესაბამისად, § 460 და § 50).
უფრო კონკრეტულად, Čonka-ს საქმეში (ზემოთ მითითებული, §§ 79 et seq.) სასამართლომ, მე-13 მუხლისა და მე-4 ოქმის მე-4 მუხლის (უცხოელთა კოლექტიური გაძევების აკრძალვა) ერთობლიობასთან მიმართებაში დაადგინა, რომ მისაგებელი არ აკმაყოფილებდა ამ დებულებებიდან პირველ მათგანს, თუკი მას აღსრულების შეჩერების ძალა არ გააჩნდა. მან კერძოდ მიუთითა შემდეგი:
“სასამართლო მიიჩნევს, რომ მე-13 მუხლით გათვალისწინებული მისაგებლის ცნება მოითხოვს, რომ მისაგებელს შეეძლოს იმ ღონისძიებათა აღსრულების თავიდან აცილება, რომლებიც ეწინააღმდეგება კონვენციას და რომელთა შედეგებიც პოტენციურად შეუქცევადია (იხ. mutatis mutandis, Jabari, ზემოთ მითითებული, §50). შესაბამისად, ასეთი ღონისძიების იქამდე აღსრულება, ვიდრე ეროვნული ხელისუფლება არ განიხილავს კონვენციათან მათ შესაბამისობას, შეუთავსებელია კონვენციის მე-13 მუხლთან. თუმცა, ხელშემკვრელ სახელმწიფოებს გააჩნიათ მიხედულების გარკვეული თავისუფლება იმ საკითხში, თუ რა ფორმით შეასრულებენ ამ დებულებიდან გამომდინარე თავიანთ ვალდებულებებს (იხ.Chahal [v. the United Kingdom, 15 ნოემბერი, 1996], § 145[, გადაწყვეტილებათა და განჩინებათა კრებული, 1996-V]).”
ის მნიშვნელობა, რომელსაც სასამართლო ანიჭებს კონვენციის მე-3 მუხლსა და იმ ზიანის შეუქცევად ხასიათს, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წამების ან არასათანადო მოპყრობის საფრთხის მატერიალიზაციის შემთხვევაში, უდავოდ ვრცელდება შემთხვევებზე, როდესაც სახელმწოფოს მხარე გადაწყვეტს უცხოელის დაბრუნებას ქვეყანაში, სადაც არსებობს არსებითი სარწმუნო საფუძვლები, რომ იგი ასეთი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება.
სასამართლო შემდგომ აღნიშნავს, რომ საჭიროება იმისა, რომ ამგვარი საფრთხის წინაშე მყოფ პირებს უკან დაბრუნების ღონისძიებასთან მიმართებაში გააჩნდეთ აღსრულების შეჩერების ძალის მქონე მისაგებლისადმი ხელმისაწვდომობა, ნათლად გამოკვეთა მინისტრთა კომიტეტმა, ევროპის საბჭოს საპარლამეტო ასამბლეამ და ადამიანის უფლებათა კომისარმა (იხ. ზემორე 36-38-ე პარაგრაფები). იგივე მიდგომას იყენებს გაერთიანებული ერების წამების საწინააღმდეგო კომიტეტი და რამდენიმე NGO (არასამთავრობო ორგანიზაცია), მათ შორის, წინამდებარე საქმეში მესამე მხარედ ჩართული ორგანიზაციაც. დამატებით, ამ უკანასკნელის შესაბამისად, ადამიანის უფლებათა საფრანგეთის ეროვნულმა საკონსულტაციო კომიტეტმა მიიღო რეკომენდაცია, რომელშიც აღნიშნა, რომ “საზღვარზე დაშვების საკითხზე თავშესაფრის მაძიებლისათვის მიცემული უარის თაობაზე ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მის უკან დაბრუნებას გამოიწვევს, ღია უნდა იყოს ადმინისტრაციულ სასამართლოში აღსრულების შემაჩერებელი გასაჩივრებისათვის გონივრული ვადის განმავლობაში” (იხ. ზემორე 52-ე პარაგრაფი).
57. იმ თავშესაფრის მაძიებელზე სპეციალურ მითითებას, რომელიც ამტკიცებს, რომ ასეთი ხასიათის საფრთხის წინაშე დგას, ფრანგული სამართალი უზრუნველყოფს პროცედურაში, რომელსაც უთუოდ გააჩნია ამგვარი მახასითებლები, რამდენადაც იგი ეფუძნება OFPRA-ს (სახელმწიფო სააგენტო) მიერ თავშესაფრის განცხადების განხილვას შეჯიბრებითი პროცედურის მეშვეობით და საქმის გასაჩივრებას ლტოლვილთა სააპელაციო კოლეგიაში (სასამართლო ორგანო), და კრძალავს თავშესაფრის მაძიებლის უკან დაბრუნებას ამ პროცედურის განმავლობაში. მოსარჩელეს საბოლოოდ მიეცა შესაძლებლობა, ესარგებლა ამ პროცედურით, მას შემდეგ, რაც სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის გამოყენების შედეგად საფრანგეთში შესვლის ნებართვა მიეცა.
თუმცა, წინამდებარე საქმე ააშკარავებს ამ მიმართებაში არსებულ განსაკუთრებულ სირთულეს, რომელიც მოსარჩელის მსგავს საქმეებში არსებობს, სადაც პირი შესაბამისი შეტყობინებით ხელისუფლებას სასაზღვრო პუნქტებში, მაგალითად, აეროპორტში მიმართავს.
58. OFPRA-ში თავშესაფრის განცხადების შესატანად, აუცილებელია, რომ უცხოელი საფრანგეთის მიწაზე იმყოფებოდეს. შედეგად, საზღვარზე ჩამოსვლის შემდეგ მას არა აქვს ასეთი განცხადების წარდგენის შესაძლებლობა, თუკი თავდაპირველად ქვეყანაში შესვლის ნებართვას არ მიიღებს. თუ მას არ გააჩნია ამ მიზნებისათვის საჭირო დოკუმენტები, მან ქვეყანაში შესვლის ნებართვის მისაღებად უნდა მიმართოს, როგორც თავშესაფრის მაძიებელმა. მას ამყოფებენ “მოსაცდელ ზონაში” ვადით, რაც ადმინისტრაციულ ხელისუფლებას ესაჭიროება იმის შესამოწმებლად, არის თუ არა მისი დაგეგმილი თავშესაფრის განცხადება “აშკარად უსაფუძვლო”. თუ ადმინისტრაციული ხელისუფლება განცხადებას “აშკარად უსაფუძვლოდ” ჩათვლის, მას უარს ეტყვიან ქვეყანაში შესვლის ნებართვაზე, და შესაბამისი პირი ავტომატურად დგება უკან დაბრუნების საფრთხის პირისპირ მისთვის იმ შესაძლებლობის მიუცემლად, შეიტანოს თავშესაფრის განცხადება OFPRA-ში.
59. მოსარჩელემ და საქმეში მესამე მხარედ ჩართულმა პირმა აღნიშნეს პირველ რიგში ის, რომ განცხადების “აშკარა უსაფუძვლობის” კრიტერიუმით შეფასება ხორციელდებოდა თავშესაფრის მაძიებლის მდგომარეობის ხანმოკლე შემოწმების შედეგად (რასაც წინამდებარე საქმეც ადასტურებდა). ადმინისტრაციულ ხელისუფლებას გააჩნდა ყველაზე მეტი, 20 დღე, როგორც იმის შესაფასებლად, იყო თუ არა განცხადება “აშკარად უსაფუძვლო”, ასევე შესაბამისი პირის უკან დასაბრუნებლადაც ისეთ შემთხვევებში, როდესაც განცხადებას სწორედ ასეთად მიიჩნევდა. ამგვარი ვითარება ამ უკანასკნელს აძლევდა ძალზე მცირე დროს თავისი განცხადების გამყარების მიზნით მტიცებულებების შესაგროვებლად. (მესამე მხარედ ჩართულმა აღნიშნა კერძოდ ისიც, რომ 2005 წელს განცხადებათა 89% ოთხ დღეზე ნაკლებ დღეში გადაწყდა, მინისტრის საბოლოო გადაწყვეტილების ჩათვლით). გარდა ამისა, ხელისუფლება (“აშკარა უსაფუძვლობის”) ცნებას იყენებდა ძალზე ფართოდ და შორს სცილდებოდა ზედაპირულ განხილვას, რომელიც გამიზნული იყო მხოლოდ იმ განცხადებათა გასაცხრილად, რომლებიც აშკარად არ ხვდებოდა თავშესაფრის უფლების ფარგლებში.
ამ უკანასკნელ საკითხზე, მთავრობამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ხელისუფლების მიერ იმის შეფასებისას გამოყენებული კრიტერიუმი, იყო თუ არა განცხადება “აშკარად უსაფუძვლო”, ემყარებოდა დეტალურ კრიტერიუმებს, რომლებიც გამომდინარეობდა 1992 წლის 30 ნოემბერსა და 1 დეკემბერს ევროპის თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოებში იმიგრაციაზე პასუხისმგებელი მინისტრების მიერ მიღებული რეზოლუციიდან (რომელიც, თუმცაღა, Conseil d’Etat-ს მიერ, 1996 წლის 18 დეკემბერს პლენარულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, მიჩნეული იქნა, როგორც სამართლებრივი ძალის არმქონე). ეს კრიტერიუმები იყო შემდეგი: “განცხადების საფუძვლები არ არის თავშესაფართან დაკავშირებული (ეკონომიკური საფუძვლები, წმინდა პირადი კეთილდღეობის ინტერესი და სხვ.); განცხადება ეფუძნება წინასწარ განზრახულ თაღლითობას (განმცხადებელი აშკარად ცრუობს თავისი მოქალაქეობის შესახებ, აკეთებს ყალბ განცდადებებს); განცხადება მოკლებულია ყოველგვარ შინაარსს და არ შეიცავს არავითარ პირად ინფორმაციას ან მასში აღწერილი დეტალები არასაკმარისია; განმცხადებელი საუბრობს მხოლოდ არეულობასა და უსაფრთხოების არარსებობის საერთო ვითარებაზე თავის პირადი მდგომარეობის შესახებ მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე; განცხადება ძირფესვიანად შეუსაბამოა, ან არასარწმუნო ან შეიცვას მრავალ წინააღმდეგობას, რომელიც მას ყოველგვარ სანდოობას უკარგავს».
მოსარჩელის საქმე გვაფიქრებინებს, რომ ადმინისტრაციული ხელისუფლება დევნის შიშის თაობაზე ინდივიდთა არგუმენტების შინაგან ღირებულებას აფასებს “მოსაცდელ ზონაში” ერთად შეკრებილი მასალების საფუძველზე.
60. მესამე მხარედ ჩართულმა უკმაყოფილება გამოთქვა ადმინისტრაციული პრაქტიკის გამო, რომელიც ეწინააღმდეგებოდა შიდა პრეცედენტულ სამართალს და წარმოადგენდა ადმინისტრაციული ხელისუფლების მიერ იმ შეფასების ჩანაცვლებას, რაც თავშესაფრის განცხადების პროცედურის დროს უნდა განსახორციელებულიყო. ამ გზით თავშესაფრის მაძიებელებს აღეკვეთებოდათ ამ პროცედურით უზრუნველყოფილი გარანტიები. ეს განსაკუთრებით სწორედ მაშინ ხდებოდა, როდესაც ხელისუფლება იწყებდა იმ საფრთხის შეფასებას, რომელშიც აღმოჩნდებოდა პირი ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში. მესამე მხარედ ჩართულმა ხაზი გაუსვა, რომ ამგვარ პირობებში, როდესაც არ არსებობდა აღსრულების შეჩერების ძალის მქონე გასაჩივრების შესაძლებლობა არსებით საკითხებზე, უცხოელთა ძალზე დიდი რაოდენობა იქნა დაბრუნებული ქვეყნებში, სადაც მათ წინააღმდეგ დევნის განხორციელების შიშის საფუძვლები გააჩნდათ.
61. გზა, რომლითაც ეს პროცედურა (რომელიც ცნობილია როგორც “საზღვარზე თავშესაფრის მოთხოვნის პროცედურა”) მოქმედებს, პრინციპულად, არ წარმოადგენს კონვენციასთან მიმართებაში პრობლემათა წყაროს შემთხვევებში, როდესაც თავშესაფრის მაძიებელი არ ამტკიცებს თავისი წარმოშობის ქვეყანაში მისთვის იმგვარი საფრთხის არსებობას, რომელიც ხვდება კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების ფარგლებში. Aეს არც მაშინ იქნებოდა პრობლემათა წყარო, თუ პირს, რომელსაც ასეთი საფრთხის არსებობის თაობაზე დასაბუთებული საჩივარი გააჩნდა, ექნებოდა მისი განცხადების “აშკარად უსაფუძვლო” ხასიათის თაობაზე ადმინისტრაციული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა, რომელიც ზემოთ მითითებულ მოთხოვნებს აკმაყოფილებდა.
62. ამასთან მიმართებაში სასამართლო აღნიშნავს, რომ შესაბამის პირებს შეუძლიათ ადმინისტრაციულ სასამართლოს მიმართონ ქვეყანაში შესვლის ნებართვაზე უარის თაობაზე სამინისტროს გადაწყვეტილების გასაუქმებლად. ამგვარი საჩივარი, უთუოდ შესაძლებელს ხდის “დამოუკიდებელ და მკაცრ კრიტიკულ განხილვას”, მაგრამ მას არ გააჩნია აღსრულების შეჩერების ძალა და არ არის ვადებში განსაზღვრული.
63. 2000 წლის 30 ივნისის no. 2000-597 კანონის ძალაში შესვლიდან, შესაბამის პირებს ასევე გააჩნიათ შესაძლებლობა, ადმინისტრაციულ სასამართლოში წარადგინონ “გადაუდებელი საჩივარი აღსრულების შეჩერების შესახებ” (ადმინისტრაციულ სასამართლოთა კოდექსის L. 521-1 მუხლი) ან “გადაუდებელი საჩივარი მომჩივნის ინტერესების დასაცავად ბრძანების გამოცემის მოთხოვნით” (ასევე ცნობილი, როგორც “გადაუდებელი საჩივარი ძირითადი თავისუფლების დასაცავად”) (კოდექსის L. 521-2 მუხლი). ეს უკანასკნელი პროცედურა _ რომელიც მოსარჩელემ წარუმატებლად გამოიყენა _ ნებას რთავს მოსამართლეს, გადაუდებელი საკითხის შემთხვევაში გამოსცეს ბრძანება “ნებისმიერი აუცილებელი ღონისძიების შესახებ ძირითადი თავისუფლების დასაცავად”, რომელიც ადმინისტრაციული ხელისუფლების მიერ “დარღვეულ იქნა უხეშად და აშკარად უკანონოდ”. ეს განსაკუთრებით შესაბამისია იმ ტიპის საქმეების შემთხვევაში, როგორსაც წარმოადგენს წინამდებარე განსახილველი საქმე, რამდენადაც Conseil d’Etat-მ აღნიშნა, რომ თავშესაფრის უფლება, წარმოადგენს ძირითად თავისუფლებას, რომელსაც შედეგობრივად უკავშირდება ლტოლვილის სტატუსის მოთხოვნის უფლება. ეს გულისხმობს, რომ უცხოელებს, რომლებიც მოითხოვენ ამ სტატუსს, როგორც წესი, უნდა მიენიჭოთ ქვეყანაში დარჩენის უფლება მათ თხოვნაზე გადაწყვეტილების მიღებამდე. როდესაც გადაუდებელი საჩივარი შეტანილია საზღვარზე თავშესაფრის მაძიებლისათვის ქვეყანაში შესვლაზე უარის გამო თავშესაფრის განცხადების “აშკარა უსაფუძვლობის” მოტივით, მოსამართლეს გააჩნია უფლებამოსილება, შეამოწმოს ეს საფუძვლები, და შეუძლია, inter alia, ინსტრუქცია მისცეს ადმინისტრაციულ ხელისუფლებას შესაბამის პირისათვის ქვეყანაში შესვლის ნებართვის მიცემის თაობაზე (იხ. Conseil d’Etat-ს 2003 წლის 25 მარტის ბრძანება). გადაუდებელი საჩივრების მოსამართლემ საქმე უნდა გადაწყვიტოს ორმოცდარვა საათში და, როგორც წესი, შეჯიბრებითი და საჯარო განხილვის შედეგად, სადაც მხარეები მოწვეულნი არიან პროცესზე დასასწრებად. ეს შესაბამის პირებს აძლევს კერძოდ იმის შესაძლებლობას, რომ თავიანთი საქმე წარმოადგინონ უშუალოდ მოსამართლის წინაშე. აპელაცია შესაძლებელია Conseil d’Etat-ში, რომელმაც საქმე ორმოცდარვა საათში უნდა გადაწყვიტოს.
ინდივიდს, ვისი საზღვარზე გაკეთებული თავშესაფრის მოთხოვნაც უარყოფილი იქნა, შესაბამისად გააჩნია პროცედურისადმი ხელმისაწვდომობა, რომელიც მის თვალწინ უზრუნველყოფს მყარ გარანტიებს.
თუმცაღა, სასამართლო აღნიშნავს, რომ გადაუდებელი საჩივრების მოსამართლისათვის წარდგენილ საჩივარს არ გააჩნია აღსრულების ავტომატურად შეჩერების ძალა, რაც იმას იწვევს, რომ შესაბამისი ინდივიდი, სავსებით კანონიერად, შეიძლება უკან იქნეს დაბრუნებული სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე. სწორედ ეს გახლავთ კრიტიკის საგანი, მათ შორის გაერთიანებული ერების წამების საწინააღმდეგო კომიტეტის მხრიდან (იხ. 52-ე ზემორე პარაგრაფი).
64. ამ მიმართებით, როგორც უკვე აღინიშნა, საქმეზე Soering and Vilvarajah and Others (ზემოთ მითითებული) მიღებულ გადაწყვეტილებებზე მითითებით, მთავრობამ სხვა არგუმენტებს შორის აღნიშნა, რომ არ იყო სავალდებულო, მოთხოვნილ მისაგებელს ავტომატიურად გამოეწვია აღსრულების შეჩერება: საკმარისი იყო ასეთი შედეგი მას “პრაქტიკაში” გამოეწვია. ეს, მათი მტკიცებით, სწორედ ასე ხდებოდა გადაუდებელი საჩივრების მოსამართლისათვის წარდგენილ საჩივრების დროს, რამდენადაც ხელისუფლება თავს იკავებდა შესაბამისი პირის უკან დაბრუნებისაგან მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე. ამის საპასუხოდ, მოსარჩელემ განაცხდა, რომ ამ საკითხში არ არსებობდა “თანმიმდევრული” პრაქტიკა და რომ ეს გარემოება დადასტურებული იყო ANAFÉ-ს მიერ. მან Čonka-ს (ზემოთ მითითებულ) საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე მითითებით დასძინა, რომ, ყოველ შემთხვევაში, ამგვარი პრაქტიკა, რომელიც დამოკიდებული იყო ერთი მხარის კეთილ ნებაზე და შეიძლება შეწყვეტილიყო ნებისმიერ დროს, “ვერ ჩაანაცვლებდა იმ ძირითად პროცედურულ გარანტიას, რომელსაც უზრუნველყოფდა მისაგებელი აღსრულების შეჩერების შედეგით”.
მოცემულ საქმეზე გასაკეთებელ დასკვნებთან მიმართებაში, სასამართლო ეთანხმება მოსარჩელეს Čonka-ს საქმის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, სადაც სასამართლომ სხვა საკითხებთან ერთად შეამოწმა ბელგიის Conseil d’Etat-ში წარმოებული “უკიდურესად გადაუდებელი პროცედურის” შესაბამისობა კონვენციის მე-13 მუხლთან მე-4 ოქმის მე-4 მუხლთან ერთობლიობაში. აღნიშნული პროცედურა, მსგავსია საფრანგეთის ადმინისტრაციულ სასამართლოში წარმოებული გადაუდებელი საჩივრების პროცედურისა, რომელსაც ახლა სასამართლო იხილავს. რამდენადაც სასამართლომ მიიჩნია, რომ “უკიდურესად გადაუდებელი პოცედურის” საფუძველზე საჩივარი ავტომატურად არ იწვევდა აღსრულების შეჩერებას, მან თავის გადაწყვეტილებით უარყო ბელგიის მთავრობის არგუმენტი, თითქოს მისაგებელი ამის მიუხედავადაც კი აკმაყოფილებდა ზემოთ მითითებული მუხლების მოთხოვნებს, რაკიღა ასეთი შედეგი მას პრაქტიკაში გაჩნდა. ამასთან მიმართებაში სასამართლომ ყურადღება გაამახვილა კერძოდ იმაზე, რომ “მე-13 მუხლისა და კონვენციის სხვა დებულებების მოთხოვნებს გააჩნიათ გარანტიის ფორმა და ისინი არ წარმოადგენდნენ შესაბამისი განზრახულობისა თუ საკითხის პრაქტიკული მოგვარების თაობაზე უბრალო განცხადებებს. ეს არის ერთ-ერთი შედეგი სამართლის უზენაესობისა, დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპისა, რომელიც თანაარსია კონვენციის ყველა მუხლისათვის” (§ 83). ამას შესაბამისად მოჰყვა სასამართლოს მხრიდან დარღვევის აღიარება იმ საფუძვლით, “... რომ მოსარჩელეს არ გააჩნდა არავითარი გარანტია, რომ Conseil d’Etat და ხელისუფლება ყოველ საქმეში სწორედ ამგვარ პრაქტიკას დაემორჩილებოდა; რომ Conseil d’Etat უთუოდ გამოიტანდა გადაწყვეტილებას, ან თუნდაც საქმის მოსმენას ჩაატარებდა პირის გაძევებამდე; ანდა, რომ ხელისუფლება დაუშვებდა ერთგვარ შეღავათს გონივრული პერიოდის თუნდაც მინიმალური ვადით” (ibid.).
იმ მნიშვნელობის გათვალისწინებით, რასაც სასამართლო ანიჭებს კონვენციის მე-3 მუხლსა და, აგრეთვე იმ ზიანის შეუქცევად ხასიათს, რაც შეიძლება გამოწვეული იქნეს წამების ან არასათანადო მოპყრობის საფრთხის მატერიალიზაციის დროს, ეს დასკვნები უსათუოდ შეეხება ასევე შემთხვევებს, სადაც სახელმწიფოს მხარე იღებს გადაწყვეტილებას უცხოელის გაგზავნის შესახებ ქვეყანაში, სადაც არსებობს ამგვარი საფრთხის ქვეშ პირის დადგომის არსებითი სარწმუნო საფუძვლები: მე-13 მუხლი მოითხოვს, რომ შესაბამის პირს გააჩნდეს ისეთი მისაგებლისადმი ხელმისაწვდომობა, რომელიც ავტომატურად იწვევს აღსრულების შეჩერების შედეგს.
65.შესაბამისად, წინამდებარე საქმეზე სასამართლო ასკვნის, რომ, რამდენადაც მოსარჩელეს “მოსაცდელ ზონაში” არ გააჩნდა იმგვარი მისაგებლისადმი ხელმისაწვდომობა, რომელიც ავტომატურად იწვევდა აღსრულების შეჩერების შედეგს, მას არ გააჩნდა “ეფექტიანი მისაგებელი” კონვენციის მე-3 მუხლის საფუძველზე მის სამდურავთან მიმართებაში. ამიტომ, სახეზეა კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევა კონვენციის მე-3 მუხლთან ერთობლიობაში.
II. კონვენციის მე- 5 § 1 (f) მუხლის სავარაუდო დარღვევა
68. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მას შიდა სამართლის დარღვევით უკანონოდ აღეკვეთა თავისუფლება. იგი დაეყრდნო კონვენციის მე-5§1(f) მუხლს, რომელიც ითვალისწინებს:
“ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა და მხოლოდ კანონით დადგენილი პროცედურის შესაბამისად:
...
(f) პირის კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება, ქვეყანაში მისი უნებართვოდ შესვლის აღსაკვეთად, აგრეთვე იმისა, ვის მიმართაც ხორციელდება ღონისძიებანი მისი დეპორტაციის ან ექსტრადიციისათვის.”
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ შიდა სამართლის შესაბამისად, პირი მოსაცდელ ზონაში შეიძლება გააჩერონ ოცი დღის მაქსიმალური ვადით. თუმცაღა, იგი პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში ჩამოვიდა 2005 წლის 29 ივნისს და ამ ზონაში გააჩერეს 2005 წლის 20 ივლისამდე, ანუ ოცდაორი დღით. ფაქტობრივად, მისი ჩამოსვლიდან პირველი ორი დღის განმავლობაში იგი ამყოფეს საერთაშორისო ზონაში, რამდენადაც აეროპორტმა და სასაზღვრო პოლიციამ არაერთხელ განაცხადა უარი რეგისტრაციაში გაეტარებინა მისი მოთხოვნა, მისთვის, როგორც თავშესაფრის მაძიებლისათვის, მიეცათ ქვეყანაში შესვლის ნებართვა და გადაეყვანათ “მოსაცდელ ზონაში” (იხ. ზემორე მე-10 პარაგრაფი). სამწუხაროდ, უცხოელებისათვის უჩვეულო მოვლენას არ წარმოადგენდა ამგვარ მდგომარეობაში აღმოჩენა სასაზღვრო პუნქტებში.
შემდეგ მოსარჩელემ განაცხადა, რომ იმის მიუხედავად, რომ იმიგრაციისა და თავშესაფრის კოდექსის L. 221-1 მუხლის მიხედვით, ინდივიდი მოსაცდელ ზონაში შეიძლება გააჩერონ “მხოლოდ იმ ვადით, რაც მკაცრად აუცილებელია მისი გამგზავრების უზრუნველყოფისათვის, ხოლო თუ იგი თავშესაფრის მაძიებელია _ იმის გამოძიებისათვის, არის თუ არა მისი განცხადება “აშკარად უსაფუძვლო”, იგი ამ ზონაში ამყოფეს მას შემდეგაც, რაც ადმინისტრაციულმა ხელისუფლებამ სწორედ ამ საფუძვლით უარი უთხრა (2005 წლის 6 ივლისს) ქვეყანაში შესვლის შესახებ მის მოთხოვნას. 2005 წლის 7 ივლისისათვის ცხადი გახდა, რომ მისი გაგზავნა ერიტრეაში ან რომელიმე სხვა ქვეყანაში (მით უფრო რომ ეს არჩევანი საერთოდ არ ყოფილა ხელისუფლების მიერ განხილული) ფიზიკურად შეუძლებელი იქნებოდა, რამდენადაც მას არ გააჩნდა აუცილებელი სამგზავრო დოკუმენტები (ამ დღეს ერიტრეას ხელისუფლებამ უარი განაცხადა მის აღიარებასა და ამ ქვეყანაში გასამგზავრებლად გასვლის ნებართვის მიცემაზე) და არც ის იყო ცნობილი, თუ საიდან ჩამოვიდა იგი. კიდევ უფრო სერიოზული იყო ის გარემოება, რომ იგი მოსაცდელ ზონაში გააჩერეს 2005 წლის 15 ივლისის, ანუ იმ დღის შემდეგაც, რაც (ევროპულმა) სასამართლომ სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის საფუძველზე მთავრობას დროებითი ღონისძიების თაობაზე მიუთითა. ყოველივე ეს მოხდა იმ ფაქტის მიუხედავად, რომ Mamatkulov and Askarov v. Turkey ([GC], nos. 46827/99 და 46951/99, ECHR 2005‑I) საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების ძალით, ეს (დროებითი) ღონისძიება მოქმედებდა, როგორც ერიტრეაში მისი გაგზავნის დამაბრკოლებელი, ამკრძალავი გარემოება.
66. მთავრობამ საკამათო გახადა მტკიცება, რომ მოსარჩელე ღუასის აეროპორტში 2005 წლის 29 ივნისს ჩამოვიდა (იხ. ზემორე მე-10 პარაგრაფი) და რომ იგი ორი დღის განმავლობაში საერთაშორისო ზონაში იმყოფებოდა. მათ დასძინეს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, მის მიმართ “თავისუფლების აღკვეთა”, მე-5 § 1 მუხლის გაგებით, დაიწყო მხოლოდ 2005 წლის 1 ივლისს, ანუ როდესაც მან თავის შესახებ სასაზღვრო პოლიციას აცნობა. მთავრობის აზრით, რეალურად, საერთაშორისო ზონაში ყოფნის დროს, 29 ივნისიდან 1 ივლისამდე პერიოდში, მოსარჩელემ არაფერი შეატყობინა ხელისუფლებას და, შესაბამისად, იგი ამ ზონაში ორი დღით საკუთარი ნება-სურვილით დარჩა; შეუძლებელია საქმე ჰქონოდათ “ თავისუფლების აღკვეთასთან”, როდესაც არ არსებობდა არავითარი საამისო იძულება (ძალდატანება) ხელისუფლების მხრიდან.
შესაბამისად, მოსარჩელის თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა არ აღემატებოდა კანონით განსაზღვრულ ოც დღეს. Uუფრო მეტიც: ეს იყო სასამართლო ხელისუფლების ზედამხეველობით მიღებული გადაწყვეტილების შედეგი: საწყისი გადაწყვეტილება მიღებული იქნა ადმინისტრაციული ხელისუფლების მიერ 2005 წლის 1 ივლისს და იგი კანონის შესაბამისად გაგრძელდა 3 ივლისს. შემდგომ, ეს გადაწყვეტილება ასევე კანონის შესაბამისად იქნა გაგრძელებული 5 და 13 ივლისს ბობინის მაღალი ინსტანციის სასამართლოს (tribunal de grande instance) თავისუფლებებისა და პატიმრობის მოსამართლის მიერ მოსარჩელისაგან მტკიცებულებების მოსმენის შემდეგ.
კონკრეტულად 2005 წლის 15 ივლისის შემდგომ მოსარჩელის მოსაცდელ ზონაში დატოვების თაობაზე მთავრობამ აღნიშნა, რომ ამ დროისათვის კვლავ რჩებოდა მის ვინაობასთან დაკავშირებული ეჭვები, რომლებიც გამყარებული იყო ერიტრეას ელჩის უარით, ეღიარებინა იგი ამ ქვეყნის მოქალაქედ; რომ ამიტომ ხელისუფლება იძულებული იყო განეხორციელებინა შესაბამისი შემოწმება ამ მიმართულებით, სანამ მას საფრანგეთში შესვლის ნებართვას მიანიჭებდა. სწორედ ამის გამო იყო, რომ 2005 წლის 15-დან 20 ივლისამდე მოსარჩელე კვლავ მოსაცდელ ზონაში ამყოფეს. მთავრობის აზრით, ეს ვითარება არ წარმოშობდა რაიმე სირთულეებს ზემოთ მითითებულ Mamatkulov and Askarov-ის საქმით დაფუძნებულ პრეცედენტულ სამართალთან მიმართებაში, რამდენადაც 39-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება “მიზნად ისახავდა მხოლოდ უკან დაბრუნების (‘refoulement’) ან ქვეყნიდან გაგზავნის ღონისძიების აღსრულების შეჩერებას (ევროპული) სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული სავარაუდო დარღვევის მსხვერპლისათვის შეუქცევადი ზიანის მიყენება და ასევე, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მთლიანობისა და ქმედითობისათვის ძირის გამოთხრა[;] იგი არ იყო იმისათვის გამიზნული, რომ პროცესის ამ სტადიაზე საეჭვო გაეხადა შესაბამისი პირისათვის ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმასა ან ქვეყნიდან მის გაგზავნაზე მიღებული გადაწყვეტილებების, ანდა მათ შედეგად თავისუფლების დროებითი აღკვეთის კანონიერება[;] ხდებოდა მხოლოდ ამ გადაწყვეტილებათა შედეგების დროებითი “გაყინვა” (ევროპული) სასამართლოს მიერ საქმის განხილვის განმავლობაში, რაც იმას გულისხმობს, რომ დროის ამ პერიოდში მოსარჩელის ქვეყნიდან გაგზავნა რეალურად ვერ განხორციელდებოდა”.
67.სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე prima facie მტკიცებულება იმის დასასაბუთებლად, რომ იგი პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში 2005 წლის 29 ივნისს ჩამოვიდა. იგი შემდგომ აღნიშნავს, რომ მთავრობამ, რომელმაც მოვლენათა მისეული აღწერილობა საკამათო გახადა, მიუთითა, რომ მათ შეამოწმეს ღუასის აეროპორტში სამხრეთ აფრიკიდან 2005 წლის 29 და 30 ივნისს ჩამოფრენილ მგზავრთა სია და მასში არ იყო მითითებული მგზავრი გებრემედჰინის, გაბერამადიენის ან ეიდერის გვარით (გვარი, რომელიც მოსარჩელის თქმით მითითებული იყო პასპორტში, რომელიც მას ათხოვეს _ იხ. ზემორე მე-10 პარაგრაფი).
შესაბამისად, ამ საკითხში სასამართლო იზიარებს მთავრობის დასკვნას, კერძოდ კი იმას, რომ საქმის მონაცემები არ შეიცავს დადასტურებას 2005 წლის 1 ივლისამდე მოსარჩელის აეროპორტში ჩამოსვლის შესახებ და რომ ერთადერთ სარწმუნო დოკუმენტს წარმოადგენს აეროპორტისა და სასაზღვრო პოლიციის მიერ 1 ივლისს შედგენილი ანგარიში, რომელშიც აღნიშნულია, რომ მოსარჩელე გამოიკითხა ამ დღის დილის 11 საათზე.
ამ გარემოებებში, მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ “თავისუფლების აღკვეთა”, რომელსაც მოსარჩელე დაექვემდებარა, დაიწყო იმ დღიდან, როდესაც იგი “მოსაცდელ ზონაში” მოათავსეს, კერძოდ, 2005 წლის 1 ივლისიდან. როგორც დადგენილია, იგი (“თავისუფლების აღკვეთა”) დასრულდა 2005 წლის 20 ივლისს, ანუ იმ დღეს, როდესაც მოსარჩელეს საფრანგეთში შესვლის ნებართვა მიანიჭეს (იხ. ზემორე მე-17 პარაგრაფი), ამიტომ მას არ გადაუჭარბებია შიდა სამართლით დადგენილი ოცდღიანი მაქსიმალური ვადისათვის.
68. სასამართლო შემდგომ აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს არ დაუწყია იმის მტკიცება, რომ მოსაცდელ ზონაში მისი განთავსება თავისთავად არღვევდა კონვენციის 5 § 1 მუხლს. როგორც იგი (სასამართლო) მისაღებობის შესახებ თავის 2006 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში მიუთითებს (§58), მოსარჩელემ მხოლოდ ის გააპროტესტა, რომ იგი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოსაცდელ ზონაში ამყოფეს ქვეყანაში შესვლის ნებართვაზე უარის თაობაზე 2005 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილების შემდეგაც.
69. რაც შეეხება 2005 წლის 7 ივლისს ერიტრეას სალჩოში მოსარჩელის ვიზიტის დეტალებს, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში არ არსებობს მოსარჩელის მტკიცების _ რომელიც მთავრობამ უარყო _ დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ელჩმა ერთხელ და საბოლოოდ უთხრა მას უარი ქვეყანაში დასაბრუნებლად გასვლის ნებართვის მიცემაზე (იხ. ზემორე მე-16 პარაგრაფი). ამიტომ კონვენციის მე-5 § 1 მუხლთან დაკავშირებულ მის განცხადებებს ვერ დაეფუძნება ვერავითარი დასკვნები.
70. თუმცა, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ფაქტი, რომ 2005 წლის 15 ივლისს, პალატის პრეზიდენტმა, ვისაც საქმე თავდაპირველად გადაეცა, გადაწყვიტა, სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის საფუძველზე მთავრობისათვის მიეთითებინა, რომ მხარეთა და სასამართლოში პროცესის სწორად ჩატარების ინტერესებისათვის სასურველი იყო, მოსარჩელე არ გაგზავნილიყო ერიტრეაში 2005 წლის 30 აგვისტოს შუაღამემდე.
ამასთან მიმართებით სასამართლო იმეორებს, რომ ხელშემკვრელი მხარეები, კონვენციის 34-ე მუხლის ძალით, ვალდებულნი არიან დაემორჩილონ დროებით ღონისძიებას, რომელიც რეგლამენტის 39-ე მუხლის შესაბამისად მიეთითათ (იხ. Mamatkulov and Askarov, ზემოთ მითითებული, §§ 99-129). მაშასადამე, მთავრობა, 2005 წლის 15 ივლისიდან მოყოლებული, ვეღარ შეძლებდა, რომ მოსარჩელის ერიტრეაში დაბრუნება კონვენციის წინაშე მისი ვალდებულებების დაურღვევლად განეხორციელებინა. ნამდვილია ის, რომ 39-ე მუხლის საფუძველზე მითითებულ ღონისძიებებს დროებითი ხასიათი აქვთ. თუმცა, მოცემულ საქმეში, პალატის პრეზიდენტის მიერ, ვისაც საქმე თავდაპირველად გადაეცა, მიითითებული ღონისძიება ძალაში იყო 2005 წლის 30 აგვისტომდე, ანუ 2005 წლის 20 ივლისის შემდეგაც (თარიღი, როდესაც მოსარჩელემ მოსაცდელი ზონა დასტოვა). გარდა ამისა, მთავრობას არ მოუთხოვია ამ ღონისძიების მოხსნა 15-დან 20 ივლისამდე.
71. კონკრეტულ ქვეყანაში პირის დაბრუნების არასასურველობის თაობაზე სასამართლოს მიერ სახელმწიფოსათვის მითითებული დროებითი ღონისძიების განხორციელება, თავისთავად, არავითარ მიმართებაში არ არის იმის განსაზღვრასთან, შეესაბამება თუ არა კონვენციის 5 § 1 მუხლს თავისუფლების აღკვეთა, რომელსაც ეს პირი შეიძლება დაექვემდებაროს.
უფრო კონკრეტულად, რამდენადაც რეგლამენტის 39-ე მუხლის გამოყენება ვერ აღკვეთავს შესაბამისი პირის გაგზავნას რომელიმე სხვა ქვეყანაში _ ამ მუხლით დადგენილია, რომ მხარე-სახელმწიფოს ხელისუფლება ვერ გააგზავნის პირს მხოლოდ (ევროპული) სასამართლოს მიერ მითითებულ ქვეყანაში _ პირის დაპატიმრება ზემოაღნიშნული მიზნით შეიძლება წარმოადგენდეს “კანონიერ” დაპატიმრებას პირისა, ”რომლის წინააღმდეგაც ეს მოქმედება განხორციელდა მისი დეპორტაციის ან ექსტრადიციის მიზნით” კონვენციის 5 § 1 (f) მუხლის გაგებით.
გარდა ამისა, როდესაც 39-ე მუხლის გამოყენების შემდეგ, შესაბამის მხარე- სახელმწიფოს არა აქვს არავითარი არჩევანი, გარდა “დეპორტაციის” მიზნით პირისათვის თავისუფლების აღკვეთის დასრულებისა, ხოლო ეს კი იწვევს მისთვის ქვეყანაში შესვლის ნებართვის მიცემას, მისი პატიმრობაში გაჩერება გარკვეული ვადით, რაც მკაცრად აუცილებელია ხელისუფლებისათვის ქვეყანაში მისი შესვლის კანონიერების შესამოწმებლად, შეიძლება წარმოადგენდეს “პირის კანონიერ პატიმრობას ქვეყანაში მისი უნებართვო შესვლის აღსაკვეთად” კონვენციის 5 § 1 (f) გაგებით. არ შეიძლება იმის გამორიცხვა, რომ შემდგომი შემოწმების პროცესში ხელისუფლებამ გამოავლინოს ინფორმაცია შესაბამისი პირის ვინაობის შესახებ, რომელიც გაამართლებდა სასამართლოს მიერ რეგლამენტის 39-ე მუხლში მითითებული დროებითი ღონისძიების მოხსნას. მიუხედავად ამისა, ასეთი სახის პატიმრობა, ისევე როგორც ნებისმიერი თავისუფლების აღკვეთა, უნდა იყოს “კანონიერი” და “კანონით დადგენილი პროცედურის შესაბამისი” კონვენციის 5§1 მუხლის გაგებით. მას არა მარტო უნდა გააჩნდეს მკაცრად განსაზღვრული საკანონმდებლო საფუძველი, განსაკუთრებით, მის ხანრძლივობასთან მიმართებაში _ რომელიც არ უნდა იყოს არაგონივრული _ არამედ იგი უნდა ამართლებდეს მე-5 მუხლის დანიშნულებას, კერძოდ, ინდივიდის დაცვას თვითნებობისაგან (იხ. მაგალითად, Amuur v. France, 25 ივნისი, 1996, § 50, გადაწყვეტილებათა და განჩინებათა ანგარიში, 1996-III).
72. წინამდებარე საქმეში სასამართლო აღნიშნავს, რომ 2005 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა ქვეყანაში შესვლის ნებართვაზე, არ გულისხმობდა, რომ მოსარჩელე მხოლოდდამხოლოდ ერიტრეაში უნდა გაგზავნილიყო. იგი ასევე ითვალისწინებდა მის გაგზავნას “საჭიროების არსებობისას, ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც კი მისი ყოფნა შეიძლებოდა კანონიერად დაშვებული ყოფილიყო” (იხ. ზემორე მე-13 პარაგრაფი). 2005 წლის 15 და 20 ივლისს შორის პერიოდში მოსარჩელის გაჩერება მოსაცდელ ზონაში, ერიტრეას გარდა ნებისმიერ სხვა ქვეყანაში _ სადაც შეიძლებოდა იგი დაეშვათ _ გაგზავნის თვალთახედვით, შეიძლებოდა მიჩნეულიყო თავისუფლების აღკვეთად მისი “გამგზავრების” მიზნით, იმიგრაციისა და თავშესაფრის კოდექსის L. 221-1 მუხლის შესაბამისად (იხ. 2006 წლის 10 ოქტომბრის მისაღებობის განჩინება, § 55) და განხილულიყო “დეპორტაციის” პროცედურის კონტექსტში, კონვენციის 5 §1 (f) მუხლის მიზნებიდან გამომდინარე.
თუმცა, მთავრობას არ დაუწყია იმის მტკიცება, რომ სწორედ ეს წარმოადგენდა მოსარჩელის პატიმრობის მიზანს 2005 წლის 15 ივლისის შემდეგ. მთავრობამ, ხაზი გაუსვა რა იმ გარემოებას, რომ თავისუფლებებისა და პატიმრობის მოსამართლის ბრძანებებს კანონიერი საფუძვლები გააჩნდა, აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ რეგლამენტის 39-ე მუხლში მითითებული დროებითი ღონისძიების შესასრულებლად, ხელისუფლებას “უნდა ... გადაედგა ნაბიჯები ბ-ნი გაბერამადიენისათვის ქვეყანაში შესვლის ნებართვის მისანიჭებლად და ქვეყანაში მის დასარჩენად სრული თავისუფლების პირობებში”. მაგრამ, ვინაიდან ჯერ კიდევ რჩებოდა მოსარჩელის ვინაობასთან დაკავშირებული ეჭვები, ისინი ვალდებულნი იყვნენ განეხორციელებინათ კონტროლი იმ რისკის შესამცირებლად, რომ ქვეყანაში შესვლის ნებართვის მიცემის შემდეგ, შეუძლებელი არ გამხდარიყო მისი მოძიება და რომ იგი არ დარჩენილიყო ქვეყანაში უკანონოდ. მთავრობის განცხადებით, ხელისუფლება მოქმედებდა მხარე-სახელმწიფოთა იმ სუვერენული უფლების შესაბამისად, რომელიც მათ სასამართლოს პრეცედენტული სამართლის საფუძველზე ჰქონდათ ნაბოძები – გაეკონტროლებინათ უცხოელთა ქვეყანაში შესვლა, ცხოვრება და ქვეყნიდან გაძევება.
სასამართლო ამ განმარტებებს დამაკმაყოფილებლად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ეროვნული ხელისუფლება მოქმედებდა სამართლებრივი პროცედურების სრული დაცვით. ჯერ ერთი, შიდა სამართლის შესაბამისად (იმიგრაციისა და თავშესაფრის კოდექსის L. 221-3, L. 222-1 და L. 222-2 muxlebi (იხ. ზემორე 29-ე პარაგრაფი)), 2005 წლის 1 ივლისს, მოსაცდელ ზონაში მოსარჩელის განთავსების შესახებ თავდაპირველი გადაწყვეტილება გაგრძელდა ორმოცდარვა საათის შემდეგ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ხელისუფლების მიერ იმავე პერიოდით, ხოლო შემდგომ, ბობინის მაღალი ინსტანციის სასამართლოს (tribunal de grande instance) თავისუფლებებისა და პატიმრობის მოსამართლის მიერ, პირველად _ 2005 წლის 5 ივლისს რვა დღით და მეორედ _ 2005 წლის 13 ივლისს ასევე რვა დღით (იხ. ზემორე მე-18 პარაგრაფი). მეორე, მოსაცდელ ზონაში მოთავსებიდან მეოცე დღეს, მოსარჩელეს მიენიჭა საფრანგეთში შესვლის ნებართვა და გადაეცა დამცავი მოწმობა (იხ. ზემორე მე-17 პარაგრაფი), რითაც წერტილი დაესვა მის თავისუფლების აღკვეთას. ამგვარად, არა მარტო თავისუფლების აღკვეთის ვადას არ გადაუჭარბებია დადგენილი ოცი დღისათვის, არამედ მოსაცდელ ზონაში მოსარჩელის 2005 წლის 15 და 20 ივლისს შორის პერიოდში გაჩერებაც ეფუძნებოდა თავისუფლებებისა და პატიმრობის მოსამართლის 2005 წლის 13 ივლისის ბრძანების ფორმით არსებულ სასამართლო გადაწყვეტილებას. უფრო მეტიც, რამდენადაც მოსარჩელეს, მისივე განმარტებით, არ გააჩნდა სამგზავრო დოკუმენტები, სასამართლო ვერ ხედავს ვერავითარ მიზეზს, ეჭვი შეიტანოს მთავრობის კეთილსინდისიერებაში, როდესაც იგი აცხადებს, რომ ხელისუფლებას უნდა შეემოწმებინა მოსარჩელის ვინაობა მისთვის ქვეყანაში შესვლის ნებართვის მიცემამდე. Dდა ბოლოს, სასამართლო მიიჩნევს, რომ დროის ის ხანგრძლოვობა, რაც მოსარჩელემ დაჰყო მოსაცდელ ზონაში შესაბამისი მიზნით, ვერ ჩაითვლება გადაჭარბებულად იმ ვადასთან შედარებით, რაც გონივრული ჩაითვლებოდა ამ საქმეში არსებულ გარემოებებში.
შესაბამისად, არ არსებობს საფუძველი იმის მისაჩნევად, რომ მოსარჩელეს, 2005 წლის 15 და 20 ივლისს შორის პერიოდში, თვითნებურად აღეკვეთა თავისუფლება.
საბოლოო ჯამში, სასამართლო იზიარებს აზრს, რომ მოსარჩელის მოსაცდელ ზონაში დატოვება 2005 წლის 15 ივლისის შემდეგ, წარმოადგენს “პირის კანონიერ პატიმრობას ქვეყანაში მისი უნებართვო შესვლის აღსაკვეთად” კონვენციის 5 § 1 (f) მუხლის გაგებით. შესაბამისად, ეს დებულება დარღვეული არ არის.
III. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
73. კონვენციის 41-ე მუხლი მიუთითებს:
“თუ სასამართლო დაასკვნის, რომ დაირღვა კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლება, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდა სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.”
A. ზიანი
74. მოსარჩელე ითხოვს 30,000 ევროს (EUR) მორალური ზიანისათვის.
75. მთავრობამ ეს მოთხოვნა გადაჭარბებულად მიიჩნია. მან წამოაყენა მოსარჩელისათვის 3,000 ევროს (EUR) გადახდის წინადადება იმ ზიანისათვის, რომელიც მან განიცადა მოსაცდელ ზონაში გაჩერების გამო, თუკი სასამართლო ამ მიმართებით დარღვევას აღიარებდა.
76. სასამართლო აღნიშნავს, რომ მან ცნო მხოლოდ კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევა მე-3 მუხლთან ერთობლიობაში იმის გამო, რომ, რამდენადაც მოსარჩელეს “მოსაცდელ ზონაში” ყოფნისას ხელთ არ გააჩნდა მისაგებელი აღსრულების ავტომატურად შეჩერების შედეგით, მას შესაბამისად არ გააჩნდა არც “ქმედითი მისაგებელი” კონვენციის მე-3 მუხლთან დაკავშირებულ მის სამდურავთან მიმართებაში. მართალია, ამგვარ გარემოებებს უეჭველად შეეძლო გამოეწვია მისი მღელვარება და დაძაბულობა, მაგრამ სასამართლო მიიჩნევს, რომ კონვენციის დარღვევის აღიარება, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, წარმოადგენს ადეკვატურ პასუხს იმ მორალური ზიანისათვის, რომლის მიღებაც მოსარჩელეს შეუძლია ამტკიცოს.
B. ხარჯები
77. მოსარჩელემ მიიღო სამართლებრივი დახმარება სასამართლოს წინაშე წარმოებული პროცედურისათვის. მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ მის კლიენტს არ გააჩნდა სახსრები და მან მოსარჩელისათვის “ავანსად გაიღო ხარჯები და ჰონორარი”. Mმან მოითხოვა 18,657.60 ევრო ჰონორარისათვის და წარმოადგინა 2006 წლის 6 დეკემბრით დათარიღებული ინვოისის პრო-ფორმა, რომელშიც აღნიშნულია, რომ თანხა შეესაბამება 120 საათის სამუშაოს 130 ევროს საათობრივი ნიხრით, გადასახადის ჩათვლით. მან მოითხოვა დამატებით 800 ევრო ხარჯებისათვის (ასლები, ტელეფონი, ფოსტა და სხვ.).
78. მთავრობამ ეს მოთხოვნები ექსცესიურად მიიჩნია. მან აღნიშნა, რომ მოსარჩელის სასამართლოსთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურებას ექვემდებარებოდა მხოლოდ შესაბამისი ვაუჩერების წარმოდგენის შემთხვევაში და მხოლოდ მაშინ, თუ სასამართლო დაადგენდა, რომ ხარჯები ნამდვილად იყო გაწეული, რომ აუცილებლობას შეადგენდა და, ამასთან, გონივრული იყო რაოდენობრივად. მან წარმოადგინა 3,500 ევროს გადახდის წინადადება.
79. სასამართლო იმეორებს, რომ, როგორც წესი, ხარჯები შეიძლება ანაზღაურებულ იქნეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი ნამდვილად იქნა გაწეული, იყო აუცილებელი და, ამასთან, გონივრულია რაოდენობრივად. დამატებით, სასამართლოს რეგლამენტის მე-60 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, მოსარჩელემ უნდა წარმოადგინოს თავისი მოთხოვნის პუნქტობრივად გადმოცემული დეტალები შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტებთან ერთად, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაშიც სასამართლოს შეუძლია უარი უთხრას მოთხოვნას მთლიანად ან ნაწილობრივ (სხვა ავტორიტეტულ წყაროებს შორის იხ. Mazelié v. France, no. 5356/04, § 38, 23 ოქტომბერი, 2006).
ვინაიდან მოსარჩელე თავდაპირველად თავშესაფრის მაძიებელი, ხოლო შემდეგ კი ლტოლვილი იყო, სასამართლოს ეჭვი არ ეპარება, რომ იგი ფულადი სახსრების ნაკლებობას განიცდიდა. იგი მიიჩნევს, რომ საქმის გარემოებების გათვალისწინებით, მას უნდა მიენიჭოს თანხა, რომელიც მისმა დავოკატმა მისი სახელით წინასწარ გადაიხადა. ამასთან მიმართებაში იგი ასკვნის, რომ ადვოკატის მიერ წარმოდგენილი ინვოისის პრო-ფორმა დამაკმაყოფილებლად უნდა ჩაითვალოს.
თუმცა, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს, რომ წინამდებარე საქმეში სასამართლომ კონვენციის დარღვევა ცნო მოსარჩელის მხოლოდ ერთ სამდურავთან, სახელდობრ, მე-13 და მე-3 მუხლების ერთობლიობასთან მიმართებაში. კონვენციის 41-ე მუხლის მიხედვით, მხოლოდ ის ხარჯები ექვემდებარება ამოგებას, რომლებიც გონივრულია რაოდენობრივად, ნამდვილად იყო გაწეული და აუცილებელი იყო შიდა სამართლებრივი სისტემის მეშვეობით ზემოხსენებული დარღვევის გამოსწორების მისაღწევად, ხოლო ეს გარემოებები კი კონვენციის ინსტიტუციების მიერ დადგენილად არის მიჩნეული. შესაბამისად, სასამართლო უარყოფს დარჩენილ მოთხოვნას (იხ. მაგალითად, I.J.L. and Others v. the United Kingdom, nos. 29522/95, 30056/96 da 30574/96, § 151, ECHR 2000‑IX).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და მოსარჩელის მრჩევლის გულმოდგინების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს გონივრულად ესახება 10,000 ევროს მინიჭება; 1,699.40 ევრო ევროპის საბჭომ უკვე გადაიხადა სამართლებრივი დახმარებისათვის, დარჩენილი თანხა შეადგენს 8,300.60 ევროს.
C. საურავი (საჯარიმო საპროცენტო სარგებელი)
83. სასამართლო მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ საურავი უნდა განისაზღვროს ევროპის ცენტრალური ბანკის სესხის ზღვრული საპროცენტო განაკვეთის ოდენობით, რომელსაც უნდა დაემატოს სამი პროცენტული პუნქტი.
ამ მიზეზთა გამო სასამართლო ერთხმივად
1. მიიჩნევს, რომ დარღვეულია კონვენციის მე-13 მუხლი მე-3 მუხლთან ერთობლიობაში ;
2. მიიჩნევს, რომ კონვენციის 5 § 1 (f) მუხლი არ არის დარღვეული;
3. მიიჩნევს, რომ კონვენციის დარღვევის აღიარება, თავისთავად, წარმოადგენს საკმარის სამართლიან დაკმაყოფილებას მორალური ზიანისათვის, რომელიც მოსარჩელემ განიცადა;
4. მიიჩნევს
(a) რომ მოპასუხე სახელმწიფომ,Mკონვენციის 44§2 მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილების საბოლოოდ გახდომის დღიდან სამი თვის განმავლობაში, მოსარჩელეს უნდა გადაუხადოს 8,300.60 ევრო (რვა ათას სამასი ევრო და სამოცი ცენტი) ხარჯებისათვის იმ გადასახადთან ერთად, რაც შეიძლება დაექვემდებაროს დაბეგვრას.
(b) რომ ზემოაღნიშნული სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ საბოლოო ანგარიშსწორებამდე ზემოხსენებულ თანხას საჯარიმო პერიოდის განმავლობაში დაერიცხება პროცენტები ევროპის ცენტრალური ბანკის სესხის ზღვრული საპროცენტო განაკვეთის ტოლი განაკვეთით, რასაც უნდა დაემატოს სამი პროცენტული პუნქტი.
5. უარყოფს მოსარჩელის დანარჩენ მოთხოვნას სამართლიან დაკმაყოფილებაზე.
შესრულებულია ფრანგულად, და 2007 წლის 26 აპრილს შეტყობინებულია წერილობით, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად.
სელი დოლი ანდრას ბაკა
გამწესრიგებელი პრეზიდენტი
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy