დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
გრაფესკოლო ს.რ.ლ. მოლდოვის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Grafescolo S.R.L. V. The Republic of Moldova)
(საჩივარი 36157/08)
გადაწყვეტილება, 22 აპრილი, 2014 (მე-3 სექცია)
მე-6 მუხლი
სამართლიანი სასამართლოს უფლება
ფაქტები: მომჩივანი არის მოლდოვაში არსებული კომპანია. 2003 წლის 13 თებერვალს ადგილობრივმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება მომჩივანი კომპანიისათვის სათბურით უზრუნველყოფილი მიწის ნაკვეთის მიყიდვასთან დაკავშირებით. 2006 წლის 15 ივნისს ადგილობრივმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ძველი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე. მომჩივანმა აღნიშნული საბჭოს წინააღმდეგ საქმის წარმოება დაიწყო. 2006 წლის 25 დეკემბერს ადგილობრივმა საბჭომ შეგებებული სარჩელი წარადგინა ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით, იმ საფუძვლით, რომ ნასყიდობის ფასი იყო ძალიან დაბალი და მიწის ნაკვეთის გაყიდვა, მდინარესთან მისი სიახლოვის გამო, უკანონო გახლდათ. მომჩივანი შეედავა აღნიშნულ სარჩელს და ამტკიცებდა, რომ იგი ხანდაზმული იყო. 2007 წლის 13 აპრილს რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა მომჩივნის პოზიცია, თუმცა ადგილობრივი საბჭოს შეგებებული სარჩელი დააკმაყოფილა და ხელშეკრულება ბათილად ცნო. სასამართლოს განცხადებით, აღნიშნულ სამართალურთიერთობაზე ახალი სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა უნდა გავრცელებულიყო. მომჩივანმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. 2007 წლის 5 სექტემბერს სააპელაციო სასამართლომ გააუქმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და დააკმაყოფილა მომჩივნის საჩივარი, თუმცა 2008 წლის 16 იანვარს, უზენაესმა სასამართლომ ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი, რომელიც სამართლის საკითხებზე იყო წარდგენილი, დააკმაყოფილა. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოო გახლდათ.
მომჩივანი კომპანია, კონვენციის მე-6 მუხლზე დაყრდნობით დავობდა, რომ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა. კერძოდ, ის ამტკიცებდა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ უზრუნველყვეს ხანდაზმულობის ვადის გამოყენება, გარდა ამისა, მომჩივანს არ მიეცა უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვაზე დასწრების შესაძლებლობა.
სამართალი: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ მიუთითა დადგენილ პრეცედენტულ სამართალზე, რომელშიც აცხადებდა, რომ დასაშვებობის მოთხოვნების შესრულება საპროცესო მოქმედებების განხორციელებისათვის სამართლიანი სასამართლოს უფლების მნიშვნელოვანი ასპექტია. ხანდაზმულობის ვადების როლი უმნიშვნელოვანესია, როდესაც მისი განმარტება კონვენციის პრეამბულის ჭრილში ხდება, რომელიც შესაბამის ნაწილში აცხადებს, რომ კანონის უზენაესობა ხელშემკვრელი სახელმწიფოებისათვის საერთო მემკვიდრეობაა.
სასამართლო აღნიშნა, რომ კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოებს, დაასაბუთონ საკუთარი გადაწყვეტილება. საქმეზე რუიზ ტორიჟა ესპანეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებული შუამდგომლობის არ დაკმაყოფილების დროს, შესაბამისი არგუმენტაციის და მიზეზების წარუდგენლობა არღვევდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელ პარაგრაფს. სასამართლომ განაცხადა, რომ მომჩივნის მიერ ხანდაზმულობასთან დაკავშირებით წამოყენებული არგუმენტი სამართალწარმოებისათვის მნიშვნელოვანი გახლდათ. თუ მას გაიზიარებდა ეროვნული სასამართლო, ადგილობრივი საბჭოს მიერ წამოყენებული შეგებებული სარჩელი შეიძლება არ დაკმაყოფილებულიყო. მიუხედავად ამისა, უზენაესმა სასამართლომ არ წარმოადგინა რაიმე მიზეზი, რომელიც განმარტავდა თუ რატომ არ გაიზიარა ასეთი მნიშვნელოვანი არგუმენტი. უფრო მეტიც, უზენაესმა სასამართლომ საქმე მომჩივანი კომპანიისათვის უწყების ჩაბარებისა და საქმეზე მისი მოწვევის გარეშე განიხილა.
დასკვნა: სასამართლომ დაადგინა, რომ სამართალწარმოება არ იყო სამართლიანი და, შესაბამისად, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფის დარღევას.
კონვენციის 41-ე მუხლი: 3,600 ევრო მორალური ზიანისთვის.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული ეს მოკლე შეჯამება არ არის სავალდებულო სასამართლოსთვის.
დამატებით იხილეთ Case-Law Information Notes
Full & Egal Universal Law Academy