© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგამნი გაკეთდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების ნდობის ფონდის მხარდაჭერით (/humanrightstrustfund). თარგმანი სასამართლოსთვის სავალდებულო ძალის მქონე არაა. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ დოკუმენტის ბოლოში მოცემული შენიშვნა საავტორო უფლებების შესახებ.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
მეოთხე სექცია
საქმე „გილანი და ქუინტონი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“
(საჩივარი №4158/05)
გადაწყვეტილება
[ამონარიდები]
სტრასბურგი
12 იანვარი, 2010 წ.
შესულია ძალაში
28/06/2010
წინამდებარე გადაწყვეტილება ძალაში შევიდა კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუმცა იგი, შესაძლოა, დაექვემდებაროს სარედაქციო გადასინჯვას.
საქმეზე „ჯილანი და ქუინტონი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“,
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მეოთხე სექცია) პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლეხ გარლიცკი, თავმჯდომარე
ნიკოლას ბრატცა,
ჯიოვანი ბონელო,
ლილიანა მიოვიჩი,
პაივი ჰირველა,
ლედი ბიანკუ,
ნებოისა ვუჩინიჩი, მოსამართეები
და ლორენს ერლი, სექციის სასამართლო გამწესრიგებელი
2009 წლის 12 მაისსა და 8 დეკემბერს გამართული დახურული თათბირების შედეგად, მიიღო წინამდებარე გადაწყვეტილება 2009 წლის 8 დეკემბერს:
პროცედურა
1. საქმეს საფუძვლად დაედო საჩივარი (№4158/05), რომელიც 2005 წლის 26 იანვარს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდეგში „კონვენცია“) 34-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოში ბრიტანეთის ორმა მოქალაქემ - ბ-ნმა კევინ გილანმა და ქ-ნმა პენი ქუინტონმა (შემდეგში „მომჩივნები“) - შეიტანა. საჩივრის სრულად შევსებული ფორმა მათ სასამართლოში წარადგინეს 2007 წლის 30 აპირლს.
2. მომჩივნებს, რომელთა მოთხოვნა იურიდიული დახმარების შესახებ დაკმაყოფილდა, წარმოადგენდა ქ-ნი კორინა ფერგუსონი, ლონდონში მოღვაწე იურისტი, ხოლო გაერთანებული სამეფოს მთავრობას (შემდეგში „მთავრობა“) - ბ-ნი ჯონ გრეინერი, სახელმწიფოს წარმომადგენელი, საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა უწყებიდან.
3. მომჩივნები ჩიოდნენ, რომ პოლიციის მიერ მათ მიმართ გაჩერებისა და ჩხრეკის უფლებამოსილების გამოყენებით დაირღვა კონვენციის მე-5, მ-8, მე-10 და მე-11 მუხლებით დაცული უფლებები.
4. 2008 წლის 30 მაისს პალატის თავმჯდომარემ გადაწყვიტა, მომჩივნების საჩივრების მთავორბასთან კომუნიცირება. ასევე გადაწყდა, რომ საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მისი არსებითი მხარე ერთდროულად განხილულიყო (29-ე მუხლის მე-3 ნაწილი).
5. ღია სასამართლო მოსმენა გაიმართა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შენობაში, სტრასბურგში, 2009 წლის 12 მიასს (სასამართლოს რეგლამენტის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილი).
სასამართლოს წინაშე წარსდგნენ:
(ა) მთავრობის სახელით
ბ-ნი ჯ. გრეინერი, სახელმწიფოს წარმომადგენელი,
ბ-ნიჯ. იდი, დედოფლის ადვოკატი,
მ-ნიჯ. მიფორდი,იურისტი,
ბ-ნი მ. კუმიცკი,
ბ-ნია. მიტჰემი,
ქ-ნი ჯ. გლადსტოუნი, მრჩევლები;
(ბ) მომჩივნების სახელით
ბ-ნიბ. ემერსონი, დედოფლის ადვოკატი,
ბ-ნია. ბეილინი,იურისტი,
ქ-ნიკ. ფერგიუსონი, მრჩეველი.
სასამართლომ მოისმინა ბ-ნი ემერსონისა და ბ-ნი იდის მიმართვები და მათი პასუხები მოსამართლეების შეკითხვებზე.
ფაქტები
I. საქმის გარემოებები
6. მომჩივნები დაიბადნენ, მათი თანმიმდევრობის მიხედვით, 1977 და 1971 წლებში და ცხოვრობენ ლონდონში.
ა.ჩხრეკა
7. 2003 წლის 9-დან 12 სექტემბრამდე მიმდინარეობდა თავდაცვის სისტემებისა და მოწყობილობების საერთაშორისო გამოფენა (შემდეგში „იარაღის გამოფენა“) დოკლენდში, აღმოსავლეთ ლონდონში მდებარე ექსელის ცენტრში, რასაც თან სდევდა საპროტესტო აქციები და დემონსტრაციები.
8. 2003 წლის 9 სექტემბერს, დაახლოებით დილის 10 საათსა და 30 წუთზე, პირველი მომჩივანი, მიემართებოდა რა დემონსტრაციაში მონაწილეობის მისაღებად, იარაღის გამოფენასთან ახლოს ველოსიპედს მართავდა და თან ჰქონდა ზურგჩანთა. იგი ორმა პოლიციელმა გააჩერა და გაჩხრიკა, რომლებმაც მომჩივანს განუცხადეს, რომ ისინი ტერორიზმის შესახებ 2000 წლის კანონის 44-ე მუხლის საფუძველზე მოქმედებდნენ (შემდეგში „2000 წლის კანონი“: იხილეთ ქვემოთ პარაგრაფები 28-34) იმ საგნების მოსაძებნად, რისი გამოყენებაც ტერორისტული მიზნებისთვის შესაძლებელი იყო. მომჩივანს ამის შესახებ უწყება გადაეცა. მომჩივანი აცხადებდა, რომ მის შეკითხვაზე თუ რატომ გააჩერეს, პოლიციელებმა მიზეზად მიუთითეს, რომ საპროტესტო აქციის მრავალი მონაწილე იმყოფებოდა იქ და პოლიცია შიშობდა, რომ ისინი მღელვარებას გამოიწვევდნენ. პირველ მომჩივანს ვერაფერი კანონსაწინააღმდეგო ვერ უპოვეს (თუმცა პოლიციელებმა მას კომპიუტერიდან ამობეჭდილი დემონსტრაციის შესახებ ინფორმაციის შემცველი ფურცლები ჩამოართვეს) და მას ნება დართეს, გზა განეგრძო. იგი დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში იყო დაკავებული.
9. 2003 წლის 9 სექტემბერს, დაახლოებით შუადღის 1-ელ საათსა და 15 წუთზე, მეორე მომჩივანი, რომელსაც ფოტოგრაფის ქურთუკი ეცვა, თან ჰქონდა პატარა ჩანთა და ხელში ვიდეო კამერა ეჭირა, იარაღის გამოფენასთან ახლოს გააჩერეს. როგორც ჩანს, იგი ბუჩქებიდან გამოვიდა. მეორე მომჩივანი, იყო რა ჟურნალისტი, იმ ტერიტორიაზე იმყოფებოდა საპროტესტო აქციის ფირზე აღსაბეჭდად. დედაქალაქის პოლიციის ოფიცრებმა იგი გაჩხრიკეს მიუხედავად იმისა, რომ მისი ვინაობის დასადასტურებლად, მან პოლიციელებს თავისი ჟურნალისტის მოწმობები უჩვენა. მას უთხრეს, შეეწყვიტა გადაღება. მეორე მომჩივანს პოლიციის ოფიცერმა განუცხადა, რომ ეს უკანასკნელი მისთვის 2000 წლის კანონის 44-ე და 45-ე მუხლებით მინიჭებულ უფლებამოსილებას იყენებდა. მას კანონსაწინააღმდეგო ვერაფერი უპოვეს და მეორე მომჩივანს დართეს ნება, გზა განეგრძო. ჩხრეკის შესახებ ოქმის მიხედვით, იგი ხუთი წუთით გააჩერეს, თუმცა მეორე გამცხადებლის თქმით მისთვის ეს ოცდაათი წუთით გაჩერებას ჰგავდა. მისი თქმით, იგი იმდენად შეშინებული და დათრგუნული იყო, რომ მან ვერ შეძლო დემონსტრაციაზე დაბრუნება მიუხედავად იმისა, რომ მისი განზრახვა იყო, შეექმნა დოკუმენტური ფილმი ან გაეყიდა გადაღებული ვიდეომასალა.
ბ.სასამართლო განხილვის პროცესი
1.მაღალი ინსტანციის სასამართლო
10. მომჩივნებმა სცადეს, მათ მიმართ გამოყენებული გაჩერებისა და ჩხრეკის უფლებამოსილების კანონიერება ეჭვქვეშ დაეყენებინათ სასამართლო განხილვის გზით. მაღალი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დაწყებამდე, სახელმწიფო მდივანმა მომჩივნებს შესთავაზა პროცედურა, რომელიც მაღალი ინსტანციის სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას, სპეციალური ადვოკატის მონაწილეობით, განეხილა დაზვერვის ის მონაცემები, რაც საფუძვლად დაედო სახელმწიფო მდივნის გადაწყვეტილებას, დაემტკიცებინა ნებართვა (2000 წლის კანონის 46-ე მუხლი: იხილეთ ქვემოთ პარაგრაფები 30-31). თუმცა მომჩივნებმა მიუთითეს, რომ ისინი საჭიროდ და შესაფერისად არ მიიჩნევდნენ პროცესის შემოთავაზებული გზით წარმართვას, რადგან ისინი არ აპირებდნენ ეჭვქვეშ დაეყენებინათ შეფასება, რომ გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ ტერორიზმის ზოგადი საფრთხე არსებობდა. სანაცვლოდ, მათ განაცხადეს, პირველი, რომ ნებართვა და მისი დამტკიცება, რაც ლონდონის ტერიტორიაზე მოქმედი ნებართვების მიმდინარე პროგრამის ფარგლებში მოხდა, იყო ultra vires და უკანონო, რადგან არსებობდა მრავალი მინიშნება, რომ 2000 წლის კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებული ნებართვის (შემდეგში „44-ე მუხლით გათვალისწინებული ნებართვა“) გაცემა და დამტკიცება პარლამენტის მიერ განზრახული იყო მხოლოდ ტერორიზმის ისეთი მყისიერი საფრთხის საპასუხოდ, რომელიც კონკრეტული ობიექტის წინააღმდეგ იყო მიმართული და რომლის წინააღმდეგაც პოლიციის არსებული უფლებამოსილების ფარგლებში გაჩერებისა და ჩხრეკის სტანდარტული ზომები არასაკმარისი იყო. მეორე, მომჩივნები დაობდნენ, რომ 44-ე მუხლით გათვალისწინებული ნებართვის პოლიციის ოფიცრების მიერ იარაღის გამოფენასთან მათი გაჩერებისა და ჩხრეკისთვის გამოყენება ეწინააღმდეგებოდა კანონმდებლობის მიზანს და იყო უკანონო; ამასთან, პოლიციელებს ან არ ჰქონდათ მითითებები ზემდგომისგან, ან მითითებების შესრულება პოლიციელების მიერ უფლებამოსილების გადაემტებას იწვევდა. მესამე, მომჩივნები ჩიოდნენ, რომ 44-ე მუხლით გათვალისწინებული ნებართვები და მათ შესაბამისად უფლებამოსილების განხორციელება წარმოადგენდა კონვენციის მე-5, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 მუხლებით დაცული მათი უფლებების არათანაზომიერ შეზღუდვას.
11. 2003 წლის 31 ოქტომბერს, მაღალი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა საჩივარი ([2003] EWHC 2545). მოსამართლე ლორდმა ბრუკმა, სასამართლოს სახელით გადაწყვეტილების დადგენისას, აღნიშნა, რომ პარლამენტს განსაზღვრული ჰქონდა, რომ 44-ე მუხლით გათვალისწინებული ნებართვა პოლიციის მოქმედების მთელ არეალზე გავრცელებულიყო, როგორც სერიოზული მასშტაბის ტერორისტული საქმიანობის ზოგადი საფრთხის საპასუხო ღონისძიება, და რომ ნებართვა და მისი შემდგომი დამტკიცება სახელმწიფო მდივნის მიერ არ იყო ultra vires.
მომჩივნების საჩივრის მეორე არგუმენტთან დაკავშირებით, მოსამართლე ლორდმა ბრუკმა განაცხადა:
„ბრიტანელი ხახლის უმრავლესობა იმედოვნებდა, რომ 44-ე მუხლით პოლიციისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების შემოღება ამ ქვეყანაში არ იქნებოდა საჭირო, განსაკუთრებით მშვიდობიანობის დროს. ამ ქვეყანაში ხალხი ყოველთვის თავისუფლად გადაადგილდებოდა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა პოლიციას ჰქონდა მათი გაჩერების გონივრული მიზეზი. თუმცა, პარლამენტმა მიიჩნია, რომ საერთაშორისო ტერორიზმიდან და დისიდენტი ირლანდიელი ტერორისტებისგან მომდინარე თანამედროვე საფრთხეები არის იმგვარი, რომ ჩვენ, როგორც მოსახლეობა, კმაყოფილები უნდა ვიყოთ, რომ პოლიციას აქვს ნება-სურვილისამებრ ჩვენი გაჩერებისა და ჩხრეკის უფლება იმ საგნების ამოსაღებად, რაც ტერორიზმთან შეიძლება იყოს კავშირში.
ელემენტარულია, რომ თუ პოლიცია პოროტად გამოიყენებს ამ ძალაუფლებას და ამ ძალაუფლებას არათანაზომიერად მიმართავს იმ პირებისკენ, ვისაც ტერორისტები თავიანთ მოკავშირეებად არ მიიჩნევენ, მაშინ ტერორისტები ამით მხოლოდ მოიგებენ. იარაღის გამოფენის წინააღმდეგ მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლება ისევე მნიშვნელოვანია, როგორც უფლება, ფეხით იარო ან ველოსიპედით გადაადგილე ლონდონის ქუჩებში ისე, რომ პოლიციამ გონივრული მიზეზის გარეშე არ გაგაჩეროს. თუ პოლიციას სურს, გაჩერებისა და ჩხრეკის ეს განსაკუთრებული უფლებამოსილება უმიზეზოდ გამოიყენოს, მან ეს ისე უნდა გააკეთოს, რომ არ გამოიწვიოს ლეგიტიმური საჩივრები ძალაუფლების თვითნებურად, ბოროტად გამოყენების შესახებ.
თუმცა, ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ 9 სექტემბერს პოლიციის მოქმედებით ბ-ნ გილანს ან ქ-ნ ქუინტონს წარმოეშვათ დაცვის საჯარო სამართლებრივი საშუალების მოთხოვნის უფლება. იმის დამადასტურებელი მტკიცებულებების არ არსებობის პრიობებში, რომ ხსენებული ძალაუფლების გამოყენება ჩვეულებრივ ხდებოდა ისეთი მოვლენების დროს, რაც სიმბოლურ სამიზნეს წარმოადგენდა, არსებული მტკიცებულება საკმარისია ჩვენს დასარწმუნებლად, რომ იარაღის გამოფენა იყო მოვლენა, რომელიც პოლიციის შეშფოთების საკმარის მიზეზს წარმოადგენდა, რომ საჭიროდ მიეჩნია 44-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენება... . მაგრამ ეს იყო მოქმედება ზღვარზე და მომავალში მსგავსი საჩივრების თავიდან ასაცილებლად, კარგი იქნება, დედაქალაქის პოლიციამ გადახედოს თავის საწვრთნელ მასალებსა და ინსტრუქციებს და ასევე იმ ფორმების ტექსტს, რასაც იგი იყენებს 44-ე მუხლით გათვალისწინებული გაჩერებისას/ჩხრეკისას. ...“
საბოლოოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ უფლებამოსილებები კანონით იყო განსაზღვრული და ლონდონში ტერორისტული შეტევის საფრთხის გათვალისწინებით, ისინი არ იყო არათანაზომიერი.
2.სააპელაციო სასამართლო
12. საპელაციო სასამართლომ 2004 წლის 29 ივლისს გამოიტანა გადაწყვეტილება ([2004] EWCA Civ 1067). კანონის სათანადო განმარტებასთან დაკავშირებით მან დაადგინა:
„ცხადია, რომ პარლმენტმა, მისთვის უჩვეულოდ, დაუშვა შემთხვევითი შერჩევით გაჩერება და ჩხრეკა, თუმცა, როგორც ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, შესაბამისი მუხლების ტექსტზე მჯელობისას, ამ უფლებამოსილების გამოყენებისთვის დაადგინა დაცვის მექანიზმები. უფლებამოსილება უნდა იყოს გამოყენებული ერთი კონკრეტული მიზნით იმ დროის განმავლობაში, რა პერიოდითაცაა გაცემული ნებართვა უფროსი ოფიცრის მიერ და დადასტურებული სახელმწიფო მდივნის მიერ. გარდა ამისა, თუ არ მოხდა მისი განახლება, ნებართვას აქვს შეზღუდული მოქმედების ვადა.
ჩვენ არ მიგვაჩნია გასაკვირად, რომ სიტყვა ‘მიზანშეწონილი’ მოცემულია 44-ე მუხლის მე-3 პუნქტში ნებართვის გაცემის უფლებამოსილებასთან კავშირში. კანონით დადგენილი სქემით უფროსი ოფიცრის დისკრეციის საგანია ის, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ უფლებამოსილების გამოყენება. ვეთანხმებით რა მაღალი ინსტანციის სასამართლოს, ჩვენ სიტყვას მივანიჭებდით მის ჩვეულ მნიშვნელობას - ‘ხელსაყრელი’. კანონმდებლობის ჩარჩოებში ჯდება, რომ ასეთი ტიპის უფლებამოსილების გამოყენება მოხდეს მაშინ, როცა პოლიციის მაღალჩინოსანი ოფიცერი მიიჩნევს, რომ ამ უფლებამოსილების გამოყენება ხელსაყრელია ტერორისტული აქტების თავიდან ასაცილებლად.
ასეთი ინტერპრეტაციით 44-ე და 45-ე მუხლები არ შეიძლება წინააღმდეგობაში მოდიოდეს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მუხლების დებულებებთან. კონვენციის მუხლების დარღვევა თუ მოხდება, ეს გამოწვეული იქნება უფლებამოსილების გამოყენების ფორმით და არა იმის გამო, რომ ეს უფლებამოსილება არსებობს. კონვენციის ნებისმიერი შესაძლო დარღვევა დამოკიდებული იქნება იმ გარემოებებზე, რომელშიც გამოყენებული იქნება კანონის ზემოხსენებული მუხლებით გათვალისწინებული უფლებამოსილებები.“
13. სააპელაციო სასამართლომ არ ჩათვალა საჭიროდ, ემსჯელა იმ საკითხე, გამოყენებადი იყო თუ არა მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილი, რადგან დაადგინა, რომ თავისუფლების ნებისმიერი აღკვეთა გამართლებული იყო მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის (ბ) პუნქტით. თუმცა, სასამართლოს აზრით, საკითხის გადაჭრა რომც ყოფილიყო საჭირო, უფრო სწორი იყო მოსაზრება, რომ ადგილი არ ჰქონია თავისუფლების აღკვეთას, მხედველობაში იღებდა რა გაჩერებისა და ჩხრეკის სტანდარტული ღონისძიებით გამოწვეული შეზღუდვის უმნიშვნელო ხასიათსა და იმ ფაქტს, რომ ამის მთავარი მიზანი იყო არა პირის თავისუფლების აღკვეთა, არამედ სხვადასხვა ფორმის შემოწმების განხორციელება. სასამართლომ ასევე არ მიიჩნია, რომ მე-10 და მე-11 მუხლები გამოყენებადი იყო. მართალია მომჩივნების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები შეშფოთების გარკვეულ საფუძველს იძლეოდა, რომ მათ მიმართ გამოყენებული იყო ძალაუფლება, რათა ისინი გაეკონტროლებინათ ან არ დაეშვათ დემონსტრაციაზე, ამ საკითხებზე სასამართლოს არ უმსჯელია რადგან მომჩივნების ძირითადი არგუმენტები უკავშირდებოდა კანონმებლობის კნოვენციასთან შესაბამისობის საკითხს; ამასთან, სწორი გამოყენებისას - შეზღუდული ხანგრძლივობითა და ტერორიზმთან დაკავშირებული საგნების აღმოჩენის მიზნით, გაჩერებისა და ჩხრეკის უფლებამოსილება არ ხელყოფდა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას.
14. მოპასუხემ - დედაქალაქის პოლიციის კომისარმა - დაადასტურა, რომ გაჩერებისა და ჩხრეკის ღონისძიებამ შეზღუდა მომჩივნების მე-8 მუხლით დაცული უფლებები; სააპელაციო სასამართლომაც მიიჩნია, რომ ეს სწორი მიდგომა იყო, დაახასიათა რა 44-ე მუხლი, როგორც „საზოგადოების წევრების პირად ცხოვრებაში შეჭრის განსაკუთრებულად ფართო უფლებამოსილება“. თუმცა მან დაადგინა, რომ შეზღუდვა კანონთან შესაბამისი იყო შემდეგ მიზეზთა გამო:
„‘კანონმდებლობა’, რომელიც მოცემულ საქმეში კრიტიკის ობიექტი იყო, გახლდათ კანონი და არა ნებართვა. ეს კანონი ისეთივე საჯარო დოკუმენტი იყო, როგორიცაა ნებისმიერი სხვა კანონი. ამასთან, მისი დებულებები არანაირი გაგებით არაა თვითნებური. მართალია კონკრეტულ სიტუაციაში პირის გასაჩერებლად არ არის აუცილებელი, პოლიციელებს ჰქონდეთ ეჭვის საფუძველი, რომ პირი საეჭვო ნივთებს ფლობს (45-ე მუხლის, 1-ლი ნაწილის (ბ) პუნქტი), მათ ამ უფლებამოსილების გამოყენება მხოლოდ შეზღუდული მიზნებისთვის შეუძლიათ და მხოლოდ მაშინ, როცა მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ უფლებამოსილების განხორციელება მიზანშეწონილია სერიოზული მიზნის მისაღწევად - ტერორისტული აქტების თავიდან აცილებისთვის (44-ე მუხლის მე-3 ნაწილი). ასეთი კონტროლის მექნიზმის მქონე სისტემა არ შეიძლება ჩაითვალოს რაიმე გაგებით თვითნებურად, რაც მას ‘კანონის’ სტატუს დააკარგივნებდა ამ ტერმინის კონვენციის იურისპრუდენციაში მოცემული ავტონომიური მნიშვნელობით. ამასთან, მართალია ნებართვები და მათი დამტკიცება არ ექვემდებარება გამოქვეყნებას, რადგან არა უმიზეზოდ მიჩნეულია, რომ გამოქვეყნებამ შესაძლოა, შეასუსტოს გაჩერებისა და ჩხრეკის ღონისძიების ეფექტიანობა, და რადგან 45-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაჩერებულ პირს აქვს წერილობითი განცხადების წარდგენის უფლება, ამ კონტექსტში გამოუქვეყნებლობა არ ნიშნავს, რომ რაც მოხდა არ იყო კანონით დადგენილი პროცედურა.“
გარდა ამისა, გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ მიმართული ტერორიზმის საფრთხის გათვალისწინებით, უფლებამოსილების განხორციელებაზე ნებართვა და მისი დადასტურება, ზოგადი პრინციპის დონეზე, არ შეიძლება ჩაითვალოს არათანაზომიერად: გაჩერებისა და ჩხრეკის ღონისძიების შედეგად, ჩარევითა და შეზღუდვით თუნდაც ბევრი ინდივიდისთვის შექმნილი არახელსაყრელი მდგომარეობა შეუძლებელია, შეედაროს იმ სარგებელს, რომ ამ ღონისძიების შედეგად ტერორისტული აქტის განხორციელების შესაძლებლობა შემცირდა ან მისი განხორციელება თავიდან იქნა აცილებული. იარაღის მოცემული გამოფენის ხასიათის, აეროპორტთან და წინა ტერორისტული ინციდენტის (რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიის პრობლემას უკავშირდებოდა) ადგილთან მისი ახლო მდებარეობისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, პოლიციას უფლება ჰქონდა, მიეღო გადაწყვეტილება 44-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენების შესახებ. თუმცა, იარაღის გამოფენასთან ახლოს 44-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენების შესახებ პოლიციის მიერ არასაკმარისი მტკიცებულებების წარმოდგენის გამო, შეუძლებელი იყო რაიმე დასკვნის გამოტანა მომჩივნების მიმართ ამ უფლებამოსილების გამოყენების კანონიერებისა და პროპორციულობის შესახებ.
3.ლორდთა პალატა
15. 2006 წლის 8 მარტს, ლორდთა პალატამ ერთხმად განაცხადა უარი მომჩივნების საჩივრების დაკმაყოფილებაზე ([2006] UKHL 12). ლორდმა ბინგემმა, ვისაც სხვა ლორდებიც დაეთანხმნენ, თავდაპირველად აღნიშნა:
„1. ჩვენი ქვეყნის ძველი და ძვირფასი ტრადიციაა, რომ ყველას შეეძლოს თავისი საქმიანობის განსახორციელებლად ქვეყნის ქუჩებში თავისუფალი გადაადგილება, იყონ რა დარწმუნებული, რომ პოლიცია მათ არ გააჩერებს და არ გაჩხრეკს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ჩადენილია სისხლის სამართლის დანაშაული. ამ ტრადიციის დაცვა იმდენად განუხრელად ხდებოდა, რომ ის თითქმის კონსტიტუციურ პრინციპად იქცა. მაგრამ ეს არაა აბსოლუტური ნორმა. თუმცა არსებობს, და წლების განმავლობაში არსებობდა, კანონით დადგენილი გამონაკლისები. წინამდებარე საჩივრები ეხება ტერორიზმის შესახებ 200 წლის კანონის (‘2000 წლის კანონი’) 44-ე - 47-ე მუხლებით ამჟამად დადგენილ გამონაკლისს. მომჩივნები ასაჩივრებენ ამ მუხლების გამოყენებას და როგორც ბოლო საშუალება - ასაჩივრებენ თავად ამ მუხლებს. ვინაიდან ზოგადი წესიდან ნებისმიერი გადახვევა საჭიროებს ყურადღებით შესწავლას, მათი საჩივრები ზოგადი მნიშვნელობის საკითხებს წამოჭრის.“
16. ლორდთა პალატის წინაშე მდგარი პირველი საკითხი იყო კანონის სწორი ინტერპრეტაცია. მომჩივნებმა იდავეს, რომ 44-ე მუხლის მე-3 ნაწილი უნდა განმარტებულიყო ისე, რომ მას დაეშვა ნებართვის გაცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების მიმღებს, ყველა გარემოების გათვალისწინებით, ექნებოდა გონივრული მიზეზი, მიეჩნია, რომ უფლებამოსილების გამოყენება ტერორიზმის პრევენციისთვის საჭირო და შესაბამისი იყო. ლორდი ბინგემი არ დაეთანხმა ამ განმარტებას, რადგან დებულებაში მოცემული სიტყვის „მიზანშეწონილი“ მნიშვნელობა განსხვავდებოდა სიტყვისგან „საჭირო“. შემდეგ მან აღნიშნა:
„14. ... თუმცა არსებობს ამ არგუმენტის უარყოფის სხვა მიზეზებიც. როგორც უკვე დადგინდა, მართალია, რომ 45-ე მუხლის 1-ლი ნაწილის (ბ) პუნქტი, ხსნის რა გონივრული ეჭვის შესახებ პირობას, განსხვავდება იმ სტანდარტული წესისგან, რომლის თანახმადაც კონსტებლი ახორციელებს გაჩერებისა და ჩხრეკის უფლებამოსილებას. ამიტომ, ვინმე იფიქრებდა, რომ, ინტერპრეტაციის დასაშვები ზღვარის ფარგლებში, ‘მიზანშეწონილისთვის’ არ მიენიჭებინა იმაზე ფართო მნიშვნელობა, ვიდრე ეს საჭირო იყო მოცემულ კონტექსტში. მაგრამ კანონმდებლობის კონტექსტის განხილვა აჩვენებს, რომ ნებართვა და უფლებამოსილების განხორციელება ძალიან ვიწროდ რეგულირებულია და არ ტოვებს ვარაუდის საშუალებას, რომ პარლამენტმა არ იგულისხმა ის, რაც თქვა. მართლაც, არსებობს ყველანირი მინიშნება, რომ პარლამენტი აცნობიერებდა მის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების მნიშვნელობას, მაგრამ თვლიდა, რომ ეს იყო საზოგადოების ტერორიზმის სერიოზული საფრთხეებისგან დაცვის შესაფერისი ღონისძიება, იმ პირობით, თუ უფლებამოსილება დაექვემდებარებოდა ეფექტიან შეზღუდვებს. კანონმდებლობა ადგენს მრავალ ასეთ შეზღუდვას. პირველი, 44-ე მუხლის 1-ლი ან მე-2 ნაწილის თანახმად ნებართვა შეიძლება გაიცეს მხოლოდ მაშინ, თუ ნებართვის გამცემი პირი მას ‘ტერორისტული აქტების პრევენციისთვის’ მიზანშეწონილად მიიჩნევს (და თავისთავად ცხადია, რომ გონივრულად მიიჩნევს). ნებართვა მიმართული უნდა იყოს ამ უმნიშვნელოვანესი ამოცანისკენ. მეორე, ნებართვის გაცემა შეუძლია მხოლოდ ძალიან მაღალაჩინოსან პოლიციელს. მესამე, ნებართვა ვერ გავრცელდება პოლიციის სამოქმედო არეალის საზღვრებს მიღმა და არ არის აუციელებელი, ის მთელ არეალზე გავრცელდეს. მეოთხე, ნებართვის მოქმედების ვადაა არა უმეტეს 28 დღე და არ არის აუცილებელი, ის სრული ვადით იყოს შემოღებული. მეხუთე, ნებართვის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სახელმწიფო მდივანს. მეექვსე, თუ 48 საათის განმავლობაში სახელმწიფო მდივანი მას არ დაამტკიცებს, ნებართვა უქმდება. მეშვიდე, სახელმწიფო მდივანს უფლება აქვს, შეამციროს ნებართვის მოქმედების ვადა, ან კონკრეტული თარიღიდან გააუქმოს იგი. მერვე, განახლებული ნებართვა ექვემდებარება დამტკიცების იმავე პროცედურას. მეცხრე, კონსტებლისთვის 44-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენება მხოლოდ ისეთი საგნების აღმოსაჩენადაა დასაშვები, რომელთა გამოყენებაც ტერორისტული მიზნებისთვისაა შესაძლებელი. მეათე, პარლამენტმა 126-ე მუხლის დებულებით დაადგინა, რომ არანაკლებ წელიწადში ერთხელ მას უნდა წარდგენოდა მოხსენება კანონის მოქმედების შესახებ, რასაც მოსაწონი ზედმიწევნობით, სამართლიანობითა და პროფესიონალიზმით ასრულებდა ბერიუს ლორდი კარლაილი, დედოფლის ადვოკატი. დაბოლოს, ცხადია, რომ ნებართვის გაცემის, დამტკიცების ან ჩხრეკის ჩატარების უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ნებისმიერი ფაქტი ამხელს ნებართვის გამცემ ოფიცერს, სახელმწიფო მდივანს ან კონსტებლს კანონით დასჯად ქმედებაში.
15. მოცემულ კონტექსტში კანონიერების პრინციპი გამოყენებადი არაა, რადგან ეს დებულებები რომც ზღუდავდნენ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას, რაც თავისთავად სადაო განაცხადია, ეს შეზღუდვა დადგენილია არა ზოგადი ფრაზებით, არამედ დეტალური, კონკრეტული და არაორაზროვანი დებულებებით. აპელანტების არგუმენტს ასევე არ ამყარებს შინაგან საქმეთა უწყების ცირკულარი. ამას კარგად აჩვენებს აპელანტთა საჩივრებზე ფრთხილი ოფიციალური პასუხი და ლორდ კარლაილის მოწოდება, რომ ხსნებული უფლებამოსილების გამოყენება შეზღუდულად მოხდეს. თუმცა სადაოც კი არაა, რომ ეს გავლენას ვერ მოახდენს 44-ე მუხლის მე-3 ნაწილის ინტერპრეტაციაზე. ამ პუნქტის თანახმად, ნებართვა შეიძლება გაიცეს მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როცა ნებართვის გამცემი პირი მიიჩნევს, რომ გაჩერებისა და ჩხრეკის ამ უფლებამოსილებებს, სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი პრაქტიკული დატვირთვა და გამოყენება ექნება იმ საზოგადოებრივი მიზნის მისაღწევად, რასაც ეს დებულებები ემსახურება, კერძოდ - ტერორისტული აქტების პრევენცია.“
17. მომჩივნების არგუმენტი, რომ ნებართვების „მიმდინარე პროგრამა“ იყო ultra vires, ლორმდა ბინგემმა შემდეგნაირად უარყო:
„18. აპელანტების მეორე და ძირითადი პრეტენზია მიმართული იყო თანმიმდევრობით მიღებულ ნებართვებზე, რომლებიც დედაქალაქის პოლიციის განყოფილების მთელ ტერიტორიაზე მოქმედებდა 2001 წლის თებერვლიდან 2003 წლის სექტემბრამდე. ისინი დაობდნენ, რომ ერთი იყო კონკრეტული და სპეციფიკური საფრთხის გასანეიტრალებლად განსაკუთრებული უფლებამოსილების გამოყენება, ხოლო მეორე - ნებართვა, რომელიც რეალურად წარმოადგენს ლონდონის მასშტაბით მოქმედ განგრძობად აკრძალვას. ესეც არაა არამიმზიდველი არგუმენტი. ვინმემ შესაძლოა მიიჩნიოს, რომ თვიდან თვემდე განახლებული ნებართვა ხდება რუტინული ბიუროკრატიული საქმიანობის პროდუქტი და არა 44-ე და 46-ე მუხლების მოთხოვნების შესაბამისად ინფორმირებული გადაწყვეტილების შედეგი. მაგრამ წინამდებარე საჩივრებთან დაკავაშირებული თითოეული ნებართვის გაცემა და მათი დამტკიცება შეესაბამებოდა კანონით განსაზღვრულ ვადებსა და მოქმედების არეალს. ნებართვის განახლების შესაძლებლობა 46-ე მუხლის მე-7 ნაწილით პირდაპირ იყო დაშვებული. ნებართვის გაცემა და მისი დამტკიცება სრულად შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს. კომისრის თანაშემწისა და ქეთრინ ბაირნის მტკიცებულება არათუ ადასტუებს, არამედ უარყოფს რუტინული ბიუროკრატიული საქმიანობის შესახებ მოსაზრებას. 2001 წლის სექტემბრის მოვლენებამდე კანონმდებლობის მიღებისას, პარლამენტი შესაძლოა არ ითვალისწინებდა ნებართვების თანმიმდევრობით განგრძობად განახლებას. თუმცა, ცასლახად, მისი განზრახვა იყო, რომ 44-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენება შესაძლებელი ყოფილიყო, როცა გამოვლენილი იქნებოდა ტერორიზმის საფრთხე, რასთან გამკლავებასაც ამ უფლებამოსილების გამოყენება ხელს შეუწყობდა; ნებართვების განახლების ტენდენცია, რაც 2003 წლის სექტემბრამდე შეინიშნება (მიჩნეულია, რომ შემდეგ ტენდენცია შეიცვალა), თავისთავად იყო პარლამენტის პრინციპული უარის შედეგი, რომ გაჩერებისა და ჩხრეკის განსაკუთრებული უფლებამოსილება ყოფილიყო განგრძობადი ხასიათისა და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოქმედი. 2000 წლის კანონის 2002-2003 წლებში მოქმედების შესახებ ანგარიშში ლორმდა კარლაილმა დაასკვნა, რომ 44-ე და 45-ე მუხლები კვლავაც საჭირო და ტერორიზმის განგრძობადი და სერიოზული საფრთხის პროპორციული იყო და მიიჩნია, რომ ლონდონი იყო ‘განსაკუთრებული შემთხვევა, იქ მდებარე მოწყვლადი აქტივებისა და თითქმის ყველა ოლქში არსებული მაცხოვრებელთა რელევანტური კატეგორია’.“
18. კითხვაზე გაჩერებისა და ჩხრეკის შედეგად აღკვეთილი ჰქონდა თუ არა რომელიმე მომჩივანს თავისუფლება, ლორდმა ბინგემმა აღნიშნა, რომ არ არსებობდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ანალოგიურ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით და დაადასტურა, რომ სახეზე იყო თავისუფლების აღკვეთის გარკვეული ნიშნები, როგორიცაა ღონისძიების იძულებითი ხასიათი. თუმცა, ვინაიდან პროცედურა, ჩვეულებრივ, შედარებით მოკლე ხაგრძლივობის იყო და ვინაიდან გაჩერებული პირის დაკავება, მისთვის ხელბორკილის დადება, დაპატიმრება ან სხვა ადგილას მისი გადაყვანა არ ხდებოდა, პირი არ უნდა ყოფილიყო მიჩნეული, „როგორც დაპატიმრებული იმ გაგებით, რომ იგი იყო ჩაკეტილი ან თავისუფლება აღკვეთილი; იგი უნდა მიჩნეულიყო როგორც დაპატიმრებული იმ გაგებით, რომ მას შეეზღუდა გადაადგილების შესაძლებლობა ან იგი აიძულეს, დაეცადა“. ამიტომ, მე-5 მუხლი არ იყო გამოყენებადი.
19. რაც შეეხება საკითხს, იყო თუ არა გამოყენებადი მე-8 მუხლი, ლორდ ბინგემს:
„28. ... ეჭვი ეპარებოდა, რომ პირის სტანდარტული, ზედაპირული ჩხრეკა შესაძლოა მიჩნეულიყო, როგორც პირადი ცხოვრების უპატივცემულობის გამომხატველი. მართალია, რომ ‘პირადი ცხოვრება’ ფართოდ იყო განმარტებული და მოიცავდა პირად ავტონომიასთან დაკავშირებულ მრავალ უფლებას. მაგრამ კონვენციის იურისპრუდიენციიდან ნათელია, რომ შეზღუდვამ უნდა მიაღწიოს სიმძიმის გარკვეულ ზღვარს, რომ კონვენცია მოქმედებაში მოვიდეს; ბოლოს და ბოლოს კონვენცია ეხება ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს და მე ვიხრები იმ მოსაზრებისკენ, რომ პირის ჩვეულებრივი, ზედაპირული ჩხრეკა და ჩანთების გახსნა, როგორი ტიპის ღონისძიებასაც, მაგალითად, მგზავრები ჩივილის გარეშე ემორჩილებიან აეროპორტებში, ძნელია ითქვას, რომ აღწევს სიმძიმის ზემოხსენებულ ზღვარს.“
20. ლორდმა ბინგემმა არ მიიჩნია, რომ 44-ე და 45-ე მუხლებით გათვალისწინებული გაჩერებისა და ჩხრეკის უფლებამოსილების კანონმდებლობისა და „A“ კოდექის მოთხოვნების დაცვით გამოყენება შესაძლებელი იყო იმგვარად, რომ დარღვეულიყო პირის კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლებით დაცული უფლებები.
21. მიუხედავად მე-5, მე-8, მ-10 და მე-11 მუხლების გამოყენებადობასთან დაკავშირებით ამ ეჭვებისა, ლორდმა ბინგემმა შემდგომ განიხილა საკითხი, შეესაბამებოდა თუ არა კონვენციით დადგენილ „კანონიერების“ მოთხოვნებს გაჩერებისა და ჩხრეკის შესახებ უფლებამოსილება:
„34. კონვენციაში მოცემული კანონიერების მოთხოვნა ეხება კანონის უზენაესობის პირველადი მნიშვნელობის მახასიათებლებს. საჯარო თანამდებობის პირების მიერ უფლებამოსილების განხორციელება უნდა რეგულირდებოდეს მკაფიო და საზოგადეობისთვის ხელმისაწვდომი კანონის ნორმებით, რადგან მათი მოქმედება გავლენას ახდენს საზოგადოებაზე. საზოგადოება არ უნდა იყოს დაუცველი იმ საჯარო თანამდებობის პირების მხრიდან ჩარევისგან, ვინც მოქმედებს პირადი ახირების, კაპრიზის, ბოროტი განზრახვის, მიკერძოებულობის ან სხვა ისეთი განზრახვით, რაც არ წარმოადგენს უფლებამოსილების მინიჭების მიზანს. ეს არის ის, რაც მოცემულ კონტექსტში წარმოადგენს თვითნებობას, რაც კანოიერების ანტითეზისია. ესაა ის სტანდარტი, რომელსაც ნებისმიერი შეზღუდვა ან კონვენციიდან დეროგაცია უნდა შეესაბამებოდეს იმისათვის, რომ არ მოხდეს უფლების დარღვევა.
35. გაჩერებისა და ჩხრეკის განსახილველი სისტემა, ჩემი აზრით, აკმაყოფილებს ამ სტანდარტს. 2000 წლის კანონი საზოგადოებას ამცნობს, რომ ამ უფლებამოსილების განხორციელება, თუკი სათანადო ნებართვა გაიცემა და დამტკიცდება, შესაძლებელია. ის უფლებამოსილებას მნიშვნელოვანი სიზუსტით განსაზღვრავს და ადგენს მის საზღვრებს. „A“ კოდექსი, საჯარო დოკუმენტი, დეტალურად აღწერს პროცედურას. კანონი და კოდექსი არ შეიცავენ მოთხოვნას, რომ ნებართვის გაცემის შესახებ ინფორმაცია, ან მასში მოცემული დეტალები გამოქვეყნდეს, თუნდაც რეტროსპექტულად, მაგრამ მეეჭვება, რომ ნებართვები უნდა იყოს მიჩნეული, როგორც ‘კანონი’ - ისინი წარმოადგენენ კანონის განხორციელების პროცედურას. ნებისმიერ შემთხვევაში, ნებართვის ან მისი დამტკიცების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გამოქვეყნების ვალდებულება არარად აქცევდა საზოგადოების დაცვის პოტენციურად მნიშვნელოვან საშუალებას. ასეთი ტიპის ღონისძიების ეფექტიანობა სერიოზულად შესუსტდება, თუ პოტენციური დამნაშავეები წინასწარ იქნებიან ინფორმირებულები. კონსტებლმა ნებისმიერ პირს, რომელიც გაჩერებასა და ჩხრეკას დაექვემდებარა, უნდა მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია. უფლებამოსილების განხორციელებისას, კონსტებლს არ აქვს უფლება, იმოქმედოს თვითნებურად და თუკი ასეთ ქმედებას ექნება ადგილი, მის წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელის აღძვრის საშუალება არსებობს. მართალია, რომ საზოგადოების წევრის გაჩერებამდე ან ჩხრეკამდე, არ არის სავალდებულო, კონსტებლს წინასწარ ჰქონდეს ეჭვი პირის მიმართ. რეალურად ეს არ შეიძლება განიმარტოს, როგორც იმ პირთა გაჩერებისა და ჩხრეკის ნებართვა, ვინც აშკარაა, რომ არ არიან ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები, რაც იქნეობდა ამაო და დროის ფუჭი ხარჯვა. ეს უფლებამოსილება უზრუნველყოფს, რომ კონსტებლს, იმის შიშით, რომ იგი ვერ დაადასტურებს მისი ეჭვის გონივრულობას, არ შეეშალოს ხელი, გააჩეროს და გაჩხრიკოს პირი, ვისზეც ეჭვობს, რომ პოტენციური ტერორისტია. არავის უმტკიცებია, რომ მოცემულ საქმეებში კონსტებლები თავიანთ უფლებამოსილებას დისკრიმინაციულად ახორციელებდნენ (ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ამის მტკიცება შეუძლებელია) და მე ვარჩევ, დისკრიმინაციის საკითხზე არაფერი ვთქვა.“
...
23. ითონ-ანდერ-ჰეივუდის ლორდმა ბრაუნმა აღნიშნა, inter alia:
„74. [44-ე მუხლით] დადგენილი უფლებამოსილების (რომელსაც ხშირად აღწერენ, როგორც შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩხრეკის უფლებამოსილებას, რომლის განსახორციელებლადაც დანაშაულის ჩადენის გონივრული ეჭვის არსებობა არაა საჭირო) განსაკუთრებული (მაგრამ, როგორც ლორდმა ბინგემმა არღნიშნა, არა უნიკალური ან განსაკუთრებულად ნოვატორული) ხასიათის გათვალისწინებით, არაა გასაკვირი, რომ იგი შემოსაზღვრულია მრავალი სახის შეზღუდვებითა და დაცვის მექანიზმებით. მათ შორის, იმის მიხედვით, თუ უფლებამოსილება როგორ მოქმედებს უშუალოდ საზოგადოებაზე, ალბათ ყველაზე რელევანტურია შემდეგი: უფლებამოსილების გამოყენება შეუძლია მხოლოდ ფორმაში გამოწყობილ კონსტებლს (44-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები). მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ტერორიზმთან დაკავშირებული ნივთების აღმოჩენის მიზნით (45-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ა) პუნქტი). პირს, ვისაც უტარდება ჩხრეკა, არ უნდა მოსთხოვონ ტანსაცმლის საჯაროდ გახდა, გარდა თავსაბურავის მოხნისა და ფეხსაცმლის, პალტოს, ქურთუკის ან ხელთათმანების გახდისა (45-ე მუხლის მე-3 ნაწილი). ჩხრეკა უნდა ჩატარდეს იმ ადგილას ან იმ ადგილთან ახლოს, სადაც პირი ან ავტომობილი გააჩერეს (45-ე მუხლის მე-4 ნაწილი). პირის ან ავტომობილის დაპატიმრება შესაძლებელი მხოლოდ იმ დროით, რაც გონივრულად აუცილებელი ასეთი ჩხრეკის ჩასატარებლად (45-ე მუხლის მე-4 ნაწილი). რაც არ უნდა მიუღებელად და არასასიამოვნოდ შეიძლება ადამიანების უმრავლესობას მოეჩვენოს გაჩერებისა და ჩხრეკის ეს პროცედურა, და მიუხედავად იმისა, რომ იგი რადიკალურად განსხვავდება პოლიციის უფლებამოსილების საზღვრების შესახებ ჩვენი ტრადიციული წარმოდგენებისგან, ძნელია იმის თქმა, რომ ეს პროცედურა ახდენს ჩვენი სამოქალაქო უფლებების ძალიან სერიოზულ ხელყოფას. თუმცაღა, იმის გათვალისწინებით, რომ ზოგ შემთხვევებში, და ამას მოპასუხეებიც აღიარებენ, ასეთი პროცედურა იმდენად შემზღუდავია, რომ პირის მე-8 მუხლით დაცული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების საკითხი წამოიჭრება, და რომ ეს უფლებამოსილება მარტივად შეიძლება იყოს ბოროტად გამოყენებული - რაც გარდაუვალი შედეგია იმისა, რომ მისი გამოყენებისთვის პოლიციელების მიერ ეჭვის ქონა არაა აუცილებელი, გზა ცალსახად ხსნილია არგუმენტისთვის, რომ მოცემული სქემა არ შეესაბამება კონვენციის მოთხოვნას, რომ იგი იყოს ‘კანონით დადგენილი’.
75. იმისთვის, რომ ეს მოთხოვნა იყოს შესრულებული ... საჭიროა არა მხოლოდ ის, რომ კონვენციით დადგენილი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვა ეროვნული კანონმდებლობით უნდა იყოს გავალისწინებული (მოცემულ საქმეში ცალსახაა, რომ შეზღუდვა 2000 წლის კანონითაა დადგენილი); არა მხოლოდ ის, რომ ეს კანონი საზოგადოებისთვის სათანადოდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს (რაც მოცემულ საქმეში ცალსახად შესრულებულია - განსხვავებით, მაგალითად, სიტუაციიდან საქმეში მალოუნი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, (1985) 7 EHRR 14); არა მხოლოდ ის, რომ კანონი უნდა იყოს გონივრულად წინასწარ განჭვრეტადი, რომ პირებმა, ვისზეც ის ვრცელდება, შეძლონ კანონთან შესაბამისად მოქმედება (მოთხოვნა, რომელიც წინამდებარე საქმეში ცალსახად დაკმაყოფილებულია, რადგან, კანონით დადგენილი პირობებიდან გამომდინარე, საზოგადოებამ იცოდა, რომ მძღოლები და ფეხით მოსიარულეები დაექვემდებარებოდნენ შემთხვევითი შერჩევის ნიადაგზე ასეთი ფორმით ჩხრეკას და რომ ისინი ვალდებული იყვნენს, დამორჩილებოდნენ ამ პროცედურას); გარდა ამისა, ასევე უნდა არსებობდეს დაცვის სათანადო მექანიზმები, რომ თავიდან იყოს აცილებული უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ან თვითნებობის რისკი.
76. როგორც მე გავიგე აპელანტების არგუმენტი, მასში სწორედ ამ ბოლო მოთხოვნაზეა გამახვილებული ყურადგღება: ბ-ნი სინგჰის განცხადებით, ამ უფლებამოსილების თვითნებურად გამოყენება ძალიან მარტივადაა შესაძლებელი და ძალიან ძნელადაა შესაძლებელი ასეთი უკანონობისგან დაცვა. როგორც ისიც აღიარებს, მართალია, რომ თუკი კონკრეტულ სიტუაციაში პოლიციის ოფიცერი ბოროტად გამოიყენებს უფლებამოსილებას, იგი სამოქალაქო წესით იქნება ვალდებული, აანაზღაუროს ზიანი (და უდაოა, რომ იგი დაექვემდებარება დისციპლინურ დევნას პოლიციაში). მაგრამ ამასთან იგი აცხადებს, რომ, ჩვეულებრივ, შეუძლებელი იქნება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტის დადასტურება, რადგან რაიმე კონკრეტული საფუძვლების არსებობა არაა აუცილებელი მისი კანონიერი გამოყენებისთვის. მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ პოლიციის ოფიცერი ამ უფლებამოსილებას იყენებს რასობრივი დისკრიმინაციის პირადი მიზნით, როგორ მოხდება ამისი დადგენა? უბრალოდ არ არსებობს დაცვის მექანიზმები ასეთი ტიპის დარღვევების წინააღმდეგ, არ არსებობს სათანადო კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც შეფასდებოდა მართებულად იყო თუ არა უფლებამოსილება გამოყენებული. „A“ კოდექსში (პოლიციისა და სისხლის სამართლის მტკიცებულებების შესახებ 1984 წლის კანონის 66-ე მუხლის თანახმად გამოქვეყნებული კოდექსი), პარაგრაფი 2.25, მოცემულია, რომ: ‘ამ უფლებამოსილების განცოხრილებისას, ოფიცრებმა განსაკუთრებულად უნდა იზრუნონ, რომ არ მოხდეს ეთნიკური უმცირესობების ჯგუფების დისკრიმინაცია’. მაგრამ, აპელანტების თქმით, ასეთ ფართო და შემთხვევითობაზე დამყარებული უფლებამოსილების განხორციელებასთან მიმართებაში შეუძლებელია ამ მოთხოვნის შესრულებაზე ზედამხედველობა. [აპელანტების იურისტის] განცხადებით, ამის გაკეთების სხვა გზა არ არსებობს, თუ არ მოხდა ყველას გაჩერება და ჩხრეკა (რასაც, რა თქმა უნდა, ადგილი აქვს აეროპორტებსა და სხვა სპეციფიკურ დაწესებულებებში შესვლისას), ან თუ არ მოხდა გაჩერება და ჩხრეკა მკაცრად რიცხობრივ საფუძველზე, მაგალითად - ყოველი მეათე პირის. აპელანტების არგუმენტის თანახმად, უფლებამოსილების მხოლოდ მოცემული ერთ-ერთი ფორმით განხორციელება თუ იქნება კანონის გაჭვრეტადობის პრინციპთან შესაბამისობაში: სხვაგვარად ადგილზე არ იქნება დაცვის საჭირო მექანიზმები, რაც დააკმაყოფილებს კონცენციით დადგენილ მოთხოვნას ‘კანონის ხარისხის’ შესახებ ...
77. მე უარვყოფდი ამ არგუმენტს. პირველ რიგში, 44-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების ეფექტიანი გამოყენება შეუძლებელი იქნებოდა შემოთავაზებული ორივე გზით. წარმოიდგინეთ, რომ გასულ ივლისს ლონდონის მეტროში განხორციელებული აფეთქებების შემდეგ პოლიციას რომ ეცადა, გაეჩერებინა და გაეჩხრიკა მეტროში შემავალი ყველა პირი, ან ყოველი მეათე (ან მეასე) ასეთი პირი. ასეთი ამოცანის შესრულება არა მხოლოდ შეუძლებელი იქნებოდა, არამედ, ჩემი აზრით, ეს არარად აქცევდა ამ უფლებამოსილების ნამდვილ მიზანსა და მნიშვნელობას. როგორც ლორდმა ბინგემმა თავისი მოსაზრების 35-ე პარაგრაფში აღნიშნა, ეს არაა ‘იმ პირთა გაჩერებისა და ჩხრეკისთვის, ვინც აშკარაა, რომ არ არიან ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები, რაც იქნეობდა ამაო და დროის ფუჭი ხარჯვა, [არამედ იმისთვის,] რომ კონსტებლს, იმის შიშით, რომ იგი ვერ დაადასტურებს მისი ეჭვის გონივრულობას, არ შეეშალოს ხელი, გააჩეროს და გაჩხრიკოს პირი, ვისზეც ეჭვობს, რომ პოტენციური ტერორისტია’. უნდა ვიმედოვნოთ, რომ, პირველი, პოტენციური ტერორისტები თავს შეიკავებენ (უეჭველად იმისგან, რომ თან ატარონ მათი საქმიანობის იარაღი), ეცოდინებათ რა, რომ იმყოფებიან შემთხვევითი ჩხრეკის რისკის ქვეშ; მეორე, ამ უფლებამოსილების განხორციელებისას პოლიციის ოფიცრებმა ხანდახან (თუნდაც ძალიან იშვიათად) შესაძლოა აღმოაჩინონ ასეთი ნივთები და ამით, ჩაშალონ ან აღკვეთონ ტერორისტული აქტი. ვერც ერთი ეს მიზანი ვერ შესრულდება, თუ პოლიციის ოფიცრები გაჩხრეკენ იმ პირებს, ვინც ყველაზე ნაკლებად სავარაუდოა, რომ საფრთხეს წარმოადგენდნენ, ნაცვლად იმ პირებისა, ვის მიმართაც აქვთ განცდა, რომ შესაძლოა ტერორისტული საქმიანობა ჰქონდეთ განზრახული.
78. ტერორიზმის პრევენციის (დროებითი დებულებები) შესახებ 1989 წლის კანონის (რომელში შეტანილი შესწორების შესახებაც აღნიშნულია ლორდ ბინგემის მოსაზრების მე-9 პარაგრაფში) და ჩრდილოეთ ირლანდიის (საგანგებო დებულებები) 1996 წლის კანონის განხორციელების შესახებ თავის 2001 წლის დასკვნაში ბ-ნმა ჯონ როუმ, დედოფლის ადვოკატი, გაერთიანებულ სამეფოში შემომავალი და ქვეყნიდან გამსვლელ პირთა გაჩერებისა და ჩხრეკის უფლებამოსილების, რომლის მიზანიც იყო, დაედგინა პირები იყვნენ თუ არა ჩართული ტერორიზმში, თაობაზე აღნიშნა შემდეგ:
‘“ინტუიციური“ გაჩერება
37. შეუძლებელია, გააზვიადო გაჩერების ასეთი ღონისძიების მნიშვნელობა ...
38. უნდა განვმარტო, რას ვგულისხმობ „ინტუიციურ გაჩერებაში“. ესაა, როცა პირის გაჩერება ხდება „გულგრილად“ ან „შემთხვევით“ - მაგრამ მე მირჩევნია ვთქვა „ინტუიციის საფუძველზე“ - გასაჩერებელი პირის ან ავტომობილის შესახებ ინფორმაციის წინასწარ ქონის გარეშე.
39. მე არ მგონია, რომ სპეციალური განყოფილების გაწვრთნილი ოფიცრის მიერ გაჩერება არის „გულგრილი“ ან „შემთხვევითი“. ოფიცერი ფლობს გამოცდილებას და გავლილი აქვს ტრენინგი ტერორიზმისა და ტერორისტთა ჯგუფის მახასიათებლებისა და გარემოებების შესახებ; შესაბამისად, მან შესაძლოა შეამჩნიოს ისეთი რამ, რაც შეუმჩნეველია რიგითი ადამიანისთვის, ან მას შესაძლოა უბრალოდ ჰქონდეს პოლიციის ოფიცრის ინტუიცია. ხშირად ასეთი ტიპის გაჩერების მიზეზის ახსნა რიგითი ადამიანისთვის შეუძლებელია.’
79. თავის დასკვნაში ბ-ნმა როუმ შემდეგ აღნიშნა გაჩერებისა და ჩხრეკის შესახებ უფრო ზოგადი უფლებამოსილებების შესახებ, რაც მოცემული იყო 1989 წლის კანონის მე-13A და მე-13B მუხლებში, რომ ‘ეს უფლებამოსილებები შეზღუდულად გამოიყენებოდა, საამისოდ კარგი მიზეზის არსებობისას’. მე ვეთანხმები მოსაზრებას, რომ 44-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილების (როგორც ის დღესაა მოცემული) გამოყენება უნდა მოხდეს შეზღუდულად; ეს რეკომენდაცია გამეორებულია 2000 წლის კანონთან დაკავშირებით ბერიუს ლორდ კარლაილის, (დედოფლის ადვოკატი; ტერორიზმის შესახებ კანონმდებლობის დამოუკიდებელი შემფასებელი, რომელმაც ბ-ნი როუ შეცვალა) ყოველწლიურ ანგარიშებში - იხილეთ, როგორც ყველაზე ახალი დასკვნა, 2005 წლის აგანრიში, პარაგრაფი 106, სადაც ნათქვამია, რომ უფლებამოსილების გამოყენება ‘შესაძლებელია შემცირდეს 50 პროცენტით ისე, რომ საზოგადეობას არ შეექმნას სერიოზული რისკი, ან ხელი არ შეეშალოს წესრიგზე ზედამხედველობას.’ თუმცა, ჩემი აზრით, ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის, რომ უფლებამოსილების გამოყენება მოხდეს პოლიციის ოფიცრის ინტუიციის შესაბამისად, და არა პირდაპირი გაგებით შემთხვევითობის პრინციპით ყველას მიმართ, თითქოს რაიმეს მომტანი იყოს იმ პირთა გაჩერება და ჩხრეკა, ვისაც პოლიციის ოფიცრები არ მიიჩნევენ საფრთხის მატარებლად. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ კანონმდებლობის მნიშვნელობა, მსგავსად კანონმდებლობისა, რომელიც უშვებს მიზეზის გარეშე ადამიანის გაჩერებასა და ჩხრეკას გამშვებ პუნქტებში, გახლავთ ის, რომ ის შესაძლებლობას აძლევს პოლიციის ოფიცრებს განახორციელონ, როგორც ბ-ნმა როუმ აღნიშნა, პირის ინტუიციურად გაჩერება.
80. მართლაც, როგორც კერძო მრჩევლების განხილვის კომიტეტის, რომელსაც ბეინტრის ლორდი ნიუტონი თავმჯდომარეობდა, 2003 წლის დეკემბრის მოხსენებაშია, რომელიც ანტიტორორიზმის, დანაშაულისა და უსაფრთხოების შესახებ 2001 წლის კანონს შეეხება, ნათქვამი:
‘გამოცდილი ტერორისტები ცვლიან თავიანთ პროფილსა და მეთოდებს, რომ არ გახდნენ სტატიკური სამიზნეები. მაგალითად, ამბობენ, რომ ალ-ყაიდა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ახალმოქცეულ მუსლიმებს, რადგან მიაჩნიათ, რომ ასეთი პირები ხელისუფლების ზედამხედველობის ქვეშ ნაკლებად ხვდებიან.’
თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ალ-ყაიდაა ტერორიზმის იმ მთავარი საფრთხის წყარო, რის წინააღმდეგაც 44-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილება დაიშვა, გარდაუვლად მიმაჩნია, რომ გაჩერებასა და ჩხრეკას დაქვემდებარებული ადამიანების არაპროპორციულად დიდი რაოდენობა აზიური წარმოშობის იქნება (განსაკუთრებით მაშინ, როცა მათ თან აქვთ ზურგჩანთა ან ფართო ტანსაცმელი აცვიათ, რითიც შესაძლებელია ტერორიზმთან დაკავშირებული ნივთების ტარება).
81. არის ასეთი დასკვნა კონვენციის იურისპრუდენციის საწინააღმდეგო, ან დისკრიმინაციის შესახებ ეროვნულ კანონმდებლობასთან შეუსაბამო? ჩემი აზრით, არ არის, თუ ამ უფლებამოსილების უშუალოდ განმახორციელებელი პოლიციის ოფიცრები სათანადო ყურადღებით მოეკიდებიან „A“ კოდექსის 2.25 პარაგრაფს:
‘2000 წლის კანონის 44-ე მუხლის საფუძველზე გასაჩერებელი პირების შერჩევა უნდა ასახავდეს დიდ ბრიტანეთში მოქმედი სხვადასხვა ტერორისტული ჯგუფისგან მომდინარე საფრთხეების ობიექტურ შეფასებას. უფლებამოსილებები არ უნდა იყოს გამოყენებული პირთა იმ მიზეზებით გაჩერებისა და ჩხრეკისთვის, რაც არ უკავშირდება ტერორიზმს. ამ უფლებამოსილებების განხორციელებისას, ოფიცრებმა განსაკუთრებულად უნდა იზრუნონ, რომ არ მოახდინონ ერონვული უმცირესობების ჯგუფების დისკრიმინაცია. თუმცა შესაძლოა, არსებობდეს გარემოებები, როცა საჭიროა, ოფიცრებმა მხედველობაში მიიღონ პირის ეთნიკური წარმომავლობა კონკრეტულ ტერორისტულ საფრთხესთან დაკავშირებით გასაჩერებელ პირთა შერჩევისას (მაგალითად, ზოგიერთი საერთაშორისო ტერორისტული ჯგუფი ასოცირებულია კონკრეტულ ეთნიკურ იდენტობასთან).’
შესაბამისად, ეთნიკური წარმომავლობა შესაძლოა და უნდა იყოს მიღებული მხედველობაში, როცა მიიღება გადაწყვეტილება იმის შესახებ, უნდა მოხდეს თუ არა გაჩერება და ჩხრეკა და ვინ უნდა დაექვემდებაროს ამ ღონისძიებებს, თუ ყოველთვის იქნება უზრუნველყოფილი, რომ უფლებამოსილების გამოყენება ხდება სენსიტიურად და ტერორისტული საფრთხის აღქმის შესაბამისად და არა რასობრივი დისკრიმინაციის საფუძველზე.“
გ.პროცესი საოლქო სასამართლოში
24. 2004 წლის 8 სექტემბერს მომჩივნებმა ასევე აღძრეს საჩივარი საოლქო სასამართლოში, inter alia, 1998 წლის ადამიანის უფლებათა კანონიის თანახმად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით იმ საფუზველზე, რომ პოლიციამ თითოეული მომჩივნის მიმართ გაჩერებისა და ჩხრეკის უფლებამოსილება უკანონოდ გაოიყენა, რაც, კონვენციის მე-8, მ-10 და მე-11 მუხლების საწინააღმდეგოდ, გამიზნული იყო მომჩივნების გასაკონტროლებლად ან იმისთვის, რომ მათ დემონსტრაციაში მონაწიელობა არ მიეღოთ და არ ისახავდა მიზნად ტერორიზმთან დაკავშირებული საგნების პოვნას. მათი საჩივრების განხილვა შეჩერდა ლორდთა პალატის მიერ მომჩივნების საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილების გამოტანამდე და მათი განხილვა საბოლოოდ 2007 წლის თებერვალში მოხდა. საოლქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მომჩივნების საჩივრები და დაადგინა, რომ თითოეული მომჩივნის მიმართ გაჩერებისა და ჩხრეკის უფლებამოსილება სათანადოდ და კანონიერად იყო გამოყენებული. მომჩივნებს საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება არ უცდიათ.
II. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა და პრაქტიკა
...
გ.ტერორიზმის შესახებ 2000 წლის კანონი
28. 2000 წლის კანონის მიზანი იყო შეევსო, გაეთანამედროვებინა და გაეძლიერებინა ტერორიზმთან დაკავშირებული კანონმდებლობა, inter alia, ლორდ ლოიდის კვლევის გათვალისწინებით.
1-ელ მუხლში „ტერორიზმი“ განმარტებულია შემდეგნაირად:
“(1) წინამდებარე კანონში ‘ტერორიზმი’ ნიშნავს ქმედების განხორციელებას ან მუქარას, თუ -
(ა) ქმედება მე-2 ნაწილის ფარგლებში ხვდება,
(ბ) ქმედების განხორციელება ან მუქარა გამიზნულია მთავრობას გავლენის მოსახდენად, ან საზოგადოების ან მისი ნაწილის დასაშინებლად, და
(გ) ქმედების განხორციელება ან მუქარა პოლიტიკური, რელიგიური ან იდეოლოგიური მიზნის გავრცელებას ემსახურება.
(2) ქმედება ხვდება ამ ნაწილის გავრცელების სფეროში, თუ იგი -
(ა) მოიცავს პირის მიმართ სერიოზულ ძალადობას,
(ბ) მოიცავს ქონების სერიოზულ დაზიანებას,
(გ) საფრთხეში აგდებს პირის სიცოცხლეს, გარდა იმ პირის სიცოცხლისა, ვინც ქმედებას სჩადის,
(დ) სერიოზულ საფრთხეს უქმნის საზოგადოების, ან მისი ნაწილის, ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას, ან
(ე) გამიზნულია საიმისოდ, რომ სერიოზულად ხელი შეუშალოს მის მუშაობას ან გაანადგუროს ელექტრონული სისტემა.
(3) ქმედების განხორციელება ან მუქარა, რაც ხვდება მე-2 ნაწილის ფარგლებში და რომელიც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენებას, წარმოადგენს ტერორიზმს მიუხედავად იმისა, შესრულებულია თუ არა 1-ლი ნაწილის (ბ) პუნქტის მოთხოვნები.
(4) ამ მუხლის მიზნებისთვის -
(ა) ‘ქმედება’ მოიცავს ქმედებას გაერთიანებული სამეფოს საზღვრებს გარეთ,
(ბ) მითითება პირზე თუ ქონებაზე არის მითითება ნებისმიერ პირზე და ქონებაზე, მიუხედავად მათი მდებარებისა,
(გ) მითითება საზოგადოებაზე მოიცავს სხვა ქვეყნის, არა მხოლოდ გაერთიანებული სამეფოს, საზოგადოებას, და
(დ) ‘მთავრობა’ ნიშნავს გაერთიანებული სამეფოს მთავრობას, გაერთიანებულ სამეფოში შემავალი სუბიექტის მთავრობას, ან სხვა ქვეყნის მთავრობას.
(5) წინამდებარე კანონში მითითება ტერორიზმის მიზნით განხორციელებულ ქმედებებზე მოიცავს აკრძალული ორგანიზაციის სასარგებლოდ მოქმედებას.“
29. 2000 წლის კანონის 41-ე - 43-ე მუხლები, რომლებიც მოცემულია ქვეთავში „ტერორიზმში ეჭვმიტანილები“, უშვებენ დაპატიმრებას ორდერის გარეშე, პოლიციის ოფიცრის მიერ შენობისა და პირად ჩხრეკას. თითოეული შემთხვევის დროს უნდა არსებობდეს გონივრული ეჭვი, რომ დაპატიმრებული ან ჩხრეკას დაქვემდებარებული პირი ტერორისტია.
30. 44-ე - 47-ე მუხლები, რომლებიც მოცემულია ქვეთავში „გაჩერებისა და ჩხრეკის უფლებამოსილება“, არ ითვალისწინებს გონივრული ეჭვის არსებობის შესახებ მოთხოვნას. ეს მუხლები ადგენენ სამეტაპიან პროცედურას.
პირველი ეტაპი, 44-ე უხლის თანახმად, არის ნებართვის გაცემა:
„“44(1) ამ ნაწილის თანახმად, ნებართვა უფლებას აძლევს ნებისმიერ ფორმიან კონსტებლს, ნებართვაში მითითებულ ტერიტორიაზე ან ადგილას გააჩეროს ავტომობილი და ჩაატაროს ჩხრეკა -
(ა) ავტომობილის;
(ბ) ავტომობილის მძღოლის;
(გ) ავტომობილში მჯდარი მგზავრის;
(დ) ნებისმიერი რამის, რაც მდებარეობის ავტომობილში ან ავტომობილზე, ან რაც თან აქვს მძღოლს ან მგზავრს.
(2) ნებართვა ამ ნაწილის საფუძველზე უფლებას აძლევს ნებისმიერ ფორმიან კონსტებლს, ნებართვაში მითითებულ ტერიტორიაზე ან ადგილას გააჩეროს ფეხით მოსიარულე პირი და ჩაატაროს ჩხრეკა -
(ა) ფეხით მოსიარულე პირის;
(ბ) ნებისმიერი რამის, რაც მას თან აქვს.
(3) 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად ნებართვა შეიძლება გაიცეს მხოლოდ მაშინ, თუ მისი გამცემი პირი მიიჩნევს, რომ ნებართვა ტერორისტული ატების პრევენციისთვის მიზანშეწონილია.
(4) ნებართვა შეიძლება გაიცეს -
(ა) როცა კონკრეტული ტერიტორია ან ადგილი, მთლიანად ან ნაწილობრივ, მდებარეობს ჩრდილოეთ ირლანდიის ფარგლებს გარეთ, გარდა (ბ) და (გ) პარაგრაფებში მოცემულისა, ამ ტერიტორიაზე მიმაგრებული პოლიციის ოფიცრის მიერ, რომელსაც აქვს სულ მცირე მთავარი კონსტებლის მოადგილის ჩინი;
(ბ) როცა კონკრეტული ტერიტორია ან ადგილი, მთლიანად ან ნაწილობრივ, ეკუთვნის დედაქალაქის პოლიციის განყოფილების ზედამხედველობის სფეროში შემავალ ტერიტორიას, ამ განყოფილების პოლიციის ოფიცრის მიერ, რომელსაც აქვს სულ მცირე დედაქალაქის პოლიციის კაპიტნის ჩინი;
(გ) როცა კონკრეტული ტერიტორია ან ადგილი, მთლიანად ან ნაწილობრივ, ეკუთვნის ლონდონის ქალაქის ტერიტორიას, ქალაქის პოლიციის ოფიცრის მიერ, რომელსაც აქვს სულ მცირე ლონდონის საქალაქო პოლიციის კაპიტნის ჩინი;
(დ) როცა კონკრეტული ტერიტორია ან ადგილი, მთლიანად ან ნაწილობრივ, ეკუთვნის ჩრდილოეთ ირლანდიას, [ჩრდილოეთ ირლანდიის პოლიციის მოსამსახურის] მიერ, რომელსაც აქვს სულ მცირე მთავარი კონსტებლის მოადგილის ჩინი.
(5) თუ ნებართვის გაცემა ხდება ზეპირი ფორმით, ნებართვის გამცემმა პირმა უნდა წერილობით ფორმით დაადასტუროს მისი გაცემა, როგორც კი ამის გაკეთება გონივრულად შესაძლებელი იქნება.“
46-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნებართვა ძალაში შედის გაცემის მომენტიდან და მოქმედების ვადა მასშივეა განსაზღვრული, რაც არ უნდა აღემატებოდეს 28 დღეს. 44-ე მუხლით გათვალისწინებული ნებართვის არსებობის შესახებ ინფორმაცია და მისი შინაარსი საჯარო ინფორმაციას არ წარმოადგენს.
31. მეორე ეტაპია ნებართვის დამტკიცება, რაც განსაზღვრულია 46-ე მუხლის მე-3 - მე-7 პუნქტებით. ნებართვის გამცემმა უნდა შეატყობინოს სახელმწიფო მდივანს, როგორც კი ამისი გონივრული შესაძლებლობა იქნება. თუ სახელმწიფო მდივანი არ დაამტკიცებს ნებართვას მისი გაცემიდან 48 საათის განმავლობაში, იგი ძალას კარგავს (ამ 48 საათის განმავლობაში განხორციელებული ქმედებების გაუქმების გარეშე). ნებართვის დამტკიცებისას, სახელმწიფო მდივანს შეუძლია მასში ცვლილების შეტანით დაადგინოს ნებართვის მოქმედების უფრო მოკლე, მაგრამ არა უფრო გრძელი ვადა. მას შეუძლია კონკრეტული თარიღიდან გააუქმოს ნებართვა. როცა ნებართვის განახლება ხდება, მასზე დამტკიცების იგივე პროცედურა ვრცელდება. სახელმწიფო მდივანს არ შეუძლია, შეცვალოს ნებართვის გავრცელების გეოგრაფიული არე, მაგრამ შეუძლია უარი თქვას დამტკიცებაზე, თუ ჩათვლის, რომ მოცული ტერიტორია ძალიან ფართოა.
32. მესამე ეტაპი, რომელიც განსაზღვრულია 45-ე მუხლით, გულისხმობს პოლიციის კონსტებლის მიერ გაჩერებისა და ჩხრეკის უფლებამოსილების გამოყენებას:
“(1) 44-ე მუხლის 1-ლი ან მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული უფლებამოსილება -
(ა) შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ისეთი ტიპის ნივთების აღმოჩენის მიზნით, რისი გამოყენებაც ტერორისტულ საქმიანობასთან დაკავშირებით შესაძლებელია, და
(ბ) შეიძლება განხორციელდეს მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა კონსტებლს ეჭვის საფუძველი, რომ ასეთი ნივთები სახეზეა.
(2) კონსტებლს იმ ნივთების ჩამორთმევისა და შენახვის უფლება აქვს, რასაც იგი აღმოაჩენს 44-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას და რის შესახებაც მას გონივრული ეჭვი აქვს, რომ მათი გამოყენება მოხდება ტერორიზმთან დაკავშირებით.
(3) ნებართვით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას, კონსტებლს არ აქვს უფლება, მოსთხოვოს პირს საჯაროდ გაიხადოს ტანსაცმელი, გარდა თავსაბურავის მოხდისა და ფეხსაცმელების, პალტოს, ქურთუკის ან ხელთათმანის გახდისა.
(4) როცა კონსტებლი განიზრახავს, 44-ე მუხლის 1-ლი ან მე-2 ნაწილის თანახმად ჩაატორს პირის ან ავტომობილის ჩხრეკა, მას უფლება აქვს, დააკავოს პირი ან ავტომობილი იმ ვადით, რაც გონივრულად საჭიროა ჩხრეკის ჩასატარებლად იმ ადგილას ან იმ ადგილთან ახლოს, სადაც მოხდა პირის ან ავტომობილის გაჩერება.
(5) როცა -
(ა) ავტომობილი ან ფეხით მოსიარულე პირის გაჩერება ხდება 44-ე მუხლი 1-ლი ან მე-2 ნაწილის შესაბამისად, და
(ბ) ავტომობილის მძღოლი ან ფეხით მოსიარულე პირი განცხადებით ითხოვს წერილობით ცნობას, რომ ავტომობილის ან პირის გაჩერება მოხდა 44-ე მუხლის 1-ლი ან მე-2 ნაწილის თანახმად,
წერილობით ცნობა უნდა გაიცეს.
(6) მე-5 ნაწილით გათვალისწინბული განცხადების წარდგენა უნდა მოხდეს ავტომობილის ან ფეხით მოსიარულე პირის გაჩერების დღიდან 12 თვის ვადაში.“
33. ეს უფლებამოსილებები წარმოადგენს კონსტებლისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებების დამატებით უფლებამოსილებებს (2000 წლის კანონის 114-ე მუხლი). 47-ე მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის დანაშაულია, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ან ჯარიმით, ან ორივეთი ერთად, გაჩერების შესახებ კონსტებლის მოთხოვნის დაუმორჩილებლობა, ან კონსტებლის მიერ 44-ე მუხლის 1-ლი ან მე-2 ნაწილის თანახმად გაცემული ნებართვით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისთვის განზრახ ხელის შეშლა.
34. 2000 წლის კანონის 44-ე - 47-ე მუხლები ძალაში შევიდა 2001 წლის 19 თებერვალს. წინამდებარე საქმეზე ეროვნულ სასამართლოებში მიმდინარე პროცესის დროს გამოაშკარავდა, რომ ძალაში შესვლის თარიღიდან უწყვეტ რეჟიმში ხდებოდა 44-ე მუხლით გათვალისწინებული ნებართვების გაცემა და დამტკიცება - თითოეული ნებართვა ვრცელდებოდა დედაქალაქის პოლიციის განყოფილების მთელ სამოქმედო ტერიტორიაზე და თითოეული მათგანი გაცემული იყო მაქსიმალური დაშვებული ვადით (28 დღით).
დ.საპროცესო კოდექსი
35. 2003 წლის 1 აპრილს სახელმწიფო მდივანმა საპროცესო კოდექსი გამოსცა, როგორც კანონით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელების სახელმძღვანელო პოლიციელებისთვის. იგი უნდა ჰქონოდა პოლიციის ყველა განყოფილებას, რათა პოლიციის ოფიცრებს შეძლებოდათ მისით სარგებლობა და საპროცესო კოდექსი იყო საჯარო დოკუმენტი.
36. კოდექსის მოთხოვნა იყო, inter alia, რომ ეს უფლებამოსილებები „გამოყენებულიყო სამართლიანად, პასუხისმგებლობით, ჩხრეკას დაქვემდებარებული პირების პატივისცემით“. კოდექსი ადგენდა, რომ 2000 წლის კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების „გამოყენება არ უნდა მომხდარიყო ისეთი მიზეზებით გაჩერებისა და ჩხრეკისთვის, რაც კავშირში არ იყო ტერორიზმთან“ და რომ უფლებამოსილება უნდა იყოს გამოყენებული „მხოლოდ იმ ნივთების აღმოსაჩენად, რომელთა გამოყენებაც ტერორისტული მიზნებით შესაძლებელია“. კოდექსის 1.2 და 1.3. პარაგრაფების თანახმად:
„1.2. გაჩერებას ან ჩხრეკას დაქვემდებარებული პირის უფლებების შეზღუდვა უნდა იყოს მოკლევადიანი და ჩხრეკის ჩატარების მიზნით დაპატიმრება უნდა მოხდეს გაჩერების ადგილას, ან ამ ადგილთან ახლოს.
1.3. თუ ამ ძირითადი პრინციპების დაცვა არ მოხდა, გაჩერებისა და ჩხრეკის უფლებამოსილების გამოყენება შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. უფლებამოსილების სათანადო ფორმით გამოუყენებლობა ამცირებს მის ეფექტიანობას. გაჩერებისა და ჩხრეკის ღონისძიებას შეუძლია მნიშვნელობანი როლი შეასრულოს დანაშაულის გამოსავლენად და მისი პრევენციისთვის, ხოლო ამ უფლებამოსილებების სამართლიანი გამოყენება, მათ უფრო ეფექტიანს ხდის.“
კოდექსის 3.5 პარაგრაფის თანახმად:
„არ არსებობს უფლებამოსილება, რომ პირს მოეთხოვოს საჯაროდ ტანსაცმლის გახდა, გარდა პალტოს, ქურთუკისა და ხელთათმანების გახდისა და ტერორიზმის შესახებ 2000 წლის კანონის 45-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული გამონაკლისისა (რომლის თანახმადაც, 44-ე მუხლის 1-ლი ან მე-2 ნაწილის შესაბამისად ჩხრეკის განმახორციელებელ კონსტებლს უფლება აქვს, პირს მოსთხოვოს საჯაროდ თავსაბურავის მოხდა ან ფეხსაცმელების გახდა) ... პირის იმ ტანსაცმლის საჯარო ჩხრეკა, რაც მას არ გაუხდია უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ტანსაცმლის გარე ზედაპირული შემოწმებით. თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ ოფიცერმა გარე ტანსაცმლის ჯიბეებში ჩაყოს ხელი, ან ხელის შემოვლებით შეამოწმოს საყელოს, წინდებისა და ფეხსაცმელების შიგნითა მხარე, თუ ეს, კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, გონივრულად აუცილებელია ჩხრეკის საგნის ამოსაღებად, ან ნებისმიერი იმ საგნის ამოსღებად ან შესამოწმებლად, რაც გონივრული ეჭვის ფარგლებში შესაძლოა, მიჩნეული იყოს ჩხრეკის საგნად. იმავე მიზეზებით, თავსაბურავის მოხდასთან დაკავშირებით შეზღუდვების გათვალისწინებით, პირის თმა შეიძლება ასევე ჩხრეკისას საჯაროდ შემოწმდეს ...“
ჩხრეკის დაწყებამდე, 3.8 პარაგრაფის თანახმად, გარკვეული ღონისძიებების გატარება იყო საჭირო:
„ვიდრე დაპატიმრებული პირის ან ავტომობილის ჩხრეკა ჩატარდება, ოფიცერი ვალდებულია, მიიღოს გონივრული ზომები, რომ ჩხრეკას დაქვემდებარებულ პირს ან ავტომობილის მფლობელს მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია:
(ა) რომ ისინი არიან დაპატიმრებულები ჩხრეკის მიზნით;
(ბ) ოფიცრის სახელი (გარდა ტერორიზმთან დაკავშირებული გამოძიებისთვის განხორციელებული მოკვლევის შემთხვევებისა, როცა ოფიცერს აქვს გონივრული ვარაუდი, რომ მისი სახელის განჟღავნებამ იგი შეიძლება საფრთხეში ჩააგდოს; ასეთ შემთხვევაში ორდერი ან სხვა საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გაიცეს) და პოლიციის იმ განყოფილების დასახელება, რომელსაც მიეკუთვნება პოლიციის ოფიცერი;
(გ) განსახორციელებელი ჩხრეკის შესახებ კანონიერი ნებართვა; და
(დ) მკაფიო განმარტება:
(i) ჩხრეკის მიზნის შესახებ - იმ ნივთის ან ნივთების ამოღებასთან დაკავშირებით, რაზეც არსებობს ჩხრეკის უფლებამოსილება; ...
(iii) იმ უფლებამოისლებებთან დაკავშირებით, რისთვისაც არაა აუცილებელი გონივრული ეჭვის არსებობა ..., უფლებამოსილებისა და ნებისმიერი საჭირო ნებართვის ხასიათისა და მისი გაცემის ფაქტის შესახებ.“
3.9 პარაგრაფის თანახმად, ჩხრეკის განმახორციელებელი ოფიცრები უნდა ყოფილიყვნენ ფორაში გამოწყობილები. კოდექსის 3.10 – 3.11 პარაგრაფებში ნათქვამია:
„3.10 სანამ ჩხრეკა დაიწყება, ოფიცერმა უნდა აცნობოს პირს (ან ჩხრეკას დაქვემდებარებული ავტომობილის მეპატრონეს ან მფლობელს), რომ მას აქვს ჩხრეკის ოქმის ასლის მიღების უფლება, მათ შორის ისიც, რომ, თუ მოცემულ მომენტში ოქმის შედგენა პრაქტიკულად შეუძლებელია, ჩხრეკიდან 12 თვის განმავლობაში მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში, პირს უფლება აქვს, მიიღოს ჩხრეკის ოქმი. თუ ოქმის შედგენა ადგილზე არ ხდება, მაშინ პირს ისიც უნდა აუხსნან, თუ როგორ შეიძლება მისი ასლის მიღება.... პირს ასევე უნდა ეცნობოს პოლიციის გაჩერებისა და ჩხრეკის უფლებამოსილებებისა და ამ გარემოებებში პირის უფლებების შესახებ.
3.11 თუ ჩხრეკას დაქვემდებარებული პირი ან ავტომობილის მფლობელი ვერ იგებს, რასაც მას ეუბნებიან, ან როცა არსებობს ეჭვი, რომ პირმა ინგლისური სათანადოდ არ იცის, ოფიცერმა უნდა მიიღოს გონივრული ზომები, რომ პირს გააცნოს მისი უფლებები და ამ კოდექსის სხვა რელევანტური დებულებები. თუ პირი არის ყრუ ან არ იცის ინგლისური და მას თან ახლავს სხვა პირი, ოფიცერმა უნდა სცადოს, გაარკვიოს შეძლებს თუ არა თანმხლები პირი თარჯიმნობას ან სხვაგვარად დახმარებას საჭირო ინფორმაციის მისაწოდებლად.“
უნდა შედგენილიყო ოქმი ადგილზე ან შესაძლებლობისთანავე (პარაგრაფი 4.1):
„ოფიცერი, რომელმაც ამ კოდექსთან დაკავშირებული ნებისმიერი უფლებამოსილების განხორციელებისას ჩაატარა ჩხრეკა, ადგილზე უნდა შეადგინოს ჩხრეკის შესახებ ოქმი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა არსებობს განსაკუთრებული გარემოებები, რის გამოც ოქმის ადგილზე შედგენა შეუძლებელია (მაგალითად, საზოგადოებრივი არეულობის დროს ან როცა ოფიცრის ყოფნა სხვა ადგილას გადაუდებლად აუცილებელია). თუ ოქმის შედგენა არ მოხდება ადგილზე, ოფიცერმა იგი უნდა შეადგინოს ჩხრეკის შემდეგ პირველი შესაძლებლობისთანავე. შეიძლება არსებობდეს სიტუაციები, როცა ოფიცერმა ვერ შეძლოს ოქმის ყველა საჭირო ინფორმაციის შევსება, მაგრამ ამისთვის ოფიცერმა ყველა ღონე უნდა იხმაროს.“
ე.44-ე მუხლით გათვალისწინებული გაჩერებისა და ჩხრეკის უფლებამოსილების განხორცილელების შესახებ ბერიუს ლორდ კარლაილის, დედოფლის ადვოკატი, ანგარიშები
37. 2000 წლის კანონის 126-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო მდივანი ვალდებულია, არანაკლებ 12 თვეში ერთხელ, პარლამენტს წარუდგოს კანონის განოხრიცელების შესახებ ანგარიში და ბერიუს ლორდი კარლაილი, დედოფლის ადვოკატი, დაინიშნა დამოუკიდებელ ექპერტად, რომელსაც დაევალა, inter alia, ყოველწლიური ანგარიშის მომზადება.
...
43. დაბოლოს, 2000 წლის კანანონის განხორციელების შესახებ თავის 2008 წლის ანგარიშში (ივნისი, 2009 წ.), ლორდმა კარლაილმა აღნიშნა:
„44-ე მუხლის არასათანადო ან არასაჭირო გამოყენების მაგალითები უხვადაა. მე მაქვს მტკიცებულებები ისეთი საქმეების შესახებ, სადაც გაჩერებული პირი იმდენად აშკარად განსხვავდება ტერორიზმის ნაცნობი მახასიათებლებისგან, რომ, რეალურად, შეუძლებელია პირის იყოს ტერორისტი; ამასთან, არ არსებობს სხვა არანაირი ნიშან-თვისება, რაც გაამართლებდა პირის გაჩერებას. ერთ შემთხვევაში გაჩერების საფუძველი იყო მხოლოდ რიცხობრივი პრინციპი, რაც თითქმის დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ უკანონოა და არც ერთ შემთხვევაში არ წარმოადგენს პროცედურის გონივრულ გამოყენებას. უფროსმა ოფიცრებმა მხედველობაში უნდა მიიღონ, რომ 44-ე მუხლით გათვალისწინებული გაჩერების ღონისძიება, რაც ეჭვის არსებობის გარეშე ხდება, გაჩერებული პირის გადაადგილების თავისუფლების ხელყოფაა. მე ვთვლი, რომ სრულიად არასწორია ნებისმიერი პირის გაჩერება იმისთვის, რომ დაცული იყოს რასობრივი ბალანსი 44-ე მუხლთან დაკავშირებულ სტატისტიკურ მონაცემებში. არსებობს მრავალი ცალკეული მტკიცებულება, რომ ეს ხდება. მე კარგად მესმის პოლიციის დაინტერესება, არ მოხდეს მისი დადანაშაულება მიკერძოებულ მოქმედებაში; მაგრამ ძვირფასი რესურსების არასწორი გამოყენებაა, მათი გაფლანგვა აშკარად უსაფუძვლო ჩხრეკის ჩასატარებლად. მხოლოდ და მხოლოდ სტატისტიკის ‘დასაბალანსებად’ პირის გაჩერება, მისი უფლებების ხელყოფაა. 44-ე მუხლით გათვალისწინებული გაჩერების კრიტერიუმები უნდა იყოს ობიექტური, რასობრივი საფუძვლებისგან თავსუფალი: თუ ობიექტური საფუძვლით ღონისძიების გატარება გამოიწვევს ეთნიკური ბალანსის დარღვევას, ეს უნდა იყოს მიჩნეული, როგორც წესრიგზე კონტროლის განხორციელების თანაზომიერი შედეგი.
141. 2008 წელს წესრიგის კონკტროლის გაუმჯობესების ეროვნულმა სააგენტომ პოლიციის უფროსი ოფიცრების ასოციაციისთვის [„ACPO“] ტერორიზმთან დაკავშირებით გაჩერებისა და ჩხრეკის ღონისძიებების განხორციელების სასარგებლო პრაქტიკური სახელმძღვანელო შეადგინა. სახელმძღვანელო განსაკუთრებით გამოყოფს უმნიშვნელოვანეს მოთხოვნას, რომელის მიხედვითაც -
● ეს უფლებამოსილებები განსაკუთრებულია
● 44-ე მუხლით გათვალისწინებული ნებართვების მოქმედების გეოგრაფიული არეალი მკაფიოდ განსაზღვრული უნდა იყოს
● სამართლებრივი სტანდარტი არის მიზანშეწონილობა ტერორისტული აქტების პრევენციისთვის
● ნებართვის გაცემის არსებითი ნაწილია საზოგადოებაზე მისი გავლენის შეფასება
● შინაგან საქმეთა მდივანს დეტალურად უნდა წარედგინოს 44-ე მუხლით გათვალისწინებული ნებართვის გაცემის გამამართლებელი საფუძვლები
● უფროს ოფიცრებს უნდა ჰქონდეთ მოლოდინი, რომ შინაგან საქმეთა დეპარტამენტი დეტალურ და საფუძვლიან განხილვას დაუქვემდებარებს საკითხს, დაამტკიცოს თუ არა ნებართვა
● იმ არეალში, სადაც ძალების განლაგება ხდება, მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ბროშურები
● ოფიცრებმა გულმოდგინედ უნდა აწარმოონ ოქები
...
146. მე ისევ ის მოსაზრება მაქვს, რასაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გამოვხატავდი - ოღონდ ის უფრო გაძლიერდა: ჩემთვის გაუგებარია 44-ე მუხლით გათვალისწინებული ნებართვის გაცემა რატომ მიიჩნევა საჭიროდ პოლიციის მოქმედების ზოგ არეალში და ზოგიერთი ობიექტის მიმართ მაშინ, როცა სხვა, გასაოცრად მსგავსი რისკების შემცველ ტერიტორიასთან მიმართებაში ეს არ ხდება. როცა გაჩერებისა და ჩხრეკის სხვა უფლებამოსილებები არსებული საჭიროებებისთვის საკმარისია, არ არის აუცილებელი 44-ე მუხლის გამოსაყენებლად მიმართვის წარდგენა ან დამტკიცება. მისი პირველადი დანიშნულებაა, დაძაბულობის დროს სამოქმედოდ რთულ ადგილებში იყოს გამოყენებული, როცა არსებობს ტერორისტების მიერ მნიშვნელოვანი ადგილების წვდომის გაზრდილი ალბათობა. მაგალითად, მე არ მაქვს არანაირი შენიშვნები ლონდონის ჰითროუს აეროპორტში დიდი დემონსტრაციების დროს მისი ფრთხილი გამოყენების მიმართ: ტერორისტებმა შეიძლება კარგად გამოიყენონ ასეთ დემონსტრაციებში მონაწილეობის შესაძლებლობა იმისთვის, რომ შევიდნენ, გადაიღონ ფოტოსურათები ან სხვაგვარად შეისწავლონ ან მიიღონ მეტი ინფორმაცია ისეთი პოტენციური სამიზნის შესახებ, როგორიცაა ჰითროუ. მე ასევერ არ ვაკრიტიკებ საკვანძო ინფრასტრუქტურასთან ან განსაკუთრებული ეროვნული მნიშვნელობის მქონე ადგილებში, ან მათთან ახლოს, მის გამოყენებას.
147. მე განვიცდი გარკვეულ იმედგაცრუებას იმის გამო, რომ დედაქალაქის პოლიციის მიერ 44-ე მუხლის თანახმად გაცემული ნებართვები კვლავაც მოიცავს მისი მოქმედების მთელ არეალს და არ შემოიფარგლება კონკრეტული უბნებით, ან უბნების გარკვეული ნაწილებით. მე ვერ ვხედავ გამართლებას, რომ დიდი ლონდონის მთელი ტერიტორია მუდმივად მოცული იყოს; მუხლის მიზანი არ ყოფილა, რომ ლონდონი მოქცეულიყო ჩხრეკის განსაკუთრებული უფლებამოსილების პერმანენტული მოქმედების ქვეშ. თუმცა, სულ მალე დაიწყება საპილოტო პროექტი, რომელშიც მუხლი სხვანაირად გამოიყენება. მე ამ პროექტს გულდასმით შევამოწმებ. უფლებამოსილების გამოყენების საგანგაშო რაოდენბა (2009 წლის დასაწყისისთვის თვეში 8,000-დან 10,000-მდე გაჩერების ფაქტი) ცუდი მონაცემია და იმედი მაქვს, ერთ წელიწადში მდგომარეობა გაუმჯობესდება. რიცხვები და მათი მცირე ანალიზი აჩვენებს, რომ 44-ე მუხლი ზოგ შემთხვევაში გამოიყენება, როგორც ტერორიზმთან კავშირის არმქონე წესრიგის კონტროლის დამხმარე ინსტრუმენტი, რაც მიუღებელია.
148. დარწმუნებული ვარ, მისი ნაკლებად ხშირი გამოყენება შესაძლებელია უსაფრთხოდ. ძალიან მცირეა ან არ არსებობს მტკიცებულება, რომ 44-ე მუხლს შეუძლია ტერორისტული აქტის პრევენცია, კანონით გათვალისწინებული გაჩერებისა და ჩხრეკის სხვა უფლებამოსილებებთან შედარებით. მაშინ, როცა 44-ე მუხლით გათვალისწინებული ჩხრეკის შედეგად მომხდარა სხვა ტიპის დანაშაულებისთვის დაკავება, მრავალი ათასი ჩხრეკის შემთხვევიდან არცერთი გამხდარა ტერორიზმის დანაშაულისთვის მსჯავრდების საფუძველი. დედაქალაქის პოლიციის მაღალი თანამდებობის პირებმა, ვისაც ტერორიზმთან ბრძოლის გამოცდილება აქვთ, მისი გამოყენება საჯაროდ და კერძო საუბრებში ეჭვქვეშ დააყენეს.
149. ისე არ უნდა იყოს მიჩნეული, რომ ლონდონის გარდა სხვა ადგილებში 44-ე მუხლის ნაკლებად ხშირი გამოყენება ნიშნავს, რომ ეს ადგილები ნაკლებად უსაფრთხოა ან ტერორიზმისკენ მეტად მიდრეკილია. მიზნის მისაღწევად სხვადასხვა საშუალება არსებობს. ეჭვგარეშეა, რომ მუხლის ფართო გამოყენება საზოგადოებრივ ურთიერთობებზე უარყოფითად მოქმედებს. გონივრული და გაცხადებული ეჭვის საფუძველზე ჩხრეკა, რაც თავისთავად მაღალი სტანდარტი არაა, უფრო გასაგებია და დამამშვიდებლად მოქმედებს საზოგადოებაზე.
150. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მე მხარს არ ვუჭერ 44-ე მუხლის გაუქმებას. ზემოთ მოცემული მოსაზრებების გათვალისწინებით, ჩემი შეფასებით, 44-ე და 45-ე მუხლები კვლავაც საჭიროა და ტერორიზმის განგრძობადი და სერიოზული საფრთხის თანაზომიერია.“
ვ.იუსიტიციის სამინისტროს სტატისტიკა რასობრივ კუთვნილებასა და 44-ე მუხლით გათვალისწინებული გაჩერებისა და ჩხრეკის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით
44. სისხლის სამართლის შესახებ 1991 წლის კანონის 95-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო მდივანი ვალდებულია, გამოაქვეყნოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებული ინფორმაცია იმისათვის, რომ თავიდან იყოს აცილებული რასობრივ საფუძველზე დისკრიმინაცია. 2007 წლის 1 ოქტომბერს მისი ვალდებულების შესაბამისად გამოქვეყნებულ ანგარიშში, „რასობრივი კუთვნილებისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემა - 2006“, იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა:
„ტერორიზმის შესახებ 2000 წლის კანონის 44-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების საფუძველზე ჩხრეკის 44,543 ფაქტს ჰქონდა ადგილი 2005/6 წელს; 2004/5 წლის მონაცემთან - 33,177 - შედარებით, მაჩვენებელი გაზრდილია 34%-ით (ცხრილი 4.6). აზიური წარმოშობის პირების ჩხრეკის ფაქტების რაოდენობა გაზრდილია 3,697-დან 6,805-მდე (84%-იანი ზრდა), შავკანიანი პირების ჩხრეკის ფაქტების რაოდენობა გაზრდილია 2,700-დან 4,155-მდე (51%-იანი ზრდა). სხვა ეთნიკური კუთვნილების პირების ჩხრეკის ფაქტების რაოდენობაც გაზრდილია - 1,428-დან 2004/5 წელს 1,937-მდე 2005/6 წელს (36%-იანი ზრდა) - ისევე, როგორც თეთრკანიანი პირების ჩხრეკის ფაქტები - 24,782 2004/5 წელს და 30,837 2005/6 წელს (24%-იანი ზრდა). ჩხრეკის შემთხვევების ნახევარზე მეტი განხორციელდა დედაქალაქის პოლიციის სამოქმედო არეალში და 15% - ლონდონის პოლიციის სამოქმედო ტერიტორიაზე - 2004/5 წელს ეს მაჩვენებლები შესაბამისად იყო 40% და 20%. 2004/5 წელთან შედარებით მონაცემების დიდი ზრდა გარკვეულწილად შეიძლება აიხსნას 2005 წლის 7 ივლისს ლონდონში მომხდარი აფეთქებებით. მსგავსად პოლიციისა და სისხლის სამართლებრივი მტკიცებულებების შესახებ კანონის 1-ლი მუხლით გათვალისწინებული გაჩერებისა და ჩხრეკის შემთხვევებისა, ქუჩაში პოლიციის გაზრდილმა აქტივობამ გამოიწვია ტერორიზმის შესახებ 2000 წლის კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებული გაჩერებისა და ჩხრეკის უფლებამოსილების უფრო ხშირი გამოყენება.
2005/6 წელს, 44-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ავტომობილის მფლობელების ჩხრეკის 25,479 შემთხვევას ჰქონდა ადგილი (ცხრილი 4.7). 2005/6 წელს ჩხრეკას დაქვემდებარებულ პირთა სამოცდათხუთმეტი პროცენტი თეთრკანიანი იყო, 11% - აზიელი და 8% - შავკანიანი. 2004/5 წელთან შედარებით, ამ მუხლის თანახმად გაჩხრეკილ პირთა შორის თეთრკანიანთა პროპორციული მაჩვენებლის მცირე ზრდა და შავკანიანთა პროპორციული მაჩვენებლის შემცირება დაფიქსირდა. 44-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ჩხრეკის შედეგად ავტომობილის მფლობელთა ტერორიზმთან დაკავშირებით დაკავების 44 შემთხვევა მოხდა მაშინ, როცა ეს მაჩვენებელი გასულ წელს იყო 38. ამ მუხლის თანახმად ჩხრეკის შედეგად დაკავების იმ შემთხვევების რაოდენობა, რომლებიც არ უკავშირდებოდა ტერორიზმს, 2004/5 და 2005/6 წლებში ერთნაირი იყო - 246. 44-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად განცორციელებული ჩხრეკის შედეგად დაკავების ფაქტების ყველაზე დიდი რაოდენობა ლონდონში მოხდა. დიდი ალბათობით, ეს გამოწვეულია ლონდონში ამ უფლებამოსილებების გამოყენების გაზრდილი სიხშირით.
44-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ფეხით მოსიარულეთა გაჩერებისა და ჩხრეკის ფაქტები 2004/5 წელთან შედარებით გაორმაგდა და 2005/6 წელს შეადგინა 19,064. ამ მონაცემის გაზრდა განპირობებული იყო ლონდონში ამ უფლებამოსილების გამოყენების გაზრდილი სიხშირით. 2004/5 და 2005/6 წლებს შორის ლონდონის გარეთ ამ უფლებამოსილების გამოყენების მაჩვენებელი შემცირდა 19%-ით. 44-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად გაჩერებულ პირთა შორის 2005/6 წელს თეთრკანიანდები იყვნენ 61% მაშინ, როცა 2004/5 წლის მონაცემი იყო 74%, ხოლო 2003/4 წლის - 72%. შავკანიან და აზიური წარმოშობის პირთა პროპორციული მაჩვენებლები შემცირდა და 2005/6 წელს შესაბამისად გახდა 11% და 21%. 2005/6 წელს 44-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად განხორციელებული ჩხრეკის შედეგად ტერორიზმთან დაკავშირებული დაკავების 59 შემთხვევა დაფიქსირდა მაშინ, როცა ეს მაჩვენებელი 2004/5 წელს იყო 24, ხოლო 2003/4 წელს – 5. იმ დაკავებების რიცხვი, რომლებიც არ იყო დაკავშირებული ტერორიზმის შესახებ კანონმდებლობასთან გაიზარდა - 2004/5 წელს იყო 153, ხოლო 2005/6 წელს - 212.“
...
46. ყველაზე ბოლო ანგარიშში - „რასობრივი კუთვნილებისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების შესახებ სტატისტიკა“ - რომელიც 2009 წლის აპრილში გამოქვეყნდა, 44-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებების გამოყენების ზრდა დაფიქსირდა:
„ტერორიზმის შესახებ 2000 წლის კანონის 44-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად 2007/8 წელს ჩხრეკას დაექვემდებარა 117,278 პირი მაშინ, როცა ეს მაჩვენებელი 2006/7 წელს 37,197 პირს შეადგენდა, რაც 215%-იან ზრდას წარმოადგენს (ცხრილი 4.6). პოლიციის განყოფილებათა დაახლოებით ერთ მეხუთედზე ნაკლებში (19%) არ დაფიქსირდა ამ უფლებამოსილების გამოყენება 2007/8 წელს. ჩხრეკის შემთხვევები გაიზარდა ყველა ეთნიკურ ჯგუფთან მიმართებაში, მაგრამ ზრდის ყველაზე დიდი მაჩვენებელი შავკანიანი პირების მიმართ დაფიქსირდა (322%), შემდეგ მოდიან აზიელების ჯგუფში შემავალი პირები (277%), სხვა კატეგორიაში შემავალები (262%) და ბოლოს - თეთრკანიანი ადამიანები (185%).
განხორციელებული გაჩერებისა და ჩხრეკის შემთხვევების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა ძირითადად გამოწვეულია საქალაქო პოლიციის მიერ ამ უფლებამოსილების უფრო ხშირი გამოყენებით. 2007/8 წელს ტერორიზმის შესახებ 2000 წლის კანონის 44-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად ჩხრეკის 87% დედაქალაქის პოლიციის მიერ განხორციელდა; ეს მაჩვენებელი 2006/7 წელს 68% იყო. დედაქალაქის პოლიციამ ეს უფლებამოსილება 76,496-ით მეტჯერ გამოიყენა, ვიდრე გასულ წელს, რაც წარმოადგენს 303%-იან ზრდას. მაჩვენებლის ასეთი ზრდა პირდაპირ კავშირშია დედაქალაქის პოლიციის მიერ ლონდონში მოქმედი ქსელის მიმართ მკაცრი ღონისძიებების გატარებასთან მას შემდეგ, რაც 2007 წელს მოხდა აფეთქება „ჰეიმარკეტში“.
ცხრილებში 4.7 და 4.8 შერჩევითაა მოცემული პოლიციის მოქმედების ის ტერიტორიები, სადაც 2007/8 წელს ტერორიზმის შესახებ 2000 წლის კანონის 44-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად გაჩერებისა და ჩხრეკის შემთხვევებმა 1,000 პირს გადააჭარბა.
2007/8 წელს 44-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ავტომობილის მფლობელთა 65,217 ჩხრეკა ჩატარდა (ცხრილი 4.7). ჩხრეკას დაქვემდებარებულ პირთა სამოცდაოთხი პროცენტი თეთრკანიან პირები იყვნენ, რაც გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით, რვა პროცენტით ნაკლებია; 13% იყვნენ შავკანიანები (4 პროცენტიანი ზრდა). 2007/8 წელს 44-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად განხორციელებული ჩხრეკის შედეგად ტერორიზმთან დაკავშირებული დაკავების ოცდათოთხმეტი შემთხვევა დაფიქსირდა მაშინ, როცა ეს მაჩვენებელი გასულ წელს იყო 14. აქედან 9 დაკავებული პირი იყო შავნკანიანი, ხოლო 10 - აზიური წარმოშობის. იმ დაკავებების რიცხვი, რომლებიც 44-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად განხორციელებული გაჩერებისა და ჩხრეკის შედეგად მოხდა და არ იყო დაკავშირებული ტერორიზმის შესახებ კანონმდებლობასთან, გაიზარდა და 2007/8 წელს შეადგინა 665 პირი მაშინ, როცა ეს მაჩვენებელი 2006/7 წელს იყო 246.
44-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ფეხით მოსიარულეთა გაჩერებისა და ჩხრეკის ფაქტები, 2006/7 წელთან შედარებით, 2007/8 წელს 280%-ით გაიზარდა - 13,712-დან 52,061-მდე (ცხრილი 4.8). როგორც უკვე აღინიშნა, ასეთი დიდი ზრდა განპირობებული იყო დედაქალაქის პოლიციის მიერ „ჰეიმარკეტის“ აფეთქებებთან დაკავშირებით მკაცრი ღონისძიებების გატარებით. გასულ წელთან შედარებით, 44-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ჩხრეკას დაქვემდებარებულ პირთა შორის თეთრკანიანების მაჩვენებელი შემცირდა - 66%-დან 61%-მდე. აზიური წარმოშობის პირების მაჩვენებლები კვლავაც ყველაზე მაღალია შავკანიანებისა და უმცირესობათა ჯგუფში, როგორც ჩხრეკის კუთხით (19%), ისე ჩხრეკის შედეგად დაკავების მაჩვენებლით (29%).“
...
სამართალი
49. მომჩივნები ჩიოდნენ, რომ 2000 წლის კანონის 44-ე - 47-ე მუხლების თანახმად მათი გაჩერებისა და ჩხრეკის შედეგად დაირღვა მათი კონვენციის მე-5, მე-8, მე-10 და მე-11 მუხლებით დაცული უფლებები.
მე-5 მუხლის თანახმად:
„1. ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, თუ არა კანონით დადგენილი პროცედურის შესაბამისად და გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
(ა) კანონიერი დაპატიმრება უფლებამოსილი სასამართლოს მიერ მსჯავრდებული პირისა;
(ბ) კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება კანონის შესაბამისად გაცემული სასამართლოს ბრძანების შეუსრულებლობისათვის, ანდა კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად;
(გ) პირის კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება, უფლებამოსილი სამართლებრივი ორგანოს წინაშე მის წარსადგენად, როდესაც არსებობს ამ პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის საფუძვლიანი ეჭვი, ან საფუძვლიანად არის მიჩნეული პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის თუ მისი ჩადენის შემდეგ მიმალვის აღკვეთის აუცილებლობა.
(დ) არასრულწლოვნის დაპატიმრება კანონიერი ბრძანების საფუძველზე მასზე აღმზრდელობითი ზედამხედველობისათვის ან უფლებამოსილი სამართლებრივი ორგანოს წინაშე მის წარსადგენად;
(ე) პირის კანონიერი დაპატიმრება გადამდებ დაავადებათა გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ან სულით ავადმყოფის, ალკოჰოლიკის, ნარკომანისა და მაწანწალის კანონიერი დაპატიმრება;
(ვ) პირის კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება, ქვეყანაში მისი უნებართვოდ შესვლის აღსაკვეთად, აგრეთვე იმისა, ვის მიმართაც ხორციელდება ღონისძიებანი მისი გაძევების (დეპორტაცია) ან გადაცემისათვის (ექსტრადიცია).
2. დაკავებულ პირს მისთვის გასაგებ ენაზე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მისი დაკავების მიზეზები და მისთვის წაყენებული ყველა ბრალდება.
3. ამ მუხლის 1-ლი (გ) პუნქტით გათვალისწინებულ დებულებათა შესაბამისად დაკავებული თუ დაპატიმრებული პირი დაუყოვნებლივ წარედგინება მოსამართლეს ან სასამართლო ხელისუფლების განსახორციელებლად კანონით უფლებამოსილ სხვა მოხელეს და იგი აღჭურვილია უფლებით, მისი საქმე განიხილოს სასამართლომ გონივრულ ვადაში, ან გათავისუფლდეს საქმის განხილვის განმავლობაში. ასეთი გათავისუფლება შეიძლება პირობადებული იყოს სასამართლოში მისი გამოცხადების რაიმე გარანტიით.
4. ყველას, ვისაც დაკავებით ან დაპატიმრებით აღეკვეთა თავისუფლება, აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს, რომელიც დაუყოვნებლივ განიხილავს მისი დაპატიმრების საკითხს და ბრძანებს მის გათავისუფლებას, თუ ეს დაპატიმრება უკანონოა.
5. ყველა მსხვერპლს, ვინც ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევით დააკავეს ან დააპატიმრეს, აქვს კომპენსაციის ქმედითი უფლება.“
მე-8 მუხლის თანახმად:
„1. ყველას აქვს უფლება, რომ დაცული იყოს მისი პირადი და ოჯახური ცხოვრება, საცხოვრისი და მიმოწერა.
2. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობისა ან მორალის, ანდა სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.“
მე-10 მუხლში ნათქვამია:
„1. ყველას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას, გააჩნდეს საკუთარი შეხედულება, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია ან იდეები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ეს მუხლი ვერ დააბრკოლებს სახელმწიფოს, მოახდინოს რადიომაუწყებლობის, ტელევიზიისა და კინემატოგრაფიულ საწარმოთა ლიცენზირება.
2. ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ისინი განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს კანონით დადგენილ ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, საზოგადოებრივი უწესრიგობის თუ დანაშაულის აღსაკვეთად, 6 ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა უფლებების ან ღირსების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად, ანდა სასამართლოს ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.“
მე-11 მუხლის თანახმად:
„1. ყველას აქვს მშვიდობიანი შეკრებისა და სხვებთან გაერთიანების თავისუფლება, მათ შორის, პროფესიული კავშირების შექმნისა და მათში გაერთიანების უფლება საკუთარი ინტერესების დასაცავად.
2. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელების შეზღუდვა გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობისა თუ მორალის ან სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად. ეს მუხლი ვერ დააბრკოლებს სახელმწიფოს, ამ უფლების განხორციელებაზე დააწესოს კანონიერი შეზღუდვები შეიარაღებული ძალების, პოლიციის ან სახელმწიფო ადმინისტრაციის წარმომადგენლის მიმართ.“
I.დასაშვებობა
50. მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივნებს ბოლომდე არ ჰქონდათ ამოწურული გასაჩივრების შიდასამართლებრივი მექანიზმები. პირველი, მათ არ გამოიყენეს მაღალი სასამართლოს შეთავაზება, რომ სპეციალური ადვოკატის მონაწილეობით ჩატარებულიყო დახურული მოსმენა, სადაც ტერორისტული შეტევის არსებული საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებების გათვალისწინებით, დადგინდებოდა იყო თუ არა გამართლებული პოლიციისა და სახელმწიფო მდივნის მიერ 2000 წლის კანონის 44-ე მუხლის თანახმად ნებართვის გაცემა და დამტკიცება (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 10). მეორე, მომჩივნებმა არ გაასაჩივრეს საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც უარყოფილი იყო მათი საჩივრები, რომ ფაქტებიდან გამომდინარე, მათ მიმართ გამოყენებული გაჩერებისა და ჩხრეკის უფლებამოსილებები, იარაღის გამოფენასთან ახლოს, მათ მიმართ უკანონოდ და არასწორი მიზნით იყო გამოყენებული (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 24). აქედან გამომდინარე, იმდენად, რამდენადაც მომჩივნები სასამართლოს წინაშე დაობდნენ, რომ როგორც ნებართვის გაცემა, ისე პოლიციის მიერ გაჩერებისა და ჩხრეკის ღონისძიებების მათ მიმართ გამოყენება გაუმართლებელი იყო ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მათ არ ამოუწურავთ გასაჩივრების შიდასამართლებრივი მექანიზმები.
51. მომჩივნებმა აღნიშნეს, რომ სასამართლოს წინაშე წარმდგენილი მათი საჩივრები ეხებოდა კანონით დადგენილი სქემის კონვენციასთან შესაბამისობის საკითხს; მათი არგუმენტი იყო, რომ მათ მიმართ უფლებამოსილება თუნდაც კანონის შესაბამისად რომ ყოფილიყო გამოყენებული, ამით მაინც დარღვეული იყო კონვენცია. მათ ამის შესახებ იდავეს ერონვულ სასამართლოებში, მათ შორის ლორდთა პალატაში, პროცესის წარმოებით. მართალია მათ არ უცდიათ, ეროვნულ სასამართლოებში ეჭვქვეშ დაეყენებინათ დაზვერვის ის ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო 44-ე მუხლის თანახმად ნებართვის გაცემას, ყოველივე ეს არ წარმოადგენდა წინამდებარე საჩივარში მოცემული საჩივრების ნაწილს. პროცესი საოლქო სასამართლოში შეჩერებული იყო ლორდთა პალატის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე. მას შემდეგ, რაც ლორდთა პალატამ მიიღო გადაწყვეტილება, საოლქო სასამართლოში განახლებული პროცესი მხოლოდ და მხოლოდ ეხებოდა იმ საკითხის განხილვას, მოხდა თუ არა 44-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებების შიდა კანონმდელბობის შესაბამისად გამოყენება. შესაბამისად, საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება ვერ იქნებოდა ეფექტიანი საშუალება მომჩივნების კონვენციასთან დაკავშირებულ საჩივრებთან მიმართებაში.
52. სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეში მომჩივნების საჩივრები შემოიფარგლება კონვენციის ზემოხსენებულ დებულებებთან გაჩერებისა დაა ჩხრეკის უფლებამოსილებების ზოგადი შესაბამისობის საკითხით. ისინი არ ცდილობენ, იდაონ 44-ე მუხლის თანახმად გამოცემული და მათ მიმართ გამოყენებული ნებართვა იყო თუ არა გამართლებული დედაქალაქის პოლიციისა და სახლემწიფო მდივნისთვის ხელმისაწვდომი დაზვერვის ინფორმაციის გათვალისწინებით; არც ის - გააჩერეს თუ არა ისინი კონსტებლებმა „ისეთი ტიპის ნივთების აღმოჩენის მიზნით, რაც ტერორიზმთან დაკავშირებით შეიძლება იყოს გამოყენებული.“ შესაბამისად, ვინაიდან მომჩივნები დავის საგნად არ ხდიან იმას, რომ მათ მიმართ გამოყენებული გაჩერებისა და ჩხრეკის ღონისძიებები შეესაბამებოდა 2000 წლის კანონის მოთხოვნებს, მთავრობის მიერ მითითებული საშუალებები არ იქნებოდა არც შესაბამისი და არც ეფექტიანი სასამართლოს წინაშე წარმოდგენილ საჩივრებთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე, სასამართლო უარყოფს მთავრობს პირველად პრეტენზიას.
53. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საჩივარი არაა აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 ნაწილის მნიშვნელობით. იგი ასევე აღნიშნავს, რომ საჩივარი არაა დაუშვებელი რაიმე სხვა საფუძველზე. შესაბამისად, საჩივარი უნდა გამოცხადდეს დასაშვებად.
II. არსებითი განხილვა
ა. კონვენციის მე-5 მუხლის სავარაუდო დარღვევა
1.მხარეთა არგუმენტები
54. მომჩივნები დაობენ, რომ როდესაც პოლიციის ოფიცრებმა ისინი გააჩერეს და გაჩხრიკეს, მოხდა მათი თავისუფლების აღკვეთა მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის მნიშვნელობით. გასათვალისწინებელია, რომ პოლიციის ოფიცერს ჰქონდა უფლებამოსილება, ეიძულებინა პირი დამორჩილებოდა 44-ე მუხლით გათვალისწინებულ პროცედურას და ჰქონდა პირდაპირი უფლებამოსილება, გამოეყენებინა გონივრული ძალა და/ან დაეპატიმრებინა პირი, რომელიც არ ემორჩილებოდა. მომჩივნებს არ ჰქონდათ არჩევანი იმასთან დაკავშირებით, დამორჩილებოდნენ თუ არა პოლიციის ოფიცრის ბრძანებებს და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, მიეცემოდნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში. მათი თავისუფლების სრული შეზღუდვა მოხდა: მათ არ შეეძლოთ თავისი ნებით გამობრუნებულიყვნენ და წასულიყვნენ. გარდა ამისა, პირის გადაადგილების სრული შეზღუდვის უფლებამოსილება გათვალისწინებული იყო ჩხრეკის უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად და არ იყო ამ უკანასკნელის მხოლოდ შემთხვევით თანმდევი ღონისძიება. მიუხედავად იმისა, რომ ზოგ შემთხვევაში პროცედურა შეიძლება იყოს შედარებით ხანმოკლე, ყოველთვის შეიძლება არ ყოფილიყო ასე, განსაკუთრებით ჩხრეკის ფართო უფლებამოსილებისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ პირი ვალდებული იყო, დარჩენილიყო პოლიციის ოფიცერთან იმ ხანგრძლივობით, რაც გონივრულად აუცილებელი იყო ჩხრეკის ჩასატარებლად.
მომჩივნების არგუმენტი იყო, რომ თუ მე-5 მუხლი იყო გამოყენებადი, განსახილველი ღონისძიებები არ იყო „კანონიერი“ და „კანონით დადგენილი პროცედურების შესაბამისი“, აღმასრულებლისთვის მინიჭებული ფართო დისკრეციის გამო.
55. მთავრობამ განაცხადა, რომ სასამართლოს არასდროს მიუჩნევია გაჩერებისა და ჩხრეკის უფლებამოსილების განხორციელება თავისუფლების აღკვეთად კონვენციის მე-5 მუხლის მნიშვნელობით. გარდა ამისა, მრავალ საქმეში კონვენციის ორგანოებმა უარი განაცხადეს, დაედგინათ, რომ თავისუფლების ბევრად უფრო სერიოზული შეზღუდვები, ვიდრე წინამდებარე საქმეშია მოცემული, მე-5 მუხლის გავრცელების სფეროში ხვდებოდა (მთავრობამ მიუთითა, inter alia, საქმეზე რაიმონდო იტალიის წინააღმდეგ, 1994 წლის 22 თებერვალი, სერია „A“ №. 281‑A; ტრიონისი ლიტვის წინააღმდეგ, №2333/02, 2005 წლის 15 დეკემბერი; რანინენი ფინეთის წინააღმდეგ, 1997 წლის 16 დეკემბერი, Reports of Judgments and Decisions 1997‑VIII; გარტუკაევი რუსეთის წინააღმდეგ, №71933/77, 2005 წლის 13 დეკემბერი; ასევე, კვიპროსი თურქეთის წინააღმდეგ, №8007/77, კომისიის 1978 წლის 10 ივლისის განჩინება, Decisions and Reports (DR) 13, p. 85, § 235; X გერმანიის წინააღმდეგ, №8334/78, კომისიის 1981 წლის 7 მაისის განჩინება, DR 24, p. 131; გუენა შვეიცარიის წინააღმდეგ, №2472/94, კომისიის 1995 წლის 10 აპრილის განჩინება, DR 81-B, p. 13). მთავრობა დაობდა, რომ გაჩერებისა და ჩხრეკის უფლებამოსილების მოცემულ ფონზე განხივლისას, პოლიციის მიერ ასეთი უფლებამოსილების ჩვეული გამოყენება ჩვეულებრივ გარემოებებში ცალსახად არ გამოიწვევდა მე-5 მუხლის გავრცელებას, რაც ასევე არ ვრცელდებოდა მომჩივნების შემთხვევებზე. სახეზე იყო მრავალი კონკრეტული მახასიათებელი, რაც ორივე მომჩივნის საქმის კონკრეტულ გარემოებებში მე-5 მუხლის გამოყენების საწინააღმდეგოდ მეტყველებდა. პირველი, ჩხრეკის ხანგრძლივობა (20 წუთი პირველი მომჩივნის შემთხვევაში და ხუთი ან 30 წუთი მეორე მომჩივნის შემთხვევაში) იყო ცალსახად არასაკმარისი, რომ, სხვა დამამძიმებელი ფაქტორების არ არსებობისას, გათანაბრებოდა თავისუფლების აღკვეთას. მეორე, პოლიციის მიერ მისი უფლებამოსილებების გამოყენების მიზანი იყო არა მომჩივნებისთვის თავისუფლების აღკვეთა, არამედ შეზღუდული ჩხრეკის ჩატარება კონკრეტული ნივთების აღმოსაჩენად. მესამე, მომჩივნები არ დაქვემდებარებიან დაკავებას ან ძალის რაიმე ფორმით გამოყენებას. მეოთხე, შეზღუდვის ადგილას არ იყო დახურული სატუსაღო. მეხუთე, მომჩივნები არ ყოფილან დაპატიმრებული ან მათთვის არ მოუთხოვიათ, წასულიყვნენ გარკვეულ ადგილას: მათი ჩხრეკა ადგილზე მოხდა.
მთავრობამ ასევე განაცხადა, რომ თუ მიჩნეული იქნებოდა, რომ მე-5 მუხლი გამოყენებადი იყო, თითოეული მომჩივნის გაჩერება და ჩხრეკა იყო კანონიერი და გამართლებული მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის (ბ) პუნქტის თანახმად.
2.სასამართლოს შეფასება
56. სასამართლო აღნიშნავს, რომ მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილი არ ეხება გადაადგილების უბრალო შეზღუდვას; ასეთ შეზღუდვებზე ვრცელდება მე-4 ოქმის მე-2 მუხლი, რომელიც გაერთიანებული სამეფოს მიერ რატიფიცირებული არაა. იმის დასადგენად, მოხდა თუ არა პირის „თავისუფლების აღკვეთა“ მე-5 მუხლის მნიშვნელობით, საწყისი საკითხი უნდა იყოს პირის კონკრეტული სიტუაცია და მხედველობაში უნდა იყოს მიღებული სხვადასხვა კრიტერიუმი, როგორიცაა განსახილველი ღონისძიების ტიპი, ხანგრძლივობა, ზეგავლენა და მისი განხორციელების ფორმა. მიუხედავად ამისა, თავისუფლების აღკვეთა და თავისუფლების შეზღუდვა ერთმანეთისგან განსხვავდება ხარისხითა და ინტენსივობით და არა ხასიათითა და არსით. მართალია მოცემულ ორ კატეგორიაში კლასიფიკაციის პროცესი ხანდახან არაა ადვილი, როცა საქმე ეხება ზღვარზე მყოფ შემთხვევებს, რომელთა კლასიფიკაციაც მხოლოდ კერძო შეფასებაზეა დამოკიდებული, სასამართლო თავიდან ვერ აირიდებს, გააკეთოს არჩევანი, რაზეც იქნება დამოკიდებული მე-5 მუხლის გამოყენებადობა ან გამოუყენებლობა (გუცარდი იტალიის წინააღმდეგ, 1980 წლის 6 ნოემბერი, §§ 92-93, სერია „A“ №39; აშინგეიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 1985 წლის 28 მაისი, § 41, სერია „A“
№93; ჰ.ლ. გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, №45508/99, § 89, ECHR 2004‑IX).
57. სასამართლო ადგენს, რომ მართალია ორივე მომჩივნის შემთხვევაში გაჩერებისა და ჩხრეკის ხანგრძლივობა არ აღემატებოდა 30 წუთს, ამ პერიოდის განმავლობაში მომჩივნებს სრულიად აღკვეთილი ჰქონდათ გადაადგილების თვისუფლება. მათ ჰქონდათ ვალდებულება, დარჩენილიყვნენ იქ, სადაც იმყოფებოდნენ და გაევლოთ ჩხრეკა; და რომ არ დათანხმებოდნენ, ისინი დაექვემდებარებოდნენ დაკავებას, დაპატიმრებას პოლიციის განყოფილებაში და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას. იძულების ელემენტი მიუთითებს თავისუფლების აღკვეთაზე მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის მნიშვნელობით (იხილეთ, მაგალითად, ფოკა თურქეთის წინააღმდეგ, №28940/95, §§ 74-79, 2008 წლის 24 ივნისი). თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, არაა აუცილებელი, სასამართლომ ბოლომდე იმსჯელოს ამ საკითხზე, კონვენციის მე-8 მუხლთან დაკავშირებით ქვემოთ მოცემული დასკვნების გათვალისწინებით.
ბ. კონვენციის მე-8 მუხლის სავარაუდო დარღვევა
1.ადგილი ჰქონდა თუ არა მომჩივნების მე-8 მუხლით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვას
58. სასამართლო პირველ რიგში იმსჯელებს, წარმოადგენდა თუ არა გაჩერებისა და ჩხრეკის ღონისძიებები მომჩივნების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვას.
ა.მხარეთა არგუმენტები
59. მომჩივნებმა აღნიშნეს, რომ სააპელაციო სასამართლომ 44-ე მუხლი დაახასიათა, როგორც „საზოგადოების წევრების პირად ცხოვრებაში შეჭრის განსაკუთრებულად ფართო უფლებამოსილება“ და დედაქალაქის პოლიციის კომისარი დაეთანხმა ეროვნულ სასამართლოს, რომ ამ უფლებამოსილების გამოყენება წარმოადგენდა პირის მე-8 მუხლით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვას (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 14). მათი თქმით, ლორდმა ბინგემმა არასწორად დაასკვნა, რომ მე-8 მუხლი არ იყო გამოყენებადი რადგან „პირის სტანდარტული ზედაპირული ჩხრეკა და ჩანთების გახსნა, როგორი ტიპის ღონისძიებასაც, მაგალითად, მგზავრები ჩივილის გარეშე ემორჩილებიან აეროპორტებში, ძნელია ითქვას, რომ აღწევს“ სერიოზულობის საჭირო დონეს. მათი მსჯელობით, არეოპორტში პირი ემორჩილება ჩხრეკის ღონისძიებას, რადგან ცნობილია, რომ აეროპორტის ოფიცრებს აქვთ იძულების უფლებამოსილება და თვითმფრინავით თავისუფლად მგზავრობის პირობაა, პირი დათანხმდეს ჩხრეკას. ამიტომ, პირს შეუძლია აირჩიოს, არ იმგზავროს საჰაერო გზით ან თან არ წაიღოს ის პირადი ნივთები, რისი საჯაროდ შემოწმებაც მას არ სურს. 44-ე მუხლი კი თვისობრივად განსხვავებულია. კანონიერ საქმიანობაში ჩაბმული მოქალაქეებითვის ნებისმიერ საჯარო ადგილას, წინასწარი გაფრთხილებისა და მათ მიერ უკანონობის ჩადენის გონივრული ეჭვის არსებობის გარეშე, შესაძლოა მოეთხოვათ, წარედგინა თავისი პირადი ნივთები იძულებითი დეტალური შემოწმებისთვის. მათ არ შეეძლოთ გამობრუნებულიყვნენ და დაეტოვებინათ იქაურობა, რისი გაკეთებაც შესაძლებელი იყო, მაგალითად, როცა პირი თავს იკავებს იმ შენობაში შესვლისგან, რომლის შესასვლელშიც ჩხრეკა ტარდება. მათ წინასწარ წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ იმყოფებოდნენ იმ ტერიტორიაზე, სადაც 44-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებები ძალაში იყო. სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში მკაფიოდაა დადგენილი, მაგალითად პეკი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, №44647/98, §§ 57-63, ECHR 2003-I , რომ პირი არ კარგავს პირადი ცხოვრების დაცვის უფლებას მხოლოდ იმის გამო, რომ საჯარო სივრცეში, როგორიცაა ქუჩა, თან ატარებს პირად ნივთებს. გარდა ამისა, მე-8 მუხლის გამჭოლი ხაზია პირადი ავტონომია. ეს პრინციპი მნიშვნელოვნად შეზღუდა პოლიციის უფლებამოსილებამ, მოითხოვოს იძულებითი ჩხრეკის ჩატარება საჯარო სივრცეში; კერძოდ, ვინაიდან წინასწარი შეტყობინების არ არსებობის პირობებში, ყველას უნდა ევარაუდა, რომ საჯარო სივრცეში სადაც არ უნდა წასულიყვნენ, შესაძლოა, იძულებული ყოფილიყვნენ, დაქვემდებარებოდნენ ჩხრეკას.
60. მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივნების ჩხრეკით არ მომხდარა მათი პირადი ცხოვრების დაცულობის უფლების შეზღუდვა. ნებისმიერი ქმედება, რომელმაც შეიძლება ხელყოს პირის ავტონომია ან ფიზიკური ხელშეუხებლობა არ წარმოადგენს ასეთ შეზღუდვას (იხილეთ კოსტელო-რობერტსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, § 36, 1993 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება, სერია „A“ no. 247-C). შეეხო თუ არა პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებას კონკრეტული ღონისძიება, რომელმაც ხელყო პირის ავტონომია ან ფიზიკური ხელშეუხებლობა დამოკიდებულია ორ რამეზე - ამ ღონისძიების სიმძიმეზე და იმაზე, თუ მოცემულ გარემოებებში რა დოზით მოქმედებდა პირი იმ სფეროში, სადაც ვრცედლებოდა საჯარო ცხოვრების ან სხვა პირთა ინტერესები. მართალია მთავრობა აღიარებდა, რომ ზოგიერთ გარემოებებში განსაკუთრებულად შემზღუდავი ჩხრეკა შეიძლება გაუთანაბრდეს მე-8 მუხლის შეზღუდვას, მან აღნიშნა, რომ 2000 წლის კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად ნორმალურმა, თავაზიანმა ჩხრეკამ ეს არ გამოიწვია და რომ მომჩივნების შემთხვევაში შეზღუდვას ადგილი არ ჰქონია. მომჩივნების ჩხრეკა განხორციელდა არა მათ საცხოვრებელში ან პოლიციის განყოფილებაში, არამედ მათი გაჩერების ადგილას. კოდექსის თანახმად (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 36), ვინაიდან არც ერთი მომჩივნისთვის არ მოუთხოვიათ ტანსაცმლის გახდა, მხოლოდ მოხდა მათი გარე ტანსაცმლისა და ჩანთების შემოწმება, რაც იყო იმ ტიპის ღონისძიება, რასაც რეგულარულად ექვემდებარებიან ადამიანები აეროპორტებში. მომჩივნებისთვის არ მოუთხოვიათ მათი პირადი ინფორმაციის მიწოდება, გარდა მათი სახელებისა, მისამართებისა და დაბადების ადგილებისა. ორივე შემთხვევაში, ჩარევა იყო მოკლე ხანგრძლივობის. გარდა ამისა, მომჩივნებმა, საჯარო დემონსტრაციაში ნებაყოფლობითი მონაწილეობით, თვითონვე მოვიდნენ საჯარო სფეროსთან კონტაქტში. ის ფაქტი, რომ სხვა გარემოებებში უფრო შემზღუდავი ჩხრეკა შეიძლება ჩატარდეს, მომჩივნებს არ აძლევდა უფლებას, მათი მე-8 მუხლით გათვალისწინებული უფლებების დარღვევაზე ეჩივლათ: სასამართლო კანონმდებლობის სავარაუდო მოქმედებას არ განიხილავს in abstracto.
ბ.სასამართლოს შეფასება
61. როგორც სასამართლომ ადრეც აღნიშნა, „პირადი ცხოვრების“ ცნება ფართო ტერმინია, რომელიც არ ექვემდებარება ამომწურავად განსაზღვრას. იგი მოიცავს პირის ფიზიკურ და ფსიქიკურ ხელშეუხებლობას. პირადი ავტონომიის ცნება არის მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელიც საფუძვლად უდევს მასში მოცემული გარანტიების განმარტებას (იხილეთ ფრითი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, №2346/02, § 61, ECHR 2002-III). ეს მუხლი ასევე იცავს იდენტობისა და პირადი განვითარების უფლებას, და სხვა ადამიანებთან და გარე სამყაროსთან ურთიერთობის დამყარების უფლებას. ამაში შეიძლება იგულისხმებოდეს როგორც პროფესიული ხასიათის, ისე ბიზნეს საქმიანობა. შესაბამისად, საჯარო კონტექსტშიც კი, არსებობს პირის სხვებთან ინტერაქციის ზონა, რომელიც შეიძლება მოხვდეს „პირადი ცხოვრების“ გავრცელების სფეროში. ბევრი რელევანტური ელემენტია იმაზე სამსჯელოდ, პირის საცხოვრებლის ან პირადი სივრცის გარეთ გატარებული ღონისძიებები ეხებოდა თუ არა მის პირად ცხოვრებას. ამასთან დაკავშირებით, პირის გონივრული მოლოდინი პირად ცხოვრებასთან მიმართებაში შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი, მაგრამ არა აუცილებლად განმსაზღვრელი ფაქტორი (იხილეთ პ.გ. და ჯ. ჰ. გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, №44787/98, §§ 56-57, ECHR 2001-IX; ასევე იხილეთ ზემოთ, პეკი, §§ 57-63). ფოკას საქმეში (იხილეთ ზემოთ, § 85), ფოკას საქმეში (იხილეთ ზემოთ, § 85), რომელშიც მესაზღვრეებმა ჩაატარეს მომჩივნის ჩანთის იძულებითი ჩხრეკა, სასამართლომ დაადგინა, რომ „ხელისუფლების ორგანოების მიერ განხორცილებული პირის ნებისმიერი ჩხრეკა, არის პირის პირად ცხოვრებაში ჩარევა“.
62. უბრუნდება რა წინამდებარე საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, სასამართლო აღნიშნავს, რომ 2000 წლის კანონის 44-ე - 47-ე მუხლების მიხედვით ფორმიან პოლიციის ოფიცერს უფლება აქვს, იმ გეოგრაფიულ არეალში, სადაც მისი უფლებამოსილება ვრცელდება, გააჩეროს ნებისმიერი პირი, ჩაატაროს პირის პირადი ჩხრეკა და შეამოწმოს ნებისმიერი რამ, რაც პირს თან აქვს. პოლიციის ოფიცერს შეუძლია, მოსთხოვოს პირს, რომ მან მოიხადოს თავსაბურავი, გაიხადოს ფეხსაცმელი, გარე ტანსაცმელი და ხელთათმანები. შესაბამისი საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-5 ნაწილი დამატებით განმარტავს, რომ ჩხრეკისას პოლიციის ოფიცერს უფლება აქვს, პირს ხელი ჩაუყოს ჯიბეში, ხელის შემოვლებით შეუმოწმოს საყელოს, წინდებისა და ფეხსაცმელების შიგნითა მხარე და თმა (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 36). ჩხრეკა ტარდება საჯაროდ, წინააღმდეგ შემთხვევაში ის შეადგენს დანაშაულს, რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ან ჯარიმით ან ორივეთი (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 33). მიუხედავად იმისა, რომ ლორდთა პალატა ეჭვქვეშ აყენებდა, იყო თუ არა მე-8 მუხლი გამოყენებადი, რადგან ჩარევა საკმარისად სერიოზული დონის არ ყოფილა, ეროვნულ სასამართლოებში დედაქალაქის პოლიციის კომისარმა აღიარა, რომ 44-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელება პირის მე-8 მუხლით განსაზღვრული უფლებების განხორციელებაში ჩარევას წარმოადგენდა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ ეს აღწერა, როგორც „საზოგადოების წევრების პირად ცხოვრებაში ჩარევის უკიდურესად ფართო უფლებამოსლება“. (იხილეთ ზემოთ პარაგრაფები 14 და 19).
63. მთავრობა ამტკიცებდა, რომ გარკვეულ შემთხვევებში განსაკუთრებულად დეტალური ჩხრეკა შეიძლება შეადგენდეს პირის მე-8 მუხლით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვას ისევე, როგორც ისეთი ჩხრეკა, რომელიც მოიცავს მისამართების წიგნაკის, დღიურის ან კორესპონდენციის დათვალიერებას, მაგრამ არა - ზედაპირული ჩხრეკა, რომელიც ამგვარი რამის შემოწმებას არ გულისხმობს. სასამართლოს არ შეუძლია, დაეთანხმოს ამ მოსაზრებას. იმის მიუხედავად, ჩხრეკისას კონკრეტულ შემთხვევაში ხდებოდა თუ არა კორესპონდენციის, დღიურების ან სხვა პირადი დოკუმენტების აღმოჩენა და წაკითხვა ან სხვა ინტიმური ნივთების გამომზეურება, სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონმდებლობით მინიჭებული იძულებითი უფლებასილების გამოყენება, რომ მოითხოვო პირისგან, დაემორჩილოს მისი პიროვნების, ტანსაცმლისა და პირადი ნივთების დეტალურ ჩხრეკას, შეადგენს პირადი ცხოვრების დაცვის უფლების განხორციელებაში აშკარა ჩარევას. მიუხედავად იმისა, რომ ჩხრეკა ჩატარდა საჯარო ადგილას, ეს არ ნიშნავს, რომ მე-8 მუხლი არაა გამოყენებადი. მართლაც, სასამართლოს აზრით, ჩხრეკის საჯარო ხასიათი, შესაძლოა, გარკვეულ შემთხვევებში, დამცირებისა და სირცხვილის გრძნობის გამო ამძიმებდეს ჩარევის სერიოზულობას. ისეთი ნივთები, როგორიცაა ჩანთა, საფულე, უბის წიგნაკი ან დღიური, შესაძლოა, შეიცავდეს პირად ინფორმაციას, რომლის პირის თანმხლებთათვის ან ფართო საზოგადოებისთვის გამომზეურებამაც შეიძლება პირი უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდოს.
64. მოტანილი ანალოგია ჩხრეკისა, რომელსაც მგზავრები უსიტყვოდ ემორჩილებიან აეროპორტებში ან საჯარო შენობის შესასვლელში, სასამართლოსთვის ასევე არადამაჯერებელია. არ არის საჭირო იმის დადგენა, პირისა და მისი ბარგის ჩხრეკა ასეთ შემთხვევებში შეადგენს თუ არა პირის მე-8 მუხლით გათვალისწინებული უფლებების განხორციელებაში ჩარევას, რადგან ეს აშკარად გამართლებულია უსაფრთხოების მოტივით და ამდენად, ეს სიტუაციები არ შეიძლება იყოს შედარებული. თვითმფრინავის მგზავრი შეიძლება ჩაითვალოს, რომ თანხმდება ამგვარ ჩხრეკას, როცა მგზავრობის გადაწყვეტილებას იღებს. მან იცის, რომ ის და მისი ბარგი უნდა შემოწმდეს თვითმფრინავში ჩასხდომამდე და მას აქვს არჩევანის თავისუფლება, რადგან შეუძლია დატოვოს მისი პირადი ნივთები და გაიაროს შემოწმება ისე, რომ არ დაექვემდებაროს პირად ჩხრეკას. 44-ე მუხლით გათვალისწინებული ჩხრეკის უფლებამოსილება თვისობრივად სხვაგვარია. წინასწარ შეტყობინების გარეშე პირი შეიძლება გააჩერონ ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს და მას არ აქვს არჩევანი, დაემორჩილოს თუ არა ჩხრეკას.
65. ორივე მომჩივანი გააჩერა პოლიციის ოფიცერმა და აიძულა, 2000 წლის კანონის 44-ე მუხლის შესაბამისად, დამორჩილებოდა ჩხრეკას. ზემოთ აღნიშნული მიზეზების გამო სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს ჩხრეკები შეადგენდა მე-8 მუხლით განსაზღვრული მათი პირადი ცხოვრების დაცვის უფლებაში ჩარევას. ამგვარი ჩარევა გამართლებულია მე-8 მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ის ხორციელდება „კანონის შესაბამისად“, მე-2 ნაწილში აღნიშნულ ერთ ან მეტ მართლზომიერ მიზანს ისახავს და „აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში“ ამ მიზნის ან მიზნების მისაღწევად (იხილეთ, მაგალითად, ”Liberty” და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, №58243/00, § 58, ECHR 2008-...).
2.იყო თუ არა ჩარევა „კანონის შესაბამისად“ განხორციელებული
ა.მხარეთა არგუმენტები
i. მომჩივნები
66. მომჩივნებმა განაცხადეს, რომ კონვენციით განსაზღვრული კანონის სიზუსტის მოთხოვნის მიზანი იყო სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან თვითნებური ჩარევისგან დაცვა. ასევე ის, რომ „კანონი“ უნდა იყოს ხელმისაწვდომი, პროგნოზირებადი და კანონის უზენაესობასთან თავსებადი, ადეკვატურად განსაზღვრავს რა გარემოებებს, როცა შესაძლებელია უფლებამოსილების განხორციელება და ამგვარად საზოგადოების წევრებს საშუალებას აძლევს, არეგულირონ მათი ქცევა და წინასწარ განჭვრიტონ მათი მოქმედებების შედეგები. აღმასრულებელ ხელისუფლებას ვერ მიენიჭება შეუზღუდავი დისკრეცია; გარდა ამისა, აღმასრულებლი ხელისუფლებისთვის მინიჭებული ნებისმიერი დისკრეციის ფარგლები უნდა განისაზღვროს, განსახილველი საგნის შესაბამისად, ისეთი სიზუსტით, რომ ნათელი იყოს ის პირობები, როცა უფლებამოსილება შეიძლება იქნას გამოყენებული. ასევე უნდა არსებობდეს სამართლებრივი დაცვის მექანიზმები ამ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ.
67. მომჩივნებმა განაცხადეს, რომ მათ საქმეში კანონის ხელმისაწვდომობის მოთხოვნა არ იყო შესრულებული. 2000 წლის კანონის 44-ე - 47-ე მუხლები სათანადოდ ხელმისაწვდომი იყო ფართო საზოგადოებისთვის, ხოლო ნებართვის გაცემა და მისი დადასტურება - არა. ამდენად, საზოგადოების წევრს ეცოდინებოდა, რომ პოლიციას შეიძლებოდა მინიჭებოდა 44-ე მუხლით გათვალისწინებული პირის გაჩერებისა და ჩხრეკის უფლებამოსილება, მაგრამ არ ეცოდინებოდა, ენიჭებოდა თუ არა პოლიციას ეს უფლებამოსილება ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს. თუ პირი წავიდოდა რომელიმე კონკრეტულ ადგილას, მას არ ეცოდინებოდა, დაექვემდებარებოდა თუ არა გაჩერებასა და ჩხრეკას და თუ გააჩერებდნენ და გაჩხრეკდნენ, მას არ ეცოდინებოდა, პოლიციის ოფიცერს ჰქონდა თუ არა ამ პროცედურის ჩატარების ნებართვა. როცა უფლებამოსილება მიენიჭა კონსტებლს ისე, რომ საზოგადოების წევრისთვის ეს უცნობი იყო, კონსტებლის დისკრეცია, გააჩეროს და გაჩხრიკოს პირი, იყო ფართო და ცუდად განსაზღვრული, არ მოითხოვდა რა ეჭვის რაიმე საფუძველს და შეზღუდული იყო მხოლოდ იმ პირობით, რომ ეს პროცედურა შეიძლებოდა განხორციელებულიყო მხოლოდ იმგვარი საგნების აღმოჩენის მიზნით, რომლებიც ტერორიზმთან კავშირში შეიძლებოდა ყოფილიყო გამოყენებული.
68. ისინი ამტკიცებდნენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2000 წლის კანონი და ”A” კოდექსი (იხილეთ ზემოთ პარაგრაფები 28-36) საზოგადეობას ინფორმაციას აწვდიდა 44-ე მუხლის უფლებამოსლებათა არსებობისა და მათი ფარგლების შესახებ, ნებართვის სათანადოდ გაცემის შემთხვევაში, ნებისმიერი ნებართვის გაცემის ფაქტის ან დეტალების რაიმე სახით, თუნდაც რეტროსპექტულად, გასაჯაროებას ისინი არ მოითხოვდნენ. მომჩივანთა აზრით, 44-ე მუხლის უფლებამოსლებათა ეფექტიანობა არ შემცირდებოდა მისი არსებობის შესახებ წინასწარ შეტყობინებით. წინასწარი შეტყობინება უფრო გააძლიერებდა ამ ზომის შემაკავებელ ეფექტს. გარდა ამისა, გაჩერებისა და ჩხრეკის სხვა უფლებამოსილებების (მაგალითად, პორტებსა და საზღვრებზე) არსებობისა და ფარგლების შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი იყო და მათი ეფექტიანობა არ შესუსტებულა. ეროვნულ დონეზე პროცესის მიმდინარეობისას მთავრობამ თანხმობა განაცხადა, რეტროსპექტულად გამოექვეყნებინა საქმესთან დაკავშირებული ნებართვები, რაც დედაქალაქის პოლიციის მთელ განყოფილებას ფარავდა. არ შეიძლება სწორი იყოს, რომ 44-ე მუხლის უფლებამოსილების გამოყენების მიზანი იყო „მთლიანად უგულებელყოფილი“, რადგან ნებართვის ფარგლები ახლა ცნობილია.
69. მომჩივნები ასევე აცხადებდნენ, რომ გაჩერების და ჩხრეკის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ არასაკმარისი დაცვის მექანიზმები არსებობდა. მთავრობამ დანიშნა 2000 წლის კანონის მოქმედების დამოუკიდებელი შემფასებელი (იხილეთ ზემოთ პარაგრაფები 37-43). თუმცა, რაც შეეხება 44-ე მუხლის უფლებამოსილებების ეროვნულ დონეზე „ფართო“ გავრცელებას, მაგალითად, ლორდმა კარლაილმა გადაწყვიტა, რომ საზოგადოების ინეტერსებში არ იქნებოდა, წარმოედგინა დეტალური ინფორმაცია მიზნებისა და ღონისძიებების შესახებ.
70. სასამართლოს არანაირი წინასწარი ნებართვა არ იყო საჭირო უფლებამოსილების არსებობისთვის, ხოლო საოლქო სასამართლოში საქმის აღძვრის შესაძლებლობა, რომ განსაზღვრულიყო იყო თუ არა უფლებამოსილება ჯეროვნად და კანონიერად გამოყენებული, იყო სრულიად არაადეკვატური დაცვის მექანიზმი ბოროტად გამოყენებისა და თვითნებობის წინააღმდეგ. ნებისმიერი პირის საქმეში საოლქო სასამართლოს მიერ უფლებამოსილების განხორციელების ex post facto განხილვამ არ აღმოფხვრა უფლებამისილებასთან დაკავშირებული სამართლებრივი სიცხადის ნაკლებობა. ეს ცხადყო მომჩივანთა საქმეებმა: როგორც კი კონვენციასთან დაკავშირებით მათ საჩივრებზე ლორდთა პალატამ უარი თქვა, საოლქო სასამართლოს შეეძლო მხოლოდ ემსჯელა იმის დასადგენად, სინამდვილეში ეძებნდენ თუ არა ოფიცრები ტერორიზმთან დაკავშირებულ საგნებს და იყვნენ თუ არა მომჩივნები აშკარად არაეჭვმიტანილები ტერორიზმში, კითხვაზე, რომელზეც დადებითი პასუხის გაცემა ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. „საფუძვლიანი ეჭვის“ მოთხოვნის, ან ჩხრეკის რაიმე სხვა ობიექტური საფუძვლის, გაუქმებამ მოქალაქე უკიდურესად მოწყვლადი გახადა უფლებამოსილების თვითნებური გამოყენებისადმი, რაც იზღუდებოდა მხოლოდ პოლიციის ოფიცრის პატიოსნებით, გაემჟღავნებინა, თუ რა ტიპის მამხილებელ საგანს ეძებდა განსახილველ შემთხვევაში. პრაქტიკული ან ეფექტიანი დაცვის მექანიზმების ნაკლებობას აღრმავებდა აშკარად ფართო განსაზღვრება „საგნებისა, რომლებიც ტერორიზმთან კავშირში შეიძლებოდა ყოფილიყო გამოყენებული“. ამდენად, რეალური საფრთხე არსებობდა, რომ უფლებამოსილებები შეიძლება არასათანადოდ ყოფილიყო გამოყენებული, პროტესტის დასარეგულირებლად ან საზოგადოებრივი წესრიგის შესანარჩუნებლად და არა - ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად. ეს გაერთიანებულ სამეფოში სამოქალაქო თავისუფლებებისთვის აშკარად შორსმიმავალი ეფექტის მომტანი იყო, განსაკუთრებით მაშინ, როცა იმ დროს ნებართვა გაიცემოდა დედაქალაქის პოლიციის განყოფილების მოქმედების მთელ არეალზე; მისი განახლება ხდებოდა ყოველ ექვს თვეში ერთხელ თითქმის ექვსი წლის განმავლობაში; და როცა არ არსებობდა მოთხოვნა, რომ ტერორიზმის პრევენციისთვის ნებართვის გაცემა აუცილებელი ან მართებული ყოფილიყო, არამედ - მხოლოდ „მიზანშეწონილი“.
ii.მთავრობა
71. მთავრობა ამტკიცებდა, რომ წინამდებარე საქმე კონვენციის მნიშვნელობით კანონიერების მოთხოვნას აკმაყოფილებდა საკანონმდებლო დებულებების კომბინაციის მეშვეობით; 44-ე მუხლით გათვალისწინებული ჩხრეკის შემდეგ პირებისთვის ინფორმაციის მიწოდებით; ზუსტი ინსტრუქციებით კოდექსში, თუ როგორ უნდა ყოფილიყო განხორციელებული ჩხრეკის უფლებამოსილებები; და სამართალწარმოების ხელმისაწვდომობით, რომ ინდივიდუალურ შემთხვევებში პოლიციის მიერ ამ უფლებამისლებათა გამოყენება ეჭვქვეშ ყოფილიყო დაყენებული. 2000 წლის კანონის 44-ე - 45-ე მუხლები მათი მოქმედების კუთხით გასაგები იყო. ეს მუხლები მოქალაქეებს აუწყებდა, რომ მათთვის შეიძლება მოეთხოვათ, დაქვემდებარებოდნენ გაჩერებასა და ჩხრეკას და ისინი შეიცავდა ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ დაცვის მექანიზმებს, უფრო მეტს, ვიდრე ეროვნული კანონმდებლობის დებულებები, რაც სასამართლოს ან კომისიას დადგენილი ჰქონდა, როგორც საკმარისად წინასწარ განჭვრეტადი ეროვნული უშიშროების კონტექსტში (როგორც, მაგალითად, საქმეში ბრინდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (განჩინება),№18714/91, 1994 წლის 9 მაისი; ალ-ნაშიფი ბულგარეთის წინააღმდეგ, №50963/99, §§ 117-129, 2002 წლის 20 ივნისი; ესბესტერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (განჩინება), №18601/91, 1993 წლის 2 აპრილი).
72. ამ თვალსაზრისით მართებული იყო, რომ 2000 წლის კანონის 44-ე - 46-ე მუხლებში ნორმატიული ჩარჩო ნათლად განსაზღვრავდა და შემოფარგლავდა იმ მიზეზებს, რისთვისაც ჩხეკის უფლებამისლებების გამოყენება შეიძლებოდა; ვის შეეძლო ნებართვების გამოცემა; რა პირობებით და რა ვადით იყო შესაძლებელი ნებართვების გამოცემა; ვის შეეძლო ამ ნებართვების დამტკიცება; რა პირობებში და რა ვადით იყო შესაძლებელი ნებართვების გაცემა და რა პირობებში იყო შესაძლებელი თავად ჩხრეკის უფლებამოსილებების განხორციელება. გარდა ამისა, კოდექსი, რომელიც საჯარო დოკუმენტი იყო, გაჩერებისა და ჩხრეკის უფლებამოსილების განხორციელების შესახებ ძალიან დეტალურ ინსტრუქციებს შეიცავდა. ოფიცერს, რომელიც ჩხრეკას აწარმოებდა, მოეთხოვებოდა, აეხსნა პირისთვის მისი გაჩერების და ჩხრეკის ზუსტი მიზანი, განხორციელებული კანონიერი უფლებამოსილების ხასიათი და ჩხრეკის მიზნით ნებისმიერი ნებართვის გაცემის ფაქტი და მისი ხასიათი. ნებართვის გაცემა შეიძლება ყოფილიყო ეჭვქვეშ დაყენებული სასამართლო განხილვის გზით, იმის საფუძველზე, რომ 2000 წლის კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამისილების გადაჭარბება მოხდა. თუკი ვინმე განაცხადებდა, რომ ჩხრეკა ჩატარდა არასწორი მიზნებისთვის, ან 2000 წლის კანონის ან კოდექსის დებულებათა საწინააღმდეგოდ, ის შეიძლებოდა ეჭვქვეშ დამდგარიყო სასამართლო განხილვის გზით ან საოლქო სასამართლოში ზიანის ანაზღაურების შესახებ პროცესის წარმოებით. ადამიანის უფლებებში ნებისმიერი თვითნებური ჩარევის წინააღმდეგ დამატებით დაცვის მექანიზმს წარმოადგენდა ლორდი კარლაილის ზედამხედველობა, რომელიც დანიშნული იყო დამოუკიდებელ შემფასებლად, რომ 2000 წლის კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისთვის ზედამხედველობა გაეწია.
73. მთავრობამ უარყო მომჩივანთა განცხადება, რომ ნებართვები წინასწარ უნდა გამოქვეყნებულიყო. პირველი, და ყველაზე მთავარი, ეს სრულ წინააღმდეგობაში მოვიდოდა მიზანთან, რისთვისაც ნებართვები იქნა გაცემული. ნებართვების დეტალების გამოქვეყნება ირიბად გამოავლენდა იმ ადგილებს, სადაც ტერორისტული შეტევისგან დაცვის მიზნით ამგვარი ზომები არ გამოიყენებოდა, რადგან ისინი ტერორისტთა სუსტ სამიზნეებად მიიჩნეოდა. ეს შეამცირებდა პოლიციის შესაძლებლობას, ტერორისტების წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ეფექტიანად გამოეყენებინა გაჩერებისა და ჩხრეკის უფლებამისილებები იქ, სადაც ისინი ეჭვობდნენ ტერორისტული საქმიანობის არსებობის შესახებ. ეს ასევე დაეხმარებოდა ტერორისტებს, შეეფასებინათ სახელმწიფოს ეფექტიანობა მათ ქსელებში შეღწევის ან მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით.
74. სახელმწიფო ამტკიცებდა, რომ ადეკვატური დაცვის მექანიზმები არსებობდა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ. დამოუკიდებელი შემფასებლის მონიტორინგი, ეროვნული სასამართლოების მხრიდან ზედამხედველობასთან ერთად, სრულად პასუხობდა ნებისმიერ პრეტენზიას, რომ 44-ე - 46-ე მუხლების უფლებამოსილებები შეიძლებოდა თვითნებურად ყოფილიყო გამოყენებული. მაგალითად, მომჩივანთა საქმეში, საოლქო სასამართლო უფლებამოსილი იყო, განეხილა - და განიხილა კიდეც - გამოიყენეს თუ არა ოფიცრებმა 45-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებები სწორი მიზნით, კერძოდ, ტერორიზმთან დაკავშირებული საგნების აღმოსაჩენად. ოფიცრები არ იყვნენ თავისუფლები, რომ თვითნებურად ემოქმედათ. მომჩივნებს მათი ჯვარედინად დაკითხვის უფლება ჰქონდათ, ხოლო სასამართლო თავისუფალი იყო, თავისი აზრი ჰქონოდა მათი მტკიცებულებების შესახებ. ის ფაქტი, რომ, ამ საქმეში, საოლქო სასამართლომ ოფიცერთა მტკიცებულებები გაიზიარა, არანაირად არ ნიშნავდა იმას, რომ მისი ზედამხედველობა არასაკმარისი იყო.
75. მთავრობის აზრით, ამასთან დაკავშირებით მომჩივანთა საჩივრები არსებითად იყო მეორადი თავდასხმა 2000 წლის კანონის 44-ე - 46-ე მუხლებში „საფუძვლიანი ეჭვის“ მოთხოვნის არარსებობის წინააღმდეგ. თუმცა არსებობდა საფუძვლიანი მიზეზები, თუ რატომ არ უნდა ემოქმედათ ოფიცრებს საფუძვლიანი ეჭვის მიხედვით: როგორც ლორდმა ბინგემმა აღნიშნა ლორდთა პალატაში (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 21), ეს იყო იმის უზრუნველსაყოფად, რომ იმის შიშით, რომ კონსტებლი ვერ წარმოადგენდა მისი ეჭვის დამადასტურებელ გონივრულ საფუძვლებს, მას თავი არ შეეკავებინა, გაეჩერებინა და გაეჩხრიკა პირი, რომელსაც ტერორიზმში ეჭვმიტანილად მიიჩნევდა. ეს ასახავდა იმ ფაქტს, რომ დაზვერვა იშვიათად წარმოადგენდა სრულ ინფორმაციას, თუ სად და როდის შეიძლებოდა მომხდარიყო ტერორისტული აქტი და ამდენად, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არასრულ ინფორმაციაზე დაყრდნობით უნდა ყოფილიყო მიღებული.
ბ.სასამართლოს შეფასება
76. სასამართლო მიუთითებს თავის კარგად დადგენილ პრეცედენტულ სამართალზე, რომ ფრაზა „კანონის შესაბამისად“ მოითხოვს, რომ სადავო ზომას ჰქონდეს გარკვეული საფუძველი ეროვნულ კანონმდებლობაში და ასევე შეთავსებადი იყოს კანონის უზენაესობის პრინციპთან, რაც პირდაპირაა მოცემული კონვენციის პრეამბულაში და მე-8 მუხლის საგნისა და მიზნისგან განუყოფელია. ამდენად, კანონი უნდა იყოს სათანადოდ ხელმისაწვდომი და წინასწარ განჭვრეტადი, ანუ, ფორმულირებული საკმარისი სიზუსტით, რომ პირს შეეძლოს, საჭიროების შემთხვევაში სათანადო კონსულტაციით, საკუთარი ქცევის რეგულირება (ს. და მარპერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ [დიდი პალატა], №30562/04 და №30566/04, §§ 95 და 96, ECHR 2008-...).
77. ამ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ეროვნულ კანონმდებლობაში უნდა იყოს სამართლებრივი დაცვის მექანიზმი კონვენციით გარანტირებულ უფლებებში საჯარო ხელისუფლების მხრიდან ჩარევის წინააღმდეგ. საკითხებში, რომლებიც ფუნდამენტურ უფლებებს ეხება, კანონის უზენაესობის, კონვენციით დაცული დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი ძირითადი პრინციპის, საწინააღმდეგო იქნებოდა, რომ აღმასრულებლისთვის მიცემული სამართლებრივი დისკრეცია გამოხატული ყოფილიყო შეუზღუდავი უფლებამოსილებით. აქედან გამომდინარე, კანონში საკმარისი სიცხადით უნდა იყოს მითითებული უფლებამოსილი ორგანოებისთვის მინიჭებული ნებისმიერი ამგვარი დიკრეციის ფარგლები და მისი განხორციელების ფორმა (როტარუ რუმნიეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], №28341/95, § 55, ECHR 2000-V; ჰასანი და ჩაუში ბულგარეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], №30985/96, § 4, ECHR 2000-XI; მაესტრი იტალიის წინააღმდეგ [დიდი პალატა], №39748/98, § 30, ECHR 2004‑I; იხილეთ ასევე, სხვა მაგალითებს შორის, სილვერი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 1983 წლის 25 მარტი, §§ 88-90, სერია ”A” №61; ფუნკე საფრანგეთის წინააღმდეგ, §§ 56-57, 1993 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება, სერია ”A” №256-A; ალ-ნაშიფი ბულგარეთის წინააღმდეგ, №50963/99, § 119, 2002 წლის 20 ივნისი; რამაზანოვა და სხვები აზერბაიჯანის წინააღმდეგ, №44363/02, § 62, 2007 წლის 1 თებერვალი; ”Glas Nadezhda EOOD” და ანატოლი ელენკოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, №14134/02, § 46, ECHR 2007‑XI (extracts); ვლასოვი რუსეთის წინააღმდეგ, №78146/01, § 125, 2008 წლის 12 ივნისი; შპს ”Meltex” და მოვსესიანი სომხეთის წინააღმდეგ, №32283/04, § 81, 2008 წლის 17 ივნისი). სიზუსტის ხარისხი, რაც საჭიროა ეროვნული კანონმდებლობისთვის (რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში ვერ ითვალისწინებს ყველა შემთხვევას), მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული განსახილველი დოკუმენტის შინაარსზე, სფეროზე, რომელსაც ის მოიცავს და მისი ადრესატების რაოდენობასა და სტატუსზე (იხილეთ, მაგალითად, ჰაშმანი და ჰარაპი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ [დიდი პალატა], №25594/94, § 31, ECHR 1999‑VIII; იხილეთ ზემოთ ს. და მარპერი, § 96).
78. არავინ დაობს, რომ წინამდებარე საქმეში განსახილველი უფლებამოსილება ეროვნულ კანონმდებლობას ეფუძნება, კერძოდ - 2000 წლის კანონის 44-ე - 47-ე მუხლებს (იხილეთ ზემოთ პარაგრაფები 28-34). გარდა ამისა, საპროცესო კოდექსი, რომელიც საჯარო დოკუმენტია, მოიცავს დეტალებს იმის შესახებ, თუ რა ფორმით უნდა აწარმოოს კონსტებლმა ჩხრეკა (იხილეთ ზემოთ პარაგრაფები 35-36).
79. თუმცა მომჩივნები ჩივიან, რომ ეს დებულებები პოლიციას ზედმეტად ფართო დისკრეციას ანიჭებს, გაჩერებისა და ჩხრეკის უფლებამოსილების ნებართვის გაცემის და ასევე მისი პრაქტიკაში გამოყენების თვალსაზრისით. ლორდთა პალატამ მიიჩნია, რომ ეს დისკრეცია ეფექტიან კონტროლს ექვემდებარებოდა და ლორდმა ბინგემმა განსაზღვრა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების თერთმეტი შეზღუდვა (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 16). თუმცა, სასამართლოს აზრით, არ მომხდარა დემონსტრირება იმისა, რომ ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული დაცვის მექანიზმები რეალურად ზღუდავს აღმასრულებლისთვის მინიჭებულ ფართო უფლებამოსილებებს ისე, რომ თვითნებური ჩარევისგან პირი სათანადოდ იყოს დაცული.
80. სასამართლო თავიდანვე აღნიშნავს, რომ კანონის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილში ნახსენები პოლიციის უფროსი ოფიცერი უფლებამოსილია, ნებისმიერ ფორმიან კონსტებლს მისცეს ნებართვა, მისი იურისდიქციის ფარგლებში მის მიერ მითითებულ ნებისმიერ ადგილას, გააჩეროს და გაჩხრიკოს ფეხით მოსიარულე პირი, თუკი ის „ამას ტერორისტული აქტების პრევენციისთვის მიზანშეწონილად მიიჩნევს“. თუმცა „მიზანშეწონილი“ ნიშნავს „ხელსაყრელს“ ან „სასარგებლოს“ და - არაფერს სხვას. ნებართვის გაცემის ეტაპზე არ არსებობს რაიმე მოთხოვნა, რომ გაჩერებისა და ჩხრეკის უფლებამოსილება მიჩნეული ყოფილიყო, როგორც „საჭირო“ და ამდენად, არ არსებობს არც ზომის პროპორციულობის შეფასების მოთხოვნა. ნებართვის გაცემა სახელმწიფო მდივნის მიერ დამტკიცებას ექვემდებარება 48 საათის განმავლობაში. სახელმწიფო მდივანს არ შეუძლია, შეცვალოს ნებართვის გეოგრაფიული დაფარვის ზონა და მიუხედავად იმისა, რომ მას შეუძლია, უარი თქვას ნებართვის დამტკიცებაზე ან შეუძლია, შეცვალოს ვადის ამოწურვის დადგენილი თარიღი, როგორც ჩანს, ეს პრაქტიკაში არასდროს გაკეთებულა. მიუხედავად იმისა, რომ ნებართვის გაცემისა და დამტკიცების უფლებამოსილებების განხორციელება სასამართლოს განხილვას ექვემდებარება, კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლები იმგვარია, რომ მომჩივნები უზარმაზარ დაბრკოლებებს აწყდებიან იმის დასადასტურებლად, რომ ნებისმიერი ნებართვის გაცემა და მისი დამტკიცება არის ultra vires, ან - უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.
81. ნებართვა დროში უნდა იყოს შეზღუდული 28 დღემდე, მაგრამ ის განახლებადია. ის არ შეიძლება გასცდეს პოლიციის მოქმედების არეალის საზღვრებს და შეიძლება გეოგრაფიულად შეიზღუდოს ამ საზღვრებში. თუმცა გაერთიანებულ სამეფოში ბევრი პოლიციის მოქმედების არეალი მჭიდროდ დასახლებულ ვრცელ რეგიონებს ფარავს. დედაქალაქის პოლიციის მოქმედების არეალი, სადაც მომჩივნები გააჩერეს და გაჩხრიკეს, მთელ დიდ ლონდონზე ვრცელდება. პარლამენტის მიერ დადგენილი დროითი და გეოგრაფიული შეზღუდვების, როგორც აღმასრულებლის მიერ ნებართვების გამოცემაზე რეალური კონტროლის მექანიზმის, არაეფექტიანობა დემონსტრირებულია იმ ფაქტით, რომ დედაქალაქის პოლიციის განყოფილებისთვის „მიმდინარე პროგრამაში“ ნებართვის მუდმივად განახლება ხდება უფლებამოსილებების პირველად გადაცემის დღიდან (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 34).
82. დამოუკიდებელი შემფასებელი წარმოადგენს დამატებით დაცვის მექანიზმს (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 37). თუმცა მისი უფლებამოსილებები შემოიფარგლება კანონით განსაზღვრული დებულებების ზოგადი მოქმედების შესახებ ანგარიშის წარდგენით და მას არ აქვს უფლება, გააუქმოს ან შეცვალოს ნებართვები, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ 2006 წლის მაისიდან მოყოლებული ყოველ ანგარიშში ის ნათლად აცხადებდა: „შეიძლებოდა 44-ე მუხლის ნაკლებად გამოყენება და ვიმედოვნებ, რომ ის ნაკლებად იქნება გამოყენებული“ (იხილეთ ზემოთ პარაგრაფები 38-43).
83. უფრო დიდი შეშფოთების საგანია პოლიციის ცალკეული ოფიცრისთვის მინიჭებული დისკრეციის ფარგლები. ჩხრეკის წარმოებისას ოფიცერი ვალდებულია, კოდექსის პირობებს დაემორჩილოს. თუმცა კოდექსი არსებითად არეგულირებს გაჩერებისა და ჩხრეკის ჩატარების ფორმას და არ ითვალისწინებს გაჩერებისა და ჩხრეკის შესახებ ოფიცრის გადაწყვეტილებაზე რაიმე შეზღუდვას. ეს გადაწყვეტილება, როგორც ლორდთა პალატამ განმარტა, მხოლოდ ამ ოფიცრის „წინათგრძნობასა“ და „პროფესიულ ინტუიციას“ ეფუძნება (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 23). რაიმე საფუძვლიანი ეჭვის არსებობის მტკიცება მას არ სჭირდება; ისიც კი არ მოეთხოვება, რომ სუბიექტურად რაიმე ეჭვი გაუჩნდეს იმ პირის მიმართ, რომელსაც გააჩერებს და გაჩხრეკს. ერთადერთი პირობა არის ის, რომ ჩხრეკა უნდა ჩატარდეს იმ საგნების ძებნის მიზნით, რომლებიც ტერორიზმთან კავშირში შეიძლება იყოს გამოყენებული, რაც ძალიან ფართო კატეგორიაა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ბევრ ისეთ საგანს, რომელიც ხალხს ჩვეულებრივ დააქვს ქუჩაში. იმ შემთხვევაში, თუ განსახილველი პირი გააჩერა ამგვარი საგნების ჩხრეკის მიზნით, პოლიციის ოფიცერს ისიც კი არ მოეთხოვება, რომ ასეთი საგნების არსებობის შესახებ ეჭვის გაჩენის საფუძვლები ჰქონდეს. როგორც ლორდმა ბრაუნმა ლორდთა პალატაში აღნიშნა, 44-ე მუხლით გათვალისწინებული გაჩერებისა და ჩხრეკის უფლებამოსილება „რადიკალურად ... სცილდება პოლიციის უფლებამოსილების ფარგლების ტრადიციულ გაგებას“ (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 23).
84. ამასთან დაკავშირებით სასამართლო გაოგნებულია სტატისტიკური და სხვა ტიპის მტკიცებულებებით, რაც აჩვენებს პოლიციის ოფიცრების მიერ კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენების სიხშირეს. იუსტიციის სამინისტრომ დააფიქსირა 33,177 ჩხრეკა 2004/5 წელს, 44,545 - 2005/6 წელს, 37,000 – 2006/7 წელს და 117,278 - 2007/8 წელს (იხილეთ ზემოთ პარაგრაფები 44-46). 2007 წელს კანონის მოქმედების შესახებ თავის ანგარიშში ლორდმა კარლაილმა აღნიშნა, რომ მართალია 44-ე მუხლის თანახმად ჩატარებული ჩხრეკის შედეგად მოხდა დაპატიმრებები სხვა დანაშაულებისთვის, ჩხრეკის მრავალათასიანი შემთხვევიდან არც ერთი უკავშირდებოდა ტერორიზმის დანაშაულს; თავის 2008 წლის ანგარიშში ლორდმა კარლაილმა მიუთითა, რომ მრავლად იყო 44-ე მუხლის უხეირო და ფუჭი გამოყენების მაგალითები; არსებობოდა ისეთი შემთხვევების შესახებ მტკიცებულებები, როცა გაჩერებული პირი იმდენად განსხვავდებოდა ტერორისტის ყველა ცნობილი ტიპაჟისგან, რომ, რეალურად, არ არსებობდა უმცირესი შესაძლებლობაც კი, რომ იგი ყოფილიყო ტერორისტი, ან არსებულიყო რაიმე სხვა მახასიათებელი, რაც გაამართლებდა მის გაჩერებას.
85. სასამართლოს აზრით, პოლიციის ოფიცრისთვიას ასეთი ფართო დისკრეციის მინიჭება თვითნებობის აშკარა რისკს შეიცავს. მართალია წინამდებარე საქმე არ ეხება შავკანიან ან აზიური წარმომავლობის პირებს, მაგრამ ამ უფლებამოსილებების დისკრიმინაციული გამოყენების რისკი ძალიან რეალურია, როგორც ეს აღნიშნულია ლორდების ჰოუპის, სკოტისა და ბრაუნის გადაწყვეტილებებში. არსებული სტატისტიკა აჩვენებს, რომ შავკანიანი და აზიური წარმომავლობის პირები ამ უფლებამოსილებების არაპროპორციული მოქმედების ქვეშ არიან, თუმცა დამოუკიდებელი შემფასებელი თავის ბოლო ანგარიშში აღნიშნავს, რომ არსებობს თეთრკანიანი პირების გაჩერებისა და ჩხრეკის პრაქტიქა, რაც ემსახურება მხოლოდ უკეთესი რასობრივი ბალანსის ქონას სტატისტიკურ მონაცმებში (იხილეთ ზემოთ პარაგრაფები 43-44). გარდა ამისა, არსებობს რისკი, რომ ასე ფართოდ ფორმულირებული უფლებამოსილება შესაძლოა დემონსტრანტებისა და საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლების დარღვევით არასწორად იყოს გამოყენებული.
86. მთავრობა დავობს, რომ ბოროტად გამოყენების საწინააღმდეგო დაცვის მექანიზმებს წარმოადგენს პირის უფლება, სასამართლოში გაასაჩივროს გაჩერებისა და ჩხრეკის ღონისძიება, ან წამოიწყოს დავა ზიანის ანაზღაურების შესახებ. თუმცა ამ ორივე პროცედურის შეზღუდვები წინამდებარე საქმემ ნათლად წარმოაჩინა. კერძოდ, ოფიცრის ვალდებულების არარსებობის პირობებში, რომ მან გამოხატოს გონივრული ეჭვი, სავარაუდოდ ძნელი, თუ არა შეუძლებელი, იქნება იმის დამტკიცება, რომ უფლებამოსილების გამოყენება არასათანადოდ მოხდა.
87. დასკვნის სახით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნებართვის გაცემისა და დამტკიცების უფლებამოსილებები ისევე, როგორც 2000 წლის კანონის 44-ე და 45-ე მუხლებით გათვალისწინებული გაჩერებისა და ჩხრეკის უფლებამოსილება არც საკმარისად განსაზღვრულია და მასზე არც ბოროტად გამოყენების საწინააღმდეგო სათანადო სამართლებრივი დაცვის მექნიზმები ვრცედლება. შესაბამისად, ეს უფლებამოსილებები არაა „კანონის შესაბამისი“ და აქედან გამომდინარე, დარღვეულია კონვენციის მე-8 მუხლი.
გ. კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლების სავარაუდო დარღვევა
88. მომჩივნები ასევე ჩიოდნენ, რომ კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლებით დაცული გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების მათი უფლებები დაირღვა. ისინი დაობდნენ, რომ გაჩერებისა და ჩხრეკის ღონისძიება, რომელიც აბროოლებდა, თუნდაც მოკლე ვადით, ინფორმაციის დროულ გავრცელებას ან საპროტესტო აციის ვიდეო გადაღებას, ზღუდავდა მე-10 მუხლით გარანტირებულ უფლებებს. ისინი ასევე დაობდნენ, რომ თავად კანონმდებლობას, მასში მოცემული დაცვის არაადეკვატური საშუალებებით, ამ უფლებების მშვიდობანი პროტესტის ფორმით განხორციელებაზე შესაძლოა ჰქონდეს დამაშინებელი და შემაკავებელი ეფექტი, რასაც სწორედაც ადგილი ჰქონდა პირველი მომჩივნის შემთხვევაში.
89. მთავრობა დაობდა, რომ არც გაჩერებისა და ჩხრეკის უფლებამოსილების არსებობა და არც ამ უფლებამოსილების მომჩივნების მიმართ საქმის მოცემულ გარემოებებში გამოყენება არ წარმოადგენდა მათი მე-10 და მე-11 მუხლებით დაცული უფლებების ხელყოფას.
90. ზემოთ მოცემული დასკვნების გავალისწინებით, რომ ადგილი ჰქონდა მე-8 მუხლის დარღვევას, სასამართლო საჭიროდ არ მიიჩნევს, განიხილოს მომჩივნების მიერ კონვენციაზე დაყრდნობით წარმოდგენილი სხვა საჩივრები.
III. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
91. კონვენციის 41-ე მუხლის თანახმად:
„თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია და მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.“
ა. ზიანი
92. მომჩივნებმა განაცხადეს, რომ პოლიციის ქმედებების შედეგად მათ თავი იგრძნეს შევიწროებულად და დაშინებულად და შესაბამისი კომპენსაცია იქნება, თუკი თითოეულ მათგანს სასამართო მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მიაკუთვნებს 500 გირვანქა სტერლინგს.
93. მთავრობამ განაცხადა, რომ ვინაიდან გაჩერება და ჩხრეკა ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში გრძელდებოდა, ფულადი კომპენსაციის გადახდა არ უნდა მომხდარიყო.
94. სასამართლო ეთანხმება მთავრობას, რომ წინამდებარე საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, დარღვევის დადგენა წარმოადგენს სათანადო სამართლიან დაკმაყოფილებას.
ბ. სასამართლო ხარჯები
95. მათ მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების ასანაზღაურებლად, მომჩივნებმა ასევე მოითხოვეს 40,652.06 გირვანქა სტერლინგი, დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) ჩათვლით. ამაში შედიოდა „Liberty”-თვის გადახდილი ანაზღაურება 8,178.92 გირვანქა სტერლინგის ოდენობით (მთავარი იურისტების ანაზღაურება - საათში 210 გირვანქა სტერლინგი; სტაჟიორი ადვოკატის ანაზღაურება - 111 გირვანქა სტერლინგი) და სამი ადვოკატისთვის გადახდილი გასამრჯელო - 32,473.14 გირვანქა სტერლინგი, დღგ-ს ჩათვლით.
96. მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივნების წარმომადგენლების მიერ განსაზღვრული საათობრივი ანაზღაურების განაკვეთი და ნამუშევარი საათების ოდენობა გადაჭარბებული იყო, განსკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მოცემული საკითხების შესახებ მათ უკვე დეტალურად იდავეს ეროვნულ სასამართლოებში.
97. სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, მომჩივანს უნდა აუნაზღაურდეს სასამართლო ხარჯები, თუ დადასტურდა, რომ ეს ხარჯები რეალურად და საჭიროებისამებრაა გაღებული და მათი ოდენობა გონივრულია. წინამდებარე საქმეში, მხედველობაში იღებს რა მის ხელთ არსებულ ინფორმაციასა და გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ მსგავს საქმეებში მიკუთვნებულ თანხებს (მაგალითად, იხილეთ ზემოთ ს. და მარპერი), სასამართლო გონივრულად მიიჩნევს, სასამართლო ხარჯების ასანაზღაურებლად 35,000 ევროს მიკუთვნებას, რასაც უნდა გამოაკლდეს 1,150 ევრო, რომელიც უკვე მიღებული აქვთ მომჩივნებს იურიდიული დახმარების სახით.
გ. საურავი
98. სასამართლოს მიაჩნია, რომ საურავის ოდენობა უნდა დადგინდეს ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო საპროცენტო განაკვეთის მიხედვით, რასაც დაემატება სამი პროცენტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ერთხმად
1. აცხადებს საჩივარს დასაშვებად.
2. ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას;
3. ადგენს, რომ კონვენციის მე-5, მე-10 და მე-11 მუხლებთან დაკავშირებული საჩივრების ცალკე განხილვის საჭიროება არ არსებობს;
4. ადგენს, რომ დარღვევის დადგენა წარმოადგენს სათანადო სამართლიან დაკმაყოფილებას მომჩივნების მიერ განცდილი ნებისმიერი სახის მორალური ზიანისთვის;
5. ადგენს,
(ა) რომ კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად განჩინების ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში, სასამართო ხარჯების ასანაზღაურებლად, სახელმწიფომ მომჩივნებს უნდა გადაუხადოს 33,850 ევრო (ოცდაცამეტი ათას რვაას ორმოცდაათი ევრო), რასაც დაემატება ნებისმიერი გადასახადი, რაც შეიძლება მომჩივნებს დაერიცხოს; გადახდა უნდა მოხდეს გირვანქა სტერლინგებში გადახდის დღეს დადგენილი კურსის შესაბამისად;
(ბ) აღნიშნული სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, თანხის სრულად გადახდამდე, ზემოხსენებულ თანხას დაერიცხება საურავის პერიოდის განმავლობაში ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის თანაბარი პროცენტი, რასაც დაემატება სამი პროცენტი;
6. უარყოფს სამართლიანი დაკმაყოფილების შესახებ მომჩივნების დანარჩენ პრეტენზიებს.
გადაწყვეტილება შედგენილია ინგლისურ ენაზე და წერილობითი ცნობა მის შესახებ გაიგზავნა 2010 წლის 12 იანვარს სასამართლოს რეგლამენტის 77-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად.
ლორენს ერლილეხ გარლიცკი
სასამართლო გამწესრიგებელითავმჯდომარე
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი გაკეთდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების ნდობის ფონდის მხარდაჭერით (/humanrightstrustfund). თარგმანი სასამართლოსთვის სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე არაა და სასამართლო მის ხარისხზე პასუხს არ აგებს. თარგმანის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზიდან (), ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელსაც სასამართლომ წინამდებარე თარგმანი გადასცა. თარგმანის გამოყენება არაკომერციული მიზნებისთვის ნებადართულია იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული დასახელების ციტირება, ზემოთ მოცემული საავტორო უფლებებისა და ადამიანის უფლებების ნდობის ფონდის შესახებ შენიშნვის მითითებით. წინამდებარე თარგმანის, ან მისი ნაწილის, კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@ .
Full & Egal Universal Law Academy