განმცხადებელი პირადი და ოჯახური ცხოვრების, აზრის, სინდისის, რელიგიის თავისუფლებისა და დისკრიმინაციის აკრძალვის უფლებაზე მითითებით ასაჩივრებდა ადგილობრივი სასამართლოების გადაწყვეტილებებს მისი ქალიშვილების მამასთან ცხოვრების შესახებ. მისი მტკიცებით ხსენებული გადაწყვეტილების ნამდვილი მიზეზი მისი რელიგიური მრწამსი იყო.
მშობლებისადმი მოპყრობის ნებისმიერ განსხვავებას ჰქონდა ობიექტური და გონივრული დასაბუთება: არ არის დარღვევა.
საქმე „ჯინეიტიენე ლიტვის წინააღმდეგ“
CASE OF GINEITIENĖ v. LITHUANIA
განაცხადი N20739/05
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
2010 წლის 27 ივლისი
ფაქტობრივი გარემოებები
I. საქმის გარემოებები
5. განმცხადებელი დაიბადა 1968 წელს და ცხოვრობს ვილნიუსში. 1990 წელს განმცხადებელი დაქორწინდა ვ.გ-ზე.
6. 2000 წელს განმცხადებელი ჩაერთო ოიას მედიტაციის ცენტრის, ახალი რელიგიური მოძრაობის - ოშოს ლიტვური ფილიალის საქმიანობებში.
7. 2001 წელს იგი გაშორდა მეუღლეს. განმცხადებლის ორი ქალიშვილის - 1995 და 1996 წლებში დაბადებული ი.გ-სა და ა.გ-ს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ იქნა განსაზღვრული და ისინი განმცხადებელსა და მის ყოფილ ქმართან ერთად კაუნასში ცხოვრობდნენ.
8. 2003 წლის ივლისში განმცხადებლის ყოფილმა ქმარმა სასარჩელო წარმოება წამოიწყო, რომლითაც ითხოვდა, რომ თავისი ქალიშვილების საცხოვრებელ ადგილად მიჩნეულიყო მამის სახლი. იგი ასევე ირწმუნებოდა, რომ განმცხადებლის ჩართვას ოშოს რელიგიურ მოძრაობაში, შესაძლოა, ბავშვებზე უარყოფითი ზეგავლენა მოეხდინა.
9. 2003 წლის 24 ივლისს კაუნასის რაიონის ბავშვთა უფლებების დაცვის სააგენტომ მამის საცხოვრებელი ადგილი მოინახულა და დაასკვნა, რომ საცხოვრებელი პირობები დამაკმაყოფილებელი იყო. ასევე ა.გ-სა და ი.გ-ის სურვილის გათვალისწინებით, რეკომენდაცია გაუწია, რათა მათ საცხოვრებელ ადგილად მამის სახლი დადგენილიყო. 2003 წლის 28 აგვისტოს იმავე სააგენტომ კაუნასის რაიონულ სასამართლოს ბავშვების აზრის გათვალისწინება შესთავაზა.
10. 2003 წლის 29 სექტემბრის დადგენილებით, კაუნასის რაიონულმა სასამართლომ დაადგინა, რომ საქმის წარმოების განმავლობაში ა.გ-ს უნდა ეცხოვრა განმცხადებელთან, ხოლო ი.გ. დარჩენილიყო მამასთან.
11. 2003 წლის 1 ოქტომბერს განმცხადებელი და ა.გ. გადავიდნენ ვილნიუსში და დასახლდნენ ბინაში, რომელიც იმავე შენობაში მდებარეობდა, რომელშიც ოიასის სათაო ოფისი. განმცხადებელს უფლება მიეცა უფასოდ ესარგებლა ბინით. ი.გ. ცხოვრობდა მამასთან.
12. 2003 წლის 3 ოქტომბერს ვილნიუსის ბავშვთა უფლებების დაცვის სააგენტოს თანამშრომლებმა მოინახულეს განმცხადებლის საცხოვრებელი ადგილი. მათ აღნიშნეს, რომ განმცხადებლის განმარტებით, სარგებლობაში ჰქონდა ორი ოთახი, რომელთაგან ერთი ა.გ-სთვის იყო გამოყოფილი. განმცხადებლის არყოფნისას მას უვლიდა ძიძა. საცხოვრებელი პირობები ბავშვისთვის შესაბამისი ჩანდა. ინტერვიუს განმავლობაში ა.გ-მ განმარტა, რომ მას მამასთან დარჩენა სურდა, რომელიც უკეთ უვლიდა და არ ტოვებდა მარტო. ასევე განმარტა, რომ დედა ხშირად, დღის განმავლობაში სახლში მარტო ტოვებდა და ეშინოდა. შესაბამისად, სააგენტომ გასცა რეკომენდაცია, რომ ა.გ-ს საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრულიყო მამის საცხოვრებელი.
13. 2003 წლის 9 დეკემბერს ვილნიუსის ბავშვთა უფლებების დაცვის სააგენტოს თანამშრომლებმა მოინახულეს განმცხადებლის საცხოვრებელი ადგილი ვილნიუსში და დაასკვნეს, რომ იგი არ იყო უსაფრთხო ა.გ-ს საცხოვრებლად და განმცხადებელი სათანადო არ ზრუნავდა ა.გ-ს აღზრდასა და განათლებაზე. მათ აღნიშნეს, რომ განმცხადებლის საცხოვრებელი სივრცე შედგებოდა ერთი ოთახისა და სამზარეულოსგან, რომელიც საერთო იყო სახლის სხვა მაცხოვრებელთათვის. ა.გ. დედასთან ერთად ამ ოთახში ცხოვრობდა და ორივეს ერთ საწოლში ეძინათ. სხვა ოთახით, რომელიც განმცხადებლის საცხოვრებელი სივრცის ნაწილი უნდა ყოფილიყო, სხვა პირებიც სარგებლობდნენ. ა.გ-სთან ინტერვიუს დროს, ორი თინეიჯერი ბიჭი ნებართვის გარეშე შემოვიდა ოთახში. ა.გ-ს თანახმად დედამისი არ ზრუნავდა მასზე; მას არ ჰყავდა მეგობრები და დღის განმავლობაში მარტო რჩებოდა. გოგონას თავად უწევდა საჭმლის მომზადება; არ ჰქონდა ეზოსა და მის გვერდზე მდებარე შენობაში გასვლის უფლება, სადაც დედამისი მედიტირებდა. ძიძა ა.გ-ს მოსავლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში მოდიოდა, თუ განმცხადებელს რამდენიმე დღით უწევდა ბავშვის დატოვება. ა.გ.-მ გამოთქვა სურვილი ეცხოვრა კაუნასში, მამასა და დასთან, ი.გ-სთან ერთად. სააგენტოს მუშაკებმა ასევე გამოკითხეს ა.გ-ს საბავშვო ბაღის მასწავლებლები. მათ აღნიშნეს,რომ ა.გ ხშირად მოწყენილი იყო, რადგან ვერ ნახულობდა დასა და მამას. ა.გ. ბაღიდან 15 წლის გოგონას გამოჰყავდა ხოლმე, თუმცა ხშირად იგი სახლში თავად ბრუნდებოდა. სააგენტოს მუშაკებმა ურჩიეს განმცხადებელს სხვა ადგილი მოენახა საცხოვრებლად, სადაც ა.გ. თავს უფრო უსაფრთხოდ იგრძნობდა. მაგრამ განმცხადებელმა უარი განაცხადა, რადგან არსებული ბინისთვის მას იჯარის გადახდა არ უწევდა და ახლოს იყო მის მედიტაციის ცენტრთან.
14. 2004 წლის 26 მარტს ქალაქ ვილნიუსის ბავშვთა უფლებების დაცვის სააგენტოს თანამშრომლებმა კვლავ გამოკითხეს ა.გ., რომელმაც განმეორებით გამოთქვა მამასთან ცხოვრების სურვილი. სააგენტომ ასევე აღნიშნა, რომ ა.გ-მ იგივე განუცხადა პირველი ინსტანციის სასამართლოსა და ფსიქოლოგებს.
15. 2004 წლის 25 ივნისიდან 2 ივლისამდე პერიოდში, ა.გ. ფსიქოლოგმა შეამოწმა. მან კვლავ გამოთქვა მამასა და უფროს დასთან ცხოვრების სურვილი.
16. 2004 წლის 13 აპრილს კაუნასის რაიონულმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი და დაადგინა, რომ ი.გ-ს უნდა ეცხოვრა განმცხადებლის ყოფილ ქმართან და ა.გ-ს უნდა ეცხოვრა განმცხადებელთან. სასამართლომ აღნიშნა, რომ მშობლები განათლებული ადამიანები იყვნენ, რომელთაც საკმარისი შემოსავალი გააჩნდათ მათი ქალიშვილების უზრუნველსაყოფად. საქმის წარმოებისას, სასამართლომ, ისევე როგორც ფსიქოლოგმა ორივე გოგონას მოუსმინა. ორივემ გამოთქვა მამასთან დარჩენის სურვილი. თუმცა სასამართლო დაეთანხმა ერთ-ერთ ექსპერტს, რომ ა.გ. (იმ დროისთვის 8 წლის) არ იყო საკმარისად მოზრდილი, რომ მიეღო გონივრული გადაწყვეტილება, თუ რომელ მშობელთან უნდოდა ცხოვრება. განმცხადებლის მედიტაციის ცენტრთან კავშირთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა:
„იუსტიციის სამინისტრომ უარი განაცხადა ოიასის რელიგიურ გაერთიანებად რეგისტრაციაზე და შესთავაზა არასამთავრობო ორგანიზაციის სახით რეგისტრაცია. საქმეში არ არსებობს მინიშნება, რომ მედიტაციის ცენტრს უარყოფითი ზეგავლენა აქვს ბავშვებზე ან იგი მიუღებელი მოსაზრებების პროპაგანდას ეწევა. ასევე არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ [განმცხადებლის] ბავშვები ჩართულნი იყვნენ ცენტრის საქმიანობაში.
სასამართლო ადგენს, რომ [განმცხადებლის] აქტიური მონაწილეობა მედიტაციის ცენტრის საქმიანობებში არ ახდენს მის ბავშვებზე უარყოფით ზეგავლენას. კონსტიტუციის 26.2 მუხლის თანახმად, ნებისმიერი ადამიანი თავისუფალია აირჩიოს რელიგია თუ რწმენა... იქადაგოს და მისდიოს მის რელიგიას და აღასრულოს რელიგიური რიტუალები.“
17. 2004 წლის 16 ივლისს კაუნასის რეგიონალურმა სასამართლომ გადაწყვეტილება შეცვალა და დაადგინა, რომ ორივე ქალიშვილს მამასთან უნდა ეცხოვრა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ სათანადო ყურადღება არ მიაქცია ა.გ-ს სურვილს ეცხოვრა მამასთან. სააპელაციო სასამართლოს თანახმად, აღნიშნული შეუსაბამობაში იყო ბავშვთა უფლებების შესახებ გაერთიანებული ერების კონვენციის მე-12 მუხლსა და ეროვნული კანონმდებლობის შესაბამის დებულებებთან, რომელიც სასამართლოს ავალდებულებდა მიუხედავად ბავშვის ასაკისა მხედველობაში მიეღო მისი სურვილები. სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა 2003 წლის 9 დეკემბრის ექსპერტის დასკვნა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ გარემო რომელშიც განმცხადებელი ცხოვრობდა არ იყო უსაფრთხო, ხოლო განმცხადებლის მეუღლეს შეეძლო ა.გ-ს კარგი საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა. ასევე, გათვალისწინებულ იქნა კაუნასის რაიონის ბავშვთა უფლებების დაცვის სააგენტოს რეკომენდაცია, რომ ორივე ქალიშვილის საცხოვრებელ ადგილად დადგენილიყო მამის საცხოვრებელი. სასამართლომ ასევე მიუთითა გოგონას სურვილზე, დარჩენილიყო და ახლოს ყოფილიყო კაუნასში მცხოვრებ ოჯახის სხვა წევრებთან (ბებიასა და ბაბუასთან) და მეგობრებთან. აღნიშნული იყო არასათანადო მოვლის კონკრეტული შემთხვევები, კერძოდ, განმცხადებელმა ერთ შემთხვევაში ვერ მოახერხა ა.გ-სთვის სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა და მეორე შეთხვევაში მისი სკოლაში წაყვანა. საბოლოოდ, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს არ შეუფასებია იუსტიციის სამინისტროში წარდგენილი მასალა, სადაც ოშოს მოძრაობა დახასიათებულია, როგორც სადავო. პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე მნიშვნელობა არ მიანიჭა იმ ფაქტს, რომ მოძრაობამ ვერ შეძლო რელიგიურ გაერთიანებად რეგისტრაცია.
18. განმცხადებელმა წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად დავობდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იყო დისკრიმინაციული და ადგილი ჰქონდა მისი ოჯახური ცხოვრების უპატივცემულობას. მან მოითხოვა მისი უმცროსი ქალიშვილის - ა.გ-ს მასთან ერთად ცხოვრება.
19. 2004 წლის 1 დეკემბერს, უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა განმცხადებლის საკასაციო საჩივარი. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორივე მშობლის უფლებები თანაბარია მათი ბავშვების განათლების მხრივ, მიუხედავად მათი რწმენის, აღმსარებლობისა თუ შეხედულებებისა. მეურვეობის დავის გადაწყვეტაში აუცილებელი იყო ბავშვების საუკეთესო ინტერესის გათვალისწინება და ამ კონტექსტში მათი სურვილების გათვალისწინება მიუხედავად ასაკისა. მსგავსი სურვილების მნიშვნელობის შეფასებისას, უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იქნებოდა ბავშვის უნარი - ჩამოაყალიბოს, გამოხატოს და დაასაბუთოს მისი მოსაზრებები.
20. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ საქმის წარმოების განმავლობაში ა.გ-მ დეტალურად ახსნა, რატომ ერჩივნა მამასთან დარჩენა, როგორც სასამართლოს წინაშე, ასევე ექსპერტებთან ინტერვიუების განმავლობაში. კერძოდ, მან ხაზი გაუსვა, რომ დედამისი სათანადოდ არ ზრუნავდა მასზე, ხშირად ტოვებდა მარტო და არ უზრუნველყოფდა საჭმლით. გოგონამ ასევე გამოხატა, რომ მას ერჩივნა კაუნასში მის დასთან ერთად და სხვა ახლო ნათესავებსა და მეგობრებთან ახლოს ცხოვრება. ასევე აღნიშნა, რომ მამა მეტ დროს ატარებდა მასთან და უკეთესად უვლიდა. უზენაესმა სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ექსპერტების თანახმად, განმცხადებლის საცხოვრებელი პირობები არ იყო უსაფრთხო ბავშვებისათვის.
21. უზენაესმა სასამართლომ დამატებით შეაფასა ორივე მშობლის მიერ შეთავაზებული ცხოვრების მატერიალური პირობები. დადგინდა, რომ განმცხადებლის ქმარს შეეძლო ცალკე ოთახი გამოეყო მისი ქალიშვილებისათვის კაუნასის ახლოს სოფლად მდებარე კერძო სახლში.
22. უზენაესმა სასამართლომ ასევე ხაზი გაუსვა დების ერთად აღზრდის მნიშვნელობას და მიუთითა მათ შორის არსებულ მჭიდრო კავშირზე.
23. განმცხადებლის მიერ დისკრიმინაციის ბრალდებები არ დაკმაყოფილდა დასაბუთების ნაკლებობის გამო. ამ მხრივ, უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა:
„დასაბუთებას მოკლებულია განმცხადებლის საკასაციო საჩივარში წარმოდგენილი განცხადება, მასზედ რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია კონვენციის მე-14 მუხლით, ისევე როგორც [ლიტვის კანონმდებლობით] გათვალისწინებული დისკრიმინაციისგან დაცვის პრინციპი, ოიას მედიტაციის ცენტრის შესახებ მტკიცებულებების არასწორად შეფასებით და იმის გათვალისწინებით, რომ განმცხადებელი მიეკუთვნებოდა ხსენებულს. ორი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას, სააპელაციო სასამართლომ პრიორიტეტი მიანიჭა ბავშვების ინტერესებს, გაითვალისწინა მათი სურვილები, თითოეული მშობლის უნარი და ძალისხმევა ბავშვთა ძირითადი უფლებების უზრუნველყოფისათვის და თითოეული მშობლის საცხოვრებელი პირობები, ანუ სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ პირობები, რომლებშიც ბავშვებს მოუწევდათ ცხოვრება მათი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შემდეგ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიცავდა რაიმე მინიშნებას, რომ დავის გადაწყვეტაზე გავლენა იქონია განმცხადებლის ოშოს/ოიასის წევრობის ფაქტმა... სააპელაციო სასამართლომ მხოლოდ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ შეაფასა მედიტაციის ცენტრთან დაკავშირებული ყველა მტკიცებულება. თუმცა, ეს არ გულისხმობს იმას, რომ სააპელაციო სასამართლომ განმცხადებლის ცენტრში წევრობა მნიშვნელოვნად მიიჩნია დავის გადაწყვეტისას. ასეთ შემთხვევაში ეს მოითხოვდა შეფასებას, ჰქონდა თუ არა ადგილი რელიგიის საფუძველზე დისკრიმინაციის აკრძალვას. მის გადაწყვეტილებებში საქმეებზე ჰოფმანი ავსტრიის წინააღმდეგ და პალაუ-მარტინეზი საფრანგეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ კონვენციის მე-14 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული რელიგიის საფუძველზე დისკრიმინაციის აკრძალვა არ იქნა დაცული საქმეებზე, სადაც სასამართლოებმა გადამწყვეტი მნიშვნელობა მიანიჭეს განმცხადებლის რელიგიურ კუთვნილებას. თუმცა მეურვეობის დავის გადაწყვეტისას, სააპელაციო სასამართლომ არ მიანიჭა არსებითი მნიშვნელობა იმ ფაქტს, რომ განმცხადებელი ოშოს/ოიასის წევრი იყო.“
24. წინამდებარე საქმესთან კავშირის არმქონე სამართალწარმოებისას, ოიასის მედიტაციის ცენტრმა მოითხოვა სასამართლოს ბრძანება, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ავალდებულებდა დაერეგისტრირებინა რელიგიური გაერთიანების სახით. სარჩელი დაკმაყოფილდა 2005 წლის 4 თებერვალს ადმინისტრაციულ საქმეთა უზენაესი სასამართლოს მიერ. სასამართლომ ვერ აღმოაჩინა რაიმე მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა, რომ ოიასი ახდენდა მის წევრებში სადავო პრაქტიკის პროპაგანდას. ოიასი რელიგიურ გაერთიანებად 2005 წლის 12 აპრილს დარეგისტრირდა.
სამართალი
I. კონვენციის მე-8 მუხლის სავარაუდო დარღვევა მე-14 მუხლთან ერთობლიობაში
30. განმცხადებელი უკმაყოფილო იყო ადგილობრივი სასამართლოების გადაწყვეტილებებით, რომელთა თანახმად, მისი ორი ქალიშვილის საცხოვრებელ ადგილად მამის სახლი იქნა დადგენილი. იგი ჩიოდა, რომ ხსენებული გადაწყვეტილებები კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას წარმოადგენდა მე-14 მუხლთან ერთობლიობაში, რაც ითვალისწინებს შემდეგს:
მე-8 მუხლი
„1. ყველას აქვს უფლება, რომ დაცული იყოს მისი პირადი და ოჯახური ცხოვრება...
2. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში... ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.“
მე-14 მუხლი
„ამ კონვენციით გაცხადებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე განურჩევლად... რელიგიის... თუ სხვა ნიშნისა.
(ა) რამდენად ექცევა საქმეში არსებული ფაქტები კონვენციის მე-8 მუხლის მოქმედების სფეროში
35. უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ საქმეში, ორი ქალიშვილი დედასთან დაბადებიდან ცხოვრობდა, სანამ მამას 2003 წლის 29 სექტემბერს ი.გ-ზე დროებითი მეურვეობა მიენიჭებოდა. ასეთ გარემოებებში, სასამართლო მიიჩნევს, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება ორივე გოგონას მუდმივად მასთან ცხოვრების შესახებ მოიცავს განმცხადებლის ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებაში ჩარევას და ვერ განიხილება, როგორც მხოლოდ ნებისმიერი განქორწინებისას აუცილებელი სამართლებრივი ჩარევა. შესაბამისად, საქმე ექცევა კონვენციის მე-8 მუხლის მოქმედების სფეროში (იხ. ჰოფმანი ავსტრიის წინააღმდეგ, § 29 და პალაუ-მარტინეზი საფრანგეთის წინააღმდეგ, N 64927/01, § 30, ECHR 2003‑XII).
(ბ) იყვნენ თუ არა განმცხადებელი და მისი ყოფილი ქმარი ანალოგიურ ან არსებითად შედარებად სიტუაციაში, თუმცა განსხვავებულად მოპყრობილნი
36. დამატებით სასამართლო შეგვახსენებს, რომ კონვენციის მე-14 მუხლი მოქმედებაში მოდის მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ განმცხადებელი აჩვენებს, რომ მას მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირისგან განსხვავებულად მოეპყრნენ კონვენციით გარანტირებულ მატერიალურ უფლებასთან მიმართებით, ყოველგვარი ობიექტური ან გონივრული დასაბუთების გარეშე (იხ. ისმაილოვა რუსეთის წინააღმდეგ, N37614/02, § 49, 2007 წლის 29 ნოემბერი).
37. სასამართლოს დანიშნულება არ არის ლიტვის კომპეტენტური ხელისუფლების ჩანაცვლება და ლიტვაში მეურვეობისა და წვდომის საკითხების რეგულირება, არამედ ხსენებული ხელისუფლების მიერ შეფასების თავისუფლების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების კონვენციის ჭრილში მიმოხილვა. სასამართლოსთვის მნიშვნელოვანია თუ რამდენად რელევანტური და საკმარისი იყო განმცხადებლის კონვენციის მე-8 მუხლით დაცული ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებით სარგებლობასთან დაკავშირებული მიღებული ზომების გამამართლებელი მიზეზები (იხ. ჰოკანენი ფინეთის წინააღმდეგ, 1994 წლის 23 სექტემბერი, § 55, სერია A, N299‑A; კუცნერი გერმანიის წინააღმდეგ, N46544/99, § 65, ECHR 2002‑I).
38. რაც შეეხება მოცემული საქმის ფაქტებს, სასამართლო აღნიშნავს, რომ ი.გ-სა და ა.გ-ს საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას, ლიტვის სასამართლოებმა განახორციელეს ბავშვების საუკეთესო ინტერესების სიღრმისეული ანალიზი. სასამართლოზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა უზენაესი სასამართლოს ყურადღებამ ბავშვების აზრთან დაკავშირებით (მე-19, მე-20, 22-ე პუნქტები), რომლებმაც სამართალწარმოების ყველა ეტაპზე გამოხატეს მამასთან ცხოვრების ძლიერი სურვილი. ა.გ. ირწმუნებოდა კიდეც, რომ განმცხადებელი მასზე სათანადოდ არ ზრუნავდა. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბავშვთა დაცვის ექსპერტებმა განმცხადებლის მიერ მისი ქალიშვილისთვის შეთავაზებული საცხოვრებელი პირობები შეაფასეს არა უსაფრთხოდ, პირადი სივრცის ნაკლებობის და იმ ფაქტის გამო, რომ ა.გ-ს ხშირად მარტოდ ტოვებდნენ, ამიტომ მას ეშინოდა, რომ დედა მასზე სათანადოდ არ იზრუნებდა (12-13-ე პუნქტები). მამას, შეეძლო უფრო შესაფერი საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა. საბოლოოდ, სასამართლო ითვალისწინებს წინამდებარე საქმეზე დების ერთად ცხოვრების სტრატეგიას, განსაკუთრებით მათი მჭიდრო ემოციური კავშირის მხედველობაში მიღებით.
