Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to republish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights database HUDOC
„ქართველ მუსლიმთა ურთიერთობა“ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ
GEORGIAN MUSLIM RELATIONS AND OTHERS v. GEORGIA
საჩივარი N24225/19
გადაწყვეტილება
30 ნოემბერი 2023
საქმის ფაქტობრივი გარემოებების მოკლე მიმოხილვა
საჩივარი შეეხება სახელმწიფოს შეუძლებლობას დაეცვა მომჩივნები სიძულვილის ენისგან და კერძო პირთა მხრიდან მომდინარე ძალადობის სხვა ფაქტებისგან, რაც მათი რელიგიით იყო მოტივირებული და შეეხება ხელისუფლების შემდგომ წარუმატებლობას ჩაეტარებინა ეფექტიანი გამოძიება მომჩივნების განცხადებების საფუძველზე.
2014 წლის 1 აგვისტოს პირველ მომჩივანს მიენიჭა საკუთრებით (მიწის ნაკვეთი და შენობა) სარგებლობის უფლება, იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე. იქ იგეგმებოდა მუსულმანური სკოლა-პანსიონის გახსნა. მანამდე, 2014 წლის ივნისში, როდესაც ადგილობრივმა მართლმადიდებელმა მოსახლეობამ შეიტყო ამ გეგმის შესახებ, მათ დაიწყეს საპროტესტო აქციები სამეზობლოში მუსულმანური სკოლა-პანსიონის გახსნის წინააღმდეგ. 2014 წლის ივლისიდან ნოემბრის შუალედში ადგილობრივმა მოსახლეობამ შენობის შესასვლელთან ბარიკადები აღმართა, რის გამოც მომჩივნებს ხელი ეშლებოდათ შიგნით შესვლაში და საჭირო სამუშაოების დამთავრებაში. ადგილი ჰქონდა მომჩივნების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის რამდენიმე შემთხვევას, ადგილობრივმა მოსახლეობამ მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა სკოლის გადაწვით. ერთ-ერთი ინციდენტის დროს, ღორის თავი სკოლაში შესასვლელ კარზე მიაჭედეს. ინციდენტებს ადგილი ჰქონდა მომდევნო წლების განმავლობაშიც. მომჩივნები ადგილზე რეგულარულად იძახებდნენ პოლიციას, თუმცა პოლიცია ამჯობინებდა არ ჩარეულიყო. ამგვარად, მათ ვერ შეძლეს შეეჩერებინათ და პრევენცია მოეხდინათ ადგილობრივი მოსახლეობისგან მომდინარე ძალადობრივი მოქმედებების. მომჩივნებმა სისხლის სამართლის საჩივარი წარადგინეს და 2014 წლის 10 სექტემბერს სისხლის სამართლის სამართალწარმოება დაიწყო 151-ე მუხლის (ქონების განადგურების მუქარა) საფუძველზე. 2019 წლის 8 თებერვალს გამოძიება გადაკვალიფიცირდა 156-ე მუხლზე (დევნა). გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და მიუხედავად მომჩივნების არაერთი მოთხოვნისა, მათთვის არ მიუნიჭებიათ მსხვერპლის სტატუსი სამართლაწარმოებაში. პარალელურად, მომჩივნებმა წარადგინეს სამოქალაქო სარჩელი, რომლის საფუძველზეც ამტკიცებდნენ დისკრიმინაციას რელიგიის ნიშნით კერძო პირების და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან. მათ სარჩელი კერძო პირებთან დაკავშირებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასამართლოებმა არ გაიზიარეს არგუმენტი, რომ პოლიციამ ვერ შეძლო წესრიგის აღდგენა და მომჩივნების დახმარება თავისუფლად შესულიყვნენ სკოლის შენობაში.
კონვენციის მე-3 და მე-8 მუხლებზე დაყრდნობით, მე-14 მუხლთან ერთობლიობაში, მომჩივნები (პირველი მომჩივნის გარდა) უპირველეს ყოვლისა დავობდნენ, რომ სახელმწიფომ ვერ შეძლო თავისი პოზიტიური ვალდებულების შესრულება, დაეცვა ისინი დამამცირებელი მოპყრობისგან, რასაც ისინი დაექვემდებარნენ კერძო პირების მხრიდან, მათი რელიგიის გამო და მეორეს მხრივ, ეროვნულმა ხელისუფლებამ მათი საჩივრების საფუძველზე ვერ შეძლო ეფექტიანი გამოძიების ჩატარება. პირველი მომჩივანი დამატებით დავობს 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლის საფუძველზე, რადგან არ მიეცა საკუთრებით მშვიდობიანი სარგებლობის უფლება.
საჩივრის შინაარსის მხედველობაში მიღებით, განსაკუთრებით იმ ფაქტის, რომ როგორც ჩანს, მომჩივნებს ხელი შეეშალათ მუსულმანური სკოლა-პანსიონის გახსნაში და იმის გათვალისწინებით, რომ ისინი დავობდნენ რომ იყვნენ დისკრიმინაციის მსხვერპლები თავიანთი რელიგიის გამო, საჩივარი ასევე შეეხება კონვენციის მე-9 მუხლს, მე-14 მუხლთან ერთობლიობაში.
(3) ევროსასამართლოს შეფასება
(ა) ზოგადი პრინციპები
(i) ზოგადი პრინციპები, რომლებიც უკავშირდება მე-8 მუხლთან დაკავშირებულ პოზიტიურ ვალდებულებებს
80. ევროსასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ნეგატიურ ვალდებულებასთან ერთად, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობას თან სდევს პოზიტიური ვალდებულებები. ეს პოზიტიური ვალდებულებები შეიძლება მოიცავდეს ღონისძიებების გატარებას მათ შორის კერძო პირებს შორის ურთიერთობის სფეროში (იხილეთ Aksu, ციტირებულია ზემოთ, §§ 58-59; ასევე იხილეთ A. v. Croatia, no. 55164/08, § 60, 14 October 2010; და Sandra Janković, §§ 44-45, და R.B. v. Hungary, § 78 and §§ 81-84, ორივე ციტირებულია ზემოთ). ევროსასამართლომ დაადგინა, რომ სისხლის სამართლის სასჯელები, მათ შორის იმ ინდივიდების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან სიძულვილის ყველაზე მძიმე გამოვლინებისთვის, ძალადობისკენ სხვების წაქეზების გამო, შესაძლებელია გამოყენებული იყოს როგორც ultima ratio ღონისძიება. ევროსასამართლომ ასევე დაადგინა, რომ იმ ქმედებებთან მიმართებით, რომლებიც წარმოადგენენ სერიოზულ დანაშაულებს და მიმართულია პირის ფიზიკური ან მორალური მთლიანობის წინააღმდეგ, მხოლოდ ეფექტიან სისხლის სამართლის მექანიზმებს შეუძლიათ უზრუნველყონ ადეკვატური დაცვა და შემაკავებელი ფუნქციის ქონა. ევროსასამართლომ გაიზიარა, რომ პირდაპირ ვერბალურ შეურაცხყოფასთან მიმართებით და დისკრიმინაციული მოტივით ფიზიკური ძალის გამოყენების მუქარასთან მიმართებით აუცილებელია სისხლის სამართლის ღონისძიებების გატარება (იხილეთBeizaras and Levickas v. Lithuania, no. 41288/15, §§ 110-11, 14 January 2020, with further references).
81. ევროსასამართლო მხედველობაში იღებს იმ ფაქტს, რომ ხელისუფლებას არ უნდა დაეკისროს განუხორციელებელი ან არაპროპორციული ტვირთი, ისე რომ მხედველობაში არ იქნას მიღებული ოპერაციული არჩევანი, რომელსაც ისინი იღებენ პრიორიტეტებისა და რესურსების თვალსაზრისით (იხილეთ R.B. v. Hungary, ციტირებულია ზემოთ, § 99, და Kotov and Others v. Russia, nos. 6142/18 და 12 სხვა , § 134, 11 ოქტომბერი 2022).
(ii) კონვენციის მე-9 მუხლიდან მომდინარე პოზიტიურ ვალდებულებებთან დაკავშირებული ზოგადი პრინციპები
82. როდესაც სადავო ქმედებები ხორციელდება კერძო პირების მიერ და, შესაბამისად, პირდაპირ არ მიეწერება მოპასუხე სახელმწიფოს, ევროსასამართლომ საკითხი უნდა განიხილოს პოზიტიური ვალდებულებების კუთხით, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებმა უზრუნველყონ მე-9 მუხლით გათვალისწინებული უფლებები თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში (იხილეთ, mutatis mutandis, Eweida and Others v. the United Kingdom, nos. 48420/10 and 3 others, § 84, ECHR 2013 (extracts)). ამ კუთხით, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს იმ შემთხვევაში, როდესაც რელიგიური მრწამსს ან ეწინააღმდეგებიან ან უარყოფენ იმგვარად, რომ ვისაც აქვს მრწამსი ხელი ეშლება მის გამოხატვაში. ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მრწამსის მქონე პირების მე-9 მუხლით გათვალისწინებული უფლებებით მშვიდობიანი სარგებლობა (იხილეთ Begheluri v. Georgia, no. 28490/02, § 160, 7 ოქტომბერი 2014).
83. იმ შემთხვევაში, როდესაც რელიგიური რიტუალი დაირღვა მტრული დემონსტრაციის გამო, ერთმანეთს უპირისპირდება ორი ფუნდამენტური უფლება: აქციაში მონაწილე პირთა უფლებები გამოხატვის და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაზე და მომლოცველთა უფლება მშვიდობიანად ილოცონ საზოგადოებაში არასათანადო ჩარევის გარეშე. ეს უფლებები დაცულია კონვენციით: გამოხატვის თავისუფლება და მშვიდობიანი შეკრების უფლება დაცულია მე-10 და მე-11 მუხლებით, რელიგიის თავისუფლება დაცულია მე-9 მუხლით. არცერთი არ არის აბსოლუტური უფლება: სამივე მუხლი ითვალისწინებს, რომ ამ უფლებების განხორციელება შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს, inter alia სხვათა უფლებების დაცვის მიზნით. კონვენცია არ ადგენს უფლებებს შორის რაიმე სახის იერარქიას: პრინციპში, მათი დაცვა თანაბრად უნდა მოხდეს. ამიტომ ისინი ერთმანეთთან მიმართებით უნდა დაბალანსდეს იმგვარად, რომ აღიარებული იყოს ამ უფლებების მნიშვნელობა საზოგადოებაში პლურალიზმის, ტოლერანტობის და ფართო მსოფლმხედველობის საფუძველზე. აქედან სამი დამატებითი პრინციპები გამომდინარეობს:
1. სახელმწიფოს ევალება, გონივრული შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოს ამ უფლებების დაცვა. აღნიშნული მოვალეობა თანაბრად არსებობს მაშინ, როდესაც ქმედებები, რომლებმაც შეიძლება ხელყოს ამ ორი უფლებიდან ერთ-ერთი, ახორციელებენ კერძო პირები.
2. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა, იმისათვის, რომ დაიცვას ეს უფლებები მესამე მხარეებისგან და მიიღოს ეფექტიანი ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ მოხდეს მათი დაცვა პრაქტიკაში.
3. როგორც ყოველთვის, მაშინ როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფო ცდილობს დაიცვას კონვენციით გათვალისწინებული ორი ღირებულება, რომლებიც შეიძლება ერთმანეთს დაუპირისპირდეს, ევროსასამართლოს ამოცანაა გადაამოწმოს, ხელისუფლების ორგანოებმა დაიცვეს თუ არა სამართლიანი ბალანსი ამ ორ ღირებულებას შორის. ევროსასამართლომ არ უნდა იმოქმედოს წინდაუხედაობით. არ უნდა ჩაანაცვლოს ეროვნული ხელისუფლების შეხედულებები თავისი შეხედულებებით, რომლებიც ნებისმიერ შემთხვევაში ბევრად უკეთეს მდგომარეობაში არიან, იმისათვის რომ შეაფასონ სად უნდა მოხდეს შესაბამისი ბალანსის გავლება და როგორ შეიძლება ამ ბალანსის საუკეთესოდ მიღწევა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პოლიციამ უნდა მოახდინოს ბალანსის დაცვა, რადგან როგორც ევროსასამართლო არაერთხელ აღნიშნავს, უნდა მოხდეს თანამედროვე საზოგადეოებაში პატრულირების სირთულეების მხედველობაში მიღება. ამრიგად, სადავო მოვლენებზე პოლიციის რეაგირების შეფასებისას, მათი პოზიტიური ვალდებულება უზრუნველყონ როგორც დემონსტრანტების, ისე მომლოცველების დაცვა უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ მათ არ დააწვეთ განუხორციელებელი ან არაპროპორციული ტვირთი (იხილეთ Karaahmed v. Bulgaria, no. 30587/13, §§ 91-96, 24 თებერვალი 2015, with further references).
(iii) ზოგადი პრინციპები, რომლებიც უკავშირდება მე-14 მუხლთან დაკავშირებულ პოზიტიურ ვალდებულებებს
84. შესაბამისი ზოგადი პრინციპები ევროსასამართლომ შეაჯამა საქმეში Begheluri and Others (ციტირებულია ზემოთ, §§ 171-173) და საქმეში Alković (ციტირებული ზემოთ, §§ 66-67). ამასთან, ევროსასამართლომ აღიარა, რომ ხელისუფლების ორგანოების ვალდებულებაა გამოიძიონ შესაძლო დისკრიმინაციული დამოკიდებულებები, რაც გარკვეულ შემთხვევებში გამომდინარეობს კონვენციის მე-14 მუხლიდან, მათ შორის მაშინ, როდესაც მსგავსი დამოკიდებულება იწვევს პირის სტიგმატიზაციას მე-8 მუხლის კონტექსტში (იხილეთ (see Basu v. Germany, no. 215/19, § 33, 18 ოქტომბერი 2022).
(ბ) ამ პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში
(i) ევროსასამართლოს მიდგომა მოცემულ საქმეში
85. ევროსასამართლო აღნიშნავს, რომ შვიდი მომჩივანი არ ამტკიცებდა, რომ პოლიცია ან სხვა საჯარო ხელისუფლების ორგანოები პირდაპირ იყვნენ ჩართულები ძალადობრივ შევიწროვებასა და მუქარის სავარაუდო კამპანიაში. მათ აღნიშნეს, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ უარი განაცხადა სკოლის შენობის ქობულეთის კანალიზაციის სისტემასთან დაკავშირებაზე, რაც სავარაუდოდ მოგვიანებით სასამართლომ დაგვიანებით გააუქმა, თუმცა ევროსასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნების საჩივრები ევროსასამართლოს წინაშე ფოკუსირებული იყო ხელისუფლების ორგანოების მიერ ბრბოს უკანონო მოქმედებებზე სავარაუდო არაადეკვატური რეაგირებაზე. შესაბამისად, მომჩივნების საჩივრები განიხილული იქნება სახელმწიფო ორგანოების პოზიტიური ვალდებულებების ჭრილში, უზრუნველყონ მე-8 და მე-9 მუხლებით განსაზღვრული უფლებები თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში, დისკრიმინაციის გარეშე, როგორც ამას ითვალისწინებს მე-14 მუხლი (იხ. რელევანტური ზოგადი პრინციპები ციტირებულია ზემოთ, 80-84 პუნქტებში).
86. რაც შეეხება პოზიტიური ვალდებულებების მოცულობას და შინაარს წინამდებარე საქმის კონკრეტულ გარემოებებთან მიმართებით, ევროსასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოთ მითითებული პრინციპების შესაბამისად (see ibid.), რელევანტურ ორგანოებს მოეთხოვებოდათ სწრაფი და ადეკვატური ღონისძიებების განხორციელება იმისათვის რომ შეეჩერებინათ ბრბოს უკანონო მოქმედებები, სიძულვილის ენა და სხვა დისკრიმინაციული ქმედებები ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან (იხ. Karaahmed, ციტირებული ზემოთ, §§ 100-07, და Association ACCEPT and Others v. Romania, No. 19237/16, §§ 105-13, 2021 წლის 1 ივნისი). ხელისუფლებას ასევე მოეთხოვებოდა მეტად პროაქტიული ნაბიჯების გადადგმა, რასაც რეალურად შეეძლო, მომჩივნებისთვის მიეცა შესაძლებლობა, ესარგებლათ თავიანთი რელიგიური უფლებებით, მათ შორის ესარგებლათ მუსულმანური სკოლა-პანსიონის გახსნის უფლებით. ევროსასამართლო შეაფასებს იმას, შეასრულა თუ არა სახელმწიფომ ზემოთ ხსენებული პოზიტიური ვალდებულებები.
(ii) ბრბოს უკანონო ქმედება და პოლიციის მყისიერი რეაგირება
87. ევროსასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეებს არ უდავიათ, რომ 2014 წლის სექტემბერში მუსულმანური სკოლა-პანსიონის გახსნა შეაფერხა ადგილობრივი მართლმადიდებელი ქრისტიანი მოსახლეობის მიერ ორგანიზებულმა საპროტესტო აქციებმა. მთავრობას არ განუცხადებია, რომ სკოლას მოეთხოვებოდა ლიცენზია ან რაიმე სხვა სახის ავტორიზაცია, ან რომ მისი ფუნქციონირება არ მოდიოდა შესაბამისობაში ეროვნულ კანონმდებლობასთან. ამგვარი არგუმენტი არ ყოფილა დაფიქსირებული ეროვნული სამართალწარმოების განმავლობაშიც. შესაბამისად, ევროსასამართლო გააგრძელოს საქმის განხილვას იმ პირობით, რომ სკოლის გასახსნელად არ არსებობდა არანაერი სამართლებრივი დაბრკოლება.
88. ევროსასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო ხასაითის ანტიდისკრიმინაციული სამართალწარმოების კონტექსტში, ეროვნულმა სასამართლოებმა მესამე, მეხუთე და მეექვსე მომჩივნებთან მიმართებით დაადგინეს, რომ შესაბამის პერიოდში, ისინი დაექვემდებარნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, სიძულვილის ენას, მუქარას მათი მუსულმანური რწმენის გამო და დამცირებულები აღმოჩნდნენ inter alia იმის გამო, რომ არ მიეცათ გადაადგილების თავისუფლების უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა პროტესტანტების მხრიდან, რომლებიც სამეზობლოს აკონტროლბედნენ (იხილეთ, პარაგრაფები 41-43-44 ზემოთ). ამ დასკვნის, ისევე როგორც სისხლის სამართლის სამართალწარმოების დროს ყველა მომჩივნის განცხადებების ხასიათის მხედველობაში მიღებით (იხილეთ პარაგრაფები 16-19, 21, 26-28 და 36 ზემოთ), რაც გამყარებულია სხვადასხვა ვიდეო და ფოტო მტკიცებულებებით, ევროსასამართლო მზად არის გაიზიაროს, რომ შვიდივე მომჩივანი თავს გრძნობდა შეურაცხყოფილად, შეშინებულად და ტრავმირებულად იმ განვითარებული მოვლენების გამო, რომლებსაც ადგილი ჰქონდა 2014 წლის სექტემბერში ქობულეთში მუსულმანური სკოლა-პანსიონის გახსნასთან დაკავშირებით. ევროსასამართლო მიიჩნევს, რომ პროტესტანტების მიერ ღორის სისხლიანი თავის მუსულმანური პანსიონის კარებზე მიჭედება, წარმოადგენდა სიძულვილის ენის განსაკუთრებით მტრულ გამოხატულებას, რამაც მომჩივნების დამცირება გამოიწვია. განსახილველი მოვლენების კონტექსტის გათვალისწინებით, კერძოდ, ადგილობრივი მართლმადიდებელი ქრისტიანი მოსახლეობის მიერ მუსულმანური პანსიონის გახსნასთან დაკავშირებით დაორგანიზებული პროტესტის გამო, რაც რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდებოდა, შეურაცხყოფის ბუნების, მათ შორის სკოლის წინ ღორის დაკვლით და მისი სისხლიანი თავის სკოლის კარზე მიჭედებით, ევროსასამართლოს ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ მომჩივნებს შეურაცხყოფას აყენებდნენ იმის გამო, რომ ისინი რელიგიურ უმცირესობებს მიეკუთვნებოდნენ. მათი ქცევა ვინც ხელს უშლიდა სკოლის გახსნას, უცილობლად ახდენდა გავლენას მომჩივნების პირად ცხოვრებაზე და რელიგიის თავისუფლების უფლებაზე კონვენციის მე-8 და მე-9 მუხლების საფუძველზე.
89. მთავრობა თავის წარდგინებაში ამტკიცებდა, რომ ეროვნული ხელისუფლების ქმედებები ადეკვატური იყო და შეესაბამებოდა კონვენციის მე-9 მუხლით გათვალისწინებულ პოზიტიურ ვალდებულებებს, რადგან მათ უნდა მოეხდინათ სამართლიანი ბალანსის გავლება ერთი მხრივ, მომჩივნების რელიგიის თავისუფლებასა და მეორე მხრივ, ადგილობრივი მოსახლეობის გამოხატვის თავისუფლებასა და მშვიდობიანი შეკრების უფლებას შორის. თუმცა, როგორც ჩანს, წინამდებარე საქმეში არ მომხდარა იმის სათანადო განხილვა, თუ როგორ უნდა მომხდარიყო შესაბამისი ბალანსის გავლება მომჩივნების და პროტესტანტების მიერ უფლებების ეფექტიან სარგებლობას შორის (იხილეთ Karaahmed, ციტირებულია ზემოთ § 107; იხილეთ ასევე , mutatis mutandis, Ouranio Toxo and Others v. Greece, no. 74989/01, §§ 42-43, ECHR 2005-X (extracts)). ფაქტობრივად, მთავრობამ ვერ შეძლო იმის წარმოჩენა, თუ როგორ დაიცვა სახელმწიფომ მომჩივნის უფლებები. ევროსასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით დასძენს, რომ ადამაინებზე თავდასხმა შეურაცხყოფით, აბუჩად აგდებით, ან მოსახლეობის გარკვეული ჯგუფების ცილისწამება საკმარისი უნდა იყოს იმისათვის, რომ ხელისუფლების ორგანოებმა მხარი დაუჭირონ ქსენოფობიის ან სხვაგვარად დისკრიმინაციულ რიტორიკის აღკვეთას, როდესაც ადგილი აქვს გამოხატვის თავისუფლების უპასუხისმგებლოდ გამოყენებას (იხილეთ Vejdeland and Others v. Sweden, no. 1813/07, § 55, 9 February 2012; იხილეთ ასევე Association ACCEPT and Others, ციტირებულია ზემოთ, § 119).
90. რაც შეეხება პოლიციის როლს განვითარებულ მოვლენებში, ევროსასამართლო აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ 2014 წლის ივლისში, პოლიციას ეცნობა მუსულმანური სკოლა-პანსიონის გახსნის გამო ადგილობრივი საპროტესტო აქციების შესახებ (იხ. პუნქტი 7 ზემოთ). დაფიქსირდა სიტყვიერი შეურაცხყოფის პირველი შემთხვევები (იხ. პუნქტები 11 და 13 ზემოთ). მთავრობამ განაცხადა, რომ პოლიციამ რეგულარულად დაიწყო ტერიტორიის პატრულირება 2014 წლის 10 სექტემბერს, მას შემდეგ რაც სკოლის შენობის წინ ღორი დაკლეს (იხ. პუნქტი 14 ზემოთ). თუმცა, 15 სექტემბერს შეფერხდა სკოლის გახსნა და როგორც ჩანს პოლიცია არ ჩარეულა (იხილეთ პარაგრაფი 15 ზემოთ). ევროსასამართლო მიიჩნევს, რომ იმ დროს არსებობდა საკმაოდ რელიგიურად მტრული გარემო, განსაკუთრებით იმ შემთხვევის სიმძიმის მხედველობაში მიღებით, რასაც ადგილი ჰქონდა 2014 წლის 10 სექტემბერს (იხილეთ პარაგრაფი 14 ზემოთ), შესაბამის ორგანოებს უნდა ჰქონოდათ მოლოდინი, რომ სკოლის გახსნა შეიძლება შეფერხებულიყო. შემდგომ, დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში, მომჩივნები დაექვემდებარნენ სიძულვილის ენას და დამამცირებელ მოპყრობას იმის გამო, რომ არ მიეცათ სკოლის შენობაში თავისუფლად შესვლის და იქიდან გამოსვლის, ან საკვების ყიდვის შესაძლებლობა. ევროსასამართლო მზად არის გაიზიაროს მთავრობის არგუმენტი, რომელსაც ასევე ეყრდნობიან ეროვნული სასამართლოები, რომ პოლიციის ყოფნა 2014 წლის 10 სექტემბრის მდგომარეობით უზრუნველყოფდა პროტესტანტებსა და მომჩივნებს შორის ფიზიკური ძალადობის აღკვეთას და რომ იმ შემთხვევების დროს არავინ დაქვემდებარებია ძალადობას.
შესაბამისი დროს არ დაზიანებულა სკოლის შენობა. თუმცა, თუ გვერდით გადავდებთ საკითხს, რომ პოლიციის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, დაძაბულობას არ მოჰყოლია ფიზიკური თავდასხმა ან არ დაზიანებულა სკოლის შენობა, პოლიციის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, ჩნდება შეკითხვა ჰქონდა თუ არა ხელისუფლებას შეუწყნარებლობის და სიძულვილის ენის განმეორებითი შემთხვევებისგან მომჩივნების დაცვის ვალდებულება, რაც მოითხოვდა უფრო ქმედით და მუდმივ მოქმედებებს, ვიდრე ის რასაც ადგილი ჰქონდა პოლიციის მხრიდან. ამ საკითხთან დაკავშირებით, ევროსასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნების დამამცირებელი მოპყრობა, მოვლენების კულმინაციით, გაგრძელდა დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში. მთავრობა ამტკიცებდა, რომ სიტყვიერი ძალადობის არც ერთი სავარაუდო შემთხვევა არ მომხდარა პოლიციის თანდასწრებით. რომც გავიზიაროთ ეს არგუმენტი დამამცირებელ და სიძულვილის ენასთან მიმართებით, ევროსასამართლო არ არის მზად გაიზიაროს ეს არგუმენტი იმ დამამცირებელ მოპყრობასთან მიმართებით, რომელიც მომჩივნებს უნდა აეტანათ inter alia სკოლის შენობის გადაკეტვის და მომიტინგეების მიერ ტერიტორიაზე მათი მიმოსვლის კონტროლის გამო. ეროვნულმა სასამართლოებმა დაადგინეს, რომ სკოლის შენობა გადაკეტილი იყო სულ მცირე 2015 წლის ივლისამდე (იხ. პუნქტი 40 ზემოთ) და საქმის მასალებში წარმოდგენილია შესაბამისი მტკიცებულებები, მათ შორის ფოტოსურათები. ეროვნულმა სასამართლოებმა ასევე დაადგინეს, რომ აქციის მონაწილეები იყვნენ ისინი ვინც წყვეტდნენ ვინ უნდა შესულიყო და გამოსულიყო (იხ. პუნქტი 41 ზემოთ). პოლიციის მიერ გამოთქმული ერთადერთი არგუმენტი, რომელსაც მხარი დაუჭირა მთავრობამ თავის წარდგინებაში იყო ის, რომ პოლიციას არ ჰქონდა უფლება კერძო საკუთრებიდან გაეტანა საბურავები და ხის კონსტრუქციები (იხ. პუნქტი 40 ზემოთ) – თუმცა კითხვა არ მდგომარეობს იმაში, ვის უნდა მოეხსნა დაბრკოლებები, რაც შენობაში შესვლას აფერხებდა, არამედ იმის უზრუნველყოფა, რომ ის ვინც პასუხისმგებელი იყო საჯაროდ დისკრიმინაციული და მუქარის შემცველი ხასიათის არაერთ უკანონო ქმედებაზე იქნებოდა იდენტიფიცირებული და პასუხისგებაში მიცემული. მიუხედავად იმისა, რომ არ აკნინებს პოლიციის სამუშაოს, რაც შეიძლება მოითხოვდეს რესურსების ერთდროულად გამოყენებას ბევრ სხვადასხვა ადგილას, რისკებისა და მნიშვნელობის შეფასების საფუძველზე, სიტუაციასთან გამკლავების მიზნით, ევროსასამართლო მიიჩნევს, რომ ძალისხმევის არ გაღება სულ მცირე ბრბოს ხელმძღვანელების იდენტიფიცირების და პასუხისგებაში მისაცემად, წარმოადგენს იმ საფრთხის უგულვებელყოფას, რაც მომდინარეობდა ბრბოს მხრიდან ინდივიდების მისამართით, მათი რელიგიისადმი მტრული დამოკიდებულების გამო.
91. წინამდებარე საქმეში არც ეროვნული სამართალწამოების დროს და არც ევროსასამართლოს წინაშე, სადავო არ ყოფილა ის რომ დაძაბულობა მოულოდნელად დაიწყო, ან რომ ამან პოლიციის რესურსის ხარჯვა განაპირობა და ამართლებდა მათი მხრიდან რეაქციის შეზღუდულობას, ზიანის მინიმალიზებისთვის ფიზიკური დაპირისპირების პრევენციის გზით (შეადარეთ Karaahmed, cited above, § 107; აგრეთვე იხილეთ P.F. and E.F. v. the United Kingdom (dec.), no. 28326/09, §§ 43-45, 23 ნოემებრი 2010).
92. შეჯამების სახით უნდა ითქვას, რომ რამდენადაც უნდა მომხდარიყო მომჩივნების დაცვა ბრბოსგან, სიძულვილის ენისგან და სხვა დისკრიმინაციული ქმედებებისგან, ხელისუფლების მხრიდან აშკარა იყო ადეკვატური რეაგირების ნაკლებობა მომჩივნების პირადი ცხოვრების, ღირსების და რელიგიური რწმენის უფლებაში მუდმივ ჩარევასთან მიმართებით. მეტიც, ევროსასამართლოს მიაჩნია, რომ ხელისუფლების სადავო პასიურმა დამოკიდებულებამ ხელი შეუწყო მომჩივნებიის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის გაძლიერებას (იხილეთ Association ACCEPT and Others, ციტირებულია ზემოთ, § 112). დამნაშავეების იდენტიფიცირების, მათი პასუხისგებაში მიცემის და კანონის უზენაესობის აღდგენის განუხორციელებლობით პოლიციამ აქციის მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა ჩართული ყოფილიყვნენ განგრძობითად იმაში, რაც ეროვნული სასამართლოების მიერ შეფასდა როგორც დისკრიმინაციული მოპყრობა, ხოლო მომჩივნებს, პოლიციელების გულგრილობის გამო უწევდათ ამგვარი მოპყრობის ატანა.
(iii ) მომჩივნების მოქმედებები დაცვის და კომპენსაციის მისაღებად
93. ევროსასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული საქმის გარემოებების გათვალისწინებით, ეროვნული ხელისუფლების ორგანოები აღმოჩნდნენ prima facie სიძულვილის ენის, მუქარის და დამამცირებელი მოპყრობის წინაშე რაც მოტივირებული იყო მათი რელიგიური მრწამსით (შეადარეთ Begheluri, cited above, § 176; იხილეთ R.B. v. Hungary, §§ 83-84, Association ACCEPT and Others, § 114, Alković, § 66, Király and Dömötör, §§ 72 and 80, all cited above; see also, mutandis, Muhammad v. Spain, no. 34085/17, §§ 63-68, 18 ოქტომბერი 2022). ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, აღნიშნული საჭიროებდა ეროვნული სისხლის სამართლის მექანიზმების ეფექტიან გამოყენებას, რასაც შეეძლო გამოევლინა ძალადობრივი შემთხვევების სავარაუდო სიძულვილის მოტივი და იდენტიფიცირება მოეხდინა და საჭიროების შემთხვევაში, ადეკვატურად დაესაჯა ყველა პასუხისმგებელი პირი (იხ. იქვე). ევროსასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ გარემოებებში, აუცილებელი და გონივრული იყო სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება იმისათვის, რომ აღკვეთილიყო უკანონო და დისკრიმინაციული ბრბოს ქმედებები. თუმცა, მსგავსი გამოძიება არ ჩატარებულა. რვა წელიწადზე მეტი გავიდა მას შემდეგ რაც დაიწყო სამართალწარმოება და გამოძიება, თუმცა გამოძიებას სავარაუდო რელიგიური ძალადობრივი ქმედებების თაობაზე არანაერი შედეგი არ მოჰყოლია (იხილეთ Begheluri and Others, cited above, §§ 136 და 140; Identoba and Others, cited above, § 75; and Women’s Initiatives Supporting Group and Others v. Georgia, nos. 73204/13 and 74959/13, § 65, 16 დეკემბერი 2021). მოვლენების შემდეგ, ოთხნახევარი წლის დაგვიანებით
გამოძიების ფარგლები გაფართოვდა იმისათვის, რომ მოეცვა რელიგიური ნიშნით დევნა (იხ. პარაგრაფი 34 ზემოთ). თუმცა ამ დრომდე არავისთვის წაუყენებიათ ბრალი ან დაწყებულა სისხლისამართლებრივი დევნა. დროის ამგვარი გასვლა, რაზეც არ მომხდარა ახსნა-განმარტების გაცემა, შეუძლია შეაფერხოს გამოძიება, ისევე როგორც რისკის ქვეშ დააყენოს მისი დასრულების შანსები (იხილეთ Mikeladze and Others, ციტირებულია ზემოთ, § 68, შემდგომი მითითებებით). მეტიც, რელიგიური დისკრიმინაციის ბრალდებებზე სისხლის სამართლის არასაკმარისმა და გაჭიანურებულმა გამოძიებამ ხელი შეუწყო ოფიციალური მდუმარე თანხობის ატმოსფეროს შექმნას და გააჩინა დაუსჯელობის განცდა (იხილეთ, mutatis mutandis, Women’s Initiatives Supporting Group and Others, ციტირებულია ზემოთ, § 66).
94. ევროსასამართლოს მხედველობიდან არ რჩება ის ფაქტი, რომ მომჩივნებმა, რომლებიც სახელმწიფოსგან ითხოვდნენ ჩარევას, წარმატებით ისარგებლეს სხვა სამართლებრივი დაცვის საშუალებებით. ამგვარად, მათ წამოიწყეს სამოქალაქო ხასიათის ანტიდისკრიმინაციული სამართალწარმოება სამი კერძო პირის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ ანტიდისკრიმინაციული კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად (პირველი, მესამე, მეხუთე და მეექვსე მომჩივნები) და სხვა ანტიდისკრიმინაციული პროცედურები სახალხო დამცველის მეშვეობით ქობულეთის მუნიციპალიტეტის და შპს „ქობულეთის წყლის“ წინააღმდეგ ანტისდისკრიმინაციული კანონის მე-6 მუხლის საფუძველზე. რაც შეეხება ანტიდისკრიმინაციულ სამართალწარმოებას კერძო პირებთან მიმართებით, მომჩივნების მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა და სამ პირს დაევალა დისკრიმინაციული ქმედებების შეწყვეტა. ევროსასამართლო აღნიშნავს, რომ სიმბოლურად, კომპენსაციის სახით, 1 ლარის მოთხოვნით, მომჩივნებმა თავად შეასუსტეს დამრღვევ პირებზე ფულადი საშუალებით ზეწოლის განხორციელების შესაძლებლობა.
95. თუმცა, ანტიდისკრიმინაციული სამართალწარმოება შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ თითქმის რვა წელი გაგრძელდა,რამაც ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ძირი გამოუთხარა სამართლებრივი დაცვის საშუალების ეფექტიანობას, როგორც ასეთს (ibid.; იხილეთ აგრეთვე Doran v. Ireland, no. 50389/99, § 57, ECHR 2003-X (extracts), and Golha v. the Czech Republic, no. 7051/06, § 49, 26 მაისი 2011). ამასთან, მაშინ როცა დაასკვნეს, რომ მომჩივნები დაექვემდებარნენ დისკრიმინაციულ მოპყრობას inter alia სკოლის შენობის გადაკეტვის გამო, ეროვნულ სასამართლოებს აუცილებლად არ მიუჩნევიათ პოლიციისთვის დავალების მიცემა უზურნველეყოთ პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება და მათი პასუხისგებაში მიცემა ან სხვა ღონისძიებების განხორციელება იმისათვის, რომ სამეზობლოში სამუდამოდ აღდგენილიყო საჯარო წესრიგი და უზრუნველეყოთ მომჩივნების რელიგიური უფლებების ადეკვატურად დაცვა. ამის ნაცვლად, ეროვნული სასამართლოები შემოიფარგლნენ მხოლოდ იმ დასკვნით, რომ პოლიცია არ შესწრებია ძალადობის ან არეულობის არც ერთ ინციდენტს. განვითარებული მოვლენების მასშტაბის და ხასიათის გათვალისწინებით, ევროსასამართლო იღებს რა მხედველობაში ზემოთ მითითებულ მიგნებებს (იხ. პუნქტები 90-92 ზემოთ) უჭირს ამგვარი დასკვნის გაზიარება. ევროსასამართლო მიიჩნევს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა უგულვებელყვეს ის როლი, რომელიც პოლიციას უნდა ჰქონდეს რელიგიური საფუძვლებით დაძაბულ გარემოში.
96. რაც შეეხება ქობულეთის მუნიციპალიტეტის და შპს ქობულეთის წყლის წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოებას, ევროსასამართლო აღნიშნავს, რომ ისინი დასრულდა 2021 წლის 18 მარტს, განსახილველი მოვლენების გასვლიდან თითქმის 6 წლის შემდეგ. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ უზენაესმა სასამართლომ დაავალდებულა ქობულეთის მუნიციპალიტეტი და შპს „ქობულეთის წყალი“ შეესრულებინათ სახელშეკრულებო ვალდებულებები და დაეკავშირებინათ სკოლის შენობა ქობულეთის კანალიზაციის სისტემასთან, და მიუხედავად მომჩივნების განმეორებითი ძალისხმევისა, არ მომხდარა ეროვნული სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება (იხილეთ პარაგრაფი 52 ზემოთ).
97. მთლიანი საქმის გარემოებების მხედველობაში მიღებით, ევროსასამართლო მიიჩნევს, რომ ეროვნული ხელისუფლების ორგანოებმა ვერ შეასრულეს თავიანთი პოზიტიური ვალდებულება ჩაეტარებინათ ეფექტიანი გამოძიება, გამოევლინათ და პასუხისგებაში მიეცათ ყველა პასუხისმგებელი პირი. ამასთან, ეროვნული სამართალწარმოების ფარგლებში არსებული ის ხარვეზები, რომლთა წინაშე მომჩივნები აღმოჩნდნენ, მივყავართ იმ დასკვნამდე, რომ მესამე, მეხუთე და მეექვსე მომჩივნებმა შეინარჩუნეს მსხვერპლის სტატუსი კონვენციის 34-ე მუხლის შესაბამისად.
(iv) დასკვნა
98. მტკიცებულებების მხედველობაში მიღებით, ევროსასამართლო კიდევ ერთხელ მიდის იმ დასკვნამდე, რომ წინამდებარე საქმეში შვიდი მომჩივანი დაექვემდებარა ბრბოს უკანონო ქმედებებს, სიძულვილის ენას და სხვა დისკრიმინაციულ ქმედებებს მათი რელიგიის გამო, რადგან მათ არ მიეცათ ქობულეთში მუსულმანური სკოლა-პანსიონატის გახსნის შესაძლებლობა. ამგვარი დისკრიმინაციული ქცევა, რომელიც ძირითადად შედგებოდა სიძულვილის ენის, მუქარისა და დამამცირებელი მოპყრობისგან, პოლიციის უმოქმედობასთან ერთად, მათში იწვევდა შიშის და დაუცველობის განცდას, რის გამოც მათ ვერ შეძლეს მუსულმანური სკოლა-პანსიონის გახსნა.
99. ზემოაღნიშნული კონტექსტის მხედველობაში მიღებით, ევროსასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობდა აშკარა საფუძვლები იმის დასაჯერებლად, რომ მომჩივნებისთვის შეურაცხყოფის მიყენება და მუქარა პროტესტში მონაწილე პირთა მიერ ხდებოდა იმიტომ, რომ ისინი მუსულმანები იყვნენ. ამდენად, ეროვნულ ხელისუფლებას აუცილებლად უნდა გადაედგა გონივრული ნაბიჯები, მათ შორის, გამოძიების დასაწყებად, იმ მიზნით, რომ გამჟღავნებულიყო შესაძლო რელიგიური მიკერძოება განვითარებულ მოვლენებთან მიმართებით და მომხდარიყო მომჩივნების დაცვა რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციისგან. ევროსასამართლო ადგენს, რომ შეზღუდული და დაგვიანებული ძალისხმევის მხედველობაში მიღებით, რაც გამოყენებულ იქნა წინამდებარე საქმეში, ეროვნული ხელისუფლების ორგანოებმა ვერ შეასრულეს თავიანთი ვალდებულება, დაედგინათ შეიძლებოდა თუ არა რელიგიასთან დაკავშირებით წინასწარ შექმილ აზრს, როლი ეთამაშა სადავო მოვლენებში და მოეხდინა შესაბამისი რეაგირება კონვენციის შესაბამისად (იხ. აგრეთვე 60-61 პუნქტებში მოხსენიებული მოხსენებები ზემოთ).
100. საერთო ჯამში, პოლიციის ჩაურევლობა შეეჩერებინა დისკრიმინაციული ქცევა და გამოძიებაში არსებული ხარვეზების შედეგი იყო ის, რომ ღიად რელიგიურად მიკერძოებული ძალადობრივი ქმედებები ყოველგვარი სამართლებრივი შედეგების გარეშე დარჩა და მომჩივნებმა ვერ ისარგებლეს პირად ცხოვრებაში, ღირსებაში და რელიგიურ რწმენაში ჩარევის დროს საჭირო დაცვით. ამ დასკვნების მხედველობაში მიღებით, ევროსასამართლო ასკვნის, რომ მოპასუხე სახელმწიფომ დაარღვია კონვენციის მე-8 და მე-9 მუხლებით გათვალისწინებული პოზიტიური ვალდებულებები მე-14 მუხლთან ერთობლიობაში.
II. 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლის სავარაუდო დარღვევა
101. პირველი მომჩივანი დავობდა თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლებაზე და ეყრდნობოდა 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ე მუხლს, რომლის თანახმად:
„ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისთვის შეიძლება ჩამოერთვას საკუთრება ვინმეს კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.“
2. ევროსასამართლოს შეფასება
107. საკუთრების უფლებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება შეჯამებულია საქმეებში Beyeler v. Italy ([GC], no. 33202/96, § 98, ECHR 2000-I), Sargsyan v. Azerbaijan ([GC], no. 40167/06, § 217, ECHR 2015) და Kristiana Ltd. v. Lithuania (no. 36184/13, § 99, 6 თებერვალი 2018). ევროსასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ იჯარა შეიძლება წარმოადგენდეს ქონებრივ უფლებას, რომელიც დაცულია 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლით (იხილეთ Stretch v. the United Kingdom, no. 44277/98, §§ 32-35, 24 ივნისი 2003; Bruncrona v. Finland, no. 41673/98, § 79, 16 ნოემბერი 2004; და Bosphorus Hava Yolları Turizm ve Ticaret Anonim Şirketi v. Ireland [GC], no. 45036/98, § 140, ECHR 2005-VI).
108. მოცემულ საქმეში მხარეების მიერ სადავო არ ყოფილა ის ფაქტი, რომ პირველ მომჩივანს, რომელმაც დაიქირავა შენობა, ჰქონდა მისი შეუფერხებლად ფლობის და სარგებლობის უფლება, როგორც ეს დაადგინეს ეროვნულმა სასამართლოებმა ორი სხვადასხვა სამართალწარმოების ფარგლებში (იხილეთ პარაგრაფები 43-44 და 51 ზემოთ). საჩივარი შეეხება 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლით გათვალისწინებულ „საკუთრებას“. უფრო მეტიც, ეროვნული სასამართლოების თანახმად, იმ ფაქტის შედეგად, რომ მომჩივნებს ხელი შეეშალათ კერძო პირთა უკანონო ქმედებების გამო და ხელისუფლების ორგანოების მიერ საკმარისი ღონისძიებების გაუტარებლობის გამო, შესულიყვნენ სკოლის შენობაში 2014 წლის 10 სექტემბრის მდგომარეობით, რადგან შპს ქობულეთის წყალმა და ქობულეთის მუნიციპალიტეტმა ვერ შეძლეს სკოლის შენობის ქალაქის საკანალიზაციო სისტემასთან დაკავშირება, პირველმა მომჩივანმა დროის მნიშვნელოვანი პერიოდი ვერ ისარგებლა შენობით სარგებლობის უფლებით, იმისათვის, რომ მისი სურვილის შესაბამისად გაეხსნა მუსულმანური სკოლა.
109. მთავრობა სამოქალაქო ხასიათის ანტიდისკრიმინაციულ სამართალწარმოებაზე დაყრდნობით ამტკიცებდა, რომ მათ შეასრულეს თავიანთი პოზიტიური ვალდებულებები, იმ კუთხით, რომ პირველ მომჩივანს მისცეს შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმის გამოყენების შესაძლებლობა, იმისათვის რომ ეფექტიანად დაეცვა თავისი უფლებები. ეროვნული სასამართლოების, ისევე როგორც ევროსასამართლოს მიგნებების მხედველობაში მიღებით, კონვენციის მე-8 და მე-9 მუხლების საფუძველზე, ევროსასამართლოს უჭირს გაიზიაროს მთავრობის აღნიშნული არგუმენტი. ევროასამართლო აღნიშნავს, რომ პირველი მომჩივნის მიერ სკოლის შენობაზე კონტროლის დაკრგვა, ყველა მისი შესაძლო შედეგებით, ვერ დაიყვანება მხოლოდ კერძო პირთა ქმედებებამდე. რელევანტურმა ორგანოებმა ვერ შეძლეს დისკრიმინაციული და მუქარის შემცველ ქმედებებზე სკოლის გადაკეტვის შეჩერების მიზნით სწრაფი ღონისძიებების გატარება. ნებისმიერ შემთხვევაში, წინამდებარე საქმე, სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულებების კონტექსტში, შეეხება ეროვნული ხელისუფლების შეუძლებლობას სკოლის შენობა დაეკავშირებინა ქობულეთის საკანალიზაციო სისტემასთან. მთავრობას სადავო უმოქმედობა არ დაუსაბუთებია. ეროვნულმა სასამართლოებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის და შპს „ქობულეთის წყალის“ წინააღმდეგ დაწყებულ ანტიდისკრიმინაციული სამართალწარმოების კონტექსტში, ცალსახად განაცხადეს, რომ „ადგილობრივი რელიგიური კონფლიქტი“ ვერ გაამართლებდა მათ უმოქმედობას (იხილეთ პარაგრაფი 51 ზემოთ). სასამართლოს რელევანტური გადაწყვეტილება დღემდე არ აღსრულებულა (იხილეთ პარაგრაფი 52 ზემოთ).
110. ზემოაღნიშნული ინფორმაცია ევროსასამართლოსთვის საკმარისია დასკვნისთვის, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლის დარღვევას.
III. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
111. კონვენციის 41-ე მუხლში წერია:
„თუ სასამართლო დაასკვნის, რომ დაირღვა კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლება, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის ეროვნული სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს“.
აღნიშნული მიზეზებიდან გამომდინარე, ევროსასამართლო ერთხმად
2. აცხადებს საჩივარს დასაშვებად;
3. ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-8 და მე-9 მუხლების დარღვევას, მე-14 მუხლთან ერთობლიობაში, მე-2-8 მომჩივნებთან მიმართებით;
4. ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლის დარღვევას პირველ მომჩივანთან მიმართებით;
5. ადგენს, რომ
(ა) მოპასუხე სახელმწიფომ სამი თვის ვადაში, მას შემდეგ რაც გადაწყვეტილება საბოლოო გახდება, კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მომჩივნებს უნდა გადაუხადოს შემდეგი თანხები:
(i) 1600 ევრო (ათას ექვსასი ევრო), ამასთან ნებისმიერი გადასახადი უნდა აუნაზღაუროს, მომჩივნებს არამატერიალური ზიანის გამო. მე-2 - 8 მომჩივანს, ცალ-ცალკე;
(ii) 1000 ევრო ( ათასი ევრო), ამასთან, ნებისმიერი გადასახადი უნდა აუნაზღაუროს პირველ მომჩივანს მორალური ზიანის გამო;
(ii) 5000 ევრო (ხუთი ათასი ევრო), ამასთან ნებისმიერი გადასახადი, რომელიც მომჩივნებს დაეკისრათ იმ ხარჯებთან მიმართებით, რომელთა კონვერტაცია უნდა მოხდეს გირვანქა სტერლინგში ანგარიშსწორების დღეს მოქმედი კურსით და გადაურიცხოს მომჩივნების წარმომადგენლებს საბანკო ანგარიშზე გაერთიანებულ სამეფოში;
ბ) ზემოთ ხსენებული სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, თანხის სრულ ანაზღაურებამდე, ზემოთ აღნიშნულ თანხებს საჯარიმო პერიოდის განმავლობაში დაერიცხება გადახდის დღეს მოქმედი, ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის შესაბამისი ჩვეულებრივი პროცენტები, რასაც დაემატება სამი პროცენტი.