Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to republish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights database HUDOC
ღლონტი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ
CASE OF GLONTI AND OTHERS v. GEORGIA
საჩივარი no. 13708/18
გადაწყვეტილება
11 თებერვალი 2025
საქმის ფაქტობრივი გარემოებები
1. საჩივარი შეეხება მომჩივანთა წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი წარმოების სავარაუდო უსამართლობას, გამომდინარე იქიდან, რომ სააპელაციო სასამართლომ წარმოების ბოლო ეტაპზე ხელახალი კვალიფიკაცია მიანიჭა ჩადენილ ქმედებას, ასევე, მომჩივნებს დაუმალეს გარკვეული დოკუმენტები და ინფორმაცია, რომლებზეც სავარაუდოდ დაფუძნებული იყო ბრალდების მხარის მნიშვნელოვანი მტკიცებულება. მომჩივნები ეყრდნობოდნენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელ პუნქტსა და მე-3 პუნქტის (ა) და (ბ) ქვეპუნქტებს.
სისხლისსამართლებრივი წარმოება მომჩივანთა წინააღმდეგ2. 2014 წლის 20 ივნისს სისხლისსამართლებრივი გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, იხ. ქვემოთ, § 8) თავდაცვის სამინისტროს მიერ ადრე გამოცხადებულ მასშტაბურ სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებით. 2014 წლის 22 ოქტომბერს ქმედება გადაკვალიფიცირდა გაფლანგვად (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლი, იხ. იქვე). 2014 წლის 29 ოქტომბერს მომჩივანებს, რომლებიც შესაბამის დროს თავდაცვის სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდნენ, ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით (იხ. ქვემოთ) და აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა წინასწარი პატიმრობა.
3. 2015 წლის 19 ივნისს მომჩივანები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. 2016 წლის 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო წარდგენილი ბრალდების მიხედვით და დაუყოვნებლივ პატიმრობაში დააბრუნა. სასამართლომ დაადგინა, რომ მათ ტენდერის ორგანიზება ევალებოდათ, რომლის ფარგლებშიც მათ გაფლანგეს 4,102,872.60 ლარი(GEL). სხვა მტკიცებულებებთან ერთად, სასამართლო დაეყრდნო ექსპერტიზის დასკვნას №01/348, რომლის მიზანი იყო იმის დადგენა, არსებობდა თუ არა სხვაობა ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ მიწოდებული აქტივების საბაზრო ღირებულებასა და თავდაცვის სამინისტროს მიერ პროექტისთვის შეთანხმებულ თანხას შორის. დაცვის მხარის მოთხოვნის მიუხედავად, რამდენიმე დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც ჩატარდა ექსპერტიზა არ გადაეცა დაცვის მხარეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ თითოეულ მომჩივანს შვიდი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
4. 2017 წლის 26 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლომ, საკუთარი ინიციატივით, დამატებითი განხილვის შესაძლებლობის გარეშე, შეცვალა განაჩენი და ბრალდებულთა მიერ ჩადენილი ქმედება გადაკვალიფიცირა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად. სასამართლომ დაასკვნა, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები არ ამყარებდა გაფლანგვის დანაშაულის ერთ-ერთ აუცილებელ ელემენტს – გაფლანგულ ქონებაზე კონტროლის ქონის ფაქტს - შესაბამისად, ბრალდებულთა მიმართ 182-ე მუხლის საფუძველზე დადებული მსჯავრი ვერ დარჩებოდა ძალაში. რაც შეეხება იმას, რომ მომჩივანებს არ მიეცათ შესაძლებლობა, დაეცვათ თავი ბრალდების წინააღმდეგ, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ გადაკვალიფიცირება არ არღვევდა პროცესის სამართლიანობას, რადგან ახალი სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭება არ მოიცავდა ახალ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა განხილვაც მომჩივანებს არ შეეძლოთ როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლოში. დამატებით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მომჩივანებს შეეძლოთ უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივრის შეტანა. საბოლოოდ, სასამართლომ მათ სასჯელი ერთ წელსა და ექვს თვემდე შეუმცირა.
5. 2017 წლის 24 თებერვალს მომჩივანებმა უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივარი შეიტანეს. მათ შორის, ისინი ამტკიცებდნენ, inter alia , რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ქმედების გადაკვალიფიცირებამ და იმ დოკუმენტების დამალვამ, რომლებზეც ძირითადი სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა იყო დაფუძნებული, ხელი შეუშალა მათ სათანადოდ ესარგებლათ თავიანთი დაცვის უფლებით. 2017 წლის 14 სექტემბერს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უარი განაცხადა მათი საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღებაზე. რაც შეეხება გადაკვალიფიცირებას, სასამართლომ აღნიშნა, რომ ორივე დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები მსგავსია და რომ სააპელაციო სასამართლომ კვალიფიკაცია შეცვალა ახალ ფაქტობრივ გარემოების შემოტანის გარეშე. ასეთ გარემოებებში და იმდენად რამდენადაც ცვლილება მომჩივანთა სასარგებლოდ განხორციელდა, უზენაეს სასამართლოს არ მოეთხოვებოდა მხარეებისთვის მიენიჭებინა ახალი სამართლებრივი კვალიფიკაციის განხილვის შესაძლებლობა.
6. 2017 წლის 27 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა ყველა მომჩივანი შეიწყალა, რაც მათი სასჯელის ვადის შემცირებასა და ნასამართლეობის გაქარწყლებას გულისხმობდა. ისინი იმავე დღეს გათავისუფლდნენ.
7. კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელ და მე-3 (ა) და (ბ) პუნქტებზე დაყრდნობით, მომჩივანები ჩიოდნენ, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ქმედების გადაკვალიფიცირებამ და ბრალდების მნიშვნელოვან მტკიცებულებებზე წვდომის არარსებობამ დაარღვია მათი საქმის სამართლიანი განხილვის უფლება.
შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო8. სისხლის სამართლის შესაბამისი მუხლების თანახმად:
მუხლი 182. მითვისება ან გაფლანგვა
“1. სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება ან გაფლანგვა, თუ ეს ნივთი ან ქონებრივი უფლება მიმთვისებლის ან გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში იმყოფებოდა ...
2. იგივე ქმედება:
ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ...
დ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ...
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ...
ბ) დიდი ოდენობით ...
... ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.”
მუხლი 332. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება
“1. მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
...”
სასამართლოს შეფასება
კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი და მე-3 (ა) და (ბ) პუნქტების სავარაუდო დარღვევა
9. სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული საჩივრები არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35§3 (ა) მუხლის შესაბამისად და არც დაუშვებელი რაიმე სხვა საფუძვლით. შესაბამისად, ისინი უნდა გამოცხადდეს დასაშვებად.
10. მომჩივნები მიუთითებდნენ, რომ მათ არასოდეს დაუცვიათ თავი სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ, რადგან მათთვის ამგვარი ბრალდება არ წაუყენებიათ. ასევე, მათ აღნიშნეს, რომ ექსპერტიზის დასკვნის მნიშვნელოვანი მიგნებები, რომლებიც დიდწილად მათ მსჯავრდებას დაედო საფუძვლად, ეყრდნობოდა გაურკვეველ მასალებს და ინფორმაციას, რაც ეჭვქვეშ თვით ექსპერტიზის დასკვნის სისრულესა და სანდოობას.
11. მთავრობამ აღნიშნა, რომ გამოძიება თავდაპირველად დაიწყო სწორედ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით (სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლი). შესაბამისად, იმავე ფაქტების ალტერნატიული სამართლებრივი კვალიფიკაციის შესაძლებლობა თავიდანვე იყო ცნობილი მომჩივანთათვის. ამასთან, მთავრობამ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მათ ბრალი წარედგინათ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გზით ჩადენილი გაფლანგვისათვის, რაც შინაარსობრივად ძალიან ახლოს დგას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების დანაშაულთან. რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას, მთავრობამ აღნიშნა, რომ ეს არ წარმოადგენდა მომჩივანთა ბრალეულობის დამტკიცების გადამწყვეტ მტკიცებულებას.
12. რაც შეეხება მომჩივანთა საჩივრის პირველ ნაწილს, ბრალის გადაკვალიფიცირების თაობაზე, ზოგადი პრინციპები ბრალდების ბუნებისა და მიზეზების თაობაზე ინფორმირებულობის უფლების შესახებ, მათ შორის, მისი სამართლებრივი კვალიფიკაცია და ბრალდებულის უფლება, მოამზადოს თავისი დაცვა შეჯამებულია საქმეებში პელისიე და სასი საფრანგეთის წინააღმდეგ (Pélissier and Sassi v. France [GC], no. 25444/94, §§ 51‑54, ECHR 1999-II) და პენევი ბულგარეთის წინააღმდეგ (Penev v. Bulgaria no. 20494/04, §§ 33-34 და42, 7 იანვარი 2010; იხილეთ ასევე I.H. and Others v. Austria, no. 42780/98, § 34, 20 აპრილი 2006).
13. სასამართლო აღნიშნავს, რომ საბრალდებო დასკვნას, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის მიმართ წაყენებული ბრალდების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს, გადამწყვეტი როლი აქვს სისხლის სამართლის პროცესში (იხილეთ, Kamasinski v. Austria, 19 December 1989, § 79, Series A no. 168, and Varela Geis v. Spain, no. 61005/09, § 51, 5 March 2013). ამ საქმეში, მომჩივნებს ბრალი ედებოდათ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ გაფლანგვაში (იხილეთ ზემოთ, §2). გაფლანგვა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით განსხვავებული დანაშაულებია, და მათ დასამტკიცებლად საჭირო ელემენტები ერთმანეთისგან განსხვავდება (იხილეთ ზემოთ, §8). ასე, მაგალითად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევაში, დანაშაულის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია განზრახვა “თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად“, მაშინ როდესაც ასეთი ელემენტი არსებითად არ წარმოადგენს გაფლანგვის დანაშაულის შემადგენელ ნაწილს (იხილეთ, mutatis mutandis, Adrian Constantin v. Romania, no. 21175/03, § 23, 12 აპრილი 2011, and Gelenidze v. Georgia, no. 72916/10, § 33, 7 ნოემბერი 2019). ამასთან დაკავშირებით, სასამართლო არ ეთანხმება ხელისუფლების მიერ, ეროვნულ სასამართლოებზე დაყრდნობით, გამოთქმულ არგუმენტს (იხილეთ ზემოთ, § 4 და §5), რომელთა მიხედვითაც დანაშაულის სამართლებრივი კვალიფიკაცია არსებითად მნიშვნელოვანი არ იყო, რამდენადაც შეცვლილი მსჯავრი მაინც იმავე ფაქტობრივ გარემოებებზე იყო დაფუძნებული. სასამართლო კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ კონვენცია მოითხოვს, ბრალდებულისათვის ინფორმაციის ზედმიწევნით მიწოდებას არა მხოლოდ იმ ქმედებების შესახებ, რომელთა ჩადენასაც მას ედავებიან, ანუ ბრალდების ფაქტობრივი საფუძვლების შესახებ, არამედ იმ სამართლებრივი კვალიფიკაციის შესახებაც, რომელიც მათ მიენიჭათ (იხილეთ Penev, ზემოთ ციტირებული, § 42, და D.M.T. and D.K.I. v. Bulgaria, no. 29476/06, § 80, 24 ივლისი 2012). მთელი სასამართლო პროცესის განმავლობაში, მომჩივნები იცავდნენ თავს მხოლოდ გაფლანგვის ბრალდების წინააღმდეგ. საბოლოოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს ბრალდება არ დადასტურდა, რადგან დანაშაულის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტი – გაფლანგვის ობიექტზე კონტროლის არსებობა – არ იყო სახეზე (იხილეთ ზემოთ, §4). სააპელაციო სასამართლომ, ახალი განაჩენის გამოტანამდე, მომჩივნები არ გააფრთხილა, რომ შესაძლო იყო მათი ბრალდება გადაკვალიფიცირებულიყო (იხილეთ ზემოთ, §4). სასამართლო სხდომა არ გადადებულა დამატებითი განხილვისათვის და ახალი ბრალდების შემადგენელი ელემენტები სხდომაზე არ განხილულა (იხილეთ, Gelenidze, ციტირებული ზემოთ, § 35; ასევე იხილეთ Penev, ციტირებული ზემოთ, § 43). მომჩივნებმა ახალი სამართლებრივი კვალიფიკაციის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს განაჩენიდან შეიტყვეს. ასეთ გარემოებებში, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო აღიარებს, სააპელაციო სასამართლოს უფლებას გადააკვალიფიციროს დანაშაული, ბრალდებულებს უნდა ჰქონდეთ დაცვის განხორციელების პრაქტიკული, დროული და ეფექტიანი შესაძლებლობა.
14. სასამართლო ვერ იმსჯელებს, როგორი იქნებოდა მომჩივანთა დაცვა, იმ შემთხვევაში თუ მათ მიეცემოდათ შესაძლებლობა, წარედგინათ მოსაზრებები სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებასთან დაკავშიებით, რისთვისაც ისინი საბოლოოდ დამნაშავედ ცნეს. თუმცა მათ ასეთი შესაძლებლობა უნდა ჰქონოდათ.
15. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მომჩივნებს არ მისცა საშუალება, თავიანთი დაცვა ახალ ბრალდებაზე მოერგოთ. რაც შეეხება უზენაეს სასამართლოს, რომელსაც შეეძლო საქმის სრულად განხილვა, მან ვერ გამოასწორა სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე არსებული ხარვეზები, რამდენადაც საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო (იხილეთ, Juha Nuutinen v. Finland, no. 45830/99, § 33, 24 აპრილი 2007; შეადარეთ Dallos v. Hungary, no. 29082/95, §§ 50-52, ECHR 2001-II, და Sipavičius v. Lithuania, no. 49093/99, §§ 31‑32, 21 თებერვალი 2002).
16. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ასკვნს, რომ დაირღვა მომჩივანთა უფლება, დაწვრილებით გააცნონ წარდგენილი ბრალდების არსი და საფუძველი და უფლება, რომ ჰქონდეთ საკმარისი დრო და საშუალებანი საკუთარი დაცვის მოსამზადებლად. შესაბამისად, დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტი და მე-3 პუნქტის (ა) და (ბ) ქვეპუნქტები.
17. რაც შეეხება საჩივრის მეორე ნაწილს, რომელიც შეეხებოდა ბრალდების მტკიცებულებების მნიშვნელოვანი ნაწილის დამალვას, სასამართლო მიიჩნევს, რომ მან უკვე განიხილა საჩივარში დასმული მთავარი სამართლებრივი საკითხი და შესაბამისად, საჭირო არ არის აღნიშნული ნაწილის ცალკე შეფასება (იხ. Centre for Legal Resources on behalf of Valentin Câmpeanu v. Romania [GC], no. 47848/08, § 156, ECHR 2014).
კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
18. მომჩივანს არ წარუდგენია რაიმე მოთხოვნა სამართლიანი დაკმაყოფილების შესახებ. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მოთხოვნა მისთვის რაიმე თანხის მინიჭების თაობაზე.
აქედან გამომდინარე, სასამართლო, ერთხმად,
დასაშვებად აცხადებს საჩივარს;ადგენს, რომ დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტი და მე-3 პუნქტის (ა) და (ბ) ქვეპუნქტები დანაშაულის გადაკვალიფიცირების გამო.ადგენს, რომ არ არსებობს დარჩენილი საჩივრის არსებითად განხილვის საჭიროება კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტისა და მე-3 პუნქტის (ბ) ქვეპუნქტის საფუძველზე.