39. სასამართლოს აზრით, ლიტვის სასამართლოების ამგვარი დასაბუთება აჩვენებს, რომ უპირველეს ყოვლისა ბავშვების ინტერესები იქნა გათვალისწინებული. იგი ასკვნის, რომ ხსენებული მსჯელობა რელევანტური და შესაფერისი იყო და არ შელახულა თვითნებური გადაწყვეტილებების რაიმე ელემენტით.
40. სასამართლო უბრუნდება განმცხადებლის საჩივარს, მასზედ რომ ლიტვის სასამართლოებმა მოახდინეს მისი დისკრიმინაცია რელიგიური რწმენის საფუძველზე. თუმცა ლიტვის სასამართლოების გადაწყვეტილებების დეტალური შესწავლის შედეგად, სასამართლომ დაადგინა, პალაუ-მარტინეზის გადაწყვეტილებისგან განსხვავებით, არ შეიძლება ითქვას, რომ ადგილობრივმა სასამართლოებმა წინამდებარე საქმე განმცხადებლის რელიგიური კუთვნილების საფუძველზე გადაწყვიტეს. სასამართლოს გადაწყვეტილებებიდან ჩანს, რომ მათი ძირითადი საზრუნავი ბავშვების საუკეთესო ინტერესის დაცვა იყო, განსაკუთრებით გათვალისწინებულ იქნა 38-ე პუნქტში ჩამოთვლილი ფაქტორები. სიმართლეა, რომ გადაწყვეტილების რამდენიმე პუნქტში ადგილობრივი სასამართლოები შეეხნენ განმცხადებლის რელიგიურ კუთვნილებას. თუმცა, ტექსტი ცალკეული მითითება იყო და არ უკავშირდებოდა განმცხადებლის ბავშვების აღზრდის უნარს.
41. უფრო მეტიც, უზენაესმა სასამართლომ აშკარად გამოარჩია წინამდებარე საქმე სასამართლოს წარსული გადაწყვეტილებებისგან ჰოფმანისა და პალაუ-მარტინეზის შემთხვევაში (ციტირებულია ზემოთ), სადაც დადგენილ იქნა მე-8 მუხლის დარღვევა მე-14 მუხლთან ერთობლიობაში, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ცხოვრების უფლებები განსაზღვრულ იქნა განმცხადებელთა რელიგიური რწმენის საფუძველზე. სასამართლო იზიარებს უზენაესი სასამართლო მოსაზრებას წინამდებარე საქმეზე და აღნიშნავს, თუ რამდენად შეიძლებოდა განმცხადებლის ქალიშვილებს მასთან ეცხოვრათ, არ შეფასებულა აბსტრაქტულად (იხ. უკუ იმპლიკაციით, პალაუ-მარტინეზი, §§42-43). ჰოფმანის გადაწყვეტილებისგან განსხვავებით (§ 32), ადგილობრივმა სასამართლოებმა არ მიანიჭეს განსაკუთრებული მნიშვნელობა განმცხადებლის რელიგიურ მრწამსს და არ წარმოადგინეს იგი მის წინააღმდეგ. ჯამში, მოცემულ საქმეში ლიტვის სასამართლოების მსჯელობასთან დაკავშირებით არაფერი მიგვანიშნებს იმაზე, რომ იგი შეიძლება განსხვავებულად გადაწყვეტილიყო, რომ არა განმცხადებლის რელიგია.
42. მოცემულ გარემოებებში, სასამართლოს არ შეუძლია არ მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ არსებობდა თანაზომიერების გონივრული ურთიერთკავშირი გამოყენებულ საშუალებებსა და ლეგიტიმურ მიზანს შორის (იხ. ჰოფმანი, § 36, და პალაუ-მარტინეზი, §§ 42-43).
43.ზემოხსენებული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო ადგენს, რომ განსხვავებულ მოპყრობას მშობლებს შორის ობიექტური და გონივრული დასაბუთება გააჩნია. შესაბამისად, ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას მე-14 მუხლთან ერთობლიობაში.
Full & Egal Universal Law Academy