Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
მეხუთე სექცია
გოგუაძე საქართველოს წინააღმდეგ
(Goguadze v. Georgia)
(საჩივარი N 40009/12)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
2019 წლის 27 ივნისი
ეს გადაწყვეტილება საბოლოოა,
თუმცა ის შეიძლება დაექვემდებაროს რედაქციულ შესწორებას.
პროცედურა
საქმის საფუძველი იყო საქართველოს მოქალაქის, ბ-ნი ნიკოლოზ გოგუაძის (,,მომჩივანი’’) მიერ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის (,,კონვენცია’’) 34-ე მუხლის შესაბამისად, 2012 წლის 21 ივნისს, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილი საჩივარი (N 40009/12).
მომჩივანს წარმოადგენდნენ ქ-ნი ნ. ჯომარჯიძე და ქ-ნი ქ. შუბაშვილი, თბილისში მომუშავე იურისტები. საქართველოს მთავრობას (შემდგომში - „მთავრობა“) წარმოადგენდა მათი აგენტი, ბ-ნი ბ. ძამაშვილი იუსტიციის სამინისტროდან.
2015 წლის 16 ოქტომბერს მთავრობას გადაეცა საჩივრები, რომლებიც ეხებოდა მომჩივნის თავდაპირველი დაკავების უკანონობას, მის მიმართ სავარაუდოდ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობას და შემდგომი გამოძიების არაეფექტიანობას, ხოლო საჩივრის დარჩენილი ნაწილი დაუშვებლად იქნა ცნობილი სასამართლოს რეგლამენტის 54-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად.
2016 წლის 15 სექტემბერს მტავრობამ წარადგინა ცალმხრივი აღიარება კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურულ ნაწილთან დაკავშირებით.
2018 წლის 3 აპრილს სასამართლომ უარყო მთავრობის ცალმხრივი დეკლარაცია.
ფაქტები
მომჩივანი დაიბადა 1980 წელს და ცხოვრობს თბილისში.
ზოგადი ინფორმაცია
მომჩივანი 2011 წლის მაისში, თბილისში, დაარსებული ,,ეროვნულ-რელიგიური მოძრაობის’’ წევრი და ერთ-ერთი ლიდერი იყო. 2011 წლის 26 მაისს პოლიციის ოფიცერმა შეადგინა ოქმი, რომელშიც აცხადებდა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად ოცდაოთხი პირი, მათ შორის მომჩივანი, გეგმავდა საქართველოს მთავრობის დამხობას. ოქმის მიხედვით, აღნიშნული პირები იმყოფებოდნენ ყინწვისის მონასტერში.
2011 წლის 30 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსდა პრეს-რელიზი, რომლის თანახმად 2011 წლის 26 მაისს ყინწვისში დააკავეს ოცხაოთხი პირისგან შემდგარი შეიარაღებული დაჯგუფება.
მომჩივნის დაკავება და სავარაუდო არასათანადო მოპყრობა
მომჩივნის ჩხრეკისა და დაკავების ოქმის მიხედვით, რომელზეც მომჩივანს სათანადოდ ჰქონდა ხელი მოწერილი, ის დააკავეს 2011 წლის 27 მაისს დილით 6:12 საათზე თბილისში, სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის (შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად) 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ეჭვის საფუძველზე. ოქმში აღნიშნული იყო, რომ მომჩივანს სახესა და სხეულზე ჰქონდა რამდენიმე ჭრილობა და ჩალურჯება. იმავე დღეს მომჩივანი გადაიყვანეს წინასწარი დაკავების ცენტრში, სადაც მას ჩაუტარდა ვიზუალური დათვალიერება. დათვალიერების შემდგომ გაკეთებული დასკვნა ადასტურებდა, რომ მომჩივანს მარცხენა თვალი ჩალურჯებული ჰქონდა, ჩალურჯებები შეინიშნებოდა აგრეთვე ცხვირისა და კუდუსუნის არეში.
2011 წლის 28 მაისის განჩინებით, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლემ მომჩივანს ორმოცდათხუთმეტ დღიანი პატიმრობა შეუფარდა. მომჩივანმა სხდომაზე გაასაჩივრა დაკავების ოქმი და განაცხადა, რომ ის დაკავებულ იქნა არა 27 მაისს თბილისში, არამედ 26 მაისს ყინწვისში. თუმცა, მისი განცხადებები არ იქნა გათვალისწინებული. დაკავების ოფიციალურ ოქმზე დაყრდნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავების უკანონობასთან დაკავშირებული მომჩივნის განცხადებები უსაფუძვლოდ მიიჩნია.
მომჩივანმა გაასაჩივრა აღნიშნული განჩინება. ის აცხადებდა, რომ ყინწვისში დაკავების შემდგომ, ის გადაყვანილ იქნა ქარელის პოლიციის განყოფილებაში, სადაც ცემეს. შემდგომ ის გადაიყვანეს თბილისში, სადაც კვლავ ფიზიკურად გაუსწორდნენ და აღნიშნული შემთხვევიდან დაახლოებით ექვსი საათის მერე დაკითხეს. მომჩივანი აცხადებდა, რომ მისი რეალურად დაკავების დრო განსხვავდებოდა ოფიციალურ დოკუმენტში არსებული ჩანაწერისგან. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 196-ე მუხლით გათვალისწინებული 48 საათიანი ვადა დარღვეული იქნა, რაც მის პატიმრობას უსაფუძვლოს ხდიდა. 2011 წლის 6 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ მომჩივნის საჩივარი დაუშვებლად მიიჩნია. ეს გადაწყვეტილება მომჩივანს ჩაბარდა 2011 წლის 9 ივნისს.
2011 წლის 1 ივნისს მომჩივნის ადვოკატმა მოითხოვა საკუთარი ხარჯებით ექსპერტიზის ჩატარება. 2011 წლის 22 ივნისს მომჩივანი შეამოწმა ხუთმა ექიმმა, რომლებმაც დაასკვნეს, რომ ნევროლოგიური და ტრავმატოლოგიური თვალსაზრისით მომჩივნის მდგომარეობა არ იყო სერიოზული. ისინი აცხადებდნენ, რომ ჩალურჯებები და ჭრილობები, რაც მას ვიზუალური დათვალიერების ოქმის თანახმად 2011 წლის 27 მაისს აღენიშნებოდა, აღარ იყო ხილული.
2011 წლის 15 ივლისს, მომჩივანს დამატებით ბრალი დაედო უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენასა და ტარებაში, 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში.
მომჩივნის საქმის სასამართლო განხილვა
2011 წლის 21 ივლისს დაიწო სასამართლოში მომჩივნის საქმის განხილვა. მომჩივანი იმეორებდა, რომ ის დაკავებულ იქნა არა 27 მაისს თბილისში, არამედ 26 მაისს ყინწვისში. ის ასევე ასაჩივრებდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, რომელსაც დაექვემდებარა ყინწვისში, შემდგომ ქარელისა და საბოლოოდ თბილისის პოლიციის განყოფილებაში. კერძოდ, მომჩივანი დავობდა, რომ ყინწვისში მას სახეში მუშტი დაარტყა სპეციალური ოპერაციების ძალების თანამშრომელმა, შემდეგ იმავე და რამდენიმე სხვა ოფიცერმა სასტიკად ცემა ქარელის პოლიციის განყოფილებაში. აღიარების მოპოვების მიზნით, თბილისში ის კვლავ დაექვემდებარა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას.
2011 წლის 12 აგვისტოს მომჩივანი დამნაშავედ იქნა ცნობილი წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახით თორმეტი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. მოსამართლე დაეყრდნო მომჩივნის ჩხრეკისა და დაკავების ოფიციალურ ოქმს და არ გაითვალისწინა მისი განცხადება, რომ ის ყინწვისში იქნა დაკავებული. სასამართლომ არ განიხილა მომჩივნის ბრალდებები არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით.
მომჩივანმა აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა. 2011 წლის 22 ნოემბერს მისი მსჯავრდება ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ. უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით მომჩივნის საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი. მომჩივანი ციხიდან გათავისუფლდა 2013 წლის 13 იანვარს 2012 წლის 28 დეკემბერს მიღებული ამნიტიის შესახებ კანონის საფუძველზე.
მომჩივნის არასათანადო მოპყრობის გამოძიება
2011 წლის 28 მაისს მომჩივანი თბილისის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. მას ჩაუტარდა ვიზუალური დათვალიერება, რის შედეგადაც დადასტურდა მის სხეულზე მრავლობითი დალურჯების არსებობა. ციხის ადმინისტრაციამ აღნიშნული დასკვნის ასლი პროკურატურას გადაუგზავნა და მოითხოვა საქმის წარმოების დაწყება. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. მომჩივანი რამდენჯერმა დაიკითხა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.
2012 წლის განმავლობაში საქართველოს სახალხო დამცველის ოფისმა, მომჩივნის თხოვნის საფუძველზე, საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაუგზავნა სამი მოთხოვნა, რათა მათთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია მომჩივნის არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების თაობაზე. სამივე წერილი უპასუხოდ დარჩა. 2013 წლის 1-ელ თებერვალს კიდევ ერთი მოთხოვნა გადაეგზავნათ, რომელიც ასევე უპასუხოდ დატოვეს. 2013 წლის 7 თებერვალს მომჩივანმა საჩივარი წარადგინა საქართველოს მთავარ პროკურატურაში, სადაც გააკრიტიკა ის ფაქტი, რომ გამოძიებაში წინსვლა არ იყო. მან აგრეთვე საჩივრით მიმართა იუსტიციის მინისტრს, მთავარი პროკურატურის ოფისს და საქმის გამომძიებელს. 2013 წლის 25 თებერვალს მომჩივანი კიდევ ერთხელ დაიკითხა. ამჯერად მომჩივანმა არასათანადო მოპყრობის დეტალურ ახსნა-განმარტებასთან ერთად, გამომძიებელს წარუდგინა რამდენიმე ფოტო-სურათი და ვიდეო მასალა, რომელშიც გამოსახული იყო არასათანადო მოპყრობაში მონაწილე ერთ-ერთი ოფიცერი.
ამავდროულად, 2013 წლის იანვრისა და აპრილის პერიოდში გამომძიებელმა დაკითხა შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა თანამშრომელი, მათ შორის ქარელის პოლიციის განყოფილების თანამშრომლები. ისინი უარყოფდნენ მომჩივნის ან სხვა დაკავებულის მიმართ არასათანადო მოპყრობის განხორციელებას. გამომძიებელმა აგრეთვე გამოკითხა ადგილობრივი სასწრაფოს თანამშრომლები. ისინი ადასტურებდნენ, რომ ქარელის პოლიციის განყოფილებაში ერთ-ერთი დაკავებულისათვის 2011 წლის 26 მაისს სასწრაფო იქნა გამოძახებული. მისი შემოწმებისას, კი ზურგის ნაწილში რამდენიმე ჰემორაგიული კერა შენიშნეს. მათ ასევე ნახეს ოციდან ოცდახუთამდე დაკავებული, თუმცა ისინი არ შესწრებიან ძალადობის ფაქტს. იმავე პერიოდში გამოძიებამ დაკითხა ჯგუფის დანარჩენი ოცდასამი წევრი. ისინი ერთხმად აცხადებდნენ, რომ სპეციალური ოპერაციის ძალების თანამშრომლებმა დაკავების დღეს მათ მიმართ განახორციელეს არასათანადო მოპყრობა.
2017 წლის ივნისში გამომძიებელმა დაკითხა ქარელის პოლიციის ორი ყოფილი მაღალჩინოსანი. მან ასევე მოიპოვა ყინწვისის ოპერაციის ვიდეო ჩანაწერი. 2017 წლის 19 ივლისს დანაშაული გადაკვალიფიცირდა სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით. პროკურორმა დაასკვნა, რომ არსებობდა საკმარისი სამედიცინო მტკიცებულება, რომელიც ადასტურებდა 2011 წლის 26 მაისს მომჩივნისა და სხვა დაკავებულებისთვის მიყენებულ სხვადასხვა დაზიანებას. 2018 წლის მაისში კიდევ ერთხელ დაიკითხნენ ჯგუფის სხვა წევრები, რომლებმა წარმოადგინეს დეტალური ახსნა-განმარტება და დამატებით აღწერეს არასათანადო მოპყრობის განმახორციელებელი პოლიციის თანამშრომლები. ისინი აცხადებდნენ, რომ სპეციალური ოპერაციების ძალის თანამშრომლები მეგრულად საუბრობდნენ.
2018 წლის 25 ივლისს მომჩივანმა კიდევ ერთი წერილი წარადგინდა მთავარი პროკურატურის ოფისში. ის დავობდა, რომ მიუხედავად მისი განცხადებისა, რომ შეძლებდა პოლიციის ოფიცრების იდენტიფიცირებას, უკვე შვიდ წელზე მეტია არ ჩატარებულა საიდენტიფიკაციო პროცედურა. მან ასევე მოითხოვა მისთვის მიენიჭებინათ დაზარალებულის სტატუსი და დანაშაული გადაეკვალიფიცირებინათ წამების მუხლით. მისი წერილები უპასუხოდ დარჩა.
2018 წლის ივნის-სექტემბერში განხორციელდა დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის დაიკითხა ყინწვისის მონასტრის ბერები.
საქმის მასალების მიხედვით, საქმის წარმოება კვლავ მიმდინარეობს.
სამართალი
კონვენციის მე-3 მუხლის სავარაუდო დარღვევა
მომჩივანი კონვენციის მე-3 მუხლზე დაყრდნობით დავობდა, რომ დაკავების დღეს ის დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას და ამ ფაქტთან დაკავშირებით არ ჩატარებულა ეფექტიანი გამოძიება.
(i) საჩივრის პროცედურული ასპექტი
სასამართლო დასაწყისშივე აღნიშნავს, რომ კონვენციის მე-3 მუხლის საფუძველზე წარდგენილი მომჩივნის საჩივარი სადავო იყო. კონვენციის მე-3 მუხლი ხელისუფლებას ავალდებულებს, ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება. წინამდებარე საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს თითქმის რვა წელია. სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ, წარმოადგინა რა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებულ სხვადასხვა საგამოძიებო ღონისძიებებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია, ვერ უზრუნველყო წარმოედგინა ახსნა-განმარტება უმოქმედობის რამდენიმე პერიოდთან დაკავშირებით. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყო დროულად - სავარაუდო ინციდენტის განხორციელებიდან რამდენიმე დღეში, ერთადერთი საგამოძიებო მოქმედება, რომელიც თავდაპირველი თვრამეტი თვის განმავლობაში განხორციელდა იყო 2011 წლის 2 სექტემბერს მომჩივნის დაკითხვა. საგამოძიებო ხელისუფლებამ არ ჩაუტარა მომჩივანს ექსპერტიზა, მიუხედავად იმ ხილული დაზიანებებისა, რომლებიც მას აღენიშნებოდა. მისი დაპატიმრების დღეს მსგავსი ექსპერტიზის ჩატარება მთავრობას შესაძლებლობას მიცემდა შეესრულებინა მტკიცების ტვირთი და წარმოედგინდა სარწმუნო ახსნა-განმარტება დაზიანებებთან დაკავშირებით. ერთადერთი სამედიცინო შემოწმება რაც იმ დროს მომჩივანს ჩაუტარდა, განხორციელდა სისხლისსამართლებრივი საქმის წარმოების ფარგლებს გარეთ, მომჩივნის ინიციატივითა და ხარჯებით.
შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე საქმეზე გამოძიების საწყისი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ხასიათდებოდა სრული უმოქმედობით. ამასთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის დასკვნას, რომლის თანახმად სამედიცინო შემოწმება, ისევე როგორც ადვოკატის ხელმისაწვდომობის უფლება და დაკავების თაობაზე მესამე პირისთვის ინფორმაციის მიწოდების უფლება, წარმოადგენს არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ დაკავებულ პირთა ფუნდამენტურ გარანტიებს, რომლებიც ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის წუთებიდანვე.
შემდგომ, დაახლოებით თექვსმეტი თვის მერე, 2012 წლის დეკემბერში, გამოძიება განახლდა. პირველ რიგში დაიკითხა მომჩივანი და სხვა მრავალი მოწმე. გამოძიების ეს აქტიური ფაზა დასრულდა 2013 წლის აპრილში და კვლავ შეიცვალა უმოქმედობით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, 2016 წლის მაისამდე. მთავრობას არ წარმოუდგენია რაიმე მიზეზი საქმის წარმოებაში სამწლიან პაუზასთან დაკავშირებით. 2016 წლის მაისში საქმე გადაეცა მთავარი პროკურატურის ოფისს, თუმცა საქმის წარმოება კვლავ ერთი წლით გაჩერდა. 2017 წლის ივნის-სექტემბრის პერიოდში გადაიდგა რამდენიმე საგამოძიებო ნაბიჯი, რომელსაც მოყვა გამოძიების ინტენსიური ფაზა 2018 წლის აპრილ-სექტემბრის პერიოდში. საქმის მასალების მიხედვით, საქმის წარმოება კვლავ მიმდინარეობს და ამ დრომდე არ არის იდენტიფიცირებული ეჭვმიტანილი.
სასამართლომ წინა საქმეებში ყურადღება გაამახვილა, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა არსებობდეს დაბრკოლებები ან სიძნელეები, რომლებიც კონკრეტულ გარემოებაში ხელს უშლის გამოძიების წინსვლას, ხელისუფლების ორგანოების მხრიდან არასათანადო მოპყრობის ბრალდებაზე დროული პასუხი, ზოგადად, შეიძლება მიჩნეულ იქნეს კანონის უზენაესობის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის შენარჩუნების არსებით ნაწილად. მოპასუხე მთავრობის მიერ განხორციელებული თითოეული საგამოძიებო მოქმედებების შინაარსში შესვლის გარეშე, სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: საქმის მასალების თანახმად, დაახლოებით რვა წლის განმავლობაში შესაბამისმა ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო მოეხდინა იდენტიფიცირება, სპეციალური ოპერაციული ძალების რომელმა დანაყოფმა ჩაატარა მომჩივნისა და მისი ჯგუფის დაკავების ოპერაცია. შესაბამისად, არცერთი ოფიცერი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ყინწვისის ოპერაციაში, ამ დრომდე არ დაკითხულა. ეს გარემოება თავისთავად საკმარისია სასამართლოსთვის, რათა ეჭვქვეშ დააყენოს მიმდინარე გამოძიების მიზანი და მიმართულება.
დასკვნის სახით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მთავრობამ ვერ უზრუნველყო სარწმუნო მიზეზების წარმოდგენა, რომლებიც გაამართლებდა სამართალწარმოების ხანგრძლივობას. წინამდებარე საქმეში გაუმართლებელმა გაჭიანურებებმა, რომლებსაც თან ერთვოდა ზემოთ განხილული ხარვეზები, მნიშვნელოვნად დააზიანა გამოძიების ეფექტურობა, რამაც სასამართლო მიიყვანა დასკვნამდე, რომ გამოძიება კონვენციის მე-3 მუხლის მიზნებისთვის არაეფექტური იყო. აღნიშნული მიზეზებიდან გამომდინარე, სასამართლო საჭიროდ არ მიიჩნევს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე საჩივრის წარდგენამდე მომჩივანი უნდა დაელოდოს სისხლის სამართლის საქმის წარმოების დასრულებას, ვინაიდან აღნიშნული საქმის წარმოების შედეგი ნებისმიერ შემთხვევაში ვერ გამოასწორებს საერთო ჯამში არსებულ გაჭიანურებას. შესაბამისად, სასამართლო ადგენს, რომ წინამდებარე საქმეზე დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ასპექტი.
(ii) საჩივრის მატერიალურ-სამართლებრივი ასპექტი
რაც შეეხება მომჩივნის საჩივარს კონვენციის მე-3 მუხლის მატერიალურ-სამართლებრივ ნაწილთან დაკავშირებით, სასამართლო შენიშნავს, რომ არსებობს ობიექტური მტკიცებულება, რომ დაკავების დღეს მომჩივანს აღენიშნებოდა სხვადასხვა სახის დაზიანება სახესა და სხეულზე. მთავრობა სადავოდ არ ხდის მომჩივნის ვიზუალური დათვალიერების შედეგად გაკეთებულ დასკვნებს. უფრო მეტიც, მათ არასდროს უდავიათ, რომ მომჩივანმა აღნიშნული დაზიანებები დაკავებამდე მიიღო ან მან წინააღმდეგობა გაწია დაკავების დროს და შესაბამისად მის მიმართ ძალის გამოყენება გამართლებული იყო. ამის საპირისპიროდ, მთავრობამ წარმოადგინა პროკურატურის გადაწყვეტილების ასლი გამოძიების გადაკვალიფიცირებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად პროკურორმა დაასკვნა, რომ არსებობდა საკმარისი მტკიცებულება, რომელიც ცხადყოფდა, რომ მომჩივანმა ზემოხსენებული დაზიანებები დაკავების ოპერაციის დროს მიიღო. უფრო მეტიც, თავიანთი პოზიციის ნაწილად მთავრობამ სასამართლოს წარუდგინა სხვადასხვა მოწმის ჩვენება, რომლებიც მნიშვნელოვანწილად, ამყარებდა მომჩივნის ვერსიას განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
საქმეში არსებული ფაქტების გათვალისწინებით, სასამართლო განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნევს აღინიშნოს, რომ თავისუფლებააღკვეთილ პირთან მიმართებით ან იმ პირებთან მიმართებით, რომლებიც ზოგადად დაპირისპირებულნი არიან სამართალდამცავ ორგანოებთან, ფიზიკური ძალის ნებისმიერი გამოყენება, რომელიც მკაცრად აუცილებელი არ არის მისი ქცევიდან გამომდინარე, აკნინებს ადამიანის ღირსებას და, პრინციპში, არღვევს კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ უფლებას. ამის გათვალისწინებით, მთავრობის არგუმენტი, რომ არ არსებობს სამედიცინო მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს მომჩივნის დაზიანების მასშტაბსა და სიმძიმეზე, არარელევანტურია. ნებისმიერ შემთხვევაში, მტკიცებულების თვალსაზრისით საქმეში არსებული მდგომარეობა არის ხარვეზიანი გამოძიების შედეგი, რომელზე პასუხისმგებლობაც სრულებით მთავრობას ეკისრება.
შეჯამების სახით, მთავრობამ აღიარა, რომ მომჩივანი 2011 წლის 26-27 მაისს მათი იურისდიქციის ქვეშ იმყოფებოდა და შესაბამისად მან დაზიანებები სწორედ ამ პერიოდის განმავლობაში მიიღო. მათ ვერ შეძლეს წარმოედგინათ სარწმუნო ახსნა-განმარტება მიყენებული დაზიანების წარმომავლობასთან დაკავშირებით. მომჩივნის მიერ არასათანადო მოპყრობის აღწერილობისა და საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, სასამართლო ადგენს, რომ აღნიშნული დაზიანებები არასათანაო მოპყრობის შედეგი იყო, რომელსაც მომჩივანი დაკავების დღეს დაექვემდებარა. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლის მატერიალურ-სამართლებრივი ნაწილიც.
კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის სავარაუდო დარღვევა
მომჩივანი დავობდა, რომ ის de facto დააკავეს 2011 წლის 26 მაისის დილით, ყინწვისში, ხოლო ოფიციალურ დოკუმენტებში მისი დაკავების შესახებ ჩანაწერის მიხედვით ის დაკავებულ იქნა თბილისში, 2011 წლის 27 მაისს, 6:12 წუთზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მთავრობის განცხადებით საჩივარი დაუშვებელი იყო, ვინაიდან მომჩივანს არ ამოუწურავს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი დაცვის საშუალება და ამასთანავე გასულია გასაჩივრების ექვსთვიანი ვადა. მომჩივანი, თავის მხრივ, აცხადებდა, რომ მან ამოწურა ყველა საშუალება. სასამართლომ გადაწყვიტა განესაზღვრა სამართლებრივი დაცვის საშუალება, რომელსაც შესაბამისი პრეცედენტული სამართლის თანახმად შეეძლო ეფექტურად გამოესწორებინა დარღვევით გამოწვეული ზიანი.
მომჩივანი დაკავებულ იქნა მის წინააღმდეგ განხორციელებული სისხლისსამართლებრივი საქმის წარმოების ფარგლებში. მის ხელთ იყო არსებული habeas corpus პროცედურა. მსგავსი პროცედურები იყო ყველაზე ეფექტური, ვინაიდან მას შეეძლო მომჩივნის დაუყოვნებლივი გათავისუფლება თუ მისი თავდაპირველი დაკავება უკანონო იყო. საქმის მასალების მიხედვით, მომჩივანმა ისარგებლა ამ საშუალებით. ის დავობდა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლით გათვალისწინებული 48 საათიანი ვადა დარღვეული იყო. შესაბამისად, მომჩივანი ასაჩივრებდა დაკავების კანონიერებას, თუმცა წარუმატებლად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანი ვერ იქნება გაკრიტიკებული იმის გამო, რომ მან არ ისარგებლა სხვა სამართლებრივი დაცვის საშუალებით. შესაბამისად, სასამართლო უარყოფს მთავრობის პირველ პრეტენზიას.
რაც შეეხება მთავრობის მეორე არგუმენტს მომჩივნის საჩივრის დაუშვებლობასთან დაკავშირებით იმის გამო, რომ გასული იყო ექვსთვიანი ვადა, როგორც სასამართლომ ზემოთ აღნიშნა, მომჩივანი ასაჩივრებდა მისი თავდაპირველი დაკავების უკანონობას, როდესაც ის პირველად წარსდგა სასამართლოს წინაშე წინასწარი პატიმრობის საკითხის გადაწყვეტისას. 2011 წლის 28 მაისს მოსამართლემ უარყო მისი ბრალდებები, რაც 2011 წლის 6 ივნისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებებით ძალაში იქნა დატოვებული. მომჩივანს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაბარდა 2011 წლის 9 ივნისს. მსგავს გარემოებებში, 2011 წლის 9 ივნისს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მომჩივნისთვის ცხადი უნდა გამხდარიყო, რომ მისი შემდგომი საჩივრები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წარუმატებელი იქნებოდა.
მომჩივანმა განაცხადა, რომ მან გამოიყენა სისხლისსამართლებრივი დაცვის საშუალება, რომლის არაადეკვატურობაც მისთვის ცნობილი გახდა 2011 წლის დეკემბერში, როდესაც მას განმეორებით ეთქვა უარი მინიჭებოდა დაზარალებულის სტატუსი მიმდინარე სისხლისსამართლებრივ სამართალწარმოებაში. სასამართლომ არ გაითვალისწინა მომჩივნის არგუმენტი. გვერდზე რომ გადაიდოს საკითხი, ჭირდებოდა თუ არა მომჩივანს წარუმატებელი habeas corpus პროცედურის შემდეგ სისხლისამართლებრივი დაცვის საშუალებისთვის მიმართვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე საჩივრის წარდგენამდე, სასამართლომ აღნიშნა, რომ მომჩივანმა კონვენციის მე-5 მუხლის მიხედვით არსებული საჩივრები საკმარისად ცალსახად არ გააჟღერა არცერთ საჩივარში. მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანმა აღნიშნა, რომ ის ყინწვისის მონასტერში დააკავეს, ის არ აცხადებდა, რომ ამის გამო მისი დაკავება უკანონო იყო ან ეს წარმოადგენდა დაკავებას, რომელიც ოფიციალურად არ იყო დადასტურებული. სასამართლოს მოსაზრებით, მომჩივანს არ ჰქონდა მოლოდინის საფუძველი, რომ პროკურატურა საკუთარი ინიციატივით გამოიძიებდა თავდაპირველი დაკავების უკანონობას.
შესაბამისად, სასამართლო, მოცემული საქმის გარემოებების გათვალისწინებით, ადგენს, რომ ექვსთვიანი ვადის ათვლის წერტილი იყო 2011 წლის 9 ივნისი, როდესაც თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა მომჩივნის დაკავების კანონიერება და მას შეეფარდა პატიმრობა. წინამდებარე საჩივარი სასამართლოში შეტანილ იქნა 2012 წლის 21 ივნისს. ამრიგად, მომჩივნის საჩივარი კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე ხანდაზმული იყო და შესაბამისად დაუშვებელი კონვენციის 35-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილების თანახმად.
ზიანი: მომჩივანს არამატერიალური ზიანის ანაზღაურების სანაცვლოდ, სასამართლომ 10 000 ევრო მიაკუთვნა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო, ერთხმად,
ადგენს, რომ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილი;ადგენს, რომ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლის მატერიალურ-სამართლებრივი ნაწილი.