Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N227
2019 წლის მარტი
გუდმუნდურ ანდრი ასტრადშონი ისლანდიის წინააღმდეგ (Guðmundur Andri Ástráðsson v. Iceland)
(საჩივარი- 26374/18)
გადაწყვეტილება, 12 მარტი 2019 [მე-2 სექცია]
მე-6 მუხლი
სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოება
მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფი
კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლო
აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ არასათანადო დისკრეციის განხორციელების შედეგად, მოსამართლეთა დანიშნვა ეროვნული კანონმდებლობის უხეში დარღვევით: დარღვევა
ფაქტები – წინამდებარე საქმე ეხებოდა მომჩივნის დავას იმის შესახებ, რომ ისლანდიის ახლადჩამოყალიბებული სააპელაციო სასამართლო არ იყო კანონის საფუძველზე შექმნილი.
მომჩივანი, გუდმუნდურ ანდრი ასტრადსონი, ისლანდიის მოქალაქეა, რომელიც 1985 წელს დაიბადა და ცხოვრობს კოპავოგურში (ისლანდია).
სააპელაციო სასამართლო ჩამოყალიბდა, როგორც ახალი სასამართლო, 2018 წლის 1-ელ იანვარს.
სასამართლოს შესახებ ახალი კანონის მიხედვით, ექსპერტებისგან დაკომპლექტებულ შეფასების კომიტეტს მიენიჭა მანდატი, შეეფასებინა კანდიდატები სასამართლოს საწყისი 15 მოსამართლის პოსტისთვის. მთლიანობაში, 37-მა პირმა შეიტანა განაცხადი აღნიშნულ პოსტებზე, მათ შორის ა.ე.-მ. 2017 წლის მაისში, კომიტეტის თავჯდომარემ იუსტიციის მინისტრს (შემდგომში - „მინისტრი“) წარუდგინა მისი შეფასების ანგარიში 15-კანდიდატიან სიასთან ერთად, რომლებიც ყველაზე კვალიფიციურად იყვნენ მიჩნეულნი. ა.ე. სიაში მე-18 ადგილზე იყო შეფასებული და მაშასადამე, ვერ მოხვდა კომიტეტის მიერ წარდგენილ საუკეთესო თხუთმეტ კანდიდატთა შორის. 2017 წლის 29 მაისის წერილით, მინისტრმა პარლამენტის სპიკერს წარუდგინა 15 კანდიდატი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებად დასანიშნად. თუმცა, წარდგენილი სია შეიცავდა კომიტეტის მიერ არჩეულ 15 კანდიდატიდან მხოლოდ 11-ს. გარდა ამისა, სია მოიცავდა 4 სხვა კანდიდატს, მათ შორის ა.ე.-ს, რომლებიც კომიტეტის შეფასების ცხრილში მე-17, მე-18, 23-ე და 30-ე ადგილებზე იყვნენ. მინისტრმა პარლამენტის სპიკერს წარუდგინა შესაბამისი არგუმენტები იმ ცვლილებათა დასასაბუთებლად, რომლებიც მან შეიტანა კომიტეტის მიერ გადაცემულ სიაში. მისი განმარტებით, კომიტეტმა შეფასების პროცესში სათანადო მნიშვნელობა არ მიანიჭა კანდიდატთა გამოცდილებას მოცემულ სფეროში.
2017 წლის 1-ელ ივნისს პარლამენტმა, ხმათა უმრავლესობით, მხარი დაუჭირა მინისტრის წარდგინებას სააპელაციო სასამართლოში მოცემულ კანდიდატთა გამწესების შესახებ. 2017 წლის 8 ივნისს ისლანდიის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას აღნიშნულ კანდიდატთა, მათ შორის ა.ე.-ს, დანიშვნის შესახებ.
მიუხედავად ამისა, 2017 წლის ივნისში, კომიტეტის მიერ წარდგენილ 15-კაციან სიაში მოხვედრილმა ორმა კანდიდატმა, რომლებიც დასანიშნად ნომინირებულ კანდიდატთა საბოლოო სიაში ვერ მოხვდნენ, სამართალწარმოება დაიწყეს ისლანდიის სახელმწიფოს წინააღმდეგ რეიკიავიკის რაიონული სასამართლოს (I ინსტანცია) წინაშე, სადაც სადავოდ ხდიდნენ მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურის კანონიერებას. უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 19 დეკემბრის საბოლოო გადაწყვეტილებებით, არ დაკმაყოფილდა არცერთი კასატორის მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ. თუმცა, თითოეულ მათგანს არამატერიალური ზიანისთვის კომპენსაციის სახით 700 000 ისლანდიური კრონი (დაახლოებით 5 700 ევრო) მიეკუთვნა. რაც შეეხება მინისტრის წარდგინებას, უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ მინისტრმა ვერ მოახერხა, სათანადოდ დაესაბუთებინა პარლამენტის მიმართ მისი წარდგინება კომიტეტის მიერ წარდგენილი სიიდან გადახვევის შესახებ. სასამართლოს განმარტებით, ასეთ შემთხვევაში მინისტრის პოზიცია უნდა დაყრდნობოდა დამოუკიდებელ გამოძიებას, რომელიც შეფასების იმგვარი კრიტერიუმებით წარიმართებოდა, რითიც შეფასების კომიტეტის წევრები ხელმძღვანელობდნენ. უზენაესმა სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ მინისტრს უნდა შეედარებინა საკუთარ წარდგინებაში შეყვანილი ოთხი კანდიდატისა და კომიტეტის მიერ ყველაზე კვალიფიციურად მიჩნეულ 15 კანდიდატის კომპეტენტურობა. ვინაიდან მინისტრის წარდგინება არ ემყარებოდა არც მის დამოუკიდებელ გამოძიებას ან რაიმე ახლად გამოვლენილ დოკუმენტს, უზენაესი სასამართლოს შეფასებით, მინისტრის მხრიდან ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციული კანონმდებლობის, კერძოდ ადმინისტრაციული პროცედურების შესახებ კანონის მე-10 სექციის დარღვევას. ხარვეზიანი იყო ასევე პარლამენტში განხორციელებული პროცედურა, ვინაიდან საკანონმდებლო ორგანომ შეცვლილ სიას მხარი დაუჭირა არა თითოეული კანდიდატისთვის ცალ-ცალკე ხმის მიცემით, როგორც ეს კანონით იყო გათვალისწინებული, არამედ ყველას ერთიანად.
მომჩივანი - ბატონი ასტრადსონი 2017 წლის მარტში რეიკიანესის რაიონული სასამართლოს (ინსტანცია) მიერ დამნაშავედ იქნა ცნობილი მართვის მოწმობის გარეშე და ნარკოტიკული ნივთიერების ზეგავლენის ქვეშ ყოფნის დროს მანქანით გადაადგილების გამო და სასჯელის სახით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 17 თვის ვადით და, აგრეთვე, ჩამოერთვა მართვის მოწმობა. მომჩივანმა განაჩენი უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. ვინაიდან საქმეზე სხდომა ვერ გაიმართა 2017 წლის ბოლომდე, საქმე ისლანდიის კანონმდებლობის შესაბამისად, განსახილველად გადაეცა სააპელაციო სასამართლოს. 2018 წლის 18 იანვარს სააპელაციო სასამართლომ შეატყობინა ბატონ ასტრადსონსა და ბრალდების მხარეს სასამართლოს შემადგენლობა, რომელიც განიხილავდა საქმეს. კოლეგიის სამი წევრიდან ერთ-ერთს წარმოადგენდა ა.ე., რომელიც არ იყო შეფასების კომიტეტის მიერ მიჩნეულ 15 ყველაზე კვალიფიციურ მოსამართლეთა სიაში.
ბატონმა ასტრადსონმა მოითხოვა, რომ ა.ე. ჩამოშორებოდა საქმის განხილვას იმ საფუძვლით, რომ ეს უკანასკნელი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა შესაბამის პროცედურაში გამოვლენილი სერიოზული დარღვევების ფონზე. თუმცა, მომჩივნის მოცემული შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
2018 წლის 23 მარტს, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა რაიონული სასამართლოს განაჩენი. 2018 წლის აპრილში ბატონმა ასტრადსონმა განაჩენი უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. ის ძირითადად დავობდა, რომ ა.ე.-ს დანიშვნა არ მომხდარა კანონის შესაბამისად და მას არ უსარგებლია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს წინაშე. 2018 წლის 24 მაისს უზენაესმა სასამართლომ მისი [კასატორის] მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. სასამართლომ დააადგინა, რომ სააპელაციო სასამართლოში ა.ე.-ს დანიშვნა არ იყო ბათილი და მიუხედავად დანიშვნის პროცედურაში არსებული ხარვეზებისა, არ არსებობდა საკმარისი საფუძველი იმაში ეჭვის შესატანად, რომ ბატონმა ასტრადსონმა ისარგებლა საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მოსამართლეების წინაშე.
2018 წლის 31 მაისს მომჩივანმა საჩივარი შეიტანა ადამიანის უფლბათა ევროპულ სასამართლოში.
კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელ პარაგრაფზე დაყრდნობით მომჩივანი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე დავობდა, რომ ა.ე-ს დანიშვნა არ შეესაბამებოდა ეროვნულ კანონმდებლობას. შესაბამისად, მისი საქმე არ იქნა განხილული კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლოს მიერ.
სამართალი – ზოგადი პრინციპების გათვალისწინებით შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის განმარტება ეროვნული სასამართლოების კომპეტენციას მიეკუთვნება, ამდენად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ეჭვქვეშ ვერ დააყენებს მათ განმარტებას თუ ადგილი არ ექნება ეროვნული კანონმდებლობის უხეშ დარღვევას. ,,უხეში დარღვევის’’ ტესტი უნდა იქნეს გამოიყენებული, როდესაც, მომჩივნის საქმის მსგავსად, დარღვევა აღიარებულია ეროვნული სასამართლოების მიერ და მასზე პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება. ამასთან დაკავშირებით, სასამართლო განიხილავს ეროვნულმა სასამართლოებმა გაითვალისწინეს თუ არა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, როდესაც განიხილავდნენ საჩივარს, რომ მოსამართლეთა დანიშვნა არ განხორციელდა მოქმედი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად; [სტრასბურგის] სასამართლო აგრეთვე ითვალისწინებს ეროვნულმა სასამართლოებმა მხედველობაში მიიღეს თუ არა დარღვევის უხეში ხასიათი, როდესაც ადგენდნენ იყო თუ არა სასამართლო ,,კანონის საფუძველზე შექმნილი’’.
,,უხეში’’ დარღვევის კონცეფცია უკავშირდება სავარაუდო დარღვევის ბუნებასა და სიმძიმეს. სასამართლო საქმის განხილვის დროს გაითვალისწინებს, მის წინაშე არსებული ფაქტები ხომ არ აჩვენებენ, რომ მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებული კანონმდებლის დარღვევა, მიზანმიმართული იყო ან, სულ მცირე, წარმოადგენდა მოქმედი ეროვნული სამართლის აშკარა უგულვებელყოფას. აღსანიშნავია, რომ სასამართლომ ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ
102. ,,მხოლოდ იმ შიდასახელმწიფოებრივი ნორმების დარღვევა შეიძლება აკმაყოფილებდეს ამ კრიტერიუმს, რომლებსაც ფუნდამენტური ხასიათი აქვს და წარმოადგენს სასამართლო სისტემის დაფუძნებისა და ფუნქციონირების განუყოფელ ნაწილს. ამ კონტექსტში, ეროვნული კანონმდებლობის „აშკარა“ დარღვევის ცნება ეხება სავარაუდო დარღვევის ბუნებასა და სიმძიმეს. გარდა ამისა, იმის შეფასებისას სასამართლოს დაარსება მოხდა თუ არა ეროვნული კანონმდებლობის ,,უხეში’’ დარღვევით, [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლო გაითვალისწინებს, მის წინაშე არსებული ფაქტები აჩვენებენ თუ არა, რომ მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებული კანონმდებლის დარღვევა, მიზანმიმართული იყო ან, სულ მცირე, წარმოადგენდა მოქმედი ეროვნული სამართლის აშკარა უგულვებელყოფას...’’
ის უბრალო ფაქტი, რომ მოსამართლე, რომლის თანამდებობაც არ არის ,,კანონის საფუძველზე’’ შექმნილი კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფის მნიშვნელობის ფარგლებში, განსაზღვრავს სისხლისსამართლებრივ ბრალს, საკმარისი იყო ამ დებულების დარღვევის დასადგენად. წინამდებარე საქმეზე აღარ იყო საჭირო ცალკე იმის გამოკვლევა ,,კანონის საფუძველზე შექმნილი’’ სასამართლოს პრინციპის დარღვევა გადააქცევდა თუ არა სამართალწარმოებას უსამართლოდ.
უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ როგორც იუსტიციის მინისტრა, აგრეთვე პარლამენტმა დაარღვია მოქმედი კანონმდებლობა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის დროს. აღსანიშნავია, რომ პარლამენტმა არ დაიცვა კანონი, რომლის მიხედვითაც ცალ-ცალკე უნდა ეყარა კენჭი თითოეული კანდიდატისთვის, რაც აგრეთვე წარმოადგენდა სერიოზულ ხარვეზს დანიშვნის პროცედურაში, რამაც გავლენა იქონია მთლიანობაში პროცესის სამართლიანობაზე. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს უნდა დაედგინა ეროვნული კანონმდებლობის დარღვევა, მთლიანობაში, იყო თუ არა ,,უხეში’’ ხასიათის და შესაბამისად იმ შედეგის მომტანი, რომ კოლეგიაში აღნიშნული მოსამართლის მონაწილეობამ დაარღვია კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფი.
ეროვნული კანონმდებლობა ნათლად ადგენდა მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში აღმასრულებელი ხელისუფლების დისკრეციაზე ლიმიტს, იმ მოთხოვნის დაწესებით, რომ ახლად დაფუძნებულ სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის თხუთმეტ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატების კომპეტენცია შეეფასებინა სპეციალურად შექმნილ შეფასების კომიტეტს, რომელიც შედგებოდა უზენაესი სასამართლოს, იუსტიციის საბჭოს, ადვოკატთა ასოციაციისა და პარლამენტის მიერ დასახელებული ექსპერტებისგან. საკანონმდებლო სქემა, რომელიც მოითხოვდა პარლამენტის აქტიურ მონაწილეობას სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის ხმის მიცემის პროცესში, ემსახურებოდა სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს. ეს საკანონმდებლო ჩარჩო მიზნად ისახავდა იმ რისკების შემცირებას, რომ პოლიტიკურ ინტერესებს არასათანადო გავლენა არ მოეხდინა პროცესზე, რომლის მეშვეობითაც უნდა დადგენილიყო თითოეული კანდიდატის კვალიფიკაცია და რომელსაც საბოლოოდ საკანონმდებლო ორგანო - პარლამენტი, ამტკიცებდა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წინამდებარე საქმეზე აღნიშნა, რომ:
115. ....იუსტიციის მინისტრმა 15 კაციანი კანდიდატების სიიდან, რომლებიც კომიტეტის მიერ ყველაზე კვალიფიციურებად იქნენ შეფასებულნი, ამოიღო კომიტეტის სიაში შემდეგ ადგილებზე მყოფი ოთხი კანდიდატი - 7, 11, 12 და 14, და საკუთარი ინიციატივით ისინი ჩაანაცვლა ოთხი სხვა კანდიდატით, რომლებიც სიაში იყვნენ მე-17, მე-18, 23-ე და 30-ე ადგილებზე. მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის მინისტრი ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით უფლებამოსილი იყო წარმოედგინა კომიტეტის სიისგან დამოუკიდებლად სხვა კანდიდატები, უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ მინისტრმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო კანდიდატების კვალიფიციურობის დამოუკიდებელი შესწავლის და მისი დასკვნების გასამყარებლად მტკიცებულებების ან სხვა მასალების შეგროვების გარეშე. შესაბამისად, ოთხი მოსამართლის, მათ შორის ა.ე-ს, დანიშვნის პროცესში იუსტიციის მინისტრის მიერ ეროვნული კანონმდებლობის დარღვევა ფუნდამენტური ხასიათის იყო და წარმოადგენდა მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის განუყოფელ ნაწილს. გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრმა, როგორც დადგინდა უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით, დეტალურად არ შეადარა კომიტეტის მიერ სიაში უფრო ქვედა პოზიციაზე შეფასებული ოთხი კანდიდატის კომპეტენცია იმ თხუთმეტი კანდიდატის კომპეტენციას, რომლებიც ყველაზე უფრო კვალიფიციურად იქნენ მიჩნეულნი, ეს კი სავალდებულო იყო ადმინისტრაციული სამართლის ზოგადი პრინციპებისა და საჯარო სამსახურში პირთა დანიშვნის მომწესრიგებელი ეროვნული კანონმდებლობის ზოგადი პრინციპებით.’’
ეროვნულ დონეზე უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მინისტრმა ,,სრულად უგულვებელყო’’ ის საფრთხე, რაც მიადგებოდა იმ კანდიდატების რეპუტაციას, რომელთა ჩანაცვლებაც მოხდა და ის ემსახურა იმ ოთხი კანდიდატის ინტერესებს, რომლებსაც დანიშვნის პროცესში უპირატესობა მიანიჭა. თუმცა, უზენაეს სასამართლოს არ დაუფიქსირებია მკაფიო პოზიცია იმ საკითხთან დაკავშირებით, იყო თუ არა ეროვნული სამართლის დარღვევა ,,უხეში’’ ხასიათის. ეროვნული კანონმდებლობის განმარტებამ ის მიიყვანა დასკვნამდე, რომ დანიშვნის პროცედურაში არსებული ხარვეზები არ ნიშნავდა იმას, რომ მოსამართლე არ იყო კანონიერად დანიშნული. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ დანიშვნა არ იყო ბათილი და მომჩივანმა ისარგებლა საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით სააპელაციო სასამართლოს წინაშე.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ დაეთანხმა ამ დასკვნას რამდენიმე მიზეზის გამო. აღსანიშნავია გარემოებები, რომელთა საფუძველზეც გააკეთა დასკვნა:
123. ,,პროცესი, რომლის მიხედვითაც ა.ე. დაინიშნა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ, ისლანდიის უზენაესი სასამართლოს მიერ დადასტურებული ეროვნული კანონმდებლობის პროცედურული პროცედურული დარღვევების გათვალისწინებით, უტოლდებოდა იმ დროს მოქმედი კანონების უხეშ დარღვევას. ნამდვილად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ დანიშვნის პროცესში აღმასრულებელმა შტომ გამოამჟღავნა არასათანადო დისკრეცია, რაც არ იყო გათვალისწინებული კანონმდებლობით, როდესაც ახლად შექმნის სააპელაციო სასამართლოში აირჩიეს ოთხი მოსამართლე, მათ შორის ა.ე; ამას თან დაერთო ისიც, რომ პარლამენტმა ვერ უზრუნველყო საკანონმდებლო სქემის დაცვა, რომელიც მანამდე მიიღეს, რათა მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში დაცული ყოფილიყო ადეკვატური ბალანსი აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებს შორის. გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრმა, როგორც უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, აშკარად უგულვებელყო მოქმედი კანონები, როდესაც გადაწყვიტა, ჩაენაცვლებინა 15 კანდიდატიდან (რომლებიც კომიტეტმა ყველაზე კვალიფიციურად მიიჩნიეს) 4 კანდიდატი სხვა ნაკლებად კვალიფიციური 4 კანდიდატით, რომელთა შორისაც იყო ა.ე-ც. ამრიგად, ეს პროცესი იმ ნდობის საზიანო იყო, რომლითაც დემოკრატიულ საზოგადოებაში სასამართლომ უნდა შთააგონოს საზოგადოება და ეწინააღმდეგებოდა იმ პრინციპის არსს, რომ სასამართლო კანონის საფუძველზე უნდა იყოს შექმნილი, რაც კანონის უზენაესობის ფუნდამენტური საფუძველია. სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ამ საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე საპირისპირო დასკვნის გაკეთება იმის დადგენის ტოლფასი იქნება, რომ კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფით გათვალისწინებულ ამ ფუნდამენტურ გარანტიას ჩამოერთმევა მნიშვნელოვანი დაცვა. ამრიგად, სასამართლო ადგენს, რომ წინამდებარე საქმეზე დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფი’’.
ამდენად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წინამდებარე საქმეზე კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფის დარღვევა დაადგინა.
დასკვნა: დარღვევა (ხუთი ხმით ორის წინააღმდეგ).
მუხლი 41: არამატერიალური ზიანის ანაზღაურების თვალსაზრისით, დარღვევის დადგენა საკმარის ანაზღაურებას უტოლდებოდა.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy