დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
მეოთხე სექცია
საქმე „გ.ს. საქართველოს წინააღმდეგ“ (G.S. v. GEORGIA)
(საჩივარი N 2361/13)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
2015 წლის 21 ივლისი
საბოლოო გახდა
21/10/2015
ეს გადაწყვეტილება საბოლოო გახდება კონვენციის 44-ე მუხლში მითითებულ შემთხვევაში. წინამდებარე გადაწყვეტილება, შესაძლოა, დაექვემდებაროს რედაქციულ შესწორებას.
საქმეზე გ. ს. საქართველოს წინააღმდეგ
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მეოთხე სექცია), პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გუიდო რაიმონდი - თავმჯდომარე
პაივი ჰირველა, ჟორჟ ნიკოლაუ, ლედი ბიანკუ, ნონა წოწორია, პოლ მაჰოუნი,
ფერის ვეჰაბოვიჩი, მოსამართლეები
და ფატოშ არაჩი - სექციის მდივნის მოადგილე
2015 წლის 30 ივნისს გამართული დახურული თათბირის შედეგად იმავე დღეს მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:
პროცედურა
1. საქმის წარმოება დაიწყო უკრაინის მოქალაქის გ.ს.-ს („მომჩივანი“) მიერ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის („კონვენცია") 34-ე მუხლის საფუძველზე საქართველოს წინააღმდეგ 2012 წლის 28 დეკემბერს სასამართლოში შეტანილი №2361/13 საჩივრის საფუძველზე. პალატამ მიზანშეწონილად მიიჩნია მომჩივანისთვის საკუთარი ინიციატივით ანონიმურობის მინიჭება სასამართლო რეგლამენტის 47.4 წესის შესაბამისად.
2. მომჩივანს წარმოადენდა ბატონი ს. კალიაკინი, ადვოკატი რომელიც საქმიანობს ხარკოვში. საქართველოს მთავრობას ("მთავრობა") წარმოადგენდა ლ. მესხორაძე, სახელმწიფო წარმომადგენელი იუსტიციის სამინიტროდან.
3. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ საქართველოს სასამართლოს მიერ მისი შვილის უკრაინაში დაბრუნების მოთხოვნის („ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენციის შესაბამისად - შემდეგში „ჰააგის კონვენცია“) არ დაკმაყოფილებით, მას დაერღვა კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება.
4. 2013 წლის 18 დეკემბერს მომჩივნის კონვენცის მე-8 მუხლის საფუძველზე წარდგენილი საჩივარი ეცნობა მთავრობას, ხოლო საჩივრის დარჩენილი ნაწილი მიუღებლად იქნა ცნობილი. დამატებით კონვენციის 36.1 მუხლის და რეგლამენტის 44.1.a წესის საფუძველზე წარდგენილ შეტყობინებაზე, უკრაინის მთავრობამ უარი განაცხადა თავისი უფლების გამოყენებაზე და არ ჩაერთო წინამდებარე საქმეში.
ფაქტები
I. საქმის გარემოებები
5. მომჩივანი დაიბადა 1981 წელს და ცხოვრობს უკრაინაში, ხარკოვში.
A. წინაისტორია
6. მომჩივანი ცხოვრობდა თავის პარტნიორთან ორმაგი (ქართულ-უკრაინული) მოქალაქეობის მქონე ბატონ გ. ჩ-სთან ერთად. 2004 წლის 29 ივლისს მათ შეეძინათ ლ., მათი პირველი შვილი. ის დარეგისტრირებულ იქნა უკრაინაში მომჩივნის მისამართზე და მიიღო უკრაინის მოქალაქეობა.
7. დაახლოებით 2005 წლის შუა პერიოდში გ. ჩ. წავიდა უკრაინიდან რუსეთში, ხოლო ლ. დარჩა დედასთან ერთად უკრაინაში, სადაც სწავლობდა ხარკოვის სკოლამდელი ასაკის საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
8. 2005 და 2006 წლებში გ. ჩ-მ ორჯერ მოინახულა მომჩივანი და ლ. ხოლო 2006 წლის სექტემბერში მომჩივანმა გააჩინა მათი მეორე შვილი - ტ.
9. 2010 წლის 22 ივლისს ტ. გარდაიცვალა უბედური შემთხვევის შედეგად. ის სახლის ღია ფანჯრიდან გადავარდა. ლ. - მ, რომელიც როგორც ჩანს ამ ტრაგიკული ფაქტის მოწმე გახდა, დაიწყო ფსიქოლოგიური დახმარების მიღება დელფინოთერაპიის სახით;
10. 2010 წლის 30 ივლისს მომჩივანმა გ. ჩ-ს ნება დართო, რომ მას პირველად წაეყვანა მათი შვილი საქართველოში საზაფხულო არდადეგებზე. მან მოაწერა ხელი საბუთს, რომელიც უფლებას აძლევდა გ. ჩ-ს ემოგზაურა ლ-სთან ერთად რუსეთსა და საქართველოში 2010 წლის 30 ივლისიდან 2011 წლის 28 თებერვლამდე. მომჩივნის თქმით ლ. უნდა დაბრუნებულიყო ხარკოვში აგვისტოს ბოლოსთვის, სკოლაში სწავლის დასაწყებად, რომელშიც წინასწარ იყო ჩარიცხული.
11. 2010 წლის 13 აგვისტოს, შვილთან სატელეფონო საუბრისას, მომჩივნისთვის ცნობილი გახდა, რომ ეს უკანასკნელი არ აპირებდა უკრაინაში დაბრუნებას და სურდა საქართველოში დარჩენა. ორი თვის განმავლობაში მომჩივანი ცდილობდა დაერწმუნებინა ყოფილი პარტნიორი, რათა მიეცა შვილისთვის უფლება დაბრუნებულიყო უკრაინაში, თუმცა უშედეგოდ. აღმოჩნდა, რომ მალევე ამის შემდეგ გ.ჩ. გაემგზავრა რუსეთში, ხოლო ლ. დარჩა საქართველოში ბიძასთან (გ. ჩ.-ს ძმასთან) და ბაბუასთან ერთად. გ. ჩ. პერიოდულად ჩადიოდა საქართველოში შვილის სანახავად.
12. 2010 წლის პირველ ნოემბერს ლ-.ს დაუსვეს ადაპტაციასთან დაკავშირებული აშლილობის დიაგნოზი და მას დაეწყო ამბულატორიული მკურნალობა.
B. სამართალწარმოება უკრაინაში
13. 2011 წლის 22 მარტს ხარკოვის კიევის რაიონულმა სასამართლომ გამოსცა ორდერი ლ-ს უკრაინაში დაბრუნების შესახებ. სასამართლომ დაადგინა, რომ ლ-ს მუდმივი საცხოვრებელი უნდა იყოს მომჩივნის ბინა.
14. გ. ჩ. როგორც ჩანს, არ იყო ინფორმირებული ზემოაღნიშნული სამართალწარმოების დაწყების შესახებ და შესაბამისად, არ გაასაჩივრა სასამართლოს გადაწყვეტილება.
C. სამართალწარმოება საქართველოში
15. 2010 წლის ოქტომბერში მომჩივანმა დაიწყო ბავშვის დაბრუნების პროცედურები ჰააგის კონვეციის საფუძველზე უკრაინის იუსტიციის სამინისტროს საშუალებით. 2010 წლის 18 ნოემბერს ეს უკანასკნელი დაუკავშირდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და მოითხოვა ამ საკითხთან დაკავშირებით სამართლებრივი თანამშრომლობა. 2010 წლის 2 დეკემბერს საქარველოს იუსტიციის სამინისტრომ, რომელიც მოქმედებდა როგორც ცენტრალური ორგანო და რომელიც პასუხისმგებელი იყო ჰააგის კონვენციით დაწესებულ მოთხოვნებზე, დაიწყო სამართალწარმოება თბილისის საქალაქო სასამართლოში მომჩივნის სახელით.
16. 2011 წლის 10 თებერვალს, ორი სოციალური მუშაკი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოთხოვნით წავიდა ლ - ს მოსანახულებლად ბიძის სახლში. ლ. იქ ბიძაშვილებთან ერთად ცხოვრობდა. მოგვიანებით მოხსენების მიხედვით ირკვევა, რომ ლ - ს უვლიდა ბიძა, რადგან მამა ძირითადად ცხოვრობდა რუსეთში. ბიჭი საუბრობდა რუსულად, თუმცა, დადიოდა ქართულ სკოლაში. ლ - ს ბიძამ განუცხადა სოციალურ მუშაკებს, რომ ლ - ს და გარდაიცვალა მათი დედის უყურადღებობის გამო და შესაბამისად, ლ - სთვის საშიში იქნებოდა დედასთან ერთად ცხოვრება. სოციალურ მუშაკებს ასევე ჰქონდათ ხანმოკლე დიალოგი ლ - სთანაც, რომელმაც განაცხადა, რომ ძალიან ბედნიერი იყო ბიძასთან და ბიძაშვილებთან ცხოვრებით და არ უნდოდა დაბრუნება უკრაინაში. დასკვნაში სოციალურმა მუშაკებმა აღნიშნეს, რომ ლ. ცხოვრობდა ნორმალურ საცხოვრებელ პირობებში და მისი ძირითადი მოთხოვნილებები დაკმაყოფილებული იყო.
17. 2011 წლის აპრილში, სოციალურმა მუშაკებმა სამჯერ შეახვედრეს მომჩივანი შვილს. შემდგომში მათ მიერ შედგენილ შესაბამის მოხსენებაში დაასკვნეს, რომ:
„ჩვენი ჩარევის საფუძველზე, რომელიც მოიცავდა ვიზიტებს, საუბრებს ლ-სთან და დაკვირვებას მის ქცევაზე, მოგვცა საფუძველი განვიხილოთ მისი ქცევა როგორც პრობლემატური. ერთი მხრივ, ლ-ს სურს დედასთან შეხვედრა და მისი ნახვისას გამოხატავს სიყვარულს დედისადმი, თბილ გრძნობებს და სიხარულს, თუმცა შემდგომ უარს აცხადებს დედასთან სატელეფონო საუბარზე. ხაზგასასმელია ფაქტი, რომ დედასთან კომუნიკაციისას ის ითვალისწინებს მამის შეგონებებს და სტრესის გავლენის ქვეშ არის. რადგან ლ. ცხოვრობს ბიძის და ბაბუის ოჯახში, მას აქვს მშობლებთან ურთიერთობის დეფიციტი (ვინაიდან მშობლებიდან მასთან არცერთი ცხოვრობს). იმისათვის, რომ ბავშვი ჩამოყალიბდეს ბედნიერ და ჯანსაღ ადამიანად და დაცული იყოს მისი ინტერესები, აუცილებელია ჰქონდეს კომუნიკაცია მშობლებთან“.
18. იმავე მოხსენებაში სოციალურმა მუშაკებმა შენიშნეს, რომ ბიჭი აღარ ეხვეოდა დედას მამის კომენტარების და შეგონებების გამო. ეს მოხდა ორჯერ, ვიდრე ერთ-ერთმა სოც-მუშაკმა არ აუკრძალა გ. ჩ - ს მსგავსი ქმედება.
19. აპრილში ლ - ს დამატებით ჩაუტარდა ფსიქოლოგიური გამოკვლევა, რომლის დასკვნის შესაბამისად ბიჭი მშობლებთან არასაკმარისი ემოციური კონტაქტით იტანჯებოდა. აღინიშნა, რომ ლ - ს ნათლად გამოხატული პოზიტიური განწყობა ჰქონდა მამისა და მისი ოჯახის მიმართ, ხოლო დედისადმი აღენიშებოდა გაორებული გრძნობა: ერთი მხრივ, სიყვარული და თბილი გრძნობები და მეორე მხრივ, გაღიზიანება. ლ - მ უთხრა ფსიქოლოგს, რომ სურდა მამასა და მის ოჯახთან ცხოვრება და ასევე უნდოდა დედასაც მათთან ერთად ეცხოვრა. ფსიქოლოგი თავის დასკვნებში ბიჭის ემოციურ მდგომარეობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ მისი ნევროზულობა, აგრესია, უნდობლობა და გაღიზიანება, ისევე როგორც დაბალი თვითშეფასება, გამოწვეული იყო წარსულში მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმითა და არსებული რთული და გაურკვეველი სიტუაციით.
20. 2011 წლის 16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ უარი განუცხადა მომჩივანს
საჩივრის დაკმაყოფილებაზე. ბიჭის ასაკიდან და საქმის სხვა გარემოებებიდან გამომდინარე ჩათვალეს, რომ ლ - ს უკრაინაში დაბრუნება ფსიქოლოგიური სტრესის რისკის ქვეშ დააყენებდა ბიჭს. ამასთან დაკავშირებით ასევე აღინიშნა, რომ მისთვის უკრაინაში დაბრუნების გადაწყვეტილების გამოტანა არაადეკვატური იქნებოდა იმ მიზეზითაც, რომ მომჩივანმა ვერ შეძლო დაემტკიცებინა, რომ შვილისთვის შექმინდა სტაბილურ გარემოს, სადაც ის დაცული იქნებოდა მამასთან განშორებით გამოწვეული ფსიქოლოგიური სტრესისგან. სასამართლომ აღნიშნა შემდგომი:
„სასამართლო ითვალისწინებს ფსიქოლოგის დასკვნას მიმდინარე საქმეში, სადაც კატეგორიულად არის აღნიშნული, რომ ლ - მ განიცადა სერიოზული ფსიქოლოგიური ტრავმა, შესაბამისად, დიდი ალბათობაა იმისა, რომ უკრაინაში დაბრუნება გამოიწვევს ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ზიანს ან აუტანელ მდგომარეობაში ცხოვრებას (კონვენციის მე-13 მუხლი).“
21. სასამართლომ უგულებელყო მომჩივნის არგუმენტი, რომ მისი ვაჟი იტანჯებოდა
ადაპტაციური აშლილობის დიაგნოზით და მშობლებთან ურთიერთობის უკმარისობით. ამასთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა:
„ფსიქოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე სასამართლო განსაკუთრებით ხაზს უსვამს
შემდეგს:
-„ ლ. ჩ - მ გამოავლინა ძლიერი შფოთვა და მომავლის შიში“; გაორებული დამოკიდებულება დედისადმი: ერთი მხრივ, სიყვარული და თბილი გრძნობები, მეორე მხრივ, ძლიერი შფოთვა...“ „იმავე მოხსენებაში აღნიშნული იყო, რომ [ბიჭი იტანჯება] „მშობლებთან ემოციური ურთიერთობის დეფიციტით“ და აქვს „მამისა და მისი ოჯახის მიმართ პოზიტიური განწყობა“ განსაკუთრებით ბაბუის მიმართ (ნ. ჩ.).
სასამართლო, განსაკუთრებით ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ პატარა ლ.ჩ. გამოხატავს სურვილს იცხოვროს მამასა და მის ოჯახთან ერთად, ასევე უნდა რომ დედაც (გ. ს.) ცხოვრობდეს მათთან ერთად. სასამართლო ვერ მიიღებს მომჩივანი მხარის არგუმენტს, რომ ბავშვს ადაპტაციის სირთულეები აქვს იქიდან გამომდინარე, რომ დედისგან შორსაა და საქართველოში ცხოვრობს. ეს მოსაზრება არ არის გამყარებული რაიმე მტკიცებულებით და არ არის დასაბუთებული. მამის მხრიდან არის ყველა შესაძლო ზომის მიღების მცდელობა, რომ მიიღოს ყველა ღონისძიება, რათა უმკურნალოს [ბიჭის] ფსიქოლოგიურ
მდგომარეობას.
22. ბიჭის უკრაინაში დაბრუნებასთან დაკავშირებულ რისკებთან მიმართებაში
სასამართლომ განაცხადა:
„რამეთუ სასამართლო განიხილავს რომ ლ. ჩ - ს უკრაინაში დაბრუნება (მისი ახლანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით) გულისხმობს მის დაბრუნებას არაკომფორტულ გარემოში, რაც გამოიწვევს მის ფსიქოლოგიურ სტრესს და მოაქცევს ფსიქოლოგიური რისკის ქვეშ, იმ შემთხვევაშიც კი თუ ის უკრაინაში მამასთან ერთად დაბრუნდება, მამასა და მის ოჯახთან განშორება და მისი უკრაინაში დაბრუნება (ამ ეტაპზე) გამოიწვევს ბავშვის მენტალური სტატუსის გაუარესებას და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით აუცილებლად შექმნის რისკს [ბიჭისთვის] (მომჩივანმა ვერ შეძლო საწინააღმდეგოს დამტკიცება)“.
23. გადაწყვეტილება გაუქმდა 2011 წლის 27 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება ლ - ს უკრაინაში დაბრუნების შესახებ. სააპელაციო სასამართლომ გამოიკვლია, რომ ლ. დაბადებული იყო და ცხოვრობდა ხარკოვში, შესაბამისად, ის ადაპტირებული იყო უკრაინაში არსებულ გარემოსთან. მოგვიანებით ფსიქოლოგიური და სოციალური კეთილდღეობის მოხსენებების მიხედვით, ბიჭი იტანჯებოდა ადაპტაციის სირთულით და აკლდა მშობლებთან საკმარისი კომუნიკაცია. ამასთან დაკავშირებით სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ ლ - მ მართლაც მიიღო ფსიქოლოგიური ტრავმა თავისი დის უბედური შემთხვევით გარდაცვალების გამო, თუმცა იმავე მოხსენების მიხედვით, ის ასევე არსებული მდგომარეობითაც იტანჯებოდა. შესაბამისად, დედასთან დაბრუნება ბავშვის ინტერესებისთვის საუკეთესო იქნებოდა, სასამართლომ აღნიშნა:
„ზემოაღნიშნული დასკვნები ადასტურებს, რომ ბიჭის ახლანდელი მდგომარეობა რთული და ძნელად აღსაქმელია. შესაბამისად, ლ. ჩ - ს ინტერესების გათვალისწინებით, ვინაიდან არ არსებობს აშკარა რისკი მისი დედასთან დაბრუნების ნეგატიური გავლენისა, მიზანშეწონილი იქნებოდა მისი მშობელთან (მომჩივან გ. ს. - სთან) და ჩვეულ საცხოვრებელ ადგილთან დაბრუნება“.
24. რაც შეეხება ლ - ს დის სიკვდილს, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ
შესაბამისი სისხლის სამართლის სამართალწარმოება იქნა ჩატარებული და დასკვნის საფუძველზე ეს იყო ტრაგიკული შემთხვევა. სასამართლომ მოგვიანებით აღნიშნა ფსიქოლოგიურ ტრავმასთან დაკავშირებით, რომ ბიჭი იტანჯებოდა იმის შედეგად, რომ:
„....უკვე ტრავმირებული ბავშვი არ უნდა დააშორონ მშობლებს. ეს უნდა განხილულიყო, როგორც გადაწყვეტილება მიღებული ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. როგორც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში იქნა მითითებული, ლ. საქართველოში ჩამოსვლამდე მკურნალობდა დელფინოთერაპიული სარეაბილიტაციო პროგრამით, ამასთან მისი დედასთან ერთად დარჩენა ვერ იქნებოდა საზიანო ბავშვისთვის, რამეთუ დედა ფსიქიატრიული საავადმყოფოს ინტერნი იყო;“
25. გ. ჩ.- მ გაასაჩივრა გადაწყვეტილება და ამტკიცებდა, რომ სააპელაციო სასამართლომ ჰააგის კონვენციის და საქმის ფაქტების არასწორი განმარტება მოახდინა. 2012 წლის 22 აგვისტოს ზეპირი მოსმენის გარეშე უზენაესმა სასამართლომ მიიღო საჩივარი და ამგვარად შეცვალა 2011 წლის 27 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილება. ძირითად შენიშვნაში ინიცირებული სამართალწარმოების მიზანთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა შემდეგი:
„საჩივრის ძირითადი საგანია ბავშვის უკრაინაში დაბრუნება (ლ. ჩ.), რომელიც უკანონოდაა დატოვებული საქართველოში. საკასაციო სასამართლო ყურადღებას აქცევს კონვენციის შესავალში ჩამოყალიბებულ ანალიზს მის მიზნებთან დაკავშირებით, რომელთა საფუძველზეც ბავშვის ინტერესებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული საქმეების განხილვისას. ამავდროულად კონვენციის მაღალი ხელშემკვრელი მხარეები იღებენ ვალდებულებას უზრუნველყონ საერთაშორისო დაცვა ბავშვებისა რაიმე დამაზიანებელი გავლენისაგან მათი უკანონო გადაადგილების ან დაკავებისგან დასაცავად. შესაბამისად, ეს გულისხმობს, რომ პროცედურები დადგენილი და მოწოდებული კონვენციის მიერ, რომლის მიზანია უკანონოდ გადაადგილებული ან დაკავებული ბავშვის სასწრაფო წესით დაბრუნება მის ჩვეულ საცხოვრებელ ადგილას, ემსახურება ბავშვთა ინტერესების დაცვას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მოთხოვნის კანონიერების განხილვისას, რათა დასრულდეს ბავშვის უკანონო დაკავება, მიზანშეწონილად მიიჩნევს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ასევე გადაამოწმოს ბავშვის კონკრეტულად რა ინტერესების დაცვა მოხდება მისი დაბრუნების შემთხვევაში, რამაც სხვა ფაქტორებთან ერთად უნდა განაპირობოს ბავშვისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა. საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული ანალიზის საფუძველს პოულობს კონვენციის განსაკუთრებულ მუხლებში, რაც ზოგიერთ შემთხვევაში უფლებას აძლევს მიმღები სახელმწიფოს შესაბამის პირებს უარი განაცხადონ ბავშვის დაბრუნებაზე (კონვენციის მე-13 მუხლი);
26. უზენაესი სასამართლო შემდგომ ითვალისწინებს, რომ მომჩივანმა ვერ აჩვენა, რომ
ლ - ს დაბრუნება გატაცებამდელ სიტუაციაში შესაძლებელი იქნება მისი ინტერესებისთვის ზიანის მიყენების გარეშე. სასამართლომ დაადგინა:
„საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეხედულებას, რომლის
მიხედვითაც ლ. განიცდის მშობლებთან ურთიერთობის ნაკლებობას, შესაბამისად, იმისათვის რომ ბავშვი ჩამოყალიბდეს ბედნიერ და ჯანმრთელ პირად და დაცული იყოს მისი უფლებები, მისთვის აუცილებელია მშობლებთან ურთიერთობა. ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მსგავსი საქმის განხილვისას ყურადღება ნაწილობრივ უნდა მიექცეს გამონაკლისი გარემოებების გათვალისწინებას. მომჩივნის მტკიცებით კონვეციის 13.b მუხლის დარღვევას აქვს ადგილი (არსებობს სერიოზული რისკი, რომ ბავშვის დაბრუნების შემთხვევაში ბავშვი ფსიქიკური ან ფსიქოლოგიური ტრავმის რისკის ქვეშ იქნება, სხვანირად რომ ვთქვათ - გაუსაძლის პირობებში მოუწევს ცხოვრება) და აღნიშნავს, რომ გასაჩივრებულ სააპელაციო გადაწყვეტილებაში გამორჩენილია მთავარი მიზეზი, თუ რატომ გახდა აუცილებელი ლ. ჩ - ს დაეტოვებინა უკრაინა, ეს იყო მისი დის თ. ჩ-ს ტრაგიკული გარდაცვალება 2010 წლის ივლისში, რამაც ნეგატიური გავლენა იქონია ლ. ჩ-ს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე...
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგებს, რომელშიც ფსიქოლოგი სხვა დანარჩენ საკითხებთან ერთად ხაზს უსვამს ლ. ჩ - ს მაღალი ხარისხის ტრავმირებას მისი დის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. ამავდროულად ფსიქოლოგი აღნიშნავს, რომ ფსიქოლოგიური თვისებები აღმოჩენილი ბიჭის რეაქციებზე დაკვირვებისას დიდწილად გამოწვეულია გადატანილი ფსიქოლოგიური ტრავმითა და ახლანდელი გაურკვეველი მდგომარეობით. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლომაც ვერ აუარა გვერდი ფაქტს, რომ როგორც შედეგი თ. ჩ - ს გარდაცვალებისა (ლ. ჩ - ს დის), ეს უკანასკნელი ფსიქოლოგიური ტრავმის ქვეშ იმყოფება და 2010 წლის 16 ნოემბრის მონაცემებით აღრიცხვაზეა
ფსიქიატრიულ ინსტიტუტში. მიუხედავად ამისა, ზემოაღნიშნული გარემოებები არ აღმოჩნდა საკმარისი [სააპელაციო სასამართლოსთვის] ბიჭის დაბრუნებაზე უარის სათქმელად.
საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ სასამართლო დარწმუნდეს ბავშვის ჩვეულ საცხოვრებელ გარემოში დაბრუნების შესაძლებლობაში მისი ინტერესების დაზიანების გარეშე. საკასაციო სასამართლოს აზრით, მომჩივანმა სათანადოდ დაასაბუთა შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით ის რისკ ფაქტორები, რომლებიც კონვენციის ძირითად მიზნებთან შეუსაბამობაში მოდის, მაშინ როდესაც მოპასუხემ ვერ შეძლო დაესაბუთებინა უფრო მნიშვნელოვანი მიზანი, რომელსაც ემსახურებოდა უკანონო სიტუაციის დასრულება და {მან ასევე} ვერ აჩვენა, რომ ბავშვის უკრაინაში დაბრუნების შემთხვევაში მისი ინტერესები და უფლებები უარესად არ დაირღვეოდა. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტებზე კონვენციის ძირითადი დანიშნულება ბავშვთა ინტერესების დაცვაა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს მომჩივნის საჩივარს დასაბუთებულად.“
27. რომ შევაჯამოთ, ჰააგის კონვენციის 13.b მუხლის მიხედვით, უზენაესმა სასამართლომ გაითვალისწინა, რომ ჰააგის კონვენციის ძირითადი მიზანი ბავშვის ინტერესების დაცვა იყო, ამასთან ლ-ს უკრაინაში დაბრუნების შემთხვევაში, კარგად დასაბუთებული რისკ-ფაქტორების მხედველობაში მიღებით, აუცილებლად მიიჩნია გამონაკლისი დებულების გამოყენება.
28. საქმის მასალებში აღინიშნება, რომ გ. ჩ - მ არ მიიღო მონაწილეობა სასამართლო პროცესებში, ვინაიდან საქართველოში არ იყო. ლ. საქმის მასალების მიხედვით ამჟამად ცხოვრობს თბილისში ბიძასა და ბაბუასთან ერთად.
II შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა, საერთაშორისო სამართალი და პრაქტიკა
A. 1980 წლის 25 ოქტომბრის ჰააგის კონვენცია, ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტებზე
29. 1980 წლის 25 ოქტომბრის ჰააგის კონვენცის შესაბამისი ნაწილი, ბავშვთა
საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტებზე (ჰააგის კონვენცია) იკითხება შემდეგნაირად:
მუხლი 2
ხელშემკვრელი სახელმწიფოები ყველა სათანადო ზომას იღებენ თავიანთი ტერიტორიების ფარგლებში ამ კონვენციის მიზნების რეალიზაციის უზრუნველსაყოფად. ამ მიზნით ისინი იყენებენ ხელთ არსებულთაგან უსწრაფეს პროცედურებს.
მუხლი 3
ბავშვის გადაადგილება ან დაკავება არამართლზoმიერად უნდა ჩაითვალოს, როდესაც: ა) ეს წარმოადგენს დარღვევას მეურვეობის უფლებებისა, მიკუთვნებულისა პირისთვის, დაწესებულებისთვის ან სხვა ორგანოსთვის, ერთობლივად თუ ცალკე, იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით, რომელშიც ბავშვი ჩვეულებრივ ცხოვრობდა უშუალოდ გადაადგილებამდე ან დაკავებამდე; და ბ) გადაადგილების ან დაკავების დროისათვის ეს უფლებები რეალურად გამოიყენებოდა, ერთობლივად თუ ცალკე, ანდა ამგვარად გამოყენეული იქნებოდა, რომ არა გადაადგილება ან დაკავება.
ამ მუხლის „ა“ პუნქტში მოხსენიებული მეურვეობის უფლებანი შეიძლება, კერძოდ, წარმოიქმნას კანონის მოქმედების შედეგად, სასამართლო ან ადმინისტრაციული გადაწყვეტილების საფუძველზე, ანდა იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით კანონიერი ძალის მქონე შეთანხმების საფუძველზე.
მუხლი 11
ხელშემკვრელ სახელმწiფოთა სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანოები ოპერატიულად მოქმედებენ ბავშვების დასაბრუნებელი პროცედურების განხორციელებისას.
თუ შესაბამისი სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანო არ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმის გარჩევის დაწყების თარიღიდან ექვსი კვირის განმავლობაში, მომჩივანს ან მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს ცენტრალურ ორგანოს უფლება აქვს, საკუთარი ინიციატივით ან თუკი
ამას მოთხოვნის გამგზავნი სახელმწიფოს ცენტრალური ორგანო სთხოვს, მოითხოვოს ახსნა– განმარტება დაყოვნების მიზეზების თაობაზე. თუ პასუხი მიღებულ იქნა მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს ცენტრალური ორგანოს მიერ, ეს ორგანო გადაუგზავნის პასუხს, შემთხვევისდა მიხედვით, მოთხოვნის გამგზავნი სახელმწიფოს ცენტრალურ ორგანოს ან მომჩივანს .
მუხლი 12
როდესაც ბავშვი არამართლზომიერად არის გადაადგილებული ან დაკავებული მე–3 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში და იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს, სადაც ბავშვი იმყოფება, სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარჩევის დაწყების თარიღისთვის, გასულია ერთ წელზე ნაკლები ვადა არამართლზომიერი გადაადგილების ან დაკავების თარიღიდან, აღნიშნული ორგანო დაუყოვნებლივ იძლევა განკარგულებას ბავშვის დაბრუნების თაობაზე.
სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანო, მაშინაც კი, თუ საქმის გარჩევა დაიწყო წინა პუნქტში მოხსენიებული ერთწლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, აგრეთვე იძლევა განკარგულებას ბავშვის დაბრუნების თაობაზე, თუკი თვალნათლივ არ იქნა ნაჩვენები, რომ ბავშვი ამ დროისათვის ინტეგრირებულია თავის ახალ გარემოში.
მუხლი 13
მიუხედავად წინამავალი მუხლის დებულებებისა, მოთხონვის მიმღები სახელმწიფოს სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული არ არის, გასცეს განკარგულება ბავშვის დაბრუნების თაობაზე, თუკი პირი, დაწესებულება ან სხვა ორგანო, რომელიც მის დაბრუნებას ეწინააღმდეგება, დაადგენს, რომ:
ა) პირი, დაწესებულება ან სხვა ორგანო, რომლის მზრუნველობის ქვეშაც იმყოფება ბავშვის პიროვნება, რეალურად არ სარგებლობდა მეურვეობის უფლებებით გადაადგილების ან დაკავების დროისათვის, ანდა დაეთანხმა ან მოგვიანებით შეეგუა გადაადგილებას ან დაკავებას; ან
ბ) არსებობს იმის სერიოზული რისკი, რომ მისი დაბრუნება ბავშვს ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ საფრთხეს შექუმნის, ან სხვაგვარად ჩააყენებს ბავშვს აუტანელ მდგომარეობაში.
საამართლო ან ადმინისტრაციულ ორგანოს აგრეთვე შეუძლია უარი განაცხადოს ბავშვის დაბრუნების შესახებ განკარგულების გაცემაზე, თუკი იგი აღმოაჩენს, რომ ბავშვი მისი
დაბრუნების წინააღმდეგია და მან უკვე მიაღწია ისეთ წლოვანებას და მოწიფულობის ასაკს, როდესაც მიზანშეწონილია მისი აზრის გათვალისწინება. ამ მუხლში მოხსენიებული გარემოებების განხილვისას, სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოები მხედველობაში ღებულობენ ბავშვის სოციალურ ფონთან დაკავშირებულ ინფორმაციას, მიწოდებულს ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოს ცენტრალური ორგანოს ან სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ.
30. ელისა პერეზ-ვერას მიერ მომზადებული ჰააგის კონვენციის განმარტებითი მოხსენების შესაბამისი ნაწილი (შემდეგში „განმარტებითი მოხსენება“) გამოქვეყნებული ჰააგის კონფერენციაზე კერძო საერთაშორისო სამართალის შესახებ (HCCH) 1982 წელს, შემდეგი შინაარსისაა:
C. ბავშვის ინტერესების მნიშვნელობა
25. ამრიგად, კანონზომიერი იქნება დავასკვნათ, რომ კონვენციის ორივე მიზანი, ერთი პრევენციული, ხოლო მეორე მიმართული ბავშვის ჩვეულ გარემოში დაუყოვნებელი რეინტეგრაციისაკენ, მთლიანობაში პასუხობს "ბავშვის საუკეთეოს ინტერესის" კონცეფციას. თუმცა, ამ თვალსაზრისითაც კი, უნდა დავუშვათ, რომ ბავშვის გადაადგილება შეიძლება ზოგჯერ ობიექტური მიზეზებით იქნეს გამართლებული, რომლებიც უკავშირდება ან მის პიროვნებას ან მისთვის უახლოეს გარემოს. შესაბამისად, კონვენცია უშვებს ზოგიერთ გამონაკლისს უკანონოდ გადაადგილებული ან დაკავებული ბავშვების დაუყოვნებელ დაბრუნებასთან დაკავშირებით სახელმწიფოების მიერ აღებული ზოგადი ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით. მეტწილად ეს გამონაკლისები წარმოადგენს მხოლოდ კონკრეტულ გამოხატულებას იმ მეტისმეტად განუსაზღვრელი პრინციპისა, რომელლითაც გაცხადებულია, რომ ბავშვის ინტერესების დაცვა წარმმართველი კრიტერიუმია ამ სფეროში.
D. გამონაკლისების დაშვება ბავშვის დროული დაბრუნების უზრუნველსაყოფად
34. დასკვნა . . . აუცილებლად გვეჩვენება ხაზგასმა, რომ სამი ტიპის გამონაკლისი ბავშვის დაბრუნების წესიდან გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ ამგვარი სახით და არა უფრო ფართოდ. აქ, უპირველს ყოვლისა, იგულისხმება ის, რომ ისინი შეზღუდულად უნდა იქნეს გამოყენებული, თუ არ გვინდა, რომ კონვენცია ქაღალდის ნაგლეჯად იქცეს. რეალურად, კონვენცია მთლიანობაში ეფუძნება ბავშვის უკანონო გადაადგილების აღკვეთაზე საერთო თანხმობას და იმ რწმენას, რომ ამ პრობლემის საერთაშორისო მასშტაბით დასაძლევად საუკეთესო მეთოდია, არ იქნეს აღიარებული ამ გადაადგილების სამართლებრივი შედეგები. ...აღნიშნული გამონაკლისების სისტემატური მოხმობა და ამით ბავშვის ჩვეული საცხოვრებელი ადგილის სასამართლოს ჩანაცვლება გამტაცებლის მიერ არჩეული სასამართლოთი, დაარღვევს კონვენციის მთელ სტრუქტურას და გამოაცლის მას ორმხრივი ნდობის სულს, რასაც იგი ეფუძნებოდა.
მუხლი 11 - დაჩქარებული პროცედურების გამოყენება სასამართლო თუ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ
104. ამ კონვენციაში დროის ფაქტორის მნიშვნელობა კვლავ წარმოჩინდება ამ მუხლში. თუ კონვენციის მე-2 მუხლი ავალდებულებს ხელშემკვრელ მხარეებს, გამოიყენონ სასწრაფო პროცედურები, ამ მუხლის 1-ლი პუნქტი იმეორებს ამ ვალდებულებას იმ სახელმწიფოს ორგანოების მიმართ, სადაც ბავშვი იქნა წაყვანილი და რომელთაც უნდა მიიღონ გადაწყვეტილება მისი დაბრუნების შესახებ. ამ ვალდებულებას ორმაგი ასპექტი აქვს: ერთი მხრივ, სასამართლო სისტემაში დანერგილი ყველაზე სწრაფი პროცედურების გამოყენება; მეორე მხრივ, აღნიშნული განცხადებების შეძლებისდაგვარად პრიორიტეტული განხილვა.
105. იმ მიზნით, რომ სახელმწიფოს შიდა ორგანოებმა მაქსიმალური უპირატესობა მიანიჭონ ბავშვების საერთაშორისო მასშტაბით გადაადგილების გამო წამოჭრილი პრობლემების გადაწყვეტას, მე-2 პუნქტი აწესებს არასავალდებულო ექვსკვირიან ვადას, რომლის ამოწურვის შემდეგაც მომჩივანს ან მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს ცენტრალურ ორგანოს შეუძლიათ მოითხოვონ დაგვიანების მიზეზების განმარტება. უფრო მეტიც, როდესაც მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს ცენტრალური ორგანო მიიღებს პასუხს, ის კვლავაც ვალდებული იქნება გადასცეს ინფორმაცია ან მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს ცენტრალურ ორგანოს ან მომჩივანს , თუ ამ უკანასკნელმა უშუალოდ მიმართა მას. ამ დებულების მნიშვნელობა უნდა გაიზომოს არა ვალდებულებების შესრულების მომთხოვნელობის თვალსაზრისით, არამედ თავად იმ ფაქტით, რომ იგი კომპეტენტური ორგანოების ყურადღებას მიაპყრობს აღნიშნულ სიტუაციებში დროის ფაქტორის გადამწყვეტ ხასიათს; ამასთანავე იგი აწესებს იმ მაქსიმალურ ვადას, რომელიც შეიძლება დასჭირდეს ამ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებას.
მუხლი 13 და 20 - შესაძლო გამონაკლისები ბავშვის დაბრუნებასთან დაკავშირებით
114. მე-13 მუხლს რაც შეეხება, პირველი პუნქტის შესავალ ნაწილში ხაზგასმულია, რომ „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში მითითებული გარემოებების მტკიცების ტვირთი ეკისრება იმას, ვინც ეწინააღმდეგება ბავშვის დაბრუნებას. ანუ აქ ნაგულისხმევი პირი, ორგანიზაცია ან ინსტიტუტი ყოველთვის შეიძლება არ იყოს გამტაცებელი.
31. 2003 წელს HCCH-მ გამოაქვეყნა „ბავშთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების 1980 წლის 25 ოქტომბრის ჰააგის კონვენციის საუკეთესო პრაქტიკის სახელმძღვანელოს“ II ნაწილი. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად განკუთვნილი იყო ახალი ხელშემკვრელი სახელმწიფოებისთვის, ვალდებულების დაკისრების გარეშე, განსაკუთრებით სასამართლო ხელისუფლების მიმართ, ამ დოკუმენტის მიზანია ხელი შეუწყოს კონვენციის იმპლემენტაციას სხვადასხვა რეკომენდაციებისა და ახსნა- განმარტებების შეთავაზებით. სახელმძღვანელოში არაერთხელ არის ხაზგასმული განმარტებითი ბარათის მნიშვნელობა, რათა თანამიმდევრულად და სწორად იქნეს გაგებული 1980 წლის კონვენცია. ამასთან, ის ასევე აღნიშნავს, რომ იურიდიული და ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებული არიან დაამუშაონ და დააჩქარონ დაბრუნებასთან დაკავშირებული საჩივრების პროცედურები. დაჩქარებული პროცედურა ამასთან უნდა იყოს ეფექტურიც და შეესაბამებოდეს კონვენციის პრინციპებს, რაც თავის მხრივ ემსახურება ბავშვის ინტერესის მაქსიმალურ დაცვას.
B. ბავშვის უფლებათა საერთაშორისო კონვენცია
32. ბავშვის უფლებათა შესახებ გაერთიანებული ერების კონვენციის (“the CRC”), (ხელმოწერილი ნიუ-იორკში 1989 წლის 20 ნოემბერს) შესაბამისი დებულებები შემდეგი შინაარსისაა:
პრეამბულა
წინამდებარე კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები,. . . . .
დარწმუნებული არიან, რომ ოჯახი, როგორც საზოგადოების ძირითადი უჯრედი და ბუნებრივი გარემოცვა ყველა მისი წევრისა და განსაკუთრებით ბავშვების აღზრდისა და კეთილდღეობისათვის უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ საჭირო დაცვითა და ხელშეწყობით, რათა შეეძლოთ მთლიანად იკისრონ ვალდებულებანი საზოგადოების ფარგლებში,
აღიარებენ, რომ ბავშვი, მისი პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის, უნდა იზრდებოდეს ოჯახურ გარემოცვაში, ბედნიერების, სიყვარულისა და გაგების ატმოსფეროში,
აღიარებულია, რომ ბავშვს სრული ჰარმონიული განვითარებისთვის ესაჭიროება ოჯახური
გარემო, ბედნიერი ატმოსფერო, სიყვარული და ურთიერთგაგება. . .. შევთანხმდით შემდგომზე. . .
მუხლი 7
1. ბავშვი რეგისტრირდება დაბადებისთანავე და დაბადების მომენტიდან აქვს ... უფლება, იცნობდეს თავის მშობლებს, და მათი მხრიდან ზრუნვის უფლება...
მუხლი 9
1. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ განშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ...
მუხლი 18
1. მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი
პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია....
33. N14 ზოგად კომენტარში ბავშვის უფლების შესახებ, პრიორიტეტულად იყოს მხედველობაში მიღებული მისი საუკეთესო ინტერესები, გამოქვეყნებული 2013 წლის 29 მაისს (CRC/C/GC/14), სადაც ბავშვთა უფლებების კომიტეტმა განაცხადა:
6. კომიტეტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბავშვის ინტერესთა დაცვა სამმაგი კონცეფციაა:
ა) მატერიალური უფლება: ბავშვის უფლება, შეფასებული იყოს მისი საუკეთესო ინტერესები და სხვა ინტერესების არსებობის შემთხვევაში მიჩნეულ იქნეს უპირატესად, იმისათვის, რომ მიღწეულ იქნეს გადაწყვეტილება განსახილველ საკითხზე და გარანტიირებული იყოს, ამ უფლების იმპლემენტაცია ბავშვთან, ბავშვთა განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ჯგუფის, ან ზოგადად ბავშვებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას...
ბ) ფუნდამენტური, განმარტებითი სამართლებრივი პინციპი: თუ სამართლებრივი დებულება იძლევა ერთზე მეტი განმარტების საშუალებას, უნდა იქნეს გამოყენებული ის განმარტება, რომელიც ყველაზე მეტად ემსახურება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს;
გ) პროცედურული წესი: როდესაც მისაღებია გადაწყვეტილება, რომელიც ეხება ბავშვს, ბავშვთა განსაზღვრულ ჯგუფს, ან ზოგადად ბავშვებს, გადაწყვეტილების მიღების პროცესი უნდა მოიცავდეს ამ კონკრეტული გადაწყვეტილების შესაძლო ზეგავლენის (დადებითი ან უარყოფითი) შეფასებასაც. ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება და განსაზღვრა საჭიროებს პროცედურულ გარანტიებს. უფრო მეტიც - გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა აჩვენებდეს, რომ ეს უფლება პირდაპირ იქნა გათვალისწინებული. ამასთან მიმართებით, ხელშემკვრელმა სახელმწიფოებმა უნდა ახსნან, რა ფორმით იქნა ეს უფლება გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, ანუ რა მიიღეს მხედველობაში ბავშვის საუკეთესო ინტერესების გასათვალისწინებლად; რა კრიტერიუმზე დაყრდნობით და როგორ შეფასდა ბავშვის ინტერესები სხვა გარემოებებთან მიმართებით, იყო ისინი რა პოლიტიკის ზოგადი საკითხები, თუ ინდივიდუალური საქმეები.....
32. ბავშვის საუკეთესოს ინტერესის კონცეფცია კომპლექსურია და მისი შინაარსი თითოეული შემთხვევისთვის ინდივიდუალურად უნდა განისაზღვროს. კონვენციის 3.1 მუხლის კონვენციის სხვა ნორმებთანშესაბამისობაში განმარტებისა და იმპლემენტაციის გზით კანონმდებელი, მოსამართლე, ადმინისტრაციული, სოციალური და საგანმანათლებლო ორგანო შეძლებენ დააზუსტონ კონცეფცია და მიიღონ მისგან კონკრეტული სარგებელი. შესაბამისად, ბავშვის ინტერესთა დაცვის კონცეფცია მოქნილი და ადაპტირებადია. მისი მორგება და განსაზღვრა ხდება ინდივიდუალურად, ბავშვის ან ბავშვების სპეციფიური ვითარების შესაბამისად, მათი კონკრეტული პერსონალური კონტექსტისს, ვითარებისა და საჭიროებების მიხედვით. ინდივიდუალური გადაწყვეტილების მისაღებად, ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა შეფასდეს და განისაზღვროს თითოეული ბავშვის სპეციფიური გარემოებების გათვალისწინებით.
33. ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა გავრცელდეს ყველა შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება ბავშვს ან ბავშვებს და გათვალისწინებულ იქნეს ნებისმიერი შესაძლო კონფლიქტის გადაწყვეტისას, ამ კონვენციით დაცულ უფლებასა და ადამიანის უფლებათა სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებით დაცულ უფლებას შორის. ყურადღება უნდა გამახვილდეს იმგვარი გამოსავლის იდენტიფიცირებაზე, რომელიც ბავშის საუკეთესო ინტერესს ემსახურება.
(c) ოჯახური გარემოს დაცვა და ურთიერთობების შენარჩუნება
58. კომიტეტი მიუთითებს, რომ აუცილებელია შეფასდეს და განისაზღვროს ბავშვის საუკეთესო ინტერესები, ბავშვის მშობლებისგან პოტენციური გამოყოფის კონტექსტში.
60. ოჯახის დაშლის თავიდან აცილება და მისი ერთიანობის უზრუნველყოფა ბავშვის დაცვის სისტემის მნიშვნელოვანი კომპონენტებია და ეფუძნება 9.1 მუხლში მითითებულ უფლებას, რომელიც მოითხოვს: „ბავშვი არ უნდა იქნეს მოცილებული თავის მშობლებს მათი ნების საწინააღმდეგოდ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც [.....] ამგვარი დაშორება მშობლებთან აუცილებელია თავად ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველსაყოფად“. მეტიც, ბავშვს, რომელიც მოშორებულია ერთ ან ორივე მშობელს უფლება აქვს „შეინარჩუნოს ურთიერთობა და პირდაპირი კავშირი ორივე მშობელთან რეგულარულად, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს“ (მუხლი 9.3). ეს ასევე ვრცელდება ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც მეურვეობის უფლებას ახორციელებს, კანონისმიერ ან ჩვეულებით მზრუნველებზე, მშვილებლებსა და ყველა იმ პირზე, ვისთანაც ბავშვს აქვს ახლო ურთიერთობა.
61. იმის გათვალისწინებით, თუ რაოდენ მძიმე ზეგავლენა აქვს ბავშვზე მშობლებისგან განცალკევებას, განცალკევების გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნას, როგორც უკიდურესი ზომა, როდესაც ბავშვს მშობლებთან დარჩენით ემუქრება გარდაუვალი ზიანის საფრთხე ან სხვაგვარად აუცილებელია. მშობლებისგან განცალკევება არ უნდა განხორციელდეს, თუკი ნაკლებ მზღუდავი ღონისძიება უზრუნველყოფს ბავშვის დაცვას...“
С. შესაბამისი ქართული კანონმდებლობა
34. 2011 წლის 21 ივნისს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ჩაემატა ახალი თავი არამართლზომიერად გადაადგილებული ან დაკავებული ბავშვების საქმეების განხილვასთან დაკავშირებით. ახალი თავი აღწერს არამართლზომიერად გადაადგილებულ ან დაკავებულ ბავშვთა დაბრუნებასთან დაკავშირებით მოთხოვნის წარდგენის პროცედურებს და ფორმებს. ამ თავის შესაბამისი მუხლი ვადებთან დაკავშირებით შემდეგი შინაარსისაა:
მუხლი 351 (14) სასამართლოს ვადები
1. „სასამართლო არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნების ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დაჩქარებული წესით, საქმის წარმოებაში მიღებიდან ექვსი კვირის განმავლობაში.“
კანონმდებლობა
I. კონვენციის მე-8 მუხლის სავარაუდო დარღვევა
35. მომჩივანს ჰქონდა პრეტენზია, რომ საქართველოს სასამართლოებმა უარი განუცხადეს მისი შვილის უკრაინაში დაბრუნების ბრძანების გაცემის თხოვნაზე, ასევე მას ჰქონდა პრეტენზია დაბრუნების პროცედურების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით. ის დაეყრდნო კონვენციის მე-8 მუხლს, რომელიც შემდეგი შინაარსისაა:
მუხლი 8
1. „ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მის პირად მიმოწერას“
2. „დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების,საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალის, ანდა სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.“
A. მისაღებობა
36. სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს საჩივარი არ არის დაუსაბუთებული კონვენციის 35
§ 3 (a) მუხლის შესაბამისად და არ არსებობს რაიმე საფუძველი, რომ ის მიუღებლად იქნეს მიჩნეული, შესაბამისად საჩივარი მისაღებია.
B. არსებითი მხარე
1. მხარეთა არგუმენტები
a) მთავრობა
37. მთავრობა თავიდანვე ამტკიცებდა, რომ ლ-ს თავდაპირველი გადაადგილება უკრაინიდან არ იყო არამართლზომიერი ჰააგის კონვენციის მიზნებისთვის, რამეთუ მომჩივანმა თავად განაცხადა თანხმობა ლ-ს გამგზავრებაზე 2010 წლის 30 ივლისიდან 2011 წლის 28 თებერვლამდე პერიოდში. შემდგომში მათ განაცხადეს, რომ მომჩივნის ოჯახურ ცხოვრებაში ჩარევა მისი ვაჟის საქართველოში დაკავების სახით, ასევე სამართლებრივად საფუძვლიანი იყო, კერძოდ ჰააგის კონვენციის 13.b მუხლის თანახმად ეს ქმედება ემსახურებოდა კანონიერ მიზანს და იცავდა ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. კერძოდ, მათი მსჯელობა შეესაბამებოდა პირველი ინსტანციის და უზენაესი სასამართლოს არგუმენტს, რომ თუ ბავშვს უკრაინაში დააბრუნებდნენ, ამით მას ფსიქოლოგიურ ზიანს მიაყენებდნენ. მთავრობა ხაზს უსვამდა, რომ ეროვნული სასამართლოები დაეყრდნენ საქმის მტკიცებულებებს, მათ შორის ორი სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის დასკვნას, წარმოებულს შესაბამისი ორგანოს მიერ ბავშვის საერთო მდგომარეობისა და ემოციური მდგომარეობის შესახებ, ასევე ფსიქოლოგის მიერ მოწოდებულ მტკიცებულებას ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ. ამ დასკვნების საფუძველზე მათ მიიჩნიეს, რომ ლ-ს მამასთან დაშორება გამოიწვევს მისი ფსიქოლოგიური ტრავმის გამწვავებას და შესაბამისად, არ ემსახურებოდა ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.
38. რაც შეეხება სამართალწარმოების ხანგრძლივობას, მთავრობა ამტკიცებდა, რომ საქმის სირთულის გათვალისწინებით არ შეიძლება ითქვას, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ არ იმოქმედა საკმარისად სწრაფად. მთავრობამ მაგალითად მოიყვანა ერთი მხრივ, სოციალური კეთილდღეობის ანგარიში და ფსიქოლოგის დასკვნა, რომელიც უშუალოდ ლ-ს ქცევაზე დაკვირვების შედეგად შეიქმნა, ხოლო მეორე მხრივ, აღინიშნა, რომ ეროვნული სასამართლოების მხრიდან აღსანიშნავი უმოქმედობის პერიოდი შენიშნული არ ყოფილა. მთავრობა აცხადებდა, რომ მათ სრულად შეასრულეს კონვენციის მე-8 მუხლის საფუძველზე წარმოქმნილი პოზიტიური ვალდებულება მომჩივნის მიმართ.
39. დამატებით სამთავრობო პოზიციაში მთავრობა აცხადებს, რომ გ. ჩ.- ს საცხოვრებელი ადგილი არარელევანტური იყო დაბრუნების პროცედურების წარმოებისთვის ჰააგის კონვენციის მიხედვით, რამეთუ ამ პროცესის ერთადერთი მიზანი იმის იდენტიფიცირება იყო, თუ რამდენად მიადგებოდა ლ- ს ფსიქიკას ზიანი უკრაინაში დაბრუნების შემთხვევაში. მოგვიანებით მათ ხაზი გაუსვეს, რომ სოციალური კეთილდღეობის ანგარიშისა და ფსიქოლოგის დასკვნის მიხედვით ლ. ცხოვრობდა უსაფრთხო და თბილ გარემოში და არ სურდა უკრაინაში დაბრუნება, შესაბამისად მთავრობა თვლიდა, რომ მისი დაბრუნება დამატებით ტრავმას გამოიწვევდა.
b) მომჩივანი
40. მომჩივანმა გაასაჩივრა ეროვნული სასამართლოს დასაბუთება, რომელსაც მთავრობა დაეყრდნო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე, იმასთან დაკავშირებით, რომ მის ოჯახურ ცხოვრებაში ჩარევა კანონიერი იყო ჰააგის კონვენციის 13.b მუხლის მიხედვით. ის ამტკიცებდა, რომ სასამართლოებმა არ გააკეთეს ღრმა ანალიზი მისი ოჯახური მდგომარეობისა და სხვადასხვა ინტერესთა შორის ვერ უზრუნველყვეს სწორი ბალანსი ბავშვის ინტერესების დაცვის კუთხით. ამასთან დაკავშირებით მისი არგუმენტი იყო სამმაგი: პირველ რიგში სასამართლომ უგულებელყო ის ფაქტი, რომ ლ. რეალურად საქართველოში ცხოვრობდა ბიძასა და ბაბუასთან, რომლებიც უვლიდნენ მას მამის არყოფნის პერიოდში. არცერთ მათგანს არ ჰქონდათ მეურვეობის უფლება ბიჭზე. მეორე, როდესაც გაკეთდა დასკვნა, რომ უკრაინაში ბიჭს ელოდა ფსიქოლოგიური ტრავმა, არ იქნა მხედველობაში მიღებული უკრაინაში ბავშვის საცხოვრებელი პირობები, ამასთან არც ის გაითვალისწინეს, რომ მომჩივანი მოქმედი ფსიქიატრია და შესაბამისად შეუძლია შვილს სათანადო სამედიცინო დახმარება გაუწიოს. და ბოლოს, არ არსებობდა უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ ლ.-ს ნამდვილად უტარდებოდა საქართველოში ფსიქიატრიული მკურნალობა. ნებისმიერ შემთხვევაში მას უკრაინაშიც შეეძლო მკურნალობის გაგრძელება.
2. სასამართლოს შეფასება
a. ზოგადი პრინციპები
41. საქმეებში ნეულინგერი და შურუქი შვეიცარიის წინააღმდეგ (Neulinger and Shuruk v. Switzerland) [დიდი პალატა], #41615/07, §§ 131-140, ECHR 2010) და X ლატვიის წინააღმდეგ (X v. Latvia) [დიდი პალატა], # 27853/09, §§ 92-108, ECHR 2013), სასამართლომ ჩამოაყალიბა მთელი რიგი პრინციპებისა, რომლებიც დამკვიდრდა სასამართლოს პრეცედენტული სამართლით, ბავშვთა საერთაშორისო გატაცების საკითხთან დაკავშირებით:
42. ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სფეროში ხელშემკვრელ მხარეებზე კონვენციის მე-8 მუხლით დაკისრებული ვალდებულებები, უნდა განიმარტოს ჰააგისა და 1989 წლის 20 ნოემბერის ბავშვის უფლებათა კონვენციის, ასევე საერთაშორისო სამართლის შესაბამისი წესებისა და პრინციპების მოთხოვნათა ჭრილში, რომლებიც ვრცელდება ხელშემკვრელ მხარეთა შორის ურთიერთობებზე.
43. გადამწყვეტია საკითხი, დაცული იყო თუ არა სამართლიანი ბალანსი საპირისპირო ინტერესებს შორის: კერძოდ, ბავშვის, ორი მშობლისა და საზოგადოებრივ წესრიგს შორის, მსგავს საკითხებში სახელმწიფოებისთვის მინიჭებული თავისუფალი შეფასების ფაგლებში, თუმცა ამავდროულად იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესი უპირატესად გასათვალისწინებელია და რომ პრევენციისა და დაუყოვნებელი დაბრუნების მიზნები თანხვედრაშია „ბავშვის საუკეთესო ინტერესის“ სახასიათო კონცეფციასთან.
44. არსებობს ფართო კონსენსუსი, მათ შორის საერთაშორისო სამართალში, რომ ბავშვებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას ბავშვის საუკეთესო ინტერესი უპირატესია. იგივე ფილოსოფიაა გატარებული ჰააგის კონვენციაში, რომელიც ამ ინტერესს აიგივებს status quo-ს აღდგენასთან, არამართლზომიერი გატაცების შემთხვევაში ბავშვის ჩვეულ საცხოვრებელ ქვეყანაში დაუყოვნებლივ დაბრუნების გზით, ამავდროულად იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ბავშვის დაუბრუნებლობა საკუთარ ქვეყანაში გამართლებული იყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისი ობიექტური მიზეზებით, რაც თავის მხრივ ხსნის გამონაკლისების არსებობას, განსაკუთრებით როცა ბავშვის დაბრუნებას ახლავს ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანის დიდი რისკი, ან როდესაც ბავშვი აღმოჩნდება გაუსაძლის პირობებში (მუხლი 13.1.b);
45. ბავშვის ინტერესი აერთიანებს ორ მხარეს. ერთი მხრივ, ის განსაზღვრავს, რომ ბავშვის კავშირი ოჯახთან უნდა შენარჩუნდეს, გარდა იმ შემთხვევისა როცა ოჯახი შეფასებულია განსაკუთრებით შეუსაბამოდ. იგულისხმება, რომ ოჯახური კავშირი შეიძლება გაწყდეს მხოლოდ მეტად საგამონაკლისი გარემოებებში და რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს პირადი ურთიერთობების შესანარჩუნებლად და თუ შესაძლებელია მოხდეს ოჯახის
„აღდგენა“. მეორე მხრივ, ბავშვის ინტერესებში აუცილებლად შედის ჯანსაღ გარემოში განვითარება და მშობელს არ შეუძლია იმ ღონისძიებების გატარება მე-8 მუხლზე დაყრდნობით, რომლებიც ავნებს ბავშვის ჯანმრთელობას და განვითარებას;
46. ჰააგის კონვენციის საფუძველზე დაბრუნების მოთხოვნის კონტექსტში, რომელიც შესაბამისად გამიჯნულია მეურვეობასთან დაკავშირებული სამართალწარმოებისაგან, ბავშვის საუკეთესო ინტერესის კონცეფცია უნდა შეფასდეს ჰააგის კონვენციით დაშვებული გამონაკლისების ჭრილში, რომელიც ეხება დროის გასვლას (მუხლი 12), კონვენციის გამოყენების პირობებს (მუხლი 13.a) და „სერიოზული რისკის“ არსებობას (მუხლი 13.b), ასევე, მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვასთან დაკავშირებულ ძირითად პრინციპებთან შესაბამისობა (მუხლი 20). ეს დავალება პირველ რიგში ეკისრება მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს ეროვნულ ორგანოებს, რომელთაც აქვთ, სხვა დანარჩენთან ერთად, მხარეებთან პირდაპირი ურთიერთობის უპირატესობა. მე-8 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების დროს, ეროვნული სასამართლოები სარგებლობენ თავისუფალი შეფასების ფარგლებით, რომელიც თავის მხრივ ექვემდებარება ევროპულ ზედამხედველობას. მაშასადამე, სასამართლო კომპეტენტურია განიხილოს ეროვნული სასამართლოების მიერ ჩატარებული პროცედურა, კერძოდ დაადგინოს ეროვნული სასამართლოები ჰააგის კონვენციის გამოყენებისა და განმარტების დროს რამდენად იცავდნენ კონვენციით დადგენილ გარანტიებს, განსაკუთრებით მე-8 მუხლთან დაკავშირებულს.
47. ევროპული კონვენციისა და ჰააგის კონვენციის ჰარმონიული განმარტება შესაძლებელია შემდეგი ორი პირობის დაცვით. პირველ რიგში, ფაქტორები რომლებიც შესაძლოა წარმოადგენდეს აღნიშნული კონვენციის მე-12, მე-13 და მე-20 მუხლების გათვალისწინებულ ბავშვის დაუყოვნებლივ დაბრუნების გამონაკლისებს და რომელზეც კონკრეტულად უთითებს სამართალწარმოების რომელიმე მხარე, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მოთხოვნის ადრესატმა სასამართლომ. ამ სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელშიც ამ არგუმენტთან დაკავშირებით ამომწურავი დასაბუთებაა მოცემული, რათა საშუალება მისცეს ევროპულ სასამართლოს დარწმუნდეს, რომ ეს საკითხები ეფექტურად იქნა განხილული. მეორეს მხრივ, აღნიშნული ფაქტორები უნდა შეფასდეს კონვენციის მე-8 მუხლის ჭრილში; და
48. ამ მხრივ კონვენციის მე-8 მუხლი ხელისუფლების ეროვნულ ორგანოებს აკისრებს კონკრეტულ პროცედურულ მოვალეობებს: ბავშვის დაბრუნების შესახებ მოთხოვნის განხილვისას, სასამართლომ არ უნდა განიხილოს მხოლოდ არგუმენტირებული მტკიცება ბავშვის დაუყოვნებლივ დაბრუნებასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, არამედ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამისი მიზეზების დასახელებით გამომდინარე საქმის კონკრეტული გარემოებებიდან. ორივე შემთხვევა, პროტესტების არ გათვალისწინება დაბრუნებასთან დაკავშირებით, რომლებსაც შეუძლიათ დაკვალიფიცირდნენ ჰააგის კონვენციის მე-12, მე-13 და მე-20 მუხლების ფარგლებში და გადაწყვეტილების შედეგად არასაკმარისი დასაბუთებით ამ პროტესტების უარყოფა ეწინააღმდეგება კონვენციის მე-8 მუხლის მოთხოვნებს, ისევე როგორც ჰააგის კონვენციის მიზანს და დანიშნულებას. აუცილებელია ამ არგუმენტების სათანადოდ გათვალისწინება, რომლებიც მოყვანილია ეროვნული სასამართლოების დასაბუთებაში და არაა ავტომატური და სტერეოტიპული, არამედ საკმარისად დეტალურია ჰააგის კონვენციის მიერ დაშვებულ გამონაკლისებთან მიმართებით. ეს ასევე საშუალებას მისცემს სასამართლოს, რომლის მოვალეობა არაა ეროვნული სასამართლოების ჩანაცვლება, განახორციელოს მასზე მინდობილი ევროპული ზედამხედველობა.
49. ზემოთ აღწერილ პრინციპებზე დამატებით, სასამართლომ რამდენჯერმე განაცხადა, რომ ოჯახური ცხოვრების ეფექტიანად დაცვა მოითხოვს, რომ მშობელსა და ბავშვს შორის მომავალი ურთიერთობის განსაზღვრას ყველა გარემოების შესაბამისი განსჯის საფუძველზე და არა უბრალოდ დროის გასვლით (იხ. მუმუსო და ვაშინგტონი საფრანგეთის წინააღმდეგ (Maumousseau and Washington) v. France , № 39388/05, § 73, 6 დეკემბერი, 2007; ლიპკოვსკი და მაკკორმაკი გერმანიის წინააღმდეგ (Lipkowsky and McCormack v. Germany) (განჩინება), № 26755/10, 18 იანვარი, 2011 და დიამანტე და პელიჩიონი სან მარინოს წინააღმდეგ (Diamante and Pelliccioni v. San Marino), №32250/08, § 177, 27 სექტემბერი 2011).
არაეფექტურმა და გარკვეულწილად შეყოვნებულმა სამართალწარმოებამ შეიძლება განაპირობოს კონვენციის მე-8 მუხლის პოზიტიური ვალდებულებებების დარღვევა (იხ. ებერჰარდი და M. სლოვენიის წინააღმდეგ (Eberhard and M. v. Slovenia), № 8673/05 და №9733/05, § 127, 1 დეკემბერი 2009, და S.I. სლოვენიის წინააღმდეგ (S.I. v. Slovenia) , № 45082/05, § 69, 13 October 2011), რადგან შეყოვნებულმა პროცედურამ შეიძლება მიგვიყვანოს საქმის „დე ფაქტო“ გადაწყვეტამდე (იხ. H. გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (H. v. the United Kingdom) , 8 ივლისი, 1987, § 89, Series A no. 120). შესაბამისად, საქმეებში, რომლებიც ეხება ადამიანის ურთიერთობას საკუთარ შვილთან, არსებობს განსაკუთრებული გულისხმიერების გამოჩენის ვალდებულება, იმ რისკის გათვალისწინებით, რომ დროის გასვლამ შეიძლება გამოიწვიოს საკითხის დე ფაქტო გადაწყვეტა. ეს ვალდებულება, რომელიც გადამწყვეტია საქმის გონივრულ ვადებში განხილვის პროცედურული მოთხოვნის შესრულების შეფასებისას, რასაც ითხოვს კონვენციის 6.1 მუხლი, ასევე წარმოადგენს მე-8 მუხლით ნაგულისხმევი პროცედურული მოთხოვნების ნაწილს (იხ. მაგალითად ზუსი გერმანიის წინააღმდეგ (Süß v. Germany), № 40324/98, § 100, 10 ნოემბერი, 2005, და სტრომბლადი შვედეთის წინააღმდეგ (Strömblad v. Sweden), № 3684/07, § 80, 5 აპრილი, 2012).
b. ამ პრინციპების გავრცელება წინამდებარე საქმეზე
50. [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლო პირველ რიგში განიხილავს, ეროვნული სასამართლოს დასკვნის მიხედვით, რომ ლ - ს საქართველოში მოგზაურობა არ იყო არამართლზომიერი, გამომდინარე იქიდან, რომ მომჩივანი დაეთანხმა [მის გამგზავრებას], ხოლო ბიჭის საკუთარ საცხოვრებელ ადგილას არ დაბრუნება არამართლზომიერი იყო ჰააგის კონვენციის მე-3 მუხლის მიხედვით. ის შემდეგ აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ და საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, თბილისის სააპელაციო სასამართლოსგან განსხვავებით მიიჩნიეს, რომ ბიჭის უკრაინაში დაბრუნება მას დააყენებდა ფსიქოლოგიური ზიანის რისკის ქვეშ ჰააგის კონვენციის 13.b მუხლის მნიშვნელობით.
51. სასამართლო ეთანხმება მთავრობას, რომ მომჩივნის ოჯახური ცხოვრების უფლებაში ჩარევა კანონით იყო გათვალისწინებული, კერძოდ კი, ჰააგის კონვენციის 13.b მუხლით, რომელიც საქართველოსთან მიმართებით ძალაში შევიდა 1997 წლის 1 ნოემბერს, და ემსახურებოდა ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის ლეგიტიმურ მიზანს. თუმცა, სასამართლომ პირველ რიგში უნდა გაარკვიოს, იყო თუ არა ჩარევა „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“ კონვენციის 8.2 მუხლის მიზნებისთვის, ჰააგის კონვენციის ჭრილში განმარტებით.
ამ მიზნით სასამართლო, ზემოთ აღნიშნული მთავარი პრინციპების მხედველობაში მიღებით (იხილეთ პარაგრაფები 41-49 ზემოთ) პირველ ყოვლისა გამოიკვლევს, დასკვნა იმის თაობაზე, რომ ბავშვის უკრაინაში დაბრუნება მას ზიანის მიყენების სერიოზული რისკის წინაშე დააყენებდა, გამყარებული იყო თუ არა რელევანტური და საკმარისი საფუძვლებით და [საქმისათვის] რელევანტური ფაქტორები შეფასდა თუ არა კონვენციის მე-8 მუხლის ჭრილში (იხილეთ 47-48 პარაგრაფები ზემოთ); ხოლო მეორე რიგში, ეროვნულმა სასამართლოებმა გამოიჩინეს თუ არა საკმარისი გულისხმიერება ჰააგის კონვენციის საფუძველზე დაუყოვნებელი დაბრუნების პროცედურების ჩატარებისას (იხილეთ,48-ე პარაგრაფი ზემოთ).
52. სასამართლო გააკეთებს შეფასებას შესაბამისი ეროვნული დონის გადაწყვეტილებების მიღების დროს არსებული ვითარების გათვალისწინებით (იხილეთX. ლატვიის წინააღმდეგ (X. v. Latvia), ციტირებულია მაღლა, § 109).
i. ბავშვის დაბრუნებაზე უარის თქმის საფუძვლები
53. [ბავშვის] დაბრუნებასთან დაკავშირებით პირველი და საკასაციო ინსტანციების დასაბუთების ძირითადი ხაზი გადიოდა ლ-ს დის გარდაცვალებაზე და ამის შედეგად ბავშვის მიერ მიღებულ ფსიქოლოგიურ ტრავმაზე. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაასკვნა, რომ მომჩივნის ფსიქოლოგიური ტრავმის გათვალისწინებით, მისი უკრაინაში დაბრუნება გამოიწვევდა მისთვის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანის მიყენებას, ან ჩააგდებდა მას სხვაგვარ აუტანელ მდგომარეობაში (იხილეთ მე-20 პარაგრაფი ზემოთ). იგივე მსჯელობაზე დაყრდნობით უზენაესმა სასამართლომ დაასკვნა, რომ გ.ჩ-მ შესაბამისი მტკიცებულებების დემონსტრირებით, დაასაბუთა ის რისკი, რომელიც ბიჭს ელოდა უკრაინაში დაბრუნების შემთხვევაში, ხოლო მომჩივნის მცდელობა, გაებათილებინა რისკები, იმ უპირატესობების ჩვენებით, რაც გამოიხატებოდა ბიჭის გატაცებამდელ გარემოში დაბრუნებით, წარუმატებელი იყო (იხილეთ 26-ე პარაგრაფი ზემოთ).
54. სასამარლო ეთანხმება ეროვნულ სასამართლოებს, რომ ლ-ს მიერ დის გარდაცვალებით მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმა ბიჭის დაბრუნების საკითხის განხილვისას გასათვალისწინებელი მნიშვნელოვანი ფაქტორია. მართლაც, სწორედ ეს ტრაგიკული ინციდენტი იყო დედის თანხმობით, ბიჭის საქართველოში გამგზავრების უმთავრესი მიზეზი. თუმცა, სასამართლოსთვის არადამაჯერებელი აღმოჩნდა უზენაესი სასამართლოს შემდგომი მსჯელობა, რის შედეგადაც დაასკვნეს, რომ სახეზე იყო ბავშვისთვის სერიოზული რისკი უკრაინაში დაბრუნების შემთხვევაში. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მამამ კარგად დაასაბუთა უკრაინაში დაბრუნების შემთხვევაში ლ-სთან მიმართებით არსებული რისკები.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ [უზენაესმა სასამართლომ] გამოიყენა ზოგადი ფრაზები, როგორიცაა „ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანი“ ან „სხვაგვარად აუტანელი ვითარება“ (იხილეთ25-26 პარაგრაფები ზემოთ), მან ვერ ახსნა კონკრეტულად რა წარმოადგენდა ამ რისკებს. აღსანიშნავია, რომ მამა, ეროვნული სასამართლოს წინაშე არ ამტკიცებდა, რომ თვითონ მომჩივანი წარმოადგენდა საფრთხეს ბიჭისთვის (იხ, საპირისპირო წყარო, X ლატვიის წინააღმდეგ (X v. Latvia), ციტირება მაღლა, §§ 23 და 116). მიუხედავად იმისა, რომ ლ-ს ბიძამ გააჟღერა შეშფოთება სოციალური სამსახურის თანამშრომლებთან, მომჩივნის მხრიდან უყურადღებობასთან დაკავშირებით (იხილეთ მე-16 პარაგრაფი ზემოთ), გასათვალისწინებელია, რომ შესაბამისი სამართალწარმოების შედეგად უკრაინაში დადგინდა, რომ ლ - ს დის გარდაცვალება იყო ტრაგიკული შემთხვევა (იხილეთ 24-ე პარაგრაფი ზემოთ).
55. ასევე, საქმეში არ არსებობდა ექსპერტის დასკვნა იმის თაობაზე, რომ ბიჭის უკრაინაში დაბრუნება გაამძაფრებდა მის ფსიქოლოგიურ ტრავმას (შეადარეთ ნეულინგერი და შურუქი (Neulinger and Shuruk), § 143, და X. ლატვიის წინააღმდეგ (X. v. Latvia), § 116, ორივე აღნიშნულია ზემოთ). სასამართლოსთვის სამწუხაროა, რომ არც ერთი ანგარიში არ ასახავდა ანალიზს ლ-ს უკრაინაში დაბრუნების სავარაუდო შედეგებზე; ასევე არ არსებობდა ამ საკითხთან დაკავშირებული შესაძლო რისკების გამოკვლევა (იხილეთ კარერი რუმინეთის წინააღმდეგ (Karrer v. Romania), № 16965/10, § 46, 21 თებერვალი, 2012, და ბლაგა რუმინეთის წინააღმდეგ (Blaga v. Romania), № 54443/10, § 82, 1 ივლისი, 2014). ფსიქოლოგის ანგარიში ზოგადი მითითება იყო, რომ ბიჭმა მიიღო ფსიქოლოგიური ტრავმა და ნამდვილად ესაჭიროებოდა დახმარება (იხილეთ მე-19 პარაგრაფი ზემოთ), რასაც მომჩივანი არ უარყოფდა. საპირისპიროდ ამისა, როგორც სამედიცინო განათლების მქონე პირი, ეროვნული სასამართლოების წინაშე ის მუდმივად იმეორებდა მის მზადყოფნას, გაეწია ბიჭისთვის აუცილებელი ფსიქოლოგიური დახმარება უკრაინაში.
56. რაც შეეხება მთავრობის არგუმენტს, რომ ბიჭს უნდოდა საქართველოში დარჩენა და მისი დაბრუნება და შედეგად განშორება მამასთან და ოჯახთან მას მიაყენებდა დამატებით ფსიქოლოგიურ ტრავმა (იხ პარაგრაფები 37-39 ზემოთ), სასამართლო გამოკვეთს შემდეგ საკითხებს: ჰააგის კონვენციის მიზანია თავიდან აიცილოს გამტაცებელი მშობლის მიერ დროის გასვლის საფუძვლით, მის მიერ ცალმხრივად შექმნილი დე ფაქტო სიტუაციის კანონიერად აღიარების საკითხში წარმატების მიღწევა (იხ. მუმუსო და ვაშინგტონი (Maumousseau and Washington), § 73, და ლიპკოვსკი და მაკკორმაკი (Lipkowsky and McCormack) (განჩინება), ორივე ციტირებულია ზემოთ). მაშასადამე, გამტაცებელმა მშობელმა ვერ უნდა მიიღოს სარგებელი საკუთარი არასწორი ქმედებით. ამასთან, ჰააგის კონვენციის მიერ დაშვებული გამონაკლისები მკაცრად უნდა განიმარტოს (იხილეთ ჰააგის კონვენციის განმარტებითი ანგარიში, § 34, ციტირებულია 30-ე პარაგრაფში ზემოთ; იხილეთ ასევე მუმუსო და ვაშინგტონი (Maumousseau and Washington), ციტირებულია ზემოთ, § 73). ამრიგად კონვენციის 13.b მუხლში მითითებული ზიანი, შეუძლებელია გამომდინარეობდეს მხოლოდ იმ მშობელთან დაშორებით, რომელიც პასუხისმგებელია უკანონო გადაადგილებასა და დაკავებაზე. ეს განცალკევება, რამდენადაც რთული არ უნდა იყოს ბავშვისთვის, არაა აუცილებელი პასუხობდეს სერიოზული რისკის ტესტს. ნამდვილად, როგორც ეს სასამართლომ დაასკვნა X ლატვიის წინააღმდეგ საქმეში, „სერიოზული რისკის“ კონვენციის მე-8 მუხლის მიზნებისთვის ვერ განიმარტება, როგორც ყველა იმ უსიამოვნებების შემცველი, რომელიც დაკავშირებულია დაბრუნების განცდასთან: მე-13 (b) მუხლში მოყვანილი გამონაკლისი ეხება მხოლოდ სიტუაციებს, რომელიც ბავშვის მიერ დაძლევადობის ზღვარს ცდება (იხილეთ X ლატვიის წინააღმდეგ (X v. Latvia), ციტირება მაღლა, § 116; იხილეთ ასევე მუმუსო (Maumousseau), მოყვანილია ზემოთ, § 69).
57. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე იმ ფაქტების გათვალისწინებით, რომ არ ჩატარებულა ექსპერტიზა ლ - ს მამის ოჯახისგან დაშორების შედეგებზე, ასევე გამომდინარე იქიდან, რომ ბიჭის მომავალი საცხოვრებელი პირობები უკრაინაში არ იყო გათვალისწინებული, სასამართლო ადგენს, რომ მთავრობის არგუმენტი ლ-ს მამისგან და მამის ოჯახისგან დაშორების შემთხვევაში შესაძლო ფსიქოლოგიური ტრავმის მიღების შესახებ იყო უსწორო.
58. ამგვარად, ჩანს რომ საქმეში არ არსებობდა პირდაპირი და დამაჯერებელი მტკიცებულება, რომელიც ეხებოდა ბავშვის უკრაინაში დაბრუნების „სერიოზული რისკის“ ვარაუდს. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, არ არის სრულად ნათელი, რატომ რა კონკრეტულ არგუმენტებს დაეყრდნო ეროვნული სასამართლოები, რომელთა საფუძველზე დაასკვნეს, რომ არსებობდა ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ტრავმის, ან თუნდაც გაუსაძლისი პირობების სერიოზული რისკი ბიჭის უკრაინაში დაბრუნების შემთხვევაში (შეადარეთ მუმუსო და ვაშინგტონი (Maumousseau and Washington), აღნიშნულია ზემოთ, §§ 63 და 74).
59. რაც შეეხება ეროვნული სასამართლოების დასაბუთების შეფასებას კონვენციის მე- 8 მუხლის ჭრილში, სასამართლო აღნიშნავს რომ როცა უზენაესი სასამართლო ფსიქოლოგიური და სოციალური სამსახურის ანგარიშებზე დაყრდნობით ასკვნიდა, რომ გატაცებამდელ სიტუაცაში დაბრუნების შემთხვევაში, ლ-ს ელოდებოდა ზიანი უკრაინაში, მან უგულებელყო იგივე ანგარიშში დასახელებული ის რისკები, იმ შემთხვევაში თუ ბიჭი საქართველოში დარჩებოდა. აღსანიშნავია, რომ 2011 წლის 12 იანვრის სამედიცინო ანგარიშის მიხედვით, ბიჭს დაესვა ადაპტაციური აშლილობის დიაგნოზი (იხილეთ მე-12 პარაგრაფი ზემოთ). შემდეგ, სოციალურმა მუშაკებმა 2011 წლის 12 აპრილის ანგარიშში დაასკვნეს, რომ ბიჭს ჰქონდა მშობლებთან ურთიერთობის ნაკლებობის პრობლემა (იხილეთ მე-17 პარაგრაფი ზემოთ). ფსიქოლოგი უფრო შორს წავიდა და 2011 წლის 3 მაისის დასკვნაში აღნიშნა, რომ მშობლებთან არასაკმარისი ურთიერთობის პრობლემის გარდა ლ-ს ჰქონდა მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმა „ამჟამინდელი რთული და გაურკვეველი სიტუაციიდან გამომდინარე“ (იხილეთ მე-19 პარაგრაფი ზემოთ). უზენაესმა სასამართლომ ნამდვილად აღიარა მშობლებთან ურთიერთობის ნაკლებობის პრობლემა (იხილეთ 26-ე პარაგრაფი ზემოთ). თუმცა, ბიჭის საუკეთესო ინტერესების გარკვევისას, უგულებელყო ზემოთ აღნიშნული დასკვნები. მსგავსი მიდგომის დაკავშირება რთულია ბავშვის სიტუაციის დეტალური გამოკვლევის მოთხოვნასთან, რომელიც დაცულია ჰააგის კონვენციაში და ასევე კონვენციის მე-8 მუხლში (იხილეთ კარერი (Karrer), აღნიშნულია ზემოთ, §§ 46-48 და ილკერ ენსარი თურქეთის წინააღმდეგ (İlker Ensar Uyanık v. Turkey), № 60328/09, § 61-62, 3 მაისი, 2012).
60. ამ ეტაპზე, სასამართლო ხედავს აუცილებლობას მთავრობის სხვა არგუმენტის მოყვანაში, რომლის მიხედვითაც გ. ჩ.-ს საცხოვრებელი ადგილი არ იყო კავშირში დაბრუნების სამართალწარმოებასთან (იხ პარაგრაფი 39 ზემოთ). ამასთან დაკავშირებით სასამართლო იმეორებს, რომ მან სასამართლო პრაქტიკაში მრავალჯერ ხაზი გაუსვა, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესები არის მთავარი საზრუნავი ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, რომელიც ბავშვებს უკავშირდება. (იხ. X v. Latvia, აღნიშნულია ზემოთ, § 96; იხ. ასევე ზოგადი კომენტარი N14, აღნიშნულია 33-ე პარაგრაფში ზემოთ). მოცემულ საქმეში დაბრუნების სამართალწარმოების დე ფაქტო შედეგი იყო ის, რომ ლ. იყო საქართველოში ბიძასთან და ბაბუასთან. ეროვნულმა სასამართლოებმა ამჯობინეს იმ ფაქტების უბრალოდ იგნორირება, რომ ლ - ს მამა სინამდვილეში ცხოვრობდა რუსეთში და ძირითადად მამის ოჯახი იყო ვინც უვლიდა ბიჭს. არც ბიძას და არც ბაბუას არ ჰქონდა ლ -ზე მეურვეობის უფლება.
61. სასამართლო თვლის, რომ ეს სიტუაცია - ბავშვის გაჩერება საქართველოში მშობლების არყოფნისას, რომელმაც ცხოვრების პირველი 6 წელიწადი გაატარა უკრაინაში დედასთან ერთად - ბადებს კითხვებს ამ გადაწყვეტილების ბავშვის საუკეთესო ინტერესებთან თავსებადობასთან დაკავშირებით (ამასთან დაკავშირებით იხილეთ 32-33 პარაგრაფები ზემოთ). თავისთავად, ბავშვისა და მშობლის მიერ დროის ერთად გატარებით ურთიერთსიამოვნება წარმოადგენს ოჯახური თანაცხოვრების ძირეულ ელემენტს და დაცულია კონვენციის მე-8 მუხლით (იხილეთ მონორი რუმინეთისა უნგრეთის წინააღმდეგ (Monory v. Romania and Hungary) , № 71099/01, § 70, 5 აპრილი, 2005; იოსებ კარასი რუმინეთის წინააღმდეგ (Iosub Caras v Romania) , № 7198/04, §§ 28-29, 27 ივლისი, 2006; და Karrer , რომელიც აღნიშნულია ზემოთ, § 37). მიუხედავად იმისა, არსებობდა თუ არა პირდაპირი კავშირი დაბრუნების სამართალწარმოებასთან, როგორც ამას მთავრობა ირწმუნებოდა, ეს ფაქტორი არ უნდა ყოფილიყო ასე მარტივად უგულებელყოფილი ეროვნული სასამართლოების მიერ, რომლებიც თითქოს ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდნენ.
62. რომ შევაჯამოთ, სასამართლო თვლის, რომ ექსპერტის გამოკვლევებისა და საქმის სხვა მტკიცებულებების შეფასებისას ზემოთ გამორკვეული ნაკლოვანებები, ვერ მიიყვანდა უზენაეს სასამართლოს საკუთარი გადაწყვეტილების საკმარის და სათანადო დასაბუთებამდე. გარდა ამისა, ამ უკანასკნელმა ვერ მოახერხა ლ-ს საუკეთესო ინტერესების სწორად განსაზღვრა საქმის სპეციფიკური გარემოებებიდან გამომდინარე (იხილეთ 59-61 პარაგრაფები ზემოთ) და ვერ მოახერხა მხარეების საწინააღმდეგო ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის დაცვა.
ii. სამართალწარმოების სისწრაფე
63. ჰააგის კონვენციის მე-2 და მე-11 მუხლები (იხილეთ 29-ე პარაგრაფი ზემოთ) მოითხოვს იურიდიული ან ადმინისტრაციული ორგანოებისგან სწრაფ მოქმედებას ბავშვის დაბრუნების უზრუნველსაყოფად, და ექვს კვირაზე მეტი დროის განმავლობაში უმოქმედების შემთხვევა შესაძლოა გახდეს ახსნა-განმარტების მოთხოვნის საფუძველი (იხილეთ 30-31 პარაგრაფი ზემოთ). მიმდინარე საქმეში მომჩივანმა თავის ვაჟის დაბრუნების მოთხოვნა 2010 წლის ოქტომბერში წარადგინა. ეროვნულმა სასამართლომ სამართალწარმოება დაიწყო 2010 წლის 2 დეკემბერს და 2012 წლის 22 აგვისტოს უზენაესი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით საქმე დასრულდა. მართალია ჰააგის კონვენციის მე-11 მუხლში მითითებული ექვსკვირიანი დროის ლიმიტი, რომელიც მოიცავს მთელ სამარათალწარმოებას პირველი ინსტანციიდან სააპელაციო სამართალწარმოების ჩათვლით, არ არის სავალდებულო (იხილეთ ზემოთ 30-31 პარაგრაფები), სასამართლო მაინც თვლის, რომ მიმდინარე პროცესის საერთო ხანგრძლივობა - დაახლოებით ოთხმოცდაათი კვირა - ბადებს კითხვებს, ასრულებს თუ არა მოპასუხე სახელმწიფო ჰააგის კონვენციის პოზიტიურ ვალდებულებებს, იმოქმედოს სწრაფად ჰააგის სამართალწარმოებაში (იხილეთ იოსებ კარასი (Iosub Caras), §§ 38-39, და კარერი (Karrer), § 54, ორივე ციტირებულია ზემოთ, იხილეთ ასევე M.A. ავსტრიის წინააღმდეგ (M.A. v. Austria), № 4097/13, § 128, 15 იანვარი, 2015).
64. მთავრობა ამტკიცებდა, რომ სამართალწარმოებაში ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკის ჩართვას შეეძლო აეხსნა მისი ხანგრძლივობა. სასამართლო მზადაა მიიღოს ნაწილობრივ ეს არგუმენტი, მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლო პროცესთან მიმართებაში. კითხვები წარმოიშვა უკვე სააპელაციო სამართალწარმოებასთან, რადგან ის თითქმის ოთხ თვეს გაგრძელდა და არ მოიცავდა არანაირი ახალი მტკიცებულებების განხილვას. თუმცა, სასამართლოსთვის მთავარი წუხილის საგანს წარმოადგენს კასაციის ეტაპზე პროცესის გაჭიანურება. უზენაესი სასამართლოს წინაშე სამართალწარმოება მიმდინარეობდა თითქმის ცხრა თვის განმავლობაში. ამასთან აღსანიშნავია, რომ უზენაესმა სასამართლომ არჩია არ ჩაეტარებინა ზეპირი მოსმენა (იხილეთ 25-ე პარაგრაფი ზემოთ). მოწმეები არ დაკითხულან [უზენაეს] სასამართლოში, არანაირი ახალი მტკიცებულება ან ექსპერტის დასკვნა არ ყოფილა წარმოდგენილი. ასეთ გარემოებებში ამ ხნის განმავლობაში უმოქმედობა შეშფოთებას იწვევს. მთავრობამ არ წარმოადგინა ახსნა-განმარტება, თუ რატომ არ მიიღო უზენაესი სასამართლომ ზომები სწრაფი მოქმედებისთვის.
65. ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 351(14) § 1, მუხლი რომელიც უკვე ძალაში იყო სააპელაციო და საკასაციო სამართალწარმოების დროს, ითვალისწინებდა ექვს კვირიან პერიოდს ბავშვის დაბრუნებასთან დაკავშირებული მოთხოვნის მიღებიდან შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე (იხილეთ 34-ე პარაგრაფი ზემოთ). მომჩივნის საქმის განხილვისას ამ ზღვრული ვადის უგულებელყოფით თბილისის სააპელაციო სასამართლომ და უზენაესმა სასამართლომ არ გამოიყენეს ყველაზე უფრო დაჩქარებული პროცედურები ბავშვის დასაბრუნებლად, როგორც ეს მოითხოვებოდა (იხილეთ ჰააგის კონვენციის მე-2 და მე-11 მუხლები 29-ე პარაგრაფში ზემოთ და ასევე განმარტებითი მოხსენება 30-31 პარაგრაფებში ზემოთ) და ვერ უპასუხეს გადაუდებელ სიტუაციას შესაბამისად (იხილეთ ადზიჩი ხორვატიის წინააღმდეგ (Adžić v. Croatia), № 22643/14, §§ 97-98, 12 მარტი, 2015).
66. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ გამოიჩინეს სათანადო ყურადღება და ვერ უზრუნველყვეს ამ საქმის დროულად გადაწყვეტა.
iii დასკვნა
67. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის რომ მომჩივანმა განიცადა მისი ოჯახური ცხოვრების დაცვის უფლებაში არაპროპორციული ჩარევა, ვინაიდან ჰააგის კონვენციის საფუძველზე ეროვნული სასამართლოების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი არ პასუხობდა კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებულ პროცედურულ და პოზიტიური ვალდებულებებს. აქედან გამომდინარე, სახეზეა კონვენცის მე-8 მუხლის დარღვევა.
II კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
68. კონვენციის 41-ე მუხლი ადგენს:
„თუ სასამართლო დაასკვნის, რომ დაირღვა კონვენციით ან მისი დამატებითი ოქმებით გათვალისწინებული უფლება, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდა სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს“.
A) ზიანი
69. მომჩივანი ითხოვდა 15 000 ევროს არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად. ის ამტკიცებდა, რომ ხანგრძლივი დროით შვილთან განშორებამ მას ტკივილი და ტანჯვა მიაყენა. დამატებით მან მოითხოვა 850 ევრო მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად, იმის საფუძველზე, რომ მას რამდენჯერმე მოუხდა უკრაინიდან საქართველოში ჩამოსვლა შვილის სანახავად და დაბრუნების სამართალწარმოებაში მონაწილეობის მისაღებად.
70. მთავრობამ გაიმეორა, საკუთარი არგუმენტი კონვენციის მე-8 მუხლის საფუძველზე მომჩივნის ბრალდებების უსაფუძვლობასთან დაკავშირებით. ისინი ასევე ამტკიცებდნენ, რომ მომჩივნის მიერ არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად მოთხოვნილი თანხა გადაჭარბებული იყო მსგავს საქმეებში სასამართლოს მიერ მინიჭებული კომპენსაციების გათვალისწინებით. რაც შეეხება მატერიალურ ზიანს, მთავრობამ აღნიშნა რომ მომჩივნის მიერ მისი მოთხოვნის დასასაბუთებლად წარმოდგენილი დოკუმენტაცია არასაკმარისი იყო, მომჩივნის მიერ წარდგენილი 2 საჰაერო ბილეთის ასლი მიუთითებდა ჯამში მხოლოდ 300 ევროს ღირებულებაზე.
71. სასამართლო ეთანხმება, რომ მომჩივანს უნდა განეცადა სტრესი და ემოციური სირთულეები, როდესაც საქართველოს სასამართლოებმა უარი განუცხადეს შვილის უკრაინაში დაბრუნების ბრძანების გაცემაზე, რაც ვერ ანაზღაურდა საკმარისად კონვენციის დარღვევის დადგენით. მსგავს საქმეებზე მიკუთვნებული თანხების მხედველობაში მიღებით და თანაბარ საწყისებზე შეფასების გაკეთებით, სასამართლო მომჩივანს აკუთვნებს 8 000 ევროს არამატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით.
72. რაც შეეხება მატერიალურ ზიანს, სასამართლო ადგენს კავშირს კონვენციის დარღვევასა და მოთხოვნილ ზიანს შორის, რადგან დარღვევას რომ არ ქონოდა ადგილი, მომჩივანს არ მოუხდებოდა საქართველოში ჩამოსვლა. თუმცა, დოკუმენტური მტკიცებულების საფუძველზე და კერძოდ, მომჩივნის მიერ წარმოდგენილი ფრენების
ჯავშანის საფუძველზე სასამართლო აკმაყოფილებს საჩივარს ნაწილობრივ და აკუთვნებს 300 ევროს მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად.
B) ხარჯები და დანახარჯები
73. მომჩივანი ასევე ითხოვდა 1 500 ევროს ხარჯებისა და დანახარჯების ასანაზღაურებლად, რომელიც წარმოიშვა ეროვნული სასამართლოების წინაშე, ეს თანხა, ასევე ითვალისწინებდა 150 ევროს სასამართლოს მოსაკრებლის სახით.
74. მთავრობამ განაცხადა, რომ აღნიშნული თანხა არ იყო დასაბუთებული შესაბამისი დოკუმენტაციით.
75. სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, მომჩივანს აუნაზღაურდება ხარჯები და დანახარჯები მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ აღმოჩნდება, რომ ეს თანხა რეალურად დაიხარჯა და მათი ოდენობა გონივრულია. არსებულ საქმეში ზემოთ აღნიშნული კრიტერიუმებისა და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს ლოგიკურად, რომ მომჩივანს მიეკუთვნოს 800 ევრო ხარჯებისა და დანახარჯების ანაზღაურების სახით.
C) საურავი
76. სასამართლო მიიჩნევს, რომ საურავი დაფუძნებული უნდა იყოს ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრულ სასესხო განაკვეთზე, რომელსაც უნდა დაემატოს სამი პროცენტი.
აღნიშნული მსჯელობაზე დაყრდნობით სასამართლო ერთხმად:
1. აცხადებს საჩივარს მისაღებად;
2. ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას;
3. ადგენს:
a) რომ მოპასუხე სახელმწიფომ მომჩივანს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან 3 თვის განმავლობაში, გადახდის დღეს არსებული კურსის შესაბამისად, ეროვნულ ვალუტაში უნდა გადაუხადოს შემდგომი თანხები, კონვენციის 44 § 2 მუხლის შესაბამისად:
(i) 300 ევრო (სამასი ევრო), ასევე ყველა გადასახადი, რაც შეიძლება დაერიცხოს აღნიშნულ თანხას, მატერიალური ზიანის სანაცვლოდ;
(ii) 8000 ევრო (რვა ათასი ევრო), ასევე ყველა გადასახადი, რაც შეიძლება დაერიცხოს აღნიშნულ თანხას, არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ;
(iii) 800 ევრო (რვაასი ევრო), ასევე ყველა გადასახადი, რაც შეიძლება დაერიცხოს აღნიშნულ თანხას, ხარჯებისა და დანახარჯების ასანაზღაურებლად.
(b) ზემოთ ხსენებული სამი თვის ამოწურვიდან გადახდამდე, აღნიშნულ თანხას უნდა დაერიცხოს მარტივი საპროცენტო განაკვეთი, რაც გადაუხდელობის პერიოდში არსებული ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის ტოლია. აღნიშნულს უნდა დაემატოს 3 პროცენტი.
4. უარი ეთქვას მომჩივანს სამართლიანი დაკმაყოფილების დარჩენილ ნაწილზე.
შესრულებულია ინგლისურ ენაზე და წერილობით ეცნობათ 2015 წლის 21 ივლისს სასამართლოს რეგლამენტის 77 §§ 2 და 3 მუხლის შესაბამისად.
ფატოშ არაჩი გუიდო რაიმონდი
სასამართლოს მდივანი თავმჯდომარე
Full & Egal Universal Law Academy