ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პალატის გადაწყვეტილება ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. მოსამართლის გადაწყვეტილება, რომელიც ეხება ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობაში რასისტულ განცხადებას და რომლებიც განიხილავდნენ შავკანიანი ბრალდებულის საქმეს: დარღვევა არ დადგინდა
საქმე „გრეგორი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“
CASE OF GREGORY v. THE UNITED KINGDOM
განაცხადი N22299/93
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
1997 წლის 25 თებერვალი
ფაქტობრივი გარემოებები
7. 1966 წელს დაბადებული განმცხადებელი, რომელიც არის შავკანიანი, ბრიტანეთის მოქალაქეა და ამჟამად ცხოვრობს ინგლისის ქ. მანჩესტერში.
სასამართლო პროცესი
8. 1991 წლის 26-28 ნოემბერს, ჩადენილი ძარცვისათვის, განმცხადებლის საქმე იხილებოდა მანჩესტერის სამეფო სასამართლოში. მას სასამართლო პროცესზე წარმოადგენდა კანონიერი წარმომადგენელი.
9. სასამართლო პროცესის ბოლო დღეს ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობა გავიდა ვერდიქტის გამოსატანად. 3 საათისა და 45 წუთის შემდეგ ნაფიცი მსაჯულებისაგან მოსამართლეს გადაეცა ბარათი. მასში იკითხებოდა შემდეგი:
„ნაფიცი მსაჯულთა შემადგენლობაში შეინიშნება რასობრივი მინიშნებები. მისი ერთი წევრი უნდა გათავისუფლდეს დაკისრებული მოვალეობისგან.
10. ნაფიც მსაჯულთა არყოფნისას საქმის განმხილველმა მოსამართლემ აჩვენა ბრალმდებელს და დაცვის მხარეს აღნიშნული ბარათი და გაიარა კონსულტაციები რათა შემდგომში ამ საკითხზე მოეხდინა რეაგირება.
13. 12 სთ. 47 წთ-ზე, როდესაც ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობა დაბრუნდა მოსამართლემ სათანადო პაუზა გააკეთა, რათა დარწმუნებულიყო, რომ მისი განმარტება გასაგები იყო და მიმართა ნაფიც მსაჯულებს შემდეგი სიტყვებით:
„თორმეტი პირი მოწვეული ხართ საზოგადოების სხვადასხვა ფენიდან, სხვადასხვა ბიოგრაფიული მონაცემებით. ყველას აქვს ჩამოყალიბებული აზრი და იდეა, მაგრამ აქ მოწვეული ხართ თორმეტი ადამიანი ერთმანეთისგან განსხვავებული ბიოგრაფიით, რათა თორმეტი განსხვავებული აზრი მივმართოთ პრობლემისაკენ, რომელიც ჩვენს წინაშე დგას... თქვენ წყვეტთ ამ საქმეს მტკიცებულებებზე დაყრდნობით და არავითარ შემთხვევაში რაიმე სხვა პრინციპით. ნებისმიერი აზრი ან შეხედულება რაიმე ფორმით, ვინმეს სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ უნდა ამოიღოთ თქვენი გონებიდან. თქვენ წყვეტთ ამ საქმეს მტკიცებულებებზე დაყრდნობით. მხოლოდ და მხოლოდ მტკიცებულებები გადაწყვეტს საქმეს. გესმით ეს ნაფიც მსაჯულებო? თქვენ მსაჯულები ხართ და გადაწყვეტილებას იღებთ მტკიცებულებაზე დაყრდნობით, ადამიანებს აფასებთ ისე როგორც ხედავთ და სხვა დანარჩენ ფაქტორებს არ აძლევთ თქვენს გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენის უფლებას, მაგრამ თქვენი გადაწყვეტილება უნდა იყოს მტკიცებულების ხარისხსა და ინდივიდუალურ პიროვნებაზე უნდა იყოს დაყრდნობილი, მოექცეთ ყველას ერთნაირად, ყოველგვარი განსხვავების გარეშე, არ აქვს მნიშვნელობა ეს პიროვნება განსასჯელია თუ არა, სად ცხოვრობს ან საიდანაა წარმოშობით. თქვენთვის ეს გასაგებია? რა თქმა უნდა, არც ერთი ნაფიც მსაჯულის დათხოვნას არ ვაპირებ, რადგან მავანი შესაძლოა ისურვებდა კიდეც რომ ასე მოვქცეულიყავი, რადგან მათ არ მოსწონთ გარკვეული მინიშნებები ამ საუბარში. გადაწყვეტილება ამ საქმეზე მიიღეთ მტკიცებულებების მიხედვით. ნაფიც მსაჯულებო, მე არ ვამბობ, რომ თქვენ ვინმეს სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ იყოთ ტენდენციური. შეხედეთ ისე, როგორც ეს მოცემულია. მხოლოდ ამგვარად მიიღეთ საქმეზე გადაწყვეტილება. ეს არის თქვენი ფიცის ქვეშ ნაკისრი მოვალეობა. ვიმედოვნებ, რომ დაემორჩილებით თქვენს ფიცის ქვეშ ნაკისრ მოვალეობას“.
14. 12 სთ. 50 წთ-ზე ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობა გავიდა დარბაზიდან. 14 სთ. 41 წთ.-ზე ისინი, ერთპიროვანი ვერდიქტის გამოტანის გარეშე მოიწვია მოსამართლემ დარბაზში და ამცნო მათ, რომ დრო იყო მოესმინა, სულ ცოტა 10 ნაფიცი მსაჯულის მიერ მიღებული ვერდიქტი. ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობა კვლავ გავიდა 14 სთ. 24 წთ.-ზე. 15 სთ. 27 წთ.-ზე, მაშინ როცა ჯერ კიდევ არ ჰქონდათ გადაწყვეტილება მიღებული მათ კვლავ უხმეს დარბაზში. მოსამართლემ შემდეგი მითითება მისცა ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობას:
„ნაფიც მსაჯულებო, თითოეულმა თქვენგანმა დადო ფიცი, რომ გამოიტანდა სწორ ვერდიქტს მტკიცებულებაზე დაყრდნობით. გახსოვდეთ, რომ აღნიშნული ფიცი ორი დღის წინ დადეთ. არც ერთმა თქვენგანმა არ უნდა დაარღვიოს დადებული ფიცი. თქვენ გაკისრიათ მოვალეობა არა მხოლოდ როგორც ცალკეულ პიროვნებებს, არამედ როგორც მთლიანად ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობას. ეს, რა თქმა უნდა, წარმოადგენს ნაფიც მსაჯულთა სისტემის ძლიერ მხარეს. ასე, რომ თითოეული თქვენგანი, როდესაც შეხვალთ ნაფიც მსაჯულთა განკუთვნილ ოთახში, მიმართეთ თქვენს პირად გამოცდილებას და სიბრძნეს .... თქვენი ამოცანაა, გააერთიანოთ ეს გამოცდილება და სიბრძნე. თქვენ ეს უნდა გააკეთოთ თქვენი აზრის გამოთქმით და სხვათა აზრის მოსმენით. საჭიროების შემთხვევაში, კამათიც იქნება ... საჭირო იქნება არგუმენტები და ისინი უნდა მიიღოთ და გასცეთ იმ ფიცის ფარგლებში, რომელიც ყველამ დადეთ. ამგვარად თქვენ მიაღწევთ შეთანხმებას.“
15. 16 სთ. 06 წთ.-ზე ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობა დაბრუნდა ვერდიქტით ათი ორის წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც განმცხადებელი დამნაშავედ სცნეს. განმცხადებელს ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
სამართალი
კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის სავარაუდო დარღვევა
38. განმცხადებელი ირწმუნებოდა, რომ მას უარი ეთქვა სამართლიან პროცესზე კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევით, რომლის შესაბამისი ნაწილის თანახმად:
„...წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს ... საქმის სამართლიანი ... განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ...“
სასამართლოს შეფასება
43. სასამართლო დასაწყისშივე აღნიშნავს, რომ რწმენა რომელსაც უნდა უნერგავდნენ მოსამართლეები დემოკრატიულ საზოგადოებას და პირველ რიგში, ბრალდებულებს რამდენადაც საუბარია სისხლის სამართლის საქმის წარმოებაზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამ მიზნით, სასამართლო ყოველთვის ხაზს უსვამს, რომ სასამართლო, ნაფიც მსაჯულთა ჩათვლით უნდა იყოს მიუკერძოებელი როგორც სუბიექტური, ასევე ობიექტური თვალსაზრისით.
44. სადავო არ გამხდარა, რომ არ არსებობდა რაიმე ფაქტობრივი და სუბიექტური მიკერძოების მტკიცებულება არც ერთი ნაფიცი მსაჯულის მხრიდან. ასევე, განმცხადებელიც და ხელისუფლებაც თანხმდება იმაზე, რომ ინგლისის კანონმდებლობის თანახმად, საქმის განმხილველ მოსამართლეს უფლება არ აქვს დაკითხოს ნაფიცი მსაჯულები იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რამაც საფუძველი დაუდო აღნიშნულ ბარათის დაწერას. სასამართლო აღიარებს, რომ წესი, რომელიც არეგულირებს ნაფიც მსაჯულთა სხდომის ფარულობას გადამწყვეტია და სამართლებრივი ფუნქციაა ინგლისის სასამართლო კანონმდებლობისთვის, რომლის ვალია გააძლიეროს ნაფიც მსაჯულთა, როგორც უმაღლესი მსაჯულის როლი და უზრუნველყოს ღია და გულწრფელი განხილვა ნაფიც მსაჯულთა შორის მოსმენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით.
გადა ამისა, ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის წევრებს ფიცით ან ხელწერილით ჰქონდათ ნაკისრი ვალდებულება, რომ კეთილსინდისიერად წარემართათ განმცხადებლის სასამართლო პროცესი და გამოეტანათ სწორი ვერდიქტი მტკიცებულებებზე დაყრდნობით.
45. აქედან გამომდინარე, სასამართლომ უნდა განიხილოს მოცემულ ვითარებაში იყო თუ არა საკმარისი გარანტიები რათა გამოერიცხათ ობიექტურად დასაბუთებული ან ლეგიტიმური ეჭვი ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულის პოზიცია არ შეიძლება გადამწყვეტი იყოს აღნიშნულის განსაზღვრისას.
46. რაც შეეხება სიტუაციას, რომელიც წარმოიშვა სასამართლო პროცესზე, სასამართლომ განსახილველი ფაქტების ობიექტური შეფასების გამოყენებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს საქმის განმხილველი მოსამართლის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობისგან ბარათის მიღებასთან დაკავშირებით. სასამართლოს მყისიერი რეაქცია იყო ბრალდების და დაცვის მხარის მოსაზრებების მოსმენა და არა დაუსაბუთებელ განცხადებაზე პირდაპირ უარის თქმა. როგორც გამოცდილი მოსამართლისთვის, რომელიც აკვირდებოდა ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობას სასამართლო პროცესის განმავლობაში, ეჭვგარეშეა იცოდა შესაძლებელი იყო თუ არა ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის დათხოვნა ან ღია სასამართლოს წინაშე კითხვის დასმა - შეეძლოთ თუ არა სხდომის გაგრძელება და ვერდიქტის გამოტანა მხოლოდ მტკიცებულებების საფუძველზე. მან აღნიშნული ქმედებებიდან არც ერთი გამოიყენა და საყურადღებოა, რომ დაცვის მხარის ადვოკატს არ მოუთხოვია აღნიშნული ქმედების განხორციელება. სავარაუდოა, რომ ადვოკატი თავადაც თვლიდა, რომ აღნიშნულ ვითარებაში ეს გამართლებული იყო. ადვოკატთა უმეტესობა სავარაუდოდ, მოსთხოვდა მოსამართლეს გამოეძიებინა ის გარემოებები, რამაც ბარათის დაწერის საფუძველი შექმნა. თუმცა, ინგლისის კანონმდებლობის თანახმად, ამგვარი გამოძიების ჩატარება არ იქნებოდა შესაძლებელი.
47. საქმის განმხილველმა მოსამართლემ გადაწყვიტა აღნიშნული განცხადებისთვის პასუხი გაეცა მკაცრად ჩამოყალიბებული მითითებების მიცემით ნაფიც მსაჯულთა კოლეგიისათვის, მას შემდეგ რაც ორივე მხარისგან მიიღო არგუმენტები. მისი განცხადება იყო მკაფიო, დეტალური და დამაჯერებელი. მას სურდა დარწმუნებული ყოფილიყო, რომ ყველასთვის გასაგები იყო მისი სიტყვები და შეგნებულად წყვეტდა საუბარს, რათა დარწმუნებულიყო აღნიშნულის სინამდვილეში. მისი მიზანი იყო, ნაფიც მსაჯულებს გაეთავისებინათ, რომ მათი ფიცის ქვეშ ნაკისრი ვალდებულება იყო მხოლოდ მტკიცებულებაზე დაფუძნებული საქმის განხილვა და რომ მათ უფლება არ ჰქონდათ, მათ გადაწყვეტილებაზე სხვა რაიმე ფაქტორს მოეხდინა ზეგავლენა.
მოსამართლეს თავის მითითებაში არც ერთხელ უხსენებია სიტყვები „რასობრივი შეხედულებები“. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მან ნაფიც მსაჯულებს მითითება მისცა, რომ გონებიდან ამოეღოთ „ნებისმიერი შეხედულება რაიმე ფორმით“. ამ სიტყვების მნიშვნელობა ნათელი უნდა ყოფილიყო ნებისმიერი ნაფიცი მსაჯულისთვის, რომელთა ქცევამაც, შესაძლოა საფუძველი შეუქმნა რასობრივი მინიშნებების გაკეთებას. საგულისხმოა, რომ შემდგომში არც ერთი რასობრივი ხასიათის კომენტარი არ გაკეთებულა. მოსამართლეს შეეძლო გონივრული დასკვნა გაეკეთებინა, რომ ნაფიცი მსაჯულები დაემორჩილნენ მის მიერ მიცემული მითითებების პირობებს და რაიმე ხასიათის შეხედულებების არსებობის რისკი ეფექტურად განეიტრალდა.
48. სასამართლოს მიერ ფაქტების შეფასებას მივყავართ დასკვნამდე, რომ წინამდებარე საქმეში აღარ გახდა საჭირო მოსამართლის გარდა სხვასაც გაეფანტა ობიექტური შიში ან მოსაზრება ნაფიც მსაჯულთა მიუკერძოებლობის შესახებ რასაც ითვალისწინებს კონვენციის მე-6 მუხლის. სამართლიანი პროცესის გარანტიები შესაძლოა გარკვეულ გარემოებებში მოითხოვდეს ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის დათხოვნას, მაგრამ ასევე უნდა ვაღიაროთ, რომ აღნიშნული ყოველთვის არ წარმოადგენს მიზნის მიღწევის საშუალებას. სხვა სახის გარანტიები, მათ შორის ნაფიც მსაჯულთა მისამართით მკაცრად ჩამოყალიბებული მითითებები, საკმარისად შეიძლება ჩაითვალოს. სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნულ დასკვნაში დადასტურებულია სააპელაციო მოსამართლეების მიერ ბარათთან დაკავშირებული საკითხის მოსამართლის მიერ გადაწყვეტა, სამართლებრივი პრინციპების გამოყენებისას, რომელიც შესაბამება მათსავე პრეცედენტულ სამართალს მიუკერძოებლობის ობიექტურ მოთხოვნებთან მიმართებით.
49. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ განსახილველი ფაქტები უნდა განვასხვაოთ იმ ფაქტებისგან, რომელიც გამოყენებული იყო რემლის საქმეში და რომელთა დარღვევის შესახებაც გაკეთდა დასკვნა (Remli v. France, N16839/90, 1996 წლის 23 აპრილი). აღნიშნულ საქმეში საქმის განმხილველმა მოსამართლეებმა ნაფიცი მსაჯულისგან, რომლის ვინაობაც ცნობილი იყო, გაგონილ სიტყვებზე - რომ ის რასისტი იყო - ვერ მოახდინეს რეაგირება. წინამდებარე საქმეში, მოსამართლე დაუპირისპირდა ნაფიცი მსაჯულის რასისტულ განცხადებას, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ბუნდოვანი და ორაზროვანია, არ შეიძლება ჩაითვალოს არსს მოკლებულად. იმ ვითარებაში მან მიიღო საკმარისი ზომები, იმისათვის, რომ შეემოწმებინა სასამართლო შექმნილი იყო თუ არა, როგორც მიუკერძოებელი ტრიბუნალი კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად და მან წარმოადგინა საკმარისი გარანტიები ამ კუთხით ყველა ეჭვის გასაფანტად.
50. აქედან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ აღნიშნულ საქმესთან მიმართებაში არ დარღვეულა მე-6 მუხლის პირველი პუნქტი.
Full & Egal Universal Law Academy