Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)
(Georgia v Russia (II))
საჩივარი N 38263/08
21 იანვარი, 2021 წელი
ფაქტები:
საჩივარი წარდგენილ იქნა საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის კონტექსტში, რასაც წინ უსწრებდა დაპირისპირებულ ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის, პროვოკაციებისა და ინციდენტების ხანგრძლივი პერიოდი.
მომჩივანი მთავრობა აცხადებდა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალებისა და/ან მათი კონტროლის ქვეშ მყოფი სეპარატისტული ძალების მხრიდან არაპროპორციული და განურჩეველი თავდასხმების დროს ასობით მოქალაქე დაშავდა, გარდაიცვალა, დაკავებულ იქნა ან გაუჩინარდა, აგრეთვე ათასობით მოქალაქემ დაკარგა საცხოვრებელი და 300 000-მდე ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. მთავრობის განცხადებით, ზემოაღნიშნული შედეგები და შემდგომში გამოძიების ნაკლებობა იწვევდა რუსეთის სახელმწიფოს პასუხისმგებლობას კონვენციის მე-2, მე-3, მე-5, მე-8 და მე-13 მუხლების, აგრეთვე 1-ლი და მე-2 დამატებითი ოქმისა და მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის საფუძველზე.
სამართალი
1-ლი მუხლი - იურისდიქცია
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთმანეთისგან განასხვავა სამხედრო ოპერაცია, რომელიც განხორციელდა საომარი მოქმედებების აქტიური ფაზაში და სხვა მოვლენები, რომლებიც შესწავლას საჭიროებს მიმდინარე საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის კონტექსტში, მათ შორისაა მოვლენები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა საომარი მოქმედებების აქტიური ფაზის შეწყვეტის შემდეგ - ,,ოკუპაციის’’ დროს, აგრეთვე ტყვედ ჩავარდნილი მეომრებისა და მოქალაქეების დაკავება და მათ მიმართ განხორციელებული მოპყრობა, დევნილების გადაადგილების თავისუფლება, განათლების უფლება და გამოძიების ვალდებულება.
საომარი მოქმედებების აქტიური ფრაზა ხუთდღიანი ომის დროს (8 აგვისტოდან 12 აგვისტოს ჩათვლით)
წინამდებარე საქმე პირველი შემთხვევა იყო ბანკოვიჩი და სხვები ბელგიის წინააღმდეგ საქმეზე მიღებული განჩინების შემდეგ, როდესაც სტრასბურგის სასამართლოს უნდა განეხილა იურისდიქციის საკითხი საომარ მოქმედებებთან მიმართებით (შეიარაღებული თავდასხმა, დაბომბვა, საარტილერიო ცეცხლი) შეიარაღებული საერთაშორისო კონფლიქტის კონტექსტში. თუმცა, ექსტრატერიტორიული იურისდიქციის კონცეფციის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართალი ამ განჩინების შემდეგ განვითარდა, კერძოდ, სასამართლომ inter alia დაადგინა რამდენიმე კრიტერიუმი სახელმწიფოს მიერ ექსტრატერიტორიული იურისდიქციის განხორციელებისთვის. ორი მთავარი კრიტერიუმია სახელმწიფოს მიერ ტერიტორიაზე ,,ეფექტური კონტროლის’’ განხორციელება და ინდივიდების მიმართ ,,სახელმწიფო აგენტის უფლებამოსილება და კონტროლი’’. მოგვიანებით საქმეზე მედვედიევი და სხვები სტრასბურგის სასამართლომ, ბანკოვიჩის საქმეზე მითითებით, ნათლად დაადგინა, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ვერ დადგებოდა ,,მყისიერი ექსტრატერიტორიული ქმედების მიმართ, ვინაიდან 1-ლი მუხლის დებულებები არ ცნობს იურისდიქციის ცნებაში ,,მიზეზსა და გავლენას’’ (იხ. აგრეთვე M.N. და სხვები ბელგიის წინააღმდეგ (განჩინება)[დიდი პალატა](M.N. and Others v. Belgium(dec.)[GC])).
ამასთან დაკავშირებით თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის დროს განხორციელებული სამხედრო ოპერაციების - მათ შორის, შეიარაღებული თავდასხმების ან დაბომბვების დროს, საუბარი არ შეიძლება ტერიტორიის ,,ეფექტურ კონტროლზე’’. ტერიტორიაზე კონტროლის დამყარების მიზნით სამხედრო ძალებს შორის მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირებისა და ბრძოლის სინამდვილე ნიშნავდა, რომ ტერიტორიაზე არ იყო დამკვიდრებული კონტროლი. ის ასევე გამორიცხავდა სახელმწიფო აგენტის ავტორიტეტსა და კონტროლს ფიზიკურ პირებზე. ეს ასევე ჭეშმარიტი იყო მოცემულ შემთხვევაშიც იმის გათვალისწინებით, რომ საბრძოლო მოქმედებებს უმრავლესობას ადგილი ჰქონდა იმ ტერიტორიაზე, რომელიც მანამდე საქართველოს კონტროლის ქვეშ იყო. ეს დასკვნა დადასტურდა მაღალი ხელშემკვრელი მხარეების პრაქტიკით - ისინი კონვენციის მე-15 მუხლის შესაბამისად არ გადაუხვევდნენ კონვენციას იმგვარ სიტუაციაში, როდესაც ისინი ჩართულნი იყვნენ საერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტში, საკუთარი ტერიტორიის გარეთ. სასამართლოს მოსაზრებით, ეს შეიძლება განიმარტოს იმგვარად, რომ მაღალი ხელშემკვრელი მხარეები მიიჩნევენ, რომ ამგვარ სიტუაციებში ისინი არ ახორციელებენ ეფექტურ კონტროლს 1-ლი მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში.
თუმცა, სავარაუდო დაზარალებულებისა და გასაჩივრებული ინციდენტების დიდი რაოდენობის, წარმოებული მტკიცებულებების მოცულობისა და შესაბამისი გარემოებების დადგენის სირთულის, აგრეთვე იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ამგვარი სიტუაციები ძირითადად, კონვენციის გარდა, რეგულირდება სხვა სამართლებრივი ნორმებით (კერძოდ, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით ან შეიარაღებული კონფლიქტების სამართლით), სასამართლოს არ ჰქონდა შესაძლებლობა განევითარებინა პრეცედენტული სამართალი ,,იურისდიქციის’’ ცნების განმარტებასთან დაკავშირებით იმის მიღმა, რაც აქამდე იყო. თუ სასამართლოს დაევალებოდა, როგორც მოცემულ საქმეში, შეეფასებინა საერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტის კონტექსტში აქტიური საომარი მოქმედებები მოპასუხე სახელმწიფოს ტერიტორიის გარეთ, კონვენციის ხელმშეკვრელმა სახელმწიფომ უნდა წარმოადგინოს შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოებს შეუძლიათ იმოქმედონ ნებისმიერი სამართლებრივი ჩარჩოს მიღმა; ისინი ვალდებულნი არიან, შეასრულონ ამ კონტექსტში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით დადგენილი ძალიან დეტალური წესები.
დასკვნა: საომარი მოქმედებების აქტიურ ფაზაში მომხდარი მოვლენები არ ექცეოდა რუსეთის ფედერაციის იურისდიქციის ფარგლებში კონვენციის 1-ლი მუხლის მიზნებისთვის; დაუშვებლად იქნა ცნობილი (თერთმეტი ხმით ექვსის წინააღმდეგ).
ოკუპაციის ფაზა საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ (2008 წლის შეთანხმება ომის შეწყვეტის შესახებ)
მოპასუხე სახელმწიფომ თავიანთ წარდგინებაში დაადასტურა ტერიტორიაზე რუსეთის სამხედროების ყოფნა საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდგომ და წარმოადგინა არაერთი დოკუმენტი, რომელიც მიუთითებდა რუსეთის ფედერაციის მიერ სამხეთ ოსეთისა და აფხაზეთისთვის გაწეული ეკონომიკური და ფინანსური მხარდაჭერის მოცულობაზე. ევროკავშირის ფაქტების დამდგენმა მისიამ აგრეთვე აღნიშა რუსეთის ფედერაციაზე ამ რეგიონების დამოკიდებულება არამხოლოდ ეკონომიკური და ფინანსური, არამედ სამხედრო და პოლიტიკური თვალსაზრისით; აღნიშნული მისიის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ასევე ცხადყოფდა სეპარატისტულ რეგიონებსა და რუსეთის ფედერაციას შორის მანამდე არსებულ დაქვემდებარებას, რომელიც გრძელდებოდა საომარი მოქმედებების აქტიურ ფაზაში და მათი შეწყვეტის შემდეგ. თავის დასკვნაში ევროკავშირის მისიამ აღნიშნა რუსეთის ფედერაციის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ,,მცოცავი ოკუპაცია’’.
შესაბამისად, რუსეთის ფედერაცია, სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მნიშვნელობით, ახორციელებდა ,,ეფექტურ კონტროლს’’ სამხრეთ ოსეთზე, აფხაზეთსა და ,,ბუფერულ ზონაზე’’ 2008 წლის 12 აგვისტოდან 10 ოქტომბრამდე, როდესაც რუსეთის ჯარები ოფიციალურად იქნა გაყვანილი. ამ პერიოდის შემდეგაც, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხელისუფლების დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციაზე, რაც განსაკუთრებით ნაჩვენები იყო ამ უკანასკნელთან თანამშრომლობისა და დახმარების შეთანხმების გაფორმებით, ცხადყოფდა, რომ რუსეთის ფედერაცია განაგრძობდა ,,ეფექტური კონტროლის’’ განხორციელებას სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე.
დასკვნა: საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ მომხდარი მოვლენები ექცეოდა რუსეთის ფედერაციის იურისდიქციის ფარგლებში კონვენციის 1-ლი მუხლის მიზნებისთვის; დასაშვებად იქნა ცნობილი (თექვსმეტი ხმით ერთის წინააღმდეგ).
კონვენციის დებულებათა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წესების ურთიერთდამოკიდებულება
სასამართლომ შეამოწმა აღნიშნული ორი სამართლებრივი რეჟიმის ურთიერთდამოკიდებულება საქმის თითოეულ ასპექტთან და კონვენციის ყველა იმ მუხლთან მიმართებით, რომლის დარღვევასაც შესაძლოა ადგილი ჰქონოდა. ამ გზით, მან ყოველ ცალეულ შემთხევაში შეაფასა, უპირისპირდებდა თუ არა ეს ორი რეჟიმი ერთმანეთს.
„ადმინისტრაციული პრაქტიკის“ კონცეფციის განმარტება
მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ(I) (Georgia v. Russia (I)) სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებული კრიტერიუმებით განისაზღვრა ზოგადი საკანონმდებლო ჩარჩო, აღნიშნული კრიტერიუმები არ მიუთითებდნენ, კონკრეტულად რამდენი ინციდენტი იყო საჭირო ადმინისტრაციული პრაქტიკის არსებობის დასადგენად: ეს საკითხი სასამართლოს უნდა შეფასებინა თითოეული საქმის შესაბამის გარემოებებზე დაყრდნობით.
კონვენციის მე-2, მე- მე-3, მე-8 მუხლები და 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი
ზოგადად რომ ითქვას, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი ვრცელდებოდა „ოკუპაციის“ შემთხვევაზე. სასამართლოს მოსაზრებით, „ოკუპაციის“ კონცეფცია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიზნებისთვის მოიცავდა „ეფექტური კონტროლის“ მოთხოვნას. თუ საერთაშორისო სამართლის მიზნებისთვის ადგილი ექნებოდა „ოკუპაციას“, მაშინ სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე დაყრდნობით, სახეზე გვექნებოდა „ეფექტურ კონტროლიც“, მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი „ეფექტური კონტროლი“ უფრო ფართოა და ისეთ სიტუაციებსაც ფარავს, რომელიც შესაძლოა, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიზნებისთვის აუცილებლად „ოკუპაციას“ არ წარმოადგენდეს. მოცემულ საქმეში წარმოდგენილი საჩივრების გათვალისწინებით, ოკუპაციის შემთხვევაში გამოსაყენებელი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წესები არანაირად არ უპირისპირდებოდა კონვენციის მე-2, მე-3, მე-8 მუხლებსა და 1-ლი დამატებით ოქმის 1-ელ მუხლს.
იმ დროიდან, როდესაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებდა „ეფექტურ კონტროლს“ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებსა და აქტიური სამხედრო დაპირისპირების შეწყვეტის შემდეგ ჩამოყალიბებულ „ბუფერულ ზონაზე“, ის იყო პასუხისმგებელი სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების, მათ შორის იმ ტერიტორიაზე არსებული უკანონო „მილიციური“ დაჯგუფებების ქმედებებზე და თითოეულ აღნიშნულ ქმედებაში მისი „დეტალური კონტროლის“ დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოს წინაშე წარდგენის საჭიროება არ არსებობდა. სასამართლოს ხელთ ჰქონდა საკმარისი მტკიცებულება, რათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მოეხერხებინა იმ დასკვნის გაკეთება, რომ სამხრეთ ოსეთსა და „ბუფერულ ზონაში“ არსებულ ქართულ სოფლებში სამოქალაქო პირთა მკვლელობის, სახლების გადაწვისა და გაძარცვის გათვალისწინებით, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-2, მე-8 მუხლებსა და 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ელ მუხლთან შეუსაბამო ადმინისტრაციულ პრაქტიკას. იმ დანაშაულებრივ ქმედებათა სერიოზულობის ხარისხის გათვალისწინებით, რომლებიც სავსებით შესაძლებელია კლასიფიცირებული იყოს „არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობად“, ადმინისტრაციული პრაქტიკა აგრეთვე არღვევდა კონვენციის მე-3 მუხლს. უფრო მეტიც - საგულისხმოა ასევე, რომ მსხვერპლები, რომლებიც აღნიშნული მოპყრობით განიცდიდნენ ტანჯვასა და ტკივილს, სამიზნეში იყვნენ ამოღებული, როგორც ეთნიკური ჯგუფი.
დასკვნა: დარღვევა (თექვსმეტი ხმით ერთის წინააღმდეგ).
მე-3 და მე-5 მუხლები (დაკავებულ სამოქალაქო პირთა მოპყრობა და მათი დაკავების კანონიერება)
საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დანაწესები არ უპირისპირდებოდა კონვენციის მე-3 მუხლს, რაც უბრალოდ მიუთითებდა იმ ზოგად ვალდებულებაზე, რომ დაკავებულ პირებს უნდა მოპყრობოდნენ ადამიანურად და მათი პატიმრობის პირობები უნდა ყოფილიყო ნორმალური. რაც შეეხება მე-5 მუხლს, მისი მიმართულებით ზემოხსენებულ სამართლებრივ რეჟიმთა კონფლიქტს შესაძლოა ადგილი ჰქონოდა (როგორც მაგალითად გადაწყვეტილებაში - ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ [დიდი პალატა], იხ. Hassan v. the United Kingdom [GC], $$ 97-98), თუმცა, ვინაიდან მოცემულ საქმეში სამოქალაქო პირთა დაკავების გასამართლებლად მოპასუხე მთავრობის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები არც ერთი სამართლებრივი რეჟიმის წესების მიხედვით არ იქნა დაშვებული, შედეგად, ზემოხსენებულ სამართლებრივ რეჟიმებს შორის კონფლიქტს წინამდებარე საქმეში ადგილი არ ჰქონია.
სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაკავებული დაახლოებით 160 სამოქალაქო პირი, რომლებიც პატიმრობაში იმყოფებოდნენ „სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს“ შენობის სარდაფის სართულზე დაახლოებით, 2008 წლის 10-დან 27 აგვისტომდე პერიოდში, კონვენციის 1-ლი მუხლის მიზნებისთვის, რუსეთის ფედერაციის იურისდიქციის ქვეშ ექცეოდნენ. მათი პატიმრობის პირობებისა და არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ტოლფასი იმ შეურაცხმყოფელი ქმედებების გათვალისწინებით, რომელთა წინაშეც ისინი სრულიად დაუცველი აღმოჩნდნენ, ადგილი ჰქონდა მე-3 მუხლთან შეუსაბამო ადმინისტრაციულ პრაქტიკას. აღნიშნულ პირთა თვითნებური დაკავების თვალსაზრისით, ადგილი ჰქონდა აგრეთვე მე-5 მუხლთან შეუსაბამო ადმინისტრაციულ პრაქტიკას.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
მე-3 მუხლი (ტყვედ ჩავარდნილ პირთა მოპყრობა)
საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დანაწესები არ უპირისპირდებოდა კონვენციის მე-3 მუხლს, რაც უბრალოდ მიუთითებდა იმ ზოგად ვალდებულებაზე, რომ ტყვედ ჩავარდნილ პირებს უნდა მოპყრობოდნენ ადამიანურად და მათი პატიმრობის პირობები უნდა ყოფილიყო ნორმალური.
სამხრეთ ოსეთის ძალების მიერ შეპყრობილი ქართველი ტყვეები, რომლებიც პატიმრობაში იმყოფებოდნენ ცხინვალში 2008 წლის 8-დან 17 აგვისტომდე, კონვენციის 1-ლი მუხლის მიზნებისთვის, რუსეთის ფედერაციის იურისდიქციის ქვეშ ექცეოდნენ. წამების იმ აქტების გათვალისწინებით, რომლებსაც ისინი დაექვემდებარნენ, ადგილი ჰქონდა მე-3 მუხლთან შეუსაბამო ადმინისტრაციულ პრაქტიკას.
დასკვნა: დარღვევა (თექვსმეტი ხმით ერთის წინააღმდეგ).
მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი (იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმოსვლის თავისუფლება)
„ოკუპაციის“ შემთხვევასთან მიმართებით, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისი დანაწესები მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლს არ უპირისპირდებოდა.
დიდი ოდენობით საქართველოს მოქალაქემ, რომელიც კონფლიქტის ზონიდან გაიქცა, ცხოვრება სამხრეთ ოსეთის ნაცვლად საქართველოს იმ ტერიტორიაზე განაგრძო, რომელიც დავის საგანს არ წარმოადგენს. თუმცა, სასამართლოს მოსაზრებით, ის ფაქტი, რომ მათი სახლები, რომლებშიც მათ დაბრუნების შესაძლებლობა წაერთვათ, მდებარეობდა რუსეთის ფედერაციის „ეფექტური კონტროლის“ ქვეშ მყოფ ზონებში და აგრეთვე, ის გარემოება, რომ რუსეთის ფედერაცია ახორციელებდა „ეფექტურ კონტროლს“ ადმინისტრაციულ საზღვრებზე, საკმარისია მოპასუხე სახელმწიფოსა და საქართველოს მოქალაქეთა შორის იურისდიქციული კავშირის დასადგენად, კონვენციის 1-ლი მუხლის მიზნებისთვის. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეების საკუთარ სახლებში დაბრუნების შეუძლებლობის თვალსაზრისით, ადგილი ჰქონდა მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლთან შეუსაბამო ადმინისტრაციულ პრაქტიკას.
დასკვნა: დარღვევა (თექვსმეტი ხმით ერთის წინააღმდეგ).
1-ლი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი (საჯარო სკოლებისა და ბიბლიოთეკების სავარაუდო მარადიორობა, განადგურება და ეთნიკურად ქართველი მოსწავლეებისა და მასწავლებლების დაშინება)
ერთმანეთთან კონფლიქტში არ მოდიოდა კონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის 2-ლი მუხლი და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისი დებულებები, რომლებიც ოკუპაციას ეხებოდა.
სტრასბურგის სასამართლოს არ ჰქონია საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დაედგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის საწინააღმდეგო შემთხვევებს.
დასკვნა: დარღვევა არ დადგინდა (ერთხმად).
მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლების ხელყოფასთან დაკავშირებული გამოძიების ვალდებულება)
ზოგადად, მე-2 მუხლის შესაბამისად ეფექტური გამოძიების ჩატარების ვალდებულება უფრო ფართოა, ვიდრე საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით გათვალისწინებული აღნიშნული ვალდებულება. სხვა მხრივ, ამ საკითხთან მიმართებით, ერთმანეთს არ უპირისპირდებოდა მე-2 მუხლით გამოსაყენებელი შესაბამისი სტანდარტები და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისი დებულებები.
წინამდებარე საქმეში, იმ ბრალდების გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედერაციამ ჩაიდინა ომის დანაშაულები საომარი მოქმედებების აქტიურ ფაზაში, მას ეკისრებოდა ვალდებულება, გამოეძიებინა აღნიშნული მოვლენები საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისი დებულებებისა და ეროვნული სამართლის შესაბამისად. მართლაც, რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო ორგანოებმა გადადგეს ნაბიჯები ამ ბრალდებების გამოსაძიებლად. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული შემთხვევები, რომლებიც მოხდა საომარი მოქმედებების აქტიურ ფაზაში, არ ექცეოდა რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში, მან მალევე დააწესა „ეფექტური კონტროლი“ სადავო ტერიტორიებზე. და ბოლოს, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის სამხედროებს შორის სავარაუდო ეჭვმიტანილები იმყოფებოდნენ რუსეთის ფედერაციაში ან რუსეთის ფედერაციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე, საქართველოს ხელი შეეშალა ბრალდებებთან დაკავშირებით ადეკვატური და ეფექტური გამოძიების ჩატარებაში. შესაბამისად, საქმის „განსაკუთრებული თავისებურებების“ გათვალისწინებით, მოცემულ საჩივართან მიმართებით დადგინდა რუსეთის ფედერაციის იურისდიქცია კონვენციის 1-ლი მუხლის მნიშვნელობით (იხ, mutatis mutandis, გუზელიურთლუ და სხვები თურქეთის წინააღმდეგ[დიდი პალატა] (Güzelyurtlu and Others[GC], 36925/07)).
აქედან გამომდინარე, რუსეთის ფედერაციას კონვენციის მე-2 მუხლის შესაბამისად ეკისრებოდა პროცედურული ვალდებულება, ეწარმოებინა ადეკვატური და ეფექტური გამოძიება არა მხოლოდ საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდგომ, არამედ ასევე, საომარი მოქმედებების აქტიურ ფაზაში მომხდარ მოვლენებზე. საომარი მოქმედებების აქტიურ ფაზაში მომხდარი სავარაუდო დანაშაულების სერიოზული ხასიათის და ოკუპაციის პერიოდში აღმოჩენილი დარღვევების მასშტაბებისა და ბუნების გათვალისწინებით, რუსეთის ხელისუფების მიერ ჩატარებული გამოძიება არ ყოფილა არც სწრაფი, არც ეფექტური და არც დამოუკიდებელი, შესაბამისად, არ აკმაყოფილებდა მე-2 მუხლის მოთხოვნებს.
დასკვნა: დარღვევა (თექვსმეტი ხმით ერთის წინააღმდეგ).
38-ე მუხლი - საქმის განხილვა
მოპასუხე მთავრობამ უარი განაცხადა “საომარი ანგარიშების“ წარმოდგენაზე, იმ საფუძველზე დაყრდნობით, რომ სადავო დოკუმენტები წარმოადგენდა „სახელმწიფო საიდუმლოებას“, მიუხედავად [სტრასბურგის] სასამართლოს მიერ მათთვის შეთავაზებული პრაქტიკული ზომებისა, წარედგინათ არაკონფიდენციალური ამონარიდები. მათ სასამართლოსთვის არც სხვა რაიმე პრაქტიკული წინადადება შეუთავაზებიათ, რომელიც საშუალებას მისცემდათ, შეესრულებინათ სასამართლოსთან თანამშრომლობის ვალდებულება ისე, რომ ამავდროულად, მოეხერხებინათ ინფორმაციის გარკვეული ნაწილის საიდუმლო ბუნების დაცვა.
დასკვნა: დარღვევა (თექვსმეტი ხმით ერთის წინააღმდეგ).
ასევე, სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ მომჩივანი მთავრობის მიერ კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების რიგ მუხლებთან[1] ერთიანობაში დაყენებული, მე-13 მუხლთან დაკავშირებული საჩივრის განცალკევებით განხილვის საჭიროება არ არსებობდა.
41-ე მუხლი - სამართლიანი დაკმაყოფილება
სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, მოცემულ საქმეში მოპასუხე სახელმწიფოს მიერ ევროპული კონვენციის დარღვევისთვის სამართლიანი დაკმაყოფილების საკითხი განცალკევებით გადაწყდება.
[1] კონვენციის მე-3, მე-5 და მე-8 მუხლებთან, ასევე 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ელ და მე-2 მუხლებთან და მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლთან.