Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
გუდმუნდურ ანდრი ასტრადსონი ისლანდიის წინააღმდეგ
(Guðmundur Andri Ástráðsson v. Iceland )
დიდი პალატა
საჩივარი N26374/18
1 დეკემბერი, 2020
ფაქტები
წინამდებარე საქმე ეხებოდა მომჩივნის დავას იმასთან დაკავშირებით, რომ ისლანდიის ახლადჩამოყალიბებული სააპელაციო სასამართლო არ იყო კანონის საფუძველზე შექმნილი.
მომჩივანი, გუდმუნდურ ანდრი ასტრადსონი, ისლანდიის მოქალაქეა, რომელიც 1985 წელს დაიბადა და ცხოვრობს კოპავოგურში (ისლანდია).
სააპელაციო სასამართლო, როგორც ახალი სასამართლო, ჩამოყალიბდა 2018 წლის 1-ელ იანვარს. სასამართლოს შესახებ ახალი კანონის მიხედვით, ექსპერტებისგან დაკომპლექტებულ შეფასების კომიტეტს მიენიჭა მანდატი, შეეფასებინა კანდიდატები საწყისი 15 მოსამართლის თანამდებობისთვის. მთლიანობაში, 37-მა პირმა, მათ შორის ა.ე-მ., შეიტანა განაცხადი აღნიშნულ თანამდებობებზე. 2017 წლის მაისში, კომიტეტის თავჯდომარემ იუსტიციის მინისტრს (შემდგომში - „მინისტრი“) წარუდგინა მისი შეფასების ანგარიში 15-კანდიდატიან სიასთან ერთად, რომლებიც ყველაზე კვალიფიციურად იყვნენ მიჩნეულნი. ა.ე. სიაში მე-18 ადგილზე იყო შეფასებული და მაშასადამე, ვერ მოხვდა კომიტეტის მიერ წარდგენილ საუკეთესო თხუთმეტ კანდიდატს შორის. 2017 წლის 29 მაისის წერილით, მინისტრმა პარლამენტის სპიკერს წარუდგინა 15 კანდიდატი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებად დასანიშნად. თუმცა, წარდგენილი სია შეიცავდა კომიტეტის მიერ არჩეულ 15 კანდიდატიდან მხოლოდ 11-ს. გარდა ამისა, სია მოიცავდა 4 სხვა კანდიდატს, მათ შორის ა.ე.-ს, რომლებიც კომიტეტის შეფასების ცხრილში მე-17, მე-18, 23-ე და 30-ე ადგილებზე იყვნენ. მინისტრმა პარლამენტის სპიკერს წარუდგინა შესაბამისი არგუმენტები იმ ცვლილებათა დასასაბუთებლად, რომლებიც მან შეიტანა კომიტეტის მიერ გადაცემულ სიაში. მისი განმარტებით, კომიტეტმა შეფასების პროცესში სათანადო მნიშვნელობა არ მიანიჭა კანდიდატთა გამოცდილებას მოცემულ სფეროში.
2017 წლის 1-ელ ივნისს პარლამენტმა, ხმათა უმრავლესობით, მხარი დაუჭირა მინისტრის წარდგინებას სააპელაციო სასამართლოში მოცემულ კანდიდატთა გამწესების შესახებ. 2017 წლის 8 ივნისს ისლანდიის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას აღნიშნულ კანდიდატთა, მათ შორის ა.ე.-ს, დანიშვნის შესახებ.
მიუხედავად ამისა, 2017 წლის ივნისში, კომიტეტის მიერ წარდგენილ 15-კაციან სიაში მოხვედრილმა ორმა კანდიდატმა, რომლებიც დასანიშნად ნომინირებულ კანდიდატთა საბოლოო სიაში ვერ მოხვდნენ, სამართალწარმოება დაიწყეს ისლანდიის სახელმწიფოს წინააღმდეგ რეიკიავიკის რაიონული სასამართლოს (I ინსტანცია) წინაშე, სადაც სადავოდ ხდიდნენ მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურის კანონიერებას. უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 19 დეკემბრის საბოლოო გადაწყვეტილებებით, არ დაკმაყოფილდა არცერთი კასატორის მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ. თუმცა, თითოეულ მათგანს არამატერიალური ზიანისთვის კომპენსაციის სახით 700 000 ისლანდიური კრონი (დაახლოებით 5 700 ევრო) მიეკუთვნა. რაც შეეხება მინისტრის წარდგინებას, უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ მინისტრმა ვერ მოახერხა, სათანადოდ დაესაბუთებინა, კომიტეტის მიერ წარდგენილი სიიდან გადახვევა. უზენაესი სასამართლოს განმარტებით, ასეთ შემთხვევაში მინისტრის პოზიცია უნდა დაყრდნობოდა დამოუკიდებელ გამოძიებას, რომელიც შეფასების დროს იმავე კრიტერიუმებს გამოიყენებდა, რომლითაც ხელმძღვანელობდნენ შეფასების კომიტეტის წევრები. უზენაესმა სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ მინისტრს უნდა შეედარებინა საკუთარ წარდგინებაში შეყვანილი ოთხი კანდიდატისა და კომიტეტის მიერ ყველაზე კვალიფიციურად მიჩნეულ 15 კანდიდატის კომპეტენტურობა. ვინაიდან მინისტრის წარდგინება არ ემყარებოდა არც დამოუკიდებელ გამოძიებას ან რაიმე ახლად გამოვლენილ დოკუმენტს, უზენაესი სასამართლოს შეფასებით, მინისტრის მხრიდან ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციული კანონმდებლობის, კერძოდ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის დარღვევას. ხარვეზიანი იყო ასევე პარლამენტში განხორციელებული პროცედურა, ვინაიდან საკანონმდებლო ორგანომ შეცვლილ სიას მხარი დაუჭირა არა თითოეული კანდიდატისთვის ცალ-ცალკე ხმის მიცემით, როგორც ეს კანონით იყო გათვალისწინებული, არამედ ყველას ერთიანად.
მომჩივანი - ბატონი ასტრადსონი 2017 წლის მარტში რეიკიანესის რაიონული სასამართლოს (ინსტანცია) მიერ დამნაშავედ იქნა ცნობილი მართვის მოწმობის გარეშე და ნარკოტიკული ნივთიერების ზეგავლენის ქვეშ ყოფნის დროს მანქანით გადაადგილების გამო და სასჯელის სახით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 17 თვის ვადით და, აგრეთვე, ჩამოერთვა მართვის მოწმობა. მომჩივანმა გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. ვინაიდან საქმეზე სხდომა ვერ გაიმართა 2017 წლის ბოლომდე, საქმე ისლანდიის კანონმდებლობის შესაბამისად, განსახილველად გადაეცა სააპელაციო სასამართლოს. 2018 წლის 18 იანვარს სააპელაციო სასამართლომ შეატყობინა ბატონ ასტრადსონსა და ბრალდების მხარეს სასამართლოს შემადგენლობა, რომელიც განიხილავდა საქმეს. კოლეგიის სამი წევრიდან ერთ-ერთს წარმოადგენდა ა.ე., რომელიც არ იყო შეფასების კომიტეტის მიერ მიჩნეულ 15 ყველაზე კვალიფიციურ მოსამართლეთა სიაში.
ბატონმა ასტრადსონმა მოითხოვა, რომ ა.ე. ჩამოშორებოდა საქმის განხილვას იმ საფუძვლით, რომ ეს უკანასკნელი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა შესაბამის პროცედურაში გამოვლენილი სერიოზული დარღვევების ფონზე. თუმცა, მომჩივნის მოცემული შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
2018 წლის 23 მარტს, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. 2018 წლის აპრილში ბატონმა ასტრადსონმა საჩივარი წარადგინა უზენაეს სასამართლოში. ის ძირითადად დავობდა, რომ ა.ე-ს დანიშვნა არ მომხდარა კანონის შესაბამისად და მას არ უსარგებლია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს წინაშე. 2018 წლის 24 მაისს უზენაესმა სასამართლომ მისი [კასატორის] მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. სასამართლომ დააადგინა, რომ სააპელაციო სასამართლოში ა.ე.-ს დანიშვნა არ იყო ბათილი და მიუხედავად დანიშვნის პროცედურაში არსებული ხარვეზებისა, არ არსებობდა საკმარისი საფუძველი, რათა ეჭვქვეშ დამდგარიყო, რომ ბატონმა ასტრადსონმა ისარგებლა საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მოსამართლეების წინაშე.
2018 წლის 31 მაისს მომჩივანმა საჩივარი შეიტანა ადამიანის უფლბათა ევროპულ სასამართლოში.
კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელ პუნქტზე დაყრდნობით მომჩივანი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე დავობდა, რომ ა.ე-ს დანიშვნა არ შეესაბამებოდა ეროვნულ კანონმდებლობას. შესაბამისად, მისი საქმე არ იქნა განხილული კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლოს მიერ.
სასამართლოს შეფასებამომჩივნის საჩივრის ფარგლები „კანონის საფუძველზე შექმნილ სასამართლოსთან“ დაკავშირებით
205. დიდი პალატა მიიჩნევს, რომ მან პირველ რიგში უნდა განსაზღვროს მომჩივნის საჩივრის ფარგლები „კანონის საფუძველზე შექმნილ სასამართლოსთან“ დაკავშირებით.
206. თავდაპირველად, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ წინამდებარე საქმეში განსახილველ საკითხს არ წარმოადგენს ახლად დაარსებული სააპელაციო სასამართლოს კანონიერი არსებობის საკითხი. მხარეებს შორის სადავო არ არის, რომ სააპელაციო სასამართლო დაარსდა პარლამენტის მიერ მიღებული კანონის, კერძოდ, სასამართლოს შესახებ ახალი კანონის, შესაბამისად, რომლის ხარისხიც - მისი ხელმისაწვდომობისა და განჭვრეტადობის გათვალისწინებით - მომჩივანს არ გაუხდია სადავო.
207. ანალოგიურად, დიდი პალატა ვალდებული არ არის განიხილოს ისლანდიაში მოსამართლეთა დანიშვნის სისტემა. როგორც ვენეციის კომისიამ და ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭომ (CCJE) განიხილა, ევროპაში არსებობს სხვადასხვა მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის სისტემა და არა ერთიანი მოდელი, რომელიც ყველა ქვეყანას შეეხებოდა. ამასთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ თავის სასამართლო პრაქტიკაში ხელისუფლების პოლიტიკურ ორგანოებსა და სასამართლო ხელისუფლებას შორის უფლებამოსილების გამიჯვნის კონცეფციამ მზარდი მნიშვნელობა შეიძინა, აღმასრულებელი ან საკანონმდებლო ორგანოების მიერ მოსამართლეთა დანიშვნა დასაშვებია კონვენციის თანახმად, იმ პირობით, თუ სასამართლო როლის შესრულებისას დანიშნული პირები თავისუფალნი არიან ზეგავლენის ან ზეწოლისაგან (იხ. Maktouf and Damjanovic v. Bosnia and Herzegovina [დიდი პალატა], nos. 2312/08 და 34179/08, § 49, ECHR 2013). ყოველთვის ისმის კითხვა, შესრულებულია თუ არა მოცემულ საქმეში, კონვენციის მოთხოვნები (იხ. Kleyn and Others v. the Netherlands [დიდი პალატა], nos. 39343/98 და 3 სხვა, § 193, ECHR 2003‑VI, და Henryk Urban and Ryszard Urban v. Poland, no. 23614/08, § 46, 30 ნოემბერი 2010).
208. დიდი პალატა ასევე არ განიხილავს დაირღვა თუ არა ეროვნული კანონმდებლობა ახლად დაარსებულ სააპელაციო სასამართლოში ა.ე-ს მოსამართლედ დანიშვნის პროცესის დროს. ამასთან დაკავშირებით, იგი აღნიშნავს, რომ 2017 წლის 19 დეკემბრის ორ ცალკეულ გადაწყვეტილებაში, ისლანდიის უზენაესმა სასამართლომ უკვე დადგინა, რომ შესაბამისი კანონმდებლობა არ ყოფილა გათვალისწინებული მინისტრის მიერ წარდგენილი ოთხი კანდიდატის, მათ შორის ა.ე-ს მოსამართლედ დანიშვნასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, ოთხი კანდიდატის ჩანაცვლებით - რომლებსაც, შეფასების კომიტეტი მიიჩნევდა სააპელაციო სასამართლოში დანიშვნისათვის 15 საუკეთესო კანდიდატს შორის - ახალი ოთხი კანდიდატით- რომლებიც შეფასების კომიტეტის შეფასებით ვერ მოხვდნენ პირველ ათეულში - იუსტიციის მინისტრმა არ მოახდინა ფაქტების დამოუკიდებელი შეფასება და ადეკვატურად არ დაასაბუთა საკუთარი გადაწყვეტილება, შესაბამისად დაარღვია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლი. ამასთან დაკავშირებით, მან ასევე უგულებელყო ისლანდიის ადმინისტრაციული კანონის კარგად დამკვიდრებული ზოგადი პრინციპი, რომლის თანახმადაც, საჯარო თანამდებობებზე მხოლოდ ყველაზე კვალიფიციური კანდიდატები უნდა იყვნენ შერჩეულნი. მეორე, ისლანდიის პარლამენტს არ ჰქონია ჩატარებული კენჭისყრა იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ თითოეულ ინდივიდუალურ კანდიდატთან დაკავშირებით, როგორც ამას მოითხოვს სასამართლოს შესახებ ახალი კანონის IV დროებითი დებულება. უფრო მეტიც, ეს დასკვნები განმეორდა მომჩივნის საქმეზე უზენაესი სასამართლოს მიერ მოგვიანებით მიღებულ გადაწყვეტილებაში.
209. სტრასბურგის სასამართლო კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ ეროვნული ხელისუფლების, კერძოდ სასამართლოების, უპირველეს ამოცანას წარმოადგენს ეროვნულ კანონმდებლობასთან შესაბამისობის განმარტება და შეფასება (მაგ. იხ. Ramos Nunes de Carvalho e Sá v. Portugal [დიდი პალატა], nos. 55391/13 და 2 სხვა, § 186, 6 ნოემბერი 2018), შესაბამისად, მიიჩნევს, რომ არ არის საჭირო უზენაესი სასამართლოს ზემოაღნიშნული დასკვნების ეჭვქვეშ დაყენება. აქედან გამომდინარე, დიდმა პალატამ მოკვლევა უნდა გააგრძელოს იმ საფუძველზე, რომ პროცესი რომლის ფარგლებშიც ა.ე. დაინიშნა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ, არღვევდა მოსამართლედ დანიშვნის შესახებ რამდენიმე შესაბამის ეროვნულ კანონს. სხვაგვარად, იგი აღნიშნავს, რომ დარჩენილი 11 მოსამართლის დანიშვნის კანონიერება - რომლებიც შეფასების კომოტეტის მიერ ყველაზე კვალიფიციურებად იქნენ აღიარებულნი და შემდგომში ასევე შევიდნენ იუსტიციის მინისტრის მიერ პარლამენტის წინაშე წარდგენილ კანდიდატთა სიაში - არ არის სადავო წინამდებარე საქმეში.
210. აქედან გამომდინარე, წინამდებარე საჩივართან დაკავშირებით, დიდი პალატის ამოცანა შემოიფარგლება ეროვნული კანონმდებლობის ზემოხსენებული დარღვევების შედეგების დადგენით მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დიდმა პალატამ უნდა დაადგინოს, მომჩივნის საქმის განხილვის დროს, მოსამართლე ა.ე-ს სააპელაციო სასამართლოს შემადგენლობაში ყოფნით (მიუხედავად მისი დანიშვნის დადგენილი დარღვევებისა), ჩამოერთვა თუ არა მომჩივანს კანონით დადგენილი უფლება, მისი საქმე განიხილოს „კანონის საფუძველზე შექმნილმა სასამართლომ“.
„კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლოს“ მოთხოვნის ფარგლები
(a) ადამიანის უფლებათა სასამართლოს არსებული სასამართლო პრაქტიკისა და ძირითადი პრინციპების მიმოხილვა
(i) „კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლოს“ ცნება
211. ევროპული სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სასამართლო თუ ტრიბუნალი ყოველთვის უნდა იყოს „კანონის საფუძველზე შექმნილი“. აღნიშნული ფორმულირება ასახავს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელიც თან ახლავს კონვენციითა და მისი ოქმებით დადგენილი დაცვის სისტემას, და რომელიც პირდაპირ არის ნახსენები კონვენციის პრეამბულაში (იხ. მაგ., Jorgic v. Germany, no. 74613/01, § 64, ECHR 2007-III (ამონარიდები)). როგორც სტრასბურგის სასამართლომ ადრე განაცხადა, ტრიბუნალი, რომელიც არ არის შექმნილი საკანონმდებლო ორგანოს მიზნების შესაბამისად, აუცილებლად მოკლებული იქნება ლეგიტიმაციას, რომელიც საჭიროა დემოკრატიულ საზოგადოებაში სამართლებრივი დავების გადასაჭრელად (იხ. Lavents v. Latvia, no. 58442/00, § 114, 28 ნოემბერი 2002).
212. სტრასბურგის სასამართლო კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ „კანონი“, კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის მნიშვნელობით, გულისხმობს არა მხოლოდ სასამართლო ორგანოების შექმნისა და კომპეტენციის შესახებ კანონმდებლობას, არამედ, ასევე ეროვნული კანონმდებლობის ყველა სხვა დებულებას, რომლისგან გადახვევა კანონიერ საფუძველს უკარგავს საქმის განხილვაში ერთი ან რამდენიმე მოსამართლის მონაწილეობას (იხ. Gorguiladzé v. Georgia, no. 4313/04, § 68, 20 ოქტომბერი 2009; Pandjikidzé and Others v. Georgia, no. 30323/02, § 104, 27 ოქტომბერი 2009; და Kontalexis v. Greece, no. 59000/08, § 38, 31 მაისი 2011). კერძოდ, იგი მოიცავს, სასამართლოს წევრთა დამოუკიდებლობის, მათი თანამდებობაზე ყოფნის ხანგრძლივობის და მიუკერძოებლობის შესახებ დებულებებს (იხ. მაგ., Gurov v. Moldova, no. 36455/02, § 36, 11 ივლისი 2006; DMD GROUP, a.s., v. Slovakia, no. 19334/03, § 59, 5 ოქტომბერი 2010; და Miracle Europe Kft v. Hungary, no. 57774/13, § 48, 12 იანვარი 2016).
213. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფრაზა „კანონის საფუძველზე შექმნილი“ მოიცავს არა მხოლოდ „სასამართლოს“ არსებობის იურიდიულ საფუძველს, არამედ ამ სასამართლოს შესაბამისობას იმ კონკრეტულ დებულებებთან, რომელთა საფუძველზეც იგი იმართება (იხ. Sokurenko and Strygun v. Ukraine, nos. 29458/04 და 29465/04, § 24, 20 ივლისი 2006) და თითოეულ საქმეზე მოსამართლეთა შემადგენლობას (იხ. Richert v. Poland, no. 54809/07, § 43, 25 ოქტომბერი 2011, და Ezgeta v. Croatia, no. 40562/12, § 38, 7 სექტემბერი 2017).
(ii) იმ მოთხოვნის მიზანი, რომ „სასამართლო“ იყოს „კანონის საფუძველზე შექმნილი“
214. სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ საკუთარი პრეცედენტული სამართლის თანახმად, კონვენციის მე-6 მუხლში მოცემული ტერმინის - „კანონის საფუძველზე შექმნილი“, მიზანია უზრუნველყოს, რომ „დემოკრატიულ საზოგადოებაში სასამართლო მოწყობა არ არის დამოკიდებული აღმასრულებელი ხელისუფლების შეხედულებაზე, არამედ იგი რეგულირდება პარლამენტის მიერ დადგენილი კანონის შესაბამისად“ (იხ. Zand v. Austria, no. 7360/76, კომისიის ანგარიში 12 ოქტომბერი 1978, Decisions and Reports (DR) 15, გვ. 70-80, და Miracle Europe Kft, ციტირებული ზემოთ, § 51).
215. ამავე დროს, მართალია, ევროპულმა სასამართლომ ხაზი გაუსვა ხელისუფლების დანაწილების ცნებასა და სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მზარდ მნიშვნელობას (იხ. Baka v. Hungary [დიდი პალატა], no. 20261/12, § 165, 23 ივნისი 2016), მან ასევე აღნიშნა, რომ არც კონვენციის მე-6 მუხლი და არც კონვენციის სხვა დებულებები არ მოითხოვენ სახელმწიფოებისგან რაიმე თეორიულ კონსტიტუციურ კონცეფციას უფლებამოსილებების ურთიერთქმედების დასაშვებ საზღვრებთან დაკავშირებით (იხ. მაგ., Ramos Nunes de Carvalho e Sá, ციტირებული ზემოთ, § 144). სტრასბურგის სასამართლოს მოსაზრებით, ხელისუფლების სამ შტოს შორის გარკვეული ურთიერთქმედება არა მხოლოდ გარდაუვალია, არამედ აუცილებელიც, იმდენად, რამდენადაც შესაბამისი უფლებამოსილებები ზედმეტად არ ხელყოფენ ერთმანეთის ფუნქციებსა და კომპეტენციებს. განსახილველი საკითხი კვლავ მდგომარეობს იმაში, დაკმაყოფილებულია თუ არა მოცემულ შემთხვევაში კონვენციის მოთხოვნები (იხ. Kleyn and Others, და Henryk Urban and Ryszard Urban, ორიცე ციტირებული, § 207 ზემოთ).
iii) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიმოხილვა
216. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ „სასამართლოს“ მიერ ეროვნული სამართლებრივი დებულებების დარღვევა, რომლებიც ეხებიან სასამართლო ორგანოების შექმნასა და კომპეტენციას, არღვევს კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელ პუნქტს და აქედან გამომდინარე, იგი უფლებამოსილია გამოიკვლიოს შესაბამისია თუ არა ეროვნული კანონმდებლობა ამ საკითხთან მიმართებით. ამასთან, ზოგადი პრინციპების გათვალისწინებით, რომლის თანახმად, პირველ რიგში, ეროვნულმა სასამართლოებმა უნდა განმარტონ ეროვნული კანონმდებლობის დებულებები, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ იგი ვერ შეძლებს მათი ინტერპრეტაციის ეჭვქვეშ დაყენებას, თუ უხეშად არ დაირღვა ეროვნული კანონმდებლობა (იხ, mutatis mutandis, Lavents, ციტირებული ზემოთ, § 114, და Kontalexis, ციტირებული ზემოთ, § 39).
217. ევროპული სასამართლოს არსებული პრეცედენტული სამართლის განხილვის შედეგად დადგინდა, რომ „კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლოს“ მოთხოვნის შესრულება ამ ეტაპზე განხილულია სხვადასხვა კონტექსტში - მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის როგორც სისხლის სამართლის, ისე სამოქალაქო სამართლის ნაწილით - რომელიც მოიცავს და არ შემოიფარგლება შემდეგით:
(i) სასამართლო, რომელიც მოქმედებს საკუთარი იურისდიქციის ფარგლებს გარეთ (იხ. Coëme and Others v. Belgium, nos. 32492/96 და 4 სხვა, §§ 107-109, ECHR 2000‑VII, და Sokurenko and Strygun, ციტირებული ზემოთ, §§ 26-28);
(ii) კონკრეტული მოსამართლისთვის ან სასამართლოსთვის საქმის დაწერა ან სხვისი საქმის განაწილება (სხვა მოსამართლის ან სხვა სასამართლოს საქმის დაწერა მეორე მოსამართლისთვის ან სასამართლოსთვის) (იხ. DMD GROUP, a.s., ციტირებულია, §§ 62-72; Richert, ციტირებული ზემოთ, §§ 41‑57; Miracle Europe Kft, ციტირებული ზემოთ, §§ 59-67; Chim and Przywieczerski v. Poland, nos. 36661/07 და 38433/07, §§ 138-142, 12 April 2018; და Pasquini v. San Marino, no. 50956/16, §§ 103 და 107, 2 მაისი 2019);
(iii) მოსამართლის შეცვლა ადეკვატური საფუძვლის გარეშე, როგორც ამას მოითხოვს ეროვნული კანონმდებლობა (იხ. Kontalexis, ციტირებული ზემოთ, §§ 42-44);
(iv) მოსამართლეთა უფლებამოსილების ავტომატური განახლება განუსაზღვრელი ვადით, კანონით დადგენილი ვადის ამოწურვის შემდეგ და მათ ხელახალ დანიშვნამდე (იხ. Gurov, ციტირებული ზემოთ, § 37, და Oleksandr Volkov v. Ukraine, no. 21722/11, §§ 152-156, ECHR 2013);
(v) სასამართლო სხდომა, სადაც შემადგენლობის რამდენიმე წევრი კანონის შესაბამისად ჩამოშორდა საქმის განხილვას (იხ. Lavents, ციტირებული ზემოთ, 115, და Zeynalov v. Azerbaijan, no. 31848/07, § 31, 30 მაისი 2013);
(vi) სასამართლო კოლეგია, რომლის უმრავლებოსაც დაკომპლექტებულია არაიურისტი მოსამართლე წევრებისგან, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ კანონმდებლობაში არ არსებობდა სამართლებრივი საფუძველი მათ მიერ მოსამართლის ფუნქციების გახორციელებისთვის (იხ. Gorguiladzé, ციტირებული ზემოთ, § 74, და Pandjikidzé and Others, ციტირებული, § 110);
(vii) არაიურისტი მოსამართლეების მონაწილეობა სასამართლო სხდომებზე, არაიურისტი მოსამართლეების შესახებ ეროვნული კანონმდებლობის დარღვევით (იხ. Posokhov v. Russia, no. 63486/00, §§ 39-44, ECHR 2003‑IV);
(viii) სასამართლო განხილვა არაიურისტი მოსამართლეების მიერ, რომლებიც არ დანიშნულან ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებუბლი პროცედურების შესაბამისად (იხ. Ilatovskiy v. Russia, no. 6945/04, §§ 38-42, 9 ივლისი 2009);
(ix) გადაწყვეტილების გამოტანა კოლეგიის მიერ, რომელიც უფრო ნაკლები წევრისგან იყო დაკომპლექტებული, ვიდრე ამას ითვალისწინებდა კანონმდებლობა (იხ. Momčilović v. Serbia, no. 23103/07, §32, 2 აპრილი 2013, და Jenița Mocanu v. Romania, no. 11770/08, § 41, 17 დეკემბერი 2013);
(x) სასამართლო სამართალწარმოების ჩატარება სასამართლო მენეჯერის მიერ, რომელსაც ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით არ ჰქონდა ამის უფლებამოსილება (იხ. Ezgeta, ციტირებული ზემოთ, § 44).
(b) პრეცედენტული სამართლის პრინციპების სრულყოფა
218. წინამდებარე საქმე, დიდ პალატას შესაძლებლობას აძლევს დახვეწოს და დააზუსტოს მნიშვნელობა, რომელიც უნდა მიეცეს კონცეფციას „კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლო“, და გაანალიზოს მისი ურთიერთობა სხვა „ინსტიტუციონალურ მოთხოვნებთან“ მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, კერძოდ, დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან. აქედან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლო, პირველ რიგში, გაანალიზებს ამ კონცეფციის ინდივიდუალურ კომპონენტებს და განიხილავს, თუ როგორ უნდა განიმარტოს ტერმინები „სასამართლო’’, „შექმნილი“ და „კანონის საფუძველზე“, რათა საუკეთესოდ აისახოს მისი დანიშნულება და, საბოლოოდ, უზრუნველყოს იმ დაცვის ჭეშმარიტი ეფექტი, რომელსაც გვთავაზობს. შემდგომში იგი შეისწავლის კანონის შესაბამისად შექმნილი სასამართლოს მოთხოვნებს და დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პირობებს შორის ურთიერთქმედებას.
(i) ,,სასამართლო”
219. ევროპული სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ტერმინი „სასამართლო“ შინაარსობრივი გაგებით ხასიათდება მისი სასამართლო ფუნქციის შესაბამისად, რაც გულისხმობსს, მის კომპეტენციაში შემავალი საკითხების განსაზღვრას სამართლებრივი წესების საფუძველზე და დადგენილი წესით ჩატარებულ სამართალწარმოებას. იგი ასევე, შეიძლება აკმაყოფილებდეს შემდგომ მოთხოვნათა სერიას, „როგორიცაა აღმასრულებელი ხელისუფლების დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და მისი წევრების უფლებამოსილების ხანგრძლივობა...“ (იხ. მაგ., Belilos v. Switzerland, 29 აპრილი 1988, § 64, Series A no. 132).
220. ზემოხსენებულის გარდა, სტრასბურგის სასამართლოს მოსაზრებით, „სასამართლოს“ ცნებაში თანდაყოლილად მოიზრება, რომ იგი უნდა დაკომპლექტდეს იმ მოსამართლეებისგან, რომლებიც ასრულებენ ტექნიკური კომპეტენციისა და მორალური სამართლიანობის მოთხოვნებს სასამართლო ფუნქციების შესრულებისას, რომელსაც მოითხოვს კანონის უზენაესობა სახელმწიფო მართველობისას.
221. ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ თვალსაზრისით, სხვადასხვა საერთაშორისო დონეზე ხაზი გასმულია მოსამართლეთა ტექნიკურ კომპეტენციასა და მორალური სამართლიანობის ხარისხზე, როგორც კანონით დადგენილი კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი „სასამართლოს“ უფლების ასპექტზე. ამასთან დაკავშირებით იგი მიუთითებს CCJE - ის No. 1 (2001) მოსაზრების 25-ე პარაგრაფზე, რომლის მიხედვითაც „წევრი სახელმწიფოების ხელისუფლებამ რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მოსამართლეთა დანიშვნასა და წარდგენაზე უნდა შეადგინოს, გამოაქვეყნოს და დანერგოს ობიექტური კრიტერიუმები, რათა უზრუნველყოს, რომ მოსამართლეთა შერჩევა და კარიერა ემყარება მათ დამსახურებას და ითვალისწინებს მათ კვალიფიკაციას, სამართლიანობას, შესაძლებლობასა და ეფექტურობას“ (იხ. პარ. 124 ზემოთ). ევროპული სასამართლო შემდგომში ითვალისწინებს პარაგრაფებში 117,129 და 145-147 მოყვანილ საერთაშორისო მასალას.
222. სტრასბურგის სასამართლო ითვალისწინებს, რომ არც სააპელაციო სასამართლოს როგორც „სასამართლოს“ დახასიათება და არც ამ სასამართლოში დანიშნულ მოსამართლეთა დამსახურებები, არ არის სადავო წინამდებარე საქმეში. მიუხედავად ამისა, იგი ხაზს უსვამს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის უპირველეს მნიშვნელობას, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ყველაზე კვალიფიციური კანდიდატების - როგორც ტექნიკური კომპეტენციის, ასევე მორალური სამართლიანობის საფუძველზე - მოსამართლეთა თანამდებობებზე დანიშვნა. თავისთავად ცხადია, რომ რაც უფრო მაღლა დგას სასამართლო იერარქიაში, მით უფრო მკაცრი უნდა იყოს შერჩევის კრიტერიუმები. გარდა ამისა, აშკარაა, რომ არაპროფესიონალი მოსამართლეები შეიძლება დაექვემდებარონ შერჩევის განსხვავებულ კრიტერიუმებს, კერძოდ, როდესაც საქმე ეხება მოთხოვნილ ტექნიკურ კომპეტენციებს. ევროპული სასამართლოს აზრით, დამსახურებაზე დაფუძნებული შერჩევა არამარტო უზრუნველყოფს სასამართლოს ტექნიკურ შესაძლებლობას აღასრულოს მართლმსაჯულება როგორც „სასამართლომ“, არამედ ასევე მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ უზრუნველყოს სასამართლო სისტემისადმი საზოგადოებრივი ნდობა და წარმოადგენს მოსამართლეთა პირადი დამოუკიდებლობის დამატებით გარანტიას.
(ii) ,,შექმნილი”
223. სტრასბურგის სასამართლო კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ საკუთარი დადგენილი პრეცედენტული სამართლის მიხედვით, ფრაზა „კანონის საფუძველზე შექმნილი“ მოიაზრებს არა მხოლოდ „სასამართლოს“ არსებობის სამართლებრივ საფუძველს, არამედ ასევე სასამართლოს ან ტრიბუნალის თანხვედრას შესაბამის წესებთან და თითოეულ საქმეზე მოსამართლეთა შემადგენლობის დაკომპლექტებას (იხ. ციტირებული საქმეები ზემოთ, § 213 ). შესაბამისად, „კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლოს“ მოთხოვნის გამოყენების ფარგლები, შეიძლება არ შემოიფარგლებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევებით, როდესაც სასამართლო ორგანოს არ გააჩნდა კომპეტენცია ემოქმედა როგორც ტრიბუნალს ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, როგორც ამას მთავრობა ამტკიცებს პარაგრაფში 175, ზემოთ.
224. ევროპული სასამართლო შემდგომში აღნიშნავს, რომ საკუთარი პრეცედენტული სამართალი „კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლოს“ მოთხოვნასთან მიმართებით, აქამდე ძირითადად ეხებოდა ეროვნული კანონმდებლობის დარღვევას, რომელიც პირდაპირ არეგულირებს სასამართლოს კომპეტენციას კონკრეტულ საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად, ან იმ კანონებს, რომლებსაც უშუალო გავლენა გააჩნდა იმ სასამართლოს შემადგენლობის დაკომპლექტებაზე, რომელიც განიხილავდა მომჩივნის საქმეს. წინამდებარე საქმის მიზნებისთვის კითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს მდგომარეობს შემდეგში, კონკრეტულ სასამართლოში მოსამართლის თავდაპირველი დანიშვნის დროს ეროვნული კანონმდებლობის დარღვევებით ასევე დაირღვა თუ არა „კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლოს“ უფლება.
225. ევროპული სასამართლო, ამასთან დაკავშირებით, აღნიშნავს, რომ საკუთარ სასამართლო პრაქტიკაში არის გარკვეული პრეცედენტი, რომელიც ეხება ამ მიმართულებას, როგორიცაა Ilatovskiy -ს საქმე (Ilatovskiy v. Russia, no. 6945/04, § ..., 9 ივლისი 2009). წინამდებარე საქმე ეხებოდა მომჩივნის მსჯავრდებას (2002 წელს) რაიონული სასამართლოს მიერ, რომლის შემადგენლობაშიც იყო ერთი პროფესიონალი და ორი არაიურისტი მოსამართლე, რომლებიც არაიურისტ მოსამართლეებად დაინიშნენ 1991 და 1999 წლებში. მას შემდეგ რაც დადგინდა, რომ სადავო არაიურისტი მოსამართლეების დანიშვნა მოხდა იმ დროისთვის მოქმედი ეროვნული კანონმდებლობის დარღვევით, სტრასბურგის სასამართლომ დაასკვნა, რომ რაიონული სასამართლო რომელმაც მომჩივნის წინააღმდეგ გამოიტანა გადაწყვეტილება აღნიშნული არაიურისტი მოსამართლეების მონაწილეობით, არ შეიძლება განიხილებოდეს როგორც „კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლო“. Ilatovskiy-ს საქმე, მიუხედავად წინამდებარე საქმისგან განსხვავებებისა, ნათელი მაგალითია იმ სიტუაციისა, როდესაც დანიშვნის პროცედურის დარღვევებმა შეიძლება შელახოს სასამართლოს ან ტრიბუნალის, როგორც „კანონის საფუძველზე შექმნილის“ ლეგიტიმურობა.
226. ურთიერთქმედება მოსამართლის დანიშვნის პროცედურასა და სასამართლოს შემადგენლობის „კანონიერებას“ შორის, რომლის შემადგენლობაშიც ასეთი მოსამართლე იმყოფება, ასევე მხარდაჭერილია „კანონის საფუძველზე შექმნილი“ სასამართლოს მოთხოვნით, როგორც ეს განიმარტა პარაგრაფში 214, ზემოთ. ეს მოთხოვნა ასახავს კანონის უზენაესობის პრინციპს და ცდილობს დაიცვას სასამართლო ხელისუფლება უკანონო გარე ზეგავლენისგან, კერძოდ, აღმასრულებელი ხელისუფლებისგან (იხ. პარ. 211), თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ასეთი უკანონო ჩარევა ასევე მომდინარეობდეს საკანონმდებლო ორგანოს ან თავად სასამართლო ხელისუფლებისგან. ამასთან, იგი მოიცავს ეროვნული კანონმდებლობის ნებისმიერ დებულებას - მათ შორის, დებულებებს, რომლებიც ეხებიან სასამართლოს წევრთა დამოუკიდებლობას - რომელთა დარღვევის შემთხვევაშიც, საქმის განხილვაში ერთი ან მეტი მოსამართლის მონაწილეობა ჩაითვლება „არაკანონიერად“ (იხ. პარ. 212 ზემოთ). ევროპულ სასამართლოს გააზრებული აქვს, რომ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის დროს შესაძლებელია შევხვდეთ ასეთ არასათანადო ჩარევას და შესაბამისად, მიიჩნევს რომ იგი მოითხოვს მკაცრ შემოწმებას; უფრო მეტიც, აშკარაა, რომ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევით, შეიძლება საქმის განხილვაში შესაბამისი მოსამართლის მონაწილეობა მიჩნეულ იქნეს „არაკანონიერად“.
227. როგორც CCJE 2015 წელს გამოქვეყნებულ დასკვნაში ადგენს, „ყველა ინდივიდუალური მოსამართლე, რომელიც დანიშნულია კონსტიტუციის და სხვა რელევანტური ნორმების შესაბამისად, იძენს მის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას და ლეგიტიმურობას“ (იხ. პარ. 126), შესაბამისად, რელევანტური ნორმების დარღვევით დანიშნულ მოსამართლეს შესაძლოა არ გააჩნდეს მოსამართლედ ყოფნის ლეგიტიმაცია. დემოკრატიულ სახელმწიფოში (რომელშიც მოქმედებს კანონის უზენაესობა) მართლმსაჯულების სისტემის გამართული ფუნქციონირებისა და ლეგიტიმურობის ფუნდამენტური გავლენის გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი აუცილებლად წარმოადგენს სასამართლოს ან ტრიბუნალის „კანონის საფუძველზე“ „შექმნის“ თანდაყოლილ ელემენტს, ხოლო საწინააღმდეგო ინტერპრეტაცია ეწინააღმდეგება შესაბამისი მოთხოვნის მიზანს. ამასთან დაკავშირებით, ევროპული სასამართლო კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ კონვენცია „მიზნად ისახავს არა თეორიული ან მოჩვენებითი უფლებების, არამედ პრაქტიკული და ეფექტური უფლებების უზრუნველყოფას“ (იხ. მაგ., Coëme and Others, § 98, ციტირებული ზემოთ).
228. ამასთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლო ასევე ხაზს უსვამს იმას, რომ მის მიერ ჩატარებული შედარებითი კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხული სახელმწიფოების თითქმის ნახევარი მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის პროცესს მოიაზრებს „კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლოს“ მოთხოვნის ქვეშ. შესაბამისად, ამ საკითხთან დაკავშირებით გამოკითხულ სახელმწიფოებს შორის უკვე არსებობს მნიშვნელოვანი კონსესუსი და მას სტრასბურგის სასამართლო შუმჩნევლად ვერ დატოვებს. შემდგომში, შედეგები აჩვენებს რომ სხვა მრავალ სახელმწიფოში ეს საკითხი არ არის განსაზღვრული; ამრიგად, არ არის გამორიცხული, რომ თუ ამ სახელმწიფოებში წამოიჭრება მსგავსი საკითხი, ეროვნულ სასამართლოებს შეუძლიათ განმარტონ „კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლოს’’ მოთხოვნა, რომელიც ასევე მოიცავს მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის პროცესს. საბოლოოდ, ამ საკითხთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლო მიუთითებს 2020 წლის 26 მარტის CJEU- გადაწყვეტილებებზე Simpson და HG, სადაც დადგენილი იქნა (მოცემულ საქმეზე პალატის გადაწყვეტილების მითითებით), რომ „კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლოს“ უფლება მოიცავს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესს (იხ. პარ. 74 და 75, CJEU-ს გადაწყვეტილება, პარ. 137 ზემოთ).
(iii) ,,კანონის საფუძველზე”
229. „კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლოს“ მოთხოვნასთან დაკავშირებული საქმეების ბუნება და მოცულობა, რომლებიც ამ დროისთვის სტრასბურგის სასამართლოს წინაშე იქნა წარდგენილი, ძირითადად ითხოვდნენ იმის გამორკვევას, ჰქონდა თუ არა საქმის განმხილველ სასამართლოს ეროვნული კანონმდებლობაში რაიმე სამართლებრივი საფუძველი და მოდიოდა თუ არა შესაბამისობაში აღნიშნული სასამართლო მისი შემადგენლობითა და ფუნქციონირებით ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამ საკითხთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლო მთავრობის არგუმენტების საწინააღმდეგოდ (იხ. პარ. 175 ზემოთ) აცხადებს, რომ მან „კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლოს’’ მოთხოვნა აგრეთვე განმარტა, როგორც „სასამართლო, რომელიც შექმნილია კანონის შესაბამისად“ (იხ, mutatis mutandis, Ilatovskiy, ციტირებული ზემოთ, § 39; Momčilović, ციტირებული ზემოთ, § 29; და Jenița Mocanu, ციტირებული ზემოთ, § 37). იგი მიიჩნევს, რომ ეს ინტერპრეტაცია თანხვედრაშია შესაბამისი მოთხოვნის ძირითად მიზანთან და ვერ ხედავს მისი შეცვლის საჭიროებას.
230. ევროპული სასამართლო ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოთხოვნა, რომ სასამართლო უნდა შეიქმნას „კანონის საფუძველზე“ მიზნად არ ისახავს წევრ სახელმწიფოებში ერთგვაროვანი მოსამართლეთა დანიშვნის პრაქტიკის დანერგვას. როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული (იხ. პარ. 207), სტრასბურგის სასამართლოსთვის ცნობილია, რომ ევროპაში მოსამართლეთა დანიშვნის სისტემები განსხვავდება და მხოლოდ ის ფაქტი, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას მოსამართლეთა დანიშვნებთან დაკავშირებით ეკისრება გადამწყვეტი როლი (როგორც ეს ხდება მრავალ წევრ სახელმწიფოში, სადაც აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილება შეზღუდულია სამართლებრივად და სხვა ანგარიშვალდებულებების მექანიზმებით და არსებობს მრავალწლიანი პრაქტიკა დამოუკიდებელი და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევის, რომელიც ემსახურება სასამართლო დამოუკიდებლობისა და ლეგიტიმურობის შენარჩუნებას) არ შეიძლება მიჩნეული იყოს, რომ აკნინებს ტრიბუნალის ან სასამართლოს როგორც „კანონის საფუძველზე“ შექმნილის დახასიათებას. საჭიროა მხოლოდ იმის უზრუნველყოფა, რომ მოსამართლეთა დანიშვნის თაობაზე შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა არაორაზროვნად იქნეს ჩამოყალიბებული, რამდენადაც ეს შესაძლებელია, რათა არ მოხდეს თვითნებური ჩარევა მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში, მათ შორის აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან.
(iv) „დამოუკიდებლობის“, „მიუკერძებლობის“ და „კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლოს“ მოთხოვნათა ურთიერთდამოკიდებულება
231. მართალია, „კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლოს“ უფლება კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად დამოუკიდებელი უფლებაა, თუმცა სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში ჩამოყალიბდა ძალიან მჭიდრო ურთიერთმიმართება ამ სპეციფიკურ უფლებასა და „დამოუკიდებლობის“ და „მიუკერძოებლობის“ გარანტიებს შორის.
232. ამასთან დაკავშირებით და როგორც ზემოთ აღინიშნა (იხ. პარ. 219), ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ სასამართლო ორგანო რომელიც არ აკმაყოფილებს დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის მოთხოვნებს - განსაკუთრებით აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან - შეიძლება რომ არც კი შეფასდეს როგორც „სასამართლო“ მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად. ანალოგიურად, იმის გამორკვევისას არის თუ არა „სასამართლო“ „კანონის საფუძველზე შექმნილი“, ამ წინადადებაში „კანონი“ მოიაზრებს ეროვნული კანონმდებლობის ნებისმიერ დებულებას - მათ შორის, დებულებებს სასამართლოს წევრთა დამოუკიდებლობის შესახებ - რომელთა დარღვევის შემთხვევაშიც ერთი ან მეტი მოსამართლის საქმეში მონაწილეობა ჩაითვლება „არაკანონიერად“ (იხ. პარ. 212 ზემოთ). სტრასბურგის სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ იმის დადგენისას შეიძლება თუ არა სასამართლო მიჩნეული იქნეს „დამოუკიდებლად“ მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის მნიშვნელობით, გათვალისწინებული უნდა იყოს, inter alia, მისი წევრების დანიშვნის წესი (იხ. მაგ., Ramos Nunes de Carvalho e Sá, ციტირებული ზემოთ, § 144), რომელიც განხილულია ზემოთ (იხ. პარ, 224-228), „სასამართლოს“ შექმნასთან დაკავშირებით.
233. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ თითოეული მათგანი, როგორც ცალსახა სამართლიანი სასამართლოს გარანტიები, ემსახურება კონკრეტულ მიზნებს, სტრასბურგის სასამართლო გამოარჩევს საერთო ინსტიტუციონალურ მოთხოვნებს მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, რადგანაც ისინი ხელმძღვანელობენ კანონის უზენაესობის და ხელისუფლების დანაწილების ფუნდამენტური პრინციპებით. სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო სისტემისადმი საზოგადოებრივი ნდობის შენარჩუნება და მისი დამოუკიდებლობის დაცვა სხვა უფლებამოსილებებთან ერთად, საფუძვლად უდევს თითოეულ ამ მოთხოვნას (ამასთან დაკავშირებით იხ. „კანონის საფუძველზე შექმნილი ტრიბუნალის“ უფლების მიზანი, პარ. 214 და 215 ზემოთ). ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, როგორც ამას მთავრობა ამტკიცებს, ამ მჭიდრო კავშირისა და საერთო მიზნის აღიარება არ ფარავს და არ იმეორებს მათ კონკრეტულ ფუნქციებს, არამედ მხოლოდ ემსახურება მათი შესაბამისი მიზნებისა და ეფექტის გაძლიერებას.
234. ამის საწინააღმდეგოდ, სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ „კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლოს“ მოთხოვნის განხილვამ არ უნდა დაკარგოს საერთო მიზანი და სისტემატურად უნდა დაადგინოს, იყო თუ არა მოცემულ საქმეში სავარაუდო დარღვევა ისეთი სიმძიმის, რომ შელახოს ზემოხსენებული ფუნდამენტური პრინციპები და საფრთხის ქვეშ დააყენოს სადავო სასამართლოს დამოუკიდებლობა. ამასთან დაკავშირებით, „დამოუკიდებლობა“ გულისხმობს აუცილებელ პირად და ინსტიტუციონალურ დამოუკიდებლობას, რომელიც საჭიროა მიუკერძოებელი გადაწყვეტილების მისაღებად და წარმოადგენს მიუკერძოებლობის წინაპირობას. იგი მოიცავს ორივეს: (i) ფსიქიკურ მდგომარეობას, რომელიც უთითებს მოსამართლის გარე ზეწოლისადმი დაუმორჩილებლობაზე, როგორც მორალური მთლიანობის საკითხზე, და (ii) ინსტიტუციონალურ და ოპერატიულ რეგულირებას - მოიცავენ პროცედურას რომლის მიხედვითაც მოსამართლეები დაინიშნებიან ისე, რომ გარანტირებული იყოს მათი დამოუკიდებლობა და დამსახურებებზე დაფუძნებული შერჩევის კრიტერიუმები-, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ზედმეტი ზეგავლენისსგან დაცვის გარანტიები ან/და სხვა სახელმწიფო ძალების დისკრეციისგან გათავისუფლება. ორივე ზემოხსენებული გათვალისწინებული უნდა იქნეს მოსამართლის დანიშვნის საწყის ეტაპზე და მათ მიერ მოვალეობის შესრულებისას (იხ., mutatis mutandis, Khrykin v. Russia, no. 33186/08, §§ 28‑30, 19 აპრილი 2011).
ირღვეოდა თუ არა წინამდებარე საქმეში არსებული დარღვევებით „კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლოს“ უფლება: ბარიერის ტესტი (the threshold test)
235. კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლოს უფლების ფარგლების, ამ უფლებიდან გამომდინარე მოთხოვნების და დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპთან მისი დამოკიდებულების დადგენის შემდეგ, სტრასბურგის სასამართლომ უნდა განიხილოს, მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურაში არსებულმა ხარვეზებმა დაარღვია თუ არა მომჩივნის „კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლოს“ უფლება. თავის მხრივ, ამ საკითხის გამოკვლევისას იბადება კითხვა, ავტომატურად ეწინააღმდეგებოდა თუ არა ამ უფლებას, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში არსებულ ნებისმიერი სახის დარღვევა, მიუხედავად იმისა თუ როდის ჰქონდა დარღვევას ადგილი და იყო თუ არა ის მცირე თუ ტექნიკური.
(a) საჭიროა თუ არა მინიმალური ბარიერის ტესტის დადგენა?
236. სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ დარღვევის აღმოჩენის პოტენციური შედეგებისა და რისკის წინაშე არსებული საწინააღმდეგო ინტერესების მნიშვნელობის გათვალისწინებით, „კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლოს“ უფლება არ უნდა განიმარტოს ზედმეტად ფართო წესით, რამდენადაც მოსამართლის დანიშვნის პროცედურის ნებისმიერი და ყველა დარღვევა შეიძლება რისკის ქვეშ აყენებდეს ამ უფლების განხორციელებას. პირიქით, ამ საკითხის მოგვარებისას, უნდა დაწესდეს შეზღუდვის ხარისხი.
237. ამასთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლო კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, უნდა განიმარტოს კონვენციის პრეამბულის შესაბამისად, რომელიც თავის მხრივ კანონის უზენაესობას აცხადებს ხელშემკვრელი სახელმწიფოების საერთო მემკვიდრეობის ნაწილად. როგორც აღნიშნულია ზემოთ პარ. 211-ში, „კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლოს“ უფლება წარმოადგენს კანონის უზენაესობის პრინციპის ნაწილს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ხელისუფლების დანაწილების პრინციპის დაცვაში და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობასა და ლეგიტიმურობაში, როგორც ამას მოითხოვს დემოკრატიული საზოგადოება.
238. ამ საკითხთან დაკავშირებით, ევროპული სასამართლო პირველ რიგში მიუთითებს სამართლებრივი სიცხადის პრინციპზე, რომელიც ნაგულისხმევია კონვენციის ყველა მუხლში (იხ. Nejdet Şahin and Perihan Şahin v. Turkey [დიდი პალატა], no. 13279/05, § 56, 20 ოქტომბერი 2011; იხ. ასევე the Rule of Law Checklist მომზადებული ვენეციის კომისიის მიერ, პარ. 123 ზემოთ, სადაც სამართლებრივი სიცხადე განისაზღვრება როგორც კანონის უზენაესობის ერთ-ერთი ტიპი). კონვენციის თანახმად, სამართლებრივი სიცხადის პრინციპი გამოიხატება სხვადასხვა ფორმით და კონტექსტში, როგორიცაა კანონის ცალსახად განსაზღვრა და მისი გამოყენების განჭვრეტადობა (იხ. მაგ., Medvedyev and Others v. France [დიდი პალატა], no. 3394/03, § 80, ECHR 2010, მე-5 მუხლის კონტექსტში), ან მოითხოვს რომ როდესაც სასამართლოები საბოლოოდ დაადგენენ საკითხს, მათი განაჩენი არ უნდა იქნეს ეჭვქვეშ დაყენებული (იხ. მაგ., Brumărescu v. Romania [დიდი პალატა], no. 28342/95, § 61, ECHR 1999‑VII). სამართლებრივი სიცხადის ეს უკანასკნელი ასპექტი ზოგადად გულისხმობს res judicata პრინციპის დაცვას, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილების და ეროვნულ სამართალწარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლებების დაცვით - მათ შორის, საქმეში არსებული ნებისმიერი დაზარალებულის ჩათვლით -, ემსახურება სასამართლო სისტემის სტაბილურობის უზრუნველყოფას და ხელს უწყობს საზოგადოების ნდობას სასამართლოების მიმართ. ევროპული სასამართლოს დადგენილი პრეცედენტული სამართლის თანახმად, მაშინ როცა სამართლებრივი სიცხადის პრინციპის მოთხოვნები და res judicata (იგივე საქმის ხელახალი განხილვის აკრძალვაძალა) არ არის აბსოლუტური (იხ. მაგ., სისხლის სამართალთან დაკავშირებით Moreira Ferreira v. Portugal (no. 2) [დიდი პალატა], no. 19867/12, § 62, 11 ივლისი 2017), ამ პრინციპიდან გადახვევა გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს აუცილებელია მნიშვნელოვანი და დამაჯერებელი ხასიათის გარემოებებით, როგორიცაა ფუნდამენტური დარღვევების გამოსწორება ან მართლმსაჯულების არასწორად განხორციელება (იხ. მაგ., Ryabykh v. Russia, no. 52854/99, § 52, ECHR 2003‑IX, და OOO Link Oil SPB v. Russia (განჩინება.), no. 42600/05, 25 ივნისი 2009). ამასთან, ეს ცნებები ზუსტ განსაზღვრებას არ იძლევა; სტრასბურგის სასამართლომ თითოეულ საქმეში უნდა გადაწყვიტოს სამართლებრივი სიცხადის პრინციპიდან გამამართლებელი გადახვევის ზღვარი (იხ. მაგ., Sutyazhnik v. Russia, no. 8269/02, § 35, 23 ივლისი 2009).
239. მეორე რიგში, სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მოსამართლეთა შეუცვლელობის პრინციპის მნიშვნელობას. ეს პრინციპი ზოგადად განიხილება, როგორც მოსამართლეთა დამოუკიდებლობის შედეგი - რაც კანონის უზენაესობის წინაპირობაა - და შესაბამისად ექცევა მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის გარანტიებში (იხ. Maktouf and Damjanović, ციტ. ზემოთ, § 49; Fruni v. Slovakia, no. 8014/07, § 145, 21 ივნისი 2011; და Henryk Urban and Ryszard Urban, ციტ. ზემოთ, § 53; იხ. ასევე პარ. 20 General Comment no. 32 of the UN Human Rights Committee ციტ. ზემოთ პარ. 118 , პარ. 57 of Opinion no. 1 (2001) of the CCJE ციტ. პარ. 124, და §§ 72-87 of Baka v. Hungary, ციტ. ზემოთ). თუმცა, როგორც CJEU - ს დიდმა პალატამ საქმეში Commission v. Poland (C‑619/18) ახლახანს დაადგინა, მოსამართლეთა შეუცვლელობის პრინციპი აბსოლუტური არ არის, თუმცა ამ პრინციპიდან გადახვევა გამონაკლისად ჩაითვლება მხოლოდ მაშინ, თუ იგი „გამართლებულია ლეგიტიმური მიზნით, პროპორციულია ამ მიზნის, თუ იგი არ ბადებს დასაბუთებულ ეჭვს, რომ სასამართლოზე ზეგავლენა მოახდინა გარეშე ფაქტორებმა და შეირყა მისი ნეიტრალიტეტი მის წინაშე არსებულ ინტერესებთან მიმართებით“ (იხ. პარ. 139).
240. დასკვნამ იმის შესახებ, რომ „სასამართლო არ არის კანონის საფუძველზე შექმნილი“ შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს სამართლებრივი სიცხადის და მოსამართლეთა შეუცვლელობის პრინციპებზე, პრინციპები რომელებიც ყურადღებით უნდა იქნეს გამოკვლეული მათი მიზნების მნიშვნელობის გათვალისწინებით. მიუხედავად ამისა, ამ პრინციპების ნებისმიერ ფასად დაცვით და „კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლოს’’ ხარჯზე, გარკვეულ ვითარებაში შეიძლება კანონის უზენაესობას და სასამართლო სისტემისადმი საზოგადოების ნდობას უფრო მეტი ზიანი მიადგეს. როგორც ყველა შემთხვევაში, როდესაც კონვენციის ფუნდამენტური პრინციპები ეწინააღმდეგება ერთმანეთს, ასეთ შემთხვევაშიც უნდა მოხდეს ბალანსის დადგენა იმის გამოსარკვევად სახეზეა თუ არა მნიშვნელოვანი და საჭირო აუცილებლობა, რომელიც ამართლებს სამართლებრივი სიცხადის პრინციპიდან გადახვევას და res judicata -ს ძალას (იხ. მაგ., Sutyazhnik, ციტ. ზემოთ, § 38) და შესაბამის შემთხვევაში, საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით მოსამართლეთა შეუცვლელობის პრინციპს.
241. დიდი პალატა აღნიშნავს, რომ მართალია პალატის გადაწყვეტილებაში ცალსახა არ არის, თუმცა მან სცადა ასეთი ბალანსის დადგენა „აშკარა დარღვევის“ ტესტის შემოღებით, რომლის მიხედვითაც მხოლოდ მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ წესების უკიდურესად სერიოზული დარღვევა წარმოადგენს კანონის საფუძველზე შექმნილი ტრიბუნალის უფლების დარღვევას, შესაბამისად ამით აღმართა დიდი ბარიერი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი დარღვევა (იხ. პალატის გადაწყვეტილება §§ 101 და პარ. 156-159 ზემოთ).
242. მიუხედავად იმისა, რომ დიდი პალატა მხარს უჭერს პალატის მიერ შემოთავაზებული ტესტის ლოგიკასა და ძირითად არსს, რომელსაც იგი შემდგომში განავითარებს (იხ. პარ. 243-252), თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ იგი არ გამოიყენებს „აშკარა დარღვევის“ იმავე კონცეფციას. ამასთან დაკავშირებით, იგი აღნიშნავს, რომ „აშკარა დარღვევის“ კონცეფცია სტრასბურგის სასამათლოს მიერ აქამდე გამოყენებული იქნა სხვადასხვა კონტექსტში, მათ შორის, იმის დასადგენად შეიძლება თუ არა რომ ევროპულმა სასამართლომ თავი შეიკავოს ეროვნული კანონმდებლობის ინტერპრეტაციისგან იმის თაობაზე, ადგილი ჰქონდა თუ არა პირველ რიგში ეროვნული კანონმდებლობის დარღვევას „კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლოს“ მოთხოვნასთან მიმართებით (იხ. მაგ. Posokhov, ციტირებული ზემოთ, §§ 39-44, და Kontalexis, ციტირებული ზემოთ, § 44). ამ კონცეფციის გადატანა წინამდებარე საქმის კონტექსტში - სადაც ეროვნული კანონმდებლობის დარღვევა უკვე ცალსახად დადგინდა ეროვნული სასამართლოების მიერ - მომჩივნის „კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლოს“ უფლების დარღვევის შედეგების დადგენის მიზნით, შეიძლება გარკვეული ბუნდოვანება წარმოშვას, როგორც ეს აღინიშნა პალატის გადაწყვეტილებაზე თანდართულ განსხვავებულ აზრში და მთავრობის მოსაზრებებში (იხ. პარ. 176 ზემოთ).
(ბ) დიდი პალატის მიერ ჩამოყალიბებული მინიმალური ბარიერის ტესტი
243. სასამართლო იაზრებს ყოვლისმომცველი და დამაბალანსებელი ტესტის შექმნასთან დაკავშირებულ სირთულეებს - ტესტის, რომელიც ადაპტირებული იქნება პოტენციურ უწესრიგობებთან, რაც შესაძლოა წარმოიშვას ევროპის მასშტაბით სხვადასხვა იურისდიქციის ქვეშ (თითოეული - საკუთარი ნორმებით და პრაქტიკით), მოსამართლეთა დანიშვნის პროცესებში. ის ასევე აღნიშნავს, რომ სახელმწიფოებმა ამ კომპლექსური საკითხის გადასაჭრელად ეროვნულ დონეზე სხვადასხვა მექანიზმები და სტანდარტები შემოიღეს. სასამართლო დამატებით მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით ხელშემკვრელ სახელმწიფოებს უნდა მიენიჭოთ თავისუფალი შეფასების გარკვეული მასშტაბის ფარგლები, ვინაიდან ეროვნული სახელისუფლებო ორგანოები პრინციპში, სტრასბურგის სასამართლოზე უკეთეს პოზიციაში არიან, შეაფასონ ის, თუ რა მეთოდით და ფორმით იქნება სამართლის უზენაესობისა და მართლმსაჯულების ინტერესები (მათი ყველა ურთიერთდაპირისპირებული კომპონენტის გათვალისწინებით) ყველაზე უკეთ უზრუნველყოფილი. თუმცა, მისი შეფასებით, ქვემოთ მოცემული კრიტერიუმები, კუმულაციურად ქმნის მყარ საფუძელს იმისათვის, რათა სტრასბურგის სასამართლომ (და სამომავლოდ ეროვნულმა სასამართლოებმა) შეაფასოს, (i) იყო თუ არა მოსამართლეების დანიშვნის კონკრეტული პროცედურის დროს არსებული უწესრიგობები ისეთი სიმძიმის, რომ გამოეწვია კანონის საფუძველზე შექმნილ სასამართლოზე უფლების დარღვევა და (ii) შეპირისპირებულ პრინციპებს შორის ბალანსის დაცვა მოხდა თუ არა სამართლიანად და პროპორციულად შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ საქმის კონკრეტულ გარემოებებში.
(i) ტესტის პირველი ეტაპი
244. სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველ რიგში, სახეზე უნდა იყოს ეროვნული კანონმდებლობის აშკარა დარღვევა იმ გაგებით, რომ ის ასეთად იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ობიექტური და უტყუარი შეფასების შედეგად. სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც ეს 209-ე და 216-ე პარაგრაფებშია აღნიშნული, იმის გადასაწყვეტად, ადგილი ჰქონდა თუ არა ეროვნული კანონმდებლობის დარღვევას, ის დაეყრდნობა ეროვნული სასამართლოების ინტერპრეტაციას გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ცალსახად „უხეშ“ დარღევასთან გვაქვს საქმე (იხ. Lavents, § 114), ანუ, როდესაც ეროვნული სასამართლოების მიერ გაკეთებული დასკვნები თვითნებურად ან აშკარად დაუსაბუთებელად მიიჩნევა (იხ. mutatis mutandis, Radomilja and Others v. Croatia [GC], nos. 37685/10 and 22768/12, § 149, 20 March 2018, and S., V. and A. v. Denmark [GC], nos. 35553/12 and 2 others, § 148, 22 October 2018).
245. მიუხედავად ამისა, სასამართლო ხაზს უსვამს, რომ მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებული ეროვნული სამართლის ნორმათა აშკარა დარღვევის არარსებობა ავტომატურად არ გამორიცხავს იმ შესაძლებლობას, რომ მაინც დაირღვეს უფლება კანონის საფუძელზე შექმნილ სასამართლოზე. შესაძლოა, სახეზე იყოს გარემოებები, როდესაც მოსამართლეთა დანიშნის პროცედურა ერთი შეხედვით, შესაბამისობაში მოდიოდეს კონკრეტულ ეროვნულ ნორმებთან, თუმცა მის მიერ განპირობებული შედეგები კონვენციური უფლების მიზანთან შეუსაბამო იყოს (იხ.DMD GROUP, a.s., §§ 62-72). ამგვარ გარემოებებში, იმის გადასაწყვეტად, შესაბამის ეროვნულ ნორმათა გამოყენება კონვენციის მნიშვნელობიდან გამომდინარე, „კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლოს“ უფლების სპეციფიკურ მოთხოვნებს აკმაყოფილებდა თუ არა, სტრასბურგის სასამართლო ვალდებულად მიიჩნევს თავს, განაგრძოს საქმის შემოწმება ტესტის ქვემოთ მოცემული მეორე და მესამე კომპონენტების შუქზე.
(ii) ტესტის მეორე ეტაპი
246. მეორე ეტაპზე, სადავო დარღვევა უნდა შეფასდეს „კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლოს“ უფლების მიზნის გათვალისწინებით, რათა უზრუნველყოს სასამართლოს უნარი, შეასრულოს მისი მოვალეობები სხვა სახელმწიფო აქტორების მხრიდან და დაიცვას სამართლის უზენაესობისა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპები, შესაბამისად, წმინდად, ტექნიკური ხასიათის დარღვევები, რომლებსაც დანიშნის პროცედურის ლეგიტიმურობასთან მიმართებით არანაირი წონა არ გააჩნია, არ ექცევა აღნიშნული მინიმალური სტანდარტის ფარგლებში. ამის საპირისპიროდ, ისეთი დარღვევები, რომლებიც დანიშვნის პროცედურის ყველაზე ფუნდამენტურ წესებს უგულვებელყოფს (მაგალითდ, ისეთი პირის დანიშვნა, რომელიც არ აკმაყოფილებს კანდიდატის შესაბამის კრიტერიუმებს) ან დარღვევები, რომლებიც სხვა ფორმით ხელყოფს „კანონიერი საფუძვლის“ მოთხოვნის მიზანსა და ეფექტს, კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ ამ მოთხოვნასთან შეუსაბამოდ უნდა მიიჩნეს.
247. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, მის მიერ კონვენციით დაცულ უფლებაზე დარღვევის დადგენას დიდი ალბათობით, ეროვნულ დონეზე სწორედ ისეთი დარღვევების არსებობა განაპირობებს, რომლებიც მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურის ყველაზე ფუნდამენტურ წესებს უგულვებელყოფს. კერძოდ, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პალატამ[1] მართებულად მიუთითა, სტრასბურგის სასამართლომ „თითოეულ საქმეში უნდა დაადგინოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურასთან დაკავშირებული შესაბამისი ეროვნული ნორმების დარღვევა ხომ არ ქმნიდა აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების მხრიდან არასათანადო დისკრეციის გავრცელების რეალურ რისკს, რომელიც დანიშვნის პროცედურის სამართლიანობას ისეთ დონეზე შელახავდა, რაც იმ დროისთვის ძალაში არსებული ეროვნული ნორმებით ვერ იქნებოდა განჭვრეტილი“.
(iii) ტესტის მესამე ეტაპი
248. მესამე ეტაპზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსამართლეთა დანიშვნაზე ეროვნული ნორმის დარღვევის ეროვნული სასამართლოების მიერ განხორციელებული შემოწმება სამართლებრივი შედეგების თვალსაზრისით, მნიშვნელოვან როლს თამაშობს იმ საკითხის გადაწყვეტაში, ხელყოფდა თუ არა აღნიშნული დარღვევა „კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლოს“ უფლებას.
249. სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს, ხაზი გაუსვას, რომ იმ შემთხვევაში, თუ ეროვნულ სასამართლოთა დასკვნები მიჩნეული იქნება, როგორც სრულიად განყენებული „კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლოს“ მოთხოვნის შესაბამისი შეფასებისგან, მაშინ კონვენციის მე-6 მუხლით დაცული, აღნიშნული ავტონომიური უფლება მოცემულ კონტექსტში მოკლებული იქნება რეალური დაცვის უზრუნველყოფის ყველანაირ შესაძლებლობას, განურჩევლად ეროვნულ სასამართლოთა მიერ განხორციელებული შემოწმების ბუნების, ფარგლებისა თუ ხარისხისა.
250. ამ მიმართულებით, სასამართლო იაზრებს მის ფუნდამენტურად სუბსიდიარულ როლს კონვენციით განსაზღრულ ზედამხედველობის მექანიზმში, რომლის შესაბამისადაც ხელშემკვრელ სახელმწიფოებს ეკისრებათ უპირატესი მნიშვნელობის ვალდებულება, დაიცვან კონვენციითა და მისი დამატებითი ოქმებით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები (იხ. Garib v. the Netherlands [GC], no. 43494/09, § 137, 6 November 2017). მიუხედავადა ამისა, ის ასევე აღნიშნავს, რომ სუბსიდიარობის პრინციპი წევრ სახელმწიფოებსა და სტრასბურგის სასამართლოს შორის აყალიბებს საზიარო პასუხისმგებლობას (იხ. Burmych and Others v. Ukraine (striking out) [GC], nos. 46852/13 et al, §§ 120-22, 12 October 2017). მაშასადამე, სასამართლოს შეფასებით, მართალია ძირითადად, ეროვნული ორგანოების, კერძოდ კი ეროვნული სასამართლოების გადასაწყვეტია ის, თუ როგორ განიმარტება და გამოიყენება ეროვნული კანონმდებლობა, თუმცა, საბოლოოდ მაინც სტრასბურგის სასამართლოზეა დამოკიდებული იმის დადგენა, თუ რამდენად უზრუნველყოფს კანონმდებლობის ინტერპრეტაციისა და გამოყენების მოცემული ფორმა კონვენციის პრინციპების შესაბამისი შედეგების დადგომას (იხ. Scordino v. Italy (no. 1) [GC], no. 36813/97, § 191, ECHR 2006‑V, and Carbonara and Ventura v. Italy, no. 24638/94, § 68, ECHR 2000‑VI).
251. როგორც ეს ზემოთ, 244-ე პარაგრაფშია აღნიშნული, იმის შეფასებისას, ადგილი ჰქონდა თუ არა კონკრეტულ საქმეში ეროვნული კანონმდებლობის დარღვევას, სასამართლო როგორც წესი, დაეყრდნობა ეროვნული კანონმდებლობის ეროვნული სასამართლოებისეულ ინტერპრეტაციას გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათ მიერ გაკეთებული დასკვნები თვითნებური ან აშკარად დაუსაბუთებელია. მიუხედავად ამისა, მას შემდეგ, რაც შესაბამის ეროვნულ ნორმათა დარღვევა დგინდება, ამგვარი დარღვევის სამართლებრივი შედეგების შეფასება ეროვნული სასამართლოების მხრიდან უნდა განხორციელდეს კონვენციის შესაბამისი პრეცედენტული სამართლისა და მასში ჩამოყალიბებული პრინციპების გათვალისწინებით. იქ, სადაც ეროვნულ სასამართლოებს კონვენციის სტანდარტების შუქზე სათანადოდ აქვთ შეფასებული ფაქტები და საჩივრები, ადეკვატურად აქვთ დაბალანსებული შეპირისპირებული ინტერესები და შედეგად, გაკეთებული აქვთ საჭირო დასკვნები, სტრასბურგის სასამართლოს ძალიან ძლიერი მიზეზები დასჭირდება იმისთვის, რათა ეროვნულ სასამართლოთა შეფასება საკუთარით შეცვალოს (იხ. mutatis mutandis, Von Hannover v. Germany (no. 2) [GC], nos. 40660/08 and 60641/08, § 107, ECHR 2012, and Satakunnan Markkinapörssi Oy and Satamedia Oy v. Finland [GC], no. 931/13, § 164, 27 June 2017).
252. ბოლოს, სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ეროვნულ კანონმდებლობაში მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურის გასაჩივრებისთვის განკუთვნილი სპეციფიკური ვადის არარსებობა პრაქტიკაში არ გამოიწვევს მოცემული დანიშვნების სადავოდ გახდომის შესაძლებლობას განუსაზღვრელი ვადის განმავლობაში, ვინაიდან დროის გასვლასთან ერთად, შეპირისპირებულ ინტერესთა შემოწმებისას, სამართლებრივი სიცხადის შენარჩუნება უფრო წონადი ინტერესი იქნება, ვიდრე ინდივიდუალური მომჩივნის უფლება „კანონის საფუძველზე შექმნილ სასამართლოზე“. აგრეთვე, მხედველობაში უნდა იქნეს მიღბული მტკიცებულებითი სირთულეები, რაც დროის გასვლასთან ერთად წარმოიშობა და კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ვადები, რაც შესაძლოა ეროვნულ დონეზე მსგავსი ტიპის გამოწვევების შემთხვევაში იქნეს გამოყენებული.
(გ) ტესტის მორგება მოცემული საქმის გარემოებებზე
253. აღნიშნულ ეტაპზე, უკვე სტრასბურგის სასამართლომ უნდა შეაფასოს, განაპირობებდა თუ არა მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებები „კანონის საფუძველზე შექმნილ სასამართლოზე“ უფლების დარღვევას, ზემოთ განხილული 3-ეტაპიანი ტესტის გათვალისწინებით.
(i) ადგილი ჰქონდა თუ არა ეროვნული კანონმდებლობის აშკარა დარღვევას
254. სასამართლოს დაკვირვებით, როგორც ეს უკვე აღინიშნა 208-ე პარაგრაფში, ისლანდიის უზენაესმა სასამართლომ მის 2017 წლის 19 დეკმებრისა და 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებებში დაადგინა, რომ ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნები არ იყო დაცული სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნისას, ორი მიმართულებით: ერთი, იუსტიციის მინისტრს არც ფაქტების დამოუკიდებელი შეფასება გაუკეთებია და არც ადეკვატური მიზეზები წარუდგენია შეფასების კომიტეტის მიერ წარდგენილი სიიდან გადახვევის გასამართლებლად, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კანონის მე-10 სექციას ეწინააღმდეგებოდა; ხოლო მეორე, პარლამენტმა არ დაიცვა ხმის მიცემის სპეციალური პროცედურა, რომელიც სასამართლო ხელისუფლების შესახებ მიღებული ახალი კანონის დროებითად ჩამოყალიბებული მე-4 დებულებით იყო განსაზღვრული. სტრასბურგის სასამართლო კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საკუთარ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ამ მიმართულებით არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისათვის, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს ისლანდიის უზენაესი სასამართლოს მიერ ეროვნული კანონმდებლობის ინტერპრეტაცია, რაც არც მხარეების მიერ არაა სადავოდ გამხდარი. მაშასადამე, სასამართლო ადგენს, რომ ტესტის პირველი წინაპირობა ცალსახად დაკმაყოფილებულია.
(ii) ჰქონდა თუ არა ეროვნული კანონმდებლობის დარღვევებს კავშირი მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურის ფუნდამენტურ წესთან
255. როგორც ზემოთ მოცემულ 246-ე პარაგრაფშია აღნიშნული, იმის შეფასებისას, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში არსებული კონკრეტული ხარვეზი იყო თუ არა ისეთი სიმძიმის, რომ გამოეწვია „კანონის საფუძველზე შექმნილ სასამართლოზე“ უფლების დარღვევა, ყურადღება უნდა გამახვილდეს დარღვეული კანონის მიზანზე და იმ ფაქტზე, სადავო დარღვევა „კანონის საფუძველზე შექმნილ სასამართლოზე“ უფლების არსს ხელყოფდა თუ არა. ამის გათვალისწინებით, სასამართლო დაიწყებს მის შემოწმებას ისლანდიის მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურასთან დაკავშირებული შესაბამისი კანონმდებლობის განხილვით, რათა დაადგინოს მისი მიზანი.
256. ისლანდიაში მოსამართლეთა დანიშვნის პროცესთან დაკავშირებული საკანონმდებლო განვითარების განხილვის შედეგად იკვეთება, რომ რამდენიმე სარეფორმო პროცედურის შემდეგ, თანმიმდევრულად ჩამოყალიბდა მოსამართლეთა დანიშვნის სისტემა, რომელშიც ცენტრალურ როლს თამაშობდა შეფასების კომიტეტი - იუსტიციის მინისტრის მიერ დანიშნული 5 წევრისგან შემდგარი, აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი უწყება, რომელსაც კანდიდატთა კვალიფიკაციის შეფასება და პოსტისთვის ყველაზე კვალიფიციური კადრების შერჩევა ევალებოდა. უახლესი საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, შეფასების კომიტეტს, რომელსაც თავდაპირველად, მხოლოდ მრჩევლის სტატუსი ჰქონდა, მიენიჭა უფლებამოსილება, შეედგინა მბოჭავი ძალის რეკომენდაციები სამივე ინსტანციის მოსამართლეთა დანიშვნის თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა უშვებდა იუსტიციის მინისტრის მიერ კომიტეტის შეფასებიდან რაღაც დონეზე გადახვევის შესაძლებლობას, ამგვარი დიკსრეციის გამოყენება ყოველთვის პარლამენტის კონტროლს ექვემდებარებოდა.
257. no.92/1989 და 45/2010 კანონების მოსამზადებელი მასალიდან, ისევე როგორც სტრასბურგის სასამართლოს წინაშე მხარეთა არგუმენტებით და საერთაშორისო წყაროებიდან proprio motu მოპოვებული ინფორმაციიდან იკვეთება, რომ ასეთი მექანიზმის შექმნის მთავარი მიზანი იყო აღმასრულებელი ხელისუფლლების გავლენის შემცირება მოსამართლეთა დანიშვნის პროცესზე და, შესაბამისად, ისლანდიაში სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერება. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ პაქტის შესრულების შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტისთვის 2010 წელს წარდგენილ ანგარიშში, ისლანდიის მთავრობამ ნათლად განაცხადა, რომ განხორციელდა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, ქვეყანაში მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის პროცესთან დაკავშირებული წუხილის საპასუხოდ, ვინაიდან დანიშვნის პროცესში მინისტრების მიერ შესრულებული როლის გამო საკმარისად არ იყო უზრუნველყოფილი სასამართლოს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა. ანალოგიურად, 2013 წელს ისლანდიის შეფასების ანგარიშში GRECO-მ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ,,ახალი დანიშვნის სისტემის გამოყენებამდე, მინისტრი ვალდებული იყო შეესრულებინა შესაბამისი სასამართლო ორგანოს რჩევები, როდესაც თანამდებობაზე მოსამართლეს ნიშნავდა და ნამდვილად, წარსულში მოსამართლეთა დანიშვნა თვითნებურად ხორციელდებოდა, რაც წარმოშობდა კრიტიკას ამ პროცესში პოლიტიკური გავლენების ჩართულობის გამო.’’
258. სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც დამატებითმა გარანტორმა თვითნებობის წინააღმდეგ, უზენაესმა სასამართლომ ნათლად განაცხადა 2011 წელსვე (ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც შეფასების კომიტეტი მხოლოდ მრჩევლის როლით სარგებლობდა), რომ კომიტეტის შეფასებიდან გადახვევის კანონმდებლობით განსაზღვრული შესაძლებლობის გამოყენებისას, იუსტიციის მინისტრს, ადმინისტრაციული საპროცესო კანონის მე-10 თავით გათვალისწინებული მოთხოვნისა და ისლანდიური ადმინისტრაციული სამართლის ძირითადი პრინციპის შესაბამისად, საკუთარი გადაწყვეტილება ჩატარებულ სათანადო გამოძიებასა და შეფასებაზე უნდა დაეფუძნებინა.
259. მოცემულ ახსნა-განმარტებებზე დაყრდნობით, ამ ეტაპზე უკვე დიდმა პალატამ უნდა დაადგინოს, იყო თუ არა მინისტრის მიერ შემოთავაზებული 4 მოსამართლის, მათ შორის ა.ე.-ის დანიშვნის პროცედურასთან დაკავშირებული დარღვევები ისეთი სიმძიმის, რომ დაეზიანებინა დანიშვნის პროცესის ლეგიტიმაცია და „კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლოზე“ უფლების არსი.
(α) მინისტრის მიერ ჩადენილი დარღვევები
260. პარლამენტისთვის წარდგენილი ახსნა-განმარტებების თანახმად, მინისტრის გადაწყვეტილება, გადაეხვია შეფასების კომიტეტის დასკვნისგან ძირითადად განპირობებული იყო კანდიდატთა შეფასების პროცესში სამოსამართლო გამოცდილებისთვის უფრო მეტი წონის მინიჭებით და აგრეთვე, დანიშნულებს შორის გენდერული ბალანსის მიღწევით.
261. სასამართლო აღნიშნავს, რომ შეფასების კომიტეტის გადაწყვეტილება, სამოსამართლო გამოცდილებისთვის იმავე წონა მიენიჭებინა, როგორც სასამართლოში საქმის წარმოებისა და ადმინისტრაციული გამოცდილებისთვის, შეესაბამებოდა რელევანტურ კანონმდებლობას, რომელიც ხაზს უსვამდა, რომ სასურველი იყო განსხვავებული პროფესიული გამოცდილება; ეს გადაწყვეტილება აგრეთვე შეესაბამებოდა კომიტეტის თანმიმდევრულ პრაქტიკას, რომელიც მანამდე სულ მცირე ოთხი წლის განმავლობაში დადგენილი იყო. თავმჯდომარემ ამასთან დაკავშირებით ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანდიდატურების წარდგენის შემდეგ, კონკრეტული კანდიდატების სასარგებლოდ ან საზიანოდ, შესაბამისი პრიორიტეტების შეცვლა, თავიდან უნდა ყოფილიყო არიდებული.
262. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ კომიტეტის შეფასების მეთოდი ასევე შეესაბამებოდა თანასწორობის შესახებ no. 10/2008 კანონით განსაზღვრულ გენდერული ბალანსის მოთხოვნას. ამასთან კავშირში სასამართლო შენიშნავს, რომ ისლანდიის უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებაში განაცხადა, რომ იუსტიციის მინისტრი ვერ დაეყრდნობოდა თანასწორობის შესახებ კანონის საფუძველზე გენდერთან დაკავშირებულ მოსაზრებებს, ვინაიდან ის გამოიყენებოდა მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც განსხვავებული გენდერის მქონე ორი კანდიდატი მიიჩნეოდა თანაბრად კვალიფიციურად; სასამართლომ ასევე განაცხადა, რომ მინისტრის მიერ ჩატარებული არაადეკვატური გამოძიება მას არ აძლევდა ამგვარი გადაწყვეტილების მიღების უფლებას.
263. ამასთან, თუნდაც ვივარაუდოთ, რომ შეფასების კომიტეტის დასკვნა ხარვეზიანი იყო - ან გამოყენებული მეთოდი ძალიან ტექნიკური იყო და შესაბამისად, იუსტიციის მინისტრი კომიტეტის მოსაზრებას ლეგიტიმური საფუძვლებით გაემიჯნა, უზენაესი სასამართლოს 2017 წლის დეკემბრის გადაწყვეტილების დასკვნა მიუთითებდა, რომ მინისტრმა უბრალოდ ვერ ახსნა, რატომ აირჩია ერთი კანდიდატი და არა მეორე, რაც მას მოეთხოვებოდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის საფუძველზე. ამრიგად, ის ფაქტი, რომ მინისტრმა არ გაიზიარა კომიტეტის შეფასების მეთოდი, მას არ ათავისუფლებდა ვალდებულებისგან, წარმოედგინა მყარი მიზეზები, თუ რატომ გადაწყვიტა გადაეხვია ნეიტრალური შეფასებისგან.
264. სასამართლო აღნიშნავს, რომ მთავრობამ თავიანთ ახსნა-განმარტებაში ყურადღება გაამახვილა არგუმენტზე, რომ კომიტეტის შეფასების ცხრილის მიხედვით, მინისტრის სიაში მყოფ ოთხივე კანდიდატს, მათ შორის ა.ე-ს, უფრო მაღალი ქულები ჰქონდათ სამოსამართლო გამოცდილებაში, ვიდრე იმ ოთხ კანდიდატს, რომლებიც სიიდან ამოიღეს. სასამართლო ეთანხმება უზენაეს სასამართლოს, რომ მხოლოდ ეს ინფორმაცია საკმარისი არ არის იმის ასახსნელად, თუ რატომ ამოიღეს ეს ოთხი კანდიდატი სიიდან ან რატომ დაამატეს სხვა ოთხი კანდიდატი. ამასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ შეფასების კომიტეტის მიერ თავდაპირველად მომზადებულ სიაში იყვნენ კანდიდატები, რომლებსაც უფრო ნაკლები ქულა ჰქონდათ სამოსამართლო გამოცდილებაში, ვიდრე იმ ოთხ კანდიდატს, რომლებიც სიიდან ამოიღეს - მათ შორის ორ კანდიდატს 0 ქულა ეწერა - რომლებიც მინისტრის გადაწყვეტილებით სიაში დარჩნენ. ანალოგიურად, იმ თვრამეტ კანდიდატს შორის, რომლებზეც კომიტეტმა რეკომენდაცია არ გასცა, იყვნენ ისინი - მათ შორის ქალები - რომლებსაც უფრო მაღალი ქულა ჰქონდათ სამოსამართლო გამოცდილებაში, ვიდრე მინისტრის მიერ საბოლოოდ შერჩეულ ოთხ კანდიდატს. მთავრობამ განმარტა, რომ მინისტრის შეფასება არ ეფუძნებოდა წმინდა მათემატიკურ სწავლებას და მან გაითვალისწინა ისეთი სუბიექტური ფაქტორები, როგორიცაა კანდიდატის ,,წარმატება’’ მის კარიერაში. ამასთან, არ ყოფილა წარმოდგენილი დამატებითი ახსნა-განმარტება თუ როგორ გაზომა მან ,,წარმატება’’ ან შეადარა თუ არა ყველა კანდიდატი ერთმანეთს ამ გადმოსახედიდან, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს შერჩევის პროცესის ობიექტურობას.
265. სასამართლოს მოსაზრებით, მინისტრის მოტივებთან დაკავშირებული გაურკვევლობა სერიოზულ ეჭვებს წარმოშობს მინისტრის მხრიდან სასამართლო სისტემაში ჩარევასთან მიმართებით და შესაბამისად აზიანებს მთელი პროცედურის ლეგიტიმურობას. ეს განსაკუთრებით ასეა, თუ გავითვალისწინებთ, რომ მინისტრი ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი იყო, რომელიც კოალიციურ მთავრობაში უმრავლესობას წარმოადგენდა და რომელთა ხმებითაც მინისტრის შეთავაზება დაამტკიცა პარლამენტმა. გარდა ამისა, სასამართლო ყურადღების მიღმა ვერ დატოვებს მომჩივნის ბრალდებებს საერთო პოლიტიკურ კონტექსტთან დაკავშირებით, რომელშიც მინისტრმა წარადგინა კანდიდატები. მართალია, სასამართლო არ დაადასტურებს, რომ მინისტრი პოლიტიკური მოტივებით მოქმედებდა, როგორც ამას მომჩივანი ამტკიცებდა, თუმცა ის მიიჩნევს, რომ მინისტრის ქმედებებს ისეთი ხასიათი ჰქონდა, რაც ობიექტურად ამართლებდა ამასთან დაკავშირებულ ეჭვებს და ეს საკმარისია, რომ შერჩევის პროცესის გამჭვირვალობა შემცირდეს.
266. მინისტრის მიერ შესაამისი წესების შეუსრულებლობა კიდევ უფრო სერიოზულ ხასიათს იძენდა იმის გათვალისწინებით, რომ მას რამდენჯერმე შეახსენეს ამასთან დაკავშირებული სამართლებრივი ვალდებულებები მისმა იურიდიულმა მრჩევლებმა, შეფასების კომიტეტის თავმჯდომარემ და იუსტიციის სამინისტროს მუდმივმა მდივანმა. ამასთან დაკავშირებით, სასამართლო ასევე მიუთითებს 2017 წლის დეკემბრის გადაწყვეტილებაში მოცემულ უზენაესი სასამართლოს დასკვნას, რომ მინისტრი მოქმედებდა იმ შერჩეული კანდიდატების რეპუტაციისადმი ,,აშკარა საფრთხის სრული უგულებელყოფით’’, რომლებიც სიიდან იქნენ ამოღებულნი. შესაბამისად, სამართლიანია გაკეთდეს დასკვნა, რომ მინისტრმა ქმედებები, როგორც ჩანს, განახორციელა გამოყენებადი ეროვნული სამართლის საფუძველზე მისთვის დაკისრებული ვალდებულებების სრული ცოდნით.
267. იუსტიციის მინისტრის მიერ ჩადენილი დარღვევების და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომლებშიც ამ დარღვევებს ჰქონდათ ადგილი, სასამართლო მიიჩნევს, რომ ისინი არ შეიძლება შეფასდეს, როგორც უბრალო ტექნიკური ან პროცედურული დარღვევები, როგორც ამას მთავრობა ამტკიცებდა, არამედ [აღნიშნული დარღვევები] წარმოადგენს სერიოზულ ხარვეზს, რომელიც აზიანებს ,,კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლოს’’ უფლების არსს.
(β) პარლამენტის წინაშე არსებული პროცედურის ხარვეზები
268. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს შესახებ კანონი no.15/1998, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში ძირითად როლს პარლამენტს ანიჭებდა. ეს როლი მოგვიანებით განმტკიცდა სასამართლოს შესახებ no. 50/2016 კანონით, ახლად შექმნილი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პირველ პროცესში, სადაც პარლამენტს უნდა დაემტკიცებინა იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილი თხუთმეტი კანდიდატიდან თითოეული, მიუხედავად იმისა მინისტრმა გადაუხვია თუ არა შეფასების კომიტეტის დასკვნას.
269. მოცემულ საქმეში სასამართლო მიიჩნევს, რაც ასევე აღნიშნა უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის დეკემბრის გადაწყვეტილებებში, რომ პარლამენტს შეეძლო ჰქონოდა ინფორმირებული პოზიცია მინისტრის წარდგინებასთან დაკავშირებით და შესაბამისად, ის დანიშვნის პროცესზე მნიშვნელოვან ზედამხედველობას განახორციელებდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მინისტრი მიუთითებდა ჯეროვან მიზეზებს - რომელიც ეფუძნებოდა ადეკვატურ გამოძიებასა და შეფასებას - თუ რატომ გადაუხვია შეფასების კომიტეტის დასკვნისგან, რაც მან ვერ გააკეთა. მიუხედავად ამისა, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის ლეგიტიმურობის უზრუნველსაყოფად კანონით დაკისრებული ვალდებულების საწინააღმდეგოდ, პარლამენტმა ამ მნიშვნელოვანი დარღვევის უგულებელყოფა აირჩია. შესაბამისად, როგორც უზენაესმა სასამართლომ დაადგინა ,,იუსტიციის მინისტრის პროცედურულმა ხარვეზებმა გამოიწვია არასწორი პროცედურა პარლამენტის წინაშე, ვინაიდან ეს ხარვეზები არ გამოსწორდა, როდესაც პარლამენტს ამ საკითხზე კენჭი უნდა ეყარა’’.
270. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ პარლამენტმა არა მხოლოდ ვერ მოთხოვა მინისტრს მისი არჩევანის ობიექტური მიზეზების წარმოდგენა, არამედ აგრეთვე, როგორც ასევე აღიარა უზენაესმა სასამართლომ - მან არ შეასრულა ხმის მიცემის სპეციალური წესები, რომლებიც მოცემული იყო სასამართლოს შესახებ ახალი კანონის დროებით დებულებაში და მინისტრის მიერ წარდგენილ კანდიდატებს კენჭი en bloc უყარა, თითოეული კანდიდატისთვის ცალ-ცალკე ხმის მიცემის ნაცვლად. სავარაუდოდ, პარლამენტის მხრიდან ეს დარღვევა, თავისთავად, ვერ გამოიწვევდა ,,კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლოს’’ უფლების დარღვევას, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტის წევრებმა უზრუნველყვეს ცალკეული კენჭისყრის მოთხოვნის შესაძლებლობა. ამასთან, კენჭისყრის პროცედურამ ნამდვილად გაამწვავა იუსტიციის მინისტრის მიერ უკვე განხორციელებული მძიმე დარღვევები და შეარყია პარლამენტის, როგორც მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურაში არასათანადო აღმასრულებელი დისკრეციის განხორციელების შემმოწმებლის როლი. შესაბამისად, მომჩივნის რწმენა, რომ პარლამენტის გადაწყვეტილება გამომდინარეობდა ძირითადად პარტიის პოლიტიკური მოსაზრებებიდან, არ შეიძლება ჩაითვალოს დაუსაბუთებლად.
271. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მართალია, სასამართლოს შესახებ კანონით გათვალისწინებული სპეციალური საპარლამენტო კენჭისყრის პროცედურა მიზნად ისახავდა ახლად დაფუძნებული სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის ლეგიტიმურობის განმტკიცებას, თუმცა პარლამენტის ჩარევამ ვერ მოახდინა სასურველი გავლენა მოცემულ ფაქტებზე - კერძოდ, პარლამენტმა ვერ შეასრულა ვალდებულება, ემოქმედა როგორც მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის კანონიერების გარანტორს.
(γ) შემაჯამებელი დასკვნები ტესტის მეორე ნაბიჯთან მიმართებით
272. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურაში ადგილი ჰქონდა ფუნდამენტური წესის მძიმე დარღვევას. შესაბამისად, სასამართლო გადავა ტესტის მესამე ნაბიჯზე, კერძოდ, შეისწავლის ეროვნული სასამართლოების მიერ ჩატარებულ განხილვას.
b) ეფექტიანად განიხილეს თუ არა ეროვნულმა სასამართლოებმა, ,კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლოს’’ უფლებასთან დაკავშირებული ბრალდებები
(α) მომჩივნის საქმეზე უზენაესი სასამართლოს მიერ ჩატარებული განხილვა
273. მომჩივანი უზენაესი სასამართლოს წინაშე დავობდა, რომ მას უარი ეთქვა სამართლიან მოსმენაზე დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ,,კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლოს’’ წინაშე, მოსამართლე ა.ე-ს დანიშვნის პროცედურაში არსებული ხარვეზების გამო, რომელიც მისი საქმის განმხილველი სააპელაციო სასამართლოს კოლეგიის წევრი იყო. ამასთან დაკავშირებით ის აცხადებდა, რომ ისლანდიის კონსტიტუციისა და კონვენციის მოთხოვნა, რომ სასამართლო კანონით ყოფილიყო დაფუძნებული გულისხმობდა ,,არა მხოლოდ სავალდებულო პირობას, რომ სასამართლოში დანიშვნის ზოგადი წესები მკაფიოდ ყოფილიყო კანონით გათვალისწინებული, არამედ აგრეთვე, და არანაკლებ მნიშვნელოვნად, სავალდებულო პირობას, რომ მოსამართლეთა დანიშვნა თითოეულ შემთხვევაში კანონის შესაბამისი იქნებოდა’’. უზენაესი სასამართლოს წინაშე მომჩივანმა ასევე გამოთქვა შეშფოთება მინისტრის წარდგინების უკან არსებულ პოლიტიკურ მოტივებზე და პირდაპირ განაცხადა ეჭვები ბ.ნ-სთან მის ჩართულობაზე.
274. სასამართლომ აღნიშნა, რომ უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მომჩივნის საჩივარი ორი ძირითადი არგუმენტის საფუძველზე. პირველ რიგში, მან დაადგინა, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში გამართული კენჭისყრა არ შეესაბამებოდა ხმის მიცემის სპეციალურ პროცედურას, რომელიც განსაზღვრულია სასამართლოს შესახებ ახალი კანონის IV დროებითი დებულებით, ეს ნაკლი არ იყო მნიშვნელოვანი და დანიშვნის პროცესი სხვაგვარად ჩატარდა კანონითა და დროებითი დებულებით გათვალისწინებული ფორმალური პროცედურების შესაბამისად. უზენაესმა სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ ოცდაცამეტივე კანდიდატი აკმაყოფილებდა სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ იურიდიულ მოთხოვნებს და მათგან თხუთმეტი კანდიდატი მსგავს თანამდებობაზე დანიშნული იყო ისლანდიის პრეზიდენტის ხელმოწერილი წერილით, რომელსაც ხელს ასევე აწერდა იუსტიციის მინისტრი. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ არ შეიძლებოდა იმ დასკვნის გაკეთება, რომ ა.ე-ს დანიშვნა ,,ბათილი’’ ან მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ძალადაკარგული იყო.
275. მეორეც, უზენაესმა სასამართლომ აღიარა, რომ იუსტიციის მინისტრის მიერ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში გამოყენებული პროცედურა არ შეესაბამებოდა მოსამართლეთა დანიშვნის გარკვეულ ეროვნულ წესებს, რაც უკვე დადგენილ იქნა 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით. მიუხედავად ამისა, უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ სააპელაციო სასამართლოს თხუთმეტი მოსამართლის უვადოდ დანიშვნა ,,რეალურად იქცა’’ პრეზიდენტის მიერ დანიშვნის ხელმოწერისთანავე და ამ დროის შემდეგ, ისინი ვალდებულნი იყვნენ მოვალეობის შესრულების დროს დაეცვათ კანონი და აღნიშნული მოვალეობა დამოუკიდებლად შეესრულებინათ. ამ გარემოებებში უზენაესმა სასამართლომ ვერ იპოვა საკმარისი საფუძველი, რათა ეჭვი შეეტანა, რომ მომჩივანმა ვერ ისარგებლა სამართლიანი განხილვით დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მოსამართლეების წინაშე, მიუხედავად იუსტიციის მინისტრის მიერ გამოყენებულ პროცედურაში არსებული ხარვეზებისა.
276. სტრასბურგის სასამართლოსთვის წარდგენილ არგუმენტებში მომჩივანი დავობდა, რომ სადავო გადაწყვეტილება არასწორი იყო, ვინაიდან უზენაესი სასამართლო (i) ეწინააღმდეგებოდა 2017 წლის დეკემბერის გადაწყვეტილებაში გაკეთებულ ადრეულ დასკვნებს, და (ii) სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილი რელევანტური პრინციპების შუქზე, სათანადოდ არ განიხილავდა სააპელაციო სასამართლოს შესაბამისობას მოთხოვნასთან, რომ ის ,,კანონის საფუძველზე ყოფილიყო შექმნილი’’, მას ასევე დამოუკიდებლად არ შეუსწავლია, სადავო დარღვევები იყო თუ არა ,,სერიოზული’’.
277. მთავრობამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ უზენაესმა სასამართლომ შეისწავლა და განიხილა ყველა რელევანტური საკითხი, რომელიც ეხებოდა ა.ე-ს დანიშვნასა და მომჩივნის უფლებას, წარდგენილი ყოფილიყო ,,კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლოს’’ წინაშე. ამგვარი განხილვის შემდეგ, უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ა.ე-ს, როგორც კანონიერად დანიშნული მოსამართლის სტატუსზე, გავლენას არ ახდენდა იდენტიფიცირებული პროცედურული ხარვეზები და შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს არ აკლდა კომპეტენცია, რათა ემოქმედა როგორც ,,სასამართლოს’’, კოლეგიაში ა.ე-ს ყოფნის გამო. მთავრობა ამტკიცებდა, რომ სუბსიდიარობის პრინციპი სასამართლოსგან მოითხოვს გაიზიაროს უზენაესი სასამართლოს დასკვნები ამასთან დაკავშირებით.
(β) სტრასბურგის სასამართლოს ანალიზი უზენაესი სასამართლოს მიერ ჩატარებულ განხილვასთან დაკავშირებით
278. სასამართლო აღნიშნავს, რომ უზენაესი სასამართლო უფლებამოსილი იყო განეხილა და გამოესწორებინა ზემოხსენებული ხარვეზების შედეგი მომჩივნის სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე, კერძოდ იმის დადგენით, რომ მომჩივნის საქმე არ განიხილა ,,კანონის საფუძველზე შექმნილმა სასამართლომ’’ - ვინაიდან მისი საქმის განხილვაში სააპელაციო ეტაპზე მონაწილეობდა მოსამართლე ა.ე. და გაეუქმებინა სააპელაციო სასამართლოს რელევანტური გადაწყვეტილება. სადავო არ არის, რომ მომჩივანთან დაკავშირებით 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებაში, უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა მანამდე გაკეთებული დასკვნები სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესში მინისტრისა და პარლამენტის მხრიდან არსებული დარღვევების თაობაზე. სასამართლო ეთანხმება მომჩივანს, როდესაც მოგვიანებით უზენაესი სასამართლო იხილავდა აღნიშნული დარღვევების გავლენას მომჩივნის ,,კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლოს’’ უფლებაზე, მან ვერ გამოიტანა საჭირო დასკვნები და ეს საკითხი ვერ შეაფასა კონვენციის შესაბამისად.
279. ამასთან დაკავშირებით, მართალია მთავრობა ეწინააღმდეგება ამ დასკვნას, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შესწავლა მიუთითებს, რომ უზენაესი სასამართლოს განხილვა შემოიფარგლა იმის დადგენით, რომ (i) ა.ე-ს დანიშვნა არ იყო ,,ბათილი’’ ისლანდიის კანონმდებლობის საფუძველზე; და (ii) მიუხედავად დანიშვნის პროცედურაში არსებული ხარვეზებისა, მომჩივანმა ისარგებლა სამართლიანი განხილვით დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ,,სასამართლოს’’ წინაშე. ამ დასკვნების გამოტანისას, უზენაესმა სასამართლომ როგორც ჩანს დიდი მნიშვნელობა მიანიჭა იმ უბრალო ფაქტს, რომ მოსამართლეთა დანიშვნა ოფიციალური გახდა პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ და ამის შემდეგ არ არსებობდა იმის ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი, რომ სააპელაციო სასამართლოს თხუთმეტი მოსამართლე, რომლებიც შეფასების კომიტეტის განცხადებით აკმაყოფილებდნენ თანამდებობისთვის დადგენილ მოთხოვნებს, მოვალეობას დამოუკიდებლად და კანონის შესაბამისად არ შეასრულებდა.
280. სასამართლოს არ აქვს საფუძველი ეჭვი შეიტანოს, რომ სადავო დანიშვნები, ტექნიკურად, არ იყო ,,markleysa’’ (ბათილი) ისლანდიის კანონმდებლობის მიხედვით ან, რომ ინდივიდუალური მოსამართლეები, დანიშვნის შემდეგ, არ შეეცდებიან დაიცვან სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნები. მიუხედავად ამისა, არცერთი ეს დასკვნა არ პასუხობს იმ საკითხს, ა.ე-ს დანიშვნის პროცესში არსებული დარღვევები წარმოადგენდა თუ არა ჩარევას მომჩივნის ,,კანონის საფუძველზე შექმილი სასამართლოს’’ უფლებაში, რომელიც სასამართლოს განმარტებით კონვენციის მე-6 მუხლის ცალკეული გარანტიაა.
281. სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანმა წარმოადგინა ძალიან კონკრეტული და რელევანტური არგუმენტები, თუ რატომ მიიჩნევდა, რომ სადავო ხარვეზებმა დაარღვია მოთხოვნა, რომ მისი საქმე განეხილა ,,კანონის საფუძველზე შექმნილ’’ დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოს. უზენაესმა სასამართლომ არ უპასუხა არცერთ ამ არგუმენტს- მათ შორის მინისტრსა და ა.ე-ს მეუღლეს - ბ.ს-ს შორის პოლიტიკურ კავშირთან დაკავშირებულ ბრალდებას. მთავრობა დავობდა, რომ ,,უზენაესმა სასამართლომ ა.ე-ს დანიშვნასა და კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლოს მიერ საქმის განხილვის უფლებასთან დაკავშირებით შეისწავლა ყველა რელევანტური საკითხი’’, სასამართლო აღნიშნავს, რომ მსგავსი შესწავლა არ არის ასახული გადაწყვეტილებაში, ამდენად უცნობია რას მოიცავდა უზენაესი სასამართლოს განხილვა და რა ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით მივიდა უზენაესი სასამართლო შესაბამის დასკვნამდე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებიდან არ არის ნათელი, მის მიერ მიღებულ ადრინდელ გადაწყვეტილებებში იდენტიფიცირებული პროცედურული დარღვევები თუ რატომ არ იყო იმ ბუნების, რომ სადავო გაეხადა ა.ე-ს დანიშვნის კანონიერება და შესაბამისად, მისი შემდგომი მონაწილეობა მომჩივნის საქმის განხილვაში.
282. სასამართლოს მოსაზრებით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების ჩამოყალიბების ფორმა და განსაკუთრებული ხაზგასმა იმ ფაქტზე, რომ თხუთმეტი მოსამართლის, მათ შორის ა.ე-ს დანიშვნა, ,,ნამდვილი გახდა მათი დანიშვნის ხელმოწერის შემდეგ, მიუთითებს ამ სასამართლოს მიერ იმის აღიარებას, ან თუნდაც შეგუებას, რომ მას შემდეგ, რაც დანიშვნები ოფიციალური გახდა, ამ საკითხთან დაკავშირებით მას რეალურად არაფრის გაკეთება არ შეუძლია. ამას ფაქტობრივად მხარს უჭერს მთავრობის არგუმენტები; მათი განცხადებიდან ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ, თეორიულად, ისლანდიის სასამართლოებს ჰქონდათ უფლებამოსილება გადაემოწმებინათ მოსამართლეთა დანიშვნების კანონიერება და გაეუქმებინათ გადაწყვეტილებები, რომლებიც უკანონოდ დანიშნული მოსამართლეების მონაწილეობით იქნა მიღებული, პრაქტიკაში, მოცემული საქმის მსგავსი ტიპის პროცედურულ დარღვევას შედეგად მხოლოდ ზიანის ანაზღაურების მიკუთვნება შეიძლებოდა მოჰყოლოდა საქმის წაგებული მხარისათვის. ამრიგად, ,,გასული ნახევარი საუკუნის განმავლობაში არ ყოფილა შემთხვევა, რომელიც მიანიშნებდა, რომ ხარვეზს შეეძლო გამოეწვია მოსამართლეთა დანიშვნების გაუქმება’’ (იხ., მთავრობის შენიშვნები 187-ე პარაგრაფში ზემოთ).
283. შესაბამისად, სასამართლო აღნიშნავს, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ მომჩივნის საქმის განხილვის დროს გამოვლენილი თავშეკავება და -სამართლიანი ბალანსის დაუცველობა, ერთი მხრივ, სამართლებრივი სიცხადის პრინციპის დაცვასა და, მეორე მხრივ, კანონის პატივისცემას შორის - არ ეხებოდა მოცემული საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, არამედ ეს იყო უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკა. სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს პრაქტიკა წარმოშობს პრობლემებს ორი ძირითადი მიზეზის გამო. პირველ რიგში, სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს პრაქტიკა ეჭვქვეშ აყენებს სასამართლოს მნიშვნელოვან როლს კონტროლისა და ბალანსის შენარჩუნებაში, რაც ხელისუფლების დანაწილების პრინციპის განუყოფელი ნაწილია. მეორეც, ის აღნიშნავს, რომ სადავო დარღვევების მნიშვნელობისა და შედეგებისა და აგრეთვე კანონის უზენაესობაზე დაფუძნებულ დემოკრატიულ სახელმწიფოში სასამართლოს მიერ შესრულებული ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი როლის გათვალისწინებით, მსგავსი დარღვევების შედეგები არ შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ ინდივიდუალური კანდიდატებით, რომლებსაც შეეხო ეს დარღვევა იმის გამო რომ არ დაინიშნა მოსამართლედ, არამედ [მსგავსი დარღვევა] ეხება ფართო საზოგადოებას. სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა საზოგადოებაში სასამართლოს განსაკუთრებული როლი, რომელიც, როგორც სამართლიანობის გარანტი, საზოგადოების ნდობით უნდა სარგებლობდეს, რათა წარმატებით შეასრულოს თავისი მოვალეობა (see, for instance, Morice v. France [GC], no. 29369/10, § 128 ECHR 2015; Baka, cited above, § 164; and Denisov v. Ukraine [GC], no. 76639/11, § 63, 25 September 2018). ამასთან დაკავშირებით სასამართლო ასევე მიუთითებს CCJE no.1 მოსაზრებაზე, სადაც ნათქვამია, რომ ,,არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტული დავის მხარეებს, არამედ მთლიან საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ნდობა სასამართლო ხელისუფლების მიმართ’’.
284. რაც შეეხება ბალანსს, რომელიც უზენაეს სასამართლოს უნდა დაედგინა შეპირისპირებულ ინტერესებს შორის, სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს ხაზგასმით აღნიშნოს, რომ მართალია მოსამართლეთა დანიშვნის სავარაუდოდ ხარვეზიანი პროცესიდან გარკვეული დროის გასვლა პრინციპში ბალანსს ,,სამართლებრივი სიცხადის’’ პრინციპისკენ გადახრის, თუმცა არა მოცემულ საქმეში. ამასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშავს, რომ 2017 წლის ივნისში დანიშვნის პროცესში წარუმატებელი ორი კანდიდატის მიერ დაწყებული სამართალწარმოების შედეგად, უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის 19 დეკემბერს დანიშვნის პროცესში ხარვეზები დაადგინა დაახლოებით ორი კვირით ადრე, ვიდრე თხუთმეტი არჩეული კანდიდატი თანამდებობაზე დამტკიცდებოდა. გარდა ამისა, მოცემულ საქმეში მომჩივანმა ა.ე-ს აცილება მოითხოვა 2018 წლის თებერვალში, თანამდებობაზე მისი დანიშვნიდან მხოლოდ ერთი თვის შემდეგ და მის საქმეზე უზენაესმა სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო 2018 წლის 24 მაისს, ოთხ თვეზე ნაკლებ დროში. სხვა სიტყვებით, ა.ე-ს და სამი სხვა კანდიდატის დანიშვნა ეროვნულ დონეზე გასაჩივრდა დანიშვნის პროცედურის დასრულების შემდეგ დაუყოვნებლივ და მათი დანიშვნის პროცედურის ხარვეზები დადგინდა მანამ, სანამ ისინი შეუდგებოდნენ საქმიანობას. ამ გარემოებებში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ,,კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლოს’’ უფლების დარღვევის წინააღმდეგ მთავრობა ვერ დაეყრდნობა სამართლებრივი სიცხადის პრინციპს ან სამოსამართლეო ვადის უზრუნველყოფას.
285. სასამართლო ასევე უარყოფს არგუმენტს, რომ განსახილველი დარღევები ძალიან ,,შორს’’ იყო მომჩივნის საქმისგან, რათა გავლენა ჰქონოდა ,,კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლოს’’ მის უფლებაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობა ამტკიცებდა, რომ დარღვევებს ადგილი ჰქონდა დიდი ხნით ადრე, ვიდრე მოსამართლე ა.ე. მომჩივნის საქმეს განიხილავდა, კავშირი არ ჰქონდა მომჩივნის საქმესთან და არც რაიმე გავლენა იქონია ა.ე-ს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე. სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ დარღვევებსა და მომჩივნის საქმეს შორის სათანადო ,,სიახლოვე’’ მიღწეულ იქნა მაშინ, და მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც დარღვევებით დანიშნული მოსამართლე ა.ე. მომჩივნის საქმის განმხილველი კოლეგიის წევრი გახდა. სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანს სავარაუდოდ არ ჰქონდა რაიმე სამართლებრივი ინტერესი, ან უფლებამოსილება, რათა უფრო ადრეულ ეტაპზე გაესაჩივრებინა ა.ე-ს დანიშვნა. უფრო მეტიც, რაც შეეხება საკითხს ჰქონდა თუ არა დარღვევებს რეალური გავლენა ა.ე-ს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე, რომელი საკითხიც მომჩივნის საქმეზე უზენაესი სასამართლოს მთავარი განხილვის საგანი იყო, ამას არ ჰქონდა პირდაპირი კავშირი ,,კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლოს’’ დარღვევის საფუძველზე მის წარდგენილ ცალკე საჩივართან.
286. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო, როგორც კონვენციის გამოყენებისა და განმარტების საბოლოო ორგანო, ვერ მიიღებს უზენაესი სასამართლოს მიერ მომჩივნის საქმის განხილვას, ვინაიდან მას არ უმსჯელია, მიღწეულ იქნა თუ არა ,,კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლოს’’ კონცეფციით უზრუნველყოფილი გარანტიის მიზანი (სხვა მაგალითებისთვის, სადაც სასამართლომ უარყო ,,კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლოს’’ მოთხოვნასთან შესაბამისობის თაობაზე ეროვნული სასამართლოების შეფასება იხ., საქმეებში, inter alia, Miracle Europe Kft, cited above, § 65, and Chim and Przywieczerski, cited above, §§ 138-142).
(iv) საბოლოო შეფასება, ჰქონდა თუ არა ადგილი კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევას კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლოს უფლებასთან მიმართებით
287. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ისლანდიაში მოსამართლეთა დანიშვნის სამართლებრივმა ჩარჩომ რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა, რომელიც მიზნად ისახავდა მინისტრის დისკრეციის შემცირებას მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში და შესაბამისად სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერებას. მინისტრის უფლებამოსილებაზე კონტროლი გაძლიერდა ახლად დაფუძნებული სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესთან დაკავშირებით, სადაც პარლამენტს უნდა დაემტკიცებინა იუსტიციის მინისტრის მიერ შეთავაზებული თითოეული კანდიდატი, მიუხედავად იმისა აღნიშნული შეთავაზება ითვალისწინებდა თუ არა შეფასების კომიტეტის შეფასებას, რათა გაზრდილიყო ახალი სასამართლოს ლეგიტიმურობა.
288. მიუხედავად ამისა, როგორც დამტკიცდა ისლანდიის უზენაესი სასამართლოს მიერ, ეს სამართლებრივი ჩარჩო დაირღვა ახლად დაფუძნებული სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში, უფრო კონკრეტულად, იუსტიციის მინისტრის მიერ. მართალია, მინისტრი შესაბამისი კანონმდებლობით უფლებამოსილი იყო არ გაეთვალისწინებინა შეფასების კომიტეტის შეთავაზება - რომელიც გარკვეულ პირობებს ექვემდებარებოდა- თუმცა, მან მოცემულ საქმეში უგულებელყო ფუნდამენტური პროცედურული წესი, რომელიც მას ავალდებულებდა, რომ მისი გადაწყვეტილება დაეფუძნებინა საკმარისი გამოძიებისა და შეფასებისთვის. აღნიშნული პროცედურული წესი მნიშვნელოვანი გარანტია იყო, რათა მოეხდინა მინისტრის მიერ პოლიტიკური ან სხვა არასათანადო მოტივებით მოქმედების პრევენცია, რაც ძირს გამოუთხრიდა სააპელაციო სასამართლოს დამოუკიდებლობასა და ლეგიტიმურობას; მოცემული საქმის გარემოებებში ეს დარღვევა უტოლდებოდა მოსამართლეთა დანიშვნის კონტექსტში მათთვის ძველად მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების აღდგენას, რაც ანეიტრალებდა წარმატებული საკანონმდებლო რეფორმებით მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგებსა და მოპოვებულ გარანტიებს. სასამართლო აღნიშნავს, რომ არსებობდა სამართლებრივი გარანტიები, რათა გამოსწორებულიყო მინისტრის დარღვევა, როგორიცაა პარლამენტის წინაშე არსებული პროცედურა და ეროვნული სასამართლოების წინაშე საბოლოოდ საქმის განხილვა; თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, ყველა ხსენებული გარანტია არაეფექტიანი აღმოჩნდა და უცვლელი დარჩა მინისტრის მიერ შეფასების კომიტეტის დასკვნიდან გადახვევის დროს გამოყენებული დისკრეცია.
289. ზემოაღნიშნულისა და ზემოთ განხილული სამ საფეხურიანი ტესტის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივანს უარი ეთქვა ,,კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლოს’’ უფლებაზე, ვინაიდან მისი საქმის განხილვაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომლის დანიშვნის პროცედურაც ხასიათდებოდა მძიმე დარღვევებით, რაც აზიანებდა განსახილველი უფლების არსს.
290. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით,
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
ადგენს, რომ კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლოს უფლებათან მიმართებით დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი;
ადგენს, ცამეტი ხმით ოთხის წინააღმდეგ, რომ დარღვევის დადგენა წარმოადგენს სამართლიან დაკმაყოფილებას მომჩივნის არამატერიალური ზიანის ანაზღაურებისთვის.
[1] მანამ, სანამ აღნიშნული საქმე სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატას გადაეცემოდა, ის სტანდარტულმა 7-მოსამართლიანი კოლეგიისგან შმდგარმა პალატამ განიხილა.