© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
დიდი პალატა
საქმე გუჟა მოლდოვას წინააღმდეგ
(საჩივარი No. 14277/04)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
12 თებერვალი 2008
წინამდებარე გადაწყვეტილება საბოლოოა, თუმცა,
შეიძლება დაექვემდებაროს სარედაქციო გადახედვას
წინამდებარე საქმეზე გუჟა მოდლოვას წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ჟან-პოლ კოსტა, პრეზიდენტი
ხრისტოს როზაკის,
ნიკოლას ბრატცა,
ბოშტიან მ. ზუპანჩიჩ,
პერ ლორენსენ,
ფრანსუაზ ტულკენს,
ჯოვანი ბონელო,
ჯოზეფ კასადევალ,
რაიტ მარუსტე,
კრიშტაქ ტრაია,
სნეჟანა ბუტუჩაროვა,
სტანისლავ პავლოვსკი,
ლეხ გარლიკი,
ალვინა გიულუმიან,
ლილიანა მიიოვიჩ,
მარკ ვილიგერ,
პააივი ჰირველა, მოსამართლეები,
და ერიკ ფრიბერგი, სასამართლო გამწესრიგებელი,
2007 წლის 6 ივნისსა და 2008 წლის 9 იანვარს განმარტოებით ითათბირა,
გამოაქვს შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ბოლოს-მითითებულ დღეს:
პროცედურასაქმეს საფუძვლად დაედო საჩივარი (ნო. 14277/04) მოლდოვის რესპუბლიკის წინააღმდეგ, რომელიც 2004 წლის 30 მარტს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის ("კონვენცია") 34-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოში შეიტანა ბატონმა იაკობ გუჟამ ("მომჩივანი").მომჩივანი წარმოადგინეს ბ-ნებმა ვ. გრიბნიჩამ და ვ. ზამამ, ადვოკატებმა, რომლებიც პრაქტიკას კიშინიოვში ეწევიან და არიან არასამთავრობო ორგანიზაცია `ადვოკატები ადამიანის უფლებებისათვის" წევრები. მოლდოვას მთავრობა (`მთავრობა~) წარმოადგინეს მისმა აგენტებმა, ბ-ნებმა ვ. პარლოგმა და ვ. გროსუმ.მომჩივანი ამტკიცებდა კონვენციის მე-10 მუხლით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების, კერძოდ კი, ინფორმაციის გავრცელების უფლების დარღვევას ორი დოკუმენტის გასაჯაროების შედეგად გენერალური პროკურატურიდან გათავისუფლების გამო, რომელიც, მომჩივნის აზრით, ააშკარავებდა მაღალჩინოსანი პოლიტიკოსის ჩარევას მიმდინარე სისხლის სამართლის პროცესში.საჩივარი გადაეცა სასამართლოს მეოთხე სექციას (მუხლი 52, ნაწილი 1 საამართლოს რეგლამენტი). 2006 წლის 28 მარტს აღნიშნული სექციის პალატამ გადაწყვიტა საჩივრის შესახებ მთავრობისათვის გაეგზავნა შეტყობინება. კონვენციის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის დებულებათა შესაბამისად, სასამართლომ გადაწყვიტა საჩივრის არსებითი მხარე განეხილა მის დასაშვებობასთან ერთად. 2007 წლის 20 თებერვალს, პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნიკოლას ბრატცა, პრეზიდენტი, ჯოზეფ კასადევალი, ჯოვანი ბონელო, ლილიანა მიიოვიჩ, კრისტაქ ტრაია, სტანისლავ პავლოვსკი და ლეხ გარლიკი, მოსამართლეები და აგრეთვე ლორენს ერლი, სასამართლო გამწესრიგებელი, დათმო იურისდიქცია დიდი პალატის სასარგებლოდ, რაც საქმის არცერთ მხარეს არ გაუსაჩივრებია (კონვენციის 30-ე მუხლი და რეგლამენტის მუხლი 72).დიდი პალატის შემადგენლობა განისაზღვრა კონვენციის 27-ე მუხლის მე-2 და მე-3 პარაგრაფებისა და სასამართლოს რეგლამენტის 24-ე მუხლის მიხედვით.როგორც მომჩივანმა, ისე მთავრობამ წარადგინა მოსაზრებები დასაშვებობასა და არსებით მხარესთან მიმართებით. მხარეებმა წერილობით გასცეს პასუხი ურთიერთის მოსაზრებებს.მოსმენა შედგა საჯაროდ, ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგში, 2007 წლის 6 ივნისს (მუხლი 59, პარაგრაფი 3).
სასამართოს წინაშე წარსდგნენ:
(ა)მთავრობის მხარეს
ბ-ნი ვ. გროსუ,აგენტი
ბ-ნი გ. ზამისნიი,მრჩეველი
(ბ)მომჩივნის მხარეს
ბ-ნი ვ. გრიბინჩაადვოკატი
ბ-ნი ვ. ზამა
ბ-ნი ი. გუჟამომჩივანი
სასამართლომ მოუსმინა ბ-ნი გროსუს, ბ-ნი გრიბინჩასა და ბ-ნი ზამეს გამოსვლებს.
ფაქტები
I.საქმის ვითარებამომჩივანი, ბ-ნი იაკობ გუჟა დაიბადა 1970 წელს და ცხოვრობს კიშინიოვში. სადაო მოვლენების დროს იგი გახლდათ გენერალური პროკურატურის პრესის დეპარტამენტის უფროსი.
1.საქმის გარემოებანი2002 წლის 21 თებერვალს პოლიციის ოთხმა ოფიცერმა (მ.ი., ბ.ა., ი.პ. და გ.ვ.) დააკავა ათი პირი, რომლებიც ეჭვმიტანილნი იყვნენ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ დანაშაულში; მათ შორის ერთ-ერთი ამასთანავე ეჭვმიტანილი იყო კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელობაში. მოგვიანებით, ეჭვმიტანილები გაათავისუფლეს და მათ შეიტანეს საჩივარი გენერალურ პროკურატურაში პოლიციის ოთხი ოფიცერის წინააღმდეგ არასათანადო მოპყრობისა და უკანონო დაკავების საფუძველზე. საჩივარზე დაყრდნობით პოლიციის ოთხი ოფიცრის წინააღმდეგ დაიწყო სისხლისამართლებრივი გამოძიება, inter alia, არასათანადო მოპყობისა და უკანონო დაკავების საფუძველზე.2002 წლის 10 ივნისს, პოლიციის ოთხმა ოფიცერმა, პრეზიდენტ ვორონინის, პრემიერ-მინისტრ ტარლევისა და პარლამენტის სპიკერის მოადგილის მიშინის მისამართით დაწერეს წერილები, რომელსაც ხელი ერთობლივად მოაწერეს და მოითხოვეს დევნისაგან დაცვა. მათ გამოხატეს საკუთარი ხედვა სისხლისამართლებრივი დევნასთან დაკავშირებით და იჩივლეს, რომ პროკურატურის საქმიანობა არაჯეროვანი იყო. მათ ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს მათ წინააღმდეგ არსებული სისხლისამართლებრივი დევნის კანონიერება და მოითხოვეს მისი გადახედვა. 2002 წლის 21 ივნისს ბ-ნმა მიშინმა მიღებული წერილი გადააგზავნა გენერალურ პროკურატურაში და თან დაურთო თანმხლები წერილი. მისი წერილი დაწერილი გახლდათ პარლამენტის ოფიციალურ ბლანკიან ფურცელზე და არ ერტყა გრიფი საიდუმლო. წერილში აღნიშნული გახლდათ შემდეგი:
“ძვირფასო ბ-ნო რუსუ,
წინამდებარე წერილის წაკითხვის შემდეგ ჩნდება შეკითხვა: გენერალური პროკურორის მოადგილე რას ებრძვის, დანაშაულს თუ პოლიციას? ვითარება კიდევ უფრო მძიმდება იმ ფაქტით, რომ მოცემული პოლიციელები წარმოადგენენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წევრებს, რომელთა საქმიანობასაც ახლა ხელი ეშლება გენერალური პროკურატურის თანამშრომლების ქმედებების გამო. გთხოვთ, პირადად ჩაერთოთ ამ საქმეში და მოაგვაროთ იგი კანონის სრული დაცვით.”2003 წლის იანვარში ბ-ნი ვორონინი ვიზიტით ეწვია ეკონომიკური დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრს, რომლის ფარგლებშიც იგი, inter alia,შეეხო მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნის გამო საჯარო მოხელეების მიერ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული არასათანადო ზეწოლის პრობლემას. პრეზიდენტმა მათ მოუწოდა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისაკენ და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს სთხოვა ყურადღება არ მიექციათ საჯარო მოხელეების მიერ მათზე ზეწოლის მცდელობებზე. პრეზიდენტის გამოსვლა გაშუქდა მედიის მიერ.საქმისათვის უცნობ დროს, პოლიციის ოფიცრების წინააღმდეგ აღძრული სისხლისსამართლებრივი საქმე შეწყდა.
2.დოკუმენტების გაჟონვაბატონი ვორონინის მიერ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მოწოდებიდან რამდენიმე დღეში, მომჩივანმა გაზეთ Jurnal de Chişinău–ს გაუგზავნა გენერალურ პროკურატურაში მიღებული ორი წერილის ასლი (“წერილები”).პირველი გახლდათ ბ-ნი მიშინის მიერ დაწერილი თანმხლები წერილი (იხ. პარაგრაფი 10, ზემოთ). მეორე კი ბ-ნი ურსაქის, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის წერილი, რომლის ადრესატიც გახლდათ გენერალური პროკურორის მოადგილე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ბლანკიან წერილში, რომელსაც არ ედო გრიფი საიდუმლო, ეწერა, ინტერ ალია:
“... პოლიციის მაიორი მ.ი. [ერთ-ერთი ზემოთხსენებული ოფიცრებიდან: იხ. პარაგრაფი 9] დამნაშავედ იქნა ცნობილი 1999 წლის 12 მაისს ... შემდეგ დანაშაულებში: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 116(2) [უკანონო დაკავება სიცოცხლის ან ჯანმრთელობისადმი საფრთხის ან ფიზიკური ტანჯვის მიყენებით], მუხლი 185(2) [ძალაუფლების ბოროტად გამოყენება ძალადობის თანხლებით, იარაღის გამოყენებით ან წამებით] და მუხლი 193(2) [აღიარების გამოძავა ძალადობისა და შეურაცყოფის გამოყენებით]. მას დაეკისრა ჯარიმა 1440 მოლდავური ლეის (128 ევრო) ოდენობით. ამნისტიის აქტის მე-2 მუხლის თანახმად, მას მოეხსნა ჯარიმის გადახდის ვალდებულება.
... 2001 წლის 24 ოქტომბერს, მაიორი მ.ი. აღდგენილ იქნა მის პოზიციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში.”
3.საგაზეთო სტატია Jurnal de Chişinău-ში2003 წლის 31 იანვარს გაზეთმა Jurnal de Chişinău გამოაქვეყნა სტატია სათაურით “ვადიმ მიშინი პროკურორებს აშინებს”. პუბლიკაცია, inter alia,მიუთითებდა:
“გასული კვირის დასასრულს, ეკონომიკური დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრში, პრეზიდენტმა ძალოვან სტრუქტურებს მოუწოდა ითანამშრომლონ ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში და სთხოვა მა თარ გაეთვალისწინებინათ სატელეფონო ზარები მაღალჩინოსანი საჯარო მოხელეებისაგან მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით.
პრეზიდენტის ინიციატივა შემთხვევითი არ გახლავთ. აღნიშნული ფენომენი ფართოდაა გავრცელებული, განსაკუთრებით კი ბოლო წლების განმავლობაში და არაერთხელ შექმნილა მასმედიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების განხილვის საგანი.
ახლახანს პრესამ გააჟღერა კომუნისტი პარლამენტარის ა.ჟ. შემთხვევა, რომელიც ცდილობდა ზეგავლენა მოეხდინა სისხლისსამართლებრივ გამოძიებაზე მისი ძველ მეგობრისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსანის საქმეზე, რომელიც დანაშაულის ჩადენისას იქნა შემჩნეული. თუმცა, საპასუხოდ არანაირი სამართლებრივი რეაგირება არ განხორციელებულა...
ამასთანავე, პრესით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბ-ნმა მიშინმა გენერალურ პროკურორს მოსთხოვა ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის პ.დ. გაუჩინარებასთან დაკავშირებულ გამოძიებაში ჩართული ორი პროკურორის ი.ვ. და პ.ბ. გათავისუფლება, სავარაუდოდ მას შემდეგ რაც მათ აღმოაჩინეს სამხილები შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩინოსანთა უკანონო ქმედებების შესახებ.
აღნიშნული ორი პროკურორის ქმედებებზე შიდა გამოძიების შედეგები ჯერ არ არის ცნობილი. თუმცა, წყაროებმა პროკურატურიდან შეატყობინეს გაზეთს: მიუხედავად იმისა რომ ი.ვ. და პ.ბ. არ იქნენ დამნაშავედ ცნობილნი, მათ მაინც მოსთხოვეს სამსახურის დატოვება რომელიღაც მაღალჩინოსანის სურვილის გამო.
ახლა, როდესაც პრეზიდენტის განცხადებები ზეგავლენით ვაჭრობის თაობაზე ჯერ კიდევ ცინცხალია, ჩვენ მივაგენით მაღალჩინოსნებთან დაკავშირებულ ახალ გამოძიებას.
პარლამენტის სპიკერის მოადგილე ცდილობს დაიცვას ოთხი პოლიციელი, რომელთა წინააღმდეგაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი გამოძიება. ბ-ნი მიშინის სიახლოვე პოლიციელებთან არახალია, რადგან მისი ფესვები სწორედ რომ პოლიციაშია. ჩვენმა წყარომ მიუთითა, რომ ეს არ გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც ბ-ნი მიშინი ერევა საქმეში სადაც პოლიციელები კანონთან წინააღმდეგობაში იმყოფებიან.
ჩოკანას პროკურატურამ აღძრა სისხლისსამართლებრივი საქმე პოლიციის ოთხი ოფიცრის წინააღმდეგ... მას შემდეგ რაც მათ გამოიყენეს ძალა ადამიანთა ჯგუფის უკანონო დაკავებისას.
... პოლიციის ოფიცრებმა სცემეს დაკავებულები მუშტებითა და წიხლებით... ამასთანავე, აღმოჩნდა რომ ერთ-ერთმა ოფიცერმა დაკავების შესახებ პოლიციის მოხსენებაში ცრუ ჩვენება მისცა.. პოლიციის ოთხი ოფიცრის წინააღმდეგ მიმდინარეობდა გამოძიება აღიარების იძულებით ჩამორთმევის ფაქტზეც...
აღნიშნული გამოძიება ერთ წელზე მეტ ხანს გაგრძელდა. მის დასასრულს ... ეჭვმიტანილმა პოლიციის ოფიცრებმა მფარველის ძიება ხელისუფლებაში მყოფ პირთა შორის დაიწყეს.
...
2002 წლის 20 ივნისს პოლიციის ოფიცრებმა წერილები მისწერეს ვლადიმირ ვორონინს, პრემიერ მინისტრ ვასილე ტარლევს და პარლამენტის სპიკერის მოადგილეს, ვადიმ მიშინს, ითხოვდნენ რა, მათი განცხადებით, უკანონო გამოძიებაში ჩარევას.
...
მათ წერილებზე პირველი რეაქცია პარლამენტის სპიკერის მოადგილეს, ვადიმ მიშინს ჰქონდა. 2002 წლის 21 ივნისს ... მან მისწერა წერილი გენერალურ პროკურორს, სადაც მბრძანებლური ტონით მას პირადად მოსთხოვა პოლიციის ოთხი ოფიცრის საქმეში ჩარევა. მიუხედავად იმისა, რომ მან გენერალურ პროკურორს საქმეში ჩართვისკენ მოუწოდა “კანონის ყველა ნორმის დაცვით”, წერილის ტონი აშკარად მიუთითებს, რომ იგი იძლეოდა ბრძანებას საქმე უმოკლეს დროში განხილულიყო.
სახელმწიფოს ყველაზე გავლენიანი პირების ჩარევის შედეგად გენერალურმა პროკურატურამ შეაჩერა სისხლისსამართლებრივი გამოძიება პოლიციელების წინააღმდეგ და მოითხოვა შიდა გამოძიება მათ წინააღმდეგ სისხისსამართლებრივი საქმის აღძვრის კანონიერების დასადგენად...
...
შინაგან საქმეთა სამინისტროს წყაროებმა დაადასტურეს, რომ ოფიცერი მ.ი. [ერთ-ერთი იმ ოთხ პოლიციელთაგან] იყო [უკვე] მსჯავრდებული სააპელაციო სასამართლოს მიერ და ეკისრებოდა სისხლისსამართლებრივი ჯარიმის გადახდის ვალდებულება 1440 მოლდავური ლეის ოდენობით. ამნისტიის აქტის საფუძველზე მას მოეხსნა ჯარიმის გადახდის ვალდებულება. მეტიც, 2001 წლის 24 ოქტომბერს... იგი აღდგენილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროში.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენზე კომენტირების გარეშე გვსურს გავაკეთოთ რამდენიმე შენიშვნა: მ.ი. ბრალდებული იყო სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე, 185-ე და 193-ე მუხლების საფუძველზე ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, აღიარებითი ჩვენების გამოძალვის და უკანონო დაკავების გამო. ამ დანაშაულებისათვის სისხლის სამართლის კოდექსი აწესებს ერთიდან ხუთ წლამდე პატიმრობას, ის კი მხოლოდ დააჯარიმეს.
მეტიც, შინაგან საქმეთა სამინისტრომ იგი აღადგინა მაშინ, როდესაც გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობდა.”საგაზეთო სტატიას თან ახლდა ბ-ნი მიშინისა და ბ-ნი ურსაკის მიერ ხელმოწერილი წერილების ფოტოასლები.
4.გენერალური პროკურატურის რეაქციასაქმისათვის უცნობ დღეს, გენერალურმა პროკურორმა დაიბარა მომჩივანი და მოსთხოვა ახსნა-განმარტება იმის შესახებ, თუ როგორ აღმოჩნდა აღნიშნული ორი წერილი პრესაში.2003 წლის 14 თებერვალს მომჩივანმა მისწერა წერილი გენერალურ პროკურორს, სადაც აღიარა, რომ მან გააგზანა ორი წერილი გაზეთში. მან, inter alia,მიუთითა:
“ჩემი ქმედება განპირობებული იყო [პრეზიდენტის] იმ განცხადებით, რომელიც ეხებოდა კორუფციის და ზეგავლენით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლას. მე ასე მოვიქეცი, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ ვეხმარებოდი ბრძოლას ზეგავლენით ვაჭრობის (trafic de influenţă) წინააღმდეგ, ფენომენი, რომელიც უფრო და უფრო ხშირდება ამ ბოლო დროს.
მე მჯეროდა და ისევ მჯერა, რომ თუ ყოველი ჩვენგანი დაეხმარება იმ პირთა გამოაშკარავებას, რომლებიც ძალაუფლებას ბოროტად იყენებენ სამართლის ჯეროვანი ადმინისტრირების წინააღმდეგ, ვითარება უკეთესობისაკენ შეიცვლება.
ამასთანავე, მე მიმაჩნია რომ წერილები, რომელიც მე გადავეცი Jurnal de Chişinău-ს არ იყო საიდუმლო. ჩემი მიზანი გახლდათ პროკურატურისთვის დადებითი იმიჯის შექმნა და არა მის წინააღმდეგ მოქმედება.”უცნობ დროს პროკურორი ი.დ., რომელიც ეჭვმიტანილი იყო მომჩივნისათვის წერილების გადაცემაში, გაათავისუფლეს სამსახურიდან.2003 წლის 17 თებერვალს მომჩივანმა გენერალურ პროკურორს მისწერა შემდგომი წერილი, სადაც ატყობინებდა, რომ მას წერილები არ მიუღია ი.დ.-საგან. მან ასევე აღნიშნა:
“თუკი ჩემი საქციელი წარმოადგენს შიდა რეგულაციების დარღვევას, მაშინ მე და მხოლოდ მე უნდა ვიყო პასუხისმგებელი.
მე ვიმოქმედე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის აქტის, პროკურატურის შესახებ აქტისა და სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად. მჯეროდა, რომ [პრეზიდენტის] განცხადებები რომელიც ჰქმობდა კორუფციისა და ზეგავლენით ვაჭრობას გულწრფელი გახლდათ. ჩემდა სამწუხაროდ, მე აღვნიშნავ, რომ გენერალური პროკურატურის მიერ მოხდა საჯარო მოხელის წერილის (რომელიც ჩემი აზრით წარმოადგენს პირდაპირ პოლიტიკურ ჩარევას სამართლის ადმინისტრირებაში) სტატუსის სახელმწიფო საიდუმლოს დონემდე ამაღლება. აღნიშნული ფაქტი, ი.დ.-ს გათავისუფლებასთან ერთად, მეხება მე და სერიოზულ ეჭვს აღმიძრავს კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემაზე მოლოდივას რესპუბლიკაში.”2003 წლის 3 მარტს მომჩივანი გაათავისუფლეს სამსახურიდან. გათავისუფლების წერილი, inter alia,მიუთითებდა, რომ განმცადებლის მიერ პრესისათვის მიწოდებული წერილები წარმოადგენდა საიდუმლოს და რომ მან არ გაიარა კონსულტაცია გენერალური პროკურატურის სხვა დეპარტამენტების უფროსებთან მანამდე, სანამ გააგზავნიდა წერილებს, რაც წარმოადგენს პრესის დეპარტამენტის შიდა რეგულაციების 1.4 და 4.11 პუნქტების დარღვევას (იხ. 31-ე პარაგრაფი, ქვემოთ).
5.სამართალწარმოება მომჩივნის სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნით2003 წლის 21 მარტს მომჩივანმა გენერალური პროკურატურის წინააღმდეგ შეიტანა სამოქალაქო საჩივარი სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნით. იგი ასაჩივრებდა, რომ, inter alia,ის წერილები, რომელიც მან მიაწოდა გაზეთს არ იყო კანონის შესაბამისად გასაიდუმლოებული და რომ იგი არ იყო ვალდებული, პრესასთან დაკონტაქტებამდე, გაევლო კონსულტაციები სხვა დეპარტამენტების უფროსებთან; ასევე, რომ მან წერილები გაზეთს მიაწოდა ამ უკანასკნელის მოთხოვნის საფუძველზე და რომ მისი გათავისუფლება წარმოადგენდა გამოხატვის თავისუფლების დარღვევას.2003 წლის 16 სექტემბერს კიშინიოვის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მომჩივნის საჩივარი. სასამართლომ მიუთითა, inter alia,რომ მომჩივანმა დაარღვია მისი ვალდებულებები პრესის დეპარტამენტის შიდა რეგულაციების 1.4 ნაწილის მიხედვით არ გაიარა რა კონსულტაციები სხვა დეპარტამენტის უფროსებთან, ხოლო რეგულაციების 4.11 ნაწილი კი დარღვეულ იქნა საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნებით.24.მომჩივანმა გაასაჩივრა. იგი ეყრდნობოდა იგივე არგუმენტებს რასაც პირველად სარჩელში. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ წერილების გაზეთისათვის მიწოდებას არავითარ შემთხვევაში არ დაუზარალებია მისი დამქირავებელი.2003 წლის 26 ნოემბერს უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მომჩივნის საჩივარი იგივე საფუძველზე დაყრდნობით, რაც მოიხმო კიშინიოვის სააპელაციო სასამართლომ. მომჩივნის არგუმენტზე გამოხატვის თავისუფლების შესახებ, უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა, რომ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით მიღებული ინფორმაცია არ წარმოადგენდა გამოხატვის თავისუფლების შემადგენელ ნაწილს (dreptul la exprimare nu presupune dobândirea informaţiei abuziv, folosind atribuţiile de serviciu).არც გენერალურ პროკურატურას და არც პარლამენტის სპიკერის მოადგილეს ბ-ნ მიშინს არ გაუსაჩივრებიათ არც Jurnal de Chişinău -ში გამოქვეყნებული წერილები სინამდვილე, არც 2003 წლის 31 თებერვლის წერილში მითითებული იფნორმაციის სიმართლე და არც რაიმე შემდგომი ქმედება განუხორციელებიათ.
6.Jurnal de Chişinău –ს სისხლისსამართლებრივი საჩივარი2003 წლის 31 იანვრის წერილის გამოქვეყნების შემდეგ (იხ. პარაგრაფი 15) რადგან გენერალურმა პროკურატურამ არ მოახდინა იმგვარი რეაგირება, როგორსაც გაზეთი Jurnal de Chişinău ელოდა, მათ მოითხოვეს სამართალწარმოების დაწყება, რომლის შედეგადაც გენერალური პროკურატურა მიიღებდა სასამართლო მოთხოვნას და ვალდებული შეიქნებოდა დაეწყო სისხლისსამართლებრივი გამოძიება ბ-ნი მიშინის მიერ მიმდინარე სისხლისსამართლებრივ გამოძიებაში ჩარევის ფაქტზე. გაზეთი, inter alia, აცხადებდა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, საგაზეთო სტატიები და გაზეთებში გამოქვეყნებული წერილები შესაძლებელია შეიქნას სისხლისსამართლებრივი ძიების დაწყების საფუძველი და რომ გენერალური პროკურორი ვალდებული იყო მოეთხოვა გამოძიების დაწყება.2003 წლის 25 მარტს რაშკანის მუნიციპალურმა სასამართლომ, ხოლო 2003 წლის 9 აპრილს კიშინიოვის საოლქო საამართლომ არ დააკმაყოფილეს გაზეთის საჩივარი. სასამართლოებმა, inter alia, დაადგინეს, რომ გაზეთი არ იყო უფლებამოსილი შეეტანა საჩივარი და რომ ნებისმიერი შემთხვევაში, 2003 წლის 31 იანვრის პუბლიკაცია წარმოადგენდა მხოლოდ საგაზეთო სტატიას, რომელიც გამოხატავდა პერსონალურ ხედვას და არა ოფიციალურ მოთხოვნას დაწყებულიყო სისხლისსამართლებრივი გამოძიება.
7.Jurnal de Chişinău –ს შემდგომი სტატია2003 წლის 14 მარტს, Jurnal de Chişinău-მ გამოაქვეყნა 2003 წლის 31 იანვრის შემდგომი სტატია სათაურით “მიშინმა დაიწყო პროკურორების დასჯა”. პუბლიკაცია აღწერდა პირველი სტატიის შემდგომ მოვლენებს და მიუთითებდა, რომ ბ-ნი მიშინი ძლიერ გააბრაზა სტატიამ და უბრძანა გენერალურ პროკურორს გამოევლინა და დაესაჯა ის პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ მისი დანართი წერილის პრესისათვის მიწოდებაზე. გენერალური პროკურორი უსიტყვოდ დაემორჩილა და ბრძოლა გამოუცხადა იმ დაქვემდებარებულ პირებს, რომლებმაც უარი განაცხადეს თვინიერად შეხვედროდნენ კრიმინალური-სამართლის სისტემის საქმიანობაში პოლიტიკურ ჩარევას. სტატია აღნიშნავდა, რომ გენერალური პროკურორის საქმიანობა შეესაბამებოდა ბოლო წლების ზოგად ტენდენციას, რომლის მიხედვითაც მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილების მქონე პირები, რომლებიც არ ემორჩილებიან ახალი მთავრობის წამოწყებულ წესებს, ნაცვლდებიან საეჭვო გამოცდილების მქონე პირებით. პუბლიკაცია უთითებდა, რომ გენერალური პროკურატურის წყაროების მიხედვით, ბ-ნი მიშინი და პრეზიდენტის მჩეველები სისტემატურად გასცემდნენ მითითებებს იმის შესახებ თუ ვინ უნდა იქნეს დაქირავებული და ვინ გათავისუფლებული პროკურატურის რიგებიდან. მხოლოდ გასულ წელს, ოცდაათი გამოცდილი პროკურორი იქნა გათავისუფლებული კიშინიოვის პროკურატურიდან.
სტატია ასევე აღნიშნავდა, რომ მომჩივანი გაათავისუფლეს ბ-ნი მიშინის ზეწოლის გამო და უთითებდა, რომ გენერალურ პროკურატურაში არსებულმა წყაროების მიხედვით პროკურატურას ბ-ნი მიშინისა და ვ.ს.-საგან (კიდევ ერთი მაღალჩინოსანი საჯარო მოხელე) მიღებული ჰქონდა ათობით წერილი სხვადასხვა მიმდინარე სისხლისსამართლებრივ გამოძიებასთან დაკავშირებით.
გაზეთის წყაროების მიხედვით, ორი პროკურორი გაათავისუფლეს ბ-ნი მიშინის დაჟინებული მოთხოვნის საფუძველზე, რადგანაც მათ მის წინააღმდეგ მოიპოვეს დამადანაშაულებელი სამხილები, რომელიც ეხებოდა მნიშვნელოვანი ბიზნესმენის პ.დ. გაუჩინარებას. მათი გათავისუფლების შემდეგ სისხლისსამართლებრივი გამოძიება დასრულებულ იქნა.
II.შესაბამისი არაკონვენციური მასალა
ა.ეროვნული კანონმდებლობა და სასამართლო პრაქტიკა
1.შრომის კოდექსისაქმისათვის შესაბამის დროს მოქმედი შრომის კოდექსის 263/1 მუხლი მიუთითებდა, რომ ცენტრალური საჯარო უწყებების თანამშრომლები შეიძლება გათავისუფლებულიყვნენ დაკავებული პოზიციებიდან მათი პროფესიული ვალდებულებების სერიოზული დარღვევის საფუძველზე.
2.გენერალური პროკურატურის პრესის დეპარტამენტის შიდა რეგულაციებიგენერალური პროკურატურის პრესის დეპარტამენტის შიდა რეგულაციების 1.4 და 4.11 პუნქტები მიუთითებს შემდეგს:
“1.4 პრესის დეპარტამენტი დაგეგმავს და ორგანიზებას გაუწევს გაზეთების, ჟურნალების, რადიო და ტელევიზიის სარედაქციო კოლეგიების და გენერალური პროკურატურის სხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან ერთად მასმედიაში გასაშუქებელ იმ საკითხებს, რომელიც ეხება გენერალური პროკურატურის საქმიანობებს.
...
4.11 [პრესის დეპარტამენტის ხელმძღვანელი] პასუხისმგებელია დაბეჭდილი მასალის ხარისხზე, მიღებული და მიწოდებული მასალის სისწორეზე და კონფედენციალურობის დაცვაზე მოლდოვის რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად.”იმ დროისათვის ზოგადად არც გენერალური პროკურატურის შიდა რეგულაციები და არც მოლდოვის კანონმდებლობა არ შეიცავდა დებულებას თანამშრომლების მიერ სამუშაო ადგილზე უკანონო ქმედების გამოაშკარავების შესახებ.
3.სისხლის სამართლის კოდექსი და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიიმ დროისათვის მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 190/1 კრძალავდა სისხლისსამართლებრივ გამოძიებაში ნებისმიერ ჩარევას. იგი მიუთითებდა:
“სისხლისსამართლებრივ გამოძიებაში ნებისმიერი ჩარევა, კერძოდ კი ზეგავლენის უკანონო გამოყენება ნებისმიერი ფორმით იმ პირზე, რომელიც ახორციელებს გამოძიებას... დაისჯება ორ წლამდე პატიმრობით ან მინიმალური ხელფასის ასმაგი ოდენობის ჯარიმით.”იმ დროისათვის მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 90-ე მუხლი მიუთითებდა, inter alia, რომ საგაზეთო სტატიებში, ჩანაწერებსა თუ წერილებში გაჟღერებული დანაშაულები პროკურატურის მიერ შეიძლება განხილულიყო სისხლისსამართლებრივი გამოძიების დაწყების საფუძვლად.სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 122-ე მუხლის მიხედვით, გამოძიების ეტაპზე, სისხლის სამართლის საქმის მასალები არ შეიძლება გასაჯაროებულიყო გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის ავტორიზაციას გამოძიებიაზე პასუხისმგებელი პირი ახდენდა.
4.მოლდოვაში დევნის განმახორციელებელი ორგანოს სტრუქტურაკონსტიტუციის 125-ე მუხლის მიხედვით პროკურორები დამოუკიდებელნი არიან.დევნის განმახორციელებელი ორგანოს აქტის შესაბამისი ნაწილები აღნიშნავდა შემდეგს:
“ნაწილი 3. პროკურატურის საქმიანობების ფუნდამენტური პრინციპები
1.პროკურატურა:
- განახორციელებს მის ფუნქციებს საჯარო დაწესებულებებისაგან დამოუკიდებლად ... კანონის შესაბამისად; ...
3. ... პროკურორებსა და გამომძიებლებს ეკრძალებათ ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის ან სხვა სოციალურ-პოლიტიკური ორგანიზაციის წევრობა და ანგარიშვალდებულნი არიან მხოლოდ კანონის წინაშე...”
“ნაწილი 13. გენერალური პროკურორი
1.გენერალური პროკურორი:
(i) ინიშნება პარლამენტის მიერ პარლამენტის სპიკერის წარდგინების საფუძველზე 5 წლის ვადით; და
(ii) პარლამენტის მიერ, გენერალური პროკურორის წარდგინების საფუძველზე, ენიშნება პირველი მოადგილე და მოადგილეები...”
5.“პეტიცის წარდგენის აქტი” და “აქტი პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ”“პეტიციის წარდგენის აქტი” აწესებს მოთხოვნას, რომ საჯარო მოხელეებმა ან სახელმწიფო ორგანოებმა პასუხი გასცენ წერილობით პეტიციებს ოცდაათი დღის ვადაში. სათანადო კომპეტენციის არარსებობის შემთხვევაში, ისინი ვალდებულნი არიან სამი დღის ვადაში მოთხოვნა გადააგზავნონ კომპეტენტურ ორგანოში.1994 წლის 7 აპრილის “პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ აქტის” შესაბამისი დებულებები მიუთითებენ:
ნაწილი 22(1)
“პარლამენტის წევრები უფლებამოსილნი არიან დაამყარონ კონტაქტი ნებისმიერ სახელმწიო ორგანოსთან, არასამთავრობო ორგანიზაციასთან თუ ოფიციალურ პირთან პარლამენტის წევრის საქმიანობისთან დაკავშირებული პრობლემების ირგვლივ და მიიღონ მონაწილეობა მის განხილვაში.”
ნაწილი 23
“(1) პარლამენტის წევრები, როგორც უზენაესი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, უფლებამოსილნი არიან მოითხოვონ ნებისმიერი უკანონო ქმედების მეყსიერი შეწყვეტა. საჭიროების შემთხვევაში, მათ უფლება აქვთ ოფიციალურ ორგანოებს ან პირებს მოსთხოვონ უკანონო ქმედების გამომწვევ მიზეზებში ჩარევა და მისი შეწყვეტა...”
Bბ. მოხსენებები მოლდოვაში ხელისუფლების გადანაწილებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ
ამონარიდები იურისტთა საერთაშორისო კომისიის (ისკ) 2004 წლის მოხსენებიდან მოლდოვაში კანონის უზენაესობის შესახებ:
“... იურისტთა საერთაშორისო კომისიის დამოუკიდებელ მოსამართლეთა და იურისტთა ცენტრის (ისკ/დმიც) მოლდოვაში წარგზავნილმა დელეგაციამ დაასკვნა, რომ მოლდოვის მთავრობის მიერ, დამოუკიდებლობის შემდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მცდელობების მიუხედავად, კანონის უზენაესობას გააჩნია სერიოზული ნაკლოვანებანი, რომელიც დროულ აღმოფხვრას საჭიროებს. ისკ/დმიც-მ დაასკვნა, რომ ხელისუფლების გადანაწილების პრინციპის დარღვევა ისევ აისახა სასამართლოს მთავრობის დიქტატისადმი მორჩილებაში. “სატელეფონო სამართლი”-ს პრაქტიკა აღსდგა. აღმასრულებელს შეუძლია მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა მოსამართლეთა დანიშვნაზე მაგისტრატის უზენაესი საბჭოს საშუალებით ამ უკანასკნელის დამოუკიდებლობის ნაკლებობის გამო. კორუფციაში ბრალდებასთან ერთად, მოლდოვის სასამართლო სისტემამ მნიშვნელოვანი რეგრესი განიცადა ბოლო სამი წლის განმავლობაში, რაც აისახა სასამართლო გადაწყვეტილებებზე, რომელიც არღვევენ სამართლის კურსს იმ შემთხვევებში, როდესაც მთავრობის ინტერესთან წინააღმდეგობაში მოდიან...”2003 წლის Freedom House მოხსენება მოლდოვაზე, inter alia, მიუთითებდა:
“... 2002 წელს მოლდოვაში კანონის უზენაესობის პრინციპი გამოწვევის წინაშე იდგა...
2002 წელს განხორციელებულმა რამდენიმე დანიშვნამ სასამართლო სისტემაში, რომელიც უპირატესად გაპირობებული იყო მმართველი პარტიისადმი ერთგულებით, ომბუდსმენის გათავისუფლებამ და მცდელობებმა შეზღუდულიყო საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობა, ზეგავლენა იქონია საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებების ისედაც მყიფე გამიჯვნაზე. 2002 წლის აპრილში მოლდოვის მოსამართლეთა ასოციაციამ (მმა) მიანიშნა, რომ მთავრობა შეუდგა “მასიურ წმენდას” სასამართლო სექტორში. შვიდმა მოსამართლემ დაკარგა სამსახური... ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა, როდესაც პრეზიდენტმა ვორონინმა უარი განაცხადა დანარჩენი 57 მოსამართლის მანდატის გაგრძელებაზე...”ღია საზოგადოების სამართლის ინიციატივისა და მოლდოვის Freedom House 2003 წლის მოხსენების მიხედვით, ინტერ ალია:
“... გარკვეულ საქმეებთან მიმართებაში, რომელიც წარმოადგენს კომუნისტი ლიდერებისა და სხვა სახელმწიფო ორგანოთა ინტერესის საგანს, დაწყებულია “კონტროლზე აყვანის” პრაქტიკა. აღნიშნული პრაქტიკა მოიცავს შემდეგს: მაგისტრატთა უზენაესი საბჭო (მუს) ან უზენაესი სასამართლო (ორივე ორგანოს ერთიდაიგივე პიროვნება ხელმძღვანელობს) იღებს ინსტრუქციებს პრეზიდენტის აპარატიდან, მთავრობიდან ან პარლამენტიდან, რომელიც ეხება კონკრეტულ საქმეს და მის სასურველ განხილვას (მსგავსი ინსტრუქტაჟი გაიცემა ზეპირი ფორმითაც). ამგვარი ინსტრუქციების შემდეგ, უზენაესი სასამართლო ან მუს მიმართავს უშუალოდ იმ სასამართლოს თავმჯდომარეს, სადაც კონკრეტული საქმე იხილება “პირად კონტროლზე აყვანით”. აღნიშნული ე.წ. “კონტროლზე აყვანა” რეალურად წარმოადგენს პირდაპირ ინსტრუქტაჟს, თუ როგორ უნდა იქნას გადაწყვეტილი კონკრეტული საქმე.”
გ. გაერთიანებული ერების ორგანიზციის დოკუმენტებიშრომის საერთაშორისო ორგანიზაციის No 158 კონვენცია დასაქმების შეწყვეტის შესახებ, მოლდოვის მიერ რატიფიცირებულ იქნა 1997 წლის 14 თებერვალს. კონვენციის შესაბამისი მუხლების მიხედვით:
მუხლი 5
“ქვემოთმოცემული, inter alia,არ წარმოადგენს შეწყვეტის პატივსადებ მიზეზებს:
...
(გ) იმ დამქირავებლის წინააღმდეგ საჩივრის აღძვრა ან მის წინააღმდეგ საქმის წარმოება, რომელიც სავარაუდოდ ჩართულია კანონებისა თუ კანონქვემდებარე აქტების დარღვევაში ან რომლის წინააღმდეგაც არსებობს მიმართვა კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე;
...”გაეროს კონვენცია კორუფციის წინააღმდეგ, რომელიც 2003 წლის 31 ოქტომბერს მიღებულ იქნა გენერალურ ასამბლეაზე რეზოლუციით No 58/4, და ძალაშია 2005 წლის 14 დეკემბრიდან, შესაბამის დებულებებში მიუთითებს:
მუხლი 33
“ინფორმაციის მომწოდებელ პირთა დაცვა
ყოველმა ხელშემკვრელმა სახელმწიფომ უნდა განიხილოს მის ეროვნულ სამართლის სისტემაში იმგვარი ზომების ინკორპორირება, რომლითაც გაუმართლებელი მოპყრობისაგან დაცული იქნება ნებისმიერი პირი, რომელიც კეთილსინდისიერად და გონივრულად შეატყობინებს კომპეტენტურ ორგანოებს წინამდებარე კონვენციის მიხედვით გათვალისწინებული დანაშაულის შესახებ ფაქტებს.”
მოცემული გადაწყვეტილების მიღების დღეს კონვენცია ხელმოწერილი გახლდათ 140 სახელმწიფოს, ხოლო რატიფიცირებული ან მიერთებული 77 სახელმწიფოს მიერ, თუმცა მათ შორის არ გახლავთ მოლდოვას რესპუბლიკა.
დ. ევროპის საბჭოს დოკუმენტები1999 წლის 27 იანვრის ევროპის საბჭოს სისხლის სამართლის კონვენცია კორუფციის წინააღმდეგ აღნიშნავს შემდეგს:
“პრეამბულა
ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოები და ამ კონვენციის ხელმომწერი სხვა სახელმწიფოები,
...
ხაზს უსვამენ, რომ კორუფცია წარმოადგენს საფრთხეს სამართლის უზენაესობისათვის, დემოკრატიისათვის და ადამიანის უფლებებისათის, საფუძველს უთხრის ეფექტურ მმართველობას, სამართლიანობას და სოციალურ თანასწორობას, ხელს უშლის კონკურენციას, აფერხებს ეკონომიკურ განვითარებას, საფრთხეს უქმნის დემოკრატიული ინსტიტუტების და საზოგადოების ზნეობრივ ფასეულობებს;
...
შეთანხმდნენ შემდეგზე:
...
მუხლი 22- სამართალთან მოთანამშრომლე პირთა და მოწმეთა დაცვა
ყოველმა მხარემ უნდა მიიღოს ისეთი ზომები, რომელიც შეიძლება საჭირო იყოს რათა უზრუნველყოოფილ იქნას იმ პირთა ეფექტური და სათანადო დაცვა ვინც:
ა.ატყობინებს საგამომძიებლო და მართლმსაჯულების აღმასრულებელ ორგანოებს 2-14 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის შესახებ, ან სხვაგვარად თანამშრომლობენ მათთან;
ბ.ამ დანაშაულებზე ჩვენებას აძლევს მოწმის სტატუსით.”
აღნიშნული კონვენციის განმარტებითი მოხსენება 22-ე მუხლს განმარტავს შემდეგგვარად:
“111. ... სიტყვა “მოწმე” გულისხმობს იმ პირს, რომელიც კონვენციის 2-14 მუხლებში ჩამოთვლილ კორუფციულ დანაშაულებზე ფლობს სისხლისსამართლებრივი გამოძიებისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას და მოიცავს ინფორმაციის მიმტანებს.
კონვენცია მოლდოვის მიერ ხელმოწერილ იქნა 1999 წლის 24 ივნისს და მოლდოვისათვის ძალაში შევიდა 2004 წლის 1 მაისს.
1999 წლის 4 ნოემბრის ევროპის საბჭოს სამოქალაქო სამართლის კონვენცია კორუფციის წინააღმდეგ შესაბამის დებულებებში მიუთითებს:
“პრეამბულა
ამ კონვენციის ხელმომწერი ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოები, სხვა სახელმწიფოები და ევროპის კავშირი:
...
ხაზს უსვამენ, რომ კორუფცია წარმოადგენს მთავარ საფრთხეს სამართლის უზენაესობისათვის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის, სამართლიობისა და სოციალური თანასწორობისათვის, აფერხებს ეკონომიკურ განვითარებას, საფრთხეს უქმნის საბაზრო ეკონომიკის სწორ და სამართლიან ფუნქციონირებას;
აღიარებენ კორუფციის ნეგატიურ ფინანსურ შედეგებს პიროვნებებზე, კომპანიებზე, სახელმწიფოებზე, ისევე როგორც საერთაშორისო ინსტიტუტებზე;
...
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 9 – თანამშრომელთა დაცვა
ყოველმა მხარემ მისი ეროვნული სამართლით უნდა უზრუნლველყოს უსამართლო სასჯელებისაგან იმ თანამშრომელთა სათანადო დაცვა, რომელთაც გააჩნიათ კორუფციაზე ეჭვმიტანის საკმარისი საფუძველი და რომლებიც კეთილსინდისიერად განუცხადებენ ეჭვს პასუხისმგებელ პირებსა თუ ორგანოებს.”
მოცემული კონვენციის განმარტებითი ანგარიში მე-9 მუხლთან დაკავშირებით აღნიშნავს:
“66. მოცემული მუხლი ეხება აუცილებლობას ყოველი სახელმწიფოს მხრიდან მიიღოს საჭირო ზომები იმ თანამშრომელთა დასაცავად, რომლებიც კეთილსინდისიერად და გონივრულად გამოხატავენ ეჭვს კორუფციული პრაქტიკისა თუ ქმედებების შესახებ, რათა ეს უკანასკნელნი არ შეიქმნენ რაიმე ფორმის მსხვერპლნი.
67. რაც შეეხება კონვენციის მე-9 მუხლში მითითებული თანამშრომლების დაცვის ზომებს, ხელშემკვრელ მხარეთა კანონმდებლობაში შესაძლებელია, მაგალითად, დადგინდეს ვალდებულება - დამქირავებლებს დაეკისროთ კომპენსაციის გადახდის ვალდებულება იმ თანამშრომელთა მიმართ, რომლებიც შეიქნენ გაუმართლებელი სანქციების მსხვერპლნი.
68. კორუფციული შემთხვევების აღმოჩენა და გამოძიება პრაქტიკაში საკმაოდ რთულია. ხშირად კორუფციაში ჩართული პირის თანამშრომლები და კოლეგები (საჯარო თუ კერძო) არიან პირველნი, ვინც აღმოაჩენენ ან იეჭვებენ, რომ ვითარება არ არის იმგვარი, როგორც უნდა იყოს.
69. კონვენციის მიხედვით, “სათანადო დაცვა უსამართლო სანქციიასგან” გულისხმობს, რომ ნებისმიერი სასჯელი რომელიც დაწესებული იქნება იმ თანამშრომლის მისამართით, რომელმაც კორუფციის შემთხვევების შესახებ აცნობა შესაბამისი ინფორმაციის მიღებაზე პასუხისმგებელ პირებისა თუ ორგანოებს, იქნება გაუმართლებელი. ინფორმაციის მიწოდება არ უნდა ჩაითვალოს კონფიდენციალურობის ვალდებულების დარღვევად. უსამართლო სასჯელების მაგალითად შესაძლებელია განვიხილოთ ამ პირთა გათავისუფლება ან დაქვეითება ან ნებისმიერი სხვა იმგვარი ქმედების ჩადენა, რომელიც ზღუდავს მათ კარიერულ წინსვლას.
70. ხაზი უნდა გაესვას, რომ მიუხედავად იმისა, რომ დამქირავებელს ვერავინ შეუშლის ხელს განახორციელოს ჯეროვანი ქმედება დაქირავებულის მიმართ, საქმის ვითარებიდან გამომდინარე შესაბამის დებულებებზე დაყრდნობით (მაგ. შრომითი კანონმდებლობის საფუძველზე), დამქირავებლებმა არ უნდა გამოიყენონ გაუმართლებელი სასჯელები თანამშრომლების მიმართ მხოლოდ იმის გამო, რომ მათ საკუთარი ეჭვის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს შესაბამისად უფლებამოსილ პირსა თუ ორგანოს.
71. შესაბამისად, ხელშემკვრელი მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო დაიცვის საფუძველზე წაახალისონ თანამშრომლები რათა მათ, საკუთარი ეჭვები მოახსენონ ამაზე უფლებამოსილ პირებსა თუ ორგანოებს. მართლაც, ხშირ შემთხვევაში, პირი რომელსაც გააჩნია ინფორმაცია კორუფციის შესახებ არ აცხადებს მის შესახებ ძირითადად იმ შიშის გამო, რომ მის საქციელს შესაძლებელია მოჰყვეს უარყოფითი შედეგები.
72. რაც შეეხებათ დაქირავებულ პირებს, მათზე აღნიშნული დაცვა გავრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მათ ეჭვის შესახებ ინფორმაციის გაცემის გონივრული საფუძველი გააჩნიათ და ამას აკეთებენ კეთილსინდისიერად. სხვაგვარად რომ ვთქვათ, იგი ვრცელდება მხოლოდ გულწრფელ და არა ვერაგულ შემთხვევებზე.”
მოცემული კონვენცია ხელმოწერილ იქნა მოლდოვის მიერ 1999 წლის 4 ნოემბერს და მისთვის ძალაში 2004 წლის 1 ივლისს შევიდა.2000 წლის 11 მაისს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ მიღებული რეკომენდაცია საჯარო მოხელეთა ქცევის წესის შესახებ (რეკ.(2000)10), შესაბამის დებულებებში, მიუთითებს:
“მუხლი 11
ოფიციალურ დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობის უფლების გათვალისწინებით, საჯარო მოხელე ვალდებულია საჭირო კონფიდენციალურობის დაცვით სათანადოდ მოექცეს ყველა ინფორმაციასა და დოცუმენტს, რომელსაც იგი მოიპოვებს მისი დასაქმების შედეგად ან მისი დასაქმების დროს.
მუხლი 12 – ინფორმაციის მიწოდება
...
5. საჯარო მოხელე ვალდებულია სათანადო ორგანოებს მიაწოდოს ნებისმიერი მტკიცებულება ან მოახსენოს საჯარო სამსახურთან დაკავშირებული სავარაუდო უკანონო ან კრიმინალური საქმიანობის ის ეჭვი, რომლის შესახებაც მან შეიტყო მისი სამსახურის დროს ან შედეგად. აღნიშნული ფაქტების შესახებ გამოძიება ჩატარდება კომპეტენტური ორგანოების მიერ.
6. სახელმწიფო დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს, რომ იმ საჯარო პირს, რომელიც კეთილსინდისიერად და გონივრულ საფუძველზე წარმოადგენს ინფორმაციას ნებისმიერი ზემოთხსენებული ფაქტის შესახებ, არ მიადგეს ზიანი.”
კანონმდებლობამომჩივანმა გაასაჩივრა, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლება სადაო წერილების Jurnal de Chişinău –თვის მიწოდების გამო წარმოადგენს მისი გამოხატვის თავისუფლების, კერძოდ კი მესამე პირებზე ინფორმაციისა და იდეების გავრცელების უფლების დარღვევას. კონვენციის მე-10 მუხლის მიხედვით:
“1. ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებაზე. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას ჰქონდეს მოსაზრებანი და მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები საჯარო ხელისუფლების ჩარევის გარეშე და საზღვრების მიუხედავად. ეს მუხლი არ შეუშლის ხელს სახელმწიფოებს მოითხოვონ ლიცენზირება მაუწყებლობის, ტელევიზიისა და კინოწარმოებისათვის.
2.ამ თავისუფლებათა განხორციელება, იმის გამო, რომ იგი მოიცავს ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ ფორმალობებს, პირობებს, შეზღუდვებს ან ჯარიმებს, რომლებიც დადგენილია კანონით და აუცილებობას წარმოადგენს დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი წესრიგის ინტერესებიდან გამომდინარე, უწესრიგობისა და დანაშაულის აღსაკვეთად, სხვათა რეპუცატიის ან უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლო ხელისუფლების უფლებამოსილებისა და მიუკერძოებლობის შესანარჩუნებლად.
I.საქმის მისაღებობა
ა.საჩივარი კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზეკონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე წარმოდგენილ თავდაპირველ საჩივარში მომჩივანი ასაჩივრებდა ეროვნული სასამართლოების უარს განეხილათ მის მიერ სამსახურში აღდგენის სამართალწარმოებისას წარმოდგენილი არგუმენტები. თუმცა, შემდგომ მიმოწერაში მან სთხოვა სასამართლოს არ განეგრძო მოცემული საჩივრის განხილვა. შესაბამისად, სასამართლო მას არ განიხილავს.
ბ.საჩივარი კონვენციის მე-10 მუხლის საფუძველზემთავრობას სადავოდ არ გაუხდია ბ-ნი მიშინის მიერ გენერალურ პროკურატურაში გაგზავნილი წერილის ნამდვილობა. თუმცა, მათ განაცხადეს, რომ მომჩივნის გამოხატვის თავისუფლების უფლებაში ჩარევას ადგილი არ ჰქონია, რადგანაც იგი არ გახლდათ იმ სტატიების ავტორი, რომელიც დაიბეჭდა გაზეთში Jurnal de Chişinău და არ გათავისუფლებულა სამსახურიდან მისი გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისას, არამედ დათხოვნილ იქნა გენერალური პროკურატურის შიდა რეგულაციების დარღვევის გამო. მთავრობა აცხადებდა, რომ რადგან მომჩივანი რეალურად ჩიოდა მის სამუშაო უფლებებთან დაკავშირებით, მე-10 მუხლი არ გამოიყენებოდა.მომჩივანი ამტკიცებდა, რომ მოცემულ საქმეში მე-10 მუხლი გამოიყენებოდა მიუხედავად იმისა, იყო თუ არა იგი ავტორი იმ სტატიებისა, რომელიც გაიგზავნა გაზეთში. ეყრდნობოდა რა საქმეებს Thoma v. Luxembourg (no. 38432/97, ECHR 2001‑III) და Jersild v. Denmark (გადაწყვეტილება, 1994 წლის 23 სექტემბერი, Series A no. 298), მან მიუთითა, რომ სასამართლოს უკვე დადგენილი ჰქონდა, რომ გამოხატვის თავისუფლება ასევე მოიცავდა უფლებას გაევრცელებინა მესამე პირთაგან მიღებული ინფორმაცია.სასამართლო ადასტურებს, რომ მე-10 მუხლით დაცვა ზოგადად ვრცელდება სამუშაო ადგილზე და კონკრეტულად მოიცავს საჯარო მოხელეებს Vogt v. Germany, 1995 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება, Series A no. 323, § 53; Wille v. Liechtenstein [GC], no. 28396/95, § 41, E ECHR 1999‑VII; Ahmed and Others v. the United Kingdom, 1998 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილება, Reports of Judgments and Decisions 1998‑VI, § 56; და Fuentes Bobo v. Spain, no. 39293/98, § 38, 29 თებერვალი 2000).მომჩივანმა გააგზავნა წერილები გაზეთში, რომელმაც შემდგომ გამოაქვეყნა ისინი. იმის გათვალისწინებით, რომ მე-10 მუხლი მოიცავს ინფორმაციის გავრცელების თავისუფლებას და რადგანაც მომჩივანი სამსახურიდან გაათავისუფლეს წერილების პუბლიკაციაში ჩართულობის გამო, სასამართლო უარს აცხადებს დააკმაყოფილოს მთავრობის პირველადი პრეტენზია.სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნის მიერ კონვენციის მე-10 მუხლზე დაფუძნებული საჩივარი წარმოშობს როგორც ფაქტობრივ ისე სამართლებრივ შეკითხვებს, რომელიც საკმარისად მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მათი განსაზღვრა დამოკიდებულ იქნას საქმის არსებითი მხარის განხილვაზე; ამასთანავე ვერ იქნა დადგენილი მათი მიუღებლად გამოცხადების სხვა საფუძველი. შესაბამისად, სასამართლო ამ საჩივარს მისაღებად აცხადებს. 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენების შესახებ მისი გადაწყვეტილების შესაბამისად (იხ.ზემოთხსენებული მე-4 ნაწილი), სასამართლო განიხილავს ამ საჩივრების არსებით მხარეს.
II.საქმის არსებითი მხარე
ა.ჰქონდა თუ არა ადგილი ჩარევასზემოთმოცემულ 53-ე პარაგრაფში სასამართლომ დაადგინა, რომ მოცემულ საქმეში გამოიყენება მე-10 მუხლი. იგი შემდგომ აღნიშნავს, რომ წერილების გასაჯაროების გამო მომჩივნის სამსახურიდან გათავისუფლება წარმოადგენდა “საჯარო ხელისუფლების ჩარევას” მოცემული მუხლის პირველ პუნქტში განმტკიცებული გამოხატვის თავისუფლების უფლების განხორციელებაში.ამგვარი ჩარევა წარმოადგენს მე-10 მუხლის დარღვევას გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი იყო “კანონით დადგენილი” და ემსახურებოდა მუხლის მეორე პუნქტში ჩამოთვლილ ერთ ან რამდენიმე ლეგიტიმურ მიზანს და გახლდათ “აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში” დადგენილი მიზნების მისაღწევად.
ბ. იყო თუ არა ჩარევა “კანონით დადგენილი”თავდაპირველ არგუმენტებში, მომჩივანი ამტკიცებდა, რომ ჩარევა არ იყო კანონით დადგენილი, რადგანაც კანონი რომელსაც ეყრდნობოდნენ ეროვნული ორგანოები არ იყო საკმარისად განჭვრეტადი. თუმცა, შემდგომ ზეპირ გამოსვლებში მან აღარ განავითარა მტკიცების აღნიშნული ხაზი.სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანი გაათავისუფლეს შრომის კოდექსის 264/1 მუხლის საფუძველზე, გენერალური პროკურატურის პრესის დეპარტამენტის შიდა რეგულაციის 1.4 და 4.11 პუნქტების დარღვევის გამო (იხ. ზემოთმოცემული პარაგრაფი 31). იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს სასამართლოს წინაშე შემდგომ აღარ უდავიათ ამ საკითხზე, სასამართლო განაგრძობს განხილვას იმის დაშვებით, რომ შიდა რეგულაციების 1.4 და 4.11 პუნქტები აკმაყოფილებდა მოთხოვნას, რომლითაც ჩარევა უნდა იყოს “კანონით დადგენილი”.
გ. ისახავდა თუ არა ჩარევა კანონიერ მიზანსმომჩივანი დაობდა, რომ ჩარევა არ ემსახურებოდა კანონიერ მიზანს. მთავრობამ აღნიშნა, რომ მოცემულ საქმეში დასახული კანონიერი მიზნები გახლდათ სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტის შენარჩუნება, დანაშაულის პრევენცია და სხვათა რეპუტაციის დაცვა. სასამართლო, თავის მხრივ, მზად არის მიიჩნიოს, რომ წინამდებარე საქმეში კანონიერ მიზანს წარმოადგენდა კონფიდენციალურად მიღებული ინფორმაციის გასაჯაროებისაგან დაცვა. ამგვარი გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო მნიშნველოვნად მიიჩნევს, რომ გათავისუფლებისას მომჩივანმა უარი განაცხადა გაემხილა მისი ინფორმაციის წყარო, რაც მიუთითებს იმაზე რომ ინფორმაცია არ იყო იოლად ან საჯაროდ ხელმისაწვდომი (იხ. Haseldine v. the United Kingdom, no. 18957/91, კომისიის გადაწყვეტილება, 1992 წლის 13 მაისი, Decisions and Reports (DR)73 ). სასამართლომ შესაბამისად უნდა განიხილოს, იყო თუ არა ჩარევა აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში, კერძოდ კი, იყო თუ არა დაცული პროპორციულობის პრინციპი ჩარევასა და მისაღწევ მიზანს შორის.
დ. იყო თუ არა ჩარევა საჭირო დემოკრატიულ საზოგადოებაში
1.მხარეთა არგუმენტები
(ა)მომჩივანიმომჩივნის მიხედვით, წერილების გასაჯაროება უნდა განიხილოს როგორც უკანონო საქციელზე მინიშნება (whistle-blowing).მან პირველ რიგში აღნიშნა, რომ იგი მოქმედებდა კეთილსინდისიერად და რომ როდესაც მან წერილები გადასცა გაზეთს, იგი დარწმუნებული გახლდათ - მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ეხებოდა პარლამენტის სპიკერის მოადგილის მიერ ჩადენილ სერიოზულ დანაშაულს. გასაჯაროების ერთადერთი მიზანი გახლდათ კორუფციასა და ზეგავლენით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება. იგი არ ეთანხმებოდა, რომ ბ-ნი მიშინის დანართი წერილი მიზნად ისახავდა პოლიციის ოფიცრების წერილების უბრალო გადაგზავნას გენერალურ პროკურატურაში პეტიციის აქტის შესაბამისად (იხ. ზემოთ პარაგრაფი 38) და არ იზიარებდა პოზიციას, რომ ბ-ნი მიშინის ქმედება შეესაბამებოდა პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ აქტის 22-ე და 23-ე მუხლებს (იხ. ზემოთ პარაგრაფი 39). იგი ასევე აღნიშნავდა რომ წერილები არ წარმოადგენდა სისხლისსამართლებრივი საქმის ნაწილს.
მომჩივანი დავობდა, რომ იმის გათვალისწინებით თუ როგორ ინიშნებოდა გენერალური პროკურორი და მისი მოადგილეები და პარლამენტში კომუნისტური პარტიის წამყვანი პოზიციის გათვალისწინებით, საზოგადოება მიიჩნევდა, რომ გენერალური პროკურატურა პარლამენტის ძლიერი გავლენის ქვეშ იყო მოქცეული. გენერალური პროკურატურის დამოუკიდებლობა გარანტირებული იყო მხოლოდ თეორიულად და არა პრაქტიკულად. მომჩივნის მიხედვით, პარლამენტის სურვილის მიხედვით გენერალური პროკურორი შეიძლება გათავისუფლებულიყო ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. 2002-2003 წლებში, ოცდაათზე მეტი პროკურორი, რომელიც კომუნისტური პარტიისადმი ლოიალურად არ იყო განწყობილი გათავისუფლებულ იქნა დაკავებული პოზიციებიდან. მეტიც, ბ-ნი მიშინი გახლდათ მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის სპიკერის მოადგილე, ადამიანი, რომელიც ითვლებოდა, რომ სისტემატურად იყენებდა მისი თანამდებობის გავლენას სასამართლო წარმოებაზე.
მომჩივანმა დასძინა, რომ ბ-ნი მიშინს წერილის ტონი უდავოდ მიუთითებდა, რომ მის ავტორს გადაწყვეტილი ჰქონდა ზეგავლენა მოეხდინა პოლიციის ოთხი ოფიცრის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი საქმის განხილვის შედეგზე. ამგვარი ქმედება წარმოადგენდა სისხლის სამართლის კოდექსის 190/1 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს (იხ. ზემოთ პარაგრაფი 33). მომჩივანმა ასევე აღნიშნა, რომ მოცემული წერილების მიღების შემდეგ, გენერალურმა პროკურორმა გასცა ბრძანება ხელახლა გახსნილიყო გამოძიება და მალევე სისხლისსამართლებრივი საქმე შეწყვეტილ იქნა. მომჩივნის მიხედვით, ის ფაქტი, რომ პოლიციის ოთხმა ოფიცერმა გადაწყვიტა მიემართათ სახელმწიფოს უმაღლეს ჩინოსანთათვის რათა გამოეძიებინათ მათ წინააღმდეგ მიმდინარე საქმის კანონიერება, მიუთითებს იმაზე, რომ მოლდოვის რესპუბლიკაში დამკვიდრებულია პრაქტიკა, რომელიც ეწინააღმდეგება ხელისუფლების გადანაწილების პრინციპს. საეჭვოა არ სცოდნოდათ წერილის ავტორებს, რომ მათი თხოვნის ადრესატები არ წარმოადგენდნენ სასამართლო ხელიუფლების განმახორციელებელ პირებს.
შესაბამისად, მომჩივანი მიიჩნევს, რომ მის მიერ გასაჯაროებული ინფორმაცია წარმოადგენდა საზოგადოების მნიშვნელოვანი ინტერესის სფეროს.ინფორმაციის გასაჯაროებისათვის მას არ გააჩნდა არანაირი ალტერნატივა თუ არა გაზეთისათვის მიმართვა. იმის გამო, რომ მოლდოვაში არ არსებობდა უკანონო საქციელზე მინიშნების (whistle-blowing) მარეგულირებელი კანონმდებლობა, დაქირავებული პირებისათვის არც სამუშაო ადგილას მიმდინარე უკანონობის გასაჯაროების დგენილი პროცედურა იყო განსაზღვრული. უშედეგო იქნებოდა პრობლემის გენერალურ პროკურორთან განხილვა, რადგანაც ეს უკანასკნელი არ იყო საკმარისად დამოუკიდებელი. მიუხედავად იმისა, რომ მან იცოდა ბ-ნი მიშინის წერილის არსებობის შესახებ უკვე დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში, როგორც ჩანს იგი მალავდა მის არსებობას და ამასთანავე, ემორჩილებოდა მის პირობებს. საგაზეთი სტატიების გამოქვეყნების შემდეგ (იხ. ზემოთ პარაგრაფები 15 და 29), გენერალური პროკურორის უარი დაეწყო ბ-ნი მიშინის წინააღმდეგ გამოძიება აძლიერებს ხედვას, რომ პროკურატურაში ინფორმაციის გამხელა უშედეგო იქნებოდა. მეტიც, ზემდგომებთან გამჟღავნების შემთხვევაში, მომჩივანს ჰქონდა საფუძვლიანი ეჭვი მტკიცებულების დამალვის ან განადგურების შესახებ.
მომჩივანმა ასევე აღნიშნა, რომ გონივრული ვერ იქნებოდა პარლამენტისადმი მიმართვა, რადგან მისი 101 წევრიდან 71 წარმოადგენს მმართველ კომუნისტურ პარტიას და რომ არ არსებობდა პრეცედენტი, აღნიშნული პარტიის წარმომადგენელი პარლამენტის წევრი პასუხისმგებლობაში მიცემულიყო დანაშაულის ჩადენისათვის. მეტიც, 2001 წლიდან 2004 წლამდე ოპოზიციის არც ერთი ინიციატივა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა მმართველი პარტიის ინტერესს, პარლამენტში წარმატებით არ დასრულებულა.მომჩივანმა ასევე იჩივლა მასზე დაკისრებული სანქციის სიმკაცრის თაობაზე და აღნიშნა, რომ შესაძლო სასჯელებიდან ეს უკანასკნელი ყველაზე მკაცრი გახლდათ.
(ბ)მთავრობამთავრობის აზრით მოცემული ინფორმაციის გასაჯაროება არ წარმოადგენდა უკანონო საქციელზე მინიშნებას (whistle-blowing).მათ აღნიშნეს, რომ წერილები შიდა დოკუმენტებს წარმოადგენდა, რომელზეც მომჩივანს ხელი არ მიუწვდებდა მისი ფუნქციების გამო. მან, შესაბამისად, “მოიპარა” მოცემული დოკუმენტები. მეტიც, მომჩივნის მიერ გასაჯაროებული წერილები კონფიდენციალური იყო და წარმოადგენდა სისხლისსამართლებრივი საქმის ნაწილს. სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, დაუშვებელია სისხლისსამართლებრივი საქმის მასალების გასაჯაროება გამოძიების მაწარმოებელი პირის ავტორიზაციის გარეშე (იხ. ზემოთ პარაგრაფი 35).
საეჭვოა მომჩივნის კეთილსინდისიერებაც, რადგან ბ-ნი მიშინის მიერ დაწერილი წერილი არ შეიძლება განვიხილოთ გენერალურ პროკურორზე ზეწოლად. ფრაზა “გთხოვთ, პირადად ჩაერთოთ ამ საქმეში და მოაგვაროთ იგი კანონის სრული დაცვით” წარმოადგენს სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებს შორის კომუნიკაციის ნორმალურ და კანონის შესაბამის ფორმას. პოლიციის ოთხი ოფიცრისაგან მიღებული წერილი ბ-ნმა მიშინმა უბრალოდ გადასცა კომპეტენტურ ორგანოს – გენერალურ პროკურატურას – პეტიციის აქტის (იხ. ზემოთ პარაგრაფი 38) და პარლამენტის წევრის სტატუსის აქტის (იხ. ზემოთ პარაგრაფი 39) შესაბამისად. ამ უკანასკნელი აქტის მიხედვით, პარლამენტის წევრს აქვს უფლება, inter alia,განიხილოს მოქალაქეთაგან მიღებული პეტიციები, გადასცეს ისინი კომპეტენტურ ორგანოებს, მიიღოს მონაწილეობა მათ განხილვაში და მონიტორინგი გაუწიოს კანონთან მათ შესაბამისობას.
ბ-ნი მიშინის წერილსა და პოლიციის ოთხი ოფიცრის მიმართ აღძრული საქმის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას შორის არ არსებობს არანაირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. მთავრობის მიხედვით, გენერალური პროკურატურა წარმოადგენდა მართლაც დამოუკიდებელ ორგანოს, რომლის დამოუკიდებლობაც გარანტირებულია მოლდოვის კონსტიტუციითა და კანონებით (იხ. ზემოთ პარაგრაფები 36 და 40).
ამასთანავე, მომჩივანს ეროვნული სასამართლოების წინაშე არ წარმოუდგენია მისი ქმედებების იგივე არგუმენტები რაც მან წარმოადგინა მის დამქირავებელთან (იხ. ზემოთ პარაგრაფები 18 და 20). მთავრობის აზრით აღნიშნული სწორედ რომ ასახავს კეთილსინდისიერების ნაკლებობას და ადასტურებს, რომ გამჟღავნების მიღმა რეალური მოტივი გახლავთ არა კორუფციასთან ბრძოლა, არამედ საქმეში ჩართულ პირთა შერცხვენა.იმის გათვალისწინებით, რომ ბ-ნი მიშინი არ ცდილობდა ზეწოლა განეხორციელებინა გენერალურ პროკურორზე, წერილში არსებული ინფორმაცია არ შეიძლება წარმოადგენდეს საზოგადოების ინტერესის საგანს.ამასთანავე, მომჩივანს არ გაუმჟღავნებია ინფორმაცია კომპეტენტური ორგანოსათვის და იმოქმედა ნაჩქარევად. ინფორმაცია არ ეხებოდა სასწრაფო ან გამოუსწორებელ ზიანს სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან გარემოს წინააღმდეგ. მომჩივანი უფლებამოსილი იყო ინფორმაცია გაეჟღერებინა გარეშე პირთათვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი შეუძლებელი იყო მისი შიგნით გაცემა. ნებისმიერი ამგვარი გასაჯაროება უნდა მომხდარიყო, პირველ რიგში გენერალური პროკურატურის ზედა ეშელონებში და შემდეგ პარლამენტში (მათ შრის საპარლამენტო კომისიებში, ფრაქციებსა და ოპოციზიაში) და არა წასულიყო პირდაპირ პრესაში.
საკუთარი პოზიციის გასამყარებლად, მთავრობამ სასამართლოს წარუდგინა მოქალაქეების მიერ პარლამენტში წარდგენილი რამდენიმე საჩივრის ახლი, რომელიც ეხებოდა სავარაუდო უკანონობას დასაქმებისა და სხვა საკითხებში. პარლამენტმა, მისი შემდგომი ჩარევის გარეშე, ყველა საჩივარი გადასცა კომპეტენტურ ორგანოებს, მათ შორის გენერალურ პროკურატურას და მაგისტრატთა უზენაეს საბჭოს.
მთავრობა აღნიშნავდა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ოცდაერთი შტატი არ აწესებდა დაცვას მედიაში ინფორმაციის მიწოდების შემთხვევებში, მაშინ როდესაც გაერთიანებულ სამეფოში უკანონო საქციელზე მინიშნების გასაჯაროების შემთხვევაში დაცვა უკიდურესად იშვიათად და მკაცრად განსაზღვრულ ვითარებაში ხორციელდება.საჯარო მოხელეთა ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობების ბუნების გათვალისწინებით, მათი გამოხატვის თავისუფლების უფლებაში ჩარევისას სახელმწიფოს მიერ შეფასების ზღვარი საკმაოდ ფართოა. დასასრულს მთავრობამ, აღნიშნა, რომ სასჯელის სიმკაცრე სრულად შეესაბამებოდა მომჩივნის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმეს.
2.საამართლო შეფასება
(ა)საქმეში გამოყენებადი ზოგადი პრინციპებიმთავარ განსახილველ საკითხს წარმოადგენს იმის დადგენა, თუ რამდენად იყო ჩარევა “საჭირო დემოკრატიულ საზოგადოებაში”. ამ მხრივ ფუნდამენტური პრინციპები მყარადაა დადგენილი სასამართლო პრაქტიკაში და შესაძლებელია შემდეგგვარად შეჯერდეს (იხ. სხვა მრავალს შორის, Jersild v. Denmark, ციტირებული ზემოთ, გვ. 23, § 31; Hertel v. Switzerland, გადაწყვეტილება 25 აგვისტო 1998, Reports 1998 VI, გვ. 2329-30, § 46; და Steel and Morris v. the United Kingdom, no. 68416/01, § 87, ECHR 2005 II):
“(i) გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საფუძველს და გახლავთ პროგრესისა და ყოველი ინდივიდის პიროვნული ზრდის ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობა. მე-10 მუხლის მე-2 პარაგრაფის მიხედვით, იგი გამოიყენება არა მარტო იმ “ინფორმაციასა” და “იდეებზე”, რომელიც ითვლება სასურველად, მისაღებად ან ინდიფერენტულად, არამედ მოიცავს შეურაცმყოფელ, თავზარდამცემ და შემაშფოთებელ ინფორმაციასაც. ამგვარია პლურალიზმის, ტოლერანტობისა და გახსნილობის მოთხოვნა, რომლის გარეშეც არ არსებობს “დემოკრატიული საზოგადოება”. მე-10 მუხლის მიხედვით, აღნიშნული თავისუფლება ექემდებარება გარკვეულ შეზღუდვებს, რომელიც ... უნდა განვიხილოთ მკაცრად და ნებისმიერი შეზღუდვის საჭიროება უნდა დადგინდეს დასაბუთების შედეგად...
(ii) ზედსართავი სახელი “აუცილებელი” მე-10 მუხლის მე-2 პარაგრაფის მიხედვით მოიცავს “მწველი სოციალური საჭიროების” არსებობას. ხელშემკვრელი სახელმწიფოები სარგებლობენ შეფასების გარკვეული ზღვარით იმის დადგენისას, სახეზეა თუ არა ამგვარი აუცილებლობა; თუმცა, მათი შეფასება ხვდება ევროპული ზედამხედველობის ქვეშ, რომელიც ვრცელდება როგორც კანონმდებლობაზე, ისე მასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებზე, მათ შორის დამოუკიდებელი სასამართლოების მიერ მიღებულზეც. შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია მიიღოს საბოლოო გადაწყვეტლება იმაზე, თუ რამდენად არის “შეზღუდვა” თავსებადი მე-10 მუხლით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლებასთან.
(iii) საზედამხედველო იურისდიქციის განხორციელებისას, სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს არა ეროვნული კომპეტენტური ორგანოების ადგილის დაკავება, არამედ მათ მიერ შეფასების უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების განხილვა. აღნიშნული არ გულისხმობს, რომ ზედამხედველობა იფარგლება იმის დადგენით, თუ რამდენად გონივრულად, გულდასმითა და კეთილსინდისიერად გამოიყენა მოპასუხე სახელმწიფომ მისი დისკრეციული უფლებამოსილება; სასამართლოს ვალდებულებაა გადახედოს სრული საქმის კონტექსტიდან გამომდინარე გასაჩივრებულ ჩარევას და დაადგინოს, თუ რამდენად იყო ჩარევა “დასახული კანონიერი მიზნის პროპორციული”, თუ რამდენად არის ეროვნული ორგანოების მიერ მითითებული გამამართლებელი მიზეზები “რელევანტური და საკმარისი”... ამგვარად მოქმედებისას, სასამართლომ უნდა დაადასტუროს, რომ ეროვნულმა ორგანოებმა გამოიყენეს მე-10 მუხლში განმტკიცებული პრინციპების შესაბამისი სტანდარტები და, ამასთანავე, რომ ისინი ეფუძნებოდნენ ფაქტების მისაღებ შეფასებას...”სასამართლო კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ მე-10 მუხლი ვრცელდება სამუშაო ადგილზეც და რომ საჯარო მოხელეები, მაგალითად მომჩივანი, სარგებლობენ გამოხატვის თავისუფლებით (იხ. ზემოთ პარაგრაფი 52). ამასთანავე, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაქირავებული პირები დამქირავებელთან უნდა იყვნენ ლოიალურები, თავშეკავებულნი და წინდახედულნი. ამგვარი მოთხოვნა განსაკუთრებით ვრცელდება საჯარო მოხელეებზე, რადგანაც საჯარო სამსახური, თავისი არსით საჭიროებს საჯარო მოხელის ლოიალურობასა და წინდახედულობას (იხ. Vogt v. Germany, ციტირებული ზემოთ, § 53; Ahmed and Others v. the United Kingdom, ციტირებული ზემოთ, § 55; და De Diego Nafría v. Spain, no. 46833/99, § 37, 14 მარტი 2002).იმის გათვალისწინებით, რომ საჯარო მოსამსახურე დემოკრატიულ საზოგადოებაში ვალდებულია დაეხმაროს მთავრობას მისი ფუნქციების გახორციელებაში და რადგანაც საზოგადოებას უფლება აქვს იმედოვნებდეს რომ ისინი დაეხმარებიან და ხელს არ შეუშლიან დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას, ლოიალურობისა და თავშეკავების ვალდებულება მათთვის დამატებით მნიშვნელობას იძენს (იხ.mutatis mutandis, Ahmed and Others v. the United Kingdom, ციტირებული ზემოთ, § 53). ამასთანავე, მათი სამსახურის ბუნებიდან გამომდინარე, საჯარო მოხელეებს შეიძლება ხშირად ხელი მიუწვდებოდეს იმ ინფორმაციაზე, რომელთა მიმართებაშიც მთავრობას, სხვადასხვა ლეგიტიმური მიზეზის გამო, შესაძლებელია ჰქონდეს კონფიდენციალურად ან საიდუმლოდ შენახვის ინტერესი. შესაბამისად, საჯარო მოხელეს ეკისრება წინდახედულობის ზოგადად ძლიერი ვალდებულება.დღემდე სასამართლოს არ განუხილავს საჯარო მოხელის მიერ შიდა ინფორმაციის გასაჯაროების შემთხვევა. აღნიშნულიდან გამომდინარე, წინამდებარე საქმემ შეიძლება წამოსწიოს ახალი თემა, რომელიც განსხვავდება Stoll v. Switzerland საქმიდან ([დპ] No 69698/01, 10 დეკემბერი 2007), სადაც გასაჯაროებას ადგილი ჰქონდა საჯარო მოხელის ჩარევის გარეშე. ამ მხრივ, სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო მოხელემ, სამსახურეობრივი საქმიანობის დროს, შესაძლებელია შეიტყოს შიდა ინფორმაცია, მათ შორის საიდუმლო ინფორმაციაც, რომლის გასაჯაროება ან პუბლიკაცია წარმოადგენს საზოგადოების დიდი ინტერესის საგანს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საჯარო მოხელის ან საჯარო სექტორის თანამშრომლის მიერ სამსახურში უკანონო ქმედების ან გადაცდომის ჩადენის შესახებ შეტყობინება, გარკვეულ პირობებში, უნდა სარგებლობდეს დაცვით. ამგვარი დაცვა შესაძლებელია საჭირო შეიქნას იმ შემთხვევებში, როდესაც თანამშრომელი ან საჯარო მოხელე წარმოადგენს ერთადერთ ან ვიწრო წრიდან ერთ-ერთ პირს, რომელმაც იცის თუ რა ხდება სამსახურში და შესაბამისად ხვდება ხელსაყრელ ვითარებაში რათა იმოქმედოს საზოგადოების ინტერესების შესაბამად და საეჭვო ფაქტს მიაპყროს დამქირავებლის ან ზოგადად საზოგადოების ყურადღება. მოცემულ კონტექსტში სასამართლო ითვალისწინებს ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ სამოქალაქო სამართლის კონვენციის განმარტებით ანგარიშს (იხ. ზემოთ პარაგრაფი 46):
“კორუფციული შემთხვევების აღმოჩენა და გამოძიება პრაქტიკაში საკმაოდ რთულია. ხშირად კორუფციაში ჩართული პირის თანამშრომლები და კოლეგები (საჯარო თუ კერძო) არიან პირველნი ვინც აღმოაჩენენ ან იეჭვებენ, რომ ვითარება არ არის იმგვარი, როგორც უნდა იყოს.”ზემოთხსენებული წინდახედულობის გათვალისწინებით, ინფორმაცია პირველ რიგში გამხელილ უნდა იქნას მოცემული პირის ზემდგომთან ან სხვა კომპეტენტურ პირთან ან ორგანოსთან. მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ამგვარი ქმედება აშკარად შეუძლებელია, უკანასკნელ ზომად დასაშვებია ინფორმაციის საზოგადოებისათვის მიწოდება (იხ.mutatis mutandis, Haseldine, ციტირებული ზემოთ). იმის შეფასებისას თუ რამდენად იყო გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა პროპორციული, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს იყო თუ არა მომჩივნისათვის ხელმისაწვდომი სხვა ეფექტური გზა, რათა გამოესწორებინა გასაჟღერებელი უკანონობა.საჯარო მოხელის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის პროპორციულობის დასადგენად სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს რამდენიმე სხვა ფაქტორიც. პირველ რიგში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ საზოგადოების ინტერესს გასაჯაროებული ინფორმაციის მიმართ. სასამართლო ხაზს უსვამს, რომ კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საჯარო ინტერესის მომცველი თემების განხილვაზე შეზღუდვის მცირე მარჟაა დადგენილი (იხ., სხვა მრავალს შორის, Sürek v. Turkey (no. 1) [GC], no. 26682/95, § 61, ECHR 1999-IV). დემოკრატიულ სისტემაში მთავრობის მოქმედება ან უმოქმედობა კრიტიკულად უნდა იხილებოდეს არა მხოლოდ საკანონმდებლო და სასამართლო ხელისფლების, არამედ მედიის და საზოგადოების აზრის მიერაც. საზოგადოების ინტერესი გარკვეული ინფორმაციის მიმართ შეიძლება იმდენად დიდი იყოს, რომ გადაწონოს კანონიერად დადგენილი კონფიდენციალურობის ვალდებულება (იხ.Fressoz and Roire v. France [GC], no. 29183/95, ECHR 1999‑I; და Radio Twist, A.S. v. Slovakia, no. 62202/00, ECHR 2006‑...).მეორე დამაბალანსებელი ფაქტორი გახლავთ გასაჯაროებული ინფორმაციის ნამდვილობა. შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები უფლებამოსილნი არიან მიიღონ სათანადო ზომები და მოახდინონ შესაბამისი და გადაუჭარბებელი რეაგირება ცილისმწამებლურ ბრალდებებზე, რომლებსაც არ გააჩნიათ საფუძველი ან არაკეთილსინდისიერად არიან ფორმულირებული (იხ. Castells v. Spain, 1992 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება, Series A no. 236, § 46). ამასთანავე, გამოხატვის თავისუფლება მოიცავს ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს და ინფორმაციის გამცემმა ნებისმიერმა პირმა, მის ხელთ არსებული პირობების გათვალისწინებით, უნდა ყურადღებით დაადასტუროს რომ ინფორმაცია ზუსტი და სანდოა (იხ. mutatis mutandis, Morissens v. Belgium, no. 11389/85, კომისიის 1988 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება, DR 56, გვ. 127; და Bladet Tromsø and Stensaas v. Norway [GC], no. 21980/93, § 65, ECHR 1999 III ).მეორეს მხრივ, სასამართლომ უნდა აწონ-დაწონოს ის ზიანი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომელიც მიადგა საჯარო დაწესებულებას აღნიშნული ინფორმაციის გაჟღერებით და შეაფასოს მიყენებული ზიანი გადაწონის თუ არა იმ სარგებელს რაც საზოგადოებამ მიიღო გაჟღერებული ინფორმაციით (იხ.,mutatis mutandis, Hadjianastassiou v. Greece, 1992 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება, Series A no. 252, § 45; და Stoll v. Switzerland, ციტირებული ზემოთ, § 130). ამ მხრივ, შესაძლებელია მნიშნველოვანი იყოს გასაჯაროებული ინფორმაციის შინაარსი და ადმინისტრაციული ორგანოს ტიპი (იხ., Haseldine, ციტირებული ზემოთ).ინფორმაციის გამცემი თანამშრომლის ქმედების მოტივი კიდევ ერთი ფაქტორია იმის გადასაწყვეტად დაცული უნდა იყოს გასაჯაროება თუ არა. მაგალითად პირადი უკმაყოფილება, დაპირისპირება ან პიროვნული სარგებლის მოლოდინი, მათ შორის ფინანსურისაც, ვერ იქნება დაცვის მაღალი ხარისხის გამამართლებელი საფუძველი (იხ., Haseldine, ციტირებული ზემოთ). მნიშნველოვანია იმის დადგენა, რომ გამჟღავნების ჟამს, ინდივიდი მოქმედებდა კეთილსინდისიერად, სჯეროდა, რომ ინფორმაცია იყო მართალი, მიაჩნდა, რომ საზოგადოების ინტერესებში იყო მისი გამჟღავნება და რომ მის ხელთ არ არსებობდა სხვა, უფრო კეთილგონიერი საშუალება უკანონობის გამოსასწორებლად.და ბოლოს, ჩარევისა და კანონიერი მიზნის პროპორციულობის დასადგენად, ყურადღებით უნდა იქნას შესწავლილი მომჩივანზე დაკისრებული სასჯელი და მისი შედეგები (იხ. Fuentes Bobo, ციტირებული ზემოთ, § 49).სასამართლო შეუდგება ფაქტების გაანალიზებას ზემოთჩამოთვლილ პრინციპებზე დაყრდნობით.
(ბ)ზემოთხსენებულ პრინციპთა გამოყენება მოცემულ საქმეში
(i)გააჩნდა თუ არა მომჩივანს ინფორმაციის გახმაურების ალტერნატიული გზამომჩივანი დავობდა, რომ მას ხელი არ მიუწვდებოდა ინფორმაციის გამჟღავნების ალტერნატიულ ეფექტურ საშუალებაზე. მთავრობა კი საპირისპიროს მიუთითებდა და აღნიშნავდა, რომ მომჩივანს შეეძლო საკითხის წამოწევა, პირველ რიგში ზემდგომ პირებთან, შემდეგ კი პარლამენტში ან საჭიროების შემთხვევაში, ომბუდსმენთან.სასამართლო აღნიშნავს, რომ არც მოლდოვას კანონმდებლობა და არც გენერალური პროკურატურის შიდა რეგულაციები არ გასაზღვრავენ დარღვევების შესახებ ინფორმაციის გაცემის პროცედურას (იხ. ზემოთ პარაგრაფი 32). შესაბამისად, როგორც ჩანს მომჩივნის ზემდგომი პირების გარდა, არ არსებობდა სხვა ორგანო სადაც მომჩივანს შეეძლო შეეტყობინებინა მისი წუხილის შესახებ და არც პროცედურა გახლდათ გაწერილი ამგვარი შემთხვევების გასაჟღერებლად.როგორც საქმის მასალებიდან იკვეთება, გამხელილი ინფორმაცია ეხებოდა პარლამენტის სპიკერის მოადგილეს, რომელიც წარმოადგენდა მაღალჩინოსან პირს; მიუხედავად იმისა, რომ გენერალურმა პროკურორმა ექვსი თვის განმავლობაში იცოდა აღნიშნული ვითარების შესახებ, მას არ გაუმჟღავნებია არანაირი ნიშანი იმისა, რომ მიზნად ჰქონდა დასახული მასზე პასუხის გაცემა, არამედ, პირიქით - ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ იგი დაემორჩილა მის უწყებაზე განხორციელებულ ზეწოლას.მთავრობის მიერ შემოთავაზებული გამჟღავნების ალტერნატიულ საშუალებებთან დაკავშირებით (იხ. ზემოთ, პარაგრაფი 67), სასამართლო მიიჩნევს, რომ მას არ მიუღია დამაკმაყოფილებელი მტკიცებულება მომჩივნის პოზიციის საპირწონედ, რომ ვერც ერთი შემოთავაზებული ალტერნატივა ვერ იქნებოდა ეფექტური საქმის განსაკუთრებული გარემოებების გათვალისწინებით.აღნიშნულზე დაყრდნობით, სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე საქმეში არსებული ინფორმაციის გარე გამჟღავნება, თვით გაზეთშიც კი, გამართლებულია.
(ii) საზოგადოების ინტერესი გამჟღავნებული ინფორმაციის მიმართმომჩივანი ამტკიცებდა, რომ ბ-ნი მიშინის თანმხლები წერილი წარმოადგენდა სამართლის ადმინისტრირებაში პოლიტიკურ ჩარევას. მთავრობა არ დაეთანხმა მომჩივანს.სასამართლო აღნიშნავს, რომ პოლიციის ოფიცრების წერილი სთხოვდა ბ-ნ მიშინს დაედგინა მათ წინააღმდეგ გენერალური პროკურატურის მიერ განხორციელებული დევნის კანონიერება (იხ. ზემოთ, პარაგრაფი 10). პასუხად, ბ-ნმა მიშინმა წერილი მიწერა გენერალურ პროკურორს. მთავრობამ აღნიშნა, რომ ბ-ნი მიშინის ქმედებები შეესაბამებოდა, inter alia, პარლამენტის წევრის სტატუსის აქტს. აღნიშნულ ვითარებაში სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს ხაზი გაუსვას, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში როგორც სასამართლო ისევე საგამოძიებო ორგანოები უნდა იყვნენ პოლიტიკური ზეწოლისაგან თავისუფალნი. პარლამენტის წევრის უფლებების განმსაზღვრელი ნებისმიერი კანონის განმარტება უნდა ეფუძნებოდეს აღნიშნულ პრინციპს.
ბ-ნი მიშინის მიერ გენერალური პროკურორისადმი გაგზავნილი წერილის განხილის შედეგად, სასამართლო ვერ დაეთანხმება მთავრობის პოზიციას, რომ ეს უკანასკნელი მიზნად ისახავდა მხოლოდ პოლიციის ოფიცრების წერილის გადაგზავნას შესაბამის ორგანოში (იხ. ზემოთ, პარაგრაფი 65). მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ წერილი შეიცავდა მოთხოვნას საქმე განხილულიყო “კანონის სრული დაცვით” (იხ. ზემოთ, პარაგრაფი 10), კონტექსტიდან გამომდინარე და ბ-ნი მიშინის ტონის გათვალისწინებით, არ არის გამორიცხული, რომ იგი მიზნად ისახავდა გენერალურ პროკურატურაზე ზეწოლას.არსებული ვითარების მიუხედავად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოლდოვის პრეზიდენტი ეწეოდა პოლიტიკოსების მართლმსაჯულებაში ჩარევის წინააღმდეგ კამპანიას და რომ მოლდოვის მედია ფართოდ აშუქებდა მოცემულ საკითხს (იხ. ზემოთ, პარაგრაფი 11). სასამართლო ასევე ითვალისწინებს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებს (იხ. ზემოთ, პარაგრაფი 40-42), რომლებიც გამოხატავდნენ წუხილს ხელისუფლების შტოებს შორის ძალაუფლების გადანაწილების შესახებ და ხაზს უსვამდნენ მოლდოვის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ნაკლებობას.აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნის მიერ გასაჯაროებული წერილები ეხებოდა ხელისუფლების გადანაწილებას, მაღალჩინოსანი პოლიტიკოსის არაჯეროვან საქციელსა და მთავრობის დამოკიდებულებას პოლიციის სისასტიკის მიმართ (იხ. ზემოთ, პარაგრაფები 10 და 14). ეჭვგარეშეა, რომ აღნიშნული თემები უკიდურესად მნიშვნელოვანია დემოკრატიულ საზოგადოებაში და საზოგადოებას გააჩნია მათ შესახებ ინფორმაციის მიღების ლეგიტიმური ინტერესი, და რომლებიც ამასთანავე ხვდებიან პოლიტიკური განხილვის ფარგლებში.
(iii)გასაჯაროებული ინფორმაციის სინამდვილემხარეები თანხმდებიან, რომ მომჩივნის მიერ Jurnal de Chişinău -თვის მიწოდებული წერილები ნამდვილი იყო (იხ. პარაგრაფი 26 ზემოთ).
(iv)გენერალური პროკურატურისადმი მიყენებული ზიანისასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო ინტერესები მოიცავენ სახელმწიფოს დევნის განმახორციელებელ ორგანოთა პოლიტიკურ ნეიტრალიტეტსა და დამოუკიდებლობისადმი ნდობის შენარჩუნებას (იხ.mutatis mutandis, Prager and Oberschlick v. Austria, 1995 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება, Series A no. 313, § 34). მომჩივნის მიერ გაზეთისათვის გაგზავნილი წერილები არ იყო გენერალური პროკურატურის მიერ დაწერილი, ამასთანავე, მთავრობის პოზიციის მიხედვით, ბ-ნი მიშინის წერილი წარმოადგენდა სახელმწიფო ორგანოებს შორის ჩვეულებრივ კომუნიკაციას, რომელსაც არ მოუხდენია ზეგავლენა გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებაზე შეეჩერებინა პოლიციის ოფიცრების წინააღმდეგ მიმდინარე საქმე. მიუხედავად ამისა, საგაზეთო სტატიაში მოყვანილმა დასკვნამ მასზედ, რომ გენერალური პროკურატურა მოექცა არაჯეროვანი ზეგავლენის ქვეშ, გამოიწვია მოცემული დაწესებულების დამოუკიდებლის ნდობისადმი ძლიერ უარყოფითი შედეგი.მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლო მიიჩნევს, რომ საზოგადოების ინტერესი ჰქონდეს ინფორმაცია პროკურატურაზე უკანონო ზეწოლასა და მასში მიმდინარე გადაცდომების შესახებ იმდენად მნიშვნელოვანია დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომ იგი გადაწონის გენერალური პროკურატურის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის შენარჩუნების ინტერესს. მოცემულ კონტექსტში სასამართლო იმეორებს, რომ საჯარო წუხილის მომცველი თემების ღია განხილვა არსებითია დემოკრატიისათვის და მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს აღნიშნულ თემებზე საზოგადოების წევრთა მიერ აზრის გამოხატვის დათრგუნვა (იხ. Barfod v. Denmark, 1989 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება, Series A no. 149, § 29).
(v)მოქმედებდა თუ არა მომჩივანი კეთილსინდისიერადმომჩივანი მიუთითებდა, რომ წერილების გასაჯაროების ერთადერთი მოტივი გახლდათ კორუფციასა და ზეგავლენით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა. აღნიშნული არ გასაჩივრებულა მისი დამქირავებლის მიერ. თუმცა, მეორეს მხრივ, მთავრობამ გამოთქვა ეჭვი მომჩივნის კეთილსინდისიერებაზე, მიუთითებდა რა, inter alia,რომ მას არ განუვითარებია აღნიშნული პოზიცია ეროვნული სასამართლოების წინაშე.სასამართლოს წინაშე არსებული მასალის საფუძველზე, სასამართლოს არ გააჩნია მიზეზი ჩათვალოს, რომ მომჩივანი მოქმედებდა პირადი სარგებლისათვის, განიცდიდა რაიმე სახის პერსონალურ უკმაყოფილებას დამქირავებლის ან ბ-ნი მიშინის მიმართ, ან რომ მის ქმედებებს განაპირობებდა რაიმე სხვა ფარული მიზანი. ის ფაქტი, რომ მომჩივანმა შიდა სასამართლოების წინაში არ გამოთქვა მისი არგუმენტი კორუფციასა და ზეგავლენით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, სასამართლოს აზრით არ არის გადამწყვეტი ფაქტორი, რადგანაც შიდა წარმოებისას მომჩივანი კონცენტრირებული იყო იმ არგუმენტების გაბათილებაზე, რომლის საფუძველზეც მოხდა მისი გათავისუფლება სამსახურიდან და არ ჩათვალა საჭიროდ ედავა იმ საკითხზე, რომელიც მის დამქირავებელს არ წამოუყენებია.შესაბამისად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მომჩივნის მოტივები შეესაბამებოდა მის მიერ აღნიშნულს და რომ იგი მოქმედებდა კეთილსინდისიერად.
(vi)სასჯელის სიმკაცრედა ბოლოს, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივანს დაეკისრა არსებულთაგან ყველაზე მკაცრი სანქცია. მაშინ როდესაც ხელისუფლებას ჰქონდა არჩევანი გამოეყენებინა ნაკლებად მკაცრი სასჯელი, მათ აირჩიეს მომჩივნის გათავისუფლება, რაც, უდავოდ, წარმოადგენს ძალიან მკაცრს ზომას (იხ. Vogt, ციტირებული ზემოთ, §60). მომჩივნის კარიერაზე აღნიშნულ სასჯელს ჰქონდა არა მარტო უარყოფითი შედეგი, არამედ მას ასევე შეიძლება ჰქონდეს ნეგატიური (chilling) ეფექტი პროკურატურის სხვა თანამშრომლებზე, შეუშლის რა ხელს მათ მიერ სხვა უკანონო ქმედების შესახებ ინფორმაციის მოწოდებას. მეტიც, მედიის მიერ მომჩივნის საქმის ფართოდ გაშუქების შედეგად, სასჯელს შესაძლოა ნეგატიური (chilling) გავლენა ჰქონდეს არა მარტო პროკურატურის, არამედ სხვა მრავალ საჯარო მოხელესა და თანამშრომელზე.სასამართლო აღნიშნავს, რომ მთავრობა დავობდა, რომ მომჩივანმა რეალურად “მოიპარა” წერილი, რომელიც მათ აზრით წარმოადგენდა საიდუმლო დოკუმენტს და იყო სისხლის სამართლის საქმის ნაწილი. მთავრობა ამასთანავე აცხადებდა, რომ ბ-ნი მიშინის წერილი არ ახორციელებდა უკანონო ზეწოლას გენერალურ პროკურორზე, არამედ გახლდათ ჩვეულებრივი კომუნიკაცია სახელმწიფო ორგანოებს შორის და არ იყო დაკავშირებული გადაწყვეტილებასთან შეწყვეტილიყო პოლიციის ოფიცრების წინააღმდეგ დევნა. ამგვარ პირობებში, სასამართლოს რთულად მიაჩნია ესოდენ მკაცრი სასჯელის გამართლება.
(გ) დასკვნავითვალისწინებთ რა საზოგადოებისათვის საინტერესო თემებზე გამოხატვის თავისუფლების უფლების მნიშვნელობას; საჯარო მოსამსახურეთა და სხვა თანამშრომელთა უფლებას ამხილონ მათ სამსახურში არსებული უკანონო ქმედება და გადაცდომა; დამქირავებლის მიმართ დაქირავებულთა ვალდებულებებს და პასუხისმგებლობებს და დამქირავებელთა უფლებას უხელმძღვანელონ საკუთარ პერსონალს; გავაანალიზეთ რა მოცემულ საქმეში ჩართული სხვადასხვა განსხვავებული ინტერესი, სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ მომჩივნის გამოხატვის თავისუფლების უფლებაში ჩარევა, კერძოდ კი მის უფლებაში გაავრცელოს ინფორმაცია, არ იყო “აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში”.
შესაბამისად, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევას.
III.კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
კონვენციის 41-ე მუხლის მიხედვით:
"თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია ან მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს მიაკუთვნებს სამართლიან დაკმაყოფილებას."
ა.ზიანიმომჩივანი ითხოვდა 15,000 ევროს მატერიალური და მორალური ზიანიათვის, რომელიც შემდეგგვარად იშლებოდა: 6,000 ევრო გათავისუფლების შემდეგ, უმუშევრობის დროს დაკარგული შემოსავლის სახით, 6,000 ევრო კარიერული პერსპექტივების დაკარგვის გამო და 3,000 ევრო მორალური ზიანისათვის. მთავრობა ასაჩივრებდა მოთხოვნას და მიუთითებდა, რომ მომჩივნის მოთხოვნა უსაფუძვლო და გადამეტებული იყო. სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივანმა განიცადა როგორც მატერიალური, ისე მორალური ზიანი სამსახურიდან გათავისუფლების შედეგად. სამართლიან საწყისებზე შეფასებისას, მომჩივანის მიაკუთვნებს 10,000 ევროს.
ბ. ხარჯები მომჩივნის წარმომადგენლები ითხოვდნენ წარმომადგენლობის ხარჯების 6,843 ევროს ოდენობით ანაზღაურებას, მათ შორის 4,400 ევრო ბ-ნ გრიბნიცას და 2,443 ევრო კი ბ-ნი ზამას ასანაზღაურებლად. მათ სასამართლოს წარუდგინეს ნამუშევარი დროის დეტალური აღნუსხვა და კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც მათი საათობრივი ანაზღაურება განისაზღვრებოდა 80 და 70 ევროთი. დროის დეტალური აღნუსხვა არ ეხებოდა საჩივარს მე-6 მუხლის მიხედვით, რომელზეც მომჩივანმა უარი განაცხადა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ მათ მიერ საქმეზე დახარჯული დრო არ იყო ზედმეტი და გამართლებული იყო მისი სირთულით და იმ ფაქტით, რომ სასამართლოსთან კორესპონდენცია წარმოებული იყო ინგლისურ ენაზე. რაც შეეხება საათობრივ ანაზღაურებას, მომჩივნის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ის ხვდებოდა მოლდოვის ადვოკატთა ასოციაციის მიერ რეკომენდებული ანაზღაურების ოდენობის ფარგლებში, რომელიც განისაზღვრებოდა 40-დან 150 ევრომდე ტარიფით. მომჩივნის წარმომადგენლებმა ასევე მოითხოვეს 2007 წლის 6 ივნისს გამართულ მოსმენასთან დაკავშირებული 2.413 ევროს ანაზღაურება, რომელიც მოიცავდა მგზავრობის, ვიზის, დაზღვევისა და ცხოვრების ხარჯებს. მთავრობამ სადავოდ გახადა განმხადებლის წარმომადგენლობის ხარჯი. მათ მიუთითეს რომ ეს უკანასკნელი მომეტებული იყო და ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს მომჩივნის იურისტების მიერ დახარჯული დროის ოდენობა, ისევე როგორც საათობრივი ანაზღაურების განაკვეთი, განსაკუთრებით კი ბ-ნ ზამასთან მიმართებაში, რომელიც, მათი აზრით, არ იყო საკმარისად გამოცდილი რათა მოეთხოვა ესოდენ მაღალი ანაზღაურება. დანარჩენ ხარჯებს რაც შეეხება, მთავრობამ განაცხადა, რომ ეს უკანასკნელი სასამართლოს მიერ უნდა ყოფილიყო ანაზღაურებული. სასამართლო აღნიშნავს, იმისათვის, რომ ხარჯები მოიცვას კონვენციის 41-ე მუხლის საფუძველზე გაცემულმა კომპენსაციამ, უნდა დადგინდეს, რომ ისინი ფაქტობრივი და აუცილებელი იყო და მათი ოდენობა გონივრულია (იხ, მაგალითად, Amihalachioaie v. Moldova, no. 60115/00, 47-ე ნაწილი, ECHR 2004-III). წინამდებარე საქმეში ყურადღება უნდა გამახვილდეს წარმოდგენილ პუნქტობრივ სიასა და საქმის სირთულეზე. სასამართლო მთლიანად აკმაყოფილებს ბ-ნი გრიბნიცას მოთხოვნას, ბ-ნ ზამას ანიჭებს 1,600 ევროს და აკმაყოფილებს მომჩივნის წარმომადგენლების მიერ მოთხოვნილ, 2007 წლის 6 ივნისის მოსმენაზე დასწრების სრულ ოდენობას.
გ. საურავი სასამართლო თვლის, რომ საურავი უნდა განისაზღვროს ევროპის ცენტრალური ბანკის სესხის საშუალო განაკვეთის ოდენობით, პლიუს სამი პროცენტი.
ამის საფუძველზე სასამართლო ერთხმად
1.აცხადებს, სარჩელს მისაღებად;
2.ადგენს, რომ დაირღვა კონვენციის მე-10 მუხლი;
3.ადგენს:
(ა)რომ მოპასუხე სახელმწიფომ, სამი თვის განმავლობაში, უნდა გადაუხადოს მომჩივანს 10,000 (ათი ათასი) ევრო მატერიალური და მორალური ზიანისათვის და 8, 413 (რვა ათას ოთხას ცამეტი) ევრო სასამართლო ხარჯების ასანაზღაურებლად, რასაც ემატება ნებისმიერი გადასახადი, რომელიც ამ თანხას შეიძლება დაეკისროს. თანხა უნდა გაიცეს ეროვნულ ვალუტაში, გაცემის დღეს არსებული კურსის მიხედვით.
(ბ)ზემოხსენებული სამი თვის გასვლიდან ანაზღაურებამდე, თანხას დაეკისრება საპროცენტო განაკვეთი, რომელიც განისაზღვრება ევროპის ცენტრალური ბანკის სესხის საშუალო განაკვეთის ოდენობით, პლიუს სამი პროცენტი.
4.უარყოფს მომჩივნის დანარჩენ მოთხოვნებს სამართლიან დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.
შესრულებულია ინგლისურ და ფრანგულ ენებზე და გაცხადებულია საჯარო მოსმენაზე ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგში 2008 წლის 12 თებერვალს.
ერიკ ფრიბერგიჟან-პოლ კოსტა
სასამართლო გამწესრიგებელი პრეზიდენტი
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy