დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre ().Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე No. 174
მაისი 2014
გრეი გერმანიის წინააღმდეგ - 49278/09
Gray v. Germany
გადაწყვეტილება 22.5.2014 [სექცია V]
მუხლი 2
მუხლი 2-1
ეფექტური გამოძიება
გაერთიანებულ სამეფოში გარდაცვლილი პაციენტის სიკვდილზე პასუხისმგებელი გერმანელი ექიმის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი საქმის აღძვრა გერმანიაში: არ არის დარღვევა
ფაქტები – მომჩივნის მამა გაერთიანებულ სამეფოში, მის სახლში, გერმანელი ექიმის სამედიცინო შეცდომის შედეგად გარდაიცვალა; აღნიშნული ექიმი კერძო დაწესებულებამ შეარჩია, რათა ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურში (British National Health Service) ემუშავა. დიდ ბრიტანეთში ექიმის მიმართ სისხლისსამართლებრივი საქმე აღიძრა. დიდი ბრიტანეთის პროკურატურის მიერ იურიდიული დახმარების თხოვნის შემდეგ, გერმანიის ხელისუფლების ორგანოებმა, ასევე, დაიწყეს სისხლისსამართლებრივი საქმის წარმოება, რის შედეგადაც ექიმი, მისი დაუდევრობით გამოწვეული მომჩივნის მამის სიკვდილის გამო, დამნაშავედ იქნა ცნობილი. გერმანიაში ჩატარებული სამართალწარმოების მიხედვით, გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლებმა არ აღასრულეს ევროპული დაკავების ბრძანება (ევროკავშირის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შეთანხმების საფუძველზე გამოცემული ბრძანება), რომელიც ექიმის წინააღმდეგ გაერთიანებულ სამეფოში იქნა გამოცემული და უარი განაცხადეს ექიმის ექსტრადიციაზე. შესაბამისად, გაერთიანებულ სამეფოში ექიმის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე უნდა შეწყვეტილიყო.
სამართალი – მე-2 მუხლი (პროცედურული ასპექტი): გერმანიაში ჩატარებულმა სისხლისსამართლებრივმა ღონისძიებებმა საგამოძიებო ორგანოებს საშუალება მისცა დაედგინათ მომჩივნის მამის სიკვდილის მიზეზი და, შესაბამისად, ექიმის პასუხისმგებლობა. არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოების გადაწყვეტილება, წინასასამართლო სხდომაზე, საქმის არსებითი განხილვის გარეშე, ექიმი დამნაშავედ ეცნოთ, გამართლებულ იქნა.
რაც შეეხება მომჩივანთა ბრალდებებს, რომ ისინი საკმარისად არ იყვნენ ჩართულნი გერმანიაში მიმდინარე სამართალწარმოებაში, სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ გერმანული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელი ორგანოები ვალდებულნი არ იყვნენ, მომჩივანთათვის საკუთარი ინიციატივით სისხლისსამართლებრივი ღონისძიებების დაწყების ან მისი შემდგომი განვითარების შესახებ ეცნობებინათ. სტრასბურგის სასამართლოს მოსაზრებით, ამ საქმეში, ასეთი ვალდებულება, ასევე, არ წარმოიშობოდა კონვენციის მე-2 მუხლის 1-ელ პარაგრაფში გათვალისწინებული პროცედურული მოთხოვნების მიხედვით.,თუმცა იმ შემთხვევებში, როდესაც სიკვდილთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა სახელმწიფო პირებს ეკისრებოდათ, მე-2 მუხლის 1-ლი პარაგრაფი მოითხოვდა, რომ ოჯახის წევრები და ნათესავები ჩართულნი ყოფილიყვნენ პროცედურებში იმდენად, რამდენადაც ამას მათი ლეგიტიმური ინტერესების დაცვა მოითხოვდა. აღნიშნულისგან განსხვავებით, მე-2 მუხლით გათვალისწინებული სამედიცინო სფეროში დაუდევრობასთან დაკავშირებული პროცედურული ვალდებულება, აუცილებლად არ მოითხოვდა სისხლისსამართლებრივი დაცვის საშუალების არსებობას. შესაბამისად, შეიძლება სადავო გახლდეთ, იყო თუ არა მომჩივნის, როგორც შთამომავლის, საქმეში ჩართვა საჭირო, რადგან მომჩივნის საქმეში, პროკურატურის წარმომადგენლებს ასეთი სამართლებრივი დაცვის საშუალების მიღების უფლება საკუთარი ინიციატივით გააჩნდათ. ნებისმიერ შემთხვევაში, მომჩივნები ჩართულები იყვნენ ექიმის წინააღმდეგ არსებულ სისხლისსამართლებრივ სამართალწარმოებაში. იქედან გამომდინარე, რომ საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისას საქმის გარემოებები საკმარისად იქნა დადგენილი, მომჩივანთა მთავარ სასამართლო სხდომაზე მონაწილეობა, სასამართლოს საქმის შეფასების კუთხით ახალს არაფერს შესძენდა. ნამდვილად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სხდომა ჩაინიშნებოდა, მომჩივნებს არ ექნებოდათ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს მიერ დაკისრებული იქნა უფრო მძიმე სასჯელი. ამრიგად, არ არსებობდა რაიმე გარემოება, რაც შიდასახელმწიფო სამართალწარმოებისას გარდაცვლილის შთამომავლების ლეგიტიმური ინტერესების უპატივცემულობაზე მიუთითებდა.
სინამდვილეში მომჩივნები ჩიოდნენ იმაზე, რომ ექიმს მსჯავრი არა გაერთიანებულ სამეფოში, არამედ გერმანიაში დაედო, სადაც ის შესაძლოა უფრო მძიმე სასჯელს დაექვემდებარა. თუმცა, გერმანიის სახელმწიფო ორგანოები, სიკვდილის დადგომაში ექიმის მონაწილეობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, ვალდებულნი იყვნენ დაეწყოთ სისხლისსამართლებრივი საქმის წარმოება და შემდგომში, შესაბამისი შიდა და საერთაშორისო სამართლის მიხედვით გერმანიის ხელისუფლების ორგანოებს გააჩნდათ საფუძვლები, რომ არ მოეხდინათ ექიმის ექსტრადიცია. კონვენციის მე-2 მუხლით განმტკიცებული პროცედურული გარანტიები არ შეიცავს უფლებას ან ვალდებულებას, რომ ბრალდებულს კონკრეტული სასჯელი განსაზღვრული ქვეყნის შიდა სამართლის მიხედვით დაეკისროს.
სისხლისსამართლებრივი საქმის წარმოების გარდა, გერმანიის ხელისუფლების ორგანოების მხრიდან, ასევე, ჩატარდა ექიმის კომპეტენციისა და საექიმო საქმიანობის განხორციელებისათვის მზაობის თაობაზე გამოძიება, სადაც მომჩივნებს შესაძლებლობა მიეცათ წარმოედგინათ დამატებითი ინფორმაცია. სადისციპლინო სამართალწარმოების შედეგად, ექიმს საყვედური გამოეცხადა და დაჯარიმდა.
შესაბამისად, გერმანიის ხელისუფლების ორგანოებმა უზრუნველყვეს ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის საშუალებები, რათა განესაზღვრათ მომჩივნის მამის გარდაცვალების მიზეზი და, აგრეთვე, ექიმის პასუხისმგებლობა. არ არსებობდა რაიმე ფაქტი, რომლითაც დადგინდებოდა, რომ სისხლისსამართლებრივი გამოძიებები და სამართალწარმოება, რომლებიც გერმანიის ხელისუფლების ორგანოების ინიციატივით განხორციელდა, კონვენციის მე-2 მუხლის 1-ლი პარაგრაფით გათვალისწინებულ გარანტიებს არ შეესაბამებოდა.
დასკვნა: არ არის დარღვევა (ერთხმად).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბარათები Case-Law Information Notes
Full & Egal Universal Law Academy