Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
გლოველი საქართველოს წინააღმდეგ
GLOVELI v. GEORGIA
საჩივარი no. 18952/18
გადაწყვეტილება
7 აპრილი 2022
ფაქტები
2. მომჩივანი დაიბადა 1958 წელს და ცხოვრობს თბილისში. ის წარმოდგენილი იყო ქვემო შუხუთში მოღვაწე ადვოკატის ლ.მუხაშავრიას მიერ.
3. ხელისუფლებას წარმოადგენდა იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი, ბ. ძამაშვილი.
4. მხარეთა მიერ წარმოდგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები შეიძლება შეჯამებულ იქნას შემდეგნაირად:
გარემოებებიმომჩივანი არის პრაქტიკოსი ადვოკატი საქართველოში ოც წელზე მეტი გამოცდილებით. ის ასევე მსახურობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ 1999 წლიდან 2005 წლამდე. შემდგომ მან მოსამართლეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამართულ კონკურსში ექვსჯერ მიიღო მონაწილეობა, ბოლოს 2017 წლის ოქტომბერში. ყველა მისი განაცხადი წარუმატებელი აღმოჩნდა. მოცემული საქმე ეხება მომჩივნის მიერ თანამდებობის დაკავების ბოლო მცდელობასთან დაკავშირებულ პროცესს. (იხ. პარაგრაფები 9-10 ქვემოთ).
II. სამართალწარმოება საკონსტიტუციო სასამართლოში
6. 2016 წლის 9 თებერვალს, ერთ-ერთი მოსამართლეების შერჩევის კონკურსის შემდეგ, მომჩივანმა და სხვა ორმა კანდიდატმა საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა საკონსტიტუციო სარჩელი, რომლითაც ამტკიცებდნენ, რომ საერთო სასამართლოების შესახებ 1997 წლის 13 ივნისის კანონის („სასამართლოების კანონი“) მუხლები 36(4), 49 (1) და 50 (4) არ შეესაბამებოდა კონსტიტუციის 29-ე და 42-ე მუხლს. ისინი აცხადებდნენ, inter alia, რომ არ ჰქონდათ სასამართლოს ხელმისაწვდომობა, რათა დაეცვათ თავიანთი კონსტიტუციური უფლება, სახელმწიფო სამსახურში მიღებისას სამართლიან პროცესზე, რადგან არც ერთ სასამართლოს არ ჰქონდა მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებული დავების განხილვის იურისდიქცია.
7. 2017 წლის 10 მარტს ძალაში შევიდა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესული ცვლილებები, რომლის მიხედვითაც მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს (“The HCJ”) გადაწყვეტილებები დაექვემდებარა უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას (იხ. პარაგრაფები 18-20 ქვემოთ).
8. 2017 წლის 7 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლომ უარყო აღნიშნული საკონსტიტუციო სარჩელი და დაასკვნა, რომ საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შეტანილმა ცვლილებებმა, ახალი სამართლებრივი დაცვის საშუალების შექმნით, არსებითად გადაწყვიტა მოსარჩელეების მიერ წამოჭრილი პრობლემა (იხ. პარაგრაფები 21-22 ქვემოთ). მან აღნიშნა, რომ კონკრეტული დავის კონტექსტში, ახალმა საკანონმდებლო ცვლილებებმა უზრუნველყო მოსარჩელეთა სასამართლოს ხელმისაწვდომობის კონსტიტუციური უფლება მოსამართლეების დანიშვნის განმხილველი პალატის დაფუძნებით (საკვალიფიკაციო პალატა), რომელსაც ჰქონდა იურისდიქცია განეხილა საჩივრები მოსამართლეთა დანიშვნებზე სავარაუდო თვითნებურ უართან დაკავშირებით.
III. განაცხადი მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე
9. 2017 წლის 18 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოცხადდა ახალი მოსამართლეების შერჩევის კონკურსი. მომჩივანმა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად შეიტანა განაცხადი. როგორც განცხადების ნაწილი, მან წარადგინა სხვადასხვა დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებდნენ მის პროფესიულ და აკადემიურ მიღწევებს (იხილეთ, შესაბამისი პროცედურისთვის პარაგრაფი 16 ქვემოთ). მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტების შემოწმების შემდეგ, 2017 წლის 25 ნოემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გამოაცხადა, რომ მომჩივანი დაშვებულ იქნა კონკურსში მონაწილეობისთვის (იხ. პარაგრაფი 16 ქვემოთ). ბიოგრაფიის შემოწმების შემდეგ, 2017 წლის 29 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები გაესაუბრნენ მას, ინდივიდუალურად გააკეთეს შეფასებები ქულების ცხრილის გამოყენებით.
10. 2018 წლის 20 იანვარს, მომჩივანს შეატყობინეს, რომ ვაკანსიაზე მისი განაცხადი უარყოფილ იქნა, რადგან მან ვერ დააკმაყოფილა მინიმალური კომპეტენციის ქულა. მოგვიანებით მან მიიღო ქულების ცხრილის ასლები, რომლებიც შევსებული იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თითოეული წევრის მიერ, რომლებიც მას გაესაუბრნენ და შეაფასეს.
IV. სამართალწარმოება უზენაეს სასამართლოში
11. 2018 წლის 2 თებერვალს, მომჩივანმა საკვალიფიკაციო პალატაში წარადგინა საჩივარი, რომლითაც ითხოვდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმებას საერთო სასამართლოების შესახებ კანონის 354-ე (3) (ბ) მუხლის საფუძველზე. ის დავობდა, რომ გადაწყვეტილება იყო თვითნებური და დისკრიმინაციული. აღნიშნულის მხარდასაჭერად, მომჩივანმა მტკიცებულებად წარადგინა N.J.-ს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, სატელევიზიო კომენტარი, რომელშიც აცხადებდა, რომ კონკურსის განმავლობაში რამდენიმე საბჭოს წევრს ჰყავდა თავისი ‘‘პროტეჟე’’ კანდიდატები და მათ თვითნებურად დაწიეს სხვა კანდიდატების შეფასების ქულები. მომჩივანი ასევე დავობდა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რამდენიმე წევრის მიერ მისთვის მინიჭებული ძალიან დაბალი ქულები მიანიშნებდა აღნიშნულ მიკერძოებაზე.
12. 2018 წლის 6 თებერვალს, უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატამ მომჩივნის საჩივარი დაუშვებლად გამოაცხადა იურისდიქციის არ ქონის გამო. უზენაესი სასამართლოს მიერ თავის გადაწყვეტილებაში დადგენილი ძირითადი არგუმენტები იყო შემდეგი:
‘‘...მოსამართლეობის კანდიდატმა ვერ შეძლო კომპეტენციის კომპონენტში (შეფასების) მინიმალური გამსვლელი ქული აღება, რის შედეგადაც მისი კანდიდატურა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კენჭისყრისთვის არ დაყენებულა. შესაბამისად, საერთო სასამართლოების შესახებ კანონის 35-ე (12) მუხლით გათვალისწინებული წინაპირობა არ დაკმაყოფილებულა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აღნიშნულ ორგანოს არ განუხილავს დანიშვნის შესახებ განაცხადი და ამგვარად არ გამოუტანია მომჩივნის დანიშვნაზე უარის შესახებ გადაწყვეტილება, რომელიც ექვემდებარება საკვალიფიკაციო პალატაში გასაჩივრებას... ამ მიზეზების გამო, საკვალიფიკაციო პალატა საჩივარს დაუშვებლად მიიჩნევს...’’
13. საკვალიფიკაციო პალატამ, ევროპული სასამართლოს მიერ Beaumartin v. France-ის (24 ნოემბერი 1994, § 38, სერია A no. 296‑B) და Sigma Radio Television Ltd v. Cyprus-ის (nos. 32181/04 და 35122/05, §§ 151-57, 21 ივლისი 2011) საქმეებში მიღებულ გადაწყვეტილებებზე მითითებით, დაადგინა, რომ ის არ აკმაყოფილებდა ‘‘სრული იურისდიქციის’’ სასამართლოს ან ტრიბუნალის მოთხოვნას, რათა განეხილა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და რომ მისი გადაწყვეტილება შეესაბამებოდა მის მიერ დადგენილ პრაქტიკას (საქმე სსპ-2-17). გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით ის იყო საბოლოო და გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა.
სამართალი
კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის სავარაუდო დარღვევა.
30. მომჩივანი დავობდა სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების დარღვევაზე იმის გამო, რომ არ ჰქონდა შესაძლებლობა მოეთხოვა მის მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ უარის სასამართლო წესით გადახედვა. იგი ეყრდნობოდა კონვენციის მე-6 მუხლის 1 პუნქტს, რომლის შესაბამისი ნაწილიც შემდეგნაირად იკითხება:
“ყოველი ადამიანი, მისი სამოქალაქო ხასიათის უფლებებისა და მოვალეობების ... გამორკვევისას აღჭურვილია ... მისი საქმის სამართლიანი ... განხილვის უფლებით ... სასამართლოს მიერ ... „
დასაშვებობა
მხარეთა წარდგინებები
31. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კონვენციის მე-6 მუხლი წარმოდგენილი საქმის სამოქალაქო უფლებების ნაწილთან შეუსაბამო იყო. ისინი დავობდნენ, რომ (i) არ არსებობდა სადავო „უფლება“ რომელიც აღიარებული იყო ეროვნული სამართლით; (ii) თუ სასამართლო სხვაგვარად დაადგენდა, განსახილველი „უფლება“ სასამართლოს პრეცედენტული სამართლით არ იყო „სამოქალაქო“ ხასიათის; (iii) არ არსებობდა რეალური და მნიშვნელოვანი დავა „უფლებაზე“ რომელზეც მომჩივანს ეროვნული სამართლის მიხედვით შეეძლო პრეტენზიის წამოყენება; და (iv) იუსტიციის საბჭოს წინაშე შესაბამისი საქმის წარმოების შედეგები არ იყო უშუალოდ გადამწყვეტი მომჩივნისთვის.
32. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეროვნული კანონმდებლობით არ არსებობდა ისეთი უფლება, როგორიც იყო მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის უფლება, და რომ პროცედურა იმის დასადგენად, იყო თუ არა მომჩივანი სასამართლო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად „საკმარისად კომპეტენტური“, არ იყო მისი „სამოქალაქო უფლებების” განმსაზღვრელი კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის მნიშვნელობით. კონსტიტუციის 29-ე მუხლი ეხებოდა მხოლოდ მათ, ვინც აკმაყოფილებდა შესაბამის ნორმატიულ მოთხოვნებს და მხოლოდ მათთვის იყო აღიარებული საქართველოს კანონმდებლობით, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით დადასტურებული უფლება საჯარო თანამდებობისთვის კონკურსში თანაბარი მონაწილეობის შესახებ. ხელისუფლებამ ასევე მიუთითა უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის 2017 წლის 5 ივლისით დათარიღებული გადაწყვეტილება (საქმე no. სსპ-2-17), რომელიც წინ უსწრებდა მომჩივნის საქმეზე გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც მან დაუშვებლად ცნო სხვა მოსამართლეობის წარუმატებელი კანდიდატის საქმე იურისდიქციის არარსებობის გამო. მან ასევე დაასკვნა, რომ ვინაიდან შესაბამისმა კანდიდატმა ვერ დააგროვა კომპეტენციის საჭირო ქულა, მისი კანდიდატურა არ იყო ჩასმული საბოლოო სიაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ფაქტობრივი კენჭისყრისთვის. შესაბამისად, ამ უკანასკნელს არ ჰქონდა მიღებული ოფიციალური გადაწყვეტილება ამ კანდიდატის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ, რაც შეიძლებოდა გასაჩივრებულიყო საკვალიფიკაციო პალატაში. ამ ფონზე, ხელისუფლება დავობდა, რომ განსხვავებით საქმეებისა ბაკა უნგრეთის წინააღმდეგ ([დიდი პალატა], no. 20261/12, 23 ივნისი 2016) და იურჩიჩი ხორვატიის წინააღმდეგ (no. 58222/09, 26 ივლისი 2011), მომჩივნის ხელმისაწვდომობის უფლება სასამართლოზე აშკარად გამორიცხული იყო საერთო სასამართლოების შესახებ კანონით, რადგანაც სასამართლო წესით გასაჩივრებას მხოლოდ მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ უარის თქმის ოფიციალური საბოლოო გადაწყვეტილებები ექვემდებარებოდა.
33. მომჩივანმა გააპროტესტა ხელისუფლების არგუმენტები. საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების მითითებით, იგი დავობდა, რომ მისი „სამოქალაქო“ უფლება თანაბარი ხელმისაწვდომობის საჯარო სამსახურსა და დასაქმებაზე, მათ შორის სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება რომელიც მის დავას უკავშირდებოდა, აღიარებული იყო შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობით. იგი დავობდა, რომ იუსტიციის საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება ფაქტობრივად განსაზღვრავდა მის სამოქალაქო უფლებას, თანაბარი საფუძვლით მონაწილეობა მიეღო სასამართლო კონკურსში და, შესაბამისად, მას უნდა ჰქონოდა ამ დადგენილების სამართლიანი განხილვის უფლება.
2. სასამართლოს შეფასება
(a) ზოგადი პრინციპები
34. სასამართლომ დავების კონტექსტში მოსამართლეთა დანიშვნასთან, კარიერასა და თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული შესაბამისი პრინციპები ბაკას საქმეში შეაჯამა (ციტირებულია ზემოთ §§ 100-06) და ბოლოს საქმეში Grzęda v. Poland ([დიდი პალატა], 43572/18, 257-64, 15 მარტი 2022); იხ. ასევე Dolińska-Ficek and Ozimek v. Poland, nos. 49868/19 და 57511/19, §§ 220-28, 8 ნოემბერი 2021; Gumenyuk and Others v. Ukraine, no. 11423/19, §§ 44-59, 22 ივლისი 2021; Eminağaoğlu v. Turkey, no. 76521/12, §§ 59-63, 9 მარტი 2021, და Bilgen v. Turkey, no. 1571/07, §§ 47-52 და §§ 65-68, 9 მარტი 2021).
(b) ამ პრინციპების გამოყენება მოცემულ საქმეში
35. შესაბამისი ზოგადი პრინციპების გათვალისწინებით, წინამდებარე საქმეში, მე-6 მუხლის გამოყენებადობის დასადგენად, სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს (i) უფლების არსებობა; (ii) იყო თუ არა უფლებასთან დაკავშირებით დავა „რეალური“ და „მნიშვნელოვანი“; და (iii) იყო თუ არა აღნიშნული უფლება „სამოქალაქო“ ამ დებულების მნიშვნელობით.
(i) უფლების არსებობა
36. სასამართლომ ჯერ უნდა გააანალიზოს მომჩივნის საჩივრის რეალური ბუნება შიდასახელმწიფოებრივი ორგანოების წინაშე. ამასთან დაკავშირებით, სასამართლო იმეორებს, რომ შიდა სამართალწარმოებისას მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი უფლება მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რათა შეფასდეს, არის თუ არა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი გამოყენებადი (იხ. ფონდი სრებრენიცას დედები და სხვები ნიდერლანდების წინააღმდეგ (გადაწყვეტილება), no. 65542/12, § 120, ECHR 2013 (ამონარიდები)).
37. წინამდებარე საქმეში მომჩივანი, ყოფილი მოსამართლე, ჩიოდა, რომ გადაწყვეტილება მის კანდიდატურაზე უარის თქმის შესახებ იყო თვითნებური და დისკრიმინაციული (ზემოთ იხ. პარაგრაფი 11). უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში შეტანილ სააპელაციო საჩივრით იგი ითხოვდა თავის უფლებას კონკურსში სამართლიანი პროცედურის შესახებ, რომლის მეშვეობითაც მოითხოვა სასამართლო სისტემაში ხელახლა მიღება. მისი საჩივრის მთავარი მიზეზი იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი წევრის სავარაუდო მიკერძოება და ობიექტურობის ნაკლებობა. აქედან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ის, რაც იყო შესაბამისი პროცესის საფუძველი, იყო არა მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის უფლება, როგორც ამას ხელისუფლება ამტკიცებს, არამედ ყოფილი მოსამართლის მიერ, მოსამართლის თანამდებობაზე განაცხადის განხილვისას სამართლიანი პროცედურის უფლების უზრუნველყოფა (იხ. Regner v. the Czech Republic [დიდი პალატა], no. 35289/11, § 105, 19 სექტემბერი 2017; Frezadou v. Greece, no. 2683/12, § 28, 8 ნოემბერი 2018, და Juričić, ციტირებულია ზემოთ, § 52, ამ მხრივ დამატებითი მითითებებით; იხ. ასევე Bilgen, ციტირებულია ზემოთ, § 57).
38. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი[1] ითვალისწინებს საჯარო სამსახურზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უფლებას. ზემოაღნიშნულ დებულებასთან დაკავშირებით, 2017 წლის 7 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა თანაბარი და სამართლიანი პროცედურებით მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნისა და მასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გასაჩივრების მიზნით სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ცალსახად განაცხადა, რომ მოსამართლეების შერჩევისა და დანიშვნის პროცესი არ იყო პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილი, რადგან პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების მოსამართლეები ითავსებდნენ წმინდა სამართლებრივ ფუნქციებს. შესაბამისად, კონსტიტუციის 29-ე მუხლში გათვალისწინებული ყველა გარანტია საჯარო სამსახურზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უფლებასთან დაკავშირებით, გამოყენებადი იყო სასამართლო კონკურსებზე. სასამართლო ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის „უფლებით“ სარგებლობისთვის საკმარისია იმის ჩვენება, რომ მომჩივანს ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, სავარაუდოდ შეუძლია მოითხოვოს ეს უფლება. როგორც საქმეში Grzęda აღინიშნა, იმის დადგენისას არსებობდა თუ არა მომჩივნის მიერ მოთხოვნილი უფლების სამართლებრივი საფუძველი, სასამართლომ მხოლოდ უნდა დაადასტუროს, იყო თუ არა მომჩივნის არგუმენტები საკმარისად დასაბუთებული და არა ის აუცილებლად წარმატებული იქნებოდა თუ არა კანდიდატი, სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება უზრუნველყოფილი რომ ყოფილიყო (ibid., § 268). ასეთ ვითარებაში, შესაბამისი ეროვნული საკანონმდებლო ჩარჩოს გათვალისწინებით, როგორც ეს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ ქართული კანონმდებლობით სავარაუდოდ აღიარებული „უფლება“ მოსამართლეობის კონკურსში სამართლიანი პროცესის შესახებ, მათ შორის უფლება იყო დაცული თვითნებური და დისკრიმინაციული უარისგან, გათვალისწინებული იყო კანონმდებლობით (იხ. Dolińska-Ficek and Ozimek, ციტირებულია ზემოთ, §§ 229-30; Tsanova-Gecheva v. Bulgaria, no. 43800/12, § 84, 15 სექტემბერი 2015; Juričić, ციტირებულია ზემოთ, § 52; Dzhidzheva‑Trendafilova v. Bulgaria (dec.), no. 12628/09, §§ 48-49, 9 ოქტომბერი 2012; Kübler v. Germany, no. 32715/06, § 46, 13 January 2011; და Lombardi Vallauri v. Italy, no. 39128/05, § 62, 20 ოქტომბერი 2009).
39. წინამდებარე საქმეში, სტრასბურგის სასამართლოს აზრით, უთანხმოების მთავარი მიზეზი არის ის პუნქტი, რომლითაც ეს უფლება ამოქმედდა. ხელისუფლების თქმით, აღნიშნული „უფლება“ არ იყო რელევანტური მომჩივნის საქმესთან დაკავშირებით, რადგან ის არ იყო შერჩეული კონკურსის ფაქტობრივი კენჭისყრის ეტაპზე მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. ამის მხარდასაჭერად ისინი ეყრდნობოდნენ კონსტიტუციის 29-ე მუხლს, რომელიც უზრუნველყოფს საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლებას ყველა მოქალაქისთვის, რომელიც აკმაყოფილებს „შესაბამის ნორმატიულ მოთხოვნებს“. ისინი ასევე ეყრდნობოდნენ უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებას, რომელიც წინ უძღვოდა მომჩივნის საქმეზე გადაწყვეტილების მიღებას (იხ. §32 ზემოთ). მომჩივანი, თავის მხრივ, დავობდა, რომ ფაქტობრივ კენჭისყრაში მისი საბოლოო სიაში არ შეყვანით, მას არ მიეცა შესაძლებლობა თანაბარ და სამართლიან პირობებში მონაწილეობა მიეღო მოსამართლეების შერჩევის კონკურსში.
40. სასამართლო ვერ მიიღებს ხელისუფლების არგუმენტს იმის შესახებ, რომ მომჩივანი არ აკმაყოფილებდა სასამართლო კონკურსში მონაწილეობის „შესაბამის ნორმატიულ მოთხოვნებს“. მისი განაცხადი იუსტიციის საბჭომ შეიტანა სიაში სასამართლო კონკურსში მონაწილეობისთვის და იგი ოფიციალურად დარეგისტრირდა საერთო სასამართლოების შესახებ კანონის 35-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, როგორც მოსამართლეობის კანდიდატი. მომჩივანმა ასევე გაიარა გამოცდა და გასაუბრება. საქართველოში მოსამართლეთა შერჩევის პროცედურის ევროპული სასამართლოს აღქმას, როგორც ეს ზემოთ იყო ასახული, ასევე მხარს უჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილება. მასში ცალსახად იყო ნათქვამი, რომ იუსტიციის საბჭომ თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა მოკლე ინფორმაცია მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ, რომელთა განცხადებებმაც დააკმაყოფილა კანონით გათვალისწინებული მოსამართლეთა კონკურსში მონაწილეობის მოთხოვნები (იხ. გადაწყვეტილების 38-ე პუნქტი). მომჩივნის სახელი გამოქვეყნებულთა შორის იყო.
41. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დაკმაყოფილებულია, რომ კონსტიტუციის 29-ე მუხლის ტერმინების გათვალისწინებით, როგორც ეს არის განმარტებული საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, ეროვნული კანონმდებლობით მოსამართლეობის თანამდებობაზე განაცხადების შემოწმებისას არსებობდა სამართლიანი პროცედურის „უფლება“, რომელიც მომჩივანს შეეძლო მოეთხოვა.
(ii) “რეალური“ და „მნიშვნელოვანი“ დავა
42. სასამართლო მიიჩნევს, რომ დავა იყო „რეალური“ და „მნიშვნელოვანი“, რადგან ეხებოდა მოსამართლეების შერჩევისა და დანიშვნის პროცედურების სამართლიანობას და შეიძლება გამოეწვია სადავო გადაწყვეტილების გაუქმება და მომჩივნის განცხადების განხილვა (იხ. Dolińska-Ficek and Ozimek, § 232, Juričić, § 52, და Tsanova-Gecheva, § 84, ყველა ციტირებულია ზემოთ; იხ. ასევე Fiume v. Italy, no. 20774/05, § 35, 30 ივნისი 2009, და Bara and Kola v. Albania, nos. 43391/18 და 17766/19, § 58, 12 ოქტომბერი 2021). უნდა დადგინდეს, იყო თუ არა განსახილველი უფლების ბუნება სამოქალაქო მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის ავტონომიური მნიშვნელობით, ვილჰო ესკელინენი და სხვები-ს საქმეში შემუშავებული კრიტერიუმების გათვალისწინებით ([დიდი პალატა], no. 63235/00, ECHR 2007‑II).
(iii) უფლების „სამოქალაქო“ ბუნება: ესკელინენის ტესტი
(α) ესკელინენის ტესტი პირველი პირობა
43. რაც შეეხება ესკელინენის ტესტის პირველ პირობას, ანუ იმას, „აშკარად გამორიცხავდა“ თუ არა ეროვნული კანონმდებლობა სასამართლოს ხელმისაწვდომობას განსახილველი თანამდებობის ან კატეგორიის პერსონალისთვის (იხ. ესკელინენი, ციტირებულია ზემოთ, § 62), სასამართლო აღნიშნავს, რომ თავის ბოლო გადაწყვეტილება Grzęda-ში (ზემოთ ციტირებულია) საჭიროდ ჩათვალა ესკელინენის ტესტის პირველი პირობის შემდგომი შემუშავება და აღნიშნა შემდეგი:
“291. სასამართლო ახლა გამოიყენებს წინამდებარე საქმით შემოთავაზებულ შესაძლებლობას, რათა შემდგომ განავითაროს ესკელინენის ტესტის პირველი პირობა. იგი აღნიშნავს, რომ ეს პირობა შეგნებულად მკაცრია, იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის ტესტის ნაწილი, რომელიც სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში უარყოფს მე-6 მუხლის გამოყენების პრეზუმციას ჩვეულებრივ შრომით დავებში, რომელშიც მონაწილეობენ საჯარო მოსამსახურეები (იხ. ვილჰო ესკელინენი და სხვები, ციტირებულია ზემოთ § 62), რაც გამორიცხავს მათ კონვენციით გათვალისწინებულ ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ უფლებას, სასამართლოს უფლებას. ამ პირობის მკაცრ ბუნებას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ იგი იშვიათად კმაყოფილდებოდა (იხ. ბილგენი, ციტირებულია ზემოთ, § 70). მოპასუხე სახელმწიფოს მხოლოდ ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეეძლო ეჩვენებინა, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობა პირდაპირ იყო გამორიცხული მომჩივნისთვის (იხ. ბაკა, ციტირებული ზემოთ, § 113 და მასში მოხსენიებული საქმეები). ვინაიდან ესკელინენის გადაწყვეტილებაში გათვალისწინებული ორი პირობა არის კუმულაციური, სადაც პირველი არ არის დაკმაყოფილებული, მე-6 მუხლი გამოყენებადობის დასადგენად არ არსებობს ტესტის მეორე ნაწილის განხილვის საჭიროება (იხ. ბაკა, ზემოთ ციტირებული § 118).
292. სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი პირობის პირდაპირი გამოყენება არ იქნება სრულად მიზანშეწონილი ყველა სიტუაციაში. ამიტომ, მზადაა დაუშვას, რომ პირველი პირობა შესაძლოა შესრულებულად ჩაითვალოს სადაც, ამ მიზნის გამომხატველი დებულების გარეშე, ცხადად იყო ნაჩვენები, რომ მსგავსი ტიპის დავებთან დაკავშირებით ეროვნული სამართალი გამორიცხავს სასამართლოს ხელმისაწვდომობას. ამრიგად, უპირველეს ყოვლისა, ეს პირობა დაკმაყოფილებულია მაშინ, როდესაც ეროვნული კანონმდებლობა შეიცავს სასამართლოს ხელმისაწვდომობის აშკარა გამორიცხვას. მეორეც, იგივე პირობა შეიძლება დაკმაყოფილდეს, როდესაც განსახილველი გამორიცხვა არის იმპლიციტური ხასიათის, კერძოდ, როდესაც ის გამომდინარეობს მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩოს ან მთელი სამართლებრივი რეგულირების სისტემური ინტერპრეტაციიდან.“
44. ამასთან დაკავშირებით, ხელისუფლება დავობდა, რომ საქართველოს კანონმდებლობა გამორიცხავდა სასამართლოს ხელმისაწვდომობას მოსამართლეობის კანდიდატისთვის, რომელიც არ იყო წინასწარ სიაში შეყვანილი სასამართლო კონკურსის ფაქტობრივი ხმის მიცემის ეტაპისთვის (იხ. §32 ზემოთ). საერთო სასამართლოების შესახებ კანონის შესაბამისი დებულებების მითითებით მათ განაცხადეს, რომ საკვალიფიკაციო პალატაში შეიძლებოდა მხოლოდ მოსამართლედ დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილების გასაჩივრება. მათი თქმით, იგივე მიდგომა საკვალიფიკაციო პალატის პრაქტიკიდან გამომდინარეობს. მომჩივანი დავობდა, რომ ეროვნული კანონმდებლობა ცალსახად არ გამორიცხავს სასამართლოს ხელმისაწვდომობას სასამართლო კონკურსის ადრეულ ეტაპებთან დაკავშირებულ საჩივრებზე.
45. წინამდებარე საქმეში, საერთო სასამართლოების შესახებ კანონის 191 (1), 354(1) და 365(1) შესწორებული მუხლები ითვალისწინებდა, რომ საკვალიფიკაციო პალატაში შეიძლებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრება, რომლითაც პირს მოსამართლის თანამდებობის დაკავებაზე ეთქვა უარი. საკვალიფიკაციო პალატამ ზემოაღნიშნული დებულებების მითითებით მიიჩნია, რომ მას არ ჰქონდა იურისდიქცია განეხილა მომჩივნის განცხადება, რადგან ეს არ ეხებოდა მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებას. თუმცა, სასამართლოს სხვა არაფერი შეუძლია გარდა აღნიშვნისა, რომ 2017 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებაში, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა სასამართლო სისტემაში თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების უფლება და განაცხადა, რომ პროცედურული სამართლიანობა კანდიდატის შერჩევის პროცესის ყველა ეტაპზე კონსტიტუციით იყო გარანტირებული. მან მკაფიოდ განაცხადა, რომ მოსამართლეობის კანდიდატის დანიშვნის ან დანიშვნაზე უარის თქმის კონტექსტში, „ადეკვატური მიზეზები მოყვანილი უნდა იქნეს კანდიდატის შერჩევის მთელი პროცესის განმავლობაში“ და რომ „სამართლიანი სასამართლოს უფლება მოიცავს საჯარო ხელისუფლების ყველა გადაწყვეტილების (აქტის) რომლებიც არღვევს ადამიანის უფლებებს, სასამართლოში გასაჩივრებისა და განხილვის შესაძლებლობას. ამას გარდა, საკონსტიტუციო სასამართლომ არ მიიღო წარმოებაში მომჩივნის საკონსტიტუციო საჩივარი, რომელიც არსებითად იგივე არგუმენტებს ემყარებოდა, რაც სასამართლოსთვის იქნა წარდგენილი და დაადგინა, რომლის მიხედვითაც ახალმა საკანონმდებლო ცვლილებებმა საკვალიფიკაციო პალატის დაარსებით განახორციელა მისი სასამართლოს ხელმისაწვდომობის კონსტიტუციური უფლება, რომელსაც უფლებამოსილება ჰქონდა განეხილა მოსამართლედ გამწესებაზე შესაძლო თვითნებური უარის თქმასთან დაკავშირებული საჩივრები. ამ ფონზე, ჩანს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ეროვნული კანონმდებლობის დებულებების განმარტება განსხვავებული იყო უზენაესი სასამართლოს განმარტებებისგან; ან სულ მცირე, მისი გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლომ შეიძლება ითქვას, რომ შექმნა ლეგიტიმური მოლოდინი მომჩივნისთვის, რომ სასამართლო კონკურსთან დაკავშირებული მისი საჩივრები განიხილებოდა საკვალიფიკაციო პალატის მიერ.
46. ასეთ ვითარებაში, სასამართლო კანონის შესაბამისი დებულებების ფორმულირებიდან და ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით, სასამართლო ვერ ახერხებს დაასკვნას, რომ ეროვნული კანონმდებლობა შესაბამისი სახის დავებზე შეიცავდა სასამართლოს ხელმისაწვდომობის აშკარა გამორიცხვას (განსხვავებით Özpınar v. Turkey, No. 20999/04, § 30, 2010 წლის 19 ოქტომბერი; Nedeltcho Popov v. Bulgaria, No. 61360/00, § 38, 2007 წლის 22 ნოემბერი; და Suküt v. Turkey, (dec.), No. 59773/00, 2007 წლის 11 სექტემბერი). რაც შეეხება გამორიცხვის იმპლიციტურ ბუნებას, ინტერპრეტაციის გზით (ზემოთ იხ. პარაგრაფი 43) სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: როგორც უკვე ბაკას გადაწყვეტილებაშია გაცხადებული, მან უნდა განსაზღვროს, იყო თუ არა სასამართლოს ხელმისაწვდომობა გამორიცხული ეროვნული კანონმდებლობით მანამდე და არა იმ დროს, როდესაც მომჩივნის მიმართ სადავო ღონისძიება იქნა გამოყენებული. სხვაგვარად დამტკიცება ნიშნავს, რომ თავად სადავო ღონისძიება, რომელიც წარმოადგენდა მომჩივნის „უფლებაში“ სავარაუდო ჩარევას, შეიძლება იმავდროულად იყოს მომჩივნისთვის მისი სარჩელის სასამართლოში შეტანის გამორიცხვის სამართლებრივი საფუძველი (იხ. ბაკა, ციტირებული ზემოთ, § 116). წინამდებარე საქმეში არსებობდა მხოლოდ ერთი გადაწყვეტილება, რომელიც წინ უძღოდა მომჩივნის საქმეს, რომელშიც მოსამართლე კანდიდატის საჩივარი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ საკვალიფიკაციო პალატამ ასევე არ დააკმაყოფილა იურისდიქციული საფუძვლებით (იხ. პარაგრაფი 32 ზემოთ). თუმცა, ეს გადაწყვეტილება მოკლებული იყო შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობის „ყოვლისმომცველ და დეტალურ ანალიზს“ კონვენციის პრეცედენტული სამართლისა და შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების პრიზმაში (ibid., § 117). რაც შეეხება მომჩივნის საქმეზე დაუშვებლად ცნობის გადაწყვეტილებას, საკვალიფიკაციო პალატამ ვერ შეათანხმა თავისი დასაბუთება საკონსტიტუციო სასამართლოსთან. შესაბამისი ეროვნული დებულებების ინტერპრეტაცია და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოვლისმომცველი ანალიზი არ იქნა გათვალისწინებული საკვალიფიკაციო პალატის მიერ.
47. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და იმის გათვალისწინებით, რომ მის ფუნქციაში არ შედის ეროვნული კანონმდებლობის განმარტებით გადაჭრას პრობლემა, სასამართლოს არ შეუძლია დაასკვნას, რომ ეროვნული კანონი რომელიც ძალაშია 2017 წლის 8 თებერვლის საკანონმდებლო ცვლილებების მიღებიდან გამორიცხავდა სასამართლოს ხელმისაწვდომობას მომჩივნის საქმეში. თუმცა, მაშინაც კი, თუ ხელისუფლების არგუმენტი იმის შესახებ, რომ ეროვნული კანონმდებლობა პირდაპირ გამორიცხავს სასამართლოს ხელმისაწვდომობას, იქნება გაზიარებული, სასამართლო მაინც უნდა დარწმუნდეს, რომ გამორიცხვა გამართლებული იყო „სახელმწიფოს ინტერესების ობიექტური საფუძვლებით“ (იხ. ვილჰო ესკელინენი, ციტირებული ზემოთ, § 62). ამრიგად, იგი გააგრძელებს ტესტის მეორე პირობის შემოწმებას.
(β) ესკელინენის ტესტის მეორე პირობა
48. სასამართლო ახლა განიხილავს, შეიძლება თუ არა, წინამდებარე საქმეში, სასამართლოზე ხელმისაწვდომობის გამორიცხვა გამართლებული იყოს სახელმწიფოს ინტერესების ობიექტური საფუძვლებით. იგი თავიდანვე აღნიშნავს, რომ მხარეებს ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი მოსაზრება არ გაუკეთებიათ.
49. ამასთან დაკავშირებით სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს ხაზგასმით საზოგადოებაში სასამართლო ხელისუფლების განსაკუთრებული როლის შესახებ; სასამართლო წარმოადგენს მართლმსაჯულების, კანონის უზენაესობის პრინციპით მართულ ქვეყანაში ფუნდამენტური ღირებულების გარანტს; შესაბამისად, საკუთარი მოვალეობების წარმატებით განხორციელებისათვის იგი უნდა სარგებლობდეს საზოგადოების ნდობით (იხ. Baka, ციტირებულია ზემოთ, § 164, დამატებითი მითითებებით; აგრეთვე Eminağaoğlu, §§ 76 და 78, და Bilgen, § 58, ორივე ციტირებულია ზემოთ). იმის გათვალისწინებით, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში სახელმწიფო ორგანოებს შორის სასამართლო იკავებს მნიშვნელოვან ადგილს (იხ. Ramos Nunes de Carvalho e Sá v. Portugal [დიდი პალატა], nos. 55391/13 და 2 სხვა, § 196, 2018 წლის 6 ნოემბერი, მასში დამატებითი მითითებებით), სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს სასამართლო ხელისუფლების წევრების დაცვას იმ ზომებისგან, რომლებიც გავლენას ახდენენ მათ სტატუსსა და კარიერაზე, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მოსამართლის დამოუკიდებლობასა და ავტონომიას. სასამართლომ განაცხადა, რომ სასამართლო დამოუკიდებლობა არის კანონის უზენაესობის წინაპირობა (იხ. Guðmundur Andri Ástráðsson v. Iceland [დიდი პალატა], No. 26374/18, § 239, 1 დეკემბერი 2020 წ.). ამასთან დაკავშირებით, რაც შეეხება სასამართლოს დახასიათებას როგორც „დამოუკიდებელი“ მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფის მნიშვნელობით, მან ამასთან დაკავშირებით დაადგინა, რომ მათ შორის, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მათი დანიშვნის წესი (იხ. მაგალითად, Ramos Nunes de Carvalho e Sá, § 144, და Ástráðsson, § 230, ორივე ციტირებულია ზემოთ). როგორც სასამართლომ Ástráðsson-ში განაცხადა, როგორც ჩანს, არსებობს მნიშვნელოვანი კონსენსუსი წევრ სახელმწიფოებს შორის, რომ „კანონით შექმნილი ტრიბუნალის“ მოთხოვნა მოიცავს მოსამართლის თანამდებობაზე პირველად დანიშვნის პროცესს (ibid., § 228).
50. სასამართლომ უკვე განაცხადა, რომ მოსამართლეები უნდა შეირჩეს დამსახურებისა და ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე, არა მხოლოდ სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის უზრუნველსაყოფად, არამედ მოსამართლეთა პირადი დამოუკიდებლობის გარანტიის უზრუნველსაყოფადაც (იხ. Bilgen, ციტირებულია ზემოთ, § 63, დამატებითი მითითებებით). ამასთან დაკავშირებით, თავის წინა სასამართლო საქმეებში მან მიუთითა CCJE-ს მოსაზრება №1-ის 25-ე პუნქტზე (2001 წ.), რომელიც რეკომენდაციას უწევს, რომ „წევრ ქვეყნებში დანიშვნებისა და დაწინაურების თაობაზე პასუხისმგებელმა ორგანოებმა ახლა უნდა შემოიღონ, გამოაქვეყნონ და შეასრულონ ობიექტური კრიტერიუმები, იმის უზრუნველსაყოფად, რომ მოსამართლეების შერჩევა და კარიერა დაფუძნებული იყოს დამსახურებაზე, კვალიფიკაციის, კეთილსინდისიერების, უნარებისა და ეფექტიანობის გათვალისწინებით“ და ხაზი გაუსვა რიგითი მოსამართლეების დანიშვნის მკაცრი პროცესის მნიშვნელობას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ყველაზე კვალიფიციური კანდიდატების - როგორც ტექნიკური კომპეტენციის, ისე მორალური კეთილსინდისიერების თვალსაზრისით - დანიშვნა მოსამართლის თანამდებობებზე (იხ. Ástráðsson, ციტირებულია ზემოთ, §§ 221-22). სასამართლომ ასევე განაცხადა, რომ ეროვნული კანონმდებლობა უნდა იყოს ჩამოყალიბებული ცხადად, რამდენადაც ეს შესაძლებელია, რათა არ დაუშვას თვითნებური ჩარევა დანიშვნის პროცესში, მათ შორის აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან (ibid., § 230). ამასთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ არსებობს მკაფიო კავშირი მოსამართლის დანიშვნის პროცესის კეთილსინდისიერებასა და სასამართლოს დამოუკიდებლობის მოთხოვნას შორის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტით (იხ. Thiam v. France, No. 80018/12, §§ 81-82). , 2018 წლის 18 ოქტომბერი).
51. ამის ფონზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, მომჩივნის, მოსამართლეობის კანდიდატის, რომელიც აკმაყოფილებდა კანონით დადგენილ ყველა მოთხოვნას, მოსამართლეობის კონკურსიდან გარიცხვა, ამ გადაწყვეტილების ყოველგვარი სასამართლო განხილვის გარეშე, სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვის მნიშვნელობიდან გამომდინარე არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს როგორც კანონის უზენაესობით მართული სახელმწიფოს ინტერესი. ეს ეხება რელევანტურ საერთაშორისო სტანდარტებს, რომელიც ასევე მიუთითებს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება მოსამართლეთა შერჩევასა და საქმიანობას, ან სულ მცირე იმ პროცესს, რომლის მეშვეობითაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღება, უნდა ექვემდებარებოდეს სასამართლო განხილვას (იხ. ზემოთ, პარაგრაფები 24-27). ამასთან ერთად, სასამართლო მიუთითებს, რომ მას არ მოეთხოვება გადახედოს მოსამართლეთა დანიშვნის სისტემას, რომელიც მოქმედებს ევროპის საბჭოს სხვადასხვა წევრ სახელმწიფოში. როგორც უკვე მის სასამართლო პრაქტიკაშია აღნიშნული, ევროპაში არსებობს მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის სხვადასხვა სისტემა, თუმცა გადამწყვეტი რაცაა არის ის, რომ დანიშნული პირები თავისუფალი არიან გავლენისა და ზეწოლისაგან სამოსამართლო საქმიანობის განხორციელებისას. (იხ. Ástráðsson, ციტირებულია ზემოთ, § 207, დამატებითი მითითებებით). შეკითხვა ყოველთვის დაესმის იმას დაკმაყოფილებულია თუ არა კონვენციის მოთხოვნები მოცემულ საქმეში (იხ. Kleyn and Others v. the Netherlands [დიდი პალატა], nos. 39343/98 და 3 სხვა, § 193, ECHR 2003 VI, და Henryk Urban and Ryszard Urban v. Poland, no. 23614/08, § 46, 30 ნოემბერი 2010)
52. შესაბამისად, სასამართლო ადგენს, რომ ესკელინენის ტესტის მეორე პირობა, კერძოდ ის, რომ მომჩივნისთვის სასამართლოს ხელმისაწვდომობის შეზღუდვა გამართლებული იყო ობიექტური საფუძვლებით სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, არ დაკმაყოფილდა.
(iv) დასკვნა მე-6 მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებით
53. აქედან დგინდება, რომ კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი გამოყენებადია. შესაბამისად ხელისუფლების წინასწარი პროტესტი მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის გამოყენებასთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ეს საჩივარი არც აშკარად დაუსაბუთებელია და არც დაუშვებელია კონვენციის 35-ე მუხლში ჩამოთვლილი სხვა საფუძვლებით. შესაბამისად იგი უნდა გამოცხადდეს დასაშვებად.
B. არსებითი მხარე
1. მხარეთა განცხადებები
54. მომჩივანი, საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამის გადაწყვეტილებაზე მითითებით, დავობდა, რომ მისი უფლება გაესაჩივრებინა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სავარაუდო თვითნებური და დისკრიმინაციული გადაწყვეტილება სასამართლოში, დაირღვა. ის აცხადებდა, რომ მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის პროცესი მთლიანად სასამართლო სისტემის სათანადო ფუნქციონირებისთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ პროცედურის ნებისმიერ ეტაპზე მიღებული გადაწყვეტილება უნდა დაქვემდებარებოდა სასამართლო შემოწმებას.
55. პასუხად ხელისუფლება აცხადებდა, რომ მომჩივნის სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება არ დარღვეულა. ისინი პირველ რიგში, ამტკიცებდნენ, რომ ეროვნული კანონმდებლობა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, საკვალიფიკაციო პალატის დაფუძნებით, ითვალისწინებდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებების სასამართლო გადასინჯვას. მეორე რიგში, საკვალიფიკაციო პალატას ჰქონდა სრული იურისდიქცია კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის გაგებით, რათა გადაესინჯა მოსამართლეთა შერჩევასთან და დანიშვნასთან დაკავშირებული საბჭოს გადაწყვეტილებები. ბოლოს, საკვალიფიკაციო პალატის გადაწყვეტილება მომჩივნის საქმეში შეესაბამებოდა ეროვნულ პრეცედენტულ სამართალს და ადგილი არ ჰქონია თვითნებობას საკვალიფიკაციო პალატის მიერ რელევანტური ეროვნული დებულებების განმარტებისას.
1. სასამართლოს შეფასება
(a) ზოგადი პრინციპები
56. სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება როგორც კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი განხილვის ასპექტი დადგენილ იქნა საქმეში Golder v. the United Kingdom (ციტირებულია ზემოთ, §§ 28-36). ამ საქმეში, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება წარმოადგენდა მე-6 მუხლით გათვალისწინებული გარანტიების არსებით ასპექტს და მიუთითა კანონის უზენაესობისა და უფლებამოსილების თვითნებურად განხორციელების თავიდან აცილების პრინციპებზე, რომლებსაც კონვენციის დიდი ნაწილი ეფუძნება. ამგვარად მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი ყველასთვის უზრუნველყოფს უფლებას წარადგინოს სასამართლოში მოთხოვნა მის სამოქალაქო უფლებებთან და ვალდებულებებთან დაკავშირებით (იხ. Zubac v. Croatia [დიდი პალატა], no. 40160/12, § 76, 5 აპრილი 2018, დამატებითი მითითებებით).
57. კონვენციის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით, ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი აჩვენებდა, რომ როდესაც არ არსებობს წვდომა დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოზე, ყოველთვის წამოიჭრება საკითხი კანონის უზენაესობასთან შესაბამისობის შესახებ (იხ. Golder, ციტირებულია ზემოთ, § 34). თუმცა, ევროპულმა სასამართლო აღიარა, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ შეზღუდვებს, რომლებიც არ კრძალავს ან ამცირებს ინდივიდისთვის დარჩენილ წვდომის უფლებას ისე ან იმდენად, რომ ამ უფლების არსი იქნას ხელყოფილი. შეზღუდვა არ იქნება მე-6 მუხლის 1 პუნქტის შესაბამისი, თუ ის არ გამოიყენება ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად და არ არსებობს პროპორციულობის გონივრული ურთიერთკავშირი გამოყენებულ საშუალებებსა და მისაღწევ მიზანს შორის (იხ. Baka, § 120, და Zubac, § 78, ორივე ციტირებულია ზემოთ).
(b) აღნიშნული პრინციპების გამოყენება მოცემულ საქმის გარემოებებში
58. მოცემულ საქმეში, მომჩივნის საჩივარი მოსამართლის თანამდებობაზე დასანიშნად მისი კანდიდატურის უარყოფასთან დაკავშირებით, არსებითად არ განუხილავს საკვალიფიკაციო პალატას. ამ უკანასკნელმა მომჩივნის საჩივარი იურისდიქციის არ არსებობის გამო დაუშვებლად გამოაცხადა (იხ. პარაგრაფი 12 ზემოთ; განსხვავებისთვის Dzhidzheva-Trendafilova, ზემოთ ციტირებული, §§ 51-57). ამგვარად, საკვალიფიკაციო პალატამ დაასკვნა, რომ მას არ ჰქონდა იურისდიქცია, რათა განეხილა მოსამართლის დანიშვნასთან დაკავშირებული დავები თუ კონკურსის პროცესი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ ხმის მიცემის ეტაპამდე არ მიაღწევდა. თუმცა ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანი განაცხადის ფორმის საფუძველზე მოხვდა კონკურსში და მან ასევე გაიარა ბიოგრაფიის შემოწმების ეტაპი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა მასთან ჩაატარეს გასაუბრება და ის შეფასებულ იქნა კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმების საფუძველზე. ყველა ზემოთ აღნიშნული სასამართლო კონკურსის ეტაპები წარიმართა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, რომელსაც საბოლოოდ ხმა უნდა მიეცა მომჩივნის კანდიდატურისთვის. ზემოთ აღნიშნული ეტაპების სასამართლო გადასინჯვისგან სრულად გამორიცხვით, საკვალიფიკაციო პალატა არ ჩანდა, რომ სრულად ითვალისწინებდა საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციას, რომელმაც განაცხადა, რომ კონსტიტუციური უფლება დასაბუთებულ გადაწყვეტილებაზე, გულისხმობდა, რომ უნდა არსებობდეს ადეკვატური დასაბუთება დანიშვნის მთელი პროცესის განმავლობაში და რომ როდესაც მოსამართლეთა დანიშვნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონსტიტუციურ უფლებამოსილებას წარმოადგენდა, სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება ითვალისწინებდა მოთხოვნას, რომ სახელმწიფო ორგანოების ყველა გადაწყვეტილება, რომელმაც დაარღვია ადამიანის უფლებები, გასაჩივრებული ყოფილიყო და მასზე გადაწყვეტილება მიღებულიყო სასამართლოში (იხ. პარაგრაფები 21-22 ზემოთ ).
59. თუმცა მისი ზემოთ აღნიშნული დასკვნები გამოყენებადობის საკითხთან დაკავშირებით არ ხელყოფს მის მსჯელობას შესაბამისობის საკითხზე (იხ. ვილჰო ესკელენი და სხვები, § 64, და Tsanova-Gecheva, § 87, ორივე ციტირებულია ზემოთ), ევროპული სასამართლო აღნიშნავს, იმ მნიშვნელობას რომელსაც საერთაშორისო და ევროპის საბჭოს ინსტრუმენტები, ისევე როგორც საერთაშორისო სასამართლოების პრეცედენტული სამართალი და სხვა საერთაშორისო ორგანოების პრაქტიკა, ანიჭებს პროცედურულ სამართლიანობას იმ საქმეებში, რომელებიც მოიცავს მოსამართლეთა შერჩევას, დანიშვნასა და კარიერას (იხ. პარაგრაფები 49-51 ზემოთ; იხ. ასევე Ástráðsson, §§ 207, 215, და 226-27, და Baka, § 165, ორივე ციტირებულია ზემოთ). აღნიშნულის გათვალისწინებით, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ საკვალიფიკაციო პალატამ, საკუთარი თავისთვის იურისდიქციის ჩამორთმევით, რათა განეხილა მომჩივნის საჩივარი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ, ხელყო სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების არსებითი მხარე.
60. შესაბამისად, დაირღვა მომჩივნის სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება, რომელიც გარანტირებულია კონვენციის მე-6 მუხლის 1 პუნქტით.
II. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
61. კონვენციის 41-ე მუხლი განსაზღვრავს:
„თუ სასამართლო დაასკვნის, რომ დაირღვა კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლება, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის ეროვნული სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.“
A. ზიანი
62. მომჩივანი მოითხოვა 121,000 ევრო (EUR) ქონებრივი ზიანისთვის შემოსავლის დაკარგვისთვის და 10,000 ევრო მორალური ზიანისთვის.
63. სახელმწიფო შეეწინააღმდეგა ამ მოთხოვნებს.
64. ევროპული სასამართლო არ ადგენს რაიმე მიზეზობრივ კავშირს დადგენილ დარღვევასა და მოთხოვნილ ქონებრივ ზიანს შორის; ამგვარად ის არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნას. მეორე მხრივ, სასამართლო მომჩივანს მიაკუთვნებს 3,600 ევროს არამატერიალური ზიანისთვის, ამასთან ნებისმიერ გადასახადს, რომელიც შეიძლება გადასახდელი იყოს.
A. ხარჯები და დანახარჯები
65. მომჩივანმა ასევე მოითხოვა 3,660 ევრო სასამართლოს წინაშე გაწეული ხარჯებისთვის და 50 ევრო სხვადასხვა ადმინისტრაციული ხარჯისთვის.
66. სახელმწიფომ განაცხადა, რომ მომჩივანმა ვერ აჩვენა, რომ ხარჯები ნამდვილად იქნა გაწეული და ისინი იყო აუცილებელი და გონივრული ოდენობასთან მიმართებით. ხელისუფლებამ ასევე განაცხადა, რომ მომჩივნის ადვოკატი არ აკმაყოფილებდა წარმომადგენლობის კრიტერიუმებს 36 §§ 2 დებულების და სასამართლოს წესდების მე-4 (ა) დებულების მიხედვით, რადგან ის არ იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. შესაბამისად, მისი წარმომადგენლობისთვის გაწეული სასამართლო ხარჯები არ უნდა ანაზღაურდეს.
67. ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად, მომჩივანს უფლება აქვს მიიღოს ხარჯების ანაზღაურება, მხოლოდ რამდენადაც ნაჩვენები იქნა, რომ ის ნამდვილად იქნა გაწეული და ამასთან აუცილებელი იყო და არის გონივრული ოდენობასთან მიმართებით. მოცემულ საქმეში, მის მფლობელობაში არსებული დოკუმენტებისა და ზემოთ აღნიშნული კრიტერიუმების მიხედვით, სასამართლომ უარყო ხარჯებთან დაკავშირებული მოთხოვნა მთლიანობაში.
A. საურავი
68. სასამართლოს მიაჩნია, რომ საურავის ოდენობა უნდა დადგინდეს ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის მიხედვით, რასაც დაემატება სამი პროცენტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ევროპული სასამართლო ერთხმად,
1. აცხადებს საჩივარს დასაშვებად;
2. ადგენს, რომ დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის 1 პუნქტი;
3. ადგენს
(a) რომ მოპასუხე სახელმწიფომ მომჩივანს უნდა გადაუხადოს, სამი თვის განმავლობაში, იმ თარიღიდან, როდესაც გადაწყვეტილება კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით გახდება საბოლოო, 3,600 ევრო (სამი ათას ექვსასი ევრო), ამასთან ნებისმიერ გადასახადი, რომელიც შეიძლება გადასახდელი გახდეს, არამატერიალურ ზიანთან დაკავშირებით. თანხა კონვერტირებულ უნდა იქნას მოპასუხე სახელმწიფოს ეროვნულ ვალუტაში ანგარისწორების დღეს არსებული კურსით;
(b) რომ ზემოხსენებული სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, თანხის სრულ გადარიცხვამდე, გადასახდელ თანხას საჯარიმო პერიოდის განმავლობაში დაერიცხება ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის თანაბარი ჩვეულებრივი პროცენტები, რასაც დაემატება სამი პროცენტი;
1. უარყოფს მომჩივნის დანარჩენ მოთხოვნას სამართლიან დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.
[1] მითითებულია კონსტიტუციის ძველი რედაქციის 29-ე მუხლი.